globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 5th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Free Europe//Radio Liberty – რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ): საქართველო ნიუ–იორკსა და სტრასბურგში (გასული კვირის მიმოხილვა)

«The Atlantic» (აშშ): ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რასაც ვლადიმირ პუტინი ლაპარაკობს, არამედ ის, რასაც იგი აკეთებს

«Кавказский узел» (რუსეთი): სირიაში მოქმედი ჩეჩენი „ბოევიკების“ ნაწილი, მათ შორის ფაიზულა მარგოშვილის დაჯგუფება, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ მიემხრო

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ქართული ღვინის კრიზისი, ანუ რატომ ლპება ყურძენი კახეთში

————–

«Radio Free Europe // Radio Liberty – რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ), 4 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/content/week-in-georgia/27286215.html

საქართველო ნიუიორკსა და სტრასბურგში (გასული კვირის მიმოხილვა)

ლელა კუნჭულია

გასულ კვირაში ყურადღება მიმართული იყო ნიუ-იორკისკენ, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესია იმართებოდა და რომლის მონაწილეებსაც 1 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საქართველოს მიღწევებისა და წინსვლის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსეთის აგრესიაზე, დაგმო ოკუპაცია და მცოცავი აგრესია და აღნიშნა ისიც, რომ საქართველო არ აპირებს თავისი ინტერესების დავიწყებას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში:

“ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე“.

გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში საგანგებო აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რაც გულისხმობს, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებასა თუ საკუთრების უფლებას. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ისტორიას ვერავინ გადაწერს, რომ წარუმატებელი იქნება საქართველოში მცხოვრები ერების დაშორების ყველა მცდელობა და რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებიც მალე მიიღებენ სარგებელს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.

პრემიერის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე განსაკუთრებული ინტერესით მოელოდა ანალიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც მანამდე გაწბილებული დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლების შინაარსმა გენასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტებზე. ანალიტიკოსთა ეს ნაწილი თვლიდა, რომ პრემიერ-მინისტრს შეეძლო გამოეყენებინა, მაგალითად, მდგრადი განვითარებისთვისა თუ გაეროს სამშვიდობო მისიებისთვის მიძღვნილი სამიტებიც და ელაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად წარმოეშვა. მართალია, უკეთესობა დაინახეს, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ბოლომდე კმაყოფილი ვერც გენერალურ დებატებზე წარმოთქმულმა სიტყვამ დატოვა. „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი რუხაძის შთაბეჭდილებით, მართალია, პრემიერის ეს გამოსვლა საუკეთესო იყო საერთაშორისო ტრიბუნებზე მის სხვა გამოსვლებს შორის, რადგანაც მან რუსეთის მიმართ შედარებით თამამი განცხადებები გააკეთა და არ ილაპარაკა სააკაშვილის „სისხლიანი რეჟიმის“ მმართველობაზე, მაგრამ რუხაძე მაინც თვლის, რომ მოხსენება, მთლიანობაში, სუსტი იყო, რამდენიმე სერიოზული ნაკლის გამო:

“როდესაც რუსულ აგრესიაზე საუბრობდა პრემიერი, მას არ უთქვამს, თუ რატომ ხდება ეს, ანუ რას ებრძვის ამით რუსეთი. ასევე არ უთქვამს, თუ რას ელის საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან. არ უხსენებია ვლადიმირ პუტინი, როგორც პრობლემების წყარო. ქართული პრობლემატიკა კვლავაც არ დააკავშირა იმ პრობლემებთან, რომლებიც დღეს მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში დგას -მაგალითად, აგრესია უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ჩართულობა სირიაში“.

თუმცა პრემიერის გამოსვლის შინაარსმა კმაყოფილი დატოვა პრეზიდენტი. „მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დამოუკიდებლად, სხვა დელეგაციის თანხლებითა და ასევე დატვირთული განრიგით, მიმდინარე კვირაში შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშიც და ნიუ-იორკში, მონაწილეობდა ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სახელწოდებით „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება”. შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში – და, კერძოდ, 29 სექტემბერს – პრეზიდენტი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა ასევე საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. შეხვედრას ამერიკელი ანალიტიკოსი ტომას გრემი მოდერატორობდა და სწორედ მან აღნიშნა შესავალ სიტყვაში, რომ ბოლო წლებში ამერიკული მედიის ყურადღება თითქმის აღარ ეთმობა საქართველოს, მაშინ როცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის როლი რეგიონში.

საქართველო მეტ-ნაკლებად მართლაც რომ გაქრა რადარებიდან შეერთებულ შტატებში, – ამ აზრს საქართველოს პრეზიდენტიც იზიარებს და, მეტიც, თუკი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მისი გამოსვლის შინაარსით ვიმსჯელებთ, ის ამ ტენდენციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავს და, კერძოდ, მათ პოლიტიკაში, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს პრობლემად მიაჩნია. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს დავიწყება შექმნის წინაპირობას იმისათვის, რომ მომავალში დავიწყებულ იქნეს უკრაინის პრობლემებიც და რუსეთს ყველაფერი ეპატიოს. ეს კი სახიფათოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის:

„საქართველოს დატოვება გლობალური დისკუსიების მიღმა და მისი, ჯერ ისევ გადაუჭრელი, პრობლემის არგანხილვა აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, არჩევანის თავისუფლებისა და განვითარების თვალსაზრისით, რუსეთის მეზობელი უამრავი ქვეყნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა და არდავიწყება არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის საკითხს ,რასაც ასე მოითხოვს ჩემი ქვეყანა, არამედ ეს არის სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების საკითხი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა რეგიონისთვის“.

შეერთებული შტატების რადარებიდან გაქრობის თემაზე საქართველოში ლაპარაკი პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველო საერთოდ არ ახსენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, როცა ის უკრაინის პრობლემატიკასა და რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობდა. ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას – რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობას – დააბრალა. მათი ლოგიკა მარტივია:როცა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს რუსეთი, არ კეთდება მწვავე განცხადებები მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით; შესაბამისად, საქართველოს პრობლემატიკაც თანდათან ფერმკრთალდება საერთაშორისო დღის წესრიგში.

მიმდინარე კვირაში ყურადღების ცენტრში იყო ასევე სტრასბურგი, სადაც ხუთშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია დაამტკიცეს. 89 მომხრე, 10 წინააღმდეგი – კენჭისყრის ასეთი შედეგით დამტკიცდა რეზოლუცია, სახელწოდებით „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში“, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიში უდევს საფუძვლად. დოკუმენტი მომზადდა საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შედეგად და საქართველოს შემთხვევაში დაგმობილია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

რეზოლუციის ტექსტმა დაპირისპირება გამოიწვია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის – როგორც უშუალოდ სხდომაზე, ასევე სხდომის შემდეგ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიშს მიკერძოებული უწოდეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ევროპის სახალხო პარტიას კვლავაც თავისი პარტნიორი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ – მიკერძოვებულ მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. მანანა კობახიძემ ამის შესახებ სხდომაზეც ილაპარაკა:

„დოკუმენტის ტექსტი მიკერძოებულია და ავლენს სიმპათიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ამასთან, რეზოლუციაში არსებული ცალკეული ელემენტები აჩვენებს საქართველოს სასამართლო სისტემის უპატივცემლობასა და მის საქმიანობაში ჩარევის წყურვილს. შესაბამისად, რეზოლუცია ახდენს ძირითადი ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციას. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ანგარიშში ნახსენები მაღალჩინოსნები ამჟამად ცნობილი არიან დამნაშავედ არაერთი სერიოზული ბრალდების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. გამორიცხულია რაიმე სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება და შესაძლებლობა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნეს ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის“.

მონდომებული მცდელობების მიუხედავად, – „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, – „ქართული ოცნების“ მიერ მოთხოვნილი ცვლილებებიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არც ერთი არ გაიზიარა. პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირება სხდომის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა და, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ძალების მობილიზების დროს „ქართულმა ოცნებამ“ გადაამლაშა და მწარე მარცხიც იგემა:

„იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის ჰიპერაქტიურმა ვიზიტმა აქ და ზეწოლის მცდელობამ დეპუტატებზე ზოგიერთი დეპუტატი გააღიზიანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, უკუეფექტი გამოიღო. სწორედ ამას ასახავს კენჭისყრის შედეგები – ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი ევროპაში „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის“.

თეა წულუკიანი მართლაც იმყოფებოდა ევროსაბჭოში და 30 სექტემბერს, როდესაც სტრასბურგში უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს შესახებ მართებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს და რეზოლუციების თემაში ჩარევას არ აპირებს. „ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა წულუკიანმა, რომლის აზრითაც, „საქართველოზე ობიექტური წარმოდგენა დღეს მხოლოდ კარგ წარმოდგენას ნიშნავს“.

მიმდინარე კვირაში გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემური და ხმაურიანი საკითხი, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მომავალს უკავშირდება. 2 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გამართა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის 3 შუამდგომლობა: მოსამზადებელი სხდომის გადადების, მოსამართლის აცილებისა და სარჩელის მოსამართლეთა კოლეგიის მიერ განხილვის თაობაზე. პარალელურად, დასაშვებად იქნა მიჩნეული შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც ტელეკომპანიის 2012-14 წლების ფინანსური დასკვნა გააკეთა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, დააყადაღა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორების, ძმები ყარამანიშვილების, წილებიც. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განმარტებით, ეს პროცესი მას შემდეგ წამოიწყეს, რაც საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ძმები ყარამანიშვილები აპირებდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“ თავიანთი წილების მიყიდვას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლისძმისთვის – დიმიტრი ჩიქოვანისთვის.

ეს ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ გზით მოსაპოვებელი 6 მილიონდოლარიანი ინვესტიცია ერთადერთი საშველი იყო დაყადაღებული „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად, მაგრამ ხელისუფლებამ ეს გზაც გადაკეტა და ტელეკომპანიას ამით პრაქტიკულად დახურვის განაჩენი გამოუტანა: „დღეს ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. „რუსთავი 2“ არის რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი. ის, რომ ვიღაც არ შემოვარდნილა ჩვენს ეთერში და კაბელი არ გადაუჭრია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს“.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევენ ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტელეკომპანიის მფლობელობის საკითხს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებენ და თვლიან, რომ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა მიმდინარე პროცესებში სახიფათო ნიშნებს ხედავენ მედიაექსპერტები. მაგალითად, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს, ჩნდება შეკითხვები და ამ სიტუაციაში ხელისუფლება აუცილებლად უნდა მოერიდოს „მანიპულირებასა და გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებას“. „ჩვენ უნდა ავიტანოთ ნებისმიერი ტიპის მედია, რომელიც არის შიდა ბაზარზე“, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

«The Atlantic» (აშშ), 5 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.theatlantic.com/international/archive/2015/10/putin-syria-ukraine-russia/408562/

ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რასაც ვლადიმირ პუტინი ლაპარაკობს, არამედ ის, რასაც იგი აკეთებს

სემიუელ გრინი

(შემოკლებით)

როცა სიტყვა ვლადიმირ პუტინზე ჩამოვარდება, ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რაზეც იგი ლაპარაკობს. როცა რუსეთის პრეზიდენტი გაერო გენასამბლეის ტრიბუნაზე ავიდა, ყველას ეგონა, რომ იგი რაღაც ექსტრაორდინარულს იტყოდა – ვთქვათ, „დასავლეთთან რუსეთის კონფრონტაცია შეწყდება“, ან „კიდევ უფრო გამწვავდება“. ვლადიმირ პუტინს არ უთქვამს არ ერთი და არც მეორე, მან გაიმეორა ის, რაც არაერთხელ განუცხადებია: „დასავლეთი ეგოისტი და თვალთმაქცია, რომ მსოფლიოს ამერიკის სახით ჟანდარმი არ ჭირდება და რომ რუსეთს რაც სურს, იმას გააკეთებს“.

ვლადიმირ პუტინის გამოსვლაში არაფერი არ ყოფილა ისეთი, რაც სირიაში ავიაოპერაციის დაწყებას მოასწავებდა, ანდა ის, რომ იგი აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზიდან რუსულ ქვემეხებს უკან დასწევდა. არავინ არ ელოდა, მაგრამ მან სწორედ ეს გააკეთა, თანაც სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ გაეროში გამოსვლიდან.

ექსპერტები კიდევ დიდხანს იდავებენ იმაზე, თუ რას და ვის ბომბავს ვლადიმირ პუტინი სირიაში – „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს თუ „სირიის თავისუფალ არმიას“. დასავლეთს ჯერ ვერაფერი გაუგია, ამიტომაც აქტიურად არ ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტის  შეჩერებას. დასავლეთი მიგრანტების პრობლემაშია ჩაფლული და ვერ ხედავს, რომ პუტინმა, ფაქტიურად, უკრაინის კონფლიქტი დააკონსერვა. დასავლეთი ახლა ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ თუ როგორ შემოუტრიალდება უკრაინის კონფლიქტი რამდენიმე წლის შემდეგ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას, რასაც პუტინი ამბობს, არამედ იმას, რასაც აკეთებს. აშკარაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს არსებული „გაყინული კონფლიქტების“ დაწყებაში ვლადიმირ პუტინის ბრალი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქტია, რომ მან მშვენივრად ისარგებლა ამ კონფლიქტებით და ისინი კარგად გამოიყენა. რუსეთის ლიდერმა გამოიყენა დნესტრისპირეთის კონფლიქტი, რითაც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უშლიდა მოლდავეთის ევროკავშირში ინტეგრირებას. როცა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, ვლადიმირ პუტინი, მისი გაკონტროლების მიზნით, შეეცადა გამოეყენებინა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ნაწილობრივ აჭარა. როცა ამ გეგმად სრულყოფილად ვერ იმუშავა, რუსეთის პრეზიდენტმა „ბლიცკრიგი“ განახორციელა და გაიმარჯვა. მთიანი ყარაბღის კონფლიქტით იგი სომხეთს სრულად აკონტროლებს, აზერბაიჯანი კი „ჰაერში გამოკიდებული“ ჰყავს. ყირიმი პრობლემა 1991 წლიდან უკრაინის ყველა პრეზიდენტისათვის მუდმივი უსიამოვნების წყარო იყო მანამდე, სანამ ვლადიმირ პუტინმა უკრაინას „ეს სადარდებელი“ არ მოაშორა.

რასაკვირველია, უკრაინის საკითხი უფრო რთულია, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს საკითხი, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთმა უკვე გაიმარჯვა – იმ დღეს, როცა სირიაში რუსულმა ბომბდამშენებმა კურსი ტერორისტთა პოზიციების გასანადგურებლად აიღეს, დონბასიდან ამბები გავრცელდა,  რომ პრორუსული ხელისუფლების ჯარები ფრონტის ხაზიდან უკან იხევენ, რომ ისინი მინსკის მოლაპარაკების პირობებს ასრულებენ და რომ წინა ხაზზე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ნაცვლად მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი იქნება მიტანილი. მოულოდნელად პრორუსულმა ლიდერებმაც ლაპარაკი დაიწყეს იმაზე, ომი უკვე დასრულებულია… ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ დონბასის კონფლიქტში  „გაყინულ ფაზაში“ გადადის…

მაგრამ რა ბედი ეწევა თვითონ რუსეთს? მართალია, ვლადიმირ პუტინის საზღვარგარეთული ავანტიურა მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი უპირველესად რუსი პოლიტიკოსია და აქედან გამომდინარე, მალე დადგება დრო, რომ რუსეთში განვითარებული კრიზისი მის პოპულარობას დაბლა დასცემს. იგი ამას ხვდება ადა მიტომაც თანამემამულეებს ლაჟვარდოვან პერსპექტივაზე ესაუბრება, სინამდვილეში კი ყოველდღე სიტუაცია სულ უფრო უარესდება: რუსებს მშვიდობა სურტ, პრეზიდენტი კი მათ ომს სთავაზობს. შესაბბამისად, დაივიწყეთ პენსიები: პრეზიდენტმა უკანასკნელ წლებში საპენსიო ფონდში დაგროვებული ფული ბიუჯეტში ჩარიცხა წარმოქმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

კი, მძლავრი პროპაგანდით გამოწვეული მაღალი დონის მხარდაჭერა ერთხანს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ თუ ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა სურს, მან საკუთარი ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება. უკრაინის კონფლიქტის „ცხელი“ ფაზიდან „გაყინულ“ ფაზაში გადასვლა სწორედ ამ მიზნის უზრუნველყოფას ემსახურება, ანუ არის იმედი, რომ დასავლეთმა სანქციები ნელ-ნელა გააუქმოს. ეს რუსეთზეც გავლენას მოახდენს და უკრაინაზეც. თუმცა ახლა მთავარი ისაა, ვის ექნება ამის სურვილი, როცა სირიაში რუსული ბომბები ფეთქდება?

«Кавказский узел» (რუსეთი), 4 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.kavkaz-uzel.ru/articles/269955/

სირიაში მოქმედი ჩეჩენი „ბოევიკების“ ნაწილი, მათ შორის ფაიზულა მარგოშვილის დაჯგუფება, „ჯებჰათ ან-ნუსრას“ მიემხრო

სირიაში „ჯეიშ ალ-მუჰაჯირი ვალ-ანსარის“ („გადასახლებულთა და თანაშემწეთა არმიის“) სახელით მოქმედი ბოევიკების რაზმი, რომლის პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოკავკასიელებისაგან შედგება, ამას წინათ „ჯებჰატ ან-ნუსრას“ („გამარჯვების ფრონტის“) მხარეზე გადავიდა. „ჯებჰათ ან ნუსრა“ იბრძვის როგორც სირიის სამთავრობო ჯარების, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაც.

ჩეჩნეთის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის თქმით, თავდაპირველად „ჯეიშ ალ-მუჰაჯირი ვალ-ანსარის“ რაზმს, 2013 წელს, ქალაქ ალეპოსთან ბრძოლების დროს, ცნობილი საველე მეთაური, პანკისის ხეობის მკვიდრი აბუ-უმარ ალ-შიშანი (იგივე თარხან ბათირაშვილი) მეთაურობდა. შესაბამისად, ეს დაჯგუფება ფაქტიურად „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენელ ნაწილად აღიქმებოდა,   2013 წლის აგვისტოში უმარ ალ-შიშანი ჩრდილოეთის ფრონტის სარდლადაც  იქნა დანიშნული. იმავე წლის ნოემბერში რაზმში განხეთქილება მოხდა, მისი ნაწილი სხვა დაჯგუფებებში დანაწილდა, ხოლო დარჩენილ მებრძოლებს სათავეში კიდევ ერთი პანკისელი ქისტი სალაჰადინ ალ-შიშანი, იგივე ფაიზულა მარგოშვილი ჩაუდგა.

როგორც ჩეჩენმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ფაიზულა მარგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის არც პირველ და არც მეორე საომარ კამპანიაში არ მონაწილეობდა. „ფაიზულამ თავის დროზე ერთგულება ჯერ დოკუ უმაროვს შეჰფიცა როგორც „კავკასის იმარატის“ ამირმა, ხოლო შემდეგ მის მემკვიდრეს, დაღესტნელ ალიასჰაბ კებეკოვს. ფაიზულა მარგოშვილი თავის სირიულ დაჯგუფებას „კავკასიის იმარატის“ ქვედანაყოფს უწოდებს და ხშირად უთქვამს, რომ მოვა დრო და სირიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდება.  პირველ ოქტომბერს ფაიზულას დაჯგუფებამ, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვის დაწყების გამო, „რუსეთს ომი გამოუცხადა“.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 3 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.bbc.com/russian/business/2015/10/151001_georgia_wine_industry_crisis

ქართული ღვინის კრიზისი, ანუ რატომ ლპება ყურძენი კახეთში

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ ეთერში გავრცელებული ვიდეოსიუჟეტი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგომარეობას ეხება. მასში გადმოცემულია ის პრობლემები, რომლებიც კახელ გლეხს აწუხებს და მოსახლეობაში სოციალური პროტესტის საფუძველს ქმნის (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„კახეთში გაგანია რთველია, მაგრამ უხვი მოსავლის მიუხედავად, ქართველი მევენახეები იმედგაცრუებულნი არიან. მათი თქმით, დღევანდელი შესასყიდი ფასებით მიღებული ფული ვენახის მოვლის ხარჯებს ძლივ-ძლივობით თუ აანაზღაურებს. „გასულ წელს ყურძნის ისეთი კარგი შესასყიდი ფასები იყო (ერთი ლარი და მეტი), რომ ხალხმა ვაზის დამატებითი დარგვა დაიწყო… დღეს კი ყურძენს ისეთ დაბალ ფასად იღებენ, რომ ლამისაა ვენახის აჩეხვა დავიწყოთ“, – ამბობს გურჯაანელი გივი ნადაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას.

ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, 2014 წელს, ღვინის ექსპ[ორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და, ბუნებრივია, ყურენზე ფასებმაც აიწია. მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარე წელმა გლეხებს იმედი გაუცრუა - რუსეთში და უკრაინაში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, შემოსავალმაც მოიკლო. უფრო მეტიც, ღვინის კომპანებს პროდუქცია გაუყიდავი დარჩათ.

კახეთის მოსახლეობის დიდი უმეტესობისთვის ვენახი შემოსავლის ძირითადი და ხშირად ერთადერთი წყაროა. 74 წლის გიორგი ვარდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ვენახის მოვლა-პატრონობაში გაატარა. დღეს მას ვენახი დაახლოებით ექვსი ჰეტარზე აქვს გაშენებული: „აი, ნახეთ, რა კარგი მოსავალი მოვიწიე, მაგრამ რად გინდა, ღვინის ქარხნები ნორმალურ ფასად არ იბარებენ. ლამისაა ყურძენი დამილპეს“, - ამბობს გიორგი, რომლის ვენახში „ქართული ოცნების“ დროშა ფრიალებს. მისი თქმით, იგი მმართველი კოალიციის ერთგული მხარდამჭერია, თუმცაღა მტავრობის პოლიტიკამ იმედები გაუცრუა. „დიახ, მე „ქართული ოცნების“ მომხრე გახლავართ, მაგრამ რატომ არ მაქცევენ ყურადღებას? არავინ არ მოსულა, არ უკითხავს, რატომ მაქვს ეს დროშა ვენახში. რა ვქნა, სანამ მე ხელისუფლების მომხრე ვარ, ეს დროშა უნდა მქონდეს. კარგი იქნება, თუ კილოგრამ ყურძენზე მთავრობა ერთ ლარს მოგვცემს“. ცხადია, ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება მევენახეებს არ ეხმარება. რასაკვირველია, დახმარებას უწევს (სუბსიდია 6-დან 15 და მეტ ცენტამდე), მაგრამ გლეხები ამ დახმარებას არასამკარისად მიიჩნევენ და ითხოვენ, რომ ერთი კგ. ყურძენზე სუბსიდია ერთი ლარი იყოს“, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.

გლეხები ამბობენ, რომ ღვინის კომპანიები ყურძენს დაბალ ფასად იბარებენო, მაგრამ მეღვინეებსაც თავისი პრობლემები აქვთ. „რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის სწრაფმა ზრდამ ღვინის კომპანიებს ოპტიმიზმი ჩაუსახა, ხოლო თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ამ ფაქტს ლამის სატრაბახოდ იყენებდა. ღვინოზე მოთხოვნა იზრდებოდა, კომპანიებიც გლეხებისაგან ყურძენს მაღალი ფასებით ყიდულობდნენ - იმ იმედით, რომ რუსეთში ღვინოს აუცილებლად გაყიდდნენ, მაგრამ... მათი პროგნოზები არ გამართლდა. პროდუქციის რეალიზება ვერ მოხერხდა. შესაბამისად,მათ წელს შესყიდვების მოცულობა შეამცირეს“, - აღნიშნულია მასალაში.

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ამ თემაზე ღვინის კომპანია „შუმის“ გენერალურ დირექტორს აკაკი ცოფურაშვილს ესაუბრება, რომლის თქმით, „შარშანდელი რთველის დროს სულ სხვა განწყობა გვქონდა - ვხედავდით, რომ გასაღება სწრაფად მიმდინარეობდა და ჩვენც ვცდილობდით, რომ მეტი ღვინო ჩამოგვესხა... თუმცაღა წლის დასაწყისში უკვე შევამჩნიეთ, რომ გაყიდვის ტემპებმა მკვეთრად იკლო, რუსეტსა და უკრაინაში რეალიზაცია შემცირდა. მიზეზი ისაა, რომ რუსულმა რუბლმა [და უკრაინულმა გრივნამ] გაუფასურება დაიწყო, ინფლაციამ ზარალი მოგვიტანა. არ გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალ წელს ჩვენი პროდუქცია შარშანდელივით გაიყიდება“.

თითქმის იგივე პრობლემები აქვს კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიასაც“, რომლის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, ზოგადად 30%-ით შემცირდა, რუსულ ბაზარზე კი – 10%-ით. „მაგრამ ეს მხოლოდ გასულ წელთან შედარებით. თუ 2010-2011 წლებს ავიღებთ, [როცა ემბარგო იყო გამოცხადებული], მაშინ პირიქით გამოდის – იმ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ექსპორტი 15-20%-ით მეტია“, – ამბობს „ბი-ბი-სი“- კორესპონდენტთან საუბარში „შუხმანის“ გენდირექტორი როლანდ ბურდიაშვილი.

რას აკეთებს ხელისუფლება ქართული ღვინის გასაღების ახალი ბაზრების ძიების მიზნით?

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის 60%-ით შემცირების კვალობაზე, ექსპორტი გაიზარდა ჩინეთში, იაპონიაში, კანადაში, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსპორტის დივერსიფიცირება საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების ერთადერთ საიმედო გზას წარმოადგენს. ამავე დროს ზოგიერთი აღიარებს, რომ ტრადიციული ბაზრების შემცვლელი ახალი ბაზრების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული – რუსეთი ჯერ-ჯერობით ისევ მსხვილ გასაღების ქვეყნად რჩება: თვითონ განსაჯეთ – მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველომ საზღვარგარეთის 37 ქვეყანაში დაახლოებით 20 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, მისი ნახევარი კი კვლავ რუსეთში გაიყიდა.

„რა თქმა უნდა, ექსპორტი აშშ-ში, იაპონიასა და ჩინეთში  იზრდება, მაგრამ ამისთვის დიდი დროა საჭირო… პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ქართულ ღვინოს დიდი ხანია იცნობენ და პოპულარულია. ჩვენ ამ ტენდენციას, ბუნებრივია, მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროდუქცია კიდევ უფრო პოპულარული და ცნობადი გახდეს“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და დასძენს, რომ დღეს უწყების ძირითად პრიორიტეტად აზიასა და ევროპაში ქართული ღვინის გასაღების მიზნით ბაზრების მოძიებაა.

Comments are closed