globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 6th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: კონფლიქტიდან რეგიონულ ომამდე //  პოლიტოლოგები მამუკა არეშიძე და ვახტანგ მაისაია სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედების სავარაუდო შედგების შესახებ

რეზონანსი: საქართველომ 1000-ზე მეტი უცხოელი ლტოლვილი შეიფარა: მათი 80% ერაყელია, დანარჩენი კი უკრაინელი და სირიელი

რეზონანსი: ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “უმრავლესობის წევრები საერთაშორისო არენაზე უბადრუკად გამოიყურებიან”

რეზონანსი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი ნულოვანია: ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა – 2%-ით

„ალია“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის სპიკერს უცხოელი დიპლომატების მოტყუებაში ამხელს

——————–

რეზონანსი“, 06 ოქტომბერი, 2015 წელი

კონფლიქტიდან რეგიონულ ომამდე

პოლიტოლოგები მამუკა არეშიძე და ვახტანგ მაისაია სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედების სავარაუდო შედგების შესახებ

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

სირიაში რუსეთის მოქმედებები საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის – ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ლოკალური კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბის ომად იქცა. ისინი არც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსეთი სახმელეთოზე გადავა, რაც ომში მთელი ამ ქვეყნის ჩართვას გამოიწვევს.

მოგეხსენებათ, რუსული თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე მოქმედ ისლამისტურ დაჯგუფებებს უკვე რამდენმე დღეა ბომბავენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რუსული ბომბები არა მხოლოდ ისლამისტებისათვისაა განკუთვნილი, არამედ სირიის ოპოზიციისთვისაც. შესაბამისად, რუსეთის ქმედება უკვე მოინათლა როგორც არა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევად, არამედ ასადის რეჟიმის შენარჩუნების მცდელობად.

გუშინ კი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადების თანახმად, რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. საგარეო უწყების ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. თვითმფრინავის დაფიქსირებისთანავე თურქეთის სამხედრო უწყებამ ორი გამანადგურებელი “ეფ-16″ გააგზავნა.

(…)

მართალია, რუსეთმა ბოდიში მოიხადა გაუთვალისწინებელი ინციდენტის გამო (დაიბომბა სირიის ის რეგიონი, რომლიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს და თვუითმფრინავის პილოტმა მანევრირებისას თურქეთის საჰაერო სივრცე იმიტომ დაარღვიაო), ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ისედაც რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულება შეიტანა. იმისათვის, რომ გავიგოთ რამხელა ხიფათი შეიქმნა ამ რეგიონში, პოლიტოლოგისა და კავკასიოლოგის, მამუკა არეშიძის აზრით უნდა ვიცოდეთ თუ რა ძალები არიან მთელ ამ პროცესში ჩართულები.

გარდა იმისა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ერთმანეთს სირიის ხელისუფლება და ე.წ. ზომიერი ოპოზიციაა დაპირისპირებული, არეშიძის თქმით, კიდევ არიან სხვადასხვა ტიპის ისლამისტური ძალებიც, რომლებიც ორივეს უპირისპირდებიან და ხშირ შემთხვევაში – ერთმანეთსაც. ამას ემატებიან ქურთებიც. შესაბამისად, არეშიძის თქმით, ერთმანეთს თავად სირიაშივე რამდენიმე ძალა ებრძვის. ამას კი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის აქტიურობაც ერთვის, რომელშიც 69 ქვეყანა შედის. უშუალოდ ბრძოლებში, ამ კოალიციიდან რამდენიმე წევრი მონაწილეობს. მაგალითად: საფრანგეთი, აშშ, იორდანია, საუდის არაბეთი და ა.შ.

“ახლა კი ამ სივრცეში უცებ თავი რუსეთმა და მისმა მოკავშირე ირანმა ჩარგო. პირველ დღეებში, ტაქტიკური თალსაზრისით რუსეთმა მოიგო, რადგან შექმნილი წონასწორობა დაარღვია, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე პერსპექტივაზეა გათვლილი. სამომავლოდ მას უამრავი პრობლემა შეექმნება, შესაძლოა კატასტროფულიც კი. კერძოდ კი ის, რომ რუსეთი დღეს შიიტების მხარეზე იბრძვის და ეს ძალიან სერიოზული თემაა, რადგან თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი ყოფილ მოკავშირე ქურთებს და თავის ტერიტორიაზე მცხოვრები სუნიტების გადამწყვეტ უმრავლესობას გადაიკიდებს. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები სუნიტები კი უკვე გადაკიდებული ჰყავს.

“ახლო აღმოსავლეთში რუსეთის აქტიურობას თურქეთი ძალიან უარყოფითად ხვდება. არადა, პირველ ნოემბერს მათ რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს – სამხრეთ ნაკადის შესახებ უნდა მოაწერონ ხელი. მოკლედ, რუსეთმა სიტუაცია არია და ვერც ვხედავ პერსპექტივას, თუ როგორ უნდა დაალაგოს”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან სახმელეთო ოპერაციებიც, არეშიძე პასუხობს, რომ შეიძლება რუსეთი სახმელეთო ოპერაციებში შეიტყუონ. მისი თქმით, ოპერაცია არა, მაგრამ სახმელეთო ბრძოლა უკვე ჩაატარა, როცა მის მიერ კონტროლირებად საავიაციო ბაზას ისლამისტებმა შეუტიეს. თუმცა, ეს ფრაგმენტია და სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, არეშიძის აზრით, რუსები მომავალში გეგმავენ.

სახმელეთო ოპერაცია კი, პოლიტოლოგის თქმით, ისეთი რამეა, რაც მთელ სახელმწიფოს დიდ ომში აუცილებლად ჩაითრევს. მაგალითად კი ავღანეთი მოჰყავს, სადაც რუსეთმა ასევე შეზღუდული რაოდენობის ჯარებით დაიწყო ბრძოლა და მერე უკვე იძულებული გახდა, იქ მთელი არმია შეეყვანა.

“რუსების გენშტაბში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმებით მათი განადგურება შეუძლებელია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს სახმელეთო ოპერაციის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ეს კი რუსეთისათვის ძალიან დიდ პრობლემას ნიშნავს, რადგან მას ამერიკისაგან განსხვავებით არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ ომი დიდხანს აწარმოოს. არა მხოლოდ სახმელეთო, საავიაციოც კი”, – აღნიშნავს მამუკა არეშიძე. მას გამოსავალზე საუბარი უჭირს, რადგან უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ლოგიკურად, მისი თქმით, რუსეთი აშშ-სთან ერთად კოალიციაში უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან რუსეთს სხვა გეგმები აქვს. ამიტომ, დღეს გამოსავლის ძიება ნაადრევია.

აქვე იმასაც გვახსენებს, თუ რა მიზეზით დაიწყო ომი: “მისი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ევროპას რუსული გაზი არ უნდოდა და სახმელეთო გზით გაზის დივერსიფიკაცია სჭირდებოდა. ყველაზე მომგებიანი მარშრუტი კი ყატარიდან გატანა იყო. თუმცა, ყატარიდან ევროპამდე მისასვლელად გაზსადენს სირია უნდა გაევლო. მის ტერიტორიაზე გაზსადენის გატარებაზე სპარსეთის ყურის ისლამურმა ქვეყნებმა უარი თქვეს, რადგან სირიაში მოსკოვის სატელიტი ასადი ზის და ევროპისათვის გაზის მიწოდება პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამიტომ, ასადის წასვლა იყო საჭირო და მთელი ეს სამოქალაქო ომიც ამის გამო დაიწყო. ახლა ამაში რუსეთი ჩაერთო, რათა ასადი შეინარჩუნოს და გაზმა სირიის ტერიტორიის გავლით ევროპამდე არ მიაღწიოს. ასეთი ჩვეულებრივი, ტრივიალური მიზეზი აქვს ამ ომს. ადამიანის უფლებების დაცვა, ვიღაცების შევიწროება და ა.შ. მეასეხარისხოვანია და მსოფლიოს მოსატყუებლადაა გათვლილი. სანამ ნამდვილი მიზეზი არ აღმოიფხვრება, კონფლიქტი მანამდე გაგრძელდება”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩართვით რეგიონში საფრთხის მატებას ელის სამხედრო ექპერტი ვახტანგ მაისაიაც და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა უკვე სხვანაირი სახე მიიღო, რადგან აქამდე თუ ლოკალური კონფლიქტი იყო, ახლა რეგიონული მასშტაბის ომად გადაიქცა. აქვე იმასაც დასძენს, რომ ერაყის მთავრობა რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე არსებული ისლამური ხალიფატის ბაზების დაბომბვაზე თანახმაა. ამით კი რუსები თავიანთი მოქმედების არეალს გაზრდიან.

თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისგან წინააღმდეგობას არ ელის, თუნდაც რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე ისევ დაარღვიოს. ფიქრობს, რომ თურქეთი “ამ პროვოკაციას” არ აჰყვება. იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსები მალე სახმელეთოზე გადავლენ და ამბობს, რომ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას საამისოდ უფრო აქტიურად გამოიყენებენ.

“ჩემი აზრით, ახლაც იყენებენ. ვფიქრობ, ამ ბაზიდან მებრძოლებსა და ტექნიკას გადაისვრიან ასადის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი საქართველოსაც შეეხოს. არც ისაა გამორიცხული, რუსეთი სამგზავრო ლაინერების სახით საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდეს, რადგან სამგზავრო ლაინერების კონტროლი საქართველოს ამ ეტაპზე ცოტა გაუჭირდება. რუსეთმაც შეიძლება ეს გამოიყენოს და გარკვეული კომპონენტები საქართველოს გავლით გიუმრიში გადაისროლოს, იქიდან კი უკვე ირანსა და სირიაში”, – აცხადებს მაისაია.

რეზონანსი“, 06 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველომ 1000-ზე მეტი უცხოელი ლტოლვილი შეიფარა: მათი 80% ერაყელია, დანარჩენი კი უკრაინელი და სირიელი

ელზა წიკლაური

(შემოკლებით)

ევროპის ქვეყნების ანალოგიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი თხოვნით უკრაინის, ერაყის და სირიის 3343-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 1032-მა პირმა მიიღო. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, ყველა დანარჩენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ევროპაში კი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიგრანტთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს აღემატება.

უკრაინის აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში არსებული საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, რომ საცხოვრებელი სახლი დატოვოს და თავშესაფრის საძიებლად სხვა ქვეყანაში გადავიდეს. სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 2,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა, 9 მილიონამდე კი იძულებით გადაადგილებული პირია. ამასთან, გაეროს ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული 60 მლნ ლტოლვილიდან ყოველი მეხუთე სირიელია. ბოლო 4 წლის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი ლიბანის, თურქეთისა და იორდანიის ბანაკებში ცხოვრობს.

ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩადიან, თუმცა ზოგისთვის ცხოვრება ამ გზაზე სრულდება. წელს 9 თვეში ხმელთაშუა ზღვაში 2700-მდე მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ როგორც სირია-ერაყის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები.

გაერო, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში წლის ბოლომდე ჯამში 700 ათასი მიგრანტის ჩასვლას მოელის. იმავე რაოდენობას ელიან მომავალ, 2016 წელსაც. ახალი მონაცემები ლტოლვილთა სააგენტოს წინასწარ ნავარაუდევ რაოდენობასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია. შესაბამისად, გაერო, კრიზისთან გამკლავების მიზნით, ადრე განსაზღვრული 30.5 მილიონის ნაცვლად, 128-მილიონიან დახმარებას ითხოვს.

ლტოლვილების დიდი ნაწილი თავდაპირველად ან საბერძნეთში, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადის. შემდეგ ისინი ცდილობენ თავშესაფარი ეკონომიკურად უფრო ძლიერ სახელმწიფოში – გერმანიასა თუ საფრანგეთში მოიძიონ. როგორც გერმანული გამოცემა “ბილდი” გასაიდუმლოებულ სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, წლის ბოლომდე გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი უკვე 1,5 მლნ-მდე გაიზრდება. “ბილდის” ინფორმაციით, ოფიციალური ბერლინი ვარაუდობს, რომ ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში დაახლოებით 920 000 მიგრანტი ჩავა, ყოველდღიურად კი, გერმანიის საზღვარს 6-დან 10 000-მდე მიგრანტი გადაკვეთს.

ევროპის ანალოგიურად, თავშესაფრის თხოვნით საქართველოსაც მიმართავენ, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის ირაკლი ლომიძის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 80% ერაყის მოქალაქეაა, შემდეგ მოდის უკრაინა, მესამე ადგილზე კი სირიის მოქალაქეები არიან.

“2012 წლიან დღემდე საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით ერაყის 2367-მა, უკრაინის – 801-მა და სირის 175-მა მოქალაქემ მოგვმართა. აქედან 426-მა ერაყელმა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 101-მა – ლტოლვილის სტატუსი. უკრაინიდან ჰუმანიტარული სტატუსი 420 პირს მიენიჭა. რაც შეეხება სირიის მოქალაქეებს, 80-მა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 5-მა კი – პოლიტიკური”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ლომიძემ.

საერთო ჯამში, როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მიღების სურვილი 3343-მა ადამიანმა ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 1032 პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

“პირს, როდესაც ჩვენგან უარყოფითი პასუხი მიუვა, მას შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრების შემთხვევაში, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე ეს ადამიანი მაინც თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ყველა შესაბამისი უფლებით სარგებლობს. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო საბოლოო უარს იტყვის, ის ვალდებულია საქართველოს ტერიტორია დატოვოს”, – ამბობს ლომიძე.

რაც შეეხება დახმარებას, ლომიძის თქმით, სტატუსმინიჭებულებს სოციალურ დახმარებას სახელმწიფო უხდის – თვეში 45 ლარის ოდენობით, ანუ ისინი გათანაბრებულები არიან ჩვენს დევნილებთან. ამასთან, სტატუსმინიჭებულები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც, განათლების მიღების მხრივაც გათანაბრებულები არიან საქართვლოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ბავშვები უპრობლემოდ მიდიან საბავშვო ბაღებშიც.

“2015 წლის იავრიდან დავიწყეთ პროექტი – ქართული ენის 6-თვიანი შემსწავლელი კურსები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ეს პროექტი იმის გამო ხორციელდება, რომ ლტოლვილმა ბავშვებმა წინასწარი მომზადება გაიარონ და იგივე კლასში დასხდნენ აქ, რომელიც კლასშიც საკუთარ სამშობლოში სწავლა დაასრულეს”, – აღნიშნა ირაკლი ღომიძემ.

როგორ დევნილთა სამინისტროში ამბობენ, თავიდან, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე განცხადებას დაწერს და თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდება, იწყება სპეციალური კვლევა. ამ კვლევის პერიოდში მაძიებელი ან მარტყოფის დროებით განთავსების ცენტრში ხვდება, ან მათ გამოეყოფა ბინის ქირა ან სოციალური შემწეობა.

“მას შემდეგ კი, რაც სტატუსს მიიღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა დატოვონ მარტყოფის თავშესაფარი. სტატუსმინიჭებული პირმა ბინა ან საკუთარი ფინანსებით უნდა იქირავოს ან თუ შესაძლებლობა არ აქვს, სპეციალურ კომისიას თხოვნით უნდა მიმართოს. კომისია ამ განაცხადს სწავლობს, თუ მოწყვლადი შემთხვევაა და თვითონ ვერ შეძლებენ ბინის დაქირავებას, ამ შემთხვევაში გაიცემა დახმარება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი ლომიძემ.

რეზონანსი“, 06 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: უმრავლესობის წევრები საერთაშორისო არენაზე უბადრუკად გამოიყურებიან

„რეზონანსის“ კორესპონდენტი იაგო ნაცვლიშვილი „ტრადიციონალისტების“ ლიდერს აკაკი ასათიანს ესაუბრება, რომელიც ინტერვიუში „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. იგი კომენტარს აკეთებს აგრეთვ გაეროს სამიტზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლის შესახებაც.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– როგორ შეაფსებდით საქართველოს ხელმძღვანელების – [რემიერ-მინიტრისა და პრეზიდენტის ვიზიტებს ნიუ-იორკში? დაისვა თუ არა მთავრობის მეტაურისაგან ის აქცენტები, რაც საჭირო იყო?

- გაეროს გენასამბლეაზე, როგორც იქნა, ბოლო გამოსვლაში პრემიერი რუსეთისა და ოკუპაციის თემასაც შეეხო. დააფიქსირა თავისი პოზიცია და ესეც საქმეა, თუმცა ბევრი არაფერი უთქვამს. მან რაც თქვა, იმაზე უნდა ესაუბრა, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო და უფრო დეტალურად უნდა ესაუბრა, უნდა აღნიშნულიყო რუსეთთან დამოკიდებულება, რომელსაც მოსკოვი საქართველოსთან მიმართებით ახორციელებს. საერთოდ, უნდა ეთქვა, რომ ეს არ არის ორი ქვეყნის კონფლიქტი. ეს არის იმის მცდელობა, რომ რუსეთს თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეს საქართველო და არ გაუშვას [რუსული ორბიტიდან].გარდა ამისა, უნდა თქმულიყო 2008 წლის ომის შესახებ. რატომღაც ამაზე აქცენტი არ ყოფილა გაკეთებული.

- რას იტყვით პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებზე? რა მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა გიორგი მარგველაშვილმა? სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს ელჩი, პრეზიდენტს  რომ ვაშინგტონში არ გაჰყვა და ნიუ-იორკში ამჯობინა დარჩენა პრემიერ-მინისტრთან?

- პრეზიდენტის ვიზიტი საინფორმაციო თვალსაზრისით უფრო ნაყოფიერი იყო, იგი ნშეხვდა დიასპორის წარმომადგენლებსაც, სხვადასხვა ორგანიზაციებს. მოკლედ, აქცენტები სწორად იყო დასმული.

რაც შეეხება ჩვენი ელჩის მოქმედებას, რა თქმა უნდა, იგი პრეზიდენტს უნდა გაჰყოლოდა, თუმცა რაც გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ხდება, ამაზე საუბარი არ მსურს – ორი დელეგაციით ჩასვლა საჭირო არ იყო. მეტი საბრძოლველი არ აქვთ, რომ ერთმანეთს არ ეჭიდაონ? მით უმეტეს, ყველას დასანახად, აშშ-ში! ქაჯობაა ეს და მეტი არაფერი. ასეთი სიტუაცია ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. ყრუ პროვინციალიზმია, რა, სამარცხვინო ფაქტი!

- ევროსაბჭომ ისეთი რეზოლუცია მიიღო ამას წინათ საქართველოს შესახებ, რომელშიც პოლიტპატიმრების თემაა გააქტიურებული. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ევროსაბჭოს წევრების დარწმუნება ვერ შეძლეს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება…

- საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ვერავის ვერაფერში ვეღარ დაარწმუნებენ იმიტომ, რომ საერთაშორისო არენაზე უბადრუკად გამოიყურებიან. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა ერთი დარდი აწუხებთ – დარჩებიან პარლამენტსა და სამინისტროებში. მათ აწუხებთ ისიც, თუ როგორ ასიამოვნონ ერთ კაცს…

როცა იმას საჯაროდ იტყვი, რომ არაფერია გიგი უგულავას გამოშვება, მას ისევ დავიჭერთო, ამის მერე ევროსაბჭოს რეზოლუციის ასეთი შინაარსი არ უნდა გაგვიკვირდეს.

- ამ რეზოლუციის გამო „ქართული ოცნების“ დეპ[უტატებმა ევროსაბჭო გააკრიტიკეს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ვიტარებაში ევროსაბჭოს კრიტიკა ჩვენს მიერ?

- ესენი რასაც აკეთებენ, ამას კრიტიკა აღარ ჰქვია. ეს იგივეა, მე რომ ახლა ბარაკ ობამას კრიტიკა დავიწყო, რა დააკლდება მას ჩემი კრიტიკით? არაფერი. როდესა ხელისუფლების წარმომადგენლები თან იხვეწებიან, ევროკავშირში მიგვიღეთო და თან ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ესეც ელემენტარული უვიცობის დადასტურებაა.

რეზონანსი“, 06 ოქტომბერი, 2015 წელი

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი ნულოვანია: ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა – 2%-ით

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით მიღებული სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის. მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა არა მარტო ექსპორტს შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყანა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდებოდა. შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია.

ტავის დროზე მტავრობაში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდოდა, ახალი ტექნოლოგიები, რაც საქართველოს შიდა პროდუქტის მოცულობას 4%-ით, ხოლო ექსპორტს – 12%-ით გაზრდიდა. ჯერ-ჯერობით კი ევრობაზარზე შეღწევა მხოლოდ თხილმა და მწვანილმა მოახერხა, მცირე რაოდენობის ალკოჰოლურმა სასმეელებმა და მინერალურმა წყალმა. აი,ხ, ამით ამოიწურება DCFTA-ს სიკეთე საქართველოსთვის.

ამგავრი მაჩვენებლების მიუხედავად, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს – „რომ არა გლობალური პრობლემები, ექსპორტი უფრო მეტი იქნებოდა. ევროკავშირმა რუსეთს კი გამოუცხადა სანქციები, მაგრამ ამით თვითონაც ზარალს განიცდის, ამას ემატება რუსეთის კონტრსანქციებიც. კრიზისულ მდგომარეობაში კი პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია. პრინციპში, ასეთ პირობებში ერთპროცენტიანი ზრდაც კი პოზიტიური მაჩვენებლია“, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად მხოლოდ კარის გაღება საკმარისი არ არის, ქართველმა მეწარმეებმა მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინონ.

„ევროპის ბაზარი არ მოიწყენს იმით,თუ იქ ქართული პროდუქცია არ შევა. ამაში უპირველესად ქართული ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ 500 მილიონიან მოწესრიგებულ და გადახდისუნარიან ევროპის ბაზარზე შევიდეს“, – ამბობს სტატისტიკოსი და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პროექტს „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ქართული პროდუქტის რეკლამირებას ითვალისწინებს.

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის თავლსაზრისით, ქართველი მეწარმეები ევრობაზარზე შესასვლელად ჯერ მზად არ არიან: „ჩვენ ვერ შევძელით ასოცირების შეთანხმების სიკეთით სარგებლობა და ვერ გამოვიყენეთ ის რეალობა, რომელიც ამ დოკუმენტმა მოგვცა“.

ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის მოლოდინის შექმნა არასწორი იყო. ვერ გაამართლა მთავრობის არაერთგვაროვანმა პოლიტიკამაც ინვესტორების შემოსვლის საკითხშიც. „შიდა კოოპერირების თვალსაზრისით ექსპორტი არ გაიზრდება, ამასთან, შიდა დარგობრივი ვაჭრობის დონეც დაბალია. აქედან გამომდინარე, ექსპორტი სწრაფად ვერ გაიზრდებოდა. იმ მოვლენებმა, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს და საქართველოსაც ეხება, პარალელურად კი მჩვენი მთავრობის არატანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევრობაზარზე შესვლის სესაძლებლობა ჯერ-ჯერობით, გამოუყენებელი დატოვა“, – ამბობს გიორგი ღაღანიძე.

ინესტიციების და ექსპორტის გაზრდის მოლოდინი მთავრობამ ამჯერად 2016 წლისათვის გადასწია. გაისად კი არჩევნებია და განა ამ მიმართულებით წინსვლა მოსალოდნელი იქნება? ძალიან საეჭვოა.

„ალია“, 6 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის სპიკერს უცხოელი დიპლომატების მოტყუებაში ამხელს

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

5 ოქტომბერს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ უცხოელებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციური ძალების ხედვა გააცნო.

გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში გაცემული რეკომენდაციების თუნდაც მცირე ნაწილი და რა წერილი მისწერა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დიპლომატებს ა.წ. 7 ივნისს?

„ალიას”მამუკა კაციტაძე ესაუბრა:

- როგორია უცხოელების პოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით?

- აქ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და დამოკიდებულება უნდა გავყოთ შემდეგნაირად: დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ისმენს არსებულ პრობლემას და შემდეგ აფასებს თავის მისიებში თავიანთ ქვეყნებში არსებულ სპეციალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნების თემატიკაზე მუშაობენ. მეორე მხარე არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საარჩევნო თემატიკაზე, შემდეგ ისინი იძლევიან რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირში, ნატოში გვინდა ინტეგრაცია, ერთ-ერთი პრობლემატური თემა, რომელსაც უცხოელები მუდმივად ასახელებენ, გახლავთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია დასავლურ კანონმდებლობასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენს და სხვა ქვეყნებში პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციები (ასეთია ვენეციის კომისია, ეუთო და ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურები), რომლებიც უშუალოდ მუშაობენ არჩევნების პრობლემატიკაზე, იძლევიან პირდაპირ რეკომენდაციებს და შემდეგ აკვირდებიან, რამდენად იმუშავა ამ რეკომენდაციებმა კონკრეტულ ქვეყანაში, ანუ რამდენად მოხდა კანონმდებლობის შეცვლა. რაც შეეხება დიპლომატიურ მისიებს, ისინი ძირითადად არიან, ასე ვთქვათ, მსმენელის როლში, მაქსიმუმ დასვან კითხვა, შემდეგ საკუთარ ქვეყნებში აწვდიან ამ ინფორმაციას და იმ ქვეყნებში არსებული არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციები აფასებენ დადებითად ან უარყოფითადსაქართველოში განხორციელებულ ე.წ. ჰარმონიზაციას. ჩვენ შევხვდით არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ შევხვდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, როგორც წესი, რეკომენდაციებით მოგვმართავენ ხოლმე.

- ანუ მათთან საუბრისას საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემის მიმართ მათი პოზიცია დღეს არ იყო გაჟღერებული და ამ პოზიცია-შეფასებებს უახლოს მომავალში მივიღებთ რეკომენდაციების სახით?

- დიახ, თუმცა დღემდეც არაერთხელ გაჟღერებულა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია კონკრეტულ რეკომენდაციებში. მაგალითად, ეუთოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ევროსაბჭოს რეზოლუცია, ევროპარლამენტის რეზოლუცია…

- კი, ბატონო, ევროსაბჭომ ერთერთ თავის რეკომენდაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩაწერა, რომ ის რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ ეს რეფორმები არავის უნახავს.

- დიახ, ბატონო. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრის, ანუ მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ უკვე ორი წელი იყო ხელისუფლებაში, ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არის არასამართლიანი, არადემოკრატიული და არაობიექტური და ის საჭიროებს ცვლილებას. მეორე: საქართველოსთვის აუცილებელი დამისასადაგებელია რეგიონულ-პროპორციული ღია სიებით არჩევნების ჩატარება და მესამე: ასეთი ტიპის საკითხები უნდა იქნას მიღწეული ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, რაც არ უნდა მაღალი რეიტინგით იყოს ის, მარტო კი არ უნდა გადაწყვიტოს ამ ტიპის საკითხები, უნდა მოახდინოს კიდეც მეტი კონსოლიდაცია, განხილვა, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, მეორე მხრივ – სამოქალაქო სექტორთან. ამ ეტაპზე არაფრის გათვალისწინება არ მომხდარა. უფრო მეტიც, კოალიცია „ქართული ოცნება“ რჩება იგივე სისტემის ერთგული, რაც ჰქონდათ „მოქალაქეთა კავშირსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევ მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების უთანაბრობაა. ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო – გაათანაბრეთ ერთმანდატიანი ოლქებიო, წლების განმავლობაში არ აკეთებდნენ ამას ხელისუფლებები. (…)

- ხელისუფლება ამას ვერ ასრულებს თუ არ ასრულებს?

- კარგი შენიშვნაა. რა თქმა უნდა, არ ასრულებს. ყველა ხელისუფლებას აწყობს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობა, რომელიც იძლევა დამატებითი მანდატების მითვისების, ასე ვთქვათ, მოპარვის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება იგონებს საბაბებს, როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. მაგალითად, ერთ-ერთი საბაბი არის ასეთი: ერთი წელია არჩევნებამდე დარჩენილი და ვერ მოვასწრებთო. ჯერ ერთი, აბსოლუტურად ყველაფერი მოსწრებაზეა, საშემოდგომო სესიაზე ორი კენჭისყრაა, საგაზაფხულო სესიაზე ერთი კენჭისყრა და არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების საშუალება არის. დავუშვათ, ვერმოსწრების ლოგიკას მივყვეთ: ორი წლის წინათ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია უსუფაშვილისხელმძღვანელობით, ამ პერიოდის განმავლობაში ორი შეხვედრა ჰქონდა საკონსტიტუციო კომისიას და სამჯერ გაიგრძელა უფლებამოსილების ვადა. თქვენ გგონიათ, ხელისუფლებას არ შეეძლო ამ ორი წლის განმავლობაში ამის გაკეთება? პირიქით, შექმნა რაღაც ილუზია, რომ თითქოს, აპირებდა შეცვლას, საერთოდ არ გაინძრა და ყველაფერი დააბრალა უკვორუმობას. თავიდანვე არ უნდოდათ ამის შეცვლა, ხელოვნურად გაწელეს პროცესი და დღეს ცაიტნოტზე გვესაუბრებიან.

მათი მეორე არგუმენტია, მაჟორიტარების არსებობის გამო პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მოხდება, იმიტომ რომ მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ ამასო. ვერ გავიგე, 2016 წლის პარლამენტშიც ხომ იქნებიან მაჟორიტარები და აბა, მაშინ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი? (…)

- ვისი ინიციატივით მოხდა თქვენი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან?

_ ჩვენი მოთხოვნების, ხელისუფლების კარჩაკეტილი პოლიტიკის წარმოების გასაცნობად 5 ოქტომბერს ჩვენი მიწერილობის საფუძველზე `თავისუფალმა დემოკრატებმა~ ჩაატარეს ფრაქციის ღია, გაფართოებული სხდომა და მიგვიწვიეს ჩვენ, ამ წერილის ავტორები, მიიწვიეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებთანაც ჩვენ ერთსულოვანი ვართ ამ ფორმატში და რაც მთავარია, მიიწვიეს საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი, რომ გაეცნოთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მიმდინარე წლის 7 ივნისს უსუფაშვილმა არასაჯარო წერილი მისწერა დიპლომატებს, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სადაც ის ცდილობს, მათ აუხსნას, როგორ შრომობს კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამ წერილის 80% არის სრული სიცრუე, ტყუილი და დიპლომატიური კორპუსის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ასე რომ, 5 ოქტომბრის შეხვედრა, ერთი მხრივ, ემსახურებოდა მათ ობიექტურ ინფორმირებას და მეორე მხრივ, ემსახურებოდა იმას, რომ გვეთხოვა, გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ ხელისუფლებაზე. ვითხოვთ, შეიქმნას ფორმატი, სადაც გაიმართება ღია დისკუსია, საღი აზრის ჭიდილი და იქიდან შევეცადოთ, რაღაც თანხმობის პროდუქტი შევქმნათ, რაც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიმართულებას.

Comments are closed