„რეზონანსი“: „მაპ“-ს ვარშავაშიც არ გვპირდებიან
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „იმედია, ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას შეცვლის“, ანუ როგორ დავბრუნდეთ ამერიკის რადარებზე
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს ქვეყნის ახალგაზრდობა“
„ალია“: გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რიგდებიან?! // ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან
——————–
„რეზონანსი“, 07 ოქტომბერი, 2015 წელი
„მაპ“-ს ვარშავაშიც არ გვპირდებიან
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, დიდი ალბათობით, არც მომავალი წლის ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, სექტემბერში დიპლომატიური ფორმით ამგვარი მესიჯი რამდენიმე მაღალი დონის უცხოელი დიპლომატისაგან თუ მაღალჩინოსნისგან მოისმინეს. ორი დღის წინ კი “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ უოკერმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ვინმე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას არ უნდა ელოდეს.
„ეს არამარტო კურტ უოკერმა თქვა, არამედ სხვებსაც ბევრჯერ უთქვამთ, მაგალითად, იგივე გაცხადდა თბილისში ამას წინათ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაზეც, რომელსაც აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალი და ასხვა მარალჩინოსნები ესწრებოდნენ. ითქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის „მაპ“-ის მიღება მთავარი საკითხი არ უნდა იყოს, მთავარია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზით იაროს… აი, დაახლოებით ასეთი სიგნალი იყო“, – ამბობს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, თუკი რამდენიმე თვის წინ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსათვის „მაპ“-ის მინიჭებას კატეგორიულად ითხოვდა, მან ბოლო პერიოდში რიტორიკა შეცვალა და მის ლექსიკონში გაისმის სიტყვათშეთანხმება, რომ საქართველოს ნატოში შესასვლელად „მაპ“-ი აღარ ჭირდება: „ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე „მაპ“-ის მქონე ქვეყნებიო“. ეს შეფასება კი იმაზე მიანიშნებს, რომ დღეის გადასახედიდან, ვარშავის სამიტზე „მაპ“-ის მიღების შანსი არ გვაქვს და ეს თავდაცვის სამინისტროსათვის კარგადაა ცნობილი.
„ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის გამონათქვამებშიც გამოჩნდა, რომ „მაპ“-ის თემა დღის წესრიგიდან უკვე მოიხსნა. მოჰყვება თუ არა ამას შიდა პოლიტიკაში პრორუსული განწყობების გაძლიერება? მე მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ძვრა არ იქნება იმ მართივი მიზეზის გამო, რომ მომავალ ვარშავის სამიტზე „მაპ“-ის მინიჭებას არც არავინ ელოდა და ამის გამო ორიენტაციას არავინ შეიცვლის. ერთადერთი თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმი იყო გადამდები და ბოლო პერიოდში ისიც მიწაზე დაეშვა. „მაპ“-ს არ მოგვცემენ იმიტომ, რომ დასავლეთს თავისი გაჭირვება აქვს, რუსეთს ორ ფრონტზე ებრძვის და ახლა მესამე ფრონტის გახსნა საქართველოს სახით, ბრიუსელს არ სურს. საქართველოსთვის „მაპ“-ის მინიჭება დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიძლება მესამე ფრონტის გახსნის საფუძველი გახდეს. ასეთია დასავლეთის ხედვა და ამიტომაც გვეუბნებიან უარს. თუმცა იმდენად ფორსირებულად ვითარდება მოვლენები, რომ არავინ იცის, რა მოხდება [მომავალ] ზაფხულამდე და რა ბერკეტის ამუშავება დაჭირდება დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.
არადა, ბოლო თვეების განმავლობაში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ სხვადასხვა უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში „მაპ“-ის თემა ძალიან იყო გააქტიურებული და მინისტრის მხრიდან „ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ მინიჭების მოთხოვნა მკაფიოდ ისმოდა. იგი აცხადებდა, რომ 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს, დადგა დრო, როცა ჩვენ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია და თუ „მაპ“-ს ვერ მივიღებთ, ეს საქართველოს დასასრული თუ არა, ტრაგედია მაინც იქნებაო. თინა ხიდაშელი იქამდე მივიდა თავის განცხადებებში, რომ ხაზს უსვამდა, „მაპ“-ს თუ არ მოგვცემენ, პროროსული ძალები გაძლიერდებიან და პარლამენტის არჩევნებში თავიანთ წარმომადგენლებს გაიყვანენ გადამწყვეტი ხმის უფლებითო“.
როგორც პოლიტიკური ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა და ამ ეტაპზე საქართველოსთვის „მაპ“-ის მოცემის საკითხზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან ნატოს ვარშავის სამიტამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მისი თქმით, ნატო თინა ხიდაშელის მოთხოვნებზე არ დადის. უარმა შეიძლება კითხვები გააჩინოს არა მარტო პრორუსულ, არამედ პროდასავლუი განწყობის ადამიანებში და ეს ლეგიტიმური იქნება. გარდა ამისა, მას არ ჰგონია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ელექტორატისათვის „მაპ“-ის საკითხი იქნება პრიორიტეტული, რადგან ამომრჩეველს ყოველთვის უფრო მეტად სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია აინტერესებს.
„თუ ნატოს არ სურს ჩვენთვის „მაპ“-ის მოცემა და თუ ეს ბრიუსელისათვის სტრატეგიულად მომგებიანი არ არის, ნატოს წევრები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. უარის მიზეზი შეიძლება მტელი რიგი ფაქტორები გახდეს, ვთქვათ, იგივე საქართველოში არსებული სიტუაცია. არაა გამორიცხული, თეორიულად, სავარაუდოდ, რომ „მაპ“-ის მონიჭების საკითხი დადგეს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან რთულია პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება ვარშავის სამიტამდე საერთაშორისო კონიუნქტურა და როგორ იმოქმედებს ესჰ ყველაფერი ნატოს წევრების განწობაზე და პოზიციებზე“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ქართველი პოლიტოლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფაქტორებია. „მაპ“-ის მინიჭება-არმინიჭებას უფრო დიდი სტრატეგიული ინტერესები და საერთაშორისო ფაქტორები წყევეტს, ვიდრე ცალკეული მომენტები – საქართველოში ცალკეული კრიმინალის დაპატიმრება თუ სხვა ფაქტები. შემაფერხებლის როლს უმეტესად საერთაშორისო ფაქტორები ასრულებენ, ვიდრე ადგილობრივი, თუნდაც იგივე რუსეთი. თუმცა, რასაკვირველია, შიდაპოლიტიკურ ფაქტორებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს – დემოკრატიის მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსთან მიმართებით და ა.შ. შეიძლება ეს ყველაფერი ნატომ თავის განცხადებაში არ თქვას, მაგრამ ხდება ამის მონიტორინგი, ყველაფერს ერთად განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც ისე მიირებენ“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: „შიდა პოლიტიკა დამატებითი მიზეზია ხოლმე უარის სათქმელად და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დგას დღის წესრიგში, ზოგჯერ შიდა პოლიტუიკის პრობლემებზე თვაის დახუჭვა ხდება. საგარეო ფაქტორებმა რომ მოითხოვოს სასწრაფოდ საქართველოსათვის „მაპ“-ის მინიჭება, ან „მაპ“-ის გარეშე გაწევრიანება ალიანსში, გარწმუნებთ, რომ [ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან] არავინ ყურადღებას არ მიაქცევს ვინ ზის ციხეში და ვინ არა“, – დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
„ახალი თაობა“, 7 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „იმედია, ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას შეცვლის“, ანუ როგორ დავბრუნდეთ ამერიკის რადარებზე
ნათია ხურცილავა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გაეროში გამოსვლისას რუსული სამეზობლო პოლიტიკის კრიტიკის დროს საქართველო არ ახსენა. მართლა გაქრა თუ არა ამერიკის რადარებიდან საქართველო? ეს არის კითხვა, რომელიც დღეს ქართველ საზოგადოებას აწუხებს.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ `ქართულმა ოცნებამ~ მოინდომა, ყველაფერი შეეცვალა, ოღონდ ნაციონალურ მოძრაობას გამიჯვნოდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაქსიმალურად პასიური გამხდარიყო საგარეო სარბიელზე, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა.
- შეიძლება, ამაში გარკვეული გამართლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები უნდა შევზღუდოთ და აღარ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან. ამას დაემატა ელჩების გამოცვლა. ზოგი ელჩი აშკარად ვერ ართმევს თავის მოვალეობას თავს. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ჩვენ დაგვივიწყეს, _ ამბობს პოლიტოლოგი.
- ამერიკამ დაგვივიწყა?
- არა, ასე მარტივად არ ხდება, მაგრამ, თუ შენ არ შეახსენებ თავს, არ შეაწუხებ, დაგივიწყებენ, რადგან საფიქრალი ძალიან ბევრი აქვთ. ეს ახლა აღმოაჩინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება ერთგვარი განგაში იყო?
- არა მგონია, გიორგი მარგველაშვილს ეს ახლა აღმოეჩინა. მარგველაშვილი ამაზე დიდი ხანია, ფიქრობს, მაგრამ ახლა ჩავიდა ამერიკაში, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და ხმამაღლა თქვა.
- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ამერიკის რადარებზე დავბრუნდეთ?
- საშინაო პოლიტიკაში არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის კრიტიკას გამოიწვევს. სამწუხაროდ, დღევანდელმა მთავრობამ ურთიერთობა გაიფუჭა მაკეინთან. პრემიერმა თქვა, მაკეინი სააკაშვილის პირადი მეგობარიაო. ასევე ამერიკელებთან სიტყვიერი გარიგება შედგა, რომ ახალი ხელისუფლება სააკაშვილის სამართლებრივ ძიებას არ დაიწყებდა, მაგრამ ეს გარიგება ჩაიშალა.
თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა, ლობირება ყველა დონეზე, არა მხოლოდ ხელისუფლების დონეზე, არამედ ამერიკულ წამყვან გაზეთებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.
- სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები გვაქვს ევროპის დედაქალაქებშიც, მაგალითად, ბერლინში, – ამბობს პოლიტოლოგი.
- რა გზავნილი იყო ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რომ მან საქართველო არ ახსენა და ახსენა მხოლოდ უკრაინა? არადა, უკრაინამდე ჩვენ გვქონდა მსგავსი პრობლემა. როგორ შეიძლება, ეს გავიგოთ?
- გახსოვთ, ორი წლის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა ბი ბი სისთან ინტერვიუში თქვა, რუსეთთან ურთიერთობა დალაგებული გვაქვს და უკრაინის პრობლემა სხვა არისო. თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ნათქვამი დაიკარგებოდა, ძალიან შემცდარა. ასეთი ნათქვამები უკვალოდ არ იკარგება.
- გაეროს ტრიბუნიდან პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ვცდილობთ, მაგრამ იქიდან ადეკვატური ნაბიჯი არ იდგმებაო. შეიძლება, ხელისუფლებამ თავის პოლიტიკას გადახედოს?
- რუსეთი რომ კარგად არ იქცევა, ეს ყველამ იცის ამერიკაშიც და სხვაგანაც, მაგრამ აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, რამდენად ადეკვატური იქნება ის. ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს შეხვდა. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და მათ საქმიან შეთანხმებას მიაღწიეს. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას შეცვლის, გადახედავს და არ დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის.
„საქართველო და მსოფლიო“, 7 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს ქვეყნის ახალგაზრდობა“
ეკა ნასყიდაშვილი
გასულ კვირას საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილი იყო გაეროს 70-ე საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 28 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოდან ორი დელეგაცია ჩავიდა პრემიერისა და პრეზიდენტის მეთაურობით. პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი გაეროში, რას ჩაეყარა საფუძველი და ადეკვატური იყო თუ არა საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა, _ ამ საკითხებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.
- ბატონო ჰამლეტ, გაამართლა ხალხის მოლოდინი გაეროს 70-ე საიუბილეო სესიაზე წასულმა საქართველოს ორმა დელეგაციამ პრემიერისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით? როგორ შეაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას?
- საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ჰქონოდა რაიმე მნიშვნელოვანისა და ახლის მოლოდინი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლისგან. რაც უნდა თქვას გაეროში ღარიბაშვილმა, უღიმღამოა. საქართველოს პრემიერი არც უგო ჩავესია (ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი – ე.ნ.), არც ნიკიტა ხრუშჩოვი (სსრკ-ის ყოფილი ლიდერი – ე.ნ.) და არც აჰმადინეჯადი (ირანის ყოფილი პრეზიდენტი – ე.ნ.). ღარიბაშვილს რა უნდა ექნა, როდესაც ამერიკის არც ერთი პრეზიდენტის გამოსვლა არ ყოფილა საინტერესო არც ერთ სამიტზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დღეებში საქართველოში მოხდა, იყო ის, რომ საბოლოოდ დადგინდა ქართველი პოლიტიკოსების დონე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ვერ გაარკვიეს, სად და როდის გამოდიოდა სიტყვით პრემიერი ღარიბაშვილი. მათ ოთხი დღით ადრე ატეხეს ერთი ამბავი. არადა, საიუბილეო სხდომა დაწყებულიც არ იყო. ქვეყანას, რომლის პოლიტიკოსებმაც პოლიტიკის ანაბანა არ იციან, დიდი პოლიტიკის კეთება არ უნდა მოსთხოვო.
ღარიბაშვილი 1 ოქტომბერს გამოვიდა. მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და რაც არასოდეს შესრულდება. პრემიერმა ისაუბრა 90 ათასი ადამიანის დასაქმებაზე და, რაც მთავრია, განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და შეეცადა, მეზობელი ქვეყანა ჩაეწიხლა.
70-ე საიუბილეო სესიას 193 ქვეყანის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველა მათგანის გამოსვლა პროტოკოლურია. ასე რომ, ღარიბაშვილის გამოსვლაში ახალი და საინტერესო რა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ყველაფერში საინტერესო იყო მისი მინისტრის, თეა წულუკიანის, შეფასება: “ევროპამ მაღალ დონეზე შეაფასა პრემიერმინისტრის გამოსვლა”. ნეტა, რას ნიშნავს წულუკიანისთვის ევროპა და რა იგულისხმა მან? წულუკიანი ამ შეფასებამ შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ სრულიად ევროპის მოსახლეობა გულისფანცქალით ელოდა ღარიბაშვილის გამოსვლას, მერე შვებით ამოისუნთქა და დადებითად შესაფასა. ეს ტრაგედიაა!
საქართველოს ყველა ხელისუფლებას, ზომის, წონის, განათლების მიუხედავად, სურვილი აქვს, მოწინავე ქვეყნების რიგში იდგეს. ასე იყო ბედკრული სააკაშვილიც… დღემდე ვერავინ გაიგო, რომ ამ პატარა ქვეყნის ადგილი დიდების გვერდით არ არის. ეს თავიდანვე უნდა ეთქვათ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მატრაკვეცობის დრო არ არის და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ნაბიჯებიც ასეთი უნდა გადაედგათ.
ღარიბაშვილის გამოსვლა პროტოკოლური იყო, – ასე ჩათვალა დამსწრე საზოგადოებამ, რუსეთმა კი, რომელიც 1992 წლის შედეგ რეაგირებას არ ახდენს საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლაზე, ამჯერადაც დუმილი არჩია. რუსეთის აზრი მნიშვნელოვანია. აუცილებელია, წერტილი დაესვას იმ მაზოხიზმს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს.
ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რუსეთი აგრესორიაო. არადა, აგრესორი თვითონ ხარ _ ეს დასკვნა ასახულია კომიისიის ოფიციალურ დოკუმენტებში, კომისიისა, რომელსაც ტალიავინი ხელმძღვანელობდა. რუსეთს ეს იმ მაღალი ტრიბუნიდან უნდა ეთქვა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა დასაწყისში იყო, ხოლო ღარიბაშვილის _ ბოლოსკენ.
- ამ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პრემიერმა განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები გაეროს მისიაშიც მიიღებენ მონაწილეობას _ “ცისფერჩაფხუტიანთა” რიგებში. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ მისიის შესრულება?
- ხელისუფლებისგან აღარაფერი მიკვირს. 25 წლის განმავლობაში დახურულ კარს ვურტყამთ თავს. აქედან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნატოში მიღების ფუჭი დაპირებების სანაცვლოდ დახოცოს ქვეყნის ახალგაზრდობა. ვფიქრობ, გაერო უფრო საღად შეაფასებს ვითარებას. ჩვენი ზომის ქვეყნიდან 1000 კაცის წასვლა არ შეიძლება, შესაძლებელია, წაიყვანონ ექიმები. არ შეიძლება, გაერომ გააკეთოს იგივე, რასაც ამერიკა და ნატო აკეთებს. ამერიკას არ აინტერესებს, რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ის, უბრალოდ, გენოციდს გვიწყობს, როდესაც ამ პატარა ქვეყნიდან 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი სასაკლაოზე მიჰყავს.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო – ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.
მოკლედ ვიტყვი ორი დელეგაციის წასვლაზეც. გარდა იმისა, რომ თავი გავიშაყირეთ, უცოდინარობაც გამოვამჟღავნეთ, რადგან გაეროს იმ დარბაზში დელეგაციის სამი წევრი მერხთან ზის და მათ უკან კიდევ სამი ადგილია, ასე რომ, პრეზიდენტი ძალიან დაბალი დონისაა, თუ იფიქრა, რომ მისი ადგილი იქ იქნებოდა. პრეზიდენტი, პრემიერი და მათი თანმხლებნი იქ არ დაეტეოდნენ. მარგველაშვილის ამერიკაში ვიზიტი ღიმილის კი არა, ხითხითის სურვილს გიჩენს, თუმცა ხითხითის განწყობაზე არ დაგაყენებს ვიზიტზე დახარჯული ფული.
- ბატონო ჰამლეტ, გაეროს თავყრილობაზე რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ვინ მიიქცია უდიდესი ყურადღება?
- გაეროს ყოველთვის აინტერესებს, რას იტყვის პირველი სახელმწიფოს მეთაური. ბარაკ ობამას გამოსვლა იყო გამომწვევი, გამაღიზიანებელი. დაწიხლა რუსეთი, გააკრიტიკა ირანი და ჩინეთი. დიპლომატიაში წერტილ-მძიმესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, რაც ობამამ რუსეთს აკადრა, ყველაფერი ტყუილია, თუმცა ამ ტყუილით საზოგადოების დაჯერებას ცდილობდა. მან ასევე თქვა, რომ სანქციებმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა, ეს ქვეყანა დააჩოქა, რომ რუსეთიდან ინტელექტუალები გარბიან. თავისი გამოსვლა კი ასე დაასრულა – “მსურს, ვიხილო ძლიერი რუსეთი!”, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო.
ალბათ, არ მომლანდებია და ბევრი დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სეფესიტყვა რუსეთის პრეზიდენტმა წარმოთქვა. ის 22 წუთში ჩაეტია და რევერანსების გარეშე, პირდაპირ თქვა ყველაფერი. პუტინი იყო კორექტული, არ დაუსახელებია არავის სახელი და გვარი, ბოლოს კი იკითხა – რა გააკეთეთ? მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო სწორედ პუტინის გამოსვლისკენ, არავინ იცოდა, რას იტყოდა. რუსეთის პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა მიუნხენში გამოსვლაზე მწვავე იყო. პუტინმა სწორედ მიუნხენში ამხილა ამერიკა, რასაც ვერავინ ბედავდა.
გაეროს ერთკვირიანი შეხვედრები, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის ჩათვლით, იყო რუსეთის დიპლომატიისა და პოლიტიკის ტრიუმფი.
რა მოხდა ერთ კვირაში? ვლადიმერ პუტინმა თავისი გამოსვლით ყველას დაანახვა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის, რომ დასასრულისკენ მიდის ამერიკის ჰეგემონია. პუტინმა მოახერხა, რომ ობამა ყველაფერში დაეთანხმებინა. დათანხმება არც სჭირდებოდა, რადგან გადაწყვეტილება “ისლამური სახელმწიფოს” დაბომბვაზე უკვე მიღებული ჰქონდა. პუტინის ამ საქციელმა ისე დააბნია ამერიკის ადმინისტრაცია, რომ დღის განმავლობაში განცხადება სამჯერ შეცვალეს. ამერიკა შოკში ჩავარდა და ამ მიზეზით შეცდომას შეცდომაზე უშვებს. აქვეყნებენ ინფორმციას, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, საავადმყოფოები გაანადგურეს და ა.შ., თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, რომ ერთ კვირაში მსოფლიოში ვითარება შეიცვალა.
საბჭოთა კავშირი და ამერიკა უაღრესად მძიმე ვითარებაშიც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. რაღაც დონეზე შეხვედრები ყოველთვის მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის ელჩი ამერიკაში 25 წლის განმავლობაში იყო ანატოლი დობრინინი, რომელსაც “ცივი ომის” დროსაც კი არ შექმნია პრობლემა, შეხვედრები გაემართა უმაღლეს დონეზე. მას შედეგ, რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ამერიკასა და რუსეთს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. რუსეთს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკაში დეპარტამენტის უფროს დალაპარაკებოდა. იგივე გააკეთა რუსეთმაც ამერიკის ელჩთან. ურთიერთობები გაიყინა…
რუსებმა ყირიმის ნაპირებთან ამერიკული გემი შეამჩნიეს, რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც ახლა მონაწილეობს სირიის დაბომბვაში, ამერიკულ გემს გადაუფრინა და ყველა რადარი გაუთიშა. ამის შემდეგ 24-ჯერ იმიტირებულად დაბომბა, ამერიკელებმა ჩაისვარეს და თავი კონსტანცას (რუმინეთის პორტს _ ე.ნ.) შეაფარეს. ამერიკული გემის ეკიპაჟის ნახევარი შემადგენლობა გადადგა, ზოგი სამკურნალო გახდა. ამერიკა მიხვდა, რომ არც ისე ძლიერია, როგორც თავი მოაქვს.
თავისი ქმედებებით ამერიკამ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი მსოფლიოში სუპერსახელმწიფოდ დააბრუნა. ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ეს მოხდა.
- ის, რაც მოხდა ამ ერთ კვირაში, მსოფლიომ გააცნობიერა, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომაც. საქართველოს ხელისუფლება თუ მიხვდა, რაც მოხდა?
- საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს მიხვდება. მათი მიზანი ვიღაცის უკანა ნაწილის ლოკვაა და წლების განმავლობაში ასე იქცეოდნენ, საქართველო ამ “შესაშურ” პროცესში უკვე 25 წელიწადია ჩართულია. ეს ტრადიციულად გრძელდება და ივანიშვილ-ღარიბაშვილიც მშვენივრად ახერხებენ. მხოლოდ ივანიშვილის განცხადება რად ღირს: “ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ამაზე მშვენიერი მსოფლიოს არაფერი შეუქმნია”. ჩვენი ხელისუფლების ცოდნის დონე დაბალია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, დიდი რისკის წინაშე დგებიან _ ხელისუფლების დაკარგვის ეშინიათ.
ამერიკამ საქართველოში ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო: ოპოზიცია მისია, ხელისუფლებაც, ჟურნალისტებიც, არასამთავრობოებიც. საზოგადოების ნაწილი პროამერიკულია. ხელისუფლებამ იცის, ამერიკის წინააღმდეგ რამეს იტყვის და შეცვლიან.
ვინმეს საქართველოზე ერთი წუთითაც რომ ეფიქრა, რაც გვჭირს, დაგვემართებოდა? საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს საგარეო და საშინაო კურსის ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნებაზე. დღევანდელი რუსეთი სულ სხვაა, ხელწამოსაკრავი არ არის. საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რუსეთს წიხლი ამოარტყას. ფეხზე რომ ვდგავართ, რუსეთის გულისხმიერების დამსახურებაა.
„ალია“, 7 ოქტომბერი, 2015 წელი
გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რიგდებიან?!
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან
გელა ზედელაშვილი
5 ოქტომბერს პრეზიდენტი მარგველაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში აშკარად იმ იმედით დაპატიჟეს, რომ „ნაციონალები“ თავიანთთვის სახეირო პასუხებს მიიღებდნენ, მაგრამ… სრულიად მოულოდნელად, მარგველაშვილმა ივანიშვილის დაცვა დაიწყო. მაგალითად, მან უარყო, თითქოს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ხელით ხორციელდება არაფორმალური მმართველობა: „ჩემს შემთხვევაში ასეთი მმართველობა არ ხორციელდება. სხვა შემთხვევებში, რომლის თაობაზეც მსმენია, მე ამის საბუთი არ მაქვს. თუ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არა თავისი შეხედულებებიდან, არა თავისი შინაგანი რწმენიდან, არა იქიდან გამომდინარე, რაც თვითონ მიაჩნია სწორად, არამედ რაღაც სხვა მიზეზებით, ჩვენ პრობლემის გადაწყვეტა თავად ამ ადამიანებში უნდა ვეძიოთ. დამნაშავე არის ის ადამიანი, რომელსაც სჯერა ერთის და აკეთებს მეორეს. ზოგ შემთხვევაში არანაირი არაფორმალიზმი არ არსებობს და არსებობს სურვილი, რომ საკუთარი შეცდომა ვინმე სხვას გადააბრალო“. ცოტა ხანში ისიც თქვა, ბიძინა ძალიან მაგრად იქცეოდა, როცა მასთან ერთად სცენაზე ვიდექი, ხალხი „ბიძინას“ ძახილს იწყებდა და ის აჩერებდა, „საქართველო“ იძახეთო.
მოკლედ, მთელ ორსაათიან ინტერვიუს წითელ ხაზად გასდევდა ის, რომ გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ არ აპირებს თანამშრომლობას. უკვე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ დაიწყო პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სიტუაციის დალაგება? როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს „ალიასთან“ საუბარში, მარგველაშვილი თამაშობს მაღალი კლასის დიპლომატიური ხერხებით. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო ინტერვიუდან ასე გამოჩნდა:
- მარგველაშვილმა რამდენი კოჭიც არ უნდა უგოროს, ივანიშვილი მაგას არ ჭამს. მაგან ბიძინასთან ყველა ხიდი უკვე ჩაამტვრია. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ დავიდეს არც „ნაციონალების“ დონემდე, არც ბურჯანაძის დონემდე, არც სხვების დონემდე, რომლებიც პრაქტიკულად გადასულები არიან დედის გინებაზე. შემთხვევითი არც ის არის, რომ პირველად ამერიკაში თქვა, პოლიტიკაში ვრჩებიო. მეორე – მან ღიად დაუჭირა მხარი ამერიკელ ჟურნალისტს, საქართველო ამერიკის რადარებიდან გაქრაო. ქსენია დიასახლისმა არც კი იცის, რადარი რას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რასაც გულისხმობდა? დარწმუნებული ვარ, გადაცემის წამყვანმა მას ეს შეკითხვა წინასწარ გააცნო.
- რას ნიშნავს, საქართველო რადარებიდან გაქრა ან ამერიკელების გაგებით, ან კიდევ მარგველაშვილის გაგებით? რასაც გვიბრძანებენ, უპირობოდ ვასრულებთ, მეტი რაღა უნდათ?
- აღარ ვაინტერესებთ, მაგათ ადრე ეგონათ, რომ საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ვართ ერთი ღარიბი ქვეყანა, რომელიც არც მწვადს წვავს, არც შამფურს. დღეს არ არის 1952 წელი, როცა თურქეთმა კორეის ომში ჯარი გაგზავნა და ეგრევე ნატოში მიიღეს. ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს იმის გამო, რომ 300 თუ 400 ჯარისკაცს ვაგზავნით ავღანეთში. არც მაპ-ი იქნება ჩვენთვის. ახლა გამოდიან ჩვენი პარლამენტარები, იგივე მანანა კობახიძე, იგივე ზვიად კვაჭანტირაძე და ევროსაბჭოს წევრს, პედრო არგამუნტს პირდაპირ აგინებენ, ბერიკაცი უკვე გამოპრუტუნდაო. ამათ რატომ ავიწყდებათ, რომ თავის დროზე 74 წლის ადენაუერი გერმანიაში კანცლერად აირჩიეს, რომელმაც თავისი ქვეყანა ნატოში შეიყვანა? როდესაც ხარ ოფიციალური პირი, ასეთი ლანძღვა არ შეიძლება, ეს არის მტრობა. ეს ადამიანი იანვრიდან ხდება ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი. ეს პარლამენტარები ან იდიოტები არიან, ან კიდევ პროვოკატორები, მესამე არ არსებობს!
- რატომ ერევიან ასე უხეშად საქართველოს საშინაო საქმეებში?
- ამის უფლება ჩვენ მივეცით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ჩვენ მოვაწერეთ ხელი. თუ ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა, ისინი გვეუბნებიან, ასეთი პროკურატურით ვერ მიგიღებთო. გადის წლები და ვეღარ გავარკვიეთ, ჩვენი პროკურატურა პოლიტიკურადაა ანგაჟირებული თუ არაკვალიფიციურია? ორივე დიდიუბედურებაა. აგერ, ხარძიანი ქუჩაში მოკლეს, მაგრამ საქმე დღესაც გაუხსნელია, ვინმეს ახსოვს საერთოდ? სხვათა შორის, მარგველაშვილმა სწორად თქვა, თუ ჩვენ ევროპა გვინდა, იმათი წესებით უნდა ვითამაშოთო. მადლობა ვთქვათ, დღეს დასავლეთი რომ არ გვთხოვს, მთელმა საქართველომ ტრაკი მიეცით, როგორც ჩვენ ვიძლევითო. ქართველებს მხოლოდ იმას გვთხოვენ, ნუ აგინებთ „პიდარასტებსო“.
- როგორ გეკადრებათ, მაგასაც გვეუბნებიან, კაცები ერთმანეთზე დაქორწინდით და შვილები იყოლიეთო.
- არა, მაგას არ გეუბნებიან, უბრალოდ ბრაზდებიან, „პიდარასტებს“ ნუ დასცინითო. აი, მაგალითად, შენ რომ გეტყვიან: კახელი ხარ, ახლა ვირების ტ…ვნას თავი დაანებე და თვითონ მიეცი ტრ…კიო, მაშინ რა ხასიათზე დადგები, იმასაც ვნახავ.
- თქვენი პასუხი ეგრევე დავწერო, არ შევალამაზო?
- (იცინის) დაწერე, აბა, რა უნდა ქნა?
- კარგი, მარგველაშვილის თემას დავუბრუნდეთ… მომავალში მას რა პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს, გადაახტება კი ბიძინას მიერ დაწესებულ თამასას?
- მე არ მახსოვს, როდისმე ჩვენი პოლიტიკური სივრცე ასე ყოფილიყო მოსუფთავებული. შევარდნაძის დროს იყო „უნიკალური“ ოპოზიცია, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს: მაშინ ჩვენ გვყავდა მმართველი ოპოზიცია – სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია თან ხელისუფლებაში იყვნენ, თან ოპოზიციონერობდნენ. დღეს ასეთი რამ აღარ არსებობს და ამას ხედავს მარგველაშვილიც. ბიძინა ივანიშვილმა „მადლობა“ უნდა უთხრას დღევანდელ მმართველ ჩინოვნიკობას, რომელიც მიდის თერმიდორიანელთა გზით.
როდესაც საფრანგეთში მარატის, რობესპიერისა და საერთოდ, იაკობინელების დროს ყოველდღე 300 თავი გორდებოდა გილიოტინაზე, მოხდა გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ბიუროკრატია. ისინი აღარ ხოცავდნენ ადამიანებს, გილიოტინა დაჟანგდა, ჯალათები უმუშევრები დარჩნენ, მაგრამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს კაი პურის მჭამელმა ბიჭებმა. მათ აინტერესებდათ მხოლოდ ორი რამ: ფულის შოვნა და დროსტარება. ასეთები იყვნენ თერმიდორიანელები. ფრანგებმა უყურეს, უყურეს და ბოლოს უთხრეს, დაახვიეთ, თქვენი დედაც ვატირეთო. ამ დროს მოვიდა სათავეში ნაპოლეონი. მარგველაშვილი არ არის ამბიციური, რომ თავი ნაპოლეონად წარმოიდგინოს, მაგრამ რა იცი, რა ხდება ორ წელიწადში? ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ფიქრობს, რომ მისი დროც დადგება. ნახე, რას აკეთებს, თავისი ვეტოებით აცოფებს ივანიშვილს და მმართველ პარტიას. უკვე იმდენად აცოფებს, რომ თამაზ მეჭიაური გამოვიდა და რაღა არ ეძახა. სხვათა შორის, ამ დღეებში რომან გოცირიძემ მითხრა, მე და მეჭიაური 5 წელი ერთად ვსწავლობდით, ინსტიტუტი ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული, გენიოსი იყო, ახლა ვეღარ ვცნობ, ეს ის თამაზი აღარ არისო.
- ჩვენ რომ ვუყურებთ, აღარც რომანია ის რომანი…
- ჰო, დრო ყველას გვცვლის… მოკლედ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ხალხის უკმაყოფილება, მაგრამ არ ჩანს ლიდერი, რომელიც ივანიშვილს კონკურენციას გაუწევს. მარგველაშვილი ხედავს, რომ ასეთი ადამიანი ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. დაუკვირდი, მარგველაშვილი თავს არიდებს ცალკეული მოსამართლეების კრიტიკას და საერთოდაც ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ შეეხოს. რაც შეეხება „ნაციონალებთან~ ურთიერთობას, მაგათთან თანამშრომლობა უკვე აღარ ღირს, რადგან საქმე მაშინ გაიფუჭეს, როცა 4 კაცი გაუშვეს. თავიდან ამბობდნენ, ვითომ შიდა მოლაპარაკების საფუძველზე გაიყვნენო, მაგრამ ახლა დასტურდება, რომ ეს იყო ხელისუფლების „პადაჩა“. ესენი თან გამოეყვნენ, თან არაფერი სიახლე არ შექმნეს, საერთოდ გაჩუმდნენ. ახალი პოლიტიკური ცენტრიო, რომელი პოლიტიკური, რა ცენტრი და რის ატამი? მე არ გამოვრიცხავ, „ნაცებიდან“ წამოსული ეგ ოთხეული 2016 წლის არჩევნებში ვიხილოთ „ქართული ოცნების“ სიაში. ახლა დარბიან ეს „ნაციონალები“ და იძახიან, ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთო, ეს უკვე კომედიაა. ამაზე ხელისუფლება რომც დასთანხმდეს, მომავალი წლის ოქტომბრამდე მაინც ვერ მოესწრება. ამჟამად მაგათი მთავარი ამოცანაა, საერთოდ არ გაქრნენ პოლიტიკური ორბიტიდან და როგორმე თავი გადაირჩინონ. როგორც პარტია, უნდა გადარჩეს, ეს არის „ნაციონალების“ ევროპელი „მეგობრების“ სურვილიც. ამერიკელებს სულაც არ აინტერესებთ, მეორე პარტია „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ სხვა ვინმე, მათ აინტერესებთ, არ იყოს მონოპოლია. არადა, დღეს არც არასაპარლამენტო პარტიებშია გამოკვეთილი ლიდერი, რომ ვინმეზე ფსონი დადონ. ყველაფერს დავანებოთ თავი, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენს საზოგადოებაშია, შევარცხვინე ისეთი ხალხი, რომელიც ყოველ 5 წელიწადში მესიას ელოდება. ფრანგი მწერალი, მადამ დე სტალი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამბობდა: უბედურია ერი, რომელიც ყოველდღე გადამრჩენს ელოდებაო.
დიახ, დღეს რამდენიც არ უნდა ირბინონ „ნაციონალებმა“, 2016 წლისარჩევნებს მაინც „ქართული ოცნების“ ბიუროკრატია მოიგებს, თავისი გაზრდილი ხელფასებითა და პრემიებით. ახლა ამბობენ, ჩვენი ბიუროკრატია 40 ათასი კაცით გაიზარდაო, ეს გადაამრავლე თუნდაც 5-ზე და არჩევნები მოგებულია, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ოჯახები ჰყავთ. აღარაფერს ვამბობ ნათესავებზე, ძმაკაცებსა და მეგობრებზე. სხვათა შორის, ბოლო ინტერვიუში მარგველაშვილმა თავის სტრიქონებს შორის ძალიან ბევრი სიახლე თქვა – რადარებით დაწყებული, პოლიტიკაში დარჩენით. ის ლავირებს იუველირული სიზუსტით და მოსწონთ ამერიკელებს, რომელთათვისაც მთავარია სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს არ არის ივანიშვილის თამაში, ბიძინა არ არის შევარდნაძე, რომელიც ერთ დღეს კაცს გააგდებდა და მეორე დღეს ისევ იღებდა. თუ ივანიშვილი ვინმესთან წყვეტს ურთიერთობას, ეს გრძელდება დიდხანს. მარგველაშვილმა მას წინ იმდენჯერ გადაურბინა, ამას ძაღლის ნაკბენივით იმახსოვრებს.