«Radio Voice of America – ამერიკის ხმა» (აშშ): მესიჯები მინისტერიალიდან და მოლოდინი თბილისში
«The New York Times» (აშშ): ჰააგის სასამართლომ შეიძლება სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის დროს ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიება დაიწყოს
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება… სომხეთისათვის გაზის მიწოდების გაზრდის სანაცვლოდ
————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/nato-ministerial/2997064.html
მესიჯები მინისტერიალიდან და მოლოდინი თბილისში
ნინო დალაქიშვილი
საკმაოდ დაძაბული საერთაშორისო ვითარების ფონზე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.
ორი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის, რაც ბელგიის დედაქალაქში განიხილებოდა ვიზა ლიბერალიზაციასა და სასამართლო განხილვებს უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს საქართველოსთვის უკვე უნდა იყოს ცნობილი ევროკავშირის შემფასებელი მისიის პასუხი იმის შესახებ, მიიღებს ქვეყანა გამარტივებული ვიზებით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების უფლებას თუ არა. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ევროპელი კოლეგებისგან პასუხი დადებითი იქნება.
„ამერიკის ხმასთან“ ბრიუსელიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ისაუბრა და ორივე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: „ჩვენ ვიმყოფებით უმნიშვნელოვანეს ფაზაში. ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ დავალებას. უკვე გავისტუმრეთ შემფასებელი მისიები, რომლებიც წინა კვირას იმყოფებოდნენ საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება საბოლოო დადებითი შეფასება. ქალბატონმა მოგერინიმ, ასევე ბატონმა ჰანმა, სრულიად ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ. სასამართლო სისტემაც იყო ერთ-ერთი განხილვის საკითხი და რასაკვირველია, ქართული მხარე არის მზად ნებისმიერ დროს უმასპინძლოს ექსპერტებს და განიხილოს მათთან ერთად ნებისმიერი სასამართლო შემთხვევა. მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააფიქსირა, რომ მზად იქნება ქართული მხარე, სურვილის შემთხვევაში, მიიღოს ექსპერტები და მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია დამატებით, რაც ძალიან კარგად იქნა აღქმული“.
იოჰანეს ჰანმა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში განაცხადა: „რა თქმა უნდა, თქვენ [საქართველო] დაინტერესებული ხართ ვიზა-ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესით. მინდა გითხრათ, რომ სამუშაო მიდის ძალიან კარგად. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ანგარიში იქნება პოზიტიური, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო დავალების ნაწილი შესასრულებელი. არ მინდა დავმალო, რომ ჩვენ შევეხეთ სასამართლო სისტემას და დისკუსიებს მის ირგვლივ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება. მივესალმები საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით კი ვიცე-პრემიერის გახსნილობას, რომ დაპატიჟონ ევროპული დელეგაცია საქართველოში ექსპერტებთან ერთად სასამართლოს მუშაობის გასაცნობად. ასევე საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა. მოახლოებული არჩევნების წინ ყველაფერი ნათელი უნდა იყოს“.
სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით კითხვები ისმის, თუმცა საქართველო მზადაა პასუხისთვის ყველა კითხვაზე – ესაა ქართული დელეგაციის პოზიცია, რომელმაც სასამართლო სისტემის უკეთ გაცნობისა და შეფასების მიზნით ევროპული დელეგაცია საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს: „გარკვეული შეკითხვები, რომელიც ისმის მუდმივად გარკვეულ სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით, იყო. ჩვენ, ჩვენის მხრივ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ აბსოლუტურად ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან მათ შორის. არაა გამორიცხული, რომ ჩამოვიდეს ჯგუფი საქართველოში, რომელიც კონკრეტულად ამ შეკითხვებით დაინტერესდება და მიიღებს ამომწურავ პასუხებს“.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამშრომლობას ნატო-საქართველოს შორის და სასწავლო ცენტრის გახსნას საქართველოში: „ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიეს პარტნიორობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გავხსენით ნატოს საწვრთნელი ცენტრი. ახლა ჩვენ მომავალ წელს და ნატო-საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას ველით.“
«The New York Times» (აშშ), 9 ოქტომბერი, 2015 წელი
www.nytimes.com/2015/10/09/world/europe/hague-court-may-prosecute-in-south-ossetia-war.html?_r=0
ჰააგის სასამართლომ შეიძლება სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის დროს ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიება დაიწყოს
როგორც აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) განცხადებით, მისი პროკურორები გეგმავენ გამოიძიონ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულები (ავტორი – მარლიზ სიმონსი).
გამომძიებლის, ქალბატონ ფატუ ბენსოუდის დასკვნით, არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“, რომ ასეთი დანაშაული ჩადენილი იქნა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარებულ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ხუთდღიან ომში. კონფლიქტის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ლტოლვილად იქცა. ფატუ ბენსოუდმა უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე შეიძლება გამოძიება დაიწყოს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია რუსეთის ქმედებას, თუმცა, როგორც ტორონტოელი იურისტი მარკ კერსტენი ამბობს, როგორც მან დაადგინა, ყურადღება უმთავრესად მიპყრობილი იქნება ქართველი და ორი ჩინოვნიკების ქმედების გამოსაძიებლად და არა რუსეთის ჯარებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოსებს.
შეკითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა დაისვა ეს საკითხი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიის გამო დამოკიდებულება გამწვავებულია, მარკ კერსტენმა უპასუხა, რომ ეს საქმე უკვე ორი წელია განსახილველად დევს და აქედან გამომდინარე, „ოფიციალური გამოძიება გარდაუვალი იყო“.
არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხანმოკლე ომის დროს, დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა. საქართველოს საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სასამარტლოს უფლებამოსილება მის ტერიტორიაზე ვრცელდება. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.
———–
ამ თემაზე მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე მასმედიის სხვა საშუალებებშიც. აი, ამონარიდები ზოგიერთი პუბლიკაციიდან:
„კომერსანტი“ (რუსეთი): „გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება… სომხეთისათვის გაზის მიწოდების გაზრდის სანაცვლოდ
http://www.kommersant.ru/doc/2827630
საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის ჩათვლის, რომ ორივე მხარის მიერ თავის დროზე ჩატარებული გამოძიება არაეფექტურია. სისიხლის სამართლის საქმეები აღძრული იყო როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ ოსეთსა და რუსეთშიც. საქართველოს პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რუს სამხედრო მოსამსახურეებს კონფლიქტის ზონაში ჩადენილი დანაშაული დააბრალა და ჰააგაში მასალებს პერიოდულად გზავნიდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისმა აქტიურობა შეანელა, უფრო მეტიც – ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ომში პასუხისმგებლად მიხეილ სააკაშვილი მიიჩნია და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედება აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის პროვოცირებით დაიწყოო. 2014 წელს საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ ინტერპოლმა თბილისს უარი განუცხადა ექს-პრეზიდენტის მიმართ ძებნის დაწყებაზე. თავის მხრივ, უკრაინამ ასევე უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოფილმა მოადგილემ ელენე თევდორაძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნილი მასალებში შეიძლება იყოს ისეთი ფაქტები, რომელთა საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეიძლება გამოძიება დაიწყოს – ანუ პასუხისმგებლობა დაეკისროს ომის დაწყების გამო. თავის მხრივ, როგორც მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე ამბობს, თუ მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისრება, ეს იქნება უმაღღლესი დონის სამართლიანობის გამოვლენა“ და ეს ფაქტი ხელს შეუწყობდა ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების შერიგებას.