«Независимая газета» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ „გაზპრომს“ ეთამაშება // ოპოზიცია ხელისუფლებას რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკების დაბლოკვას პირდება
«The Budapest Times» (უნგრეთი): ინტერვიუ საქართველოს ელჩთან: „უნგრეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“
«Новая газета» (რუსეთი): საქართველო – სიყვარულის ტერიტორია
————-
«Независимая газета» (რუსეთი), 12 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-10-12/1_gruzia.html
„ქართული ოცნება“ „გაზპრომს“ ეთამაშება
ოპოზიცია ხელისუფლებას რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკების დაბლოკვას პირდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – საქართველოს ყოფილი მმართველი პარტია ორშაბათიდან ანტისამთავრობო აქციებს იწყებს“, – ასე იწყება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – იური როქსი), რომელშიც აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციის საბაბი გახდა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადება რუსულ „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან გამართული მოლაპარაკების შესახებ, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„მინისტრმა განაცხადა, რომ გაზის იმპორტის თაობაზე მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთთან კი არა, ირანთანაც მიმდინარეობს. ეს უცილებელია, რადგან აზერბაიჯანული კონცერნი „სოკარი“ ახლო მომავალში ვეღარ შეძლებს საქართველოს გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ბუნებრივ გაზზე. რუსული „გაზპრომი“ სომხეთს წელიწადში დაახლოებით ორ მილიარდ კუბმეტრ გაზს აწვდის, და რადგანაც გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სათბობის გარკვეულ ნაწილს – 0,3 მილიარდ კუბმეტრს - თბილისიც იღებს. „ცისფერი სათბობის“ საქართველოსთვის მიწოდებით „გაზპრომიცაა“ დაინტერესებული, მაგრამ მისი მთვარი ინტერესის საგანი სომხეთია, სადაც სულ მალე მწყობრში უნდა ჩადგეს რაზდანის თობოლექტროსადგურის მეხუთე ბლოკი.
რასაკვირველია, თუ თბილისი მოისურვებს, „გაზპრომი“ მასთანაც იმუშავებს, სურვილი კი საქართველოს ნელ-ნელა უჩნდება. თუ რატომ დაჭირდა საქართველოს გაზის დამატებითი რაოდენობა და თანაც იმდენი, რომ აზერბაიჯანულმა „სოკარმა“, კაპიტულაციის ნიშნად, ხელები მაღლა ასწია, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. თვითონ განსაჯეთ: რაიმე ახალი გაზის მომხმარებელი დიდი საწარმო საქართველოში არ ამუშავებულა, არც მოსახლეობის ცხოვრების დონე არ ამაღლებულა ისე, რომ ბუნებრივი გაზით სარგებლობა მკვეთრად გაიზარდოს. როგორც ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც კომბინაცია წამოიწყო აზერბაიჯანული გაზის ფასის დაწევის მიზნით – „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლი პირველივე დრეებიდანვე ლაპარაკობდა, მაგრამ ბაქოში ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივ გაზს ისედაც დაბალი ფასით აწვდის, შეღავათებით, მოქნილი ღირებულებით და, შესაბამისად, თბილისს საშუალება აქვს მოსახლეობა და კერძო სამრეწველო საწარმოები სხვადასხვაფასიანი სათბობით უზრუნველყოს, თუმცა ხელისუფლებას აზერბაიჯანისაგან გაზის შესყიდვა კიდევ უფრო დაბალი ფასით სურს და ამ მიზნით სწორედ რუსეთ-ირანთან მოლაპარაკებით სარგებლობს, ბაქოს აიძულებს დათმობაზე წამოვიდეს. საქართველოს მძიმე ფინანსური მდგომარეობაა და, ალბათ, ფასების განსხვავებისაგან მიღებულ მოგებას, უეჭველია, ხაზინა წაიღებს“, – ვარაუდობს „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან მოსაუბრე ინკოგნიტო წყარო.
მმართველი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თუ საქართველო რუსული გაზს შეისყიდის, ეს გაზი კომერციულ მომხმარებლებს მიეწოდებათ. „რუსულ გაზზე მთელი ევროპა მუშაობს, მაგრამ ევროპა არ დაშლილა. რუსებისაგან გაზს თვითონ აზერბაიჯანელებიც კი ყიდულობენ“, – თავს იმართლებს „ოცნება“, მაგრამ მათ ოპოზიციის განცხადებების ჩახშობა ვერ შეძლეს
„ნაციონალებმა“ ერთი ანტი-„გაზპრომული“ აქცია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან უკვე ჩაატარეს და აღნიშნეს, რომ ეს ამორალური ქმედებაა: „მთავრობა მოლაპარაკებას იმ სახელმწიფოს კომპანიასთან აწარმოებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო“. მომიტინგეებმა ხელისუფლებას შეახსენეს, რომ“გაზპრომი“ კრემლის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და ამიტომაც მასთან ურთიერთობის განახლება ქვეყანას საფრთხეს უქმნის. „ნაციონალები“ მზად არიან მკვეთრი წინააღმდეგობა გაუწიონ მთავრობის გეგმების განხორციელებას.
„ჩემი აზრით, „ნაციონალები“ სიტუაციის დრამატიზებას ახდენენ“, – ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, – ოპოზიცია ყოველი საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, სურს გრადუსის აწევა და ამით მაქსიმალური სარგებლობის მიღება. მარტალია, მათ განცხადებებშში გარკვეული ლოგიკა არის, მაგრამ სახეზეა საკითხის ხელოვნური გამწვავება“. მისი თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობის განახლება შეიძლება არადროულია, მაგრამ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამით არაფერი ემუქრება. „მე არ ვფიქრობ, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებაში რაღაც სტრატეგიული ჩანაფიქრი არსებობს. უფრო მეტად მასში კომერციული ინტერესი დევს. ამასთან, ასეთ მოლაპრაკებებს სიტუაციის გამწვავება და უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანულ „სოკარს“ საქართველოში ფართო სოციალური ვალდებულბებეი აქვს, სოკარი“ ინვესტიციებს დებს სხვადასხვა სფეროებში და ის დანაკარგები, რომლებიც მას აქვს, ცდილობს კომერციული სექტორის ლიკვიდურობით დააბალანსოს. თუ „სოკარი“ ამ ბალანსის შესაძლებლობას დაკარგავს იმით, რომ ვიღაც საქართველოში „გაზპრომის“ შემოთრევას ცდილობს, მაშინ „სოკარი“ იძულებული გახდება ტარიფს გადახედოს. ფასების ცვლილება შედეგები პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და მომგებიანი იქნება „გაზპრომ“-ისათვის“, – ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს: „აზერბაიჯანული გაზისათვის პრობლემების შექმნა რუსული კომპანიის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ის 200 თუ 300 მილიონი კუბმეტრი გაზი შეიძლება საქართველოსთვის რაღაცას წარმოადგენს, „გაზპრომ“-ისათვის კი ზღვაში წვეთია. მას კომერციული ინტერესი არ ქავს, პოლიტიკური კი სრულიადაც შესაძლებელია“.
ექსპერტის აზრით, ენერგოშემცველების იმპორტის დივერსიფიცირება ნამდვილად საჭიროა და ამაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორია, საჭიროა ენერგეტიკული დერეფნების განვითარება არა მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაც, მაგრამ ახლა არა, რადგან ამჟამინდელი პოლიტრეალიების გათვალისწინებით, სერიოზული მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა.
«The Budapest Times» (უნგრეთი), 10 ოქტომბერი, 2015 წელი
http://budapesttimes.hu/2015/10/10/hungary-supports-our-integrity/
ინტერვიუ საქართველოს ელჩთან: „უნგრეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“
ამას წინათ საქართველოს საელჩომ უნგრეთში მოაწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით «A Story of Internal Displacement Captured on Camera», რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მე-7 წლისთავს მიეძღვნა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ცხოვრებაა გადმოცემული. გაზეთი „ბუდაპეშტ თაიმსი“ უნგრეთში საქართველოს ელჩს ზაზა კანდელაკს ესაუბრება.
- რითაა მნიშვნელოვანი ეს გამოფენა და რა გსურთ ამით შეატყობინოთ უნგრელებს?
- საქართველოს, თავისი სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მანძილზე, ბიზანტიელების, სპარსელებისა და თურქების არაერთი შემოსევა განუცდია, 1921 წელს კი რუსეთის წითელმა არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა, 1991 წლამდე. მას შემდეგ საქართველოს რუსეთთან კიდევ სამი ომი ჰქონდა – 1991 წელს, 1992-ში და 2008-ში. სამწუხაროდ, საქართველოს თავის დიდ ჩრდილოელ მეზობელთან პრობლემები აქვს, მოსკოვს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ცივილიზებული სამყარო მხარს საქართველოს უჭერს, ამიტომ მოვაწყეთ ეს ფოტოგამოფენა, რათა უნგრელებმაც სოლიდარობა გამოხატონ ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი.
- როგორია რუსეთის მიზნები საქართველოს ორი რეგიონისადმი?
- რუსეთს სურს მათი ანექსია მოახდინოს და იქ არსებული სამხედრო ბაზები გააძლიეროს. საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომს არ აწარმოებს, ჩვენ რუსეთი გვეომება. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებით და მათ მომავლის იმედი განვუმტკიცოთ. საქართველო რრმა კავშირები აქვს რუსულ კულტურასთან, მაგრამ პრობლემა კრემლშია, რომლის ჩინოვნიკებს იმპერიოული მენტალიტეტი აქვთ. თავის დროზე ბრიტანეთის იმპერიამ გააცნობიერა, რომ ტრანსფორმირებაა საჭირო და დღეს ჩვენ ვხედავთ ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას…
- როგორია უნგრეთის მთავრობის პოზიცია?
- საქართველო მადლობას უხდის უნგრეთის მთავრობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტიტისადმი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერის გამო. საქართველოს რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, ამ საკითხში ჩვენ გვინდა საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული მსოფლიოს დახმარება. ჩვენთვის სხვა გზა არ არსებობს, კონფრონტაცია ძალიან ცუდი შედეგების მომტანია. უნგრეთი არამარტო გაეროში გვიჭერს მხარს, არამედ გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაშიც – ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.
- როგორ ვითარდება ორმხრივი კავშირები?
- საქართველოს საელჩოსათვის ცნობილია, რომ ბუდაპეშტს თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვევიან. აქ ჩვენი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა, ხოლო წინა საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში ორჯერ იყო ჩამოსული. გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოში ვიზიტით იყო ჩასული უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიარტო, უნგრეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟოლტ ნემეტი. თბილისს პრეზიდენტი იანოშ ადერიც ეწვევა. ამრიგად, უნგრეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ინტენსიური პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებთ.
- რას იტყოდით ეკონომიკური კავშირების შესახებ?
- საქართველოსა და უნგრეთს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი აქვთ შექმნილი, რომლის მესამე სხდომა ოქტომბერში ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს. უნგრეთმა თბილისში სავაჭრო სახლი გახსნა. ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით უნგრულ კომპანიებს საქართველოში გამართულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მაგალითად, წყალსადენების მშენებლობის დარგში. ქალაქი ქუტაისი დაძმობილებულია უნგრულ ქალაქ სომბათხეისთან, საელჩო ყოველნაირად ეხმარება მათ მეგობრობისა და ეკონომიკური კონტაქტების განმტკიცებაში. დასავლეთ საქართველოში აქტიურად მუშაობს უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი, აფინანსებს გზების, ხიდებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას. გასულ წელს საქართველო ორგანიზაცია „დუნაის კომისიის“ დამკვირვებელი გახდა. დუნაი შავი ზღვის აუზის მდინარეა, რომელსაც დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოსთვის, ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობებში. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ს პირდაპირი რეისი აქვს „ქუთაისი-ბუდაპეშტი“, შესაბამისად, უნგრელ ტურისტებს შეუძლიათ საქართველოს ეწვიონ და მისი სილამაზით დატკბნენ, მოინახულონ შავი ზღვის ქართული კურორტები, გაემგზავრნონ მთებში და ასე შემდეგ.
- რამდენი ქართველი ცხოვრობს ამჟამად უნგრეთში? რამდენადაა საქართველო ცნობილი უნგრელებისათვის?
- ქართველები უნგრეთში ხშირად ჩამოდიან, ბუდაპეშტში. ამჟამად აქ მუდმივად ცხოვრობს 30-40 ოჯახი, ისინი სხვადასხვა სფეროებში არიან დასაქმებულნი. უნგრეთიც და საქართველოც იმპერიების ნაწილები იყვნენ, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ორივე მეტროპოლიებს (ავსტრიას და რუსეთს) ებრძოდა. ჩვენ ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს: ცხოვრების მსგავსი სტილი, სტუმართმოყვარეობის გრძნობა… მე ვფიქრობ, რომ უნგრელებს საქართველოსთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.
- რას გრძნობთ ხოლმე, როცა ბუდაპეშტში მყოფი რუსი და ქართველი დიპლომატები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ერთმანეთს მოულოდნელად ხვდებით?
- ჩვენთვის ხელის ჩამორთმევა პრობლემა არ არის…
———-
ინტერვიუს ბოლოში მოცემულია საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის ბიოგრაფიული ცნობები – გზა თბილისის სახელმწიფო მუზეუმიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლამდე (1987-1991 წლები), სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანი (1993-94 წლებში), მოქალაქეთა კავშირის საერთაშორისო მდივანი (1994-95 წლები), საქართველოს პარლამენტის კოორდინატორი, შემდეგ კი კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროში – 1999 წლიდან (საგანგებო დავალებათა ელჩად, მინისტრის მოადგილედ, ისევ ელჩად – პოლონეთში და ბოლოს – უნგრეთში).
«Новая газета» (რუსეთი), 12 ოქტომბერი, 2015 წელი
http://novayagazeta.spb.ru/articles/9978/
საქართველო – სიყვარულის ტერიტორია
რუსული ოპოზიციური გაზეთის – „ნოვაია გაზეტას“ სანქტ-პეტერბურგული გამოშვების 12 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ტურისტისა და ჟურნალისტის თვალით დანახული: რით არიან დაკავებული ქართველები, როგორ ცხოვრობენ, რა აწუხებთ, რა ახარებთ, რა პრობლემები აქვთ… (ავტორი – ტატიანა ლიხანოვა).
ავტორი ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ქუჩაში მოვაჭრეებს (მშრალ ხიდთან), კაფეს სტუმრებს, აღწერს თბილისში არსებულ კეთილგანწყობილ სიტუაციას, იხსენებს ისტორიულ მომენტებს, რუსი პოეტების ლექსებს საქარველოზე… ავტორის თქმით, „მეგობრობმა გაითვალისწინეს ჩემი „არმიანოფილობა“ და ბინა ისეთ სახლში შემირჩიეს, რომელშიც ოდესღაც სომეხ კომპოზიტორს არამ ხაჩატურიანს უცხოვრია…“.
„საქართველოში ტურიზმს სეზონურობის პრობლემა არ აქვს – წელიწადის რვა თვე აქ ზაფხულია, ხოლო პირველი თოვლის შემდეგ თქვენ ზამთრის კურორტებზე გამგზავრება შეგიძლიათ „მიშიკოს დროს“ (ასე უწოდებენ ქართველები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს) საქართველომ კოლოსალური ნახტომი გააკეთა, შეიქმნა ინფრასტრუქტურა, აშენდა გზები, თანამედროვე სასტუმროები და ინფრასტრუქტურა, რესტავრაცია გაუკეთდა ისტორიულ კომპლექსებს – ტურისტების მისაზიდად. და მთავარი – საქართველოში დამკვიდრება დაიწყო ევროპული ცხოვრების ნორმებმა“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებსაც იხსენებს, რომელთაგან პოლიციის გარდაქმნა მოსახლეობაში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. პუბლიკაციაში ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აქვს დათმობილი: როგორ იქნენ გათავისუფლებულნი სამსახურიდან ყველა „გაიშნიკი“, როგორ შექიქმნა ახალი საპატრულო სამსახური, ხელფასები, სოციალური უზრუნველყოფა… „პოლიციაში სამსახური უკვე პრესტიჟული გახდა, პოლიციის აკადემიაში ჩასაბარებლად კონკურსი მაღალია – ერთ ადგილზე ათი მსურველია. ქუჩაში ღიპიან პოლიციელებს ვეღარ შეხვდები, ისინი მოხდენილი ახალგაზრდები არიან, ინგლისურადაც გაგცემენ პასუცს და რუსულადაც. ჩვენთვის, რუსებისათვის ნაცნობი გზებზე ჩასაფრებები საქართველოში არ ხდება, პოლიცია ადამიანებს უფრო ეხმარება, ვიდრე იჭერს“, – აღტაცებულია ქართული პოლიციის მუშაობის სტილით ავტორი. „დღეს, როცა ქართველი მეზობელტან საუბრობს, შეგიძლიათ ასეთი დიალოგი მოისმინოთ: „შევარდნაძის დროს ყველგან შპრიცები ეყარა, მისამ კი ნარკომანებს წირვა გამოუყვანა“, „ადრე კრიმინალი მეფობდა, რომანტიზებულიც კი იყო – ბიჭები „კანონიერი ქურდის“ სახელზე ოცნებობდნენ, გოგონები კი მათ ცოლობაზე. როცა ვინმე კანონიერი ქურდი თბილისში ჩამოდიოდა, მათ აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ, მიშამ კი ამ ყველაფერს ბოლო მოუღო“.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული ბრძოლის წარმატებები, ადმინისტრაციული რეფორმის დადებითი შედეგები, წარმატებები ეკონომიკაში… მოკლედ, სტატია „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდის ერთგვარ პანეგერიკს წარმოადგენს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან „ნოვაია გაზეტას“ რედაქცია და მისი თანამშრომლები, მაგალითად, იულია ლატინინა, ტრადიციულად მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ხოტბა-დიდებას ასხამენ და მიიჩნევენ, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა, წარმატებები კი – გრანდიოზული.
სტატიის გაგრძელებას ავტორი მომდევნო ნომერშიც აპირებს.