globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 12th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „ქართულმა სპეცსამსახურებმა მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანონ ყველა ის ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, “ისლამურ სახელმწიფოსთან” რაიმე კავშირი ჰქონდეს“

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ერთი მოგება, ერთი წაგება და ერთიც ახალი საქმე

„ვერსია“: „ინტერ-რაო ეესი“ საქართველოს არ დატოვებს

„კვირის პალიტრა“: „ზედმეტი მოძრაობები” – საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!

ახალი თაობა: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „გაზპრომის თემაზე ნაციონალებს ხალხის ქუჩაში გამოყვანა უნდათ“ // „თუ გაზი წყვეტს პრორუსულობას, ევროპელები ყველაზე დიდი პრორუსები ყოფილან“

„ახალი თაობა“: ედურად კოკოითი ცხინვალის სათავეში დაბრუნებას აპირებს // სოსლან კოკოევი: დასავლეთი პროქართული ორიენტაციის კოკოითის დაუჭერს მხარს

—————————-

„კვირის პალიტრა“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „ქართულმა სპეცსამსახურებმა მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანონ ყველა ის ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, “ისლამურ სახელმწიფოსთანრაიმე კავშირი ჰქონდეს

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ახლო აღმოსავლეთში ისედაც უკიდურესად ჩახლართული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კრემლი ამტკიცებს, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” უტევს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მის ოპოზიციას უფრო ხშირად ბომბავს, ვიდრე “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს. დასავლეთი, ტრადიციულად, შეშფოთებულია, ობამას ადმინისტრაციას კი უკვე არა მხოლოდ ოპონენტები, მხარდამჭერებიც აკრიტიკებენ იმ გაუბედავი და არასწორი პოლიტიკისთვის, რასაც ბოლო წლებში აშშ ახლო აღმოსავლეთში­ ახორციელებდა.”ახლო აღ­მოსავლეთში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და­ მის გავლენაზე ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაზე, ექსპერტი ­ბადრი ნაჭყებია გვესაუბრება:

- უპირველესად ყურადსაღებია ის დრო და ვითარება, როდესაც რუსეთმა ამ ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია დასავლელი ლიდერები, განსაკუთრებით კი ობამას ადმინისტრაცია, განიხილავდნენ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ სირიის ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. რა სავარაუდო მიზეზებით იყო ეს განპირობებული, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჯერად კი ვიტყვი, რომ რუსეთმა დასავლეთის გაჭიანურებულ გადაწყვეტილებას დაასწრო და სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო. პუტინმა ამ ოპერაციაში ჩართვით მნიშვნელოვნად ჩაშალა დასავლეთის გეგმები.

მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში დასავლეთის მთავარი მოთხოვნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა იყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც მისი სამხედრო მხარდაჭერა უკვე აშკარად გადაწყვიტა. თვალნათლივ ჩანს, რომ მიმდინარეობს მზადება სირიის რამდენიმე დე ფაქტო ნაწილად გასაყოფად, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს რუსეთის მომხრე სახელისუფლებო ზონის გაფართოება, ანუ ბაშარ ასადის მომხრეებისა და იმ უმცირესობის, რომელსაც ალავიტები ჰქვია, პოზიციების გამაგრება და გაფართოება. ტრადიციულად, ალავიტებს ეკავათ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტარტუსი, ლატაკია და, ფაქტობრივად, მთელი ზღვის­პირეთი. სწორედ ამ ზონის სრულად დაკავებასა და გაკონტროლებას აპირებს რუსეთი, ეს არის მისი მოკლევადიანი მიზანი. ამის გარდა, ის შეეცდება შექმნას კორიდორი ქურთებთან ჩრდილოეთისკენ, რომელიც პირდაპირ გავა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, იქვე კი ირანის საზღვარია, რომელიც რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა. მოკლედ, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ამ ზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაკონტროლებას გეგმავს.

(…)

ბაშარ ასადის სრული იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. ბაშარ ასადს, ალავიტების გარდა, ქრისტიანი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა. მას არც სირიაში მცხოვრები ქურთები აღიქვამდნენ მოწინააღმდეგედ. ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად მის ჩამოგდებაზე ფიქრი შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ამ საკითხზე აშშ-ისა და ევროპის პოზიცია იმთავითვე განსხვავდებოდა, რაც ახლახან გამჟღავნდა. ამ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბაშარ ასადის ფაქტორი მოლაპარაკებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ეს ყველაფერი უფრო ადრე უნდა გაეთვალისწინებინათ, რაც არ მოხდა. ეს კი ობამას ადმინისტრაციის დიდი შეცდომაა, რასაც მოჰყვა გადაწყვეტილებების მიღების გაჯანჯლება.

- სახმელეთო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას გულისხმობთ?

- სახმელეთო ოპერაცია მარტივი ოპერაცია ნამდვილად არ არის, ჩაბმა ადვილია, მაგრამ მისგან თავის დახსნა ძნელი. გვახსოვს აშშ-ის რამდენიმე კრახით დასრულებული სახმელეთო ოპერაცია, მათ შორის – სომალიში. სირიაში უმძიმესი ვითარებაა იმის გათვალისწინებითაც, რომ იქ ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესებიც ეჯახება ერთმანეთს.
ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ირანში ვეებერთელა ნავთობის საბადოებია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ ირანის საბადოზე დასავლეთს გარკვეული კონტროლი თურქეთის მეშვეობით კიდევ ჰქონდა, სირიის საბადო ხელმიუწვდომელი იყო და, ბუნებრივია, ისიც არის გარკვეული ინტერესების სამიზნე.G როგორც ჩანს, სახმელეთო ოპერაციის დაწყება აშშ-მა ერაყში არცთუ წარმატებული მისიის შიშითაც ვერ დაიწყო, უფრო სწორად, ობამას სახმელეთო ოპერაციის ჩატარება სურდა ევროპის კოალიციასთან ერთად. ჩემი შეფასებით, ევროპამ ამ საკითხში აშშ-ს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია. არ ვიცი, შესაძლოა, ვიღაცამ ამას შეთქმულების თეორია დაარქვას, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მიიღო ევროპამ ჰუმანიტარული კრიზისი ლტოლვილების სახით.

მიაქციეთ ყურადღება: უმდიდრესი არაბული ქვეყნები, მაგალითად, საუდის არაბეთი, რომელიც გერმანიაზე ბევრად მდიდარია, ომანთან, კატართან, ქუვეითთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან ერთად, სირიიდან დევნილ ერთმორწმუნე მოსახლეობას თავიანთ ქვეყნებში ფეხს არ ადგმევინებენ. არანაირი პროგრამა, თუნდაც ლტოლვილების მცირე ნაკადის მისაღებად, ამ ქვეყნებში არ არსებობს. არადა, სირიიდან საუდის არაბეთამდე ავტობუსით რამდენიმე საათში შეიძლება ჩასვლა. რითი ეხმარებიან ეს მდიდარი არაბული ქვეყნები სირიელ ლტოლვილებს? – ერთადერთი, რაც საუდის არაბეთმა თქვა, ის არის, დაგეხმარებით იმით, რომ ევროპაში თქვენთვის 200 მეჩეთს ავაშენებთო. განა ეს დახმარებაა?! ჩემი აზრით, ეს არის თანამიმდევრული პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიზანიც ევროპაში კრიზისი და არეულობაა. ვფიქრობ, საბოლოოდ დასავლეთი მაინც გადაწყვეტს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, რადგან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის სხვა ალტერნატივა არ ჩანს.

- რუსეთის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ დაიწყეს, თუმცა ფაქტია, რომ რუსული ბომბების დიდი ნაწილი ასადის ოპოზიციისკენაა მიმართული. დასავლეთი შეშფოთებულია, ობამას­ ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ ასადის ოპოზიციის­ მხარდაჭერას განაგრძობს. აშკარაა, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება მნიშვნელოვან ფაზაში შედის.

- ვფიქრობ, აშშ-მა შეცდომა დაუშვა ასადის დაქსაქსული და არაორგანიზებული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით. კარგად ვიცით, რომ ამერიკული ფულით გაწვრთნილი ძალიან ბევრი მებრძოლი “ისლამურ სახელმწიფოში” აღმოჩნდა. ფაქტია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მთლიანად განადგურება ძალიან გაჭირდება, მაგრამ შეეცდებიან მისი კონტროლის არეალი მაქსიმალურად შემცირდეს.

ალბათ, მოხდება ზონების გაყოფა. აშშ-სა და მის მოკავშირეებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მათმა საჰაერო იერიშებმა თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში არსებითი შედეგი ვერ მოიტანა. საჰაერო ოპერაცია შედეგიანი ვერაფრით იქნება, ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს კოალიციებს შორის ზონების გაყოფა, რაც თავისთავად ცხადია, რთული პროცესი იქნება. ალბათ, რუსეთი, ირანი, თვითონ ბაშარ ასადი ჩაატარებენ გარკვეულ ზონაში სახმელეთო ოპერაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დასავლეთის რეაქცია. თავის მხრივ, ისიც გადავა შეტევაზე, მერე, სავარაუდოდ, დაიწყება მოლაპარაკება და შეთანხმებულად გაიყოფენ ამ ტერიტორიას. ერთ ზონას გააკონტროლებენ ირანი, რუსეთი და ბაშარ ასადი, დანარჩენს – აშშ. ამგვარი სცენარით პროცესების განვითარების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქურთების პრობლემა. თურქეთის გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქურთების სახელმწიფოს ჩამოყალიბება რეალობასთან ძალიან ახლოსაა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთი. შესაძლოა, ამ კრიზისმა მართლაც მოიტანოს ქურთების სახელმწიფოს დაარსების საკითხის გადაჭრა, თუმცა რის ფასად, ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის ფაქტორი ამაში უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ არ მოხერხდა მოლაპარაკება, არსებობს მსოფლიო უმწვავესი კონფლიქტის გაჩაღების საშიშროება, ისეთი კრიზისის წარმოშობის საფრთხე, როგორიც 1962 წელს კუბის კრიზისი იყო, როდესაც მსოფლიოში კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდეს.

(…)

- თურქეთი ახსენეთ და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ საშინელ ტერაქტს, რომელიც ანკარის რკინიგზის სადგურში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტიისლამურმა სახელმწიფომმოაწყო

- მომხდარი ერთხელ კიდევ ცხადყოფს რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას და იმას, რომ კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაციით არაერთი ძალაა დაინტერესებული.
შესაძლოა, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების ინსპირირებას. თუ ამ ტერაქტის უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას, მაშინ ეს საგანგაშოა. გამოდის, რომ “ისლამური სახელმწიფო” კავკასიის საზღვრებს უახლოვდება. შესაძლოა ეს ტერაქტი განახორციელეს იმ ძალებმა, რომელთაც სურთ მაქსიმალურად სწრაფად ჩაითრიონ თურქეთი სამხედრო ოპერაციაში რეგიონსა და სირიის ტერიტორიაზე.

- შექმნილი ვითარება რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

- რაც მეტად შეავიწროებენ ისლამისტებს, მით მეტი შეეცდება იქიდან წამოსვლას. არსებობს საფრთხე იმისა, რომ კავკასიიდან წასული ათასობით ისლამისტი უკან დაბრუნდეს, მათ შორის საქართველოდან წასულებიც. ეს ძალიან სახიფათო ძალაა, რომელმაც შესაძლოა რუსეთზე ტერორისტული შეტევის მოწყობა განიზრახოს და ტრანზიტად ჩვენი ტერიტორიის გამოყენება სცადოს. ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. ჩვენ იმის ალტერნატივა არა გვაქვს, რომ ამ საკითხზე არ ვითანამშრომლოთ რუსეთის სპეცსამსახურებთან. ქართულმა სპეცსამსახურებმა მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანონ ყველა ის ადამიანი, რომელთაც შესაძლოა, “ისლამურ სახელმწიფოსთან” რაიმე კავშირი ჰქონდეს.
ასევე ავტონომიურ და საკმაოდ ძლიერ ძალად ჩამოყალიბდა კადიროვის ხელისუფლება, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში სიტყვა ეთქმის. ვფიქრობ, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, ჩეჩნეთის ხელისუფლებასთანაც მოგვიწევს თანამშრომლობა.

- საინტერესოა, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ჭრილში რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ?

- ჩემი აზრით, თუ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ, როგორც ჩვენი ხელისუფლება იტყოდა, პრაგმატული და ნეიტრალური პოზიცია, პრობლემები ნაკლებად გვექნება. როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლაზე მიდგება, ორივე მხარეს უნდა დავუჭიროთ მხარი.
ამ არეულ მსოფლიოში ფრთხილად და გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ახლა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა. ვინც აქ არეულობის მოწყობას შეეცდება, ის ქვეყნის მტერია!

რეზონანსი//მთელი კვირა“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ერთი მოგება, ერთი წაგება და ერთიც ახალი საქმე

თიკო ოსმანოვა

საქართველოს მთავრობამ აქამდე რამდენჯერმე მიმართა სარჩელით საერთაშორისო სასამართლოებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან ერთი საქმე ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი განაჩენს არ ცნობს და მის აღსრულებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.

საქართველოს მეორე სარჩელის წარმოებაში მიღება ტექნიკური მიზეზებით შეფერხდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი თბილისში ეს სარჩელი პრაქტიკულად დაივიწყეს და, შესაბამისად, საქართველომ ეს საქმე დასაწყისშივე წააგო.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არა ვინმეს სარჩელის საფუძველზე, არამედ საკუთარი ინიციატივით აპირებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესწავლას, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ 5-დღიანი ომისას სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი.

შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე კონკრეტულად რომელმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული – ეს, ბუნებრივია, მხოლოდ საქმის განხილვის შემდეგ გაირკვევა. აქედან გამომდინარე, თბილისშიც და მოსკოვშიც ამ ცნობას ოპტიმიზმით უყურებენ.

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სასამართლოზე ქართული არმიის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენა დამტკიცდება და, შესაბამისად, ჰააგის სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებს.

სხვათა შორის, მსგავსი სარჩელით რუსეთის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოს 2008 წელსვე მიმართა, მაგრამ საქმის განხილვაზე უარი მიიღო.

თბილისში კი დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოზე სამხედრო დანაშაულის რუსეთის მიერ ჩადენა დადასტურდება და, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ჰააგაში შესაძლოა, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ან მაშინდელი პრემიერისა და ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გასამართლება მოხდეს.

შვიდწლიანი დავა და ისტორიული გამარჯვება

2007 წლის 26 მარტს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანა, რომლითაც 2006 წელს რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ეროვნების მქონე პირების უფლებების უხეში დარღვევების აღიარება და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

შვიდ წლიანი განხილვა 2014 წელს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევით მოხდა. ამისთვის ჩრდილოელ მეზობელს ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

თანხის ოდენობაზე საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმებულიყვნენ. თუმცა, მოსკოვმა კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა. ამიტომ წულუკიანის უწყებამ სააღსრულებო პროცესის დაწყებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

ამ მხრივ სიახლეები ჯერჯერობით არ არის. ახლა ევროსასამართლო რუსეთისგან ელოდება საბოლოო ოფიციალურ პასუხს.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იციან.

“ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ დაელოდოს. მეორედ უარის თქმის შემთხვევაში კი ალბათ საერთაშორისო ანგარიშებს დაუყადაღებენ და ამ გზით მოხდება თანხის ამოღება”, – უთხრა “მთელ კვირას” ა/ო “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ.

საია-ს იურისტი თამარ აბაზაძე კი პროგნოზირებს, რომ აღსრულების პროცესი კიდევ გაიწელება.

“თუ უარი განაცხადა კომპესაციის გადახდაზე, მერე მინისტრთა კომიტეტი ერთვება, რომელიც ზედამხედველობს აღსრულებას. გაიმართება რამდენიმე სხდომა, იმსჯელებენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთი კომპენსაციის გადახდაზე.

“იძულების მექანიზმები არის დიპლომატიური სანქციები. მაგალითად, ევროპის საბჭოდან სახელმწიფოს გარიცხვა. თუმცა ჯერჯერობით ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა. ვფიქრობ, აღსრულების პროცესი დროში გაიწელება”, – გვითხრა აბაზიძემ.

საქმე #2 და საქართველოს ფაქტობრივი მარცხი

რაც შეეხება საქართველოს მეორე სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე თინა ბურჯალიანმა 2008 წლის 12 სექტემბერს შეიტანა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის დარღვევის თაობაზე. ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ საქმე ტექნიკური მიზეზების გამო დაუშვებლად ცნო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე ბრალდებით რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა.

“2008 წლის სექტემბერში, უპრეცედენტოდ სწრაფად, მივიღეთ სხდომა და რუსეთს დაეკისრა ეთნიკური წმენდის შეწყვეტის, ასევე ჰუმანიტარული მისიების შეშვების ვალდებულება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი წარმატება, რაც ქართულმა დიპლომატიამ გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის განსახორციელებლად.

“შემდეგ გაგრძელდა დავა. ერთ-ერთ ეტაპზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სარჩელის შეტანამდე, საქართველოს ხელისუფლებას ეთნიკურ წმენდაში რუსეთის პასუხისმგებლობა დიპლომატიური გზებით საკმარისად არ ჰქონდა დაყენებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, “მე რუსეთის ხელისუფლებას ვადანაშაულებ ეთნიკურ წმენდაში…” იყო ერთადერთი პირდაპირი ბრალდება. გახსოვთ შევარდნაძის ხელისუფლების მუდმივი აპელირება “სეპარატისტებზე” და რუსეთის პოზიტიური ჩარევის იმედზე ყოფნა. ეს ყველაფერი წინ დაგვხვდა 2008 წელს.

“საჭირო გახდა რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის პრეტენზიის ცალსახა დაფიქსირება და მოლაპარაკების მცდელობა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის სამართლებრივი მოგვარება, რათა სწრაფად მივბრუნებულიყავით უკან სასამართლოში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა რამდენიმე ნოტა.

“2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ეს პროცესი გაჩერდა “რუსეთთან ურთიერთობის დალაგების” მოტივით. ის ადამიანები, ვინც ამ თემებს მუდმივად ახსენებდნენ ქალბატონ წულუკიანს, ან სამსახურიდან გაუშვეს, ან იძულებული გახადეს წასულიყვნენ”, – წერს ბურჯალიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

„ხუთდღიანი ომის საქმე ჰააგის სასამართლოში

როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაასკვნა, რომ “არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი” იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში ომის დანაშაულია ჩადენილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს. ფატუ ბენსუდას განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

ლია მუხაშავრიას განმარტებით, გამოძიება ეცდება დაადგინოს კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული.

“ჰააგის სასამართლო არის გაეროს სასამართლო და იქ შეიძლება სახელმწიფომ შეიტანოს სარჩელი, რომ მის ტერიტორიაზე დაირღვა რომის სტატუტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით 1993 წელს. ეს კი გულისხმობს ომის დანაშაულს, როგორიც არის გენოციდი, ეთნიკური წმენდა, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ და აგრესია. თუ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ტერიტორიაზე, მაქვს უფლება მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო, რომ მე ვერ ვახერხებ გამოძიებას და იქნებ თქვენ ჩაერიოთო.

“რუსეთმა მიმართა ჰააგის ტრიბუნალს და მოითხოვა გამოძიების დაწყება, თითქოს ჩვენ ჩავიდინეთ ეს დანაშაული. მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნები არ გითვალისწინა. მერე, როდესაც ტალიავინის კომისია შეიქმნა და მისი ანგარიში მოისმინეს, საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს 6 პუნქტიანი დადგენილება, სადაც ჰააგის ტრიბუნალს დაევალა გამოიძიოს ის ფაქტები, რომელიც აღწერილია ამ ანგარიშში.

“ფორმალურად გამოძიება მაშინ დაიწყო, მაგრამ 2011 წლის ბოლოს აღნიშნული საქმის პროკური შეიცვალა და გამოძიება მის შემცვლელს გადააბარა. მაშინ ძალიან სათუო იყო გაგრძელდებოდა თუ არა მოკვლევა, მაგრამ, საბედნიეროდ, პროკურორის მოადგილემ აფრიკელმა ქალბატონმა თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებასო.

“ისინი ყოველ წელს ჩამოდიოდნენ თბილისში და ხვდებოდნენ სხვადასხვა პირებს, მათ შორის მთავარ პროკურორს და ბოლოს, რამდენადაც ვიცი, არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ. რომელმაც პირობა მისცა, რომ გამოძიებას აწარმოებდნენ. მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ახლა თვითონ გამოიძიებენ.

“ეს იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლები და პროკურორები თვითონ ჩამოვლენ, ჩვენ კი ვალდებულები ვართ მუშაობაში ყველანაირად ხელი შევუწყოთ. ისინი თვითონ მოიპოვებენ მტკიცებულებებს.

“ვინაიდან ეს არის ასეთი მაღალი რანგის სასამართლო, ის რიგით დამნაშავეებს არ ასამართლებს. ის ასამართლებს უმაღლესი თანამდებობის პირებს – ვინც ომი წამოიწყო, ან ომის პროცესში ჩაიდინა დანაშაული”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას მუხაშავრია.

ვის გაასამართლებენ – სააკაშვილს თუ პუტინს ან მედვედევს

ლია მუხაშავრიას თქმით, გამოძიება ეცდება დაადგინოს, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული. მისივე თქმით, ამ სასამართლოს აღსრულების პროცესი მარტივია.

“ამ სასამართლოს აქვს იურისდიქცია, რომ გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში მყოფი დამნაშავედ გამოცხადებული პირი უნდა დააპატიმროს და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. პირველი პრეზიდენტი, ვინც გაასამართლეს ჰააგაში, მილოშევიჩი იყო. მაშინ იგი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მას მთელი სერბეთი აღმერთებდა. მაგრამ მილოშევიჩი მაინც დააპატიმრეს და მისცეს პასუხისგებაში. უბრალოდ მისი გასამართლება არ მოესწრო, რადგან იგი გარდაიცვალა პროცესის მიმდინარეობისას.

“ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურების გასამართლება აღარ არის სიახლე და ნოვაცია, ამიტომ მათვის გასაკვირი არაფერია. უბრალოდ, ვფიქრობ, რუსეთის დასასჯელად მისი ისტორიული აგრესიისათვის და დღეს მიმდინარე აგრესიისათვის ყველაზე უპრიანი იქნება, თუკი ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემა მოხდება”, – გვითხრა მუხაშავრიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამას გამორიცხავს.

“სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ გარემოებაზე. იქ პროცესები წმინდა სამართლებრივად მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

“ამასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” მთავრობა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მიუხედავად იმისა, თუ რას იზამს საერთაშორისო ტრიბუნალი, ჩვენს კანონმდებლობაშიც არის არაერთი მუხლი, რომელიც სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს რომ ჰქონოდათ ამის საფუძველი, საქმეს აქამდე აღძრავდნენ და გამოიკვეთებოდნენ კონკრეტული პირები, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ალაფიშვილი.

გაჭიანურებული საქმეების სტატისტიკა

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არაერთი საჩივარია გაგზავნილი თავად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც.

საიამ მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში 7 საჩივარი გააგზავნა და წლის ბოლომდე კიდევ 2 საქმეს გააგზავნის. დავები ძირითადად არაეფექტურ გამოძიებას ეხება.

“ვერ გეტყვით ჯამში რამდენი საქმეა საქართველოდან შესული. შემიძლია გითხრათ ჩვენი მონაცემები. მაგალითად, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაგზავნილი გვაქვს 7 საჩივარი. თუმცა, წლის ბოლომდე ამას დაემატება კიდევ 2 საჩივარი, რომელიც მზადების პროცესშია. საჩივრები ძირითადად ეხება არაეფექტურ გამოძიებას.

“მაგალითად, 2 საქმე ეხება პატიმრების მიმართ განხორციელებულ წამებას ძველი ხელისუფლების პირობებში 2012 წლამდე, თუმცა, “ოცნების” მთავრობას ვედავებით, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ფაქტების ეფექტური გამოძიება არ მოახდინა. ყოფილ პატიმრებს პროკურატურა არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, ამის გამო კი გამოძიებაში არსებული დეტალების მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან.

“ასევე ორი საქმე შეკრების და თავისუფლების დარღვევას ეხება. საუბარია 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაზე.

“რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 2011 წელს გაგზავნილი იყო 12 საქმე, 2012 წელს – ასევე 12, ხოლო 2013 წელს არცერთი საქმე არ გაგვიგზავნია, ვინაიდან ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმედს გამოთქვამდენ სამართლიანობის აღგენასთან დაკავშირებით. ამიტომ საერთაშორისო არენაზე დავებისგან თავს იკავებდნენ.

“სხვათა შორის, ამ წელს ბევრი წარმატებული საქმე გვქონდა. ასე ადრე იმიტომ დასრულდა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკაა – მხარეებს მორიგებას სთავაზობს. ეს ხდება სწრაფად, არსებითი განხილვების გარეშე. ზოგადად კი საქმეები დროში ძალიან იწელება”, – გვითხრა აბაზიძემ.

საერთაშორისო დავების ზუსტ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე.

“ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში საქართველოდან სულ რამდენი საქმეა გაგზავნილი ან წარმოებაში რამდენია მიღებული, არ ვიცი. ამის თქმა ძალიან ძნელია. ფაქტობრივად ამის სტატისტიკის გაგება შეუძლებელია. მაგრამ ის, რომ მანდ საქმეები ზოზინით მიმდინარეობს, ეს სრულიად აშკარაა.

“აქ საინტერესოა ერთგვარი მონაცემებიც – ჰააგის სასამართლოს 10 წლის განმავლობაში 2 საქმეზე აქვს განაჩენი გამოტანილი. ჩვენთან კი ანალოგიურ პერიოდში უზენაეს სასამართლოს – 1173 საქმეზე.

“იქ ძალიან მნიშვნელოვანი მრავალეპიზოდიანი, ტომიანი საქმეებია. სწორედ ამიტომ გვიანდება პროცესი. თანაც თანამშრომლობა ამ სასამართლოსთან არც ისე ხალისიანია. დარწმუნებული ვარ რუსეთთან თანამშრომლობა ადვილი არ იქნება, მითუმეტეს, რომ დაინტერესებულნი არ არიან საქმის გამოძიებით. ასე, რომ სხვადასხვა სასამართლოში საქმეების წარმოებაში მიღება და აღსრულება სხვადასხვანაირად ხდება

“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯის სფეროა აგრესია, გენოციდი, ომი და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას უგრეხელიძე.

მუხაშავრიას თქმით კი, ომთან დაკავშირებით საქართველოდან ბევრი საქმე გაიგზავნა, თუმცა საქმეების განხილვა შეჩერებულია.

“სტრასბურგის სასამართლოში თავიდან ომის საქმეზე ძალიან ბევრი საქმე გაიგზავნა. ზუსტი მონაცემები არ მაქვს. ამიტომ სულ რამდენი საქმეა წარმოებაში და რამდენი გაიგზავნა, ვერ გეტყვით. მარტო ომის საქმეებზე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გაიგზავნა, მაგრამ იქ შეჩერებულია ამ საქმეების განხილვა იმის გამო, რომ ჰააგაში მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისო დავა. ჯერ ეს გადაწყდება და მერე დაიწყება ინდივიდუალური საჩივრების განხილვა

“სამწუხაროდ, ყველა საქმე დროში იწელება, რადგან ისინი უყურებენ როგორ გაგრძელდება ვითარება და ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის”, – განაცხადა მუხაშავრიამ.

„ვერსია“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

„ინტერ-რაო ეესი საქართველოს არ დატოვებს

მაია მიშელაძე

„ინტერ-რაო ეესის“ ხელმძღვანელები, რომლებიც თბილისში ვიზიტად იმყოფებოდნენ, 8 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში“’ ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდნენ. „ინტერ-რაო ეესის“ წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას „თელასის’“ გენერალური დირექტორი, სერგეი კობცევი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„ინტერ-რაო ეესის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, სტრატეგიისა და ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ილნარ მერსიაპოვმა განაცხადა, რომ თბილისში, კომპანია ,,თელასი”, რომლის აქციათა 75%-ს ,,ინტერ- რაო ეესი” ფლობს, მომგებიანია. მისი თქმით, „ინტერ- რაოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება საქართველო წლიდან წლამდე და როგორ იზრდება მისი საინვესტიციო მომხიბვლელობა: „თუმცა არ გვსურს, არსებული მიღწევებით დავკმაყოფილდეთ და ამიტომ იმ ბაზრების ოპტიმიზაციას ვახორციელებთ, სადაც „ინტერ- რაო ეესია’“წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ახალ ბაზრებზე გასვლა, რისთვისაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით ვხელმძღვანელობთ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გავლით, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ჩვენი საქმიანობა ამ ქვეყანაში კარგად ვითარდება და ამიტომ კიდევ ორი აქტივი შევიძინეთ. ვფიქრობთ, ჩვენს საქმიანობას უფრო გავაფართოებთ“.

ქართველ და რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ილნარ მერსიაპოვი სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ინტერ- რაო“ სომხეთის ბაზრის დატოვებას მართლაც აპირებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია საქართველოდანაც წავა: „რაც შეეხება საქართველოს, კმაყოფილი ვართ მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ესა თუ ის ნიუანსი მემორანდუმის ფარგლებში იცვლება, რომელიც ორი მხარის თანამშრომლობას განსაზღვრავს, მაგალითად, ბოლო დროს, ტარიფის აწევამ მოგების მარჟა შეგვიმცირა, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ასე რომ, საქართველოს ბაზრის დატოვება თავში აზრადაც კი არ მოგვსვლია, რადგან აქ ყველაფერი კარგად ფუნქციონირებს. ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელსაც მხარეები იცავენ, ამიტომ ჩვენი მხრიდან, ეს სწორი სვლა არ იქნება“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თბილისში კომპანია „თელასის“ საქმიანობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მიზნით, ბუნებრივი რესურსები, რომლითაც საქართველო მდიდარია, სრულადაა ასათვისებელი. რაც შეეხება „ინტერ-რაო ეესს“, კალაძის თქმით, ეს კომპანია ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებელი და სტრატეგიული პარტნიორია: „ძალიან საინტერესოა ის ხედვა, რომელიც კომპანიას გააჩნია. „თელასი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიას აწვდის. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ მისი გამართული და კარგი მუშაობა, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“.

„ვერსიის“ კითხვაზე, როგორ ემზადება ენერგეტიკის სამინისტრო ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებით ახლა, როდესაც ენერგოტარიფები გაძვირდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ქსელების რეაბილიტაციის მიზნით, სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. თუმცა ეს სამუშაოები ფართომასშტაბიანი არ ყოფილა, რადგან დოლარის გამყარებამ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა: „,მიუხედავად ამისა, ზამთრისთვის ვემზადებით და აშკარად გადაჭარბებული იყო ხმები ელექტროენერგიის გრაფიკთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ოპონენტების პოპულისტური განცხადებები და დეზინფორმაცია, რადგან წარსულში არასოდეს დავბრუნდებით! პირიქით, საქართველოს მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს, რათა ელექტროენერგიის ექსპორტი გავზარდოთ თურქეთში, იქიდან კი ევროპაში“.

„კვირის პალიტრა“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

ზედმეტი მოძრაობები” – საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!

ემა ტუხაშვილი

საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომთან” შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს. ოფიციალური ვერსიით, შეხვედრების მიზანი საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობის ზრდა და კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა იქნება.

“გაზპრომს” რომ კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არ განეთავსებინა, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევიტყობდით, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი “გაზპრომის” ხელმძღვანელობას ბრიუსელში შეხვდა. “როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, რასაკვირველია, კონკურენტულ ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, ეს ძალიან კარგი იქნება”, – გააკეთა განმარტება კალაძემ მას შემდეგ, რაც “გაზპრომთან” მისი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. “გაზპრომისგან” ისიც გაირკვა, რომ ქართულ მხარესთან მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება. აზერბაიჯანული მედია უკვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს და წერს, რომ “გაზპრომი” და “სოკარი” საქართველოსთვის “გაზის ომს” იწყებენ. აზერბაიჯანული მედია გვახსენებს, რომ “სოკარს” ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია და როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: “საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად აზერბაიჯანული გაზით ხდება. ბალანსში არის ის 10% რუსული გაზისა, რაც სომხეთში ტრანზიტიდან გვრჩება. აზერბაიჯანი ჩვენ უპრეცედენტო ფასში გვაწვდის გაზს წლების განმავლობაში და ამის უთქმელობა არ შეიძლება. მსოფლიოში არ არსებობს ასეთი ფასი, რა ფასადაც აზერბაიჯანისგან გაზს წლებია ვყიდულობთ. კონკრეტულ ციფრებზე ვერ გესაუბრებით, რადგან ეს კომერციული საიდუმლოებაა. ეს არის სოციალური გაზი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იზრდება, საქართველოში შემოდის კომერციული გაზიც, ანუ დამატებით ვყიდულობთ და აქაც შეღავათიანი ფასებია…

“გაზპრომთან” მოლაპარაკების საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ეკონომიკურ ნაწილში შეკითხვები არ შეიძლება იყოს – თუ ალტერნატივა ჩნდება და ვინმე არსებულზე უკეთეს პირობებს გთავაზობს, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. რაც მეტი მომწოდებელი გვეყოლება, მით უკეთესი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ “გაზპრომის” მთავარი ინტერესი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ჩვენთვის კარგი პირობების შემოთავაზება არ არის.

“გაზპრომისთვის” მთავარი ინტერესია ჩვენი და აზერბაიჯანის – როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძის, როგორც აღმოსავლეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდების ალტერნატიული, რუსეთიდან დამოუკიდებელი მარშრუტის – დისკრედიტაცია, ბლოკირება და დასუსტება. ეს არის რუსეთის მთავარი ინტერესი. საქართველოს გაზის ბაზარი კი იმდენად მცირეა, რომ რუსეთისთვის ინტერესს არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან წარიმართოს საქართველოს ხელისუფლებასთან და შესაძლოა ძალიან კარგი პირობებიც იყოს შემოთავაზებული, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. საბოლოოდ კი ის ზარალი, რომელიც შეიძლება ამ ყველაფრისგან მივიღოთ, განუზომლად დიდი იქნება, ვიდრე თუნდაც ის დროებითი “კანფეტები”, რაც შეიძლება რუსეთმა გადმოგვიგდოს.

უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ – ერთადერთი მოტივი, რითაც ჩვენ საინტერესო ვართ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის, ის არის, რომ ჩვენ განვიხილებით როგორც რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გამტარი დასავლეთის ბაზრებისკენ აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან. თუ მოხდა ამ მარშრუტის დისკრედიტაცია, რაც რუსეთის სტრატეგიული, გრძელვადიანი ინტერესია და ეს ენერგეტიკულ სტრატეგიაში უწერია კიდეც, ჩვენ ამით მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი რომც ვნახოთ, გრძელვადიან სისტემურ ზიანს მივიღებთ.

შესაძლოა ამას კატაკლიზმის სახეც კი ჰქონდეს საქართველოსთვის, რადგან ჩვენ მიმართ ინტერესი უბრალოდ დაიკარგება. თუ ვინმე მიამიტურად უყურებს პროცესებს, რომ ჩვენ დასავლეთისთვის საინტერესო ვართ რაღაც განსაკუთრებული თვისებების გამო, ეს არის ლირიკა. მათ აქვთ პრაგმატული ინტერესი – რუსეთის გზების ავლით, დივერსიფიცირებულად ჰქონდეთ ენერგომატარებლების მიღების შესაძლებლობა სამხრეთკავკასიური დერეფნის მეშვეობით. ასე რომ, ეს მეტად ფაქიზი თემებია. არ ვამბობ, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ. ყველას უნდა ველაპარაკოთ, მათ შორის “გაზპრომსაც”, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი მოლაპარაკებებში მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამის გარეშე, წმინდა გაყიდე-იყიდეს პრინციპით შეეცდება ვინმე საუბრის წარმართვას, ეს დიდი უგუნურება იქნებოდა.

თუ ვისაუბრებთ იმაზე, აზერბაიჯანული მხარე როგორ შეხვდება ამას, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და იმით ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და რა არა აზერბაიჯანს. თუმცა, აზერბაიჯანთან ჩვენ იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს ქვეყანა იმდენად კორექტულად იქცევა, რომ არა მგონია, ამის გამო რამე მოიმოქმედოს. მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები, წინ უნდა ვიხედებოდეთ და მოკლევადიან დივიდენდზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. შესაძლოა ძალიან შორს მივდივარ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ – არა მგონია, რომ რუსეთმა, თუნდაც ამ პოლიტიკური ინტერესის გამო, აზერბაიჯანზე რამენაირად უკეთესი პირობები შემოგვთავაზოს. უკეთესი პირობების შემოთავაზება უბრალოდ შეუძლებელია და თუ დემპინგზე წავიდა საუბარი, მაშინ, რაღა თქმა უნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ პოლიტიკური ინტერესია.

რუსეთი არ არის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების ერთადერთი ალტერნატივა, პოტენციური მომწოდებელია ცენტრალური აზია და ირანიც. ოღონდ ეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება. ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან, ტრანსკასპიური გაზსადენის კასპიის ზღვაში ჩადების პრობლემაა. ირანიდან კი არსებობს ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი, მაგრამ ის ტრანზიტული არ არის. სამომავლოდ, ცხადია, გამორიცხული არ არის, რომ 700-მილიმეტრიანი მილის გვერდით უფრო დიდი კვეთის მილი ჩაიდოს, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს საქართველოში გაზის მიწოდებისთვის და თუნდაც ირანული გაზის ტრანზიტისთვის საქართველოს გავლით, მაგრამ გრძელვადიანი პროექტებია, რომელთა შესრულება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენებზე, არამედ გლობალური პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზეც. გამომდინარე აქედან, დღეს ვერც ერთ და ვერც მეორე მიმართულებაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ.
მე მაინცდამაინც არ მესმის, რატომ გვჭირდება აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივაზე ფიქრი, რადგან საკმაოდ კომფორტულად ვარY ამ მხრივ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიდგას უსაფრთხოების საკითხი და თუნდაც, გაზის ღირებულების საკითხი.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მხრიდან დაცული ვართ, რადგან აზერბაიჯანს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი საქართველოში და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების კუთხით მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ. ფასები კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს, უკეთესი ფასი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ზედმეტი მოძრაობები, მით უფრო რუსეთთან, რომელიც ენერგეტიკას ყოველთვის იყენებს სწორედაც რომ, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ჩემთვის, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელი და გაუგებარია”.

რასიმ ლუზაბეკოვი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი: “არ ვფიქრობ, რომ “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, რადგან აზერბაიჯანის გაზი საქართველოს ბაზარზე დომინანტია. რა ფასადაც აზერბაიჯანი საქართველოს გაზს აწვდის, უკეთესია, ვიდრე თუნდაც ის შეღავათიანი ფასი, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება. აზერბაიჯანმა ძალიან ბევრი რეგიონული ქსელი აღადგინა საქართველოში და გაზით ამარაგებს. ხოლო თუ ბაზარზე მონოპოლია არ უნდა არსებობდეს და გაზის ტრანზიტის საფასურის გარდა, “გაზპრომი” დამატებითაც მიაწვდის გაზს საქართველოს, არა მგონია, რომ ეს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისთვის საფრთხედ უნდა განვიხილოთ. წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენი გაზი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ის, რომელიც შეიძლება “გაზპრომმა” მოგაწოდოთ. ეს უკვე აზერბაიჯანული გაზის კონკურენტული უპირატესობაა. საქართველოს გაზის ნაწილს ტრანზიტის საფასურიდან იღებს, ნაწილს კი საკმაოდ დაბალ ფასში. რამდენადაც ვიცი,
აზერბაიჯანული “სოკარი” საქართველოს 1000 კუბ/მ გაზს საკმაოდ შეღავათიან ფასად, 55 აშშ დოლარად აწვდის და სწორედ ამიტომ არის საქართველოში გაზი 30-40%-ით იაფი, ვიდრე სომხეთში, რომელიც გაზს რუსეთიდან, ასევე შეღავათიან ფასში იღებს.

უბრალოდ, ახლა ვითარება ისეთია, რომ საბადო “შაჰდენიზი 2″ ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა და აზერბაიჯანს გაზის განსაზღვრული დეფიციტი აქვს. გაზის დიდი მოცულობა ჩვენს საბადოზე უკან, პლასტში ბრუნდება, რათა ნავთობის მოპოვების მაღალი მოცულობა შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, ნავთობი ბაზარზე გაზზე ძვირი ღირს. “შაჰდენიზი 2″-ის ამოქმედების შემდეგ კი გაზის მოცულობა, რომელსაც საქართველო მიიღებს სატრანზიტო გადახდების სახით, მას დამატებითი მოცულობების პრობლემას მოუხსნის და “გაზპრომისგან” რამის შესყიდვის აუცილებლობაც აღარ იქნება.

თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, რუსეთი, რომელიც თავის დროზე ყიდულობდა ენერგეტიკულ ქსელებს საქართველოში, იჩენს ინტერესს რკინიგზის მიმართ, სომხეთის რკინიგზასთან ერთად – ცხადია, ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებსაც ესმით მსგავსი წინადადებების ფასი, რუსეთის მიზნები და აცნობიერებენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტების კონტროლს თავის სახელმწიფოში ან მეგობარ პარტნიორებთან და არა მათთან, ვინც იმპერიალისტური კატეგორიებით აზროვნებს”.

ახალი თაობა“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: გაზპრომის თემაზე ნაციონალებს ხალხის ქუჩაში გამოყვანა უნდათ“ // „თუ გაზი წყვეტს პრორუსულობას, ევროპელები ყველაზე დიდი პრორუსები ყოფილან

შორენა მარსაგიშვილი

ზრდის თუ არა მთავრობა ხარჯებს 57 მილიონით, რა შემთხვევაში მოიმატებს მომდევნო წელს პენსია, არის თუ არა საშიში გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებები? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ესაუბრება.

თამაზ მეჭიაური:

- „გაზპრომთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ სრულიად გაუმართლებელი და უაზრო ისტერიკა მოაწყო. მათ შესანიშნავად იციან, რომ არავითარი საფრთხე არ შეგვექმნება, თუ რუსულ გაზს მივიღებთ. რუსული გაზი ასეთი საშინელი რომ იყოს, როგორც ეგენი ამბობენ, მთელი ევროპა ამ გაზზე კი არ იჯდებოდა. მათ გასაგონად უნდა ვთქვა, რომ მთელი ეს წლები რუსული გაზი საქართველოში ისედაც შემოდიოდა.

- რუსული გაზი რანაირად შემოდიოდა?

- სომხეთი საქართველოს გავლით იღებს რუსულ გაზს. რაიმეს მოწყობა რომ უნდოდეთ, სატრაზინტო გაზსადენითაც მოგვიწყობდნენ რამეს. ნაციონალებს ამ შემოდგომაზე საპროტესტო აქციების მოწყობა უნდათ და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ყველაფერზე მიდიან, ცდილობენ, გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკება ტრაგედიად წარმოაჩინონ, აკეთებენ ათასნაირ სულელურ განცხადებას და საშინელ სურათებს ხატავენ.

- ფიქრობთ, რომ ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვა?

- გამორიცხულია. უამრავ საკითხზე ცადეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გაზპრომის თემით მით უმეტეს ვერ გამოიყვანენ ხალხს. მოსახლეობა კარგად აცნობიერებს, ვისთან აქვს საქმე და, ესეც არ იყოს, მათთვის მთავარია, ჰქონდეთ ბუნებრივი აირი პოლიტიკური შეფერილობების გარეშე. ასეთი სახიფათო თუ იყო რუსეთთან ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებები, თავად რატომ გადასცეს ყველა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი რუსეთს? ჯერ ეს აგვიხსნან და მერე წაგვიყენონ პრეტენზიები.

- რუსეთიდან პოლიტიკური შეფერილობების გარეშე მივიღებთ გაზს?

- როგორ არ მივიღებთ. მარტო რუსულ გაზზე რომ ჩამოვეკიდოთ, შესაძლოა, რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მაგრამ ახლა რამდენიმე მომწოდებელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

- რომელ მომწოდებლებთან?

- იმავე სოკართან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებას არ ვაუქმებთ. ამაზეც ტყუილი ისტერიკა მოაწყვეს ნაციონალებმა. ვცდილობთ, შეთანხმებას მივაღწიოთ ირანთან. ეს ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ წაადგება. ერთ მომწოდებელზე ჩამოკიდება სასურველი არ არის.

- მოსახლეობას რანაირად წაადგება გაზპრომის გაზი?

- შეიქმნება კონკურენტული გარემო, რომელიც გაზის ფასზეც აისახება.

- ბუნებრივი აირის გაიაფებას ვარაუდობთ?

- მოლაპარაკებებს გააჩნია. როცა იქნება რამდენიმე მომწოდებელი, იმას ავირჩევთ, ვინც უფრო იაფად მოგვაწვდის გაზს. იაფად თუ მივიღებთ ბუნებრივ აირს, ეს ტარიფზეც აისახება. ამას კარგად ხედავს მოსახლეობა და ნაციონალების ცრუ განგაშს ამიტომაც არავინ აჰყვა.

- თქვენი ოპონენტების მტკიცებით, გაზპრომის შემოსვლის შემთხვევაში საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას დაკარგავს. ამაზე რას იტყვით?

- ნაციონალების განცხადება ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის შესახებ უსაფუძვლო და სულელურია. კიდევ გიმეორებთ, მთელი ევროპა რუსულ გაზზეა და რომელმა დაკარგა ენერგოდამოუკიდებლობა? ან აიღეთ უკრაინა. ის რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია და რუსულ გაზს იღებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. გაზპრომთან ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და უკვე იმას გვაბრალებენ, რომ რუსეთისკენ ავიღეთ გეზი. ახლა ცდილობენ, ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც დაარწმუნონ.

- დაიჯერებენ დასავლეთში ამას?

- გაზის გამო უნდა დაგვწამონ პრორუსულობა? მაშინ ეგენი ჩვენზე უფრო დიდი პრორუსულები არიან, რამდენი ხანია, გაზპრომის გაზით თბებიან.

- ნაციონალებს ბევრი სალაპარაკო თემა გაუჩნდა. მათი განმარტებით, იმ დროს, როცა ხელისუფლება პენსიებს არ ზრდის, მთავრობის სახელფასო ხარჯი 57 მილიონით იზრდება. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- მაინტერესებს, წინასწარ რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დავიწყეთ, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაგვიწერია. 20-ში საკომიტეტო მოსმენას ჩავატარებთ, სადაც საბოლოო შენიშვნები იქნება წარმოდგენილი.

- იმ 57 მილიონთან დაკავშირებით რას იტყვით, მართლა ამდენით იზრდება ჩინოსნების ხელფასები?

- ეს ნაციონალების მიერ აგორებული კიდევ ერთი სიყალბეა. სამაშველო სამსახურებს ადგილობრივი თვითმმართველობები აღარ აფინანსებენ. ის გადმოვიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში და მისი დაფინანსება ცენტრალურ ბიუჯეტს დააწვა. ამ სამსახურის დასაფინანსებლად გამოიყოფა 44 მილიონი ლარი. მომდევნო წელს საქართველოში არჩევნები ტარდება, ამისთვის კი თანხებია საჭირო. ამ მიზნით ცესკოს დაფინანსება 20 მილიონით გაიზარდა. ეგეც შენი 64 მილიონი ლარი. ესენი კიდევ გაიძახიან, 57 მილიონიო. საიდან რა ციფრი მოაქვთ, ვერ გაიგებ. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ცუდად ააგორონ მასწავლებლების ხელფასების გაზრდის საკითხიც. მასწავლებლების შრომითი ანაზღაურების გაზრდას ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები სჭირდება, ამას კი ისე აჩვენებენ, თითქოს ჩინოსნებს ემატებათ ხელფასები. მთის კანონის ამოქმედებასაც სჭირდება გარკვეული თანხები.

- პენსია 2016 წელს გაიზრდება თუ არა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. პენსია რომ გაიზარდოს, ცხადია, სხვა რაიმე სფეროს უნდა მოაკლდეს თანხები.  პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40.000 კაცით. ეს ნიშნავს იმას, რომ 40.000-ით მეტ კაცს უნდა გადავუხადოთ პენსია. ესეც სოციალურ ხარჯებს დააწვა. ჩვენთვის ადამიანია მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად, პენსიის ზრდისგან შეიძლება, თავი შევიკავოთ.

- ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებას ხელისუფლება ოქტომბერში შეძლებს და მერე თანხები ეწურებათ. მართალია ეს ამბავი?

- ნაციონალებს ძალიან უნდათ, ყველა კარგი პროექტი და წამოწყება ჩავარდეს. მათ ჯინაზე ყველაფერი კარგად იქნება.

„ახალი თაობა“, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

ედურად კოკოითი ცხინვალის სათავეში დაბრუნებას აპირებს

სოსლან კოკოევი: დასავლეთი პროქართული ორიენტაციის კოკოითის დაუჭერს მხარს

შორენა მარსაგიშვილი

ცხინვალში პოლიტიკური ვითარება იძაბება. 2017 წელს აქ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ისევ ბევრს შეუღიტინებს. საპრეზიდენტო კანდიდატები ჯერ არ გამოკვეთილან. ერთადერთი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ედუარდ კოკოითია.

სხვები ჯერ არ ჩქარობენ. სამაგიეროდ, კომპრომატების ომი უკვე დაიწყო. ყველაზე შავად საქმე ბორის ჩოჩიევს აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ან თავად იყრის არჩევნებში კენჭს ან კოკოითის წარმომადგენელი იქნება. ბორის ჩოჩიევი ახლო წარსულში რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მან ეს თანამდებობა აგვისტოში დატოვა. მის გადადგომასთნ დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ძირს უთხრიდა და ძველ მეგობარ ედუარდ კოკოითისთან თანამშრომლობდა.

ორგანიზაცია „ალონის“ თავმჯდომარე სოსლან კოკოევი მას სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს და დეზერტირობაში ადანაშაულებს.

კოკოევის და ჩოჩიევ-კოკოითის დაპირისპირება 2011 წლიდან მოდის.

ცხინვალში იმ წელსაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. კოკოევი მაშინ ინტერნეტპორტალ „უასამონგას“ რედაქტორი იყო. ის მკაცრად აკრიტიკებდა კოკოითის ხელისუფლებას. ამის გამო მას სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და ცოტა ხნით ციხეშიც კი გაუშვეს. ახლა ის პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარეა და თავად აპირებს ოპონენტების ციხეში გაშვებას.

„ახალი თაობა“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ კოკოითის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დიმიტრი ივაკომ პროკურატურას გადაუგზავნა მასალები. სადაც დოკუმენტურად არის აღწერილი ის უკანონობები, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.

ამ საქმის გამოძიებაზე კონტროლს სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სოსლან კოკოევის მეგობარია. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისიც იყრის კენჭს.

ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ულვაშა ჩოჩიევი უულვაშოდ გამოგვეცხადა. მაშინ თქვეს, რომ ჩოჩიევმა ულვაშები ომში გამარჯვების და რუსეთის მიერ ცხინვალის აღიარების აღსანიშნავად მოიპარსა. თუმცა, როგორც კოკოევი აცხადებს, მან ეს სულ სხვა მიზნით გააკეთა.

- ჩოჩიევთან კარგა ხანია, დაპირისპირებული ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემზე უკითხავს, ეგ ვინ არის საერთოდო. მე ის კაცი ვარ, ვინც 2008 წლის 9 აგვისტოს ცეცხლმოკიდებულ ცხინვალში ჩამოვედი, ჩოჩიევი კი ამ დროს ქალაქიდან გარბოდა. იმისთვის, რომ არ ეცნოთ, ულვაშები მოიპარსა, – აცხადებს კოკოევი. მისი თქმით, ჩოჩიევის გაქცევის მცდელობის ფაქტს რუსი სამხედროები და ჟურნალისტები ადევნებდნენ თვალს.

- ჯინსებში და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილი, ულვაშებგაპარსული ჩოჩიევი ქალებით, ბავშვებით და მოხუცებით სავსე მანქანაში ცდილობდა შეძრომას. თან ყვიროდა, უნდა ჩამსვათ, მთავრობის წევრი ვარო, – ამბობს „ალონის“ ლიდერი. მისი თქმით, ამ ფაქტის ერთ-ერთი მომსწრე იყო ვინმე სლადკოვი. რომელიც ჩოჩიევის საქციელით აღშფოთებულა, ის მანქანიდან გადმოუთრევია და მიწაზე დაუგდია. იმ მანქანამ კი ცხინვალი დატოვა. მის გაქცევას ოსები რატომღაც არ გაუბაზრებია, ბევრმა ეს ამბავი, შესაძლოა, არც იცოდა. სამაგიეროდ, ახლა აპირებს „ალონის“ თავკაცი ყველას ყურამდე ამ ამბის მიტანას. იგი არ გამორიცხავს, რომ ექსულვაშა ახლო მომავალში დააპატიმრონ.

კოკოევის თქმით, რუსეთში და ვლადიკავკაზში უკვე დაიწყეს ჩოჩიევის საქმის გამოძიება. ია ამბობს, რომ ჩოჩიევი რუსეთიდან დახმარების სახით გამოყოფილ თანხებს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იყოფდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სოციალური დახმარების გარეშე რჩებოდა.

„ალონის“ თავმჯდოპმარე იმედოვნებს, რომ რუსი სამართალდამცავები ედუარდ კოკოითის საქმიანობითაც დაინტერესდებიან, რომელიც კიდევ ერთხელ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

- მისი ადგილი არის ციხეში, მაგრამ ის მაინც პოლიტიკაში მოძვრება. ყველა ვხედავთ, რომ ის პოლიტიკაში მეორედ მოსვლას აპირებს. მას გვერდით არავინ აღარ ჰყავს, ის ბებერი მარაზმატიკის და სექსუალური მანიაკის ალიხან ხუგაევის იმედად არის, – ამბობს კოკოევი. იგი კოკოითისაც და ჩოჩიევსაც რატომღაც პროქართულ ძალებად მიიჩნევს. არადა, ცოტა ხნის წინ კოკოითი მას ადანაშაულებდა ქართველებთან ალიანსში.

ორგანიზაცია „ალონის“ თავკაცის მტკიცებით, დასავლეთი უკვე ემზადება 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

- არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ამ დროს მის მიმართ დასავლეთის ქვეყნები უკვე დიდ ინტერესს ამჟღავნებენ. ისინი ამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ამიტომ მათი ასეთი დაინტერესება სერიოზულ ეჭვებს ბადებს, – ამბობს კოკოევი. მისი აზრით, დასავლეთი საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად შეეცდება, რესპუბლიკის პრეზიდენტად პროქართული ორიენტაციის კაცი დასვას.

- ამ არჩევნებით დასავლეთის დაინტერესება მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება, საფუძვლიანად შეცვალოს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური კურსი, – აცხადებს „ალონის“ ლიდერი.

არის ეჭვი, რომ დასავლეთმა შესაძლოა სწორედ კოკოითის კანდიდატურას დაიჭიროს მხარი.

კოკოევის განმარტებით, ამ არჩევნებისთვის დასავლეთი ფრთხილად, დელიკატურად, მაგრამ ძალიან აქტიურად იმოქმედებს.

- ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლეთი დიდი რაოდენობით აპირებს თანხების ჩადებას. ეს თანხა მათი კანდიდატის დაფინანსებას და გამარჯვებას მოხმარდება, _ ამბობს ის.

„ალონში“ მიაჩნიათ, რომ უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილების მიზნით, ახლავე უნდა შეიქმნას პრორუსული კოალიცია, რომელიც საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.

- დასავლეთის ჩარევის შედეგად ამ არჩევნებში უპრეცედენტოდ ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რაც მიზნად საზოგადოების დაბნევას ისახავს. არჩევნებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ახლავე უნდა შეიქმნას პრორუსულ ძალთა კოალიცია, რომელსაც არჩევნებზე ერთიანი კანდიდატურა ეყოლებათ. ამ ძალებში მთელი რიგი უთანხმოება არსებობს, მაგრამ ყველა წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ და არ დავუშვათ, რომ დასავლეთმა თავისი გაიტანოს, – აღნიშნავს სოსლან კოკოევი. იგი არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის ჩარევის შედეგად ცხინვალში არეულობა დაიწყოს.

- რუსმა ექსპერტებმა არაერთხელ გააკეთეს მინიშნება, რომ დასავლეთი აქაც შეეცდება ვითარების არევას. უკრაინის და სირიის მაგალითი ამის წინაპირობას ნამდვილად ქმნის. მოსალოდნელ არეულობებზე ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მოხსენებებშიც წერია. ამერიკელები მიუთითებენ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი დაპირისპირებების წარმოქმნის რისკს ზრდის, – მიიჩნევს „ალონის“ ლიდერი.

კოკოევის განმარტებით, ცხინვალი ამ მხრივ შესაძლოა მოვლენების ეპიცენტრში მოხვდეს.

———————–

სოსლან კოკევის შეთავაზებას ჯერ არცერთი პრორუსული ძალა არ გამოხმაურებია. არადა, ცხინვალში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები თავს სულ კრემლის შვილებად მიიჩნევენ.

პრორუსული ძალების დუმილის ფონზე ამ დღეებში პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოიკვეთა. მას კანდიდატურა არ წამოუყენებია, მაგრამ ოსური მედია ვარაუდობს, რომ ის აუცილებლად იყრის კენჭს. საუბარია პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვზე.

გასულ კვირას ის იტალიაში იმყოფებოდა, სადაც იქაურ სეპარატისტუულ დაჯგუფება `ჩრდილოეთის ლიგას~ შეხვდა. ეს დაჯგუფება იტალიის საკანონმდებლო ორგანოშიც არის წარმოდგენილი. სეპარატისტი მაკარონიჭამიები ბიბილოვს დაპირდნენ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს იტალიის პარლამენტში დავაყენებთო.

ამ ინფორმაციამ ოსთა გულები ძალიან გაახარა. მართალია, არ იციან, რას იზამენ აპენინებზე, მაგრამ ბიბილოვის მოქმედებას უკვე დიდ წარმატებად თვლიან. მიიჩნევენ, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება.

ბიბილოვი 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო. მას ორტურიან ბრძ|ოლაში ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოუგო. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შედეგები გააუქმა, რის შემდეგაც ბიბილოვი საპრეზიდენტო არჩევნებს აღარ გაჰკარებია.

მას რუსეთის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მფარველობს. 2011 წელს კოკოითის სხვა კანდიდატურის წარდგენა უნდოდა, მაგრამ საქმეში შოიგუ ჩაერია.

—————

ამ დღეებში ცხინვალში ერთ საინტერესო კამპანიას ჩაეყარა საფუძველი. აქაური პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთმა ბაქო-თბილისის ნავთობსადენზე პრეტენზია უნდა განაცხადოს, რადგან მილსადენის ნაწილი მათ ტერიტორიაზე გადის.

ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ამ საკითხზე საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს.

Comments are closed