„რეზონანსი“: საქართველო ტერორიზმის საფრთხის ქვეშ // ქართველი ექსპერტები: “დაზღვეული არაფრისგან ვართ, ფაქტობრივად, გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული”
„რეზონანსი“: “ასოცირების ხელშეკრულება” ქვეყანას პრიორიტეტებს კარნახობს // “საქართველოში რაც დღეს კეთდება, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოთხოვნებთან გვაახლოებს”
„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილს ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ვითარებაში ახლა არის“ // რას აპირებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და რა ულტიმატუმს აყენებენ „რესპუბლიკელები“
„ალია“: რუსული გაზი და მოსალოდნელი საფრთხეები
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “ასე თუ მივყევით, შესაძლოა, ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიც კი გახდეს“ // “გაზპრომთან” დახურულმა მოლაპარაკებამ შესაძლოა, ქვეყანა მძიმე შედეგამდე მიიყვანოს
„ახალი თაობა: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს სუვერენიტეტი ისე ადარდებს, როგორც მე ჩინური პოეზია… თინა ხიდაშელს კი თავი ქვიშაში აქვს ჩარგული“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ხელისუფლება რუსული პროექტი იყო… ხალხში დუღილი დაწყებულია და, როდის აფეთქდება სიტუაცია, არავინ იცის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად მახინჯი საბანკო სისტემა აფერხებს //საქართველოში მილიონი ღარიბი და ნახევარი მილიონი უკიდურესად ღარიბი ცხოვრობს“
—————————-
„რეზონანსი“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველო ტერორიზმის საფრთხის ქვეშ
ქართველი ექსპერტები: “დაზღვეული არაფრისგან ვართ, ფაქტობრივად, გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული”
თიკო ოსმანოვა
(შემოკლებით)
როგორც ცნობილია, შაბათს თურქეთის ქალაქ ანკარაში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 97 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, მომხდარი ტერაქტი სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული. პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დავუთოღლუმ აღნიშნა, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
ანკარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, დაზღვეული არაფრისგან არ ვართ, რადგანაც გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული:
“საქართველოში ტერაქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ 2 დღის წინ თურქეთში რაც მოხდა. ეს ჯერ დასაწყისია, სავარაუდოდ ტერაქტი რუსეთშიც უნდა მოხდეს და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩართულები არიან ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგალითად ევროპაში. დაზღვეულ არაფრისგან არ ვართ, ფაქტობრივად გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული. თანაც ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში და არ დაგვავიწყდეს, რომ თალიბებიც ამ ომის ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილეები არიან “ისლამის ხალიფატთან” ერთად. ტერაქტის მოწყობის ბევრი საშუალება არსებობს – შენობების დაკავება, დივერსიები, კიბერშეტევები და სხვა. სხვათა შორის, საქართველო კიბერშეტევის მსხვერპლი უკვე გახდა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. არადა, დღეს კიბერტერორიზმი ისეთივე ტიპის საფრთხეა, როგორიც ჩვეულებრივი ფიზიკური ტიპის ტერაქტი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ა/ო “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი – საქართველოს ცენტრის” თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი კი ამბობს, რომ უსაფრთხოების დონეების მიხედვით საქართველო საშუალო ამპლიტუდაშია. ამიტომ იგი წინასაარჩევნოდ ძირითადად მხოლოდ ვითარების დაძაბვას ვარაუდობს.
“ზოგადად თუ საფრთხეებს დონეებად დავყოფთ, საქართველო არის საშუალო ამპლიტუდაში. არ შეიძლება პანიკის დათესვა. ანკარაში რაც მოხდა, ამის მიზეზი უნდა ვიცოდეთ. იქ, შიგნით სხვადასხვა ეთნიკური დაპირისპირებაა და ეს ათწლეულებია, გრძელდება. საბედნიეროდ, საქართველოში არც ეთნიკური, არც რელიგიური დაპირისპირება არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ამ მიზეზით გამოწვეული ტერაქტების ალბათობა არის ნულოვანი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ ტერაქტს უკვე სხვა მიზეზით, რომელიც შეიძლება შენიღბული იყოს ეთნიკურის ან რელიგიურის საფარქვეშ. თორემ რეალურად სერიოზული ტერაქტის საფრთხის ქვეშ არ ვართ. პოლიტიკურ ტერაქტში ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურ თამაშშია ჩაბმული დიდი ხანია და გვინდა, თუ არ გვინდა, ამ სიტუაციაში ვართ უკვე 20 წელია”, – გვითხრა ალადაშვილმა.
„რეზონანსი“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
“ასოცირების ხელშეკრულება” ქვეყანას პრიორიტეტებს კარნახობს
“საქართველოში რაც დღეს კეთდება, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოთხოვნებთან გვაახლოებს”
ლიკა ამირაშვილი
“ასოცირების ხელშეკრულების” ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები, სწორედ ამ ხელშეკრულების პრიორიტეტის მიხედვით ნაწილდება. ხელშეკრულება ქვეყანას ერთგვარ მიმართულებას აძლევს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეს. მიმდინარე პროექტები სწორედ “ასოცირების შესახებ შეთანხმების” მიხედვით ხორციელდება.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება კონკრეტულ ამოცანებზეა გათვლილი, რომელსაც თან სამოქმედო გეგმა მოჰყვება, სადაც ყველა დარგობრივი სამინისტრო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია ჩართული.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა 1300 გვერდიანი დოკუმენტი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, შიგნით რა წერია. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოიცავს, რომელიც საქართველოში 2014 წლის 1-ელ სექტემბრიდან ხორციელდება.
ამ შეთანხმების მიზანი მდგრადი ეკონომიკის შექმნასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარება, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. თავად დარგი განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც გულისხმობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებას.
“ამ მხრივ ევროკავშირს ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და რადგანაც ჩვენ ევროკავშირის დახმარებებზე ვსაუბრობთ, აქ მე კონკრეტულ პროექტს – “ენპარდს” აუცილებლად ვახსენებ. სოფლად კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.
“პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წვრილი და საშუალო მეურნეობის განვითარება სოფლის მეურნეობის და ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. კოოპერატივების განვითარება ხელს უწყობს საშუალო რგოლის შექმნას.
“ერთი ფერმერისთვის, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს და სწორი ხედვა ჰქონდეს, რთულია საბაზრო ეკონომიკას შეეჭიდოს, ვაჭრობაში ჩაერთოს, აწარმოოს და ბაზარი თავადვე მოიძიოს. ევროპული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კოოპერატივი საუკეთესო მექანიზმია, იმისათვის, რომ მან პირველივე საფეხურიდან ბოლო საფეხურამდე, ყველა ეტაპი წარმატებით გაიაროს და შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს.
“კოოპერატივების ხელშეწყობის ზემოთ აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. პირველი ფაზა დასრულდა და ის 56 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას და პირველი წარმატებული მაგალითების შექმნას წარმოადგენდა.
“ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სოფლის მეურნეობა გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ კოოპერატივები. ჩვენ სხვა ქვეყნის მაგალითები გვაქვს, თუ როგორ გაიარეს ასოცირების ხელშეკრულება და დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, მაგალითად ესტონეთი. ესტონეთის სოფლის მეურნეობის რეფორმა წარმატებული მაგალითია. ის სამეცნიერო ტექნოლოგიებშიც ძალიან წარმატებული ქვეყანაა. ეს ყველაფერი ესტონეთმა სწორედ ევროკავშირის წევრობით შეძლო.
“ენპარდის” პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, სოფელ დარჩელში თხილის საწარმო გაიხსნა, რომელიც ევროკავშირისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ევროკავშირის დახმარებით ლურჯი მოცვი და გურული კივი ევროპულ ბაზარზე გავიდა.
“ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მიმზიდველია. ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი ბაზარი. საქართველოს შესაძლებლობა აქვს ამ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების ნიშით დამკვიდრდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებია სურსათის უვნებლობისა და სტანდარტიზაციის კუთხით, სადაც ევროკავშირის როლი როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული თვალსაზრისით დიდია,” – განაცხადა გოცაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გუგული მაღრაძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებით დასტურდება ის, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სწორი მიმართულებით მიდის.
“საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი წარმატებები აქვს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან რაც კეთდება, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოთხოვნებთან ძალიან გვაახლოებს, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საჯარო მოხელეთა შესახებ კანონი მივიღეთ. ისეთი სტრუქტურები უნდა შეიქმნას, რომლებიც ევროპული სტრუქტურების მსგავსი იქნება.
“ამის გარდა, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატეთ ის, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, რეალური საკანონმდებლო და სხვა რეფორმები გავატარეთ, რომლებიც ევროპასთან გვაახლოებს. შრომითი კანონი და მომხმარებელთა უფლებების კანონი მოწესრიგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მარტო ვლაპარაკობთ, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც ევროპული სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერასა და მოწონებას იმსახურებს.
“ეს ყველაფერი ხელისუფლებას საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ასოცირებული ხელშეკრულების დავალებებს ვასრულებთ, რომლის შეფასებაც გზადაგზა ხდება.
“ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჩვენ მოთხოვნები ძირითადად შევასრულეთ. იანვარ-თებერვალში ამის შეჯამება მოხდება და ფაქტობრივად სხვა საგარეო ფაქტორებმა ხელი თუ არ შეგვიშალა, მაგალითად, იმავე რუსეთთან ურთიერთობებმა, ჩვენ ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ.
“კიდევ რამდენიმე პროექტი გვქონდა, რომლებიც გავაკეთეთ, მაგალითად, მიგრაციაზე ძალიან სწორი კანონი მივიღეთ, იგივე რეფორმა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე საჯარო მოხელეთა კანონი ერთ-ერთი ძლიერი მოთხოვნა იყო. ყველა მოთხოვნა დეტალურად გვაქვს მოცემული, რომელიც უნდა შევასრულოთ და რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით,” – განაცხადა მაღრაძემ.
„ალია“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილს ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ვითარებაში ახლა არის“ // რას აპირებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და რა ულტიმატუმს აყენებენ „რესპუბლიკელები“
ნინო სამხარაძე
როგორც ჩანს, პრეზიდენტი მარგველაშვილი სტარტს იღებს პოლიტიკური გუნდის შესაქმნელად. მან უკვე ღიად გადადგა ნაბიჯი ამ მიმართულებით და პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე წარადგინა. „ალიას“ კითხვებს ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იურისტი ვალერი გელბახიანი პასუხობს:
- ფიქრობთ, რომ მარგველაშვილმა ღიად დააანონსა პოლიტიკური გუნდის შენება, ფიქრია ჩიხრაძის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნით?
- პრეზიდენტს არ ჰყავს თავის უახლოეს გარემოცვაში პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლის სახით ისეთი პიროვნება, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული გამოცდილება აქვს. გამომდინარე აქედან, ყველაზე მისაღებად პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც არის ლიდერი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალისა, აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული დღემდე, მემარჯვენე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე. მე მაგალითად, მივესალმები ფიქრია ჩიხრაძის კანდიდატურას და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი არჩევანია გაკეთებული. მაგრამ ამავე დროს, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიზანი არ იქნება პრეზიდენტთან მხოლოდ მრჩევლის სტატუსის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრია ჩიხრაძე გადადგა პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის პოსტიდან, არჩევანის გაკეთება ფიქრია ჩიხრაძეზე მაინც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამ პარტიასთან სამომავლო თანამშრომლობას გააგრძელებს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას. ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ პრეზიდენტი სამომავლოდ ითანამშრომლებს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც მომავალში დაუკავშირებს თავის პოლიტიკურ კარიერას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიქრია ჩიხრაძის ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ალბათ, კიდევ გადაიდგმება სხვა ნაბიჯები იმისთვის, რომ პრეზიდენტის მრჩეველთა კორპუსი პოლიტიკური გუნდით შეივსოს. მარგველაშვილი აქცენტს მხოლოდ „ახალ მემარჯვენეებზე“ არ გააკეთებს, რადგან მას სხვა პოლიტიკური ძალებიც სჭირდება იმისთვის, რომ აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში გადავიდეს. ასე რომ, პრეზიდენტი თავის გუნდში ყველა მიმართულების პოლიტიკურ ძალებს შეარჩევს.
- როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილის გუნდში ვიხილავთ ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წამოსულ პოლიტიკოსსაც? გავრცელებული ინფორმაცია, ვიქტორ დოლიძის წამოსვლასთან დაკავშირებით, არ დასტურდება. ალასანია აცხადებს, რომ ვიქტორ დოლიძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას…
- გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, რომ ის „დაამხობს“ „ოცნების“ ხელისუფლებას, ამას მარტო თავისი პარტიით ვერ შეძლებს. მის პარტიას არ აქვს ისეთი რეიტინგი, რომ ეს მარტომ მოახერხოს. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს „ქართულ ოცნებას“. ათი გამოკითხულიდან 8 ადამიანი უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი ახალი ძალის მოლოდინშია. ალასანია გამოიყენებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას და ის კოალიციას შეკრავს „რესპუბლიკურ“ პარტიასთან. ამ ერთ წელიწადში მთავრობა რომ რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ძირეულ ცვლილებას ვერ განახორციელებს, ეს ფაქტია, დაპირებებიც აღარ იმუშავებს, რადგან ხალხი თავს თვლის მოტყუებულად – კარგი ცხოვრების ნაცვლად მიიღო გაძვირებული ცხოვრება, რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობის აღდგენასა და სხვა ძირეულ საკითხებზე. დღეს ხელისუფლება კბილებით ინარჩუნებს მაჟორიტარულ სისტემას იმისთვის, რომ მაჟორიტარების ხარჯზე მოიგოს არჩევნები. არ ხორციელდება ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმები, მძიმეა სოციალური ფონი და, ჯამში, ეს ყველაფერი ოპოზიციას აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, დაემხობა. ამიტომაც ალასანია შექმნილი მდგომარეობიდან გამოდის და აკეთებს დასკვნებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოხვდებიან დაჯგუფებები, ამ ძალებს ეყოფათ უნარი და ძალა, რომ საკმარისი ხმები აიღონ. მინიმუმ 20-25 პროცენტს მოიპოვებს ერთი ბანაკი, მეორე პოლიტიკური ბანაკიც დაახლოებით იმდენივეს აიღებს და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აღარ რჩება შანსი, რომ არჩევნები მოიგოს 50+1 ხმით, რაც ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ლოგიკით უმრავლესობა აღარ ეყოლება პარლამენტში.
შემთხვევით არ გითხარით, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საარჩევნოდ ერთ ბლოკს შექმნიან. როგორც ჩემამდე მოვიდა ხმა, „რესპუბლიკელები“ ძალიან სერიოზულად ვაჭრობენ „ქართულ ოცნებასთან“ – ისინი ითხოვენ 30-პროცენტიან კვოტებს საპარლამენტო სიებში და სამთავრობო გუნდში, ამაზე თუ დასთანხმდება „ქართული ოცნება“, მაშინ გამოდის, რომ მათ ხარჯზე უნდა გავიდნენ „რესპუბლიკელები“ პარლამენტში და არა მგონია, რომ კვოტების ასეთი გადანაწილება უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“, სადაც დომინანტის როლს „რესპუბლიკელები“ შეასრულებენ. მკაფიო წინააღმდეგობას ჯერჯერობით „ქართულ ოცნებაში“ არავინ უწევს ამ იდეას, მაგრამ არა მგონია, „რესპუბლიკელებს“ ამ წინადადებაზე დასთანხმდნენ. ასეთ შემთხვევაში „რესპუბლიკელებს“ მოუწევთ ამ კოალიციიდან გამოსვლა და ახალ კოალიციაში შესვლა. ისინი, ალბათ, ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ შევლენ კოალიციაში…
- ამ კოალიციაში შესაძლებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაც“ ვიხილოთ?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს იმის პრობლემა, რომ კოალიციური ფორმატი შექმნას, მას თავისი 20 პროცენტი აქვს გარანტირებულად, მყარი ელექტორატის სახით, მათ შესაძლოა, ხელი შეუწყონ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების| კოალიციის შექმნას და, ჯამში, მათ მხარეს გაცილებით მეტი ხმათა რაოდენობა აღმოჩნდეს. ვფიქრობ, რომ რეფერენდუმის მოთხოვნა იქნება გარდაუვალი, რომ რეფერენდუმით გადაწყდეს მაჟორიტარების ყოფნა-არყოფნის საკითხი, საჭიროა 200 000 ხელმოწერა, იქნება პარტიების გამოსვლები, მოთხოვნები და შესაძლებელია, ამ გზით გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და თუ ეს გაუქმდება, ახლავე ვიძლევი გარანტიას, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ეძლევა, დარჩეს ხელისუფლებაში.
- „ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, თუმცა ალასანიას გუნდის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ისინი არ შეუერთდებიან “ნაციონალების“ აქციებს. ქვეყანა საარჩევნო ციკლში შესულია და ამ მოთხოვნას ახლა რა აზრი აქვს?
- საარჩევნო ცვლილებებიდა პოლიტიკური რეფორმები აერთიანებს ყველას, რადგან ეს არის საერთო პრობლემა, თუკი ეს მოთხოვნები იქნება დაყენებული, გამომდინარე აქედან, ალასანია უარს ვერ იტყვის, სხვა შემთხვევაში ის დარჩება თამაშგარე, ამიტომ იძულებული ხდება, გამოვიდეს, მაგრამ, თუკი „ნაციონალებს“ ექნებათ მხოლოდ პოლიტიკური თემა, რომ გადადგეს მთავრობა და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ბუნებრივია, მათ აქციას მასშტაბური ხასიათი არ ექნება.
„ნაციონალებს“ ასეთი ნდობა ხალხში არ აქვთ, რომ მათ ლოზუნგზე – „გადადგეს მთავრობა“ ხალხი შეუერთდეს, ამიტომ მოთხოვნებს გააჩნია. დღეს აქტუალურია საარჩევნო რეფორმა და ეს თემა შეიძლება ოპოზიციის გამაერთიანებელი აღმოჩნდეს, ასეთ დროს ერთად დგომა პოლიტიკოსებისთვის ნაცადი ხერხია და ისინი ახსნიან, რატომ დადგნენ ერთად, იტყვიან, რომ ეს არის საერთო საქმე უკეთესი მომავლისთვის და თუ გაინტერესებთ „ნაციონალები“ დღეს რატომ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, ამასაც გეტყვით. „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაცემულია, „ნაციონალურ მოძრაობა“ თავისი სტაბილური ელექტორატის საშუალებით ინარჩუნებს რეიტინგს, პოლიტიკურ დინამიკაში მას საფრთხე არ ემუქრება, ახლა ვადამდელი არჩევნები მეტ ხმას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი ხედავენ, რომ „ოცნების“ შიგნით არის გაუგებრობა, არეულობა და მითქმა-მოთქმა, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ვინ რჩება „ოცნების“ სიაში და ვინ – არა. ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი შანსი, მოვიდეს, შეცვალოს ხელისუფლება და ამ პოლიტიკურ კონფიგურაციას გადააბრალოს ყველაფერი, რაზეც თქვენთან ინტერვიუში უკვე ვისაუბრე, ამიტომ ეს მდგომარეობა აშფოთებთ „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრებს. მათ იციან, გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილმა ეს შემადგენლობა დატოვოს და დიდ ნაწილს სახლში გაუშვებს. თუკი პოლიტიკაში დაბრუნდება, არც მთავრობას და არც პარლამენტს ამ შემადგენლობით არ დატოვებს. ბატონი ივანიშვილის კარზე უკვე დაწყებულია 2016 წლის საპარლამენტო სიის კანდიდატების შერჩევა, მას ჰყავს რეზერვი და აუცილებლად გამოიყვანს ახალ სახეებს.
- ფაქტობრივად, საარჩევნო ციკლში შევედით და კონსტიტუციის მიხედვით, ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად რა ვადები არსებობს?
- არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ანუ მაისის ჩათვლით, ვადა არსებობს, იმისთვის, რომ კონსტიტუციურ ვადებში განხორციელდეს მთავრობის ცვლა, თუნდაც ვადამდელი არჩევნები, მაგრამ მაისის შემდეგ ეს არის გამორიცხული, კონსტიტუციით იკრძალება. ამ დროს ქვეყანა მთლიანად გადადის საარჩევნო რეჟიმზე.
- „ნაციონალების“ მიერ მოსალოდნელ არეულობასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა. თუკი მოახერხებენ ვითარების დაძაბვას, შესაძლოა, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და კიდევ ერთი რევოლუცია მოაწყოს?
- ვიცი, ძალიან სერიოზული ზეწოლაა ხელისუფლებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილზე შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა, თუკი ეს მოხდება, მაშინ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. უკვე გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო მოწყდა დასავლეთის ორბიტას, არჩევნების წინ კიდევ უფრო დიდ ზეწოლას განახორციელებენ, თუმცა მაინც ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეწყვეტს თუ არა სისხლის სამართლებრივ დევნას სააკაშვილზე.
- „გაზპრომთან“ დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს როგორ აფასებთ? არის თუ არა ეს ეკონომიკურ საფარქვეშ რუსეთის გზის არჩევა?
- „გაზპრომს“ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მისი შემოსვლის მიზანი არის ის, რომ იყოს მონოპოლისტი ეკონომიკურ სფეროში, „გაზპრომის“ შემოსვლა არის გახსნა იმ არხებისა, რომელიც ფინანსურ ნაკადთან არის დაკავშირებული, ამ გზით მოხდება ფულის გათეთრება და პრორუსული ორიენტაციის ძალების დაფინანსება. პირადად მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, „გაზპრომი“, როგორც ალტერნატივა, ისე დასჭირდეს საქართველოს. ვფიქრობ, ბატონ ივანიშვილს მოსკოვი აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, რაც საშიშროების შემცველია იმ ფონზე, რომ ჩვენ მივილტვით დასავლეთისკენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაძლიერდება რუსული ინტერესები საქართველოს მიმართ და შეიძლება სერიოზული პრეტენზიები წამოაყენონ რუსებმა, თუ უკვე არ აქვს წაყენებული რუსეთის ხელისუფლებას ბატონ ივანიშვილისთვის. 2012 წელს ივანიშვილი ხალხის მიერ იყო მხარდაჭერილი და სააკაშვილის ხელისუფლება დაამარცხა, დღეს კი უკვე საფრთხეა, ამერიკული პროგნოზებით, თითოეულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული ექსპანსია. აქედან გამომდინარე, მერყევი ხელისუფლება არავის არ აწყობს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. რუსეთი არ დათმობს პოზიციებს, ამიტომ ივანიშვილს ან აიძულებენ, რომ მკვეთრი და გასაგები ნაბიჯები გადადგას, ან შეცვლიან სხვა პოლიტიკური ძალებით. ივანიშვილს ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ვითარებაში ახლა არის, როცა ერთ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს რადიკალური შედეგები, მეორეს – შიდა ცეცხლი, ამიტომ ოქროს შუალედს ის ვერ აირჩევს, ეს დაბნეულობა შიგნით არის.
„ალია“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
რუსული გაზი და მოსალოდნელი საფრთხეები
ლევან ჯავახიშვილი
ქართული მხარის მიერ რუსული გაზის შესაძლო შესყიდვის თემამ ყველა პოლიტიკური საკითხი გადაფარა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთისთვის გაზი პოლიტიკური იარაღია. გაზის მეშვეობით რუსეთმა ევროპასთან ბრძოლაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ბევრი რამ დაათმობინა. ცხადია, როცა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს იწყებს საქართველოს ხელისუფლება, თანაც ფარულად, მაშინვე ჩნდება კითხვები – დამატებითი რუსული გაზის საფასურად რას გაიღებს საქართველო? მარტო ფულს თუ სუვერენიტეტის ნაწილსაც? რუსული გაზი პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულს ხომ არ გაგვხდის?
რუსული გაზის შესაძლო შესყიდვაზე აჟიოტაჟი იმის გამო უფრო გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ გენდირექტორის, ალექსეი მილერის ფარული შეხვედრის შესახებ. კახი კალაძე და ალექსეი მილერი 25 სექტემბერს შეხვდნენ, საქართველოს ხელისუფლებიდან კი, ამ შეხვედრის თაობაზე პირველი კომენტარი 9 ოქტომბერს, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. ფაქტია, როცა შეხვედრა საიდუმლოა, მხარეებს რაღაც აქვთ დასამალი. „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერები და სხვათა შორის, საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც „ოცნებას“ დასანახავად ვეღარ იტანს, ეჭვობენ, ხელისუფლება ფარულად იმიტომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან გაზის შესყიდვის თაობაზე, რომ რუსულმა გაზმა ნელ-ნელა ჩაანაცვლოს აზერბაიჯანული გაზი და საქართველო რუსეთზე გახდეს დამოკიდებული. ეს ხალხი ამტკიცებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს მთლიანად რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაა.
ეჭვები გაამძაფრა 11 ოქტომბერს პრემიერ ღარიბაშვილის დაუგეგმავმა ვიზიტმა აზერბაიჯანში. სახელისუფლებო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, ბაქოდან ისეთი სიგნალები წამოვიდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, სასწრაფოდ შეხვედროდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და დაერწმუნებინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებას. ბაქოდან დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ გაზს რუსული გაზი არ ჩაანაცვლებს და ის გაიმეორა, რაც ადრე კალაძემაც თქვა: „გაზპრომისგან“ მხოლოდ კომერციული სტრუქტურები იყიდიან გაზს, სახელმწიფო რუსული გაზის ყიდვას არ აპირებს და დაწყნარდითო.
როგორც განმარტავენ, სახელმწიფო იმიტომ არის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ჩართული, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილია, შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები არ არსებობს და ჩვენი კომერციული სტრუქტურები პირდაპირ ვერ გავლენ „გაზპრომზე“. მათ „გაზპრომამდე“, ანუ რუსულ სახელმწიფო კომპანიამდე, გზა სახელმწიფომ უნდა გაუკვალოს. კი, ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ სად არის იმის გარანტია, რომ ერთ დღეს კახი კალაძე და მილერი ისევ არ შეხვდებიან ერთმანეთს და ახლა უკვე ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომისგან“ გაზის სახელმწიფოსთვის შესყიდვის თაობაზე არ გამართავს მოლაპარაკებას? ვენდოთ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც უამრავი იმედი გაგვიცრუეს, წინასაარჩევნოდ ათასგვარი დაპირება დაახვავეს და მათი 90% არ შესრულებულა? ეს ხელისუფლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვატყუებს და ნდობას არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმსახურებს.
მოდით, დავუშვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება მართლა კომერციული სტრუქტურებისთვის ზრუნავს და სახელმწიფო დაინტერესებული არ არის, აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებით და შესაბამისად, როგორც ხელისუფლება აცხადებს, რუსულ გაზზე დამოკიდებულები არ გავხდებით. რუსული გაზი აზერბაიჯანულზე ბევრად ხარისხიანია. ვთქვათ, რუსული გაზით კომერციულმა სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს აზერბაიჯანული. მერე რა ხდება? ეს რუსული გაზი ხომ იმ თბოელექტროსადგურებს მიეწოდება, სადაც დენს გამოიმუშავებენ? ამ დენს კი მოიხმარენ როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო სტრუქტურები, ოჯახები. ამ კომერციული გაზით გამომუშავებული დენით მომარაგდება საავადმყოფოები, პურის ქარხნები, მსხვილი და წვრილი საცხობები და ბევრი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი. რომელი გიჟი იტყვის უარს ბევრად ხარისხიან გაზზე? გამოდის, რომ სასიცოცხლო ობიექტები რუსულ გაზზე გადავა.
ერთ დღესაც რუსეთის ხელისუფლებას რომ მოეპრიანოს და საამისო მიზეზს აუცილებლად მოძებნის, „გაზპრომმა“ ამ ჩვენს კომერციულ სტრუქტურებს რომ გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, მერე სად მივდივართ? რუსეთს ხომ სჩვევია, სრულიად გაუფრთხილებლად ჩაიდინოს ამგვარი ქმედებები, თუ ეს მის პოლიტიკურ მიზნებს სჭირდება? უკრაინას 2008, 2010 და 1012 წელს ხომ ასევე გაუფრთხილებლად, 1 დღეში შეუწყვიტა გაზის მიწოდება დავალიანების გამო? გვაქვს იმის გარანტია, რომ იმ ქართულ კომერციულ სტრუქტურებს, „გაზპრომისგან“ გაზს რომ შეიძენენ, მისი დავალიანება არასდროს არ ექნებათ? ცხადია, არა! ჰოდა, ასეთ შემთხვევაში, ხომ ვრჩებით, დენისა და პურის გარეშე? კი, ბიზნესსტრუქტურები ფორსმაჟორში სასწრაფოდ გააფორმებენ ხელახალ კონტრაქტს „სოკართან“ და ახლა რუსულ გაზს ჩაანაცვლებენ აზერბაიჯანულით, მაგრამ ეს რამდენიმე საათში არ მოხდება. ამას შესაძლოა, დღეები დასჭირდეს. მოკლედ, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ამ მოწადინებამ ქვეყნის სტრატეგიული დარგები რამდენიმე დღით კოლაფსში, მინიმუმ, ფორსმაჟორში ჩააგდოს, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნას და შესაბამისად, პურის, სხვა სასურსათო, ასევე, პირველადი მოხმარების იმ საშუალებების დეფიციტი შეიქმნას, რასაც ჩვენი ბიზნესი გაზზე აწარმოებს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „გაზპრომთან“ ამ მოლაპარაკებებს კახი კალაძის პირადი ინტერესებიც უდევს საფუძვლად, რადგან კალაძე რამდენიმე თბოელექტროსადგურის თანამფლობელია და მას ამ ელექტროსადგურებისთვის ხარისხიანი გაზი ურჩევნია მეტი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ბუნებრივი მოსაზრებაა. კახი კალაძე დღეს სახელმწიფო მოხელეა, გუშინ ბიზნესმენი იყო და ხელისუფლებიდან როცა წავა, ბიზნესში დაბრუნდება. ცხადია, მას დღესაც აინტერესებს საკუთარი ბიზნესის ბედი, მით უფრო, როცა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესზეა ლაპარაკი.
ეს ყველაფერი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ნამდვილად არ უნდა იყოს. რუსული მედია უკვე ზეიმობს გამარჯვებას – საქართველო, მართალია, ომით ვერ დავიპყარით, რადგან ამაში ამერიკამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ „გაზპრომის“ მეშვეობით დავაჩოქებთო. რუსები უფრო შორსაც იყურებიან – თუ საქართველო რუსულ გაზზე გახდა დამოკიდებული, მას ბურთივით ვაბურთავებთ და აფხაზეთის რკინიგზის გახსნასაც ვაიძულებთო. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა კი რუსეთს ძალიან სჭირდება სომხეთში მისი სამხედრო ბაზების მოსამარაგებლად. ეს რუსეთს ძალიან დიდ ფინანსურ შეღავათს მისცემს. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარს“ ამ დღეებში განცხადება არ გაუკეთებია, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გამოეხმაურა მთელ ამ ამბავს საქართველოში „სოკარის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მახირ მამედოვი. კომპანია „სოკარი“ მზადაა, კონკურენცია გაუწიოს რუსულ „გაზპრომს“ საქართველოს ბაზარზე… ეს თავისუფალი ბაზარია და სხვა კომპანიების არსებობა მასში კონკურენციას და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს გაზრდის. თუ საქართველო რუსული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, ჩვენ ახალ პირობებთან ადაპტირებას დავიწყებთ და განვითარებას განვაგრძობთ. მაგრამ მთლიანობაში მზად ვართ კონკურენციისთვის“, _ აცხადებს მამედოვი. სავარაუდოდ, „სოკარი“ გაზის ხარისხს გაზრდის, ფასს დააგდებს და ამით „გაზპრომს“ გაუწევს კონკურენციას, მაგრამ მთელი ეს ალიაქოთი, საეჭვოა, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე სასიკეთოდ აისახოს.
გინდა-არ გინდა, საქმე სახელმწიფოებრივ ურთიერობამდე მიდის და დიდ პოლიტიკაში გადადის. ეჭვი არ მეპარება, საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯს არ მოუწონებენ დასავლელი პარტნიორები. დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, კი, რიგ შემთხვევაში ყასიდად, მაგრამ რუსეთთან ღიად არის დაპირისპირებული, ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მთავარი ენერგობერკეტის საქართველოში ნაწილობრივ ამუშავების საშუალებას აძლევს.
ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ „გაზპრომისგან“ გაზი არ იყიდა და მარტო კომერციულმა სტრუქტურებმა შეიძინა. დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით კი შესაძლოა ბევრი რამ დავკარგავთ, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
არც ის გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, კალაძე-მილერის პირველ შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც ცოცხალი თავით, არც ერთი მხარე არ გაახმაურებს და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყობთ, როცა ქვეყანა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
„რეზონანსი“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: “ასე თუ მივყევით, შესაძლოა, ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიც კი გახდეს“ // “გაზპრომთან” დახურულმა მოლაპარაკებამ შესაძლოა, ქვეყანა მძიმე შედეგამდე მიიყვანოს
“ასე თუ მივყევით, შესაძლოა ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიც კი გახდეს და ამის შესახებ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებისას გავიგოთ. ფაქტია, რომ ჩვენ ყველას ერთად, მთელ საზოგადოებას გვაინტერესებს რა ხდება “გაზპრომთან” დაკავშირებით, თუმცა პასუხს ვერ ვიგებთ”, – ამბობს “რეზონანსის“ კორესპონდენტ სალომე სარიშვილთან საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- „გაზპრომთან“ გააქტიურებულმა ურთიერთობამ საქართველოში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა მმართველ გუნდში დეტალებისაგან თავს იკავებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ღიაა ესა პროცესი და ქაქვს თუ არა საზოგადოებას ამ თემის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე სრული პასუხი?
- ჩვენ არ ვიცით, რა მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს ხელისუფლება რუსულ „გაზპრომ“-თან. ეს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია. საუბარი იმაზეც, რომ „გაზპრომი“ კერძო კომპანიაა, ესეც აბსოლუტური სიცრუეა. „გაზპრომი“ არის ვლადიმირ პუტინის კომპანია, იმ სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულადაა განწყობილი და ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. დეტალები ჯერ გაუგებარია, თუმცა აშკარაა, რომ ყველაფერმა ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ ასე მივყევით, შესაძლოა ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიც კი გახდეს და ინფორმაციას ამის სესახებ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მივიღებთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ამ საკითხის მიმართ მეტი აქტიურობა აუნდა გამოვიჩინოთ, მუდმივად უნდა ვიყოთ სადარაჯოზე… რაც შეეხება გაზით მომარაგების დივერსიფიცირებას… კი, ბატონო, მივესალმებირისკების შემცირებას, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა…
- თურქეთში მ,ომხდარი ტერაქტის გათვალისწინებით, საქართველოსაც ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე?
- ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობენ სახელმწიფოს სპეცსამსახურები, რომ საქაართველოს უსაფრთხოება დაცული იყოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე მართლაც არსებობს. თუმცა ამ ფონზე რა უნდა ვთქვა, როცა ხელისუფლება რუსეთთან კავშირის გაფართოებაზე საუბრობს?
„ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს სუვერენიტეტი ისე ადარდებს, როგორც მე ჩინური პოეზია… თინა ხიდაშელს კი თავი ქვიშაში აქვს ჩარგული“
შორენა მარსაგიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტისგან უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნით გამოდის. როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, განხილვის თემა „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებები უნდა იყოს.
დავით დარჩიაშვილი:
- სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ქვეყნის სუვერენიტეტი ადარდებს, ესმის, რომ სწორედ გაზპრომია ამ სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამრღვევი.
- რა უნდა იყოს განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე?
- მთავრობამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ უყურებენ იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორც სუვერენიტეტისადმი საფრთხის მომტანს. როდესაც სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დგება, მაშინ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციური ორგანო, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, სადაც ხდება მსჯელობა და იმ საფრთხეების განხილვა, რომლებიც არის მოსალოდნელი.
- ვიცე-პრემიერი კალაძე აცხადებს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და რომ საუბარია ეკონომიკურ საკითხზე, მონოპოლიაზე, რომელიც აქვს სოკარს ქართულ ბაზარზე.
- თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კალაძეს პოლიტიკა უნდა ესმოდეს და ესმის, მაშინ რა გითხრათ. ეროვნული ინტერესი, საერთაშორისო ურთიერთობები, სუვერენიტეტი, ეს ის სფეროა, სადაც სხვა ხედვაა საჭირო. კალაძეს ისე ესმის პოლიტიკა, როგორც საკუთარი კეთილდღეობა.
- კალაძე ვიცე – პრემიერია...
- რაც შეეხება იმას, რომ კალაძე ვიცეპრემიერია, ამაზე პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც დანიშნა.
- შეიძლება, ენერგეტიკის მინისტრი რეალურად ზრუნავს ქვეყანაში არსებული მონოპოლიის წინააღმდეგ, ბაზრის გაჯანსაღების მიმართულებით და მოლაპარაკებებს აწარმოებს თუნდაც გაზპრომთან. ამ ვერსიას არ უშვებთ?
- ეს რა გულუბრყვილობაა, ვერ გავიგე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობენ იმ დროს, როდესაც გრძნობენ, რომ ჰყავთ მონოპოლისტი, რომელსაც ამის გამოყენება პოლიტიკურად უნდა. გაზპრომის წინააღმდეგ ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს ყველა ქვეყანა, თან ყველამ იცის, რომ გაზპრომს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უფრო მეტი პოლიტიკური ინტერესები.
დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან მოდის საფრთხე ჩვენ მიმართ და არა _ აზერბაიჯანიდან.
- აზერბაიჯანს ჩვენთვის ომი არ გამოუცხადებია, ომი რუსეთმა გამოგვიცხადა, რუსეთმა დაგვბომბა. რუსული კაპიტალი შემოდიოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსო. პრობლემა რუსული კაპიტალი კი არ არის, პრობლემა უშუალოდ გაზპრომია. საუბარია სტრატეგიაზე და არა უბრალოდ კაპიტალზე. გაზპრომი კრემლის აგენტია.
- და ამას ვერ აცნობიერებენ ხელისუფლებაში?
- ხელისუფლებაში ზოგს რა ადარდებს და ზოგს რა. ხელისუფლებაში გარკვეულ ნაწილს კი თავი ქვიშაში აქვს ჩარგული.
- ვისზე მიანიშნებთ?
- მაგალითად, თინა ხიდაშელზე. ხიდაშელს თავი ქვიშაში აქვს ჩარგული, სამაგიეროდ, ივანიშვილმა კარგად იცის, რასაც აკეთებს. ივანიშვილს საქართველოს სუვერენიტეტი ისე ადარდებს, როგორც მე – ჩინური პოეზია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კრემლის პოლიტიკისგან დისტანცირება და არა პირიქით. როდესაც უკან ვბრუნდებით და ამის გამართლება ხდება ბაზრის დივერსიფიკაციით, უკვე რაღაზე უნდა ისაუბრო. დივერსიფიკაცია წარმოუდგენელია გაზპრომის ხარჯზე.
- ირანულ გაზთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?
- ირანთან ურთიერთობა უნდა იყოს სინქრონიზებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
- ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ურთიერთობის დალაგებისკენ ნაბიჯებს დგამს.
- დიახ, სწორედ ეს ვიგულისხმე.
დეპუტატი ფიქრობს, რომ გაზპრომის მიმართ ხელისუფლება უკან არ დაიხევს.
- დღეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ მოქმედებს რაციონალურად. ევროპელ დიპლომატებს თუ დეპუტატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას ისე აკრიტიკებენ, რომ ზოგჯერ შეურაცხყოფაზეც გადადიან. ამ ფონზე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ გონს მოეგებიან. ერთადერთი, ისინი ძალას სცემენ პატივს პირადი კეთილდღეობისთვის.
- ძალაში აქციებს გულისხმობთ?
- ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანას ნამდვილად მიიყვანენ დესტაბილიზაციამდე, უკონტროლო პროცესებამდე. აქამდე საქმე რომ არ მივიდეს, ამისთვის გონიერება არ ჰყოფნით
„ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ხელისუფლება რუსული პროექტი იყო… ხალხში დუღილი დაწყებულია და, როდის აფეთქდება სიტუაცია, არავინ იცის“
შორენა მარსაგიშვილი
პარლამენტის უმცირესობის წევრი, ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსვლის დღიდან რუსეთის პოლიტიკისა და ნების გამტარებელია. ეს გამოიხატა ყარსი-ახალქალაქის პროექტის შეჩერებაში, აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის ხელშეწყობასა და სხვა ნაბიჯებში. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ოლიგარქია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი მის ნება-სურვილს ასრულებენ.
- რუსეთის სახელმწიფო გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები და რუსეთიდან გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდის სურვილი ამ ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის გაგრძელებაა, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში შოთა მალაშხიამ. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან საქართველო გაზს ხელსაყრელ ფასად იღებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე კრიზისულ ვითარებაში გაგვიმართა ხელი.
- როცა გაზსადენზე აფეთქება მოხდა, აზერბაიჯანმა თავის მოსახლეობას შეუზღუდა გაზი და საქართველოს მოაწოდა. თუ აზერბაიჯანის ალტერნატივაა მოსაძებნი, ასეთ ალტერნატივად ირანი შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ ირანთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, რაც მისასალმებელია, – აღნიშნავს დეპუტატი. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაზარდოს საქართველომ რუსეთიდან გაზის მოცულობის შემოტანა იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს, ალტერნატივა გამოუნახოს რუსეთის ენერგომატარებლებს.
შოთა მალაშხია:
- მაინტერესებს, სად არიან ის ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ერთ ამბავს ტეხდნენ იმაზე, რომ ენგურჰესიდან ელექტროენერგიას ოკუპირებული აფხაზეთიც იღებს. ეს ექსპერტები რატომღაც გაზპრომზე არაფერს ამბობენ.
- რამდენიმე წლის წინ საზოგადოება აპროტესტებდა იმას, რომ ენგურჰესი რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდა.
- ენგურჰესი რუსეთის დაქვემდებარებაში არ გადასულა. ენგურჰესის კაშხალი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, პულტი კი – ოკუპირებულ მხარეს. მაშინ ქართული მხარე იძულებული გახდა, რუსულ რაო ეესთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები, მით უმეტეს, რომ თელასი მათი კომპანიაა. აბა, დენს ხომ არ გავუთიშავდით ორივე მხარეს?
შოთა მალაშხია ამბობს, რომ ამის გაკეთება უტვინობა იქნებოდა. ეს მოლაპარაკებები იძულებითი იყო, დღევანდელი სიტუაცია კი განსხვავებულია.
- „გაზპრომს“ ქართული ბაზარი არაფერს აძლევს. რუსეთს ენერგოდერეფნის გაკონტროლება უნდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ის თმობს იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია და რუსეთს აბარებს გასაღებს, რომელიც საქართველოსათვის საერთაშორისო არენაზე გასვლის საშუალებაა, – აცხადებს დეპუტატი.
- მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ხალხის ქუჩაში გამოსვლა?
- მოსახლეობას გაუძვირდა ცხოვრება. გაიზარდა უმუშევრობა. არის სხვა პრობლემებიც. შეიძლება, ხალხმა ითმინოს, მაგრამ მოულოდნელად მეხი გავარდეს და ყველაფერი შეიცვალოს. ასეთი მოულოდნელი აფეთქებები დამახასიათებელია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის.
- მაგალითად?
- მაგალითად, უკრაინაში ყველაფერი წყნარად იყო, მაგრამ ერთმა ხელშეკრულებამ, რომელსაც იანუკოვიჩმა მოაწერა ხელი, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენს საზოგადოებაში არის იმის პოტენციალი და მონაცემები, რომ პროტესტი გადმოიღვაროს. საზოგადოებაში დუღილია და, სიტუაცია როდის აფეთქდება, არავინ იცის. ხალხს ახსოვს, რომ „ქართული ოცნება“ კაგებეს მეთოდების გამოყენებით მოვიდა ხელისუფლებაში. კომპრომატებისა და ცილისწამების გარდა, ეს იყო ცრუ დაპირებები. მოქალაქეებს დაჰპირდნენ მაღალ პენსიებს, შეღავათიან კრედიტებს, ბევრ სხვა რამეს, რაც არ შესრულდა.
„ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად მახინჯი საბანკო სისტემა აფერხებს //საქართველოში მილიონი ღარიბი და ნახევარი მილიონი უკიდურესად ღარიბი ცხოვრობს“
შორენა მარსაგიშვილი
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, სიღარიბე, მძიმე სოციალური ფონი, მაღალი მიგრაცია. მისი განცხადებით, ქვეყანა მიეჩვია სიღარიბესა და უმუშევრობაში ყოფნას, თვლის, რომ ეს ნორმად არის ქცეული და ეს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას სასიკვდილო ლახვარს სცემს.
- მილიონამდე ღარიბი და 440 ათასზე მეტი უკიდურესად ღარიბი ცხოვრობს საქართველოში. ეს ქმნის საფრთხეებს და ეს არის უფრო დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე საგარეო და სხვა საფრთხეები, _ ამბობს დემურ გიორხელიძე.
- ეს რისი ბრალია?
- ეს არის ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დილეტანტიზმი, დაბალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ის მენტალური ჭაობი, როცა ხელისუფლება ხდება შემოსავლისა და საუკეთესო ბიზნესის წყარო! ეს არის ის მახინჯი პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც საქართველოში ვერ დაძლიეს!
ექსპერტი ამბობს, რომ ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად მახინჯი საბანკო სისტემა აფერხებს. ის მიესალმება კანონს, რომლითაც ბანკებს იპოთეკაში ჩადებული ბინების გაყიდვა აეკრძალებათ: „ქვეყანაში, სადაც უბინაობის პრობლემა არ არსებობდა, დღეს ათასობით ადამიანი სწორედ იმ მახინჯი ფინანსური სისტემისა და რთული მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაშია, უსახლკაროდ არის დარჩენილი. ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება“, – აცხადებს გიორხელიძე და კითხულობს:
- რა ჯობია, ცივილიზებულად მიეცეს საშუალება სესხის ამღებს, რომ ნელ-ნელა გაასწოროს თავისი ვალი თუ ყოველგვარი წინხედვის გარეშე დავტოვოთ ისინი უსახლკაროდ?! სად წავა ეს უსახლკარო ხალხი? გაჩნდება კიდევ უფრო დიდი სოციალური ჭაობი.
- თუკი ბანკს წაართმევენ უფლებას, ვალის სანაცვლოდ ბინა გაყიდოს, ხომ შეიძლება, მან სესხიც აღარ გასცეს?
- რეგულაციებში შესაძლებელია ამ ყველაფრის კარგად ასახვა, თუ როგორი შეზღუდვები შეიძლება დაედოს ბანკს ქონების გაყიდვისას და როგორი შეზღუდვები დაედოს მფლობელს, როდესაც მას ვალი გადასახდელი აქვს. ეს ყველაფერი შესაძლებელია, ძალიან ცივილიზებულად გადაწყდეს და არა ასე მტაცებლურად, როგორც საქართველოშია.
- თქვენთვის ეს მისაღებია?
- მე მივესალმები იმას, რომ ისეთი განუკითხაობა არ იყოს, როგორიც დღეს არის.
- რატომ დაინტერესდა ხელისუფლება გაზპრომით, მისი გაზი უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს?
- ბუნებრივი აირის მოთხოვნის საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არ არის. ეკონომიკა მიზერულ ოდენობას მოიხმარს, დანარჩენს – მოსახლეობა და მას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მთლიანად აკმაყოფილებს. თუმცა მთავრობას არც დაუმალავს, რომ ის კერძო სექტორს ლობირებს.
ექსპერტი ამბობს, რომ აქ მთავარია აზერბაიჯანული გაზის შევიწროება საქართველოში.
- გაზპრომთან ურთიერთობა პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა მთავრობა აქაც არ გვიმხელს, რა პოლიტიკურ ნაბიჯებს მიაბამს გაზპრომის შემოყვანას საქართველოში. ამიტომ ჩნდება უამრავი კითხვა და ამიტომ არის ყველაფერი გაუგებარი. კერძო სექტორმა რომ რუსული გაზი შემოიტანოს, ამისთვის მთავრობა რატომ უნდა ირჯებოდეს? მე ეს კარგად არ მესმის.
- აქ პოლიტიკას ხედავთ?
- მე ვხედავ ამაში პოლიტიკას, თუმცა პოლიტიკის მიზნები ჩემთვის გაუგებარია, რადგან მთავრობა ამ თემაზე არ საუბრობს.