„რეზონანსი“: „თავისუფალი დემოკრატები”: “ნაციონალებთან” ალიანსი გამორიცხულია!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი არცერთ პოლიტიკურ გავლენას არ ემორჩილება, თუმცა გუნდის გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკაში დარჩენა გაუჭირდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „სოკარ“-ის გაძევება და „გაზპრომ“-ის შემოყვანა არ იქნება სწორი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს სირიაში გამარჯვების შანსი აქვს“
„ალია“: რატომ გაახსენდა ჰააგის სასამართლოს 2008 წლის ომის გამოძიება ახლა და რა ელოდება საქართველოს?
„რეზონანსი“: ჰააგის მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს
„რეზონანსი“: საზოგადოების თვალსაზრისი: გაქვთ თუ არა იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს და დასჯის დამნაშავეებს?
„ვერსია“: საქართველოს ლათინურამერიკული დიპლომატია // რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი
—————————-
„რეზონანსი“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
“თავისუფალი დემოკრატები”: “ნაციონალებთან” ალიანსი გამორიცხულია!
ელზა პაპოშვილი
“ეს ჭორი და დეზინფორმაცია მოდის საქართველოს ხელისუფლებისა და “ქართული ოცნებისგან”. თანაც, ძალიან აშკარად და დაუფარავად. მათ უნდათ, რომ დღეს საქართველოში ორი ფერი იყოს – შავი და თეთრი. შავი იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო თეთრი, მათი აზრით, “ქართული ოცნება” უნდა იყოს. ჩვენი პარტია, როგორც სხვა ფერი, არ უნდათ, რომ არსებობდეს, რადგანაც ხალხს ახალი იმედი ჩაესახა,” – აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გია ცაგარეიშვილი მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ალასანიას პარტია იშლება, რადგან მისი ლიდერი და წევრების ნაწილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” აპირებენ პირის შეკვრას და მათთან ერთად აქციებში მონაწილეობას.
“ჩვენს პარტიაში სერიოზულად ამ თემაზე აღარც ვსაუბრობთ, იმდენად აბსურდია უკვე ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბატონ დავით ზალკალიანის წასვლას, მან ახსნა და თქვა, რომ შეიქმნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და მის აღმასრულებელ დირექტორად გადავიდა,” – ამბობს ცაგარეიშვილი იმ ცნობის კომენტირებისას, თითქოს პარტიას წევრები ტოვებენ, რადგან “ნაცმოძრაობასთან” გარიგება არ სურთ. მათ შორის, როგორც “ალიას” სტატიაშია ნახსენები, გარდა ზალკალიანისა, არიან ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე.
“აღარ დასრულდა იმაზე საუბარი, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ვიქნებოდით “ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღაც გარიგებასა და შეთქმულებაში გაერთიანებულები. ეს არ მოხდება არასდროს. სანამ პირში სული მიდგას, არცერთ გაერთიანებაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვერ მიხილავთ. იმავეს თქმა შეუძლია “თავისუფალი დემოკრატების” ნებისმიერ წევრს. ეს არის მათი განუხორციელებელი ოცნება, როგორც სხვა ყველა დანარჩენი ოცნება, რომელიც ხალხს დაჰპირდნენ. ხელისუფლებას ურჩევნია საკუთარი ხალხის ბედზე ინერვიულოს და მოაგვაროს ის უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე გააჩნია,” – აცახდებს გია ცაგარეიშვილი.
ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ “ბინძური სპეკულაციას” ავცრელებს როგორც “ქართული ოცნება”, ასევე “ნაციონალური მოძრაობაც”, რადგანაც ამ ეტეპზე საზოგადოებისთვის მხოლოდ მათი პარტიაღა დარჩა პოლიტიკურად შეუბღალავი, რის გამოც ეს ორი პარტია მათ ჩაძირვას ცდილობს.
“როგორც ჩანს ადამიანებს ფანტაზიის უკიდეგანო უნარი გააჩნიათ. ახლაც, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ჩვენი პარტია შეხვედრას აწარმოებს და უამრავ ადამიანს ხვდება. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამ პარტიის მშენებლობაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, არსად წასვლას არ ვაპირებ. ფაქტია, რომ ჩვენს პარტიას ებრძვიან. ჯერ იყო და “ნაციონალურ მოძრაობასთან” აპირებენ გაერთიანებასო, ახლა იშლებიანო. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ ჩვენს თანამშრომლობაზე “ნაცმოძრაობასთან”, გადახედონ თავიანთ რიგებს და ნახავენ, რომ უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წვრებისგან შეავსეს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით გადაიბირეს თუ ზოგი ნებითაც გადავიდა. ამაზე რატომ არ საუბრობენ? გიგა ბოკერია იქნება თუ ნიკა გვარამია, თუკი საჭირო გახდა ყველას დაველაპარაკებით. პუტინსაც დაველაპარაკებით, თუკი ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი გახდა. არავინ არ აპირებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში შესვლას. ეს გამორიცხულია. ხვალ, რომ ივანიშვილს შევხვდეთ, ეს ნეგატიური ამბავი იქნება? ის ხომ ქვეყნის არაფორმალური მმართველია. “თავისუფალი დემოკრატები” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აქციებში მონაწილეობას არ აპირებს. არ ვართ და არ ვიქნებით ამ ხალხის გვერდით. “ასეთი საუბრები ორი პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის – ესენი არიან “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რათა ჩვენი პარტიის დისკრედიტაცია მოხდეს. პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთ მათგანს ამ ბედნიერებას არ მივანიჭებთ. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე ამ გაერთიანების მომხრეები არიან, სრული აბსურდია. ამაზე კომენტარების გაკეთებაც კი უკვე უაზრობად მიმაჩნია,” – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
„ახალი თაობა“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილი არცერთ პოლიტიკურ გავლენას არ ემორჩილება, თუმცა გუნდის გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკაში დარჩენა გაუჭირდება“
ნონა ცაბაძე
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას ხშირად იქცევს, მისი განცხადებები თუ გადაწყვეტილებები, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის და განსჯის საგანი. რა როლი და ფუნქცია აქვს მას? როგორია მისი პოლიტიკური გეგმები? შექმნის თუ არა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს? ამ და სხვა საკითხებზე `ახალ თაობას~ ექსპერტი, ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.
- მარგველაშვილი ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო, ახლა კი მათ შორის დიდი დაპირისპირებაა. რატომ წავიდა პრეზიდენტი ოპოზიციაში?
- ის ოპოზიციაში იქნება თუ მმართველი გუნდის რიგებში, ეს კონკრეტული პიროვნების საქმეა. რაც შეეხება როლს და ფუნქციას, ეს უკვე კონსტიტუციით განპირობებული მოვლენაა. ამ ორის ურთიერთობამ ბევრი სირთულე გამოიწვია: მიხეილ სააკაშვილისეული კონსტიტუციით, მას შეზღუდული აქვს უფლებები. ის ახალგაზრდა კაცია, რომელსაც დიდი ენერგია აქვს, აქვს ინტელექტუალური პოტენციალი და ამბიციები და ამ კონსტიტუციის ფარგლებში ვერ ჩაეტეოდა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური მართვის წესია, უფუნქციო პრეზიდენტის ადგილას პოლიტიკით დანაყრებული და ასაკიანი ადამიანი აჰყავთ, რომლისგანაც მოულოდნელობები ნაკლებია და რომელსაც ამბიციები დაკმაყოფილებული აქვს, „ ჩვენთან კი პირიქით მოხდა“.
- ანუ ვერ გათვალა ბიძინა ივანიშვილმა?
- ან რატომ უნდა გაეთვალა ბიძინა ივანიშვილს? ის პოლიტიკური სიტუაციების მცოდნე არ არის. როგორც თავად ამბობს, მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს ნაბიჯი. ამიტომ ამ ტიპის ვერგათვლებს დიდ ხარვეზად არ ვუთვლი ადამიანს, რომელიც სტუმრად მივიდა პოლიტიკაში.
ფსიქოლოგის აზრით, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა კარგი იქნებოდა, ის ახალგაზრდა და ენერგიული იყო, თუმცა კონსტიტუცია მისთვის შესაფერისი იქნებოდა თუ არა, ამაზე მთელ ჯგუფს ცოტა ადრე უნდა ეფიქრა.
- მმართველ გუნდს ჰქონდა კონსტიტუციური ცვლილების შეტანის საშუალება, თუმცა მათ ეს „გაატარეს“, არაფერი შეცვალეს და დღეს მის წინაშე ყველა უძლურია. ეს კონსტიტუცია შორს არის სასურველისგან. დღეს ბევრ ისეთ რამეს ვიმკით, რაც ნორმალური კონსტიტუციის პირობებში არ იქნებოდა.
- კონსტიტუციაში არ არის გამოკვეთილი, ვინ არის პირველი პირი? დღემდე რატომ დავობენ პრეზიდენტი თუ პრემიერი?
- ეს საკითხი მოუწესრიგებელია. საერთოდ, ქართველებს დიდი წესრიგი არ გვჩვევია. ქუჩაში თუ მოუწესრიგებლად ვიცით მოძრაობა, კონსტიტუცია რატომ უნდა გვქონდეს მოწესრიგებული?! თან ყველამ ვიცით, რა პოლიტიკური ფონი და ქვეტექსტი ჰქონდა ამ კონსტიტუციის შექმნას. იმდენად ცხადი იყო მისი ხარვეზიანობა, რომ მისი გამოსწორება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა.
- მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა. წინ არჩევნებია. რა პოზიციას დაიჭერს მარგველაშვილი? ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ის ოპოზიციასთან ალიანსზე წავა.
- პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი წონის გაზრდას სწორედ იმის ხარჯზე, რომ ცდილობს, არ დამორჩილდეს არც ერთ პოლიტიკურ გავლენას. რახან ასეთი გავლენა სახელისუფლო გუნდს მეტი აქვს, ის იღებს ორიენტაციას ისეთ განცხადებებზე, რომლებიც ამ სახელისუფლო გუნდისთვის მიუღებელია. სწორედ ამ მოტივითა გამოწვეული ეს განცხადებები და არა – მისი ოპოზიციურობით.
- როდესაც მის თანაშემწედ ფიქრია ჩიხრაძე დაინიშნა, ითქვა, რომ ის კიდევ უფრო მეტად ცდილობს ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვას. ასეა?
- შეიძლება. არც ეს არის გამორიცხული. თუმცა ფიქრია ჩიხრაძე ისეთ მკვეთრ და `მკბენარე~ ოპოზიციურ ძალას ნამდვილად არ წარმოადგენს. ის უფრო რაციონალური სტილის პოლიტიკოსია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების მხარდამჭერია. თუ მარგველაშვილს სურდა, რომ აეყვანა ხელისუფლებასთან მკაფიოდ დაპირისპირებული ადამიანი, მას შეეძლო უფრო მწვავე პერსონები ეპოვა.
- პრეზიდენტის და ალასანიას გუნდის თანამშრომლობაზეც ბევრს საუბრობენ. წავა პრეზიდენტი მასთან თანამშრომლობაზე თუ დამოუკიდებელი ფიგურის იმიჯს შეინარჩუნებს?
- ჯერჯერობით ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა გეგმები აქვს თავად პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს. ეს ნორმალურია, რომ ადამიანი პოლიტიკასთან გაუცხოებას არ გეგმავს. მარგველაშვილი ნიჭიერი ადამიანია და მისნაირი რაც მეტი იქნება პოლიტიკაში, მით უკეთესი. ოღონდ პოლიტიკაში დარჩენას წესები აქვს: პოლიტიკა არასოდეს არის მხოლობითი რიცხვი, მხოლოდ ერთი ადამიანი. პოლიტიკაში დარჩენა გულისხმობს, რომ იმ ერთ ადამიანს ჰყავს გუნდი. უგუნდო პოლიტიკოსი არ არსებობს. მე ველოდი, რომ თუ მარგველაშვილი დარჩენას გადაწყვეტდა, ის თავის გუნდს თვითონ გააკეთებდა. რაიმე ასეთის მონიშვნასაც კი ვერ ვხედავ.
ექსპერტი ზურაბ ჟვანიას პოლიტიკაში მოსვლას იხსენებს, რომელმაც მხარდამჭერების გუნდი შექმნა ენჯეოების სახით, როცა ოპოზიციურ პლატფორმას ამზადებდა: „ვთვლიდი, რომ პრეზიდენტთან რაღაც ანალოგიურს ადგილი ექნებოდა, თუმცა ასეთი რამ არ მოხდა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
- ნაციონალებთან მისი ალიანსი გამორიცხულია?
- არ მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნაციონალების მხარეს არის.
- ირაკლი ალასანია?
- გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ირაკლი ალასანიასაც მცირე გუნდი ჰყავს, მას მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ორი სუსტი ფიგურის ჯამმა შეიძლება ერთი სუსტი პოლიტიკური ძალა მოგვცეს.
- ანუ მათი ალიანსი არაფრის მომცემია თითოეული მათგანისთვის?
- მარგველაშვილსაც და ალასანიასაც ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვთ გასაკეთებელი საიმისოდ, რომ მათი რეალური პოტენციალი ცხადი გახდეს. მათ მოქმედების სხვადასხვა ტემპი აქვთ. გულისხმობ იმას, რომ ალასანიასთვის გადამწყვეტია 2016 წელი, ხოლო მარგველაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, კიდევ ერთი წელი აქვს. ასე რომ, მათი ინტერესები დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს და მას დამოუკიდებლად მოუწევს ბრძოლა.
„ახალი თაობა“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „სოკარ“-ის გაძევება და „გაზპრომ“-ის შემოყვანა არ იქნება სწორი“
შორენა მარსაგიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს.
რას უწუნებს პრეზიდენტს დეპუტატი? გასცდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ჩარჩოებს? თამაშობს თუ არა პოლიტიკურ თამაშებს და ვის აწყობს ეს? ამ კითხვებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
თორნიკე შარაშენიძე:
- გაზპრომთან ყველანაირი მოლაპარაკება, რა დონეზეც უნდა იყოს, ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მის სუვერენიტეტეს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არანაირად არ მესმის, რატომ გასცდა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს? მეტიც, ვალდებულებაც კი აქვს, როდესაც საქმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ეხება, როდესაც კითხვები ჩნდება და მათზე პასუხი არ ჩანს, პრეზიდენტი ვალდებულია, მოითხოვოს ამ კითხვებზე პასუხი.
- საპარლამენტო უმრავლესობა მას პოლიტიკურ თამაშებში სდებს ბრალს. რატომ?
- მთელ ამ სამთავრობო პოზიციებს შორის ყველაზე ნათელი და ჩამოყალიბებული პოზიცია პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა. მარგველაშვილმა თქვა, გამარკვიეთ, რა ხდება, რისთვისაც მთავრობას სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. მთავრობისგან გაურკვეველი მესიჯები გამოვიდა, ეს კი ბოლოს იმით დასრულდა, რომ ღარიბაშვილი გამოვიდა და ყველას გვეჩხუბა – საზოგადოებას, მედიას, ყველას, გვითხრა, თქვენ აურიეთ სიტუაციაო.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ინციდენტი ამოწურულია?
- ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მთელ ამ პროცესში იყო ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩაფრინდა და შეხვდა პრეზიდენტ ალიევს. როგორც ჩანს, საუბარი შედგა და მოგვიანებით ღარიბაშვილმა აეროპორტში განცხადება გააკეთა, რომ არანაირი ჩანაცვლება არ იგეგმება. თუ ყველაფერი დალაგდა და ყველა კითხვას პასუხი გაეცა, მაგას რა ჯობია, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვები დღემდე არსებობს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრემიერი კალაძე დღემდე გაიძახის, რომ გაზპრომიდან უნდა შემოვიტანოთ გაზი. პრემიერი ღარიბაშვილი კი პირიქით ამბობს, არ ვაპირებთ აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებასო.
- სამწუხაროდ, ბოლომდე ყველაფერი გარკვეული არ არის. იმედი მაქვს, რომ გაირკვევა, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
- შეიძლება ეს იყო რუსული თამაში? რუსული წყაროებიდან გახდა ინფორმაცია ცნობილი.
- ბოლომდე ეს გარკვეული არ არის. თუმცა, კითხვა რჩება, ნუთუ საქართველოს მთავრობა მართლა აპირებდა გაზპრომის შემოყვანას და ნიადაგი მოსინჯა? შეიძლება ფიქრობდა, რომ ამაზე საზოგადოებას რეაქცია არ ექნებოდა? თუ ეს ასეა, მაშინ რა უნდა გითხრათ?! ნუთუ არ ელოდებოდნენ, რომ საზოგადოებას ასეთი რეაქცია ექნებოდა?!
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მართლაც შეიძლება საუბარი იყო მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის გაზის მიწოდებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სოკარს ძალიან ურტყამდა.
- აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ აზერბაიჯანულ გაზზე ვართ ჩამოკიდებული. სოკარი მოსახლეობას გაზს შეღავათიან ფასში აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა. ამ ფონზე სოკარი კომერციულ გაზსაც ყიდის, რომ რაღაცნაირად მოგება ნახოს.
- შეიძლება კომერციულ სექტორში უფრო დაბალ ფასად შემოვიდეს გაზპრომი. ამაზე რას იტყვით?
- სოკარის კომერციული სექტორიდან გაძევება და გაზპრომის შემოყვანა არ იქნება სწორი ნაბიჯი. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სოკარის მიმართ ეს იქნება ცუდი საქციელი ჩვენი მხრიდან. როგორ, სოციალური გაზი მომეცი იაფად და კომერციულს სხვას მივცემ?!
ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ მთლიანად რუსული გაზით ჩანაცვლებაზეა საუბარი, ეს უკვე კატასტროფაა.
- სიტუაცია ძალიან მარტივია, რუსეთის, ოფიციალური კრემლის იარაღია გაზპრომი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა ეკონომიკისგან, როდესაც ამას თვითონ არ მიჯნავენ, _ ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
- პრემიერ ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კალაძის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს როგორ ახსნით?
- ეს პრობლემა დიდი ხანია მინისტრთა კაბინეტში დგას. ხშირი ყოფილა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მერე გაურკვევიათ, რა უნდოდათ, მაგრამ მანამდე ხელი გაუშვერიათ მედიისკენ, ექსპერტებისკენ. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ეღიარებინოთ, რომ ეს იყო შეცდომა და ამის მიზეზი თავად არიან და არა, მაგალითად. ჟურნალისტები, ექსპერტები ან ოპოზიცია.
- კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რას იტყვით?
- ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ ისინი კონსულტაციებს, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში კოორდინაცია იყო დარღვეული. ნამდვილად არ ხვდება ივანიშვილი ყოველდღიურად მათ და ნამდვილად არ არის ჩართული ყოველდღიურ თათბირებში, მაგრამ, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციებს გადიან
„ახალი თაობა“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს სირიაში გამარჯვების შანსი აქვს“
რუსეთის მიერ სირიის დაბომბვა ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის ასოციაციას იწვევს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ როცა საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, ამით მან აჩვენა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია, მოახდინოს თავისი ძალის დემონსტრირება.
- სტილიც იგივეა. მაშინაც ადგილობრივი რეჟიმის მოთხოვნით მოხდა ავღანეთში ჯარების შეყვანა და ავღანეთშიც ისეთივე ძალთა ბალანსი იყო, როგორიც არის სირიაში დღეს, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამ ორ მოვლენას შორის განსხვავებებიც არსებობს.
- მთავარი განსხვავება ისაა, რომ ავღანეთში საბჭოთა კავშირს არ ჰყავდა მოკავშირე. სირიაში კი რუსეთს მოკავშირედ ჰყავს ირანის ისლამური რესპუბლიკა, ლიბანში მოქმედი მმართველი ძალა ჰესბოლა. რუსეთს ჩინეთმაც დაუჭირა მხარი, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
- არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთმა მოახერხა რუსეთის ჩათრევა რთულ ომში, დიდ ავანტიურაში.
- რუსეთი სირიაში საბრძოლველად არავინ არ ჩაითრია. რუსეთმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს შესასრულებელი.
- არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მოკავშირეებმა რუსეთი გარკვეულ ეტაპზე მარტო დატოვონ?
- ირანი და ჩინეთი რუსეთს მარტო არ დატოვებენ, პირველ ეტაპზე მაინც. ირანისათვის ასადის რეჟიმის, ანუ სირიაში მოკავშირე ხელისუფლების არსებობა აუცილებელი ფაქტორია. ამიტომ ირანი ნამდვილად არ მიატოვებს რუსეთს. შეიძლება ჩინეთმა უფრო გადადგას ასეთი ნაბიჯი. თუმცა, ამ დროისათვის ჩინეთი იქნება რუსეთთან ალიანსში.
ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთს უპირისპირდებიან აშშ, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები. ევროკავშირის პოზიციები გაურკვეველი და ბუნდოვანია.
- ევროკავშირის სახელით საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთთან უნდა ითანამშრომლონ ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ, ანუ ევროპა, ფაქტობრივად, მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის. თუ დასჭირდება, სტრატეგიული პარტნიორობაც კი აღადგინოს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები ამ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
- შეიძლება ევროკავშირს სურს, რუსეთმა მათი საქმე გააკეთოს სირიაში, მაგრამ რუსეთი სირიაში ისლამურ სახელმწიფოს კი არა, ასადის ოპოზიციას ებრძვის.
- ასადის მეორე ოპოზიციაში, ზომიერ ისლამისტებში, არიან ანტირუსული ძალები. მათ შემადგენლობაში ომობენ ჩრდილოკავკასიელი მოჯაჰედები, რომლებიც გაერთიანებული არიან კავკასიური იმამატის შემადგენლობაში, რომელიც შეიქმნა დოკუ უმაროვის პერიოდში. რუსეთი იმიტომ ბომბავს ზომიერ ოპოზიციას, რომ იქ არიან მისი უშუალო მოსისხლე მტრები.
- ავღანეთში საბჭოთა კავშირი და ამერიკა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. აქაც, როგორც ჩანს, ამერიკა და რუსეთი იქნებიან დაპირისპირებულები.
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ევროკავშირი მთლად არ უპირისპირდება რუსეთს სირიაში მოქმედებებთან დაკავშირებით.
- რუსეთი მსოფლიო ჰეგემონიისთვის იბრძვის?
- დიახ, მსოფლიო ჰეგემონობისთვის არის ბრძოლა.
- რუსეთს აქვს იმის რესურსი, რომ ეს რთული ამოცანა შეასრულოს?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა დღეს კრიზისს განიცდის, საკმარისად ძლიერი ბაზისი გააჩნია. სოციალური უსაფრთხოების კუთხით, რუსეთს აქვს გარანტირებული ელემენტები, ანუ რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა საკმარისად პროგნოზირებადია. მისი ეკონომიკის 25% ენერგომატარებლებს უჭირავს, ანუ ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 25% მოდის ენერგომატარებლებზე. ენერგომატარებლები, ჯერჯერობით, მოთხოვნადია ევროკავშირის მიმართულებით. შეიძლება, რუსეთმა ირანული გაზიც შეისყიდოს.
„ახალი თაობა“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ისლამური სახელმწიფო საქართველოს ჩრდილოეთ ოსეთიდანაც მოუახლოვდა
ისლამური სახელმწიფო საქართველოს სულ უფრო უახლოვდება. როგორც ირკვევა, მისი მხარდამჭერები ჩვენს სამეზობლოშიც გამოჩნდნენ. ხალიფატის მხარეს საომრად ჩეჩნების წასვლა არავის უკვირს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რადიკალი ისლამისტები ჩრდილოეთ ოსეთშიც ყოფილან.
ოსური მედია მათ ზუსტ რაოდენობას ვერ ან არ ასახელებს. მათთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარეს საომრად მათგან 7 კაცი წავიდა.
ადგილობრივების განცხადებით, 1 მათგანი სირიაში უშუალოდ ვლადიკავკაზიდან გაემგზავრა, დანარჩენები კი ცხელ წერტილში მოსკოვიდან წავიდნენ.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ამ პრობლემაზე ღიად საუბარს აქამდე თავს არიდებდა, მაგრამ, ეტყობა, საქმე იმაზე რთულად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
„ახალი თაობა“ უკვე წერდა, რომ 2 წლის წინ ალანიის ხელისუფლებამ სირიაში მცხოვრებ ოსებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა. დღევანდელი მონაცემებით, სირიაში 2.000-მდე ოსი რჩება. დანარჩენებმა ევროპის ქვეყნებში ჰპოვეს თავშესაფარი.
მდგომარეობა რომ სახარბიელო არ არის, ამას მოსკოვიც კარგად ხვდება და ამიტომაც დაიწყო ამ საკითხზე საჯარო დისკუსიები. საინტერესოა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დასკვნის განხილვა ვლადიკავკაზიდან დაიწყო.
177 გვერდიანი დასკვნა ექსპერტთა ჯგუფების მიერ არის დაწერილი. ოსური მედიის ცნობით, მის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ექსპერტები ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში.
მოცულობითი დოკუმენტის საჯარო განხილვა ვლადიკავკაზში გუშინ, 14 ოქტომბერს, გაიმართა. დასკვნაში საუბარია როგორც ამ სახელმწიფოს შექმნის მიზეზებზე, ასევე მის სამომავლო პერსპექტივებზე.
ცოტა ხნის წინ რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში ჩაება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობის საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელია.
გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ისლამისტებმა რუსეთს და ამერიკას ჯიჰადი ანუ საღვთო ომი გამოუცხადეს. ეს ამ ქვეყნებს არცთუ სასიამოვნო პერსპექტივას უქადის.
ვლადიკავკაზში თავმოყრილი ექსპერტები ხალიფატს დიდი ხიფათის მატარებლად მიიჩნევენ, მაგრამ, როგორც ისინი ამბობენ, მათზე მაინც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ხალხს შექმნილი. ამაში კი რუსული და დასავლური მედიის ნაწილს ადანაშაულებენ. რომლებიც, მათი თქმით, ისლამისტებს, როგორც დაუმარცხებელ ძალას, ისე წარმოაჩენენ,
- ისლამური სახელმწიფო საკმაოდ დიდი საფრთხეა, 90-იან წლებში მისგან გაცილებით დიდი ზიანი მოგვადგებოდა, ახლა სხვანაირად არის საქმე. საფრთხეები არის, მაგრამ ისინი აქ ტერაქტების მოწყობას ასე იოლად ვერ შეძლებენ. რუსეთს ტერორიზმთან და ტერორისტებთან ბრძოლის კარგი გამოცდილება აქვს, – აცხადებს ფაკიხ ბადერხანი.
მისი თქმით, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობა. ფაკიხ ბადერხანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები რომელი რელიგიის მიმდევრები იქნებიან.
177 გვერდიან დასკვნაში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ ახერხებენ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ახალგაზრდების გადაბირებას.
ექსპერტების განმარტებით, გადაბირება ძირითადად სოციალური ქსელით ხდება. სხვათა შორის, საქართველოშიც ამ მეთოდს იყენებენ. საქართველოდან ხალიფატის მხარეს საომრად 100-ზე მეტი ახალგაზრდაა წასული.
ვლადიკავკაზში შეკრებილი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ისლამისტთა იდეოლოგები მომხრეებს მთელი რუსეთის მასშტაბით ეძებენ.
ისლამური სახელმწიფოს აგიტატორები განსაკუთრებულ ყურადღებას ჩრდილოეთ კავკასიას, ვოლგისპირეთს და ყირიმს აქცევენ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის მიმდევარია.
რუსი და ჩრდილოკავკასიელი ექსპერტები ისლამისტებს პიარხელოვნებასაც უქებენ. მათი თქმით, ხალიფატის წარმომადგენლები თავის საქმიანობას შესაშურ რეკლამას უწევენ და ახალგაზრდებში ინტერესს აღვიძებენ.
დისკუსიის მიმდინარეობის დროს გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდების მოსაზიდად მარტო სოციალური ქსელი არ გამოიყენება.
რუსეთის ტერიტორიაზე უკვე დაუწყიათ პრიალა ჟურნალების დარიგება, ეს ჟურნალები პროპაგანდისტული ხასიათისაა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო.
ისლამისტები თავიდანვე ხალიფატზე არ იწყებენ საუბარს. ახალგაზრდებს საწყის ეტაპზე სოციალური და ეთნიკური თემებით აინტერესებენ. განსაკუთრებით დიდი ყურადღება თურმე სოციალური უსამართლობის თემას ექცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის აღშფოთებას იწვევს.
————
ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთიდან ხალიფატის მხარეს საომრად 7 ახალგაზრდა წავიდა. მეზობელი ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან კი – 400. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, ხალიფატის მხარეს საომრად წასულთა რაოდენობა გაცილებით დიდია.
მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ექსპერტები ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას ურჩევენ.
- ალანიის ხელისუფლებას მკაცრი ზომების გატარება მართებს. მართალია, რესპუბლიკაში ძირითადად მართლმადიდებლები ცხოვრობენ, მაგრამ რადიკალური ისლამის გავრცელების მაღალი საფრთხე არსებობს. ამის ნათელ მაგალითს მართლმადიდებლური საქართველო წარმოადგენს, საიდანაც ბევრი ეთნიკური ქართველი წავიდა ხალიფატის მხარეს საომრად, – აღნიშნეს ექსპერტებმა.
ეს განცხადება ექსპერტებმა, სავარაუდოდ, ოსთა დასაფრთხობად გააკეთეს. საეჭვოა, მათ არ სცოდნოდათ, რომ საქართველოდან სირიაში საომრად ძირითადად პანკისელი ქისტები მიდიან, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან.
„ალია“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
რატომ გაახსენდა ჰააგის სასამართლოს 2008 წლის ომის გამოძიება ახლა და რა ელოდება საქართველოს?
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ ერთერთ დანაშაულად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას მიიჩნევს. „პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
(…)
რატომ გაახსენდა ჰააგის ტრიბუნალს მაინცდამაინც ახლა 2008 წლის ომის დანაშაულთა გამოძიება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გამოძიებას?
„ალიას“ კითხვებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია უპასუხებს:
- ბატონო ვახტანგ, 2008 წლის ომიდან 7 წელზე მეტი გავიდა და რაღა ახლა გაახსენდა ჰააგის ტრიბუნალს იმ დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება? აქამდე სად იყვნენ?
- საქართველოს ჰქონდა, გარკვეული ვადა, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოეძიებინა, გამოევლინა დამნაშავენი და დაესაჯა. ჩვენმა პროკურატურამ, როგორც შიდა საქმეებზე იცის წაყრუება და გამოსაძიებელი საქმეების უგულებელყოფა, ამ საქმეთა გამოძიებაც მიაფუჩეჩა. მართალია, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით კვალიფიციური გამოძიება აწარმოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი ჩვენს გამომძიებლებს ხელი არ მიუწვდებდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლადო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჰააგის ტრიბუნალისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის და ვერც იქნებოდა. თუ ჩატარდა გამოძიება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშ სად არის შედეგი? გამოვლინდა კონკრეტული დანაშაული და დაისაჯა ვინმე? ცხადია, არავინ. როგორც ჩანს, არც ჰააგის სასამართლოს გადასცეს სავარაუდო დამნაშავეთა მამხილებელი მტკიცებულებები და არც თავად დასაჯეს ვინმე. ამიტომაც ახლა საქმეში ჩაერთო ჰააგის პროკურორი. რუსეთის მხარემაც შექმნა ამ ომის სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი, ჩაატარეს გამოძიება და დადეს შედეგები. რამდენად სანდო და ობიექტური იყო ეს შედეგები, ეს სხვა საქმეა. ჩვენებს ესეც არ გაუკეთებიათ, არც წინა ხელისუფლებას და არც ახლანდელს. კი, იყო რაღაც გამოძიება, მაგრამ არასრულყოფილი, არასრულფასოვანი და შესაბამისად, ჰააგის სასამართლოსთვის არასაკმარისი და არასანდო დასკვნა. შედეგიც სახეზეა – ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა ჩამოდის ხელახლა გამოსაძიებლად.
- ქართულ მხარეს რომ ჩაეტარებინა სრულყოფილი გამოძიება, მაშინ რა მოხდებოდა?
- ასეთ შემთხვევაში, ჰააგის ტრიბუნალი გამოძიებას აღარ დაიწყებდა, ქართული და რუსული მხარის მიერ გამოძიებული მასალები საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემოდა და შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებდა მხარეთა დანაშაულების შესახებ და განაჩენსაც გამოიტანდა.
- ყველაზე უარესს რას შეიძლება ვალოდეთ ამ გამოძიებისგან?
- ჰააგის ტრიბუნალს ქვეყნის გასამართლების უფლება არ აქვს, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ გამოძიებით არაფერი დაუშავდება. გამოძიება გამოააშკარავებს 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს და იმ პირებს, ვისაც ამ დანაშაულში ბრალი მოუძღვით. ესენი კი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალი სამხედრო ჩინები შეიძლება იყვნენ.
- შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაც გამოიკვეთოს გამოძიების პროცესში?
- მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მას ჰქონდა სრული ინფორმაცია, რა ხდებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. თუ იქ იმ ტიპის დანაშაულები ხდებოდა, რაც ბენსუდას მოხსენებაშია ჩამოთვლილი, ცხადია, მათი ნაწილის აღკვეთა შეეძლო. ძალიან არ გვინდა ამის აღიარება, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული მხარე საარტილერიო ცეცხლით ცხინვალს, საკუთარ მოქალაქეებს ბომბავდა. არა მარტო მიხეილ სააკაშვილი, იმჟამინდელი ხელისუფლების სხვა პოლიტიკოსების ბრალეულობაც გამოიკვეთება. ასევე, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისაც, რომლებიც იმ ომის დროს უკანონო ბრძანებებს გასცემდნენ და იმ დანაშაულების ნაწილს, რაც ჩამოთვლილია ფატუ ბენსუდას მოხსენებაში, თავად უწყობდნენ ხელს. ცხადია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ხელმძღვანელების დანაშაულებიც გამოსაძიებელია, მათაც დიდი ბრალი აქვთ იმ ომში და ეს ხალხი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ცხადია, რუსეთის ხელისუფლებასაც აქვს არაერთი დანაშაული ჩადენილი და ეს ბენსუდას მოხსენებაშიც არის ნახსენები. ბოლოს და ბოლოს, მე და თქვენ ერთმანეთს ხომ არ მოვატყუებთ და ორივემ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც ქართული, ასევე ოსური და რუსული მხრიდან იყო ეთნიკური ნიშნით დევნა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და სხვა სახის დანაშაულები და ქართული მხრიდან ამ ყველაფერზე ძველი ხელისუფლების ლიდერები გასცემდნენ ბრძანებებს.
- თუ ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, ეს ხალხი ჰააგაში მოიხდის სასჯელს?
- თუ დამნაშავედ ცნეს, მაშინ ჰააგის ტრიბუნალი დაავალებს საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს ჰააგას დამნაშავენი და ცხადია, ჰააგის სპეციალურ ციხეში მოიხდიან სასჯელს, ისევე როგორც ომის დანაშაულში მსჯავრდადებული სხვა პირები. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირები საქართველოს ტერიტორიის მიღმა იმყოფებიან, მაშინ მათზე გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. ამას თავად ტრიბუნალი უზრუნველყოფს.
- ჩვენს მხარეს რომ სრულყოფილად გამოეძიებინა საქმე და დამნაშავენი გამოეაშკარავებინა, მაშინ საქართველოში მოიხდიდნენ სასჯელს?
- კი, ეს რომ ქართულ მხარეს გაეკეთებინა, საქართველოში მოიხდიდნენ სასჯელს.
„რეზონანსი“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ჰააგის მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს
თიკო ოსმანოვა
(შემოკლებით)
“ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ორ ეპიზოდში ითხოვს, სადაც ერთ-ერთში ქართველი შეიარაღებული ძალების შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. პროკურორის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში. რუსეთი ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, რასაც 113 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 18500 კი იძულებით გააძევეს საკუთარი სახლებიდან. პროკურორმა სამშაბათს სასამართლოს საქმის გამოძიების დაწყების ნებართვაზე ოფიციალურად მიმართა. ეს გამოძიება ეხება თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამშვიდობო ძალებზე. როგორც პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ბოლო პერიოდში ამ საქმეების გამოძიება შეჩერდა, რამაც საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციის საკითხი წამოჭრა, რადგან, წესდების თანახმად, საერთაშორისო სასამართლო, როგორც უკანასკნელი ინსტანცია, საქმეს იძიებს მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნაციონალური ორგანოები ამას არ ან ვერ ახორციელებენ. 54 წლის ფატუ ბენსუდა არის დასავლეთაფრიკული სახელმწიფო გამბიის მოქალაქე, პროფესიით – იურისტი და 2012 წლიდან ის ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორია. ის აცხადებს, რომ გამოძიება შეეხება ორივე, როგორც რუსული ასევე ქართული, მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.
(…)
თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათ ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორის თამარ თომაშვილის თქმით, გამოძიება ეცდება დაადგინოს კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული იმ ეპიზოდში, სადაც ქართული შეიარაღებული ძალების მიერ შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. იმის ალბათობა, რომ საქართველოს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არის ძალიან უმნიშვნელო.
“ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ნებართვა სთხოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული ტრიბუნალი, არ ვიცი. თუმცა, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი პროკურორის ოფისი ძალიან მაღალ დონეზე შეისწავლის ფაქტებს და მხოლოდ იმ შემთხვევებს წარადგენს, რომლებიც მიაჩნია, რომ აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს. თვითონ პროკურორი გამოძიების დაწყებას ითხოვს ორ ეპიზოდზე: პირველი, ეს არის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც საუბარია, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების და ასევე, რუსეთის ძალების შესაძლო პასუხისმგებლობაზე, რაც ძალიან კარგია. გამოდის, რომ პროკურორის ოფისი ფიქრობს, რომ ეთნიკური წმენდის საკითხში მნიშვნელოვანია არა მარტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯარის მიერ განხორციელებული ქმედებების შესწავლა, არამედ რუსი სამხედროებისაც. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს. აქ საუბარია ორ სხვადასხვა მოვლენაზე. პირველი საქმის გამოძიება შეეხება 2008 წლის 1 ივლისიდან მიმდინარე მოვლენებს, როდესაც რამდენიმე ქართველი სამშვიდობო გარდაიცვალა. მეორე ინციდენტია ე.წ. ვერხნი გოროდოკის დაბომბვა. ეს იყო რუსეთის სამშვიდობო ჯარების შტაბი, რომელიც არის ცხინვალთან შემაღლებულ ტერიტორიაზე. ქართველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქიდან ხდებოდა ქართულ ჯარზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაზე ინფორმაციის გადაცემა. რუსები ამბობენ, რომ ქართველებმა დაბომბეს ეს ტერიტორია. ქართველი ჯარისკაცები კი გამოძიების ეტაპზე, რამდენადაც მახსოვს, ამბობდნენ, რომ იქ იყო სამხედრო ობიექტი და პირველი იქიდან გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად ეს ერთი ეპიზოდია, სადაც ქართული მხარის დანაშაულზეა საუბარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ სასამართლო. მან შეიძლება დააკმაყოფილოს პირველ ეპიზოდზე საქმის გამოძიების დაწყება ან ორივე ერთად”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას თომაშვილი. მისივე თქმით, გამოძიება დაიწყება კონკრეტულ ეპიზოდებზე და არა მთლიანად მოვლენაზე. მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება დადგეს მაღალი თანამდებობის პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.
“ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი აინტერესებს. საუბარია სახელმწიფოს მეთაურზე, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებზე, გენშტაბის უფროსზე, დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე და სხვა. მათ სურთ გაიგონ, ვინ დაგეგმა და ვინ გასცა ესა თუ ის ბრძანება. მათ ჩვეულებრივი ჯარისკაცების ქმედებების გამოძიებაზე ამდენი ფინანსების დახარჯვა არ უღირთ. აღსანიშნავია, რომ დაბალი დონის სამხედრო შეტაკებების გადაწყვეტილებაზე არასოდეს არ იღებენ მონაწილეობას პრეზიდენტები, ამიტომ ამაზე საუბარიც სასაცილოა. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ეთნიკურ წმენდაზე, ეს არის გამიზნული ქმედება, იმის გადაწყვეტა, რომ კონკრეტული ტერიტორია გაწმინდო გარკვეული ეთნიკური ჯგუფისგან. როგორც წესი, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი თანამდებობის პირები. ეს უკვე სასამართლოზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ დადგება თუ არა რუსეთის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება სპეკულაცია იქნება. ამას ძალიან კარგი მტკიცებულება უნდა, რომელიც დაასაბუთებს, რომ ეთნიკური წმენდის შესახებ პუტინი ინფორმირებული იყო. მეორე საკითხია ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი, რაშიც ეჭვი მეპარება. სავარაუდოდ, სასამართლოს მტკიცებულების კუთხით პრობლემები შეექმნება. თუმცა გამორიცხული არაფერია”, – გვითხრა თამარ თომაშვილმა.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არც ერთ შემთხვევაში არ დაზარალდება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, საქართველოს არ განუხორციელებია აგრესია, სხვის ტერიტორიაზე არ გადასულა და ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამდენად, ვოლსკის თქმით, აქ საქართველოს ბრალეულობა არ შეიძლება იყოს. მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ ცხივალის რეგიონიდან გამოძევებულია ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რასაც ეთნიკური წმენდა ჰქვია და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს. “რუსეთმა ძალიან მზაკვრული გონივრულობით დაგეგმა მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, შემოჭრა და აქ სამხედრო დასწრების გაძლიერება. ეს გეგმა რუსეთმა განახორციელა იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომების საფუძველზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ნებსით თუ უნებლიეთ დაუშვა. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის და იმავე დღეებში განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს მნიშვნელოვანწილად აისახა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალური კომისიის მასალებში. ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ, საქმის პოლიტიკური ნაწილია. არსებობს სამართლებრივი საკითხები, რომლებშიც ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან მას საშუალება არ ჰქონდა, ქართული მხარის მიერ შეგროვებულ მასალას გასცნობოდა. აქედან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, რამის მტკიცება აბსოლუტურად შეუძლებელია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„რეზონანსი“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
საზოგადოების თვალსაზრისი: გაქვთ თუ არა იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს და დასჯის დამნაშავეებს?
გვანცა ღვედაშვილი
(შემოკლებით)
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ სამშაბათს სასამართლოს 2008 წლის ომის საქმის გამოძიების დაწყების ნებართვაზე ოფიციალურად მიმართა. ეს გამოძიება ეხება თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამშვიდობო ძალებზე.
გაქვთ თუ არა იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ეფექტურად გამოიძიებს და დასჯის დამნაშავეებს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): როცა საქმე ეხება დიდ სახელმწიფოს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ვერ მოუძებნი ადეკვატურ სასჯელს, რადგან ის არ გაიზიარებს ამ გადაწყვეტილებას და ეს ქაღალდზე დარჩება. თუმცა ჩვენ გვაქვს ამის ისტორიული გამოცდილება, როდესაც გერმანიას ფაშიზმისთვის დაეკისრა სანქციები. ახლა ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს თუმცა რეალურად რამის იძუულება რუსეთისთვის არარეალური მგონია. ჰააგის სასამართლო ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყევტილებას, რომელიც რუსეთის დასჯაზე იქნება ორიენტირებული.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მე მაქვს იმედი, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს ობიექტურად გამოიძიებს, და ზუსტად ის იქნება, რაც საქართველოს უწერია. არსებობს სხვა სარჩელიც ჰააგის სასამართლოში და ვიმედოვნებ, მათი გამოძიება ეფექტური და ობიექტური იქნება.
ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): ძალიან მეეჭვება, ევროპაში ვინმემ რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ზოგადად რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით არსებობს შეხედულება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თუ ეს დადასტურდა, ჰააგის სასამართლოს არ გაუჭირდება სანქციების დაკისრება. თუმცა თუ რუსეთის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ძალიან საინტერესოა, მისთვის რა სანქციების დაკისრებას გაბედავს.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა, რუსეთი და ევროპა თანამშრომლობენ. იმ დიდ თამაშში, რომელშიც რუსეთი და ევროპა იღებდა მონაწილეობას, საქართველოც ჩაება. რუსეთი ჩვენგან ტერიტორიებს ითვისებს, სანაცვლოდ კი საქართველო ევროპისგან გარკვეულ ფულად დახმარებას იღებს. ომის დაწყება რუსეთთან დიდი უაზრობა იყო, რადგან 4-მილიონიანი ქვეყანა 140-მილიონიანთან ომს რომ იწყებ, ჭკუა ხომ უნდა გქონდეს. საქართველოს მთავრობას რომ მხოლოდ თავი დაეცვა და არ ემოქმედა არაადეკვატურად, ჩვენ გასასამართლებელი საბუთი გვექნებოდა. თუმცა ახლა რომ ჰააგის სასამართლომ ჩვენ დაგვდოს ბრალი, გამოდის რომ ახალმა მთავრობამ უნდა აგოს პასუხი, რადგან წინა მთავრობა აღარ არის, სააკაშვილის დაუფიქრებელი და არაგონივრული გადაწყვეტილებები კი შეიძლება ჩვენ დაგვედოს ვალად. რუსეთი თუ ცნეს დამნაშევედ, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არა მგონია რაიმე შედეგი მოიტანოს ჰააგის მიერ გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა.
„ვერსია“, 15 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს ლათინურამერიკული დიპლომატია
რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი
მაკა ლომაძე
(შემოკლებით)
საქართველომ, რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანასთან გააფორმა უვიზო მიმოსვლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ჭოჭუა ,,ვერსიას” ექსკლუზიურად ესაუბრება იმაზე, რა სარგებელს მიიღებენ ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მსგავსი ხელშეკრულება იმ სივრცესთან, რომელთანაც არც ისე მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს.
- ბატონო დავით, კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან გაფორმდა უვიზო რეჟიმი?
- ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, 22-26 ივნისს, ხელი მოეწერა უვიზო რეჟიმს არგენტინასთან, ურუგვაისა და ჩილესთან. არგენტინას ძლიერი ეკონომიკა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამ სფეროში გარკვეული სირთულეებიცაა, სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ჩილე ყოველთვის გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და სანტიაგოს ცენტრში იმდენი მსხვილი კომპანიის ოფისი იყრის თავს, მანჰეტენის ალეგორიით ,,სანჰეტენსაც” უწოდებენ. ამ ორ ქვეყანასთან გამოცდილება შეიძლება გაიცვალოს ღვინის წარმოებაში. განსაკუთრებით ჩილესთან, რომელსაც, როგორც მწარმოებელს, ამერიკის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ურუგვაი კი ჩვენთვის საინტერესოა, რადგან მისი და ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ერთნაირია და იქაც, სოფლის მეურნეობის მრავალი დარგია განვითარებული. მანამდე, უვიზო მიმოსვლას ხელი მოეწერა ბრაზილიასთან – რეგიონში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, რომელიც ბოლო წლებში გლობალურ ძალად ჩამოყალიბდა. ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ, ამ ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში იყვნენ. ეს ეხება როგორც დიპლომატიური და სამსახურეობრივი, ასევე ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს. ანალოგიური რეჟიმით სარგებლობენ ამ ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ყოფნისას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ბევრი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს ყოლა. ადრე არ გაგვაჩნდა რესურსი, ყველა მნიშვნელოვან რეგიონში, მათ შორის ლათინურ ამერიკაში გვყოლოდა წარმომადგენლობები. დღეს უკვე საელჩოები გვაქვს ბრაზილიაში, მექსიკაში, არგენტინაში, მალე გაიხსნება კუბაზეც. ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება. საქართველო რეგიონში ცნობილია, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. ახლახან, გაერო- ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატებული შეხვედრები ჰქონდათ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს და მზად ვართ, თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები აშშ, ნატო და ევროკავშირია. მათთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია ახალი რეგიონების ათვისება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, კარგი გეო-პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური მდებარეობა გვაქვს. ვსარგებლობთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით მეზობელ ქვეყნებთან, ამას გარდა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური ინვესტორი საქართველოს განიხილავს, როგორც ამ ერთიანი, დიდი სივრცის საკვანძო ნაწილს, ჰაბს. ამას ემატება განვითარებული ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ბიუროკრატიული პროცესების სიმარტივე, რაც საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს.
- სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებიდან, ბრაზილიის საელჩო საქართველოში წარმოდგენილი არ არის. რამდენად დააჩქარებს საელჩოების გახსნას უვიზო რეჟიმი?
- ეს დამოკიდებულია მათ რესურსებზე. თუმცა, არარეზიდენტ ელჩებთანაც შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და ისინი ხშირად ჩამოდიან საქართველოში. აღნიშნულ ქვეყნებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ისე სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში. საქართველოში მათი საელჩოების გახსნის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში და ამ საკითხს, ზოგადად, საქართველოს ცნობადობის ამაღლება დააჩქარებს.
- უვიზო რეჟიმი რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს?
- საქართველოში ვიზიტად უკვე ჩამოდიან რეგიონიდან ბიზნესჯგუფები, რაც უვიზო რეჟიმის, ბიუროკრატიის არარსებობის პირობებში, ბევრად მარტივია. ანალოგიური არგუმენტით სარგებლობდნენ ათწლეულების წინ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესჯგუფები, როდესაც ევროპაში უვიზო რეჟიმის შემოღებას ლობირებდნენ. ზოგადად, თავისუფალი მიმოსვლა ხალხებსაც დააახლოებს. მაგალითად, არგენტინის ერთ-ერთ წამყვან, ლა-პლატას უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. ისტორიული კავშირები დიდი ხანია, არსებობს, რადგან არგენტინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1918 წელს. აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნების საგანმანათლებლო სასწავლებლებთან – როგორც დიპლომატიურ აკადემიებთან, ისე უნივერსიტეტებთან. გაისად ბრაზილიაში ოლიმპიადაა და მსურველებს უპრობლემოდ შეეძლებათ გამგზავრება. ასე რომ, არგენტინისა და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ქართველი ,,ფანებიც” მოვიმადლიერეთ. რეგიონში საელჩოები სულ რამდენიმე წელია გვაქვს და ბევრ კარგ საქმეს უკვე ჩაეყარა საფუძველი. თანამშრომლობას, მომავალში, უფრო გავაღრმავებთ.
- ანუ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში მთავარი შედეგი უკვე დადგა?
- ამ ეტაპისთვის მთავარი მიზანი მიღწეულია: საქართველოს ცნობადობა მაღალია. რამდენიმე წლის წინ კი თითქმის არავის სმენოდა საქართველოზე. რაც მთავარია, საქართველოს აქვს პოზიტიური – წარმატებული ქვეყნის იმიჯი. მესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ არ აქვს საშუალება, ესტუმროს ტურისტული თვალსაზრისით ამ მიმზიდველ ქვეყნებს. უვიზო რეჟიმის პრივილეგიის სრული გამოყენება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ავიაკომპანიების გადაწყვეტილება ფრენების დანიშვნის თაობაზე, ბილეთის საფასური… იმედია, სამხრეთ ამერიკაში წასვლა ფინანსურადაც ისე ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ეს ვიზის თვალსაზრისით მოვახერხეთ. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც _ ჩაფრენამდე, ზოგჯერ 32 საათიც კია საჭირო, ჩარტერული რეისების გამო. მნიშვნელოვანია კულტურული გაცვლის კომპონენტიც. ბრაზილიაში, მექსიკასა და არგენტინაში რამდენჯერმე ჩატარდა ქართული ფილმების რეტროსპექტივა, ფოტოგამოფენები, რეგიონში წარმატებით აღინიშნა საქართველოს კულტურის დღეებიც. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საპატიო კონსულებიც. მაგალითად, გვატემალაში, საპატიო კონსულმა დააარსა ქართულ- გვატემალური ინსტიტუტი, რომელიც საჯარო მოხელეებს ჩვენი რეგიონის და საქართველოს შესახებს ინფორმაციას აწვდის. აქტიური საპატიო კონსული გვყავს პანამაში და პერუში _ ამ უკანასკნელმა, საქველმოქმედო ღონისძიებაც კი მოაწყო თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთა მხარდასაჭერად. დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნების დაინტერესებას საქართველოს რეფორმებით. რამდენიმე კვირის წინ, კოლუმბიის პრეზიდენტის უშუალო დავალებით, თბილისში ჩამოვიდა უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელმაც შეისწავლა, როგორ ხდება ჩვენთან საჯარო სექტორის ადმინისტრირება. მაგალითად, როგორ მუშაობს იუსტიციის სახლები, საბაჟო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო… ინფორმაცია მალე ვრცელდება და ბევრ ქვეყანაში იციან, რომ ეფექტური ელექტრონული მმართველობა გვაქვს. ამით დაინტერესდა იამაიკა, გაიანა და სურინამიც.
(…)
- ქართველ ბიზნესმენებთან გაქვთ კონსულტაციები? რის ექსპირტს ურჩევთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში?
- საინტერესო იქნებოდა ჩვენი ლიმონათის ექსპორტი _ სამხრეთ ამერიკელებისთვის, მაგალითად, ტარხუნის ლიმონათი, ეგზოტიკას წარმოადგენს. ძალიან მოსწონთ. რიგი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან სასუქებითაც. რეგიონში ჩვენი საელჩოების ძალისხმევით გავჭერით არხი, რათა ქართულმა ბიზნესსექტორმა უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ლათინური ამერიკის ბიზნესწრეებთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ სავაჭრო პალატასთანაც და მუდამ ვაწვდით ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. კონტაქტების დამყარებასა და ინფორმაციის მიღებაში, ბიზნესმენებს ყოველთვის სიამოვნებით დავეხმარებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სავაჭრო პალატის ჩართულობით.