globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 16th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Delfi» (ლიტვა): ინტერვიუ ქართველ მინისტრთან: „რუსეთს სულ სხვა ლოგიკა და აზროვნების სისტემა აქვს“

«The National Interest» (აშშ): დიახ, ვლადიმირ პუტინს აქვს სტრატეგია სირიაში // რუსეთს საუკეთესო ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რომელმაც მოსკოვის თხოვნით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

«Собеседник» (რუსეთი): დაკარგული აფხაზეთი: რა მდგომარეობაშია მისი უკანასკნელი შედევრები

«Новая газета – СПБ» (რუსეთი): „საქართველო – სიყვარულის ტერიტორია“

«Комсомольская правда» (რუსეთი): ქართველის გულისხმიერი ჟესტი: მიხეილ სააკაშვილმა თავის ფავორიტს ოდესის საბაჟოს უფროსობა უბოძა

————-

«Delfi» (ლიტვა), 16 ოქტომბერი, 2015 წელი

http://ru.delfi.lt/news/politics/gruzinskij-ministr-u-rossii-sovsem-inaya-logika-i-sistema-myshleniya.d?id=69275742

ინტერვიუ ქართველ მინისტრთან: „რუსეთს სულ სხვა ლოგიკა და აზროვნების სისტემა აქვს“

კონსტანტინ ამელიუშკინი

საქართველოში ომის გაკვეთილები ვერ გაითვალისწინეს. მთავარი არსი იმაშია, რომ რუსეთს სულ სხვა ლოგიკა და აზროვნების სისტემა აქვს. რუსეთი გზავნილებს სულ სხვაგვარად აღიქვამს, ვაშინგტონისაგან, ლონდონისაგან, პარიზისაგან და სხვა დასავლეთევროპული დედაქალაქებისაგან განსხვავებით, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, საქართველოსთვის რუსეთი  პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს: „მცოცავი აგრესია გრძელდება“, – აცხადებს მინისტრი, მხედველობაში აქვს რა ოკუპირებული ტერიტორიები. იმავდროულად თავისი ქვეყნის თანამშრომლობას ნატოსთან – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტენსიურად მიიჩნევს და ამ პროცესში ლიტვის როლს მაღალ შეფასებას აძლევს.

- როგორ შეაფასებდით საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ამჟამინდელ დონეს?

- თანამშრომლობა ინტენსიურია. ეს სიტყვა ყველაზე უკეთ ასახავს სიტუაციას. თუ რას ნიშნავს ინტენსივობა, გეტყვით, რომ ხუთი თვის განმავლობაში, რაც მე თავდაცვის მინისტრი ვარ, ნატოს გენერალურ მდივანს უკვე ოთხჯერ შევხვდი, თავის მხრივ, ისიც თბილისში იყო ჩამოსული. ჩვენ ამჯამად „საქართველოს არსებითი მხარდამჭერი პაკეტის“ რეალიზაციის ინტენსიურ ფაზაში ვიმყოფებით, რომელშიც 15 სახელმწიფო მონაწილეობს. მე ვფიქრობ, ეს თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი დონეა, თუმცა, რასაკვირველია, თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებითთ, ჩვენ უფრო მეტისა და დიდისაკენ მივისწრაფით.

- როგორ შეაფასებთ ლიტვის როლს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის პროცესში და საერთოდ, აქვს თუ არა ლიტვას რაიმე როლი?

- რა თქმა უნდა, ლიტვას ასეთი როლი აქვს და სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც… ასევე პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, რომლებიც ტრადიციულად საქართველოს გვერდით არიან და მხარს გვიჭერენ. თუ საქართველო მარტო დარჩება, ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. არიან ქვეყნები, რომლებიც არამარტო მხარს გვიჭერენ, არამედ გულწრფელად აცნობიერებენ ჩვენს პრობლემებს და მოუთმენლობის მიზეზებს. ლიტვა სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ [დასავლეთს] საქართველოს გაკვეთილები რომ გაეთვალისწინებინა, უკრაინაში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, როგორიც დღეს არისო. რა გაკვეთილები გაქვთ მხედველობაში?

- ძნელია იმის თქმა, რა იქნებოდა ან რა არ იქნებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში მომხდარი ამბების გათვალისწინება არ მომხდარა. ყველაზე მთავარი ამ გაკვეთილებიდან ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოს მხოლოდ სამი-ოთხი თვე დასჭირდა, რომ რუსეთთან „ჩვეულებრივ ბიზნეს-ურთიერთობას“ დაბრუნებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო ნატოს წევრი ქვეყნების ძალიან დიდი შეცდომა. ეს ასევე იყო მცდარი გზავნილი რუსეთისათვის – მოსკოვი დარწმუნდა, რომ ალიანსის წევრები მას ხელს არ ახლებენ და შეუძლია როგორც სურს ისე იმოქმედოს. ამრიგად, საქარტველოში რუსეთის შემოჭრაზე [დასავლეთის მკაცრი] რეაქციის არარსებობით დადასტურდა, რომ რუსეთს გავლენის სფეროები ნამდვილად აქვს. მიმაჩნია, რომ ეს ისეთი გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა გაანალიზოს, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების ფონზე. რუსეთი მესიჯებს სულ სხვაგვარად აღიქვამს, ვაშინგტონისაგან, ლონდონისაგან, პარიზისაგან და სხვა დასავლეთევროპული დედაქალაქებისაგან განსხვავებით. რუსეთს აზროვნების სულ სხვა სისტემა აქვს, სხვაგვარი ლოგიკა. მე ვფიქრობ, რომ ეს მომენტი [2008 წელს] მხედველობიდან იქნა გაშვებული, მაგრამ უკრაინის მოვლენების დროს [დასავლეთს] თვალი აეხილა.

- ასეთ ვითარებაში ხედავს თუ არა საქართველო რუსეთის სახით პოტენციურ საფრთხეს და გაქვთ თუ არა რაიმე ურთიერთობა მოსკოვთან ოკუპირებუოლი ტერიტორიების საკითხზე?

რუსეთი საქართველოსთვის პოტენციურ საფრთხეს კი არ წარმოადგენს, არამედ ის უკვე საოკუპაციო ძალაა, ის უკვე არსებული საფრთხეა. თქვენ მეკითხებით, არის თუ არა პროგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით? დიახ, არის პროგრესი – რუსები სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპირებას ახდენენ. „მცოცავი ანექსიის“ ფაქტები ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, თორემ თუ საქართველო მარტო დარჩება, ჩვენ ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ გვექნება.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს საქართველო მარტოა დარჩენილი?

- არა, ასე არ ვფიქრობ, ამიტომაც ვთქვი „თუ“.

«The National Interest» (აშშ), 15 ოქტომბერი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/feature/yes-putin-does-have-strategy-syria-14084?page=2

დიახ, ვლადიმირ პუტინს აქვს სტრატეგია სირიაში

რუსეთს საუკეთესო ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რომელმაც მოსკოვის თხოვნით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინთერესთ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ყოფილი მოადგილე დოვ ზაკჰეიმი, გაანალიზებულია რუსეთის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა ბოლო ხანებში ერთიერთობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ირანთან, ერაყთან, ეგვიპტესტან და ისრაელთან. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვს რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვს. შესაბამისად, როგორც არ უნდა მოისურვოს აშს-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სირია რუსეთისათვის „მეორე ავღანეთად“ არ გადაიქცევა..

იმ დროს, როცა ყველა აღიარებს, რომ რუსეთი მართლაც მიისწრაფვის სირიაში თავისი სამხედრო პოლიტიკური ყოფნის შესანარჩუნებლად, ალიან ცოტა თუ აცნობიერებს იმას, რომ მოსკოვს დღეს უფრო ძლიერ პოზიციები აქვს, ვიდრე არასდროს და თუ გნებავთ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ასეთი მტკიცე გავლენა არ ჰქონია“, – წერს ავტორი. კომუნისტურ საბჭოთა კავშირს ირანთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგამ მოსკოვი ერაყს ეხმარებოდა ირანთან ომში. ასევე კარგი არ იყო რუსეთის ურთიერთობა ეგვიპტესთან (ანვარ სადათმა 1972 წელს ქვეყნიდან 20 ათასი საბჭოთა სამხედრო სპეციალისტი გააძევა და კურსი დასავლეთისაკენ აიღო, ისრაელიც მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირთან… მოკლედ, მოსკოვის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში 70-იან და 80-იან წლებში საკმაოდ შელახული იყო.

როგორი სიტუაციაა დღეს?

„დავიწყოთ იმით, რომ დღეს ირანი და რუსეთი სირიის პრეზიდენტის მთავარი ბასტიონები არიან. რუსეთს მეგობრული ურთიერთობები აქვს ერაყის მთავრობასთან, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. რუსეთმა ასევე განამტკიცა ურთიერთობები ეგვიპტესთან: ბოლო ორი წლის მანძილზე მოსკოვს ეწვია პრეზიდენტი აბდელ ფატახ ალ-სისი, ხოლო ქაიროს – პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. და ბოლოს, რუსეთს საუკეთესო ურთიერთობები აქვს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან – ისრაელთან, მათ შორის ვაჭრობა სწრაფად ფართოვდება, იარაღის შესყიდვის ჩათვლით. მართლაცდა, იერუსლიმი მოსკოვის სურვილებს იმდენად ყურადღებით ეპყრობა, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ, სამხრეთ ოსეთის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს, 2008 წელს, ისრაელმა საქართველოს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა და დღემდე არ აღუდგენია. ისრაელი ყოყმანობს (უარს აცხადებს) მიაწოდოს თუ არა უპილოტო თვითმფრინავები („დრონები“) უკრაინას… ამ ყველაფრით აიხსნება ის, თუ რატომ აქვს დღეს რუსეთს უკეთესი პოზიციები სირიაში და რატომ არ აქვთ სხვებს [დასავლეთის ქვეყნებს], რომლებიც ფაქტიურად მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან“, – წერს ავტორი და ასკვნის: „არსებითად, ვლადიმირ პუტინს ახლო აღმოსავლეთში ყველა ფლანგი ხელთ უპყრია, გარდა იორდანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისა. აშკარაა, რომ სირიის კონფლიქტის საკითხში რუსეთზე ნეგატიურ გავლენას ვერავინ ვერ მოხდენს“.

«Собеседник» (რუსეთი), 16 ოქტომბერი, 2015 წელი

http://sobesednik.ru/turizm/20151015-uteryannaya-abhaziya-vo-chto-prevratilis-ee-poslednie-shedev

დაკარგული აფხაზეთი: რა მდგომარეობაშია მისი უკანასკნელი შედევრები

გაზეთ „სობესედნიკის“ კორესპონდენტი ვიქტორია სავიცკაია აფხაზეთში იმყოფებოდა და თავისი თვალით დაინახა, რა მდგომარეობაში საბჭოთა კავშირისდროინდელი კურორტი-სამოთხე ამჟამად.

აფხაზეთი ჯერ კიდევ მეფის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას იზიდავდა ტურისტებს თავისი საოცრად ლამაზი ბუნებით და მდიდარი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ეს მხარე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოსთან ომის შედეგად, აფხაზეთმა მრავალი ისტორიული ძეგლი დაკარგა. დღეს ისინი სრულიად მიტოვებულია, შიგნით ვერ შეხვალ, შეგეშინდება, რადგან ირგვლივ ნაგავი და… ტუალეტია.

აფხაზეთში ისეთი ქალაქი არ არის, სადაც ტურისტებმა უპატრონო და მიტოვებული, დანგრეული შენობები არ დაინახონ. ზოგიერთი მათგანი წარსული დიდების ნაშთია – მათში მეფის დროიდან პრინცები და მდიდარი ვაჭრები ცხოვრობდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ შენობების ისტორია უკვე დაივიწყა…

სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის ინფრასტრუქტურის ყველაზე მოწყვლადი ადგილია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რკინიგზა სიკვდილის წინა მდგომარეობაშია: „ელექტრიჩკები“ იშვიათად დადიან, დღეში მხოლოდ ორიოდე მატარებელი, სადგურის შენობები მიტოვებული და დანგრეულია, არადა, ოდესღაც ისინი გარემოს ამშვენებდნენ, მაგალითად, ფსირცხის სადგური, რომლის ახლოს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტრო-სადგურია აშენებული. ჩამტვრეული სარკმელები და სიცარიელე რომ არა, ეს შენობა ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა სტამბოლის სადგურს, რომელიც აგატა კრისტის „აღმოსავლეთის ექსპრესშია“ აღწერილი… იგივე მდგომარეობაში 1943 წელს აშენებული გაგრის ვაგზალიც…

რაც შეეხება ძველებურ სახლებს: ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა სოხუმში მდებარეობს, მე-19 საუკუნეში აგებული, მასში ოდესღაც ბერძენი ფოტოგრაფი პიმენიდისი ცხოვრობდა, ახლა კი ერთი ოთახის გარდა, სახლი მიტოვებულია და უდაბურადაა ქცეული… აფხაზი თავადების – ჩაჩბების სასახლე ისტორიულ სოფელ ლიხნში დგას. ლეგენდის თანახმად, მისი მშენებლობის დროს, თავადებს რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდათ, საძირკველში ქალიშვილი და ჭაბუკი ცოცხლად ჩააშენეს, მაგრამ ამ რიტუალის მიზანი არ გამართლდა – სასახლეს მისი მკვიდრებისათვის ბედნიერება არ მოუტანია. დღეს ის ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. „მთავრობას ღირსშესანიშნაობების აღსადგენად ფული არ აქვს, აღსადგენი კი ნამდვილად ბევრია, ჩვენთან ხომ ომი იყო… აი, მოსკოვი თუ დაგვეხმარება, კარგი იქნება, თუმცა რუსეთი ისედაც გვაძლევს ფულს პენსიებისათვის… მოკლედ, ჩვენი სილამაზისათვის ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ“, – ამბობს სააკი, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

სანატორიუმი: ეს ლამაზი შენობა, რომელიც აღმოსავლურ სტილშია აგებული, დღეს ხავსითა და სუროთია შემოსილი. სახურავზე ლამაზი კოშკია დაშენებული. როგორც ჩანს, ამ ვილაში თავდაპირველად ვიღაც მდიდარი ცხოვრობდა, შემდეგ კი, საბჭოთა პერიოდში, სანატორიუმი იყო, თუმცა რაიმე ცნობა შემორჩენილი არ არის. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, შიგნით შესვლა შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ამ ვილის დარბაზში მწერალთა კავშირის წევრთა კრება ტარდებოდა ხოლმე.

«Новая газета – СПБ» (რუსეთი), 16 ოქტომბერი, 2015 წელი

http://i.novayagazeta.spb.ru/files/2015/10/vA1CJKb7oJ9xAMtmHatN.pdf

„საქართველო – სიყვარულის ტერიტორია“

რუსული ყოველკვირეული გაზეთი „ნოვოე ვრემიას“ პეტერბურგული გამოშვებაში გრძელდება კორესპონდენტ ტატიანა ლიხანოვას საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებების გამოქვეყნება საერთო სათაურით „საქარტველო – სიყვარულის ტერიტორია“. წინა სტატიაში ავტორმა ვრცლად მოუთხრო მკითხველებს, თუ როგორ გმირულად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილი კორუფციონერებს, როგორ განახორციელა ადმინისტრაციული რეფორმა, როგორ შექმნა ახალი პოლიცია და ასე შემდეგ.

ამჯერად ტატიანა ლიხანოვა საუბრობს განათლების რეფორმის შესახებ: „საქართველოს არც გაზი არ აქვს და არც ნავთობი, ამიტომ ქვეყნის მთავარ რესურსს ინტელექტუალური პოტენციალი წარმოადგენს. ათეული წლების განმავლობაში საქართველოში განათლების სისტემა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სფეროდ ითვლებოდა“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია ეროვნული გამოცდების თავისებურებანი (სახელმწიფო გრანტის მიღების გარემოებები), საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის მდგომარეობა, ხაზგასმულია სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების და კომპიუტერიზაციის სიკეთე… „ჩემი შთაბეჭდილებების გამოქვეყნებას გაზეთის მომავალ ნომერში გავაგრძელებო“ – პირდება ჟურნალისტი მკითხველებს.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 16 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.msk.kp.ru/daily/26446.4/3316445/

ქართველის გულისხმიერი ჟესტი: მიხეილ სააკაშვილმა თავის ფავორიტს ოდესის საბაჟოს უფროსობა უბოძა

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრვდამ“ ვრცელისტატია გამოქვეყნა ოდესის ოლქის გუბერნატორის საკადრო პოლიტიკის თაობაზე, რომლის დედააზრი ასეთია: საქართველოს ექს-პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს „სუსტი სქესისადმი პატივისცემის“ ტრადიციებს და ოდესაში მაღალ თანამდებობებზე თავისი ჰარამხანის ბინადრებს ნიშნავს (ავტორი – ალექსანდრ გრიშინი).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბოლო საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საბაჟოს უფროსად თავისი მოადგილე, 26 წლის იულია მარუშევსკაია დანიშნა. „არც „კომსმოლკაა“, არც „სპორტსმენკა“, მაგრამ ვიღაცისათვის „კრასავიცაა“, – წერს ავტორი, – ოდესელები ძალიან არიან გაკვირვებულნი, თუ როგორ და გზებით აკეთებს ასეთ თავბრუდამხვევ კარიერას გუშინდელი ასპირანტი… იულიამ ხომ უნივერსიტეტის ასპირანტურა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაამთავრა (იგი ფილოლოგია), დღეს კი მას მეექვსე რანგის სახელმწიფო მოსამსახურის სტატუსი აქვს. ეს ძალიან დიდი „მიღწევაა“ მის ასაკში…

„განა რა ტალანტი აქვს ისეთი ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მასში მხოლოდ მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა შენიშნა? თუმცა ხომ ცნობილია, სილამაზეს საშინელი ძალა აქვსო და ცნობილმა ქართველმა მაჩომაც ქალურ ხიბლს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

მიხეილ სააკაშვილი საოცარი კაცია – იმ გაგებით, რომ რაღაცას ისეთს ჩაიდენს მოულოდნელად, რომ ყველას პირი ღია რჩება. აშკარაა, რომ იგი ოდესელებს კიდევ ბევრჯერ გააკვირვებს, მოწყენის დროს არ მისცემს: “იულიას დანიშვნის შემდეგ ჩვენ საკადრო კონკურსს მოვამზადებთ საბაჟო სფეროში, ახალ ხალხს დავნიშნავთ, რომლებთაც მუშაობაში ქართველი სპეციალისტები დაეხმარებიან“, – განაცხადა მიხომ და ის „ურწმუნო თომები“ დაამშვიდა, ვინც ეჭვს გამოთქვამდა იულია მარუშევსკაიას დანიშვნის გამო.

ექს-პრეზიდენტმა წაიტრაბახა, რომ როგორც კი იულია საბაჟოზე დაინიშნა, მისი შიშით ყველა იქიდან გაიქცაო, გამომძიებლებიც კი, ხოლო უკანონოდ დაკავებული ტვირთები (ალბათ, კორუფციის მიზნით) პატრონებს დაუბრუნდათო. მოკლედ, მიხო თავის ფავორიტებს აქებს და ადიდებს. აშკარაა, ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ქართველი მრჩევლები ურჩევენ. თუ კარგად მოიქცევა, კარგი მიხვრა-მოხვრა ექნება, მას  დააწინაურებენ კიდეც.

ეს ისტორია ერთ ლეგენდას გვახსენებს: ლიდმილა ზიკინა (უფალმა ნათელში ამყოფოს!) ერთ-ერთ სამხრეთ რესპუბლიკის დედაქალაქში იყო ჩასული გასტროლებზე, ტაშის გრიალში მას სცენიდან დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ. მომღერალმა თავისი რეპერტუარი თითქმის მთლიანად იმღერა და ბოლოს მაყურებელს შეევედრა: „ჩემო ძვირფასებო, დიდ მადლობას გიძღვნით, მაგრამ დამასვენეთ, უკვე სიმღერა აღარ შემიძლია, ხმა ჩამიწყდება!“. იმავ წუთს დარბაზი შეევედრა: „ძვირფასო, ნუ იმღერებ! ნე ნადა პეტ, ტი ტოლკო ხოდი ტუდა-სიუდა!“

მარუშევსკაია, შენ მხოლოდ იარე, საქმეს ნუ გააკეთებ. აი, ნახავ, მიხო დაგაწინაურებს. განსაკუთრებით შანსი მაშინ გექნება, როცა იგი პრემიერი გახდება“.

Comments are closed