„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რისთვის მივიდა ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დახურულ სხდომაზე?
„კვირის ქრონიკა“: სად არის ამერიკის საელჩო? სად არის დიპლომატიური კორპუსი, რომელიც წლების მანძილზე ტაშს უკრავდა „ნაცმოძრაობას“?
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არის საფრთხე, სირიის კრიზისი გაღრმავდეს და ამ დროს რუსეთმა კვლავ დაიკავოს საქართველოს ტერიტორია!“
„რეზონანსი“: მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ზღვარზე // “ლტოლვილების მეშვეობით კონფლიქტი უკვე ევროპასაც მიუახლოვდა და საქართველომდეც ადვილად მოაღწევს”
„რეზონანსი“: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტები // “ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება სამი მიმართულებით მიდის – სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულება და საჯარო სამსახური”
„რეზონანსი“: აფხაზი სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას “აყაჩაღებენ” // ზამთარში აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიაქვს და სულ მალე მეტსაც წაიღებს
—————————-
„ალია“, 20 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რისთვის მივიდა ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დახურულ სხდომაზე?
ნინო სამხარაძე
ქვეყანაში უკვე სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებია. 17 ოქტომბერს გაუპატიურებისა და წამების კადრების გავრცელებას რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების დარბევა მოჰყვა, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა პეტიცია მოთხოვნით – აიკრძალოს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ყველაფრის პარალელურად, „ენდიაი“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ უსწრებს „ქართულ ოცნებას“. შეიძლება „ოცნება“ იმ 11 პროცენტსაც არ იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხრიდან ხდება ვითარების დაძაბვა. ბევრს საუბრობენ, რომ დასავლეთში კონკრეტული ძალები ზურგს უმაგრებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ არეულობის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ერთ მდინარეში „ნაციონალები“ ორჯერ ვერ შეტოპავენ.
„ალიასთან“ ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს:
- არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები?
- რა თქმა უნდა, ამ ნიშნებს ვხედავ, საზოგადოება ძალიან დიდხანს ცდილობდა, მოეთმინა ის ვითარება, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ამორალური ქმედება, როდესაც მათ ცოცხალი თავით არ უნდათ აღიარონ თავიანთი დანაშაული და დღევანდელი აგრესიული ქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ყველაფერს დაერთო წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატი. მე არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, შესაძლოა უარესშიც გადაიზარდოს, ამის მაგალითი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გვაქვს, მაგალითად, ეგვიპტეში, ტუნისში და ა.შ. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა მოეთხოვება იმისთვის, რომ ანარქია და ქაოსი არ დაუშვას, პლუს ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება.
- ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, სულ რომ „ეფბიაის“ ჩართვა გახდეს საჭირო, ჩვენ გამოვიძიებთ, როგორ აღმოჩნდა ეს კადრები მედიასივრცეში. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი აცხადებს, – გამკვირვებია იმ ხალხის, ვინც მხოლოდ კადრების გამავრცელებლების დასჯას ითხოვს და არ მოითხოვს დანაშაულის გამოძიებას და მათ დაკავებას, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებას გასცემდა.
- სამთავრობო კულისებში არ არიან ჩამოყალიბებული, ყველა თავის ნებაზეა მიშვებული, ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია არ აქვს, არც არასდროს ჰქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულთან დაკავშირებით, ზოგი კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობდა, ზოგი კი პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მედიის საშუალებით საუბრობდა „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც კილავდა კოჰაბიტაციის გამო. ზოგიერთი კი მთავრობაში ისეა მოკალათებული, რომ არც „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი დანაშაული ადარდებს და არც მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ხელისუფლებას რომ ერთი პირი არა აქვს, აქედან გამომდინარე ძალიან გაუჭირდა. ამიტომაც არის, რომ ზედაპირზე ამოდის შიდა დაპირისპირების თემები. დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი იძულებული იყო, კოჰაბიტაციის კონტრპროდუქტიული პროცესი დაეცვა.
- რას ემსახურებოდა „ენდიაის“ კვლევები არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე, რა გზავნილი გააკეთა დაინტერესებულმა ძალამ და რა პოლიტიკური სურათის ხილვა სურს საქართველოში?
- საქმე ისაა, რომ ეს კვლევები „ენდიაის“ არ ჩაუტარებია. აქ უფრო ღრმა პრობლემაა, კვლევები ჩაატარა „კავკასიური კვლევების ცენტრმა“, რომელიც არის „ნაცმოძრაობასთან“ უაღრესად დაახლოებული ორგანიზაცია და მას დაუკვეთა კვლევები „ენდიაიმ“. მე არ ვიცი, რა ციფრები ჩაასწორა „ენდიაიმ“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უნისონში მოქმედებდა ეს ორი ორგანიზაცია. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შეუქმნან ილუზორული წარმოდგენა. რა თქმა უნდა, არ მჯერა ამ კვლევების, მაგრამ, თუ ანალიზს გავაკეთებთ, სურათი ასეთია, მოსახლეობის 60% ნიჰილიზმშია და ეს მართლაც ასეა. ეს უზარმაზარი ციფრია, კვლევის მიხედვით 38% გამოვიდა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას შეფასებას აძლევს. ვფიქრობ, ზუსტად ამ ციფრშია ტყუილები ჩადებული. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი ვერ აწიეს, ამიტომ დაწიეს სხვა პოლიტიკური ძალების პროცენტები. ეშმაკურად არის გაკეთებული, ერთი წელია არჩევნებამდე დარჩენილი და შეიძლება კვლევები ასე დავასათაუროთ – „ერთი წელია არჩევნებამდე, ვის რა სასტარტო მდგომარეობა აქვს“. გამოქვეყნდა ეს სურათი. ამ კვლევებიდან 9 არის ტყუილი, მხოლოდ ერთია სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ მოსახლეობის 60% უნდობლობას უცხადებს ყველა პოლიტიკურ ძალას.
- როგორ ფიქრობთ, რა თამაშს თამაშობს „რესპუბლიკური პარტია“? მაგალითად, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ენდიაის“ კვლევის შედეგების გადაფარვის მიზნით სოციალურ ქსელში ატვირთა ხელისუფლებამ გაუპატიურებისა და წამების კადრები. ზურაბიშვილს ეჭვი ეპარება, რომ კადრები საქართველოს სოციალურქსელში უკრაინის მედიის გავლით არ მოხვედრილა. მაშ ასე, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- დავით ზურაბიშვილი შეეცადა, ლოგიკა მოენახა ამ სიტუაციაში, მაგრამ მისი ასეთი ვარაუდი ამ შემთხვევაში ბევრისმეტყველია. სამწუხაროა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საკუთარ თავს აძლევს ასეთი შეფასებების გაკეთების უფლებას, პარტია, რომელმაც არანაკლები დარტყმა მიიღო. დავანებოთ თავი იმის გარკვევას, რა უნდა „რესპუბლიკურ პარტიას“, უფრო მთავარია… კითხვა, თუ „ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან“, ხელისუფლებას შეიძლება აწყობდეს, შეიძლება არა ამ კადრების დემონსტრირება, მაგრამ ვისაც ნამდვილად აწყობს, ამ ადამიანზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს გახლავთ იგორ კოლომოისკი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მიხეილ სააკაშვილთან, მასთან ერთად არიან სხვა უკრაინელი ოლიგარქები, რომლებიც კომპრომატებს აგროვებენ მიხეილ სააკაშვილზე და მის გუნდზე. უკრაინაში ბრძოლა მიდის გავლენებისთვის, ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა, იგორ კოლომოისკი გადასარევად იცნობს ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ქართულ პოლიტიკურ სიტუაციას, დიდი ხნის განმავლობაში მას აქ სერიოზული ბიზნესი ჰქონდა, მაგალითად, როგორიც იყო „პრივატბანკი“. ვიცი, რომ ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოდან, არ არის გამორიცხული, რომ ის ვაჭრობდა ასეთ საკითხებზე. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, როგორ ეძებდნენ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ კომპრომატებს და როგორ შეაგროვეს, როდის გამოჩნდება, ეს მე არ ვიცი. მართლაც საინტერესოა, რომ „ენდიაის“ კვლევებს ამ კადრების გავრცელება დაემთხვა, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ვინმეს რომ ხელისუფლებიდან „ენდიაის“ კვლევების გადაფარვა ნდომებოდა, მაშინ ამ კადრებს უფრო ადრე გამოაქვეყნებდნენ იმისთვის, რომ „ენდიაის“ კვლევებს ის რეზულტატი არ ჰქონოდა, რაც ჰქონდა.
- თქვენ მაინც იმ ვერსიას ავითარებთ, რომ იგორ კოლომოისკის კომპრომატები სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ გადასცა, მათ შვეიცარიაში შეხვედრაზე ქართული მედია წერდა. მართალია, კოდუას ადვოკატმა განმარტა, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მისცა და საზღვარს ვერ გადალახავდაო, მაგრამ სპეცსამსახურის ყოფილ წარმომადგენელს, ერეკლე კოდუას რომ რამდენიმე პასპორტი აქვს სხვადასხვა გვარითა და სახელით, ამაზე აქცენტს არავინ აკეთებს. ასე რომ, კოდუა სხვა სახელით და გვარით გადალახავდა საზღვრებს.
- არ შემიძლია იმის მტკიცება, შეხვდა თუ არა ნამდვილად კოლომოისკი კოდუას შვეიცარიაში და კოდუამ გადასცა წამების ამსახველი კადრები. მე ვიცი, რომ არა მხოლოდ კოდუას, კოლომოისკი სხვებსაც შეხვდა და ეს შეხვედრები ხდებოდა შვეიცარიაში. სხვათა შორის, შვეიცარიაში შეხვედრებზე კოლომოისკი თავად წერს, მაგრამ, ბუნებრივია, ის არ ამჟღავნებს იმ პიროვნებების გვარ-სახელებს, ვის ხვდება ყოფილი ხელისუფლების გუნდიდან.
- თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვისზე გასვლას ცდილობს კოლომოისკი?
- როგორც ვიცი, კოლომოისკი და კონკრეტული უკრაინული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა მეგის ქარდავაზე გასვლას. მე არ ვიცი, გავიდნენ თუ არა მასზე, ეს ხდებოდა 2013 წელს ქალაქ სოჭში. როგორც ვიცი, წამებისა და გაუპატიურების კადრები კოლომოისკის ტელევიზიამ გაუშვა და უკრაინული ინტერნეტსივრცე აჭრელებულია ამ კადრებით.ამის გამო ძალიან დიდი მღელვარებაა დაწყებული…
- „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან რევოლუციური მოწოდებები გაისმის. ყოფილი პროკურორისა და „რუსთავი 2“-ის ახლანდელი გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას შეგახსენებთ, ის აფრთხილებს ივანიშვილს, გაემზადოს ხელისუფლებიდან წასასვლელად. მანამდე იყო ბარნოვის მოწოდება, – ყველანი ქუჩაში, გავყაროთ „ოცნების“ ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, მივალთ არჩევნებამდე?
- მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორგანიზებულ ძალად ჩანს, კარგად ფლობს პიარის ტექნოლოგიას, სერიოზულ შეცდომებს უშვებს. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას ფაქტორი რომ არ იყოს, „რუსთავი 2“-ს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლებოდათ, რადგან მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, რას ამბობდა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით, როცა ის გენპროკურორის მოადგილე იყო.
ნიკა გვარამია აღიქმება, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი და არა როგორც ჟურნალისტი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. აქედან გამომდინარე, ეს არის `რუსთავი 2~-ის შეცდომა, რომ ნიკა გვარამია ამ ტელეკომპანიის დამცველად გამოდის. ეს არ აღიქმება სერიოზულად, წამგებიანია. შევიტყვე, რომ საზოგადოებრივ-სატელევიზიო სივრცეში მისი ჩაძირვა მოინდომა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ის უფრო ეფექტური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩერგოლეიშვილი აღიქმება ქართველი საზოგადოების თვალში, როგორც „ტაბულის“ წამყვანი ჟურნალისტი, არავის აღარ ახსოვს, წარსულში სად მუშაობდა, ხოლო ნიკა გვარამიას პროკურორობა ყველას ახსოვს.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, ზოგიერთმა ლიდერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისტანცირებული ყოფილიყო თავისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ბნელ ფურცელთან, მაგრამ სიტუაციამ ისევ უკან დააბრუნა ყველა. აქედან გამომდინარე ბევრი არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება და უკმაყოფილოები არიან, რომ ამ თემის „გაპრავება“ უხდებათ. გეტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავისი შავბნელი წარსულის გამო ერთმანეთთან პრობლემები გაუჩნდათ… თქვენ მკითხეთ, მივალთ თუ არა არჩევნებამდე. დავიღალეთ ამ რევოლუციებით, არ მგონია დღეს რევოლუციის თავი კი არა, რევოლუციის ნამუსი ჰქონდეს ვინმეს. რევოლუციას იგონებენ გენიოსები, ახორციელებენ გმირები, როგორც წესი, ამ შედეგით სარგებლობენ თაღლითები. ვერც გმირებს ვხედავ და ვერც გენიოსებს. თაღლითები და მამაძაღლები – რამდენიც გენებოთ.
- ინტერნეტსივრცეში ვრცელდება პეტიცია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს, როგორც პარტია?
- უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებამ არ მოინდომა, სამართლებრივი შეფასება მაინც მისცემოდა ამ ყველაფერს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან დაწყებული, ყველაფერს უნდა მისცემოდა პოლიტიკური შეფასება. იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვგულისხმობ სახელმწიფო გადატრიალებას, რომელშიც, სამწუხაროდ, აქტიურად ვმონაწილეობდი და იმას, რა შეცდომები დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. სამართლებრივი შეფასება რომ მისცემოდა იმ პერიოდს, დამიჯერეთ, ვეღარავინ ვერაფერს გაბედავდა. სულაც არ იყო აუცილებელი ვიღაცების ციხეში ჩასმა. ახლა მაინც გავაკეთოთ, რომ ყველაფერს მივცეთ სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი გაკიცხვა ზოგჯერ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ადამიანების ციხეში ჩასმა. მერე, სხვას აღარ მოუნდება, იგივე გააკეთოს. დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივი შეფასების მიცემა არ მოინდომა, ამიტომ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს არბევენ, უვარდებიან ოფისებში, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ქაოსისკენ მიაქანებენ.
- უმრავლესობის დახურულ სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ხომ არ იცით, რა ხდებოდა კულუარებში გარდა იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა, ივანიშვილის მისვლის რეალური მიზეზი რა იყო?
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პირველად წყალი მაშინ შეუდგა, როცა მან არ მოინდომა დამნაშავე რეჟიმის დასჯა და კოჰაბიტაციის გზით წავიდა. ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა არ იყო იმ ფაქტორით განპირობებული, რომ იქ რეიტინგებსა და ვითარების გამოსწორებაზე ელაპარაკათ. ბიძინა ივანიშვილი ასეთ შეხვედრებს ამ მასშტაბით არ აწყობს ხოლმე, ასეთ თემებზე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობს. ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგი და არაორგანიზებულობა რომ აწუხებს, ფაქტია, მაგრამ ეს ვითარებაც გამომდინარეა იქიდან, რომ საკვანძო თანამდებობებზე მთავრობის პირებს შეზღუდული აქვთ პასუხისმგებლობის საშუალება (ამ სიტყვას მინდა ხაზი გავუსვა). ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ, ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ, ან არ იღებენ. მეტი აღარ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრო, გამგები გაიგებს… ბიძინა ივანიშვილი არის გაღიზიანებული იმით, რომ არის რესურსი და ამ რესურსს ხელისუფლება ვერ იყენებს.
„კვირის ქრონიკა“, 19-25 ოქტომბერი, 2015 წელი
სად არის ამერიკის საელჩო? სად არის დიპლომატიური კორპუსი, რომელიც წლების მანძილზე ტაშს უკრავდა „ნაცმოძრაობას“ – რამ დაგადუმათ, შეშფოთებასაც ვეღარ გამოთქვამთ, არა?!
„კვირის ქრონიკის“ რედაქცია
წამების კადრებმა კიდევ ერთხელ შეაძრწუნა საზოგადოება, თუმცა ამ შემთხვევაში აგრესია დაატყდა არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ და სრულიად სამართლიანადაც!
ის, რომ მსგავსი საზიზღრობები ხდებოდა, თავის დროზეც იცოდა ბევრმა რიგითმა მოქალაქემ, მაგრამ მიუხედავად შიშისა, „ქართულ ოცნებას“ მაინც გვერდში დაუდგა, შედეგად კი რა მიიღო? ბუს კვერცხები, თუმცა ამაზე არ გვინდა, უკვე ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება, ჩვენ სხვა რამ გვინდა გითხრათ – მიუხედავად იმისა, რომ ახალ კადრებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, დუმს ამერიკის საელჩოც და დუმს, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი.
კადრები შაბათს, 17 ოქტომბერს, შუადღისთვის გავრცელდა, თუმცა კვირას საღამომდე არც ერთ საელჩოს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. სავარაუდოდ, ეს კადრები თავის დროზე მათ ნანახი ექნებოდათ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც, დახურული ჩვენება მოაწყო, მაგრამ ახლანდელი აჟიოტაჟის ფონზე დიპკორპუსს რაღაც მაინც უნდა ეთქვა!
პრინციპში, ზეპირად ვიცით, რაც ამ განცხადებებში იქნებოდა _ შეშფოთება, ძალადობის გმობა, ოდა ადამიანების უფლებებს და ასე შემდეგ, თუმცა როცა სხვა ნებისმიერ თემას დიპკორპუსი წამიერად ეხმიანება ხოლმე, ახლა ყველამ შეთქმულივით პირში წყალი ჩაიგუბა. გვესმის კიდეც მათი – სწორედ ისინი უკრავდნენ ტაშს წლების მანძილზე სააკაშვილს, ხაზს უსვამდნენ მის „სანაქებო დემოკრატიას“, „მიღწევებს“…
დაველოდოთ ორშაბათს, ალბათ, რამეს იტყვიან, რაც, პრინციპში, მაინც არაფერს შეცვლის, მაგრამ გულწრფელად გვაინტერესებს – სულ ცოტათი მაინც არ რცხვენიათ, ნამუსი არ აწუხებთ?!
„კვირის ქრონიკა“, 19-25 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არის საფრთხე, სირიის კრიზისი გაღრმავდეს და ამ დროს რუსეთმა კვლავ დაიკავოს საქართველოს ტერიტორია!“
ნინო სამხარაძე
2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ საკითხით დაინტერესდა, გასულ კვირას ჰააგის პროკურორი საქართველოს სტუმრობდა და განაცხადა: „მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ გამოძიებას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. იმისთვის, რომ გამოძიება დავიწყო, მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა, ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს და საქართველო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ გვექნება იურისდიქცია, დავიწყოთ კვლევა“.
ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოდან მოსკოვში გაემართა. 2008 წლის გამოძიების საკითხი ჰააგაში დაძრულია, ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამას. რა პოლიტიკური ჩანაფიქრია და შეიძლება თუ არა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინი და ედუარდ კოკოითი.
იურისტი ვალერი გელბახიანი“კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს:
- ჰააგაში საქმეს რომ მსვლელობა მიეცეს, ამისთვის არსებობს ორი გზა, ერთია, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ავალებს, რომ დაიწყოს გამოძიება, ამ დროს პროკურორი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. მეორეა, როცა ჰააგა საკუთარი ინიციატივით იწყებს გამოძიებას. ამისათვის უნდა მიმართოს მხარემ, ან ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პარალელურად არსებობდა საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნა, სარჩელი იყო შეტანილი ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავის დროზე საქართველოს უარი ეთქვა. ვინაიდან არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა, ჰააგის პროკურორი ითხოვს საქმის სრულყოფილ გამოძიებას, ქალბატონი ფატუ ბენსუდა გახლავთ გამოცდილი პროკურორი, არის საკმაოდ კვალიფიციური და კარგად იცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, არის კვალიფიციური პროკურორი, ამიტომ, ბუნებრივია, მან ის განცხადებები ნაუცბადევად და ემოციურად არ გააკეთა,რაც მისგან მოვისმინეთ. ირკვევა, რომ 2009-2010 წლებში ამ საკითხზე მიდიოდა მუშაობა, როგორც კი მივა დასკვნამდე, რომ საქმე აღიძრას, ის შევა მოთხოვნით სასამართლოს წინაშე, რომ სასამართლომ გასცეს ბრძანება, დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. ეს პროცედურა შესრულდა და სასამართლოში შევიდა ასეთი მოთხოვნა.
დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო მოთხოვნას, ეს განსჯადი საკითხია. ის განცხადებები, რაც მან გააკეთა, ეხება როგორც ოსური, ასევე ქართული მხარის არაკანონიერ ქმედებებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იქ მოხდა 75 ათასი ოჯახის იძულებით გამოდევნა და ამ ადამიანების ქონების განადგურება. ეს შეიძლება მასობრივ წმენდად შეფასდეს და დაიწყოს ამ ადამიანების უკან დაბრუნების პროცესი. თუ ეს ჩაითვლება დანაშაულად, ბუნებრივია, გამოიკვეთება დამნაშავე ფიგურები და ჰააგა მოითხოვს მათ გადაცემას საერთაშორისო ტრიბუნალზე. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.
მთავარია, ჰააგის სასამართლომ პროკურორს მისცეს უფლება, აწარმოოს გამოძიება, უარეს შემთხვევაში საქმე დაიხურება. ევროპის სასამართლოს თავის დროზე დაევალა, რომ შეესწავლათ ტალიავინის კომისიის დასკვნა. ამ საკითხზე არსებობს ევროკომისიის დასკვნა დაევროპის საბჭოს რეზოლუცია.
კიდევ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც შესული იყო ჰააგის სასამართლოში, მათ შორის იყო ერთ-ერთი სარჩელი, რომელსაც შალვა ხაჭაპურიძე აწერს ხელს. დღეს ყველა გამოდის და იჩემებს, რომ ჰააგაში მისი სარჩელის საფუძველზე აღიძვრება საქმე. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არავის სარჩელის საფუძველზე ამ აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნა არ მომხდარა, ეს განაპირობა ტალიავინის დასკვნამ და ევროსაბჭოს რეზოლუციამ. აი, ამის საფუძველზე გაცხადდა ეს მოთხოვნა…
- თუმცა ძალიან დამაფიქრებელია, რატომ მოხდა აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე ამ საკითხით დაინტერესება… რა ქვეტექსტები იმალება?
- საქართველოს ხელისუფლების პასუხი კი ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების დონეზე ასეთი საკითხები არ წყდება. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ჰააგის სასამართლოს ამ საკითხის გამოძიება დაევალა. პირველრიგში დადგინდება – ეს იყო ომი თუ ქვეყნის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღმდგენი ღონისძიება. თუ ქვეყანას ჰქონდა კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ თავის ტერიტორიაზე სამხედრო ღონისძიება განეხორციელებინა, მაშინ ეს არის საქართველოს ტერიტორია, მაგრამ თუ იმ მიმართულებით წავა გამოძიება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. თუმცა მე მაქვს ტალიავინის დასკვნა წაკითხული და იქ წერენ, რომ რუსებს ჰქონდათ უფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის კონტროლის 1993 წლის რუსეთ-საქართველო-სოჭის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო ძალებს უნდა შეენარჩუნებინათ კონფლიქტის ზონაში მშვიდობა და ისინი ახორციელებდნენ კონტროლს სადემარკაციო ხაზის ფარგლებში. სპეციალური მუხლი ვნახე ტალიავინის დასკვნაში, რომ რუსები ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდნენ და მათ ეს ხელშეკრულება არ დაურღვევიათ. ამიტომ ვინ დაიწყო ეს ომი, ან იყო თუ არა ომი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამის მიხედვით გამოიკვეთება, იყო თუ არა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი. თუ ამას დაერქმევა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი და ომი უმიზეზოდ დაიწყო საქართველომ, ბუნებრივია, დადგება მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, ერთადერთი ადამიანი არის პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია ომის დაწყებაზე და თუ დადგინდა, რომ ომი უკანონოდ დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკითხი ასე არ დგას. ჰააგის პროკურორი აქცენტს უფრო აკეთებს 75000 ადამიანის ეთნიკურ წმენდაზე და მათი ქონების განადგურებაზე. ამ ნაწილში დადგინდება, ვინ განახორციელა იქ ქართველების ეთნიკური წმენდა. განსაკუთრებით დიდი წარმოდგენა ნუ გვექნება იმაზე, რომ დაიჭერენ პუტინს და მიხეილ სააკაშვილს. ჰააგის სასამართლოს პრინციპს ვიცნობ და გეტყვით, რომ არავითარი დაჭერები არ იქნება. საკითხი დაისმება მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის საკითხში და მის მიმართ დადგება პასუხისმგებლობა, ვინც ეს ეთნოწმენდა განახორციელა…
- და რა იქნება გამოძიების შედეგი, 75 ათასი ადამიანი დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს?
- შედეგი იქნება იქითკენ მიმართული, რომ აღდგეს ის სურათი, რომელიც ქონებრივ ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ კარ-მიდამოს. მე მგონია, ეს არის საკვანძო საკითხი ახალი გამოძიების დაწყებაში, მინიშნება გაკეთებულია და მიმხვედრი მიხვდებოდა…
- კი მაგრამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთს როგორ დაითანხმებენ, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს, რა საერთაშორისო მექანიზმები ამუშავდება?
- ბუნებრივია, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი ჰააგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ბინებს, ამას წინ ვერავინ გადაეღობება და ჰააგის სასამართლოს განაჩენი აღსრულდება. როგორც ვხედავ, რამდენიმე გენერალზე გადატყდება ჯოხი და ისინი გასამართლდებიან.
- თქვენ ამბობთ, რომ გენერლები, ვინც ეთნოწმენდა განახორციელა, დაისჯებიან და თუ დადგინდა, რომ ქვეყნის მთავარსარდალმა სააკაშვილმა განახორციელა პირველი შეტევა?..
- ნუ წახვალთ ილუზიებში… კარგით, მაშინ ასე გკითხავთ… თუკი დადგინდა, რომ რუსეთია დამნაშავე, პუტინს დაიჭერენ? ეს ხომ გამორიცხულია! თუ პუტინს არ დაიჭერენ, მაშინ სააკაშვილს რატომღა დააკავებენ? თუ დგება სააკაშვილის დაკავების საკითხი, ავტომატურად დადგება პუტინის დაჭერის საკითხიც. ცოტა სასაცილოდ ხომ არ ჟღერს, ვინც ამ აზრს განავითარებს? პუტინის დაჭერაზე ხმის ამოღება ნიშნავს ახალ მსოფლიო ომს. თუ ვინმე ამას გადაწყვეტს მერწმუნეთ, სამყარო დადუღდება. რაც ხდება, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. სირიის საკითხს თქვენ ნუ ეხუმრებით, ეს არის ერთ-ერთი ნაღმი ახალი მსოფლიო არეულობისთვის. ამიტომ შესაძლებელია, ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნა სირიაში რუსეთის მონაწილეობას უკავშირდებოდეს. თუ ჰააგის სასამართლო გამოიტანს დადგენილებას, რომ უნდა აღსრულდეს 75000 დევნილის დაბრუნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოში ვერანაირ სამხედრო ქმედებას ვეღარ განახორციელებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არის საფრთხე, სირიის კრიზისი გაღრმავდეს და ამ დროს რუსეთმა კვლავ დაიკავოს საქართველოს ტერიტორია, როგორც მისთვის სამხედრო დერეფანი. ეს რომ არ განხორციელდეს, საჭიროა კონტრზომები და ეს კონტრზომა კი, როგორც მოგახსენეთ, არის შემდეგი: ჰააგამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნოწმენდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საჭიროა შევიდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები, რომ აღადგინონ სტატუს კვო და უზრუნველყონ დევნილების დაბრუნება. გაეროს სამშვიდობო ძალებმა დაიკავონ ხეობა, რათა ამტერიტორიაზე რუსები ვეღარ შემოვიდნენ. რა არის ამაში გაუგებარი? ეს არის საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომა.
„რეზონანსი“, 20 ოქტომბერი, 2015 წელი
მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ზღვარზე
“ლტოლვილების მეშვეობით კონფლიქტი უკვე ევროპასაც მიუახლოვდა და საქართველომდეც ადვილად მოაღწევს”
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
სირიის კონფლიქტის დინამიკაზე დაკვირვებით არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მალე იგი რეგიონის ფარგლებსაც გასცდეს და მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს – პოლიტოლოგების აზრით, სიმშვიდის მიზეზი ნაკლებად გვაქვს, ვინაიდან საომარ მოქმედებებში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.
(…)
სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები და მოსაზრებები მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან დაკავშირებით. ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებ გარეთაც ამას სულ უფრო მეტი პოლიტოლოგი მიიჩნევს რეალურად.
სირიის კონფლიქტი ქვეყნის ტერიტორიიდან უკვე გასულია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით და მას უკვე რეგიონული კონფლიქტს უწოდებს. ამბობს, რომ ომი ნელ-ნელა ცენტრალური აზიის მიმართულებით მიიწევს, რადგან ისლამური ხალიფატი უკვე ცენტრალურ აზიაშიც გამოჩნდა.
ავღანეთსა და სირიაში, მაისაიას თქმით, იდენტური სიტუაციაა. გარდა ამისა, სიტუაცია იემენშიც დაიძაბა და არ გამორიცხავს, რომ იგი აფრიკის კონტინენტზეც გადავიდეს და სამხრეთ აზიის მიმართულებითაც.მისი თქმით, მიგრანტთა ნაკადების მეშვეობით კონფლიქტი უკვე ევროპასაც მიუახლოვდა და დარწმუნებულია, რომ საქართველომდეც ადვილად მოაღწევს. შედეგად კი, ექსპერტის აზრით, ის ორი მილსადენი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ტერაქტის საშიშროების ქვეშაა.
კითხვაზე, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დავდგეთ, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ ერთი რამ ცხადია – კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბისაა. „აქ მთავარი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებია. მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მათ თუ საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამან შეიძლება მესამე მსოფლიო ომიც კი გამოიწვიოს. ფაქტია, რომ რუსეთი კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობს. ამას კი ისლამური ხალიფატის ფაქტორიც ემატება. სირიის კონფლიქტი ლოკალურიდან რეგიონულ ომად უკვე იქცა და ახლა მთავარია, გლობალური არ გახდეს და როგორმე რეგიონული ომის ფორმატში დაკონსერვდეს”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.
რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში არსებულ სიტუაციას არამდგრადს უწოდებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ამ საბრძოლო მოქმედებებში სულ უფრო მეტი სუბიექტი ერთვება, რაც სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.
“სირიას პლანეტარულ მასშტაბში აგორებულ საბრძოლო თეატრის სცენაზე უნიკალური როლი აქვს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საკუთარი თავნებობით ცივილიზებული სამყარო შეაძრწუნა. ყველა დარწმუნდა, რომ რუსული ბომბდამშენები უმეტესად არა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ ასადის შინაური ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის შემდეგ აშშ-ს ლიდერების განცხადებები სულ უფრო მწვავე გახდა. თავად სირია ამ ვითარების დასაშოშმინებლად რუსეთზე დიდ როლს ირანს აკუთვნებს, რომელიც რეგიონის ლიდერი თანდათან უფრო მკაფიოდ ხდება. ცნობილია, რომ დღევანდელი ერაყის ლიდერები რამე სერიოზულ გადაწყვეტლებას არ იღებენ, თუკი ის ირანის ხელისუფლების მიერ ხელდასხმული არაა. ახლა სირიაც ირანის ხელისუფლების ჩართვას ითხოვს. მოგეხსენებათ, ირანი ის ქვეყანაა, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ძალის გამოყენება პირველმა დაიწყო”, – ამბობს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგის თქმით, დევნილები ევროპას სერიოზულ თავის ტკივილად გადაექცა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სოლიდარობის მუხტი ჰქონდა. ეს ყველაფერი კი, პოლიტოლოგის შეფასებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ამ სიტუციიდან განრიდება გაუჭირდება. ამ ყველაფერში იგი მნიშვნელოვანს უწოდებს თურქეთის როლსაც და ამბობს, რომ თუკი რეგიონის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ეს შიში საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა.
“გონიერების მოხმობა ერთადერთი გამოსავალია. სირიაში ერთპიროვნული ჰეგემონიის დამყარების შესაძლებლობა არავის ექნება. საჭიროა სამშვიდობო მოლაპარაკებები და გაეროს ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სამხედრო ძალის გამოყენებით გარკვეული სტაბილიზაციის მიღწევა. თუმცა, მეტ-ნაკლები მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი, რეალურ მშვიდობამდე გრძელი გზა იქნება გასავლელი”, – აცხადებს ცისკარიშვილი.
„რეზონანსი“, 20 ოქტომბერი, 2015 წელი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტები
“ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება სამი მიმართულებით მიდის – სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულება და საჯარო სამსახური”
ლიკა ამირაშვილი
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. 2016 წლისათვის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც წინ წლის მსგავსი იქნება, თუმცა ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაემატება, რომელსაც ასევე ევროკავშირი დააფინანსებს.
როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ “რეზონანსთან” განაცხადა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეროვნული გამოცდებია.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა, ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოყალიბება გახლავთ. ეს არის უკვე ხელშესახები წარმატებული მაგალითი. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ეროვნული გამოცდები გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
“ასევე პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სფერო, განსაკუთრებით იუვენალური კანონმდებლობის დახვეწა, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობა მათ რეაბილიტაციას და მათთვის ახალი პერსპექტივის გაჩენას მიენიჭოს.
“კულტურის დარგში მიმდინარე პროექტს გამოვყოფდი “შემოქმედებითი ევროპა”, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა და მისი მიზანი ევროპელი აუდიტორიის წინაშე ქართველი ხელოვანების უკეთ წარმოჩენა და ახალი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებაა. ამის გარდა, ევროკავშირი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის, მუზეუმების განახლების და ბიბლიოთეკების მხარდაჭერის პროექტებშიცაა ჩართული.
“ამჟამად მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი ცვლილება პრიორიტეტებში არ იქნება და ეს რეფორმების განგრძობითობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
“ახალი პრიორიტეტი, რომლის შესახებაც მსჯელობა ევროკავშირთან და სხვა დონორებთან ინტენსიურად მიმდინარეობს, ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეხება. დღითიდღე ანტიდასავლური განწყობა, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მოლდოვასა და თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ძლიერდება. ამიტომ, ევროკავშირმა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს გაძლიერება და საზოგადოების ინფორმირების პროექტების განხორციელება გადაწყვიტა.
“აქედან გამომდინარე, მომავალი წლიდან ახალ მედიაპროექტებს და ახალ სამოქალაქო ინიციატივებს უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ევროკავშირის დელეგაციაში პროექტი წარადგინონ და პროექტი თუ ზოგად მოთხოვნებსა და ამოცანებს პასუხობს, მისი დაფინანსება რეალისტურია. გრანტების დაფინანსება ევროკომისიის ვერ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის საშუალებით ხორციელდება.
“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უალტერნატივო გზაა. მთავარია თავად საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და რამდენად წარმატებული იქნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული,” – განაცხადა გოცაძემ.
ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უმჯობესია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდეს.
“ზოგადად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება სამი მიმართულებით მიდის – სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულება და საჯარო სამსახურის კანონი. საჯარო სამსახურის მიმართულებით რეფორმების კუთხით საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცებულია, რომელიც განხორციელების რეჟიმშია. მართლმსაჯულების რეფორმაში ძალიან ბევრი სხვადასხვა საფეხური და ეტაპებია.
“იმ დახმარებებს, რაც ჩვენთვის 2014-17 წლებისთვისაა გამოყოფილი, ემატება მეტი მეტისათვის დახმარება, რომლის მიზანია, იმ ქვეყნებს უფრო მეტად დაეხმარონ, სადაც რეფორმების განხორციელება უფრო თვალში საცემია.
“ევროკავშირის დახმარების საერთო თანხაა განსაზღვრული, საიდანაც დახმარებებს – საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა იღებს. თუმცა ყველაზე დიდი დახმარება უკრაინაზე, საქართველოზე და მოლდოვაზე მოდის, რადგან აღნიშნული ქვეყნები შედარებით მეტ რეფორმებს ატარებენ.
“ამის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებები, მაგალითად 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოსთვის მილიონი ევრო გამოყო, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგები გამოსწორებულიყო.
“აღსანიშნავია ის, რომ პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი პროექტებს აფინანსებს, ერთობლივადაა შემუშავებული. ყველა პროექტი ცალსახად მნიშვნელოვანია, მაგრამ საჯარო მოხელეთა სამსახურის რეფორმას გამოვყოფდი, რაც კონკურსების ჩატარებას გულისხმობს, ასევე სამსახურში მიღებისა და გაშვების წესებს. საჯარო სამსახურის ეს რეფორმა სტაბილურობაზე და განვითარებაზეა დაფუძნებული.
“ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ევროკავშირი უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს, რადგან ეს მის ცნობადობას უფრო გაზრდის, მითუმეტეს, როდესაც საქმე რეგიონებს ეხება. იმისათვის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, რომ ევროკავშირი გვეხმარება, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით უნდა გაკეთდეს, მაგალითად, გზები, ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და ა.შ,” – განაცხადა ჩხიკვაძემ.
„რეზონანსი“, 20 ოქტომბერი, 2015 წელი
სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას “აყაჩაღებენ”
ზამთარში აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% მიაქვს და სულ მალე მეტსაც წაიღებს
მაკა ხარაზიშვილი
ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამ პერიოდში სიტყვიერად შეთანხმებული კვოტები 40/60-ზე არ სრულდება. საქართველოს ელექტროსისტემა იძულებულია დანარჩენი რეგიონების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იმპორტი გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარება ყოველ წელს იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე ამ რეგიონის დასაკმაყოფილებლად სისტემიდან უფრო მეტი ელექტროენერგია გავიდეს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი ერთად გამოიმუშავებენ. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთს ამდენი დენი არ სჭირდება და მას კრასნოდარის მხარეში ყიდიან.
სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 54%-ით შემცირდა. ქვეყნის მთავარმა ელექტროსადგურმა აგვისტოში 423,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო სექტემბერში 197 მლნ კვტ/სთ (226,7 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები). მიზეზი არის ის, რომ უკვე მეორე წელია, ძლიერი გვალვის გამო, ენგურის წყალსაცავში წყლის დეფიციტია.
როგორც წესი, შემოდგომა-ზამთარში ენგურჰესი ისედაც მკვეთრად ამცირებს ელექტროენერგიის გენერირებას. ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთს გაცილებით მეტი ელექტროენერგია მიაქვს, ვიდრე ენგური გამოიმუშავებს. თუ ვარდნილჰესაც დავუმატებთ, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. არადა, ენგურჰესის მოვლა-შენახვის ხარჯებს მთლიანად საქართველოს მთავრობა იღებს და ამ ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ათეულობით მილიონი ლარის კრედიტია აღებული.
“ბიზნეს-რეზონანსი” ამ დილემის შესახებ უკვე წერდა, მაგრამ თუკი მდგომარეობას თვეების მიხედვით გავაანალიზებთ, პრობლემა უფრო ნათლად გამოჩნდება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს დანარჩენ რეგიონებს.
2014 წლის დეკემბერში ენგურჰესმა 185,409 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, საქართველოს ენერგოსისტემამ აფხაზეთს 199,633 მლნ კვტ/სთ ენერგია მიაწოდა. 2015 წლის იანვარში – ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 192,6 მლნ კვტ/სთ იყო, აფხაზეთს 219 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა. ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის დამატებითაც კი, მდგომარეობა დიდად არ იცვლება, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეპარატისტებს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვთ, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან იმპორტი სჭირდება. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ნაწილდება ელექტროენერგია პიკურ პერიოდებშიც თანაბრად “ბიზნეს-რეზონანსი” ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.
“ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ზამთრის პერიოდში ვარდნლისა და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის 90-100% მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. იგი განმარტავს, რომ წლის ბალანსის მიხედვით განაწილების კვოტა ზუსტია – 40/60-ზე, ვინაიდან ზაფხულში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება, ხოლო ენგურის გამომუშავება იზრდება.
“წლის ჭრილში კი არის 40/60-ზე, მაგრამ ზამთარში აფხაზური მხარის მოხმარება იზრდება. ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-90%-მდე, ხანდახან 100%-იც აფხაზეთს მიაქვს. სამწუხაროდ, არაფერი ბერკეტი არ გვაქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ზამთარშიც ასე განაწილდეს”, – ამბობს ლევან მებონია.
“რეზონანსი”: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია. შესაბამისად, საქართველოს ენერგოსისტემა აფხაზეთის რეგიონს იმ მოცულობის ელექტროენერგიას მიაწვდის რამდენსაც მოითხოვენ? ანუ საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი გამოიმუშავებენ?
ლევან მებონია: ალბათ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან იქნება შეხვედრები და მოთხოვნა იმისა, რომ დაიცვან ეს კვოტები. ეს არის სიტყვიერი შეთანხმება და ოფიციალურად არსად არ არის გაფორმებული. არ ვიცი რა შედეგი იქნება, ძალიან ბევრსაც ვერ წაიღებენ, ქსელი ვერ გაატარებს, მაგრამ ბოლო წლებში მატება არის.
ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში აფხაზეთს უფრო მეტი ელექტროენერგია მიაქვს, წლიურ ჭრილში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაცულია. იმ შემთხვევაში კი, თუ აფხაზეთის ენერგომოთხოვნა გაიზრდება, საქართველოს ენერგოსისტემა ამ რეგიონს სასურველი რაოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდის.
“იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის მოხმარება გადააჭარბებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას, არსებული ენერგოინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ აფხაზეთს მიეწოდოს სისტემიდან დამატებით ელექტროენერგია. ამ ეტაპზე არსებული შეთანხმებით, აფხაზეთს მიეწოდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის წლიური გამომუშავების დააახლოებით 40%”, – აღნიშნეს ენერგეტიკის სამინსტროში.
აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ელექტროენერგიაზე დგას. რეგიონში არ არის გაზი და მოსახლეობა, “მუქთა” ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება. ამ დროს კი, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების ელექტრომომარაგებისთვის უფრო და უფრო მეტი იმპორტია საჭირო, რომელიც დენის ტარიფის გაზრდას გარდაუვალს ხდის.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ით აფხაზეთის რეგიონი მომარაგდებოდა, ხოლო დარჩენილი 60%-ით დანარჩენი საქართველო.
საყურადღებოა ისიც, რომ ვარდნილჰესების კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებში ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისას (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.
არველაძის განცხადებით, როდესაც აფხაზებმა ეს საკითხი დააყენეს, მათი არგუმენტი იყო ის, რომ ენგურჰესის ძირითადი ფონდის 40% აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის 40% უნდა მიეღოთ.
“ბუნებრივია, თუკი შესაძლებელია შეთანხმდე 40/60%-იან კვოტებზე, მაშინ ყოველთვიურადაც ასე უნდა განაწილდეს. ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურმა”, – ამბობს არველაძე და იქვე დასძენს, რომ დისპეტჩერიზაციას არავინ არაფერს ეკითხება.
“აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას. უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს არველაძე და დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანჭორ ჭითანავა, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვის კვოტების განაწილების დოკუმენტზე მუშაობდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარეები ინდივიდუალურად იღებენ. იგი აფხაზეთის რეგიონის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში კვოტები დადგენილი წესით უნდა გადანაწილდეს.
“მე არ მესმის თუ რატომ უნდა წაიღოს ზამთარში უფრო მეტი ელექტროენერგია აფხაზეთმა, უფრო მეტი ეკონომიკა აქვს თუ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე? ეს არ შეიძლება. ალბათ რაღაც შეთანხმებაა, რომელიც იმ ინსტრუქციაში არ გვქონდა გათვალისწინებული. მისი კვოტა 40%-ია – დღიურად, თვიურად თუ სათობრივ რეჟიმში ეს ჩვენ არ გაგვითვალისწინებია, ამას დისპეტჩერები აკეთებენ.
ახლა რა გამოდის? პიკურ და ნახევრად პიკურ (ზამთარსა და გაზაფხულზე) პერიოდში უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და წაგებული ვრჩებით. ეს ნორმალური არ არის. ელექტროენერგია უნდა ნაწილდებოდეს თანაბრად და არავითარი უპირატესობა რომელიმე მხარეს არ უნდა მიეცეს”, – ამბობს ანზორ ჭითანავა.
“ენგურჰესის” 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით, ქვესადგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი – მისი დამუშავება, შევსება, დაცლა.