«Ukrainian National News» (უკრაინა): იძებნება თუ არა ინტერპოლის მიერ მიხეილ სააკაშვილი?
«Экономика сегодня» (რუსეთი): უკრაინა დსთ-დან გასვლას აპირებს: რა მიიღო და რა დაკარგა საქართველომ დსთ-დან გასვლით?
«Новое время» (სომხეთი): თურქი ჯემალ-ფაშას შვილიშვილი ერევანში ჩავიდა, პაპამისი კი თბილისში მოკლეს
———————-
«Ukrainian National News» (უკრაინა), 12 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.unn.com.ua/ru/exclusive/1416730-m-saakashvili-ogolosheniy-u-rozshuk-interpolom-k-kulikov
იძებნება თუ არა ინტერპოლის მიერ მიხეილ სააკაშვილი?
უკრაინაში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა კირილ კულიკოვმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო Ukrainian National News-ის კორეპონდენტს იულია სიმაკოვას.
კირილ კულიკოვის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს პიროვნების სტატუსს, თუ ვის გამოაცხადებენ ძებნილად – მთავარია არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ინტერპოლის წინაშე ყოფილ პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნიათ. ამის რეალური მაგალითი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი იყოს.
ინტერპოლმა ძებნის გამოცხადებაზე რომელიმე ქვეყნის ეროვნულ სამართლდამცველ ორგანოებს შეიძლება უარი განუცხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ სამართლებრივი დევნა გამოწვეულია პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური მოტივებით. ინტერპოლში მოქმედებს კომისია, რომელიც სწავლობს წარდგენილ მასალებს და შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას – დააკმაყოფილოს ამა თუ იმ ქვეყნის განაცხადი ამა თუ იმ პირზე ძებნის გამოცხადების თაობაზე.
კონკრეტულ შეკითხვაზე, არიან თუ არა პირები, რომლებთაც ინტერპოლის წინაშე იმუნიტეტი აქვთ, მაგალითად, პრეზიდენტები – საქართველოს ახალ ხელისუფლებამ ხომ ვერ მიაღწია იმას, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადებულიყო, კირილ კულიკოვი პასუხობს: „ყოფილ პრეზიდენტებს ასეთი უფლება არ აქვთ. იგი [მიხეილ სააკაშვილი] საერთაშორისო ძებნაში მყოფ პირად გამოაცხადეს. ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს. ინტერპოლის ის საიტი, რომელიც თქვენ [ინტერნეტში] ნახეთ, მხოლოდ საპრეზენტაციო საიტია . მას იგივე მნიშვნელობა, როგორიც, ვთქვათ მინისტრთა კაბინეტის საიტს – მხოლოდ კარგი ფოტოსურათებით დამშვენებულს… თვით ინტერპოლის [ნამდვილი საიტის] სისტემა ძალიან რთულია, მას აქვს თავისი პარამეტრები, დაშვებები და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელშიც შეღწევა მხოლოდ ცალკეულ კომპეტენტურ პირებს შეუძლიათ, შესაბამისი დაშვების უფლებით… ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება.
«Экономика сегодня» (რუსეთი), 13 დეკემბერი, 2014 წელი
http://rueconomics.ru/22834-szhigaya-mostyi-kto-postradaet-ot-vyihoda-ukrainyi-iz-sng/
უკრაინა დსთ-დან გასვლას აპირებს: რა მიიღო და რა დაკარგა საქართველომ დსთ-დან გასვლით?
სტატია ეხება უკრაინის ყოფნა-არყოფნის საკითხს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციაში. ამასთან დაკავშირებით სტატიაში საქართველოს შესახებაცაა საუბარი – რა მიიღო და რა დაკარგა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფომ დსთ-დან გასვლით, როცა მისი მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციის წევრებად დარჩნენ (ავტორი – გრიგორი ეგოროვი).
„უკრაინელ პოლიტიკოსებს მისაბაძ მაგალითად საქართველო მიაჩნიათ. 2008 წელს საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, პარლამენტის სრული შემადგენლობით, დსთ-დან გასვლის ვერდიქტი მიიღო. ამის მიზეზებად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამწვავება და საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსი დასახელდა. როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ახლებისთვის აშკარა გახდა, თუ როგორ დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა დსთ-ის, უპირველესად კი რუსეთის ბაზრის დაკარგვით. ამჟამად სიტუაცია უკეთესობისაკენ მიდის, რადგან ახალი ხელისუფლება, ძველისაგან განსხვავებით, რუსეთისადმი რადიკალურად არ არის განწყობილი…
ექსპერტები მიუთითებენ აგრეთვე საქართველოსათვის მძიმე პოლიტიკურ შედეგებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციიდან გასვლის კონტექსტში: როგორც დიპლომატი ზურაბ ხონელიძე ამბობს (იგი საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იყო დსთ-ში), ამ სტრუქტურიდან საქართველოს გასვლამ მოგვიანებით რუსეთს გაუადვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მსგავსი ისტორია შეიძლება უკრაინის მიმართაც განმეორდეს – დონბასში, ნოვოროსიის რესპუბლიკების გამო“, – ნათქვამია სტატიაში.
«Новое время» (სომხეთი), 13 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.nv.am/politika/40045-2014-12-11-06-31-40
თურქი ჯემალ-ფაშას შვილიშვილი ერევანში ჩავიდა, პაპამისი კი თბილისში მოკლეს
„ერევანში ცნობილი თურქი სტუმარი ჰასან ჯემალი ჩავიდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ოსმალეთის იმპერიის მმართველი ტრიუმვირატის (1915 წ.) წევრის – სომეხთა გენოციდის განმხორციელებელ ჯემალ ფაშას შვილიშვილია, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არტემ ერკანიანი).
ჰასან ჯემალი დღეს პოლიტოლოგი და მწერალია. რა თქმა უნდა, შვილიშვილი დიდი პაპის მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულზე პასუხს არ აგებს, მაგრამ მას მონანიება შეუძლია. სწორედ ამის გამო ჰასან ჯემალმა ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა ერევანში გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან მისვლა და საჯაროდ მოინანია წინაპრის დანასაული, სირცხვილის ლაქა ჩამოიწმინდა.
აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი ჯემალ-ფაშა პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ რუსი ბოლშევიკების მხარეზე გადავიდა და მათ ეხმარებოდა. 1921 წელს იგი ვლადიმირ ულიანოვის დავალებით ავღანეთში გაიგზავნა, რომელტანაც საბჭოთა რუსეთს მეგობრობის ხელსეკრულება ჰქონდა გაფორმებული, შემდეგ კი ახალი თურქეთის ლიდერთან მუსტაფა ქემალთან შერიგება გადაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნება განიზრახა, თბილისის გავლით.
1922 წლის 21 ივლისს მოსკოვი – თბილისის მატარებლით საქართველოში ჩამოსული ჯემალ ფაშა მხლებლებითურთ, ფაეტონით მიდიოდა პეტრე დიდის (დღევანდელი ინგოროყვას) ქუჩაზე, როცა იგი საქართველოს ჩეკას შენობას მიუახლოვდა, სროლის ხმა გაისმა… ჯემალ-ფაშა მოკლეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შურისძიება პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წევრებმა პეტროს ტერ-პოღოსიანმა და არტაშეს გევორქიანმა განახორციელეს. თურქული წყაროების ცნობით, მკვლელობის საქმეში იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას კვალიც ჩანს.