globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 26th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Незавсисимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა განიზრახა // თბილისში ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყო

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „რუსთავი-2“-ს გადაცემა ემუქრება: ქართული ოპოზიციური ტელეარხის მფლობელის შეცვლას შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაცია მოჰყვეს

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო გასულ კვირაში: პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დევიდ კრამერი: „ძალადობა არავის აწყობს, გარდა ერთი ადამიანისა“

«Day.az» (აზერბაიჯანი): საქართველომ უკან დაიხია, თბილისს ბაქოსთან თამაშები არ გამოუვა

——————–

«Незавсисимая газета» (რუსეთი), 26 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-10-26/1_saakashvli.html

მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა განიზრახა

თბილისში ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების საქმის გამოძიება დაიწყო

სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს, კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით მოწყობილ სავარაუდო შეთქმულების შესახებ, რომელშიც ჯერ-ჯერობით „ქვეყნის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი, აგრეთვე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ფიგურირებს. გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა „უკრაინსკი ვიკილიკს“-ის მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც სტამბოლის აეროპორტში  გაიმართა 22 ოქტომბერს“ (ავტორი – იური როქსი).

ქართული მასმედია, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას – „ერთიან ნაცმოძრაობას“ ემხრობა, თავის პუბლიკაციებში აღნიშნავს, რომ საიტი „უკრაინსკი ვიკილიკსი“ რუსული სერვერების მხარდაჭერით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, მიანიშნებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული კომპრომატი შეიძლება პროვოკაცია იყოს. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი საუბარი მართლაც გაიმართა, მაშინ უშიშროების სამსახურმა ეს ფაქტი მაინც უნდა გამოიძიოს: სტენოგრამიდან ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაცია თავიანთი სასარგებლოდ გამოიყენონ.

„გიგა ბოკერიამ, რომელიც დასაკითხად უშიშროების სამსახურში გამოიძახეს, მომხდარი ამბებში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა: „ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ილუზიები, აგონია და ბოდვაა. იგი თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამგვარი მეთოდებით შეინარჩუნებს, მაგრამ მას არავითარი შანსი არ აქვს. სამწუხაროდ, მომხდარი ამბები საქართველოსათვის საზიანოა იმ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – აღნიშნულია სტატიაში.

„საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მზადაა სიტუაციის გამწვავებისაკენ. ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე, პარლამენტის სპიკერის დავით უსუფაშვილის მონაწილეობით, რომლის დროსაც ქვეყანაში დაძაბულობის დონის შემცირებისაკენ მიმართული საკითხები უნდა განხილულიყო. „დაე, პრეზიდენტი თავის ხალხს შეხვდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამით ყველანაირი გზები მოიჭრა. მოგვიანებით სიტყვა აიღო თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინტერვიუს დროს „თავის მიერ დანიშნული“ პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა: „მე რომ მისი ბიოგრაფია კარგად მცოდნოდა, ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამდი“, – განაცხადა ოლიგარქმა და საუბრისას თავისი (ანუ „ქართული ოცნების“) გუნდის სისუსტეები აღიარა, რომლის კაპიტულანტური მოქმედებით „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტიური რეანიმაცია მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ნახევარიღა თუ დარჩება. ამასთან მან განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლის სახით.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 26 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2840645

„რუსთავი-2“-ს გადაცემა ემუქრება: ქართული ოპოზიციური ტელეარხის მფლობელის შეცვლას შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაცია მოჰყვეს

სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლღა ალენოვა, ვრცლადაა მიმოხილული საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მოვლენები. აღსანიშნავია, რომ გაზეთის კორესპონდენტი თბილისში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით აკვირდებოდა პროცესებს.

პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული ტელეკომპანიის ქონებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული დავა. ამ საკითხზე რუსი ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელს ელენე ხოშტარიას ესაუბრება, რომლის თქმით, „სასამართლო, ალბათ, ტელეკომპანიას ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებს. „რუსთავი-2“ „ნაციონალების“ გავლენის ქვეშაა, რომელიც ტელევიზიას ხელისუფლების გასაკრიტიკებლად იყენებს. ბიძინა ივანიშვილისთვის კი მთავარ მიზანს საქართველოს პოლიტიკური რუკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა წარმოადგენს“, – ამბობს „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში ელენე ხოშტარია.

რუსული გაზეთის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აგრეთვე „ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს (მისი თქმით, „ხელისუფლებას ქვეყნის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შეზღუდვა სურს. დღეს „რუსთავი-2“ თანამედროვე ტელევიზიაა, ის საინფორმაციო დღის წესრიგს და სტანდარტებს განსაზღვრავს, ყველა სხვა  ტელეარხი იძულებულია მხოლოდ „რუსთავი-2“-ს მიჰყვნენ“) და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს ზვიად კვაჭანტირაძეს („რუსთავი-2“ ერთმნიშვ-ნელოვნად „ნაციონალების“ პარტიული ტელეკომპანიაა. ჩვენ რომ გვდომოდა, არც „რუსთავი-2“ იარსებებდა და არც  „ნაცმოძრაობა“. სხვათა შორის, სწორედ ასეთი იყო მოსახლეობის სურვილი 2012 წლის არჩევნების დროს – ეს პარტია პოლიტიკური სცენიდან სრულიად უნდა გამქრალიყო, მაგრამ მთავრობა ამ ტელეკომპანბიის საქმიანობას არ შეწყვეტს. რაც შეეხება ტელეარხის ირგვლივ არსებულ დავას, ეს მისი ყოფილი მფლობელის სარცელია ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ“.

როგორც სტატიაში აღნიშნული, „რუისთავი-2“ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა მმართველ კოალიციაში განხეთქილება გამოიწვია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომ თემიდამ არ მიიღოს ისეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ამასთან, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იწყებს  კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპკორპუსის წარმომადგენლებთან, სიტუაციის განმუხტვის მიზნით. „რუსთავი-2“-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას „ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა, ხოლო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გიორგი მარგველაშვილი სასამართლოს ზეწოლაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების გამოძიებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის გამო დაიწყო, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი „რუსთავი-2“ის ამბებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნითაა დაგეგმილი.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 24 ოქტომბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20151024-prezident-gruzii-obvinil-premer-ministra-v-provotsirovanii-grazhdanskogo-protivostoy

საქართველოს ერთი კვირა: პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა

ყოველკვირეულ მიმოხილვაში, რომელიც 24 ოქტომბერს, შაბათ საღამოს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ეთერში გადაიცა (ავტორი – გიორგი ლებანიძე), ძირთადად სამი თემა იყო განხილული: პირველი – ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ; მეორე – ხელისუფლების დამოკიდებულება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მიმართ; მესამე – სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის სავარაუდო ჩატარების შესახებ, რუსეთთან მიერთების მიზნით.

რადიოსიუჟეტში  ვრცლადაა საუბარი ადამაინთა წამების ამსახველ ვიდეოკადრებზე, რომლებიც გადაღებული იქნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში. ამ კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა (ქონებრივი დავა მფლობელობის საკითხთან დაკავშირებით), რომელიც ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის ხელყოფად აღიქვა.  საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარება საკმაოდ დაიძაბა, ოპოზიციურმა პარტიიებმა მიტინგები და საპროტესტო აქციები ჩაატარეს.

რადიოსიუჟეტში კორესპონდენტი ესაუბრება პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს: შეკითხვაზე – „ეთანხმებით თუ არა თვალსაზრისს, რომ „რუსთავი-2“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის რუპორია“,  იგი პასუხობს:

„დიახ, ჭეშმარიტად ასეა. თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალურ რუპორს წარმოადგენს. „რუსთავი-2“-ის შექმნასა და გამნტკიცებაში დიდი როლი ამერიკელებმა შეასრულეს (ისინი ტელეკომპანიას ფინანსებით ეხმარებოდნენ და ტრენინგებით უზრუნველყოფდნენ). მათ თვითონვე აღიარეს, რომ ფაქტიურად კიდევ ერთი „საბჭოთა ტელევიზიის“ შექმნა გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, „რუსთავი-2“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და მას ეკუთვნის, ის პროპაგანდის ძლიერი საშუალებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებით იყენებს. დღეს „რუსთავი-2“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელია და მმართველ კოალიციას, სხვა ტელეკომპანიებისაგან განსხვავებით, მკვეთრად, მწვავედ და მოურიდებლად აკრიტიკებს – ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია იმის გაკეთება, რასაც სხვები ვერ ბედავენ. ამრიგად, ძალიან სპეციფიკური სიტუაციაა: დიახ, „რუსთავი-2“ მიხეილ სააკაშვილის რუპორია, მაგრამ იმავდროულად ის მოსახლეობას აჩვენებს იმ ყველა ცუდს და ნეგატიურს, რასაც მმარტველი კოალიცია აკეთებს“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ შექმნილი სიტუაცია სხვადასხვანაირად შეფასდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დესტაბილიზების მცდელობაში ერთმნიშვნელოვნად „ნაცმოძრაობა“ დაადანაშაულა, ხოლო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებას თავშეკავებისაკენ მოუწოდა და პრემიერ-მინისტრის მოქმედება გააკრიტიკა ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა, პირდაპირ თუ ირიბად, მხარი ოპოზიციას დაუჭირა.

საერთთოდ, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ადრეც ხშირად დაობდნენ ხოლმე  უფლებამოსილების საკითხზე – „მე ვარ ქვეყნის ნამდვილი ლიდერი და არა შენაო“, მაგრამ აი, ეს ბოლო დღეების განცხადებები აშკარად მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა იმ მმართველ კოალიციასთან, რომელმაც იგი 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად წეამოაყენა და არჩევნებში მხარს აქტიურად უჭერდა. სამაგიეროდ გიორგი მარგველაშვილმა თავისი კრიტიკული გამოსვლით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწონება დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური ძალების განლაგების ახალი კონფიგურაცია იქმნება. სხვათა შორის, ოპოზიცია უკვე ვადამდელი საპარალენტო არჩევნებს ითხოვს, რადგან მოქმედი ხელისუფლება უნიათოა და ქვეყანაში სიტუაციის კონტროლის სადავეებს ხელიდან უშვებს.

„ასეთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე საქართველოსთვის დიდი რისკია, რომ მან სამხრეთ ოსეთი საბოლოოდ დაკარგოს“, – აღნიშნულია რადიოსიუჟეტში. ამასთან დაკავშირებით ავტორი ეხება ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომ განზრახულია ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთების მიზნით. მასალაში მოცემულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწ.მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თვალსაზრისები.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თიბილოვის ინიციატივა მოსკოვის მიერ ინსპირირებული არ არის, ეს ცხინვალის ინციატივაა, შესაბამისად, რადგან თვით მოსკოვმა გაუკეთა ცხინვალს იგნორირება, ჩვენ „დიდი პოლიტიკის“  თამაშს ნუ დავიწყებთო, ხოლო ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო ხელისუფლება ცხინვალში გამართულ ყველა რეფერენდუმს და მის შედეგებს უკანონოდ გამოაცხადებს.

ქართველი დამოუკიდებელი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა მოსკოვიდან საქართველოსთვის გამოგზავნილი სიგნალია და მიანიშნებს, რომ თუ ქვეყანა პროდასავლურ კურსს გააღრმავებს ან ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, თბილისს მძიმე შედეგები ელოდება. სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეამ იმ დროს გაიჟღერა, როცა მორიგი გამოკითხვის თანახმად, პოპულარობით ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ „ქართულ ოცნებას“ უსწრებს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/rustavi2-kramer/3022811.html

დევიდ კრამერი: ძალადობა არავის აწყობს, გარდა ერთი ადამიანისა

ია მეურმიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებული იურიდიული დავა პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა. ვაშინგტონში დაფუძნებული ექსპერტები მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პროცესი კერძო მხარეებს შორის არსებული იურიდიული დავაა, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს.

ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად “მაკეინის ინსტიტუტის” დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი ამბობს, რომ პროცესი მხოლოდ ლეგალური დავის შთაბეჭდილებას არ ქმნის:

“საქმეს პოლიტიკური თამაშების სუნი ასდის. „რუსთავი-2“ დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობისკენ იხრებოდეს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა და რომელ მხარესაც უნდა იმ მხარეს გადაიხრება. პრესის თავისუფლება სწორედ ეს არის. მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმა იყო განხორციელებული „რუსთავი-2“-ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის რუპორის” წინააღმდეგ.

ეს არავის ეხმარება. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს რას ამბობს მასზე “ფოქს ნიუსი,” მაგრამ ისინი ტელეარხს ან რესპუბლიკურ პარტიას კრიმინალურ ორგანიზაციას არ უწოდებენ.  მთავრობამ მშვიდი დამოკიიდებულება უნდა შეინარჩუნოს და ამასთან, საპროტესტო დემონსტრაციებიც მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გაიმართოს.”

დევიდ კრამერი ამბობს, რომ ისეთ დროს, როცა საზოგადოება პოლარიზებულია, სიტუაციის განმუხტვა მთავრობის პასუხისმგებლობაა. განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ჯგუფია და პროცესებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს. კრამერმა თავად მთავრობის ერთსულოვნებაზეც ისაუბრა:

“ძალადობა საქართველოში არავის სურს. პრემიერ მინისტრის განცხადება დაძაბულობას ამწვავებს. პრეზიდენტის მიერ ყველასთვის სიმშვიდის მოწოდება და სასამართლოსთვის გარე ფაქტორების გათვალისწინების მოწოდება კონსტრუქციული იყო. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, რომ საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ პრემიერ მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები იყო მოთავსებული და ის არ ასხავდა პრეზიდენტის განცხადებას. ეს არის სიტუაცია, რომლის დროსაც ყველამ სიმშვიდე და საღი აზრი, ხოლო მთავრობამ კი განსაკუთრებული მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს.”

დევიდ კრამერის აზრით, „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, აგვისტოში კომპანიის აქტივების გაყინვა, ასევე გასულ წელს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მკვლელობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად არ მეტყველებს.

“მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ისინი იტყვიან, რომ საქართველო ნატოსთვის მზად არ არის; როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა, სადაც ასეთი პოლიტიკური ქიშპობა მიმდინარეობს. ეს ევროკავშირთან ურთიერთობასაც დააზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც უფრო მეტად ემსგავსება საქართველო ქვეყანას, სადაც შიდაპოლიტიკური ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს საქართველო დასავლეთში.  ეს არავის აწყობს გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ბატონი პუტინია.”

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა ცალ-ცალკე განცხადებებში აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემას არ აკონტროლებს და სასამართლოს გამჭვირვალე პროცესის ჩატარებისკენ და საქმის რაც შეიძლება მალე დასრულებისკენ მოუწოდეს, რათა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებმა მშვიდ გარემოში გააგრძელონ საქმიანობა.  კრამერის აზრით, ამ განცხადებებთან ერთად მთავრობამ მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის განცხადებებიც საჯაროდ აქტიურად უნდა აკეთოს.

«Day.az» (აზერბაიჯანი), 25 ოქტომბერი, 2015 წელი

http://news.day.az/economy/710242.html

საქართველომ უკან დაიხია, თბილისს ბაქოსთან თამაშები არ გამოუვა

სტატიაში განხილულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა გაზმომარაგების სფეროში და გამოთქმულია გარკვეული საყვედურები ქართული მხარის მიმართ (ავტორი – ალი ჰუსეინოვი).

„აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან არა მხოლოდ მსხვილი მილსადენი პროექტები აკავშირებთ. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ ფართოდაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, აქვს თავისი ოფისი და ჰყავს რამდენიმე პროფილური შვილობილი კომპანია, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, ინვესტორი და დამსაქმებელი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდების საკითხში საქართველოს პრობლემა შექმნოდეს. და აი, ასეთ ფონზე საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ლაპარაკი დაიწყო, რომ თითქოსდა აზერბაიჯანი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნებს ბუნებრივ გაზზე და რომ დანაკლისი შეივსოს, თბილისი იძულებულია რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება დაიწყოს“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული აზერბაიჯანული ნავთობის სახელმწიფო კომპანიის მიერ რეალიზებული საქმეები საქართველოში, მათ შორის ფრიად სასიკეთო განზრახვა –  შვილობილი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ ქვეყნის გაზიფიცირების დაწყება, რომლის მიხედვით, 2017 წლისათვის საქართველოს გაზიფიცირების დონე 82%-ს მიაღწევს.

„პრინციპში, საქართველოს ბაზარზე „სოკარ“-ის კონკურენტად „გაზპრომ“-ის განხილვა შეუძლებელია. გარდა ამისა, ვერავინ იტყვის იმას, რომ რუსულ მონოპოლისტ კომპანიას საქართველოსთვის აზერბაიჯანულზე ნაკლები ტარიფის შეთავაზება შეუძლია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ „შაჰ-დენიზის“ გაზის საბადოს მეორე რიგის ექსპლოატაციის დაწყების შემდეგ, 2018 წლისათვის, „გაზის სამხრეთი დერეფნის“ მეშვეობით დასავლეთში 16 მილიარდი კუბ.მეტრი „ცისფერი საწვავის“ გადატუმბვაა დაგეგმილი (აქედან 6 მილიარდი თურქეთს, 10 კი ევროპას). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის აზერბაიჯანული გაზის დიდ მოცულობას დამატებით საქართველოც მიიღებს“, – ხაზგასმულია სტატიაში.

Comments are closed