„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისე მარგველაშვილი ვერ შეერევა “ნაციონალებს”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ვოლსკისთან: “გარკვეულ მომენტში ნიკა გვარამია მიხვდა, რომ ეს თავისი მსხვერპლად შეწირვის სცენარი უფრო იყო”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: “ოცნების” საარჩევნო ტესტი დამაინტრიგებელი შედეგებით // როცა ხელისუფლება ახალბედა კონკურენტს გაჭირვებით ამარცხებს, რას იზამს გამოცდილ და საარჩევნო ბრძოლაში გამობრძმედილ კონკურენტებთან?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთთან: „ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, არაფორმალური მმართველის სტატუსი დაენგრია, ამისთვის კი ირმა ინაშვილს უნდა გაემარჯვა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალებიც ცდილობენ, სააკაშვილს გაემიჯნონ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „არჩევნების მოსაგებად „ქართულმა ოცნებამ“ მკვდარი სულები დარაზმა… 31 ოქტომბერი რეპეტიცია იყო. მთავარი გაყალბება 2016 წელს იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გახოკიძესთან: „ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება არ უნდა სჭირდებოდეს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რეზო ამაშუკელთან: „შევაკვდები და ნაციონალებს ციხეში გავუშვებ… „არჩევნების გაყალბებაზე რესპუბლიკელები ხელს ღარიბაშვილს შეაწმენდენ“
„კვირის ქრონიკა“: რა ხდებოდა „ნაციონალების“ ოფისში სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ?
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „დღეს ვინც საპროტესტო ტალღას ქმნის, ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი… მან დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა გამოაცხადა, ვინც მას არ ემორჩილება, ის თავისი მტერია“
———–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „საინვესტიციო ბაზარზე კონკურენტები გვჯობნიან“
„ახალი თაობა“: რას ყვება დვანელი გენადი მამაგულაშვილი: „დვანში რუსული აგენტურა მოქმედებს, ჩვენს სპეცსამსახურებს კი სძინავთ“
—————————-
„კვირის პალიტრა“, 2 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: „როგორც ზეთი და წყალი არ ერევა ერთმანეთს, ისე მარგველაშვილი ვერ შეერევა “ნაციონალებს”
(შემოკლებით)
ინტერვიუს დასასწყისში ჟურნალისტი ნათია დოლიძე მწერალ დავით მაღრაძეს მისი ახალი წიგნების გამოცემას ულოცავს (მათი პრეზენტაცია იტალიაში, საფრანგეთში და დიდი ბრიტანეთში მოხდება) და წარმატებებს უსურვებს, შემდეგ კი შეკითხვებს უსვამს:
- გასული კვირის უმთავრესი მოვლენა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც დიდი ხმაური ახლდა…
- თავიდანვე მინდა გითხრათ ერთი რამ: სამწუხაროდ, “რუსთავი 2″ კარგა ხანია, “რუსთავი 5″-ად არის ქცეული და რეალურ საქართველოს ეს ტელევიზია არ იცნობს. ცხადია, რომ ყოველი აქციით, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” გაიძახის, მოდით და თავისუფალი სიტყვა გადაარჩინეთო, ეს პარტია სამოქალაქო პანაშვიდებს იხდის. ამ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო არც დამოუკიდებლობასთან და არც სიტყვის თავისუფლებასთან, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება, რომლის გამგეც არის ყოფილი პროკურორი. ეს არის რეალობა. ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლაპარაკი იმის ტოლფასია, “ისლამური სახელმწიფო” ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას რომ შეუერთდეს. მე დიდ პატივს ვცემდი ყოფილ, ნამდვილ “რუსთავი 2″-ს, რომელიც ერთ დროს მართლაც გამოხატავდა თავისუფალ, განსხვავებულ აზრს; მონაწილე ვარ იმ პროცესებისაც, როდესაც შევარდნაძემ ტელევიზიაში შემოსავლების სამსახური გაგზავნა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. მე მაშინ “რუსთავი 2″-ს ვიცავდი, დღეს კი ის იქცა “რუსთავი 5″-ად, გამოიცვალა ხუთი თუ მეტი მფლობელი და “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი გახდა. ამდენი ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ სულ არ მიკვირს, რომ მფლობელთა შორის დავა დაიწყო.
ვხედავ, სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ სიტყვის თავისუფლება უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას, რაც ასე ნამდვილად არ არის. არავინ აპირებს “რუსთავი 2″-ის გამორთვას, ის აგრძელებს მაუწყებლობას და უნდა გააგრძელოს ნებისმიერ შემთხვევაში.
მფლობელებს შორის დავაა “მაესტროზეც” და რატომ არ ხდება ამ ამბის ხელოვნური აჟიტირება?! ცხადია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლობისტები დასავლეთში. არ ვიცი, ვისგან რა გარიგებით არის ეს ხალხი დავალებული, მაგრამ ისინიც ცალმხრივად აფასებენ პროცესს და ცდილობენ, ხელოვნურად წარმოაჩინონ საკუთრებისთვის დავა, როგორც ხელისუფლების შეტევა თავისუფალ სიტყვაზე.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთი რამ მაქვს სათქმელი: ჩემი ფორმულა მარტივია – აშშ დაკარგავს სააკაშვილს და იპოვის საქართველოს… იმედი მაქვს, დასავლეთში სამართლებრივ შეფასებას მისცემენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ავალებს და აწყობს გადატრიალებას სხვა ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები, დიპლომატები, რომელთაც სააკაშვილი იდიოტებს ეძახის. მე არ მივიჩნევ მათ იდიოტებად, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ისინი სწორედ იმის პოზიციას იზიარებდნენ, ვინც მათ ასე მოიხსენიებს. იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრებს, რომელშიც ექს-პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარია გადმოცემული, დავით მაღრაძეს ასეთი პოზიცია აქვს:
- ამ სცენარით პროცესების წარმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს. არ ვაპირებ სააკაშვილისა და მისი მომხრეების სულელური განცხადებების კომენტარს, ამ ჩანაწერებით გავიგეთ და თვითონაც აღიარეს, რომ უცხო ქვეყნის გუბერნატორი ჩვენს ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგისა და ერთ-ერთი იდეოლოგის საშუალებით არეულობას გეგმავდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა იყოს კარგად გამოძიებული. ცხადია ისიც, რომ არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, ამ საკითხის აჟიტირებას “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი 5″-ის საშუალებით ცდილობდა, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. იმის მაგალითი, რომ დღეს ქვეყანაში ყველანაირი აზრისთვის გახსნილია სივრცე და საკუთარი პოზიციის გამოხატვის არავის ეშინია, ისიც არის, რომ ადამიანები, რომელთაც 9 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ, ახლა პირაქაფებულები ლაპარაკობენ და უტევენ ხელისუფლებას. მანამდე თუ ხმას არ იღებდნენ და იყვნენ საკუთარ თავთან განმარტოებულები, ახლა რა მოუვიდათ?!
ახლა დადგა მათთვის სიმართლის თქმის დრო? სიმართლის თქმის დრო ყოველთვის არის, მთავარია, შენ როდის გაქვს ამის შნო. იმისთვის, რომ თავიანთი უსუსური პასიურობა გაამართლონ, ამ ხელისუფლების შეცდომებს ეძებენ…“.
- ამ ცოტა ხნის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიჰყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს…” რამდენად სწორია მთავრობის მეთაურის მხრიდან ყველა მედიასაშუალების ერთ ქვაბში მოხარშვა?
- არ მომისმენია და ზუსტად არ ვიცი, რა კონტექსტით თქვა ეს პრემიერმა, მაგრამ მედიის ერთ-ერთი ფუნქცია ხელისუფლების კონტროლია, ეს მოსწონს ვინმეს თუ არა. მან უნდა დაწეროს კარგზეც და ცუდზეც. ხელისუფლებაში კი უნდა იცოდნენ, რომ ჯანსაღი კრიტიკა და ოპონირება ყველაზე კარგი მხარდაჭერაა, ოღონდ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და კვალიფიციური ოპონირება და არა – ჩასაფრებული და ქვეყნის ნგრევაზე ორიენტირებული. ეს არ უნდა იყოს ორიენტირებული არც იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცეს ეს ხელისუფლება და მოვიდეს ის, რომელიც ვიღაცას უნდა. კრიტიკის მოსმენა ნებისმიერი ბრძენი ადამიანისთვის წამალია. ჯანსაღი კრიტიკით წამლობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება იფიტება.
თავის დროზე წინა ხელისუფლებისთვის მთავარ წყალგამყოფად იქცა გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც სწორედ მედიასაშუალებით გახმაურდა. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ე.წ. შუაშისტები, რომლებიც ცდილობდნენ, არ დაენახათ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. (…)
ვინც წყალგამყოფის გაღმა დარჩა, მათ საქართველოში არასდროს არც ერთ არჩევნებში არ აირჩევენ, არც იმათ, ვინც ხელისუფლების დანაშაულებს მუსიკალური ფესტივალებით ფარავდა. ისინი შეიძლება დანიშნონ სადმე, რაც ხდება კიდეც დღეს, მხოლოდ დანიშნონ… გამგები გაიგებს…
- თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა…
- გეთანხმებით, ბევრი დაპირება ჯერ შეუსრულებელია. ყველა დაპირება შეიძლება ვერც შესრულდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და მოვთხოვოთ იმის გამოსწორება, რაც სათანადოდ არ კეთდება, თუმცა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სადმე არსებობს იდეალური ხელისუფლება. როგორი კარგიც უნდა იყოს ხელისუფლება, კრიტიკა და ოპონირება მას სულ სჭირდება – უკეთესობის სურვილი ხომ მამოძრავებელი ძალაა. მოდი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ. პენიტენციარულ სისტემაში ხომ შეწყდა ხალხის წამება? შეიძლება კიდევ იყოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ ადამიანებს ნამდვილად აღარ აუპატიურებენ. ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა – დღეს საქართველოში ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია. ეს კვიტაშვილის 5-ლარიანი დაზღვევა ხომ არ არის?! ადამიანები ურთულეს ოპერაციებს იკეთებენ და სიცოცხლეს ინარჩუნებენ. გაიხსენეთ ც ჰეპატიტის უმნიშვნელოვანესი პროგრამა. ამ ავადმყოფობით ჩემი თაობა მასობრივადაა დაავადებული. კი ბატონო, ეს ჩვენი უთავბოლო ცხოვრების ბრალია, მაგრამ მის უფასო მკურნალობაზე ხომ ვერც ვიოცნებებდით… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს გარშემო თუ მიმოიხედავთ, ყველგან ცეცხლია, სამყარო ხანძარშია გახვეული, შორს თუ ახლოს, და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, სიგიჟის ეპიცენტრში ჩვენ არ ვართ, ყველა ტრაგედიას თავზე არ ვიმხობთ.
მეტ-ნაკლებად გარიდებული ვართ ამ ხანძარს და ჩვენს ოკუპირებულ და გაღატაკებულ ქვეყანაში მშვიდობა მაინც გვაქვს… ვიღაცებს კი ესეც არ მოსწონთ, ამის გამოც აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ვიღაცას ერთი სული აქვს, აქ “ბოევიკები” შემოყაროს, უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გაგზავნოს, ჰპირდებიან ხალხს, ჩვენ დავილეწავთ მკერდზე რუსეთის არმიასო. ოღონდ კი რევანში მოახერხონ და რაღას არ იზამენ…
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ვოლსკისთან: “გარკვეულ მომენტში ნიკა გვარამია მიხვდა, რომ ეს თავისი მსხვერპლად შეწირვის სცენარი უფრო იყო”
ელზა პაპოშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცახდებს, რომ ნიკა გვარამიამ სააკაშვილის სცენარი მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენა, რომ მიხვდა, თავისი გაწირვა უნდოდათ. ის სააკაშვილს გაემიჯნა და ამით საკუთარი თავი და გარემოცვა გადაარჩინა.
გია ვოლსკი “მთელ კვირასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ის ბოკერიას, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც თვლიდა, რომ ჭკვიანი ადამიანი იყო. თუმცა, დეპუტატის განცხადებით, ამ აუდიოჩანაწერის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა და რომ არა გვარამიას პოზიცია, ის ამ სცენარის განხორციელებისთვის მზად იყო.
- თქვენი აზრით, თუკი “რუსთავი 2″-ის საქმეზე სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება?
- პოლიტიკოსისგან ამ თემაზე ბევრი საუბარი მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება და საჭირო არ არის. თუმცა, ჩემი რწმენით, ყველა შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობა აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მოსამართლე გადაწყვეტილებას ვის სასარგებლოდ გამოიტანს. ისედაც ნუ წარმოვაჩაენთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მამა აბრამის ბატკნები არიან და ქონებას არავის ართმევდნენ, ხოლო ხალვაშის ეს პრეტენზია საკუთრებაზე გამონაკლისი ყოფილიყოს. უამრავი ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ქიბარ ხალვაშიც, აქიმიძეც და სხვა დანარჩენები, ესენი ყველანი “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული იყვნენ.
მაგრამ სამართლიანია თუ არა მათი მოთხოვნები, ამას სასამართლო გადაწყვეტს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე ვფიქრობ, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა განაგრძონ მუშაობა და შეზღუდული არაფერში არ უნდა იყვნენ.
- რას იტყვით “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების განცხადებაზე, რომელიც მათ სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ გააკეთეს?
- მე ვფიქრობ, რომ ამ აუდიოჩანაწერების გამოჩენამდე, ტელეკომპანიაში ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს პარტიული მედიასაშუალება იყო. ამას საპარლამენტო პაექრობის დროს არც თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მალავდნენ. ახლა გახდა ნიკა გვარამია თავისუფალი სიტყვის დამცველი, თორემ არც ერთი პარტიული მუშაკი არ უარყოფდა იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს იცავს და “რუსთავი 2″ მისი პროპაგანდის ნაწილია. ეს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვის უცნობი არ არის, როდესაც მედიასაშუალება რომელიმე პარტიის ინტერესებს და პოზიციას უფრო მეტად გამოხატავს. მაგრამ იქ პარიტეტს იცავენ და უფრო ცივილიზებული დამოკიდებულებაა ამ საკითხთან მიმართებაში. ჟურნალისტებთან პრეტენზია არც არავის არ აქვს. ფაქტი ის არის, რომ ჟურნალისტები ყოველთვის იმ სიუჟეტებს ამზადებენ, რომლებშიც დაპირისპირებული ორივე მხარე ფიგურირებს, მაგრამ როდესაც ეს მიდის პარტიის სათავო ოფისში, იქ უკვე იფუთება და გარკვეული მიმართულებები ეძლევა. ამასთან დაკავშირებით მე არ მგონია, რომ ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს. ნებისმიერ მედიაექსპერტს ჰკითხეთ და ზუსტად იმავეს გეტყვით. ჩვენ ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჟურნალისტებს გარკვეული ხელფასი აქვთ და სამუშაოს პატიოსნად ასრულებენ. ხოლო იმის გამო, რომ მათი და “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგია ერთმანეთს არ შეესაბამება, ისინი სამსახურს ვერ დატოვებდნენ. რადგანაც დღევანდელი შრომის ბაზარი ასეთი ფართო არ არის, რომ ნებისმიერმა მათგანმა დასაქმების საშუალება მოძებნოს. ამიტომაც მათი მდგომარეობა ყველას ესმის.
მე ვფიქრობ, რომ აუდიოჩანაწერებიდან გამომდინარე გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ გვარამია ყველაფერს თავად გაემიჯნა. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის და თავისი გეგმა აქვს. ვფიქრობ, ახალგაზრდა ჟურნალისტები თავისი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა, გვარამიას მსგავსად ასეთ ინტრიგებში გამოცდილება არ გააჩნიათ. ამიტომაც, მათგან მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამომჟღავნებას ნუ მოველით. მათი ცხოვრება ისე ადვილი არ არის, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანებისა. ისინი თავის ყოფით მდგომარეობაზე, მომავალზე, კარიერაზე ფიქრობენ და ასე ადვილად ნუ გავწირავთ.
- თქვენ რას ფიქრობთ ამ ჩანაწერებზე? თქვენი აზრით, ვის მიერ შეიძლება იყოს მოპოვებული?
- 21-ე საუკუნეა და ტექნიკის განვითარება წინ წავიდა. შესაბამისად, სანამ გამოძიება არ იქნება ჩატარებული, ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა, ვის შეიძლება ჩაეწერა ეს საუბარი. თავად მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში უამრავი პრობლემა აქვს. მას საკმაოდ სერიოზული ჯგუფები უპირისპირდებიან. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მისი ჩაწერა უკრაინაშიც მომხდარიყო. ჩემი აზრით, არ შეიძლება, რომ როდესაც ადამიანი ძებნაშია და “რუსთავი 2″-ის მეშვეობით ღიად აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებამ უფრო ადრე უნდა დაამთავროს, ვიდრე არჩევნები იქნება, უსაფრთხოების სამსახურებს მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ ჰქონდეს გამახვილებული. ხოლო რომელი უსაფრთხოების სამსახურია – საქრთველოსი, უკრაინის თუ სხვა, მე ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია პასუხი არ მაქვს.
- გვარამია და ბოკერია ადასტურებენ, რომ მათი საუბარი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნამდვილად შედგა. თუმცა გვარამიამ თქვა, რომ მას საუბრისას გაჟღერებული იდეა არგანუხორციელებია და ამის დამადასტურებელი ტელეკომპანიის გარშემო არ აღმართული ბარიკადებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, გვარამიამ სააკაშვილის სცენარით რატომ არ იხელმძღვანელა?
- მე ვფიქრობ, გარკვეულ მომენტში ნიკა გვარამია მიხვდა, რომ ეს თავისი მსხვერპლად შეწირვის სცენარი უფრო იყო, რათა საერთაშორისო ყურადღება მიექციათ, ვიდრე რაღაც სერიოზული გეგმა. სცენარის არასერიოზულობა მისი აგრესიის მაღალ ხარისხში მდგომარეობს. სააკაშვილმა დაუშვა, რომ ქართული საზოგადოება იმ სისხლისღვრაზე წავიდოდა, რასაც ოცნებობს. ვფიქრობ, გვარამია მიხვდა, რომ ამ თამაშის მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ის და მისი უახლოესი გარემოცვა, როგორც მსხვერპლი, ამ გადატრიალებისათვის ისე უნდა შეეწირათ.
მომკალით და მე ამ საუბარში სხვა ტექსტს ვერ ვკითხულობ. გვარამია ამ სცენარს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მხოლოდ თავის გადარჩენის მიზნით გაემიჯნა. თუმცა, გავარმია არ არის უცოდველი კრავი, თუნდაც მისი ძველი საქმიანობიდან გამომდინარე. მან შეამჩნია, რომ სააკაშვილთან საკმაოდ მძიმე და უპერსპექტივო საუბარი მიმდინარეობდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად გიგა პოკერიას მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, გაცილებით უფრო ჭკვიანი მეგონა, ვიდრე ის რეალურად ამ აუდიოჩანაწერში გამოჩნდა.
მე ვფიქრობ, რომ ბოკერიასაც და სააკაშვილსაც მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვთ. მხოლოდ ეს შეიძლება მათი გამართლების ერთადერთი საფუძველი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოვისმინე და წავიკითხე, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომელსაც გვარამია ცდილობს ყველანაირი მეთოდით გაემიჯნოს.
- ბოლო დროს მედიასა და სოციალურ ქსელში გოგი თოფაძის განცხადება სტალინზე განხილვის და დისკუსიის საგანი გახდა. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ პერსონის მიმართ?
- მამაჩემმა დავით ვოლსკიმ სტალინის დროს, გადასახლებაში 23 წელი გაატარა. “ის ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორი და საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი იყო, მაგრამ ამდენი წელი აბსოლუტურად უსამართლოდ გადასახლებაში გაატარა.
ეს ერთი საკითხია, რისი თქმაც თქვენს კითხვაზე შემიძლია. ხოლო მეორე ისაა, რომ ერთმანეთისგან ეს ყველაფერი უნდა გავმიჯნოთ, რადგანაც ზოგს სტალინი მოსწონს, ზოგს ნაპოლეონი და ზოგს ტროცკი.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
“ოცნების” საარჩევნო ტესტი დამაინტრიგებელი შედეგებით
როცა ხელისუფლება ახალბედა კონკურენტს გაჭირვებით ამარცხებს, რას იზამს გამოცდილ და საარჩევნო ბრძოლაში გამობრძმედილ კონკურენტებთან?
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
ხმაური, სიტყვიერი და ფიზკური დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ბიულეტენები ტრუსებში – ასეთი იყო 31 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში გაიმართა.
(…)
დამკვირვებელთა შეფასებით, დაპირისპირებითა და ექსცესების რაოდენობით, საგარეჯომ მარტვილი ნამდვილად „დაჯაბნა“. საგარეჯოში არჩევნების დროს არაერთთი ხმაურიანი ინციდენტი მოხდა, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არა მხოლოდ სიტყვიერი შურაცხყოფით უპანსპინძლდებოდნენ. აქ კენჭს იყრიდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი, „პატრიოტთა კავშირის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი და სხვები, თუმცა მთავარი ორთაბრძოლა პირველ ორ კანდიდატს შორის გაიმართა. ასევე იყო მარტვილშიც, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „მეოცნებე“ სოსო დანელია და „პატრიოტი“ ეთერ მეძველია. გამარჯვეს: საგარეჯოში – თამარ ხიდაშელმა ხმების 49,5%-ით ირმა ინაშვილის 45,8%-ის საპირისპიროდ, მარტვილში – სოსო დანელიამ (ხმების 72,54%-ით) ეთერ მეძველიას წინააღმდეგ (24,4%).
საგარეჯოში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მოვლენა იყო ის, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამხედრო მოსამსახურეების ხმები გამოყენებას „ქართული ოცნების“ კანდიდატურის თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ ცდილობდა. განსაკუტრებული აჟიოტაჟი გამოიწვია მინისტრის მიერ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ იგი თვითონ ითვლის პარტიის შტაბში ბიულეტენებს და საარჩევნო მონაცემები კომპიუტერში შეჰყავს.
საგარეჯოს არჩევნები განსაკუთრებით საყუარდღებო იმიტომ იყო, რომ აქ ერთმანეტს უპოირისპირდებოდნენ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე კანდიდატები. ამიტომაც, პოლიტოლოგების აზრით, არჩევნების შედეგებმა ნათელი ბევრ რამეს მოჰფინა და ეს გასათვალისწინებელია: პოლიტოლოგები მიიჩნევდნენ, რომ საგარეჯოს შედეგები, იმის მანიშნებელია, თუ როგორი იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. სწორედ ასე თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის ტქმით, „ხელისუფლებას სასიხარულო არაფერი აქვს, რადგან როცა მისი კანდიდატი, ადმინსტრაციული რესურსის გამოყენებითაც კი ძლივ უგებს ახლადჩამოყალიბებული პარტიის კანდიდატს, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა“. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რეალობასაა მოწყვეტილი, მათ არ უნდათ სიმართლეს თვალი გაუსწორონ და მალავენ, რომ კოალიციას დიდი პრობლემები აქვთ. „სხვა პარტიებსაც რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, „ოცნების“ კანდიდატი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა, რადგან ხმები გადანაწილდებოდა. ახლა ხელისუფლება ერთი პარტიის პირისპირ დარჩა და ხმები ძლივს მოაგროვა და მოგება უპრობლემოდ ვერ მოახერხა. მე ამას გამარჯვებას არ დავარქმევდი“, – ამბობს გია ხუხაშვილი. ექსპერტი რესპუბლიკურ პარტიას აკრიტიკებს და აცხდებს, რომ რესპუბლიკელები იმ კანონს ამოეფარნენ, რომელსაც წლების განმავლობაში თვითონ აკრიტიკებდნენ: „ძალაუფლება თვით ისეთ პარტიასაც კი რყვნის, როგორიც რესპუბლიკური პარტიაა“.
გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ჭარბ გამოყენებაზე, გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა ისარგებლეს საგარეჯოს რაიონის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის (აზერბაიჯანელების) პოლიტიკური კონფორმიზმითაც. ექსპერტი ამბობს, რომ საგარეჯოს არცევნებით „ენდეაი“-ს მიერ ცატარებული კვლევის ზოგიერთი მომენტი დადასტურდა, მაგალითად, არჩევნებში ელექტორატის 70% მართლაც არ მივიდა და ვინც მივიდა, ანუ 30%-დან ხმა „ქართულ ოცნებას“ ნახევარზე ნაკლებმა მისცა.
როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიზე ამბობს, სამაგიეროდ, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ „ენდეაის“ კვლევა არ გამართლდა, რადგან საგარეჯოში ამ პარტიამ ბევრად მეტი ხმები აიღო. ამასთან, თუ მარტვილის შედარებით ნაკლებ შედეგებს გავითვალისწინებთ, საგარეჯოს შედეგების განზოგადება სწორი არ იქნება. ვერც „ოცნების“ რეიტინგი ვერ შემოწმდება, რადგან სხვა პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.
„შესაბამისი დასკვნები ორივე მხარემ უნდა გააკეთოს. ის დამაწყნარებელი არცერთისთვის არ არის. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ მეტოქე ახლო დისტანციით მისდევს და მისი სუნთქვა უნდა ესმოდეს. პატრიოტებმა“ კი უნდა დაინახონ, რომ 2016 წლის არჩევნებში [წარმატების მისაღწევად] მას მას ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა დაჭირდება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთთან: „ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, არაფორმალური მმართველის სტატუსი დაენგრია, ამისთვის კი ირმა ინაშვილს უნდა გაემარჯვა“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, რომ შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში გენერალური რეპეტიცია იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ის ფიქრობს, რომ საგარეჯოში რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვებით ხაზი გაესვა იმას, რომ რესპუბლიკელები კოალიციის წამყვანი ძალაა. „ინტრიგის კვანძი სწორედ საგარეჯოში შეიკრა. მერე დაემთხვა მოქმედი მინისტრისა და დეპუტატობის კანდიდატის გვარი ერთმანეთს, თან, ალბათ, ქალბატონმა მინისტრმა შეარჩია კანდიდატი და უამრავი ნიუანსი იჩენს აქ თავს. ალბათ, ბევრ საგარეჯოელ ამომრჩეველს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამ ნიუანსებზე. მიუხედავად ამ ინტრიგისა, საარჩევნო ურნასთან ძალიან ცოტა ამომრჩეველი მივიდა“, – ამბობს პოლიტოლოგი.
- ეს შეიძლება პრობლემა გახდეს 2016 წლის არჩევნებისთვის?
- ცხადია და ეს კარგად გამოჩნდა. არჩევნებზე არ მიდის ამომრჩეველი. საარჩევნო კანონმდებლობა კი უშვებს ამას და ამომრჩევლის 30% მისვლა არ არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს მისასალმებელი არ არის, პირიქით, სერიოზული დამაფიქრებელი ფაქტორი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის.
- რა კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა, რომლებზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება საზოგადოებამ?
- კვლავ პრობლემატურია ე.წ. დახურული უბნები. ასევე ორი მინისტრი იყო ჩასული ადგილზე. მართალია, მათ კანონმდებლობა არ უკრძალავთ დასვენების დღეს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ ხდება მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში.
- ხელისუფლებამ ეს ტესტი ჩააბარა?
- ჩააბარა, მაგრამ ოპოზიციისთვისათვის კარგი, დასკვნების გამოსატანი გაკვეთილი უნდა იყოს.
- რას გულისხმობთ?
- ადმინისტრაციული რესურსი ცოცხალია და უკვდავია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ინაშვილის გამარჯვება ოპოზიციისთვის მაინცდამაინც კარგი გაკვეთილი ვერ იქნებოდა: მათ სიფრთხილეს მოადუნებდა, რადგან ხელისუფლებას უდიდესი პროპაგანდისტული ბერკეტი ექნებოდა ხელთ, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა პატიოსნად წააგო, რომ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა არჩევნები. ეს კი ოპოზიციის ყურადღებას მოადუნებდა დიდ არჩევნებში. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს წაგება ოპოზიციისთვის ცივი შხაპი უნდა იყოს.
- ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობდა ბოიკოტის მიზეზით.
- დიახ, მაგრამ მაინც კარგია, რადგან მათთვისაც, როგორც ხელისუფლებისთვის, ეს არჩევნები ერთგვარი მოთელვა უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წარსულს არ ჩაჰბარებია. ბიძინა ივანიშვილს ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდა, დაენგრია არაფორმალური მმართველის სტატუსი: თუ არჩევნებს ირმა ინაშვილი მოიგებდა და არა სახელისუფლებო კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ეს შეხედულება დაინგრეოდა, რადგან ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს.
- თუმცა, იმავე წარმატებით შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ივანიშვილმა ინაშვილი გაიყვანა.
- რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელი იყო, მაგრამ სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება უფრო მეტ კითხვას ბადებს ყოველთვის, რაც უნდა ზედმიწევნით კარგად ჩატარდეს არჩევნები.
- არასაპარლამენტო ოპოზიციამ შესაძლებელია ტაქტიკა შეცვალოს, რომ მოახერხოს ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანება?
- დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას სხვა გამოსავალი არ აქვს. 2016 წლის არჩევნები არის მომავლის არჩევნები, რომელიც 2020 წლის არჩევნების ბედს განსაზღვრავს. ამის გაცნობიერება თუ ვერ მოხდა, მაშინ ოპოზიცია ყველაფერს დაკარგავს. ამიტომ ოპოზიციას ვურჩევ, შიდა პრაიმერიზი ჩაატაროს და რეალური ლიდერი გამოავლინოს, რათა ამ ლიდერის ირგვლივ მოხდეს გაერთიანება. დღეს საქართველოში იმდენი ლიდერია, რამდენიც 50-იანი წლების ისრაელშიც არ ყოფილა. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას საქართველოში მძიმეწონოსანი ლიდერი არ ჰყავს. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვს და დღეს პარლამენტს გარეთ არის, ნინო ბურჯანაძეა. თუ წინასაარჩევნო კამპანია ამ რეჟიმში გაგრძელდა და ოპოზიციამ არ მოუხმო გონიერებას, უფრო სხვა ტიპის კამპანია არ აწარმოა, უფრო სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული, მაშინ მას შანსი არ აქვს და კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალებიც ცდილობენ, სააკაშვილს გაემიჯნონ“
გასულ კვირას გამოქვეყნებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ფარული ჩანაწერები აქტუალობას კვლავაც არ კარგავს. ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. ამავე დროს, არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში მისი საქართველოსთვის გადმოცემის შესაძლებლობა საბოლოოდ მოისპობა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის დაკავება არც ახლაა იოლი და უკრაინის ხელისუფლება არ გადმოსცემს სააკაშვილს საქართველოს. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს, ის დარჩება თუ არა საქართველოს მოქალაქეობის ფორმატში. „აქ უკრაინის ხელისუფლება არ არის გადამწყვეტი“, – ამბობს ექსპერტი.
- აბა, ვინ არის?
- აქ არის ის ნეოკონსერვატორული ძალები, ამერიკული და ევროპული, რომლებიც ეხმარებიან და აფინანსებენ პოროშენკოს ხელისუფლებას და რომელთა პოლიტიკური პროცესის წამმართველი უკრაინაში გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. ისინი არ დათმობენ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, სულ ერთია, ექნება თუ არ ექნება საქართველოს მოქალაქეობა იურიდიული თვალსაზრისით.
- იმ ამერიკელებსა და ევროპელებზე საუბრობთ, რომლებსაც სააკაშვილი იდიოტ უცხოელებს უწოდებს?
- სააკაშვილი იდიოტებს ამათ არ უწოდებს. ესენი არ არიან დიდ პოლიტიკაში, ისინი არ ჩანან. მხოლოდ აისბერგის წვერი შეიძლება გამოჩნდეს მაკკეინის სახით.
- აბა, სააკაშვილი ვის აგინებს?
- ვისაც სააკაშვილი აგინებს, ესენი არიან ევროპელი პარლამენტარები. სააკაშვილისგან მათი გინება არაერთხელ მომისმენია მასთან პირად საუბრებში, იმიტომ, რომ ეს ევროპელი დეპუტატები ქმნიან იმ ეპისტოლარულ ჟანრს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წლების განმავლობაში და რომელიც დასავლური პოლიტიკის აღშფოთება-შეშფოთების რეჟიმს გამოხატავს.
- ბოკერია და გვარამია დაკითხვის შემდეგ მშვიდად გამოუშვეს მოდულის შენობიდან. მხოლოდ ამით შემოიფარგლება გამოძიება თუ გაგრძელდება ძიება მათ წინააღმდეგ?
- მე არაერთხელ მითქვამს, რომ რაც უფრო მეტს გამოჩნდებოდა „რუსთავი 2“-ის პოზიციების გამხმოვანებლად გვარამია, მით უფრო უარესი იყო „რუსთავი 2“-ისთვის. ეს იმიტომ, რომ საზოგადოების თვალში გვარამია არ აღიქმება ჟურნალისტად. გვარამია აღიქმება გენპროკურორის ყოფილ მოადგილედ და ადამიანად, რომელმაც რეპრესიული მანქანის შექმნაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა, რომელმაც დადგა ეს სპექტაკლები – ენვერი და ზოგიერთი სხვა. აქედან გამომდინარე, წამგებიანი იყო ეს თამაში. როგორც ჩანს, გვარამია ამას მიხვდა და სააკაშვილის ამ ცნობილი პოზიციისგან დისტანცირება მოახდინა.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალებიც ცდილობენ, გაემიჯნონ სააკაშვილს. ასეა?
- დიახ, სწორი შთაბეჭდილებაა. ისინიც ცდილობენ გამიჯვნას. რომ დააკვირდეთ სოციალურ ქსელებს, თავგადაკლული ნაციონალები როგორ ლანძღავენ ამ გამიჯნულებს, გაგიკვირდებათ.
- ვინ არიან ეს გამიჯნულები?
- ეს გამიჯნულები არიან შოუბიზნესის ვარსკვლავები, ვანოს შოუს მონაწილეები, „რუსთავი 2“-ის ზოგიერთი ხელმძღვანელი, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ არავის უნდა სისხლისღვრა და ბარიკადები. მე არაერთი ადამიანისგან მომისმენია, რომ რუსთავი 2-ს ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინო, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ბევრს არ მოსწონს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის პრინციპი, რომლითაც ის ხელისუფლებას აკრიტიკებს, საქართველოს ნამდვილად სჭირდება, ოღონდ არა ამ ფორმით. „ბევრად მეტი ხალხი იქნებოდა რუსთავი 2-ის დამცველ აქციაზე, მათ შორის შეიძლებოდა, მე და თქვენც ვყოფილიყავით, რომ არა გვარამია და ტელევიზიის ნაციონალებთან პირდაპირი კავშირი“, – აცხადებს არეშიძე.
- შეძლებს „რუსთავი 2“ გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას?
- ეს შეუძლია, ჩანს კიდეც, მაგრამ უკვე გვიან არის! დღეს ღრმად არის შესული პროცესი და ეს ვითარება შეცვლას აღარ ექვემდებარება. სამართლიანობისთვის იმასაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მარტო ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი 2“-ის მეპატრონე. იქ იმდენი ხალხია, ყველამ რომ სარჩელი შეიტანოს, ეს პროცესი საუკუნე გაგრძელდება.
მამუკა არეშიძის აზრით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკოსებისა თუ მფლობელების მხრიდან მათი სახელით ბევრი უსინდისობაა ჩადენილი. „თუნდაც აჭარის ეპიზოდი რომ ავიღოთ, მე ხომ კარგად მახსოვს, როგორ წაართვეს „აჭარის ტელევიზიას“ მთელი ტექნიკა და როგორ ჩამოიტანა ეროსი კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ში ყოველგვარი საზღაურის გარეშე, – აცხადებს ექსპერტი.
- როგორია ხელისუფლების როლი და პოზიცია შექმნილ სიტუაციაში?
- რომ გითხრათ, ხელისუფლებას არ სიამოვნებს ის, რაც რუსთავი 2-ის გარშემო ხდება, ტყუილი იქნება. რასაკვირველია, სიამოვნებს. მე არ ვიცი ხელისუფლების ჩართულობა ამ საქმეში, თუმცა, თუ მოვლენების განვითარებას გავყვებით, ლოგიკური იყო ის, რომ ყოფილი მფლობელი, რომელსაც უკანონოდ ჩამოართვეს ტელევიზია, ითხოვს კუთვნილი წილის დაბრუნებას. ხელისუფლების სიხარული კი არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი მაინცდამაინც ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული.
- ამ ფონზე დიდი კრიტიკა დაიმსახურა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. როგორ აფასებთ მის ნაბიჯებს, მოხდა ნაციონალების მხრიდან მისი გამოყენება, რაზეც დღეს აქტიურად საუბრობენ?
- ეს, უბრალოდ, პრეზიდენტის ხასიათშია. ვინც არ იცნობს პრეზიდენტს, მხოლოდ მას ჰგონია, რომ ასე მარტივად ხდება პრეზიდენტის გამოყენება. ეს მისი ხასიათია, მას უყვარს პოზაში დგომა. შესაძლოა, რაღაც გავლენები ჰქონდათ მასზე მის ყოფილ მეგობრებს, იმავე ბოკერიასა და სხვებს, მაგრამ ეს განცხადებები მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა.
ამის მიუხედავად, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როცა მოსამართლეს სიხისტისკენ მოუწოდა. „თუმცა მისი მეორე განცხადება, რომელიც უკვე ამ მოვლენების შემდეგ გააკეთა, ზუსტად მისი პოზაში დგომის მაგალითია“, – აღნიშნავს არეშიძე.
- რატომ იცვლის ასე ხშირად პოზიციას პრეზიდენტი, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს?
- არა, ასე ნუ გავაუბრალოებთ. მე შეიძლება, ბევრ რამეში არ ვეთანხმები პრეზიდენტს, მაგრამ არ მომწონს, ვიღაცები თავს უფლებას რომ აძლევენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი მასხრად აიგდონ! არ არის გიორგი მარგველაშვილი ისეთი პიროვნება, თავისი განათლებისა თუ ოჯახური დონიდან გამომდინარე, რომ ასე ასაგდები იყოს! უბრალოდ, ხასიათი აქვს ასეთი. ის ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც არ აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ხშირ შემთხვევაში მცდარ და ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებს
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გიორგი გუგავასთან: „არჩევნების მოსაგებად „ქართულმა ოცნებამ“ მკვდარი სულები დარაზმა… 31 ოქტომბერი რეპეტიცია იყო. მთავარი გაყალბება 2016 წელს იქნება“
შორენა მარსაგიშვილი
რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას 31 ოქტომბრის შუალედურმა არჩევნებმა, რატომ უხარიათ ნაცებს ქოცის გამარჯვება, რა შეცდომა დაუშვა პატრიოტთა ალიანსმა, რას უნდა ველოდოთ 2016 წლის არჩევნებზე, რა დოკუმენტი აახლა ამერიკელ კონგრესმენებს ნათელაშვილმა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ესაუბრება.
გიორგი გუგავა:
- ერთი ამბავია ატეხილი, ამან არჩევნები გააყალბა, იმან ნასვამი მხარდამჭერები მიიყვანაო. ჩემთვის მთავარი სხვა მომენტია – შუალედურ არჩევნებზე ძალიან ცოტა ხალხი მივიდა და ეს იმ დროს, როცა ხელისუფლებამ თავის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა. რეალურად არჩევნები ჩაუვარდათ და მხოლოდ მანიპულაციებით აიყვანეს ამომრჩეველი 34%-მდე. ვიღაცა ამ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გამარჯვება არც ჩვენ გაგვხარებია, მაგრამ ამისგანაც არის პოზიტივი.
- რა პოზიტივზე საუბრობთ, ბატონო გიორგი?
- 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებით ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. ხელისუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ. სწორედ ამიტომ ებრძვიან რუსთავი 2-ს.
- „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ლეიბორისტებიც ხშირად აკეთებდით მწვავე განცხადებებს.
- ამას არ უარვყოფთ. ახლა ჩვენ „რუსთავი 2“-ს კი არა, თავისუფალ მედიასა და განსხვავებულ აზრს ვიცავთ. „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ტელევიზია და გაზეთი, სადაც განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდება, მიუღებელია. ნათქვამია, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ამათაც ჩაბნელებული მედიაგარემო უნდათ. ასეთ ვითარებაში უფრო იოლად გააყალბებენ არჩევნებს. არჩევნების გაყალბებას რომ გეგმავენ, ეს ორი დღის წინაც დადასტურდა. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ამ არჩევნების შედეგებით ხარობენ. დაიჯერეთ, სასიხარულო არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ხელისუფლების ზრახვები გაიშიფრა.
- გახარებული ხალხი ახსენეთ და ნაციონალებს რატომ უხარიათ „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება?
- მათი სიხარულის მიზეზს ვერ ავხსნი, იმიტომ, რომ ნაციონალი არ ვარ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქოცები და ნაცები ერთნი არიან, მათი სიხარული არ მიკვირს. ქვეყანას კი სასიხარულოდ სულაც არა აქვს საქმე. გული ძალიან მწყდება, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებას ვერ ვეღირსეთ. შეიცვალა ეპოქები და ხელისუფლებები, მაგრამ არჩევნების გაყალბება იმავე მეთოდებით ხდება. ახლა ქოცები ეშმაკობენ და ცდილობენ, ეს გაყალბება სხვას დააბრალონ – რესპუბლიკელებს, რომლებთაც ისე უჭირავთ თავი, თითქოს საგარეჯოს შედეგები მხოლოდ იმათ გააყალბეს. ტელეეკრანებთან ისინი ჩანდნენ, მაგრამ მთელი „ოცნება“ გარეული იყო გაყალბებაში. ახლა ტყუილად ცდილობენ, ხელი რესპუბლიკელებს შეაწმინდონ. რესპუბლიკელები ჩაძირული ძალა იყო და ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, საერთოდ გაქრებოდნენ. იმან ესენი დააპურა, პარლამენტში შეიყვანა და თანამდებობებიც დაურიგა. მათ ერთად დამართეს ქვეყანას მრავალი უბედურება, წინ კიდევ უარესი გველოდება. ასე რომ, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ამ გაყალბებაზე პასუხი აგოს.
- რესპუბლიკელებს არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, თუ არჩევნების გაყალბება დაუმტკიცდათ?
- არჩევნები გაყალბებულია და ამაზე პასუხი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა უნდა აგოს. რესპუბლიკელები რა ხვითოებიც არიან, ხალხმა კარგად იცის, მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც ყოფილი პრემიერია. რესპები მხოლოდ და მხოლოდ მისი მითითებების შემსრულებლები არიან.
- გინდათ თქვათ, რომ ივანიშვილმა მოსთხოვა რესპუბლიკელებს, ასე მოიქეცითო?
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაავალა, ღარიბაშვილმა თუ ივანიშვილმა? რესპები სახელისუფლებო ძალაა და მათ ქმედებაზე მთელმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. შუალედური არჩევნები რომ გაყალბდებოდა, ეს კარგად ვიცოდით და ამიტომ მივიღეთ სათანადო ზომები.
- რა ზომებზე საუბრობთ?
- ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილთან ერთად ჩვენ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ. პატრიოტთა ალიანსიც ჩვენ გვერდით უნდა დამდგარიყო, ახლა ვაება და თავში ხელის შენა დაგვიანებულია. ისინი ქოცებმა არჩევნების `გასაპრავებლად~ გამოიყენეს.
ყველა ერთად რომ დავმდგარიყავით, დარჩებოდნენ ქოცები მარტო და, რა არჩევნებსაც ჩაატარებდნენ, ვნახავდით. ახლა ვაებით ვერაფერს შევცვლით და ჯობია, ერთად გამოვუცხადოთ ბრძოლა ამ რეჟიმს, რომელიც 2016 წელს არჩევნების შედეგების მოპარვას აპირებს. ჩემთვის ესაა მთავარი და არა ის, ვინ რა როლს შეასრულებს გაყალბებაში.
- ვთქვათ, საგარეჯოში მართლაც გააყალბეს არჩევნები. რატომ გგონიათ, რომ 2016 წელს იმავეს გააკეთებენ?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ. არჩევნების გაყალბებას თუ არ გეგმავენ, რატომ ცდილობენ ყველა ტელევიზიაზე კონტროლის დამყარებას? რატომ ამბობენ უარს საარჩევნო რეფორმის გატარებაზე? რატომ არ ეხებიან პოლიტიკის მაფიოზურ-სინდიკატურ ჯგუფს _ მაჟორიტარებს? არჩევნების გასაყალბებლად ყველაფერს გააკეთებენ. ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ შეეცდებიან. ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
- სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი რატომ არის?
- გაყალბების გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებენ. ხელისუფლების მიღმა როცა დარჩებიან, მოპარულ მილიონებსა და სხვა უბედურებებზე მოუწევთ პასუხისგება. გეუბნებით, ეგენი ყველაფერზე წავლენ. 31 ოქტომბერი რეპეტიცია იყო. დიდი გაყალბება 2016 წელს იქნება.
- ამ არჩევნებსაც ბოიკოტს ხომ არ გამოუცხადებთ?
- საჭიროების შემთხვევაში ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ, მანამდე კი ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად. ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ.
- ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანთ და როგორ უნდა ითანამშრომლოთ?
- საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მიზნით უნდა ვითანამშრომლოთ. ჯვრისწერას კი არ ვაპირებთ, ერთმანეთის ატანა აუცილებელი რომ იყოს. ერთად თუ დავდგებით, ხელისუფლება იძულებული გახდება, უკან დაიხიოს. ამის პარალელურად, ჩვენ ვაგროვებთ 300.000 ხელმოწერას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და ასე გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა. ამ ამბით ამერიკელებიც დაინტერესდნენ.
- იმათ საიდან გაიგეს ამის შესახებ?
- ცოტა ხნის წინ ჩვენი პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც 20 კონგრესმენსა და სენატორს შეხვდა. აშშ-ის პოლიტიკურ ელიტას მან რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც საუბარია საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარებისა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობაზე. ვისაც არ სჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ერთ მაგალითს მოვუყვან და დასკვნები ამის შემდეგ გააკეთონ: ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისში რეგისტრირებულია 155.000 ამომრჩეველი. მეორე სტრუქტურის, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისში 144.000 მცხოვრებია.
- რანაირად შეიძლება, ამომრჩეველი უფრო მეტი იყოს, ვიდრე მცხოვრები?
- ეგ ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. სხვა რეგიონებშიც იგივე სიტუაციაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოსაგებად უკვე დარაზმა მკვდარი სულები. სხვანაირად ვერაფრით ახსნი, რომ ამომრჩეველი უფრო მეტია, ვიდრე მცხოვრები. თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარტიებს, ამ უკანონობის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. საარჩევნო გარემო თუ არ შეიცვალა, ისევ ქოცები მოვლენ ხელისუფლებაში, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა იქნება შავბნელი, ჩვენ კი ივანიშვილის მონებად გადავიქცევით.
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ჯემალ გახოკიძესთან: „ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება არ უნდა სჭირდებოდეს“
მთავრობის რომელ არასწორ ნაბიჯებზე აგებს ნაცმოძრაობა თავის სტრატეგიას, არის თუ არა ნაციონალების აქტივობა მთავრობის გადადგომაზე გათვლილი, რისი საფრთხეა პანკისში, რის გამო დაგვცინიან უცხოეთში და რა ხარვეზებია ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით? – ამ საკითხების ირგვლივ `ახალ თაობას~ უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძეს ესაუბრა.
- ბატონო ჯემალ, როგორც ყოფილი უშიშროების მინისტრი, როგორ უყურებთ შექმნილ ვითარებას, მართლაც იკვეთება სამოქალაქო დაპირისპირების, ომის სუნი?
- ასეთ მძიმე შეფასებაზე ვერ დაგეთანხმებოდით, რასაც სამოქალაქო ომი და დაპირისპირება ჰქვია. სიტუაცია კი რთულია, რასაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება. პატარა შეცდომამ, შეიძლება, ზუსტად ის გამოიწვიოს, რაზეც ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკური ძალები საქართველოშიც და მის გარეთაც, რომლებიც აქტიურობენ, რათა შეიქმნას რეალური საბაბი ქვეყანაში არეულობის დასაწყებად. ავიღოთ თუნდაც რუსთავი 2-ის საქმე. ბევრი რთული პერიოდი გავიარე, „რუსთავი 2“-ის მიმართაც, მაგრამ ასეთი მწვავე სახით ამ თემის წამოწევა არასდროს ყოფილა.
- ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აქ არეულობა სურთ, დასაყრდენი ქართულ პოლიტიკაშიც აქვთ?
- აქვთ, რა თქმა უნდა. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ წარმოაჩინოს იმ ძალად, რომელსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლია. ეს რას ნიშნავს? – ხელისუფლების შეცვლას.
- რანაირად შეცვლიან ხელისუფლებას?
- ვერ ვიტყვი, რომ ავტომატებს დაიჭერენ და ხელისუფლებას ასე შეცვლიან, მაგრამ ყველაა მოწადინებული, რიგგარეშე არჩევნები ჩაატარონ, მთავრობა გადადგეს და კრიზისი შეიქმნას პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ანუ არის მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის ყველანაირი მცდელობა. აბა, რას ჰგავს დღევანდელი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, პრეზიდენტის, მეორე მხრივ, პარლამენტისა და მთავრობის? შეიძლება, ამდენი გაუგებრობა ხდებოდეს ამ თემაზე ხელისუფლების შტოებს შორის?! ვფიქრობ, არა.
- სახელისუფლებო შტოების პირველი პირები ვერ ხვდებიან, რომ უნებურად ერთვებიან გარე ძალების ინტერესებში - შესუსტდეს მმართველობითი რგოლი თუ მათაც აწყობთ გუნდის შიგნით დასუსტება? ითქვა, რომ გუნდის შიგნით მიდის საუბრები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.
- შინაგანად ჰუმანური კაცი ვარ, დემოკრატი. ყოველთვის ვცდილობდი, გამწვავებული სიტუაცია სიკეთისკენ წამეყვანა. დღეს ამას ვერ ვხედავ. ვერაფრით ავხსენი, რატომ უნდა შეხვედროდა პრეზიდენტი ქიბარ ხალვაშს. ვინ არის ხალვაში? – ერთი მომჩივანი სასამართლოში. რატომ ვწევთ ამ დონეებს?
ჯემალ გახოკიძე ფიქრობს, რომ „ხალვაშის უკან რაღაც ძალები დგას, „რუსთავი 2“-ის უკან – სხვა ძალები და ეს ძაბავს ვითარებას. ხელისუფლების სამივე შტო კი იმით არის დაკავებული, რომ ერთმანეთს უმტკიცებენ – არა, მე არა ვარ ასეთი. არავინ ფიქრობს, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს“.
- ხალხს აინტერესებს, რომ მთავრობის წევრი, პრეზიდენტის აპარატი, პარლამენტარები, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ და ხალხს ელაპარაკონ, რა უჭირთ მათ, რა სჭირდებათ და რა არ მოსწონთ, – ამბობს უშიშროების ყოფილი შეფი. მისი აზრით, აქ ხელისუფლება ძალიან აგებს: „ენდიაის რეიტინგებს დიდად არ ვენდობი, მაგრამ, ცოტაც თუ არის იქ მართალი, ეს უკვე ხელისუფლებისთვის არ ვარგა. ხელისუფლება ღრმად უნდა ჩაფიქრდეს“, – აცხადებს ჯემალ გახოკიძე.
- ხელისუფლების არასწორი ნაბიჯები რისი ბრალია?
- მე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მომწონს, აქტიური კაცია, მოკლე დროში ალღო აუღო ძალიან რთულ საკითხებს. მან ჩაიბარა ურთულესი სამინისტრო _ შსს, საიდანაც მე, პირადად, აფეთქებებს ველოდებოდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც კი. მან ამას თავი გაართვა, მაგრამ ამას მის მთელ გუნდზე ვერ ვიტყვი.
ჯემალ გახოკიძის თქმით, დიალოგისთვის რომ დავსვათ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, შეიძლება, დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ სამი ქვეყნის წარმომადგენლები ლაპარაკობენ და არა -ერთის: „ერთსულოვნება არ არის, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს წინსვლას. ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ამაზე დაგვცინიან კიდეც“, – ფიქრობს უშიშროების ყოფილი მინისტრი. მისი აზრით, ნაციონალები ამ მდგომარეობით მშვენივრად სარგებლობენ. მათ პარლამენტში მოხვედრის არავითარი შანსი არ აქვთ, რადგან რეალური ელექტორატი არ ჰყავთ. ნაციონალების მთავარი საბრძოლო იარაღია ის დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის იკვეთება.
- გული მწყდება, ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ რომ არ დარეგულირდა. ვფიქრობ, ხელისუფლების სამივე შტომ უნდა დათმოს და საერთო ენა გამონახოს.
- ხელისუფლებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა პროკურატურის სისუსტემ მოუტანა. გამოძიებაში არაკომპეტენტურობაა მართლაც მთავარი პრობლემა?
- ობიექტურად გეუბნებით: ის, რაც პროკურატურამ დღემდე შეძლო, მიკვირს, როგორ შეძლო. იმიტომ, რომ მას ბევრი წუნი აქვს, მაგრამ არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა. რა არის მისი მთავარი უბედურება და შეცდომა? ის, რომ გამოძიების ინსტიტუტი მოკვდა, პროკურორი გამომძიებლად გადაიქცა. აუცილებელია გამოძიების ძალიან ძლიერი ინსტიტუტის შექმნა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ. პროკურორმა უნდა გასწიოს პროცესუალური კონტროლი გამოძიებაზე.
- არაერთი ამბიციური იურისტი და ადვოკატი შევიდა პარლამენტში. მათ ხომ შეეძლოთ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება?
- გეთანხმებით. დღემდე გაკვირვებული ვარ, რატომ არ სწევენ ამ პრობლემას სერიოზულ დონეზე. პარლამენტში შესული იურისტებიდან არცერთს გამოძიების სკოლა არ გაუვლია. ისინი ძირითადად იყვნენ ადვოკატები და ძალიან მალე დაიწყეს პოლიტიკური მოღვაწეობა. ამიტომ ეს ინსტიტუტი მათთვის, შეიძლება, უცხოც იყოს და არც დიდად სასიამოვნო. ადვოკატს სუსტი გამოძიება აწყობს, რომელსაც ის მოერევა. თუ გამოძიების ინსტიტუტი თავის ადგილზე არ დადგა, სულ ეს პრობლემა იქნება.
- რადგან გამოძიებაზე ვსაუბრობთ, რუსთავი 2-ის თემაა ხმაურიანი და იგივე ეროსი კიწმარიშვილის საქმე.
- მე გამომძიებელი ვარ და თან – ძალიან ფრთხილი, თუ ხელთ არ მაქვს უტყუარი მტკიცებები, ჩემგან რაიმე კატეგორიული დასკვნის გაკეთება სწორი არ იქნება. ეროსი კიწმარიშვილის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. მას კარგად ვიცნობდი. მისგან თვითმკვლელობა ცოტა მოულოდნელი იყო. ვიფიქრე, ეს ის კაცი არ არის, თვითმკვლელობამდე მისულიყო-მეთქი. მაგრამ ჯერ გამოძიებას მტკიცებულება არ აქვს, საპირისპირო ამტკიცოს, რომ ის მოკლეს. გამოძიებას დაველოდოთ. ეროსისთან გვიჩხუბია და გვიკამათია კიდეც ამა თუ იმ სიუჟეტზე, როცა შევარდნაძის ხელისუფლებას ასე მწარედ აკრიტიკებდა. მის პიროვნებას ვიცნობდი, მისი ფსიქიკაც შესწავლილი მქონდა. კიდევ გეუბნებით: საპირისპირო თუ არ დადგინდა, კვალიფიკაცია ვერ შეიცვლება. სანამ კონკრეტული მკვლელი და დანაშაულის იარაღი არ დადგინდება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
- „რუსთავი 2“-ზე რას იტყვით?
- მთელი საქართველო ამ პროცესშია ჩართული. საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ნაწილი დაკავებულია ამით, გეგონება, სხვა საქმეები არ არსებობდეს. ხალვაში ამბობს, ძალით წამართვესო. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ასეა თუ არა. რუსთავი 2-მა საჯაროდ ისაუბრა, რა მტკიცებებია საქმეში, თუმცა არ ვიცი, რამდენად სწორია ეს. მოსამართლე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მან თავისი გადაწყვეტილება უტყუარ მტკიცებებს უნდა დააფუძნოს. ამის გარეშე რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის დაღუპვა და მართლმსაჯულების მარცხი იქნება. ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც მართლა წაართვეს ქონება. იქ არის ასჯერ მეტი მტკიცება, ვიდრე რუსთავი 2-ის საქმეში, მაგრამ ის საკითხები ჯერ გადასაწყვეტია, ამიტომ მოსამართლე ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ლუპის ქვეშ უყურებენ მის საქმიანობას. ვფიქრობ, ეს საქმე ყველა ინსტანციას გაივლის და სტრასბურგში წავა. იმედი მაქვს, ამ საქმეზე უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ გამოვა.
- სააკაშვილ-ბოკერიას საუბრის სკანდალურ ჩანაწერზე რას იტყვით?
- თვითონ ეს ჩანაწერი, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა, თავისთავად არაფერზე მიანიშნებს. მას გამოძიება სჭირდება. ტექსტია, ქალი უნდა მოკლან, რომელსაც ბავშვი ჰყავს… რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა. ბოკერია დაიკითხა. სააკაშვილს როგორ დაკითხავენ, არ ვიცი, მაგრამ, თუ გამოძიებამ ამ საუბრის ორიგინალური ტექსტი ხელში ვერ ჩაიგდო, ვერ მოახდინა ხმის იდენტიფიცირება, მას პერსპექტივა არ ექნება. თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ეს სააკაშვილის ხმაა, დაუმონტაჟებელია, მაშინ საქმე გვაქვს კონკრეტულ დანაშაულთან. სააკაშვილს ვერ დავკითხავთ და, ალბათ, ეს საკითხი ღია დარჩება. რამდენად მისცემდა სააკაშვილი ასეთ დავალებას, მის თავში უნდა ჩავიხედოთ. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. იქ ისეთი ტექსტია, თუ ეს მოხდებოდა, აქ არეულობა დაიწყებოდა.
- „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება ხელისუფლების ინტერესებშია?
- ჩვენ თვითონ შევქმენით ისეთი აჟიოტაჟი, მათ შორის ხელისუფლებამ იმდენჯერ დაიწყო თავის მართლება, რომ დასავლეთს მივეცით საბაბი, ასეთი დასკვნებისკენ წასულიყო. პირდაპირ გეტყვით, „რუსთავი 2“ არ აკეთებდა ხელისუფლებისთვის მისაღებ გადაცემებს, რაც ხელისუფლებას ნამდვილად არ მოსწონდა, მაგრამ, არა მგონია, ამ გზით, თუ ვინმემ მართლა ეს ჩაიფიქრა, ხელისუფლებამ რამე მოგებას ნახოს. საერთო ჯამში, ეს იქნება წაგება. თუ ხელისუფლება უნარიანია, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს მის ინტერესებში არ შედიოდა და, პირიქით, ეს კამპანია მისთვის საზიანო იყო.
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ რეზო ამაშუკელთან: „შევაკვდები და ნაციონალებს ციხეში გავუშვებ… „არჩევნების გაყალბებაზე რესპუბლიკელები ხელს ღარიბაშვილს შეაწმენდენ“
დღეს, 2 ნოემბერს, პოეტ რეზო ამაშუკელის თაოსნობით რუსთაველის თეატრში გაიმართება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ შეკრება. როგორც ამაშუკელი „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, შეკრებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.
რა მიზანი აქვს ამ თავყრილობას, რას ჰპირდებიან ნაციონალებს, რა პროვოკაცია ელოდება წინ ირაკლი ღარიბაშვილს? – ამის შესახებ რეზო ამაშუკელი გვესაუბრება.
რეზო ამაშუკელი:
- მოსაწვევები არავისთვის გამიგზავნია. ვისაც თავისი სამშობლო სტკივა, ყველა იქ უნდა მოვიდეს, ოღონდ პარტიები და პოლიტიკური ორგანიზაციები არ დავინახო. მოსვლით მოვიდნენ, მაგრამ თავიანთთვის დასხდნენ. ლაპარაკით ილაპარაკებს ხალხი. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს. ამ შეკრებასაც ამიტომ ვმართავთ. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და მხარში დავუდგეთ ირაკლი ღარიბაშვილს.
- ბატონო რეზო, მოდით, დავაზუსტოთ, ეს თავყრილობა ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად იმართება?
- ეს შეკრება საქართველოს მხარდასაჭერად იმართება. ღარიბაშვილისთვის მხარდაჭერის გამოხატვით დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში მხოლოდ ნაციონალები არ არიან და ხალხი მათ გასამართლებას ითხოვს. პირადად მე იმის მოთმენასა და დავიწყებას არ ვაპირებ, იმათ რაც ჩაიდინეს. ქვეყანა გაუპატიურებულია და ჩუმად ვიყოთ? იმას დაველოდოთ, კიდევ რა უბედურებას მოაწყობენ? მართალია, ღარიბაშვილს ვუჭერთ მხარს, მაგრამ ხელისუფლების მიმართაც გვექნება მოთხოვნები.
- რა მოთხოვნები?
- სახელმწიფომ კეთილი ინებოს და ყველაფერი გააკეთოს დამნაშავეების დასასჯელად. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ ჩადენილ დანაშაულზე. ხალხი ძალიან გამწარებულია. ჩემი მიზანი, როგორც გითხარით, ის არის, რომ პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს. პროცესებმა ქუჩაში თუ გადაინაცვლა, საშინელი სისხლისღვრა დაიწყება, სადაც პეტრესა და პავლეს აღარავინ გაარჩევს. ყველაზე მეტად მე მინდა ნაციონალების დასჯა, მაგრამ პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას ხელს ყველანაირად შევუშლი. ამ ქვეყანამ და ერმა ისედაც მრავალი უბედურება გადაიტანა, კიდევ ერთ სამოქალაქო დაპირისპირებას ვეღარ გაუძლებს. მინდა, სწრაფად დაისაჯონ დამნაშავეები. ამის გამო ხელისუფლებასაც ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ, იმასაც ვხვდები, რომ ეს საქმე ასე უცბად არ გამოვა. კარგს შვრება ხელისუფლება, ნელ-ნელა რომ მისდევს ამ დამნაშავეებსა და არაკაცებს.
- გაგებით ეკიდებით იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა ნელი ნაბიჯებით მიმდინარეობს?
- სხვა გზა არ არის, სამართლიანობის აღდგენამ, შესაძლოა, დაიგვიანოს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა აღდგეს. პირადად მე შევაკვდები და ამ ნაციონალებს ციხეში გავუშვებ. მათ დაუსჯელობას არავინ მოითმენს და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კოაბიტაციას ცხვირში ნუ გვატენის.
- ვისზე ამბობთ, ბატონო რეზო?
- იმ ქალბატონ მინისტრზე, რომ გაიძახის, კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყოო. ზოგიერთი ცოტა ჭკვიანად იყოს, თორემ ვაჩვენებ, სინამდვილეში რა არის ხალხის დაკვეთა. დღეს ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ხვალ შეიძლება, ტვინი გადამიბრუნდეს და ხალხს ქუჩაში დავუძახებ. თქვენ ხომ არ გგონიათ, ამისთვის დიდი სირბილი და აგიტაციები დამჭირდება. ერთს დავიღრიალებ და ათასობით ადამიანი გამოვა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. თავს იმიტომ ვიკავებ, რომ ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ და, ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. ბიოლოგიურად რომ გადარჩეს ჩემი ერი, ამიტომ ვკრებ ხალხს შენობაში, სადაც ძალიან მწვავედ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს.
„ნაციონალებს“ მივმართავ: ნუ დაეთრევიან გარეთ, დაეყარონ სახლებში, სანამ დროა, თორემ მერე სახლებში დამალვაც არ უშველით. მათ გამო 3 წლის განმავლობაში ხელისუფლება სულ საბოტაჟში იყო. არ გეგონოთ, მათ ვამართლებ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს და ბოლომდე უმადურები ნუ ვიქნებით. ერთს კი ვაფრთხილებ ხელისუფლებას _ სათანადოდ მოჰკიდონ ხელი ამ არაკაცებს და გამოიძიონ ის საქმე, რომლის გამოძიებაც დაიწყეს.
- უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე რომ აღიძრა საქმე, მაგას გულისხმობთ?
- ეგ არის სახელმწიფო გადატრიალების მზადება და, რადგან აღძრეს საქმე, კეთილი ინებონ და ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ ხელისუფლებას ვაცლით, მაგრამ დიდხანს ვერ მოვითმენთ. დამნაშავეების დასჯა თუ არ დაიწყო, ქუჩაში გასულ ხალხს აღარ გავაჩერებ. რაც არ უნდა ამტკიცონ გვარამიამ და ბოკერიამ, რომ სააკაშვილთან საუბრისას საქართველოში არეულობის მოწყობა არ იგეგმებოდა, არ გამოუვათ. ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში და იმაში, რომ მათ მართლაც უნდათ საქართველოში არეულობისა და ქაოსის შემოტანა, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი. გვარამიას ურჩევნია, მეგობრულად თავის `კონჩიტებს~ ელაპარაკოს. ჩვენს შეკრებას არ ეხება, მაგრამ 31 ოქტომბერს გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებითაც დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. ის, რაც საგარეჯოში მოხდა, კარგად დაგეგმილი და შორსმიმავალი პროვოკაციაა.
- რა პროვოკაციაზე საუბრობთ, ბატონო რეზო?
- იმაზე, რაც რესპუბლიკელებმა გააკეთეს. მათ გააყალბეს არჩევნები, რაც შორსმიმავალი მზაკვრული გეგმაა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.
„კვირის ქრონიკა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
რა ხდებოდა „ნაციონალების“ ოფისში სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ?
ლევან ჯავახიშვილი
ეს ამბავი თავად ბოკერიას გაუმხელია რამდენიმე თანაგუნდელისთვის, – თუ ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, მე და რამდენიმე კაცს გასაქცევად გვექნება საქმეო, თუ გავასწარით, და ვინც აქ დარჩებით, საკუთარ თავს თავადვე უშველეთო.
მიხეილ სააკაშვილთან გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ „ნაცმოძრაობაში“ დიდი პანიკა გამოიწვია. „ქრონიკას“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ „სხადნიაკზე“ ამ სკანდალური ჩანაწერების შემდეგ და რა ხასიათზე არიან მისი ლიდერები. თუ წყაროს ვერწმუნებით, უპირველესად, ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას პარტიაში შიდა დაპირისპირება მოჰყვა. პრაქტიკულად, ამ ამბავს ადასტურებს ბოლო ორი დღის მანძილზე გაკეთებული სხვადასხვა კომენტარები და შეფასებები, რაც ცხადყოფს, რომ „ნაცების“ ერთი ნაწილი სააკაშვილს ემიჯნება. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიას თანაპარტიელთა ნაწილი დაუპირისპირდა და თითქმის 1 წლის წინანდელი ამბავი შეახსენა, როცა ისინი მოითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მინიმუმ, დისტანცირებას ან პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და ეს საკითხი მას არაერთხელ დაუსვეს, რაზეც მაშინ ექსკლუზიურად ვწერდით კიდეც. ბოკერიამ დაპირისპირებულ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ ამის გაკეთება თავადაც სურდა, მაგრამ რეალურად ერთადერთი მიზეზის გამო დარჩა სააკაშვილი გუნდის ლიდერად – მას ფული აქვს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია და ჰაერივით სჭირდება (ეს „ნაცმოძრაობის“ „ობშიაკის“ ფულია, რომელზე პრეტენზია ადრე ბოკერიას ჰქონდა, მიშას მოსთხოვა კიდეც ამ „ობშიაკიდან“ გარკვეული თანხა, მაგრამ მან ერთი ცენტიც კი არ მისცა). ბოკერიამ უფრო დაუკონკრეტა უკმაყოფილოებს – იმდენი ფული კი გვაქვს, რომ ვიარსებოთ და ვიაქტიუროთ, მაგრამ იმ რევოლუციის მოსაწყობი ფული, რომელსაც ვაპირებთ, არ გაგვაჩნია, მით უფრო, თუ რევოლუციური პროცესები დაიწყო, საკმაოდ დიდხანს გასტანს და ამას სერიოზული თანხები სჭირდებაო. იქვე უთქვამს უკმაყოფილო მეგობრებისთვის, ნუ გავიწყდებათ, რომ უკვე პოლიტიკურად ვართ გაკოტრებული და რევოლუციის გარდა ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა გზა არ გაგვაჩნია, ეს თქვენც კარგად იცითო. გიგა ბოკერიას გაუხსენებია, რომ „ნაცმოძრაობის“ ყველა აქცია სააკაშვილის ფულით დაფინანსდა, ზოგიერთი პარტიული ლიდერი იმდენად უსინდისო აღმოჩნდა, რომ აქციის მოსამზადებელ დღეებში, საკუთარ მანქანაში ბენზინსაც კი პარტიული ბიუჯეტიდან ასხამდა, როცა ყველა მათგანს რამდენიმე სახის ბიზნესი აქვს, ოფორულ ზონებში აქვთ ფული გადამალული და იმის ნაცვლად, რომ პარტიას შეეწიონ, პირიქით, პარტიის ფულს ეხარბებიანო. წყარო აცხადებს, რომ გიგა ბოკერია კობა ხაბაზს, გიორგი ბარამიძესა და აკაკი ბობოხიძეს გულისხმობდა, რადგან პარტიის კულუარებში საუბრობენ,რომ პარტიულ ფულს სწორედ ისინი ეტანებიან.
„ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არავინ მალავს, რომ „რუსთავი 2“-ის გამოყენებას რევოლუციური პროცესების დასაწყებად აპირებდნენ და ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, რომ სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი-ბოკერიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათ ეს ბრძოლაც მოუგო და რევოლუციის დაწყების შანსი მოუსპო. ახლა ერთადერთი ვარიანტი რევოლუციის დასაწყებად საპარლამენტო არჩევნები რჩებათ, რომელიც გაისად შემოდგომით ჩატარდება, თუ ცხადია, მანამდე ისე არ განვითარდა მოვლენები, რომ „ნაცებს“ დესტაბილიზაციის მორიგი შანსი გაუჩნდეთ.
მართალია, „ნაციონალები“ აცხადებენ, რომ ეს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ მოიპოვა, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას საუბრებს სუს-ი ისმენს, მაგრამ ეს საჯარო განცხადებები პიარისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სჭირდებათ. პარტიის ყველა ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს მოსმენები უკრაინაში განხორციელდა, შესაბამისად, უკრაინაში უსმენდნენ მიხეილ სააკაშვილს და არა საქართველოში – ბოკერიასა და გვარამიას. გიგა ბოკერიას განუცხადებია, რომ სააკაშვილს უკრაინის სპეცსამსახურებში ადგილობრივი მილიარდერის, იგორ კოლომოისკის ჩანეგილმა ხალხმა მოუსმინა და თავად სააკაშვილიც ამ აზრზე ყოფილა. შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი და მიხეილ სააკაშვილი გადაკიდებულნი არიან, კოლომოისკი სააკაშვილს დაემუქრა, რომ ოდესაში არ გაახარებს, გუბერნატორის პოსტსაც დაკარგავს და თავად გამოაცილებს კიევიდან, როცა მისი ქართველი სამართალდამცავებისთვის გადმოცემა მოხდება. ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩეველი გახდა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც, შესაძლოა, სააკაშვილსა და სხვა „ნაციონალებს“ დაემართოთ.
გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი შიშობენ, რომ კოლომოისკის, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და მათი სატელეფონო ჩანაწერებიც ექნება, რომლებიც 21 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის ბოკერიასთან და გვარამიასთან უკვე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე შემდგარა. წყარო აცხადებს, რომ, თუ ესენი გამოქვეყნდა, მაშინ ვერც ერთი მათგანი ციხეს ვერ გადაურჩება. სააკაშვილი მათ თურმე უფრო დეტალურად და ღია ტექსტით ესაუბრება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ რევოლუციურ სცენარზე, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე,სადაც უხვად არის ისეთი ტექსტები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ სააკაშვილი ამ ხალხთან ერთად, სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. წყაროს თქმით, ამ საუბრების შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე „უკრაინულივიკილიქსის“ მიერ სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილისა და ბოკერიას საუბარი, სადაც მიშას გეგმით, „რუსთავი-2“-ის ერთი ჟურნალისტი, აუცილებლად ბავშვიანი ქალი უნდა მოკლან „ბოევიკებმა“ და ნიკა გვარამია სასტიკად სცემონ. წყარო აცხადებს, რომ ეს ამბავი თავად ბოკერიას გაუმხელია რამდენიმე თანაგუნდელისთვის – თუ ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, მე და რამდენიმე კაცს გასაქცევად გვექნება საქმეო, თუ გავასწარით, და ვინც აქ დარჩებით, საკუთარ თავს თავადვე უშველეთო. „ნაციონალების“ ლიდერები თურმე ამბობენ, ჯერ შეშინებული გიგა ბოკერია არ გვინახავს; 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილსაც ისტერიკა დაემართა, პარტიის წამყვანი ლიდერები ან საზღვარგარეთ გაიქცნენ, ან საქართველოში იმალებოდნენ, ერთადერთი ბოკერია არ დაბნეულა და ყველა საქმეს ეგ აკეთებდა, ახლა კი, გარეგნულად, მედიასთან კი ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შეშინებული და დაბნეულიაო. მოკლედ, თუ წყაროს დავეყრდნობით, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი ნაღმზე სხედან, არ იციან, როდის აფეთქდება, ან საერთოდ, აფეთქდება თუ არა ეს ნაღმი. თუ კოლომოისკის ხელთ აქვს ეს ჩანაწერები და გამოაქვეყნა, მაშინ სააკაშვილსაც ახალ ბრალს წაუყენებენ და ვინც ჩამოვთვალე, მათაც – ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას. ლოგიკურად ჩნდება კითხვები. თუ ეს ჩანაწერები იგორ კოლომოისკის ხელთ აქვს, რატომ არ გამოუქვეყნა მიხეილ სააკაშვილს? რატომ არ გაასაჯაროვა ის ჩანაწერები, რომლებშიც სააკაშვილი ცალსახად ლაპარაკობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, სისხლისღვრის აუცილებლობაზე, მკვლელობებსა და სხვა უბედურებებზე და დანაშაულში აშკარად იმხილება? ამით ხომ კოლომოისკი უფრო დიდ, იქნებ მომაკვდინებელ დარტყმასაც კი მიაყენებდა სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და შესაძლოა, ამის შემდეგ, ის ოდესის გუბერნატორობიდანაც მოეხსნათ და გზიდანაც ჩამოიცილებდა მოწინააღმდეგეს. არადა, კოლომოისკის საბოლოო მიზანი ხომ სწორედ ეს არის? კოლომოისკის რა უდევს გუნებაში, კაცმა არ იცის. შესაძლოა, მან ეტაპობრივად, მეთოდურად გადაწყვიტა სააკაშვილის განადგურება, ჯერ სამეგრელოში, კასრებში აღმოჩენილი მამაკაცთა გაუპატიურების კადრები გაუვრცელა, შემდეგ, სტამბოლის აეროპორტში ბოკერიასთან საუბარი, რის საფუძველზეც სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს საქმე კი ბოლოს, სააკაშვილი-ბოკერიასა და სააკაშვილი-გვარამიას გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა გაამყარა. შესაძლოა, კოლომოისკიმ ის ჩანაწერები, ბოკერიას და სხვა „ნაციონალებს“ რომ გული უსკდებათ, რამდენიმე დღეში გაასაჯაროოს და საბოლოოდ დაუსვას წერტილი სააკაშვილსაც და რაც მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს, „ნაცმოძრაობასაც“ კი. თუ კოლომოისკის ეს სატელეფონო ჩანაწერებიც აქვს, არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაზეც წავიდეს, არ გამოაქვეყნოს და ამის სანაცვლოდ მიშამ ოდესაც დატოვოს და საერთოდ, უკრაინაც. კოლომოისკის მიზანი ხომ მისი გზიდან ჩამოცილებაა, მთავარია, ამას მიაღწიოს და მისთვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს, მიშა უკრაინის მიღმა სად იცხოვრებს და სად განაგრძობს საქმიანობას.
წყარო აცხადებს, რომ ბოკერიაზე არანაკლებ შეშინებულია სააკაშვილი. მიშა დარწმუნებული ყოფილა, რომ მას იგორ კოლომოისკის აგენტურა უსმენს და რაც ზემოთ მოგახსენეთ, იმის გარდა, მისგან კიდევ უარესს ელოდება. სააკაშვილი შიშობს, რომ კოლომოისკის მის გარემოცვაშიც ჰყავს აგენტურა და დიდი შანსია, რომ მას ჰქონდეს მისი და უკრაინაში მყოფი ქართველი „ბოევიკების“ ლიდერთა ჩანაწერები. უკრაინაში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი „ზონდერები“ იმყოფებიან – სასჯელაღსრულების სისტემის, პოლიციისა და უშიშროების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის, ძებნილები. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თუ საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყება, სააკაშვილი ამ ხალხს საქართველოში შემოიყვანს, შეაიარაღებს, რასაც სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი მოჰყვება. ეს „ზონდერები“ კიევსა და ოდესაში ცხოვრობენ, მათი შენახვის ხარჯებს მიშა იხდის. „ზონდერები“ ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ყველა ჯგუფს თავისი მეთაური ჰყავს. წყარო აცხადებს, რომ თავად „ნაცმოძრაობის“ ოფისში გავრცელდა ეს ინფორმაცია. სააკაშვილი ამ მეთაურებს ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალე ხვდებოდა და ეთათბირებოდა. მათი საუბრის მიზანი თბილისსა და სხვა ქალაქებში სისხლიანი სცენარის განვითარება, სამოქალაქო ომის დაწყების დეტალების დაზუსტება და ზოგადად, სისხლისღვრა და არეულობა ყოფილა. რამდენიმე შეხვედრა მის კაბინეტშიც შემდგარა. ჰოდა, მიშა ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, კოლომოისკიმ ამ მეთაურთაგან ერთი ან რამდენიმე გადაიბირა და რომელიმე მათგანს ჩემთან შეხვედრისას, ჩვენი საუბარი ჩააწერინაო. თუ კოლომოისკის თუნდაც ერთ „ბოევიკთან“ ჩემი საუბრის ჩანაწერი აქვს და გამომიქვეყნა, მაშინ ისე გამიხდება საქმე, უკრაინაშიც აღარ დამედგომება და საერთოდ, არც ერთი ქვეყანა თავშესაფარსაც კი აღარ მომცემსო, დაუჩივლია სააკაშვილს. მიშა არც იმას გამორიცხავს, რომ, თუ კოლომოისკიმ ერთი მეთაური მაინც გადაიბირა, მასთან ჩემი შეხვედრისა და საუბრის აუდიო კი არა, ვიდეოჩანაწერიც კი ხელთ ჰქონდესო… როგორც ჩანს, წინ ისევ საინტერესო კვირა გველოდება.
„კვირის ქრონიკა“, 2 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „დღეს ვინც საპროტესტო ტალღას ქმნის, ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი… მან დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა გამოაცხადა, ვინც მას არ ემორჩილება, ის თავისი მტერია“
ნინო სამხარაძე
რა განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? – ეს კითხვა აქტუალური გახდა 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ. პასუხი ცალსახაა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი – 41 დღეს უკვე ასე იშიფრება – „4+1=5“, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ოცნების უფლება მოგვცა, ძალიან ბევრ რამეს დაგვპირდა და დააყოლა, – იოცნებეთ!.. დღეს კი ამ ოცნების უფლებას გვართმევს. „ოცნებამ“ ვერ ჩააბარა ტესტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, უკვე ცალსახაა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია.
საქართველოს ისტორიას ბევრი ბინძური საარჩევნო ისტორია ახსოვს, როცა ავტომატების კაკაფონიის ფონზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა იძულებით მიყვანა და ხმების გამოგლეჯა, მაგრამ ის, რაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა, რაღაც ნოუ-ჰაუა… გამოაცხადა, – საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ ხმებს არ ვენდობიო და თავად ითვლიდა ხმებს. ამით ყველაფერი ნათქვამია… ჩვენ უნდა ვემზადოთ ომისთვის, რომ გვქონდეს მშვიდობა. გასულ კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები, სადაც სააკაშვილი სისხლიანი რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა, ხიდაშელის ხურუშიანმა საქციელმა ჩაყლაპა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ჩვენთან ერთად გააანალიზებს, რა მსგავსება და რა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის. ძვირფასო „ოცნება“, მართალია, ჯერ არ გვკლავთ და სექსუალურად არ ძალადობთ, თუმცა ამის ნიშნები უკვე იკვეთება. მაგალითად, საგარეჯოში ერთი უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა, თქვენს აქტივისტს საარჩევნო ბიულეტენთან ჰქონდა სექსი. მან გადაწყვიტა, რომ ტრუსებში ამოედო 50 ბიულეტენი და ამ გზით გაეყალბებინა ხიდაშელის სასარგებლოდ არჩევნები. საარჩევნო ტექნოლოგიაში ახალი მეთოდი დამკვიდრდა, ვის როგორ უჭრის ფანტაზია, მარჯვე ხელი. თურმე, ეს ყოფილა პოლიტიკა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ყველაზე ბინძური ადამიანები ხვდებიან ამ ქვეყნის სათავეში და ამ ქვეყანაში წესიერი ადამიანის ადგილი არ არის. აი, რას აცხადებს კახა კუკავა:
- ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალურ სახელმწიფოში და მიმდინარეობს ზუსტად იგივე პროცესები, რაც ხდებოდა 2007 წლის დეკემბერში. შეგახსენებთ, მაშინაც გამოქვეყნდა ბადრი პატარკაციშვილისა და გიორგი თარგამაძის საუბარი, ახლა ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას ფარული ჩანაწერი. მაშინ იყო მცდელობა, რომ „იმედის“ არხიდან ჟურნალისტები წასულიყვნენ, გადაბირების დარგში მიავლინეს გივი თარგამაძე, რომელმაც ჟურნალისტების ნაწილი შეამზადა, პროტესტის ნიშნად დაეტოვებინათ არხი და ეს მათ გააკეთეს. ახლაც არის ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, „რუსთავი-2“-ის თანამშრომლებმა უარი თქვან მუშაობაზე და პროტესტის ნიშნად დატოვონ „რუსთავი 2“. მაშინ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ პატარკაციშვილის ჩანაწერები ბრიტანეთის დაზვერვამ ჩაიგდო ხელში, ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურების გავლით მოხვდა ეს ფარული აუდიოჩანაწერები ჩვენს ხელში. ხომ ხედავთ, ხელწერა უცვლელია. თუმცა ერთია, ეს ყველაფერი არის ბედის ირონია. დღეს ბოკერია და გვარამია ზუსტად იგივე საქმეზე მოდულის შენობაში იკითხებიან, რაზეც თავის დროზე ოპოზიციის ლიდერები იკითხებოდნენ.
- მიგაჩნიათ, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი და ხელისუფლების დამხობის მცდელობის გამო ამ სამი შეთქმულიდან რომელიმე პასუხისგებაში მიეცემა?
- მიმაჩნია, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ არის და ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიეცემა. როგორც 2007 წელს ასეთი საქმის მიზანი იყო, საზოგადოებაში პანიკა შეეტანათ, გახსოვთ, ოპოზიციის ლიდერები ჯაშუშებად გამოაცხადეს – გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი… მათ ბრალი დასდეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, ამის ჩანაწერები გამოაქვეყნეს, მაგრამ არც ერთი მათგანი პასუხისგებაში არ მიუციათ. ასე რომ, ნუ ელოდებით, რომ ამ საქმის გამო ვინმე დაისჯება. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება უშიშროების სამსახურები გამოყენებული იყოს პარტიულ საქმეებში და ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნებით ხელისუფლებამ აზრის შექმნა არ უნდა აწარმოოს.
- „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გაემიჯნენ ძალადობას, ისინი აპირებენ, შექმნან სარედაქციო საბჭო, მონიტორინგს განახორციელებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები – ანა ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, გიორგი ტუღუში, თამარ კინწურაშვილი, ნინო ლომჯარია, სერგი კაპანაძე, შოთა უტიაშვილი, ელენე ხოშტარია, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო დანელია. ამ საკითხზე მოსარჩელე მხარემ ქიბარ ხალვაშმა იკითხა, მაგ საბჭოს კიდევ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აკლია – დავით კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება“ და ზურაბ ადეიშვილის `საკუთრების ახევის ასოციაცია“. ივანე მერაბიშვილის „ორი გვამის მომთხოვნთა ასოციაცია“ კი, როგორც ხედავთ, ამ საბჭოში უკვე გაწევრიანებულია. მაშ ასე, რას ველოდებით?
- როცა ვთქვი, რომ დავით ბაქრაძე ნახევარზომებით ლაპარაკობს, იგივე შემიძლია ვთქვა ამ შემთხვევაშიც. თავისი არსით, სწორია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, ეს იდეა სხვადასხვა არხებზე გაჩნდა, როგორც „მაესტროზე“, ასევე „იმედზე“, თუმცა ეს იდეა არასდროს არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. თქვენ სწორად აღნიშნეთ ამ საბჭოს წევრებთან დაკავშირებით, თვალი გადავავლე სიას და იქ ყველა ერთ მხარეს წარმოადგენს. საზოგადოებრივი საბჭო და მონიტორინგი გულისხმობს იმას, რომ არსებობდეს ბალანსი და საპირისპირო მხარის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი პროცესში. საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები უნდა მონაწილეობდნენ, ნახევარზომებით თუ გაგრძელდა პროცესი, ვფიქრობ, თავად „რუსთავი 2“-ს დააზარალებს. მომწონს, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები რომ გაემიჯნენ ძალადობას, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ ისინი განაცხადებენ – „ვემიჯნებით მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის“ იმ ნაწილს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები არიან ძალადობის საკითხში.
- საზოგადოება ხედავს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის აქტიურობას და დანარჩენი ოპოზიციის ხმა არ ისმის. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ მუშაობს. შუალედური არჩევნები კი დასტურია იმისა, რომ 2016 წლის არჩევნები ტანკებისა და ავტომატების ფონზე წარიმართება. ჩვენ ვნახეთ ტრუსებით შეტანილი ბიულეტენები, სახელმწიფო რესურსის გამოყენება, თავდაცვის მინისტრის უშუალო მონაწილეობა არჩევნებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ჩართულობა, არადა, კანონით, არჩევნების დღეს იკრძალება საარჩევნო რესურსის გამოყენება და უბნებზე თანამდებობის პირების გამოჩენაც კი.
- შუალედურ არჩევნებს ვაფასებ ისე, როგორც ვაფასებ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს, როგორც ძალადობრივსა და ადმინისტრაციული რესურსების შედეგად გაყალბებულს. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს ოპოზიცია, „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ კი ვაკრიტიკებ, მაგრამ არც დანარჩენი ოპოზიციით ვარ აღფრთოვანებული. აქტიური შეხვედრები მქონდა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, ოპოზიციური თანხმობისთვის მიმეღწია, რომ ჩამოგვეყალიბებინაპოლიტიკური ცენტრი, რომელიც პოლიტიკური პროცესების მართვას ხელში აიღებდა.
თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ 2016 წელს ძალადობრივი გზით გამარჯვებას უნდა ველოდოთ და არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, მაგრამ თუ ხელისუფლება იგრძნობს ხალხის ძალას, ვერ გაბედავენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, სხვა შემთხვევაში, რაც „ნაციონალებმა“ იკადრეს, ესენი უარესს გააკეთებენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელთანაც, შეგონებისა და დიალოგის გზით, რაიმე პროგრესს მივაღწევთ. რაც მოხდა 2012 წლის არჩევნებზე, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას შეეშინდა ხალხის, ის მოცემულობა უნდა შევქმნათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვაღწევთ. მე და თქვენ ინტერვიუში გვისაუბრია ბევრჯერ ამ თემაზე და ისიც დაგიწერიათ, რომ ნოემბერში ახალი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენას უნდა ელოდოს ხალხი, მაგრამ ეს მითიური რაინდები ხომ ხედავთ, ასპარეზზე არ გამოდიან, ჯერჯერობით „ხელისუფლება ქუჩაში აგდია“.
„თავისუფალი საქართველო“ მზადაა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, ვიქნებით მეორე, მესამე, არ გვინდა ლიდერობა, ოღონდ გავერთიანდეთ რაიმე ფორმით და პოლიტიკური პროცესების მართვა ხელში ავიღოთ. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ამას ვერ ვახერხებთ. ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა გამოაცხადა – ვინც მას არ ემორჩილება, ის თავისი მტერია. ეს წრე, ვინც მას არ ემორჩილება, გაიზრდება და იძულებული გახდება, ქვეყნიდან გაიქცეს. ხელისუფლება ცდილობს, მონოპოლია აიღოს, მოწინააღმდეგეები გაანადგუროს, ამის შედეგი არის ის, რომ ყველა დევნილი იწყებს ფიქრს, როგორ დაამხოს და გაუშვას პოლიტიკურ მოუსავლეთში ხელისუფლება.
ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომ ოპოზიციონერებმა, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებმა კარგად გაითავისეს, თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დარჩა, ამ ქვეყანაში მათ მომავალი არ აქვთ. როგორც 2007 წელს ოპოზიციამ განვაცხადეთ, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ის ყოველთვის მოგვატყუებს და გადაგვაგდებს, აი, ასეთი პოზიცია ჩამოყალიბდა საზოგადოებაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის დაარღვევს თავის პირობას და მასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკება შეუძლებელია. მან იცის მხოლოდ ადამიანების ყიდვა და იცის მხოლოდ ბატონყმური ურთიერთობა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს არის ისეთი ვითარება, როცა ბიძინა ივანიშვილი თავად აერთიანებს ყველას მის წინააღმდეგ. 2007 წელს გაჭირვებული ოპოზიცია გააერთიანა არა ლევან გაჩეჩილაძემ, არა ბადრი პატარკაციშვილმა, არა ირაკლი ოქრუაშვილმა, არამედ გიგა ბოკერიამ. მე და თქვენ კარგად გვახსოვს, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდა ბოკერიას განცხადებები, რომ თქვენ, ოპოზიცია, ხართ ნარჩენები, უსახურები, მარგინალები, ფარჩაკები, შპიონები, თქვენი ადგილი არც პარლამენტშია, არც საკრებულოში, არც პოლიტიკაში, თქვენ ხართ „ბადრიონეტები“, ამის შედეგად, აბსოლუტურად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩათვალეს, თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით და არ მოვიშორებთ სააკაშვილის რეჟიმს, მაშინ ისინი მოგვიშორებენ ჩვენ. როგორც კი ეს ხელისუფლება მოვიდა, შევთავაზე, ჩავდგეთ დიალოგის რეჟიმში. მაგრამ გავიდა სამი წელი და იგივე პოზიციამდე მიდიან ქართველი საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია. თუ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში იქნებიან მისი ოჯახის ფავორიტები, ხოლო დანარჩენს, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მომავალი არ აქვს. აქედან გამომდინარე, დღეს ვინც საპროტესტო ტალღას ქმნის, ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი.
—————————
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „საინვესტიციო ბაზარზე კონკურენტები გვჯობნიან“
მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა და მე-15 ადგილიდან 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამას მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებებით ხსნიან და ამტკიცებენ, რომ ძველი მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში საქართველო შარშანდელ პოზიციაზე, ისევ მე-15 ადგილზეა.
არის თუ არა ბიზნესის კეთება საქართველოში მართლა გაძნელებული და 24-ე ადგილი ტოლია თუ არა მე-15 ადგილის? ამაზე „ახალი თაობა“ ეკონომიკის ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრა. „ საქართველო ამ მეტად ავტორიტეტულ რეიტინგში ძალიან სწრაფად იუარესებს ადგილს. ვიყავით მსოფლიო ელიტაში, „ა“ კლასში მე-8 ადგილზე, ახლა ვართ „ბ“ კლასში და უკან და უკან მივდივართ. შარშან იყო მე-15, წელს უკვე 24-ე ადგილზე ვართ“, – ამბობს რომან გოცირიძემ.
- რამ გამოიწვია პოზიციის შეცვლა?
- ეს ჩამოქვეითება ხელისუფლების არასწორმა მოქმედებამ გამოიწვია. ქვეყნის წინ წასასვლელად მთავრობას წინასწარ უნდა სცოდნოდა, რა ნაბიჯები გადაედგა როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული კუთხით.
ექსპერტის აზრით, ფირმის ერთ დღეში დარეგისტრირებას მხოლოდ კანონი არ ჰყოფნის. ამისთვის უნდა შექმნილიყო იუსტიციის სახლის კონცეფცია, მისი ტექნიკური უზრუნველყოფა, რათა დოკუმენტები ისე ყოფილიყო ხელმისაწვდომი ელექტრონულად, რომ საქმე სწრაფად შესრულებულიყო.
- ამას უზარმაზარი შრომა სჭირდებოდა. სულ 39 რეფორმა ჩატარდა ამ კუთხით, აქედან 38 წინა პერიოდში და მხოლოდ ერთი – ახალი ხელისუფლების პირობებში, ისიც ძველი დაწყებული მიიყვანეს ბოლომდე. მერე გაჩერდნენ და აგვიარეს სხვებმა გვერდი, – ამბობს ექსპერტი.
- მთავრობა ამტკიცებს, რომ 24-ე ადგილი შარშანდელი მე-15 ადგილის ტოლია. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ხელისუფლება ამას მეთოდოლოგიის ცვლილებებით ხსნის. რაღაც ლამაზად ჟღერს, არა? რაღაც შეუცვლიათ და ჩვენი რა ბრალიაო, ჩვენი პარამეტრები არ შეცვლილა, უბრალოდ, სხვებმა გადაგვასწრესო. მომავალ წელს კიდევ ბევრი გადაგვასწრებს, რადგან ამ მიმართულებით ერთ ადგილს ვტკეპნით. როცა ეს რეიტინგი შედგა, 12 წლის წინ, ასეულს მიღმა ვიყავით. მაშინ ჩვენი ამოცანა იყო, მოწინავენი გავმხდარიყავით და გავხდით კიდეც.
ვიღაცას ჰგონია, რომ ეს რეიტინგი მხოლოდ უცხოეთისთვის სავიზიტო ბარათია და ინვესტორების შემოსატყუებელად არის საჭირო.
- ეს რეიტინგი ინვესტორების შემოსვლაზე იმოქმედებს?
- ინვესტორებზე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს, მაგრამ მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. პირველ რიგში, იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის სტიმულირების შესაძლებლობებს ზრდის. რომელი ჯობია, ათი დღე ელოდო ფირმის რეგისტრაციას, დახარჯო დრო და ფული თუ ეს მარტივად გააკეთო ერთ დღეში, ან სწრაფად მიიღო სამშენებლო ნებართვა, ან შენი კონტრაქტის აღსრულება იყოს გარანტირებული ისე, რომ არ შეილახოს საკუთრების უფლება და ასე შემდეგ? კრიტერიუმები, ე.წ. მეთოდოლოგია ყოველთვის იცვლებოდა, იხვეწებოდა.
- რა გზებს უნდა მიმართოს მთავრობამ, რათა მომავალ წელს ქვეყანას საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებული პოზიცია ჰქონდეს?
- მომავალ წელს კიდევ უკან დავიხევთ. ჯერ ერთი, ლარის დევალვაციის გამო გართულდება კრედიტებზე ხელმისაწვდომობა. ამას კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენამდე მისული მორიგი უგუნური კანონი „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს სერიოზულად შეარყევს საქართველოს საფინანსო სისტემას და შეასუსტებს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას. იგი იმოქმედებს ბიზნესის კეთების რეიტინგის ისეთ კომპონენტში, როგორიცაა კონტრაქტების აღსრულება.
- მაგრამ მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილს იკავებს. ეს ხომ წინ გადადგმული ნაბიჯია?
- მსოფლიო ბანკი გვაქებს თავის მოხსენებაში და ამბობს, რომ აღმოსავლეთი ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის, ლიტვის, ესტონეთისა და მაკედონიის შემდეგ მეოთხე ადგილზე ვართ. ეს დებულება მთავრობამაც სიხარულით აიტაცა. არადა, სად იყვნენ ეს ქვეყნები მაშინ, როცა მსოფლიო ვარსკვლავებს ვეჭიდებოდით და მე-8 ადგილზე ვიყავით? – სადღაც შორს, უკან. ეს იმას ჰგავს, რაგბიში ზელანდიას რომ ვეჭიდებოდეთ და მერე ისე ჩამოვქვეითდეთ, საამაყოდ რუსეთზე უკეთესობა გვეამაყებოდეს. ამბობენ, რეიტინგი არ უარესდებაო. პრობლემა ის არის, რომ უმნიშვნელოდ იზრდება და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ სხვები იზრდებიან უფრო სწრაფად ანუ საინვესტიციო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ვკარგავთ.
რომან გოცირიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ როცა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სახით ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, საქართველოს ზემოთ ნახსენები და სხვა მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების გამო უკუსვლა ექნება. მასზე გავლენას მოახდენს საბანკო ზედამხედველობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე რუსთავი 2-თან დაკავშირებული პრობლემები, რაც მთავრობის მიერ სასამართლოს დამორჩილებისა და საკუთრების უფლებების შელახვად იქნება შეფასებული. „წინათ საქართველო ბრენდი იყო, ახლა კი თავისი უამრავი მარეგულირებელი ნორმითა და ინსტიტუტით ტიპურ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვემსგავსებით“, – ამბობს რომან გოცირიძე.
„ახალი თაობა“, 02 ნოემბერი, 2015 წელი
რას ყვება დვანელი გენადი მამაგულაშვილი: „დვანში რუსული აგენტურა მოქმედებს, ჩვენს სპეცსამსახურებს კი სძინავთ“
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტისპირა სოფელ დვანის მცხოვრები გენადი მამაგულაშვილი გვატყობინებს, რომ ბოლო დროს მათთან ვითარება გართულდა, კერძოდ, გახშირდა რუსი ჯარისკაცების მხრიდან ქართველების გატაცების ფაქტები. ასევე გახშირდა რუსული ვერტმფრენების შემოფრენა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ დვანში. „რუსული ვერტმფრენები 19 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს ისევ შემოფრ-ინდნენ. ამას ემატება გამუდმებული სროლებისა და აფეთქებების გამო ცხინვალის მხრიდან ნადირის აქეთ გამოდევნა. მტაცებელი ნადირი გამოიდევნა აქეთ, რადგან იქით სიმშვიდეა. მოკლედ, გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. ერთი ხბო მეც შემიჭამა“, – ამბობს გენადი მამაგულაშვილი.
- სად ისვრიან?
- ისვრიან იქით, რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შეიძლება, ეს მიზანმიმართულადაც ხდებოდეს, შეიძლება – სრულიად შემთხვევით, მაგრამ მტაცებელი ცხოველები იქიდან გამორბიან. ისინი ჩვენ შეგვეხიზნნენ. ხბორების წამოსაყვანად წავედი და ერთი შეჭმული დამხვდა.
- ძლიერი სროლები და აფეთქებებია?
- დიახ, სროლისა და აფეთქებების ხმა ძალიან ძლიერია. ეჭვი მიჩნდება, რომ იქ რაღაცებს ანადგურებენ.
- მაგალითად, რას შეიძლება ანადგურებდნენ?
- შეიძლება, შემოაქვთ ჩამოწერილი ვადაგასული ფეთქებადი ნივთიერებები, ტყვიაწამალი და აქ ანადგურებენ.
- არ შეიძლება, წვრთნებს უკავშირდებოდეს?
- წვრთნები ადრე იყო და დამთავრდა. კვირაში რამდენჯერმე ძლიერი აფეთქება ხდება. ხან დღეში რამდენჯერმე აფეთქებენ, ხანაც გამუდმებული აფეთქებებია.
- სხვა რა პრობლემები გექმნებათ?
- დაიწყო ადამიანების გატაცებები. ამას წინათ ჩვენი სოფლიდან ორი ბიჭი გაიტაცეს. ისინი წინა კვირას გამოუშვეს. ორი დღის წინ ჩვენი საქონელი გამორეკეს ჩვენი საძოვრებიდან. მწყემსები გააფრთხილეს, აქ საქონელი აღარ გამორეკოთო. ახლა ორი კაცი გაიტაცეს.
- საქონელს არ იტაცებენ?
- საქონელს არ იტაცებენ. როგორც მწყემსმა თქვა, საქონელი თვითონ გადმოურეკავთ ჩვენს სასაფლაომდე. ახლა კიდევ ორი მწყემსი გაიტაცეს.
- მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხომ არ იყვნენ გადასული?
- არა. სადაც ის მწყემსები იყვნენ, უმაღლეს დონეზე შესრულებული ბადეა გაბმული, რომელზეც ვერც ადამიანი გადავიდოდა და ვერც – ძროხა, მაგრამ რუსები ხევიდან გადმოვიდნენ.
- ხევში მავთულხლართები არ არის?
- ხევში არ არის გაბმული. ისინი იმ ხევიდან ამოვიდნენ და მწყემსები წაიყვანეს.
- ანუ რუსები იმ მავთულხლართის აქეთ გადმოდიან და აქედან მიჰყავთ ადამიანები?
- დიახ, ისინი გადმოდიან აქეთ და იტაცებენ ადამიანებს. ჩვენებს თითქოს იქამდე მისვლის უფლება არ აქვთ, მაგრამ უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, გადმოვიდნენ და ადამიანები გაიტაცონ. ეჭვი მიჩნდება, რომ ადამიანების გატაცება ეკონომიკური ინტერესების გამო ხდება, თავიანთი ბიუჯეტის შესავსებად. ისინი იტაცებენ ადამიანებს, ჩვენ ვიხდით ფულს. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს ფულის გადარიცხვა. რას მიუსჯიან იმისათვის, რომ თავის ტერიტორიაზე ძროხას აძოვებდა?! თუკი არ მოხდება თანხების გადარიცხვა, მერე, შეიძლება, ხალხის დაპატიმრებას თავი დაანებონ.
- არ მესმის, რას ნიშნავს ფულის გადარიცხვა.
- როცა ადამიანს აპატიმრებენ, იქ უმართავენ სასამართლოს და აჯარიმებენ 2.000 რუბლით. ფული თუ არ გადაირიცხა, არ ათავისუფლებენ.
- ფულის გადარიცხვა როგორ ხდება?
- ფულის გადარიცხვა ბანკის მეშვეობით ხდება. ასეთი პრაქტიკა უნდა აიკრძალოს.
- ცხინვალში ფულის გადარიცხვას რომელი ბანკი ახორციელებს?
- მგონი, ფულს ყველა ბანკი რიცხავს.
- ხომ არის შეხვედრები ერგნეთში. მათი საშუალებით ხომ არ ხდება ფულის გადახდა?
- არა მგონია. ეგენი ძალიან იშვიათად ხვდებიან, გატაცებები კი ხშირად ხდება.
- ახლა რა გვარის ადამიანები არიან გატაცებული?
- ახლა გატაცებული არიან კუკური მახაჭაშვილი და დავით მინდიაშვილი.
- თუ არიან ისეთები, რომლებიც ცხინვალის ციხეში დიდი ხანია სხედან და სასჯელს იხდიან?
- ჩვენგან – არა.
- გათავისუფლებულები რას ამბობენ, რა მდგომარეობაა ოსების ციხეებში?
- ისინი ჩვენ არაფერს გვეუბნებიან. დაკითხვაზე რას ეუბნებიან ჩვენებს, არ ვიცით.
- კიდევ რა პრობლემები გაწუხებთ?
- იმის გამო, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქმედებები უნაყოფოა, მოსახლეობაში პრორუსული განწყობა იზრდება.
- რით გამოიხატება პრორუსული განწყობა?
- არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რუსეთი გვინდაო. ამას ყურადღებას არავინ აქცევს.
- რად უნდათ რუსები, რას გაუკეთებს რუსეთი?
- ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც თავის დროზე კგბ-ში მუშაობდნენ. ასევე არიან მათთან დაკავშირებული ადამიანებიც. მათ პასუხს არავინ სცემს, ამიტომ თავს უფლებას აძლევენ, გამოვიდნენ სოფლის ცენტრში და თქვან, რად გვინდა ევროკავშირი და ნატოო. ისინი ხალხს უმტკიცებენ, რუსეთი უფრო ძლიერია, რუსეთი ჩვენ უფრო გვაწყობსო.
- გინდათ თქვათ, რომ აგენტურა მუშაობს?
- აგენტურა მოქმედებს, ჩვენს სპეცსამსახურებს კი სძინავთ.