„რეზონანსი“, 16 დეკემბერი, 2014 წელი
2 ოსეთი რუსეთის ფედერაციაში
“ცხინვალში ჯერ რეფერენდუმი ჩატარდება და დადგინდება, რომ მოსახლეობას რუსეთთან შეერთება სურს. შემდეგ, როცა ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა, უკვე ფედერალურ დონეზე მოხდება ალანიისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების გაერთიანება ერთ ფედერალურ სუბიექტად”, – აცხადებს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე “რეზონანსთან” საუბრისას. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ჯერ ჩრდილოეთს შეუერთდება და შემდეგ შევა რუსეთის შემადგენლობაში”, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი მაია აბაიაძე).
“ორი ოსეთის გაერთიანება – ესაა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა, რომ რუსეთთან გასაფორმებელ შეთანხმებაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის საკითხი იყოს განხილული. მისივე თქმით, უკვე არსებობს წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარდა კონსულტაციები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდება და შემდეგ შევა რუსეთის შემადგენლობაში. “სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთს შეუერთებენ, გააერთიანებენ და იქნება 2 ოსეთი ერთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს როგორ მოხდება, მთავარია, რომ უნდათ და ამას გააკეთებენ, სამწუხაროდ, ბერკეტები აქვთ. რასაკვირველია, იქნება დასავლეთის მხრიდან განცხადებები და დაგმობა, ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი რუსეთის ოკუპანტობას, მაგრამ ეს მაინც გაკეთდება. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის, შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
“როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკაში რეფერენდუმი ჩატარდეს, შემდეგ ის ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონს – ალანიის რესპუბლიკას შეუერთონ და შემდეგ ორივე ოსეთი რუსეთის ფედერაციაში ფედერალური სუბიექტის სტატუსით შევიდეს. “ოსებში დიდი ხანია მუსირებს 2 ოსეთის გაერთიანების იდეა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ამის განხორციელებას შეეცდება, თუმცა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რუსეთიდანაა მართული. თეორიულად შესაძლებელია, რომ ცხინვალში ჯერ რეფერენდუმი ჩატარდეს, რომლითაც დადგინდება, რომ მოსახლეობას რუსეთთან შეერთება სურს. შემდეგ, როცა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, უკვე შიგნით რუსეთში ფედერალურ დონეზე მოხდება ალანიისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების უნიფიკაცია და გაერთიანება ერთ ფედერალურ სუბიექტად”, – ამბობს ალეკო კვახაძე.
“რუსეთის კანონმდებლობა ამას არ ზღუდავს, თუმცა, რა თქმა უნდა, საერთშორისო სამართლის მიხედვით, ეს უკანონო იქნება. საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება არალეგიტიმურია და ამას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს”, – დასძენს რესპონდენტი.
„ახალი თაობა“, 16 დეკემბერი, 2014 წელი
რაში დახარჯავს 30 მილიონ ევროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?
ნათია ხურცილავა
(შემოკლებით)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გუშინ კონფერენცია გამართა თემაზე: „2015-2017 წლის საქართველოს რეგიონული განვიტარების პროგრამა – „სამომავლო პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სახვა ოფიციალური პირები.
მთავრობამ 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ევროკავშირის თანმიმდევრულობის პოლიტიკის პრინციპებს ეფუძნება და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალანსებული და მდგრადი სოციალ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამა პირველია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის და იგი ევროკავშირში გავრცელებული პროგრამის შემუშავების პრაქტიკას მოიცავს, რომელიც სხვა ქ ვეყნებისათვის ერთგვარი მოდელი იქნება. ამ პროგრამის მხარდაჭერისათვის ევროკავშირმა უკვე გამოყო 30 მილიონი ევრო, რომლითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ისარგებლებს.
დავით შავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი:
„პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელება მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირსა და ქართულ მხრეს შორის მიმდინარე და დაგეგმილი თანამშრომლობის ფარგლებში სექტორული განვითარების მხარდასაჭერად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი შემუშავება და ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისი დებულების განხორციელების მიზნებს. ის მიდგომა, რომელიც აისახება რეგიონული განვითარების პრგრამაში, არის ბევრად უფრო კომპლექსური და კოორდინირებული, ვიდრე აქამდე იყ. ეს მოითხოვს საქართველოს იმ სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებების უფრო მეტ თანამშ;რომლობასა და ჩართულობას, რომელთა საქმიანობასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ქვეყნის რეგონულ განვითარებაზე. შესაბამისი პროგრამული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელია რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება. ნაწილობრივ რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ზოგადად ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა ამ პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება: რეგიონებში, თვითმმართველობებში, ტრენინგებში. ყველა რეგიონს თანხა ერთ დონეზე მოხმარდება. ამ ეტაპისთვის ცხრა რეგიონის სტრატეგია მზადდება“.
თამარ ბერუჩაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი:
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება მუშაობა იწყებს. ამის ნათელი მაგალითი არის ის სამწლიანი პროგრამა, რომელიც წარმოადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ეს პროგრამა წარმოადგენს სამი წლის სამოქმედო გეგმას და ის მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. ინოვაციური მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას როგორც ადგილობრივ, ისე თვითმმართველობის დონეზე. 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი ევროკვშირიდან გარანტირებულია, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ევროკავშირი საექსპორტო მხარდაჭერასაც აღმოგვიჩენს ამ მიმართულებით. რეგიონების განვითარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოცირების ხელშეკრულებაში. რეგიონების თემატიკა არსად ისე არ არის განვითარებული და ამდენი დატვირთვა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მსოფლიოში არსად არ არის, როგორც ეს ევროკავშირში. ამდენად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესალებლობა და მხარდაჭერა. ჩვენი ამოცანაა საქართველოს რეგიონების დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს. საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულება არ არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება, ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს არის პროცესი, რომელშიც ყველა უნდა ჩავერთოთ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა“.