globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): „გაზის დივერსიფიცირებით საქართველო ვერანაირ სარგებლობას ვერ ნახავს, ამიტომაც მისთვის აზერბაიჯანი ძველებურად ყველაზე მომგებიან მიმწოდებლად რჩება“

«Iran Russian Radio» (ირანი): კომენტარი საქართველოს მიერ სირიელი ლტოლვილების სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით

——————-

«Эхо» (აზერბაიჯანი), 14 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=92110

„გაზის დივერსიფიცირებით საქართველო ვერანაირ სარგებლობას ვერ ნახავს, ამიტომაც მისთვის აზერბაიჯანი ძველებურად ყველაზე მომგებიან მიმწოდებლად რჩება“

გაზეთ „ეხო“-ს კორესპონდენტის ჯამილია ალეკპეროვას შეკითხვებს პასუხობს მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის გენდირექტორის მოადგილე ანდრეი პეტროვი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ შეფასებდით „გაზის თემასთან“ დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის? ემუქრება თუ რა ეს ამბები ორმხრივ ურთიერთობებს?

- საქართველო დიდი ხანია ეძებს საბაბს იმისათვის, რომ გაზი რაც შეიძლება მეტი მიიღოს და ნაკლები გადაიხადოს. ეს გასაგებიცაა: მისი ეკონომიკა ძალიან სუსტია, შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონეც დაბალია. ეს ფაქტორები საქართველოს საშუალებას არ აძლევს სათბობი საბაზრო ფასით შეიძინოს.

გავიხსენოთ, რომ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის მოლაპრაკების მთავარ თემად სწორედ გაზზე შეღავათის საკითხი იყო და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ყველაზე საუკეთესო ფასი გაზზე სწორედ აზერბაიჯანული ფასიაო. მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეეცდება მოძებნოს ბუნებრივ გაზზე ტარიფის დაკლების შესაძლებლობები მოსახლეობისთვის მაინც, მაგრამ სამი წლის განმავლობაში მთავრობამ სიტუაციის შეცვლა ვერ შეძლო. თანაც სწორედ იმ ხანებში განაცხადა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომაპნიამ „სოკარ“-მა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს გაზს უფასოდ მიაწვდიდა.

რადგანაც ეკონომიკის გამოსწორება ვერ შეძლო, თბილისი პოლიტიკას დაუბრუნდა და ევროპის მსგავსად, გაზით მომარაგების დივერსიფიცირებაზე დაიწყო ლაპარაკი, თანაც ამას ქართველები სპეციფიკური სახით აკეთებენ.

პირველი – ფორმალურად საქართველოს შეეძლო მეტი გაზი მიეღო რუსეთისაგან ან ეფიქრა მისი ირანიდან მიწოდებაზე (ევროპაში გატანის პერსპექტივით), მაგრამ ორივე ვარიანტი არარეალიზებადია. ირანიდან გაზის მიღებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ არსებობს, მის მშენებლობას კი ფული და დრო ჭირდება. თუმცა როგორი მარშრუტიც არ უნდა ამოირჩიო [გაზსადენის მშენებლობისათვის], საქართველოსთვის ის მაინც ძვირი იქნება. მიზეზი ისაა, რომ  საქართველოსა და ირანს შორის მესამე სახელმწიფო მდებარეობს – ერთი მხრივ, სომხეთი, მეორე მხრივ, აზერბაიჯანი. აქედან გამომდინარე, საქართველოში გაზის იმპორტი ტრანზიტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რისთვისაც დამატებითი თანხა იქნება საჭირო: ტრანზიტორ ქვეყნებს გაზის გასატარებლად ფული უნდა გადაუხადო. ეს ნიშნავს, რომ ირანისათვის საქართველოს ტერიტორიით სარგებლობა შესაძლოა მომგებიანი არ იყოს, თეირანს ურჩევნია გაზი თურქეთის გავლით გაიტანოს. ამის მიუხედავად, საქართველო მაინც აცხადებს, რომ ირანული გაზი მისთვის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა… რაც შეეხება რუსულ ვარიანტს: დღეს „გაზპრომ“-ისათვის სრულიად მიუღებელია საქართველოს რუსული გაზი აზერბაიჯანულ გაზზე უფრო დაბალი ფასით მიაწოდოს, რადგან მას ისედაც ძალიან შეუმცირდა შემოსავალი პარტნიორებან, მაგალითად, თურქეთთან უთანხმოების გამო.

საქართველო ამჟამად რუსეთის ინტერესთა ფოკუსში არ იმყოფება, ამიტომაც თბილისი რაიმე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შეღავათებს არ უნდა ელოდოს. რასაკვირველია, ეს მომენტი თბილისმა გააცნობიერა და საკითხს სხვა კუთხით მიუდგა – საუბარი დაიწყო სომხეთისათვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით და აქედან გამომდინარე, სატრანზიტო გაზის მეტი რაოდენობით მიღებაზე უფასოდ, მაგრამ ესეც არარეალურია, რადგან სომხეთის ეკონომიკას ამჟამად მეტი გაზი ჯერ არ ესაჭიროება. პირიქით, სომხეთის ეკონომიკის განვითარების ტემპები სულ უფრო მცირდება, საწარმოები იხურება, მიგრაციის მაღალი დონის გამო მოსახლეობის რაოდენობაც კლებულობს და, აქედან გამომდინარე, გაზის მოხმარება მცირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, გაზის დივერსიფიცირებით საქართველო ვერანაირ მოგებას და სარგებლობას ვერ ნახავს, ეს შეუძლებელია, ამიტომაც მისთვის აზერბაიჯანი ძველებურად ყველაზე მომგებიან მიმწოდებლად რჩება და ამ სქემაში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ამასთან, მე არ ვფიქრობ, რომ „გაზის სპექტაკლი“ ბაქო-თბილისის  ურთიერთობებში რაიმე უარყოფით გავლენას მოახდენს: საქართველოში მთავრობები მიდი-მოდიან, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები კი რჩება. ორმხრივ ურთიერთობებში ცვლილებები რომ არ იქნება, ამის თაობაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა თბილისში ვიზტის დროს. ასე რომ, „გაზის თემა“ თანდათან დავიწყებული იქნება ისევე როგორც „ქართული ოცნების“ სხვა შეუსრულებელი განცხადებები“.

«Iran Russian Radio» (ირანი), 13 ნოემბერი, 2015 წელი

http://russian.irib.ir/analitika/commentarii/item/264246-вероятность-приема-сирийских-беженцев-в-грузии

კომენტარი საქართველოს მიერ სირიელი ლტოლვილების სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა მომხსენებელმა ანდრეი მამიკინმა განაცხადა, რომ თბილისს, ევროკავშირის პოლიტიკის სოლიდარობის ნიშნად, სირიელი ლტოლვილების მიღება შეუძლიაო. მისი თქმით, ეს მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი იქნება, რადგან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა  თბილისს ლტოლვილების მიღებას არ ავალდებულებს და ვერც ვერავინ დააძალებს.

ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მთავრობა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სირიის ოპოზიციას და თვალს ხუჭავდნენ თავიანთი რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების სირიაში ჩასვლაზე და ტერორისტულ ორგანიზაციებში მათ მონაწილეობაზე, ვერ აცნობიერებდა იმ მოსალოდნელ მიგრაციულ  და სოციალური პრობლემებს, რომლებსაც მათ ასეთი პოლიტიკა მოუტანდა. ჰოდა, ახლა ევროპულ სახელმწიფოები თავიანთი პოლიტიკის შედეგს იმკიან: მათ უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები ემუქრებიან, რომელთაგან ბევრი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა.

როგორ წესი, ევროპის ქვეყნები ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ეძებენ ხოლმე პარტნიორებს და ამ პერსპექტიულ პარტნიორთა შორის ერთ-ერთი შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ საქართველომ წინა წლებში, ევროპული და აშშ-ის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით ერაყსა და ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის მისაღებად, თავისი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა. რასაკვირველია, საქართველოსთვის „ცხელ წერტილებში“ სამხედროების გაგზავნის მიზანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს. ახლა კი ლტოლვილების მიღება თბილისისათვის ერთგვარ გამოცდად იქცა.

ამრიგად, საქართველოს შეუძლია ევროსტრუქტურებში ინტეგრირების მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინოს, ლტოლვილები მიიღოს და ამით ევროპელების თვალში იმიჯი გაიუმჯობესოს, მაგრამ ამასთან ერთად, ლტოლვილთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღება შეიძლება მას ძვირად დაუჯდეს. არაა გამორიცხული, რომ საქართველო ექსტრემისტული დაჯგუფებების „ბოევიკთა“ გამტარ ცენტრად გადაიქცეს – ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიაში და პირიქით – სირიიდან ევროპის ქვეყნებში. სწორედ ეს უსაფრთხოების მომენტი და სხვა პოლიტიკური გარემოებები უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელმძღვანელობამ ლტოლვილთა მიღების დროს.

Comments are closed