«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი თანახმაა სირიელი ლტოლვილები მიიღოს // საქართველო ევროკავშირის დაპირებებისაგან დაიღალა და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ისლამური ხალიფატი“ საქართველოსაც ემუქრება
«Эхо» (აზერბაიჯანი): „მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?“ – საერთაშორისო მედიაფორუმი თბილისში
«The Washington Post» (აშშ): ქართველები უკრაინაში: სამოქალაქო ომი ბიუროკრატიის წინააღმდეგ
«The Washigton Post» (აშშ): ექსკლუზივი: საბჭოთა სპრინტერი, რომელმაც უარი თქვა სტეროიდების მიღებაზე
——————-
«Независимая газета» (რუსეთი), 17 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-11-17/1_gruzia.html
თბილისი თანახმაა სირიელი ლტოლვილები მიიღოს
საქართველო ევროკავშირის დაპირებებისაგან დაიღალა და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუსაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოში მონაწილეობის მიზნით. მოსალოდნელია, რომ სხვა საკითხებთან ერტასდ, მხარეები ვიზა-ლიბერალიზების საკითხსაც განიხილავენ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მზადყოფნას გამოაცხადებს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მიღებაზე – თბილისში ასეთი განცხადებები უკვე გაისმა.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანს შეხვდება, თუმცა მთავარი მაინც ასოცირების საბჭოს სხდომაა, რომელიც მინისტრების დონეზე მხარეთა ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს და წელიწადში ერთხელ იმ საკითხებს იხილავს, რომელიც 2014 წელს თბილისსა და ბრიუსელს შორის ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებასთან არიან დაკავშირდებულნი. ამჟამინდელი სხდომის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ხანი.
ფედერიკა მოგერინი თბილისს „მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის“ დღეებში ეწვია და საქართველოში შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს. სწორედ იმ ხანებში დასრულდა სასამართლო პროცესი „რუსთავი-2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი მღელვარება გამოიწვია. ამჟამად დაძაბულობა მეტ-ნაკლებად ცამცხრალია, თუმცა სასამარტლო გარჩევები გრძელდება.
ტურბულენტობის მეორე ზონა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოაწყო, რომელმაც ხელისუფლება საპარლამენტო შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. პარტიის ლიდერებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს და მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს – საარჩევნო კანონმდებლობის (კოდექსის) შეცვლა და თავდაცვისა და ეკოლოგიის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება, რომლებმაც, „პატრიოტთა ალიანსის“ აზრით, ხმის მიცემის შედეგები გაყალბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ფედერიკა მოგერინმა თბილისი დაპირებებითა და მითითებებით დატოვა. დაპირებები საქართველოს ევროსტრუქტურებში პერსპექტივას ეხებოდა, ხოლო მითითება-რეკომენდაციები – დემოკრატიის პრინციპების დაცვას, სიტყვის თავისუფლებისა და პრესის დამოუკიდებლობის დაცვას, აგრეთვე პოლიტიკური მოტივებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას. პრობლემატური საქართველოს ხელისუფლებისათვის სწორედ ეს რეკომენდაციები გახდა.
საქმე იმაშია, რომ „ნაციონალებმა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი დამარცხება ისე წარმოაჩინეს ევროსტრუქტურებში, რომ თითქოს საქართველოში დემოკრატია დამარცხდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკმაო ჯაფა დაჭირდა, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოესწორებინა, მაგრამ გარდატეხის შეტანა ვერადავერ შეძლო. ამჟამად ბევრი ევროპული სტრუქტურა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ძველებურად მტკიცე მოკავშირე აღარ არის და „ევროპული კულტურისა და ფასეულობების“ მატარებლად მათთვის ისევ „ნაციონალები“ რჩებიან. შესაბამისად, ევროსტრუქტურები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებულ შეფასებებს უფრო მეტად ენდობიან. მაგალითად, რადგან „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი პოლიტიკურია, ესე იგი, მართლაც პოლიტიკურია და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მთავრობა დასავლეთიდან კრიტიკულ შენიშვნებს იღებს; რადგან „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები არიან, ბრიუსელი იღებს რეზოლუციას, რომ თბილისმა თავი უნდა დაანებოს პოლიტიკურ დევნას… იგივე ხდება არჩევნების შესახებაც: საკმარისია „ნაცებმა“ თქვან, რომ არჩევნები არადემოკრატიულად და დარღვევებით ჩატარდაო, დასავლეთიდან „მეოცნებეებს“ მკაცრი შეძახილი ესმით – წესიერად მოიქეცით და არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატარეთო. „მეოცნებეები“ ცდილობენ, რომ საქართველოს სიტუაცია სხვაგვარად წარმოადგინონ, რომ ხელისუფლება დასავლური ფასეულობებისა და კურსისადმი ერთგულია, მაგრამ მათი მცდელობა ან უშედეგოა, ან ნაკლებად ეფექტური.
აბა, ასეთ სიტუაციაში რით უნდა მოაწონოს თავი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დასავლეთს? აი, ახლაც თბილისი მზადყოფნას აცხადებს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მიღებაზე და ეს მაშინ, როცა საქართველოს თავისი პრობლემებიც ძალიან ბევრი აქვს – იგივე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების სახით. აქვე გასახსენებელია საქართველოს აქტიური როლი ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რის შედეგადაც ქართველები, მსხვერპლის რაოდენობით, კოალიციურ ძალებში პირველ ადგილზე გავიდნენ. და ამ დროს რას აკეთებს დასავლეთი ერთგული პარტნიორისათვის? ქართველთა თხოვნაზე – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიგვიღეთო, ბრიუსელი თბილისს ერთი და იგივე დაპირებით პასუხობს: კაი ბიჭები ხართ, მაგრამ დაგველოდეთ, ალბათ, მოვა დრო და მიგიღებთო.
რასაკვირველია, ასეთი დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისათვის უკვალოდ არ იკარგება, რომელიც დასავლეთის რეკომენდაციებს უკვე საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვამს. გარდა ამისა, ევროინტეგრაციულ პროცესში პრაქტიკული წარუმატებლობის გამო თბილისი ალტერნატივას ეძებს. შესაბამისად, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დასტურდება, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა ინტერესს იწვევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. მართალია, „ევრაზეკ“-ის მომხრეთა რაოდენობა ჯერ მცირეა, მაგრამ ორიოდე წლის წინათ საერთოდ არ იყო, ანუ სიმპათიების ზრდა აშკარაა. ასეთი ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული დივიდენდების მიღება ევროპული ინსტიტუტებისაგან: ვთქვათ, კარგი იქნება, თუ თავისი ევროპული მივლინებიდან თბილისში დაბრუნებისას ირაკლი ღარიბაშვილი ვიზა-ლიბერალიზების დადებითად გადაწყვეტის ამბავს ჩაიტანს… მაგრამ ბებერ ევროპაში შექმნილი დაძაბული სიტუაციისა და საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ბრიუსელი, ალბათ, კვლავ დაპირებით შემოიფარგლება.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, თბილისის მზადყოფნა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე სიტუაციას საქართველოს სასარგებლოდ ვერ შეცვლის.
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/islamic-state-threatens-georgia-too/3059802.html
„ისლამური ხალიფატი“ საქართველოსაც ემუქრება
ზაზა წულაძე
ისლამისტების უსასტიკესმა და ცინიკურმა თავდასხმებმა საფრანგეთის დედაქალაქში, რომელმაც ბოლო მონაცემებით 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 352 კი დაიჭრა, (მათგან 99 კრიტიკულ მდგომარეობაშია) კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა, რომ ევროპის კონტინენტზე ტერორისტული აქტების ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
ხდება თუ არა ამ რისკის ადეკვატური შეფასება და გააზრება საქართველოში? ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის უკვე ათწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, კოსოვოში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ავღანეთში. ამავე დროს, საქართველო არის ის სახელმწიფო, რომლის 200-ზე მეტი მოქალაქე, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური ხალიფატის“ რიგებში იბრძვის.
56 წლის მურმან პაიჭაძემ, რომელიც წალკის რაიონის სოფელ კოხტას (ყოფილი ახალიკი) იმამი იყო, მეუღლე, ხუთი შვილი და შვილიშვილები ორი თვის წინ მიატოვა და საბრძოლველად სირიაში წავიდა. პარიზის ტერაქტებამდე ოთხი დღით ადრე, პაიჭაძემ, რომელიც დღეს, თავის თავს აბუ ასია ალ-ჯუეჯს უწოდებს, ინტერნეტში მიმართვა გაავრცელა და საქართველოს სახელმწიფოს ღიად დაემუქრა
„თქვენ ურწმუნოებო!. რატომ არ წყვეტთ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლას? რატომ არ გამოგყავთ თქვენი სამხედროები მუსლიმების ქვეყნიდან? საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით. მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება.“ წყარო – http://islamgeorgia.com/abu-asia-aljurji/
მურმან პაიჭაძე ახლო ნათესავია „ისლამური ხალიფატის“ კიდევ ერთი შეფიცულის, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტის მკვიდრის, 27 წლის თამაზ ჭაღალიძის, რომელიც სირიაში ჯიჰადისტებს, 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. ჭაღალაძის იგივე აბუ აჰმედის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ აღძრა, მას შემდეგ, რაც იგი საქართველოს, კონკრეტულად კი აჭარის რეგიონს ჯიჰადით დაემუქრა.
ჯიჰადისტთა ყველაზე დიდი დაჯგუფება საქართველოდან, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე კი პანკისის ხეობიდან არის. ამ ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი საქართველოს არმიის ყოფილი ოფიცერი, 29 წლის, ბირკიანელი თარხან ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ ალ-შიშანია. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაური მომავალ გეგმებს ასევე სამშობლოს უკავშირებს. ბათირაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა რუსეთს „საღვთო ომით“, ჯიჰადის პლაცდარმად საქართველოს განიხილავს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჯერ „კავკასიის ვილაიეთი“, შემდეგ კი „გურჯისტანის ვილაიეთიც“.
პანკისის ხეობაში ბათირაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფოლ ჯოყოლოს იმამი 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი, ანტიტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში დააკავა და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება ამტკიცებს, რომ სწორედ ბორჩაშვილი უწევდა კოორდინაციას, ახალგაზრდა ქისტი მუსლიმების გადაბირებას და შემდეგ, სირიაში გაგზავნას.
მიუხედავად, რამდენიმე წარმატებული ოპერაციისა, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე საქართველოს სპეცსამსახურების მზადყოფნას გაუმკლავდეს, ისლამური ხალიფატიდან მომავალ საფრთხეს, სუსტად აფასებს. „ამ ტიპის სისუსტე დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და ეს განპირობებულია ტრადიციის არარსებობით. მოგეხსენებათ, სპეცსამსახურები იყო ჩვენთან ის სტრუქტურა, რომელსაც ყველა ხელისუფლება მუდმივად იყენებდა თავისთვის და არა ქვეყნისთვის. შესაბამისად, დღესაც სპეცსამსახურებს უფრიომ მეტად პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვთ, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების დამცველის. ამიტომ არ არის რესურსი. ასე რომ, სისუსტე არის. ეს არის ტრადციული სისუსტე. თუმცა, სიტუაციის გამოსწორებისკენ გადადგული გარკვეული ნაბიჯებიც არის.“
სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ, ბოლო წლებში, საქართველოს 13 მოქალაქე დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, იქ, ამ დრომდე, 200-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იბრძვის. ხუთი თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა სასჯელი უკანონო, შეიარაღებულ ფორმირებებში გაწევრიანების გამო. ახლა ეს დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ან გადაბირება კი 10 წლამდე პატიმრობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ისლამური ხალიფატის მეომრები სირიიდან და ერაყიდან საქართველოში უპრობლემოდ დაბრუნდნენ. ყველა ამ ფაქტორიდან, გამომდინარე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერორიზმის რისკის საფრთხე გაზრდილია.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 17 ნოემბერი, 2015 წელი
http://echo.az/article.php?aid=92172
„მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?“ – საერთაშორისო მედიაფორუმი თბილისში
სტატიაში მიმოხილულია გასულ კვირაში საქართველოს დედაქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი თემაზე: „მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს“, რომელშიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ქართული გაზეთის „საქართველოსა და მსოფლიოს“ ეგიდით გაიმართა (ავტორი – ჯამილია ალეკპეროვა).
ფორუმის დასაწყისში გაიმართა დისკუსია „ზესახელმწიფოთა ეპოქის დასასრული“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ („Говорит Москва“) დირექტორმა ვლადიმირ მამონტოვმა. ამის შემდეგ სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „როსიას“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა კირილ პრივალოვმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „წარმატებული ინტერვიუს საიდუმლო“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალ „რუსსკიი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი და ამავე გამოცემის პოლიტიკური მიმომხილველი მარინა აჰმედოვა, აგრეთვე უკრაინელი სტუმარი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ირინა ვერაშჩუკი.
დისკუსია თემაზე „აქვს თუ არა ჟურნალისტიკას მომავალი“ გახსნა „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ სუნგორკინმა.
საინტერესო იყო პოლიტოლოგის, აღმოსავლეთმცოდნე ევგენი სატანოვსკის გამოსვლა, რომელმაც კავკასიის რეგიონისათვის სავარაუდო საფრთხეებზე ისაუბრა: მისი თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის როლი – შეძლებს თუ არა რეჯებ ერდოღანი კავკასიისკენ მომზირალ სირიელი ისლამისტ ბოევიკების შეკავებას. „ქრისტიანობამ ახლო აღმოსავლეთში კრახი განიცადა“, – განაცხადა ევგენი სატანოვსკიმ, – „ევროპაში კი გაიზარდა მეორე და მესამე თაობის ისლამისტ რადიკალთა რაოდენობა, რომლებიც „ძველ სამყაროს“ (ანუ ევროპას) იმ ქვეყნებად გადააქცევენ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. შესაბამისად, რადიკალ-ისლამისტთა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ მეთოდად მათი სრული განადგურება რჩება.
ევგენი სატანოვსკიმ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაქოს დამოუკიდებელი საგარეოპოლიტიკური კურსი დასავლეთის გაღიზიანებას იწვევს: „სწორედ ამიტომ ცდილობს დასავლეთი „მაიდნის“ მოწყობას აზერბაიჯანშიც“.
ფორუმის დასრულებისას მისმა მონაწილეებმა სერტიფიკატები მიიღეს.
«The Washington Post» (აშშ), 17 ნოემბერი, 2015 წელი
ქართველები უკრაინაში: სამოქალაქო ომი ბიუროკრატიის წინააღმდეგ
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ბეტონის საბჭოური მოქუფრული მასიური შენობის გვერდით უჩვეულო კონსტრუქცია გამოჩნდა: ჰაეროვანი, გამჭვირვალე და კომპიუტერებით სავსე მინის შენობა, რომელშიც იურისტები მუშაობენ და მოსახლეობის საჩივრებსა და თხოვნებს იღებენ. პირველივე დღეს სამი ათასზე მეტი საჩივარი შევიდა“, – ასე იწყება სტატია, რომლის ავტორია ჯექსონ დილი, ამერიკელი ჟურნალისტი.
„ამ ექსპერიმენტის ავტორი ასევე უჩვეულო ადამიანია – მიხეილ სააკაშვილი, რევოლუციონერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველნაირად ცდილობდა თავის სამშშობლოში, პოსტსაბჭოურ საქართველოში პროდასავლური რეჟიმი განემტკიცებინა და რომელიც ვლადიმირ პუტინის მოსისხლე მტერი გახდა. ევროპულ დედაქალაქებში მიხეილ სააკაშვილი დღეს წინააღმდეგობრივ შეფასებებს იწვევს: მან საქართველო საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა და ახლა უკრაინაში თავისი მრავალრიცხოვანი გუნდით მოვლენათ ცენტრში აღმოჩნდა. მისი ამოცანაა ისეთი პოლიტ-ეკონომიკური სისტემა შექმნას, რომელშიც პუტინისტური ავტორიტარიზმი და კორუფცია ვერ იარსებებს“.
უკრაინაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემათა ფონზე მიხეილ სააკაშვილის გუნდი მცირე, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს მაინც აღწევს: ერთმა ქართველმა ოდესაში და კიევში ახალი პოლიციური ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა, მეორე კი ანტიკორუფციულ უწყებას ქმნის. ექს-პრეზიდენტს ცნობილი რუსი ოპოზიციური აქტივისტი მარია გაიდარიც ეხმარება… მაგრამ მიხეილ სააკაშვილს მიღწეული არ აკმაყოფილებს: გასულ კვირას მან გერმანია-აშშ-ის „მარშალის ფონდის“ დელეგაციის მიღებისას განაცხადა, რომ „უკრაინამ რუსეთი კი დაამარცხა სამხედრო თავლსაზრისით, მაგრამ ახლა მთავარია საკუთარ თავზე გაიმარჯვოს. მთავარია გარდაქმნა, ცვლილებები მოხდეს და წინსვლა დაიწყოს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოლიგარქებზე და კორუპირებულ აპარატზე ფართომასშტაბიან შეტევას თავს არიდებს. ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კორუმპირებული სასამართლო სისტემა (8000 მოსამართლეთაგან მხოლოდ რამდენიმეა შეცვლილი). მიხეილ სააკაშვილს კი უკრაინის მთავრობის საფუძვლიანი შენჯღრევა სურს: „გამოსავალი ერთია – ხელისუფლების გადატვირთვა“.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისეულ შეფასებებზე არავინ დაობს. უფრო მეტიც – მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ მას შეუძლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება და უნდა დაიკავოს კიდეც. ექს-პრეზიდენტი თვითონ უარყოფს, რომ მისი მოწოდებები ძირეული გარდაქმნის თაობაზე თითქოსდა მაღალ თანამდებობაზე გადასვლის სურვილს ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას ამისათვის პარლამენტში აუცილებელი პოლიტიკური ბაზა არ აქვს. უკრაინის მთავრობის დასავლელ კურატორებს მიხეილ სააკაშვილის ეს იდეა საშინელებად მიაჩნიათ, მაგრამ თუ კიევს საკუთარ თავზე გამარჯვება სურს, მაშინ რაღაც უნდა შეიცვალოს – რაც მალე, მით უკეთესი.
«The Washigton Post» (აშშ), 17 ნოემბერი, 2015 წელი
ექსკლუზივი: საბჭოთა სპრინტერი, რომელმაც უარი თქვა სტეროიდების მიღებაზე
როგორც ცნობილია, ამ დღეებში საერთაშორისო ანტიდოპინგურმა კომისიამ რუს სპორტსმენებს მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა. დამტკიცდა, რომ რუსები, ფიზიკური შესაძლებლობის ამაღლების მიზნით, სტეროიდებს იყენებენ.
ამასთან დაკავშირებით ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ თბილისელი კორესპონდენტი მიხეილ ჯინჯიხაშვილი თავის სპორტულ კარიერას იხსენებს, როცა 1967 წელს, 17 წლის ასაკში, მას, როგორც იმედისმომცემ სპორტსმენს, საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ნაკრებისათვის წრთვნა დაუწყეს. იგი ჩემპიონი იყო ას მეტრზე რბოლაში, როცა რუსეთიდან ახალი მწვრთნელი ჩამოვიდა. წარმატებებს ნელ-ნელა აღწევდა, 1967 წელს კიევში გამართულ ესტაფეტაში საქართველოს იუნიორთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი რომ აიღო, ამაში მიხეილ ჯინჯიხაშვილის წვლილიც იყო. მაგრამ შემდეგ რესპუბლიკის მასშტაბით ახალი რეკორდის დამყარება ვერადავერ შეძლო – სტარტის დროს წამების რაღაც მეათედი აკლდებოდა, ანუ რბენის დაწყება დაყოვნებით ხდებოდა.
„ჩემმა მწრთვნელმა შემომთავაზა, რომ ანაბოლური სტეროიდები მიმეღო, რათა კუნთები გამევითარებინა და სიჩქარე სწრაფად ამეღო. მე თითქმის დავთანხმდი, მით უმეტეს, მან მითხრა, რომ ცნობილი სპორტსმენებიც ასე აკეთებენ და ნუ შეგეშინდებაო. დამპირდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდებოდი და შემდეგ იმპორტული ანაბოლიკებს მომიტანდა, რომლებიც უფრო მაღალი ხარსისხისა იყო საბჭოურებთან შედარებით.
მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე დედაჩემისთვის მეკითხა, რადგან დედა ცნობილი ექიმი მყავდა. იგი ძალიან შეშინდა და კატეგორიულად ამიკრძალა სტეროიდების მიღება. ჯერ ზალიან მკაცრად მელაპარაკებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთი ტონით ჩემზე გავლენას ვერ მოახდენდა და ტაქტიკა შეცვალა – მითხრა, რომ ანაბოლიკური საშუალებები მამაკაცურ პოტენციას იწვევსო. აი, ამ ნათქვამმა კი იმოქმედა: მწვრთნელს უარი განვუცხადე და ფიზიკური ვარჯიში უფრო ინტენსიურად გავაგრძელე.
ვხედავდი, რომ ჩემი კონკურენტები საბჭოთა კავშირის მასშტაბით სწრაფ წარმატებებს აღწევდნენ. მწრთვნელი მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი დოპინგის დახმარებით ხდებოდა და კვლავ ცდილობდა ჩემს გადაბირებას. მაგრამ დედის ავტორიტეტი და ძალა ჩემთვის უფრო მეტი იყო. მე ვაგრძელებდი საქართველოს ნაკრებში მონაწილეობას, მაგრამ რადგანაც აქტიურმა ფიზიკურმა ვარჯიშებმა მხედველობა გამიუარესა, წრთვნები შევწყვიტე. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტის სპეციალობის მიღების შემდეგ დადგა დრო, რომ ახალი კარიერა დამეწყო და შვილებზე მეფიქრა“, – წერს მიხეილ ჯინჯიხაშვილი.