„ახალი თაობა“: ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „დავიხოცებით, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ!“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „თუ ივანიშვილი რესპუბლიკელებს არ მოიცილებს, რეიტინგს საბოლოოდ დაკარგავს… დავით უსუფაშვილმა ამერიკაში დავალება მიიღო“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მარგველაშვილს და ივანიშვილს ურთიერთქიშპობა დააზარალებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „ნატო ყველაფერში გვეხმარება.. ფართოვდება წრე, რომელიც მხარს გვიჭერს ალიანსში გაწევრიანებაში“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ისლამურ სახელმწიფოს საქართველოსთან საქმე არა აქვს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პარიზის ტერაქტებმა რუსეთის წისქვილს დაასხა წყალი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ისლამურმა სახელმწიფომ ევროპაში მეორე ფრონტი გახსნა“
„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამ ჯგუფების მიზანია დივერსიების მოწყობა, თვითმფრინავების აფეთქება, ევროპასა და კავკასიაში ტერორისტული შეტევების მომზადება“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შესწევს ძალა და უნარი, თავიდან აიცილოს ტერორიზმის საფრთხე?
„ალია“: პოროშენკო სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას აპირებს?
„რეზონანსი“: ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს // ცხრა თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა
—————————-
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „დავიხოცებით, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ!“
შორენა მარსაგიშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ პატრიოტთა ალიანსის წევრები შიმშილობის აქციას აგრძელებენ. აქციის მე-9 დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა ასამდე გაიზარდა. მოშიმშილეთაგან 20 ქალია. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორია მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ითხოვენ სახალხო დამცველისგან, როდემდე აპირებენ ბრძოლას? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, მოშიმშილე ადა მარშანია ესაუბრება.
- უკვე მეცხრე დღეა, რაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მოშიმშილეები ძალიან გადაიღალნენ და სუსტად გრძნობენ თავს. მოგეხსენებათ, კარვის დადგმის უფლებას ისევ არ გვაძლევენ, ღამე აქ ძალიან ცივა. ეს ოხერი სიცივე ძვალსა და რბილში გაგვიჯდა. შიმშილზე მეტად სიცივემ დაგვასუსტა. კარავი რომ გვქონოდა, ბევრად უკეთ ვიქნებოდით. რამდენიმე ჩვენგანს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. შიმშილობის აქციის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში თუ გადაიყვანეს ვინმე?
- რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს არითმია დაემართა. ზოგს წნევამ აუწია, ზოგსაც დაუწია. საბედნიეროდ, მათი საავადმყოფოში გადაყვანა არ გამხდარა საჭირო. ჩვენ მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩაფიძის კლინიკამ. მისმა ექიმებმა მოშიმშილეების ნაწილი გადასხმაზე წაიყვანეს, სადაც ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები.
- ხელისუფლება ისევ იგნორირებას უკეთებს აქციას თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
- დიმიტრი ხუნდაძის გარდა, არავინ მოსულა ჩვენთან. ამისთვის მას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. ბატონი დიმიტრის წასვლის შემდეგ აქ უმალ გაჩნდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც კი მივმართავთ, ეგრევე აქ ჩნდებიან. მთელი ღამე აქ არიან ჩვენთან, ადგილიდან არ იძვრიან.მათი დახმარება მომავალში კიდევ უფრო საჭირო გახდება, ხალხი ძალიან დასუსტდა. ერთ-ერთ ჩვენს მოშიმშილეს მათ გლუკოზა გაუკეთეს. ამ ადამიანს წნევა და გემოგლობინი ძალიან დაუვარდა.
- მოშიმშილეების მდგომარეობის გაუარესების გამო ხომ არ შეწყდება აქცია?
- არა, ჩვენ შიმშილი ვერ გაგვტეხს. პირიქით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. 16 ნოემბრის მონაცემებით, 100-მდე ადამიანი ვშიმშილობთ. აქედან 20 არის ქალი. შიმშილობა დაიწყეს ჩვენმა ზუგდიდელმა მეგობრებმაც. ამ შიმშილობამ უკვე გამოიღო შედეგი და ჩვენს მხარდასაჭერად სტუდენტები მოვიდნენ. სტუდენტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
- შიმშილობის აქციას შეუერთდნენ?
- ჯერ არ ვიცით, შემოუერთდებიან თუ არა, მთავარი ისაა, რომ ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდნენ.
- სახალხო დამცველი თუ გამოჩნდა თქვენთან ან არასამთავრობოები თუ მოვიდნენ?
- რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვაკითხა, ისინი ყოველდღე მოდიან. ის არასამთავრობოები, რომლებიც ყველაფერზე თავის აზრებს აფრქვევენ, აქ არ გამოჩენილან. სახალხო დამცველმა შიმშილობის მესამე დღეს გამოგვიგზავნა თავისი თანამშრომელი. ძალიან ახალგაზრდა გოგო იყო, მან გვკითხა, რა პრობლემები გვქონდა. რაღაცები ჩაინიშნა და წავიდა. ამის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ გამოჩენილა. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო უჩა ნანუაშვილს. ბატონო უჩა, სახალხო დამცველად და ომბუდსმენად რომ იწოდებით, არ გრცხვენიათ, ასე რომ იქცევით? განა არ იცით, რომ მოშიმშილეების გვერდით უნდა დადგეთ? თან იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა ვითარებაში გვიწევს შიმშილობა.
- მის ასეთ დამოკიდებულებას რითი ხსნით?
- არ ვიცი, ამაზე თავად მას ექნება პასუხი. ცდილობს, არ შეგვიმჩნიოს. იგივეს აკეთებენ ტელევიზიები. ჩვენს შიმშილობას მეათე ან მეოცე სიუჟეტად უშვებენ, ისიც რამდენიმე წამით, ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. არადა, ძალიან მაგარი რამე ხდება. ასეთი რამე ეროვნული მოძრაობის შემდეგ აღარ მომხდარა. ამდენი ადამიანი საშიმშილოდ მხოლოდ იმ პერიოდში გავდიოდით. ბრძოლა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არჩევნების გაყალბებას ვაპროტესტებთ. ეს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. საქართველოში თუ ნორმალური არჩევნები არ ჩატარდა, სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.
- ხელისუფლება თქვენი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს და როდემდე აპირებთ აქციის გაგრძელებას?
- მანამდე ვიქნებით აქ, სანამ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ დავიღლებით და წავალთ. ვისაც ასე გგონიათ, ტყუილად გაქვთ რამის იმედი, იცოდეთ, დავიხოცებით და ბრძოლას არ შევწყვეტთ. ნორმალური ქვეყანა თუ გვინდა, ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამისთვის ბრძოლა აუცილებელია. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა და ბოლომდე მივიყვანთ.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „თუ ივანიშვილი რესპუბლიკელებს არ მოიცილებს, რეიტინგს საბოლოოდ დაკარგავს… დავით უსუფაშვილმა ამერიკაში დავალება მიიღო“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ წავიდა ამერიკაში უსუფაშვილი, რა უნდა გაითვალისწინოს ივანიშვილმა, ვის შეუტრიალდება ცუდად მოშიმშილეთა აქციის იგნორირება, რა დაამტკიცა შუალედურმა არჩევნებმა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება.
„31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, თუ პარლამენტში ჩვენი შავგვრემანი, მერცხალივით გოგო ირმა ინაშვილი შევიდოდა. ჩემთვის ეს არჩევნები სხვა რამით იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო ტესტი იმისა, თუ როგორ ჩატარდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები. შედეგებით შეშფოთებული ვარ. საბედნიეროდ, ისეთი გაყალბება არ მომხდარა, როგორც ეს ნაციონალების დროს ხდებოდა, მაგრამ არჩევნები მაინც გაყალბდა“, – ამბობს ელიზბარ ჯაველიძე..
- თვლით, რომ ხელისუფლება მომავალ არჩევნებს გააყალბებს?
- ხელისუფლებას არჩევნები არ გაუყალბებია, ამაში მას დანაშაული არ მიუძღვის. კოალიცია `ქართულ ოცნებას~ სხვა ცოდვა ადევს კისერზე. მმართველი გუნდი იმაშია დამნაშავე, რომ ქართული არმია ჩააბარა უსუფაშვილის კნეინას. ის იმდენად შორს წავიდა, რომ ჯარი არ იკმარა და საარჩევნო ბრძოლაშიც ჩაერია.
- თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია...
- აბა რას ელოდით მისგან, იტყოდა, არჩევნები გავაყალბეო? აიყოლია ნაპროკურორალი რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი და საკუთარ კანდიდატს გაამარჯვებინეს. აგულაშვილსაც და ხიდაშელ თინასაც საგარეჯო შეჭმული აქვთ და ხალხს მათი კანდიდატისთვის ხმა არ მიუცია. ახლა პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, როგორ გახდა ქალბატონი თამარ ხიდაშელი დეპუტატი. საერთაშორისო ორგანიზაციებს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა საყვარელმა რესპუბლიკელებმა არჩევნები გააყალბეს.
- არჩევნები თუ გაყალბდა, ამაზე მთელმა ხელისუფლებამ არ უნდა აგოს პასუხი? რესპუბლიკური პარტია ხომ მმართველი კოალიციის წევრია...
- კოალიციაში კი შედიან, მაგრამ ამ არჩევნებში კოალიციის დანარჩენი სუბიექტები არ ჩარეულან. ამაზე თავად ირმა ინაშვილი და მისი თანამოაზრეებიც ხმამაღლა აცხადებენ. ისინი შიმშილობენ და კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვენ. ეს კონკრეტული პირები რესპუბლიკელი მინისტრები არიან. პატრიოტთა ალიანსი სახელმწიფოებრივად იქცევა, როცა უშუალო დამნაშავეებს ადებს ხელს და მთელ ხელისუფლებას არ ადანაშაულებს. არჩევნების გაყალბებაზე პასუხი ნაციონალების კადრს, თამარ ჟვანიას უნდა მოვთხოვოთ. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ბოდიში მომითხოვია და ამ არჩევნებზე ძალიან ტუტუცურად მსჯელობს. ჩაჯდა თბილ სავარძელში და თავი თამარ დედოფალი ჰგონია. ამ ადამიანს არჩევნების გაყალბების გამო პასუხი თუ არ მოვთხოვეთ, მისი შემცვლელიც ასევე მოიქცევა. თავის დროზე ცესკოს თავმჯდომარეებისთვის რომ მოგვეთხოვა პასუხი, ქალბატონი ჟვანია ასე არ ილაპარაკებდა. ყველას კარგად გვახსოვს, რას სჩადიოდა ლევან თარხნიშვილი არჩევნებზე. იმის მაგივრად, რომ პასუხი ეგებინებინათ, პარლამენტში წამოსვეს.
- ზემოთ თქვით, რომ ინაშვილი მთელ ხელისუფლებას გაყალბებაში არ ადანაშაულებს. ეს ხელისუფლება მოშიმშილეთა აქციას იგნორირებას რომ უკეთებს, ამაზე რას იტყვით?
- ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ასეთი დამოკიდებულება მოშიმშილეების მიმართ ხალხის მხარდაჭერას უფრო ზრდის. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, თორემ მეც მათ გვერდით დავჯდებოდი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება პოზიციას შეცვლის და მოშიმშილეებს ყურადღებას მიაქცევს. მათ ამის გაკეთებას კანონიც ავალდებულებს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ამ ამბავს რესპუბლიკელები ცუდად შეუტრიალებენ „ქართულ ოცნებას“.
მოშიმშილეების მიმართ კომუნისტებიც კი ლმობიერ დამოკიდებულებას იჩენდნენ. ძალიან კარგად მახსოვს, რა საშინელ დღეში ვარდებოდა ხოლმე ჯუმბერ პატიაშვილი, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია შიმშილობას თუ გამოაცხადებდნენ. ცეკას მდივანი ისე წუხდებოდა, ადგილს ვერ პოულობდა. მოშიმშილეებთან მეც გავუგზავნივარ. ეხვეწებოდა, ოღონდ შიმშილობა შეწყვიტეთ და თქვენს ყველა მოთხოვნას შევასრულებო.
- მოშიმშილეთა მიმართ ყურადღებას არც ელჩები და არასამთავრობოები იჩენენ, ამაზე რას იტყვით?
- არასამთავრობოებს მხოლოდ სექსუალური უმცირესობები აინტერესებთ, აბა რომელიმე მათგანს ეშიმშილა და ხელისუფლებას ყურადღება არ მიექცია, ისეთ ამბავს ატეხდნენ, ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ. ამ არასამთავრობოებს არც არჩევნების გაყალბება გაუპროტესტებიათ. მათაც კარგად იციან, რომ არჩევნები რესპუბლიკელებმა გააყალბეს და ამიტომ არიან ჩუმად. ესეც ამტკიცებს იმას, რომ არასამთავრობოების უმეტესობა სულ რესპუბლიკელებიდან არის გამოჩეკილი. საბედნიეროდ, საღად მოაზროვნე არასამთავრობოებიც გვყვანან, ისინი მოშიმშილეების გვერდით არიან. ელჩებს რაც შეეხება, მათი დუმილი არ გამკვირვებია. ესეც მარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლება გაყალბებაში არ გარეულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის ელჩს ვინ გააჩერებდა, ხელისუფლებას ყველაფერზე აკრიტიკებს და ამაზე არ ამოიღებდა ხმას?
უცხოელი დიპლომატები ჩვენს საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან, მათი გატუტუცება ჩვენი ბრალია. ყველაფერს მათ ვეკითხებით და მათი სიტყვა კანონად მიგვაჩნია. ამან ამერიკის ახალი ელჩი ისე გაათავხედა, რომ ახლა ეგ გვიწყვეტს, როდის არის დღე და როდის ღამე. საღამოს 5 საათზე გამოტანილ განაჩენზე თქვა, შუაღამეს გამოიტანეს განაჩენიო. როდის იყო საღამოს 5 საათი შუაღამე? მაგათ ეტყობა, ჰგონიათ, რომ საქართველოში ბნელა. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ამერიკის ელჩისგან კარგს არაფერს ველოდი. 2011 წლის 26 მაისს ამერიკის მაშინდელი ელჩის, საყურიანი ჯონ ბასის, ბრძანებით დაგვარბიეს და დაგვხოცეს. ამაზე ამერიკა არ შეშფოთებულა. ბასს ნორლანდი მოჰყვა, რომელმაც კიდევ ბევრი საშინელება ჩაიდინა.
- იმან რაღა ჩაიდინა, ბატონო ელიზბარ?
- ხიდაშელი დაგვისვა თავდაცვის მინისტრად და ამაზე უარესი რაღა უნდა ჩაედინა? ეს ელჩი ნორლანდზე უარესია. მომავალში კიდევ უფრო უარესს გამოგზავნიან. კაცმა რომ ჰკითხოს, დემოკრატიას იცავენ და თავიანთ მოსაზრებებს გვახვევენ თავზე, სასამართლო და არჩევნებიც ისე უნდა დამთავრდეს, როგორც მათ სურთ. ასეთი დამოკიდებულება უნდა დავასრულოთ. ამის იმედს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მაძლევს. თავის ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, საქართველომ ყველას უნდა გაუწიოს ანგარიში, მაგრამ ყველაზე წინ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უნდა დავაყენოთო. ძალიან მომეწონა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომელმაც შუალედური არჩევნების წინაც და მის შემდეგაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თამარ ხიდაშელი მხოლოდ რესპუბლიკელების კანდიდატი იყო და არა – მთლიანად კოალიციის.
- თქვენი აზრით, ამ განცხადებით ღარიბაშვილი რესპუბლიკელებს გაემიჯნა?
- მან დააფიქსირა სწორი პოზიცია. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ რესპუბლიკელებს მოიშორებს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – თუ ივანიშვილი რესპუბლიკელებს არ მოიცილებს, რეიტინგს საბოლოოდ დაკარგავს. თავის დროზე მარგველაშვილთან დაკავშირებითაც მივეცი რჩევა, ვეუბნებოდი, სანდო არაა-თქო, არ დამიჯერა და ახლა ყველაზე მეტად ნანობს, რომ მისი კანდიდატურა წამოაყენა. იმედია, რესპუბლიკელებთან დაკავშირებით მაინც დამიჯერებს.
- თქვენ მას რესპუბლიკელების ჩამოშორებას ურჩევთ. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ისინი თავად დატოვებენ კოალიციას...
- რა თავისი ნებით, ამ ეტაპზე მათ კოალიციიდან წიხლის კვრითაც ვერავინ გააგდებს. დამიჯერეთ, ეგენი თავისი ნებით არსად წავლენ.
- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
- იმიტომ, რომ 2%-იანები არიან. ამხელა რეიტინგით კი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. მათ ძალიან კარგად იციან, რაც ელოდებათ და ამიტომაც არ დატოვებენ „ქართულ ოცნებას“. ისინი კარგად გრძნობენ მათ მიმართ ქართველი ხალხის უარყოფით დამოკიდებულებას და ისიც იციან, რომ არც კოალიციაში უყურებენ კარგი თვალით. ადრე თუ გვიან მათ აუცილებლად ჩამოიშორებენ და ამიტომაც უკვე დაიწყეს სამომავლო გეგმების დასახვა.
- რა გეგმებზე საუბრობთ?
- ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი ამერიკაში საიდუმლო ვიზიტით წავიდა.
- რატომ გგონიათ, რომ ეს ვიზიტი საიდუმლო იყო?
- ამ ვიზიტის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. კაი საქმეზე რომ წასულიყო, ამას არ დამალავდა და მთელ ქვეყანას სიამაყით ამცნობდა, ამერიკაში მივდივარო. ჩუმად რაკი წავიდა, იქ, ეტყობა, დავალებები მისცეს. რესპუბლიკელებს რომ ამერიკელები მართავენ და აფინანსებენ, ეს ყველამ იცის. რესპუბლიკელებს რომ რაღაც გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამაზე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაც მეტყველებს. მან ნაციონალებს მოუწოდა, სააკაშვილი ჩამოიშორეთო.
- ამ განცხადებამ რატომ დაგაეჭვათ?
- სააკაშვილს სახელი ძალიან აქვს გატეხილი, ხალხი ვერც მის პარტიას იტანს. რესპუბლიკელებს ჰგონიათ, რომ თუ სააკაშვილს ნაციონალებს მოაშორებენ, ამით ხალხს იმ საშინელებას დაავიწყებენ, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. რესპუბლიკელებს რომ მათთან დაკავშირებით რაღაც გეგმა აქვთ, ამაზე დავით უსუფაშვილის განცხადებებიც მეტყველებს. ის სულ ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის, გადარჩენაა. ნაციონალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას მოეხსენება, მაგრამ რესპუბლიკელებს მაინც სჯობიან. თავისი არსით ანტიეროვნულები იყვნენ, მაგრამ ხალხის გასაგონად მაინც აკეთებდნენ პატრიოტულ განცხადებებს. ამათი განცხადებები კი თავიდან ბოლომდე ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია.
- ლევან ბერძენიშვილის შეთავაზება სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება ხომ არ არის?
- შეთქმულება არ არის, უბრალოდ, ამერიკამ გადაწყვიტა ასე. მათი იდეაა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ნაციონალებს ჩამოსცილდეს. ამიტომაც დაასაქმეს ის უკრაინაში. ვაშინგტონმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა არ იყო. მას მხოლოდ იმიტომ არ ელეოდნენ, რომ ბრძანებებს ასრულებდა კარგად. სხვანაირად ის 9 წელი თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა. ახლა ეტყობა რესპუბლიკელებმა დაარწმუნეს, რომ სააკაშვილზე უკეთ შეასრულებენ დავალებებს. თავისი ერთგულების დამტკიცებას ალასანიას პარტიის წევრებიც ცდილობენ. რესპუბლიკელებმა კარგად იციან, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს იზამენ. ამიტომაც ცდილობენ წინასწარი თადარიგის დაჭერას. კოალიციიდან გამოპანღურების შემთხვევაში ისინი მარგველაშვილთან, ალასანიასთან და ნაციონალებთან ერთად შექმნიან კოალიციას.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მარგველაშვილს და ივანიშვილს ურთიერთქიშპობა დააზარალებს“
ნონა ცაბაძე
პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის ურთიერთობა პერიოდულად იძაბება. ივანიშვილი მარგველაშვილს ემუქრება, რომ მას აუცილებლად გამოასახლებს პრეზიდენტის სასახლიდან. ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოზიციის გაგება ადამიანურად შეიძლება. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ავტორი, ადამიანურად ივანიშვილის პოზიციის გაგება შეიძლება“, – აცხადებს ექსპერტი.
- პოლიტიკურად რამდენად სწორია ეს პოზიცია?
- პოლიტიკა ცოტა შორს არის ადამიანურობისგან და პედალირება ამ პოზიციისა თვითონ ივანიშვილისთვის არის პოლიტიკურად წამგებიანი, რადგან სულ ჩნდება შემდეგ საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ივანიშვილი პროცესებს მართავს, აი, ივანიშვილი ერევა პოლიტიკაში.
- რეალურად ერევა?
- შეიძლება ერევა, შეიძლება არა. შესაძლოა, მის ამ პოზიციას სულაც არ მოსდევს არანაირი მითითება. მით უმეტეს, ასეთი მითითების უფლება ივანიშვილს არ აქვს, მაგრამ მერე ეს ყველაფერი სალაპარაკო ხდება. ანალოგიური სიტუაცია ხშირად იქმნება ივანიშვილის ინტერვიუების დროს.
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად იმას, რომ მან ინტერვიუს დროს მკაცრი შეფასება მისცა რუსთავი 2-ს. მერე ამან გააჩინა ის ვერსია, რომ ტელეარხის დღევანდელი პრობლემები ხელისუფლების ინტერესშია. რომ არ ყოფილიყო ის ინტერვიუ და ეს შეფასებები, ეს ვერსია არ გაჩნდებოდა.
- ზედმეტი გულახდილობა ხომ არ აზარალებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილს?
- ის, რაც ადამიანურ ურთიერთობებში დიდი პლუსია – ზედმეტი გულახდილობა – პოლიტიკაში შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს.
- საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ივანიშვილი განაწყენებულია მარგველაშვილზე და ცდილობს, ასე გადაუხადოს სამაგიერო. რამდენად სწორია ეს შეფასებები?
- არა მგონია, რომ ეს ვერსია სწორი იყოს. უბრალოდ, ივანიშვილს სურს, რომ გააკეთოს ის, რაც იყო ნათქვამი. ის, რომ იმ სასახლეში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შევლენ. რეალურად პრეზიდენტს არაფერი არ აკლდება იმის მიხედვით, თუ რომელ შენობაში იქნება.
- მაშინ რა ხდება? ჭირვეული ბავშვივით რატომ იქცევა პრეზიდენტი?
- მარგველაშვილი რატომ იქცევა ჭირვეული ბავშვივით, ეს ჩემთვისაც არ არის ადვილი ასახსნელი. იმიტომ, რომ ეს ბრძოლა მარგველაშვილისთვისაც წამგებიანი იქნება. რაც უფრო მეტად დაამსგავსებენ ივანიშვილი და მარგველაშვილი ამ ურთიერთობას ბრძოლას, მოსახლეობისთვის იმდენად მიუღებელი იქნება თითოეულის ნაბიჯები.
- ანუ ეს პროცესი ორივეს აზარალებს პოლიტიკური თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა. ამ ბრძოლაში მოგებული არავინ დარჩება.
ექსპერტი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლას ეხმიანება. „ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილი საზოგადოებრივად აქტიურმა ცხოვრებამ როგორ მიუახლოვა პოლიტიკას და საკმაოდ შედეგიანადაც. სავარაუდოა, რომ ანალოგიური ემოციები პაატა ბურჭულაძესაც აქვს, – აცხადებს ფსიქოლოგი. იგი მიიჩნევს, რომ როცა ადამიანი აქტიურად ერევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მას უჩნდება სურვილი, რომ პოლიტიკურადაც შეცვალოს რაღაც.
- კეთდება შეფასებები, რომ ბურჭულაძე ივანიშვილს ჩაანაცვლებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- რა კუთხით ჩაანაცვლებს? „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაში თუ მთავრობასთან ურთიერთობაში?
- რომ მოვა ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით?
- მეეჭვება. იმიტომ, რომ ივანიშვილის მოსვლის მომენტი საკმაოდ სპეციფიკური იყო და მეეჭვება, იგივე სიტუაცია იყოს ახლა. ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, დააკომპლექტა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს არის იმ 20 წლიანი ქველმოქმედების შედეგი, რომელიც ივანიშვილის სახელს უკავშირდებოდა. ახლა მსგავსი არაფერი მოხდება.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „ნატო ყველაფერში გვეხმარება.. ფართოვდება წრე, რომელიც მხარს გვიჭერს ალიანსში გაწევრიანებაში“
გულიკო ბალაძე
„მეტი ნატო საქართველოში“ – ასეთი ლოზუნგით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ. გაამართლა თუ არა თავდაცვის მინისტრის მკაცრმა ტონმა ნატოს ლიდერებთან მოლაპარაკებებისას? როგორია ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რა სურათი იქნება ვარშავის სამიტის წინ და რა კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მდგრადობისთვის? ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობას“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე ესაუბრა.
- რას ნიშნავს მეტი ნატო საქართველოში? მინისტრმა ასეთი ფორმულირებით ლოზუნგი იმიტომ ხომ არ მიაწოდა საზოგადოებას, რომ ნატოში შესვლის პროცესი ფერხდება, საზოგადოებას კი გარკვეული ინფორმაციული საკვები სჭირდება?
- კონკრეტულ თარიღზე საუბარი სპეკულაცია იქნება. წინა ხელისუფლებამ შეგვაჩვია, რომ ნატოში შესვლის თემით საზოგადოებაზე მანიპულირება ხორციელდებოდა. დღეს გვაქვს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ნატოსთან.
- ახალდანიშნული თინა ხიდაშელი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდა და ამ თემას ააქტიურებდა. როდესაც თავდაცვის მინისტრმა ისროლა ლოზუნგი „მეტი ნატო საქართველოში“, ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ მიიღო თინა ხიდაშელმა ნატოს ლიდერებისაგან სკეპტიკური პასუხები-მეთქი...
- გესაუბრებით, როგორც მინისტრის მრჩეველი და ოფიციალურ პასუხს გაგცემთ. ვისაუბრებ იმაზე, რაშიც ჩახედული ვარ. „მეტი ნატო საქართველოში“ არ იყო მინისტრის ლოზუნგი, ნატოს პოლიტიკოსების განცხადება გახლდათ. მინისტრმა შეცვალა აქცენტები, საქართველოს მხრიდან აღარ არის ხვეწნა-მუდარის ტონი. მინისტრი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველო ნატოს წევრი უნდა იყოს. მინისტრი ამაზე საუბრობს პრინციპულად, მყარი არგუმენტებით და საკმაოდ მკაცრი ტონითაც. ფაქტობრივად, საქართველო ესაუბრება ნატოს, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელმაც იცის, რა უნდა, რომელსაც არ უნდა მხოლოდ კალთის გადაფარება.
- როგორი პასუხებია მინისტრის მკაცრ ტონით ნათქვამზე ნატოს მხრიდან?
- საქართველო საუბრობს იმაზე, რომ მას შეაქვს დიდი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, აქეთაც მყარი გარანტია უნდა, რომ მისი უსაფრთხოება იქნება გარანტირებული.
- პასუხები და შედეგები როგორია ისეთი ტონისა, რაც აირჩია თინა ხიდაშელმა?
- შედეგები შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ – მიმდინარე შედეგები და სტრატეგიული მიზანი. სტრატეგიული მიზანი არის ნატოს წევრობა. არა მაპი, არა რაღაც შუალედური რაღაც, არამედ ნატოს წევრობა. შეიძლება ამ გზაზე შუალედური ბარიერი გამოჩნდეს, რაც შესასრულებელი გვექნება, მაგრამ მთლიანობაში ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
- არა არსებითი პაკეტიც?
- არსებითი პაკეტი ახლა გვაქვს. ამ პოლიტიკის ტაქტიკური შედეგები არის არსებითი პაკეტი და ინტენსიური თანმამშრომლობა, რომელიც საქართველომ გააფორმა ხელშეკრულების სახით და ხელშესახები შედეგები იქნება. არსებითი პაკეტის ფარგლებში, მაგალითად, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ნატოში შემავალმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება და გვეხმარებიან პრაქტიკულად სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების, მატერიალური სახითაც და პრაქტიკული ღონისძიებებითაც.
- კონკრეტულად, რა ხორციელდება?
- არსებითი პაკეტის ფარგლებში ნატოს 28 ქვეყანა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს გაუწევს დახმარებას კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, საფრანგეთმა თავის თავზე აიღო, რომ დაეხმარება საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აწყობასა და გაშვებაში. საფრანგეთიდან ვყიდულობთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებას. ფაქტობრივად, ჩვენ ევროპული ემბარგო გავარღვიეთ, ევროპული წამყვანი ქვეყნისგან ვყიდულობთ მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც აწყობილი და გაშვებული იქნება. ამაში დაგვეხმარება საფრანგეთი.
- იარაღის შეძენაზე ემბარგო 2008 წლის ომის შემდეგ იყო დაწესებული.
- იარაღის შეძენაზე ემბარგო მხოლოდ 2008 წელთან არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის სახელმწიფოსგან იარაღის შესყიდვა პოლიტიკური საკითხია, არ არის მხოლოდ კომერციული საკითხი. რომელიმე ფირმამ იარაღი რომ მოგყიდოთ, პოლიტიკური ნებართვა სჭირდება. ემბარგო გამოცხადებული არ იყო, მაგრამ იარაღის შეძენაზე ნებართვის მიღება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვყიდულობდით მნიშვნელოვან პარტია იარაღს და გვიწევდა შუამავალი ფირმების ან მესამე ქვეყნების საშუალებით ასეთი ტიპის შეიარაღების მოძიება.
- დღეს რა მდგომარეობაა?
- საფრანგეთთან გაფორმდა ხელშეკრულება და ჩვენ მივიღებთ თავდაცვის საშუალებებს – მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას. როცა დავიწყებთ იარაღის მიღებას, შემდეგ შეგვეძლება თავისუფლად საუბარი.
- როდის დაიწყება მაღალტექნოლოგიური იარაღის მიღების პროცესი?
- ხელშეკრულება დასრულებულია და პრაქტიკულ ღონისძიებაზე ვართ მისული. უახლოეს ხანში საქართველოს ექნება საჰაერო თავდაცვის მაღალტექნოლოგიური საშუალებები და ეყოლება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკმაოდ ეფექტური ძალები. ამის შეფობა არსებითი პაკეტის ფარგლებში აქვს საფრანგეთს.
- სხვა ქვეყნები?
- მაგალითად, აშშ-მ თავის თავზე აიღო საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფა და ამ ტიპის ძალების მომზადება. პრაქტიკული მოლაპარაკებების ფაზაში ვართ.
- ნატოში გაწევრიანება იმიტომ გვინდა, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უზრუნველყოფილი იყოს?
- ნატოში გაწევრიანებას ორი მიზანი აქვს. პირველია, მაღალ ტექნოლოგიებთან დაშვება მივიღოთ, საქართველო გადავაიარაღოთ და აღვჭურვოთ ასეთი მაღალტექნოლოგიური იარაღით. მეორეა კოლექტიური უსაფრთხოება. არაფორმალურად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში კოლექტიური უსაფრთხოება გვაქვს. უბრალოდ, ნატოში გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს, აპელაცია პირდაპირ მეხუთე პუნქტზე გავაკეთოთ, როცა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას. სხვა მხრივ, პრაქტიკული ღონისძიებების თვალსაზრისით, ჩვენ ვიყენებთ ნატოს წევრი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებს ჩვენი ოფიცრების მოსამზადებლად, საქართველოში ჩამოდიან ნატოს ქვეყნების ოფიცრები, სპეციალისტები და გვეხმარებიან იმ მიმართულებებში, სადაც გარკვეული ხარვეზები გვაქვს. ვიყენებთ ნატოს შეიარაღებას და ვიყენებთ მათ ბაზებს. ჩვენი დანაყოფები ინტეგრირებული არიან ერთიანი მართვის სისტემაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა ხარვეზები გვაქვს, რაშიც ნატოს წარმომადგენლების ჩართვა არის საჭირო?
- 2008 წელს ჩვენ ნაყიდი გვქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები: „ბუკები“ (უკრაინისაგან ვიყიდეთ) „სპაიდერები“, „კალჩუგა“, „იგლები“, „გრომები“ და კიდევ სხვა ცალკეული სისტემები. ხარვეზი ისაა, რომ იარაღი შეძენილი გვქონდა, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ერთობლიობაში ვერ იმუშავა. ცალკეულ უბანზე იმუშავა, ცალკეული რუსული ვერტმფრენები ჩამოვაგდეთ, მაგრამ მთლიანად სისტემამ ისე ვერ იმუშავა, საქართველოს ცაზე უსაფრთხოების ქოლგა რომ შეექმნა.
- 2008 წელს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას რომ ემუშავა, ჩვენთვის სასურველი შედეგი იქნებოდა?
- მხოლოდ ამ სისტემაზე არ იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა შეუვალი ცა და ჩვენი პოლიტიკოსები ცოტა მოგვიანებით შეშინდებოდნენ. ეს იყო საკმაოდ დიდი ზეწოლა საქართველოს საზოგადოებაზე. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ხარვეზმა პანიკა გამოიწვია არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ საზოგადოებაში. შემართება დაკარგა არა მხოლოდ ჯარმა, არამედ ერმაც.
- გამართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შემთხვევაში, 2008 წელს, რუსების ტანკები, საქართველოს ტერიტორიაზე კილომეტრები რომ ეჭირათ, მშვიდად ვერ იგრძნობდნენ თავს?
- საქართველო საკმაოდ რთული რელიეფის ქვეყანაა და თუ ამერიკის დახმარებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემას გავმართავთ, შევიძენთ იარაღს და მოვამზადებთ ქვედანაყოფებს, თითქმის გაუვალი იქნება საქართველოს ტერიტორია ჯავშანტექნიკისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უახლოეს ხანში.
გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ნატოსთან სიღრმისეული ურთიერთობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შექმნა, სადაც ქართული მმართველობა იქნება, მაგრამ ქართველი და ნატოს ქვეყნების ოფიცრები (რომლებიც მოწვეული იქნებიან) ერთობლივად დაამუშავებენ ტაქტიკურ და ოპერატიულ ამოცანებს.
- ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოში ტაქტიკურ პრობლემატიკას, სტრატეგიას, ოპერატიულ ხელოვნებას ადგილზე შევისწავლით და ჩვენ გვექნება ჩვენი ძლიერი სამხედრო სკოლა, – აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
- ბოლო დროს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტით რა შედეგი მივიღეთ?
- პრაქტიკულ შედეგებს უნდა დაველოდოთ. დიალოგის პროცესში ვართ. მართალია, ნატოს წევრი არ ვართ, მაგრამ თანამშრომლობის განსაკუთრებული სტატუსით ვსარგებლობთ. შესაბამისად, ბევრ პროცესზე მიგვიწვდება ხელი და ბევრ დისკუსიაში ვღებულობთ მონაწილეობას. ევროატლანტიკურ სივრცეში პოლიტიკა ასე იქმნება. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ნატოში გაჩნდნენ ჩვენი ლობისტები: – ნატოში გაჩნდნენ ჩვენი ლობისტები, გარკვეული კუნძულები, რომლებიც ნატოში ჩვენს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერენ.
- ლობისტები ადრეც გვყავდა. ამერიკა ღიად ლობირებდა ჩვენს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ვერ გავწევრიანდით. უფრო მეტი ლობი გვყავს ახლა, ვიდრე სააკაშვილის დროს?
- ამერიკა ცალკე ქვეყანაა, რომელიც ლობირებდა საქართველოს, მაგრამ მხოლოდ ამერიკა არ ღებულობს გადაწყვეტილებას.
- საფრანგეთსა და გერმანიასთან როგორ გვაქვს საქმე? ისინი იყვნენ ჩვენი ნატოში მიღების წინააღმდეგი...
- ნელ-ნელა ფართოვდება წრე, რომელიც მხარს გვიჭერს ნატოში გაწევრიანებაში. მით უმეტეს, პროცესები ვითარდება დინამიურად. ჩვენ არ ვიცით, ვარშავის სამიტის წინ რა სურათი გვექნება და გაირკვევა, გვღებულობენ ნატოში თუ არა. თუმცა, ჩვენ საკმაოდ დაცულები ვართ.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს და ზოგადად ტერორიზმის საფრთხეებსაც შეეხო.
- ბატონო გიორგი, საფრანგეთში მომხდარს როგორ აფასებთ?
- ეს არის გარკვეული შედეგი ხანგრძლივი პროცესებისა. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ ტერიტორიებზე კონსტიტუციური იურისდიქციის განხორციელებას. ადრე ავღანეთი იყო ტერორიზმის ბუდე, ახლა ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული ტერიტორია არის თეთრი ლაქა, სადაც იგეგმება და მზადდება ტერორისტული აქტები.
- ტერორიზმის გამო ნატო და, ზოგადად, დასავლეთის ქვეყნები დიდი დილემის წინაშე დგანან.
- მსოფლიოში არის ორი სახელმწიფო, რომელიც თავისი არსებობით და თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს ტერორიზმს. ეს არის რუსეთი, რომელიც მთავარ ტერორისტად გამოდის და დესტრუქციული ძალაა. მეორეა ის ტერიტორია, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს უჭირავს. ისინი არ არიან ინტეგრირებული მსოფლიო პროცესებში, პატივს არ სცემენ არც მორალურ-ეთიკურ და არც – საერთაშორისო კანონმდებლობას და ცდილობენ, იარაღის ძალით დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები. ჩინეთი და ირანი გარკვეულ წრეებში განიხილებოდნენ დესტრუქციულ ძალად, რომლებსაც შეეძლოთ გამოეყენებინათ ძალისმიერი მეთოდები თავიანთი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანია მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრირება, მისი თამაშის წესებით თამაში.
- თუმცა, ჩინეთი გარკვეულ კავშირებში არის რუსეთთან გაერთიანებული.
- ეს არაფერს წყვეტს. საფრანგეთიც არის გარკვეულ კავშირში რუსეთთან. ჩინეთი რუსეთთან არანაირ სამხედრო კავშირში არ არის, არ ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას და პრივილეგიების მოპოვებას ძალის გამოყენებით არ ცდილობს.
- რუსეთი თითქოს ებრძვის ტერორიზმს...
- რუსეთის ფარისევლური პოლიტიკა გრძელდება. რუსეთმა შექმნა ახალი დესტრუქციული ტალღა, რომელმაც ძალადობის ახალი ტალღის აგორება გამოიწვია. იმის მაგივრად, რომ დასავლეთთან ერთად ემოქმედა, ცდილობს გავლენის მოპოვებას გეოპოლიტიკურ სივრცეში.
- შეიძლება პარიზის ტერაქტებში რუსეთის ხელი ერიოს?
- არსებული ინფორმაციით, გამიჭირდება, პირდაპირ კავშირზე რომ ვისაუბრო, მაგრამ თავისი პოლიტიკის გამო, ის ირიბად პასუხისმგებელია.
- რომის პაპმა განაცხადა, რომ პარიზის ტერაქტები მესამე მსოფლიო ომის ნაწილია. მართლა მესამე მსოფლიო ომის კონტურები ჩანს?
- გააჩნია, მესამე მსოფლიო ომს რას ვეძახით. ეს არ არის მსოფლიო ომი. მსოფლიო ომი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ქვეყნები არიან ჩართული.
- საქართველოს ხომ არ ემუქრება ტერორიზმის საფრთხე?
- ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველო არის უცხო ტერიტორია.
- საქართველოდანაც ხომ არიან წასულები?
- ჰო, მაგრამ საქართველოდან წასული ნებისმიერი პირი არის მკაცრი კონტროლის ქვეშ. საფრანგეთსა და ევროპას კი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ ისლამურ სამყაროსთან კავშირი.
- ჩემი ახლობელი იყო საფრანგეთში - პარიზსა და სხვა ქალაქებში და მითხრა, საფრანგეთი კი არ არის, არაბეთია, ყველა ჩადრითა და წვერებით დადისო.
- საფრანგეთს საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა.
- მარი ლე პენის მოწოდება საზღვრების დახურვის შესახებ შედეგს გამოიღებს?
- არა. საფრანგეთმა და გერმანიამ ჩაუყარეს საფუძველი ევროკავშირს – ერთიან გლობალურ სივრცეს. ეს არის ეკონომიკური კავშირი და მომგებიანი ეკონომიკური სივრცე. მთავარი ეკონომიკური წერტილი ეს არის. ლე პენის განცხადებები, რომ შენგენის ზონიდან გავლენ და საზღვრები უნდა დაიკეტოს, უშედეგოა.
- თუ ხალხი მხარს დაუჭერს?
- პირველი მსოფლიო ომის წინ საფრანგეთს ჰყავდა პრეზიდენტი კლემანსო, რომელიც იძახოდა, ომი მინდა, ომი მინდაო და რა ზარალი ნახა საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის შედეგად, ყველას არ ავიწყდება.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „ისლამურ სახელმწიფოს საქართველოსთან საქმე არა აქვს“
მარიამ მჭედლიშვილი
ამ დღეებში ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ. სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე აცხადებს, რომ საქართველოს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსაგან საფრთხე არ ემუქრება. „ისლამურმა სახელმწიფომ მთელი კავკასია თავისი გავლენის სფეროდ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, საქართველო ხალიფატის ინტერესის საგანი არ არის. ამ ხალხს საქართველოსთან საქმე არა აქვს“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნოდარ ნათაძე. მისი აზრით, საქართველოს დიდი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება.
„ფარული მსოფლიო ომი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ომში რუსეთი მარცხდება. სირიაში რუსეთი იბრძვის, ფაქტობრივად, ფახიფუხობს, მაგრამ პოზიციებს კარგავს. მეშინია, წაგებულმა პუტინმა სისრულეში არ მოიყვანოს თავისი განზრახვა საქართველოს მიმართ. ეს განზრახვა პუტინმა ლავროვის პირით გაახმიანა. ეს მუქარა დასავლეთის მიმართ ასე ჟღერს – თუ თქვენ სირიას დაარტყამთ, ჩვენ საქართველოს დავარტყამთო. არ არის გამორიცხული, რუსეთმა კახეთიდან დაგვარტყას და დასავლეთ საქართველოშიც ჩამოაგდოს ერთი-ორი ბომბი. საერთოდ, რუსეთიც და ისინიც, ვინც ტერორისტული აქტები მოაწყო პარიზში, პროპაგანდისტები და ავანტიურისტები არიან. ისინი არ არიან პოლიტიკის წარმმართველები და მოვლენების ინიციატორები. რუსეთი და ისლამური სახელმწიფო ახორციელებენ ძალების დემონსტრირებას, ქმნიან ფონს“, – ამბობს ნოდარ ნათაძე.
- პოლიტიკის წარმმართველი ვინ არის?
- რუსეთს უკან-უკან ახევინებს ობიექტური პირობები. რუსეთი, აქტიურობის მიუხედავად, პასიური მხარეა.
- თუმცა, საქართველოსთვის საშიში?
- რა თქმა უნდა. რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საფრთხეა. რუსეთს უნდა, დაიკავოს ის ტერიტორია კავკასიაში, რომელიც დასავლეთს გზას ჩაუკეტავს შუა აზიისკენ. აზერბაიჯანი, რასაც უნდა ამბობდეს, გულის სიღრმეში რუსეთის მხარდამჭერია. კავკასიაში რუსეთის ერთადერთ მოწინააღმდეგედ რჩება საქართველო. საქართველოში რუსეთის მოწინააღმდეგეა ხალხი და არა ხელისუფლება. ჯერჯერობით, ის გვშველის, რომ მთავარი მოვლენები სირიაში ვითარდება. არ ვიცით, რა მოხდება მომავალში.
ნოდარ ნათაძის აზრით, საქართველოში შექმნილი მძიმე ფონი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის ხელოვნური დაპირისპირებაა, რუსეთს აძლევს ხელს.
- ნაცებისა და ქოცების კინკლაობა სიმულაციაა. ეს რუსეთის ხელშეწყობით ხდება. ამ ცრუ დაპირისპირების მიზანია სამოქალაქო ცემა-ტყეპის, ან რაიმე ტრაგედიის გამოწვევა. ეს ორი უარყოფითი ძალა პროვოკაციულად იქცევა. ნაცებს და ქოცებს საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ რუსეთი შემოვიდეს.
- რუსეთი რატომ უნდა შემოვიდეს?
- რუსეთს ახალი სამხედრო დოქტრინა აქვს. ამ დოკუმენტში წერია, რომ არეულობის შემთხვევაში რუსეთის ჯარს უფლება აქვს, თავისი მეზობლის ტერიტორიაზე შევიდეს.
- საქართველოს ხელისუფლება ხომ ჰყავს?
- საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც წინა, არის ნულოვანი. ეს ხელისუფლება ქვეყანას ვერაფერს შველის. საქართველო დაამსგავსეს საოპერაციოდ დაწვენილ ავადმყოფს. „ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ნაციონალები გაცხადებული მასობრივი მკვლელები არიან. ქოცებს ჯერჯერობით ეს არ ჩაუდენიათ, თუმცა, არაფერს აკეთებენ. მთელ მსოფლიოში სესხის პროცენტი 3 პროცენტს არ აღემატება. ჩვენთან კრედიტები უძვირესია და მისი პროცენტები 17-მდეა. ეს მაინც ხომ შეეძლოთ მოეგვარებინათ? ამისათვის თითიც არ გაუნძრევიათ. მარტო ილაპარაკეს. ამიტომ, საარჩევნოდ აუცილებლად არის შესაქმნელი პატიოსანი ძალებისგან შემდგარი ფართო კოალიცია. ამ ძალებს შეიძლება სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ. მთავარზე უნდა შევთანხმდეთ, გავერთიანდეთ და ქვეყანას ვუშველოთ.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „პარიზის ტერაქტებმა რუსეთის წისქვილს დაასხა წყალი“
ნათია ხურცილავა
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს სათავისოდ იყენებენ. „ევროპა დილემის წინაშე დადგა, მიეღო თუ არა ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან. ლტოლვილების მიღება თავისთავად საფრთხის შემცველი იყო. არმიღება კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპა თავის ფასეულობებზე უარს ამბობდა. ცხადია, რომ ევროპაში ტერორისტები შეყვნენ ლტოლვილებს“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
- თუმცა, ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის მოქალაქეა...
- საფრანგეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს მთელს ევროპაში. საფრანგეთს ყოველთვის ჰქონდა ღია პოლიტიკა ამ მიმართულებით. ისინი არიან საფრანგეთის მოქალაქეები, მაგრამ კავშირები აქვთ ტერორისტებთან, მეტიც, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. მას შემდეგ, რაც პარიზში ტერაქტი მოხდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჰაერო იერიშები მიეტანა ისლამურ სახელმწიფოზე. თუმცა, მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით შეუძლებელი იქნება მიზნის მიღწევა. საჭირო არის სახმელეთო ოპერაცია.
- ევროკაშირი შეცვლის ტაქტიკას?
- ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ევროკავშირმა ტაქტიკა შეცვალოს, არამედ ის, რომ პრიორიტეტები შეცვალოს. მეტი რესურსები, მეტი თანხები უნდა გამოიყოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უნდა მიხვდეს ევროპა, რომ გლობალიზაციის ეპოქაში დანარჩენი სამყარო იზოლირებული ვერ იქნება. ევროპაში არის თავისუფლება, მაგრამ უსაფრთხოებისთვის, მას ფულის გადახდა მოუწევს.
- ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სირიაში ასადის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ გააძლიერა ტერორისტები, რომლებიც ძალუფლების ხელში აღებას აპირებენ...
- ასადი მხოლოდ იმით არის უკეთესი მათზე, რომ აცვია პიჯაკი და გამართულად საუბრობს უცხო ენაზე. ასადი შეიძლება ევროპაში არ აწყობდეს ტერორისტულ აქტებს, მაგრამ ის თავის მოსახლეობას ნამდვილად უწყობს ტერორს. რეალურად ასადის მოქმედებებმა გამოიწვია ისლამური სახელმწიფოს გაჩენა. ერთმა ძალადობამ შვა მეორე ძალადობა. ახლა პროცესები ჩიხშია შესული, დასავლეთმა რეალურად უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შეიძლება იმდენად უმართავი გახდეს, რომ მერე უკვე ძალიან გვიან იყოს.
- მთელ ამ პროცესებში როგორია რუსეთის, როლი? აშშ და რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას აპირებენ. ამ ყველაფერმა რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი?
- სწორედაც რომ ასეა. პუტინის მიზანი ეს არის, რომ ის არ იყოს იგნორირებული, პირიქით, მისი მთავარი ამოცანაა, იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, როგორც ტოლი. პუტინის მიზანია, რომ ზესახელმწიფოების კლუბში დაბრუნდეს. რუსეთმა ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს. ძალადობა გადავიდა ევროპის ტერიტორიაზე და ახლა ევროპელები დაფიქრდებიან იმაზე, რომ ხომ არ გაერთიანდნენ რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს უნდოდა.
- უნდა გადაიხედოს თუ არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია?
- კონცეფცია იმდენად არა, რამდენადაც სამართალდამცავ და სპეც-სამსახურებს მოუწევთ მეტი მობილიზება და მეტი ყურადღება. თუ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ძლიერები იქნებიან, მაშინ აქ ტერაქტს არავინ მოაწყობს, რადგან მათ ურჩევნიათ, რომ ტერორისტული აქტები მოაწყონ ისეთ მეგაპოლისებში, როგორიც მაგალითად პარიზია. ეს იმიტომ, რომ იქ მეტი ეფექტი ექნება, თბილისზე არ დაიხარჯებიან.
- კონკრეტული ნაბიჯი რა უნდა იყოს, უფრო უსაფრთხოდ რომ ვიგრძნოთ თავი _ მეტი დაფინანსება გამოეყოს სპეცსამსახურებს თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
- პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები. უნდა მოხდეს პროფესიონალი კადრების შენარჩუნება და მათი გამოზრდა. დაფინანსება სერიოზული აქვს უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ დაფინანსებაზე უფრო მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრები. თუ მათ არ გავუფრთხილდებით, თუ არ შევუქმნით კარგ სამუშაო პირობებს, მაშინ ძალიან რთული იქნება.
„ახალი თაობა“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ისლამურმა სახელმწიფომ ევროპაში მეორე ფრონტი გახსნა“
ნონა ცაბაძე
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ გახსნა მეორე ფრონტი. „ფაქტობრივად, დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ტერორიზმის ორ კერასთან და არა უკვე მხოლოდ ერთთან. აქამდე ეს იყო მხოლოდ სირიაში. ცივილიზებული სამყარო მეტ-ნაკლებად დაცული იყო“, – ამბობს დეპუტატი.
- ახლა რა შეიცვალა?
- ახლა უკვე ფრონტის ხაზი გადმოვიდა ევროპაში. ეს მოსალოდნელიც იყო და ბევრი ექსპერტი ამაზე საუბრობდა.
- რომ ტერაქტები გარდაუვალი იყო?
- დიახ. ლტოლვილთა ნაკადს შეყვნენ ტერორისტებიც. დღეს მათი გამოცხრილვა და გამოაშკარავება ძალიან გაუჭირდება ევროპას.
- არ იყო შესაძლებელი ამ რისკების თავიდან აცილება? მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები?
- ევროპამ ტაქტიკურ დონეზე შეცდომა დაუშვა, როდესაც ლტოლვილები, მათი პიროვნების გადამოწმების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო. ქაოტურად მიიღეს, თორემ ლტოლვილებს თუ მიიღებ ნორმალურად და შეეცდები, რომ მათი პიროვნებები დაადგინო, ამ შემთხვევაში კიდევ შესაძლებელია, დაცული იყო.
- ეს რატომ არ გაითვალისწინეს?
- რა ფორმითაც მიაწყდა ნაკადი და როგორც მიიღეს, ამ მოკლე ვადაში ძალიან რთული იყო ამის გათვალისწინება. როგორც ჩანს, ამით ისარგებლეს ტერორისტებმა და ეს ტერორისტული აქტიც მოაწყვეს.
- გამოდის, რომ საფრთხე კვლავ დიდია და ტერორისტები კვლავაც მრავლად არიან ევროპაში?
- რა თქმა უნდა, საფრთხე დიდია. შესაძლებელია, რომ იქ რამდენიმე ჯგუფია შეღწეული. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იყვნენ კოორდინაციაში და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ეს კიდევ უფრო ზრდის რისკებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თუ, ვთქვათ, ბენ ლადენის დროს ტერორისტული მოქმედებები ასე თუ ისე კავშირში იყო ბენ ლადენთან, დღეს შეიძლება სხვადასხვა ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და ქაოტურადაც.
- მათთან ბრძოლა გაცილებით რთულია?
- რა თქმა უნდა. მათთან ბრძოლა ძალიან გაძნელდება. ეს არის უხილავი მტერი, რომელიც არ ჩანს და რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება თავი იჩინოს. გარდა ამისა, საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტი გვიჩვენებს, რომ ასეთ მოქმედებებში ერთვებიან ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ანუ ტერორისტებს გარკვეული დასაყრდენები უკვე აქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს, რადგან მათი გამოხშირვა ძალიან ძნელი იქნება. მაგალითს გეტყვით _ მარტო გერმანიიდან 21 წლამდე დაახლოებით 200 გოგონაა წასული ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად. ძირითადად ქრისტიანები. წარმოიდგინეთ, რამდენს შეიძლებოდა სურვილი ჰქონოდა და ვეღარ წავიდა. ისინი პოტენციური მოკავშირეები არიან ასეთი ჯგუფების.
- რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მათთან საბრძოლველად?
- მართალია, ევროპა, ამერიკა, ცივილიზებული სამყარო ერთიანდებიან ტერორიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი ტერორისტული აქტები ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს გარკვეულწილად ათამამებს კიდეც. ძალიან რთული იქნება მათ წინააღმდეგ ბრძოლა.
- რა უნდა იყოს საპირისპირო მოქმედებები ცივილიზებული სამყაროს მხრიდან?
- ამის საპირისპიროდ უნდა მოხდეს ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული მოქმედება და გარკვეულ წესებზე შეთანხმება. ასევე ერთიანი ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ისეთ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავება, რაც ამ ისლამური სახელმწიფოსგან მოდის.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სირიის პრობლემის მოგვარება უფრო შეიძლება, ვიდრე იმ სიტუაციის, რაც დღეს ევროპაშია შექმნილი.
- ეს როგორ?
- სირია ლოკალური პრობლემაა, შეიძლება იქ ქურთებთან გამოინახოს საერთო ენა, ოპოზიციასთან და რაღაც ერთიანი ძალისხმევით მსოფლიომ დარტყმა მიაყენოს ისლამურ სახელმწიფოს, მაგრამ ფრონტის ხაზმა უკვე გადმოიწია ევროპაში და აქ უკვე საზღვარი არ ჩანს. ეს ლოკალური აღარ არის, ის არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე გაშლილი.
- ამ სიტუაციაში რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? ბრძანეთ, რომ გერმანიიდან საბრძოლველად არიან წასულები. ჩვენი ქვეყნიდანაც ხომ მიდიან სირიაში საბრძოლველად?
- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ძალიან ცოტა ადამიანია წასული. სულ რამდენიმე ათეული, რომელთა დიდი ნაწილი 2012 წლამდეა წასული და ისინი, როგორც ჩანს, არ აპირებენ უკან დაბრუნებას. ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები და დასჯადი გავხადეთ ეს ქმედება. ასე რომ, თუ დაბრუნდებიან, მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მეტსაც გეტყვით – მონაწილეობა კი არა, გამგზავრებაც დასჯადი გავხადეთ. მეორე და მთავარი – ტერორიზმთან ბრძოლა ის საკითხია, სადაც მარტო მოქმედება სრულიად არაეფექტიანია.
„ალია“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამ ჯგუფების მიზანია დივერსიების მოწყობა, თვითმფრინავების აფეთქება, ევროპასა და კავკასიაში ტერორისტული შეტევების მომზადება“
ნინო სამხარაძე
საახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს მისამართით მუქარის შემცველი წერილების ირგვლივ გამოძიება დაიწყო, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოც მონიშნა. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები ცდილობენ, პანიკა არ დათესონ, ვარაუდობენ, რომ ტერორისტების სამიზნე საქართველოში შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის საელჩოები აღმოჩნდნენ. ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას მოიწვევს, სადაც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ქვეყნის ძალოვანი უწყებები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, პრევენციის მიზნით, არ არის გამორიცხული, ჩატარდეს რეიდები. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ტერორიზმის პოტენციური საფრთხის წინაშე ვდგავართ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ამჟამად დასავლეთის ანალიტიკური წრეების მიწვევით ვარშავაში ანტიტერორისტულ კონფერენციაზე იმყოფება, „ალიასთან“ იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საქართველოს დაემუქროს:
- პირველი საფრთხე, ეს არის შავი ტრანზიტი, ანუ ე.წ. შავი სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია, რომელსაც გამოიყენებენ ისლამისტური ორიენტაციის ტერორისტული დაჯგუფებები, როგორც მათთვის მნიშვნელოვან ტერიტორიას. საქართველო, ეს არის დამაკავშირებელი დერეფანი სირიასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, ავღანეთთან, „ისლამურ ხალიფატს“ ჰაერივით სჭირდება ავღანეთში თავისი ძალების მობილიზაცია და მეორე ფრონტის გახსნა ამ მიმართულებით. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფანი რუსეთის მიმართულებით. საქართველოს დერეფანი, ასევე, გამოყენებული იქნება ევროპის მიმართულებით გადასაადგილებლად.
- რამე საფრთხეს უნდა ველოდოთ პანკისიდან წასული მოხალისე მებრძოლებისგან, რომლებიც ე.წ. ისლამურ ხალიფატში გაწევრიანდნენ?
- საქართველოდან, სულ მცირე, 300-დან 400 კაცამდეა წასული. რთულია იმის თქმა, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ მათგან. მე არ მინდა პანიკა დავთესო. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დროს ბევრ ისლამისტს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და არავინ იცის, აქედან ვინ ტერორისტი და ვინ რადიკალი იყო. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ ლაფანყურის სპეცოპერაცია და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
საქმე ის გახლავთ, რომ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებული პირებიდან, რომლებიც კავკასიურ საამიროს ემორჩილებოდნენ, შემდეგ ბევრი მებრძოლი აღმოჩნდა „ისლამური ხალიფატის“ მხარეს, იგივე „ზოონი“, რომელიც ლაფანყურის მომზადებაში მონაწილეობდა და ახმედ ჩატაევი, რომელიც „ისლამურ ხალიფატში“ იბრძვის და ერთ-ერთი ლიდერია. ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციაში ფიგურირებდა, დღეს არის ოდესის პოლიციის შეფი, ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს. ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩეჩნები პანკისის ხეობიდან და ქართველი ოფიცრები, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში მომზადება გაიარეს, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან. ამ ჯგუფების მიზანია დივერსიების მოწყობა, თვითმფრინავების აფეთქება, ევროპასა და კავკასიაში ტერორისტული შეტევების მომზადება.
ტერორისტები კარგად ახდენენ სოციალურ ადაპტირებას. მათ აქვთ შემუშავებული სტრატეგია, როგორ გადმოიბირონ სახელმწიფო მოხელე. ამაზე მუშაობს ცალკე ჯგუფი. ამიტომაც საქართველოს სპეცსამსახურებს დიდი მუშაობა მოუწევთ, რათა ასეთი ჯგუფები გამოავლინონ და თავიდან ავიცილოთ ტერორიზმის საფრთხე. თუ ეს ავტონომიურად მოქმედი ჯგუფი, რომელიც ქსელურად მუშაობს, მოსპეს, საქმის 80% გაკეთებულია.
- თამაზ ჭაღალიძის შემდეგ, რომელმაც 7 იანვრის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერორისტული აქტის შემდეგ მუქარის წერილი გამოაქვეყნა, რომ ქართველების სისხლს დალევენ, მათ ზუსტად იციან მათი ვინაობა, ვინც მონაწილეობს ანტიტერორისტულ ოპერაციებში, მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებს ვინმე პაიჭაძე „ისლამური ხალიფატის“ სახელით. როგორ ფიქრობთ, მათი მუქარა განხორციელდება?
- ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვაქვს „ისლამურ ხალიფატზე“, გვგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი ტერორისტული ორგანიზაცია. ნურას უკაცრავად, „ისლამური ხალიფატი“ გასცდა ტერორისტულ ორგანიზაციას, ეს არის ისეთივე სახელმწიფო, როგორიც არის სხვა, მას აქვს ყველა სახელმწიფოებრივი ატრიბუტი და „ისლამური ხალიფატისადმი“ მიდგომა არასწორია, როცა მას როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას, ისე უყურებენ, არ შეიძლება ერთ დონეზე განვიხილოთ „ალ-ქაიდა“ და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, ამ უკანასკნელს ჰყავს ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები, რომელიც არის ტერორიზმის სპონსორი. „ისლამური ხალიფატის“ სპეცსამსახური თავად გეგმავს ტერორისტულ აქტებს. ეს მესიჯი მინდა გადავცე ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ამ სენთან ბრძოლაშია ჩართული. რაც შეეხება მუქარას, ფაქტია, რომ „ისლამურმა ხალიფატმა“ საინფორმაციო ომი გაგვიხსნა, ჩვენ უკვე ვნახეთ სამი მუქარის გზავნილი, ამას მოჰყვება პროპაგანდისტული ომი, ვიდეორგოლების გავრცელება. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდიან საინფორმაციო ველში, იმედია, სპეცსამსახურები გამოიძიებენ და ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყვება.
- „ისლამურმა ხალიფატმა“ გაავრცელა მიმართვა, რომ პარიზის შემდეგ მათი სამიზნე იქნება ვაშინგტონი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ირანი. საქართველო ჯერჯერობით მათ სიაში აქტიურ გრაფაში არ იძებნება. თუმცა სიის ბოლოში საქართველოც არის მიწერილი. მაშ ასე, რატომ საქართველო?
- თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დასავლური ორიენტაციის სახელმწიფო, ანტიისლამური ხალიფატის კოალიციის წევრი, ჩვენ ვგმობთ ტერაქტებს, ვმონაწილეობთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რაც სავსებით საკმარისია მათთვის, რომ მიზანში ამოგვიღონ. საქართველო მონაწილეობს ავღანეთში, სამშვიდობო ოპერაციებში და დღეს „ისლამური ხალიფატი“ „თალიბანის“ სტრატეგიული მოკავშირეა. ფაქტობრივად, ახორციელებენ ერთობლივ სამხედრო ოპერაციას. ისინი გამოჩნდებიან ცენტრალურ აზიაში და პარიზის ტერაქტი მოსაგონი გახდება. შემდეგ კი მათი სამიზნე გახდება რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა… იცით, რატომ იყო მათი სამიზნე პარიზი? პირველ რიგში იმიტომ, რომ სირია გახლდათ საფრანგეთის მეტროპოლია, სირიამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1946 წელს მიიღო, 1919 წლიდან საფრანგეთის კოლონია გახლდათ, თანაც „ისლამურ ხალიფატს“ ოფიციალურმა პარიზმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ამერიკამ და რუსეთმა ერთად აღებულმა. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მასშტაბური დარტყმა მიაყენეს პარიზს. ამ ტერაქტამდე საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ, ფაქტობრივად, გაანადგურა „ისლამური ხალიფატის“ სანავთობო ინფრასტრუქტურა, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. „ისლამური ხალიფატი“ ამ ეტაპზე ტრაფარეტული საფრთხეა, რომელიც ყოველგვარ საზღვრებსაა გაცდენილი. საჭიროა დრო, რომ საბოლოოდ მოხდეს მისი დამარცხება.
“კვირის ქრონიკა“, 16 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შესწევს ძალა და უნარი, თავიდან აიცილოს ტერორიზმის საფრთხე?
ნინო სამხარაძე
რა ელოდება საქართველოს, რომელიც არის დამაკავშირებელი დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, საიდანაც შეიძლება ტერორისტებმა სირიიდან რუსეთის ან ევროპის მიმართულებით ამოყონ თავი; პანკისიდან სირიაში წასული მებრძოლები შეგვიქმნიან თუ არა საფრთხეს და ვინ არის პასუხისმგებელი მასშტაბური ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაზე, რასაც „ისლამური სახელმწიფო“ ჰქვია?
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს:
- ბატონო მამუკა, ურევია თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ხელი ირიბად ISIS-ის შექმნაში? სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ზომიერი ოპოზიცია რომ არ შეექმნა ამერიკას, არ დაეფინანსებინა, არ გაეწვრთნა, არ მოემარაგებინა იარაღით, ფიქრობთ, რომ ასე გაძლიერდებოდა “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც დღეს მსოფლიოს თავისტკივილად იქცა?
- თუ გავიაზრებთ, რა მოხდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ის რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, წონასწორობის დარღვევა, ტრადიციული რეჟიმების ვარდნა და ა.შ. ეს არის ორი დიდი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დამსახურება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორი სახელმწიფო ამით იყო დაკავებული. ამასობაში მომაგრდნენ სპარსეთის ყურეში განლაგებული სახელმწიფოები, რომელთაც აქვთ უზარმაზარი ენერგორესურსი და ახლა ამ სახელმწიფოებმა დაიწყეს შექმნილ სიტუაციაზე ხელის მოთბობა. რაც ამის დაბრალება მარტო ამერიკელებისთვის, ან რუსებისთვის ხდება, აღარც არის რელევანტური.
- თქვენი აზრით, ტერორისტებმა იერიში რატომ მიიტანეს მაინცდამაინც პარიზზე? ერთი წლის განმავლობაში “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ მათ მეორე მასშტაბური ტერორისტული აქტი განახორციელეს. რატომ პარიზი?
- მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ პარიზი არის ევროპის ცენტრი და ყველა ასეთი ტიპის მასშტაბური ტერორისტული აქტი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. რამდენიმე ხნის წინ იმაზე მეტი დაიღუპა პაკისტანში, ინდონეზიაში და სხვაგან, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უსაფრთხოების სისტემაში, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საფრანგეთი ერთერთი სუსტი რგოლია და სუსტი რგოლია ზუსტად იმ საშინაო და საემიგრაციო პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებდა საფრანგეთი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული. ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთმა გადაწყვიტა, ბოდიშის მოხდის პოლიტიკა ეწარმოებინა თავისი კოლონიებისთვის. მათი ნაწილი, მაგალითად, ალჟირელები გახდნენ საფრანგეთის მოქალაქეები და სხვა კოლონიებიდან ჩამოსულ ადამიანებს აძლევდნენ საფრანგეთის მოქალაქეობას. იმ მომენტისთვის არავინ ფიქრობდა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, საბოლოო ჯამში, ამ პრობლემების ნაკადმა საფრანგეთი იქამდე მიიყვანა, რომ იქ არის რეგიონები, სადაც ფრანგული არ იციან და არც აინტერესებთ და ძირძველი მოსახლეობა წარმოადგენს უმცირესობას ისეთ ქალაქში, როგორიც არის მარსელი. აი, აქამდე მიიყვანა საფრანგეთი ფსევდოევროპულმა ღირებულებებმა, ტოლერანტობამ, ლიბერალობამ და ა.შ. ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რასაც საფრანგეთი უკვე 40 წელია აწარმოებს… და მთავარი, საფრანგეთის ხელისუფლება ხშირად ზღუდავდა პროფესიონალი სპეცსამსახურების მუშაობას, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ დადანაშაულებულები ადამიანის უფლებების შეზღუდვაში, ტოლერანტობაში და ა.შ.
ჩივილები ფრანგული სპეცსამსახურებიდან უკვე კარგა ხანია ისმის სხვადასხვა მედიასაშუალებებით თუ კულუარულად, რის შედეგადაც მივიღეთ საბოლოოდ ეს სურათი და დარწმუნებული იყავით, ამ ტერორისტებიდან ნახევარზე მეტი, თუ მთლიანად არა, საფრანგეთის მოქალაქე იქნება.
- “ნაცმოძრაობის” წევრებმა და მათმა მხარდამჭერმა ექსპერტებმა პარიზში მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთის ხელი დაინახეს. ნიკა რურუა აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთი იყო წამქეზებელი ამ ტერორისტებისო. ტერორისტები კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ისევე, როგორც “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდამსხმელები. “კალაშნიკოვის” გარდა, ამ ტერორისტული აქტის რუსეთზე რა ბმას ხედავთ? არადა, სულ ათიოდე დღის წინ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ეგვიპტეში რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
- ჯერჯერობით რამის მტკიცება მგონი, ნაადრევია. “უზი” რომ სჭეროდათ ხელში, უნდა გვეფიქრა, რომ ტერორისტების უკან ისრაელის სპეცსამსახურები იდგნენ? ან “ბერეტა” რომ სჭეროდათ, უნდა გვეფიქრა, რომ იტალიელებმა წააქეზეს? ეს არის ნონსენსი. ვერსიულად, ამ ტერორისტების უკან, შესაძლოა ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ – არაბული, რუსული, ამერიკული, ფრანგულიც კი… ამის ახსნაც შეიძლება, მაგალითად, ფრანსუა ოლანდს სჭირდებოდა ასეთი ექსცესი იმისთვის, რომ შემოეღო სამხედრო მდგომარეობა და ქვეყნიდან განედევნა რადიკალური ისლამის მიმდევრები. როგორც 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით დღემდე არის კითხვები, სულ მცირე, სპეცსამსახურის ერთმა ნაწილმა იცოდა, რომ მზადდებოდა ტერაქტი და ხელი არ გაანძრია, ასევე, რუსეთში სახლების აფეთქებისას ჩართულნი იყვნენ რუსული სპეცსამსახურები და ეს ხდებოდა ყარაჩაელების ხელში. რატომ არ უნდა დავუშვათ ის ვერსია, რომ პარიზის ექსცესთან დაკავშირებით იყო სხვა ჩანაფიქრი, მათ ჰქონდათ ინფორმაცია და ხელი არ გაანძრიეს იმ მოტივით, რომ დაეწყოთ ქვეყნიდან რადიკალური ისლამის მიმდევართა გაძევება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე იარაღია გამოყენებული. ესენი არიან ისლამისტი ფუნდამენტალისტები. ეს არის უბედურება, თორემ შუბი ხალთაში არ დაიმალება და ბოლოს და ბოლოს, გაირკვევა, ვინ დგას ამ ტერაქტის უკან. უბედურება კი ის არის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ყველა დიდი სახელმწიფო ცდილობს ხელის მოთბობას. ყველა ცდილობს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას და ამიტომ ყველა ვერსია საყურადღებოა.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისლამურმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ვილაიეთი - საქართველო მონიშნა. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო საქართველოდან წასული ჯიჰადისტების მონაწილეობით. ჩვენ ცეცხლის რკალში ვიმყოფებით და რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?
- ჩვენ დიდი ხანია ცეცხლის რკალში ვიმყოფებით, ურჯისტანის ვილაიეთი შეიქმნება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ კავკასიის ვილაიეთის სივრცეში ისედაც ვართ. გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა, ეს არის ვერსიების დონეზე და უახლოეს ხანში დეტალები ცნობილი გახდება, შეიქმნება თუ არა, მაგრამ თუ შეიქმნა, ეს ნიშნავს, რომ ხვედრითი წონა გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც სირიასა და ერაყში იბრძვიან, ასევე გაიზარდა მათი პოლიტიკური სამხედრო წონა და მათ უკვე ამბიციები გაუჩნდათ. ეს ხდება “ისლამური ხალიფატის” შიგნით, მაგრამ ორიენტირებულია მათ სამშობლოზე. ყველაზე საყურადღებო რამეს გეტყვით, ისლამისტების რიგებში არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, არამედ, ეთნიკური ქართველების. ეს არის ყველაზე მთავარი. თუკი გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა რეალურია, ამ გადაწყვეტილებამდე არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქე, მათთვის აბსოლუტურად საკმარისი ფორმატია კავკასიის ვილაიეთი. როგორც ჩანს, ეს არის ქართველი ისლამისტების ნამუშევარი. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, “ვილაიეთი” ნიშნავს ოლქს. “ისლამური ხალიფატის” გურჯისტანის ვილაიეთი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ფიქრობენ, საქართველოში შექმნან თავიანთი ოლქი. საგანგაშოა ის, რომ ქართველი ისლამისტების გავლენა გაზრდილია. სამწუხაროდ, ქართველებს სიმართლის მოსმენა არ უყვართ. შეამჩნევდით, ალბათ, ყოფილი მუფტი, რომელიც “ისლამური ხალიფატის” რიგებშია, გვარად პაიჭაძე, გარკვეულ გზავნილებს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის მისამართით. ეს უკვე ჭაღალიძის დონე არ არის, სხვა დონეა. ახლა დგება მომენტი, როცა საქართველოდან წასული ბევრი ახალგაზრდა სწავლას ასრულებენ ახლო აღმოსავლეთის უმაღლეს სასულიერო სასწავლებლებში.
მე არ მინდა მათი გვარები დავასახელო, თუმცა მათი ვინაობა ჩემთვის ცნობილია, ისინი გამოირჩევიან სპეციფიკური ცოდნით, რომ ისლამისტებზე იდეოლოგიურად იმოქმედონ. ცალსახად იმის თქმა, რა საფრთხე გველოდება ჩვენ, რთულია, გააჩნია, რა ბრძანებას მიიღებენ. აი, მაგალითად, თუ საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ადმინისტრაციული ერთეული, ე.წ. ვილაიეთი, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადონ. ამის ხმამაღლა განცხადება კი ნიშნავს კონკრეტული სამხედრო ექსცესურ დემარშს, ეს ექსცესური დემარში რაში გამოიხატება – კონკრეტულ საელჩოებზე თავდასხმაში, თუ პირობით, ტყის აქციაში, ჩემთვის რთული სათქმელია. კიდევ ვიმეორებ, გააჩნია რა ტიპის ბრძანება მიუვათ მათ. მაგალითად, როცა დაღესტნის ვილაიეთი გამოცხადდა, მათ თავისი ამოცანა ჰქონდათ და ეს აღნიშნეს ფედერალებზე თავდასხმით. საქართველოში სხვა სიტუაციაა, აქ არ არიან ფედერალები. თუ გურჯისტანის ვილაიეთი შეიქმნება, მათი ერთ-ერთი ამოცანა იქნება საერთო კავკასიურ ვილაიეთთან ერთად იბრძოლონ და ჯიჰადის სივრცე შექმნან. უნდა განადგურდნენ ამერიკელები, ქრისტიანები და არასწორი მუსლიმანები, ეს არის მათი ამოცანა.
- “უკრაინული ვიკილიკსი” აქვეყნებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილი უკრაინაში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს ამზადებს, ჩეჩნები პანკისის ხეობიდან და ოფიცრები, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში მომზადება გაიარეს, ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან. “ვიკილიკსის” ინფორმაციით, სააკაშვილმა ტერორისტების მომზადების ბანაკები გახსნა, ხოლო აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი სირიაში მათ გადასროლას უზრუნველყოფს. მათი მიზანია დივერსიების მოწყობა, თვითმფრინავების აფეთქება, ევროპასა და კავკასიაში ტერორისტული შეტევების მომზადება. უნდა ვენდოთ “ვიკილიკსის” ინფორმაციას?
- საქმე რომ აქეთკენ მიდის, არ გამოვრიცხავ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახმედ ჩატაევს, რომელიც 2010 წელს დაპატიმრებული იყო უკრაინაში, თავდებში ჩაუდგა სააკაშვილის ხელისუფლება და დიდი ზრუნვით ჩამოიყვანა. ეს პიროვნება მოიაზრება ბევრად უფრო სერიოზულ ფიგურად “ისლამური ხალიფატის” იერარქიაში, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ახმედ ჩატაევთან ურთიერთობა არ უარყვიათ. არსებობს კულუარული ურთიერთობები, რომელიც ჩატაევსა და მის გუნდს შერჩენილი აქვთ. ამ გუნდში მოიაზრებიან ის ადამიანებიც, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გადარჩნენ. პარადოქსი ისაა, რომ ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობი დარჩა, ვისი აგენტი იყო ჩატაევი. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყო დასავლეთის სპეცსამსახურის აგენტი. ლაფანყურის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი, პაპასკირი ნამდვილად რუსეთის აგენტი იყო. ახლა ზის თურქეთის ციხეში ზუსტად იმიტომ, რომ “გრუ”-ს აგენტია. რაც შეეხება სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებთან ჩატაევისა და პაპასკირის კონტაქტს, მათს ურთიერთობას საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი წინაპირობა აქვს. პაპასკირი ზის ციხეში, ჩატაევი არის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ.
საერთაშორისო ტერორისტული სივრცის გამოყენება ყველა დაინტერესებული მხარისა და მსხვილი ქვეყნისთვის კომფორტულია. რატომ არ გამოიყენებენ ამ შანსს სააკაშვილი და მისი გუნდი, როცა აქვთ ასეთი კონტაქტები.
“უკრაინული ვიკილიკსის” ინფორმაციაში იკითხება შემდეგი რამ: მას ჰყავს გუნდი ქართველი ოფიცრებისა და ჩეჩნების, რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტში არიან, რომლებიც მონაწილეობენ სირიის ოპერაციებში, ოღონდ ზომიერი ოპოზიციის მხარეს, ეს გუნდი დღეს არის ზომიერი ოპოზიცია, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა მიზნებისთვის იყვნენ გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე, ან ჩრდილოეთ კავკასიაში, კაცმა არ იცის. ეს ემუქრება თუ არა საფრთხე ISIS-ის მხრიდან საქართველოს? ყველაფერი არის ვერსიები და ამის დადასტურება ძალიან რთულია.
- საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შესწევს ძალა და უნარი, თავიდან ავიცილოთ ტერორიზმის საფრთხეები?
- ჩვენს უსაფრთხოების სამსახურში სულ რომ გენიოსები მუშაობდნენ, არ აქვთ უნარ-ჩვევები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა, ასეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები არა აქვთ არა ჩვენს სპეცსამსახურებს, არამედ იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც ავღანეთის სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ. ის ხალხი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს სპეცსამსახურებს აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ და გაზარდონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სხვანაირად ამ სენს ვერ მოვერევით, რომელიც საქართველოშია. უბრალოდ, ის ელოდება თავის მომენტს, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება.
„ალია“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
პოროშენკო სააკაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას აპირებს?
ლევან ჯავახიშვილი
„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებამ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ერთი, რომ თანაპარტიელების ერთი ნაწილი ნელ-ნელა ემიჯნება და მეორეც, უკრაინაშიც აერდაერია საქმე.
სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებას წინ უძღოდა „უკრაინულ ვიკილიკსში“ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის ტექსტური ვარიანტის გამოქვეყნება, რომელშიც სააკაშვილი და ბოკერია ღიად ლაპარაკობენ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაზე, ტელეკომპანიის ოფისში „ბოევიკების“ შეყვანაზე, ბავშვიანი ჟურნალისტის მკვლელობასა და ათას უბედურებაზე. იმ სატელეფონო საუბრებზე მეტად, უკრაინაში სწორედ ამ ტექსტმა შეუქმნა სააკაშვილს პრობლემები.
ჩვენ ერთი წლის წინათ ვწერდით, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე, ვლადიმერ გროისმანი იმთავითვე დაპირისპირებული იყო სააკაშვილთან, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არწმუნებდა, სააკაშვილი არ დაენიშნა საკუთარ მრჩევლად და საერთოდ, არანაირო პოსტი არ მიეცა უკრაინის ხელისუფლებაში. თუმცა, მან ვერაფერი გააწყო და ამერიკელთა ლობირებით, პოროშენკომ საკუთარი მეგობარი ჯერ მრჩევლად დაინიშნა, მერე კი ოდესის გუბერნატორად გაამწესა. მაშინ გროისმანი მარტო ებრძოდა მიშას და ვერ დაამარცხა, ახლა კი, როგორც ჩანს, ჩვენი მაღალის დღეები უკრაინაში დათვლილია, გროისმანს თანამოაზრე გამოუჩნდა და თან საკმაოდ ძალიან წონიანი – გროისმანის მოკავშირე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი გახდა.
„ალიას“ უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო უყვება, რომ ორი დღის წინ გროისმანი და იაცენიუკი პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვდნენ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტს, თურმე, ორივე უმტკიცებდა, რომ სააკაშვილი მძიმე ტვირთად იქცა უკრაინისთვის და მისი მოშორების დრო დადგა. არსენი იაცენიუკს მოულოდნელად განუცხადებია, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას „ვიკილიკსში“ გამოქვეყნებული საუბრის ტექსტი უტყუარია, მან საკუთარი წყაროებით გადაამოწმა და დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია სტამბულის აეროპორტის კაფეში შეხვდნენ, მათი საუბარიც იქ შედგა, რაც ფარულად ჩაწერეს. იაცენიუკმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ მას მოასმენინეს ამ ჩანაწერის სრული ვერსია და სავარაუდოდ, ის მალე გამოქვეყნდება რომელიმე უკრაინულ საიტზე. გარდა ამისა, იაცენიუკს უთქვამს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სხვა ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ საქართველოში ხელისუფლების დამხობას ის სისხლიანი გზით აპირებდა. იაცენიუკსა და გროისმანს უთქვამთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სააკაშვილისადმი წაყენებული სხვა ბრალდებებისგან განსხვავებით, ეს უკვე უმძიმესი ბრალი იქნება და უკრაინისა და მისი ხელისუფლების იმიჯისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდება. გროისმანს უთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე სააკაშვილს მყისიერად ზურგს აქცევს, უკვე ვეღარ დავარწმუნებთ, რომ კრიმინალი ექსპრეზიდენტი შეგნებულად არ შევიფარეთ და თან სახელმწიფო პოსტი ვუბოძეთო. გროისმანს პოროშენკოსთვის ისიც უთქვამს, რომ თუ ეს მოხდება, ამერიკაც ხელს დაიბანს, სააკაშვილს გაწირავს და მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აჰკიდებსო.
მოკლედ, ქვეყნის სამი მთავარი ლიდერი სერიოზული პრობლემის წინაშე მდგარა და როგორც წყარო აცხადებს, გამოსავალი მალევე უპოვიათ. პოროშენკოს გროისმანისთვის უთქვამს, როცა შენ სააკაშვილის შესახებ კომპრომატებს მაწვდიდი, კი მჯეროდა, ვიცოდი, მიშას უკრაინა მხოლოდ პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა და ეს ქვეყანა დაიქცევა თუ არა, საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ მაშინ ევროპასა და ამერიკას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მიშას სერიოზული ლობისტები ჰყავდა და რაც მთავარია, ჩვენს ხელისუფლებაში არ იყო ჩამოყალიბებული ერთიანი შეხედულება მის შესახებ, ახლა კი, როცა ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად მიმტკიცებთ და თან ფაქტებით, რომ მიშა მძიმე ტვირთად იქცა უკრაინისთვის და ეს ტვირთი კიდევ დამძიმდება, ანგარიში უნდა გაგიწიოთო.
პოროშენკოს თავად უთქვამს, ვიდრე მიშა დიდ საერთაშორისო სკანდალში გაგვხვევს, უნდა მოვაშოროთ ოდესის გუბერნატორის პოსტს, სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდანაც გადავაყენებ და ისე კი იყოს უკრაინაში, თუ უნდა, სიკვდილამდე აქ დარჩეს, პოსტის გარეშე, ხელს ვერ შეგვიშლისო.
წყარო აცხადებს, რომ გროისმანი და იაცენიუკი სწორედ იმისთვის იყვნენ მისული პოროშენკოსთან, რომ დაერწმუნებინათ, სააკაშვილი სახელმწიფო პოსტებს მოაშორეო და მათდა გასაკვირად, თავად პოროშენკომ დააყენა ეს საკითხი. წყარო ირწმუნება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, მიშას ოდესის გუბერნატორობიდანაც მოხსნიან და პოროშენკოს მრჩევლის პოსტიდანაცო.
წყაროს მტკიცებით, სამეულის ამ კონფიდენციალური შეხვედრის მთავარი დეტალები გროისმანისა და იაცენიუკის ინიციატივით ხმაურდება. ამის მიზანი კი ის არის, რომ, ერთი მხრივ, უკრაინის სახელისუფლებო ბომონდი, მეორე მხრივ, უკრაინის მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ სააკაშვილს ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი სამი პიროვნებიდან სამივე გაემიჯნა და მას ზურგი აღარ აქვს. ცხადია, ეს ოდესის ოლქის მოსახლეობისთვისაც მკვეთრი სიგნალი იქნება, რომელთა ერთ ნაწილსაც მიშა მხსნელი და აღმაშენებელი ჰგონია. სააკაშვილი ხალხის ამ მხარდაჭერას, ჯერჯერობით, პიარით აღწევს, მაგრამ ოდესელები მალე დაინახავენ, რა მონსტრთან აქვთ საქმე, დაინახავენ, რომ სააკაშვილს ოდესის მთელი მოსახლეობა ცალ ფეხზე ჰკიდია, მხოლოდ ფულის საშოვნელად, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება მათი მხარდაჭერა და არა რეფორმების გასატარებლად, ხალხის მძიმე ყოფის გასაუმჯობესებლად. ოდესელები ენდობიან პოროშენკოს, იაცენიუკსა და გროისმანს და როცა დაინახავენ, რომ მათ სააკაშვილი გარიყეს, ცხადია, ამის მიზეზების ძიებასაც დაიწყებენ და აღმოაჩენენ, რომ მიშა ჩვეულებრივი პოპულისტი და ავანტიურისტი პოლიტიკოსია და მეტი არაფერი. ამ ინფორმაციას კი მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი და ასევე, თავისუფალი, მაგრამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია მიაწვდის. საქართველოშიც ხომ ასე იყო – „ვარდების რევოლუციიდან“ 2 წელიწადში მესიად და დემოკრატიის შუქურად შერაცხული მიშა მხარშეუქცევად დაადგა ავტოკრატიზმის გზას და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა, ციხეებში გამოკეტა, დაატერორა, გააუბედურა და შავი დღე აყარა.
თავდაპირველად არსენ იაცენიუკს სააკაშვილთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი, ახლა ის მიშას დასანახად ვეღარ იტანს. ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ სააკაშვილმა იაცენიუკი უკრაინელი ოლიგარქების მფარველობაში ღიად დაადანაშაულა.
„ალიას“ წყარო კი იაცენიუკის სააკაშვილთან დაპირისპირების უფრო სერიოზულ მიზეზს ასახელებს. არსენ იაცენიუკი ებრაელია, ოდესა ებრაული ქალაქია და სააკაშვილი სწორედ ებრაელ ბიზნესმენებს დაეჯახა ოდესაში, ორი მათგანი დაიჭირა, ზოგი ძალიან შეავიწროვა, ზოგს ახლა უპირებს პროკურატურის მიქსევასა და პრობლემების შექმნას…
მოგეხსნებათ, ებრაული ლობის უდიდესი გავლენა მთელ მსოფლიოშია და მათ შორის, ამერიკაშიც. მიშასგან შეწუხებულ ებრაელებს, სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთი გავლენიანი თანამემამულეებისთვის შეუჩივლიათ, – ეს გიჟი დროზე მოგვაშორეთ აქედან, თორემ ცოცხალი ვერ გაგვასწრებს და არ გვინდა, ოდესაში პოლიტიკური მკვლელობა მოხდესო.
ეს ინფორმაცია როგორც სიგნალი, ისე მიიღეს მსოფლიოს ყველა გავლენიანი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, ასევე, სოლიდურ საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინსტიტუტების სათავეებში მყოფმა ებრაელებმა, შეიძლება ითქვას, იმ ხალხმა, რომლებიც დღეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტენ. შესაბამისად, სააკაშვილის მოსაშორებლად დასტური ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებისგან და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციიდან წამოვიდა. ამ საქმის მოგვარება და პოროშენკოს დარწმუნება, რომ მიშა ოდესიდან მოეცილებინა, ასევე, ებრაელებს, არსენი იაცენიუკსა და ვლადიმერ გროისმანს დაეკისრათ. გროისმანი ხომ უამისოდაც სააკაშვილის მტერი იყო და იაცენიუკი მსოფლიოში რჩეული ებრაელების ამ დავალებას ვერ გაექცეოდა, რადგან სწორედ იმ გავლენიანმა ებრაელებმა აქციეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად და დღეს რომ უკრაინის პრემიერია, ამასაც მათ უნდა უმადლოდეს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ თავად პოროშენკო ნახევრად ებრაელია, მამამისი გვარად ვალცმანი იყო და სავარაუდოდ, იაცენიუკისა და გროისმანის პარალელურად, მათთან შეუთანხმებლად, წონიანი ებრაელები პოროშენკოზეც მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაასწრო პოროშენკომ ორივეს და თავად განაცხადა, – სააკაშვილმა უკრაინის სამთავრობო პოსტები უნდა დატოვოსო.
მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები: რატომ არ მოხსნა პოროშენკომ სააკაშვილი მისთვის წაყენებული უმძიმესი ბრალდებების გამო, ასევე, მაშინ, როცა უკრაინული მედიით გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია ჩვენების გამოძალვის მიზნით, როგორ აუპატიურებენ მამაკაცებს? წამება (გაუპატიურება) – ეს ხომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილებებში იმ დროს, როცა სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი?
ფაქტია, ეს არ იყო პოროშენკოსთვის საკმარისი, რომ არაერთი დანაშაულის მოთავე გვერდით არ ჰყოლოდა და მოეშორებინა. შესაძლოა, ამ კადრებმაც გარკვეული გავლენა იქონია პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე, მართალია, ამის შესახებ წყარო არაფერს აცხადებს, მაგრამ ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მით უფრო, როცა პოროშენკოც, იაცენიუკიც და გროისმანიც დემოკრატობაზე დებენ თავს და ნებისმიერი ამგვარი სახის ძალადობას ემიჯნებიან.
ძალიან საეჭვოა, რომელიმე მათგანი ამ კადრების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებულიყო. არა მხოლოდ მათი, უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი გავლენიანი ლიდერის სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებას ეს ვიდეოები რადიკალურად უარყოფითად შეცვლიდა. თუმცა, ამ დანაშაულს სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში სჩადიოდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ოდესის გუბერნატორისა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის რანგში აპირებდა, რაც, ბუნებრივია, გაცილებით მეტ დარტყმას მიაყენებდა უკრაინას, პოროშენკოსა და ყველა იმ ადამიანს უკრაინის ხელისუფლებაში, ვინც გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყო სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზე და მის მფარველობაზე. არა, პოროშენკომ შესანიშნავად იცოდა, რომ დამნაშავეს იფარავდა, მაგრამ ევროპა-ამერიკის გავლენიანი პოლიტიკოსების ზეწოლით თუ თხოვნით დანიშნა მაღალ პოსტზე. გარდა ამისა, სააკაშვილმა გარკვეული როლი უკრაინის რევოლუციასა და ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობაშიც შეასრულა, შემდეგ აქტიურად მუშაობდა უკრაინის მოქალაქე ქართველებში პოროშენკოს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში და საკმაოდ ბევრი ხმაც მოუგროვა. პოროშენკო, ამ ყველაფრის გამო, ვალში იყო სააკაშვილთან და როცა მას დასავლეთიც მხარს უჭერდა, ცხადია, დაასაქმებდა უკრაინის ხელისუფლებაში.
მოკლედ, სააკაშვილს პოლიტიკური რეაბილიტაციის შანსი მისცეს, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა. შესაბამისად, სააკაშვილის წინაშე პოროშენკოც ვალმოხდილია, დასავლეთიც, მისი აღარაფერი მართებთ და სრულიად ლოგიკურია, ისე მოაშორონ უკრაინის სახელისუფლებო პოსტებს, მიშას გამომქომაგებელი არავინ დარჩეს.
თუ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდანაც მოხსნეს და პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიც დაატოვებინეს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის ევროპასა და ამერიკას აღარაფერში სჭირდება, ორივემ ერთდროულად გაწირა და პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა, რომლისგანაც სახეიროს არავინ არაფერს ელის.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოლიტიკაში პროცესები მყისიერად იცვლება. თუ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მართალია, სააკაშვილი მალე უნდა დაიფრინონ უკრაინიდან. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, დასავლეთი და რუსეთი სერიოზულ თანამშრომლობას გეგმავენ, არც ის არის გამორიცხული, ერთობლივი კოალიციაც შექმნან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ზოგადად, საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად. ასეთ დროს კი, დასავლეთს უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ხელისუფლების გამაღიზიანებელი ფაქტორი – სააკაშვილი ნამდვილად არ დასჭირდება.
„რეზონანსი“, 17 ნოემბერი, 2015 წელი
ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს
ცხრა თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა
მაკა ხარაზიშვილი
74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 18 საკრედიტო კავშირი, 1000-ზე მეტი ლომბარდი და ასეულობით მცირე სესხის გამცემი დაწესებულება – ეს არის უკონტროლო ფინანსური ბაზრის ნაწილი, რომლის მონაწილეები დღეში რამდენჯერმე ურეკავენ, “ესემესებს” უგზავნიან ადამიანებს და სესხს სთავაზობენ. არ არსებობს უახლესი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ე.წ. ჭარბვალიანობის კოეფიციენტი. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ბუმერანგივით დაატყდეს ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას.
“ბიზნეს-რეზონანსის” ერთ-ერთი რესპონდენტი, ნაირა მჭედლიშვილი 58 წლისაა, უმუშევარი. არ აქვს სოციალური დახმარება, პენსია ან სხვა ტიპის შემოსავალი. კვირა არ გავა მის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე შეტყობინება არ მივიდეს კრედიტის შეთავაზების შესახებ. ამჯერად საფინანსო კომპანიები უკვე “ესემესებს” აღარ სჯერდებიან და პოტენციურ კლიენტებს პირდაპირ ტელეფონზეც ურეკავენ.
“ამასწინათ დამირეკეს ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან და 600-ლარიანი სესხი შემომთავაზეს. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა. ოპერატორი გოგონა არ მომეშვა და მარწმუნებდა, რომ მის ორგანიზაციას სესხის ძალიან კარგი პირობები ჰქონდა. რამდენიმე წუთი მესაუბრა სასესხო პირობებზე. ვუთხარი, რომ არანაირი შემოსავალი არ მქონდა სესხის დასაბრუნებლად და ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემნაირ ადამიანს სთავაზობდნენ.
საბოლოოდ, როგორც გავარკვიე, გარანტია იყო ჩემი ქონება. არ მაქვს შემოსავალი, მაგრამ მაქვს სახლი, შესაბამისი ნივთებით. თუ სესხს ვერ გადავიხდიდი, გარანტი სწორედ ეს ქონება იქნებოდა”, – ამბობს ნაირა მჭედლიშვილი.
საკრედიტო დაწესებულებები ყოველგვარ რისკზე მიდიან, მთავარია პოტენციურ კლიენტს რაიმე სახის ქონება გააჩნდეს. მათთვის მთავარი ფაქტორი კლიენტის გადახდისუნარიანობა არ არის. დაბალი საფინანსო განათლების მქონე, ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანები ამგვარი ცდუნების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. შესაბამისად, მოსახლეობა უფრო მეტად ღატაკდება, ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს აწვება მძიმე ტვირთად. ხელისუფლება კი ამ ბიზნესის რეგულირებისთვის არაფერს აკეთებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 18 საკრედტო კავშირია. მათი აქტივების მოცულობა, ამ დროისთვის, 10,6 მილიონ ლარს აღემატება, მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობა 7,275 მილიონი ლარს აღწევს. მე-2 კვარტლის მოანცემებით, საკრედტო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 200 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიკროსაფინგანსო ორგანიზაციებს, საქართველოში ეს სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ეროვნულ ბანკს 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აქვს აღნუსხული. საფინანსო სივრცეში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2006 წელს გამოჩნდა, როცა მიიღეს კანონი “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ”.
2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს არის რეკორდული მოგების მაჩვენებელი. შარშან მთელი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციების მოგება 80 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე სწრაფად იზრდება მათი აქტივები – 1,546 მილიარდი ლარი. ამ ორგანიზაციებს 1,160 მილიარდი ლარის კრედიტი აქვთ გაცემული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის – 560 მილიონი ლარი, შემდეგია სოფლის მეურნეობა – 245 მილიონი ლარი და მას მცირედით ჩამორჩება ვაჭრობა – 238 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ლომბარდია რეგისტრირებული, ამასთანავე ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა მცირე სესხის გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საერთოდ უკონტროლოა. ასევე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენია ასეთი ორგანიზაცია და რა რაოდენობის სესხი აქვს მას გაცემული. საკმარისია პირი დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ ან შექმნას შპს და იწყებს ფინანსურ საქმიანობას. შემდეგ მათი წარმომადგენლები ურეკავენ ადამიანებს სთავაზობენ სესხებს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ანაზღაურება ხდება მსესხებლის ქონებით.
ხშირ შემთხვევაში მსესხებელი ისე აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომ მას არ კითხულობს. ზოგადად კი ხელშეკრულებაში გაწერილი მუხლები იმდენად რთულად აღსაქმელია, რომ ფინანსურად გაუნათლებელმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი გაიგოს.
საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, კლიენტის დაკარგვის შიშით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მას არაფერს ეუბნება. გარდა ამისა, არასაბანკო დაწესებულებათა კლიენტები ის ადამიანებია, რომლებსაც ბანკში გადახდისუუნარობინადან გამომდინარე სესხი არ მისცეს.
ფინანსისტი არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ საფინანსო ბაზარზე ბევრი მოთამაშის გამოჩენა ცუდი არ არის, თუმცა უნდა შემცირდეს მევახშეობის ფაქტები და რეგულრიების მიღმა არსებული სუბიექტების მოქმედება.
“პირდაპირ იმის თქმა, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციების მომრავლება ცუდი ან კარგია შეუძლებელია. ზოგადად არსებობს მოთხოვნა და დიდია კონკურენციაც. რაც უფრო მეტი რეგულირების ქვეშ მოქცეული საფინანსო ინსტიტუტი გაჩნდება ბაზარზე, კარგია. ცუდი შეიძლება იყოს ის, რომ მომრავლდნენ ლომბარდები და მცირე ორგანიზაციები.
ბოლო დროს სამომხმარებლო სესხების ბაზარი იზრდება. ეს ხშირად გამოწვეულია ეკონომიკური პრობლემებითა, ამ ყველაფერს სჭირდება დიაგნოსტიკა და კარგი დაკვირვება”, – აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე და დასძენს, რომ უნდა შეიქმნას ჭარბვალიანობის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც დაადგენს უახლოვდება თუ არა ქართული ფინანსური სექტორი ჭარბვალიანობის წერტილს, რომლის მიღმა შეიძლება საკრედიტო კრიზისის რისკი შეიქმნას.
ბაკურაძის აზრით, ლარის გაუფასურების ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საკრედიტო პორტფელების ხარისხი მკვეთრად არ გაუარესებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა სირთულეების მიუხედავად მაინც ემსახურება ფინანსურ ვალდებულებებს.
“თუმცა, საფრთხე მაინც არსებობს. ამიტომ მეჩვენება, რომ საქართველოში მოვიდა ის დრო, როდესაც ფინანსური საქმიანობა ლიცენზირებული უნდა გახდეს. მხოლოდ, ლიცენზირებულ პირს შეეძლოს ფინანსური ოპერაციების განხორციელება, კლიენტისთვის ფინანსური რჩევის მიცემა. დღეს ბაზარი მეტისმეტად თავისუფალია, ხოლო მომხმარებელთა უფლებები გარანტირებული არ არის”, – მიიჩნევს არჩილ ბაკურაძე.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი აღნიშნავს, რომ ფინანსური ბაზრის რეალური სურათი უნდა გვაჩვენოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშმა, რომელიც ეროვნულ ბანკს მესამე წელია არ გამოუქვეყნებია. მისი აზრით, სწორედ ასეთი ანგარიშის საფუძველზე უნდა დავინახოთ ექმნება თუ არა საფრთხე ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობას კვალფიციური და არაკვალიფიციური საკრედიტო ორგანიზაციების მიერ “ჭარბი კრედიტის წარმოების” გამო.
დუნდუა მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ასეთი ორგანიზაციებისთვის დაწესდეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ისეთი ზედა ზღვარი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის საფრთხეს და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.
“ასეთი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ანალიზის ჩატარებაა საჭირო. ეს პრეროგატივა და წარმმართველი ძალაუფლება ეროვნულ ბანკს აქვს, მაგრამ იგი ამ ფუნქციას არ ახორციელებს. არ აკეთებს ანალიზს ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით და არ იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.
ეკონომისტების განცხადებით, ფინანსური ბაზრის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ეროვნული ბანკია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს ვერ შეისწავლის სოფლის მეურნეობის, განათლების ან ეკონომიკის სამინისტროები.
“თუ ეროვნული ბანკი ხედავს რისკს, უნდა წარმოადგინოს მათი შემცირების ადეკვატური პოლიტიკა. ეს იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რეკომენდაცია, თუ ნორმატიული აქტების გამოცემა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც ეროვნულ ბანკს მესამე წელია არ გაუკეთებია”, – აცხადებს დუნდუა.
ანალიტიკოსები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ სასწრაფოდ ჩატარდეს ჭარბვალიანობის კვლევა. ამასთანავე, სესხის გამცემი ორგანიზაციები ლიცენზირებას დაექვემდებაროს.