«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „ფლირტი მოსკოვთან” და საქართველოს “მრავალვექტორიანი” საგარეო პოლიტიკა
«The Daily Beast» (აშშ): საქართველო წამყვანი ტელეკომპანიის დაშანტაჟებას “კაგებეს” მეთოდებით შეეცადა და დამარცხდა
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/interview-donald-jensen/3062258.html
ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „ფლირტი მოსკოვთან” და საქართველოს “მრავალვექტორიანი” საგარეო პოლიტიკა
ნანა საჯაია
ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევართან, რომელიც წარსულში რადიო თავისუდეფლების ერთერთ ხელმძღვანელ პირი გახლდათ. მას ვაშინგტონში ნანა საჯაია ესაუბრა.
- უკანასკნელ პერიოდში მომსწრე გავხდით იმის, რომ რუსული პროპაგანდა აღწევს ისეთ სივრცეებში, რომლებსაც გაცხადებულად დასავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები ჰქონდათ, როგორიცაა მაგალითად საქართველო. რას ამბობს ეს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსზე?
- მე წარსულში დიპლომატი ვიყავი და არ მიყვარს მოკავშირეებზე, მეგობრებზე, ქვეყნებზე კომენტირება. ვფიქრობ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნეს კავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს, და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან.
საქართველო თავისი უახლესი ისტორიის გამო არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი თქვას, რომ საქართველო მზად არ არის.
- ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან მედია საშუალებები, რომლებიც ღიად ანტი-დასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და ამავდროულად გამოირჩევიან ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური განცხადებებით. რატომ შეიძლება ამას პრო-დასავლური ხელისუფლება აკეთებდეს?
- კარგი ახსნა შეიძლება იყოს, რომ ისინი ცდილობენ საგარეო გავლენების დაბალანსებას, რომ ქართველები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ შესაძლოა საქართველოს მმართველობის ნაწილი ხალხისგან განსხვავებით არ იზიარებს ქვეყნის დასავლურ კურსს.
ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე.
საქართველოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას დასავლეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს ეხმარება.
- ფიქრობთ რომ საქართველოს პრო-დასავლური კურსი იცვლება?
- მოკლე-ვადიან პერსპექტივაში არა, იქნება სირთულეები, დამარცხებები, მიხვეულ-მოხვეული გზები, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული საქართველოს სრულ ინტეგრაციაში. ვაშინგტონშიც ბევრისგან მოისმენთ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს სიმშვიდე თავისი საზღვრების ირგვლივ, მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც.
მოსალოდნელია საქართველომ კიდევ გარკვეული დრო ევრო-კავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში იცხოვროს, ან თურქეთის მსგავსად მას ჰქონდეთ ნატოს დაპირებული წევრობა, მაგრამ ეს არ მოხდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საქართველოს კურსს მაინც დასავლეთისკენ ვხედავ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობაზე წნეხს გააგრძელებს.
- …რომელიც უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გადხა მთავრობის კრიტიკის საგანი…
დონალდ ჯენსენი: ასეა, ამიტომაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა მათ გააგრძელონ ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის მუშაობა, სხვა შემთხვევაში იქნება ვითარება, როცა მთავრობაში გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით მიიღებენ და ეს მაინცდამაინც ქართველი ხალხის ნების შესაბამისი არ იქნება.
- ენ-დი-აის უკანასკნელი კვლევების მიხედვით მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. რამდენად შეეფერება ეს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მქონე ქვეყანას?
- ვწუხვარ რომ ასეა. თუმცა ეს მესამედია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ 70%-ს არ სურს ევრაზიული კავშირი. თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ მაჩვენებელი არ გაიზრდება. ვფიქრობ მთავრობას და დასავლეთს ძალუძთ ამ მაჩვენებლის მართვა. ვერ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველანი შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს.
- ეს მაჩვენებელი ერთ დღეს არ შეცვლილა და უკვე მერამდენე წელია მყარია. რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ დადებულ პირობაზე, რომ საქართველო მისი მმართველობის პირობებში აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი? რა როლი უჭირავს მსგავს განცხადებებს?
- და ეს ბევრისთვის მიმზიდველიცაა. საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუ კი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს.
ამ კონკრეტულ საკითხს [ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება] საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა. სავსებით შესაძლებელია ამ სწრაფად გაზრდილი მაჩვენებლის სწრაფადვე შემცირება თუკი მთავრობა მოსახლეობას დასავლეთის უპირატესობას დაანახებს.
ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, მაგრამ მართვადი, თუ მთავრობა თანდმიმდევრულ და დასავლურ პოლიტიკას გაატარებს.
- ვთქვათ, საქართველოს მთავრობა არის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგული, რა მოლოდინებს უნდა აკმაყოფილებდეს ის საამისოდ?
- პრო-დასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპრყობა აღარ ჭირდება, რაც უკვე დაიპყრო, მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს.
- რატომ ფლირტი?
- შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად – მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს.
- თქვენი აზრით საქართველოში აქედან რომელთან გავქვს საქმე?
- ალბათ უფრო სამივესთან ერთად.
«The Daily Beast» (აშშ), 17 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველო წამყვანი ტელეკომპანიის დაშანტაჟებას „კაგებეს” მეთოდებით შეეცადა და დამარცხდა
„პოპულარულმა ტელეკომპანიამ ქართველი ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია, შესაბამისად, სახელმწიფო ტელესადგურის ხელმძღვანელს აშანტაჟებს, – ასე იწყება სტატია, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილული „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული ფაქტები და მოვლენები (ავტორი – ანა ნემცოვა).
„ახალი ამაბების განყოფილებაში („ნიუსრუმში“) მყოფი, სიგარეტით ხელში, ნიკა გვარამია ბოლთას სცემდა… ღამის პირველი საათი იყო. ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ირგვლივ ბარიკადები აღმართეს და სახელმწიფო ბოროტმოქმედებისაგან თავდაცვის მიზნით“, – აღნიშნავს ავტორი, – „რედაქცია მათი სახლია, მაგრამ გასული კვირეების განმავლობაში ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, ინტენსიური კონფლიქტი განვითარდა: სასამართლო მოსმენები, ინტრიგები და მუქარები. ამ მეტად მძიმე და რთულმა სიტუაციამ ტელეარხის თანამშრომლები ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვა, ისინი ერთმანეთისთვის და-ძმებად იქცნენ“.
ჟურნალისტი საკმაოდ მუქი ფერებით აწერს საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას: „დღევანდელი საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც სიტყვის თავისუფლება ჰაერივით საჭიროა. განვლილი სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში უმუშევრობამ 17%-თ მოიმატა. უსახლკარო ბავშვები მათხოვრობენ. უპატრონო და უსახლკარო ქალები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქუჩაში ათენებენ და აღამებენ… ათობით ქართველი მუსულმანი – მოზრდილები და მათზე უფროსები ქვეყნიდან გარბიან და სირიელ ამბოხებულებას უერთდებიან (მათგან ოთხი ქართველი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურები არიან). მოქალაქეები იმედს კარგავენ – მათ არც „ქართული ოცნებისა“ და არც მისი ლიდერის, ყველაზე მდიდარი ქართველის, მილიარდერი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის აღარ სჯერათ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას „რუსთავი-2“ აღიზიანებს, რადგან ამ ტელეკომპანიის ეთერში ხშირად გადაიცემა ვიდეოსიუჟეტები, რომლებშიც რიგითი ადამიანები და მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მდიდარმა ლიდერმა მათ იმედები გაუცრუა. მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც კი საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, ეს ტელეარხის ჟურნალისტების, მათი ოჯახების წევრთა და პირადად მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაშანტაჟების მცდელობაა. ნიკა გვარამიას და მის ოჯახის – მეუღლისა და ორი შვილის უსაფრთხოება დაუცველი აღმოჩნდა. ტელეკომპანიის დირექტორი თავის თანამშრომლებს არაფერს უმალავს: მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი ოჯახის დანგრევას ცდილობს და დისკრედიტაციის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოოქვეყნებით დაემუქრნენ: სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრები საიდუმლოდ ჩაიწერეს და ასევე საიდუმლოდ გადაიღეს ინტიმური ვიდეოსცენები. ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული მუქარები ცნობილი ხერხია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, თუ როგორ შეიძლება ადამიანის სიმტკიცის გატეხვა…
მაგრამ ნიკა გვარამიას საკუთარი უსაფრთხოება და მუქარები იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც ქვეყნის მდგომარეობა: „ჩემი მდგომარეობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებით ხდება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს. აი, სწორედ ამის დაკარგვა არ გვსურს ამ ომში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „დეილი ბეისთ“-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს.
ნიკა გვარამია ახლადშექმნილმა უშიშროების სამსახურმა რამდენჯერმე დაჰკითხა, პირველი დაკითხვა რვა საათი გრძელდებოდა, მეორე კი – ხუთი. უშიშროებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს – ემიგრაციაში მყოფ ექს-პრეზიდენტისა და რუსეთისათვის საძულველი პიროვნებას შორის განნხორციელებული სატელეფონო საუბრების გარემოებები აინტერესებდა. როგორც ჩანს, გამომძიებელები დაკითხვის შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ: ნიკა გვარამია მათთვის კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, იგი მხოლოდ ტელეარხის უბრალო მენეჯერი კი არ არის, არამედ საქართველოს იუსტიციისა და განათლების ექს-მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელმაც თავის დროზე რეფორმების რეალიზებისათვის კანიონპროექტთა პაკეტი მოამზადა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრ თეა წულუკიანს არ დაუგმია ნიკა გვარამიას პირადი სატელეფონო საუბრების საიდუმლო ჩაწერის ფაქტი. „დეილი ბეისთ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჩაწერილ ფირზე მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას სისხლისღვრისაკენ მოუწოდებს, ხოლო თვითონ „რუსთავი-2“-ის გენდირექტორი ემოციური ადამიანია და მას უცხოეთში მყოფი ექსპრეზიდენტი ადვილად ათამაშებს, მისით მანიპულირებს.
პუბლიკაციაში გადმოცემულია უკრაინულ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული გვარამია-სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, რომელშიც „ტიპიურად ექსცენტრიული“ ექს-პრეზიდენტი „რუსთავი-2“-ის გენდირექტორს რევოლუციისა და ბარიკადების აგებისაკენ მოუწოდებს.
ვინ ჩაწერა სატელეფონო საუბრები? ნიკა გვარამიას ეჭვი აქვს, რომ ამ საქმეში უკრაინისა და რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელი ურევია. „და თუ ჩვენი საიდუმლო სამსახურიც კაგებე-ს მეთოდებით მუშაობს, ეს საქართველოსთვის მორიგი ახალი საშინელი ამბავია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ მის დაკითხვასთან დაკავშირებით „დეილი ბეისთ“-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ ნიკა გვარამიას თანამშრომლები მხარს უჭერენ და ამის დამადასტურებლად იმოწმებს პროდიუსერ სოფო ბუკიას ნათქვამს: „ჩვენ ამაყნი ვართ, რომ მან [ნიკა გვარამიამ] ქედი არ მოიდრიკა და ხელისუფლების მუქარების მიუხედავად, უკან არ დაიხია“.
როგორც სტატიიდან ირკვევა, ამერიკელი ჟურნალისტი შეხვდა და ესაუბრა აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრს ირაკლი ალასანიასაც, რომელიც, ავტორის თქმით, „ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ახლა კი საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია“: „სატელეფონო მოსმენები, შანტაჟი, ოჯახზე მუქარები – ეს ყველაფერი ტიპიური ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“, – ეს ირაკლი ალასანიას სიტყვებია.
ქართველები ახალი მტკიცე ლიდერის ძიებაში არიან და ამ თვალსაზრისით, ირაკლი ალასანია შესაძლოა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია. „ამ ხელისუფლებამ ჩემი ოცნებაც დაანგრია… ყველაფერს გავაკეთებ სიტუაციის შესაცვლელად და თავისუფლების გარანტიისათვის… რათა ადამიანთა სიცოცხლე პოლიტიკური ამბიციებისათვის არ იქნეს გამოყენებული“, – აცხადებს ირაკლი ალასანია „დეილი ბეისთ“-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს.
იურიდიული თვალსაზრისით, ნიკა გვარამიამ და „რუსთავი-2“- მა ხელისუფლებასთან ომში გაიმარჯვა: საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დანიშვნა უკანონოდ მიიჩნია და ნიკა გვარამიას თავისი უფლებამოსილება დაუბრუნა, მაგრამ მისი პირადი უსაფრთხოებას ჯერ კიდევ საშიშროება ემუქრება: ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გადაწყვიტა საქართველოს გაერიდოს ნდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში წავიდეს.