„რეზონანსი“: რატომ შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა?
„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „იდეოლოგიური ტერორის რეჟიმში ვიმყოფებით“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მუსლიმანები ევროპას ნებაყოფლობით იკავებენ… ისლამოფაშიზმი თანდათან აღზევდა“
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „არ არსებობს ლიდერი, რომელიც “ოცნების” ადმინისტრაციულ რესურსს დაამარცხებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „საგარეჯოში ნაციონალები ირმა ინაშვილსაც ეხმარებოდნენ და თამარ ხიდაშელსაც“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ქართული ოცნება“ მზადაა, მარგველაშვილთან დაპირისპირებას ქვეყანა გადააყოლოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „პრემიების შეზღუდვით 10 მილიონი დაიზოგება“
—————————-
„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
რატომ შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა?
ეკატერინე ბასილაია
“შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა,” – კვლევის შედეგებს ამჯერად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილი მოსახლეობის 61%-ს აქვს და ეს მონაცემი ზუსტად იმდენია, რამდენიც ერთი თვის წინ ენ-დი-აის კვლევაში დაფიქსირდა. თუმცა მოიმატა იმის შიშმა, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ სურათის მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია და მთავრობას და მედიას მოუწოდებენ, უფრო მეტი ისაუბრონ და მეტი დებატები შედგეს ევროკავშირის კონკრეტულ სიკეთეებსა თუ უპირატესობაზე. ამავე კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირს 27% უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 61%-მდე იყო შემცირებული, ევრაზიულ კავშირს კი მხარს 31% უჭერდა. ერთი თვის შემდეგ ახლა უკვე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, სადაც აღნიშნუილია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 17%-თაა შემცირებული. ამავე კვლევაში მოქალაქეებს აქვთ შიში, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. თუ ასეთი შიში 2013 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა 30% ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 45%-მდეა გაზრდილი.
კითხვაზე, ვის შეუძლია, უკეთ დაეხმაროს საქართველოს, 33% ევროკავშირს ასახელებს; 24% – რუსეთს; 17% კი აშშ-ს.
გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%-ს სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების – მხოლოდ 26%-ს. შესაბამისად, ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების – 35%.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფონდი ევროკავშირთან დაკავშირებით კვლევებს 2009 წლიდან აწარმოებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას რესპონდენტებს 108 შეკითხვა დაუსვეს. კვლევის საბოლოო შედეგსა და ფონდის მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოკვლეულ ძირითად ტენდენციებზე ანგარიშს საზოგადოება 25 ნოემბერს იხილავს, სადაც ასევე გაცხადდება ფონდის ხედვა და რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირის, არასამთავრობოებისა და მედიის მიმართ. მანამდე კი, საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს.
“ტენდენცია გვაჩვენებს, რომ იმ ადამიანთა რაოდენობამ იკლო, რომელიც ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა,” – აცხადებს ფონდის პრეზიდენტი.
ქეთევან ვაშაკიძე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის კლება 2013 წლის შემდეგ ჩანს და მკვეთრად გაზრდილია იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. იგი ამბობს, რომ ეს კლება შესაძლოა, რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას დავუკავშიროთ. იმაზე, კონკრეტულად რომელ ტრადიციებს ემუქრება საფრთხე, შეკითხვები არ დასმულა და ფონდი ამ საკითხზე მომავალში დამატებითი კვლევის ჩატარებას აპირებს.
“კვლევაში ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ საზოგადოებაში ხშირად არის ლაპარაკი, რომ ევროპა უკავშირდება გეების პროპაგანდას, რომ რაღაც ისეთი კანონები და წესები მივიღოთ, რომელიც ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზეა მარტივი პრორუსული პროპაგანდა აგებული. თუმცა ასეთივე დებატები ევროპაშიც მიდის, არის თუ არა ერთსქესიანი ქორწინება მათი ტრადიციის რღვევა,” – ამბობს ვაშაკიძე.
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობის კლების მიზეზად ვაშაკიძე მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებას ასახელებს და ამ საკითხში მედიის წვლილზეც საუბრობს. მიუხედავად კრიტიკისა, რომ ხელისუფლება პროდასავლურ კურსს არ მიჰყვება, ის ამის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა პრობლემად პოლიტიკოსთა კონსერვატიულ განცხადებებს ასახელებს: “კვლევაში ჩანს, რომ ძირითადად ჩვენი მოსახლეობა ამბავს ტელევიზიებიდან იღებს. უმეტესად უსმენს იმას, რას და როგორ ამბობენ პოლიტიკოსები. მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ არის “ოფინიონ მეიკერი”, ის, ვინც ქვეყანაში აზრს ქმნის. როდესაც მოსახლეობაში არ იციან, ევროპა რა არის, ამ დროს კი ძალაუფლებაში მყოფი პირებისგან სხვადასხვა, ხშირად კონსერვატიული მესიჯი მოდის, ეს ხალხის შიშს აძლიერებს. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურია. დიდი ხანია ევროინტეგრაციის საკითხების მონიტორინგზე ვმუშაობ, ვაკვირდები როგორ მიდის პროცესი. მესმის, როდესაც კოალიციური მთავრობაა, იქ არიან სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი ადამიანები. ამიტომაც როდესაც ძალიან კონსერვატორი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სტალინი უდიდესი ბელადი იყო და ამ დროს ევროპა ტრადიციებს მოგვიშლის, ეს რა თქმა უნდა კონსერვატორ აუდიტორიაზე გავლენას ახდენს. თუმცა მთავრობა და ასევე წამყვანი პარლამენტარები კონსერვატორები არ არიან,” – მიიჩნევს ვაშაკიძე.
ფონდის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობას მეტი და სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ისე, როგორც მაგალითად ეს ხდება ვიზის ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით.
“ვიზის ლიბერალიზაციის მსგავსად სხვა კონკრეტული საკითხების გაშუქება უნდა მოხდეს. ისეთის, რომელიც ჩვენს სტანდარტებს, მდგომარეობას, კეთილდღეობას გააუმჯობესებს. ბევრი ასეთი საკითხია, ხალხმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. მაგალითად, სურსათის უვნებლობის საკითხზე ჩვენი ფონდი აქტიურად მუშაობს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გვეხმარება ევროკავშირის სტანდარტები ამის გაუმჯობესებაში. ბევრია ასეთი არაპოლიტიკური საკითხი. ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია, რა დახმარება მოდის ევროკავშირიდან, ძირითადად განწყობა ასეთია: დახმარება მოდის, მაგრამ ის ელიტისთვისაა მხოლოდ და ხალხამდე არ აღწევს. ამ დროს კი ევროკავშირის დახმარება სისტემებისა და სტანდარტების აწყობა-განვითარებაზე მიდის და ამას ხალხი ვერ ხედავს,” – ამბობს ვაშაკიძე.
“უნდა იყოს ბევრი საუბარი იმაზე, რას წარმოადგენს დასავლეთი და რატომ უნდა გვინდოდეს ის. იდეოლოგიურადაც უნდა ვაჩვენოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიულად პატივს ვცემთ, ყოველთვის ესმოდათ ის, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი ღირებულებები საერთოა. უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს იმაზეც, დოვლათის სახით რას მოიტანს ევროპა. ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის გახსნამ დიდი შესაძლებლბა მოგვცა და აუცილებელია ამაზე მეტი საუბარი იყოს, ვასწავლოთ ბიზნესმენს და მოქალაქეს, ეს შესაძლებლობა როგორ გამოიყენოს. მეტი დებატი უნდა ტარდებოდეს. სახელმწიფო, რომელმაც დასავლური გეზი აიღო, ვალდებულია, წარმოადგინოს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად რას აკეთებს და რიგით ადამიანს როგორ შეუძლია ამ პროცესის მონაწილე იყოს,” – ამბობს ვაშაკიძე.
ფონდის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ არა მარტო ბევრი ისაუბროს ევროკავშირის სიკეთეებზე, ასევე გადადგას ნაბიჯები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
“აუცილებლად რაღაც უნდა იღონოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ევროკავშირმაც. ევროკავშირს გეგმებიც აქვთ და ახორციელებს კიდეც. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია – რუსეთი მარტივი ლოზუნგებით ცდილობს პროპაგანდა, იგივე ტრადიციების თემაზე, მოახვიოს ხალხს. ეს ხდება ევროპაშიც. საქართველოში პროპაგანდა განსაკუთრებით სოფლად მუშაობს. ევროკავშირმა მითების დამსხვრევა და სინამდვილის პოპულარიზაცია უნდა შეძლოს. შეძლოს იმის ჩვენება, როგორ ცუდად ცხოვრობენ იგივე რუსეთსა თუ მის მოკავშირე სომხეთში. ხელის შეწყობა მედიიდანაც უნდა მოხდეს. მთელი წელია მაუწყებელთან მოლაპარაკება გვაქვს, რომ ევროინტეგრაციის პროცესზე გადაცემები მომზადებულიყო, მაგრამ ვერაფერს ვხედავთ,” – ამბობს ვაშაკიძე და დასძენს, რომ იმედი აქვს, ხელისუფლება მათ კვლევებს და ანალიზს უფრო მეტად გამოიყენებს.
„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „იდეოლოგიური ტერორის რეჟიმში ვიმყოფებით“
თაკო მათეშვილი
“ისლამური სახელმწიფოს” პოზიციიდან, ჩვენ დღეს მათ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ” – ასე პასუხობს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად ემუქრება “აისისი” საქართველოს და ამბობს, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს საფრთხე ამ ეტაპზე ემუქრება არა ტერორისტული აქტების სახით, არამედ იდეოლოგიური დამუშავებით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. აქედან ტერორისტულ აქტებამდე კი, მისი აზრით, ერთი ნაბიჯია. ამ ყველაფერთან საბრძოლველად, არეშიძის თქმით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, რადგან არ აკონტროლებს სხვადასხვა სახის რელიგიურ სასწავლებელს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ და მოსწავლეებს რადიკალური იდეოლოგიით კვებავენ.
უსაფრთხოების დასაცავად ამ ეტაპისათვის გატარებულ ღნისძიებებს კი მამუკა არეშიძე არაზუსტად აფასებს: „რამდენადაც ვიცი, სიმკაცრე, პირველ რიგში, საზღვარზე გადამსვლელთა და აზიელთა მიმართა გამოვლინდა. ვფიქრობ, რომ ეს ზუსტი ქმედება არაა, რადგან ტერორისტები გეოგრაფიული ნიშნით არ იყოფიან. მოგეხსენებათ, პარიზში ტერაქტი ძირითადად ბელგიისა და საფრანგეთის მოქალაქეებმა მოაწყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე მუშაობაა საჭირო. ისე, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებები არ შეიზღუდოს“, – განაცხადა ექსპერტმა „რეზონანსთან“ საუბარში..
- თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ისლამური ქვეყნების დაწესებულებების შემოწმება და ქუჩებში რეიდების ჩატარება?
- არსებობს ოპერატიული მუშაობა, როცა რომელიღაც ობიექტს, ან ადამიანს ხელს შეგნებულად არ ჰკიდებ, რადგან ოპერატიული ინფორმაცია გაქვს და ამუშავებ. ისლამური ქვეყნების დაწესებულებებზე პირდაპირი თავდასხმა სწორი არ იქნება. ყველაფერი უნდა შემოწმდეს, დადგინდეს და მოქმედება ამის მერე უნდა დაიწყონ.
პირდაპირ გეტყვით, რომ ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა იქ რომ მივიდნენ და რეპრესიული ღონისძიება ჩაატარონ, ხელში სიცარიერლე შერჩებათ, რადგან ეს ობიექტი საქართველოს მოქალაქეზე, ეთნიკურ ქართველზეა გაფორმებული. რეალურად კი მას ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ადამიანები აკონტროლებენ. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს.
ამავდროულად, არსებობს ობიექტები, სადაც სიფრთხილის გარეშე შეიძლება პირდაპირი ღონისძიებების ჩატარება. მაგალითად საროსკიპო სახლები, რომლებშიც ძირითადად აზიური წარმოშობის ადამიანები მუშაობენ. ეს სახლები განსაკუთრებულად მრავლად აჭარაშია. როგორც წესი, აქ არა მხოლოდ აზიელი ქალებით ხდება უკანონო ვაჭრობა, არამედ კრიმინალიც ხშირია. სადაც კრიმინალია, ტერორიზმიც იქაა. ამ დაწესებულებებით საზოგადოებაც ძალიან შეწუხებულია.
ასე რომ, ეს ობიექტები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს – ისეთებად, რომელზეც იერიშის მიტანა პირდაპირ შეიძლება და ისეთებად, რომელზეც ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავებაა საჭირო.
- ზოგადად, რამდენად შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს ტერორიზმის საფრთხე და რამდენად შეიძლება ვყავდეთ “ისლამურ სახელმწიფოს” მიზანში ამოღებული?
- “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციიდან, ჩვენ დღეს მათ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მათ დიდი ხანია დააარსეს კავკასიის ვილაიეთი, რომელშიც საქართველოც შედის. ტერორისტულ საფრთხეს რაც შეეხება, არ მგონია ამ დარტმის ქვეშ აღმოვჩნდეთ, რადგან ძირითადი დარტყმა იმ ქვეყნებისკენაა მიმართული, რომლებიც ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ.
თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ისლამისტები სხვა მეთოდს იყენებენ – იდეოლოგიურ დამუშავებას. ტორორიზმი მხოლოდ ბომბის აფეთქებას არ ნიშნავს. იგი იდეოლოგიური მუშაობით სახელმწიფოს საფუძვლების შერყევასაც მოიაზრებს. ასე რომ, იდეოლოგიური ტერორის რეჟიმში ვიმყოფებით. სიცოცალური ქსელებით, სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციების მეშვეობით ისლამურ ხალიფატს საქართველოში იდეოლოგიური ფრონტი ფართოდ აქვს გაშლილი. იდეოლოგიური მუშაობიდან ტერორისტულ აქტამდე კი ერთი ნაბიჯია.
- რომელ რეგიონებში მიდის თქვენს მიერ ნახსენები “იდეოლოგიური დამუშავება” განსაკუთრებით აქტიურად?
- ეს ყველგანაა – იქაც, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ და იქაც, სადაც არ ცხოვრობენ. მაგალითად თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, კახეთში და შიდა ქართლში ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია.
- რას აკეთებს ამ ყველაფრის წინააღმდეგ სახელმწიფო და რამდენად აკონტროლებს სიტუაციას პანკისში? ცნობილია, რომ ამ რეგიონში ისლამისტებისა და განსაკუთრებით თარხან ბათირაშვილის პოპულარობა ძალიან მაღალია.
- პანკისისაგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს ხატი 90-იანი წლების ბოლოს შეიქმნა და დღემდე გამოიყენება. ნუ დაგვავიწყდება, რომ პანკისის ხეობაში სულ 8 ათასი კაცი ცხოვრობს. სახელმწიფოს, რომელიც 8 ათას კაცს ვერ მოუვლის და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყობს, არსებობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. ასეთი სიტუაცია კი არც ჩვენს სახელმწიფოშია და არც პანკისის ხეობაში. პანკისში მოსახლეობის ერთი ნაწილი ვაჰაბიტებს თანაუგრძნობს და მათგან 60-70 ადამიანი სირიის ომში მონაწილეობს.
ვითარება ქვემო ქართლსა და აჭარაში ბევრად უფრო რთულია. ამ ადამიანთა რაოდენობისა და ინფორმაციის სიმწირის თავლსაზრისით, ეს რეგიონები ბევრად მძიმეა. რას უპირისპირებს ამ ყველაფერს სახელმწიფო, ეს დეტალურად, რასაკვირველია, არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება.
მაგალითად, სახელმწიფოს საყვედურობენ თუ რატომაა ამდენი ისლამისტური საიტი. ვინც ინტერნეტში ცოტათი მაინც ერკვევა, იცის, რომ გვერდის გახსნა პრობლემა არაა, მითუმეტეს სოციალურ ქსელებში. ვიცი, რომ სპეცსამსახურები ამ საიტებს ბლოკავენ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი იხსნება.
არის რამდენიმე საიტი, რომლებიც არ დახურულა. მაგალითად, თავად ხალიფატის საიტი. იმედი მაქვს, ეს საიტი სწორედ იმიტომ არ იხურება, რომ მისი ოპერატიული დამუშავება მიმდინარეობს. არკვევენ, თუ როგორ ხდება მაუწყებლობა და ვინ დგას მის უკან. სხვა ქმედედებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო და სპეცსამსახურები ბევრ რამეში ჯერ კიდევ ჩამორჩენილია.
- კონკრეტულად რაში?
- მაგალითად, განვიხილოთ საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში მრავლადაა და მათი ნაწილი განათლების სამინისტროს არ ექვემდებარება. ასეთი რამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს სასწავლებლები სერიოზული შესწავლის საგანი უნდა იყოს. სხვათაშორის, ასეთივე შეცდომა ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამაც დაუშვა და შედეგს ყველა ვხედავთ.
- გულისხმობთ სხვადასხვა რელიგიურ სასწავლებელს, სადაც მოსწავლეებს რადიკალური იდეოლოგიით ზრდიან?
- ამას ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არის საეჭვო საწავლებლები, რომლებიც არავინ იცის, რას ასწავლიან. ისინიც კი, რომლებიც ასეთი საქმიანობით არ არიან დაკავებულნი, განათების სამინისტროს მაინც უნდა ექვემდებარებოდეს. როგორც მუსულმანური, ისე ქრისტიანული სასწავლებლები.
- ინფორმაციას გურჯისტანის ვილაიეთის დაარსების შესახებ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ვახტანგ გომელაურმა ეს ცნობა უარყო, თუმცა საუბარი მაინც არ წყდება. რა იცით თქვენ ამის შესახებ?
- მე ვიცი, რომ ეს ვილაიეთი ჯერ-ჯერობით არ დაარსებულა, თუმცა იგეგმება. ამის ინიციატორები ის ეთნიკური ქართველები არიან, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში იმყოფებიან.
- ფიქრობთ, რომ გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა აქედან წასული ჯიჰადისტების უკან დაბრუნების მიზეზი შეიძლება გახდეს მათი ადგილზე გააქტიურების მიზნით?
- ვინ უნდა დააბრუნონ, 100- 120 კაცი? 100 კაცს ქვეყანამ ვერ უნდა მოუაროს? უბედურება ისაა, რომ ის ხალხი, რომელთაც ამ პროცესის გააქტიურება შეუძლიათ, ისედაც საქართველოში არიან. წასულები რომც დააბრუნონ, ეს არაა ის რაოდენობა, რომელთაც სამ მილიონნახევრიანი ქვეყნისათვის პრობლმის შექმნა შეუძლია. ისინი მხოლოდ იმ შეთხვევაში შექმნიან პრობლემას ,თუკი ადგილზე მყოფი გავლენის ჯგუფები აამუშავეს. გავლენის ჯგუფებს კი გასააქტიურებლად ბრძანება სჭირდება.
- თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ტერაქტებზე საფრანგეთის პუსუხი – რაქას დაბომბვა?
- ჩემთვის ოლანდი სუსტი პოლიტიკური ფიგურაა. იგი არაა ადამიანი, რომელსაც სიტუაციის მართვა რკინის ხელით შეუძლია. ეჭვი მაქვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ცოტა ხანი “იფაფხურებს” და მერე გაახსენდება, რომ არსებობს ზოგიერთი ფსევდოევროპული ფასეულობა, რომელსაც თავის დროზე საფრანგეთის უშიშროების სისტემა შეეწირა.
მულტიკულტურალიზმის, ტოლერანტობისა და ადამიანთა უფლებების იმ გაგების ფართომასშტაბიანი დაცვა, რომელიც ევროპაში აქვთ, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ხშირად საზიანო ხდება. ევროპული ქვეყნები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ბალანსის დაცვას ვერ ახერხებენ. გამონაკლისში გერმანიას ვგულისხმობ.
დანარჩენები, და განსაკუთრებით საფრანგეთი, პირიქითაა. ამ ზოგადი პრინციპების დასაცავად მან ყველაფერი გააკეთა და ქვეყნის უსაფრთხოება უგულვებელჰყო. ეს ჩემთან საუბარში საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმაც დაადასტურეს. მითხრეს, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ზემოთხსენებული პრინციპების გამო, მათ მუშაობას ზღუდავს. ფაქტია, რომ ყველაფერი ერთად არ გამოდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში გაგრძელდება.
- რა პროცესებს გულისმობთ?
- ვგულისხმობ არა მხოლოდ ტერორისტულ აქტებს – ეს ზედაპირია, არამედ მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებასა და ინტეგრაციული პროცესის შეფერხებას. საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში ინტეგრაციის პროცესი დარღვეულია. 13 ნოემბრის ტერაქტში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი საფრანგეთის მესამე, მეოთხე თაობის მოქალაქე იყო. ამითაც ჩანს, რომ ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაწყვეტილია. ამ ადამიანების უკან ხალხის უზარმაზარი არმია დგას, რომელიც მათ თანაუგრძნობს და რომლებიც, ამავდროულად, საფრანგეთის, ბელგიის, ან ჰოლანდიის მოქალაქეები არიან.
- ანუ, ამ ადამიანებთან მიმართებაში უფრო “მკაცრი ხელის” საჭიროებას ხედავთ?
- რასაკვირველია. პრიორიტეტი სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს. ყველა ქმედება აქედან უნდა გამომდინარეობეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა მინიჭებული უფლება ქვეყანაში ტერორის წამოსაწყებად და ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ბალანსის მონახვაა საჭირო საფრანგეთშიც და საქართველოშიც. მონდომების შემთხვევაში ეს შესაძლებელია.
„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მუსლიმანები ევროპას ნებაყოფლობით იკავებენ… ისლამოფაშიზმი თანდათან აღზევდა“
გულიკო ბალაძე
პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ დღეს მუსლიმანური მოსახლეობის მიერ ევროპის ნებაყოფლობითი დაკავების პროცესი მიმდინარეობს. ევროპაში მკვიდრი მოსახლეობის ოდენობა სწრაფად მცირდება, რადგან შობადობა დაბალია.
- 30 წლის შემდეგ ევროპის მოსახლეობის შემადგენლობა მთლიანად შეიცვლება, ვინაიდან არსებული შემადგენლობა დაბერებულია. იმდენად ცოტაა იმ ქალების რაოდენობა, ვისაც შეუძლია შვას ბავშვები, რომ 30 წლიან პროგნოზს წყალი არ გაუვა. ამასობაში მკვიდრი ევროპელები უმცირესობაში დარჩებიან, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
- ახლა მუსლიმანების მხრიდან ევროპის დემოგრაფიული დაპყრობა ხდება?
- ეს დემოგრაფიული დაპყრობა კი არა, ნებაყოფლობითი პროცესია.
- ევროპელები თავიანთი სურვილით მიდიან ამ დათმობაზე?
- როდესაც მუშახელი საერთოდ არ არის, პროდუქციას ვინ შექმნის? დიკ ჩეინიმ, როდესაც შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი იყო, თქვა დაბერებულ ევროპას აღარაფერი შეუძლიაო. მერე ბოდიში მოიხადა, რადგან სკანდალი ატყდა. ამასობაში შობადობის ბუმია ისლამურ ქვეყნებში და ობიექტური მიზეზების გამო. თანდათან აღზევდა ისლამოფაშიზმი.
- ჩვენთან ამბობენ, რომ ისლამურ სახელმწიფოში ახალგაზრდები ეკონომიკური პრობლემების გამო მიდიან და ამას არ უკავშირებენ რელიგიურ ფანატიზმს.
- ეს სხვა პრობლემაა. საქართველოდან ვინც კი წასულა საბრძოლვე;ად სადმე, მათ შორის სირიაში, ძირითადად მიდიან იმის გამო, რომ აქ სამუშაო ადგილები არ არის.
- ისლამოფაშიზმის წარმოშობის მიზეზი რა არის?
- ისლამოფაშიზმი იმის გამო წარმოიშვა, რომ ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში მოდერნიზაციის პროექტი ჩავარდა და ამან მოსახლეობაში დიდი გაწბილება გამოიწვია.
- ისლამოფაშიზმის და ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის ცნობილია ევროპის დემოგრაფიული მდგომარეობა?
- რა თქმა უნდა.
- ანუ შეგნებულად ხდება ევროპაში ემიგრირება?
- ევროპაში მიდიან, რადგან იქ გამზადებულია სამუშაო ადგილები თავისი სოციალური დაცვითა და შემწეობით.
- ევროპა ლიბერალობის გამო ვერ ამბობს დევნილების მიღებაზე უარს.
- ლიბერალობის კი არა, ეკონომიკის გამო ვერ ამბობს უარს. მუშახელი სჭირდება. ახლაც, ამ გაჭირვების ჟამსაც ვერ ამბობენ უარს მათ მიღებაზე. ევროპის რამდენიმე ლიდერმა ეს დაადასტურა.
- რა ქმნის ისლამოფაშისტურ ფსიქოლოგიას?
- ზუსტად იგივე სიტუაცია იყო გერმანიაში, როდესაც წაგებულმა ომმა გერმანელ ხალხში გამოიწვია იმედგაცრუება, როდესაც თავისი ათეული წლის, პატიოსანი შრომის დანაზოგი რამდენიმე დღეში დაკარგეს. ეს იყო დიდი გაცრუების შეგრძნება და ეს მტერს დააბრალეს. ამისთვის კი ებრაელები გამოიძებნენ. ანალოგიურად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში რიგ მუსლიმანურ ქვეყნებში ჩავარდა მოდერნიზაციის პროექტები. თავიდან იყო პრივატიზაციის გეგმა. ამბობდნენ, რომ სულ მალე მიაღწევდნენ იმ დონეს, რაც დასავლეთში იყო, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. მოსახლეობაში გაჩნდა იმედგაცრუება და დაბრუნება ისლამური ფასეულობებისკენ.
- ხომ არ სჯობდა, დასავლეთი და ევროპა შეშვებოდნენ მუსლიმანურ ქვეყნებს და იმ ხალხს თავისი გზა თვითონ მოეძებნა? გარედან თავსმოხვეულმა რევოლუციებმა შედეგი აშკარად ვერ გამოიღო…
- პირიქით, ისინი თხოვდნენ დახმარებას, ესენი კი ძალიან დიდხანს უარს ეუბნებოდნენ.
- ბაშარ ასადის რეჟიმი არ ახერხებდა რადიკალი ისლამისტების შეკავებას?
- არავითარ შემთხვევაში. ეს მორიგი მითია. ბაშარ ასადის რეჟიმი იყო სისხლიანი დიქტატურა. როდესაც ამ ქვეყანაში გაჩნდა სრულიად კორექტული ზომიერი ოპოზიცია, ბაშარ ასადმა ნაცვლად დიალოგისა, მასშტაბური სისხლიანი აქციებით უპასუხა, დაიწყო ადამიანების ხოცვა. ბაშარ ასადმა ხალხი რომ დახოცა და დილაობით გვამები ქუჩაში ეყარა, ზომიერი ოპოზიცია გაქრა და გაძლიერდნენ ისლამისტი რადიკალები.
„რეზონანსი“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „არ არსებობს ლიდერი, რომელიც “ოცნების” ადმინისტრაციულ რესურსს დაამარცხებს“
“ოპოზიციაში დღეს არ არსებობს არც პოლიტიკური დაჯგუფებები და არც ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ “ოცნების” ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს” – განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც “რეზონანსის” კორესპონდენტი ია აბულშვილი ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობს და ჯერ-ჯერობით მათი შექმნის კონტურებიც არ ისახება. ჩვენთან მხოლოდ პოლიტიკური დაჯგუფებებია, რომლებიც ერთ რომელიმე ლიდერ-ატამანის ირგვლივ არიან. მათი მიზანია ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება ნებისმიერი გზით. ეს ნიშნავს სრულ წვდომას ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსებისადმი, სამართალდამცავი ორგანოების სრულ გაკონტროლებას… ამ მხრივ საქართველო უნიკალური ქვეყანა ნამდვილად არ არის, ასეთი ვითარება საკმაოდ ხშირია ე.წ. გარდამავალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში. ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, რომ 20 წელია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და უნდა გავარღვიოთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ვერ განხორციელდა“
(…)
კარგი იქნება, თუ “ქართული ოცნების” რიგები გადახალისდება. მოსახლეობაში დამკვირდა აზრი, რომ ხელისუფლებაში ძირითადად მედროვეები იმყოფებიან, რომლებიც მხოლოდ პირად ინტერესების რეალიძებაზე ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე სურთ გამდიდრება. დღეს პარლამენტში მყოფი დეპუტატებიდან მომავალი არჩევნების შემდეგ, ალბათ, 20%-ს უკვე ვეღარ ვნახავთ, ისინი ახალ სიებში ვეღარ მოხვდებიან. პარლამენტარი პატიოსანი და პოროფესიონალი უნდა იყოს, დეპუტატის ფიცს არ უნდა არღვევდეს. ასეთებს მმართველ კოალიციაში ვერ ვხედავ.
(…)
„ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში მოხვედრის რესურსი ნამდვილად აქვს. ესაა პირველ რიგში ადმინისტრაციული რესურსი, რომლის მაქსიმალურ გამოყენებას ჩვენ უკვე მოვესწარით, ადგილობრივი არჩევნების დროს. სულ ახლახან, საგარეჯოშიც, შუალედური არჩევნების დროსაც იგივე მოხდა. მეორე რესურსი ისაა, რომ ოპოზიციაში დღემდე არ არსებობს არც პოლიტიკური დაჯგუფებები და არც ქარიზმატული ლიდერები, რომლებთაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ოცნების ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს.
თუმცა [დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს], კოალიციაში შემავალი 6 პარტიიდან საარჩევნო ბარიერს, ამჟამინდელი სიტუაციით, ვერცერთი ვერ გადალახავს. საქართველოში არსებული პოლიტიკური ლიდერ-ატამანები თავიანთ შანსს არაადექვატურად აფასებენ და ჰგონიათ რომ ხმების 20-30%-ს უპრობლემოდ აიღებენ, თუმცა ბარიერის გადალახვაც არ შეუძლიათ. ამაში გვიან რწმუნდებიან ხოლმე“.
(…
ჯერ-ჯერობით, უცნობია, დაიშლება თუ არა მმართველი კოალიცია პარლკამენტის არჩევნებამდე. „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე გავიდნენ, ხოლო მათ გვერდში, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რესპუბლიკელები ღიად უდგანან და ამას არც მალავენო. არავინ იცის, დარჩებიან თუ არა რესპუბლიკელები კოალიციაში“.
(…)
„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მას ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი ორგანიზების უნარი, აგრეთვე საკმაოდ დიდი ფინანსები. ამომრჩეველთა 10%, რომელიც მათ მხარს უჭერს, არჩევნებზე აუცილებლად მივა. სხვების პასიურობის ფონზე ეს „ნაცებისათვის“ კარგი შედეგი იქნება“.
(…)
„ირაკლი ალასანიას პარლამენტში მოხვედრის არავიტარი სანსი არ აქვს, იგი საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ გადალახავს. ბარიერს ვერც ნინო ბურჯანაძე ვერ დასძლევს. პატრიოტა ალიანსს აქვს ამის სანსი, მაგრამ ბარიერის გადალახვა ერთია, ხოლო ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღება – მეორე. ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში ერთი წლისთ ადრე რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენთან ყველაფერი წყდება არჩევნებამდე ერთი ან თვენახევრით ადრე, ხოლო ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი ისაა, როცა არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. ცხადია, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი ეკონომიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ვთქვათ, ლარის სწრაფი დევალვაცია მოხდა, განვითარდა ჰიპერინფლაცია და ამ დროს გამოჩნდება სააკაშვილის მსგავსი ვირაც დემაგოგი და ხალხნა შეიძლება ამ დემაგოგს დაუჯეროს…“.
„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „საგარეჯოში ნაციონალები ირმა ინაშვილსაც ეხმარებოდნენ და თამარ ხიდაშელსაც“
მარიამ მჭედლიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე კრიზისული პროცესები მიხეილ სააკაშვილის მიერაა პროვოცირებული.
- მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს შიმშილობის აქცია იმის გამო, რომ გაყალბდა შუალედური არჩევნები საგარეჯოში. სააკაშვილმა საამისოდ თავიდანვე დაიჭირა თადარიგი – ნაცმოძრაობამ უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, ხელი შეუწყო სხვა პარტიების მიერ ბოიკოტის გამოცხადებას. გარდა ამისა, საგარეჯოში დაიწყო ნაციონალების ორმაგი თამაში: ერთი მხრივ, ნაციონალური პარტიის აქტივისტები ეხმარებოდნენ `ქართული ოცნების~ რესპუბლიკელ კანდიდატ თამარ ხიდაშელს, მეორე მხრივ კი, ნაცმოძრაობის წევრები ხმას აძლევდნენ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს ირმა ინაშვილს, – განუცხადა „ახალ თაობას“ მირიან მირიანაშვილმა.
- ინსპირატორებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამ არჩევნების შედეგებს პროტესტი მოჰყვებოდა?
- რა თქმა უნდა. იყო გათვლა, რომ „ქართული ოცნება“ დაეპირისპირებინათ იმ პარტიასთან, რომელიც მხარს უჭერდა პრემიერ ღარიბაშვილს. ახლა სააკაშვილი კმაყოფილია იმით, რომ დედაქალაქსა და რაიონებში მიმდინარეობს შიმშილობის მასობრივი აქციები. გაყალბებული არჩევნების გამო, აქციების მოწყობა შესაძლებელია, ოღონდ, პროტესტი არ უნდა გასცდეს არჩევნების თემას. აქციის მონაწილეებმა უნდა მოითხოვონ საგარეჯოში ახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მაგრამ მათ არ უნდა დააყენონ ისეთი საკითხები, რომელთა შესრულებაც სცილდება ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებს და რომლებიც კრიზისს გამოიწვევს.
- გინდათ თქვათ, რომ აქციის მონაწილეებმა არ უნდა მოითხოვონ ორი მინისტრის გადაყენება?
- დიახ. ეს მოთხოვნა თავად ირმა ინაშვილს დააზიანებს. მინისტრების გადაყენება შექმნის საპარლამენტო კრიზისს და რესპუბლიკელების განდგომას. უმრავლესობის რიგები შეთხელდება. პარლამენტში ერთად აღმოჩნდებიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალები. არჩევნებამდე დარჩენილ დროში ხელისუფლებას კრიზისულ სიტუაციაში მოუწევს მართვა.
- იქნებ, პროტესტანტებს ვადამდელი არჩევნების იმედი აქვთ?
- თუ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ფიქრობენ, რომ ვადამდელ არჩევნებს მიაღწევენ, რესპუბლიკელებს განდევნიან, მათ ადგილს დაიკავებენ და თან პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ, გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონიათ თავზე.
მირიან მირიანაშვილის ინფორმაციით, არჩევნების თემაზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს ნაციონალური მოძრაობაც აპირებს. როგორც ის ამბობს, „სააკაშვილს უნდა მიაჩვიოს დასავლეთი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გამყალბებელია. დიდ საპროტესტო აქციებს საარჩევნო თემაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავენ. უკვე ჩაფიქრებულია შიმშილობის აქციებიც, რომლებშიც ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიები და პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კატაკლიზმებს ასცდეს, პოლიტიკოსის აზრით, აუცილებელია, სააკაშვილი გახდეს ემიგრანტი, მის მიერ უკანონოდ მითვისებული ნაციონალური მოძრაობა კი ნამდვილ დამფუძნებლებს დაუბრუნდეს“.
მირიან მირიანაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებას, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოსართმევად.
- თეა წულუკიანმა ხომ გაგზავნა დოკუმენტი უკრაინაში?
- ეს დოკუმენტი სადღაც ჩაიკარგა. არსენ იაცენიუკის აპარატი აცხადებს, რომ უკრაინის არც ერთი ინსტანციისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არაფერი არ გაუგზავნია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თეა წულუკიანი, როგორც მინიმუმ, ვერ აკონტროლებს სააკაშვილის ლობის თავის სამინისტროში. პროცესი გაიჭიმება. ამაში პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მოუხსნან. არადა, ამით ირღვევა კონსტიტუცია და მთელი რიგი კანონები. უკრაინის პრეზიდენტის საიტზე მაისის ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი – სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ – იმას ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა მაშინვე უნდა შეწყვეტოდა. ეს უნდა მომხდარიყო 7 თვის წინ. პროცესი ჭიანურდება, ხელისუფლება კი გვატყუებს.
- მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ სააკაშვილი ვეღარ უხელმძღვანელებს პარტიას.
- დიახ. თუ პარტიას სხვა თავმჯდომარე ეყოლება, ნაცმოძრაობა ქვეყანას საფრთხეს ვერ შეუქმნის. ახლა იგეგმება ნაციონალების მოსვლა ხელისუფლებაში. ამისთვის გამოიყენებენ 2003 წლის მოვლენების მეთოდებს. მას შემდეგ, რაც პარტია წაგვართვეს, ნაცმოძრაობა იქცა ოლიგარქთა სუბიექტად და არა პარტიად. აქ ჩაიდო რუსი და უკრაინელი ოლიგარქების ინტერესები. სააკაშვილი უკრაინაშიც ამ ინტერესებს ატარებს და ეწევა ეკონომიკურ-პოლიტიკურ რეკეტს. სააკაშვილს თავისი ქონება უკრაინაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აქვს დაბანდებული. წამება და სადიზმი, რომელთაც სააკაშვილი 10 წლის განმავლობაში საქართველოში იყენებდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, რომ არავინ გამოსულიყო ქვეყნის საყოველთაო ძარცვის წინააღმდეგ. ეს რომ არ განმეორდეს, ზომებია მისაღები
„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ქართული ოცნება“ მზადაა, გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებას ქვეყანა გადააყოლოს… პრეზიდენტის გამოსახლებაზე ყველა განცხადება ზღაპარია“
შორენა მარსაგიშვილი
ემუქრება თუ არა საქართველოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, რა საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას „ქართული ოცნების“’ და პრეზიდენტის დაპირისპირება, რას ერჩიან მმართველ გუნდში დუმბაძეებს, რამდენი ახალგაზრდა წავიდა აჭარიდან ისლამური სახელმწიფოს მხარეზე საომრად? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
- ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, აჭარის რეგიონში მრავლად სახლობენ როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმები და მათ შორის დაძაბულობა თუ შეინიშნება?
- აჭარა მთელს დედამიწაზე უნიკალური რეგიონია, აქ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მშვიდობიანად თანაარსებობენ მუსლიმანები და ქრისტიანები. რელიგიური ურთიერთობის თვალსაზრისით მსოფლიოს მაგალითად მომავალშიც უნდა ვიქცეთ, აქ ბევრია ოჯახი, სადაც ქმარი მუსლიმია, ხოლო ცოლი – ქრისტიანი, ანდა პირიქით. მთლიანად საქართველოში არანაირი ნიშნები არ არსებობს იმისა, რომ ადამიანები რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
- ნიშნები არ არისო, კი ამბობთ, მაგრამ რიგ რეგიონებში რელიგიურ ნიადაგზე არაერთხელ გამწვავდა ვითარება. ასეთი ფაქტები მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა.
- ასეთი ფაქტები მომავალშიც იქნება, მაგრამ მათ რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს. მგონია, რომ დაპირისპირებაში ჩართული ადამიანები ბინძურ პოლიტიკაზე წამოეგნენ და მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. არსებულ და წინა ხელისუფლებას სურდა, ამით პოლიტიკური ქულები დაწერა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობას საქართველოში წერტილი დაესვა.
- საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მათ შორის აჭარიდანაც წავიდნენ ახალგაზრდები ისლამური სახელმწიფოს მხარეს საომრად. ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ეს რაიმე დაძაბულობას ხომ არ გამოიწვევს რეგიონში?
- არა მგონია. ადამიანს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში ეწერება და რელიგიას იარაღად იყენებს, რწმენასთან კავშირი არ აქვს. საქართველოს პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი განცხადება გააკეთა და თქვა, ეს ყველაფერი რელიგიას არ უნდა დავუკავშიროთო. დარწმუნებული ვარ, იქ ახალგაზრდები რელიგიურობის გამო არ მიდიან. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ახალგაზრდების დასაქმებისთვის. აქაურ ახალგაზრდებს სამსახური რომ ჰქონოდათ და თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ, სხვის ომში არ წავიდოდნენ. არც აჭარაში და არც დანარჩენ რეგიონებში ამ თემის გარშემო ვითარების გამწვავებას არ ველოდები. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიეროს და საზღვრებზე კონტროლი გაამკაცროს. ხელისუფლებამ ამაზე უნდა იზრუნოს და არა იმაზე, როგორ შეუქმნან უშიშროების საბჭოს პრობლემები.
- თქვენი აზრით, მთავრობა უშიშროების საბჭოს პრობლემებს უქმნის?
- პრობლემებს, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნიან. უშიშროების საბჭო პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლქვეშაა და უშუალოდ მარგველაშვილი მეურვეობს მას. როგორც კი ამ სისტემამ ამუშავება დაიწყო, მთავრობამ შექმნა პარალელური სტრუქტურა და მას კრიზისების მართვის საბჭო დაარქვა.
გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ ნოემბერში უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევდა. პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით მან საბჭოს სხდომა ამ დღეებში ჩანიშნა, მოქმედმა პრემიერმა ღარიბაშვილმა კი კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მოიწვია. მთავრობამ განაცხადა, ამ სხდომას დავესწრებითო. პარალელიზმი ქვეყანას არაფერში გამოადგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას ეხება. საფრანგეთი საქართველოსთან შედარებით ბევრად ძლიერი ქვეყანაა და იქ სპეცსამსახურებიც გაცილებით უკეთ მუშაობენ, მაგრამ მათაც კი გაეპარათ ტერორისტები. ამ მხრივ ჩვენ განსაკუთრებით დიდი მუშაობა გვმართებს. რაც უნდა განსხვავდებოდეს პრეზიდენტის და მთავრობის პოზიციები, უსაფრთხოების დაცვაზე ისინი უნდა შეთანხმდნენ. კრიზისების მართვის საბჭო არის უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურა, რომელიც საქართველოს არ გამოადგება. უშიშროების საბჭოს ფორმატი უნდა დარჩეს და მინისტრები იქ უნდა იკრიბებოდნენ პრეზიდენტთან ერთად და გიორგი მარგველაშვილიც უნდა იყოს ჩართული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაში.
- მინისტრებმა ადრეც თქვეს უარი, დასწრებოდნენ უშიშროების საბჭოს სხდომას. ახლა, როცა ასეთი გამოწვევების წინაშე დავდექით, რატომ ჯიუტობს მთავრობა?
- ეს მთავრობის სიჯიუტე არ არის, ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერის ახირებასთან გვაქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილთან პიროვნულად არის დაპირისპირებული. ამიტომაც არის, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობა მას პრობლემებს უქმნის. გასაგებია, რომ ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ნაციონალების გაშვებაში, მაგრამ მისი ახირება საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი ნეგატიურია. მაინტერესებს, სადამდე გასტანს ყოფილი პრემიერის უპასუხისმგებლობა. საკმარისია, მარგველაშვილი უხსენო, რომ ელეთმელეთი მოსდის. მოქალაქე ივანიშვილის საქმე არ არის, რა ჯდება პრეზიდენტის შენახვა. წამოსწია თუ არა ეს თემა, ახლა მთელი `ქართული ოცნება~ იმას გაიძახის, პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა ძვირი ჯდებაო.
- ორი უშიშროების საბჭოს შენახვა არ უჯდება ქვეყანას ძვირი?
- იმედია, ამაზეც გააკეთებს მოქალაქე ივანიშვილი განმარტებებს. მოქმედი პრემიერი ყოფილის რჩევებს უსიტყვოდ ითვალისწინებს და ვთხოვ, რომ ღარიბაშვილს ურჩიოს, გააუქმოს კრიზისების მართვის ცენტრი. ამ შემთხვევაში მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ ორი პარალელური სისტემის შენახვა ძვირი გვიჯდება. ეს არის ხელისუფლების შტოების დაბალანსების კონსტიტუციური საფუძვლების მორყევის მცდელობა. ამან ქვეყანაში, შესაძლოა, სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს. კიდევ კარგი, გიორგი მარგველაშვილი, როგორც ხელისუფალი, ძალიან ადეკვატურად იქცევა. მისი ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს კაცი ყოველდღე უფრო ამართლებს იმ სტატუსს, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია. პიროვნული დაპირისპირებით ქვეყნის მართვა საქართველოს არ გამოადგება. ახალბედა სახელმწიფო ვართ და ისედაც ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს. ახლახან დემოკრატიულობაშიც კი შეგვექმნა პრობლემები.
- რას გულისხმობთ?
- ჩემმა მოგვარემ, დიასპორის მინისტრმა, განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც მთავრობა რუსულ „გაზპრომთან იჩენს. რუსული გაზი განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და კახა კალაძეს მოსწონთ. გელა დუმბაძე კი წინააღმდეგია, მაგრამ მთავრობა თუ გადაწყვეტს „გაზპრომ“-თან ხელშეკრულების გაფორმებას, ის უნდა დაყაბულდეს და გუნდურად იმოქმედოს. გადაწყვეტილების მიღებამდე კი თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ის გვარად დუმბაძეა.
- საქართველოში რუსული გაზის შემოსვლაზე რას ფიქრობთ, სახიფათოა?
- კითხვის ნიშნები არის. ხელისუფლებას თავიდანვე ღიად უნდა ემოქმედა. ამის ნაცვლად, მთავრობის წევრები „გაზპრომ“-ის ხელმძღვანელობას სხვადასხვა ქვეყნებში ჩუმად ხვდებოდნენ. ახლა კეთილი ინებონ და კარგად აუხსნან მოსახლეობას, რა არის დივერსიფიკაცია და რა არის ალტერნატიული წყაროების მოძიება.
- გელა დუმბაძის მიერ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი დიასპორის მინისტრის პოსტის გაუქმებაზე ალაპარაკდა. ეს ნორმალურია?
- ეს მთავრობა დუმბაძეებს აშკარად ვერ გვგუობს. ეს ხუმრობით, ახლა კი სერიოზულად. მთავრობას უპირობო ერთსულოვნება დაღუპავს. ყველა ხელისუფლება საკუთარი უნიათობის ხარჯზე დამარცხდა. არც ერთი ოპოზიციური ძალა ისეთი ძლიერი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებისთვის მოეგო. ყველა ხელისუფლება თავად ჭედდა საკუთარ დამარცხებას. ესენიც ასე იქცევიან.
- თქვენი აზრით, წავლენ ამ სამინისტროს გაუქმებაზე?
- წინასწარ არ ვიცი, რას იზამენ. ის კი ნათელია, რომ უმრავლესობა ასეთი განცხადებებით ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ცდილობს. ჰგონიათ, რომ ამის შემდეგ 2016 წლის საარჩევნო სიაში მოხვდებიან.
- თქვენ კარგად იცნობთ ივანიშვილს და როგორ გგონიათ, დააფასებს მათ ამაგს?
- საარჩევნო სიაში მოხვედრის იმედი ტყუილად აქვთ. ჩემი რჩევა იქნება, გელა დუმბაძესაც თავი დაანებონ და პრეზიდენტის დაუმსახურებელი კრიტიკაც შეწყვიტონ. რჩევა ბევრჯერ მიმიცია, მაგრამ არ ითვალისწინებენ და ალბათ არც ამას გაითვალისწინებენ.
- და გაგრძელდება პრეზიდენტის ლანძღვა?
- სამწუხაროდ, ასე იქნება. მარტო ლანძღვას ვინ ჩივის, ანტისახელმწიფოებრივად იქცევიან. „ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტთან დაპირისპირებას ქვეყანა გადააყოლოს. საინტერესოა, სად გადის მათი უპასუხისმგებლობის ზღვარი. კიდევ კარგი, მარგველაშვილი მაინც იქცევა ღირსეულად. ამათ გამოხდომებს პასუხებს არ სცემს. მისი მიზანი ღირსეული სახელმწიფოს შექმნაა. რაც მთავარია, მას უნდა, რომ ყველას პრეზიდენტი იყოს. „ქართული ოცნებისთვის“ ერთ განმარტებასაც გავაკეთებ – საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს პრეზიდენტის ადგილმდებარეობის საკითხს. იქ პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი თავისი ფუნქციონირებისთვის ზის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის საქმიანობის წესი ორგანული კანონით და პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. რამდენადაც ვიცი, გიორგი მარგველაშვილს გამოცემული აქვს ბრძანებულება, სადაც მისი სამუშაო ადგილი არის მითითებული. ასე რომ, მის გამოსახლებას ტყუილად ცდილობენ და ამას არაფერი ეშველება.
- ვერ გამოასახლებენ?
- ერთადერთი გზა პრეზიდენტის პოსტის გაუქმებაა. სხვა გზა არ არსებობს და ყველა განცხადება მის გამოსახლებაზე არის ზღაპარი.
„ახალი თაობა“, 19 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „პრემიების შეზღუდვით 10 მილიონი დაიზოგება“
ნონა ცაბაძე
ცოტა ხნის წინ უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე საკანონმდებლო ინიციატივით წარდგა, რომლის მიხედვითაც მაღალი თანამდებობის პირებს პრემიების აღება აეკრძალებათ. უმრავლესობამ კანონპროექტი დაიწუნა. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეიცავს ხარვეზებს და დასახვეწია. ლევან ბერძენიშვილმა კი კანონპროექტს პოპულისტური უწოდა. კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა, ხოლო მეორე მოსმენისას რამდენიმე ხმა დააკლდა.
ზაქარია ქუცნაშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება:
- ბატონო ზაქარია, ვნახეთ, თქვენივე კოლეგებმა უმრავლესობიდან არ დაუჭირეს მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. გავა კანონპროექტი მესამე მოსმენით?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევძლებთ ჩვენი კოლეგების დარწმუნებას ცვლილებების აუცილებლობასა და გარდაუვალობაში. პირველი მოსმენით მე ეს შევძელი, ხოლო მეორე მოსმენისას 6 ხმა დამაკლდა კანონპროექტის კენჭისყრისას.
- უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი?
- კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას, რომლის გარდამავალ დებულებაში განისაზღვრება იმ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, ვისაც ახალი საჯარო სამსახურის კოდექსის ამოქმედებამდე, ანუ 2017 წლის 1 იანვრამდე, შეეზღუდება კანონის ძალით პრემიის აღების უფლება.
- რატომ 2017 წლის 1 იანვრამდე?
- იმის გამო, რომ 2017 წლის 1 იანვარს შედის ძალაში ახალი საჯარო სამსახურის კოდექსი და იმით უკვე გათვალისწინებულია პრემიების სისტემის გაუქმება. შესაბამისად, პირთა წრე, ვისაც ეს ეხება, გახლავთ მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან პარლამენტის ან მთავრობის მიერ დანიშნული პირები და რომლებიც თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, იღებენ ყოველთვიურ მაღალ თანამდებობრივ სარგოს და დანამატს. სამართლებრივი თვალსაზრისით, პრემია არის ფულადი ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
- არ უნდა მიიღონ ფულადი ჯილდო კარგი მუშაობისთვის?
- ბეჯითი მუშაობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დამსახურებად, ეს მოვალეობაა და არა – დამსახურება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს შეზღუდვა უნდა შეეხოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და არა – საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირებს. ეს იმიტომ, რომ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოსნები საჯარო სამსახურმა უბრალოდ იქირავა, მათ აქვთ დაბალი – 900-1.000 ლარიანი თანამდებობრივი სარგოები და მათ უნდა ჰქონდეთ ბეჯითი მუშაობისთვის პრემიის მიღების მოლოდინი.
- მაღალი რანგისას არ უნდა ჰქონდეს ეს მოლოდინი?
- მაღალი რანგის თანამდებობის პირს, რომელიც იქირავა ხალხმა, ეს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
- რატომ ყოფთ ამ ხალხს, ამაზე ვიღაც ხომ შემოგედავებათ?
- ვინმემ რომ მკითხოს, რატომ ვახდენთ სეგრეგაციას და რატომ გვინდა, მაღალი რანგის პირებს მოვუხსნათ პრემიები, საშუალოს და დაბალს კი დავუტოვოთ, მე ვკითხავ: განმისაზღვრონ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა გაიცეს პრემია მინისტრზე, მინისტრის მოადგილეზე, მოსამართლეზე, დეპუტატზე თუ მარეგულირებელზე. რითი უნდა გავზომოთ, რომ ამ ხალხმა ეს ჯილდო დაიმსახურა?!
- არ არსებობს მსგავსი მექანიზმი? ან აქამდე რა დამსახურებისთვის იღებდნენ ამხელა პრემიებს?
- არ არსებობს. მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენით გავზომავთ თუ გამამართლებელით? ან დეპუტატს იმით, ბევრს ილაპარაკებს თუ ცოტას?! არ არსებობს ობიექტური საზომი, რაც ფულადი ჯილდოს საფუძვლად შეიძლება იქნას გამოყენებული. უფრო მეტიც, ევროპელები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეს და სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს თუ ბეჯითად მუშაობისთვის ექნებათ პრემიის მიღების მოლოდინი, მაშინ ისინი ამ ბეჯითად მუშაობას გააიგივებენ მაამებლურ მუშაობასთან და არა – კანონმორჩილ მუშაობასთან.
- გამოდის, რომ არგუმენტი ბევრი გაქვთ.
- დიახ, მოსაზრებები და არგუმენტები საკმაოდ ბევრია სამართლებრივი თვალსაზრისით. მე აღარ ვლაპარაკობ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე, რადგან პოლიტიკური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
- ოპონენტების კრიტიკას გულისხმობთ?
- დიახ. ამ თემას იყენებს ის პოლიტიკური ძალა `ქართული ოცნების~ დისკრედიტაციისთვის, რომელმაც თავად შექმნა ეს სისტემა. მხედველობაში მაქვს ნაციონალური მოძრაობა. ამ სისტემის შემქმნელი ეს დემაგოგიური ჯგუფი რომ დავტოვოთ მშრალზე, აუცილებელია, ამ სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ.
- თქვენივე გუნდის წევრები რატომ არიან უკმაყოფილონი და მხარს არ გიჭერენ? მათ არ სურთ, რომ დათმონ პრემიები და დანამატები?
- დეპუტატებს თუ გულისხმობთ, პარლამენტში არსებული უმრავლესობის უმრავლესობა ამ ინიციატივას უჭერს მხარს. ეს გამოიხატა როგორც პირველი, ასევე მეორე კენჭისყრისას.
- თუმცა მეორეზე ვერ გავიდა.
- რა თქმა უნდა, არიან მოწინააღმდეგენიც. მათ, როგორც ჩანს, არ ესმით პრობლემის არსი.
- პენსიების და დანამატების საკითხით ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველები და პენსიონერები არიან გაღიზიანებულნი. 2016 წლის ბიუჯეტში პენსიის მატება არ არის გათვალისწინებული. თუკი მაღალი თანამდებობის პირები დათმობენ პრემიებს, ამ შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი პენსიის მატება?
- ჩემი კანონპროექტი ითვალისწინებს 746 მაღალი რანგის თანამდებობის პირისთვის პრემიის აღების უფლების შეზღუდვას. ეს თანხა შეადგენს 2,5 მილიონს კვარტალში, ანუ 10 მილიონს წელიწადში. ეს 10 მილიონი საკმარისი არ არის პენსიების ზრდისთვის. ეს თანხა მარტო ერთთვიან 10 ლარიან მატებას ეყოფა.
- არ არის საშუალება, გამოინახოს თანხები, რომ პენსიამ მოიმატოს?
- ვნახოთ. დიმიტრი ხუნდაძემ დასვა ეს საკითხი ბევრად ადრე, ვიდრე ბაქრაძე ჩაატარებდა თავის ცნობილ პრესკონფერენციას. მთავრობა შემოვა გადამუშავებული ბიუჯეტით პარლამენტში, ვნახოთ, რა იქნება. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ და რაიმე მოლოდინი შევქმნა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.