«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ „ისლამური სახელმწიფო“ ადგილობრივ ტერორისტებს კავკასიის აფეთქებას უბრძანებს, ისინი ნამდვილად ააფეთქებენ“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ გიორგი თარგამაძესთან: „ვაშინგტონში კოლეგების მოწვევით რუსული საფრთხე განვიხილე“
———————–
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 23 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ „ისლამური სახელმწიფო“ ადგილობრივ ტერორისტებს კავკასიის აფეთქებას უბრძანებს, ისინი ნამდვილად ააფეთქებენ“
გიორგი ლებანიძე, თბილისი
(შემოკლებით)
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე საბრძოლველად არა მარტო პანკისელი ჩეჩენ-ქისტები მიდიან, არამედ საქართველოს კიდევ ორი რეგიონიდან – ქვემო ქართლიდან და აჭარიდან. კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან ინტერვიუში განმარტავს, რა როლს ასრულებენ კავკასიელები „ისლამურ სახელმწიფოში“ და რა საფრთხეს წარმოადგენენ ისინი საქართველოსა და ევროპისათვის.
- მამუკა, თქვენ ამას წინათ განაცხადეთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის თვალსაზრისით, პანკისის ხეობასთან შედარებით სიტუაცია აჭარაში და ქვემო ქართლში უფრო უარესია. თქვენი აზრით, რომელი ფაქტორები უწყობენ ხელს ფეთქებადსაშიში ვითარების შექმნას ამ რეგიონებში?
- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონებში უფრო მეტი მოსახლეობაა, ვიდრე პანკისის ხეობაში, სადაც დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, აჭარაში კი 220 ათასზე მეტია. მუსულმანებით დასახლებულ აჭარის მთიან რაიონებში სიტუაცია ნაკლებად კონტროლირებადია. მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე თურქეთის სიახლოვე: აჭარლებს საქართველოდან თურქეთში გადასვლა უპრობლემოდ შეუძლიათ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სწავლობენ, მუშაობენ… ასე რომ, გეოგრაფიულად გამოცალკევებულ პანკისის ხეობასთან შედარებით, აჭარის მოსახლეობის გაკონტროლება რთულია. აჭარიდან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ რიგებში 20-მდე ადამიანი იბრძვის, თუმცა ოთხი უკვე დაიღუპა.
კიდევ უფრო რთულია ქვემო ქართლის მოსახლეობის გაკონტროლება – იქ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ისინი ბევრად მეტნი არიან. ისინი ძირითადად შიიტებია, მაგრამ არიან სუნიტებიც – საერთო რაოდენობის დაახლოებით 8-10%. არიან აგრეთვე სალაფიტებიც, ანუ ტრადიციული ისლამის მიმდევრბი. სალაფიზმი ქვემო ქართლში, შეიძლება ითქვას, დაჩქარებული ტემპებით ვრცელდება.
(…)
- პანკისელმა ომარ ალ-შიშანმა (თარხან ბათირაშვილმა) და მუსლიმ ალ-შიშანმა (მურად მარგოშვილმა) სირიაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების რიგებში წარმატებას მიაღწიეს. თქვენი აზრით, ქვემო ქართლელები და აჭარლები რატომ ვერ „დაწინაურდნენ“?
- დიახ, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან წასულებს შორის პანკისელთა მსგავს „გამოჩენილ პიროვნებებს“ ვერ ვხედავთ. საქმე იმაშია, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები (ქისტები) შვილებს საბრძოლო, მეომრული სულით ზრდიან, რასაც მათი იდეოლოგია – „ნოხჩი“ განაპირობებს. ამ იდეოლოგიით არის განსაზღვრული ბავშვების აღზრდის არსი. ასე რო, მეომრის უნარ-ჩვევებს პანკისელები ბავშვობიდანვე ეუფლებიან.
ამასთან, გასათვალისწებებელია მნიშვნელოვანი მომენტი: ტერორისტული აქტიურობა ორი ძირითადი კომპონენტის სახითაა გამოხატული – შეიარაღებული ბრძოლით, ანუ ტერორით და იდეოლოგიური მუშაობით. ეს დეტალი ხშირად სპეციალისტები ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. აჭარლები იდეოლოგიურ ბრძოლაში ტოლს არავის უდებენ, ვთქვათ, სოციალურ ქსელებში. მიმაჩნია, რომ იდეოლოგია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიარაღებული ბრძოლა და ტერორი. ისინი ხომ [პროპაგანდის წყალობით] უბრალო ადამიანების გონებას და გულს ეუფლებიან და ამით დიდ ეფექტს აღწევენ. საქართველოდან წასული აჭარლები – რადიკალური ისლამის იდეოლოგები ძირითადად აზიაში მუშაობენ – თურქეთში, არაბულ ქვეყნებში – საუდის არაბეთში, ყატარში და ა.შ. ისინი მოქმედებენ სოციალური ქსელების მეშვეობით, რომლებიც მათ საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პროპაგანდის წყალობით მიდიან სირიაში ეთნიკური გერმანელები. ჩვენთანაც თითქმის იგივე სიტუაციაა: როცა სამი ახალგაზრდა ეთნიკური ქართველი საზღვარზე დააკავეს (ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მიდიოდნენ), გაირკვა, რომ მათი გადაბირება სოცქსელების მეშვეობით „ჯოყოლოს ამირის“ ანიუფ ბორჩაშვილის ემისარმა მოახდინა.
- ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში პანკისიდან და აჭარიდანაა წასული, მათგან ყველა იდენტიფიცირებული არ არის, ანუ ბევრი ვითომდა თურქეთში იმყოფება და მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მათ უკან დაბრუნება სისხლის სამართლებრივი დევნის გარეშე შეუძლიათ. როგორ მიგაჩნიათ, ისინი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ?
- ასეთები მთელი საქართველოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ დაახლოებით ასოცი ადამიანია. ქვემოქართლელი ორი აზერბაიჯანელი და ოთხი აჭარელი უკვე დაიღუპა, პანკისელი კი – თორმეტი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, წარმოადგენენ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები რაიმე საფრთხეს საქართველოსათვის, მათი დაბრუნების შემთხვევაში, გეტყვით, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვალა ამ ადამიანების ფსიქიკა, ან რა დავალებას მიიღებენ. ასე რომ, გარკვეული საფრთხე მართლაც არის. ცხადია, იმ დონის არა, რომ რაღაც კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პარიზში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრები არაბი, რომლის საზოგადოებასტან ინტეგრირება ვერ მოხდა, განსხვავდება იმ პანკისელი ქისტისაგან, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში იბრძოდა და სამშობლოში – საქართველოში ბრუნდება. ევროპაში მცხოვრებ მუსულმანებზე აგიტაციამ უფრო მეტი გავლენა მოახდინა, ისინი სიძულვილით განეწყვნენ იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც ისინი შეიფარა და ბევრი რამ მისცა. ამ თვალსაზრისით [პანკისელები, აჭარლები და ქვემოქართლელები] ანტიქართული მოქმედებისადმი ნაკლებად დამყოლნი არიან… თუმცა ვინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საქართველო სირიაში მიმდინარე ომის პერიფერიას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური სახელმწიფოს“ ვერსიის თანახმად, საქართველო მაინც „ხალიფატის“ ნაწილია და „კავკასიის ვილაიეთის“ ცენტრად ითვლება. ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია – თუ უშუალოდ ქართველების წინააღმდეგ არა, მაშინ საქართველოში არსებული უცხოეთი წარმომადგენლობების მიმართ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ბრძანებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც “კავკასიის ვილაიეთს“ [კურირებენ]. „კავკასიის ვილაიეთი“ – ეს არა მარტო საქართველოა, არამედ აზერბაიჯანი და ჩრდილოეთი კავკასია. საქმე ეხება „მოსიარულე ბომბებს“ და თუ „ისლამური სახელმწიფო“ მათ კავკასიის აფეთქებას უბრძანებს, ისინი ნამდვილად ააფეთქებენ.
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/targamadze-in-washington/3067922.html
ინტერვიუ გიორგი თარგამაძესთან: „ვაშინგტონში კოლეგების მოწვევით რუსული საფრთხე განვიხილე“
ანა კალანდაძე
ვაშინგტონში, ამერიკელი პარტნიორების მოწვევით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე იმყოფებოდა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თარგამაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ამერიკულ ანალიტიკურ სამსახურს აინტერესებდა მასთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასახვას ნახულობს რუსული ე.წ. რბილი ძალა და საინფორმაციო ომი საქართველოსა და უკრაინაში. ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ის ფონდში დღეს მუშაობს, როგორც ყოფილმა პოლიტიკოსმა დაგვიდასტურა. თუმცა მისი თქმით, ვაშინგტონში შეხვედრები ჰქონდა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და მათ აზრს მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისათვის.
კითხვაზე, თუ როგორ აღიქმება საქართველოში არსებული რეალობა ვაშინგტონიდან, მითუმეტეს ყველა ამ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ამერიკული კვლევითი წრეებისთვის, საბედნიეროდ, საქართველო კვლავაც მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. „მიუხედავად შიდა პრობლემებისა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან მიმართებით და ასევე მოსახლეობის განწყობების ცვალებადობისა სხვადასხვა საკითხში, საქართველო რჩება იმ ქვეყნად, სადაც პრო-დასავლური არჩევანი ურყევია,”-აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველო, ამერიკელი პარტნიორების აზრით, საბოლოოდ მართლაც შეიძლება იქცეს დემოკრატიულ, ევროპულ, წარმატებულ ქვეყნად, და დემოკრატიული სამყაროს დასაყრდენ ძალად რეგიონში როგორც ადამიანის უფლებების, თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის, ისე ზოგადად, მშვიდობიანი თანაცხოვრების მხრივ.
რაც შეეხება საქართველოში რუსული გავლენების თემას, გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ “რუსეთის შიდა მოქმედებებში, გარდა მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკისა საქართველოს მიმართ, არის ცვლილებებიც. სამხედრო ძალა არ არის ერთადერთი რესურსი და ისინი ბევრს სწავლობენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან და დასავლეთისგან. შესაბამისად, ე.წ. რბილი ძალა სრულად არის მოქმედებაში მოყვანილი იქ, სადაც მათ ამის რესურსი გააჩნიათ.”
აღნიშნულ რესურთან დაკავშირებით, გიორგი თარგამაძის თქმით, „საქართველო ძალიან მოწყვლადი ქვეყანაა. თავი რომ დავანებოთ ეთნიკურ უმცირესობებს, რომელთა რაოდენობა საქართველოში მთლიანობაში 16%-ს შეადგენს, მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ იცის რუსული ენა და მათთვის რუსული საინფორმაციო არხები ხელმისაწვდომი და გასაგებია. ამასთან, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის. შესაბამისად, რუსული არხების აგრესიული საინფორმაციო კამპანია ამ ადამიანების მოსაზიდად ქმნის სერიოზულ პრობლემას. 2008 წლის შემდეგ საქართველოში მოხდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი მუხლი გვეუბნება, რომ საფრთხეებს შორის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ეთნიკური უმცირესობების ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის დაბალი დონე“. გიორგი თარგამაძეს ამის მაგალითად მოჰყავს გამოკითხვებში დაფიქსირებული რეალობა, რაც, მისი თქმით, მიანიშნებს შემდეგს: დღეს, 5 თვის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროარჩევანის მიმართ, გაორმაგდა.
როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომად-გენელმა აღნიშნა, ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, პარტნიორებს კითხვები, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დემოკრატია რეგრესს განიცდის, აღარ აქვთ, თუმცა აინტერესებთ თუ რა დამატებითი გზავნილი ან როგორი განცხადება უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათი შეშფოთება თბილისში სრული სერიოზულობით აღიქვან.