«Независимая газета» (რუსეთი): ამიერკავკასიული დაბნეულობა // რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო რეგიონის სუბიექტები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ
«Би-Би-Си – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): სომხეთი და რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოში კვლავ ფედერალიზმზე ალაპარაკდნენ
«Деловая столица» (უკრაინა): ლეონიდ ჩერნოვიცკი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების ნიადაგს უმზადებს?!
—————–
«Независимая газета» (რუსეთი), 7 დეკემნბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-12-07/3_kartblansh.html
კარტ-ბლანში: ამიერკავკასიული დაბნეულობა
რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გამო რეგიონის სუბიექტები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ
სტატიაში მიმოხილულია სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციის პირობებში: მასში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია თურქეთ-აზერბაიჯანის კონტაქტებზე – პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტზე ბაქოში, რომელმაც აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში ქმედითი დახმარება აღუთქვა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებამ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია გაამწვავა, – ხაზგასმულია სტატიაში (ავტორი – იური სიმონიანი).
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, „პრინციპში, აჰმედ დავუთოღლუს ახალი არაფერი არ უთქვამს, რადგან თურქეთი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში ყოველთვის აზერბაიჯანის მხარდამჭერი იყო: ანკარამ, ბაქოსთან სოლიდარობის ნიშნად, ერევანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, დახურა სახელმწიფო საზღვარი და სომხეთი ეკონომიკური ბლოკადაში მოაქცია… დიახ, ეს ყველაფერი დიდი ხანია ცნობილი და რეალურია, მაგრამ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებებმა მოსკოვ-ანკარის კონფრონტაციის ფონზე მეტი მნიშვნელობა შეიძინა.
საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩავარდა კიდევ ორი რეგიონული სუბიექტი – აფხაზეთი და საქართველო.
აფხაზეთი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და იმავდროულად მას არალეგიტიმური კავშირები ჰქონდა თურქეთთან, სადაც გავლენიანი აფხაზური დიასპორა არსებობს. ცნობილია, რომ რუსეთის კომპანიების გარდა, საერთაშორისო სანქციების პირობებში, მხოლოდ თურქულმა ფირმებმა გაბედეს აფხაზეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება და ახლა, როცა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები გამწვავებულია, აშკარაა, რომ თურქული კომპანიების საქმიანობა საერთოდ შეწყდება.
რაც შეეხება საქართველოს, ის საერთოდ გრდემლსა და უროს შორის აღმოჩნდა: რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ესკალაციის პირობებში ანკარას შეუძლია შავის სტრატეგიულ პარტნიორს – თბილისს სამოკავშირეო ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს – როგორც მინიმუმი, რუსეთის ავიაციას თავისი საჰაერო სივრცე დაუხუროს და ამით ხელი შეუშალოს სომხეთში დისლოცირებული გიუმრის სამხედრო ბაზის უზრუნველყოფას. თავის მხრივ, მოსკოვს პირიქით შეუძლია თბილისს კომუნიკაციების გაფართოება მოსთხოვოს.
მოკლედ, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არევ-დარევა და დაბნეულობა შეიტანა. იქაურ დედაქალაქებში გრძნობენ, რომ სიტუაცია შეიძლება მათ გარეშე განვითარდეს, მაგრამ მათ ინტერესებს აუცილებლად შეეხება.
«Би-Би-Си – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 7 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2015/12/151206_armenia_turkey_russia_tension
სომხეთი და რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი
ერევანში დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს მოსკოვ-ანკარის ურთიერთობების გაურესებას, რადგან არაა გამორიცხული, რომ პატარა სომხეთი შეიძლება ორი რეგიონული სახელმწიფოს დაპირისპირების მორევმა ჩაითრიოს, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – მარკ გრიგორიანი).
სომხეთის სეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროფ ბაზაა განლაგებული, ხოლო თუ ბაზა კონფლიქტში ჩარევა, მაშინ ვითარება სომხეთ-თურქეთის საზღვარზე აუცილებლად გართულდება. ამ ფონზე არაა გამორიცხული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებაც. საერთოდ, სომხეთი უკვე ათეული წლებია თურქეთთან და აზერბაიაჯანთან „არც ომის და არც მშვიდობის“ რეჟიმში იმყოფება. მიზეზი რამდენიმეა: პირველი – ესაა 1915 წელს მომხდარი სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა თურქეთში, რომელიც სომეხთა გენოციდის სახელით შევიდა ისტორიაში. ამ ფონზე ერევანი ყოველთვის ეჭვის თვალით უქეროდა რუსეთ-თურქეთის დაახლოების ტენდენციას, რომელიც 1990-იანი წლებიდან დაიწყო. „ჩვენთან ასეა მიღებული: თუ რუსეთის და თურქეთის ერთმანეთთან დამოკიდებულება უკეთესდება, ეს სომხეთისათვის სახიფათოა“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტან საიბარში ერევანში არსებული კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი.
მეორე მიზეზი ისაა, რომ სომხეთში კარგად ახსოვთ, თუ რა შედეგი მოუტანა სომხებს იოსებ სტალინისა და მუსტაფა ქემალის კარგმა ურთიერთობამ – 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულების ძალით მოსკოვმა ანკარას სომხეთის ისტირიული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იან წლებიდან შედიოდა ხოლო სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფარგლებში – 1918-1921 წლებში. „თუმცა ახლა, როცა რუსეთ-თურქეთი ურთიერთობა უარესდება, აშკარაა, რომ სომხეთისათვის არც ასეთი სიტუაციაა კარგი“, – ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი.
სომეხი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების აზრით, რუსეთსა და თურქეთს შორის საქმე სამხედრო კონფლიქტამდე არ მივა შესაბამისად, გიუმრის სამხედრო ბაზის რესურსებიც გამოყენებული არ იქნება. თანაც, როგორც სამხედრო ანალიტიკოს სერგეი მინასიანი ამბობს, გიუმრის ბაზის რესურსები არასაკმარისია იმისთვის, რომ თურქეთის წინააღმდეგ შემტევი ოპერაცია განხორციელდეს: „რადგან გიუმრის ბაზაზე მხოლოდ ერთი ბრიგადაა, მას მხოლოდ შემაკავებელი ფუნქციის შესრულება შეუძლია. თურქეთს რუსული ბრიგადის საპირისპიროდ საზღვის იქითა მხარეს რამდენიმე ბრიგადა ჰყავს განლაგებული“. რა თქმა უნდა, სერიოზული ოპერაცია რომ განხორციელდეს, რუსეთმა სომხეთში რეზერვები უნდა გადაისროლოს, მაგრამ რიოგორ? მათ ერთმანეთთან საზღვარი არ აქვთ, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოა მოქცეული. მოსკოვი ამ მიზნით ვერც საქართველოს საჰაერო სივრცეს ვერ გამოიყენებს და ვერც აზერბაიჯანისას.
სომხეთი შეიძლება იმ ეკონომიკური სანქციებით დაზარალდეს, რომელიც რუსეთმა თურქეთს დაუწესა. მართალია, თურქეთ-სომხეთს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, ამის მიუხედავად, თურქული საქონელი სომხეთში მაინც თავისუფლად იყიდება. აქ თურქული პროდუქცია მესამე ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის: „ყველაფერი თურქული, რაც კი რუსეთმა აკრძალა, სომხეთში მაინც შემოვა, მესამე ქვეყნებზე ტრანზიტით“, – იმედიანად ამბობს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ამჟამად კი პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე არზუმანიანი.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 5 დეკემბერი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20151205-v-gruzii-vnov-zagovorili-o-federalizatsii
საქართველოში ფედერალიზმზე კვლავ ალაპარაკდნენ
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ შაბათის ეთერში გადაცემულ რეპორტაჟში საუბარია საქართველოში ბოლო კვირაში მომხდარი ამბების შესახებ.
პირველი – სკანდალი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ გამოიწვია:
„ქართველებსა და აფხაზებს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ევროპულ რეალობაში. დავით აღმაშენებლის დროს კი რა იყო, მე არ ვიცი“, – თქვა მან და ეტყობა, მართლაც არ აცოდა, რომ დავით IV აღმაშენებელს 1089-1125 წლებში „ქართველებისა და აფხაზების მეფეს“ უწოდებდნენ. ასეა თუ ისე, ოპოზიციამ, „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა პაატა ზაქარეიშვილი მკაცრად გააკრიტიკეს, იგი „ანტისახელმწი-ფოებრივ“ ქმედებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მინისტრი წყალს რუსული იმპერიალიზმის წისქვილზე ასხამს“. ეს კიდევ არაფერი – პაატა ზაქარეიშვილმა კიდევ ერთი წინადადება გააჟღერა: ქართველებმა და აფხაზებმა საქართველოს ერთიან, ფედერაციულ სახელმწიფოში უნდა იცხოვრონო.
პაატა ზაქარეიშვილს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი ესაუბრება. შეკითხვაზე, როგორ ფედერაციას გულისხმობს იგი – ყოფილი ჩეხოსლოვაკიის მსგავს ორსუბიექტიანს თუ მრავალსუბიექტიანს, რომელშიც, აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა მხარეებიც შევლენ, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: „ეს მომავლის საქმეა, თუმცა ყველაზე საუკეთესო აფხაზეთისათვის ფედერაციული მოწყობა იქნება, მათი ტრადიციების დაცვისა და ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით“. ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკება აფხაზებთან უახლოეს ხანში შეუძლებელია.
მინისტრმა ინტერვიუში განმარტა, რომ მისი გამონათქვამი – ქართველებსა და აფხაზებს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოქცდილება არ აქვთო, არასწორადაა ინტერპრეტირებული: „მე მხედველობაში მქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო, რაც, თავის მხრივ, შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.
შეკითხვაზე, „აფხაზური მხარე თქვენს წინადადებას ფედერაციული მოწყობის თაობაზე „ჩავლილ მატარებლად“ თვლის და კითხულობენ, რატომ არ შეიძლება საქართველომ და აფხაზეთთმა ერთმანეთთად კარგი მეზობლებივით იცხოვრონო – ჩეხეთისა და სლოვაკეთის მსგავსად“, მინისტრი პასუხობს: „მატარებელი ჰორიზონტზე ჯერ გამოჩენილიც კი არ არის, ეს მომავალი თაობების საქმეა. სიტუაციას კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ აფხაზების იდენტურობის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნითაა შესაძლებელი, ევროპული საქართველოს შემადგენლობაში.
როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ (იგი თბილისში ცხოვრობს და ლექციებს აფხაზეში მდებარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კითხულობდა) განუცხადა, პაატა ზაქარეიშვილის წინადადებას, აფხაზები, ალბათ, არც განიხილავენ, თუმცა სახელმწიფო მინისტრის თვალსაზრისი „სწორი მიმართულების გადადგმული ნაბიჯია“, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ქართულ-აფხაზური დიალოგის განვითარებისათვის. გიორგი ანჩაბაძის თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ აფხაზებთან მოსალაპარაკებისათვის დრო დაკარგა და კომპრომისის რესურსი ტყუილ-უბრალოდ გაფლანგა.
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ რეპორტაჟის მეორე თემაა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი, რომელიც, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა: ექს-პრეზიდენტს, რომელიც ამჯამად უკრაინის მოქალაქეა და ოდესის ოლქს ხელმძღვანელობს, ბევრჯერ უთქვამს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს. ახლა კი, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს, იგი უკვე სამშობლოში პოლიტიკური საქმიანობას ვეღარ მოახერხებს. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ მოქალაქის ფორმალური სტატუსი და პასპორტი მთავარი არ არის: მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველზე კვლავ გავლენიან მოთამაშედ რჩება და, ალბათ, გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზეც, რომელიც, აქედანვე ჩანს, რომ საკმაოდ დრამატულად განვითარდება.
«Деловая столица» (უკრაინა), 7 დეკემბერი, 2015 წელი
ლეონიდ ჩერნოვეცკი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების ნიადაგს უმზადებს?!
„კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის – „ბედნიერი საქართველოს“ დაფუძნება გამოაცხადა“, – ნათქვამია უკრაინულ გაზეთ „დელოვაია სტოლიცაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური ვასილჩენკო).
„ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ უკრაინის ხელისუფლებას რაიმე პრეტენზია არ აქვს – მას ყველაფერი აპატიეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობს: როგორც ჩანს, განზრახული აქვს ქართულ პოლიტიკის მოთამაშე გახდეს. როგორც მდიდარი ემიგრანტი აცხადებს, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოვა, მაგრამ პარლამენტს კი აუცილებლად გააკრიტიკებს, რადგან მისი მუშაობა არ მოსწონს – „არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ ზოგადად საქართველო მაინც გაჩერებულია“. მართალია, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინიდან არავის არ მოიწვევს, ექსპერტების გარდა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ექსპერტი შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ან ვინმე მისი თანამოაზრე აღმოჩნდეს.
უნდა ითქვას, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკისა და მიხეილ სააკაშვილს შორის დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. 2008 წელს კიევის მაშინდელმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო 2009 წლის ნოემბერში, როცა საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, კიევის მერი მას პირადად დახვდა „ბორისპოლის“ აეროპორტში. როგორც ამბობენ, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს საკურორტო ქალაქ ქობულეთში მხოლოდ იმიტომ კი არ ცხოვრობს, რომ იქაური ბუნება მოსწონს, არამედ იმიტომაც, რომ მან ამ ქალაქში მიწა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყიდა… დღეს კიევის ყოფილი მერი აცხადებს, რომ ემიგრაციაში ყოფნისას უფრო მეტად ქველმოქმედებითაა დაკავებული, ვიდრე ბიზნესით, თუმცა აშკარაა, რომ მისი მეცენატობა პოლიტიკურ კონტურებს იძენს.
აქვს თუ არა წარმატების შანსი „ბედნიერ საქართველოს“?
კი, აქვს, მაგრამ მმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში იმდენი ჩაიდება, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ ჩადო. არაა გამორიცხული, რომ ფსონი აჭარაზეც დაიდოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ტურისტული რეფორმების წყალობით სიღარიბიდან მეტ-ნაკლებად გამოვიდა. თუმცა, მასმედიის ზოგიერთი საშუალების აზრით, აჭარა რუსი ტურისტებისათვის მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის. გარდა ამისა, იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსკოვის მხარეს შესამჩნევად იხრება და აშკარაა, რომ ქართველების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დიდად ვერ გაუმჯობესდა, ლეონიდ ჩერნოვეცკი შეიძლება აჭარლებისა და დასავლეთ საქართველოს ამომრჩევლებისათვის საყვარელი პოლიტიკოსი გახდეს. თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც ხომ დაადასტურა, რომ სოციალურად დაუცველ ამომრჩეველზე დაყრდნობა ამართლებს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშ, რატომ არ შეუძლია ლეონიდ ჩერნოვეცკის „თავისი შტრიხი დაამატოს“ ასეთ სურათზე?
რამდენად შესაძლებელია, რომ „ბედნიერი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისათვის ნიადაგი მომზადდეს? რატომაც არა! თუ ოდესის ოლქის გუბერნატორს თავის თანამდებობაზე გადახტომის შანსები აღარ ექნება, ანუ უკრაინა მისთვის, კარიერული აღმასვლის თვალსაზრისით, მიმზიდველი აღარ იქნება, საქართველოში კი მის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ლეონიდ ჩერნოვეცკის „ბედნიერი საქართველოს“ სახით პარტნიორი ეყოლება, ასეთ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება უფრო გაიოლდება.