globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 8th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): რუსული ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვა: ექსპერტთა თვალსაზრისები

«РБК Daily» (რუსეთი): როგორ ემზადება ქართული არმია „ჰიბრიდული ომების“ წინააღმდეგ

«Известия» (რუსეთი): მთელი ოდესის მტერი // როგორ იცილებს თავიდან ოდესა მიხეილ სააკაშვილს

«Факты и комментарии» (უკრაინა): უკრაინელი ჟურნალისტის ქართული შთაბეჭდილებები: „ბევრი ქართველისთვის უკრაინა დიდი ხანია მეორე სამშობლო გახდა“

———————

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/tina-khidasheli-at-csis/3092974.html

თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე ვაშინგტონში გამართული საჯარო შეხვედრით დაასრულა. სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში მოწყობილი დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა, ვარშავის სამიტის მოლოდინი და ნატო-ს შემდგომი გაფართოების საკითხები იყო.

შეხვედრა ჰეზერ კონლიმ გახსნა. ის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის პროგრამების დირექტორია. თინათინ ხიდაშელმა ხალხმრავალ აუდიტორიას საქართველოში დანერგილი რეფორმები გააცნო. კერძოდ, ისაუბრა სამართლებრივ სფეროში და ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე. სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში იმსჯელეს შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი გაზრდილ ინტერესზე, ამერიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე, რუსეთთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და რამდენიმე სხვა მიმდინარე აქტუალურ თემაზე.

ამერიკის დედაქალაქში თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს ხუთშაბათის ჩათვლით გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების ოფიციალური წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან, სენატორებთან და ადგილობრივი აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-may-ban-russian-government-broadcasting/3092161.html

რუსული ტელეარხების მაუწყებლობის აკრძალვა საქართველოში: ექსპერტთა თვალსაზრისები

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომლის თანახმად,  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არაკონსტიტუციურ ნორმად უნდა იქნეს მიჩნეული ის მუხლი, რომელიც საშუალებას არ იძლევა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების მაუწყებლობის აკრძალვას  საქართველოში. სარჩელის ავტორია ნიკა რურუა, კულტურის ექს-მინისტრი „ნაციონალურ“ ხელისუფლებაში. როგორც მან განაცხადა, რურული ტელეარხები მოსკოვის ხელში საინფორმაციო ომის იარაღს წარმოადგენს, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამით საფრთხეს უქმნიან საქართველოს. ამასთან, ექს-მინისტრის თქმით, აკრძალვა არ შეეხება თავისუფალ რუსულ ტელეკომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2008 წელს მომხდარი საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რუსული ტელეარხების მაუწყებლობა გათიშა, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საკაბელო ოპერატორებმა რუსული არხების ტრანსლირება ისევ აღადგინეს.

როგორია ქართველი ექსპერტების შეხედულებები ამ სარჩელის მიმართ?

მედიამონიტორინგის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე მასმედიის მიმართ რაიმე აკრძალვის დაწესების წინააღმდეგია იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი მოვლენებს არაობიექტურად აშუქებენ და პროპაგანდით არიან დაკავებული. მისი თქმით, ასეთ დროს სახელმწიფომ რუსულ პროპაგანდას აკრძალვით კი არ უნდა უპასუხოს, არამედ შესაბამისი სტრატეგიით, რომელიც, სამწუხაროდ, „დღემდე არ არსებობს“. „აკრძალვები ყოველთვის კონტრპროდუქტიულია. უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება საპასუხო სტრატეგიის შემუშავება და მისი რეალიზება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ პროპაგანდას“, – განაცხადა ია მამალაძემ „რადიო ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურის – „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ექსპერტის თქმით, რუსეთმა საქართველოში ბოლო დროს მართლაც გააქტიურა ძალისხმევა  „საინფორმაციო ომის“ წარმოების მხრივ. მან აღნიშნა, რომ თვითონაც მიიღო მიწვევები რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ამასთან, მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს რომელიღაც რუსული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ. როგორც ია მამალაძემ განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს და ისინი ე.წ. „რბილი ძალის“ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენენ. ალბათ, საქართველოს სპეცსამსახურები ამ ორგანიზაციების საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ.

გაზეთ „რეზონანსის“ მთ.რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობის აკრძალვის საკითხი საკმაოდ რთულია. „ალბათ, სანამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდოდა, უმჯობესი იქნებოდა საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო, მათ შორის იმ მიმართულებითაც, თუ როგორ გავლენას ახდენს რუსული ტელეპროპაგანდა საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან საუბარში, თუმცა იქვე დაამატა, რომ ნეგატიური გავლენა მართლაც არსებობს: „ეს რეალობაა და, ალბათ, გარკვეულ შემთხვევებში მართლაც საფრთხეს წარმოადგენს საქარტველოს სახელმწიფოსათვის“. მედია-ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ იგი თვითონ მონაწილეობს ერთ-ერთ კვლევაში ამ მიმართულებით და შეუძლია თქვას, თუ როგორი ტენდენციები არსებობს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ქართულ ენას არ ფლობს და ინფორმაციას ძირითადად რუსული ტელეარხებიდან იღებენ. ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ რეგიონებში შეიმჩნევა მოსახლეობის მკვეთრი ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

„რუსული სახელმწიფო მასმედიის საქმიანობა იმ კამპანიის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც რუსული სამხედრო სტრუქტურები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცალკეული სახელმწიფოების, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ეს ისეთი იარაღია, რომელიც ტყვიას არ ისვრის, მაგრამ მიზანში ცეცხლსასროლ იარაღზე უკეთესა ხვდება“, – აღნიშნა მედია-ექსპერტმა „რადიო გოლოს ამერიკის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ცოტა ხნის წინათ ნატომ „ჰიბრიდული ომების“ წინაააღმდეგ მიმართული ახალი სტრატეგია მიიღო. „საქართველო ფხიზლად უნდა იყოს ამ რეალური საფრთხის წინაშე“, – თქვა ლაშა ტუღუშმა, თუმცაღა, მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ რომც აკრძალოს რუსული სახელმწიფო ტელემაუწყებლობა, ეს მაინც ნაკლებეფექტური იქნება, რადგან „საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას უკვე აქვთ ინდივიდუალური თანამგზავრული ტელემიმღები აპარატურა („თეფშები“) და ვისაც სურვილი აქვს, ის სასურველ რუსულ არხს მაინც უყურებს. „ზოგადად, აკრძალვა არასაკმარისია, უნდა იქნეს შემუშავებული კომპლექსური ზომები, უნდა განხპრციელდეს კონტრპროპაგანდა, საპასუხო საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს ომების ამგვარი ინსტრუმენტის ზემოქმედებისაგან“, – ასეთი რეზიუმე გააკეთა ლაშა ტუღუშმა.

«РБК Daily» (რუსეთი), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949998549960

როგორ ემზადება ქართული არმია „ჰიბრიდული ომების“ წინააღმდეგ

სტატიაში, რომლის ორიგინალური სათაურია „რა ასწავლა სამხედროებს უკრაინის კონფლიქტმა“ (ავტორი – სერგეი მინასიანი, ერევნის კავკკასიის ინსტიტუტის თანამშრომელი), საუბარია ე.წ. „ჰიბრიდული ომების“ გამოცდი-ლებაზე, რომლის დროსაც მხარეები სარგებლობენ ამბოხებულებით, ტერორისტებით და ცდილობენ მოწინააღმდეგე საინფორმაციო-ეკონომიკური მეთოდებითაც გააანადგურონ. 21-ე საუკუნეში, რეგულარული არმიის შეტაკებების ნაცვლად, დაპიისპირებული მხარეები ომს ამგვარი მეთოდებით აწარმოებენ, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ ამონარიდს:

„გაკვეთილები და დასკვნები, რომელიც საქართველომ რუსეთთან ომისა და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ გააკეთა, იმაში გამოიხატება, რომ თბილისმა მეტი ყურადღება დაუთმო „ჰიბრიდული ომების“ მეთოდების შესწავლას. ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ქართულ არმიაში  მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც მძიმე სატანკო-მოტომსროლელი ქვეითი ქვედანაყოფები, ასევე საბრძოლო-შემტევი ავიაცია. იმავდროულად გაიზარდა ხარჯები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე (ფრანგული რადარული სისტემების შესაძენად, 2015 წლის ზაფხულში), გაფართოვდა მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფები, სპეცოპერაციების ჯარები და ვერტმფრენული ავიაცია. გარდა ამისა, ქართული არმიის სარდლობამ გაატარა „ჰიბრიდული ომების“ საწინააღმდეგო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით: დაწყებულია სამხედრო მოსამსახურეთა სწავლება, შექმნილია თავდაცვის ცალკეული ზონები და მკაცრადაა გათვლილი მათში დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობა.

მართალია, 2008 წელს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების მეთოდები არ გამოუყენებია, მაშინდელი სამხედრო მოქმედებები უფრო სახმელეთო ჯარების პირდაპირი შეჭრა იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით, ავიაციისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მხარდაჭერით. [ამის მიუხედავად, ქართული არმია სავარაუდო „ჰიბრიდული ომების“ წინააღმდეგ ემზადება], – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Українська правда» (უკრაინა), 7 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.pravda.com.ua/articles/2015/12/7/7091621/

ინტერვიუ დავით ჟვანიასთან: „არსენ იაცენიუკი პოლიტიკური ქურდია… მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთი მილიონი დოლარი მივეცი, თუმცა შემდეგ უკან დამიბრუნა“

როგორც უკვე ცნობილია, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოსვლისას, 6 დეკემბერს, უკრაინელი ოლიგარქები, პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან ერთად, კორუფციაში დაადააშაულა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის პარტნიორების დავით ჟვანიას, ნიკოლაი მარტინენკოს, იური ნედაშკოვსკის, იგორ კოლომოისკის, რინატ ახმეტოვის, დიმიტრი ფირტაშის და სხვების გამო უკრაინა ყოველწლირად 5 მილიარდ დოლარს კარგავს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული ფიგურანტები ექს-პრეზიდენტის ბრალდებაზე მშვიდად რეაგირებენ, თუმცა სხვადასხვა დონით. მაგალითად, ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია აცხადებს, რომ მას კორუფციასთან და არსენ იაცენიუკთან არავითარი კავშირი არ აქვს, იგი „მხოლოდ ჩუმი დამკვირვებელია“, თუმცა აშკარაა, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, ფაქტია, რომ მინისტრთა კაბინეტი არაეფექტურად მუშაობს“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დავით ჟვანია ამბობს: „უბრალოდ, არ მესმის, რატომაა ასე აქტიურად დაკავებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობით. ლოგიკური იქნებოდა, თუ იგი უფრო მეტად  საქართველოს მთავრობას მიხედავს“ (წყარო: „ფორბს“-ის უკრაინული გამოშვება – http://forbes.net.ua/nation/1407005).

აი, ამ ფონზე უკრაინული გამოცემის „უკრაინსკაია პრავდას“ კორესპონდენტებმა დავით ჟვანიას ინტერვიუ ჩამოართვეს. „არსენ იაცენიუკის მიმართ მე არანაირი წყენა არ მაქვს. უბრალოდ, ფსიქიკურად ნორმალური ადამიანი არ შეიძლება ყოველ 20 წუთში რუსეთს ლანძღავდეს. იგი, ალბათ, რუსეთთან ომში ბოლო უკრაინელ ჯარისკაცს გაწირავს. ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ არა ისე, როგორც ის იბრძვის… კონსტიტუციით ამგვარი მოქმედება მის ფუნქციებში არ შედის, ტყუილად ენას იფხანს და ტრაბახობს. იგი პოლიტიკური ქურდია“, – ამბობს დავით ჟვანია.

- ვინმეს ხედავთ უკეთეს პრემიერ-მინისტრად?

- მაგ თანამდებობაზე ყოველი ადამიანი შეიძლება დანიშნო, ისინი უფრო გაქაჩავენ.

- ახლა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე მიდის მსჯელობა. რა შეგიძლიათ თქვათ მიხეილ სააკაშვილზე როგორც პოტენციურ პრემიერ-მინისტრზე? მას დღეს ყველაზე რეალურ კანდიდატურად ასახელებენ…

- მე ერთს ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყოს. იმიტომ, რომ იგი უკრაინელი არ არის. უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინელი უნდა იყოს. არა მარტი იმიტომ, რომ იგი ქართველია, არამედ იმიტომ, რომ იგი უკრაინაში არ დაბადებულა, არ გაზრდილა, მას აქ არ უმუშავია, არ ცხოვრობდა…

- საერთოდ, მაღალ დონეზე მიიჩნევთ თუ არა იმის ალბათობას, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს?

- მე მისი აქ გამოჩენა კიტჩად („ხალტურად“) მიმაჩნია. მისი შესაძლებლობები პრემიერ-მინისტრობაზე… აქ მისთვის ადექვატური პოლიტიკური ველი არ არის…

- ისე, როგორ უყურებთ ამდენი ქართველის ყოფნას უკრაინის მთავრობაში?

- მე ქართველებთან კარგი დამოკიდებულება მაქვს.

- ისინი ეფექტურად მუშაობენ?

- ესენი? ახლა რომლებსაც ვხედავთ? არა, რა თქმა უნდა.

- რატომ? ისინი ხომ საქართველოში რეფორმებს ახორციელებდნენ…

- კარგით, რა… ნუ შეადარებთ საქართველოს უკრაინასთან. საქართველო პატარა ქვეყანაა და იქ რეფორმის გატარება [აქ] ერთი ქალაქის რეფორმირებას ნიშნავს… თან ისეთ დაფინასებას იღებდნენ მაშინ…

- როგორც ჩანს, თქვენ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას ყურადღებით აკვირდებით… მოდით, კონკრეტულად ვისაუბროთ თქვენს თანამემემამულეებზე – ალექსანდრე კვიტაშვილზე,  მიხეილ სააკაშვილზე…

- მოიცათ… მე მათ საერთოდ არანაირად არ ვაფასებ. ალექსანდრე კვიტაშვილი? ასეთი რეფორმატორი არ გამიგია.

- აბა, მაშინ ვინღაა რეფორმატორი?

- მიხეილ სააკაშვილი. იგი მართლაც რეფორმატორი იყო. მას დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ იგი პრეზიდენტი გახდებოდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

- ეხმარებოდით რამეში?

- ყველანაირად. დაწყებული ფინანსებით და დამთავრებული პირდაპირი მხარდაჭერით. უკრაინულ რევოლუციამდე. ვეხმარებოდი ხელისუფლებაში მოსასვლელად, პრეზიდენტი რომ გამხდარიყო.

- და რას ნიშნავს – ფინანსურად? თქვენ მისი სპონსორი იყავით? მაინც რამდენი მიეცით?

- მილიონ დოლარზე მეტი, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისათვის.

- ეს რენტაბელური ინვესტიცია იყო?

- მე არ მითქვამს, რომ უკან დამიბრუნე-მეთქი, თუმცა ფული მაინც დამიბრუნეს.

———-

მთარგმნელის შენიშვნა: დავით ჟვანია უკრაინაში მოღვაწე 48 წლის ქართველი პოლიტიკოსი და ბიზნესმენია. იგი თბილისშია დაბადებული. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი და იმავე წელს უკრაინაში წავიდა, მუშაობდა კომპანია „სავაჭრო სახლის“ მენეჯერად, ეკონომიკურ დირექტორად, კომპანია „ბრიკდორფის“ პრეზიდენტად. იგი ბავშვობიდანვე იცნობდა ბადრი პატარკაციშვილს. იყო უკრაინის პარლამენტის – ვერხოვნა რადას რამდენიმე მოწვევის დეპუტატი (რეგიონების პარტიიდან), უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილე (იულია ტიმოშენკოს მთავრობაში). დავით ჟვანიას მეუღლე უკრაინელი ქალია, ჰყავთ სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

«Известия» (რუსეთი), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://izvestia.ru/news/598421

მთელი ოდესის მტერი

როგორ იცილებს თავიდან ოდესა მიხეილ სააკაშვილს

ვსევოლოდ ნეპოგოდინი, მწერალი

სამი წლის წინ საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის რეზიდენციაში, ფრანგულ ბულვარზე, საერთაშორისო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი თუ დაბინავდებოდა… დღეს აშკენაზის აგარაკის ახლოს მდებარე არემარეზე მძიმე ატმოსფეროა – მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებლიდან 300 მეტრის რადიუსით  შავფორმიანი თავგადახოტრილი ბეხლეწი ტიპები დგანან რაციით ხელში და გამვლელებს მგლური ტვალებით უყურებენ, მოხუცების ჩათვლით. უკრაინაში არცერთ გუბერნატორს ასე არ იცავდნენ… თუმცა გასაკვირი არ არის: მიხეილ სააკაშვილს ოოდესაში ჩამოსვლამდეც უამრავი, ათასობით არაკეთილმოსურნე ჰყავდა, ხოლო ბოლო თვეებში მათი რაოდენობა, შეიძლება ითქვას, გაორმაგდა. ამასთან, ექს-პრეზიდენტი თავის გიჟურ ქცევას არ იშლის – ავტომანქანაში მძღოლის გვერდით ზის, რაც სახიფათოა და გასაკვირი ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსისაგან.

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამბობენ, შეუძლებელი შეძლო – ძალიან მოკლე ხანში მთელი რეგიონული პოლიტიკური დაჯგუფებები აიმხედრა. მას კონფლიქტი აქვს, ოდესის მერიასთან, ოლქის საბჭოსთან და ვერხოვნა რადის ადგილობრივ დეპუტატებთან. მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა ყველაზე მწარე და მტკივნეული დარტყმა 25 ოქტომბერს მიიღო, როცა მისმა პროტეჟემ, ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილემ ალექსანდრ ბოროვიკმა ვერ შეძლო ოდესის მერის არჩევნებში ღირსეული კონკურენცია გაეწია  გენადი ტრუხანოვისათვის და არჩევნებში დამარცხდა.

თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომ ალექსანდრ ბოროვიკი როგორმე მეორე ტურში გაეთრია და იიგივე სცენარი განეხორციელებინა, რომელიც კრივოი როგში მოხდა: შეეკრიბა მაიდნის აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაზე შტურმისათვის, წაექეზებინა ადგილობრივი გრანტიჭამიები, აეტეხა ხმაური არჩევნების ვითომდა გაყალბების გამო და სკანდალი მანამდე გაეგრძელებინა, სანამ საშა ბორივიკს ქალაქის მერად არ აღიარებდნენ. მაგრამ გენადი ტრუხანოვმა დამარწმუნებლად გაიმარჯვა პირველივე ტურში და, შესაბამისად, ნიკოლოზოვიჩს გეგმა ჩაუფლავდა.

მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად გაჰყვიროდა კორუფციასთან ბრძოლაზე, მაგრამ იმავდროულად თვითონ საკმაოდ ბნელ საქმეებს აკვარახჭინებდა. ერთ-ერთი ხმაურიანი სკანდალი მოხდა ამას წინათ საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით (სახელწოდება „ოდესის საკეთილდღეოდ“), რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოდან მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და საქართველოს ექს-კონსული ოდესაში თემურ ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს. ამ ფონდს მსხვილი ბიზნესმენები, გუბერნატორის ზეწოლით, საკმაოდ დიდ ფულს ურიცხავდნენ, თითქოსდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე მებრძოლების დასახმარებლად და მათი რეაბილიტაციისათვის, სინამდვილეში კი შეგროვილ თანხებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები ტურისტულ მოგზაურობებში, პომპეზურ ქეიფებში და ძვირადღირებული უცხოური ავტომობილების შესაძენად ხარჯავდნენ. მოკლედ, ქართული საოკუპაციო ბრიგადა ოდესელი ბიზნესმენების კისერზე პარაზიტობს და თავს მათი ფულებით იწონებს.

ბევრ საყვედურს იწ, მეორე ის, რომ შენობა ბიზნესმ,ენებს – კაუფმანსა და გრანოვსკის მფლობელები ვევს ფართოდ რეკლამირებული ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობის იჯარაც: ჯერ ერთი, რომ მისი ოფიციალური ღირებულება საშუალო საბაზროზე ბევრად მეტია, მეორე კი ისაა, რომ შენობის მფლობელები არიან ალექსანდრ კაუფმანი და ბორის გრანოვსკი, რომლებიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და მათ მიხეილ სააკაშვილი ოდესის აეროპორტის უკანონო პრივატიზებაში ადანაშაულებდა. თვით ცენტრიც ოდესელებისათვის ნაკლებად სასარგებლოა და უფრო „პიარ“-აქციას წარმოადგენდა, ვიდრე მოსახლეობის მომსახურებისა და მათთვის რეალური დახმარების გაწევის ადგილს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ლობირებული 25 წლის იულია მარუშევსკაიას რეგიონული საბაჟოს ხელმძღვანელად დანიშვნა ხომ ყველასათვის ღიმილისმომგვრელი ფაქტი იყო: გამოუცდელი და არაკომპეტენტური ახალგაზრდა ქალის კარიერული ნახტომის მიზეზი დასავლეთუკრაინულ ქალაქ ლვოვის მერზე – ანდრეი სადოვოიზე გათხოვება გახლდათ, რომელიც იმავდროულად ტელეკომპანიის მფლობელიც გახლავთ. ცხადია, „ბანდერელის“ ცოლის დანიშვნა ფულიან ადგილზე ოდესელებს თვალში ეკალივით ესობათ, რადგან ახალი უფროსი დანიშვნით საბაჟოზე ქრთამის მიცემა კი არ გაქრა, არამედ მოიმატა და გაფართოვდა. რა გასაკვირია, რომ იმპორტიორებს ასეთი სიტუაცია არ აწყობთ და საბაჟო პროცედურების გავლას სხვა ქალაქებში ამჯობინებენ.

მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოქმედებს პრინციპით: „ჩვენს შემდეგ გინდ ყველაფერი წყალმა წაიღოს“ და ცდილობს, რაც შეიძლება ქალაქს მეტი წაგლიჯოს. მათი საუბარს რეფორმებზე და სიახლეებზე კაპიკის ფასი აქვს. ოდესის ოლქში სულ უბრალო წინსვლაც კი არ შეინიშნება, ქართველი მკვეხარა კი ტელევიზიით ყოველდღე გამოდის და ენას დაუღალავად ატარტალებს – დაპირებები, დაპირებები და ისევ დაპირებები… მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ოდესშჩინის მოდერნიზების არანაირი გეგმა, არ ჰყავს ისეთი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც რეგიონის სპეციფიკა იციან, არ აქვს რეფორმებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსებიც… ამიტომაცაა, რომ ქართველი ექს-პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვებით და ღიმილიანი ჟესტებით „აშენებს“ გზებს, ხიდებს და სასტუმროებს. ოდესელებს კი ნამდვილი საქმეები ჭირდებათ და არა ვირტუალური დაპირებები, ენის ტარტალი და ლაქლაქი.

ექვს დეკემბერს ოდესის სასტუმრო „კრასნაია“-ში, რომელიც იმავე კაუფმანსა და გრანოვსკის ეკუთვნით, მიხეილ სააკაშვილმა ანტიკორუფციული ფორუმი ჩაატარა, რომელზეც  საერთოუკრაინულ ოდესელ ოლიგარქ-კორუფციონერებს „ნიღაბი ჩამოგლიჯა“: მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის გაძარცვაში დამნაშავენი არიან მილიარდერები  რინატ ახმეტოვი, იგორ კოლომოისკი, არსენ იაცენიუკი, ნიკოლაი მარტინენკო…. მაგრამ მან  ტაქტიკური დუმილი არჩია და არაფერი უთქვამს პრეზიდენტ-ოლიგარქ პეტრო პოროშენკოსა და მის ამქარზე – ბიზნესმენებზე კონსტანტინ გრიგორიშინსა და იგორ კონონენკოზე.

ოდესელებს მიხეილ სააკაშვილის ორმაგი სტანდარტები, თვალთმაქცობა და სიყალბე უკვე ყელში ამოუვიდათ. მას ამ დღეებში საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ახლა იმის იმედიღა რჩება, რომ ადრე თუ გვიან უკრაინის მოქალაქეობასაც დაკარგავს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოსებში ძალიან ბევრი მძიმეწონიანი მტერი გაიჩინა.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის მტერია. მისგან ქართული რესტორანის საუკეთესო თამადა გამოვიდოდა, მაგრამ ოლქის ხელმძღვანელად არაფრად არ ვარგა. კარგი იქნება, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს პროფესია, რესტორატორი გახდეს და ვინც თვითონ სურს, ის გაართოს ტყუილებითა და დაპირებებით, ოდესელებს კი თავი დაანებოს. შავი ზღვის მარგალიტი კავკასიიდან ჩასული ახლადმოვლენილი გუბერნატორით ნახევარ წელიწადში უკვე დაიღალა. ფრანგულ ბულვარზე კი ძველებურად თავისუფლად მოსიარულეები მინდა დავინახო და არა მიხეილ სააკაშვილის კუშტად გამომხედავი პირადი მცველები.

«Факты и комментарии» (უკრაინა), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://fakty.ua/209717-chtoby-utro-bylo-legkim-tradicionnoe-kavkazskoe-zastole-nado-zakanchivat-stakanchikom-mineralnoj-vody

უკრაინელი ჟურნალისტის ქართული შთაბეჭდილებები:

„ბევრი ქართველისთვის უკრაინა დიდი ხანია მეორე სამშობლო გახდა“

სტატიაში, რომელიც ტურისტულ-სარეკლამო ხასიათისაა, გადმოცემულია უკრაინელი ჟურნალისტის ტაისია ბახარევას საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები (სათაური: „დილით რომ თავი „მსუბუქად“ იგრძნო, ქეიფის შემდეგ ერთი ჭიქა მინერალური წყალი უნდა შესვა“).

„ის, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა საქართველოს, მას კიდევ მრავალჯერ მოინახულებს. ეს ქვეყანა განთქმულია არა მხოლოდ თავისი კლიმატით და უნიკალური მინერალური წყლებით, არაჩვეულებრივი სამზარეულოთი და ღვინით, არამედ ტრადიციული სტუმართმოყვარეო-ბითაც. უკრაინელები ქართველებისთვის უსაყვარლეს სტუმრებად ითვლებიან. საქართველო ჩვენს ქვეყანას მუდმივად მხარს უჭერს. უკრაინული დროშები თბილისის ბევრ ადგილზე ფრიალებენ, ქალაქის ცენტრში, პატარა რესტორნების გვერდით“, – წერს ავტორი და ვრცლად გადმოსცემს საქართველოში მოგზაურობის ამსახველ ამბებს, საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს და მოვლენებს.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი თბილისს, ბორჯომს, ბაკურიანს, აღწერილია მათი ისტორია, ღირსშესანიშნაობები, კლიმატური პირობები. რასაკვირველია, ავტორი აღფრთოვანებით წერს ქართული ღვინის დაგემოვნებით მიღებულ შთაბეჭდილებებზეც: „ქართველები აღიარებენ, რომ სუფრა ღვინის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ღვინოს საქართველოში ჯერ კიდევ შვიდი ათასი წლის წინ აყენებდნენ, დღეს კი 500-მდე (!) ჯიშია ცნობილი“, – აღნიშნავს ავტორი და საკმაოდ ფართოდ გადმოსცემს ქართული სუფრის წესს: თამადის მოვალეობას, ღვინის სმის სტილს („საქართველოში არავინ თვრება!“), სუფრის სიმღერებს… გარდა ამისა, პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი ქართულ სამზარეულოს: კერძების მომზადებას და ა.შ.

„ბევრი ქართველი, რომელიც სიყვარულით და მეგობრული გრძნობით აღსავსე სადღეგრძელოებს ამბობენ, აღიარებენ, რომ უკრაინა მათთვის დიდი ხანია მეორე სამშობლო გახდა“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

————-

მთარგმნელის შენიშვნა:

„ფაკტი ი კომმენტარიი“ – უკრაინის ყოველდღიური რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, იბეჭდება კიევში 1999 წლიდან. ტირაჟი – 145 ათასი ეგზემპლარი.

Comments are closed