globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 8 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 8th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ხალხი – დეფოლტის, ბანკები კი დიდი პრობლემის ზღვარზე // უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 118%-ით გაიზარდა

რეზონანსი“: რაჭა-ლეჩხუმში ყოველი მეორე ღატაკია // რეგიონის თითქმის მთელი მოსახლეობა სოციალურ შემწეობას ითხოვს

„ალია“: ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გუშინ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა (ეკონომიკის ექსპერტთა კომენტარები)

ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. ახალი პრეზიდენტი აპოლიტიკური პირი უნდა იყოს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „საქართველოს ეკლესიის გახლეჩვა იგეგმება“ // ვინ იღებს გრანტებს პატრიარქის ლანძღვაში?

ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ ყველანაირად წაგებულია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ბიძინა ივანიშვილის სატელიტები არ ვართ… კოალიციაში ჩვენ დაბრუნება გამორიცხულია“

„ალია“: ვინ არის “ბედნიერი საქართველოს” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, ვინ დგას მის უკან და რა კომპრომატები არსებობს მასზე?

—————————-

რეზონანსი“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ხალხი - დეფოლტის, ბანკები კი დიდი პრობლემის ზღვარზე

უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 118%-ით გაიზარდა

ელზა წიკლაური

საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის 11 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 141,4 მლნ ლარით, ანუ 56,2%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი დაახლოებით 50% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შარშან იანვარ-ნოემბერში ასეთი სესხების მოცულობა მხოლოდ 14,1%-ით იყო გაზრდილი.

გამორიცხული არ არის, რომ პრობლემები საბანკო სექტორსაც შეექმნას და მათ ფინანსური სტაბილურობა გარკვეული საფრთხე დაემუქროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრობლემური სესხების მოცულობა კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3%-ს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,5%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 56,2%-ითაა გაზრდილი და 393,2 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 654 000 ლარს შეადგენდა, ნოემბერში ეს რაოდენობა 393 108 000-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერც დაფაროს. იანვართან შედარებით, ნოემბერში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თითქმის 118%-ით გაიზარდა. თუკი წლის პირველ თვეს უცხოურ ვალუტაში აღებული ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 120 მლნ ლარს შეადგენდა, ნოემბერში ის უკვე 261,4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ადამიანებს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ. გამორიცხული არ არის, პრობლემები საბანკო სექტორსაც შეექმნას და მათ ფინანსური სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორც განვითარდება ქვეყანაში ეკონომიკური მოვლენები.

“ჩემი ვარაუდით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საბანკო სექტორს არ ემუქრება რაიმე სერიოზული პრობლემა, ხოლო სამომავლოდ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. თუკი გაგრძელდა ინფლაციის ზრდა, ლარის კურსის ვარდნა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, კომერციული ბანკები ვეღარ მოახერხებენ სავალუტო სპეკულაციების შედეგად მიღებული ამონაგებით გადაფარონ დაუბრუნებელი სესხების მოცულობა. შესაბამისად, მათაც და მოსახლეობასაც გაუჭირდებათ. რაც შეეხება მსოფლიო გამოცდილებას, ზოგადად ითვლება, რომ თუკი კომერციულ ბანკებში უმოქმედო სესხები 5%-ს აჭარბებს, ეს უკვე განგაშის საბაბი უნდა გახდეს მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუმცა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვადას გადაცილებული დავალიანება დამახასიათებელი ფაქტორია. მაგალითად, აზერბაიჯანში უმოქმედო სესხების წილი არის 32%, თუმცა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჯერჯერობით არ არის შერყეული.

საქართველოში თუკი კომერციულ ბანკებს შეექმნებათ რამე პრობლემა, ვვარაუდობ, რომ ეროვნული ბანკი ისეთივე ღონისძიებას გაატარებს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა ევროპაში 1 მლრდ დოლარი იშოვა იმისათვის, რომ კომერციული ბანკები გაკოტრებისგან გადაერჩინა”, – განაცხადა ლია ელიავამ. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემამ მკვეთრი ნეგატიური გავლენა ჯერჯერობით მხოლოდ რიგით მოქალაქეებზე მოახდინა, რაც თავისთავად უკვე აისახა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაში.

“ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უმოქმედო სესხების მოცულობაზე, ანუ მოსახლეობის უნარი, მოემსახუროს თავის საბანკო ვალდებულებას, დაქვეითებულია. ეს ხდება რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, არის სავალუტო კრიზისი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე კვალი დატოვა. მოსახლეობისთვის გაძვირდა პროდუქტი, მოსახლეობის ხარჯმა მოიმატა, მათ შორის, საკრედიტო დავალიანებაზე. ამ დროს კი შემოსავალი არ გაზრდილა. შესაბამისად, ყველას უწევს მეტი ხარჯის გაწევა საკუთარი ოჯახის საჭიროებაზე და ნაკლებად რჩება თანხა საბანკო ვალდებულების მომსახურებისთვის”, – დასძინა ელიავამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ თუკი ბანკების მიერ გაცემულ მთლიან სესხებში ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების მოცულობა 3%-ს არ აღემეტება, ეს არ არის საგანგაშო. “3-დან 6%-მდე არ არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ ეს დასაშვებია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო. 6%-ზე ზემოთ არის საგანგაშო. საქართველოში ამ დროისთვის მთლიან სესხებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2,5%-ს არ აჭარბებს, ანუ მდგომარეობა არ არის ცუდი. თუმცა, ცუდი და დამაფიქრებელი ისაა, რომ ასეთი სესხების მოცულობა მუდმივად იზრდება – წლიურად უკვე 50%-საც კი გადააჭარბა. ეს კი ნიშნავს, რომ კომერციული ბანკების პორტფელი მთლად ჯანსაღი არ არის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაშიც არ არის კარგად საქმე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ დევალვაცია სესხების სრულფასოვან მომსახურებაზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენდა”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

რაც შეეხება პროგნოზს, გოჩა თუთბერიძის თქმით, თუ ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზაციას, მაშინ მდგომარეობა უფრო დამძიმდება. “ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც აქვს, რათა კურსის გამყარება მოხდეს. ის ერთი წლის განმავლობაში ხელს არ ანძრევდა, ბოლოს დაიწყო გარკვეუღლი ღონისძიებების გატარება. თუ არ იქნება აქტიური, სებ-ი საბანკო სექტროში მიიღებს ნეგატიურ შედეგებს. საერთოდ, პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან ბრძოლას არ უნდა გადააყოლონ ეკონონომიკა, თორემ მერე ყველა ერთად დაზარალდება”, – დასძინა თუთბერიძემ.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ხალხი საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის აღების თხოვნით სულ უფრო ხშირად მიმართავს. შესაბამისად, კრედიტის აღების მსურველთა რიცხვიც მუდმივად იზრდება.

რეზონანსი“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

რაჭა-ლეჩხუმში ყოველი მეორე ღატაკია

რეგიონის თითქმის მთელი მოსახლეობა სოციალურ შემწეობას ითხოვს

ელზა წიკლაური

საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია. იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 40%-ზე მეტი იღებს. მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. სიღარიბის მაჩვენებელი ყველაზე მცირე კი სამცხე-ჯავახეთშია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 5,1% იღებს, შემდეგია თბილისი – 5,8%, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს – 6%.

“ბიზნეს-რეზონანსმა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით (საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა) საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 40,9% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი კი რეგიონის მოსახლეობის 88%-ს აქვს დაწერილი. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 25 782 თვლის, რომ ღარიბია, 13 095 კი საარსებო შემწეობას იღებს.

სიღარიბის მიხედვით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში 264 500 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საარსებო შემწეობას 48 336 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 18,2%, 54,3%, ანუ 143 670 ადამიანი კი თვლის, რომ ღარიბია, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სპეციალური განაცხადი აქვს შეტანილი სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რიგით მესამე ღატაკი რეგიონი – მცხეთა-მთიანეთია, სადაც საარსებო შემწეობას მოსახლეობის 16,6% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას უფრო მეტი, 49,1% გამოთქვამს. რეგიონში სულ 94 400 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას იღებს – 15 726, განაცხადი კი დაწერილი აქვს 46 377 ადამიანს.

შემდეგ მოდის კახეთი, სადაც საარსებო შემწეობა რეგიონის მოსახლეობის 15,1%-ს აქვს დანიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებულია 50,8%. სულ კახეთში 319 100 ადამიანი ცხოვრობს.

სიღარიბის დონით შემდეგია გურია, სადაც საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 13,3% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 60% გამოთქვამს.

გურიას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში სულ 331 500 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 692 ადამიანი, ანუ 12,2% ღარიბია, სოცსააგენტოში განაცხადი კი 169 067 ადამიანს, ანუ 51%-ს აქვს დაწერილი.

სოცმომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იმერეთში საარსებო შემწეობას 62 117 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 11,5%-ს შეადგენს. პარალელურად 266 070 ადამიანი, ანუ 49,6% თვლის, რომ ღარიბია და სოცსააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული. იმერეთში სულ 536 300 ადამიანი ცხოვრობს.

ყველაზე უკეთ კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. რეგიონში სოციალურ შემწეობას მხოლოდ 5,1% იღებს, თუმცა ღარიბობის პრეტენდენტთა რაოდენობა აქაც მაღალია, დაახლოებით 45,5%. უკეთესობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა თბილისი. დედაქალაქში ღარიბი 5,8%-ია, რიგში კი 26%-ია. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია. აქ ღარიბი სულ რეგიონის მოსახლეობის 6%-ია, სოცსააგენტოს ბაზაში კი დამატებით 33,5%-ია რეგისტრირებული.

სოციოლოგი ავთო სულაბერიძისთვის რაჭა-ლუჩხუმში სიღარიბის მაღალი დონე მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც დიდია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელიც – 25-30%.

“ფაქტობრივად, ინვესტიციები იდება თბილისში და ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება. რეგიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ტრანსფერების იმედზეა, რომლებიც სოციალური ხასიათისაა. მოსახლეობა არის სახელმწიფოს კმაყოფაზე, ანუ იგი მომხმარებელია და არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი სოფლის მეურნეობა აქვს”, – ამბობს ავთო სულაბერიძე და დასძენს, რომ სადაც დიდია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება, ის რეგიონი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. რაჭა-ლეჩხუმში არც სოფლის მეურნეობაა განვითარებული და არც მრეწველობა.

“თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელმა უკვე შესამჩნევად იკლო. ამას განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკა. სულ ვამბობ – უნდა განვითარდეს საშუალო და პატარა ქალაქები! სამწუხაროდ, ინვესტიციები იქ არ იდება. ამიტომ მოსახლეობა მოდის თბილისში, რეგიონებში კი დაუსაქმებელი ხალხი რჩება”, – ამბობს ავთო სულაბერიძე.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რაჭა-ლეჩხუმში არსებულ პრობლემას ბიზნეს აქტიურობის დაბალი დონით, ინვესტიციების სიმცირითა და მოსახლეობის დაბერებით ხსნის.

“საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეკონომიკური განვითარების დონით, სამეწარმეო აქტიურობით დედაქალაქი გამოირჩევა და თბილისში, სადაც მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, ბიზნეს-აქტიურობისა და ბრუნვის დაახლოებით 72-75% მოდის.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი – ეს არის სამეწარმეო აქტივობის დაბალი დონე და მეორე ის, რომ ამ რეგიონში მაღალია საპენსიო ასაკს მიტანებული მოსახლეობა და მცირეა შრომისუნარიანთა რაოდენობა, ანუ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა შექმნას დოვლათი და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა. დაბალი შობადობის და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საშუალო ასაკი ძალიან შემცირდა. ამ რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს, ამ რეგიონებში ღარიბი მოსახლეობის სიმცირის მიზეზი შობადობის მაღალი მაჩვენებელი და შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა.

“ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობის ბუნებრივი მატება საგრძნობლად აღემატება საშუალო მაჩვენებელს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მაღალია და თანაც, ამ ორ რეგიონს ეკონომიკური ზრდის მეტი პოტენციალიც გააჩნია”, – დასძინა არჩვაძემ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

მთავრობამ რეგიონების ეკონომიკის გასაძლიერებლად თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა და ისინი ფინანსურად ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული დატოვა. მართალია, რაიონებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით), მაგრამ ჯერჯერობით მას მოსახლოების ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

უახლოეს პერიოდში კი მთავრობა მთის კანონის ამოქმედებას აპირებს, რომელსაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ ეს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქვეყნისა და განსაკუთრებით მთისთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მეტი შეღავათი და დახმარება გაეწევა მთას, დამაგრდება ადგილზე მოსახლეობა, რასაც უკვე ბუნებრივი მატებაც მოჰყვება.

სოსო არჩვაძის თქმით, თუ გვინდა, რომ რეგიონი და მთა განვითარდეს, ბიუჯეტიდან ტრანსფერი და სოციალური დახმარება არ იქნება საკმარისი, აუცილებელია დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაც.

„ალია“, 8 დეკემბერი, 2015 წელი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გუშინ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა (ეკონომიკის ექსპერტთა კომენტარები)

გელა ზედელაშვილი

7 დეკემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გუშინ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა: ჯერ თქვა, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსში უკვე ასახულია და გაუფასურებას აღარ ველოდებითო, შემდეგ კი უტიფრად დაგვიანონსა, მომავალი წლის პირველ კვარტალში ინფლაცია პიკს მიაღწევს, ხოლო მეორე კვარტალში დასტაბილურდებაო. როგორც პირადად მე გავიგე, ქადაგიძე ამბობს, გარე ფაქტორები მოხსნილია, შოკი აღარ იქნება, მაგრამ შიდა პრობლემების გამო ლარი მაინც გაუფასურდებაო. ჯერ ერთი, ჩვენთვის, რიგითი მოკვდავებისთვის, შოკი შოკია, გინდ გარე იყოს, გინდ – შიდა, მნიშვნელობა არ აქვს და მეორეც – ლარის გაუფასურება ხშირად გვინახავს, გამყარება – ისე რა… რატომ აანონსებს ქადაგიძე ლარის კურსის დაცემას, ასე ხომ თვითონვე აგდებს ბიზნესსექტორს თუ მოსახლეობას პანიკაში და გამიზნულად თესავს შიშს? ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ როგორ გვსაყვედურობდა მთავრობის წევრებთან ერთად, ლარის გაუფასურებას ხელს ჟურნალისტები უწყობთ, თქვენი პროგნოზებით მოსახლეობაში ნიჰილიზმსა და შიშს თესავთო. ახლა კი რა გამოდის, ქადაგიძე გამიზნულად დაადგა მავნებლობის გზას? არა, მავნებლობა რომ კარგა ხანია მისი ხელობაა, ეს ვიცით, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში ოპტიმიზმი ნიჰილიზმში რატომ გადაუვიდა, იცის, რომ ყველა ჭამა-სმაზე იფიქრებს, ლარზე მოთხოვნილება გაიზრდება, შეიძლება კურსი, ასე თუ ისე, გამყარდეს და იანვრიდან, სანამ „პახმელიაზე“ გამოვალთ, სიურპრიზი უნდა შემოგვთავაზოს? აბა, რა, მერე იტყვის, 1 დოლარი 3 ლარი რომ გახდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ვილაპარაკეო. ან იქნებ მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათი კონტრაქტორები ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის თანაბარზომიერ ხარჯვას ვერ ახერხებენ?

როგორც ამბობენ, დეკემბრის დარჩენილ დღეებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს და არ არის გამორიცხული, ეს მოხდეს თვის ბოლო კვირას. ყოველ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები 1 მილიარდს ვერ აითვისებენ, დაკარგავენ და ეს თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გადავა. ჩვენთვის კი სჯობს, ბიუჯეტში დარჩეს, რათა ლარს კიდევ უფრო არ ეტიროს ყოფა, მაგრამ, როგორ გგონიათ, ამდენ ფულს ვინ დატოვებს აუთვისებელს და ვინ აიკრავს „უნიათო“-ს იარლიყს? და მაინც, რას ნიშნავს ლარის გაუფასურების პიკი, აქამდე რა იყო, მხოლოდ დასაწყისი? როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ლია ელიავა ამბობს „ალიასთან“ საუბარში:

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ეროვნულ ბანკს ლარის კურსის კი არა, ინფლაციის პროგნოზირებაც არ შეუძლია, ყოველ კვარტალში ინფლაციის პროგნოზებს აქვეყნებენ და არასოდეს არ ემთხვევა. როდესაც ვარდნა დაიწყო, მას შემდეგ ქადაგიძემ უამრავი განცხადება გააკეთა, ახლა კი დასტაბილურდება, არანაირი საშიშროება აღარ გველოდებაო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ტყუილები. შეიძლება ასეთ გამონათქვამებს მოსახლეობა ივიწყებს, მაგრამ ბიზნესი არ ივიწყებს. ამიტომაც იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი, ბიზნესმენებს აღარ სჯერათ ეროვნული ბანკის. დაუკვირდით, მიუხედავად იმისა, რომ ლარი შედარებით სტაბილურია, ფასები მაინც იზრდება, რაც გახლავთ ბიზნესმენების დამოკიდებულება, ეს არის წინასწარი გათვლა, რას უნდა ველოდოთ მომავალში“.

როგორც ეკონომისტთა წრეებში აღნიშნავენ, არსებობს მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინი და არსებობს ბიზნესის ინფლაციური მოლოდინი, ამ შემთხვევაში გიორგი ქადაგიძემ ორივე მიმართულებით დაარტყა. თუკი მოსახლეობას ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, სამაგიეროდ ბიზნესი უკვე იჭერს თადარიგს და ფასებს ზრდის, მომავალ თვეებში ლარის კურსი რომც დავარდეს, კატასტროფულად არ იზარალებს. სხვათა შორის, ქადაგიძე მაშინაც ტყუის, როცა გარე ფაქტორების მოხსნაზე ლაპარაკობს და ამბობს, ეკონომიკური შოკი კურსში უკვე ასახულია, აწი უკვე სამშვიდობოს ვართო. 16-17 დეკემბერს გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მესვეურთა სხდომა, სადაც საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთების გაზრდის თაობაზე. რა რეაქცია მოჰყვება ამას მთელ მსოფლიოში, ამის პროგნოზირება უკვე ადვილია – კვლავ დაიწყება სხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტების ვარდნა, შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის გაზრდა და ასე შემდეგ.

ლია ელიავას თქმით, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინიც, რომ ახალი წლის წინა დღეებში ლარზე მოთხოვნილება გაჩნდება, შეიქმნება დეფიციტი და გამყარდება:

„ჯერ ერთი, ჩვენი მოსახლეობა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ უცხოური ვალუტა უცებ გამოიტანოს და ლარზე გადაახურდაოს. ჩვენი საზოგადოება არის საკმაოდ გაღატაკებული ამ სავალუტო კრიისის შედეგად და რაც გააჩნია, იმით გადაატარებს ახალი წლის დღეებს. ლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. სავალუტო კურსი ძირითადად კომერციული ბანკების ერთმანეთთან ვაჭრობის შედეგად ყალიბდება და განპირობებულია მსხვილი ბიზნესის მოთხოვნილებებით. მე კარგს არაფერს ველოდები არც მომავალი წლის გაზაფხულისთვის და არც შემდგომი პერიოდისთვის, თუ ქადაგიძის წასვლის შემდეგ ასეთივე უპასუხისმგებლო ხელმძღვანელი მოვიდა ეროვნულ ბანკში“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2016 წლის თებერვალში გაუდგება კუდიგორის გზას. მისი პროგნოზი, რომ პირველ კვარტალში ლარის გაუფასურება პიკს მიაღწევს, საეჭვოდ ემთხვევა მისავე წასვლას. როგორც ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, სერგო ჯავახიძე ამბობს „ალიასთან“, ლარის გაუფასურება 30-50 თეთრით 5-10 წუთის საქმეა, ხოლო გამყარებას სჭირდება თვეები და წლები. თუკი გაზაფხულზე ეს ამბავი პიკს მიაღწევს, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ შემდგომ პერიოდში რაიმე სასიკეთო მოხდება – 1 დოლარი 3 ლარიც რომ გახდეს და მერე დაგვამშვიდონ, აწი დასტაბილურდება, ცუდი აღარაფერი მოხდებაო, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის მაინც იქნება დიდი კატასტროფა და ხელისუფლების დასასრული.

ლია ელიავას თქმით, ეროვნული ბანკის დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები 6-8 კვარტლის შემდეგ აისახება ეკონომიკაზე და შესაბამისად, ჩვენს ყოფაზეც:

„თვითონ წერენ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კი შეგვიძლია, მაგრამ ამას შედეგი 2 წელიწადში ექნებაო. ქადაგიძე გამოდის და ამბობს, თუ საჭირო გახდება, გავამკაცრებთო. ეს ყველაფერი არის დემაგოგია და ფუჭი საუბარი, ვითომ საქმის კეთება. კურსი ასე არ უნდა თამაშობდეს, სხვა ქვეყნებში ეს გააკეთეს, ერთჯერადად კი გაუფასურდა, მაგრამ მერე დასტაბილურდა. ჩვენთან მაინც დახტის ლარი და ეს არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ცხოვრება დავგეგმოთ რამდენიმე წლით კი არა, რამდენიმე თვითაც კი. სხვათა შორის, ეროვნულმა ბანკმა „კარგად“ იმუშავა გარკვეულ მედიასაშუალებებთან, როცა მირეკავენ და კომენტარებს მთხოვენ, თან მეუბნებიან, ქადაგიძე უკვე მიდის და აღარ გააკრიტიკოთ, აზრი აღარ აქვსო. რას ჰქვია, აზრი აღარ აქვს, მსოფლიო ბანკში უნდა გადასვლა და კრიტიკა ხელს შეუშლის? მე მგონი, ერთადერთი თქვენღა დარჩით საქართველოში, ვინც ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ხმას იღებს. მე გული მტკივა, ეროვნულ ბანკს შეუძლია, ქვეყანა ააყვავოს და პირიქით კი ხდება, ქვეყანას აუბედურებს თავისი უმოქმედობით და ხელოვნური კრიზისის შექმნით, უცოდინრობით, უვიცობით, ამპარტავნობით. მე არ ვიცი, ზოგჯერ გული მერევა, ამათ განცხადებებს რომ ვისმენ. როცა ვუყურებ, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები რას არ აკეთებენ, რას არ ცდილობენ, გული მწყდება.

რაც შეეხება დეკემბერში 1 მილიარდი ლარის დახარჯვას, შარშანაც ასე იყო, თუ უცებ გამოიტანენ და დახარჯავენ, რასაკვირველია, კურსი რამდენიმე დღით დავარდება და მერე ისევ გამყარდება, რადგან ეს ფული ეკონომიკიდან არის ამოღებული და უკანვე ჩაბრუნდება. საბიუჯეტო სახსრები არ შეიძლება იყოს სავალუტო კურსის რყევის საფუძველი. პირიქით, ცუდი იქნება, თუ არ დახარჯავენ. ვიმეორებ, მთავარია, ერთ დღეს არ გამოიტანონ. ჩვენ, საერთო ჯამში, მაინც გვაქვს სახელმწიფოებრივი ხედვის პრობლემა, ჩინოვნიკების შეცდომებისა და უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ ვართ ჩამორჩენილები“.

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქადაგიძე მიდის და ახლა უკვე ბოლომდეა «გაფუჭებაზე» ორიენტირებული: „ეს ადამიანი თებერვალში მიდის და ყველანაირად ეცდება, საქმე ისე გააფუჭოს, შემდეგ გამოსწორება გაძნელდეს. ეკონომიკაში რომ დიდი პრობლემებია, ეს, ცხადია, ვიცით, მაგრამ, როცა ამბობს, მომავალი წლის პირველ კვარტალში გაუფასურება პიკს მიაღწევსო, სჯობდა, პრემიერ-მინისტრთან დამჯდარიყო და აეხსნა, რა ხდება, რაშია საქმე? ჯერ ერთი, არც გარე ფაქტორები დასტაბილურებულა და არც შიდა, პირიქით, უახლოეს თვეებში უფრო დაიძაბება სიტუაცია. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 2016 წელი გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე 2015 წელი იყო, პირველ კვარტალში პიკი იქნება და მერე დასტაბილურდება, ასე არ გამოვა, ქადაგიძე წავა და დაგვრჩება უფრო მეტად აოხრებული საფინანსო სფერო“.

როგორც ხედავთ, ექსპერტებიც და თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ჩვენი ცხოვრების უფრო მეტად დამძიმებაზე საუბრობენ და კარგს არაფერს ვარაუდობენ. თუ ამ ხელისუფლებას უნდა, რომ 2016 წელს გადაურჩეს, რამე უნდა იღონოს და არ დაუშვას როგორც ფასების ზრდა, ისე ლარის გაუფასურება. სასწრაფოდ უნდა გამოვიდნენ მთავრობის წევრები, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მოსახლეობას აუხსნან, რა ხდება ქვეყანაში, რატომ მძიმდება ყოველდღიურად სიტუაცია!

ახალი თაობა“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. ახალი პრეზიდენტი აპოლიტიკური პირი უნდა იყოს

ნთია ხურცილავა

2016 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს აღნიშნულ პოსტზე მუშაობის ვადა ეწურება. ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს? როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? იქნება თუ არა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა ფართო კონსენსუსის შედეგად შერჩეული?

ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის პრეროგატივა თავიდან ბოლომდე ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. „ქვეყნის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა შეარჩიოს და შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად. ასეთი კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ასევე საუბარია ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დაკომპლექტებაზეც, რომელთა ნაწილსაც გასდის ვადა“, – ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

- როგორი უნდა იყოს ახალი კანდიდატურა?

- პირველ რიგში, პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან, პარტიასთან ასოცირებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უნდა აინტერესებდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. თუ რა მოაქვს პოლიტიკურ ანგაჟირებულობას, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას და პოლიტიკურ განცხადებებს, ეს კარგად გვაგემა გიორგი ქადაგიძემ. მეორე, უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი, ასევე უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა სიმამაცე, რომ პოლიტიკურ წნეხს გაუძლოს.

- პოლიტიკური წნეხი მოსალოდნელია?

- პოლიტიკური წნეხი ყოველთვის იქნება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში.

- ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტის დასახელება შეგიძლიათ?

- რატომაც არა, მით უფრო, ჩვენ გვყავდნენ ეროვნული ბანკის კარგი პრეზიდენტები. მე, მაგალითად, დავასახელებდი ირაკლი მანაგაძეს, რომელიც მართლაც კარგი პრეზიდენტი იყო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. თუ გახსოვთ 1998 წლის რუსეთის ეკონომიკური დეფოლტი, მაშინ ძალიან კარგად გაუმკლავდა ირაკლი მანაგაძე ამ შემოტევას. ვიღაც იტყვის, რუსეთის დეფოლტი რა შუაშიაო, მაშინ ასე კი არ იყო, საქართველოს ეკონომიკის 90 პროცენტი რუსეთის ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული. ასევე კარგი იყო მერაბ კაკულია, რომელიც ნამდვილად იყო აპოლიტიკური ფიგურა, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, თავისი საქმის კარგი მცოდნე. ასევე კარგი პრეზიდენტი იყო ნოდარ ჯავახიშვილი. სწორედ ნოდარ ჯავახიშვილს უნდა ვუმადლოდეთ ლარის შემოღებას, ჩვენი ეკონომიკის დეკუპონიზაციას.

- კარგი კანდიდატურის შერჩევა არ უნდა გაუჭირდეს პრეზიდენტს?

- ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს, რადგან კარგი კანდიდატურები არიან. რაც მთავარია, გამოცდილების მქონე უნდა იყოს. მხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლება საკმარისი არ არის, კარგ განათლებას კვალიფიკაცია და კარგი გამოცდილებაც უნდა ახლდეს. დარგის პოლიტიკაში ღრმად უნდა ერკვეოდეს, ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტები და მექანიზმები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ჯანსაღი იყოს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ოღონდ ისე კი არა, რომ რასაც გვიბრძანებენ, იმას ვასრულებთ. ღირსეული ოპონენტი უნდა იყოს და უნდა შეეძლოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დარწმუნება, მათთან მაღალი დონის მოლაპარაკებების გამართვა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

- რამდენად იქნება ახალ პრეზიდენტზე დამოკიდებული ლარის კურსი?

- ლარის კურსთან დაკავშირებით რასაც ბატონი ქადაგიძე ბრძანებდა და ბრძანებს დღესაც, სიმართლე არ არის. ლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, თუ მიმოქცევაში მყოფ ფულად ერთეულებში რამდენია უცხოური ვალუტა და რამდენია ეროვნული ვალუტა, ლარი. სწორედ ამ მაჩვენებლებს უნდა მოუაროს ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსი უნდა ეჭიროს. თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ ლარის კურსი 1,90-ზე ან 2-ზე დაეჭირათ.

- არსებულ ნიშნულზე დაბრუნება რამდენად შესაძლებელია?

- ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად იქნება სახარბიელო. როდესაც უკვე არის ეკონომიკურ ცხოვრებაში წონასწორობა, მისი დარღვევა ცუდ შედეგებს იწვევს. როდესაც მანაგაძე იყო პრეზიდენტი, ის მთელ ინფორმაციას აქვეყნებდა ფულთან დაკავშირებით. ახლა მსგავსი ინფორმაცია არ ვრცელდება. ამიტომ ცალსახად თქმა მიჭირს, თუ რა ჯობია არსებულ მდგომარეობაში. სერიოზული ეკონომიკური ანალიზია საამისოდ საჭირო.

- ერთ-ერთი ბრალდება ქადაგიძისადმი ისიც იყო, რომ მას არ ჰქონდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეს მნიშვნელოვანია?

- საზოგადოებასთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაცია არათუ ამ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში და დროშია აუცილებელი. ედუარდ შევარდნაძეს ორშაბათობით ჰქონდა ტრადიცია, ორი-სამი საათი ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს. ეს პრაქტიკა დღევანდელმა პრემიერმაც, პრეზიდენტმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც უნდა შემოიღონ, ეს არის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წინაპირობა. გადასახადებს იმისთვის კი არ ვიხდით, რომ ხელისუფლებამ იცხოვროს კარგად, არამედ ხელისუფლება ვიქირავეთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ კარგად. დემოკრატიული ცხოვრების არსი სწორედ ისაა, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ასე მოიქცეს, თორემ არც ერთი ქვეყნის არც ერთი მთავრობა ამას თავისი ნებით არ გააკეთებს.

ახალი თაობა“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: საქართველოს ეკლესიის გახლეჩვა იგეგმება

ვინ იღებს გრანტებს პატრიარქის ლანძღვაში?

შორენა მარსაგიშვილი

ვინ დგას ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან, ვინ გეგმავდა ეკლესიაში განხეთქილების შეტანას, რატომ უნდა გახდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი, რატომ ატყდა პატრიარქის ბოლო ინიციატივაზე ასეთი ხმაური? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. „ის რეაქცია, რაც პატრიარქის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა, ამაზრზენი და მიუღებელია. ილია მეორეს პატიმრების შეწყალება არ მოუთხოვია. რამდენიმე დღის წინ ის რუსთაველის თეატრში დაესწრო სპექტაკლს, რომელშიც ქალი პატიმრები თამაშობდნენ. როცა ნახა, რა კარგად ასრულებდნენ ისინი თავიანთ როლებს, მას გული აუჩუყდა და თქვა, მეც მინდა შეწყალების უფლება მქონდეს, რომ ეს ადამიანები შევიწყალოო. ეს არ ყოფილა ისეთი განცხადება, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებოდა. მას არაფერი ჰქონდა დაკონკრეტებული და ეგრევე თავს დაესხნენ ლიბერასტები, არასამთავრობოები და პოლიტიკოსების ნაწილი. რამდენიმე ორგანიზაცია საერთოდ ისე გათავხედდა, რომ პატრიარქის გადადგომა მოითხოვეს”, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

- თქვენ, როგორც იურისტი, როგორ აფასებთ პატრიარქის ამ ინიციატივას?

- პატრიარქს არ მოუთხოვია, ეს უფლება მომანიჭეთო, მან მხოლოდ სურვილი გამოთქვა, რომ შეწყალების უფლება ჰქონდეს. მინდა იცოდნენ არასამთავრობოებმა და ლიბერასტებმა, რომ პატიმრების ნუგეში სწორედ პატრიარქია და არა პრეზიდენტი. ან შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ქორიძე. ეს უკანასკნელი აბუჩად იგდებს პატიმრებს და მათი მიმართვების განხილვით თავს არ იწუხებს. შეწყალების კომისია განსაკუთრებით ქალ პატიმრებს არ სწყალობს. მათ არაერთხელ შევხვდი და მითხრეს, რომ პრეზიდენტს არც ერთი ქალი არ ჰყავდა შეწყალებული.

- რას ერჩიან ქალებს, ეგენი არ ყვირიან, გენდერული თანასწორობაო?

- კარგი გამახსენეთ ეს გენდერები, ერთი მინდა მივმართო ამ ორგანიზაციებს, სად ხართ, როცა პატიმრების შეწყალებისას ასეთ დისკრიმინაციას აქვს ადგილი? რატომ დუმან საიები და მაიები? 3-4 შვილიანი დედები სხედან ციხეში და ამაოდ ელოდებიან შეწყალებას. ამ ქალების ამბავი იცის პატრიარქმა და იმ განცხადებით, რომლის გამოც თავს ესხმიან, ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ქალ პატიმრებს ყურადღება უნდა მიაქციონ. გამოვარდა ვიღაცა და თქვა, შეწყალების კომისიაში ხომ ჰყავს პატრიარქს ქორეპისკოპოსიო. კი ბატონო, ჰყავს, მაგრამ ვინ უგდებს მას ყურს. გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და ქორიძე იღებენ. ისინი არც კომისიის წევრების აზრს ითვალისწინებენ. ამის შესახებ თავად მათ მითხრეს. მარგველაშვილი მოკავშირე ნაციონალების და საკუთარი ნათესავების შეწყალებით არის დაკავებული. არასამთავრობოებს მინდა ვურჩიო, პატრიარქს თავი დაანებონ და შეწყალების კომისიაში მიმდინარე პროცესები შეისწავლონ. ვიცი, რომ წმინდანების გამონათქვამები მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით, მაგრამ ერთ რამეს მაინც შევახსენებ. მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი: ვინც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხალს დაიყრისო. ეს ლენინივით წვერმოშვებული ვახუშტი მენაბდე გამოვარდა და მიმართვებს ავრცელებს, ნუ გარყვნი, პატრიარქოო. მას არც სხვა არასამთავრობოები ჩამოუვარდებიან და მრჩება შთაბეჭდილება რომ მათი მისია სწორედ პატრიარქის ლანძღვაა.

- რატომ გგონიათ, რომ მარტო ეს არის მათი მისია, სხვების განცხადებებზეც ხომ გამოხტებიან ხოლმე?

- ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე იციან კიდევ ერთი ამბის ატეხა და ესეც შეგნებულად კეთდება. მისთვის პატრიარქს შემთხვევით არ უჩუქებია თავისი გულის ჯვარი. ის სულით და ხორცით მართლმადიდებელია და ამიტომაც მტრობენ მას. ამ ასო-ებს ქვეყანაზე მართლაც რომ შესტკიოდეთ გული, პაატა ზაქარეიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე ატეხდნენ ამბავს. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს შედიოდაო. ამაზე პატივცემულ ასო-ებს ხმა არ ამოუღიათ. სამაგიეროდ, ზაქარეიშვილის ამ სიტყვებმა მთელი რუსული პრესა მოიარა. გამოვარდნენ რუსი პოლიტიკოსები და თქვეს, ჩვენ რას გვერჩით, საქართველოს მთავრობის წევრი არ თვლის აფხაზეთს საქართველოს ნაწილადო.

ახლა მითხარით, რომელი განცხადება იმსახურებდა განგაშის ატეხას – პატრიარქის სურვილი თუ ზაქარეიშვილის ბოდვა. ერთი ამბავი პატრიარქზე ატეხეს, იმიტომ, რომ ეკლესიის დასუსტება უნდათ და არც ის მოსწონთ, მთავრობას პატრიარქის მიმართ დადებითი დამოკიდებულება რომ აქვს. ისტორიიდან ცნობილია, რომ საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როცა ეკლესია და საერო ხელისუფლება ერთად იყვნენ. დავით აღმაშენებლის დროს, რუის-ურბნისის კრების შემდეგ, გიორგი ჭყონდიდელს საერო თანამდებობაც უბოძეს და ის მწიგნობართუხუცესი გახდა.

- რუის-ურბნისის კრება რესპუბლიკელებმაც გაიხსენეს. დავით ზურაბიშვილის თქმით, როცა სასულიერო პირებმა ზედმეტი უფლებები მოინდომეს, მათ დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოუწყო...

- რაო, რაო, რა ქნა დავით აღმაშენებელმაო? ჯერ ისტორია კარგად წაიკითხონ და მერე გააკეთონ შეფასებები. დავით აღმაშენებელმა სასულიერო პირი გაამწესა მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობაზე. ის სასულიერო პირებს კი არ დევნიდა, პირიქით, მათთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა. ამიტომაც იყო მაშინ საქართველო ყველაზე ძლიერი. დავით აღმაშენებელი სასულიერო პირებს კი არ დევნიდა, არამედ ლიპარიტ ბაღვაშებს დასდევდა. ეს „ასო“-ები და მათი გამომზრდელი „რესპუბლიკელები“ კი სწორედ თანამედროვე ლიპარიტები არიან.

- რესპუბლიკელები რატომ ვერ იტანენ პატრიარქს? არჩევნების წინ სულ ცდილობენ, მის გარშემო იტრიალონ…

- ასე იმიტომ იქცევიან, რომ ფარისევლები არიან. თამარ კორძაია ნაძალადევის მაჟორიტარად რომ იყრიდა კენჭს, სამების კედელზე იყო მიყუდებული და იქიდან ვერ გამოჰყავდათ. ეს „რესპუბლიკელები“ და მათი გამოზრდილი ლეკვები როდესაც პატრიარქის ქმედებას გმობენ, იმას რატომ არ იხსენებენ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალიდან ქართველი მებრძოლების ცხედრები რომ გამოიტანა.

- ეს ნამდვილად არ იყო მისი საქმე...

- გეთანხმებით, რომ არ იყო, მაგრამ არავინ აყვირებულა, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ მებრძოლთა ცხედრებიო, რომლებიც ცხინვალის მისადგომებთან ლპებოდნენ. იქ შესვლა ვერავინ გაბედა, პატრიარქის გარდა. არასამთავრობოები და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ ქვეყნიდან იყვნენ გახიზნულები. კონფლიქტის ზონაში შესული პატრიარქი რუს გენერალ ბორისოვსაც კი შეხვდა და ფული მისცა, ქართულ მოსახლეობას საკვები უყიდეთ და თავს არ დაესხათო. პატრიარქის პოლიტიკაში ჩარევაზე რომ კივიან, იმას რატომ არ იხსენებენ, რუსებს წაღებული პერევი რომ დააბრუნებინა.

იმაზე რატომ არ იღებენ ხმას, რომ გენოფონდი განადგურებისაგან იხსნა. მისმა ინიციატივამ, რომ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია გახდებოდა, დიდი შედეგი გამოიღო. მისი დამსახურებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ეს არასამთავრობოებმაც კარგად იციან, მაგრამ არ იმჩნევენ. სამაგიეროდ, ერთი ამბავი ატეხეს, როგორ გაბედა და შეწყალების უფლება ითხოვაო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი არასამთავრობოები საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს გამოხატავენ.

- რადგან პატრიარქს ლანძღავენ, ამიტომ გამოხატავენ სხვა ქვეყნების ინტერესებს?

- არა მარტო ამიტომ, ის, რაც თურქეთში თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოხდა, იყო ქვეყნის ღალატი. რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, საქართველოში მუსლიმების უფლებები ირღვევაო. ასეთი რამის თქმა არის უნამუსობა. მუსლიმურ თემს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოუყვეს და ბათუმში მუფტს რეზიდენციას უშენებენ. და ეს იმ დროს, როცა ჩვენს სასულიერო პირებს ტაო-კლარჯეთში წირვის ჩატარების უფლება არ აქვთ. საინგილოში ქართული ტაძრები დაკეტილია და მხოლოდ გიორგობა დღეს აღევლინება იქ წირვა. იქიდან საერთოდ გამოაგდეს ეპისკოპოსი.

არასამთავრობოები ასეთ რამეებზე ხმას არ იღებენ, სამაგიეროდ, შარლი ებდოზე ტეხენ ერთ ამბავს. თქვე დალოცვილებო, შარლი ებდო თუ გტკივათ, ქვეყანამ რა დაგიშავათ? რატომ არ იღებთ ხმას, როცა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფენ სხვა ქვეყნები.

საქართველოში რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები მოქმედებენ. დღეს აქ საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილი თურქული სპეცსამსახურები. ისინი სხვადასხვა ფონდებში აბანდებენ ფულს და ისინი რაღაც პროგრამებს ხმარდება. ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა კონფესიების მდგომარეობის შესწავლა, რელიგიური კონფესიები. ამ პროექტებში გამარჯვებულები ხდებიან ძვირფასი ასო-ები და ისინი პატრიარქის ლანძღვისთვის სერიოზულ გრანტებს იღებენ. ამ არასამთავრობოების სახით ქვეყანაში მეხუთე კოლონაა შექმნილი და მათი მთავარი დანიშნულება ეკლესიის ლანძღვაა.

- თურქული სპეცსამსახურების ფული ახსენეთ და თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ პატრიარქის ლანძღვაში ისინი იხდიან ფულს.

- ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, მათაც სურთ საქართველოს დასუსტება. კარგად იციან, რომ ამ მიზანს მაშინ მიაღწევენ, თუ ხალხს ეკლესიასთან დააპირისპირებენ. აქედან გამომდინარე ფულს იხდიან და არასამთავრობოებიც სიამოვნებით ასრულებენ მათ დავალებას. მგონი ის დროა, გავაკეთოთ ის, რაც ცოტა ხნის წინ პოლონეთმა მოიმოქმედა.

- რას გულისხმობთ?

- ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება კანონით აკრძალა. რატომ არ შეიძლება ჩვენც იგივე გავაკეთოთ? ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები.

- ხელისუფლება ასეთი ინიციატივით რომ გამოვიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება.

- რა ამბავი უნდა ატყდეს, ან ვინ უნდა ატეხოს, ასო-ებმა? პოლონეთზე ამ აკრძალვების გამო არავის უთქვამს, რომ ის დემოკრატიის წინააღმდეგ წავიდა. ახლა არავინ მითხრათ, რომ პოლონეთს ჩვენზე მეტი საფრთხეები აქვს. არასამთავრობოები სულ რუსულ აგენტურაზე კივიან, ჰოდა, ავკრძალოთ ეს დაფინანსება უცხოეთიდან და ვეღარც კრემლი დააფინანსებს მის მიერ მართულ ორგანიზაციებს. მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, შემოიღოს ეს რეგულაციები და საქართველოს თავიდან ააცილოს ის საფრთხე, რასაც თანამედროვე ლიპარიტ ბაღვაშები გვიმზადებენ. მინდა დააკვირდეთ კიდევ ერთ ტენდენციას, როდესაც აქ დასავლეთის ლიდერები ჩამოდიან, პირველ რიგში ამ ასო-ებს ხვდებიან. ისინიც სიხარულით მიდიან და კარგი „დანოსშიკებივით“ აწვდიან ხელისუფლებასა და ეკლესიაზე უარყოფით ინფორმაციებს. საპატრიარქოს შავბნელ ძალად წარმოაჩენენ. ამით მილიონობით მართლმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს აყენებენ შეურაცხყოფას. ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უფლებები.

- როგორ უნდა დაიცვას ხელისუფლებამ მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობები?

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედიოდა ცვლილება, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებდა. ამაზე პატივცემულმა ასო-ებმა ერთი ამბავი ატეხეს და ეს ცვლილებები ჩაშალეს. ხელისუფლებამ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიხედოს და გრანტიჭამიების ყვირილს ყურადღება არ მიაქციოს. მართლა აღარ შეიძლება ამდენის მოთმენა, თორემ ასო-ებმა ხვალ, შესაძლოა, ათ მცნებაში მოითხოვონ ცვლილებების შეტანა. ალბათ გახსოვთ, მეჩეთთან გოჭის თავის დაკიდებას რა ამბავი მოჰყვა. ამან მუსლიმების რელიგიური გრძნობები შეურაცხყო და მესმის მათი აღშფოთება. პატრიარქის ლანძღვით, ჩვენი, მართლმადიდებლების უფლებები ირღვევა, ამაზე რატომ არავინ აწესებს რეგულაციებს. ან სად იმალება ამ დროს სახალხო დამცველი, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს, მართლმადიდებლების უფლებების დარღვევის გარდა. აქ მარტო ჩვენი გრძნობების შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მზადდება შეთქმულება.

- რა შეთქმულებაზე საუბრობთ?

- პატივცემულ ასო-ებს და მათ მფარველებს დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოს ეკლესია რამდენიმე ნაწილად გახლიჩონ. ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყარომ მომაწოდა და როგორც მან მითხრა, ეს საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე განიხილებოდა. სამწუხაროდ, ამ ხალხს ეკლესიაშიც ჰყავს თანამოაზრეები. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ფარულად უპირისპირდებიან პატრიარქს. ისინი ასო-ებთან დაახლოებული მედიითაც კარგად პიარდებიან. მათ ჰყავთ თავიანთი მრევლი და მათთან ერთად აპირებენ ცალკე გასვლას.

- რას ნიშნავს, ცალკე გასვლას აპირებენ?

- საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებიან და იქნებიან ასე. ჩვენი მტრების მიზანია, საქართველოს ეკლესია რამდენიმე ნაწილად გაიყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.

ახალი თაობა“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: ქართული ოცნება ყველანაირად წაგებულია

მარიამ მჭედლიშვილი

პარლამენტის უმცირესობის წევრი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებები არაფრისმთქმელია, ვინაიდან იგი არ ჩამოსცილებია პოლიტიკურ პროცესებს.

- ბიძინა ივანიშვილი გადადგა თანამდებობიდან, თორემ პოლიტიკაში ყოველთვის იყო. იგი მონაწილეობდა ყველაფერში, საყდრისის საბადოს დანგრევით დაწყებული, საკადრო გადაწყვეტილებებით დამთავრებული. იგი იყო და არის არაფორმალური მმართველი. გაუგებარია ასევე განცხადება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი არ იქნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, – განუცხადა „ახალ თაობას“ შოთა მალაშხიამ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, აინაზღაურა ხარჯები, ნახა მოგება. ამასობაში მოსახლეობის ცხოვრების დონე სულ უფრო უარესდება. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა.

- „ქართული ოცნება აცხადებს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია...

- ხალხს ცხოვრება გაუძვირდა. დენის ფასმა იმატა. დაახლოებით 30 პროცენტითაა გაძვირებული პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები. განცხადებებით ხალხს ვერ დააჯერებ, რომ ცხოვრება გაუმჯობესდა. მით უმეტეს, რომ არ შესრულებულა გაცემული დაპირებები. ადამიანები ახალ ტყუილებს აღარ ჭამენ და აღარ წამოეგებიან ახალ თაღლითურ სქემებს. „ქართულ ოცნებას“ მძიმე არჩევნები ელის.

- პოლიტიკაში ახალი ძალა გაჩნდა. კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი პარტია ჩამოაყალიბა...

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. ამ მოკლე დროში ახალმა პარტიამ რომ რაიმეს მიაღწიოს, გამოცდილი და ცნობილი პოლიტიკოსებია საჭირო. ყველა მიმართულებას ცოდნა უნდა. ფეხბურთზეც ჰგონიათ, რომ ყველა ითამაშებს, მაგრამ ფეხბურთის თამაში ფეხბურთელებსაც უჭირთ. პოლიტიკურ სივრცეში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შემოსვლით, ასე ადვილად ადგილს ვერ დაიმკვიდრებ.

- პაატა ბურჭულაძეც არაპოლიტიკოსია...

- რაც ვთქვი, მასაც ეხება. ჩერნოვეცკიმ გაბედულება მაინც გამოიჩინა და თქვა, რომ პარტიას ქმნის. პაატა ბურჭულაძისგან მკაფიო განაცხადიც არ მოგვისმენია. ახალი ძალები მოახლოებული არჩევნებისთვის თავს ვერ გამოიჩენენ. თუ ვინმე სხვა არჩევნებისთვის ემზადება, მაგალითად, საპრეზიდენტო, ან მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაშინ შეიძლება კიდევ გამართლებული იყოს ახლა გამოჩენა.

- სად წავა გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველთა დაახლოებით 60%?

- ეს ხმები ახალ გაერთიანებებში არ წავა. ხელისუფლებასაც დაკარგული აქვს ხალხის ნდობა. ხმების ნაწილი გადანაწილდება იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც დღეს აქტიურობენ, იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რომლებსაც აქვთ ტრიბუნა. საარჩევნოდ გამეორდება ძველი ისტორია – თუ დაძაბულობაა, მხარდაჭერა წავა ერთი მიმართულებით. ასე იყო გამსახურდიადან მოყოლებული. სხვა შემთხვევაში, ამომრჩეველთა დაახლოებით 20% გადაიხრება იმისკენ, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს.

- იქნება დაძაბულობა?

- დღევანდელი უმძიმესი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, დაძაბულობა უკვე არის. საარჩევნოდ ბუნტი მოხდება საარჩევნო ურნებთან. ხალხი ძალიანაა გამწარებული. საპრემიო და სადანამატო თანხები რომ მოეკლოთ, შეძლებდნენ პენსიონერებისთვის იანვრიდან პენსიის 50 ლარით გაზრდას. „ოცნებამ“ ეს არ გააკეთა.

შოთა მალაშხია ამბობს, რომ ხელისუფლებამ პენსიონერებს დასცინა იმით, რომ 20 ლარს უმატებს ივლისიდან – ადამიანებად არ გთვლით, პენსიას ოდნავ, საარჩევნოდ გაგიზრდითო. „არც საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდათ. არჩევნებს მაინც ვერ გააყალბებენ, იმიტომ, რომ მონაწილე პარტიები ხმებს დაიცავენ. შუალედურ არჩევნებში ერთმა ირმა ინაშვილმა მოუგო ხელისუფლების კანდიდატს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებზე მეტი დაძაბულობა და მონაწილეობა იქნება და „ქართული ოცნების“ კრახი უფრო გამოჩნდება. საერთოდ, „ქართული ოცნება“ ყველა მიმართულებით წაგებულია“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ახალი თაობა“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ბიძინა ივანიშვილის სატელიტები არ ვართკოალიციაში ჩვენ დაბრუნება გამორიცხულია

ნონა ცაბაძე

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების შანსები სულ უფრო მცირდება. „ამას არ სჭირდება კვლევები. შევხედოთ, რა ხდება ქვეყანაში. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს პრობლემები. მთავარი პრეტენზია არის „ოცნების“ მიმართ, რომ მან ვერ შეასრულა ის დაპირებები, რომლებიც გასცა“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

- თუმცა ბევრი თანხმდება იმაზე, რომ “ოცნება ხელისუფლებაში ისევ მოვა.

- მე გამიჭირდება იმის პროგნოზი, რომ `ოცნება~ ხელისუფლებაში მოვა უმრავლესობით. ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ მოსახლეობის კონსოლიდირება და მასთან ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში აღარ მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- ხალხი აღარ დაიჯერებს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დანაპირებს, თუ მის უკან არ იდგება კონკრეტული გეგმა და შესრულების გრაფიკი. მოსახლეობამ ბევრი გადაიტანა საკუთარ თავზე. არის ახალგაზრდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე სულ სხვანაირად წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი. ამიტომ ჩვენ გვაქვს კარგი სასტარტო პირობები.

- თქვენ რომ მარტო ხართ, კოალიციის გარეშე?

- ძალიან კარგია, რომ თავისუფალი დემოკრატები აღარ არის კოალიციის ნაწილი. რადგან ჩვენი მთავარი პრობლემა მაინც არის ის დანაპირები, რომელსაც ვერ ასრულებს დღევანდელი მთავრობა. ჩვენ ამ ხალხთან უნდა მივიდეთ და ავუხსნათ, რომ იმას, რასაც ჩვენ დავპირდით 2012 წელს მოსახლეობას და არ შესრულდა, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ.

- ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს, ადმინისტრაციული რესურსიც მის ხელშია. ეს არ არის თქვენთვის პრობლემა?

- გეთანხმებით, სწორად აღნიშნეთ. სწორედ ადმინისტრაციულ რესურსზეა დღეს დამოკიდებული ხელისუფლება. როდესაც ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით ზრდიან ხელფასებს, დანამატებს თუ პრემიებს, ეს არის მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად გაიმაგრონ ეს რესურსი. მე გამიჭირდება მკვეთრი პროგნოზის გაკეთება, რომ ეს 100%-ით ასე იქნება.

- არ უნდა გაიზარდოს სახელმწიფო მოხელის ხელფასი? ამას ეწინააღმდეგებით?

- ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სახელმწიფო მოხელეს არ უნდ ჰქონდეს ხელფასი, არ უნდა ემსახურებოდეს თანამდებობის პირს მანქანა, მაგრამ რა ტიპის მანქანა ემსახურება, ამაშია საქმე და რა ფასის არის ეს მანქანა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, იყო დაპირება, რომ ის შეიცვლებოდა, თუმცა არც ეს დაპირება შესრულდა. რადგან ამაში ხედავს ხელისუფლება გამოსავალს. დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო აუარესებს ამ მდგომარეობას.

- ბატონო ზურაბ, როდესაც საუბრობთ დანამატებზე, პრემიებზე, მაღალ ხელფასებზე, რატომ არ აპროტესტებდით ამას, როდესაც იყავით მინისტრები? საკმაოდ მაღალ პრემიებს და დანამატებს იღებდნენ თქვენი მინისტრები...

- გეთანხებით, რომ ასე იყო და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ იყო კარგი. მე ვიყავი პარლამენტში, ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები იყვნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მე ეს მაშინაც არ მომწონდა. ეს რომ შესაცვლელი იყო, ჩვენ ამაზე მაშინაც ვსაუბრობდით. იმედი გვქონდა, რომ ეს ყველაფერი დალაგდებოდა, რომ პენსიები გაიზრდებოდა და იქნებოდა ადეკვატური თანამდებობის პირის და რიგითი მოქალაქის ხელფასი და პენსია.

- მერე გახდა ადეკვატური?

- ეს რომ არ შესრულდა, იმიტომაც აღარ ვართ ჩვენ იმ ხელისუფლების ნაწილი, რომლისაც ვიყავით. თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პასუხიც ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელია. შეცვლის ნაცვლად, დღეს ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა არა დადებითისკენ, არამედ ცუდისკენ.

- თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ალასანიას გუნდი არ არის ამ ხელისუფლების ოპოზიცია, რომ პირველივე დაძახილზე ისევ ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდებით. ასეა?

- დიდი გამოცნობა არ უნდა, ამას ვინც იტყოდა. მოდით, ყველამ თავის თავს მიხედოს! თავის ცოდვებს მიხედონ! ვინც ამაზე საუბრობს, ურჩევნიათ, ადამიანებთან მივიდნენ და მოინანიონ ის ცოდვები, რომლებიც მათ გააჩნიათ, რომლებმაც ბევრი რამე დააშავეს ამ ქვეყანაში და მათ თავიანთ თავზე და თავიანთ საქმიანობაზე ილაპარაკონ.

- ანუ არ ხართ ივანიშვილის სატელიტი პარტია?

- თავი დაანებონ თავისუფალ დემოკრატებს! ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და პრობლემის გადაჭრის. 9 წლიანი მმართველობის შედეგად პრობლემები კი არ გადაიჭრა, უფრო მეტად გაღრმავდა. მათ აქვთ თავიანთი საკითხები, რომელთაც ჯობია, რომ მიხედონ. ჩვენს საქმეს თავად მივხედავთ!

- თქვენს ყოფილ თანამებრძოლებზე რას იტყვით?

- იმ ადამიანების მიმართ, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდი ამ ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენი სენტიმენტები უფრო მეტია, ვიდრე იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც ვებრძოდით. ეს ყველასთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს.

- ეს სენტიმენტები რაიმეზე მიანიშნებს?

- თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ. ხალხი აღარ ენდობა არც წინა ხელისუფლებას, რომელსაც აღარასოდეს დააბრუნებს ხელისუფლებაში და აღარც „ქართულ ოცნებას“. მათ ხალხის იმედები გააცრუეს.

- ამ იმედგაცრუების ფონზე, რამდენად რეალურად გეჩვენებათ, რომ ივანიშვილი მობრუნდეს პოლიტიკაში? ის შეეცდება საკუთარი გუნდის გადარჩენას?

- ხელისუფლებას თუ ვინმე ზურგს უმაგრებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ სწორედ მის ავტორიტეტზე დგას ეს ხელისუფლება. ნამდვილად ვერ გეტყვით, ივანიშვილი მობრუნდება თუ არ მობრუნდება, თუმცა ეს ხელისუფლება და ეს მთავრობა რომ მისია და მასთან არის დაკავშირებული, ესეც დღესავით ნათელია.

- თუკი გექნებათ რაიმე სახის შემოთავაზება, ითანამშრომლებთ ამ გუნდთან? ან თუ არის იმის შანსი, რომ კვლავ გიხილოთ “ოცნების კოალიციაში?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ეს თემა არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და ჩვენ ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. პარლამენტის შიგნით თანამშრომლობის საკითხზე ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს და არის მნიშვნელოვანი თემები, რომლებზედაც ვთანამშრომლობთ უმრავლესობასთან. თანამშრომლობის სხვა ფორმებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.

ახალი თაობა“, 08 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ ჯორბენაძესთან: „ლევან მურუსიძე უსამართლო მოსამართლეახელისუფლებას ნაციონალების მოსამსახურე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნა უნდა”

გულიკო ბალაძე

საზოგადოებაში ძველი მოსამართლეების ხელახლა შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილებაა. ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ნაციონალური სასამართლოს მართვის მეთოდებსა და მუდმივად მოსამართლეობის მსურველი პირების მიკერძოებულობაზე საუბრობს.

- ბატონო ზურაბ, თქვენ ითხოვდით 60 მოსამართლის გათავისუფლებას.

- ისინი ნაცმოძრაობის მოსამსახურე მოსამართლეებია. მათ შორის არიან მურუსიძე და სხვა ოდიოზური მოსამართლეები, რომლებსაც ხელახლა დანიშვნა უნდათ. ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი და შეეძლო ამ ოდიოზური მოსამართლეების ჩამოცილება, მაგრამ ზეწოლა იყო დასავლეთიდან.

- ასეთ ინფორმაციას ვინ გაწვდით?

- ინფორმაციის უამრავი წყარო მყავს. ისინი თავის დროზე ასეთი ტიპის ინფორმაციებს აგროვებდნენ.

- ისე ამბობთ, გეგონება, უშიშროების მინისტრი იყავით...

- მე გამოცდილი იურისტი ვარ და ასეთი ტიპის ინფორმაციები ჩემამდე აღწევს. იუსტიციის საბჭოს რეფორმა ნაცმოძრაობამ დაბლოკა. ამას პირდაპირ ხელი შეუწყო რესპუბლიკურმა პარტიამ. იუსტიციის საბჭოს რეფორმისთვის არაფერი გააკეთა დღევანდელმა იუსტიციის მინისტრმა.

- კონკრეტულად, რით დაბლოკეს?

- ნაცმოძრაობამ 380 ათასი ადამიანი გაატარა წნეხში. 380 ათასი მსჯავრდებულიდან, 330 ათასი პრობაციონერი იყო. ნაცრეჟიმი იმდენად მყიფე იყო, რომ ერთი ხელის კვრა სჭირდებოდა და მთლიანად ჩამოიშლებოდა სასამართლო სისტემა, პროკურატურის სისტემა და ახალი ხელისუფლება სუფთა ფურცლიდან დაიწყებდა ყველაფერს.

- მოსამართლეთა და პროკურორთა მთელი შემადგენლობა უნდა დაეთხოვა? ეს რამდენად იყო შესაძლებელი?

- აბსოლუტურად შესაძლებელი იყო. მთავარ პროკურორ კბილაშვილს მოვუყევი, რა ხდებოდა სპეცსამსახურებში. 32-ფურცლიანი ჩვენება მივეცი. ჩამოვთვალე ყველა ის პროკურორი და მოსამართლე, ვინც ქვეყანას აქცევდა. თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. თეა წულუკიანს წერილობით 8-ფურცლიან განცხადებაში მივაწოდე ინფორმაცია, რომელ მოსამართლეს რა ჰქონდა დაშავებული ხალხისთვის. არც ამ განცხადებას მოჰყოლია რაიმე შედეგი. სანაცვლოდ მივიღეთ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება მამალი ნაციონალებით და იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელსაც პირდაპირ ხელი დააფარა ბიძინა ივანიშვილმა.

- ბიძინა ივანიშვილმა როგორ დააფარა ხელი?

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი, ნაცვლად იმისა, ლევან მურუსიძე მოეშორებინა სასამართლო სისტემიდან როგორც დამნაშავე და როგორც სულხან მოლაშვილის საქმეზე განაჩენის დამდგენი უსამართლო მოსამართლე, დატოვა. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაუწერა, რომ მურუსიძე არაობიექტური მოსამართლე იყო.

- ასევე იყო გირგვლიანის საქმეზეც...

- დიახ, ეს კაცი ბიძინა ივანიშვილმა (ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ) სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობის გარანტად გამოაცხადა.

- შეიძლება სინდისზე შეაგდო, რადგან იმ მომენტში მისი სასამართლოდან გაშვების შესაძლებლობა არ იყო...

- ხელისუფლებას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, თორემ ყველანაირი ძალა ჰქონდა, მოსამართლეები მათრახით გაერეკა. ეს იქნებოდა სამართლიანობის აღდგენა.

- დემოკრატია იქნებოდა?

- იქნებოდა. დემოკრატია ხალხის მმართველობაა. როდესაც 330 ათასი კაცი გეუბნება, ამ მოსამართლეებმა და პროკურორებმა დაგვღუპესო, ისინი სამსახურებიდან უნდა დაითხოვო, ხომ არ გეუბნები, მოკალი და ჩამოახრჩვე-მეთქი. ხალხის ნების აღსრულება დემოკრატიაა.

- ნაცები ევროპარლამენტარებს დღემდე ალაპარაკებენ, პოლიტიკური დევნააო. წარმოგიდგენიათ, რამხელა ზეწოლა წამოვიდოდა დასავლეთიდან?

- აბსოლუტური სისულელეა. რომ იცი, წლების განმავლობაში ის მოსამართლე შენი ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ მაინც გვერდით დაიყენებ, შენც იმნაირი ხდები. მურუსიძე და მურუსიძისნაირი მოსამართლეები ხალხს ღუპავდნენ. ჯემალ კოპალიანმა მუხროვანის ბუნტის საქმეში მონაწილე ხალხი დაღუპა. ახალმა ხელისუფლებამ ის ხალხი პოლიტპატიმრებად გამოაცხადა, მაგრამ განაჩენის გამომტანი მოსამართლე ჯემალ კოპალიანი არ დასჯილა. ბოლომდე მოსამართლე იყო, ახლა ვადა გაუვიდა და ხელახლა მოსამართლეობას აპირებს.

- ამ მოსამართლეებს თვითონ არ რცხვენიათ?

- თქვენ მითხარით, ივანიშვილმა სინდისზე შეაგდო მურუსიძეო. მურუსიძეს სინდისი სად აქვს?!

- შეიძლება ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, ამ ხალხს თავისით ეგრძნო მათი ქმედებების სიმძიმე და პასუხისმგებლობა...

- მურუსიძეს სინდისი რომ ჰქონოდა, მაშინ იგრძნობდა, როცა სასამართლოზე ნაბეგვ-ნაწამები სულხან მოლაშვილი მიჰყავდათ.

- სიგარეტებით დამწვარი...

- დიახ, მოსამართლე მურუსიძე ამას საკუთარი თვალით ხედავდა და ისეთი უპრეცედენტო განაჩენი დაადგინა, სტრასბურგმა იმის გამო გაგვლანძღა. მურუსიძის სინდისიერებაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ასევე არ შეიძლება ლაპარაკი ირაკლი ადეიშვილის სინდისზე. მასაც ვადა გაუვიდა და ხელახლა აპირებს მოსამართლეობას. მასაც ქალაქის სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სასწაულები აქვს ნაკეთები.

- კონკრეტულად?

- “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დროს კახა კალაძე 12 მილიონი ლარით დააჯარიმეს საკუთარი ბანკიდან ფულის გამოტანისთვის. ეს რომ უსამართლობა იყო, თვითონ კალაძემ არ იცის? ირაკლი ადეიშვილის მოსამართლედ დატოვება როგორ შეიძლება?!

- კიდევ ვისი მოსამართლეობა არ შეიძლება?

- არ შეიძლება კახა გოცირიძის მოსამართლედ დატოვება, რადგან აუარებელი სისულელე აქვს გაკეთებული ადმინისტრაციულ წარმოებაში.

- რა გააკეთა ასეთი?

- ბიძინა ივანიშვილი ჰყავს დაჯარიმებული 17 მილიონი ლარით (ისიც აპირებს ახლა მოსამართლეობას) გლობალ ტვ-ის ანტენებთან დაკავშირებით.

- შანსი არის, რომ ეს ადამიანები ისევ მოსამართლეებად დაინიშნონ?

- რა თქმა უნდა. იუსტიციის საბჭო ნაციონალების ხელშია. ერთადერთი ადამიანი, ვინც იუსტიციის საბჭოში ნაციონალი არ არის, ევა გოცირიძეა (რომელიც მინდია უგრეხელიძის მეუღლე და ძალიან კარგი ადამიანია), მეორეა ნინო გვენეტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც, ამავე დროს, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეა. იუსტიციის საბჭოს 12 წევრიდან მხოლოდ ერთია არანაციონალი. თანაც ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი უნდა დანიშნოს მოსამართლედ აპელაციაში.

- მურუსიძეს კანონით უფლება აქვს, თავის მოსამართლედ არჩევაში მონაწილეობა მიიღოს?

- კანონით მურუსიძე თავის არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ დანარჩენი 11 წევრი მისცემს ხმას. მურუსიძეს ახალი ვადით უნდა მოსამართლეობა.

- მგონი, 3 წლით ინიშნებიან...

- გახმაურებულ საქმეებზე გამოტანილი უკანონო განაჩენების მოსამართლეებს აღარ აქვთ მორალური უფლება, კვლავ მოსამართლეებად გამწესდნენ. ცოტნე გამსახურდიას საქმეზე განაჩენის გამომტან მოსამართლეს ვადა გასდის და ხელახლა მოსამართლეობაზე კენჭისყრას აპირებს. ასეთ მოსამართლეებს არ აქვთ მორალური უფლება, ხალხს თვალებში შეხედონ, მაგრამ ზნეობა არ აქვთ.

„ალია“, 8 დეკემბერი, 2015 წელი

ვინ არის “ბედნიერი საქართველოს” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, ვინ დგას მის უკან და რა კომპრომატები არსებობს მასზე?

ნინო სამხარაძე

გახდა თუ არა პოლიტიკა თაღლითების, ბანდიტების, კლეპტოკრატების, მეცენატების, ქველმოქმედების თავშესაფარი? უცნაურ ვითარებაში ვიმყოფებით, უცხო ქვეყნის ჩინოვნიკები, რომელთაც პრობლემები აქვთ საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავებთან, გამორბიან საქართველოში და პარტიას ქმნიან.

საქართველომ უკრაინასთან ერთგვარი ბარტერი მოახდინა. ჩვენ გავუშვით ხელისუფლების გიჟი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში და მის ნაცვლად მივიღეთ კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელსაც უკრაინის გარკვეული წრეები ასევე გიჟად მოიხსენიებენ. ის საქართველოში 2011 წლიდან ჩნდება, როცა ლეონიდ ჩერნოვეცკი მეუღლესთან, ალინა აივაზოვასთან განქორწინებას იწყებს. განქორწინების უსიამოვნო სასამართლო პროცესს ჩერნოვეცკი საქართველოში დაემალა, კერძოდ, იგი ბათუმში ისვენებდა. როგორც უკრაინული გამოცემა იუწყება, ლეონიდ ჩერნოვეცკი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. ისინი ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს მეგობრობდნენ… „ლიოვას“ საქართველოში საკუთარი ბიზნესები აქვს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, გუდაურსა და ბაკურიანში კერძო სასტუმროებს ფლობს. მისი პირველი მეუღლე ალინა აივაზოვა საქართველოში დაიბადა, ის ცნობილი თბილისელი მილიონერის სტეფან აივაზოვის ქალიშვილია, რომელიც საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა საწარმოების ქსელს ფლობდა და უზარმაზარი ქონების გამო დიდი გავლენით სარგებლობდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ჩერნოვეცკის მილიონებს სწორედ სიმამრის კაპიტალმა დაუდო სათავე. თუმცა კიევის მერსა და ალინა აივაზოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც “მურმანის ეკალივით“ მათ შორის ელენე საბჩუკი გამოჩნდა. დღეს ეს ქალბატონი მისი მეორე მეუღლეა და მათ საერთო შვილი ჰყავთ. ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკურ ამბიციებს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ქართველებისთვის ეს არის უცნობი ადამიანი, რომელმაც ხალხს თავის ქველმოქმედებით დაამახსოვრა თავი, მაგრამ ქართველ ალხს არ აქვს უფლება, შეცდომა დაუშვას და გაიყიდოს ტომარა ფქვილზე, ფოჩიან კანფეტებზე, ლიოვას ფერად დაპირებებზე. ჩერნოვეცკი საქართველოს მოქალაქეა და როგორც ირკვევა, მან მოქალაქეობა ახალი ხელისუფლების პირობებში მიიღო. სხვათა შორის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა პოლიტიკოსმა არ იცის სიგიჟეში რომ გადაუშხუილა, იქიდანაც ჩანს, რომ გამოუშვა თავისი მუსიკალური ალბომი კლიპებით და თავის წინასაარჩევნო დაპირებებს სიმღერით უხსნიდა ამომრჩევლებს.

ის არ გამორიცხავს პაატა ბურჭულაძესთან პარტნიორობას და ალბათ, ბანის თანხლებით სიმღერით შეგვპირდება პენსიების გაზრდას, სამუშაო ადგილებსა და ბედნიერ საქართველოს. „ნიუ-იორკ თაიმსი“ ლიონიას ცინიკურად მოიხსენიებდა და იუწყებოდა, რომ ჩერნოვეცკი შეხვედრებს მელანქოლიური საბჭოთა ბალადების ღიღინით ასრულებდა. მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მასაც ძალიან ჰყვარებია ნარკოტიკები და ალკოჰოლი, თუმცა ჩერნოვეცკი ამ ხმებს უარყოფს და ჭორებს უწოდებს. თავის დროზე მას დაპირისპირება ჰქონდა ექიმებთან, მგლები, ქურდები და ბანდიტები ეძახა.

ექიმთა კავშირმა კიევის მერთან დაპირისპირების დროს განაცხადა, ჩვენ შორის ურთიერთობა იმან გაამძაფრა, რომ ლიოვა ჩერნოვეცკის დავუდგინეთ გარკვეული მენტალური დაავადებებიო. ყოფილი მერი თავისი ინტიმური სიზმრების მოყოლითაც იპყრობდა ყურადღებას. მაგალითად, ის ჰყვებოდა, რომ ესიზმრა იულია ტიმოშენკო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა მასთან, რადგან ცოლი უყვარს, ხოლო ტიმოშენკოს ზოგჯერ არ ვუყვარვარო. ახლა კი ვნახოთ, რა შავ-ბნელი წარსული იმალება ამ ვითომდა კეთილშობილი მისიით მოვლენილი ჩერნოვეცკის უკან.

„ალიას“ საპატიო გენერალი ტრისტან წითელაშვილიესაუბრა:

- ბატონო ტრისტან, რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ დგას კიევის ყოფილი მერის უკან და თქვენი აზრით, რა მიზნით შექმნა მან პარტია „ბედნიერი საქართველო“?

- როგორც ჩემი უკრაინელი მეგობრებისგან ვიცი, კიევის ყოფილი მერის საქართველოში გააქტიურება არის დასავლური სპეცსამსახურების გეგმა, მათ შეფუთეს ეს ადამიანი და მოახდინეს მისი დესანტირება საქართველოში. რადგან ის გავლენა, რაც დასავლეთს საქართველოში ჰქონდა, გარკვეულწილად შესუსტდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებიდან განდევნეს. ამიტომ, გამოძებნეს სააკაშვილის ალტერნატივა ჩერნოვეცკის სახით, რომელიც შექმნის ახალ პოლიტიკურ გუნდს, სადაც აღმოჩნდებიან “ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრებიც, რათა შემდგომ კვლავ გააცოცხლონ „ნაციონალური მოძრაობა“.

- თქვენ აცხადებთ, რომ ჩერნოვეცკისთან ნაციონალები გაერთიანდებიან, თუმცა ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მწამებლებთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება, ხოლო მეგის ქარდავას დაჭერისთვის ჯილდოდ 150 ათას დოლარს აწესებს…

- აგიხსნით, რატომ გააკეთა ეს განცხადება. უკრაინაში სააკაშვილის იმიჯის შელახვა უკავშირდება მეგის ქარდავას. მეგის ქარდავაზე პირდაპირ სააკაშვილის მითითებაა, რომ ის გაანადგურონ, რადგან არის ეჭვი, რომ მეგის ქარდავამ მიჰყიდა კოლომოისკის წამების ამსახველი კადრები. არის ინფორმაცია, რომ გარკვეული რაოდენობის კადრები ერეკლე კოდუას გაყიდულია, დათა ახალაიასაც ჰქონდა წამების კადრები და თითოეულმა მათგანმა სარფიანად ივაჭრა კოლომოისკისთან, რაც სერიოზული კომპრომატებია სააკაშვილისთვის. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სწორედ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გააკეთა ეს განცხადება და არა იმიტომ, რომ გული სტკივა ქართველების წამებაზე. თუ ასეთი განაწყენებულია მწამებლებზე, პირველი მწამებელი უკრაინაში ჰყავს ოდესის გუბერნატორად. ხელიც მიუწვდება და საკმაოდ სერიოზული გავლენებიც აქვს შემორჩენილი კიევის ყოფილ მერს ოდესაში და საკმაოდ ძლიერი საყრდენი ძალა ჰყავს უკრაინაში. თუ ასეთი მამაცია, იძიოს შური მიხეილ სააკაშვილზე და მოითხოვოს ნომერ პირველი მწამებლის გადაყენება პოსტიდან. რა, მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მითითების გარეშე აწამებდა ამ ხალხს?!. მაგრამ აქ სხვა რამ ხდება, ის ასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებას, წამების კადრების გავრცელების გამო ქუჩაში ვეღარ გამოდის თავისუფლად სააკაშვილი და ხალხს ვეღარ ხვდება. შეიქმნა სააკაშვილისგან განმათავისუფლებელი ორგანიზაციები უკრაინაში, რომლებიც ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ, ფაქტობრივად, აქციები მის წინააღმდეგ დაწყებულია და არაერთხელ მოუწყვეს აქციები გადადგომის მოთხოვნით, უკრაინელები პირდაპირ აცხადებენ, – არ ვაპატიებთ სააკაშვილს, რაც ვნახეთ წამების კადრებში, არ გვჭირდება მწამებელი და ადამიანების გამაუპატიურებელი ხელისუფლებაშიო.

თავის დროზე გავაჟღერე, რომ სააკაშვილი ჩართული იყო უკრაინასთან იარაღის კონტრაბანდაში იუშჩენკოსთან ერთად. ამ საქმეში მონაწილეობდა ლეონიდ ჩერნოვეცკიც. როგორც სააკაშვილმა გაძარცვა და დაანგრია ქვეყანა, ასე გაძარცვა და დაანგრია ჩერნოვეცკიმ კიევი მერობის დროს. ჩართული იყო იარაღის კონტრაბანდაში, ნარკოტიკების გადაზიდვაში, მას ძალიან სერიოზული კრიმინალური წარსული აქვს.

როგორც სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, ასევე უნდა აგოს მან პასუხი უკრაინელი ხალხის წინაშე.

Comments are closed