«The Washington Times» (აშშ): საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თბილისის მიმართ ნატოს გულგრილი დამოკიდებულება რუსეთის აგრესიისთვის „მიწვევას“ ნიშნავს
«Независимая газета» (რუსეთი): მოსკოვმა ჟენევაში თბილისის ახალი საყვედურები მოისმინა // საქართველომ პროტესტი განაცხადა რუსეთ-აფხაზეთის საარმიო დაჯგუფების შექმნის გამო
«Каспiй» (აზერბაიჯანი): საკვანძო რეგიონი: ინტეგრაციული პროექტების კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში და საქართველო
«Radio Free Europe // Radio Liberty // Радио Свобода» (აშშ): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „პუტინი აუცილებლად დამარცხდება, საქართველო კი თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს“
«Країна» (უკრაინა): ინტერვიუ კახა კალაძესთან: „ჩვენ არასდროს არ მივიღებდით ვიქტორ იანუკოვიჩს ან ნიკოლაი აზაროვს საქართველოში“
«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა): ქართველები ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ: იგი არჩევნებს „ლეზგინკით“ და ფაფახ-ხანჯლითაც ვერ მოიგებს
———————
«The Washington Times» (აშშ), 9 დეკემბერი, 2015 წელი
www.washingtontimes.com/news/2015/dec/8/tinatin-khidasheli-says-vladimir-putin-may-expand-/
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თბილისის მიმართ ნატოს გულგრილი დამოკიდებულება რუსეთის აგრესიისთვის „მიწვევას“ ნიშნავს
გაი ტეილორი
(თავისუფალი თარგმანი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს თავის წევრად მიღებაზე უარს ეტყვის, ეს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „ღია მიწვევას“ აგრესიის გასაფართოებლად და მიწების მისატაცებლად.
გასულ კვირას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ გადაავადეს საკითხი საქართველოს ნატოში მიღების შესახებ, რომელსაც უკვე ათი წლის ისტორია აქვს. „ამით ალიანსმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა დაედასტურებინა ის იდეა, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა და პირველ რიგში ევროპული უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
„ვაშინგტონ თაიმს“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ორშაბათს, ქალბატონმა თინა ხიდაშელმა მიუთითა იმ დადებით დინამიკაზეც, რომელიც საქართველოსა და დასავლეთის სამხედრო ურთიერთობებში ჩანს, განსაკუთრებით კი თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობებში – უკვე დასარულს უახლოვდება მოლაპარაკება-შეთანხმება, რომელიც იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს. საქართველომ ივნისის თვეში ასევე გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ სამხედრო კომპანიასთან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე.
საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მიეღწია ვაშინგტონის მხარდაჭერას ამერიკული მომაკვდინებელი (ლეტალური) იარაღის შესყიდვის მიზნით – თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი სურდა, მაგრამ ამერიკელი ჩინოვნიკები უარს ეუბნებოდნენ იმის შიშით, რომ ასეთი შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისედაც რთულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს და გაზრდის განმეორებითი აგრესიის შესაძლებლობას – ისეთი აგრესიისა, რომელიც 2008 წლის ზაფხულში მოხდა. იმ დროიდან რუსეთის ჯარებმა საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები დაიკავეს და ხელი შეუწყეს „გაყინული კონფლიქტების“ შექმნას. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინისათვის ერთგვარი „მოთელვა“ იყო ყირიმის მიტაცებისა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერის მიზნით.
„ჩვენ ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკულ კომპანიებთან და ვფიქრობ, რომ დასრულების ფაზაში ვართ“, – თქვა თინა ხიდაშელმა და დაამატა, რომ მას იმედი აქვს შეთანხმება მანამდე გაფორმდება, სანამ პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლს დატოვებს, ანუ 2017 წლის დასაწყისამდე. ქალბატონმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამერიკულ იარაღის შეძენის შეთანხმებას ქართველები უფრო მეტად ელოდებიან, ვიდრე ნატოში გაწევრიანებას – იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა გრძნობს: „შეერთებული შტატები ჩვენთვის ყველაზე ერთგული და ძლიერი პარტნიორია“.
42 წლის თინა ხიდაშელი საქართველო თავდაცვის პირველი ქალი-მინისტრია, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, უკვე შეხვდა თავის ამერიკელ კოლეგას – ეშტონ კარტერს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდს, რომლებსაც „საქართველოს კარგი მეგობრები“ უწოდა. იმავდროულად თინა ხიდაშელმა ვარაუდი გამოთქვა, მიანიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას და სხვა ამერიკელ პოლიტიკურ ლიდერებს ზოგადად შეეძლოთ (და ახლაც შეუძლიათ) უფრო მეტის გაკეთება საქართველოსთვის, ნატოში გაწევრიანების საკითხში – იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო ამერიკას სამხედრო მხარდაჭერას უწევდა და უწევს ერაყში, ავღანეთში და სირიელი ამბოხებულების მომზადების კამპანიაში. მაგრამ გასულ კვირას ამერიკამ და მისმა ალიანსელმა პარტნიორებმა საქართველოს იმედებს დიდი დარტყმა მიაყენეს, როცა ნატოს 28-ე წევრად უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი ქვეყანა ჩერნოგორია მიიწვიეს.
ანალიტიკოსების თქმით, ნატოს წევრების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული ყოყმანი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: ზოგიერთების აზრით, ნატოს წევრად ისეთი ქვეყნის მიღება, რომელსაც გაყინული კონფლიქტები აქვს, ის რეცეპტი იქნება, რომელიც რუსული აგრესიის განახლებას გამოიწვევს. ალიანსის წესდების თანახმად, ასეთ შემთხვევაში ნატო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში აღმოჩნდებოდა ჩათრეული, საქართველოს დასაცავად.
თუმცა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა ეჭვი შეიტანა იმ იდეის სიმართლეში, რომ თითქოსდა „ნატოს რუსეთთან დაპირისპირების ეშინია“ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და მისი დასავლეთევროპელი პარტნიორები ხელსაყრელ „გეოპოლიტიკურ მომენტს“ ელოდებიან, რათა შემდეგ საქართველოსაც შესთავაზონ ნატოში გაწევრიანება. ამასთან, მან დაამატა: „მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა მუდმივად მიღების მოლოდინში იყოს – [ნატოს] მისაღებში, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, როგორც 2008 წელს მოხდა“. „დავუშვათ, ხვალ თუ საქართველო თავდასხმის ობიექტი გახდა, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?, – იკითხა მან, – მე არა მგონია, რომ ჩვენ არმიის განლაგებას მოვასწრებთ [და შეტევას გაუძლებს], სანამ [ნატო] მოვა საქართველოს დასაცავად“.
თინა ხიდაშელის თქმით, ნატოში საქართველოს მიღების მუდმივად გაჭიანურება სახიფათო და ნეგატიურ სიგნალს აძლევს რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც „ცივი ომის“ შემდეგ არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: დასავლეთის მხარეზე დადგნენ თუ პუტინის რუსეთს შეაფარონ თავი.
„საქართველოს პრობლემის წარმატებით გადაწყვეტას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც შეერთებული შტატებისათვის, ასევე დასავლეთევროპული ქვეყნებისთვისაც, რადგან მეზობლები ჩვენ გვიყურებენ და გველოდებიან. აზერბაიჯანი საქართველოს უყურებს. ასევე საქართველოს უყურებენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც და თუ ისინი დაინახავენ, რომ საქართველოსთვის ამ იდეის რეალიზებაში გაუმართლებს, მაშინ ისინიც შეეცდებიან იგივეს გაკეთებას და მიზნის მიღწევას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
«Независимая газета» (რუსეთი), 10 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-12-10/6_tbilisi.html
მოსკოვმა ჟენევაში თბილისის ახალი საყვედურები მოისმინა
საქართველომ პროტესტი განაცხადა რუსეთ-აფხაზეთის საარმიო დაჯგუფების შექმნის გამო
სტატიაში გადმოცემულია გუშინ, 9 დეკემბერს, ჟენევაში გამართული მრავალმხრივი კონსულტაციების 34-ე რაუნდის შედეგები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შემცირებას მიეძღვნა და რომელშიც აშშ-ის, რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ (ავტორი – იური როქსი).
„ექსპერტები შედეგებს თავშეკავებულად აფასებენ: ტრადიციულ დამაბრკოლებელ ფაქტორს – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს – ქართულმა მხარემ ახალი პრეტენზიები დაუმატა: რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების უკანონობა და აფხაზეთის გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში და ამის დამადასტურებლად სტატიის ავტორი მკითხველს აცნობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას მიერ ჟენევაში ვიზიტის წინ გაკეთებულ შესაბამის განცხადებებს („რუსებმა და აფხაზებმა ხელი მოაწერეს ისეთ სამხედრო შეთანხმებას, რომელიც ერთობლივ სამხედრო ქვედანაყოფების შექმნას ითვალისწინებს. მათი გამოყენება შესაძლებელია აფხაზეთის ფარგლებს გარეთაც, რაც რეგიონს დესტაბილიზების საფრთხეს უქმნის“; „გალის რაიონში ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, მაგრამ იქ არსებული 31 სკოლიდან ქართული უკვე არცერთი აღარ არის, ქართული ენის სწავლება უკვე აკრძალულია“). თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, „აფხაზური მხარე თბილისის განცხადებებს უარყოფს: შესაძლოა, ქართულმა ენამ სკოლებში „ძირითადი ენის“ სტატუსი დაკარგა, მაგრამ მისი სწავლება აკრძალული არ არის“.
ჟენევის კონსულტაციებზე მთავარ ბარიერად კვლავ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რჩება. თბილისი უარს აცხადებს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ამას იმით ხსნის, რომ ამგვარი დოკუმენტის გაფორმება იმ რეგიონებთან, რომლებიც საქართველოს ნაწილებია, ნონსენსს წარმოადგენს. გარდა ამისა, თბილისი მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები საქართველოს-რუსეთის კონფლიქტია და არა ავტონომიებთან დაპირისპირება. თავის მხრივ, მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს საქართველოს იურიდიულ ვალდებულებას, რომ ის აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე აგრესიას არ განახორციელებს, ანუ თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს თავდაუსხმელობის შეთანხმებას. პარალელურად სოხუმი აცხადებს, რომ თუ თბილისს ასეთ შეთანხმების დადება არ სურს, ეს ნიშნავს, რომ მას აგრესიული გეგმები აქვს, შესაბამისად, აფხაზეთი იძულებულია რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავოს.
პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს ქართულ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ მასალას – აფხაზეთის თავდაცვის მინიასტრის მერაბ ქიშმარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, აფხაზური და რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაერთიანება სულაც არ არის აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა, როგორც ამას აფხაზური საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს: „ლაპარაკი იმაზე, რომ აფხაზეთს თვითონ შეუძლია თავისი უასაფრთხოების დაცვა, სიცრუეა. აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტს მხოლოდ რუსეთი წარმოადგენს“.
აი, ამ ფონზე ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში პროტესტი განაცხადა რუსეთ-აფხაზეთის იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ორივე მხარის არმიების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 9 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=34636#.Vmjr5svUjs0
საკვანძო რეგიონი: ინტეგრაციული პროექტების კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში და საქართველო
„უკრაინის კონფლიქტმა, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებამ და ბოლოს, თურქეთ-რუსეთის კონფრონტაციის დაწყებამ სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოეში შექმნილ ვითარებას ასახავს, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე (ავტორი – ფუად ფასაბეილი).
„სამხრეთ კავკასია საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დაზაბულ რეგიონად რჩება. აქ კონკურენცია გამწვავდა ორ ინტეგრაციულ პროექტს შორის – ევროპულსა და ევრაზიულს შორის და საკითხი, თუ რომელ პროექტს მიეკედლონ, რეგიონის ყოველი სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიტუაცია გართულდა მოსკოვ-ანკარის დაპირისპირებით, რომელმაც ადრე არსებული სტატუს-ქვო შეცვალა. თუ რუსეთისა და თურქეთის ლიდერები კომპრომისზე არ წავლენ და სიტუაციის ესკალაცია მოხდება, სამხრეთ კავკასიას წინ არცთუ ისე სასიამოვნო პერსპექტივა ელოდება“, – აღნიშნულია მასალაში.
პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში – სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში შექმნილი ვითარება. გთავაზობთ საქართველოს შესახებ გამოთქმულ თვალსაზრისს:
„საქართველოში ხელისუფლებას ისეთი მტკიცე პოზიციები არ აქვს, როგორიც აზერბაიჯანშია. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებებით ვერ დაიტრაბახებს, რაც მთავრობის მდგრადობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ რომ მოვიდეს, უკვე არსებული პოლიტიკური სისტემა მაინც არ დაინგრევა. ამასტან, რუსეთთან ურთიერთობა, 2012 წელს გამოცხადებული ნორმალიზების პროცესის მიუხედავად, კვლავ რთული რჩება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი, აგრეთვე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი იმ „წითელ ხაზებად“ რჩება, რომლის გადასაკვეთად არც მოსკოვია მზად და არც თბილისი.
ამასთან, აშკარაა, რომ საქართველო უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ მიაღწევს, თუმცა თბილისი სწორედ დასავლეთზეა ორიენტირებული. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და თბილისსაც სხვა ალტერნატივა არ აქვს, დასავლეთთან თანამშრომლობის გარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე ბოლო დროს საქართველოში „პრო“-რუსული განწყობების გააქტიურება შეიმჩნევა, რომელსაც შემდგომი გაღრმავების ტენდენცია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიან-მართლმადიდებლური რელიგია დომინირებს, „ისლამური სახელმწიფო“ ამ ქვეყნისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. სხვადასხვა მონაცემებით, პანკისის ხეობიდან (საქართველოს ამ ნაწილში მე-16 საუკუნიდან ჩეჩნები ცხოვრობენ) ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად დაახლოებით 200-მდე ახალგაზრდა წავიდა. თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის უკიდურესად მარალ დონეს, „ისლამური სახელმწიფოს“ [ემისრებისათვის მუსულმანი] ახალგაზრდების გადაბირება-„დავერბოვკება“ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაც. საქართველოს კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული მეზობლებთან ურთიერთობაზე, უპირველეს ყოვლისა კი თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ძალიან ბევრი საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც საქართველოში რეალიზდება, უცხოეთიდან სუბსიდირდება, რაც თბილისს სხვებზე საკმაოდ დამოკიდებულ ხდის“, – აღნიშნულია სტატიაში.
«Radio Free Europe // Radio Liberty // Радио Свобода» (აშშ), 9 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.svoboda.org/content/transcript/27415455.html
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „პუტინი აუცილებლად დამარცხდება, საქართველო კი თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს“
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის „რადიო სვობოდას“ ეთერში (კიევის სტუდია, პროგრამა „გზა თავისუფლებისაკენ“) გამოსვლის დროს, ჟურნალისტ ვიტალი პორტნიკოვთან საუბრისას, თავისი თავალსაზრისი გამოხატა საქართველოში ბოლო ათწლეულში მომხდარი და დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„მე არამარტო საქართველოში მომხდარი პოლიტიკური პროცესების მონაწილე ვიყავი, არამედ ვარ ლიდერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსნად გაიმარჯვებდა და მთავრობას ჩამოაყალიბებდა. გარდა ამისა, ჩემი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, როცა მასობრივი აქციების დროს თბილისის ქუჩებში წესრიგი დავამყარეთ, მე გადავდექი (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები ამას არ ითხოვდნენ) და ვადამდელ არჩევნებში კვლავ გავიმარჯვე. კიევის მადნის დრო ვიქტორ იანუკოვიჩი გაჰყვიროდა, რომ „აი, მიხეილ სააკაშვილმაც ხომ დაარბია მიტინგიო“. მე არ დამირბევია, მხოლოდ ერტხელ მივიღე ზომები, თუმცა, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში არავინ დაღუპულა) და გადავდექი. ვიქტორ იანუკოვიჩსაც რომ ასე გაეკეთებინა, ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა მეეჭვება, რომ მასაც ჩემსავით ისევ აირჩევდნენ“.
„საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა საქართველოში ხელისუფლება იცვლებოდა, ვლადიმირ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა განაცხადეს, რომ „საქართველოში მოვა ახალი მთავრობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში გაისტუმრებსო“. ეს ინსტრუქციასავით გაისმა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც [„გაზპრომის“ აქციონერს ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი მისცეს]. მე ვუზრუნველყავი გარდამავალი პერიოდი, იმავდროულად ვადის ბოლომდე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი იმ მთავრობასთან, რომელსაც ვძულდი. მე სულაც არ მინდოდა პრეზიდენტად ყოფნა ასეთ პირობებში, მაგრამ პროცედურის თანახმად ასე უნდა ყოფილიყო. მერე თქვეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ აუცილებლად დამაპატიმრებდნენ, მაგრამ ჯრ არ იცოდნენ, რისთვის და რა მიზეზით. დიდი ხნის ძიების შემდეგ განაცხადეს, რიომ მე თურმე 19 მილიარდი მომიპარავს, შემდეგ მიუმატეს ოთხი კოსტუმი, რომელიც ადმინისტრაციულმა სამსახურმა შეიძინა (ამას ყველა პრეზიდენტის აპარატი აკეთებს). მოგვიანებით უფლებამოსილების გადაჭარბება დამაბრალეს, რომ მე მიტინგი დავარბიე (თუმცა, როგორც ვთქვი, იმ მიტინგის მერე მე ისევ გავიმარჯვე არჩევნებში). მერე რაღაც ტყუილები მოიგონეს, რომ ვითომდა ჩემი მითითებით რომელიღაც მაფიოზი დეპუტატი სცემეს…“.
(…)
„მე საქართველოში მაშინ ჩავალ, როცა მომინდება და როცა ამისათვის ნიადაგი იქნება მომზადებული… არადა, რა კარგად აწყობილი ქვეყანა დავუტოვეთ ახალ ხელისუფლებას… ჩვენს ხაზინაში რამდენიმე მილიარდი ლარი იყო, რომელიც მათ სწრაფად გაანიავეს. დავუტოვეთ მშვენიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაანგრიეს… ჩვენ „ქართულ ოცნებას“ დავუტოვეთ ისეთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო ბიზნესის იოლად დაწყების მხრივ, ახლა კი 24-ე ადგილზეა… დღეს საქართველოში გამეფებულია უმუშევრობა, უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, მოსახლეობა ღარიბდება, ხალხი ქვეყნიდან გარბის…. ამ დროს კი მე მოქალაქეობა ჩამომართვეს!“.
(…)
„დედაჩემი ისტორიკოსია და მას უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ისტორია სწორხაზოვნად არ ვითარდებაო. ჩვენან, საქართველოში, უამრავი პრობლემის ფონზე, 8-წლიანი აღმავლობა იყო, შემდეგ – დაცემა… ვიმედოვნებ, დადგება დრო და ისევ აღმავლობის მოწმენი გავხდებით. მტავარია ისე არ მოხდეს, როგორც დაუვიწყარმა ვლადიმირ ლენინმა თქვა – „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკანაო“. პირიქით, ნაბიჯები მხოლოდ წინ უნდა გადაიდგას…“.
(…)
„დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა მოგვარდება. თავის დროზე მე ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველე – რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და უკრაინაზე, ვიწინასწარმეტყველე ყირიმის ანექსია, დონბასი… ამის დამადასტურებელი ქრონიკა არსებობს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი დაემხობა და რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას დიდი პრობლემები შეექმნება. ქვეყანა, რომელიც თავის მეზობლებს პატივს არ სცემს, რომელიც საკუთარ ავტონომიებს კოლონიზატორივით ექცევა (ჩრდ.კავკასიაში), არ შეიძლება კონტროლი არ დაკარგოს ტერიტორიებზე, რადგან ეს ყველაფერი მის ბუნებაში, მის პოლიტიკაში დევს. რუსეთში დადგება 4-5-წლიანი ისეთი პერიოდი, როცა იქნება არეულობა (ეს გარდაუვალია), მაგრამ იმავდროულადსამართლიანობაც აღდგება: საქართველო უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ და თანაცხოვრებას უკვე ახალ რუსეთთან გააგრძელებენ“.
«Країна» (უკრაინა), 9 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კალაძესთან: „ჩვენ არასდროს არ მივიღებდით ვიქტორ იანუკოვიჩს ან ნიკოლაი აზაროვს საქართველოში“
„ისეთი უკანონობა რომ არ ყოფილიყო, როგორიც არსებობდა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ჯერ კიდევ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში“, – ამბობს ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც უკრაინულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „კრაინას“ 9 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
„2003 წელს მიხეილ სააკაშვილის გუნდმა რეფორმების განხორციელება დაიწყეს, – აღნიშნავს კახა კალაძე „კრაინას“ კორესპონდენტთან საუბარში, – მაგრამ მემოგვიანებით მათ კლანი ჩამოაყალიბეს, ხელისუფლების უზურპირება მოახდინეს, კანონები ფეხქვეშ გათელეს. ხალხი ამ ყველაფერს ხედავდა. საპატიმროებში აღმოჩნდა 300 ათასამდე ადამიანი და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა დაახლოებთ ოთხი მილიონია. ჩვენთან ვერცერთ ოჯახს ვერ იპოვით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსახვრალი ხელი არ შეეხო. ეს ყველგან ხდებოდა ყველგან – თბილისშიც და რეგიონებშიც. ამას ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს“.
შეკითხვაზე, საწყენია თუ არა ქართველებისთვის ის ფაქტი, რომ უკრაინა თავშესაფარს აძლევს საქართველოდან წასულ პოლიტიკურ ლტოლვილებს, კახა კალაძე პასუხობს: „ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. ჩვენ არასდროს არ მივიღებდით ვიქტორ იანუკოვიჩს (უკრაინის ექს-პრეზიდენტს) ან ნიკოლაი აზაროვს (ექს-პრემიერს). არასოდეს. მაგრამ ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა. თუ თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები უკრაინის რეფორმირებას შეძლებენ, ეს ტქვენი ნნებაა… ჩვენ, რასაკვირველია, უკრაინის განვითარებას მხარს ვუჭერთ“
შეკითხვაზე, რეალურია თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში, ქართველმა მინისტრმა მოკლედ უპასუხა: „მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ ქვეყანაში სიტუაციას ვაკონტროლებთ და რაც ყველაზე მთავარია – ხალხი ჩვენს მხარესაა“.
«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა), 10 დეკემბერი, 2015 წელი
http://kp.ua/politics/521749-hruzyny-o-chernovetskom-s-lezghynkoi-y-papakhoi-vybory-ne-vyyhrat
ქართველები ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ: იგი არჩევნებს „ლეზგინკით“ და ფაფახ-ხანჯლითაც ვერ მოიგებს
ლიუბოვ სიდორენკო
უკრაინამ და საქართველომ პოლიტიკოსები გაცვალეს: ჩვენთან იქაური ჩინოვნიკების მთელი რაზმი ჩამოვიდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მზიურ აჭარაში კი ჩვენგან მხოლოდ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი დაბინავდა, მაგრამ ო-ჰო-ჰო, როგორი ამბიციებით! მან უკვე თავისი პარტიაც ჩამოაყალიბა – „ბედნიერი საქართველო“ და დაგეგმილი აქვს პარლამენტის არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ როგორ შეაყვარებს თავს ადგილობრივ ელექტორატს? ეს კითხვა დავუსვით ცეცხლოვანი „ლეზგინკისა“ და ლეგენდარული მწვადის ქვეყნის ამომრჩევლებს.
25 წლის ალეკო ახალიას თქმით, საქართველოში სტუმარი ღვთის წყალობად მიიჩნევა და მასთან ერთად სუფრაზე სასიამოვნოა ღვინის სმა და კერძების მირთმევა. მაგრამ როცა იგი თავის უფლებებზე დაიწყებს ლაპარაკს, მაშინ უკვე სიამოვნება მთავრდება. „ახლა საეჭვო დროა, ამიტომ მოსული უცხო კაცის მხარეზე, რომელმაც ქართული რეალიები ღრმად არ იცის და ვერ ერკვევა, არავინ დადგება. სხვათა შორის, უკრაინაშიც, ალბათ, ყველა არ ენდობა მიხეილ სააკაშვილს… ამ შემთხვევაში ჩვენი ორი ხალხის პოზიცია ერთმანეთს ჰგავს, – თვლის ალეკო.
და მართლაც ერთმანეთს ჰგავს: მხატვარი ავთანდილ გურგენიძე იხსენებს, რომ ისევე როგორც უკრაინაში, გაჭირვების დროს საქართველოში თუ რომელიმე პოლიტიკოსი მოსახლეობას არჩევნების დროს საკვებ პროდუქტებს შესთავაზებდა, ისინი მზად იყვნენ მისთვის თავიანთი ხმა მიეცათ. იქნებ ლეონიდ ჩერნოვეცკისთვის უფრო კარგი იქნებოდა ულვაშების გაზრდა და ფაფახ-ხანჯლით თავის მოწონება?
- სულ ერთია, მისგან ნამდვილი ქართველი მაინც არ დადგება, გინდაც ქართული პასპორტი ჰქონდეს, – ამბობს ავთანდილი, – ამიტომაც თუ მას მაინცდამაინც ამომრჩევლების ნდობის მოპოვება სურს, მაშინ ისე გააკეთოს, როგორც მიხო აკეთებს ოდესისათვის.
„გენაცვალეებს“ ძალიან გაეხარდებოდათ, თუ ლეონიდ ჩერნოვეცკი კონკრეტულ პროგრამას გამოაქვეყნებდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად, პენსიების მოსამატებლად (საქართველოში საშუალო პენსია 60 დოლარის ტოლფასია) და სხვა სოციალური შეღავათების უზრუნველსაყოფად.