„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: მოითხოვენ თუ არა რესპუბლიკელები საარჩევნო სიაში იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდათ
„რეზონანსი//მთელი კვირა“: როგორ “ჭრიან” და “კერავენ” ახალ საარჩევნო ოლქებს
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: “ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში”
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „ნიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ და არა მგონია, ვინმემ დაარწმუნოს, რომ პოლიტიკაში ხელახლა შემოვიდეს»
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, – როგორ ბედავენ პატიმრებზე ფულის კეთებას, ყრუდ მესმოდა, რომ ვიღაცები პატიმრების საქმეში ხელს აფათურებენ, მაგრამ, თუ ეს დამტკიცდა, რაც არ უნდა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი იყოს, ამ დანაშაულს არ შევარჩენო“
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერმინისტრს უნდა აეტეხათ ერთი ამბავი! ეს იცით, რას ნიშნავს? რუსეთმა სერიოზული მუქარა შემოგვითვალა»
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „პირდაპირ გეუბნებით, 2016 წელი გაცილებით ცუდი და მძიმე იქნება, ვიდრე 2015 წელი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „ნაციონალები“ მალე ერთმანეთს დაჭამენ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ქვრივიშვილთან: „ჩვენი არჩევანი დასავლური ღირებულებებია“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რუსულმა კომპანიამ თირის მონასტერში ქართული ფრესკები გადალესა // სეპარატისტულ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ 3 ქართული ტაძრის “რესტავრაცია” აქვს დაგეგმილი
—————————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან: მოითხოვენ თუ არა რესპუბლიკელები საარჩევნო სიაში იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდათ
ლიკა ამირაშვილი
“ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც”, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
მომავალი წლის არჩევნებისთვის რესპუბლიკელები მოითხოვენ თუ არა უფრო მეტ ადგილს პარლამენტში – ამ კითხვაზე პასუხისაგან დავით ბერძენიშვილი თავს იკავებს, თუმცა დასძენს, რომ რესპუბლიკური პარტია არც ზედმეტს მოითხოვს რამეს და არც დაიკლებს.
- 2012 წლის არჩევნებისას ფრაქცია რესპუბლიკელები პარლამენტში 10 წევრით შევიდა. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციის ერთიან სიაში უფრო მეტ ადგილს თუ მოითხოვთ?
- ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც. სასურველია, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მოხდეს და კოალიცია არჩევნებზე ამ შეთანხმების შედეგად გავიდეს. ჩვენი პრიორიტეტია, რომ სხვადასხვა საკითხზე მაქსიმალურად შეთანხმებული პოზიცია გვქონდეს. კოალიცია იმისათვისაა კოალიცია, რომ სხვადასხვა პარტიისგან შედგება. მომავალ არჩევნებზე რაც უფრო მეტი ერთმანეთთან შეთანხმებული პოზიცია იქნება დეკლარირებული, რაც უფრო მეტი ინტერესების თანხვედრა იქნება, ამომრჩეველს სუბიექტის პოზიტიური მხარის დანახვა მით უფრო გაუადვილდება.
- თქვენ ახსენეთ, რომ საუბრის თემა სიაში ადგილების განაწილებაც იქნება. მომავალი არჩევნებისთვის კოალიციის ერთიან სიაში რესპუბლიკელებს იმაზე მეტი ადგილი ექნებათ, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო?
- ვნახოთ, რა საარჩევნო სისტემა იქნება. რესპუბლიკური პარტია არც ზედმეტს მოითხოვს და არც დაიკლებს. ჩვენ სანდო და მშვიდი პარტნიორები ვართ. სწორედ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით მოხდა ის, რომ დღეს მთავრობაც კოალიციურია. საქართველოს ისტორიაში ეს პირველად მოხდა, როცა არა მარტო პარლამენტია მრავალპარტიული, არამედ მთავრობაც კოალიციურია. ვვარაუდობ, რომ მომავალი საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობაც კოალიციური იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ფრაქცია რესპუბლიკელები პარლამენტში რამდენ ადგილს იმსახურებს?
- ცალკე აღებული ადგილების რაოდენობა რაიმე ღირებულებად არ მიმაჩნია. რესპუბლიკელებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ავიღეთ.
დღეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი რომ აქტუალურია, ამაში რესპუბლიკელი მინისტრის თინათინ ხიდაშელის დამსახურება განსაკუთრებულია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალშიც ვაპირებთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაღალი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ამისთვის პარლამენტში რამდენი რესპუბლიკელის ყოფნა იქნება საკმარისი პროპორციული, თუ მაჟორიტარული სიით, ამას დრო გვიჩვენებს.
- პარტიაში ახალ სახეებს, თუ ვიხილავთ?
- რესპუბლიკური პარტიის წესების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე სიას წარადგენს, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს. ამიტომ წინასწარ ძალიან ძნელია მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება სია. თავისთავად რესპუბლიკურ პარტიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე ვინ იქნება?
- ჯერჯერობით ხელისუფლების კონკურენტი არ ჩანს. “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” მეორე ადგილისთვის ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად არიან. ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკვეთილ პირველ ადგილზე, ნაკლები უპირატესობით, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ მაინც შესამჩნევი უპირატესობით კოალიცია “ქართული ოცნებაა”. მეორე და მესამე ადგილისთვის კი “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” იბრძოლებენ. მათ ბურჯანაძე და ლეიბორისტები მოსდევენ. სხვა რომელიმე პარტია ბარიერისთვის მებრძოლი არ არის.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
როგორ “ჭრიან” და “კერავენ” ახალ საარჩევნო ოლქებს
“როდესაც რამდენიმე მოდელის კომბინაციას აკეთებ და მესტიისათვის ფედერალური მოწყობა გაქვს, ხაშურისათვის კი – უნიტარული, ეს აბსურდია”
თაკო მათეშვილი
დაჩეხილი საქართველო – ასე უწოდებს ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წესს, რომელიც უკვე დამტკიცდა. 73 მაჟორიტარული ოლქიდან ცვლილება 60-ს შეეხო და, შესაბამისად, მათ ახალი საზღვრები აქვთ, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ზოგიერთი რაიონი ერთმანეთს მიუერთდა და მათ პარლამენტში საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ზოგი კი პირიქით – დაიყო და 3-4 მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ. არის ასეთი შემთხვევებიც – მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მაჟორიტარის არჩევა არა თელავში, არამედ ყვარელში წარდგენილი კანდიდატებიდან მოუწევს, რადგან ახალი საზღვრების გავლების შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში შედიან. თუმცა მათი გამგებელი თელავის გამგებელი იქნება. ანუ ამ სოფლებზე ყვარლის მაჟორიტარი და თელავის გამგებელი იზრუნებენ. თავის მხრივ, ყვარლის რაიონის ელექტორატის მეორე ნაწილი ლაგოდეხის ამომრჩეველთან ერთად აირჩევს ცალკე მაჟორიტარ დეპუტატს.
ამგვარი “გაუგებრობა” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავლადაა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ საარჩევნო მოწყობის რამდენიმე მოდელი ერთმანეთში შეაზავა და მიიღო მიქსი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ისინი მოსახლეობის პროტესტსა და არჩევნებში დიდ აურზაურს ელოდებიან. თავად ხელისუფლებაში კი რეფორმას უმნიშვნელოვანესს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ მისი მეშვეობით 2016 წელს საქართველოში ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
“საარჩევნო კოდექსი” პარლამენტმა შაბათს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. კენჭისყრაზე ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 8 კანონმდებელი წავიდა. ცვლილება ძირითადად საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის პროექტის მიხედვით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 ოლქი შეიქმნება. ასევე, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გვექნება. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და ისინი კვლავ მუნიციპალურ საზღვრებს დაემთხვევა.
მოგეხსენებათ, საქართველოს 150-ადგილიან პარლამენტში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
2015 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს შეეხება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმით არჩევნებზე ხმათა თანაბრობის პრინციპი ირღვევა, რადგანაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობაა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ნორმის შეცვლისკენაც საქართველოს ბოლო წლებში საერთაშორისო თანამეგობრობაც არაერთ ანგარიშში მიუთითებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი, მოქალაქეების რანგში, უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ ორი წლის წინათ შეიტანეს იმ მოტივით, რომ მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის მქონე არ არის და სხვადასხვა მასშტაბის ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ აქვთ შესაძლებლობა თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, ყველაზე დიდ ქუთაისის ოლქში დაახლოებით 150 ათასი ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ყაზბეგის ოლქში 6 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული და ორივე ოლქი თითო მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში. მოსარჩელეთა გამოთვლით, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 25-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე ქუთაისის საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც, მათი შეფასებით, სისტემის დისკრიმინაციულობაზე აშკარად მეტყველებდა.
შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს, და ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც საყოველთაო საარჩევნო უფლებაა გარანტირებული.
კურიოზული ოლქები
საკონსტიტუციო სასამართლოს ნების აღსასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და მოქალაქეთა ხმების წონის გასათანაბრებლად მაჟორიტარული ოლქებისათვის ახალი საზღვრები გაავლო. თითოეულ ოლქში საშუალოდ 46 ათასი ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო. საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა კი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა (კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხრად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული და ა.შ.).
შედეგად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარს აირჩევს, 13 ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და 42 ოლქის ფორმირება არსებული ოლქების გაყოფის, გაერთიანების ან შერევის გზით მოხდება. 13 ოლქი, რომელსაც საზღვრები არ შეცვლია, ვინაიდან ისინი ამომრჩევლების რაოდენობით დასაშვებ ჩარჩოში ჯდებოდნენ, შემდეგია: საგარეჯო (45 533 ამომრჩეველი), გურჯაანი (54 147), ახმეტა (30 429), მცხეთა (44 199), ხაშური (49 382); ახალქალაქი (38 016), ნინოწმინდა (20 960), მესტია (8 242), საჩხერე (44 018), ჭიათურა (44 542), წყალტუბო (52 087), სენაკი (40 932), ფოთი (40 656). ამომრჩეველთა ეს რაოდენობა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
პროექტის თანახმად, მექანიკური შერწყმა ხდება სიღნაღის და დედოფლისწყაროს; წალკისა და დმანისის; დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის; ამბროლაურის და ონის; ცაგერის და ლენტეხის; აბაშისა და მარტვილის; წალენჯიხისა და ჩხოროწყუს, შუახევისა და ხულოს ოლქების. ამ გაერთიანებულ ოლქებს თითო მაჟორიტარული მანდატი ექნებათ პარლამენტში.
ორად გაიყოფა რუსთავის ოლქი და ამ ქალაქს ერთის ნაცვლად 2 მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში. ქუთაისს, რომელსაც ამჟამად ერთი მანდატი აქვს, ცვლილებების შედეგად სამი მაჟორიტარი ეყოლება, რომელთაგანაც ერთს ქუთაისლები თერჯოლის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევენ.
ბათუმს, ცვლილებების შედეგად, ასევე სამი მაჟორიტარი ეყოლება, საიდანაც ორს ხელვაჩაურის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევს. ამასთან, ხელვაჩაურში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობა თავის მაჟორიტარს ქედის ელექტორატთან ერთად აირჩევს.
ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარული მანდატი ექნება; თუმცა ოზურგეთელი ამომრჩევლის ნაწილი – სოფლების ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის და შრომის მოსახლეობა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ამომრჩევლებთან ერთადაც აირჩევს ცალკე მაჟორიტარს.
ასეთივე პრინციპით აირჩევა სამი მაჟორიტარი გორიდან, საიდანაც ორს გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი კასპისა და ქარელის ელექტორატთან თანაზიარად აირჩევს. ანუ, გორის რაიონის სოფლებს – ვარიანსა და სკრას მაჟორიტარი ქარელში ეყოლებათ, ხოლო სოფელ შავშვების მოსახლეობას – კასპში.
ამომრჩეველთა მსგავსი პრინციპით შერევა მოხდება ასევე მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს; ასევე ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, სამტრედიის, ვანისა და ხონის შემთხვევაშიც.
ახალი წესის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქები 2016 წლის 1-ლ ივნისამდე უნდა შეიქმნას და ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ცესკოში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ბაზის ბოლო მონაცემები.
“ამას მოაჭრეს, იმას მიაკერეს…”
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ამ ცვლილებას ხელოვნურს, მექანიკურსა და გაუაზრებელს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება თითქოს ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ პარალელურად სამს აფუჭებს. “შედეგად კი საარჩევნო ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები მივიღეთ პირობითი სახელით – დაჩეხილი საქართველო”, – აცხადებს იგი და ამბობს, რომ 73 ოლქიდან 60 მუნიციპალიტეტის საზღვრები ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტიურად დაარღვია, გადახაზა. “მაგალითად, სამტრედია ორად გაყო, თელავი და ლაგოდეხიც ორ-ორად, ონს ამბროლაური მიაკერა, ცაგერს – ლენტეხი, მარნეული სამად გაყო, გორი სამად დაჩეხეს, ყაზბეგი, დუშეთი და თიანეთი ასევე ერთმანეთს მიაკერეს. არანაირი გეოგრაფიული, ისტორიული ან ტრადიციული ასპექტები არ გაუთვალის-წინებიათ,” – ამბობს მამუკა კაციტაძე. ეს ყველაფერი, მისი აზრით, საზოგადოებაში უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს. “თელაველებს რომ ეტყვი – თქვენ ყვარლის ნაწილი ხართ არჩევნებზეო, ან მარნეულელებს რომ ეტყვიან – მაჟორიტარი ბოლნისში გეყოლებათო, ანდა ყაზბეგს, დუშეთსა და თიანეთს ერთად რომ აარჩევინებ მაჟორიტარს, ამას ხალხის მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. მინიმუმ გაუგებრობა იქნება და პროტესტსაც არ გამოვრიცხავ,” – ამბობს მამუკა კაციტაძე. ასეთი საკითხების გადაწყვეტისას, მისი აზრით, საზოგადოებასთან კონსულტაცია-დიალოგი და საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელია. ხელისუფლებას კი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გვეუბნება, კონტაქტიც კი არავისთან ჰქონია.
“მოსახლეობა ამას ტელევიზიით იგებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მაინც ხომ უნდა დაელაპარაკო? ხომ უნდა აუხსნა, რას და რატომ აკეთებ, ვინ დაგავალდებულა, იქნებ სხვაგვარად სჯობდეს და ა.შ. ასეთი მექანიკური და ხელოვნური პროცესები კი ნეგატიურ შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რაც 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობაზე, განწყობებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე აუცილებლად აისახება,” – დასძენს იგი.
მამუკა კაციტაძის მტკიცებით, ხელისუფლება ამ თემაზე არც ოპოზიციურ პარტიებს დალაპარაკებია, მათი მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად. ამბობს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორთან ერთად ხელისუფლებასთან კონსულტაციებს თვეების განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ არცერთი შეხვედრა არ გამართულა.
“ერთადერთხელ იყო შეხვედრა, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” შიმშილობის ფონზე გაიმართა, მაგრამ ეს კონსულტაცია კი არა, მათ მიერ დაჩეხილი საქართველოს ვერსიის პრეზენტაცია იყო. უბრალო მსჯელობაც კი არ გამართულა. მოვიდნენ, ეკრანზე რაღაც გვაჩვენეს და წავიდნენ. კონსულტაცია სულ სხვა რამეა – მხარეები თავიანთ ვერსიებს წარმოადგენენ, მსჯელობენ, არგუმენტებს წამოაყენებენ და ბოლოს შეთანხმებას ეცდებიან. ასეთ კონსულტაციებში 1990-იანი წლებიდან ვარ ჩართული შევარდნაძის ხელისუფლებასთანაც, სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც. “ქართული ოცნება” კი ერთადერთი და პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც ყველა ტიპის კონსულტაცია სრულიად უგულვებელყო. შიდა კოალიციურ რეჟიმში რაღაც მოდელი შეიმუშავა და გააკეთა ის, რაც უნდოდა,” – აცხადებს მამუკა კაციტაძე.
იგივეს ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არც ოპოციზიის, არც არასამთავრობოების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების არცერთი შენიშვნა არ გაუთვალისწინებია. ამას უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს და დასძენს, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის პირობებშიც კი, ოპოზიციის შენიშვნები საარჩევნო კოდექსში მიზერული დოზით, მაინც შეჰქონდათ.
“შორს ვარ აზრისაგან, რომ მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთი რაიონის ცხოვრებაში რაიმე პოზიტიურ როლს ასრულებდნენ, მაგრამ თუკი ამ სისტემას იმ ლოგიკით და არგუმენტით ვტოვებთ, რომ რაიონებს დეპუტატები სჭირდება, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა ჰყავდეს ვაკეს სამი დეპუტატი და ყაზბეგს – არცერთი. დეპუტატები სწორედაც პატარა რაიონებს სჭირდებათ, ვაკელებითა და ვერელებით პარლამენტი და მთავრობა ისედაც გაძეძგილია,” – ამბობს კახა კუკავა. მისივე თქმით, დარღვეულია მოსახლეობის საშუალო რაოდენობის პრინციპიც და მესტია, ნინოწმინდა და კიდევ რამდენიმე რაიონი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სქემაში არც ჯდება. კუკავას ინფორმაციით, ეს მუნიციპალიტეტები 46 ათასიან საშუალო მაჩვენებელს 200 და 300 პროცენტით არიან აცდენილები.
“მსოფლიოში ბევრი სხვა მოდელია და ყველა მათგანს თავისი ლოგიკა აქვს. შენ რომ რამდენიმე მოდელის კომბინაციას აკეთებ და მესტიისათვის ფედერალური მოწყობა გაქვს, ხაშურისათვის კი – უნიტარული, აბსურდია,” – დასძენს იგი. კახა
კუკავა “კურიოზულ” შემთხვევებსაც გვაცნობს, როცა ერთი რაიონის სოფლის მცხოვრებლებს მაჟორიტარის არჩევა მეორე რაიონში მოუწევთ. ანუ, გეოგრაფიულად ერთ მუნიციპალიტეტს ეკუთვნიან, მაჟორიტარული ოლქის მიხედვით კი – მეორეს.
“მაგალიად, თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა მაჟორიტარს ყვარელში აირჩევს; ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი ხმას ბაღდათის რაიონში მისცემს; ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში – ხობის რაიონში. ეს აბსოლუტური ანაქრონიზმია, რადგან ამ რაიონებს თავიანთი ტრადიციები აქვთ. ხრუშჩოვის დროს რაიონები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მათ შორის საქართველოშიც გააერთიანეს. ეს იმდენად მტკივნეული გამოდგა, რომ რამდენიმე წელიწადში ისევ ძველ საზღვრებში დააბრუნეს. რაიონზე მთელი ინფრასტრუქტურაა მიბმული – განათლების, ჯანდაცვისა და სამართალდამცავი სტრუქტურები და ცაიშისათვის, რომელიც თვითმმართველობის დაყოფის მიხედვით ზუგდიდის რაიონშია, ხოლო მაჟორიტარული ოლქის მიხედვით ხობს ეკუთვნის, ეს ყველაფერი ძნელია. ანუ, ხობის დეპუტატმა ცაიშზე რომ იზრუნოს, ეს ზუგდიდის გამგებელთან უნდა შეათანხმოს, რომელსაც, თავის მხრივ, თავისი დეპუტატები ჰყავს,” – ამბობს კახა კუკავა. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ამგვარი “არევა” მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს და დასძენს, რომ სწორედ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო ევროპულ, პროპორციულ მოდელზე გადასვლა, რომელიც ყველა ამ პრობლემისაგან გაგვათავისუფლებდა.
“ნაპოლეონის ცნობილი გამოთქმაა – “ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს”. სწორედ ასე დაემართა “ქართულ ოცნებასაც”. საქართველოში შევარდნაძის რეჟიმიც და სააკაშვილის რეჟიმიც “საარჩევნო ომით” დაემხო და ესენიც მათსავით დაასრულებენ. ჩემმა ოპონენტებმა “ქართული ოცნებიდან” მკითხეს – რატომ არ მოგწონთ მაჟორიტარული სისტემა, ჩვენ ხომ “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამ სისტემით დავამარცხეთ, ე.ი. ამ გზით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელი ყოფილაო. ვუპასუხე, რომ 2003 წელს და 2012-ში ჩვენ ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია კი არა, სამოქალაქო დაპირისპირება გვქონდა. საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა მთელი ძალების დაძაბვის შედეგად მოუხდა. შედეგად კი ჯერ შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლების რეპრესია მივიღეთ, როცა უმეტესობა ან დააპატიმრეს, ან ძებნა გამოაცხადეს და თავად შევარდნაძე რეალურად შინაპატიმრობაში ცხოვრობდა, მერე კი იგივე სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა.
თუ “ოცნებასაც” ავტორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღება უნდა და ცდილობს მისი ხელისუფლება ისე კი არ შეიცვალოს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, არამედ ისევ 200 ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლით, მიტინგებით, ქვების სროლითა და დაპირისპირებებით, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ უკეთეს შემთხვევაში მათი ლიდერები საპატიმროებში აღმოჩნდებიან, უარეს შემთხვევაში კი უფრო ტრაგიკული შემთხვევებიც გვინახავს,” – აღნიშნავს კახა კუკავა.
ოპონენტების შფოთვას გადაჭარბებულად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო. მისი თქმით, ისინი ოპოზიციასაც შეხვდნენ, არასამთავრობოებსაც და უცხოელებსაც.
“კონსულტაცია მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ვინმეს დაეთანხმო. შეხვედრა იყო და დააკმაყოფილა ისინი ამან თუ არა, ეს სხვა ამბავია,” – ამბობს დეპუტატი.
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ მას უმრავლესობაშიც იზიარებენ. მისი თქმით, აქამდე ზოგ რაიონში მცხოვრები მოქალაქის ხმას გადაწყვეტილებაზე 20-25-ჯერ მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე სხვა რაიონში მცხოვრები მოქალაქისას, რადგან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობა იყო. ახლა კი თითოეულ ოლქში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველია და მათ ხმასაც თანაბარი ძალა ექნება.
“ამ რეფორმის გატარებით ჩვენ მუნიციპალიტეტების ავტონომიას ვუჭერთ მხარს. თუ ადრე მაჟორიტარი დეპუტატი გამგებლის “უფროსი” იყო, ახლა ასე აღარ არის – გამგებელი ხალხის მიერ არჩეული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ამ პრინციპს კიდევ უფრო გაამყარებს და დეცენტრალიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს, რაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ავტონომიური გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. ეს ძალიან სერიოზული რეფორმაა და ვინც მას ეწინააღმდეგება, გამოდის, რომ მოქალაქეების თანასწორობა არ სურს. რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტს, ჩვენი მოქალაქეები ბევრად უფრო პასუხისმგებლიანები და მაღალი შეგნების მქონეები არიან, ვიდრე ეს ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ცხადია, ტრადიციისა და ინერციის ძალა ძლიერია, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს ავუხსნით, რომ ესაა პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ასე სამართლიანად ჩატარდება,” – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.
„კვირის პალიტრა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: “ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში”
ნათია დოლიძე
(შემოკლებით)
საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის, ამასობაში კი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგი იცვლება და ეს პროცესი უფრო და უფრო მტკივნეული შეიძლება გახდეს. საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:
(…)
- ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურებული ზოგიერთი ძალა ცდილობს, ევროპაში შექმნილი პრობლემების გაზვიადებით ამტკიცოს, რომ საქართველოს ადგილი იქ არ არის…
- ევროპის ის ხატი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილის ცნობიერებაში არსებობს, რა თქმა უნდა, შექმნილია პუტინისტური პროპაგანდის წყალობით. ეს პროპაგანდა მუშაობს ძალიან ზუსტად და ჩვენს სუსტ წერტილებს იყენებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. უზნეო, ურწმუნო ევროპა, რომელიც ქართველობას გვართმევს – ეს არის რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოებული პროპაგანდის შედეგი. ვფიქრობ, ამ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, როცა ქართველ კაცს მიეცემა საშუალება, დაუბრკოლებლად ჩავიდეს ევროპაში და საკუთარი თვალით ნახოს, რაც იქ ხდება. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ხომ წარმოდგენა არა აქვს თანამედროვე ევროპაზე! ქართველი, რომელიც იქ ჩავა, აღმოაჩენს რაციონალურად მოწყობილ სამყაროს, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ და სოციალური მექანიზმები თითქმის იდეალურად მუშაობს. მეეჭვება, ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს…
- ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მეორე დღეს, ალბათ, უკვე გვეცოდინება, რა შინაარსი ექნება დასკვნას, რომელმაც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე დადებითად არის გადაწყვეტილი… როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემაფერხებელ მიზეზებზე ლაპარაკობენ, ხშირად რუსეთის ინტერესებს ასახელებენ. თქვენი აზრით, ევროპასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა კრემლის გაღიზიანებას არ გამოიწვევს?
- რუსეთისთვის ეს საკითხი უმნიშვნელო სულაც არ არის. გაიხსენეთ: როგორც კი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში, ამის საპირწონედ მაშინვე დაიწყეს საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე ლაპარაკი. რუსი სტრატეგოსები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში გაიზარდა თაობები, რომელთაც რუსული არ იციან, ვისთვისაც რუსული ყოფა სრულიად უცხოა და მისაღებია ამერიკული და ევროპული სამყარო. ვიზა-ლიბერალიზაცია ამ პროცესის გაღრმავებას გამოიწვევს და, რა თქმა უნდა, რუსულ ნეოიმპერიულ რევანშიზმს ეს არ სურს. მეც დარწმუნებული ვარ, რომ რეალობად იქცევა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.
(…)
- საინტერესოა, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულებას?
- უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთისადმი უფრო გაწონასწორებულია, რაც ბევრი თვალსაზრისით არის გამართლებული. თუმცა, ზოგჯერ ბალანსი არასასურველად ირღვევა. ამის სიმბოლური მაგალითია “ერისიონის” კონცერტი კრემლში. ნურავინ იტყვის, რომ ეს კერძო ინიციატივა იყო… ეს, ჩემი აზრით, აღარ არის პრაგმატიზმი, ეს უარესია და უფრო უარესი რაღაცები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა ვერ გრძნობ შენი სახელმწიფოს ღირსებას. ეს ჩანს თუნდაც პრემიერისა და პრეზიდენტის დაუსრულებელ კინკლაობაში. ბევრი რამ არ უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ სახელმწიფოს სახე შეუნარჩუნო. ერთ-ერთი, რაც არ მომწონს რუსეთთან ურთიერთობაში, ის არის, რომ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძლება რუსულ ბაზარზე სავალალოდ მიბმული აღმოჩნდეს. ხომ ვიცით, რომ რუსეთი გაზთან ერთად, თავის ბაზარსაც სტრატეგიულ იარაღად იყენებს.
- გასული კვირის სკანდალად იქცა შეწყალების კომისიის ამჟამინდელი და ყოფილი თავმჯდომარეების – ზვიად ქორიძისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებები, რომ ზოგიერთი ჩინოსანი ცდილობდა მათზე გავლენის მოხდენას, რათა შესაწყალებელთა სიაში კონკრეტული პატიმრები მოხვედრილიყვნენ…
- ვიდრე ელისაშვილი და ქორიძე ალაპარაკდებოდნენ, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ რაღაც საეჭვო ხდებოდა. როდესაც პატრიარქის ინიციატივა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აიტაცა და მის განხორციელებაზე დაიწყო ლაპარაკი, ვერავინ გათვალა, რომ ამ განცხადებებს დადებითი შეფასებები არ მოჰყვებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქმა კეთილშობილური მოტივით გამოთქვა ეს მოსაზრება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ეკლესიას ჰქონდეს ადამიანური რესურსი პროფესიონალი იურისტების სახით, შეწყალების პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას რომ სჭირდება. ცხადია, ყველაზე აქტიურად ამ საქმეში ჩაერთვებოდნენ ისინი, ვინც არ უნდა ჩაერთოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ფუნქცია პატრიარქს გადაეცემოდა, მათაც ეძლეოდათ შანსი, ხელში ჩაეგდოთ სადავეები. ასე რომ მომხდარიყო, უპირველესად სწორედ ეკლესიისათვის მძიმე შედეგებს მივიღებდით. საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოაგდო. ჩვენი საზოგადოება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები. რიგითმა ადამიანმა მყისიერად გაიაზრა, რა საფრთხე მოჰყვებოდა ამას.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიციის სხვა წევრებს შორის უთანხმოება თანდათან ღრმავდება…
- ერთიანობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამის შანსი იქნება. დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები შეეცდებიან კოალიციის მთლიანობის შენარჩუნებას. დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული კოალიციის დაშლით, ეს ხალხი სწორედ რესპუბლიკური პარტიის მოწინააღმდეგეა. წარმოიდგინეთ, რესპუბლიკელებმაც რომ მიატოვონ “ქართული ოცნება”, რა ძალების და რა იდეოლოგიის ადამიანების ხელში აღმოვჩნდებით. ამის დაშვება არ შეიძლება.
- რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების შესაძლებლობაზე?
- ვფიქრობ, თუ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგა, ის ვეღარ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც 2012 წელს იყო. ახლა იგი უკვე დემითოლოგიზებულია. ჯერჯერობით არც ის ჩანს, რა სიახლე შეიძლება შესთავაზოს ამომრჩეველს. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება. ბევრს ლაპარაკობენ ძველი სახეების ახლებით შეცვლაზე. ეს იმედს აჩენს, თუმცა, თუ საკადრო პოლიტიკა ძველებური დარჩა, მალე აღმოვაჩენთ, რომ არც არაფერი შეცვლილა.
- საარჩევნო პროცესის გააქტიურებასთან ერთად, როგორც ჩანს, არაერთ ახალ პოლიტიკურ ფიგურას ვიხილავთ. ერთ-ერთი მათ შორის, სავარაუდოდ, მომღერალი პაატა ბურჭულაძე იქნება, რომელმაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფონდი უკვე დააარსა, რაც, ალბათ, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება...
- ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძემ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში. მის გამოჩენას განსაკუთრებით არავინ ელის. თანაც რუსეთთან დაკავშირებით მისი განცხადებებიც არ გამოირჩეოდა პოლიტიკური გონიერებით. ვფიქრობ, უხერხულობას ქმნის ისიც, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს საქველმოქმედო საქმიანობის შემდეგ. თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ქართველმა კაცმა არ მიაქცია ამას ყურადღება და მისი გადაწყვეტილება გულწრფელად მიიჩნია, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ასე არ იქნება.
კიდევ უფრო მცირე შანსი აქვს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის. ბიძინა ივანიშვილმა უნებურად თითქოს მოდელი შექმნა:P ქველმოქმედებიდან პოლიტიკაში… ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ამ მოდელმა გაამართლა, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მეორედ ეს მეთოდი ირონიას გამოიწვევს, მესამედ კი – სიცილს. თავი უხერხულად ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ უცხოელი ოლიგარქი აპირებს აქ ხელისუფლების ხელში აღებას. რა აკავშირებს მას ჩვენს ქვეყანასთან? როგორც ჩანს, ჩერნოვეცკისთვის ქართველი კაცი ემოციური, ეგზოტიკური არსებაა, რომელსაც იოლად აიყოლიებს. სავარაუდოდ, მისთვის საქართველო ერთგვარი ბიზნესკორპორაციაა.
„კვირის ქრონიკა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: „ნიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ და არა მგონია, ვინმემ დაარწმუნოს, რომ პოლიტიკაში ხელახლა შემოვიდეს»
ნინო სამხარაძე
მას შემდეგ, რაც პატრიარქმა პატიმარმა შეწყალების სურვილი გამოთქვა, არნახული სკანდალი დატრიალდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი გუნდი კორუფციაში ამხილა: „ისინი, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობენ, პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლება – შეიწყალოს პატიმრები, გადავიდეს პატრიარქის ხელში, დაინტერესებულნი არიან პატიმრის შეწყალებით, ხელი მოითბონ…“ – ამ განცხადებას მძივივით აჰყვა ელისაშვილის კომპრომატები და მან კონკრეტული ფაქტების მხილება დაიწყო. თუ როგორ ახდენდა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი მასზე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეზე ზეწოლას, რომ გაეთვალისწინებინათ კონკრეტულ პატიმრებზე მათი მოთხოვნები და შეეწყალებინათ ისინი. ელისაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს წააკითხა სმს-გზავნილები, საქმის კურსში ჩააყენა პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თავის დროზე ბადაშვილის უწყებაც, რომ შეწყალების კომისიის წევრი ალეკო ელისაშვილი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. რით დასრულდება მეგა-სკანდალი და ვინ შეეწირება ამ საქმეს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცალსახაა, ხელისუფლების ავტორიტეტი ამ თემაზე გადის და თავად უნდა იყოს დაინტერესებული, გამოიძიონ ეს საკითხი, თუ ვის ჯიბეში მიდიოდა უზარმაზარი თანხები პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ.
„კვირის ქრონიკის“ სტუმარია ფილოსოფიის დოქტორი ზაზა ფირალიშვილი, რომელიც ძალიან დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილთან და ერთერთი მათგანია, ვის სიტყვასაც ანგარიშს უწევდა ბიძინა ივანიშვილი. ვნახოთ, რას ფიქრობს ფილოსოფოსი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და როგორ აფასებს ის მმართველი გუნდის საქმიანობას, ვის მოიაზრებს ბატონი ზაზა კოალიციის სიის პირველ ნომრად, რით დასრულდება პატიმრების შეწყალების სკანდალი, შეიწირავს თუ არა ეს თემა მმართველ გუნდს?
- ბატონო ზაზა, რას ფიქრობთ მმართველ გუნდზე, როგორ ხვდება საარჩევნო წელს და რა შანსები აქვთ?
- «ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობაში არის მომენტები, სადაც აშკარა გაუმჯობესებაა, მაგრამ არის მომენტები, როცა უკმაყოფილების ხარისხი მაღალია. შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის გათვალისწინებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებისთვის, ამის თქმა მიჭირს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ფლობს თუ არა საკმარის პოლიტიკურ ტექნოლოგიებს და საკმარის ადამიანურ რესურსებს, რომ სიტუაცია გააუმჯობესოს. უკვე დიდი ხანია, საუბარია ახალი სახეების გამოჩენაზე „ქართული ოცნების“ რიგებში. ვნახოთ. თუ ახალი სახეები ძველი საკადრო გემოვნებით იქნება შერჩეული, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ნამდვილად ვიცი, რომ თავად პარტია ქართულ ოცნებაშია“, სულ მცირე, რამდენიმე ადამიანი, ვინც გრძნობს მკვეთრი ცვლილებების აუცილებლობას. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი პროცესებზე გავლენის მოხდენას.
- პატრიარქის ემოციურ განცხადებას, რომ მას აქვს სურვილი შეიწყალოს პატიმრები, სკანდალების სერიალი მოჰყვა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლება კორუფციაში ამხილა. ფიქრობთ, რომ ეს სკანდალი მმართველ გუნდს დაასამარებს?
- თუ ამ პროცესში ხელისუფლება ხელიდან გაუშვებს ინიციატივას, ალეკო ელისაშვილის განცხადებების შემდეგ მმართველი გუნდი, სულ მცირე, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისტორია ძალიან ცუდად იმუშავებს ხელისუფლების ავტორიტეტზე.
- ხომ არ გაქვთ გონივრული ეჭვი, რომ ამ სკანდალის უკან პრეზიდენტის პოლიტიკური ინტერესი დგას? ჩვენ გვახსოვს, ეკა ბესელიას, მანანა კობახიძისა და მმართველი გუნდის წევრების პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები…
- ეს არის ვარაუდების სფერო და პასუხი გამიჭირდება. პასუხის გასაცემად ზუსტად უნდა ვიცოდე, რა ხდება კულუარებში.
- ელისაშვილი საქმის მოწმეებად ასახელებს პრეზიდენტს, ნთავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. უნდა დაიკითხონ ისინი?
- მაღალჩინოსნების დაკითხვა პროკურატურის მიერ სწორედ იქნება ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს ინიციატივას ამ საქმეში. ეს აუცილებელია, როგორც სამართლის, ისე პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით. საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული, სხვა შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ეს თემა მძიმე კვალს დაამჩნევს ხელისუფლების ავტორიტეტს.
- ბატონო ზაზა, კოალიციის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ამას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი… ბიძინა ივანიშვილის ნდობის გამო აირჩია ხალხმა კოალიცია და არა იმ სუბიექტების პატივისცემის ნიშნად, ვინც მასში არიან გაერთიანებული და თუკი ივანიშვილი არ იქნება სიის პირველი ნომერი, რა მოხდება, ამ კოალიციის ნდობა ხალხში ძალიან დაბალია…
- როცა გაჩნდა განცხადება, რომ შესაძლებელი იყო, ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი გამხდარიყო, მართალი გითხრათ, ძალიან დიდი ნდობითაც არ მოვკიდებივარ ამას. მე მას ვიცნობ, საკმაოდ წინდახედული ადამიანია და არა მგონია, თავი დაირწმუნოს, ან ვინმემ დაარწმუნოს, რომ მისი ხელახლა შემოსვლა პოლიტიკაში იმავე შედეგის მომტანი იქნება, რა შედეგიც 2011 წელს მოიტანა. პირადად მე არ ვურჩევდი, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მას აქვს საიმისო ბერკეტები, რომ გავლენა მოახდინოს საარჩევნო სიების დახვეწაზე. უნდა გაიწმინდოს სია უცნაური გემოვნებით შეყვანილი ადამიანებისგან. 2012 წლის შემდეგ «ქართულ ოცნებასთან» არ ვთანამშრომლობ, საკმაოდ ახლოს ვიყავი ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ლამის სამი წელია, ის არ მინახავს. არ ვიცი, სიებთან დაკავშირებით კონკრეტულად რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი.
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილის გარეშე კოალიცია უმრავლესობას მოიპოვებს?
- დღევანდელი მონაცემებით, არც ერთ პოლიტიკური მოთამაშეს არ ძალუძს, გარდამტეხი შფოთი შეიტანოს არჩევნებში. შესაძლოა, ვინმეს აქვს იმედი, რომ ივანიშვილის მგამოჩენა გახდება ძლიერი და ოცნებისთვის პოზიტიური შფოთის გამომწვევი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება. ველი, რომ მოვლენები ამომრჩევლის პასიურობის ფონზე განვითარდება, პარლამენტში შევლენ წამყვანი პოლიტიკური ძალები, ვვარაუდობ, რომ ორი-სამი დამოუკიდებელი ადამიანი, მაჟორიტარების სტატუსით აღმოჩნდება პარლამენტში.
- კონკრეტულად ვის ვარაუდობთ?
- საკმაოდ კარგად მუშაობს ალეკო ელისაშვილი, მოგეხსენებათ, წამყვანი პოლიტიკური ძალები მონოპოლიურად ფლობენ სატელევიზიო სივრცეს, ალეკო ელისაშვილმა მოახერხა ამ სივრცეში შეჭრა და თავისი ადგილის დაკავება, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია ადამიანისთვის, რაც, უბრალოდ, მოსახერხებელი საქმე არ გახლავთ. ბევრს ცდილობს ქალბატონი ირმა ინაშვილი, თუმცა ეჭვი მეპარება, მისმა პარტიამ რაიმე გადამწყვეტ წარმატებას მიაღწიოს საპარლამენტო არჩევნებში, მას არა აქვს ის რესურსი, რომლითაც შეძლებდა, არჩევნებში სერიოზული კორექტივები შეეტანა.
- მე მაინტერესებს, თქვენი აზრით, ვინ არის „ქართულ ოცნებაში“ ერთპიროვნული ლიდერი, ვინც სიის პირველ ნომრად დასახელდება?
- შეიძლება უხერხულიც იყოს ამის თქმა, მაგრამ ახლა ვერ ვხედავ პარტია «ქართულ ოცნებაში“ ასეთ ლიდერს, სამწუხაროდ, ის ისეთი პრინციპით დაკომპლექტდა, რომელიც თავიდანვე გამორიცხავდა მეორე რიგის ლიდერების არსებობას, საზოგადოებაში ასეთი ავტორიტეტით არავინ სარგებლობს. საუბრობენ „ოცნებასთან“ პაატა ბურჭულაძის ალიანსზეც, შეიძლება კოალიციაში ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ მსგავსი პიროვნების სიის სათავეში აღმოჩენა ლოკომოტივის პრობლემას გადაწყვეტს.
- საინტერესო განცხადებას აკეთებთ, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ პაატა ბურჭულაძე შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი და პარტია, რომელსაც ის შექმნის, კოალიციის სუბიექტი გახდეს…
- ეს არ არის განცხადება. დანამდვილებით არაფერს ვამბობ, უბრალოდ, მოვლენების ლოგიკა მკარნახობს, რომ, არ არის გამორიცხული, ასეთი სცენარით განვითარდეს პროცესები.
- რას ფიქრობთ კიევის ყოფილი მერის პოლიტიკურ ამბიციაზე, რომელმაც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის» დააფუძნა. ლეონიდ ჩერნოვეცკი ეჭვმიტანილია კორუფციაში, ნარკოტიკების მოხმარებაში, ის გახლავთ ეპატაჟური ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნიდანაა გამოქცეული… კიევის ყოფილი მერის ოცნება იყო, საკუთარ კატასთან ერთად კოსმოსში გაფრენილიყო, მაგრამ ის საქართველოში დაფრინდა…
- კიევის ყოფილმა მერმა შეიძლება რაღაც ხმებს თავი მოუყაროს, ისე საკუთარ კატასთან ერთად კოსმოსში გაფრენილიყო, კარგი იქნებოდა, ჩვენც მოვისვენებდით და მისი კატაც. რაც ეხება პოლიტიკაში მისი შემოსვლის საკითხს, სიტუაცია საკმაოდ გამჭვირვალეა, მოდის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ქველმოქმედებით მოიპოვოს გავლენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დარწმუნებული იყავით, ის არ არის საიმისოდ მოსული, რომ ერთ-ერთი იყოს. ამ ადამიანს საქართველოსთან, ფაქტობრივად, არაფერი აკავშირებს.
ბუნებრივად მიჩნდება ეჭვი, რომ მისი მიზანია, ქვეყანა აქციოს ერთგვარ ბიზნესკორპორაციად. კანონებსაც თვითონ გამართავს და აბსოლუტურად უსაფრთხო ბიზნესგარემოს შექმნის თავისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ წარმატებას მიაღწია, ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიძლება ოლიგარქმა ქვეყანა თავის სათამაშო მოედნად აქციოს. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. მეტიც, ეს ადამიანი, ალბათ, სულ მცირე ხანში დარწმუნდება, რომ ტყუილად წამოიწყო ეს საქმე. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას რაიმე დამატებითი ინტერესები ჰქონდეს. ამ ეჭვს მიჩენს ის, რომ თავის მოღვაწეობას აჭარიდან იწყებს და არა თბილისიდან. შესაძლოა, სწორედ რეგიონალურ ლიდერად წარმოუდგენია თავი და ასლან აბაშიძის მოდელის განმეორებას ფიქრობს.
„კვირის ქრონიკა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, - როგორ ბედავენ პატიმრებზე ფულის კეთებას, ყრუდ მესმოდა, რომ ვიღაცები პატიმრების საქმეში ხელს აფათურებენ, მაგრამ, თუ ეს დამტკიცდა, რაც არ უნდა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი იყოს, ამ დანაშაულს არ შევარჩენო“
ნინო სამხარაძე
ამ ბინძურ ხალხს პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე, – იმუქრება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. აშკარაა, რომ ალეკო ელისაშვილი დიდ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. მისი განცხადებები უკვე სცდება ყოველგვარ ზღვარს და თუკი დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ჰქონდა მაღალჩინოსნების მხრიდან პატიმრის შეწყალებისას ფულის კეთებას ადგილი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აფეთქდება, ელისაშვილს კი „ოცნების» მესაფლავის ტიტული ერგება… და თუკი დამტკიცდა, რომ ელისაშვილი ცრუობს, მაშინ ცრუ დასმენისთვის პასუხს აგებს და შესაძლოა, საკრებულოდან ხელბორკილებითაც კი გაიყვანონ…
იურისტი ვალერი გელბახიანი»კვირის ქრონიკასთან» ინტერვიუში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას აფასებს და აცხადებს:
- ძალიან საინტერესო განცხადებებია თავისი შინაარსითა და დანიშნულებით, ის, რასაც აკეთებს ელისაშვილი, მაგრამ ამავე დროს სახიფათოცაა, რადგან ამას სჭირდება მტკიცებულებები, შეიძლება პიროვნებების დასახელება არ იყოს საკმარისი მტკიცებულება და ასეთ დროს, როგორც წესი, პროკურატურა მას აფასებს, როგორც მართლსაწინააღმდეგოს. თემა, რომელიც მან წამოსწია, თავისი შინაარსით, ძალიან აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ, როცა ამნისტიის კანონი მიიღეს, 200 კაცს შეახეს პოლიტპატიმრის სტატუსი. აქედან, ალბათ, მხოლოდ 10% თუ იქნებოდა პოლიტიკასთან კავშირში, დანარჩენები კრიმინალები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამნისტიის კანონი მე არ შემხებია და თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მე პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებოდი. ამიტომ გამიკვირდა, რომ მე არ მომახვედრეს იმ სიაში… ის, რომ მათ პოლიტპატიმრების ნაცვლად ციხიდან გამოუშვეს კრიმინალები, ჩემი მაგალითი ჰყოფნით მარტო იმისთვის, მე არ მცნეს პოლიტდევნილად და დანარჩენი კრიმინალები ცნეს პოლიტპატიმრებად.
რადგან მე ციხეში არ ვიჯექი, არ შემიყვანეს ამ სიაში, არა აქვს მნიშვნელობა, ვიჯექი თუ არა, მე ვიყავი პოლიტიკური დევნილი. თქვენი გაზეთის საშუალებით დავსვი კითხვა, რატომ არ შემიყვანეს პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაში, თქვენივე გაზეთის საშუალებით მივიღე პასუხი ბესელიასგან, რომ არ ვიყავი პატიმარი და ამიტომ არ შემეხო ამნისტია. 315-ე პოლიტიკური მუხლით მხოლოდ მე ვიყავი ბრალდებული, ერთადერთი პოლიტიკური მუხლია კანონში, დანარჩენი იმ 200 კაციდან არავინ არ იყო პოლიტიკური მუხლით პასუხისგებაში მიცემული. ამის შემდეგ ესენი ამბობენ, ჩვენ გამოვუშვით სამართლიანი ამნისტია და ის 200 კაცი სამართლიანად მოხვდა იმ სიაშიო… ბუნებრივია, ეს არ არის მართალი, ამის მაგალითი მე ვარ.
- ელისაშვილის განცხადებებს რა პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს? ელისაშვილი 2013 წლის ინფორმაციას 2015 წელს აჟღერებს, რატომ?
- როგორც თავად განმარტა, მაშინვე მიუმართავს პროკურატურისთვის, როგორც კი ზეწოლა განხორციელდა მასზე, თუმცა რეაგირება არ გაკეთებულა. ასე რომ, ელისაშვილს ეს ამბავი არ დაუმალავს, კეთილსინდისიერად მოიხადა ვალი მაშინაც და ახლაც… ახლა მით უფრო, საარჩევნო პერიოდამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ცხადია, ახლა უფრო მეტი აქტუალობა ექნება ამ საკითხს. თქვენ გაინტერესებთ, ამოქმედდა თუ არა პრეზიდენტის ფლანგი და რა პოლიტიკური ქვეტექსტია ამ ყველაფერში. პირდაპირი პოლიტიკური ქვეტექსტი აქ არ იკითხება…
- როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და საერთოდ, თუკი გამოძიების ხაზი მივა რომელიმე კონკრეტულ დეპუტატამდე, ხმაურიან დაჭერებს გამორიცხავთ?
- თუ პროკურატურა სწორად გამოიძიებს და იმ ფაქტებს დაადგენს, რაზეც ბატონი ალეკო საუბრობს, აუცილებლად იქნება რაღაც მტკიცებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ ხმაურიან დაჭერებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ისედაც დგას, რადგან ეს ფაქტი მოხდა. ახლა კეთილი ინებონ და თავი იმართლონ კობახიძემ, ბესელიამ და სხვებმა, ვინც ამ საკითხში ფიგურირებს. აუხსნან საზოგადოებას, რატომ მოხდა იმ 200 პატიმრის განსაზღვრა პოლიტიკური სტატუსით, სახელობითად გაიარონ ყველა ადამიანი და აგვიხსნან, რატომ გამოუშვეს ციხიდან, რა ნიშნით იყვნენ ისინი პოლიტიკური პატიმრები..
- გაიჟღერა ნარკობარიგების, კრიმინალებისა და ყაჩაღების გვარებმა, რომელსაც საერთო არ ჰქონდათ პოლიტიკასთან. აგვიხსნან, თუ ამ შემთხვევაში ფული არ მუშაობდა, მაშინ, რა მუშაობდა? პოლიტპატიმრების სტატუსით რატომ გაათავისუფლეს?!
- კრიმინალებზე სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტი თუ არ მუშაობდა, მაშინ მუშაობდა ფული. იმართლონ, ბატონო, თავი, ხომ არიან სუფთა და წესიერი ადამიანები. მათ ყველა ვარიანტში დაკითხავენ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება ვერ დადგეს იმის გამო, რომ ისინი დეპუტატები არიან, მაგრამ აუცილებლად მოუვათ მაგის დრო. კანონი ამბობს, რომ შეჩერდება სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ განახლდება მაშინ, როცა ისინი აღარ იქნებიან დეპუტატები. ასევე, დაიკითხება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი, ვინაიდან მათ მოწმეებად ასახელებს ალეკო ელისაშვილი. ვინც ამ საქმეს არ გამოიძიებს, მის კისერზე იქნება მახვილი ჩამოკიდებული.
- კულუარებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ამ პროცესს ინტერესით ადევნებს თვალ-ყურს და ის აღშფოთებულია და ამბობს, როგორ ბედავენ პატიმრებზე ფულის კეთებასო. ყრუდ მესმოდა, რომ ვიღაცები პატიმრების საქმეში ხელს აფათურებენ, მაგრამ, თუ ეს დამტკიცდა, რაც არ უნდა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი იყოს, ამ დანაშაულს არ შევარჩენო…
- ივანიშვილი აუცილებლად გააკეთებს ძალიან მწვავე რეაქციას, რადგან ამ შემთხვევაში მას სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ გაინტერესებთ, რა იქნება მისი მკვეთრი რეაქცია, გეტყვით, რომ ვიღაც-ვიღაცებს განცხადებებს დააწერინებს და თანამდებობებსა და პარლამენტს დაატოვებინებს… ელისაშვილის ხელში თუკი ოდნავი სამხილიც კი აღმოჩნდება, იცოდეთ, რომ იმ პიროვნებებზე ბიძინა ივანიშვილი რეაგირებას გააკეთებს. სხვაგვარად ისიც იკიდებს ამ ბრალდებას. იცოდეთ, რომ ყველა შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს. ჩვენ ვნახეთ, იყო ასეთი პრეცედენტი, როცა დეპუტატებმა დაწერეს განცხადება და პარლამენტიდან წავიდნენ. ბოლოს შეგახსენებთ გოგი თოფაძის განცხადებას, რომ ის აპირებს, ვადაზე ადრე დატოვოს პარლამენტი. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი კონკრეტული დეპუტატები ვადაზე ადრე დაემშვიდობებიან პარლამენტს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უმრავლესობა ვეღარ მოხვდება პარლამენტში, ასეთი ფაქტები, რასაც ელისაშვილი აჟღერებს, იქნება კატალიზატორი, რომ ასეთი ტიპის ადამიანები პარლამენტში აღარ უნდა შევიდნენ. მე გითხარით წინა ინტერვიუში, რომ ივანიშვილი მუშაობს „ოცნების“ სიაზე, პირადად ჩართულია ამ საკითხში, აქცენტი კეთდება ახალ სახეებზე, ვისაც აქვს სათანადო განათლება მიღებული, მინიმუმ ორ ენას ფლობენ და არიან კვალიფიციურები.
გეტყვით, რომ სიის შედგენისას უკვე აღარავის ენდობა და პირადი არხებით ცდილობს კონკრეტული ადამიანების გადამოწმებას. ჩვენს სახეებს ეუბნება, რომ აღარ იოცნებონ დეპუტატობაზე და ურჩევს, ბედი სხვა სფეროში სცადონ.
- საარჩევნო წელს შს სამინისტრო, ფაქტობრივად, დაიპირისპირა მძღოლების უმრავლესობა და გამკაცრებულ სანქციებს აწესებს. ახალი წლიდან წამმზომსაც ჩაგვირთავენ მართვის მოწმობაზე…
- ამბობენ, რომ ამის ავტორი არის მინისტრის მოადგილე, ახალგაზრდა შალვა ხუციშვილი. ისე, უმრავლესობის დეპუტატებს ვკითხე, – არჩევნების პერიოდში რამ მოგაფიქრათ ისეთი მოდელის ამუშავება, რომელიც რეიტინგს გაკარგვინებთ, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ ეს მათ რეიტინგზე არ იმოქმედებს, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება მძღოლების გაღიზიანება და ზუსტადაც რომ მათ რეიტინგზე იმოქმედებს. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ამ საკითხს პოლიტიკურ თემად გადავუქცევდი ხელისუფლებას. ჯერ მიიღონ ეს კანონი და მერე ვილაპარაკოთ. იცით, როგორი მოდელი შემოაქვთ? 3,5 ქულა აკლდება თითო დარღვევაზე მძღოლს, თუ წლის განმავლობაში დაახლოებით დარღვევები 30-მდე მიაღწევს, მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდები. რაც წინასაარჩევნო პერიოდში უნდა კეთდებოდეს, ხელისუფლება ამის საპირისპიროდ მოქმედებს და მათ ლოგიკას ნამდვილად ვერ ვხვდები. რატომ, მაინცდამაინც ახლა, როგორც ჩანს, ისინი არ აქცევენ ყურადღებას მნიშვნელოვან დეტალებს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებს იგებენ. აი, ნახავენ მაგის შედეგსაც, თუ როგორ მოიგებენ არჩევნებს ასეთი კანონებით..
„კვირის ქრონიკა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერმინისტრს უნდა აეტეხათ ერთი ამბავი! ეს იცით, რას ნიშნავს? რუსეთმა სერიოზული მუქარა შემოგვითვალა»
ნინო სამხარაძე
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ის გულწრფელი შანტაჟი, „თუ საქართველოს ნატოში არ მიიღებთ, მაშინ ქვეყანაში პრორუსული ძალები მოვლენ და თუკი 2008 წელი განმეორდება, საქართველოში ჩვენ გმირულად დავიღუპებითო“, – ნატომ ქალბატონ მინისტრს ეს განცხადება „გულუბრყვილობაში“ ჩაუთვალა, ნატო-ს გული არ აჩუყებია ხიდაშელის ემოციურ განცხადებაზე და ჩვენ კვლავ რუსეთთან პირისპირ დაგვტოვეს… ძალიან აგრესიული იყო თინა ხიდაშელი ზაფხულიდან მოყოლებული, აგვისტოში თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიებისას განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი ლენინგრადის ბლოკადის დროს ძაღლებისა და კატების ჭამას მიჩვეულები არიან…
ექსპერტებმა მაშინვე იწინასწარმეტყველეს, რომ ხიდაშელის განცხადებებს აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის რეაქცია. მისი საომარი რიტორიკა ყველას ახსენებდა ირაკლი ოქრუაშვილის ომის გენერლობის პერიოდს, როცა თავდაცვის ექსმინისტრმა 2006 წელს განაცხადა, – რუსეთში ფეკალიებიც კი გაიყიდებაო, მაგრამ ხიდაშელი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მეორე მსოფლიო ომში რუსებთან ერთად ქართველებიც იბრძოდნენ და ყველაზე გმირულად სამამულო ომში ქართველები იღუპებოდნენ. ჩვენ ყველაზე დიდი დანაკლისი განვიცადეთ ჩვენი მცირერიცხოვანი ერიდან გამომდინარე, შესაბამისად, ხიდაშელის არაკორექტული განცხადება მტკივნეული აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვისაც.
მმართველი გუნდის კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ გრძელვადიან პერიოდში თინა ხიდაშელის მინისტრობა ზიანის მომტანი იქნება, ის აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის აგრესიულ რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში, ვინ კი რა ჩიტიც დაიჭირა რუსეთთან ბრძოლაში, დოკუმენტურად უახლესმა პერიოდმა ეს დაგვანახა. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ფლობს ატომურ ბომბს, არ ვართ ნატო-ს წევრი და არ გვაქვს რესურსი, რომლითაც მონსტრ სახელმწიფოს დავუპირისპირდებით, ამიტომ ექსპერტები თვლიან, რომ თავდაცვის მინისტრი მოზომილი უნდა იყოს, ზედმეტი ბაქიბუქი, ცეცხლზე ნავთის დასხმა და ზღვარგადასული განცხადებები ამ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება. ასეთ შეფასებებს უკვე მმართველი გუნდი აკეთებს…
თინა ხიდაშელის არაკორექტულ განცხადებას ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებით, ოთხი თვის შემდეგ მოჰყვა რუსეთის რეაქცია. ჟენევის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინმა პირდაპირ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის განცხადება უკვე ყველა ზღვარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბევრს ეცადა, ხიდაშელის გამოხტომა გაექარწყლებინა, ეს მაინც ვერ შეძლო. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს არ უნდა ელოდოს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს მაინც არ სჯერა, რომ თავდაცვის მინისტრი ლენინგრადის ბლოკადაზე ასეთ განცხადებას გააკეთებდა და რა მივიღეთ თინა ხიდაშელის აგრესიული განცხადებების ციკლიდან? მივიღეთ ის, რომ რუსეთმა ორჯერ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე – 9 დეკემბერს და 10 დეკემბერს… და კიდევ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 11 დეკემბერს გააკეთა განცხადება: რუსული ატომური შეიარაღების 95 პროცენტი საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი.
რა იგულისხმა შოიგუმ? რა ხდება ჩვენ თავს, რატომ დუმს საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში „ისკადრეების“ განთავსებაზე, რატომ არ აკეთებს განცხადებას თავდაცვის მინისტრი რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს თავმოყვარე თავდაცვის მინისტრის რეაქცია და გმირობის მაგალითი რა უნდა იყოს რუსეთის ასეთ ნაბიჯებზე და სადამდე მივყავართ თინათინ ხიდაშელს.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია «კვირის ქრონიკასთან“ საუბარში მოსალოდნელ საფრთხეებზე თავდაცვის მინისტრის განცხადებებზე და რუსეთის შემხვედრ ნაბიჯებზე საუბრობს:
- მიჭირს, თავდაცვის მინისტრის განცხადება შევაფასო, რაც მან ლენინგრადის ბლოკადაზე გააკეთა. ის, რომ თინა ხიდაშელი კატეგორიულად ითხოვდა ნატოში შესვლას… მის სულისკვეთებას ვიზიარებ, ხოლო რაც შეეხება ლენინგრადის ბლოკადას, იქ ქართველებიც მონაწილეობდნენ ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ მეორე მსოფლიო ომის დროს. ლენინგრადის ბლოკადა – ეს იყო კაცობრიობის წინააღმდეგ გენოციდი, ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე ცალკე პუნქტად იყო ლენინგრადის ბლოკადა გატანილი. სასამართლო პროცესი ამ თემაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს შეფასდა, როგორც ვანდალური აქტი. არ შეიძლება თავდაცვის მინისტრმა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გააქილიკოს. თქვენ ყველაზე კარგად იცით, როგორი დამოკიდებულება მაქვს პუტინის მიმართ, აკრძალული მაქვს რუსეთში შესვლა, პერსონა ნონ გრატად ვარ გამოცხადებული, მაგრამ მე ვგმობ ასეთ განცხადებებს, რადგან ეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფაა.
- თინა ხიდაშელი ნატო-ს კატეგორიულად სთხოვდა საქართველოს გაწევრიანებას, სხვა შემთხვევაში ის გულწრფელად აშანტაჟებდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ პრორუსული ძალები. ჩვენ ვნახეთ, რა რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას, ხოლო მის სამეზობლოში ნატო-ს ჯარს რომ არ დაუშვებს, ეს რუსეთს ათასჯერ აქვს დეკლარირებული. რას ვიღებთ ხიდაშელის განცხადებების საპასუხოდ?
- გითხარით, რომ ხიდაშელის სულისკვეთებას ნატოსთან დაკავშირებით, ვიზიარებ. თუმცა შეიძლება სხვანაირი განცხადებები გაეკეთებინა ქალბატონ მინისტრს. ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის ფაქტორის გამო არ ხდება და ამას ახლა უკვე სხვა ფაქტორებიც დაემატა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საქართველოსთვის ნატო-ს კარი დაკეტილი იყო იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებდა იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რაც ნატო-ს ჰქონდა. კერძოდ, ისინი მიგვითითებდნენ დემოკრატიული წესების დაცვისკენ. ნატო-ს ძირითად ღირებულებებს სააკაშვილის რეჟიმი არ ასრულებდა, იყო სხვა დამატებითი ფაქტორებიც, როგორიც არის – იარაღის უკანონო ვაჭრობა, ამერიკის დეპარტამენტის მიერ გაცხადებული იყო, რომ საქართველოზე გადის ნარკოტრანზიტი და ამის გამო მათ განგაშის ზარები ატეხეს.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ამ მხრივ ვითარება გამოსწორდა, მაგრამ გაჩნდა სხვა ფაქტორები და უფრო მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთის გავლენების გაზრდას, დღეს საქართველო და უკრაინა ახალი რეალობის წინაშე დადგა, რიმლენდის ზონაში აღმოვჩნდით, რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების არეალად გადავიქეცით და ახალი ცივი ომის წინაშე ვართ. პლუს უკრაინაში არსებული ჰიბრიდული ომი, სირიის ომი, რომელიც ახალ ტრანსფორმაციაზე გადადის, რუსეთთურქეთის დაპირისპირება ამერიკის ურთიერთობის გაუარესება, ამ ეტაპზე ნატოსთვის გაფართოების პოლიტიკა არ შეიძლება იყოს პრიორიტეტული ამ ფაქტორების გათვალისწინებით. აქამდე ნატო ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებდა გაფართოების პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბალკანეთის საკითხი თანდათანობით იხურება, რჩება კი ჩვენთვის ნატოში ადგილი? აი, ეს არის გასაკვირი. გააგრძელებს თუ არა ნატო გაფართოების პოლიტიკას, გეოპოლიტიკური სურათი შეიცვალა. ასე რომ, მსოფლიო დღეს სხვა რეალობის წინაშეა.
- თინა ხიდაშელი პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველო მაპ-ის სტატუსის გარეშე უნდა მიეღო ნატო-ს, გახსენდებათ პრეცედენტი, როცა მაპ-ის გარეშე რომელიმე ქვეყანა შეეყვანათ ნატო-ში?
- მაპ-ის გარეშე საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. ამას სულ ვამბობდი და ვინ აღმოჩნდა მართალი? სამწუხაროდ, მინისტერიალის კომუნიკეში დაფიქსირდა, რომ მაპ-ის გარეშე საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია მაპ-ს დავეუფლოთ. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მაპისთვის, სწორედ თინა ხიდაშელის დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ მაპ-ი არ გვინდა, გააჩინა კომუნიკეში ის ჩანაწერი, რაზეც უკვე გითხარით. არ მახსენდება პრეცედენტი, როცა ნატო-ს მიეღო ქვეყანა მაპ-ის გარეშე. ეს ეტაპი ყველამ გაიარა. მონტენეგროს 2009 წელს მიანიჭეს მაპ-ი და დღეს უკვე ნატოს წევრია. ამ კრიტერიუმის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაწევრიანდება…
- და რა მივიღეთ თინა ხიდაშელის განცხადებების ციკლის საპასუხოდ?
- მივიღეთ საკმაოდ სერიოზული საფრთხე, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „ისკადერ-ემ“ ტიპის სარაკეტო დამრტყმელი კომპლექსები განალაგა, ეს არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს უნდა აეტეხათ ერთი ამბავი, ეს იცით, რას ნიშნავს? რუსეთმა სერიოზული მუქარა შემოგვითვალა, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსაც. კერძოდ, თურქეთს. „ისკადრელ-ემ“ – ეს არის ბირთვული შეიარაღების დამრტყმელი კომპონენტი. რუსეთმა, ფაქტობრივად, დაიწყო ტექნიკური ტიპის დამრტყმელი ბირთვული სარაკეტო კომპლექსების განთავსება, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა და „ისკადრელ-ემ“ ტიპის განთავსება ცხინვალის რეგიონში ნიშნავს, რომ ნატო კონტრზომებს მიიღებს. მას შეუძლია მიზანში ამოიღოს ცხინვალის რეგიონი, რუსეთმა, ფაქტობრივად, საქართველო უნებლიედ ჩაითრია, ბირთვული შეიარაღებისა და ბირთვული რბოლის ეტაპზე. რა უფლებით ათავსებს რუსეთი სხვის ტერიტორიაზე დამრტყმელი სტრატეგიული შეიარაღების ელემენტს, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა, ამაზე უნდა მოეთხოვოს მას პასუხი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იყო ამ კონტექსტში გაკეთებული, მე ვფიქრობ დღეს მთავარი თემა უნდა იყოს ეს საკითხი, ვისაც კი ესმის, რასთან გვაქვს საქმე, მათთვის ეს რეალური შეშფოთების საგანი უნდა იყოს.
- რა საფრთხე გვემუქრება, შეიძლება, საქართველო ბირთვულ ომში აღმოჩნდეს?
- სწორედაც ბირთვულ ომში შეიძლება იყოს ჩათრეული საქართველო, მეტი საფრთხე რაღა გინდათ? რუსეთმა თურქეთსა და საქართველოს მუშტი მოუღერა, ბუნებრივია, ამოქმედდება ნატო-ს მე-5 პუნქტი, რაც ნიშნავს, რომ ნატო კონტრზომებს განახორციელებს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ რუსეთმა სასწრაფო წესით გაიყვანოს „ისკადერი“ ტიპის რაკეტები ცხინვალის ტერიტორიიდან, რათა არ აღმოვჩნდეთ ჩათრეული ბირთვული რგოლის ციკლში. ეს არ გაუბედავს რუსეთს არსად, იყო პრეცედენტი, როცა რუსეთმა კუბაზე განათავსა თავისი ბირთვული დამრტყმელი შეიარაღება 1962 წელს, რამაც გამოიწვია კარიბის კრიზისი და იყო მეორე პრეცედენტი 1982-83 წლებში, როცა რუსეთმა ჩეხოსლოვაკიისა და გდრ-ის ტერიტორიაზე ოპერატიული ტაქტიკური ბირთვული დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსები განალაგა. შემთხვევითი არ არის „ისკადერის“ განთავსება ცხინვალის ტერიტორიაზე, რაც მიმართულია ნატო-ს წევრის თურქეთის წინააღმდეგ. ამას მოჰყვება აუცილებლად ბირთვული დაგეგმარების კომიტეტის ამოქმედება და შეიძლება დაცვის ეგიდით მათ ცხინვალის რეგიონში დარტყმა განახორციელონ. არ მესმის, რატომ დუმს ხელისუფლება, ეტყობა, ამ საფრთხეს ვერ აღიქვამენ, იმიტომ, რომ კომპეტენცია აკლიათ და ისე გათავხედდნენ რუსები, რომ ეს გაბედეს. რუსები არამარტო დამრტყმელი ბირთვული შეიარაღების ელემენტებს ათავსებენ ცხინვალში, არამედ უხეშად არღვევენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. თუკი აქამდე ამბობდნენ, რომ იმედია, ბირთვულ ომამდე არ მივა საქმეო, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა: რუსული ატომური შეიარაღების 95% საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილიო.
„ისკანდერ-ემ“-ების განთავსება ამ სტრატეგიაში ჯდება. რუსეთმა, აგრეთვე, გადმოისროლა სხვადასხვა დამრტყმელი შეიარაღება, ყურადღება მივაქციე ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, ჟენევის ფორმატში იყო გაკეთებული განცხადება, რომ აფხაზეთში დისლოცირებული საარმიო დაჯგუფება შეიძლება გამოვიყენოთ აფხაზეთის ტერიტორიის გარე დაცვადო. ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი ულტიმატუმის ენაზე გვესაუბრება, თურქეთმა დარდანელისა და ბოსფორის სრუტე რუსეთს, ფაქტობრივად, ჩაუკეტეს. მათ ახლა სჭირდებათ, გადაისროლონ თავიანთი დაჯგუფება სირიაში, მით უფრო კრიტიკულ ზღვარზეა სამხედრო ოპერაცია, რუსეთს სამხედრო საჰაერო ოპერაცია დღეში 8 მილიონი დოლარი უჯდება სირიაში. აქედან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება სატრანზიტო კომუნიკაცია, კერძოდ, სამხედრო სატრანზიტო გზა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება – ეს არის რუსეთისთვის სამხედრო საფრთხე, მეტი რაღა მუქარა გვინდა, სირაქლემის პოზაში როდემდე უნდა ვიყოთ?!. მე არ ვიცი, რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატები და რატომ ვერ ახდენენ მწვავე რეაგირებას, რაც ჩვენს თავს ხდება. გასაგებია, რუსეთის თვითმფრინავს ვერ ჩამოაგდებ, იმიტომ, რომ თურქეთი არ ხარ, მაგრამ განცხადება მაინც ხომ უნდა გააკეთო!..
- როგორ ფიქრობთ, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენებენ? ჩვენ ვხედავთ, რომ მისი განცხადებები ქვეყნისთვის უკვე სახიფათო ხდება. მმართველ გუნდში მას უკვე უპირისპირდებიან საომარი რიტორიკის შემცველი განცხადებების გამო…
- მე არ ვიცი, ხიდაშელს გადააყენებენ თუ არა, ეს ქვეყნის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მესმის თინა ხიდაშელის, როგორც პოლიტიკოსის, მესმის მისი მისწრაფება, სულისკვეთება და აღშფოთება, შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს რაღაც პროცესების პროვოცირება და რუსეთმა, ვნახეთ, რომ თითზე დაიხვია ხიდაშელის განცხადება. ისინი მიზეზებს ეძებდნენ და მიეცათ მიზეზი, მაგრამ, ვიმეორებ, ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ – მიდიან რუსეთთან კონფრონტაციაზე თუ ლოიალობას ამჯობინებენ. ჩვენ ვნახეთ, რა მოიტანა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა, რომელიც, ფაქტობრივად, ხიდაშელის განცხადებების კვალდაკვალ იყო. მან განაცხადა, რომ რუსები ფეკალიებსაც ჭამენო, თუმცა, ის არ შეხებია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მაგრამ ამ განცხადებების ციკლი რითიც დასრულდა, 2008 წელმა დაგვანახა. თუ ხელისუფლება კონფრონტაციაზე მიდის, მაშინ ხიდაშელის განცხადებები გამართლებულია, თუმცა ეს ძალიან სახიფათო თამაშია.
„კვირის ქრონიკა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „პირდაპირ გეუბნებით, 2016 წელი გაცილებით ცუდი და მძიმე იქნება, ვიდრე 2015 წელი“
ნინო სამხარაძე
რატომ იქნება საქართველოსთვის 2016 წელი ეკონომიურად და სოციალურად უფრო მძიმე, ვიდრე 2015 წელი იყო, რა ელოდება მოსახლეობას, რა ელოდება დასაქმების მომლოდინე მოსახლეობას, რას ჰპირდება საარჩევნო ციკლში მყოფი ხელისუფლება უკიდურესად გაღატაკებულ ადამიანებს, რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც თებერვლიდან აღარ იქნება „ნაციონალების“ ხელისბიჭად წოდებული ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რამდენად სწორად დაგეგმა ხელისუფლებამ 2016 წლის ბიუჯეტი. ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე „კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს.
- არჩევნების წინ ხელისუფლება პედაგოგებს, ექიმებს, პენსიონერებს ხელფასს უზრდის და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება. როგორ ფიქრობთ, 2016 წლის ბიუჯეტი რამდენად სწორად არის განსაზღვრული და იგრძნობს თუ არა მოსახლეობა ამას საკუთარ ყოფაზე?
- თავისთავად ცხადია, ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რა მოცულობის ეკონომიკა გაქვს. ვფიქრობ, დღეს ბიუჯეტის თვალსაზრისით, დღევანდელ პირობებში მაქსიმუმია იმ ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რა ტემპებიც გვაქვს. ასევე, გასათვალისწინებელია ის პრობლემები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არის და ვხედავთ, რომ, გაუმჯობესების ნაცვლად, საგარეო ფაქტორები უარესდება. 2016 წელი იქნება მძიმე, რადგან საგარეო ფაქტორები უფრო გაუარესდება და ამის ნიშნები სახეზეა. ცუდია ერთი მომენტი, რომ ხელისუფლებას დასჭირდა საარჩევნო წლის ბიუჯეტი ოპოზიციის ზემოქმედებით შეეცვალა, რადგან მათ უფრო ადრე დააანონსეს საკუთარი ხელფასების, პრემიების, დანამატების ზრდა, ვიდრე პენსიების ზრდა. გამოვიდა ისე, რომ ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინებით გაზარდეს პენსიები, ვფიქრობ, ეს შეცდომა მათ არ უნდა მოსვლოდათ. ის, რომ ბიუჯეტში გაზრდილია ჯანდაცვის დაფინანსება, პედაგოგების ხელფასები, პენსიები, საერთო სურათს მაინც არ შეცვლის. ეს ცვლილებები ზეგავლენას ვერ მოახდენს სოციალურეკონომიკურ ფონზე. გაჭირვებული ისევ გაჭირვებული იქნება, ფასების ზრდის დინამიკა არ ჩერდება. ცალკეული ღონისძიებები, რასაც მთავრობა მიმართავს, ვერც ეკონომიკაში აუმჯობესებს მდგომარეობას და ვერც სოციალურ სფეროში. 20-ლარიანი პენსიის მომატება და პედაგოგებზე ხელფასების გაზრდა, ეს არის ნორმა და ამით არც რეკლამის გაკეთება არ შეიძლება, მით უფრო, რომპენსიონერებს 20-ლარიანი დანამატი შვებას ნამდვილად ვერ მისცემს ინფლაციის ფონზე.
- 2016 წელს ხელისუფლებისგან ხალხი გაცილებით მეტსელოდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ვითარების გამოსწორებას ცდილობს, ვერ აჩერებს ლარის ინფლაციას, არადა, ამომრჩეველი სააკაშვილის რეჟიმის დროს საარჩევნო წელს მაინც იღებდა მეტ-ნაკლებად სარგებელს, პროდუქტზე ფასების დაკლების, ვაუჩერების დარიგებით და სხვადასხვა პიარაქციების სახით. ეს ხელისუფლება ილუზორული გარემოს შექმნასაც კი ვერ ახერხებს, რომ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება…
- მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ასეთ ღონისძიებებს გეგმავს, ან შესაძლებელია ასეთი ღონისძიებების განხორციელება. ხელისუფლება გაცილებით მარტივად მოქმედებს, ის ჩვენი ხალხის მიამიტობაზე თვლის, რომ პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტის და პატივისცემის გამო, ხალხი მათ ხმას მისცემს, თუმცა ვერ ვხედავ, სად არის ეს ავტორიტარული ლიდერი. ამასთანავე, სიმართლე უნდა ითქვას, რომ მისდამი პატივისცემას ვერ ვხედავ სამწლიანი არაეფექტური მმართველობის შემდეგ. ამიტომ ხალხი არჩევანს გააკეთებს უარესსა და ცუდს შორის და ამ უარესის როლს შესანიშნავად ასრულებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას წარსული უბედურებებით თავს ახსენებს. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ეტყვის, – არ ვყაჩაღობთ, არ ვქურდობთ და ქუჩაში უდანაშაულო ადამიანებს არ ვკლავთ. ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ამ მხრივ, ეს მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით ანგელოზია. ეს დავის საგანი არ არის. არ შეიძლება ამ თაობისთვის არ იყოს საამაყო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ყაჩაღი, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, თანაც არჩევნებამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი.
რა მოხდება, არავინ იცის, მით უმეტეს ახალი მესიები გამოჩნდნენ, ორი მესია უკვე აშკარა სახეზე გვყავს, – ერთი საოპერო მომღერალი, მეორე, კიევის ყოფილი მერი, რომელიც შეიძლება ქვეყნის გადამრჩენლად წარმოაჩინონ დაინტერესებულმა ძალებმა პოლიტიკური პიარტექნოლოგიებით. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო, თუმცა არაფრისმომცემი ერთი წელია. არ ვფიქრობ, რომ ეს მესიები შეცვლიან პოლიტიკურ ძალთა განლაგებას. ვფიქრობ, 2016 წელი, ეს იქნება უკანასკნელი ილუზორული არჩევნები ხალხისთვის.
- კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საკუთარ კატასთან ერთად კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა, მაგრამ საქართველოში დაფრინდა. ეს ეპატაჟური, თაღლითობაში, კორუფციაში ეჭვმიტანილი პიროვნება, როგორ ფიქრობთ, ვისი პროექტია? შეძლებს კი ხმები მოპოვებას 500-ლარიანი პენსიების დაპირებით?
- ძალიან მძიმე ფონია, არანორმალური სიღატაკეა, შემოსავლები არ არის, არ არის გამორიცხული, რომ ხელჩაქნეულმა ადამიანებმა წუთიერი სარგებლის მიღების გამო, მას ხმა მისცენ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ცნობადი სახეები აღმოჩნდნენ მესიის ირგვლივ, ჩვეულებრივი ქართული სიტუაცია თამაშდება ახალი მხსნელის მოლოდინში, რომელიც თითქოსდა რაიმეს გააკეთებს.
ამ დროს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ „მხსნელები“ პოლიტიკაში ძალიან სუსტები არიან, ყველაფერი მთავრდება ძალიან პრიმიტიული ამბიციებით, უაზრო გადაწყვეტილებით და საბოლოოდ, დიდი უშედეგობით. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კიევის ყოფილმა მერმა გაზარდოს 500 ლარამდე პენსიები, შეიძლება მას ჯადოსნური ჯოხი აქვს, იმისთვის, რომ პენსია 500 ლარამდე გაზარდო, საჭიროა მძლავრი მოდერნიზაცია ეკონომიკის და ქვეყნის ეკონომიკა სულ სხვა რელსებზე უნდა გადაიყვანო, მაგრამ ტოტალური უმუშევრობის პირობებში 16-მილიარდიანი ეკონომიკის ფარგლებში, ასეთი დატვირთვები, უბრალოდ, შეუძლებელია 2016-2017 წელს. მაგრამ თუ სწორად იმუშავებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამის შანსი არის.
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ
შესაძლოა, საქართველომ ეკონომიკურად იხეიროს, რამდენიმე აზერბაიჯანელ ბიზნესმენს აქვს სურვილი, რომ თურქეთიდან საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი ბიზნესები. რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?
- ორი ქვეყნის დაპირისპირება მესამე მეზობლისთვის არ შეიძლება იყოს კარგი, ეს დაპირისპირება არ დასრულდება 2016 წელს, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და რთული დაპირისპირება,რომელიც არ მგონია, რომ თურქეთის სასარგებლოდ დასრულდეს, ამას უკვე დასავლეთშიც მიხვდნენ და სერიოზული უსიამოვნებები შეახვედრეს თურქეთის ხელმძღვანელობას. ასე რომ, ცხადია, ამ გართულებულ სიტუაციაში აზერბაიჯანელები, რომელთაც აქვთ ბიზნესი თურქეთში, მოსალოდნელი გართულებების გამო, უფრო კარგ ნავსაყუდელს ეძებდნენ, ცხადია, თუნდაც მცირე რაოდენობით ინვესტიციების შემოსვლა ქვეყნისთვის კარგია, მაგრამ ამის იმედად, რომ ის შეცვლის საქართველოს ეკონომიკაში ფუნდამენტურად არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა სწორი არ იქნება, ფუნდამენტურად ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში შეიცვლება მაშინ, როცა ხელისუფლება ორიენტირს გააკეთებს ეკონომიკურ განვითარებაზე.
- ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს დაშორდა, მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში 139 ქარხანა ამუშავდა, ხალხი დასაქმდა, დიდი მიღწევაა ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ზონის ამუშავება, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ ადამიანები კარგავენ ქონებას ლარის ინფლაციის გამო, ტოტალური შიმშილია ქვეყანაში და სოციალური აგონიიდან ხალხი ვერ გამოდის…
- ხელისუფლება იმაზე მეტს ბაქიბუქობს, ვიდრე აკეთებს, ჩინეთიდან საქართველოზე ტვირთების გავლა, რა თქმა უნდა, კარგია და რაღაც სარგებელს მივიღებთ, მაგრამ, როცა 16-მილიარდიანი ეკონომიკა გაქვს, განადგურების პირასაა მისული მცირე და საშუალო ბიზნესი, როცა არაფერი მაღალტექნოლოგიური ქვეყანაში არ იქმნება, ეს არის წმინდა ნაცარქექიობა. ნახეთ, რა ხდება? არათანაზომადი ქვეყნები მოდიან შეხებაში, რაც არ უნდა ეცადო, გახვიდე ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე, შეიძლება გაიტანო უმნიშვნელო პროდუქტი, ისიც მცირე რაოდენობით, ეს იქნება სტიმული არა ხალხისთვის, არამედ ქართველი ბიზნესმენებისთვის. ხალხისთვის კი სტიმულს აჩენს ქვეყნის საშინაო პოლიტიკა და არა ჩინეთის ბაზარზე გასვლა. რამე გვქონდეს გასაყიდი და ჩინეთთან გზის მოძებნა რა პრობლემაა, კონკურენტუნარიანი ბიზნესმენები თავისუფლად გავლენ უცხოეთის ბაზრებზე და ისედაც შეძლებენ ოპერირებას. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მთავარი აქცენტები, თუ რას გააკეთებს ქვეყანაში. იმისთვის, რომ გაჩნდნენ კონკურენტული ბიზნესმენები, ხელისუფლება საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას აკეთებს, შედეგი სახეზეა.
პირდაპირ გეუბნებით, 2016 წელი უფრო ცუდი და მძიმე იქნება, ვიდრე 2015 წელი, ამ ქვეყნიდან წამსვლელი არა ვარ და თუ არასწორ პროგნოზს ვაკეთებ, მომთხოვეთ პასუხი.
- 2016 წელი რომ უფრო ცუდი იქნება, ამის ნიშნები სახეზეა. უფრო კონკრეტულად აგვიხსენით, რას ვარაუდობთ?
- შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ლარის კურსის პრობლემა მოხსნილი არ არის, რადგან არც საშინაო და არც საგარეო ფაქტორები არ მოხსნილა, პირიქით, საგარეო ფაქტორი უფრო მეტად გაუარესდება, ამიტომ ამის იმედი საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს, საშინაო პოლიტიკამ უნდა ჩაანაცვლოს გართულებული საგარეო პრობლემები, ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, ჩვენი რესურსები უმოქმედოა, თურქულ ბაზარზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, ამასაც ვერ ვახერხებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო ნეგატიურ გასროლებს აკეთებს, რომ გაზაფხულზე მოხდება ლარის უფრო მეტად გაუფასურება.
ჯერ ერთი, რა საჭიროა ამაზე აქცენტირება, როცა შენ ხელშია ბერკეტები და უნდა იზრუნო მთავრობასთან ერთად, რომ ეს არ მოხდეს და ვერ გააკეთე, ამის ნაცვლად ყველაზე იოლი გზა იქნა მოძებნილი ასეთ სიტუაციაში, როცა მთავრობის უმთავრესი ინსტიტუტი გამოდის დესტრუქციულ როლში. 2016 წლისთვის რა უნდა იყოს სახეირო, სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის.
- ამ ფონზე მოსალოდნელია სოციალური ბუნტი?
- არ არის მოსალოდნელი, ჯერჯერობით ამის არანაირი ნიშანი არ არის, უბრალოდ, ქართველების უცნაური ბუნებიდან გამომდინარე. ქართველს არ აწუხებს მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, ქართველს აწუხებს ბელადის უქონლობა, ახლა არის ახალი ბელადის ძიება, ამიტომ ვამბობ, რომ 2016 წელს არაფერი შეიცვლება. მე ველი, როცა უკანასკნელი ილუზიებიც გაქრება, ვითარება უკეთესობისკენ წავა. მაგრამ უახლოესი მომავლისთვის არაფერს კარგს არ უნდა ველოდეთ. თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნება და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ყველაფერი არის ნაცარქექიური განცხადება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, ევროპასთან ასო ცირების ხელშეკრულება, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე ჩვენი ხეირი და რაღაც ზღაპრები… ეს არის უაზრო მოლოდინები… ასე, საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობდეს ხელისუფლება, ჯერ არ მინახავს. ბიძინა ივანიშვილს და მის ჯგუფს ხალხმა უმაღლესი ლეგიტიმაცია მისცა, ამის ნაცვლად როგორც მიხედეს საქმეს, კი ვხედავთ. ბიძინა ივანიშვილიც რომ ჩაუდგეს სათავეში სიას პირველ ნომრად „ქართულ ოცნებას“, მაინც ცოტა ხმას მიიღებენ. ისინი ნამდვილად მოუგებენ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ეს არ იქნება ის დამოკიდებულება, რომელიც ხალხს „ოცნების“ მიმართ ჰქონდა 2012 წელს. პოლიტიკურმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ „კუმირები“ ქრებიან და მათ მიმართ იმედგაცრუება ემუქრება ხალხს.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ტყუილად ჰგონია, რომ მათ მიმართ არის ჭარბი ნდობა. პოლიტიკა არ არის ბიძინა ივანიშვილის სფერო, ის აბსოლუტურად ვერ ერკვევა ადამიანებში, თუ ვისთან ერთად შეიძლება გააკეთო პოლიტიკა, ამიტომ თუ მობრუნდება ღიად პოლიტიკაში, ის უარესად წააგებს.
„ქართული ოცნება“ – ეს არის საკმაოდ უპერსპექტივო პოლიტიკური გუნდი, რომელსაც არ აქვს განახლების უნარი, 2016 წელს ის სხვებთან ერთად შეინარჩუნებს პოზიციას, მაგრამ ადამიანები დაელოდებიან ისევ და ისევ უშედეგობას, რადგან ამ პოლიტიკურ ჯგუფში არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, გარღვევა გააკეთონ და სახელმწიფო დონეზე რეფორმები გაატარონ და წარმატებებს მიაღწიონ. არც იმას ველოდები, რომ ხელისუფლებაში არჩევნებამდე ცვლილებები მოხდება, ხშირი ცვლილებები შეუძლია ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც აქვს ძლიერი რესურსები, ჩვენ ვხედავთ, მთავრობა არის სტაბილური, რადგან არა აქვთ ძლიერი საკადრო რესურსი.
გაუგებარი სახეები მოჰყავთ სამინისტროებში, მათი პოლიტიკა არ იცვლება, რეფორმებს არ ახორციელებენ, არიან თვითკმაყოფილებაში და საარჩევნო პერიოდში რაიმე სერიოზულ რყევებს არ უნდა ველოდოთ.
- თებერვალში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქადაგიძეს უფლებამოსილება ეწურება, ეს ადამიანი ეჭვმიტანილია საბოტაჟში და ის წარმოადგენს „ნაციონალების“ ხმას. თქვენი აზრით, „ქართული ოცნების“ პროტეჟე ამ პოსტზე შეძლებს ვალუტის გამყარებას?
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის საკითხს წყვეტს საბჭო და მისი შემადგენლობა ცნობილია, არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება შესაძლებლობა, ამ საბჭოში თავის კანდიდატურა წარადგინოს, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ვისზეა საუბარი და რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის გამყარებას, ეს მის ცოდნასა და კომპეტენციაზე იქნება დამოკიდებული. გულწრფელად გეტყვით, რომ არც ეროვნული ბანკისგან ველი კარგს არაფერს 2016 წელს.
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „ნაციონალები“ მალე ერთმანეთს დაჭამენ“
შორენა მარსაგიშვილი
არის თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების დასათმობად მზად, რატომ არ უნდა უკვირდეს ყოფილ ხელისუფლებას მისთვის ნასროლი კვერცხები, რა პროცესები შეინიშნება პარლამენტის კულუარებში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრება.
- 11 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ნაცმოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მოგიწოდათ, რომ უკვე ახლავე უნდა შეეგუოთ არჩევნების წაგებას. რის საფუძველზე გააკეთა თქვენმა კოლეგამ ეს განცხადება?
- რის საფუძველზე ამბობს და, ეტყობა, რაღაც ტკბილი სიზმარი აქვს ნანახი. უნდა გავაწბილო ეს ახალგაზრდა და ვუთხრა, რომ ვერ ეღირსებიან სანუკვარი ოცნების ასრულებას. ამაში მათ საკუთარი წარსული შეუშლის ხელს. ის ავბედითი 9 წელი ყველას ძალიან მწარედ ახსოვს საქართველოში. ხშირად გვსაყვედურობენ, არ უნდა დაანებოთ ამ 9 წელზე საუბარს თავიო. სხვებისა არ ვიცი და მე არ ვაპირებ ამის დავიწყებას. როგორც ისტორიკოსი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პერიოდი ხშირად გავიხსენო, რათა ასეთი რეჟიმი აღარასოდეს დაბრუნდეს. შეიძლება ჩვენ არჩევნები წავაგოთ, მაგრამ სერგო, აკო, მაკო კაკო, ჩიორა-ბეღურები მაინც ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ რომ გვიკიჟინებენ, შეეგუეთ წაგებასო, თავად არჩევნებამდე მიაღწევენ? ჩვენთვის რჩევების მიცემას, ამაზე ურჩევნიათ, იფიქრონ.
- არჩევნებამდე რატომ ვერ მიაღწევენ?
- იშლებიან და მაგიტომ. გირჩა ცალკე გამოვიდა. ცოტა ხანში სხვებიც წამოვლენ. არჩევნებამდე საკმარისი დროა და ამ პერიოდში, შესაძლოა, ერთმანეთი დაჭამონ. ამას ისე არ გეუბნებით, ამის ნიშნები აშკარაა.
- მხედველობაში ბოლო დროს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები გაქვთ?
- მე იმის მიხედვით ვმსჯელობ, რასაც საკუთარი თვალით ვუყურებ. ვაკვირდები ამ ნაციონალებს და ძალიან დაძაბულები არიან. ჯერ საქმე იქამდე არ მისულა, რომ ერთმანეთს დასცხონ. დასცხონ და დაჭამონ ერთმანეთი, მაგათთვის არ გვცალია. ძალიან თუ გაახურებენ, ერთ-ორს ჩვენც მოვდებთ კეფაში.
- თქვენი ოპონენტებიც მაგაზე ჩივიან, რომ სულ ჩხუბზე იწევთ. გასულ კვირას პატარა ჩხუბი იყო პარლამენტში, მისი კომენტირებისას მიშა მაჭავარიანმა თქვა, `ქართულ ოცნებას~ როცა არგუმენტები შემოელევა, მუშტებზე გადადიანო...
- მაგათ წინააღმდეგ არგუმენტები როგორ უნდა შემოგველიოს. უბრალოდ, ისე ცუდად აქვთ შუბლზე ძარღვი გაწყვეტილი, რომ მოთმინებას გვაკარგვინებენ. ერთხელაც აიჭრები კაცი და მოსდებ კეფაში. გამომივიდნენ ხალხზე გულშემატკივრები,. თურმე მოსახლეობაზე დარდით აღარ არიან კაკო ბობოხიძე და ჩიორა, ჰგონიათ, ხალხი ვერ ხვდება, რომ ნიანგის ცრემლებს ღვრიან.
- 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ნაციონალებმა განაცხადეს, ანტიხალხური ბიუჯეტია და მთავრობის კეთილდღეობას ემსახურებაო...
- აი, კიდევ ერთი დასტური, რომ შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ეს მათ ჰქონდათ საკუთარ ჯიბეზე მორგებული ბიუჯეტი. სულთან მიხეილი თავისი ჰარამხანით ბიუჯეტის ფულზე არ დადიოდა აქეთ-იქით? ბიუჯეტის ხარჯზე არ მოაწყვეს ორგია ლისაბონში? ორგიასაც გააჩნია, ამათ იმნაირი სასწაული ქნეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტიც კი გადარიეს. არადა, ფრანგს არც ორგია უკვირს და არც – სექსის სხვადასხვა სახეობა. ამათ მთლად საშინელება მოაწყვეს, რადგან გულგახეთქილმა სარკოზიმ პოლიცია გამოიძახა. ამათგან განსხვავებით, ჩვენ ბიუჯეტი სწორედ ხალხს მოვარგეთ. ჩვენ გადავარჩინეთ ადამიანის ჯანმრთელობა. იმ საყოველთაო დაზღვევასაც აქვს ხარვეზები და მაგასაც გამოვასწორებთ, მათთვის კი ადამიანი არაფერს წარმოადგენდა.
- ხალხზე ვზრუნავთო და მილიონობით ლარი პრემიებსა და დანამატებზე რომ არის გათვალისწინებული, ამაზე რას იტყვით?
- ადრეც გითხარით, სადაა ეს პრემია? მე არ ვიცი პარლამენტში ადამიანი, რომელსაც პრემია ჰქონდეს აღებული. ჩვენ არ ვიღებთ პრემიებს. ეს თემა ნაციონალებმა ააგორეს, იმ დღეს ერთი ქალი დამხვდა პარლამენტთან და მომაყვირა, ხომ კარგად იღებთ პრემიებსო. „ნაციონალებმა“ პრემიების თემაზე ისეთი შავი პიარი ააგორეს, რომ ხალხს პრემია საშინელება ჰგონია. არადა, უნდა იყოს პრემია, ოღონდ იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვინც რაღაცით გამოიჩინა თავი. პრემიების მახინჯი სისტემა მაგათ მოიგონეს და აქეთ გვაბრალებენ. ეგენი მეძავი ქალივით არიან, იმ საქმეზე რომ მიასწრებ და იქით დაგაბრალებს, შენ იყავიო.
- ნოდარ ხადურის მუშაობით ერთ დროს უმრავლესობაც უკმაყოფილო იყო. 11 დეკემბერს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მისი გადადგომა მოითხოვა. ხომ არ შეუერთდება რომელიმე მეოცნებე მის მოთხოვნას?
- ნოდარ ხადურთან პრეტენზიები არ გვქონია, უბრალოდ, გვინდოდა, კიდევ უფრო უკეთესად ემუშავა. ეკა ხერხეულიძეს როგორ შეიძლება, ვინმე აჰყვეს. ეს ქალი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და ჩვენს დათო ლორთქიფანიძეს ყეყეჩი უწოდა. ვეღარ მოვითმინე და ცუდი რაღაც ვთქვი ამ ქალზე, რასაც აღარ გავიმეორებ. ძალიან მიკვირს, ეს ქალი, ნუგზარ წიკლაური და კაკო ბობოხიძე როგორ არიან ნაციონალურ მოძრაობაში. წლების წინ ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში ვიყავით. ჩემთვის ზვიად გამსახურდია ყველაზე ეროვნული კაცია. მის გვერდით რომ იდგნენ ეს დალოცვილები, რანაირად აღმოჩნდნენ „ნაცმოძრაობაში“, ვერ გავიგე. არ მესმის, როგორ შეიძლება, ადამიანი ეროვნულობიდან ანტიეროვნულობაში გადავარდეს. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ან მაშინ თვალთმაქცობდნენ, ან ახლა თვალთმაქცობენ.
- დათო ლორთქიფანიძეს თავს სხვა ნაციონალებიც ესხმიან. „ქართული ოცნება“ მის დასაცავად რატომღაც არ ირჯება და ესაა თქვენი გუნდურობა?
- სხვაზე ვერაფერს გეტყვით, პირადად მე სულ გავყვირივარ და იმ ქალზეც კი ვთქვი ისეთი რაღაც, რისი გამეორებაც გამიჭირდება. საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველა ამოვიღებთ ხმას. ახლა ამის საჭიროება, ალბათ, არ არის.
- დათო ლორთქიფანიძისთვის კოსტიუმის შემოხევის ფაქტზე 3 ახალგაზრდაა დაპატიმრებული. გასაგებია, რომ დეპუტატზე თავდასხმა ისჯება, მაგრამ რატომ არ დაიჭირეს ის პიროვნება, რომელმაც ოქტომბერში დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს სახეში გაარტყა? ის კაცი ამტკიცებს, ლორთქიფანიძეზე მეტად მე დავზარალდიო...
- მე არ ვიცი, დათოზე მეტად დაზარალდა თუ არა ღვინიაშვილი, მაგრამ იმაში კი ვეთანხმები, რომ მისი საქმეც სათანადოდ უნდა ყოფილიყო გამოძიებული. იმ 3 ბიჭის დაკავებას, რომელიც დათოს დაესხა თავს, მე პროვოკაციად მივიჩნევ. დაკავებით უნდა დაეკავებინათ, მაგრამ სასამართლოს ხელწერილით უნდა გამოეშვა, ანდა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა. მათი წინასწარ პატიმრობაში აყვანა პროვოკაციაა.
- გინდათ თქვათ, რომ სასამართლომ გაგიჩალიჩათ ეს პროვოკაცია?
- არ ვიცი, ვინ გააჩალიჩა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ წინასწარი პატიმრობა საჭირო არ იყო. ამით ნაციონალებს სალაპარაკო მივეცით. ახლა ნაციონალები ცდილობენ, დათო „უჟასად“ გამოიყვანონ, მაგრამ არაა ასე საქმე. რამდენიმე დღის წინ მან მოაწერა იმ პეტიციას ხელი, რომლითაც იმ ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ.
- ამ მიმართვას „ქართული ოცნების“ დანარჩენმა წევრებმაც მოაწერეს ხელი?
- მოუწერეს. მგონი, მე დავრჩი მარტო, ვისაც ხელი არ მოუწერია.
- თქვენ რატომ არ მოუწერეთ ხელი, თავად არ თქვით, წინასწარ პატიმრობაში დატოვება არ შეიძლებოდაო?
- ეგენი ჩემთან მოსვლას ვერ ბედავენ და არც მიმართვა მოუტანიათ, თორემ სიხარულით მოვუწერდი ხელს. გამოვარდა იმ დღეს გია ბარამიძე და თავისებური შედარებები დაიწყო. ერთმანეთს ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი და დათო ლორთქიფანიძის კოსტიუმი შეადარა, განაცხადა, თუ ჩიორას ცხვირი არ გედარდებოდათ (ამ ქალს 2013 წლის თებერვალში აქციის მონაწილეებმა ხელი გაარტყეს და ცხვირიდან სისხლი წასკდა), ლორთქიფანიძის კოსტიუმი რატომ გადარდებთო. რადგან შედარებაზე წავიდა საქმე, მაშინ შევადაროთ ჩიორას ცხვირი და ვალერი გელაშვილის, ანდა კობა დავითაშვილის სხეული. ორივე მათგანი სასიკვდილოდ გამეტეს. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გირგვლიანი აწამეს და მოკლეს. მისი ნაწამები სხეულის ფოტოები არსებობს და ეს დაჩეხილი სხეული შეადარონ ჩიორას ცხვირს.
- გია ბარამიძეს მარტო ეს შედარებები არ გაუკეთებია. ის «ქართულ ოცნებას“ სისხლისღვრის დაწყების მცდელობას სდებენ ბრალად. ეს ბრალდება მან რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტის გამო წამოგიყენათ, როდესაც ნაცმოძრაობის ოფისი იარაღით დაცხრილეს. ამ ინციდენტზე რას იტყვით?
- დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული. ეს ფაქტი ყველამ უნდა დაგმოს. არ შეიძლება თუნდაც ყველაზე მიუღებელი პარტიის ოფისისთვის ტყვიის სროლა. ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა. იმედია, გამოძიება მალე დაადგენს სიმართლეს.
- ამ ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე ნაციონალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აუწიოკეს ოფისები, ზოგან საღებავები შეასხეს, ზოგან კვერცხები ესროლეს. ყოფილი ხელისუფლების მტკიცებით, ამ ქმედებების უკანაც „ქართული ოცნება“ დგას...
- კვერცხების სროლა უკვირთ ამ უსირცხვილოებს? ან რანაირად ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ დგას ამის უკან. ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ყველაფერზე პასუხი თავიანთ წარსულში ეძიონ. ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, საშინლად აწამებდნენ, ციხეში მამაკაცებს აუპატიურებდნენ და ახლა უკვირთ, ვიღაც გამწარებულმა მოქალაქემ კვერცხი რომ ესროლა. ისე, მართლა გასაკვირია, ქვებს რომ არ ესვრიან. ხელოვნებათმცოდნე ვასილ კიკნაძემ ცოტა ხნის წინ ჩვენზე თქვა, ძლივს მოვესწარი, როცა ხელისუფლება უფრო ჰუმანურია, ვიდრე საზოგადოებაო. ამ სისხლისმსმელებს უკვირთ ჩვენი ჰუმანურობა და სისხლის წყურვილი კლავთ.
- გამოდის, რომ რასაც ხალხი ხელისუფლებას უუნარობად უთვლის, ჰუმანურობაა. ასეა ვითომ სინამდვილეში?
- რას ჰქვია უუნარობა? ქვეყანაში უამრავი პროექტი განვახორციელეთ. ერთადერთი, რაშიც შეიძლება, უუნარობა დაგვაბრალონ, ისაა, რომ ნაციონალები ბოლომდე არ ამოვძირკვეთ. არ იყო ეს მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, თორემ ამოვძირკვავდით. ჩვენ ამ საქმეში ისე გვაქვს ხელ-ფეხი შეკრული, ქართველ მოცურავეს რომ ჰქონდა, დარდანელი როცა გადაცურა.
- იმან ხომ მოახერხა გადაცურვა...
- ჩვენც ვახერხებთ რაღაცებს. მეტი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ უფლებას არ გვაძლევენ.
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ქვრივიშვილთან: „ჩვენი არჩევანი დასავლური ღირებულებებია“
ცოტა ხნის ქართულ პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა. უკრაინელი მილიარდერმა, კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ თავისი ბიზნესი სამართავად შვილს გადასცა და მზად არის პოლიტიკაში მოსასვლელად. მან დააარსა პოლიტიკური პარტია `ბედნიერი საქართველოსთვის~, დაპირებები უხვად ჩამოთვალა და ხმამაღლა, მოურიდებლად განაცხადა, რომ მზად არის დეპუტატობისთვის. ამან, ბუნებრივია, საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია და სოციალურ ქსელში კომენტარებმაც არ დააყოვნა, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს წერდა, ესღა გვაკლდაო.
საით არის მისი პოლიტიკური მზერა ან ვინ იქნებიან ლეონიდ ჩერნოვეცკის გუნდში? ამის შესახებ „ახალი თაობა“ მისი ფონდის პრეზიდენტთან და აწ უკვე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთ გიორგი ქვრივიშვილთან გთავაზობთ ინტერვიუს.
- ბატონო გიორგი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოულოდნელად გამოჩნდით და თან უცნაური სახელით. რატომ დაარქვით პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის»?
- არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პარტიის სახელწოდება უცნაურია. ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ მიისწრაფვის. ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსისთვის კი ბედნიერება ისაა, რომ შენს მოქალაქეებს შენი სწორი მართვის პირობებში არ შიათ, არ სცივათ, ქუჩაში არ მათხოვრობენ ბავშვები და დადიან სკოლაში, მოხუცები არიან მზრუნველობის ქვეშ, აქვთ წამლის ფული და არ აქვთ უამრავი სოციალური პრობლემა, რომლებიც დღეს ჩვენს ყოველ მეორე მოქალაქეს აწუხებს. ზუსტად ის არის ბედნიერება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ეს ელემენტარული პრობლემები მაინც მოგვარებული იქნება. ამავე დროს, ბედნიერი საქართველო არის გამართული, მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სადაც ჩამოვლენ ინვესტორები და წამოიწყებენ ბიზნესს, სადაც ამისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.
- ყველა ამომრჩეველი ხომ ვერ იქნება ბედნიერი?
- ბუნებრივია, ჩვენ ამის ილუზია არ გვაქვს, მაგრამ, უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მინიმალური პრობლემები, თუმცა გეთანხმებით, ამ განახლებულ საქართველოში არ იქნებიან ბედნიერები ფარმაცევტული ბიზნესის მონოპოლისტები, რომლებიც პენსიონერების ხარჯზე გამდიდრდნენ, არ იქნებიან ბედნიერები კაზინოების მეპატრონეები, ვინც კიდევ უფრო ღატაკი მოსახლეობა არნახულ ვალებში ჩააგდეს, არ იქნებიან ბედნიერები ონლაინ კრედიტების კომპანიების მფლობელები, ვისაც მარწუხებში მოვაქცევთ და არ მივცემთ საშუალებას, მოსახლეობას სესხი 200 და 300 პროცენტად მისცენ და ამით დაუმთავრებელ საკრედიტო პრობლემებში შეიტყუონ. აი, ეს ხალხი ნამდვილად ვერ იქნება ჩვენს საქართველოში ბედნიერი.
- ვინ ურჩია თქვენს ლიდერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის, რომ საქართველოში ეყარა კენჭი?
- იდეა თავად ბატონ ლეონიდს ეკუთვნის და, გამომდინარე მისი პერსონიდან, ეს სხვანაირადაც ვერ იქნებოდა, რადგან თავს თვლის საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ. ჰქონდა ბინადრობის უფლება, შემდეგ მიიღო მუდმივი ბინადრობა, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეა და, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური ელიტის უდიდეს ნაწილზე მეტად იცის საქართველოს პრობლემები.
- საქართველოს ამომრჩეველი საკმაოდ პოლიტიზებულია, ამიტომ მისთვის უცნაურია, რომ კიევის ყოფილი მერი, რომელმაც ქართული არ იცის, უცბად მათ პრობლემებზე ალაპარაკდეს და თან უნდა დააჯეროს, რომ მათ მოაგვარებს...
- მთავარია, რომ ამომრჩეველი დაარწმუნო, სწორად აუხსნა, რის გაკეთებას აპირებ. მთავარი გულწრფელობაა, რომელსაც აუცილებლად დაგიფასებს ამომრჩეველი. ჩვენ ამომრჩეველს არასდროს მოვატყუებთ, სხვა შემთხვევაში არ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას.
- საქართველოს ჰყავდა მილიარდერი მმართველი, რომელმაც უხვად გასცა დაპირებები და არავინ შეიტანა მის გულწრფელობაში ეჭვი, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. 220 ლარამდე გაზრდის ნაცვლად პენსია მხოლოდ 30 ლარით გაიზარდა. თქვენ უცბად განაცხადეთ, რომ პენსიას 400-500 ლარამდე გაზრდით, თან არ იცნობთ საქართველოს ბიუჯეტს. რატომ დაგიჯერებთ ამომრჩეველი?
- ბიძინა ივანიშვილზე მე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით, მან საქართველოს ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა, 2012 წლის ხელისუფლების ცვლილება იყო აუცილებელი მოვლენა ჩვენს უახლეს ისტორიაში, რასაც ყველა ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანი უნდა ეთანხმებოდეს, თუმცა ახლა საჭიროა პროგრესი და განვითარება. რეალობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ მას და მის გუნდს უფრო მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მოუწიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა. მათ კარგად იციან, რა არის წინასაარჩევნო პერიოდში უსაფუძვლო ბრალდებები და უაზროდ შექმნილი წინააღმდეგობები. ვფიქრობ, ეს იქნება გარანტი, რომ 2016 წლის არჩევნებში ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება, თავისი სათქმელი მიიტანოს ამომრჩევლამდე და ვისურვებდი და მაქვს იმედი, რომ მომავალი არჩევნები ჩაივლის დარღვევების და ოპოზიციის მიმართ აგრესიის გარეშე.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შემიძლია ამ ეტაპზე მარტივად გიპასუხოთ _ თუ სწორად გადანაწილდება ბიუჯეტი, პოლიტიკური ნება და სწორი ორიენტირი თუ იქნება, პენსიების გაზრდა სავსებით შესაძლებელია. შევხედოთ, რამდენი არაფრის მაქნისი ხარჯი აქვს ბიუჯეტს. დეპუტატების პენსიები, უამრავი ფონდი, რომლებიც კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ არსებული ბიუჯეტის სახსრების სწორი ხარჯვა. რაც მთავარია, უნდა დავიწყოთ ეკონომიკის სტიმულირება, სწორი კანონების მიღება, რომ დასაქმდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ ჩვენ გავხდეთ საინტერესო და უსაფრთხო ქვეყანა ინვესტიციებისთვის, რომ მოხდეს ინვესტიციების მოდინება, რაც გამოიწვევს სამუშო ადგილების შექმნას, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.
როგორც კი ჩვენი ეკონომიკა წამოიწევა, ჩვენ უკვე საინტერესო გავხდებით აფხაზებისა და ოსებისთვის და მათ ჩვენთან ერთად ცხოვრების მეტი სტიმული მიეცემათ. ანუ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია. დაპირებები რეალურია მთავარია სწორი მართვა, სწორი კანონების მიღება, რომ დავეხმაროთ ბიზნესს და შემდეგ _ მიღებული შემოსავლების სწორად ხარჯვა.
- ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კარგად იცის ამომრჩევლის მოსყიდვის ტექნოლოგიები. ვინ იქნება თქვენი ამომრჩეველი? ერთი შეხედვით, თქვენი დაპირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადაბირებას ცდილობთ...
- ვფიქრობ, სიტყვა მოსყიდვა ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის არის შეურაცხმყოფელი და ვინც ამას ამბობს, ის შეურაცხყოფას აყენებს როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ ამომრჩეველს. მათ მოსასყიდი არაფერი სჭირთ, ხალხი შიმშილობს და მათ შველა სჭირდება, არა ოდესღაც უახლოეს მომავალში, არამედ დაუყოვნებლივ და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ გვეყოლება ყველა ტიპის ამომრჩეველი – ის, ვისაც უნდა, რომ ბიზნესი წამოიწყოს და განავითაროს, ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პატრიოტული დეტალები, ის, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ადამიანურ პირობებში და არ ჰქონდეს ყოველდღიური საკვების და სხვა ელემენტარული ცხოვრების პირობების პრობლემა. ჩვენი პროგრამა მარტო ერთი კონკრეტული სეგმენტისთვის არ იქნება საინტერესო.
- საარჩევნოდ იქნება ბრალდებები, ხართ ამისთვის მზად? სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა კომენტარები, რომ ეს ვიღაა, ან ესღა აკლდა საქართველოს და ა.შ.…
- სიტყვის თავისუფლების ფასი ვიცით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამაში ალბათ უნდა დამერწმუნოთ _ ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პარლამენტში ფულის საკეთებლად არ მოვა, მას ეს არაფერში სჭირდება, ის მოუტანს პროგრესსა და განვითარებას ქვეყანას. სხვა განზრახვა მას არ აქვს და ამაში დამერწმუნეთ.
- ვინ იქნებიან თქვენს სიაში?
- პარტიის პრეზენტაციამდე თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, რადგან ფორმირება მიმდინარეობს. არის რამდენიმე საინტერესო ფიგურა, ვისთანაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ურთიერთობას. მალე გვექნება პარტიის პრეზენტაცია, ჩვენს სიაში ვერ მოხვდებიან მწამებლები და პოლიტიკური ტურისტები, რომლებიც ხელისუფლების ცვლასთან ერთად იცვლიან პარტიებს, ასევე ვერ მოხვდება ის ხალხი, ვინც პენსიონერების წამლების გაძვირების ხარჯზე გამდიდრდა და შექმნა უდიდესი ფინანსური იმპერიები, ეს არის ბოროტების და არაადამიანობის კომპანიები, რომლებიც 200 და 300-პროცენტიან მოგებაზე მუშაობდნენ და ზოგი ახლაც მუშაობს. მათი ადგილს მე არა მარტო პარტიაში, საქართველოშიც კი ვერ ვხედავ.
- ყველა მაჟორიტარულ ოლქში გეყოლებათ კანდიდატი?
- თბილისის ყველა ოლქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. შევეცდებით, რომ საქართველოს ყველა ოლქში გვყავდეს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, რომ ყველა ოლქში გვყავდეს, მთავარია, რომ გვყავდეს სწორი ადამიანები ამ პოზიციებზე, ვისაც ხალხის ნდობა აქვს ან მოიპოვებს და არჩევის შემდეგ ამ ნდობას არ გაანიავებს, დაიწყებს დაპირებების ასრულებას. აი, ეს არის მთავარი – ხარისხი და არა რაოდენობა.
- რა ნიშნით არჩევთ პარტიის წევრებს?
- მთავარი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმია. თუ ადამიანს არ უყვარს და არ სტკივა ქვეყანა, ის მას კარგს ვერაფერს გაუკეთებს.
- პატრიოტიზმი გრძნობაა, რომელიც არ იწონება, არ იზომება და ამ მხრივ როგორ არჩევთ პატრიოტებს?
- პატრიოტიზმი არის ქვეყნის ადეკვატური სიყვარული, რომელიც გაძლევს იმის მოტივაციას, რომ შენი ქვეყნისთვის რამე შექმნა და მას უკეთესი გაუკეთო. აი, ასე ვხედავ მე პატრიოტიზმს.
- რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებთ თანამშრომლობას?
- ვითანამშრომლებთ მათთან, ვისთვისაც მისაღებია დასავლური, ცივილური ღირებულებები და არა – ერთმმართველური, მონური შეხედულებები. საქართველო სამხრეთის ქვეყანაა, მაგრამ ევროპული ორიენტირით. ბანალურია, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი წინსვლის გასაღები დასავლეთშია.
- უცნაური დამთხვევაა, როცა ჩვენი მთავრობის ყოფილი წევრები, პრეზიდენტი უკრაინაში გადაბარგდნენ და უკრაინის პოლიტიკოსი საქართველოში ცდილობს პოლიტიკური კარიერის შექმნას...
- საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრები უფრო ადრე ჩავიდნენ უკრაინაში. თუ ამომრჩეველი ნდობას გამოგვიცხადებს, ბატონი ლეონიდ ჩერნოვეცკი დაამტკიცებს, რომ მისი მუშაობის შედარება უკრაინაში გადასულ ნაციონალებთან უხერხულია, მით უმეტეს, რომ აქ მოსახლეობა გადაწყვეტს, უნდა თუ არა ჩერნოვეცკის გუნდი მმართველობაში, რაც უკრაინის შემთხვევაში არჩევნების გზით არ მომხდარა.
- საქართველოს ერთი დიდი პრობლემაც აქვს - დარღვეულია მისი ტერიტორიული მთლიანობა. თქვენი ლიდერი არაქართველია, მისი წარმომავლობა რუსეთთან უფრო ახლოს არის, ვიდრე საქართველოსთან. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- საქართველო არის ოკუპირებული, ეს ფაქტია და ფაქტია, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ვერც ერთი წარსული, არსებული და მომავალი მთავრობის მუშაობა ვერ ჩაითვლება წარმატებულად, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ეკონომიკური პროგრესი, რომ გავზარდოთ პენსიები და ხელფასები, რომ მათთვის გავხდეთ მიმზიდველები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. მაშინ მათთვის ჩვენ უკვე გავხდებით საინტერესო. მხოლოდ ასე ვხედავთ ტერიტორიების დაბრუნების გზებს, თუმცა პარალელურად უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი. ეს ქვეყნის სიმტკიცის სიმბოლოა. ლეონიდ ჩერნოვეცკი თავს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ თვლის და შეურაცხყოფად იღებს, თუ ვინმე ამ საკითხს ეჭვის თვალით შეხედავს. გადაწყვეტილი აქვს, რომ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში იცხოვროს ოჯახთან ერთად.
- თქვენი პროექტებია ბავშვთა სახლები, პანსიონები, მოხუცების მოვლის პროგრამა.
- არ მინდა დავაკავშირო ქველმოქმედება და პოლიტიკა, ეს არ არის სწორი, უბრალოდ, მოგიყვებით ჩვენი ფონდის შესახებ. ქველმოქმედებას არ სჭირდება ხმამაღლა ლაპარაკი. ფონდის საქმიანობაზე ბევრი მინდა გესაუბროთ, უბრალოდ, ამას არაერთი ინტერვიუ დასჭირდება. წარმოუდგენელი წინააღმდეგობა შეგვხვდა ქობულეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ხელი ჯანდაცვის სამინისტრომ შეგვიშალა, თან ისე, რომ არც დაფიქრებულა, რამხელა პრობლემაა ქუჩაში მიტოვებული, მშიერი ბავშვი. ქობულეთში არის სხვა, ბავშვთა არალიცენზირებული სახლები და, ალბათ, ბევრი პირველად გაიგებს, რომ ისინი თურქული ფულით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკონტროლოდ არის გახსნილი. ვისაც ეს საკითხი სტკივა, ვგულისხმობ მთავრობის წევრებს, შეამოწმონ, რა მიზნით პატრონობენ ქართველ მოზარდებს თურქული ორგანიზაციები და ხომ არ გახდებიან ეს ბავშვები სხვა იდეოლოგიის მსხვერპლნი. საკითხის შესწავლა აქედან უნდა დაიწყოს და ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
ჩვენს ფონდს აქვს ყველაზე დიდი მოხუცების შინ მოვლის პროგრამა, სადაც ყოველდღიურად 500-ზე მეტ მოხუცებულს ვეხმარებით უფასო ექთნის მომსახურებით (გვყავს 25-ზე მეტი ექთანი), უფასო მედიკამენტებით და საკვებით. ეს ჩვენი მოხუცებისთვის, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან, არის უდიდესი დახმარება და ნამდვილად საამაყო პროექტია ჩვენთვის.
- თქვენ როგორ მოხვდით ლეონიდ ჩერნოვეცკისთან?
- როცა საქართველოში ჩამოვიდა, თანამშრომლობისთვის მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციას და მათ გამიწიეს რეკომენდაცია. უკვე 6 წელია მასთან ვმუშაობ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 14 დეკემბერი, 2015 წელი
რუსულმა კომპანიამ თირის მონასტერში ქართული ფრესკები გადალესა
სეპარატისტულ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ 3 ქართული ტაძრის “რესტავრაცია” აქვს დაგეგმილი
თიკო ოსმანოვა
(შემოკლებით)
თირი, იკორთი, გომართი და ე.წ კაპტინი – ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე ქართულ კულტურულ ძეგლებს განადგურება ემუქრება. აფხაზეთის შემდეგ ქართული ეკლესია-მონასტრების “რესტავრაცია” ცხინვალშიც დაიწყეს.
„სამხრეთ ოსეთის“ მშენებლობის მინისტრის ედვარდ ძაგოევის თქმით, ოთხი ტაძრის რესტავრაციისათვის ათი მილიონი რუბლია გათვალისწინებული, სამუსაოე4ბს კი რუსული კომპანია „უიუტი“ ასრულებს, რომელმაც ამ ცოტა ხის წინათ ცხინვალში მდებარე თირისა და გომართის მონაატრების ფრესკები გადალესა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია და თირში სამუშაოები დროებით შეაჩერეს. ახლა ცხინვალში რუს მეცნიერებს ელოდებიან.
„ამ კომპანიას რანაირი გამოცდილება არ აქვს ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაციისა და აღდგენის ჩატარების თვალსაზრისით. მას ლიცენზიაც კი არ აღმოაჩნდა. ამ არაპროფესიონალიზმის] შედეგია ის, რომ კომპანიის თანამშრომელბმა გომართისა და თირის ტაძრების ფრესკები გადალესე“, – უთხრა „მთელ კვირას“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული ხელისუფლება საეჭვო კვალიფიკაციის სხვადასხვა რუსულ კომპანიებს იწვევს, რის შედეგადაც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები ზიანდება. მისი თქმით, ანალოგიური ვითარებაა აფხაზეთშიც.
„მთელ კვირასთან საუბრიისას ლია ახალაძე ამ ძეგლების ისტორიულ მნიშვნელობაზეც საუბრობს და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს: „სამწუხაროდ, „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულია, რის გამოც რეგიონში დარჩენილი ხუროთმოძრვრული ძეგლების რესტავრაციას და დაცვას საქართველოს სახელმწიფო ვერარ ახორციელებს. დაუცველი რჩება თირის, იკორთის, წირქოლის, ნიქოზის, კაბენის, ლარგვისის, იკოთას, ხვითის, კვაისას, კოჟას, ჭარების, გომართის და სხვა ტაძრები. დაუცველი მათზე ამოკვეთილი ქართული წარწერები და ფრესკული ხელოვნების ნიმუშები“, – ამბობს ლია ახალაძე.
(…)
რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ქართული კულტურის ძეგლების მდგომარეობას, ლია ახალაძე ამბობს რომ აფაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ძალისხმევით ცატარებულმა ე4.წ. აღდგენა-რესტავრაციის სამუსაოებმა თავისი ისტორიული სახე დაუკარგეს დრანდისა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრებს. ამ ფაქტმა თვით აფხაზი ისტორიკოსებიც კი არაშფოთა. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თეთრად გადაღებეს და თავძე რუსული გუმბათი დაადგეს. გარდა ამისა, ტაძარში დამატებულია აქართული ხუროთმოძრვრებუისათვის უცხო ელემენტები. ბედიის მონასტერში კი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა გაანადგურეს.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცნტრის“ ხელმზღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თირის მონასტრის გარდა დანარჩენი მონასტრები სასწრაფო რესტავრაციას არ საჭიროებს, ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მათში ქართული კვალის წალა მიზანმიმართულად ხდება. „ამ [სამშენებლო] კომპანიის შესახებ არაფერი მსმენია, აგრამ ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ თემას ხმალამოღებული იცავს. ამ ოთხი ჩამოთვლილი ეკლესიიდან იკორთის ტაძარს სახურავი აქვს შესაკეთებელი, ხოლო დანარჩენების რესტავრაცია მაინცდამაინც გადაუდებელი არ არის. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ცდილობს ქართული კვალის წაშლას… მაგრამ უნდა ითქვას, რომ ცხინვალში, სიტუაციის შესაფასებლად ახლა რუს ექსპერტებს ელოდებიან. ფული გამოყოფილია, თუმცა, როგორც ვიცი, სამუშაოები შეჩერებულია, რადგან რამდენიმე ადამ,იანი და მათ შორის ერთ-ერთი ჩინოსანი (არ მინდა გვარები დავასახელო), ხმალამოღებული იცავენ, რომ ამ ტაძრების რესტავრაცია არ მოხდეს“, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბარში მამუკა არეშიძე. (…)