globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დეიმონ ვილსონთან: „არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ბრუნო ბალვანერასთან: რამდენად აფერხებს საქართველოს რუსეთის ეკონომიკური კრიზისი?

«Российская газета» (რუსეთი): სააკაშვილი და ავაქოვი შეიბნენ…

——————

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/interview-with-damon-wilson-acus/3100140.html

ინტერვიუ დეიმონ ვილსონთან:არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება

ნანა საჯაია

ინტერვიუ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან:

ამერიკის ხმა: ნატოს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ალიანსისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო, ეს 2009 წლიდან ალიანსის გაფართოების პირველი შემთხვევაა. ელოდით მონტენეგროს ახლა მიწვევას?

დეიმონ ვილსონი: დიახ, ველოდი, ბევრი მიიჩნევს, რომ მონტენეგროს მიწვევა უფრო ადრეც უნდა მიეღო, მაგრამ ალიანსს კონსენსუსის მისაღწევად დრო დასჭირდა. ვფიქრობ რუსეთმა ერთგვარი მუქარით ალიანსს ამ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ეს მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მხარდაჭერა რამდენიმე თვის წინ გამოხატა, რამაც ალიანსის მზაობა დაამტკიცა.

- ბრიუსელის მინისტერიალის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოსთვის მონტენეგროს მიწვევა ნიშნავს, რომ ალიანსს აქვს ნება და შესაძლებლობა გაფართოების პროცესი გააგრძელოს, მაგრამ ამავდროულად თქვით, რომ ეს ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც საქართველო გეოგრაფიის გამო დგას. საქართველოს წევრობის განხილვისას გეოგრაფია ერთადერთი პრობლემაა?

- ნატოსთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა როგორც სანდო პარტნიორმა, მას კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს განსაკუთრებით ეხება ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას, საქართველო ერთი თავით უსწრებს ნატოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს. საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია – რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ამავდროულად ბევრი მოკავშირე ზედმიწევნით აკვირდება საქართველოში რეფორმების გაგრძელებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გეოგრაფია მაინც უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

- მონტენეგროს მიწვევის შემდეგ ხშირად გვესმის, რომ ეს ასპირანტი ქვეყნებისთვის იმედისმომცემია, იქვე ამბობენ, რომ პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. რას მოიცავს პოლიტიკური ნაწილი, რომელიც საქართველოს წარმატებას განსაზღვრავს?

- საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა. მთლიანობაში ინტეგრაციას რაც შეეხება, ევროპის კავშირთან ურთიერთობების მშენებლობის პარალელურად ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. პირველ რიგში ეს ქართველებისთვის მათი დემოკრატიული ინსტიტუტების რწმენის ჩამოყალიბებაა, იგივე ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ეს თემები გამოცდებს გადის, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა. არსებითად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და ამ თემებზე დებატების შესაძლებლობა. ბევრ დარგში საქართველო თავის ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით. ვფიქრობ ეს სამართლიანია, თუ გინდა ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაშინ შენ მეტად დაგაკვირდებიან, ვიდრე მას, ვისაც იგივე მისწრაფებები არ აქვს.

- თქვენ, როგორც ნატოს გაფართოების მხარდამჭერს, არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს შეუძლია თავი გაართვას ალიანსის წევრობას. ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ასეთი დარწმუნებული არ არის.

- მე მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის. ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს.

- ზოგიერთი არ დაგეთანხმებათ და გეტყვით, რომ საქართველომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დასავლეთის მხარდაჭერა გარკვეულწილად დაკარგა. იზიარებთ ამ შეფასებას?

- მე ასე არ ვიტყოდი, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნებაა“, ეს ასე არ არის, მთავარი საქართველოა. შეხედეთ ევროპას, ის დღეს კრიზისშია, ის ლტოლვილების და მიგრანტების უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, არჩევნებში პოპულისტი ნაციონალისტები იმარჯვებენ, ევროპა თავის თავში არ არის ბოლომდე გარკვეული. ზოგჯერ ქართველებს ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს, სინამდვილეში კი ევროპის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და როცა შენს თავში დარწმუნებული არ ხარ შენს ჯგუფში ახალი წევრების დამატებისგან თავს იკავებ.

- რა იტყვით რუსული სენტიმენტების ან გავლენის ზრდაზე?

- რუსეთის პროპაგანდისტულ ძალისხმევას ჩვენ ყველგან ვხედავთ, იგივე ხდებოდა მონტენეგროში, იგივე ხდება უკრაინაში. გადაჭარბების გარეშე მჯერა, რომ ეს ნარატივი ქართველებში გამოხმაურებას არ პოულობს.

- რუსეთი მკვეთრად და ხმამაღლა ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მონტენეგროს მიწვევას შეცდომა და პროვოკაცია უწოდა. რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება ამას მოჰყვეს რუსეთისგან?

- არ მგონია, რუსეთმა რამე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მონტენეგროს წინააღმდეგ. გაფართოების პროცესს უფრო მეტი სიცხადე და თავდაჯერებულობა ახლავს და ის ზრდის იგივე რუსეთთან სტაბილური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მაგალითად რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა დღეს ბევრად უფრო სტაბილური სწორედ პოლონეთის ნატოში წევრობის გამოა, იგივეს ველოდები მონტენეგროში. გულწრფელად მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც იგივე შედეგს ვნახავთ. საქართველოს რუსეთთან ბევრად უფრო ნორმალური ურთიერთობა ექნება თუ ის ნატოს წევრი გახდება.

ვშიშობ, რომ ამასობაში რუსეთი შანსებს გამოიყენებს, ის შეეცდება სუსტი წერტილები გამოიყენოს, შეეცდება მის საზღვართან ნატოს გავრცელება შეაფერხოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის სუსტი სამიზნეები არ იყვნენ, არამედ ჰქონდეთ მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და განავითარონ თავდაცვის სფერო.

- 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, როცა საქართველომ და უკრაინამ ალიანსისგან MAP ვერ მიიღეს, მალევე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით მეხუთედი დაიპყრო. ელოდებით თუ არა, რომ რუსეთი ვარშავის სამიტის მოლოდინში .. „პრევენციულ ნაბიჯებსგადადგამს?

- აქ საუბარია შეკავებაზე და ამ შეკავების დარღვევას 2008-ში ალიანსის მიერ ყოყმანმა შეუწყო ხელი, რუსეთმა ამ ვითარებით ისარგებლა. ვარშავის სამიტის მიზანი დარწმუნების პოლიტიკიდან შეკავების პოლიტიკისკენ ნაბიჯის გადადგმაა.

- რა მოლოდინი გაქვთ ვარშავის სამიტისგან?

- ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია. არ მგონია ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ზოგადად, ბევრი რამ გაურკვეველია. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ვარშავამდე შეიძლება ძალაში არც იყოს. ნახეთ როგორ შეცვალა უკრაინის ამბებმა ვითარება უელსის სამიტის წინ, ნახეთ როგორ ცვლის პოლიტიკას სირია და „ისლამური სახელმწიფო“. ასე რომ ჯერ ნაადრევია ვარშავის სამიტის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, მე დიდ ცვლილებებს არ ველოდები. ნატო-საქართველოს უფრო მყარი და ახლო ურთიერთობები სამომავლოდ ალიანსის საზღვრების გაფართოებაზე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოგვამზადებს.

- რა უნდა გააკეთოს საქართველომ საამისოდ?

- ვფიქრობ საქართველომ ევროპა საქართველოშივე უნდა შექმნას, უნდა გააგრძელოს ნატოს მშენებლობა საქართველოშივე, ეს ის თემებია, რომლებზეც კონტროლი უშუალოდ საქართველოს აქვს, რაც ინდივიდების, პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. რომ საქართველოში ძლიერმა ინსტიტუტებმა იმუშაონ, რომ საქართველოში გამყარდეს ევროპული ნორმები და ღირებულებები.

სამხედრო სფეროში ბევრმა ეს უკვე ნახა, ნახეს ქართველების თავგანწირვა სამხედრო მისიებში. ახლა ქართველებმა ძალისხმევა მათივე მომავალის შექმნისკენ უნდა მიმართონ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქონიებს გავლენას ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

- როგორ ართმევს ამ ნაწილს თავს საქართველოს მთავრობა? უკანასკნელ პერიოდში ის არაერთხელ გააკრიტიკეს მედიის ცენზურის მცდელობისთვის ან იმისთვის, რაც ხშირად პოლიტიკურ დევნად აღიქმება.

- ყოველ ჯერზე როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დევნას ან მედიის თავისუფლებას, საქართველოს მთავრობა მწვავე კრიტიკას ისმენს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსგან, როგორც დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნისგან, უფრო მაღალი მოლოდინები გვაქვს.

საქართველო გარდამავალი, შედარებით ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ამას თან ახლავს ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილება და გამოხმაურება, როგორიცაა ოპოზიციასთან ურთიერთობა, პოლიტიკური საქმეების გამოძიება, ეს არ ნიშნავს დაუსჯელობის დამკვიდრებას. როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა ქვეყნის წინ წაყვანას და არა წარსულში დაბრუნებას? ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან არაერთხელ გვისაუბრია. რაზე ააგებს საქართველო მომავალს ისე რომ ინსტიტუტები გააძლიეროს და ისინი ერთ პიროვნებაზე ან პარტიაზე დამოკიდებულნი არ იყვნენ?

უშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეცდომებს? რა თქმა უნა უშვებს. იგივეს ვხედავდით წინა მთავრობაში. ზუსტად ამიტომაა მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი თემა, ამიტომაც მიმაჩნია გამართლებულად ის გაჩაღებული კრიტიკა, რაც დებატებისას ისმის.

ნატოს გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია, ეს არ არის სამიტიდან სამიტამდე მიღებული კომუნიკე, ეს პროცესია და ამ პროცესზე სირთულეები იქნება. დღეს ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ბატონ პუტინს, ჩვენ არ გვაქვს პუტინის წინააღმდეგ სტრატეგია, ეს საკითხი დაგვყოფს, იქნება გაურკვევლობა, ბუნდოვანება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება მყარი, ფოკუსირებული სტრატეგია და ხედვა.

შესაბამისად საქართველოშიც ვეძებთ მკაფიო ხედვის და მტკიცე ნებისყოფის მქონე პარტნიორებს, ვისაც ესმით თუ რისი აშენება სურთ, პირველ რიგში საკუთარი ხალხისთვის. საბოლოო ჯამში ეს გზა სასურველ შედეგამდე – ნატოს წევრობამდე მივა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/ebrd-bruno-balvanera/3102099.html

ინტერვიუ ბრუნო ბალვანერასთან: რამდენად აფერხებს საქართველოს რუსეთის ეკონომიკური კრიზისი?

მაია ქვარცხავა

„რუსეთის კრიზისი ევროპის პერიფერიას აფერხებს“- ასე ჰქვია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის 2015 წლის ანგარიშს, რომელიც მთავარ ყურადღებას რუსეთის ეკონომიკურ კრიზისზე და მთელ რეგიონში მის გავლენაზე ამახვილებს. ანგარიშში საქართველოს ეკონომიკაში 2015 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების საკმაოდ ვრცელი ანალიზიც არის მოცემული. „ამერიკის ხმა“ ამასთან დაკავშირებით ლონდონში ბრუნო ბალვანერას დაუკავშირდა. ის ბანკში კავკასიის ქვეყნების, მოლდოვის და ბელორუსის დირექტორია.

ნავთობზე ფასების დრამატული ვარდნის და დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად, რუსეთში განვითარებულმა კრიზისმა გავლენა არამარტო საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე მოახდინა: უკრაინით დაწყებული, კავკასიის ქვეყნების, სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების, თურქეთის, აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ ევროპის ჩათვლით – ამბობს ბრუნო ბალვანერა.

„საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელზეც კრიზისი აისახა. ერთის მხრივ, შეიზღუდა რუსეთში მიმავალი ექსპორტი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში დასაქმებული ქართველები რიცხავდნენ. რუბლის კურსის ვარდნის გამო საქართველოს გარშემო მყოფ ქვეყნებში ყველგან ვალუტის დევალვაცია მოხდა…

ლარის კურსის 40-პროცენტიანი ვარდნით, საქართველო შეეცადა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა და ეს კარგია. მაგრამ არც ისე კარგია ის, რომ კომპანიების, ან ოჯახების მიერ აღებული სესხის დაახლოებით 65 პროცენტი ამერიკულ დოლარშია გატანილი. ახლა მათ ვალის დაბრუნება ქართული ლარის კურსით უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კრედიტი საშუალოდ 40 პროცენტით გაიზარდა“ – აღნიშნავს ის.

თუმცა, ბრუნო ბალვანერას აზრით, ამ მხრივ ყველაზე რთული მომენტი საქართველომ უკვე გადალახა. ქართული ლარი სტაბილური გახდა, იმპორტი საგრძნობლად შეიზღუდა და საქართველო ახლა ექსპორტის დონის შენარჩუნებას ცდილობს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ამ ეტაპზე საქართველო, რას ურჩევდა ის საქართველოს მთავრობას?

„უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს შედარებით მცირე ზომის ეკონომიკასთან, რომელიც ინტეგრირებულია მთელ რეგიონში. ვფიქრობ, სავაჭრო აქტივობა უნდა გაღრმავდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი. საქართველოს ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების ფონზე, ისარგებლოს მომენტით და თურქეთის მაგივრად რუსეთის ბაზარზე კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები შეიტანოს.

ამავე დროს უნდა ვიფიქროთ მომავალი წლის არჩევნებზეც. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ გარემო საქართველოში პროგნოზირებადია, კანონის უზენაესობა დაცულია, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინვესტიციების გაგრძელებისთვის და მათი მოზიდვისთვის“ – ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს არ ელოდება, არც ნავთობზე ფასების გაზრდის და არც რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნის თვალსაზრისით. შესაბამისად, მთელ რეგიონს, მათ შორის საქართველოს, ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტირება უწევს. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს, მის მეზობელ კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს თითქმის ერთნაირი აქვს: 2.5-დან 3 პროცენტამდე.

«Российская газета» (რუსეთი), 15 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/12/14/saakashvili-site-anons.html

სააკაშვილი და ავაქოვი შეიბნენ…

პეტრე ლიხომანოვი

უკრაინაში ერთი დღე არ გავა ისე, რომ ხელისუფლების ლაბირინთებში ჩხუბი არ მოხდეს – როგორც ჩანს, სწორედ ასეთი გეგმით მოქმედებენ უკრაინელი პოლიტიკოსები მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევიდან გაემგზავრა. დიდი ხანი არ გასულა იმ კომიკური ისტორიიდან, როცა პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ, როგორ იტყვიან ხოლმე, „გაიტანეს“, რომ გუშინ გრანდიოზული სკანდალი უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო, ამჯერად უკვე მეორე არსენის, გვარად ავაქოვის წინააღმდეგ, თანაც პირველი არსენისა და პეტრო პოროშენკოს თანდასწრებით. არსენ ავაქოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრია.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ე.წ. „რეფორმების ეროვნული საბჭოს“ სხდომა მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გუბერნატორს ჭიქით წყალი შეასხა და მიაძახა – ჯობია, უკრაინიდან წახვიდეო. თუ მოწმეთა ნათქვამს ვენდობით, უკრაინის ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი საცემრად კინაღამ ერთმანეთს ეცნენ. პირვლემა მომხდარი სკანდალური ფაქტის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ განაცხადა, რომელიც ვერხოვნა რადაში პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციის წევრია.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოხსენება დაასრულა, შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა [ირონიულად] აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი ისე ცეცხლოვანი სიტყვით არ გამოსულა, როგორც მას ტელეინტერვიუებში სჩვევიაო. დაიწყო ცხარე კამათი, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა არსენ ავაქოვს ქურდი და კორუფციონერი უწოდა. მინისტრმა გუბერნატორს ხურდა დაუბრუნა და განაცხადა, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილია ქურდი და მამაძაღლი. გუბერნატორმა თქვა, რომ იგი პატიოსანი, ღირსეული და სუფთა ადამიანია. ამის შემდეგ არსენ ავაქოვმა მიხეილ სააკაშვილს უყვირა – „გაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო“. წონასწორობიდან გამოსულმა მინისტრმა გუბერნატორს ჭიქით წყალი შეასხა. ამ დროს იქვე მჯდომმა არსენ იაცენიუკმაც ხმა ამოიღო, მიხეილ სააკაშვილს „გასტროლიორი“ უწოდა და მანაც უკრაინიდან წასვლა ურჩია. ამის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა და არსენ იაცენიუკისაგან განსხვავებით, საკუთარ ქვეყანას არ ძარცვავს. ეს ყველაფერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანდასწრებით მოხდა, რომელიც მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა“, – ასეთნაირად აღწერა მომხდარი სკანდალი თვითმხილველმა დეპუტატმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

თითქმის იმავდროულად თავიანთი ხედვა გამოაქვეყნეს საკუთარ ბლოგებში როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე არსენ ავაქოვმა.

არსენ ავაქოვი: „მიხეილ სააკაშვილი მოთმინებიდან მას შემდეგ გამოვიდა, როცა კითხვა დავუსვი ოდესის პორტისპირა ქარხნის ბედზე… ამ დროს, როგორც ჩანს, მოთმინების ძაფი გაუწყდა და ყვირილი დამიწყო: „მე მიხეილ სააკაშვილი ვარ და ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკას არავის მოვუთმენო, მე ღირსეული კაცი ვარ პატიოსანი სახელი მაქვს, შენ კი კორუმპირებული მინისტრი ბრძანდებიო“ და პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადავიდა. თავი შევიკავე, რომ არ დამერტყა, ამიტომ სახეში მხოლოდ წყალი შევასხი. ვა, კაცო, ასეთი შიზოიდური პოპულისტი პიროვნება ჯერ არ მინახავს… არავის ლაპარაკს არ აცდიდა, ყველას საუბარს აწყვეტინებდა, პრეზიდენტის ჩათვლით“.

მიხეილ სააკაშვილი: „კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის უღირსი და პროვოკაციული მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სრული სახით გამოაქვეყნოს. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა. უკრაინელ ხალხს სრული უფლება აქვს ნახოს და იცოდეს, თუ როგორი ადამიანები მართავენ მათ ქვეყანას. დადგა დრო, რომ აი, ასეთმა სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა გააპარტახეს, თავიანთ ქცევასა და მოქმედებაზე პასუხი აგონ“.

მოკლედ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ნასროლი ხელთათმანი მიიღო – „დუელი დაწყებულია“.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არსენ იაცენიუკის და არსენ ავაქოვის მთავარი კრიტიკოსია და ორივეს კორუფციასა და რეფორმების დამუხრუჭებაში ადანაშაულებს. საკვირველია, მაგრამ ისინი – იაცენიუკიც და ავაქოვიც – მიხეილ საკაშვილს იგივე ბრალდებებს უყენებენ.

————

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომხდარი ეს სკანდალური ინციდენტი, ცხადია, საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც გაავრცელეს.  მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ის მასმედიამ.

როგორც ბრიტანული „ბი-ბი-სი“ იუწყება, შეხლა-შემოხლის შემდეგ ტელევიზიით გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა არსენ იაცენიუკი არაფორმალური შეიარაღებული ქვედანაყოფების შექმნაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონოდ ჩამოყალიბებულ რაზმებს კორუფციიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს. „მე მინდა ვუთხრა მინისტრს, რომ გასტროლიორი არა ვარ და უკრაინიდან არსად წასვლას არ ვაპირებ, მას არ მივცემ იმის ნებას, რომ ჩემი საყვარელი უკრაინა ძველებურად ძარცვოს“, – აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

წყარო: „ბი-ბი-სი“ (http://www.bbc.com/russian/news/2015/12/151214_saakashvili_avakov)

Comments are closed