«The Wall Street Journal» (აშშ): ევროკავშირი მხარს უჭერს უვიზო რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისათვის
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: „საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში და ნატოში არავინ კარს არ უხურავს, მაგრამ მათი გაწევრიანება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ისინი ამისთვის მზად იქნებიან“
«Deutsche Wirtschafts Nachrichten» (გერმანია): უკრაინა, საქართველო და კოსოვო: ევროკავშირი მათთვის საზღვრებს ფართოდ ხსნის, მაგრამ უვიზო რეჟიმის უკან ნატოს სამხედრო ამბიციები იმალება
«Московский Комсомолец» (რუსეთი): თუ რუსეთი ქართველებისთვის ვიზებს გააუქმებს, ამით უფრო მეტად ევროკავშირი ისარგებლებს
——————–
«The Wall Street Journal» (აშშ), 19 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.wsj.com/articles/eu-backs-visa-free-access-for-ukraine-georgia-1450460737
ევროკავშირი მხარს უჭერს უვიზო რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისათვის
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს და უკრაინის ძალისხმევას უვიზო რეჟიმის მიღების საკითხში და ხუთშაბათს 40 მილიონ მოსახლეობას ევროკავშირის კარი გაუღო. ევროკომისიის ანგარიშში მოცემული დასკვნით, ორივე სახელმწიფომ რეფორმების გატარების საკითხში დაპირება შეასრულა. ეს დასკვნა საქართველოსა და უკრაინისათვის ოფიციალური რეკომენდაციაა უვიზო რეჟიმის მისაღებად. დასკვნას 2016 წლის დასაწყისში ევროკავშირის ხელმძღვანელობა განიხილავს, გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი მას ევროპარლამენტი დაამტკიცებს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ლოურენს ნორმანი).
„ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ევროკავშირის ლიდერებზე „ზეწოლა განახორციელა“, რათა მათ უკრაინისა და საქართველოს თხოვნაზე უვიზო რეჟიმის მიღების საკითხში „გადაწყვეტილება სწრაფად“ მიეღოთ, – წერს ავტორი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პარიზის ტერაქტებმა თბილისისა და კიევისათვის გარკვეული პრობლემები წარმოქმნა: „ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა, მაგალითად, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის სივრცის გაფართოების საკითხი ძალიან ფრთხილად უნდა გადაწყდესო“.
გარდა ამისა, უკრაინას, საქართველოსაგან განსხვავებით, დამატებითი პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის საკითხში: ევროკავშირი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე ზეწოლას ახდენდა, რათა კიევს შესაბამისი რეფორმები განეხორციელებინა. ბრიუსელს ასევე სურდა პროკურატურის ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერებაც. ევროკავშირის ჩინოვნიკები უკრაინის ხელისუფლებაში მომხდარ ინციდენტებს რომ ხედავდნენ, ყოყმანობდნენ – მიეცათ თუ არა კიევისათვის უვიზო რეჟიმი…
საქართველოსთან მიმართებით კი ევროკომისიამ ნათლად განაცხადა, რომ ამ ქვეყანამ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ყველა რეფორმა განახორციელა. უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთვის დადებით როლს შეასრულებს, რათა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაუწევრიანობის გამო მოსახლეობის იმედგაცრუება განეიტრალდეს.
საქართველოს უვიზო რეჟიმი შესთავაზა აგრეთვე რუსეთმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს ერთ-ერთი სიმპტომია ურთიერთობის დათბობისა ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც 2008 წელს ერთმანეთთან ომი ჰქონდათ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 დეკემბერი, 2015 წელი
http://ukrainian.voanews.com/content/estonia-nato-eu-russia-ukraine/3110286.html
http://www.amerikiskhma.com/content/marina-kaljurand-eu-georgia/3109283.html
ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: „საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში და ნატოში არავინ კარს არ უხურავს, მაგრამ მათი გაწევრიანება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ისინი ამისთვის მზად იქნებიან“
„რადიო ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი იულია სავჩენკო ვაშინგტონში მყოფ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიურანდს ესაუბრება, რომელიც ყურადღებას რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ამახვილებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და ევროკავშირის მიერ საქართველო-უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
ანტირუსული სანქციები
„დარწმუნებული ვარ, რომ სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს. რასაკვირველია, ამ სანქციებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ზარალობენ, მათ შორის ესტონეთიც… მაგრამ დემოკრატიის პრინციპებს თავისი ფასი, თავისი ღირებულება აქვს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ, რუსეთთან ერთად, ჰელსინკში შევთანხმდით, რომ სამხედრო ძალის გამოყენება დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი საზღვრების შეცვლა არ შეიძლება. ეს პრინციპები არავის გაუუქმებია, ამიტომ რუსეთმა ისინი უნდა შეასრულოს“.
ვიზა-ლიბერალიზაცია და საქართველო
„საქართველო ამას იმსახურებს. ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაც არის, პოლიტიკური ნებაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან. ისინი იგრძნობენ ევროპის ნამდვილ სიახლოვეს და რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ისინი ევროპის სრულ მხარდაჭერასაც იგრძნობენ… „ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი მომავალი თვითონ განსაზღვროს… და როცა ვხედავთ, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აირჩია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და დახმარებას ვთავაზობთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას და მოლდოვას… ეს სახელმწიფოები დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ და სანამ ისინი ამ გზაზე დგანან, ჩვენ და ევროკავშირის სხვა წევრები მათ ყოველთვის დავეხმარებით – როგორც მრავალმხრივი, ასევე ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე. ჩვენ შემუშავებული გვაქვს დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამა. იყო დრო, როცა ჩვენც გვჭირდებოდა დახმარება, როცა ნატოსა და ევროკავშირში ვწევრიანდებოდით, ახლა სასიხარულოა, როცა ჩვენ უკვე სხვებს ვეხმარებით. ვიცით, რომ საქართველომ და უკრაინამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, საკუთარი ნების წინააღმდეგ, 50 წელი გაატარეს, ამიტომაც ვსაუბრობთ ამდენს მათ დასაცავად. საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში და ნატოში არავინ კარს არ უხურავს, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ისინი გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. ნატო დახურული კლუბი არ არის. ალიანსი ყოველთვის მიიღებს ისეთ ახალ წევრებს, რომლებიც ამისთვის მზად არიან და ყველა მოთხოვნებს შეასრულებენ. ამ თვალსაზრისით ბევრი რა არის დამოკიდებული თვით უკრაინელი [და ქართველი] ხალხების ნება-სურვილზე“.
«Deutsche Wirtschafts Nachrichten» (გერმანია), 21 დეკემბერი, 2015 წელი
უკრაინა, საქართველო და კოსოვო: ევროკავშირი მათთვის საზღვრებს ფართოდ ხსნის, მაგრამ უვიზო რეჟიმის უკან ნატოს სამხედრო ამბიციები იმალება
„საქართველოს, უკრაინის და კოსოვოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების უკან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების სტრაეტეგია იგულისხმება: ვაშინგტონს სურს ჩამოთვლილი ქვეყნები რუსეთის საზღვართან დასავლეთის ავანპოსტად გადააქციოს… და როცა სამხედრო ლტოლვილები გაჩნდება, ამ საკითხის მოგვარება კისერზე ისევ გერმანიას დააწვება“, – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ვირტსშაფტ ნახრიხტენ“ (Deutsche Wirtschafts Nachrichten).
ზემოთ ნათქვამი სტატიის დედააზრია, ახლა კი უფრო ფართო შინაარსი:
სულ რაღაც რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარა, რომ სირიიდან წამოსული ლტოლვილების პრობლემა მოგვარებული არ არისო, რომ ბრიუსელმა კიდევ ერთი სადაო ნაბიჯი გადადგა: უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსათვის ვიზების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება აღნიშნული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების აღიარებას წარმოადგენს.
სინამდვილეში კი ბრიუსელის ნაბიჯის მიღმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების სტრატეგია იმალება. ვაშინგტონს სურს უკრაინა რუსეთის საზღვართან დასავლეთის ავანპოსტად გადააქციოს, თანაც ევროპის კისერზე – უკრაინა ხომ დიდი ხანია ბანკროტი გახდა და მხოლოდ ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულებით ტივტივებს. სამწუხაროდ, ევროპელების და მათ შორის ჩვენი, გერმანელი მოქალაქეების ფული უკრაინის დაზარალებულ და სიღარიბით გაწამებულ მოქალაქეებს კი არ ხმარდება, არამედ იარაღის შესყიდვას, მით უმეტეს, რომ უკრაინაში კორუფციის მაღალი დონეა. კიევის ხელისუფლება სახელმწიფო სახსრებს ისე ფლანგავს, რომ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აინუნშიც არ აგდებს. ამას წინათ მთავრობამ ახლი ბიუჯეტი დაამტკიცა და თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აქცენტი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა ან განათლების სფეროზე კი არაა გადატანილი, არამედ სამხედრო ხარჯების გაზრდაზე. და როცა უკრაინაში ასეთი მდგომარეობაა, ვიზა-ლიბერალიზების შემთხვევაში უკრაინელ დევნილთა დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპისა და პოლონეთის მიმართულებით დაიძვრება.
საქართველოსა და კოსოვოსათვისაც ვიზა-ლიბერალიზებას იგივე მიზანი აქვს: კოსოვოში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ძალზე მნიშვნელოვანი ავიაბაზაა დისლოცირებული, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, საქართველო კი რუსეთის სამხრეთის ფლანგზე მდებარეობს. ამ მიმართულებას რუსეთისათვის უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომაც სურს ბრიუსელს, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად იქნენ ევროკავშირზე დამოკიდებულნი. და თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყება და ლტოლვილები გაჩნდებიან, მათზე პასუხისმგებლობა ისევ გერმანიას დაეკისრება.
«Московский Комсомолец» (რუსეთი), 21 დეკემბერი, 2015 წელი
თუ რუსეთი ქართველებისთვის ვიზებს გააუქმებს, ამით უფრო მეტად ევროკავშირი ისარგებლებს
მარინა პერევოზკინა
ვლადიმირ პუტინის განცხადებამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე თბილისში თავშეკავებული მოწონება გამოიწვია – ბევრად ნაკლები, თუ მას ევროკავშირის ვიზების გაუქმებას შევადარებთ. საინფორმაციო სააგენტოები სხვადასხვა ფერებში გადმოსცემენ იმ სიხარულს, რომელმაც თბილისი და საქართველო მოიცვა: ქუჩებში ავტომანქანები ევროკავშირის დროშებით დადიან, სამთავრობო შენობებიც ამავე დროშის ფერებადაა განათებულიო… აი, რაც შეეხება რუსეთის დროშებს, თბილისის ქუჩებში ისინი არავის შეუმჩნევია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ პუტინის განცხადებას „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და გაიხსენა, რომ თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზიო რეჟიმი ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განაგრძოს „პრაგმატული კურსი რუსეთთან ურთიერთობაში“.
რას ნიშნავს ეს „პრაგმატული კურსი“ პრაქტიკაში?
სინამდვილეში საქართველოს კურსი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არც შეცვლილა: ჯერ ედუარდ შევარდნაძე, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი „ქართული ოცნება“ მეტ-ნაკლები „პრაგმატულობით“ მხოლოდ ერთ კურსს ატარებენ – დასავლური მიმართულებით. „პრატგმატიზმი“, ქართველი პოლიტიკოსების გაგებით, იმაში გამოიხატება, რომ „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი არ უნდა დაკლა“. საქართველოსთვის ასეთი ქათმის როლს, ტრადიციულად, რუსეთი ასრულებს: ენერგომატარებლებისა და ტურისტების წყარო, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინის) ექსპორტის ბაზარი… გარდა ამისა, რუსეთი თავშესაფრითა და სამუშაოთი უზრუნველყოფს ქართველ გასტარბაიტერებს, რომლებიც თავიანთი ფულადი გადარიცხვებით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს – ნათესავებს საარსებო პირობებს უქმნიან… ბობოქარ 1990-იან წლებში ქარტული დიასპორის წარმომადგენლებმა შეძლეს საკმაოდ წარმატებით „ჩაწერილიყვნენ“ რუსულ ბაზარზე და ხელში „გემრიელი აქტივები“ ჩაიგდეს. შესაბამისად, მათი შემოსავლებიც, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს ეკონომიკისათვის მუშაობს, მით უმეტეს, რომ ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, „ორმაგი ლოიალობის“ გრძნობა აქვთ და კრიტიკულ მომენტებში არჩევანს ყოველთვის ისტორიული სამშობლოს სასარგებლოს აკეთებენ.
რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტა საქართველოსთთვის წამგებიანია იმიტომაც, რომ ასეთ შემთხვევაში თბილისი საბოლოო შანსს დაკარგავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხში. წინა ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის სახით, შეეცადა ტერიტორიული პრობლემა ძალისმიერი გზით გადაეწყვიტა, მაგრამ წააგო. ამიტომაც დღევანდელი მთავრობა იძულებულია ლავირებულად იმოქმედოს, ანუ ისე, როგორც ედუარდ შევარდნაძე მოქმედებდა.
რა შეიცვალა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ?
მართალია, თბილისის აგრესიული ანტირუსული ტონი უფრო კამუფლირებული გახდა, ძველებურად მწვავე განცხადებები აღარ ისმის, მაგრამ ხასიათი მაინც ანტირუსული დარჩა. განა რუსეთისადმი მეგობრულ მოქმედებად ჩაითვლება საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ? ეს ხომ პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას, რაზედაც მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია. სექტემბერში საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრი დაარსდა, უახლოეს ხანში კი ნატოს სკოლაც გაიხსნება, სადაც მომზადებას გაივლიან არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებიც. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამას წინათ აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას საქართველოს „ნატოს შემდეგი გაჩერება“ უწოდა. შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ „ქართველებს რუსებთან მეგობრობა სურთო“, მაგრამ არაფერი გამოვა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლებას რეალურად აგრესიულ-პროდასავლური უმცირესობა ფლობს. თინა ხიდაშელი სწორედ ამ უმცირესობის – რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. კიდევ ერთი რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი თავის ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში „პოლიტიკურ ფასს“ არ გადაიხდის და პროდასავლური კურსიდან არ გადაუხვევს.
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 წლის წინათ შემოიღო. ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით, რომ იმ დროს პანკისის ხეობაში ბინა დაიდეს ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ და საერთაშორისო ტერორისტებმა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეეძლოთ. რა შეიცვალა? დღეს პანკისელი ჩეჩენ-ქისტების ახალგაზრდა თაობა უპირატესად ვაჰაბიზმის იდეოლოგიას აღიარებს და მასობრივად მიდიან სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად. თუ ვიზები ტერორისტების წინააღმდეგ არაფერში გვეხმარება, მაშინ რატომ შემოვიღეთ 15 წლის წინათ? და თუ გვეხმარება, რატომღა ვაუქმებთ?
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადება ვიზების შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება. აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2016 წელს ექნებათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. და რა შედეგი მოჰყვება ამას? ამას მოჰყვება ის, რომ ევროპა ქართველებისთვის უფრო ახლობელი გახდება და იქ წასვლა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე რუსეთში. ეს მოსკოვისათვის თითქოსდა კარგი არ უნდა იყოს.
მაგრამ ნაადრევია ქართველების სიხარული… მათ წინ დიდი წარუმატებლობა, მარცხი ელოდებათ: საქართველოს აძლევენ უვიზო რეჟიმის „მოლდოვურ ვარიანტს“, ანუ ევროპაში მუშაობის უფლების გარეშე. არადა, ქართველებს უვიზო რეჟიმი ძირითადად ევროპაში მუშაობისთვის ჭირდებათ. ფაქტიურად, ვიზა-ლიბერალიზაციის მომგებიანობა ძალიან დიდი არაა – სულ რაღაც 60 ევრო, რასაც საქართველოს მოქალაქე ადრე საკონსულოში იხდიდა, პლუს დროის დაზოგვა. ამასთან, ყველა დოკუმენტი, რაც საკონსულოში ვიზის გასაფორმებლად იყო საჭირო, უკან დასაბრუნებელ ბილეთთან ერთად, ახლა ევროპაში წამსვლელს თან უნდა ჰქონდეს და მესაზღვრის მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს. თუ რაიმე დოკუმენტი წესრიგში არ ექნება და უარს ეტყვიან „შენგენის ზონის“ ქვეყნებში შეშვებაზე, ბილეთების ფულს უკან არავინ დაუბრუნებთ (ცნობისათვის: უვიზო რეჟიმის პირველ წელს ევროკავშირში 1500-ზე მეტი მოლდოველი არ შეუშვეს).
გამოდის, რომ ევროპაში ქართველებს მუშაობისა და ხელფასის აღების მიზნით წასვლა კი არ შეუძლიათ, არამედ ფულის დასახარჯავად, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის გასაძლიერებლად. მუშაობას და ფულის აღებას ქართველები ძველებურად ჩვენთან, რუსეთში მუშაობით იმედოვნებენ. შეიძლება ჩვენც დავფიქრდეთ და თუ ქართველებს უვიზო რეჟიმს მივცემთ, მივცეთ მხოლოდ ისეთი, როგორსაც ევროკავშირი აძლევს – „მოლდოვური ვარიანტი“?