«The Washington Post» (აშშ): არა, ვლადიმირ პუტინი საქართველოს ევროპისაგან ვერ გადაიბირებს… აი, ფაქტები
«Hurriyet Daily News» (თურქეთი): ინტერვიუ იენს სტოლტენბერგთან: ნატო-რუსეთის ურთიერთობა და რეგიონული სტაბილურობა; ნატოს გაფართოება
«Rzeczpospolita» (პოლონეთი): საქართველოდან უკრაინაში ჩასულ გუნდს კიევის ხელში ჩაგდება სურს
——————–
«The Washington Post» (აშშ), 22 დეკემბერი, 2015 წელი
არა, ვლადიმირ პუტინი საქართველოს ევროპისაგან ვერ გადაიბირებს… აი, ფაქტები
„გასულ პარასკევს, რამდენიმე წლის დიპლომატიური ყოყმანის შემდეგ, რომმლის დროსაც ქვეყნის ორი ხელისუფლება შეიცვალა, საქართველომ, როგორც იქნა ევროკავშირის ანგარიშს მოესწრო – ქართველებს მალე ექნებათ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება. არადა, უცხოური მასმედიის ზოგიერთი საშუალება ამ წლის დასაწყისში ვარაუდობდა, რომ საქართველომ კურსი იცვალა და ევროკავშირისაკენ კი არ მიდის, არამედ რუსეთისაკენ ბრუნდებაო“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – დასტინ ჯილბერტი).
სწორედ ასე იყო მაისის თვეში, როცა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, ქართველების 312% მხარს უჭერდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას, რომელშიც რუსეთი დომინირებს. გაჩნდა კითხვა: განა გამოკითხვაში მონაწილე ქართველები ევროკავშირთან უკვე ჩამოყალიბებულ კავშირებს ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში გაწევრიანებას ამჯობინებენ? ეს რომ მართლაც ნამდვილად ასე ყოფილიყო, ძალიან გამიკვირდებოდა, რადგან ვიცოდი, რომ 1991 წლიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, თბილისი მთლიანად ევროპისაკენ იყო მიმართული. გამოკითხვები ევროკავშირისადმი ისეთ მხარდაჭერას აფიქსირებდნენ, რომ ბრიუსელი ოცნებობდა – ნეტავი ასეთი მხარდაჭერა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყოსო.
რა თქმა უნდა, ბევრმა დამკვირვებელმა [და ჟურნალისტმა] მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გულთან ახლოს მიიტანა. მასალები გამოაქვეყნეს, მაგალითად, „ფაინენშელ თაიმსმა“, „უოლ სთრით ჯორნელმა“, „ფორინ პოლისმა“ და „ვაშინგტონ პოსტმაც “, – წერს ავტორი, – „თუმცა [ყურადღება არავინ მიაქცია], რომ ეს მონაცემები 2013 წლის მაჩვენებლებიდან, როცა „კავკასიური ბარომეტრი“ საბაჟო კავშირთან ქართველების დამოკიდებულებას იკვლევდა, პრინციპში, არაფრით განსხვავდებოდა. უფრო მეტიც, ეს ბოლო მაჩვენებლები მადეზორიენტირებელი იყო“ არსებობს მონაცემები, რომ რუსეთს მუდმივად მხარს მხოლოდ ქართველების მცირე ნაწილი უჭერს. ანუ იმის თქმა, რომ საქართველო „რუსეთისაკენ ბრუნდებაო“ – გადაჭარბებულია.
„აგვისტოში ქართველებს შეკითხვები დაუსვეს – მხარს უჭერენ თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის და სურთ თუ არა ევრაზიულ კავშირში (საბაჟო კავშირში) შესვლა. ორჯერ მეტმა ქართველმა (61%-მა) მხარი ევროკავშირს დაუჭირა, ვიდრე ევრაზიულ კავშირს (31%). ეს თანაფარდობა საკმაო ხნის განმავლობაში ზოგადად უცვლელი რჩებოდა, თუმცა ევროკავშირისადმი მხარდაჭერა ხან მატულობდა, ხან კლებულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელიწადში ბრიუსელისადმი სიმპათიები უმნიშვნელოდ შემცირდა, ევრაზიული კავშირისადმი მხარდამჭერების რაოდენობა მაინც ყოველთვის ევროკავშირის მომხრეთა მხოლოდ ნახევარს შეადგენდა“.
როგორც ავტორი წერს, ქართველები, ამ ორ ინტეგრაციულ კავშირში გაწევრიანების საკითხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, სამ ჯგუფად არიან დაყოფილნი . ყველაზე დიდი ჯგუფი – 39%-ს ევროკავშირისადმი დადებითადაა განწყობილი, 15% კი უარყოფითად; მეორე – ორივე კავშირში წევრობის მომხრენია 12%, წინააღმდეგი კი 5%; მესამე ჯგუფი – ჯერ-ჯერობით პასუხის გაცემა უძნელდებათ – 11%, ნათლად ვერ გაუცნობიერებიათ – 7%.
მათგან, ვინც მხარი დაუჭირა საბაჟო კავშირს, 71% ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკისათვის კარგი იქნება. იგივენაირი პოზიცია აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერების 68%-ს – ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება. ამასთან, ევროკავშირისა და საბაჟო კავშირისადმი მხარდამჭერებს მსგავსი საკუთარი პოზიცია აქვთ უსაფრთხოების საკითხშიც: ორივე ჯგუფი მიუთითებს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში ქვეყნის უსაფრთხოების დონეს განამტკიცებს.
«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 23 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ იენს სტოლტენბერგთან: ნატო-რუსეთის ურთიერთობა და რეგიონული სტაბილურობა; ნატოს გაფართოება
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტამბოლში ყოფნისას ინტერვიუ მისცა ჟურნალ «Turkish Policy Quarterly»-ს („თურქიშ პოლისი ქორჩალი“ – „თურქეთის ყოველკვარტალური პოლიტიკა“), რომელშიც იგი საუბრობს რუსეთ-სირიის ურთიერთობებზე და „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე, ევროპულ უსაფრთხოებაზე, უკრაინაზე და ალიანსის გაფართოებაზე. ინტერვიუს ტექსტი დაიბეჭდა გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუს“-შიც.
გთავაზობთ ამონარიდს:
- როგორია ნატოს ამჟამინდელი პოლიტიკა ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით? როგორი პერსპექტივა აქვთ ამ საკითხში ნატოს კანდიდატ ქვეყნებს, კონკრეტლად კი ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიას და ჩერნოგორიას?
- ნატოს გაფართოება ისტორიული წარმატებაა, რომელმაც ევროპის სტაბილურობა და აღმავლობა განამტკიცა. ნატოს კარი კვლავ ღია რჩება ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ჩვენი ალიანსის ფასეულობებს იზიარებენ და სურვილს გამოხატავენ აიღონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები კოლექტიური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური ძალისხმევის პროცესი და ყოველი ქვეყნის შეფასება მისი წვლილისა და შედეგების საფუძველზე ხდება.
2015 წლის ორ დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, პირველად 2009 წლის შემდეგ, ნატოს გაფართოებაზე შეთანხმდნენ და ალიანსში გაწევრიანების მიზნით, ჩერნოგორიას მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში. რამდენიმე თვის შემდეგ მოკავშირეები ასევე შეაფასებენ სხვა კანდიდატი-ქვეყნების – ბოსნია-ჰერცეგოვინის, მაკედონიისა და საქართველოს მოქმედებას ამ მიმართულებით, თუმცა მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო… ნატო კვლავ მხარს უჭერს ამ ქვეყნების სწრაფვას და ძალისხმევას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.
«Rzeczpospolita» (პოლონეთი), 22 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.rp.pl/Swiat/312209902-Ekipa-z-Gruzji-chce-zdobyc-Kijow.html
საქართველოდან უკრაინაში ჩასულ გუნდს კიევის ხელში ჩაგდება სურს
„ოდესის ოლქის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ უკვე არავის ეჭვი აღარ ეპარება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდს განხრახული აქვს უკრაინის ხელისუფლების სისტემაში მაღალ თანამდებობებს დაუფლოს“, – წერს ჟურნალისტი რუსლან შოშინი პოლონურ გაზეთ „ჟეცპოსპოლიტა“-ში („რესპუბლიკა“).
როგორ ვარშავის გაზეთს უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ განუცხადა, გუბერნატორისა და მინისტრის კონფლიქტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშუი მწიფდებოდა.: „ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა – მოხდა აფეთქება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის გუნდი ჩვენი ქვეყნის მთავრობის ჩასანაცვლებლად ემზადება“.
„ჟეჩპოსპოლიტა“ აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში მარტო არ ჩასულა – მას გარს ახვევია თავისი პრეზიდენტობის დროინდელი თანაშემწეები და თანამშრომლები, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობები მიიღეს. გაზეთი წერს, რომ მიხეილ სააკშვილს თან ახლავს ეკა ზღულაძე (შს მინისტრის მოადგილე), ხატია დეკანოიძე (ეროვნული პოლიციის უფროსი), დავით საყვარელიძე (გენპროკურორის მოადგილე) და გიზო უგლავა (ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე).
პოლონური გამოცემა მკითხველს სეახსენებს, რომ ნოემბრის დასაწყისში ბრიუსელის ყოველკვირეულ გაზეთ „პოლიტიკო“-სთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ფაქტიურად დაადსტურა თავისი სურვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე. პრობლემა იმაშია, რომ თუ მოქმედი პრემიერი არსენ იაცენიუკი გადადგება, მაშინ სამთავრობო კოალიცია დაიშლება, რაც ქვეყანაში დესტაბილიზებას გამოიწვევს.
„ჟეჩპოსპოლიტა“ აღნიშნავს, რომ უკრაინის რეფორმებს მთვარობაში უცხოელების მიწვევამაც ვერ უშველა: როგორც უკრაინელი ეკონომისტი ალექსანდრ ოხრიმენკო ამბობს, ლიტველი აივარს აბრამოვიჩიუსი და ამერიკელი ნატალია იარესკო ძალიან განათლებულნი არიან საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, მაგრამ აზრზე არ არიან, თუ როგორ ფუნქციონირებს უკრაინის ბიუროკრატიულ-კორუფციული სისტემა. „რისი გაკეთება შეუძლია სამ მინისტრს, როცა სხვები ქრთამს იღებენ?. უკრაინელი მინისტრის ოფიციალური ხელფასი დაახლოებით 300 დოლარია, დანარჩენს კი ოლიგარქები უმატებენ“.
გაზეთი მკითხველის ყურადღებას ამახვილებს არსენ ავაქოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე და წერს: „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორივე მხარეს მოუწოდა, რომ მსგავს სპექტაკლებს თავი დაანებეთო, როგორც ჩანს ყველაფერი ახლა იწყება და წინ დიდი სკანდალების მომსწრენი გავხდებითო“.