globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი?

რეზონანსი: რა შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი?

რეზონანსი: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ოცნებიდან” ჟონავდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებდა

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: პრემიერის შეცვლა “ოცნების” რეიტინგს გაზრდის

„ალია“: 23 დეკემბერს, ბერა ივანიშვილის დაბადების დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა… რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი?

„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით ბიძინა ივანიშვილი გამოდის მართალი, თვითონ ღარიბაშვილი კი მტყუანი“

„ალია“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილს თეა წულუკიანი უნდა მიჰყვეს. ბიძინა ივანიშვილმა მას დაავალა სასამართლო სისტემის რეფორმირება, მან კიდევ, ყველაფერი ჩააოხრა“

„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რას ნიშნავს „სიტუაციური ოთახი“ და ვისთვის კეთდება – პრეზიდენტისთვის თუ პრემიერისთვის?

რეზონანსი: ქართულ-რუსულ-სომხურ-ირანული თანამშრომლობა

—————————-

რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი

ეკატერინე ბასილაია

“თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობდა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები”, – მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 8 საათზე განაცხადა უკვე ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ქვეყანას, ხალხს და განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკას და ალბათ ერთადერთი ბრიფინგი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობა რატომღაც დაავიწყდა.

დღის განმავლობაში ორჯერ გადადებულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა დაადასტურა დილით მედიაში გავრცელებული ცნობა გადადგომაზე, რომელიც არა მარტო საზოგადოებისათვის, თავად მისი გუნდის წევრებისათვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

დილით საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატი აცხადებდა, რომ პრემიერის გადადგომაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ნაწილი ფრთხილად აღნიშნავდა, რომ ამ თემის განხილვა კოალიციაში იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მით უმეტეს, რომ ორი დღის წინ პრემიერის პოსტზე მყოფმა ღარიბაშვილმა მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად 2 დღეში წარმატებული პრემიერი “საკუთარი ნებით” გადადგა და არც ცდილა მიზეზის ახსნას.

პოლიტოლოგების ნაწილისა და ოპოზიციის თქმით, ღარიბაშვილი საკუთარი სურვილით არ წასულა და მის გადადგომაში, დიდი ალბათობით, უდიდესი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა. მიზეზი კი ის ხარვეზები იყო, რაც მისი 3-წლიანი პრემიერობისას მთავრობამ დაუშვა, რიც გამოც ხელისუფლებას მხარდამჭერები მოაკლდა – ეს იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ლარის გაუფასურება, ასევე პრემიებთან დაკავშირებული სკანდალები, პლუს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი შეცვლით კი კოალიცია წინასაარჩევნო წლის დასაწყისში რადიკალური განახლების, ახალი ტალღის იმიტაციის შექმნას ცდილობს.

კულუარებში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო წელს ღარიბაშვილის გადაყენება გადაწყვეტილი იყო, ეს იანვრის ბოლოს ისედაც იგეგმებოდა და ამას წინასაარჩევნო რებრენდინგი უნდა დარქმეოდა, სადაც ღარიბაშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიას უნდა ჩასდგომოდა სათავეში. ის საარჩევნო სიის პირველ ნომრად განიხილებოდა, თუმცა მისი წასვლა ამ დღეებში ყველასთვის მოულოდნელად დაჩქარდა და ეს შესაძლოა, მედიაში გავრცლებულ იმ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძეს ღარიბაშვილი ლობირებს. სამართლიანობის აღდგენის პროცესში არსებული დაბრკოლებების გამო საზოგადოებაში ისედაც დიდი იმედგაცრუებაა და ამ ფონზე მურუსიძის ლობირებაზე ცნობა კოალიციისათვის უკიდურესად წამგებიანიად ჩაითვალა.

სად წავა ღარიბაშვილი ან ვინ დაიკავებს მის სავარძელს? ჯერჯერობით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე ღარიბაშვილი პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, ისევე როგორც მთელი კაბინეტი.

იქნება თუ არა, როგორც დაგეგმილი იყო, კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და/ან სიის პირველი ნომერი, ჯერ უცნობია.

ღარიბაშვილის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება და მასზე საუბარი კულუარებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკონომიკის მინისტრობიდან პირველ დიპლომატად დაინიშნა. არაოფიციალურად ასევე სახელდება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, როგორც საზოგადოების თვალში ყველაზე პოზიტიური მინისტრი – საყოველთაო ჯანდაცვისა და ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული უფასო პროგრამის გამო. პლუს სახელდება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც. სამივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვაა, თუმცა ამ სამიდან ყველაზე მეტად მაინც კვირიკაშვილის კანდიდატურაზეა საუბარი.

“კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული,” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და დაადასტურა, რომ პრემიერის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არსებობს სხვა კანდიდატურებიც.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

“ალბათ პარასკევს ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ… პარასკევს ალბათ ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მანამადე კი, მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, როგორც მოვალეობის შემსრულებლები, გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის გამო მთავრობაც გადამდგარად ითვლება და მაქსიმუმ 7 დღის ვადაში პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ახალი პრემიერი უნდა დაამტკიცოს. ამისათვის უმრავლესობა, 76 ხმაა საჭირო, უმრავლესობაში კი 84 დეპუტატია და 76 ხმის მოგროვება პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი მმართველ ძალას წინასწარ ვადამდელი არჩევნები არ აქვს დაგეგმილი.

“პროცედურა ასეთია: საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასახელებს და პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. ყველაფერი შვიდი დღის ვადაში უნდა მოხდეს. შემდგომი შვიდი დღის ვადაში პრემიერის კანდიდატი მთავრობის ახალ წვერებს ასახელებს და კიდევ შვიდი დღის ვადაში პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და ახალ პროგრამას ნდობას უცხადებს. თუ ნდომის გამოცხადება მოხდება, ძველი მთავრობა უფლებამოსილებას წყვეტს. მაქსიმუმ 21 დღეში უნდა გადაწყდეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ჩვეულებრივი უმრავლესობის – 76 დეპუტატის მანდატი სჭირდება,” – ამბობს გიორგი გოცირიძე.

კანონით დასაშვებია, რომ ახალმა პრემიერმა მთავრობის იგივე შემადგენლობა დაასახელოს, ასევე შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს გუნდი. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, მთავრობის კაბინეტი რამდენიმე მინისტრმა დატოვოს, მათ შორის სახელდებიან – ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიასპორის მინისტრი გელა დუმბაძე. გარდა ამისა, თუკი პრემიერი კვირიკაშვილი გახდება, მის ადგილს პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, მაგრამ კითხვაზე, რატომ გადადგა პრემიერი, პასუხი არა აქვთ.

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაზე არაფერი იცოდა, მაგრამ ჰგონია, რომ ივანიშვილი ინფორმირებული იქნებოდა, რადგან “ირაკლი ფაქტობრივად მისი გაზრდილია”.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ თუკი ასეთი წარმატებული იყო მისი საქმიანობა, მაშინ მკაფიოდ უნდა აეხსნა, ამ წარმატების მიუხედავად, თანამდებობას რატომ ტოვებდა. ყოველივე ეს აშკარად ადასტურებს იმას, რომ ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მის ნაცვლად კი ამგვარ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ მიიღებდა. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის არაფორმალური მმართველობა გვაქვს, სადაც არაფორმალური მმართველი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას”.

“როგორც ჩანს, ის მიახვედრეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ვთვლი, რომ “ქართული ოცნებისთვის” წინასაარჩევნო წელს ეს მომგებიანი ნაბიჯი არ არის”, – აცხადებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე, – “ეს არის იმის დემონსტრირება რომ “ოცნებას” პოზიციები შეერყა და იძულებულია, პრემიერი გაეშვათ”.

რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

რა შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი?

გვანცა ღვედაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ამის შესახებ მან კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, მიზეზი არ დაუსახელებია. არადა, ორი დღით ადრე მან მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიში დიდი ზარზეიმით წარადგინა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, არჩევნების წინ “ქართული ოცნების” რეიტინგი მაინცდამაინც მაღალი არ არის. რა თქმა უნდა, პრემიერის გადადგომაში ივანიშვილი არის ჩართული და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ივანიშვილი არის კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი. მე ვფიქრობ, ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებს და ის იქნება ხელისუფლებაში 2020 წლამდე. მისი იდეოლოგია და მისწრაფებები აუცილებლად იქნება გაგრძელებული და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ პროცესში ჩართული. ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მას მეტის გაკეთება აღარ შეეძლო, ახლა მთავარია, ვის წარადგენს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): რა გითხრათ, ძალიან ბევრი მიზეზი არის, მაგრამ მთავარი ალბათ ისაა, რომ ახალი გუნდი არის საჭირო, რათა არჩევნებამდე მოხდეს ცვლილებები და ხალხს იმედი გაუჩნდეს, რაც მგონია, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ იმედი და რეალურად უკეთესობისკენ შეიცვლება რაღაცები.

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა, ამ გუნდში განხეთქილება ყოფილიყო და ასეც მოხდა. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ვერ შედგა ურთიერთობა, ალასანიას გუნდთანაც დაიძაბა ურთიერთობა, რამაც ძალიან დააკლო რეიტინგი “ქართულ ოცნებას”.

დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): არ ვიცი, რა შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი. მე მოვუსმინე მის ანგარიშს და არ მგონია, რომ მას საქმე გადადგომამდე ჰქონოდა, არ ვიცი, რა პრობლემა გამოუჩნდა, შეიძლება ეს იყოს რაიმე პირადი პრობლემა. არავინ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, მე ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი. კონკრეტულად მიზეზზე ვერაფერს გეტყვით.

გივი სიხარულიძე (მსახიობი): ღარიბაშვილის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. ეს იყო სწორედ მისი გადაწყვეტილება, მან მოისურვა ასე და ამიტომ გადადგა ღარიბაშვილი, სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს.

რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: “ოცნებიდან” ჟონავდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებდა

ია აბულაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მიზეზი, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ დაუსახელებია. არადა, გადადგომამდე ორი დღით ადრე მან სამწლიანი ანგარიშიც წარადგინა და ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ დღეს მთავრობის მეთაურის ცვლილება არა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, არამედ ჩვეულებრივი პარტიული მანევრია და მეტი არაფერი.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით “რეზონანსი” პეტრე მამრაძეს ესაუბრა:

«კარგა ხანია ჟონავს “ოცნების” წიაღიდან ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებდა. გახსოვთ ალბათ, შარშან დეკემბერში ივანიშვილმა წმენდა რომ მოაწყო და ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი და მათთან დაკავშირებული ადამიანები რომ გაათავისუფლეს. იანვარ-თებერვალში ისევ “ოცნების” წიაღიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ღარიბაშვილის წასვლა გადაწყვეტილია, ოღონდ ეს დროის საკითხია“, – ამბობს პოლიტოლოგი

- მაინც კონკრეტულად რა უნდა ყოფილიყო მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი? პრემიერს თავის გამოსვლაში ამის შესახებ მინიშნებაც კი არ გაუკეთებია.

- მიზეზი ალბათ არსებობს. ჩემი ვარაუდით, ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ალბათ არის, რომ ფართომასშტაბიან ნეპოტიზმს ვერ მოუარა. ასევე ივანიშვილს მიაჩნია, რომ იგი საკმარისად ეფექტური პრემიერი არ არის. ამაში მისი დარწმუნება კიდევ უფრო მეტად შეძლეს ივანიშვილთან ახლოს მდგომმა ადამიანებმა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ არჩევნები მოდის და საჭიროა, უფრო ეფექტური ადამიანი იყოს პრემიერ-მინისტრის პოსტზეო. როგორც ჩანს, მთელი ამ თვეების განმავლობაში ივანიშვილი თავს იკავებდა, მაგრამ მაინც დააჯერეს. არჩევნებამდე ათი თვეა დარჩენილი, ივანიშვილი ეცდება, რომ გაზარდოს “ოცნების” რეიტინგი. მართალია, ღარიბაშვილი დაბალი რეიტინგის მქონე არ არის, მაგრამ რადგან ხელისუფლების რეიტინგი დაბალია, მის ასამაღლებლად უფრო ეფექტიანი პრემიერი უნდათ.

- პირადი უკმაყოფილება ხომ არ შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- პირადი უკმაყოფილება გამორიცხულია, შეიძლება ივანიშვილს არ მოსწონდა, ღარიბაშვილმა რაღაც რომ ვერ გააკეთა, მაგრამ იცოდა, რომ თუ შენიშვნას მისცემდა, ღარიბაშვილი ამას აუცილებლად გამოასწორებდა. ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილს მიაჩნია, და სამართლიანადაც, რომ ღარიბაშვილი არის მისი ერთგული ადამიანი. იგი მართლაც იყო ივანიშვილის ერთგული და ერთგული დარჩა. ფაქტია ისიც, რომ პარტია უნდა გაძლიერდეს და მთავრობის მეთაური უფრო ეფექტიანი უნდა იყოს. ხალხს უყვარს ახალი სახეები და ეს ცვლილება შეიძლება საარჩევნოდ მომგებიანი აღმოჩნდეს “ქართული ოცნებისთვის”, ან პირიქით.

- მომავალ პრემიერად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრემიერი?

- სხვათაშორის კვირიკაშვილი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს; ადამიანი, რომელსაც დიპლომატიის და საგარეო ურთიერთობებში არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აკეთებს საჭირო და გონივრულ განცხადებებს და არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ ქვეყნისთვის საზიანო რაიმე ეთქვა, რასაც ზოგიერთ მინისტრზე ვერ ვიტყვი. ვინ შეიძლება გახდეს მომავალი პრემიერი, არ ვიცი. კვირიკაშვილის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანზე მითხრეს, მაგალითად, რკინიგზის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, თუ არ ვცდები, ბახტაძეზე.

- კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები თვლიან, რომ ღარიბაშვილის ინტელექტუალური რესურსი და ენერგია პარტიისთვის არ უნდა დაიკარგოს. სად შეიძლება გააგრძელოს ღარიბაშვილმა მოღვაწეობა?

- არავინ იცის, პარტიაში საორგანიზაციო მუშაობით ღარიბაშვილი უფრო ეფექტური იქნება თუ არა. გამორიცხული არ არის, რომ პარტიაში წავიდეს. შეიძლება რომელიმე ფონდის ხელმძღვანელად ან სულაც საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად. ჩვენთან ხომ ასეა, ჯერ მინისტრებად ინიშნებიან და მერე მიდიან სასწავლებლად.

- ამ ცვლილებას როგორ შეხვდება პრეზიდენტი?

- პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ვერ გეტყვით, როგორი იქნება, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკაში გარიგებები ყოველთვის ხდება. შეიძლება პრეზიდენტმა ახალ კაბინეტში რომელიმე მინისტრის დატოვება მოითხოვოს; ან ერთი-ორი მინისტრის სავარძელიც კი მოითხოვოს საკუთარი კანდიდატურებისთვის.

რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: პრემიერის შეცვლაოცნებისრეიტინგს გაზრდის

სალომე სარიშვილი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთანაა დაკავშირებული.

არჩილ გამზარდია: ვფიქრობ, პრემიერის გადადგომა ძირითადად დაკავშირებულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან. ერთი მხრივ, მთავრობის ოპტიმიზირება პოზიტიურ მოლოდინს აღძრავს, ხოლო მეორე მხრივ, ღარიბაშვილი, დიდი ალბათობით, აქტიურად იმუშავებს როგორც პარტია “ქართული ოცნების” განვითარებაზე და საარჩევნოდ მომზადებაზე, ისე საარჩევნო კამპანიის მართვაზე.

ამგვარი რებრენდინგი “ოცნების” რეიტინგზე დადებითად უნდა აისახოს. დანარჩენი პერსპექტივები კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდება “ქართული ოცნების” საარჩევნო სია და როგორ ეფექტურად განახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. თუკი “ოცნების” სიაში შემავალ გვარებს ადრე არავინ აკვირდებოდა, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამას სრულიად მედია და საზოგადოება დეტალურად შეიწავლის და ბრმად არავის გააპარებს.

- მედიაში უკვე გავრცელდა ღარიბაშვილის შემცვლელი სავარაუდო კანდიდატების გვარები, თუ გაქვთ თქვენი ვარაუდი პრემიერობის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით და როგორ აისახება ჯამში ღარიბაშვილის გადადგომაოცნებისრეიტინგზე?

- რამდენადაც ვიცი, ვარაუდი იყო გიორგი კვირიკაშვილზე, კახი კალაძესა და დავით სერგეენკოზე. ვფიქრობ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოიძებნება ისეთი სუბიექტები, რომლებიც მთავრობის მუშაობას არჩევნებამდე ეფექტურად მიიყვანენ. აქ ერთი მომენტია – როგორც კი მთავრობა იცვლება, მისი რეიტინგი მატულობს, რადგან საზოგადოების მხრიდან ჩნდება ახლი მოლოდინი.

- ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ საარჩევნო სიაში, შესაძლოა, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- თეორიულად, ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ჩემთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელია. მას ჩემთან საუბარშიც და ოფიციალურადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, დანარჩენი ძალისხმევა კი მთავრობის შექმნას მოახმარა. პირადად მე, დიდი ალბათობით, საარჩევნო სიასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის ყოფნას გამოვრიცხავ, ვინაიდან ამის მოტივაცია არ გააჩნია.

- მთავრობის რეიტინგი ახსენეთ. საინტერესოა, უკანასკნელი კვლევის შედეგებზე რას ფიქრობთ, რომელიცენდიაიმჩაატარა, შედეგების მიხედვით, “ოცნებისრეიტინგი მომატებულია

- დავიწყოთ კვლევის მეთოდოლოგიით, რამდენადაც ვიცი და ეს ინფორმაცია გავრცელებულიცაა, “ენდიაის” კვლევის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუს სახით შერჩევით გამოკითხვას ითვალისწინებს. ჩვენთან საზოგადოებრივი, აუდიტორიული მახასიათებლები, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, მათი მდგომარეობა პრაქტიკულად შესწავლილი არ არის, ამიტომ ნებისმიერი ასეთი კვლევა კითხვებს ბადებს და ლატარიის პრინციპზეა აგებული. შეიძლება ტენდენციები ასახოს, მაგრამ მაჩვენებლები ძალიან მცდარი იყოს, ამიტომ “ენდიაისთან” მიმართებაში სპეციალისტებს, და მათ შორის მეც, შენიშვნები გვაქვს როგორც მეთოდოლოგიაზე, ისე ანალიზზე.

როდესაც პასუხებს იღებ, პირდაპირი მოცემულობის კოპირება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში რამდენიმე პუნქტის განსაზღვრაა საჭირო – რამდენად გააზრებული ჰქონდა რესპონდენტს შეკითხვის არსი, რამდენად პროგნოზირებად პასუხებს იძლეოდნენ და ა.შ. გარდა ამისა, ამ გამოკითხვაშიც კი 60%-ზე მეტი ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხი მოფიქრებული არ ჰქონდა, დარჩენილი 40%-ის შედეგები კი ერთიან სურათადაა წარმოდგენილი, რაც ასევე ბევრ შეკითხვას ბადებს.

რამ მოახდინა “ქართული ოცნების” რეიტინგის ზრდა და “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგის შემცირება, ეს გაურკვეველია. ერთსა და მეორე მოცემულობას შორის მოვლენები უნდა არსებობდეს, რათა ეს საზოგადოებაზე არეკლილიყო. ვფიქრობ, ეს არა ობიექტური გარემოებები, არამედ პროპაგანდისტული მიზნებია. წინა კვლევაში, “ნაცმოძრაობის” რეიტინგის უპირატესობით გარკვეული მოთელვა მოხდა, თუ როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. ამის შემდეგ “ენდიაის” საზოგადოებამ ძალიან ირონიულად დაუწყო ყურება. მთელი ამ თვეების განმავლობაში არც “ნაცმოძრაობას” ჰქონდა იმის მიზეზი, რომ მისი რეიტინგი შემცირებულიყო და არც “ოცნება” იყო იმ კონკრეტულ პერიოდში პროდუქტიული.

რაც შეეხება ტენდენციებს, “ენდიაის” კვლევები ამას ასახავს და ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ რეალისტურადაც. შეუკამათებელი ინფორმაცია მათ კვლევებში დევს, მაგალითად: უმუშევრობასთან დაკავშირებული განწყობა, ხელისუფლებისა და ზოგადად, მთლიანობაში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური და კრიტიკული დამოკიდებულება. ეს არის თემა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, დანარჩენზე კი არსებობს ბევრი შეკითხვა.

„ალია“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

23 დეკემბერს, ბერა ივანიშვილის დაბადების დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი?

მიხეილ სახვაძე

23 დეკემბერს, ბერა ივანიშვილის დაბადების დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა… როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, ვითომ ეს უბრალო დამთხვევაა თუ რამე უცნაურობასთან გვაქვს საქმე? ეეჰ, იმდენი უცნაურობა და სისულელე გვინახავს ამ ქვეყანაში, აბა, რამ უნდა გაგვაკვირვოს? არაფერმა! ჰოდა, იმას ვამბობდი, 23 დეკემბრის დილიდან საინფორმაციო სააგენტოები გადაჭრელდა ვარაუდებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა.

თავიდან ითქვა, რომ აწ უკვე ყოფილი პრემიერი განცხადებას 14 საათზე გააკეთებდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა და დასახელდა ახალი დრო – 18 საათი… ვაახ, მივაჩერდით მთელი საქართველო ტელევიზორებს, მაგრამ უშედეგოდ – 20 საათზეო. დადგა საღამოს 8 საათიც და გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილი, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო (სტილი დაცულია):

„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ჩვენს გუნდთან გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე.

ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება. ასევე, ჩვენ მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებითა და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს – გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.

დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა მისსივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან.

გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად, ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა.

ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს მათი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის. ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

მე მინდა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს – ნუნუკას, ასევე, ჩვენს შვილებს – ნიკოლოზს, ანდრიასა და გაბრიელს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე – ჩემი ხალხისა და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ერის მფარველი. გმადლობთ!“

წასულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო… თუ სხვანაირადაა ეს გამოთქმა? ჰო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, აღარ გამოვეკიდები თითოეულ სიტყვაზე ირაკლი ღარიბაშვილს და დავემშვიდობები, ოღონდ დავემშვიდობები ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული, რადგან 2013 წლის 20 ნოემბრიდან, როცა 32 წლის ასაკში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, რატომღაც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ზუსტად ჩემი ასაკის ახალგაზრდა კაცი ქვეყნის განვითარებასა და აყვავებაზე მუხლჩაუხრელად იზრუნებდა, თუმცა… ისე, სულ კი გაკრიტიკებდით, ბატონო ირაკლი, მაგრამ აგერ, წასვლის განცხადებაზე კრინტს აღარ ვძრავ, რასაც ვერ ვიტყვი გია ვოლსკიზე, რომელმაც წასულს, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პანჩური მოგაყოლათ. რას ვგულისხმობ და აი, რა განაცხადა ბატონმა ვოლსკიმ (სტილი დაცულია):

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს გაცილებით მეტი შეეძლო ეთქვა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა, დაწყებული რთველის ჩაშლისა და რევოლუციური პროცესების წახალისებიდან, დამთავრებული ევროინტეგრაციის საკითხებზე, რუსეთთან ურთიერთობების იმ დუღილზე აყვანის მცდელობებზე, რომელსაც საქართველოში შეეძლო გამოუსწორებელი პროცესები დაეწყო და იმ გამოწვევებზეც, რომლებიც მიმართული იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების წინააღმდეგ სწორედ ამ მთავრობის, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პირობებში. მეტი შეეძლო ეთქვა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც მთავრობამ შემოიტანა და საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა თუნდაც სასამართლო სისტემაში, ძალოვან სტრუქტურებში. ალბათ, უნდა გვესაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმის თაობაზე, მთის კანონის თაობაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობისაა. დემოგრაფიისა და ჯანდაცვის სოციალური თემების ხელშეწყობის საკითხებზე.

კონსულტაციების საკმაოდ მწყობრი სისტემაა ჩვენთან ჩამოყალიბებული, როდესაც ყველამ იცის თავისი ადგილი, როცა ყველამ იცის ის დრო, როდესაც უნდა აკეთოს განცხადებები და ბიძინა ივანიშვილსაც, რასაკვირველია, აქვს ჩართულობა, მაგრამ არა ისე, როგორც სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები…“

წავიდა კაცი და რაღა საჭირო იყო ასეთი „წაკბენა“, ვერ გეტყვით, თუმცა მოდით, გია ვოლსკის აი, ამ სიტყვებზე გავამახვილოთ ყურადღება: კონსულტაციების საკმაოდ მწყობრი სისტემა გვაქვს და ყველამ იცის თავისი ადგილი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმაცო. ახლა, მეტი რაღა აღიარება გინდათ – ბიძინა ივანიშვილს რა ადგილიც აქვს „ქართულ ოცნებაში“, რთული მისახვედრი არ არის. შესაბამისად, გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდაო, რაც, რა თქმა უნდა, საერთოდაც არ არის გასაკვირი. მის გარეშე და მასთან შეთანხმების გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილი არც საკუთარი სურვილით წავიდოდა და მით უმეტეს, ვერც ვერავინ გაუბედავდა გაშვებას, თანაც პოლიტიკურ მოუსვლელში გაშვებას…

მოდით, ცოტა ხნით შეფასებებს შევეშვათ და იმას გეტყვით, რა ხდება, როცა პრემიერი თანამდებობას ტოვებს:

დავიწყოთ იმით, კიდევ ვის გაუყენებენ კუდიგორის გზას – არსებობს ვარაუდი, რომ პორტფელს ვერ შეინარჩუნებენ – განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასრულებს, რომელიც, ყველაზე პოპულარული ვერსიით, სავარაუდოდ, დაიკავებს კიდეც ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობას. კვირიკაშვილს კი მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე შეცვლის.

გავაგრძელოთ – ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ცხრამეტივე წევრს ავტომატურად შეუწყდა და ისინი ახლა მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებლები არიან.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და ის 7 დღის ვადაში ოფიციალურად დაასახელებს. ამის შემდეგ კანდიდატს ეძლევა 7 დღის ვადა იმისთვის, რომ წამოაყენოს მინისტრების კანდიდატურები, მომდევნო 7 დღეში კი პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, რისთვისაც პარლამენტს შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება. თუ პარლამენტი კანდიდატებსა და პროგრამას ნდობას გამოუცხადებს, პრემიერი პრეზიდენტმა 2 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. ასევე, 2 დღე ექნება მთავრობის ახალ მეთაურს მინისტრების წარდგენისთვის.

ახლა ძალიან საინტერესო მომენტი დგება, უცქირეთ – თუ მმართველი გუნდი კანდიდატურებზე ვერ შეჯერდება, პროცედურების გაჭიანურების გამო ახალი კანდიდატის წარდგენის შანსი საპარლამენტო უმცირესობას მიეცემა. გარდა ამისა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. კერძოდ, თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ასეთ შემთხვევაში, 30 დღის ვადაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მცდელობა კიდევ ერთხელ იქნება, თუმცა თუ კვლავ ვერ დადგა შედეგი, უმცირესობას, ანუ ორ მეხუთედს – 60 დეპუტატს ექნება საშუალება, თავად დაასახელოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურა და თუ ეს პროცედურაც უშედეგოდ დასრულდა, ადგება ეს ჩვენი პრეზიდენტი, დაითხოვს პარლამენტს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

არ არის გამორიცხული, პროცედურები დაჩქარდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გაჭიანურდეს და მაიმუნის წელს პრემიერ-მინისტრის გარეშე შევეგებოთ…

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის მოვალეობის შესრულება მინისტრთა კაბინეტის არსებულ შემადგენლობას დააკისრა. გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გაავრცელა:

„კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით ახლა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან 7 დღის ვადაში პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს“.

არა, რა, რა უცნაური პრეზიდენტი გვყავს, კაცო, მთავრობის მეთაური გადადგა და ჰო, რა უჭირს მერე, რომ დიდი ხანია, ურთიერთობა აეჭრათ, ქვეყნის მთავარსარდალი რომ ხარ, გამოდი, უთხარი ხალხს ერთი სიტყვა, დაამშვიდე, შეაშინე, დაუყვავე, ესეც შეწყალების კომისიის სკანდალი ხომ არ არის, ეს დედაარღნიანი, არა?!. ყველაფერზე მდივნებსა და მრჩევლებს უნდა აკეთებინოს განმარტება-განცხადებები? არ შეიძლება ასე, ააარააა!!!

როგორც აღვნიშნეთ, ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომაზე ინფორმაცია დილიდან გავრცელდა, რასაც, ბუნებრივია, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა

მაგალითად, ამ ამბავს მთლად პირველი თუ არა, ჰა, ჰა, მეოცე მაინც, როგორც მას სოციალურ ქსელში მოიხსენიებენ, თამაზაშვილების ოჯახთან დაახლოებული ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გამოეხმაურა:

„ნუ ფუთფუთებთ, „ნაცებო“, თქვენი გასახარი მაინც არაფერი მოხდება აწი. ერთი ბიძინა წავიდა სახლში და მეორე ირაკლი დაჯდება სახლში… გაკოცეეეთ“…

არ გაუმართლდა ნინო ჯღარკავას სარკაზმი – წავიდა ღარიბაშვილი, ოღონდ სად? აი, ეგ ჯერ არ ვიცით.

ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომას ლამის სადღეგრძელო მიუძღვნა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ, რომელმაც დიდი ალბათობით, იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო:

„წესიერი, ყურადღებიანი, პრინციპული, განათლებული, ოჯახისა და ქვეყნის მოყვარული. მე ამ შინაარსის სიტყვები მახსენდება ირაკლისთან მიმართებით. წარმატებები მას ყველგან, საიდანაც ქვეყნის სამსახურს მოინდომებს!“ და როცა, სავარაუდოდ, ზაზა გაბუნიამ იცოდა, რომ ღარიბაშვილი უნდა გადამდგარიყო, ზვიად ძიძიგურმა ისაო, არა, კაცო, რა ატამი, რი ატამი, არსადაც არ მიდის ჩვენი პრემიერიო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნება“ წყვეტს, ვინ იქნება პრემიერი და კოალიციის პოლიტსაბჭოს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

„ვრცელდება განცხადება, რის საფუძველზე ვრცელდება, როგორ ვრცელდება, რა ვრცელდება – რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. არავითარი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არის კოალიციის საბჭოში. კოალიცია წყვეტს, სხვათა შორის, ამ საკითხებს, პრემიერ-მინისტრი ვინ უნდა იყოს, პარლამენტი ამტკიცებს ამას. ამიტომ ნაკლები ჭორაობა და მეტი საქმე“…

აი, ეგ არის, რა, როგორ საქმეებსაც აკეთებს ზვიად ძიძიგური, ისეთივე ინფორმირებულია ზუსტად საკუთარი გუნდის მხრიდან – არ ვადასტურებო, ეგეთი ინფორმაცია კოალიციის საბჭოში არ არსებობსო. იიი, აბა, მოგვეჩვენა განცხადება გადადგომის შესახებ?!

პოსტის დატოვების შესახებ რომ უნდა გაეკეთებინა განცხადება, ზვიად ძიძიგურზე ადრე იცოდნენ ლექსო და ნუნუკა თამაზაშვილმა, რომლებმაც „ფეისბუკზე“ ერთი და იგივე ფოტო გამოაქვეყნეს – ფოტოზე აღბეჭდილია ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთერთი შეხვედრის შემდეგ ხალხს ხელის აწევით ემშვიდობება.

აგე, ბატონო ზვიად, „დაჟე“ ცოლმა და ცოლისძმამ იცოდნენ ეს ამბავი, თქვენ კი ქვეყანაში კი არა, გუნდში რა ხდება, მაგასაც ვერ აკონტროლებთ და ნორმალურია ახლა ეგ ამბავი?!

ნინო ჯღარკავასი არ იყოს, „ნაცმოძრაობაც“ აფუთფუთდა ინფორმაციის გაჟღერებისთანავე. გოკა გაბაშვილმა ისაო, ეს გადანაცვლებები ვითარებას ვერ შეცვლის, რეალური ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ხელისუფლება მთლიანად შეიცვლება და ივანიშვილი მმართველობას ჩამოშორდებაო:

„სულ ორი დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა წარმატებულია, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღება ან ამ დღეებში, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, მთავრობაშიც, ხელისუფლებაშიც კი ესმით, რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს გადანაცვლებები ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის, პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის, ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხელისუფლება მთლიანობაში დასრულდება არჩევნების გზით, როცა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა. სწორედ ამის წელი უნდა იყოს 2016 წელი“.

2016 წელი კი მაიმუნის წელია და ბევრ მაიმუნობასაც ველით პოლიტიკოსებისგან, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, მთლად ისეც არ გამაიმუნდება სიტუაცია, რომ პირი ქვისკენ მიქნია და „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდეს! ჩაკიდეთ ხელი „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ერთმანეთს და იალაა, მიბრძანდით პოლიტიკურ მოუსავლეთში, დაგვასვენეთ, შეგვეშვით, ოღრაშებო!..

არც გიგა ბოკერია ჩამორჩა თანაგუნდელს – ბიძინა უნდა წავიდეს და ე, მაშინ ეშველება ქვეყანასო:

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის გამოცვლა. ეს დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმაც. ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ლარი გაუფასურდა, გაიზარდა კრიმინალი, როდესაც მთავრობას მომავლის არანაირი ხედვა არ აქვს, რომ პრემიერი და მისი კაბინეტი გადადგეს. თუმცა, ამავე დროს ყველამ ვიცით, რომ ღარიბაშვილი, უბრალოდ, მარიონეტია, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის არის ერთპიროვნული მმართველი. მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ რთულ ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ ღარიბაშვილის გადაყენება ჩვენს ქვეყანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს. ერთადერთი პირობა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან გამოვყვანოთ, არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ამის დემოკრატიული პროცედურაა არჩევნები. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას არა ოლიგარქი, არამედ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს კომპეტენცია. ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წელს მიიღო მანდატი, გადააგდო ქართველი ამომრჩეველი, ამიტომ ეს მანდატი დაკარგა“.

ფრაქციის ლიდერის რა განცხადება იგულისხმა გიგა ბოკერიამ და გია ვოლსკიმ შუადღეზე დაადასტურა, რომ ღარიბაშვილის გადადგომაზე მსჯელობა არის, ოღონდ ჯერ ვერაფერს ვიტყვიო:

„არის ამ საკითხზე მსჯელობა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხზე ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ადმინისტრაციაში დასტური არ არის პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით. ამას გავიგებთ მოგვიანებით“.

აი, ბატონო ზვიად, გია ვოლსკისაც სცოდნია და თქვენ კიდევ ჭორებიო, ესაო, ისაო. კაცო, არ გახედებენ საქმეებში კოალიციის წევრები? ნწუ, ნწუ, ნწუ!..

მოდით, ვოლსკის ამ განცხადებასაც მივაქციოთ ყურადღება – ადმინისტრაციაში დასტური ჯერ არ არისო…

იმიტომაც გადაიდო ღარიბაშვილის გამოსვლა რამდენჯერმე, იმიტომაც დაიწყო ხვნეშით გამოსვლა, რომ არ უნდოდა, ბატონო, თანამდებობის დატოვება, არ უნდოდა და აიძულეს, აშკარად ძალიან სერიოზულად დაუყენეს საკითხი.

ჰო, ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გადადგომის შემდეგ აქტიურ პარტიულ საქმიანობას მიჰყოფს ხელს – „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს და კოალიციის სიის პირველი ნომერი გახდება, თუმცა რაღაც ლოგიკაში არ ჯდება ეს ამბავი – ჯერ ერთი, თავად ისაუბრებდა სამომავლო გეგმებზე და „ქართულ ოცნებაზე“ გულდაწყვეტილი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა, პოსტს კი ვტოვებ, მაგრამ შორს არსად მივდივარ, აგერ ვიქნები ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთადო. და მეორე – კაცი პრემიერი იყო და გადადგე იმისთვის, რომ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელო? ეს ჩამოლაბორანტებაზე ბევრად მეტი გამოდის და რა ვიცი, რა ვიცი…

როგორც უკვე გითხარით, ყველაზე პოპულარული ვერსიით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება, თუმცა სახელდება კიდევ რამდენიმე კანდიდატიც – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ასევე, რკინიგზის შეფი ირაკლი ბახტაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია.

სწორედ კვირიკაშვილის კანდიდატურაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული და გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი ვართ თავისუფალი ჩვენს არჩევანში. ამის მაგალითი ნამდვილად მისცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას. დღეს ძალიან ბევრი ზარი მივიღეთ ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომლებიც ნამდვილად არიან გაოცებულები და ნახევრად ხუმრობით ამბობენ, თქვენ, ქართველები, მართლა გვასწავლით დემოკრატიის გაკვეთილებსო“…

ე, ბიჭო, თუ ასე გაიხარებდნენ „ჩვენი უცხოელი კოლეგები“, აქამდე გადამდგარიყო ღარიბაშვილი და იქნებ ნატო-ს კარიც გაეხსნას, თუ მართლა ჩვენ ვუტარებთ დემოკრატიის გაკვეთილებს, ჰა?

ნატო კაი დროს გამახსენდა, თინა ხიდაშელმა რაღაც ბუნდოვანი განცხადება გააკეთა – ბიძინა ივანიშვილთან ჯიგრული ურთიერთობა შევინარჩუნეო:

„ვთვლი, რომ ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელმაც შევინარჩუნე ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. მე არც არასოდეს დამიმალავს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამას. როდესაც განსაკუთრებით მძიმე გადაწყვეტილებები მქონია, დამირეკავს და მითხოვია შეხვედრა. 90 პროცენტში ის უარს მეუბნება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხვდება ხოლმე. სრულიად აბსურდულად მიმაჩნია ის ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის, მაგრამ მესმის, როცა არაფერი აღარ გრჩება სათქმელი, უნდა მოიგონო ამბავი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მისი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი საზოგადოებისთვის, მაგრამ ის არ სარგებლობს ბოროტად ამ ავტორიტეტით“…

ისე, თავად ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ღარიბაშვილის გადადგომაზე, არადა თინა ხიდაშელს თუ დავუჯერებთ, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი საზოგადოებისთვის. ჰოდა, თუ ასეა, სად არის, რატომ დუმს ასეთი სერიოზული ცვლილების ფონზე?!

ბარემ დავით უსუფაშვილის შეფასებაზეც მოგახსენებთ და მოვრჩეთ ამით, დანარჩენს მომდევნო დღეები გვაჩვენებს – რა და როგორ იქნება:

„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე 4 წელია, ერთად ვიბრძვით, ვშრომობთ და ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის, საქმისთვის და პატივი ვცე მის თავისუფალ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, როგორც მან თავად განაცხადა“…

ისე, 23 დეკემბერს სანდრა რულოვსის დაბადების დღეც იყო და ნუთუ, ესეც მხოლოდ დამთხვევაა?!.

„ალია“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით ბიძინა ივანიშვილი გამოდის მართალი, თვითონ ღარიბაშვილი კი მტყუანი

პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობაც კი, დაბნეული იყო და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა მათ გუნდში.

რატომ იყო სიურპრიზი ღარიბაშვილის გადადგომა? რა ცვლილებები მოჰყვება მის წასვლას? ვინ დატოვებს მთავრობაში მინისტრის პოსტს და ვინ შეცვლის მათ? სად შეიძლება ვიხილოთ აწ უკვე ყოფილი პრემიერი? ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე? ვინ რჩება მოგებული სამთავრობო ცვლილებებით და რა ხდება „ოცნების“ კულუარებში?

„ალიას“ ესაუბრება იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელმაც ჩვენთან საუბარში ღარიბაშვილის გადადგომა და მოსალოდნელი სცენარები ჯერ კიდევ თვეების წინ დააანონსა:

ძალიან მოულოდნელად გადადგა ღარიბაშვილი, რა შეიძლება მომხდარიყო?

_ აუცილებლად მოუწევდა გადადგომა არსებულ სიტუაციაში. წინასაარჩევნო პროცესი კარზეა მომდგარი, ეს მთავრობა ყოველდღე დგამდა არაპოპულარულ ნაბიჯებს, არანაირი წინსვლა არ არის ფინანსურად, ეკონომიკურად, სოციალური ფონი მძიმეა. გარდა ამისა, პოლიტიკური სკანდალი დაიწყო პარლამენტის უმრავლესობაში, ვგულისხმობ, შეწყალების საქმეზე ელისაშვილის აქტიურობას და ხელისუფლება იძულებული გახდა, რაღაც ნაბიჯი გადაედგა, რადგან უცხოეთში ასეთ სკანდალებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მარტივი ამბავი მართლა არ არის. აქედან გამომდინარე, მე რომ ვფიქრობდი, ცვლილებები მოხდებოდა მაისში, დააჩქარა ამ მოვლენებმა. გარდა ამისა, მმართველი პარტიის რეიტინგი არის ძალიან დაცემული, ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი საშუალება, რომ მომხდარიყო ცვლილებები. ივანიშვილმა ეს ყველაფერი შეაფასა, იფიქრა, რომ წლის ბოლოს თუ გადადგამდა ამ ნაბიჯს, სიტუაციას მეტ-ნაკლებად შეცვლიდა. გამომდინარე აქედან, საახალწლო სიურპრიზი გააკეთა და მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეიცვლება.

ყველამ იცის საქართველოში, რომ სიტუაციას მართავს ივანიშვილი და ახალ პრემიერად, ან მინისტრებად ვინც არ უნდა დაინიშნოს, ამით არაფერი შეიცვლება...

- მთლად მასეც არ არის, როდესაც ივანიშვილი აპირებს არჩევნებზე მოსვლას ახალი დაპირებებით, სათქმელი უნდა ჰქონდეს, ჩვენ დაპირებები იმიტომ ვერ შევასრულეთ, რომ ვენდე ამ ახალგაზრდა ადამიანებს, მაგრამ ნდობა არ გაამართლეს და საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორება. ივანიშვილი ამ ნაბიჯით გამოდის მართალი, ღარიბაშვილი – მტყუანი, ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია.

და პრემიერის შეცვლით რა იცვლება მოსახლეობისთვის?

– ჩემი აზრით, სულ უნდა შეიცვალონ მინისტრები, იმიტომ, რომ კაბინეტი შეიცვალოს თვისობრივად, რადიკალურად და ახალი მთავრობის მიმართ მოსახლეობას მეტი იმედები გაუჩნდეს.

_ რამდენიმე მინისტრი სახელდება, ვინც შეიცვლება ზაქარეიშვილი, სანიკიძე, ხადური და გელა დუმბაძე. თქვენი ინფორმაციით, ვინ დატოვებს პოსტს?

_ მე როგორც ვიცი, მინისტრებიდან დარჩება მხოლოდ ჯანდაცვა და ლტოლვილთა მინისტრი, დანარჩენი შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ღარიბაშვილი იყო ცუდი და დანარჩენები კარგები არიან, ამიტომაც შეიცვლება.

კახიშვილს რაღას ერჩიან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია

– მე როგორც ვიცი, ისიც მიდის, იყო მსგავსი საუბრები.

თანამდებობებზე ახალ კადრებად ვინ მოიაზრება, გაქვთ ინფორმაცია?

– უცნობი სახეები იქნებიან, ცნობადს არავის შეიყვანენ, არ უნდა ასოცირდებოდნენ ეს ადამიანები ამ ხელისუფლებასთან.

ორი მთავრობის ფორმირება გვახსოვს ივანიშვილის და ღარიბაშვილის. მაშინ სერიოზული კრიტიკა იყო ექსპერტების მხრიდან, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა. როგორ ფიქრობთ, ოცნებისწარმომადგენელთა გარდა, ვინმე მოხვდება კაბინეტში?

– მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მუდმივი მთავრობა, ეს იქნება დროებითი, გარდამავალი, მაგრამ როდესაც არჩევნების შემდეგ დაიწყება ახალი მთავრობის ფორმირებაზე ფიქრი, მაშინ გავიგებთ, რას იზამენ. თუმცა, არა მგონია, სხვა ვინმე შეიყვანონ. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყნის მართვას მიიყვანს საშემოდგომო არჩევნებამდე.

ცნობადი პირებიდან ღარიბაშვილის პოსტზე კანდიდატებად სახელდებიან კვირიკაშვილი, სერგეენკო და ქუმსიშვილი. მათგან რომელი შეიძლება წარადგინოს ივანიშვილმა?

– ღარიბაშვილის გუნდიდან ვერც ერთი ვერ მოვა პრემიერად… მაშინ, რა გამოდის, ღარიბაშვილი არ ვარგოდა და დანარჩენები კარგები იყვნენ?

ღარიბაშვილზე რამე იცით? სად შეიძლება მოვიაზროთ?

– ღარიბაშვილი, პირველ ყოვლისა, შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად, ან კიდევ პროფესიული მიმართულებით – ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ყველაფერი მაინც პოლიტიკურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეეს, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრები მოვალეობის შემსრულებლებად დატოვა. როგორ ფიქრობთ, პრემიერობის მომავალი კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებული იქნება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ყველასთვის ცნობილია ივანიშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირების შესახებ.

– არაფერი შეუშლის ხელს მარგველაშვილს, რომ არ წარადგინოს დასახელებული კანდიდატი. მაგრამ გააჩნია, ვინ დაეკონტაქტება პრეზიდენტს ამ კანდიდატთან დაკავშირებით, მეექვსე და მეშვიდე რანგის პირებს არც დაელაპარაკება. თუ ივანიშვილმა იკადრა პრეზიდენტთან დალაპარაკება, ან პარლამენტის თავმჯდომარე (მით უმეტეს ერთ-ერთ კანდიდატად უსუფაშვილი განიხილება), მაშინ შესაძლებელია, მოიძებნოს საერთო ენა. სხვა შემთხვევაში ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია.

მერე, უღირს უსუფაშვილს არჩევნებამდე გარდამავალი მთავრობის პრემიერობა?

– ეგ უსუფაშვილმა უნდა ახსნას.

პროცედურულად მოვისმინეთ, რა და როგორ არის, მმართველმა პარტიამ უნდა წარადგინოს კანდიდატი, პრეზიდენტი დაეთანხმოს და წარუდგინოს პარლამენტს და უმრავლესობით ირჩევენ. მერე უკვე პრემიერი წარადგენს გუნდს. მერე რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა მინისტრობის რომელიმე კანდიდატს მხარს არ დაუჭერს?

– ზოგადად, მთავრობას სჭირდება პარლამენტის ნდობა, ეს ნიშნავს, რომ მთელი მთავრობაა არჩეული. იმ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი, მთავრობას – მთლიანობაში, მთავრობის პროგრამის მოსმენის შემდეგ კენჭი ეყრება, ანუ ნდობას გამოუცხადებს.

ივანიშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა შურისძიება თუ მოინდომა, შეიძლება პრემიერობის კანდიდატები ჩააგდოს და ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ?

– არ ესწრება ვადამდელი არჩევნები, დრო აღარ რჩება, საარჩევნო კამპანია მაისიდან იწყება. პრეზიდენტს კრიზისის შექმნა შეუძლია, მაგრამ ხელოვნურად კრიზისს არ გამოიწვევს ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში.

პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით გარედან ჩარევას გამორიცხავთ?

– შეიძლება მოხდეს ისეთი ჩარევა, რომელიც რეგულაციური სახისაა, თუ რაღაცა კრიზისი წარმოიშვა, შეიძლება ჩამოვიდნენ ამერიკელები, ევროპელები და უთხრან, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ და არ შეგექმნებათ პრობლემები და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისე, რომ ვიღაცამ თქვას, ეს უნდა იყოს პრემიერი.

რატომ, თავდაცვის მინისტრი ხომ ამერიკელებმა დაგვინიშნეს?

– თავდაცვის მინისტრი სხვა საკითხია, აქ მათი სტრატეგიული ინტერესებიც არის…

მაინც გაუგებარია, იმ ყველაფრის ფონზე, რაც პრემიერმა ანგარიშის წარდგენის დროს ილაპარაკა, მათ შორის წარმატებებზეც და რეფორმებზე, ამის მერე მის გადადგომას რით დაასაბუთებს ივანიშვილი? თუკი ღარიბაშვილი მართლაც წარმატებული იყო, მაშინ, რატომ ცვლიან?

– თქვენს გაზეთში მე ვისაუბრე, რომ მან ყველაფერი ტყუილი თქვა და არაფერი სწორი არ იყო მის ნათქვამში. მაგრამ მე ის უფრო მენიშნა, რომ პრემიერმა ანგარიში გააკეთა ცოტა ნაადრევად და არა, ახალ წელთან ახლოს, დეკემბრის ბოლოს _ 28, 29, 30 დეკემბერს. ეს რომ ამ დროს გაეკეთებინა, ჩავთვლიდი, რომ პრემიერმა წინასაახალწლო ანგარიში წარადგინა, მაგრამ, რადგან აქეთ გადმოიწია, ბუნებრივია, კითხვას აჩენს – რატომ გადმოწია? ამის ეჭვი არსებობდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, ღარიბაშვილის გადაყენება გადაწყვეტილი იყო და მან მოითხოვა, ანგარიში ჩაებარებინა და მერე წასულიყო.

_ კარგად გვახსოვს, ივანიშვილმა ღარიბაშვილი როგორი ზარ-ზეიმით წარადგინა, მისი გადადგომის შემდეგ კი, ორსიტყვიანი კომენტარიც კი არ გაუკეთებია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– აუცილებლად დაიდება მისი განცხადება, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის საქმიანობას აუცილებლად შეაფასებს, მის საქებარ სიტყვებს არ დაიშურებს, მაგრამ, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, ივანიშვილი აუცილებლად იტყვის, რომ ღარიბაშვილმა ვერ გაამართლა…

_ და იმას როგორ გაამართლებს, რომ თუ მთავრობის მეთაურად არ ივარგა, ის პარტიული სიის პირველი ნომერი რატომ ხდება?

– აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა სპეციფიკურია, პარტია მაინც პოლიტიკური პროცესია და ამ სიაში ერთი ადამიანის ნუმერაცია დიდს არაფერს წყვეტს.

კულუარებიდან ხომ არაფერი შეგიტყვიათ, რას ამბობენ ღარიბაშვილის გადადგომაზე უმრავლესობაში?

– თქვენს გაზეთში რომ ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, უმრავლესობის ერთმა დეპუტატმა მითხრა, რად გინდა ასეთი სიტყვებით საუბარი, ღარიბაშვილს ასე რატომ აკრიტიკებო? მიმტკიცებდა, რაც არ უნდა აკრიტიკო, კარგად მუშაობს და პრემიერად ბოლომდე დარჩებაო. დღეს დავურეკე და დაღონებულმა მითხრა, ვერ წარმოიდგენ, როგორ არ მინდოდა, შენს ზარზე მეპასუხაო.

მთელი დღის მანძილზე ქართული ოცნებისდეპუტატები დაბნეულები გამოიყურებოდნენ. ვოლსკი იყო ერთადერთი, რომელმაც ჩამოყალიბებული პასუხი გასცა. გამოდის, არ იყო შეთანხმებული ღარიბაშვილის გადადგომა პარტიასთან?

– ასეთ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი არავის არ უთანხმებს, მით უმეტეს, რიგით დეპუტატებს.

რომ შევაჯამოთ, ამ სამთავრობო ცვლილებით მოგებული ვინ რჩება. მარტო ივანიშვილი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყნის მძიმე მდგომარეობა მას გადააბრალოს?

– ივანიშვილს თავისი გეგმები აქვს, ამიტომ ეს ცვლილებებიც ადეკვატურია იმ რეალობისა, რასაც ვხედავთ, თუმცა ეჭვით ვუყურებ, რომ ივანიშვილს ამ ყველაფრიდან ჰქონდეს სხვა რაიმე მოგება.

„ალია“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილს თეა წულუკიანი უნდა მიჰყვეს. ბიძინა ივანიშვილმა მას დაავალა სასამართლო სისტემის რეფორმირება, მან კიდევ, ყველაფერი ჩააოხრა“

ლევან ჯავახიშვილი

იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, როცა მან სანდრო გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი ჩამოაკლო, კანონიერად მოიქცა. ასევე, კანონის ფარგლებში მოქმედებდა მაშინაც, როცა სულხან მოლაშვილს 8 წელი მიუსაჯა. მურუსიძე არ უარყოფს, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოსამართლეებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული და ფაქტობრივად, მარიონეტები, ძალოვანი უწყებების ნების უსიტყვო აღმსრულებლები იყვნენ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო შვილმკვდარ მამას და ყველას, რომ ერთადერთი, რასაც მაშინ ითხოვდნენ სასამართლოსგან, ის იყო, რომ მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია. შესაბამისად, აღჭურვილიყო პროკურორის უფლება-მოსილებით და გარდა შემსრულებლებისა, ვინც აღნიშნული დანაშაული მოახდინა, ემოქმედა ისე, რომ პასუხისგებაში მიეცა, ასევე, სხვა პირები, რომლებიც იყვნენ აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორები. მოსამართლეებსაც ჰქონდათ ხელ-ფეხი შეკრული, მოსამართლეებსაც არ შეეძლოთ, რომ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება საზოგადოებას სამართლიანად მიაჩნდა“, – აცხადებს უსირცხვილოდ ლევან მურუსიძე.

უსირცხვილოდ იმიტომ, რომ ამის თქმისთვის, სააკაშვილის სასამართლო სისტემის მხილებისთვის, მას 3 წელი ჰქონდა, მაგრამ დღემდე ხმა არ ამოუღია.

სხვათა შორის, მურუსიძეს ლოგიკურად პასუხობენ „ნაციონალები“ – „თუ მაგ ამბებში გასვრა არ გინდოდა, ან საქმე უკან დაგებრუნებინა გამოძიებაში, ან საქმის მასალები მიგეცა სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძისთვისო“, მაგრამ მას მსგავს რამეზე არც კი უფიქრია, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როცა მის კარიერას დაუმუქრა საფრთხე.

ლევან მურუსიძე კვლავ გააფთრებით იბრძვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიონ და თუ ეს მოხდა, ეს ხელისუფლება, დიდიან-პატარიანად კეტით უნდა გარეკო (რასაც ვერ იტყვი თინა ხიდაშელზე, რომელმაც განაცხადა – როცა მურუსიძის არჩევის გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, ირინა ენუქიძე უნდა გახსოვდეთო), ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რადგან ის არის მოთავე ბევრი უბედურებისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მან დააფარა ხელი ლევან მურუსიძეს და ფაქტიურად, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა, როცა განაცხადა, წესიერი ადამიანი გავიცანიო.

ლევან მურუსიძის განცხადებებზე, მისი მოსამართლედ დანიშვნის შანსებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე, „ალიას“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიესაუბრება:

- ბატონი ზაზა, ლევან მურუსიძე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად ცდილობს თავის წარმოჩენას, პატიოსან მოსამართლეობაზე თავხედურად დებს თავს – რა ვქნა, იმ დროის მოსამართლეები სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რაც კანონები იყო, იმ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდითო.

- ლევან მურუსიძე არის სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების მტერი და სირცხვილი, ეგ კაცი იყო სააკაშვილის რეჟიმის ერთერთი საყრდენი. არ შეიძლება, ხალხო, მაგის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნა, თანაც, უვადოდ. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. როგორ შეიძლება, ახლა, მე და შენ, საერთოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე უნდა დარჩეს თუ არა სასამართლოში? მურუსიძემ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც დააშავა, თუნდაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე. მურუსიძის წასვლა არის პრინციპული საკითხი, ეგ კაცი სასამართლოს რომ მოშორდება, სხვა მურუსიძეებიც მიჰყვებიან მას. ეგ თუ დაინიშნა სააპელაციოს მოსამართლედ, მაშინ კვლავ დაიწყება ის უკანონობები, რაც სასამართლო სისტემაში ხდებოდა. მურუსიძე შეგვიძლია განვიხილოთ სააკაშვილის უნამუსო მოსამართლეთა კლანის ლიდერად და ეს კაცი უნდა მოშორდეს თავის კლანიანად. ლევან მურუსიძე ვერ იქნება თავისუფალი მოსამართლე, როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნა, როგორი კანონებიც არ უნდა მისცე ხელთ. ეგ კაცი არის მონა, სხვისი დაკვეთების შემსრულებელი. გუშინ „ნაციონალების“ დაკვეთას ასრულებდა, თუ დანიშნეს, ხვალ „ქართული ოცნებისას“ შეასრულებს.

- პრესკონფერენციაზე მურუსიძემ ირინა ენუქიძეც ახსენა, რომელიც პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. მისი თქმით, ირინა ენუქიძე ღირსეული ქალბატონი იყო, ამ ჯილდოს იმსახურებდა, მაგრამ ამის ახლა გაკეთება, როცა პარასკევს წყდება იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა და არჩევის საკითხი, ეს გადაწყვეტილება ამ პროცესზე პოლიტიკურ ზეგავლენას მოახდენსო.

- ლევან მურუსიძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, საერთოდ არ ახსენებდა ირინა ენუქიძის სახელს. მურუსიძემ და სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მონებმა გააუბედურეს ირინა ენუქიძე, ზოგმა შვილი მოუკლა, ზოგმა კიდევ შეიწყალა მათი მკვლელები, ან სასჯელი დააკლო. ეს მურუსიძემ გააკეთა, კაცო, და ეს უკვე ზღვარგადასული ცინიზმია, როცა მურუსიძე ირინა ენუქიძეს ახსენებს. დიახაც, დღეში ასჯერ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, იუსტიციის საბჭოს წევრებს, რომ ლევან მურუსიძე იყო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, რომ არ აირჩიონ ის. რომელ ზეწოლაზე ლაპარაკობს, მით უფრო პოლიტიკურზე? მაგ კაცმა ნამუსი საერთოდ დაკარგა, ოღონდ მოსამართლედ დაინიშნოს, ყველაფერზე მიდის, უკადრისს კადრულობს. მურუსიძის იუსტიციის საბჭოს მდივნად არჩევა იყო ირაკლი ღარიბაშვილის ბრალი. ეგ მფარველობდა მურუსიძეს. კი, ღარიბაშვილი წავიდა, მურუსიძეს და მის კლანსაც ცუდად წაუვათ საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სხვა მფარველები არ ჰყავს და მთლად უპატრონოდ დარჩა. ღარიბაშვილს თეა წულუკიანი უნდა მიჰყვეს. ბიძინა ივანიშვილმა მას დაავალა სასამართლო სისტემის რეფორმირება, მან კიდევ, ყველაფერი ჩააოხრა, ჩიხში შეიყვანა თავისი გაუაზრებელი საკანონმდებლო ცვლილებებით რეფორმა. მათი ბრალია, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემიდან რომ ვერ მოვიშორეთ სააკაშვილის ნარჩენები და საზოგადოება დარჩა მოტყუებული.

ეს ორი ადამიანია პასუხისმგებელი მურუსიძის ასეთ გათამამებაზეც და ბევრ სხვა უბედურებაზეც, რაც სასამართლოში, პროკურატურასა და პოლიციაში ხდება.

- ირაკლი ღარიბაშვილმა, დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე გაუხსნა გზა მურუსიძეს?

- კი, მე ასე მგონია. მართალია, ივანიშვილია ამ ქვეყნის გამგებელი, მაგრამ ვფიქრობ, ღარიბაშვილმა ის დაარწმუნა, მურუსიძე კარგი კაციაო და ივანიშვილმაც ხელი აღარ შეუშალა იუსტიციის საბჭოს მდივნად მის არჩევას. ისე, ივანიშვილმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ასეთი ხალხი მოგვაშოროს, ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ მიგვიცია ხმა. არც თეა წულუკიანისთვის, ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ავირჩიეთ და მან უნდა შეუსრულოს პირობა ხალხს – „ნაციონალების“ ნარჩენებისგან გაწმინდოს ქვეყანა, `ლევან მურუსიძეები~ მოაშოროს და აღადგინოს სამართლიანობა. თუ არადა, ხალხი მოსთხოვს მალე პასუხს ივანიშვილს, ამ პასუხს კი 2016 წლის არჩევნებზე მიიღებენ ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“, მათ ხალხი მხარს არ დაუჭერს და ეგ იქნება.

- თქვენ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადეთ – ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევა იუსტიციის საბჭოში „ქართული ოცნების“ 3 წევრის – ევა გოცირიძის, პაატა სოფრომაძისა და გურამ გოგოხიას ხელშია, ხმა თუ არ მისცეს, მოსამართლედ ვერ დაინიშნებაო. ხომ არ იცით, მათი პოზიცია, აძლევს რომელიმე ხმას მურუსიძეს?

- არა, რამდენადაც ვიცი, არც ერთი არ აპირებს მურუსიძის არჩევას, არა მგონია, ასე მოხდეს.

- ამ სამეულზე რაიმე ზეწოლა ან სხვა სახის მცდელობა ხომ არ ყოფილა, რომ მურუსიძისთვის მხარი დაეჭირათ?

- მსგავსი არაფერი მსმენია, არა მგონია, რაიმე მაგდაგვარი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, მეცოდინებოდა.

- ხელისუფლებიდან თინა ხიდაშელმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, არ შეიძლება, მოსამართლედ აირჩიონ, ირინა ენუქიძე უნდა ახსოვდეთო. მოკავშირე გაგიჩნდათ ხელისუფლებაში და ხომ არ დაკავშირებიხართ, ერთობლივი ძალით რომ ებრძოლოთ მურუსიძეს?

- მადლობა მინდა ვუთხრა თინა ხიდაშელს ამ ვაჟკაცური განცხადებისთვის, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი კაცი ხმას ვერ იღებს ლევან მურუსიძეზე და სხვა უსამართლობაზე და ხიდაშელმა მათ აჯობა. კონსულტაციები არ გვქონია „რესპუბლიკელებთან“, მაგრამ ერთი საქმისთვის რომ ვიბრძვით, ეს კარგია და იმედია, გავიმარჯვებთ.

- თქვენ „ალიას“ განუცხადეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიასა და თეა წულუკიანს გადაეცით სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები, მაგრამ დამალესო. ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ 2-3 დღეში გაასაჯაროებდით ამ გადაწყვეტილებებს…

- კიდევაც გავასაჯაროებ. „ალიას“ და „კვირის ქრონიკას“ ექსკლუზიურად მივცემ ამ გადაწყვეტილებას და დაბეჭდეთ, თუ დაგჭირდათ, კომენტარებსაც გავუკეთებ ყველა გადაწყვეტილებას. ეს უკანონობა უნდა იხილოს საზოგადოებამ, ხალხმა უნდა იცოდეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რაზე დახუჭეს თვალი და ამას ხალხი თქვენი გამოცემების მეშვეობით შეიტყობს.

„ალია“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რას ნიშნავს სიტუაციური ოთახიდა ვისთვის კეთდება - პრეზიდენტისთვის თუ პრემიერისთვის?

ნინო ლაბარტყავა

აწ უკვე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ეროვნული „სიტუაციური ოთახი“ დაიწყებს ფუნქციონირებას: „მოქალაქეთა უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო თავდაცვისუნარიანობაზე არაა დამოკიდებული. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, გაჩნდა გარკვეული ვაკუუმი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთავრობის დაქვემდებარებაში, უსაფრთხოების საკითხებზე მაკოორდინებელი ორგანოსა და მისი ფუნქციების ზუსტი განსაზღვრა. სწორედ ამ ამოცანების შესრულებისთვის შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. უსაფრთხოების მიმართულებით სწრაფი და კოორდინებული მუშაობისთვის უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეროვნული „სიტუაციური ოთახი“.

რა არის ეროვნული „სიტუაციური ოთახი“? რატომ გაჩნდა მისი შექმნა საჭირო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოები არსებობს?

„ალიას“ უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

– დიდ ბრიტანეთში ამას ჰქვია ეროვნული „სიტუაციური ოთახი“ – „კობრა“. როდესაც რაიმე კრიზისული სიტუაციაა, ან, დავუშვათ, საომარი მდგომარეობაა, მთავრობა გადადის, ასე ვთქვათ, საგანგებო სიტუაციების რეჟიმში. ეს არის დაცული ტერიტორია, ბუნკერის ტიპის, სადაც არ აღწევს ბირთვული, ან საჰაერო დარტყმით მიყენებული ტალღა და ტერორისტებს, ან სხვა ექსტრემისტებს იქ შეღწევა გაუჭირდებათ. ეს არის აღნიშნული ოთახის იდეა. ახლახან პარიზში რომ მოხდა ტერაქტი და როცა საუბარი იყო, რომ პრეზიდენტი ოლანდი იყო თავდასხმის ობიექტი, ის სწორედ ასეთი ტიპის სიტუაციურ ცენტრში დაიმალა და თათბირი იქ ჩაატარა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კრიზისული მართვის სარეზერვო პუნქტი, საიდანაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს ქვეყნის მართვას. უფრო დაცულ ტერიტორიულ სივრცეში იქნება და ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკული იქნება. მაგალითად, როდესაც რუსეთმა ჰაერიდან დაბომბა თბილისი, დედაქალაქისკენ მოდიოდნენ და იყო შანსი, მომხდარიყო თბილისის ოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა გადადის საგანგებო სამუშაო რეჟიმის პირობებში.

დიდი ბრიტანეთის გარდა, სიტუაციური ოთახებიკიდევ რომელ ქვეყნებშია?

– ამერიკაშია, საფრანგეთი უკვე გითხარით, ბელგიაშია… ასეთი მოდელები, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს. პირველად მსგავსი ბუნკერი, თუ არ ვცდები, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა, სადაც დაბომბვები ხდებოდა და საგანგებო სიტუაციები იყო.

ალბათ, ამ ტიპის ბუნკერის ადგილმდებარეობა, მისი ფუნქციისა და შინაარსიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იქნება. საინტერესოა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ იქნება ცნობილი მისი მდებარეობა?

– ზუსტად ვერ გეტყვით… მაგალითად, ბრიტანეთში ეს ადგილი ნაკლებად არის ცნობილი, მოსახლეობა იგებს, რომ მთავრობა გადავიდა ეროვნული მართვის ცენტრში, ანუ „კობრაში“ შეიკრიბა, მაგრამ სად, როგორ, რა ვითარებაში, ეს ცნობილი არ ხდება ხოლმე. არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთშიც გაიხსნა ეროვნული თავდაცვის ცენტრი.

თქვენ უსაფრთხოების ექსპერტი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, ტერიტორიულად სად უფრო ჯობია სიტუაციური ოთახისაშენება? გამართლებული იქნებოდა მისი დედაქალაქში ფუნქციონირება?

– სპეციფიკიდან გამომდინარე, წესით და რიგით, სასურველი იქნებოდა მისი ქალაქგარეთ გაკეთება, თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში ეს ქალაქის შიდა ტერიტორიაზეა. მოკლედ, გააჩნია ქვეყანას, თავად დედაქალაქის მდებარეობას და იმას, რამდენად შეიძლება იყოს ქალაქი გარე ან სხვა სახის აგრესიის, შეტევის საფრთხის ქვეშ.

– „სიტუაციური ოთახიმხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული?

– ძირითადად, მასეა, თუმცა, თუ რაღაც ექსტრავაგანტური სიტუაციაა, მაშინაც ფუნქციონირებს ხოლმე. ეროვნული „სიტუაციური ოთახი“ მოქმედებს ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და არის საფრთხე, რომ მოხდეს ქვეყნის ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის პარალიზება. მაგალითად, როდესაც სამხედრო გადატრიალება მზადდება… ბუნებრივია, ამ ტიპის ბუნკერი ყველანაირად აღჭურვილი უნდა იყოს – სარეზერვო მართვის, განათების, კომუნიკაციური კავშირგაბმულობის დამატებითი სისტემებით, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ოპერატიულ საქმიანობას.

მაქსიმუმ, რამდენი ხანი შეიძლება ასეთ ბუნკერში ყოფნა?

– გააჩნია, ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტს და გააჩნია, რა ვითარება და პირობებია ქვეყანაში შექმნილი. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე დღით ან, მაქსიმუმ, ორ-სამ თვემდე, ალბათ. მე ჰიპოთეტურად გეუბნებით, თორემ შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი საათიც საკმარისი იყოს, როცა კრიზისი გადავა და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

საშუალოდ, რა ჯდება ამ ტიპის ბუნკერის აშენება?

– მაგალითად, რუსეთში ასეთი ცენტრის მოწყობა 100 მილიონი დოლარი დაჯდა… ეროვნული „სიტუაციური ოთახი“ კრიზისული მიმართულების ცენტრს იმაში ჰგავს, რომ მასში დროებით შეიძლება იყოს მუდმივი ოპერატიული მართვის ცენტრი – სამშვიდობო პერიოდში, დავუშვათ, ხდებოდეს ოპერატიული ინფორმაციის მიღება და ანალიზი, ეს ერთი და შემდეგ, კრიზისული მართვის პერიოდში, გადაკეთდეს განსაკუთრებული ტიპის ოთახად. ანუ იქ შეიძლება იყოს 24-საათიანი ოპერატიული ანალიზისა და მართვის ცენტრი, რომელიც სიტუაციას 24-საათიან რეჟიმში გააანალიზებს.

რამდენად საჭირო იყო სიტუაციური ოთახისშექმნა? მთავარ აგრესორთან თითქოს სიტუაცია ლაგდება

– ალბათ, ძირითადად, საუბარია ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით და შესაძლოა, ამის გაკეთება ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში იყო განხილული, რადგან ქვეყანასთან „დაეშის“ მოახლოებისა და „დაეშის“ ვილიაიეთის გახსნის საფრთხის მომენტი არის. არ ვიცი, ხელისუფლებას აქვს თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავრობა ერიდება სიტუაციის ამგვარ განვითარებას და ემზადება. „სიტუაციური ოთახის“ გაკეთება ლოგიკურიცაა, პარიზში მოხდა ტერორისტების თავდასხმა და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.

2008 წლის ომის შემდეგ, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რაღაც საიდუმლო თავშესაფარს აშენებდა. თუ იცით, ააშენა თავშესაფარი?

– მე მგონი, აშენდა. მე, როგორც ჩემი პირველადი განათლების, სამთოგეოლოგის კუთხით, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეს, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი. როგორც ჩანს, მარგველაშვილის იქ გადასვლა ამითაც ყოფილიყო განპირობებული. რეზიდენციაში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ვიზუალურად კარგად მაქვს დათვალიერებული შენობა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს მომენტები მათ გააჩნიათ. სავარაუდოდ, იქ სხვადასხვა გვირაბების სარეზერვო გასასვლელები და ქვემოთ არსებული კომუნიკაციური სისტემა არის, რომელიც საგანგებო ვითარების დროს იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება იყოს დაცული. შეიძლება, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ამის გამოც ყოფილიყო, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან შეიძლება, იქ პრემიერი და საქართველოს მთავრობა შესულიყო, ასეთ დიდ შენობას სხვა რომელიმე უწყებას არ გადასცემდნენ.

რა გამოდის, პრემიერმა პრეზიდენტის ჯინაზე გადაწყვიტა სიტუაციური ოთახისაშენება?

– რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ეს პრესინგის ერთ-ერთი მომენტია და მეორე, უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსნებათ, თავის დროზე რუსებმა შემოიყვანეს „ისკანდერები“ და საქართველო ბირთვული დარტყმის ქვეშ მოაქციეს. თუ ასეთი ბომბი დაეცა პრეზიდენტის სასახლეს, თავისუფლად შეუძლია, ის ნაკუწებად დაშალოს. როგორც ჩანს, ამერიკელებთან და სხვებთან კონსულტაციის შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა და დაიწყო ასეთი საპრეზიდენტო დაბრაზის მშენებლობა, სადაც თავშესაფარი და შესაბამისი კომუნიკაციური სისტემები არსებობს. ახლა პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, მთელი სახელისუფლებო ძალაუფლება გადასულია პრემიერის ხელთ, ადრე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს საპირწონედ შეიქმნა და გასაგები ხდება, რატომ მოხდა დაპირისპირება მასსა და პრემიერს შორის, გარდა იმ მომენტებისა, რაც ისედაც ცნობილია.

ანუ პრემიერმა ამ ოთახისაშენებს თავისთვის გადაწყვიტაისე, ქვეყნის მთავარსალდალი პრეზიდენტია და საგანგებო მდომარეობასაც ის აცხადებს

– კონსტიტუციით მასეა, თუმცა პრეზიდენტმა შეიძლება ბევრი რამ გამოაცხადოს, მაგრამ მისი იმპლემენტაციაა საჭირო. პრეზიდენტი, როდესაც ბრძანებას გამოსცემს, ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ვინ აღასრულებს ამას, ვინაა მთავარი? აღსრულების მექანიზმები პრემიერმინისტრს აქვს გადაცემული, ამაშია მთელი კურიოზი.

მერე, ეგ კურიოზი ისევ კონსტიტუციურ დონეზე უნდა გამოსწორდესდავუშვათ, პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ამ შემთხვევაში, მთავრობა გადავა სიტუაციურ ოთახში. წესით, მთავარსარდალი პრემიერთან და მთავრობასთან ერთად უნდა იყოს და ერთად დაგეგმონ ღონისძიებები, ხომ?

– რა თქმა უნდა. კონსტიტუციით პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსადრალი, მაგრამ პრეზიდენტი სად წავა… მას ბევრ რამეს არ ეკითხებიან. წესით, ამ ოთახში ყოფნის პრეროგატივა მას ეკუთვნის, მაგრამ ერთი მომენტია: უშიშროების ერთი საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტია და პრემიერსაც აქვს თავისი საბჭო, ანუ ორი უშიშროების საბჭოა შექმნილი. აქ ეს ვარიანტია: როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს დაცული ბუნკერი და პრემიერმაც ჩათვალა, რომ ასეთი ბუნკერი მასაც უნდა ჰქონოდა, მე ასე ვხედავ ამ საკითხს.

ღმერთმა არ ქნას და ქვეყანაში თუ რამე კატასტროფა მოხდება, – ბირთვული დარტყმა, სამხედრო გადატრიალება, საგარეო ან ტერორისტული საფრთხე – რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭოს აპარატი დაცულ ადგილას აღმოჩნდებიან. როგორც ჩანს, პრემიერს ასეთი ტიპის დაცული ოთახი არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, მან დააყენა ამ ტიპის ბუნკერის შექმნის საკითხი.

რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2015 წელი

ქართულ-რუსულ-სომხურ-ირანული თანამშრომლობა

ვახტანგ შამუგია

გუშინ, 23 დეკემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული, სომხური, რუსული და ირანული მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონულ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამან კი, ხელმომწერთა აზრით, უნდა შექმნას ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის თქმით, ერევანში გუშინ ხელმოწერილი მემორანდუმი ქვეყანას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები.

“დღეს ჩვენ ერევანში გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სომხეთისა და ირანის ენერგეტიკის მინისტრებთან, რუსული მხარის წარმომადგენელთან, ბატონ ბუდრუგინთან, სომხეთის პრემიერთან. ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს, ამიერიდან ელექტროენერგია ირანში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ სომხეთის გავლითაც გავიტანოთ, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როდესაც ჭარბი ენერგია გვაქვს, ირანში კი წელიწადის ამ დროს ენერგოდეფიციტია და მომარაგების დამატებითი წყარო სჭირდებათ, თავის მხრივ ზამთარში, როდესაც ჩვენთანაა დეფიციტი, შეგვიძლია ენერგიის ირანიდან იმპორტი,” – განაცხადა მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ კახა კალაძემ.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის, ერვანდ ზახარიანის თქმით, გაისად საქართველოსა და სომხეთს შორის 400 კვ/ტ-იანი სიმძლავრის ენერგოგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყება, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ენერგიის გადაცემას ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირიქით.

“მეტად მნიშვნელოვანი”, “მომგებიანი” და “სასარგებლო ოთხივე მხარისათვის” უწოდა ამ მემორანდუმს ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ხამიტ ჩიტჩიანმაც.

აღსანიშნავია, რომ ეს ხელშეკრულება მხოლოდ ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა მასში რუსეთის მონაწილეობა ქართულ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. ამ თემას აზერბაიჯანული მედიაც გამოეხმაურა. ბაქოსთვის არც თუ სასიამოვნოა მისი მოწინააღმდეგე სომხეთის, მოკავშირე საქართველოსა და არც ისე მეგობრული ირანის ერთობლივ ენერგო პროექტებში მონაწილეობა.

“საქართველო ცდილობს, საკუთარი მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა სარფიანად გამოიყენოს, თუმცა რუსული მხარის ფიგურირება ამ მემორანდუმში ნიშნავს იმას, რომ თბილისმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერევნისა და თბილისის მჭიდრო თანამშრომლობა ბაქოში არამეგობრულ ჟესტად იქნება ჩათვლილი, თუმცა როგორც საქართველო “ეკიდება გაგებით” რუსულ-აზერბაიჯანულ მეგობრულ ურთიერთობას, იგივეს აკეთებს ქართულ-სომხური ურთიერთობის შემხედვარე ბაქოც,” – განაცხადა პოლიტოლოგმა დავით კასრაძემ.

Comments are closed