globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): მთავრობის მოულოდნელი ცვლილება // გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართვისათვის ემზადება: საპარლამენტო არჩევნებამდე ათი თვით ადრე დანიშნულ ახალ პრემიერ-მინისტრს წინ მძიმე პერიოდი ელოდება

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): საქართველო – ტენდენცია დაქვეითებისაკენ? // არავინ იცის ნამდვილად, თუ რა მიზეზით გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის უკან მილიარდერი დგას

«Независимая гаазета» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ შესამჩნევად გაფერმკრთალდა // ახალი მთავრობა ძველი მინისტრებით

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოსთვის: შვებულება ციმბირში… თუ რომში?

«Allgemeine Zeitung» (გერმანია): ახალი სამშობლოს ძიებაში // ახალგაზრდა ქართველ ცოლ-ქმარს გერმანიიდან დეპორტაცია ემუქრება, თუმცა იმედი აქვთ თავშესაფრისათვის რომელიმე მესამე ქვეყანას იპოვიან

«Daily Sabah» (თურქეთი): ინტერვიუ ოქტაი ბატანსევერთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება მარტში განიმუხტება… ქართველები უმეტესად რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“

——————–

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 29 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/kwirikaschwili-soll-es-in-georgien-richten-1.18668884

მთავრობის მოულოდნელი ცვლილება

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართვისათვის ემზადება: საპარლამენტო არჩევნებამდე ათი თვით ადრე დანიშნულ ახალ პრემიერ-მინისტრს წინ მძიმე პერიოდი ელოდება

სტატიაში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც საქართველოში მთავრობის კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავს: აღნიშნულია, რომ 33 წლის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყნის ახალ მთავრობას 49 წლის გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. იგი წინამორბედთან შედარებით უფრო გამოცდილი და ზომიერი, თავშეკავებული პოლიტიკოსია (ავტორი – დანიელ ვეხლინი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ ერთი დანიშვნა განახორციელა – საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა, ანუ იმ თანამდებობაზე, სადაც ადრე თვითონ გიორგი კვირიკაშვილი მუშაობდა. ქართთული მასმედია წერდა, რომ შესაძლოა მთავრობაში რამდენიმე მინისტრი შეიცვალოსო (მაგალითად, ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი), მაგრამ გიორგი კვირიკაშვილს არავინ შეუვლია. 29 დეკემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობას პარლამენტი განიხილავს და სავარუდოდ, ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მისი გადადგომის ნამდვილი მოტივები უცნობია. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, 2013 წლიდან დაწყებული, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მისაღებად და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე გაისად „შენგენის ზონაში“ უვიზოდ იმოგზაურონ. გარდა ამისა, ნელ-ნელა მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესიც, ვითარდება ვაჭრობა, ხოლო ამას წინათ მოსკოვმა მზადყოფნა გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და საერთოდ, მისი გაუქმების თაობაზეც, პირველად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ყურადღებას უთმობს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გადადგომის თაობაზე: „მან საკუთარ თავს სამშობლოს ჯარისკაცი უწოდა და დადებითად შეაფასა მთავრობის მუშაობა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა სინამდვილეში მთლად ასე არ არის: პატარა კავკასიური ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი კლებულობს და 2015 წლისათვის დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად მხოლოდ 2,8%-ით მოიმატა. საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა… მოკლედ, საქართველოც კრიზისმა მოიცვა, ფასებმა მოიმატა, უმუშევრობის დონე ოფიციალურად 15%-ია, არაოფიციალურად კი ორჯერ მეტი. ფართოდაა გავრცელებული სიღარიბე. შესაბამისად, მოსახლეობაში უკმაყოფილება იზრდება: ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ პოპულარობას კარგავს,  მხარდამჭერები აკლდება, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ კი ძალას იკრებს. ამ ფონზე გავრცელდა ხმები, რომ თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ გადადგა, რომ იგი სათავეში ჩაუდგება მმართველი პარტიის მომზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რათა უკეთესი სასტარტო პირობები უზრუნველყოს. ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ უხეში მოქმედებით გამოირჩეოდა თავისი პოლიტიკური ოპონენტებისადმი: მან „ნაცმოძრაობა“ კრიმინალურ ორგანიზაციად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამ პარტიას პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ უნდა ჰქონდესო.

ირაკლი ღარიბაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობდა, რომლის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბოლო მოუღო „ერთიანი ნაცმოძრაობის“ სახელისუფლებო მონოპოლიას და ამით საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქის დასრულება ამცნო. როგორც თბილისელი პოლიტოლოგი ლევან ნატროშვილი ამბობს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში პროგრესი ნამდვილად არის, მაგრამ „გრძელდება ქვეყნისადმი არაფორმალური ხელმძღვანელობაც“, არის რეფორმების განხორციელების შენელების საფრთხეც. ბიძინა ივანიშვილი კვლავ არაოფიციალურად მონაწილეობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, მას გარკვეული წვლილ მიუძღვის აგრეთვე „რუსთავი-2“თან დაკავშირებულ სკანდალურ ამბებში, სახელმწიფო სტრუქტურებში კი ადამიანების დასაქმება კვლავ „ნათელ-მირონობისა“ და ნათესაობის პრინციპით ხდება. გარდა ამისა, ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ-ბანკის“ დირექტორი იყო“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 29 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.sueddeutsche.de/politik/georgien-im-abwaertssog-1.2798706\

საქართველო – ტენდენცია დაქვეითებისაკენ?

არავინ იცის ნამდვილად, თუ რა მიზეზით გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის უკან მილიარდერი დგას

იულიან ჰანსი

რატომ გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გასულ კვირაში ესოდენ მოულოდნელად, ამის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. როგორც მან განაცხადა ტელევიზიით გამოსვლის დროს, იგი ხელს უწყობდა მშვიდობის განმტკიცებას, სტაბილურობას, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას და საერთოდ, საქართველომ რუსეთსა და ევროპას შორის ხიდები აღადგინა, „მაგრამ თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არ არის, ამიტომაც პრემიერ-მინისტრის პოსტს ვტოვებო“.

თბილისში ეჭვობენ, რომ 33 წლის პრემიერ-მინისტრს ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია. მან თავის ტელეგამოსვლაში ორჯერ მოიხსენია „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელდასმითაც იგი ორი წლის წინ პრემიერ-მინისტრი გახდა. ცნობილია, რომ მილიარდერი ქვეყნის მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამსახურებაა ის, რომ მან უარყო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დამკვიდრებული ავტორიტარული მართვის ტრადიცია და იმავდროულად ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი გააგრძელა, რომლის მიზანს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. სამწუხაროდ, ირაკლი რარიბაშვილის მტავრობამ ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. წარმოების ტემპებმა შესამჩნევად იკლო და მიმდინარე წლის დასაწყისში დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, წლის ბოლოს მხოლოდ 2,8%-ით მოიმატა. რუსული რუბლის დევალვაციამ ქართული ლარიც თან ჩაიყოლა. მატულობს ფასები, იზრდება უმუშევრობის დონე, რომელიც ოფიციალურად თითქოსდა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ რეალურად უფრო მეტია.

რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ საქართველომ შარშან ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ისიც, რომ ევროკავშირი მომავალი წლისათვის საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს გაუუქმებს, დადებითი მოვლენაა და ამას მოსახლეობა მიესალმება, მაგრამ ცუდია, რომ ეს ყველაფერი მათი ცხოვრების დონეზე არანაირად არ ასახულა. ამიტომაც უკმაყოფილება ნელ-ნელა ძლიერდება. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებით, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ რეიტინგს კარგავს, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახალი მთავრობის ახალმა პრემიერმა ქვეყანას და საზოგადოებას განვითარების სტიმული უნდა მისცეს, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ძველი რჩება. მისი დამტკიცება პარლამენტში 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.

სხვათა შორის, მთავრობის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, წინამორბედ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ-ეკონომიკურ იმპერიაში მუშაობდა: იგი 2006-2011 წლებში „ქართუ-ბანკის“ დირექტორი იყო, 2012 წელს კი, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მან ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა, მოგვიანებით კი, რამდენიმე თვის წინ, გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა. საკანონმდებლო ორგანოში ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას პრობლემები მოსალოდნელი არ არის: ყველა დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა 48 წლის გიორგი კვირიკაშვილს და მის მინისტრებს ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს.

———–

წარწერა ფოტოსურათზე:

საქართველოს მოსახლეობის ნახევრ მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს: ქრისტინე ჭკადუა და მისი ძმისშვილი მიშა თბილისის ჯურღმულებში („როიტერი“, დავით მძინარიშვილის ფოტო).

«Независимая гаазета» (რუსეთი), 29 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-12-29/6_gruzia.html

„ქართული ოცნება“ შესამჩნევად გაფერმკრთალდა

ახალი მთავრობა ძველი მინისტრებით

სტატიაში გადმოცემულია საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს ახალი მთავრობის შემადგენლობის განხილვის შედეგები: ნათელი გახდა, რომ 29 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის წევრებს უპრობლემოდ დაამტკიცებენ. მართალია, ოპოზიციურმა ფრაქციამ „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ უარი განაცხადა ხმის მიცემაში მონაწილეობაზე, მაგრამ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება არ გაუჭირდება – მას ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტში საკმარისი რესურსი აქვს (ავტორი – იური როქსი).

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ცვლილებები უმნიშვნელოა: „სამი წელი ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი. ჰოდა, პარლამენტში ყველა ერთად წარვსდგებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ნდობის მანდატს მივიღებთ და მუშაობას კვლავ ერთად გავაგრძელებთ. თუმცა, რასაკვირველია, არაა გამორიცხული, რომ რარაც შევცვალოთ“.

ოპოზიცია ახალი მთავრობის წევრების მიმართ ძალზე ნეგატიურადაა განწყობილი. როგორც „ერთიანი ნაცმოძრაობის“ (ყოფილი სახელისუიფლებო პარტიის) წარმომადგენელმა დავით დაჩიაშვილმა განაცხადა, ამ დღეებში არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, რომ მთავრობაზე რაიმე კარგი ეთქვა, არადა, თანამდებობებზე ისევ იგივე მინისტრები რჩებიან. „ნაციონალების“ აზრით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით და გიორგი კვირიკაშვილის მოსვლით არაფერი შეიცვლება, რადგანაც მინისტრთა კაბინეტს დე-ფაქტოდ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს: „ამ არაფორმალურ მართვას ბოლო უნდა მოეღოს“.

„ნაციონალთა“ ბრალდებები ხელისუფლების მიმართ ძალიან რადიკალურია და ობიექტურსაც ვერ ვუწოდებთ, კორექტულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ სულ მთლად უსაფუძვლოც არ არის: ფაქტია, რომ მმართველი კოლაიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი სულ უფრო კლებულობს, საზოგადოება მათი მოქმედებით გაღიზიანებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მოჰყვა. არადა, ლევან მურუსიძე ყველაზე მეტად სწორედ „გირგვლიანის საქმის“ შესახებ გამოტანილი უსამართლო განაჩენით გახდა ცნობილი – განაჩენით, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. „ცხადია, პარლამენტის არჩევნების დროს ამომრჩეველი ამ ყველაფერს გაიხსენებს“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

„ქართული ოცნების“ პოპულარობის დაცემაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის დაცემამ, ფასების მატებამ, ჩინოვნიკთა გადაჭარბებულმა პრემიებმა, პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებამ, „მეოცნებე“ დეპუტატების უპასუხისმგებლო განცხადებებმა (ერთლარნახევრად კვების თაობაზე), ნეპოტიზმმა და სხვა უამრავმა ნეგატიურმა მოვლენა-პროცესმა. ცალკე საუბრის თემაა თბილისის „მეოცნებე“ მერის დავით ნარმანიას საქმიანობის ნეგატიური ასპექტები. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს ფაქტორები უარყოფით გავლენას ახდენენ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე.

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ორიოდე წლის წინათ „ქართული ოცნების“ შესაძლო წარუმატებლობაზე საუბარი მხოლოდ  ღიმილს იწვევდა, დღეს უკვე ასეთ თვალსაზრისს აბსურდულს ვეღარ უწოდებ. კი, „მეოცნებეები“ ხელისუფლებას, ალბათ, შეინარჩუნებენ, მაგრამ ეს მოხდება უპირატესად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და იმ მიზეზიტაც, რომ ოპოზიცია შედარებით სუსტია: მთავარ ოპოზიციურ ძალას – „ნაცმოძრაობას“ თავისი რესურსის გაზრდა 16-18%-ზე მეტად აღარ შეუძლია, დანარჩენი პარტიები კი ნაკლებად ქმედითუნარიანნი არიან. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, ყველაზე ოდიოზური გადაწყვეტილებების შეცვლა მოუწევს, ახალ პრემიერ-მინისტრი კი, უშუალო მოვალეობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკური ატმოსფეროს გაუმჯობესებითაც იქნება დაკავებული. იგი იძულებული იქნება არადგინოს კომუნიკაციები სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ ძალებთან, პირველ რიგში კი – პრეზიდენტთან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/volker-herbst-on-visa-liberalization/3121962.html

ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოსთვის: შვებულება ციმბირშითუ რომში?

ია მეურმიშვილი

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამტკიცებას ვაშინგტონში დიდ წარმატებად აფასებენ. ეს საქართველოს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რაც ევროკავშირის მიერ იმის აღიარებაცაა, რომ საქართველო ეკონომიკურ ბლოკთან ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს სისტემურად ახორციელებს.

ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პარალელურად, კრემლმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლაზე დაიწყო საუბარი. ყოველწლიურ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, „ჩვენ ვფიქრობთ, მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის.“ პუტინის ეს განცხადება ევროკავშირის მსგავს განცხადებას ერთი დღით უსწრებდა.

პუტინის განცხადება საქართველოში პრო-რუსული სენტიმენტების გაღრმავებას ემსახურება.  რუსეთთან უვიზო რეჟიმის ერთადერთი პრაქტიკული დანიშნულება საქართველოსთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება იყოს.  ამ ეტაპზე რთული სათქმელია რამდენად მომგებიანი იქნება ეს ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკისთვის.  გარდა ამისა, საეჭვოა ისიც, თუ რა პირობები ჩაიდება ვიზების გაუქმების სანაცვლოდ საქართველოსთვის და რა მექანიზმები ექნება საქართველოს მათი დაცვისა და აღსრულებისთვის.  იმის ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კრემლი შეთანხმების პირობებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცალმხრივად არღვევს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა.

იდეალურ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე რუსეთთან საქართველოს ეკონომიკას დააწინაურებს. თუმცა, ამ შეთხვევაშიც საკითხავი ის არის, თუ რის სანაცვლოდ მიიღებს საქართველო ამ “პრივილეგიას.”  ევროპასთან ეს პირობები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ უფრო მკაფიოდ გაირკვა. ისინი ძირითადად დასავლური ღირებულებების გაღრმავებას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას და საზოგადოების მხრიდან ევროინტეგრაიციის მიმართ ერთგულებას გულისხმობს.

რუსეთის მხრიდან ეს პიროებები გაურკვეველია. კრემლი აცნობიერებს, რომ საქართველოში მკაფიოდ პრო-რუსული ძალა ხელისუფლებაში ადვილად ვერ მოვა და შესაბამისად, მთავრობაზე ზეწოლის მოხდენას – თუ მისთვის რუსეთის მიმართ შედარებით რბილი პოლიტიკის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას – საზოგადოებრივი აზრის შექმნით ცდილობს. გარდა ამისა, „პრივილეგიის“ შეთავაზებით, კრემლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს ქვოს ახალ რეალობად დამტკიცებად ცდილობს.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაანახა, რომ კარგად ესმის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ფასი. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა არჩევანი სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს.

„შეგიძლიათ შვებულებაში წახვიდეთ ციმბირში, ან წახვიდეთ იტალიაში. ჩემი აზრით, იტალიაში წასვლა სჯობს. ის საზოგადოებები, რომლებიც, ლიბერალური, დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობენ, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე მეტად ზრუნავენ. საქართველოს ასეთი საზოგადოების აშენების შანსი კიდევ უფრო გაეზრდება იმ შემთხვევაში, თუ იმ თანამეგობრობის წევრი გახდება, რომელიც ამ ღირებულებებს იზიარებს.“

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი საქართველოში დასავლეთის მიმართ გულგრილობის მომატებას თეთრი სახლის მიმდინარე პოლიტიკას უკავშირებს.  თუმცა აცხადებს, რომ დასავლეთის ამჟამინდელ მხარდაჭერას უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გარდა ამისა, „დასავლეთთან პარტნიორობით საქართველო ყველაფრისგან დაცული არ არის, თუმცა კრემლის აგრესიის წინააღმდეგ დაცვის გარკვეული მექანიზმები აქვს. ორიენტაციის რუსეთისკენ აღებით ეს მექანიზმებიც მოიხსნება და საქართველოს გრანდიოზული კორუფციისა და ეკონომიკური უკუღმართობის პირობებში მოუწევს არსებობა,“ აცხადებს ყოფილი დიპლომატი.

ჰერბსტს მიაჩნია, რომ თუ საქართველოში საზოგადოება ამ არჩევანს მკაფიოდ ვერ ხედავს, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია გართულდება, რადგან „დასავლეთში ყოველთვის იქნებიან სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო რთული ქვეყანაა“ და მის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რესურსს არ დახარჯავენ.

საქართველოში ხშირად ხდება ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ურთიერთგამომრიცხავ თემებად წარმოჩენა. ასევე ისმის მოსაზრებები, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ევროპაზე უარის თქმას ნიშნავს. სენტიმენტების ამ ფორმით ჩამოყალიბება მხოლოდ კრემლს აწყობს. ახლოვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას რუსეთთან ვაჭრობა, მშვიდობიანი ურთიერთობა, სადავო თემებზე პარტნიორების დახმარებით პოლიტიკური დიალოგის წარმოება ხელს უდავოდ შეუწყობს.

გრძელვადიან პერსპექტივაშის კი საქართველოს საზოგადოებამ ის უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურს – რუსეთის თუ ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის მსგავსის. ჰერბსტი ამბობს, რომ „საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს და არა ბრიუსელის ან ვაშინგტონის მომავალს.“

«Allgemeine Zeitung» (გერმანია), 28 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.azonline.de/Gescher/2216690-Junges-Paar-aus-Georgien-fuerchtet-sich-vor-der-Abschiebung-und-hofft-auf-einen-sicheren-Drittstaat-Auf-der-Suche-nach-Heimat

ახალი სამშობლოს ძიებაში

ახალგაზრდა ქართველ ცოლ-ქმარს გერმანიიდან დეპორტაცია ემუქრება, თუმცა იმედი აქვთ თავშესაფრისათვის რომელიმე მესამე ქვეყანას იპოვიან

სტატიაში გადმოცემულია ქართველი ცოლ-ქმრის – 29 წლის ლევან აბულაძისა და 24 წლის თამარ ბორძიკულის გერმანიაში მიგრაციის ამბავი. ლევანი და თამარი გერმანიაში მარტის თვეში ჩავიდნენ, ხოლო ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ გეშერში აპრილიდან ცხოვრობენ (ავტორი – ელენ ვენტკერი).

„ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, მათ გერმანიიდან დეპორტაციისა ეშინიათ, დეპორტაცია კი, როგორც ჩანს, გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, მათ ადვოკატი ჰყავთ და გერმანიის წითელი ჯვარი უწევს დახმარებას, რომელსაც რეპატრიანტებისათვის საკონსულტაციო პუნქტი აქვს გახსნილი. ლევანს და მისი მეუღლეს იმედი აქვთ, რომ გერმანიიდან როგორმე რომელიმე მესამე ქვეყანაში წავლენ. ეს იოლი არ არის, თუმცა მათ წითელი ჯვრის იმედი აქვთ“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ ჩავიდნენ ქართველი ცოლ-ქმარი გერმანიაში?

როგორც ლევან აბულაძე ამბობს, იგი თბილისში იძულებით „დაავერბოვკეს“ უკრაინის სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის მიზნით, „მაგრამ ეს ჩემი ომი არ იყო“. ლევანმა ფეხმძიმე ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევა გადაწყვიტა. „გერმანიაში წადით“, – ურჩიეს ახლობლებმა. „შესაძლოა ჩვენი დეპორტაცია მოახდინონ, მაგრამ საქართველოში აღარ დავბრუნდებით“, – ამ სიტყვების წარმოთქმისას თამარი და ლევანი ღელავენ, მზერა დაძაბული აქვთ, მაგრამ როგორც კი შობა-ახალი წლის ქართულ ტრადიციებზე იწყებენ ლაპარაკს, თვალები უბრწყინდებათ. ქართველები ქრისტეშობას ბერძნული მართლმადიდებლური წესით – 7 იანვარს აღნიშნავენ, მორწმუნენი ტაძრებში იკრიბებიან და დღესასწაული დილამდე გრძელდება“, – უყვება ლევანი გაზეთის კორესპონდენტს და ქართული საშობაო სუფრის დეტალებს აცნობს: „არის ხაჭაპურები, ხორცის კერძები, შინაური ღვინო აუცილებელი ატრიბუტია“.  თარჯიმანიც მას კვერს უკრავს, იგი საქართველოში ნამყოფია და კარგად იცნობს მევენახეობის პროდუქტს. საქართველო განთქმულია თავისი ვენახებითა და მშვენიერი ღვინით.

ქართველები საახალწლო ნაძვის ხეს 31 დეკემბერს დგამენ, ახალ წელს კი ერთმანეთს ტკბილელულით უმასპინძლდებიან. ქართველებისათვის უცხოა ადვენტისტური ტრადიციები: „ჩვენთან გალობა მხოლოდ ეკლესიებში ხდება“. თარჯიმანი შობის შესახვედრად ლევანს და თამარს შობის დღესასწაულთან შეხვედრას პროტესტანტულ ეკლესიაში სთავაზობს და უხსნის, თუ როგორ მივიდეს ტაძართან.

გეშერში ქართული ოჯახი თავს კარგად გრძნობს, მოსახლეობა კეთილად ეპყრობა. სხვა ლტოლვილებთან ერთად ისინი ზრუნვას გრძნობენ – განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ალექსანდრე დაიბადა. ახალგაზრდა წყვილმა ერთმანეთი თბილისში, ერთ-ერთი კაზინოს რესტორანში გაიცნეს, სადაც ორივე მუშაობდა. „[თამარი] მშვენიერია, ძნელია ასეთი ქალის პოვნა“, – ამბობს ლევანი. დედამისი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბოლოს დათანხმდა. მათ ბევრი სიძნელე გადალახეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. ახალი წლის შემდეგ მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: იპოვონ სახელმწიფო, რომელიც მათ მიღებას დათანხმდება.

«Daily Sabah» (თურქეთი), 28 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.dailysabah.com/diplomacy/2015/12/28/russia-turkey-expert-row-with-moscow-will-ease-after-march-1451243513

ინტერვიუ ოქტაი ბატანსევერთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება მარტში განიმუხტება… ქართველები უმეტესად რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“

ინტერიუში  რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტი, თურქი პროფესორი ოქთაი ბათანსევერი საუბრობს რუსეთ-თურქეის ურთიერთობაზე, კავკასიის სახელმწიფოების პოზიციებზე, რეგიონული კომუნიაციების პერსპექტივაზე… მისი თქმით, ამ ეტაპზე თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა შენაჩუნებულია, მაგრამ სიტუაცია, სავარაუდოდ, დარეგულირდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, რომელიც გაისად მარტის თვეში უნდა გაიმართოს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე უკვე მეორე წელია კონფლიქტი „გამოცოცხლდა“ და სიტუაცია გამწვავებულია. თქვენი აზრით, იქნება თუ არა ომი?

- რასაკვირველია, თუ ორივე მხარის ცოცხალი ზალის დანაკარგებს გადავხედავთ, ცხადია, ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმება უხეშად ირღვევა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ომის მომასწავებელია. მოგეხსენებათ, არის ხოლმე ისეთი პერიოდი, როცა არც ომია და არც მშვიდობა. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მცდელობის გამოხატულება – გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე. სხვათა შორის, აზერბაიჯანის პარლამენტის ამასწინანდელი განცხადებას აშშ-სთან ურთიერთობის გადასინჯვის თაობაზე მე შეცდომად მიმაჩნია. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ბაქო მოსკოვს უახლოვდება. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანი დასავლეთს – შეერთებულ შტატებს და თურქეთს ჩამოაშოროს, რისთვისაც სომხურ ფაქტორს იყენებს. თუმცა მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი თავის პოლიტიკაში ბალანსს დაიცავს, ანუ საქართველოს მსგავსად იმოქმედებს.

- როგორ გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი აზეერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებზე, კერძოდ – ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის განხორციელებაზე?

- მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ მოხდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკულ პოლიტიკას დასავლეთი მხარს უჭერს. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი იმდენად დაუახლოვდება რუსეთს, რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრება, აზერბაიჯანელი ხალხი ამას არ დაუშვებს. აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი დასავლეთისადმი კეთილადაა განწყობილი. არის მომენტები, როცა ბაქოს დასავლეთთან პრობლემები უჩნდება, მაშინ ის რუსეთისაკენ იხრება ხოლმე და პირიქით.

- როგორ აისახება ეს მოვლენები საქართველოზე, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, რუსეთთან კი პრობლემური ურთიერთობები აქვს?

- დღეს საქართველო ადვილად ხდება მანიპულირებისა და გავლენის ობიექტი, რადგან მას შიდაპოლიტიკური კონფლიქტები აქვს. ამით რუსეთიც სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ, როცა  საქართველოში რამდენიმე მინისტრი გადადგა, ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყანას პოლიტიკური არასტაბილურობა აწუხებს.. მაგრამ თუ ქართველების პოლიტიკურ კულტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი უმეტესად რუსეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ქართველებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ შეიჭრა რუსეთი მათ ტერიტორიაზე. შესაბამისად, თბილისი მოსკოვისგან დისტანციას დაიკავებს. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება დაიმსახურა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მომავალშიც პროდასავლური და პროევროპული ქვეყანა იქნება. ჩემი აზრით, თბილისი თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, აქ ეკონომიკასა და სხვადასხვა გავლენიან დაჯგუფებებს შორის ბალანსი შენარჩუნდება.

Comments are closed