globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 29 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 29th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: გიორგი კვირიკაშვილის ახალი გზავნილები // “წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო”, “რუსული პროპაგანდის გაძლიერებით შეშფოთებული ვარ”, “პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობაში აღარ უნდა დაისვას”

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: “მინისტრთა კაბინეტი უნდა გადამდგარიყო”

„ვერსია“: ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა არასწორია“ // გახდებიან თუ არა რესპუბლიკელები კოალიციის ლიდერები, რატომ არ აქვს გამარჯვების შანსი პაატა ბურჭულაძეს და რა არის ორი მთავარ საფრთხე

ახალი თაობა“: მამუკა არეშიძე გარდაბნის გამგებლის პოსტს არ დათანმდა // „გარდაბნელებს მაჟორიტარის პოზიციიდან უფრო დავეხმარები“ (ინტერვიუ)

რეზონანსი: არარეალური სტატისტიკა ხალხს აღიზიანებს // “ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება მეთოდოლოგიას, თორემ საზოგადოება ალტერნატიულ გამოთვლას დაიწყებს”

რეზონანსი: შემცირებულია თუ არა უმუშევრობა საქართველოში?

რეზონანსი: ყველაზე ნეგატიური – დევალვაციაა, დადებითი – სოფლის მეურნეობის განვითარება // 2016 წელს სპეციალისტები ეკონომიკაში არც მნიშვნელოვან წინსვლას ელიან და არც მდგომარეობის გაუარესებას

რეზონანსი: აფხაზეთს რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ითრევს // “აფხაზეთისთვის თურქეთთან ურთიერთობის შეწყვეტა მომაკვდინებელია”

—————————-

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

გიორგი კვირიკაშვილის ახალი გზავნილები

წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო“, “რუსული პროპაგანდის გაძლიერებით შეშფოთებული ვარ“, “პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობაში აღარ უნდა დაისვას

სალომე სარიშვილი

“მომავალი პრემიერის მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან ახალ გუნდს გაცილებით რთული პროცესი ელოდება, ვიდრე 2012 წლის არჩევნები იყო.

“რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან კვირიკაშვილის შესაძლო სამომავლო ურთიერთობას, ეს არც შერიგებაა და არც თბილი ტონი, ეს გახლავთ დაზავება, რომელიც მხოლოდ 1 წელს, არჩევნებამდე გაგრძელდება”, – ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებზე, რომელიც მან გუშინ პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრისას გაახმოვანა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ოპოზიციურ პარტიათა შეკითხვებს უპასუხა და დეპუტატებს გარკვეულ საკითხებზე მისი დამოკიდებულება გააცნო. პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა – მათ შორის რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, 2013 წელს გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებებსა და პრეზიდენტის ინსტიტუტთან მის სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, 2013 წლის საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო. პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრისას კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისადმი” ხალხის დამოკიდებულება საარჩევნო დაპირებებით არ განსაზღვრულა და ეს არც ხმის მიცემის მიზეზი გამხდარა.

“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტიურა ჩვენი მხრიდან.

“რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია, მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქციონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო თავადაც შეშფოთებულია. “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას კი – “შეწყვეტს თუ განაგრძობს იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად”, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფება და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას.

“არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ, ცალკეულ პირებს აქვთ უფლება, ამ ტიპის განცხადებები გააკეთონ. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი, ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა და ისიც დაამატა, რომ უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომებს აუცილებლად დაესწრება.

“მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლად დავესწრები უშიშროების საბჭოს სხდომებს, როდესაც ის ჩატარდება”, – დასძინა კვირიკაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, კვირიკაშვილის განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, აქ მთავარი როლი მაინც პრაგმატიზმმა შეასრულა, რადგან მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტთან ახალი ფრონტი არ აწყობს.

“რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილის მიმართ პოზიცია შეიცვალა, ეს არარეალისტურად მიმაჩნია, თუმცა აქ ჩანს სუფთა პრაგმატიზმი – რა მოიგეს მთელი 2 წელი კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნისას? ამით მმართველმა პარტიამ მხოლოდ წააგო, ხოლო პრეზიდენტი სულ უფრო მეტ მორალურ ქულებს აგროვდებდა და საზოგადოებისგან კეთილგანწყობას იმსახურებდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტო რამდენჯერმე დაძლიეს, ამით მას მაინც არ წაუგია, ხალხში ის ყოველთვის იმარჯვებდა.

“ახლაც, როცა თემა მურუსიძის დანიშვნასა და ელისაშვილის ამბებს შეეხო, პრეზიდენტმა საზოგადოებაში მხოლოდ კეთილგანწყობა დაიმსახურა, მთავრობამ კი საპირისპირო მიიღო. ამით მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ახალი პრემიერის მესიჯები მხოლოდ წინასაარჩევნო ჟესტია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტის დემონსტრაციული დაკნინების მცდელობა მხოლოდ ღარიბაშვილისგან არ მოდიოდა.

“არავინ დაიჯერებს, რომ კვირიკაშვილი ივანიშვილის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას ემიჯნება, ეს მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ვინაიდან ახალ გუნდს გაცილებით უფრო რთული პროცესი ელოდება, ვიდრე 2012 წლის არჩევნები იყო”, – აცხადებს ცინცაძე და დასძენს, რომ ეს არც შერიგებაა და არც თბილი ტონი, ეს მხოლოდ დაზავება, რომელიც მხოლოდ 1 წელი, არჩევნებამდე გაგრძელდება.

“პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა, ახლა ყველაფერი მარგველაშვილზეა დამოკიდებული, თუმცა არ მგონია, რომ მან საკუთარი მორალური თამასის დაწევა გადაწყვიტოს, რადგან პრეზიდენტს ყველაზე ეფექტური გზა აქვს არჩეული – მან ხალხის თვალში საკუთარი ავტორიტეტის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი – მორალური ლიდერობის გზა აირჩია და ეს აბსოლუტურად გამართლებული მეთოდია, ხელისუფლებას კი მისი დამოუკიდებლობა სულაც არ აწყობს.

“თუკი კვირიკაშვილი საკუთარი მესიჯებით პრეზიდენტის ინსტიტუტთან ახალ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა, მაშინ მას უნდა ეთქვა, რომ წინა მთავრობის შერჩეული პოლიტიკა შეცდომა იყო, თუმცა მას ეს არ უთქვამს, ამიტომ ამ თემას მხოლოდ პოლიტტექნოლოგიის ჭრილში განვიხილავ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას სოსო ცინცაძე.

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: “მინისტრთა კაბინეტი უნდა გადამდგარიყო”

ლიკა ამირაშვილი

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარტია ახალი მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებს, რადგანაც ქვეყანაში პრობლემების მოსაგვარებლად სრულიად ახლებური მიდგომა და შემადგენლობაა საჭირო.

“ჩვენ ახალ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ, იმიტომ, რომ რეალურად ცვლილებები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა, ვერ დავინახეთ”, – თქვა “რეზონანსთან” ინტერვიუში ჩიქოვანმა, – ჩვენ რეალური სამთავრობო ცვილებები ვერ ვიხილეთ. პრაქტიკულად იგივე მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი გვყავს, რომელსაც აბასოლუტურად ანალოგიური პროგრამა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი არ იქნება. რა თქმა უნდა, პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი წინამორბედი პრემიერისგან განსხვავებულია. მას გარკვეულწილად ისეთი შეხედულებები აქვს, რომელსაც თავის დროზე ღიად აფიქსირებდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ივანიშვილის ეს მთავრობა წინა ივანიშვილის წინა მთავრობისგან განსხვავებული იქნება.

- “თავისუფალი დემოკრატები” ახალ მთავრობას მხარს თუ დაუჭერს?

- ჩვენ ახალ მთავრობას მხარს ვერ დავუჭერთ, იმიტომ, რომ რეალურად ცვლილებები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა, ვერ დავინახეთ. საუბარი მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვერ იქნება, რადგანაც მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამაში კონკრეტული მოქმედებები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, დაგვენახა, ჩვენი ქვეყანა საით მიდის, მითითებული არ არის.

- პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლების შესახებ აღარ დაისმევა, ასევე ის უშიშროების საბჭოს სხდომებსაც დაესწრება. როგორ ფიქრობთ, ეს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დათბობის დასაწყისი ხომ არ იქნება?

- ეს ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია. აღნიშნული კითხვა კვირიკაშვილთან ჩვენი ფრაქციის წევრმა ნინო გოგუაძემ დასვა. პრემიერობის კანდიდატის პასუხი კი საკმაოდ ადეკვატური იყო. თუმცა, დავინახავთ, საქმეში ეს როგორ განხორციელდება. მიუხედავად თანამდებობებისა, ყველა უნდა შეეგუოს, რომ კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ განხორციელდა მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებები?

- ამ გადაწყვეტილებით ის იყო ხაზგასმული, რომ თვითონ უმრავლესობის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ღარიბაშვილი ყოფილა. მგონია, რომ ეს სწორი და გუნდური დამოკიდებულება არაა. საქმე თუ რეალურ პრობლემებთან გვქონდა და მთავრობა ამის მოგვარებას აპირებდა, მას სრულიად ახლებური მიდგომა და შემადგენლობა სჭირდებოდა. მმართველობას, რომელსაც არჩევნებამდე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა, შეცდომების გამოსწორება ძალიან გაუჭირდება. თუმცა ამ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მიიყვანოს.

- ახსენეთ, რომ პრობლემების მოგვარებას სრულიად ახლებური შემადგენლობა სჭირდებოდა. თქვენ მინისტრთა კაბინეტის შეცვლას მხარს დაუჭერდით?

- მომხრე ვიყავი, რომ საერთოდ მინისტრთა კაბინეტი გადამდგარიყო. ვისურვებდი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უმრავლესობა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, დღეს ამ უმრავლესობას იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ პირველ რიგში შეცდომები აღიაროს და ამ შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოს. მეორე მხრივ, მათ კონკრეტული ხედვა და გეგმა არ აქვთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან გამოიყვანს.

„ვერსია“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ნიკა რურუასთან: „ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა არასწორია

გახდებიან თუ არა რესპუბლიკელები კოალიციის ლიდერები, რატომ არ აქვს გამარჯვების შანსი პაატა ბურჭულაძეს და რა ორ მთავარ საფრთხეზე საუბრობს ნიკა რურუა

ნინო კომახიძე

რას უკავშირებს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უცაბედ გადადგომას, რატომ დაჩქარდა პოლიტიკური მოვლენები წინასაახალწლოდ, რა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა „ოცნებამ“, ვინც ცდილობს კოალიციაში „ქალწულებრივი უმანკოების“ შენარჩუნებას და რატომ ვერ იქნება პაატა ბურჭულაძე 2016 წლის არჩევნებში გარდატეხის შემტანი ფაქტორი _ „ვერსიისთვის“ პოლიტიკურ შეფასებებს ნაციონალების გუნდის ექსმინისტრი, ყოფილი დეპუტატი, მოძრაობა „ივერიის“ ლიდერი ნიკა რურუა აკეთებს.

- ბატონო ნიკა, წლის ბოლოს და ახალი, საარჩევნო წლის დასაწყისში, პრემიერი ღარიბაშვილი გადადგა. რას ნიშნავს მოვლენების ასე სწრაფად შემობრუნება, თუ ეს არც მიგაჩნიათ სერიოზულ ცვლილებად?

- ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი არ ყოფილა – ქვეყნის ეკონომიკა ცუდ დღეშია, უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნები სახეზეა, მთავრობა გაზრდილი, ბიუროკრატია გაბერილი, პრემიები და დანამატები _ პიკზე, ხალხს კი ძალიან უჭირს. ამ ყველაფრის გამოსწორების პერსპექტივა ირაკლი ღარიბაშვილის ხელში ნამდვილად არ ჩანდა. ის არ იყო ეკონომიკაზე ორიენტირებული პრემიერი, რადგან, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მაამებლობით იყო დაკავებული. ის ანგარიშვალდებული იყო ივანიშვილის და არა ხალხის წინაშე, ამიტომ ეს პროცესი მისთვის ლოგიკურად დასრულდა. ღარიბაშვილი ხალხზე ორიენტირებული რომ ყოფილიყო, ასე იოლად და უმიზეზოდ ვერ მოიშორებდნენ.

- ამდენი პრობლემა ჩამოთვალეთ და ეს ყველაფერი სერიოზული მიზეზი არ არის?

- ეს ობიექტური მიზეზებია, მაგრამ ღარიბაშვილი მათ არც ეთანხმება და არც აღიარებს. მისი გამოსვლაც სუპეროპტიმისტური იყო. სამ ეკრანზე ერთდროულად მოგვევლინა, მიღწევებზე ისაუბრა, ასეთი მიზანსცენის ფონზე კი, უცებ, გადადგა, ვითომ, საკუთარი ნებით. ასე არ ხდება! ის ივანიშვილმა გადააყენა და სწორედ ესაა არაფორმალური მმართველობის მახინჯი ფორმა. მის მეპატრონეს, ივანიშვილს, რაღაც მომენტში, ღარიბაშვილი აღარ მოეწონა, ამიტომ აიღო და მოისროლა. ღარიბაშვილი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, რომლად ქცევის მოტივაციაც, პრინციპში, არც ჰქონდა, მეტს იზრუნებდა ხალხზე, ნაკლებს – ბიძინაზე და ასე ვეღარავინ მოისროდა. ახლა ყველა ივანიშვილის ხუშტურზე რომაა დამოკიდებული, ამიტომაცაა, რომ ,,ოცნება” დღეს ყველაფერს ხალხისთვის კი არა, ივანიშვილისთვის აკეთებს. შედეგად, ხალხი უკმაყოფილოა და პარადოქსია, მაგრამ ივანიშვილიც უკმაყოფილოა. ივანიშვილს ხალხის მაინც ეშინია, იმდენი ჭკუა კი აქვს, მიხვდეს, რომ მისი და ,,ოცნების” პოპულარობა იკლებს… ამიტომაც გაიღო „მსხვერპლად“ ღარიბაშვილი.

- თუკი ეკონომიკაზე ორიენტირებულ პრემიერზე ვსაუბრობთ, ასეთი, ალბათ, გიორგი კვირიკაშვილი უფროა, მისი წარდგენისას კი, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი ერთიანი ჩანს. მისგან რაიმე ცვლილებას ელით?

- ვფიქრობ, ბევრს ვერც კვირიკაშვილი გააკეთებს, რადგან თავად მართვის მოდელია მახინჯი. ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელსაც არანაირი კონკრეტული თანამდებობა არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა არასწორია, რადგან გადაწყვეტილებები, რომელსაც ის შეეწირა, ბიძინა ივანიშვილის მიღებულია. ღარიბაშვილი წავიდა, ივანიშვილი დარჩა, ანუ სხვა იღებს გადაწყვეტილებებს და ამაზე პასუხს სხვა აგებს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, ამიტომ 2016 წელს ხალხმა უნდა მოხსნას ივანიშვილიცა და მისი მარიონეტებიც, არჩევნებში დამარცხებით.

- ტაქტიკურად, რამდენად გამართლებულია საარჩევნო წლის დასაწყისში ასეთი ცვლილებები?

- ზოგადად, არაფერი შეიცვლება, მაგრამ თავად ,,ოცნების” გადმოსახედიდან, ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ეს რატომ მოხდა, ვერც მე გავიგე და ვერც ვერავინ. ვერც იმას ვხვდები, რა განსხვავებაა ღარიბაშვილსა და კვირიკაშვილს შორის. გამოდის, ღარიბაშვილის მოხსნა მისი სისუსტისა და წარუმატებლობის აღიარება იყო მაშინ, როცა თავად ღარიბაშვილიცა და მინისტრთა კაბინეტიც საპირისპიროს ამტკიცებდა. ახლა სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია – 2012 წლის მერე, საქართველო მთელ მსოფლიოს, ფაქტობრივად, დაავიწყდა და ჩვენი პრობლემა, უკრაინის პრობლემასთან ერთად, აღარ ისმის საერთაშორისო საზოგადოებაში; ძალიან მაშფოთებს მეორე ტენდენციაც, რომელიც ახლა გამოიკვეთა – ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კალაძე და მისი ნახევრადგასაიდუმლოებული შეხვედრები გაზპრომის ხელმძღვანელობასთან, მის ტოპმენეჯერებთან. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გაზპრომის, რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღის საფრთხეს, „ოცნება“’ ან არ იგებს, ანდა ემორჩილება და სურს, საქართველოს რუსეთის გავლენა მოახვიოს თავს. გაზპრომს ისედაც ძლივს ჩამოვშორდით და ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიეთ, მისი აქ ხელახლა შემოშვება კი უკვე კატასტროფული შეცდომაა. რუსული ე.წ. იაფი გაზი ყოველთვის მაღალი პოლიტიკური საფასურით მოდის და რაღაც მომენტში, ან გვეტყვის, გაზს გიძვირებთო, ან, უბრალოდ, გადაკეტავს და გაგვყინავს. კალაძე, ამ ვითარებაში, ძალიან დესტრუქციულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, საქმე უფრო გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის მცდელობასთან გვაქვს და ესაა ყველაზე საშიში.

- კახა კალაძე პოლიტიკურ კულუარებში, ლამის ერთი წელი, მომავალ პრემიერად განიხილებოდა, დღეს კი ამ პროცესებზე კომენტარიც არ გაუკეთებია. რატომ ხდება პრემიერი კვირიკაშვილი და არა კალაძე, როგორც ფიქრობთ?

- კალაძეს არათუ პრემიერობის, არამედ მინისტრობის არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნია. ის ოდესღაც წარმატებული ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაც წარუმატებლად დაასრულა, ერთ ტაიმში ორი ავტოგოლით. მან არ იცის ეკონომიკა, პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ. ერთადერთი, რბილი ,,ლ” მაგარით შეცვალა და ესაა მისი მიღწევა, სხვა მიღწევები ამ კაცს არ აქვს, კვირიკაშვილი კი ასე ცუდად არ გამოიყურება, თუმცა გუნდით, რომელიც ჰყავს, არსებული რეალობის შეცვლა გაუჭირდება. ის ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან წინა პლანზე საარჩევნო წელს გამოვიდა და ამ პრობლემებთან მოუწევს ჭიდაობა. მგონია, რომ არ ყველაფერს ვერ აწევს. პრობლემებს არა კონფრონტაციული, არამედ კომპეტენტური მართვა სჭირდება. ქიმერებთან ბრძოლა საჭირო არ არის, მაგრამ ამათ საქმის კეთება არ იციან და ამიტომაც არიან მოჩვენებებთან ორთაბრძოლით დაკავებულნი.

- „ოცნება, ძირითადად, ნაციონალებთან ბრძოლითაა დაკავებული, გამოდის, მოჩვენების როლში სწორედ ნაციონალები არიან?

- ჰო, მაგრამ ნაციონალებს, უკვე 3 წელია, ძალაუფლება აღარ აქვთ. შეიძლება, ,,ოცნება” სამი წლისწინანდელი ხელისუფლების ოპოზიცია იყოს? ხელისუფლება ოპოზიციის ოპოზიციაა და ეს ნორმალურია? ახლა ნაციონალები მეტ საქმეს აკეთებენ ოპოზიციაში, ვიდრე „ოცნება“ ხელისუფლებაში. ზოგადად, დღეს ოპოზიცია ხელისუფლებაზე კონსტრუქციულია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკური კულტურის დონე უფრო დაწია. აგერ, ყოფილმა გამგებელმა მოქმედს ყური მოაჭამა, ვიღაცა ვიღაცას თავში ურტყამს, ღია ეთერში ჩხუბობენ, პოლიტიკური კულტურა ისევ მუშტიკრივამდე მივიდა. ესაა ის საოცარი დემოკრატია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა.

- შიდაკოალიციური დემოკრატია, როგორ ჩანს, აქვთ _ ღარიბაშვილის წასვლის შეფასებისას რესპუბლიკელები კიდევ ერთხელ გამოირჩნენ მთელ კოალიციაში და ღარიბაშვილი აღარ გვაინტერესებსო, განაცხადეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კოალიცია ახლა უკვე რეალურად იშლება წინასაარჩევნოდ?

- ჩემი აზრით, ეს ერთობა კოალიციის ფორმას კვლავ შეინარჩუნებს, რადგან მის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე არანაირი შანსი არ აქვთ. ეს ნეგატიური ერთობაა, სადაც პარტიები შიშითა და ფულით არიან გაერთიანებულნი. როგორც კი ივანიშვილის ფული აღარ იქნება, აღარც კოალიცია იარსებებს, მაგრამ ვიდრე ივანიშვილი ამ ხალხს თავისი ფინანსური შესაძლებლობებით აკოწიწებს, კოალიციაც იქნება. ასე რომ, როგორც კი ივანიშვილი გამოეცლებათ, როგორც მხარდამჭერი, ყველანი ანონიმები გახდებიან. რესპუბლიკელებს რაც შეეხება, ეს პარტია ინტელექტუალურად, დანარჩენებზე წინაა და მიაჩნია, რომ ეს უპირატესობა ყოველთვის წინა პლანზე უნდა გამოიტანოს. ისინი ,,ოცნებას” საკუთარ თავს ამადლიან, რათა კოალიციაში თავიანთი აქციები გაამყარონ. თუმცა ისინი ,,ოცნების” ყველა გადაწყვეტილებაზე თავადაც აგებენ პასუხს, ასე რომ, ,,ქალწულებრივი უმანკოებით”, ცალკე ვერ დარჩებიან. არა მგონია, სადმე წავიდნენ, დარჩებიან კოალიციაში, მაგრამ ეცდებიან, ლიდერის როლი მოიპოვონ.

- სწორედ ამ დღეებში პაატა ბურჭულაძის ,,განვითარების ფონდისპრეზენტაციაც შედგა და თქვენმა მეგობარმა მამუკა გამყრელიძემ მას 30-35%-ის მოპოვება უწინასწარმეტყველა. ამ შეფასებას თქვენც იზიარებთ?

- ამ აზრს არ დავეთანხმები, მით უმეტეს, პროცენტებზე საუბარი შეუძლებელია. ეჭვი მეპარება, მომღერალი პოლიტიკაში წარმატებული იყოს. მას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს; ასევე უნდა ვნახოთ მისი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში, რადგან არაერთგვაროვანი იყო მის განცხადება, რომ ის რუსი ბანია და ამით კმაყოფილია. ზოგადად, არავის პოლიტიკური აქტიურობის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რუსეთუმეებისა და ოკუპაციის გამამართლებელი ძალების გარდა. ძალიან კარგი იქნება, თუ პაატა ბურჭულაძე ასეთი ძალა არ აღმოჩნდება.

- ანუ 2016 წელს ბურჭულაძე არჩევნებში გარდატეხის შემტანი ფაქტორი ვერ იქნება?

- არა მგონია, თუმცა კონკრეტული შეფასებების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან 1 წელი პოლიტიკაში დიდი დროა. 2016 წელს ველი, როგორც მინიმუმ, ღია და სამართლიან არჩევნებს, დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვეტია. ველი არაფორმალური მმართველობის ფორმის შეცვლასა და ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლას. სათავეში კი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ მოვა, თუკი ის პროდასავლური ძალა იქნება.

ახალი თაობა“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

მამუკა არეშიძე გარდაბნის გამგებლის პოსტს არ დათანმდა

გარდაბნელებს მაჟორიტარის პოზიციიდან უფრო დავეხმარები

ნათია ხურცილავა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ მამუკა არეშიძეს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებშის მონაწილეობა შესთავაზეს. გარდაბნის გამგებლის პოსტზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა.

„ქართული ოცნების“ შეთავაზება მამუკა არეშიძემ „ახალ თაობასთან“ საუბარში დაადასტურა.

– „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ გარდაბნის გამგებლის პოსტზე კენჭი მეყარა, რაზეც ჩემი მხრიდან წინასწარი თანხმობა მივეცი. თუმცა, ასევე მქონდა პირობა, რომ შემდეგ უკვე კენჭს მაჟორიტარულ არჩევნებში ვიყრიდი, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მიიღეს თქვენი პირობა?

– სამწუხაროდ, ეს ჩემი პირობა არ იქნა მიღებული და გაზიარებული. გამგებელი, რომელიც მხოლოდ 6 თვით იქნებოდა, მათ არ აკმაყოფილებდათ. უნდოდათ, რომ რაიონს უფრო დიდხანს გაძღოლოდა მოქმედი გამგებელი.

კონკრეტულად ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

– საუბარი მქონდა კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან. ორი დღის წინ მარტო ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა და გადავწყვიტეთ, რომ ჩემი კანდიდატურა წარდგენილი არ იქნებოდა. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია.

რატომ არ დათანხმდით გამგებლის პოსტს? გარდაბანში მცხოვრე მოსახლეობას გამგებლის რანგში უფრო არ დაეხმარებოდით?

– რასაკვირველია, სწორს ამბობთ, მაგრამ ამ პოზიციაზე უფრო კარგად მე გარდაბნის რაიონის მცხოვრებლებს დეპუტატის პოზიციიდან დავეხმარები, აე მგონია, დაკავებული ვარ კონფლიქტოლოგიით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით, რელიგიითა და ეროვნული უმცირესობების პრობლემებით. არ იქნებოდა სწორი, რომ მთლიანად მოვწყვეტილიყავი მთელ ამ საქმეს და მხოლოდ გარდაბნის რაიონის პრობლემებით ვყოფილიყავი დაკავებული.

შეიძლება ეს ვიღაცამ ზედმეტ ამბიციაში ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ  პარლამენტის სიმაღლიდან ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. თუმცა, გამგებლის პოსტზე თანახმა ვიყავი, თუნდაც იმიტომ, რომ რაიონის იმ ჭაობიდან ამოთრევა მეცადა, რომელშიც ის ის არის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარის მდგომარეობიდანაც შეიძლება ამ საქმის მიხედვა.

თქვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყრიდით კენჭს, მაგრამ მაშინ არჩევნები წააგეთ. ახლა რატომ იყავით დარწმუნებული, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გახდებოდით?

– მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გარდაბანში ჩემი მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენება განპირობებული იყო იმით, რომ რელიგიისა და ეროვნული უმცირესობების სპეციალისტი ვიყავი. სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიაღებინა მაშინ პარტიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება, მაგრამ გარდაბანში ალბათ, სამჯერ თუ ვიყავი ნამყოფი.

ხალხს, იქაურ მოსახლეობას არ იცნობდით?

– 2012 წლის 13 აგვიტოს მოხდა ჩემი წარდგენა. არჩევნები 1 ოქტომბერს იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სულ რაღაც თვენახევარი მქონდა სამუშაოდ. არჩევნები პრაქტიკულად გამიყალბეს, ზუსტად იმ პრინციპით მომიგეს არჩევნები, როგორც წელს საგარეჯოში მოხდა. ჯარის გამოყენებას ვგულისხმობ. 5 ათასი ჯარისკაცის ხმის გადაფარვა ალბათ რთული იყო, მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ დამარცხებულ მაჟორიტარებს შორის ყველაზე მეტი, 44% მაქვს აღებული. მოვიგე ყველა ქართული სოფელი და წავაგე ყველა აზერბაიჯანული სოფელი გარდაბნის რაიონში.

ამის შემდეგ გარდაბანს არ მოვწყვეტივარ. ვცდილობ, იქაურ მოსახლეობას დავეხმარო საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. დღეს უკეთესი სასტარტო მდგომარეობა მაქვ, უფრო მეტი გამოცდილებაც და ადგილობრივი მოსახლეობაც უფრო მიცნობს და უფრო მეტი საყრდენი მაქვს მათში. ვგულისხმობ, აზერბაიჯანელ მოსახლეობას, სადაც არჩევნები წავაგე. ამის გათვალისწინებით ვამბობ, რომ იმ საპარლამენტო არჩევნებში უფრო უკეთესი შედეგი მექნება, ვიდრე მქონდა 2012 წლის არჩევნებზე.

– „ქართული ოცნებისეს პოზიცია ხომ არ უკავშირდება 2012 წლის არჩევნების დროს მომხდარ სკანდალს, რომელიც ფარული ჩანაწერის გავრცელებას უკავშირდება, სადაც გადაღებულია თქვენ მიერ ფულის გადაცემა?

– ამ ფაქტს არ ვუკავშირებ არაფერს, მე არ უარვყოფ, რომ ფული იმ ადამიანს მივეცი. ეს ადამიანი იყო არჩევნებში ჩვენი ზორნის კოორდინატორი და რა, არ უნდა მიმეცა?! აბა, რა უნდა მექნა. მაშინ ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა, რომ სკანდალი მოეწყო, მაგრამ ბოლომდე ვერც ააგორა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს როდესაც ვეკითხებოდი, თქვენ რა, კოორდინატებს ფულს არ უხდით? მპასუხობდნენ, რომ უხდიდნენ. სხვა რა გზით უნდა მიმეცა, საბანკო ანგარიშის სისტემა არ არსებობდა, რომ გადამერიცხა. მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაში მუშაობდა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში. არამხოლოდ იმ ადამიანს, სხვა კოორდინატორებსაც მივეცი ფული, რასაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ. უბრალოდ, ეს ადამიანი აღმოჩნდა პროკურატურის თანამშრომლის მიერ დაქირავებული.

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

არარეალური სტატისტიკა ხალხს აღიზიანებს

ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება მეთოდოლოგიას, თორემ საზოგადოება ალტერნატიულ გამოთვლას დაიწყებს

ელზა წიკლაური

ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 36%-ით გაუფასურდა, ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და დღეს 6,3%-ს შეადგენს. ამ დროს კი საარსებო მინიმუმი მხოლოდ 3,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ შრომისუნარიან ადამიანს არსებობისთვის თვეში 165,7 ლარი სჭირდება, ოჯახს კი სულ რაღაც 277,9 ლარი.

სპეციალისტების თქმით, გრძელვადიან პერიოდში საარსებო მინიმუმისა და ინფლაციის ზრდის ტემპი აუცილებლად ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში სხვაობა, შესაძლოა, საკმაოდ თვალშისაცემი იყოს. საქმე ისაა, რომ საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებელ კალათაში დაახლოებით 40 დასახელების საქონელია, ხოლო ინფლაციის – 300-მდე დასახელების საქონელი და მომსახურებაა.

2015 წელს ლარის დევალვაციამ არა მარტო პროდუქტი, არამედ მომსახურება და ტარიფებიც გააძვირა. ეროვნული ვალუტის 36%-იან გაუფასურებას ავტომატურად ჯერ პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირება, შემდეგ მომსახურების, უკვე მოვგიანებით კი ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება მოჰყვა.

მართალია, ოფიციალური სტატისტიკა ინფლაციას აფიქსირებს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბში. “საქსტატის” მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,3% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ჯანმრთელობის დაცვაზე.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ფასის ზრდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მტკივნეულად იგრძნო. გაძვირებულმა პროდუქციამ კი ოჯახის ხარჯი, საშუალოდ, 100-120 ლარამდე გაზარდა. ლარის დევალვაცია უფრო მძიმე იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათი ხარჯი 200-250 ლარით და მეტით გაიზარდა. სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლოს ერთი შინამეურნეობის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით მოიმატებს.

ეკონომისტების ნაწილის გაანგარიშებით, ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს, საშუალოდ, 25%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 956,2 ლარი იყო. თუ ამას 25%-იან ზრდას, ანუ 240 ლარს დავუმატებთ, გამოვა, რომ მომავალ წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯის გრაფაში სტატისტიკის სამსახური 956,2 ლარის ნაცვლად, 11196 ლარს ჩაწერს.

ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გაისად, გამოაქვეყნებს, მანამდე კი, თუ იგივე უწყების კვლევას ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ წლეულს, მიუხედავად ფასების მკვეთრი ზრდისა, ერთი ადამიანის თუ ოჯახის საარსებო მინიმუმი მცირედითაა გაზრდილი. თუ ინფლაცია 6,3% იყო, საარსებო მინიმუმმა მხოლოდ 3,8%-ით მოიმატა.

“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის ნოემბერში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 165,7 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 6,1 ლარით მეტია. ერთი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 10 ლარით გაიზარდა და ახლა 277,9 ლარია.

ინფლაციის მაჩვენებელსა და საარსებო მინიმუმს შორის ასეთ სხვაობას მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისთვის ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

“ინფლაციისა და საარსებო მინიმუმის ტემპები გრძელვადიან პერიოდში ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ შედარებით საშუალო და მოკლევადიან პერიოდში ისინი, შესაძლოა, ერთმანეთისგან საგრძნობლადაც განსხვავდებოდეს. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათში შედის დაახლოებით 40 დასახელების საქონელი, ხოლო ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში 300-მდე დასახელების საქონელი და მომსახურება. ამიტომ რაც 40-ზე მეტია და არ შედის ამ საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებელ კალათაში, მათზე ფასების ცვლილება ასევე ახდენს გავლენას.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სურსათის წილი ინფლაციის გასანგარიშებელ კალათაში წლიდან წლამდე იკლებს. 90-იან წლებში, როდესაც ერთდროულად მოხდა ინფლაციის გასაანგარიშებელი კალათისა და საარსებო მინიმუმის გამოთვლა, მაშინ 70-70%-ზე იყო აღებული, შემდეგ საარსებო მინიმუმის გაანგარიშებაში სურსათის წილი 70%-ზე დარჩა, ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში კი 30%-მდე დავიდა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, ამ მაჩვენებლებზე გავლენა ნაწილობრივ იმანაც მოახდინა, რომ მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქცია გაიაფდა: “მაგალითად, 2015 წელს რუსეთიდან 26 ათასი ტონით მეტი მარცვლეული შემოვიტანეთ და გადავიხადეთ 13 მლნ დოლარით ნაკლები. აზერბაიჯანიდან 11 თვეში შემოვიტანეთ 136 ათასი ტონით მეტი ნავთობპროდუქტი და გადავიხადეთ 88 მლნ დოლარით ნაკლები, დაახლოებით 45%-ით გაგვიიაფდა ნავთობი”, – აღნიშნა არჩვაძემ.

რაც შეეხება ზოგადად საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, მის დაანგარიშებას და მეთოდოლოგიას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია კრიტიკა არ ცხრება. არჩვაძე ამბობს, რომ თუ მთავრობამ ამ მიმართულებით რაიმე არ შეცვალა, მალე საზოგადოება ალტერნატიულ გაანგარიშებას დაიწყებს და რეალურ ციფრებს დადებს მაგიდაზე.

“ალტერნატიული სტატისტიკა ხელისუფლებისთვის სერიოზული დისკომფორტის მომტანი იქნება. როდესაც საზოგადოება დაითვლის და ნახავს, რომ ინფლაცია არის არა 6,3%, არამედ 9%, ეს შეიძლება სერიოზული ვნებათაღელვის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ვურჩევ ხელისუფლებას, რომ მიაქციის ყურადღება მეთოდოლოგიას და შესაბამისად, გაითვალისწინოს ის მიღწევები, რაც არსებობს აღრიცხვისა, აუდიტის მხრივ. ყველაფერი გააკეთოს თანამედროვე მოთხოვნის დონეზე.

ხალხს აქვს შესაბამისი წვდომის, მეთოდოლოგიის გამოყენებისა და რიგი სხვა ინსტრუმენტები, რითაც შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ეს მომენტი კი წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად გასათვალისწინებელია”, – დასძინა სოსო არჩვაძემ.

“ქართული ოცნება” საარსებო მინიმუმის ახალი მეთოდოლოგიით დათვლაზე ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე საუბრობდა. მას შემდეგაც არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ 2004 წელს დადგენილ მეთოდოლოგიას შეცვლიდნენ, თუმცა 3 წლის შემდეგაც ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ჯერ კიდევ ძველი მეთოდით ითვლის, რაც მუდმივად კრიტიკის საფუძველი ხდება და ის სხვა ეკონომიკურ-სოციალურ მაჩვენებელთან მიმართებაში მუდმივად განსხვავებულია.

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

შემცირებულია თუ არა უმუშევრობა საქართველოში?

ნინო ქეთელაური

2012 წლიდან მოყოლებული, უმუშევრობა 2,7%-ით შემცირებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ასევე გაზრდილია ხელფასები 8,3%-ით და დასაქმება.

“მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი და ამაზე მინდა შევჩერდე. ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაციურ მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, ანუ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც მიეცა ადამიანს იმასთან შედარებით, რაც იყო შარშან. ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა. აქვე, ქუმსიშვილმა მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ხდება გამოთვლა. “მეთოდოლოგია არის იგივე. ხანდახან გვეუბნებიან ჩვენი ოპონენტები, რომ შეიცვალა. არაფერი არ შეგვიცვლია, იგივე მეთოდოლოგიაა, აქედან გამომდინარე, აქ ციფრები არის რეალური”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოში შემცირებულია თუ არა უმუშევრობა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “უმუშევრობა შემცირდა თუ არა, ამაზე რომ ვისაუბრო, უნდა მქონდეს სტატისტიკა, თანაც უტყუარი. როდესაც მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უმუშევრობა შემცირდა, ან პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა ვიყო, რომ არგუმენტირებული ოპონირება გავუწიო, ან სტატისტიკა უნდა გქონდეს.

ერთი რამ ფაქტია, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი მუშაობს, მაგრამ კიდევ მეტის დასაქმებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში კითხვა – შემცირებულია თუ არა უმუშევრობა? – არ გაჩნდებოდა. სამწუხაროდ, საქართველოში კიდევ ბევრია უმუშევარი.”

ირმა სოხაძე  (მომღერალი): “ეს სწორედ ის საკითხია, რომლის მიმართაც მე საკმაოდ პესიმისტური განწყობა მაქვს, იმიტომ, რომ არავინ, არც ჩემი მეგობარი, არც ჩემი ნაცნობი, საკმაოდ პროფესიონალი ადამიანები, ჩემი ჩათვლით, არ დასაქმებულან ზუსტად 2012 წლის შემდეგ. ჩემი პირადი გამოცდილებითა და დაკვირვებით, სამწუხაროდ, ასეა და გული მწყდება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეძებენ პროფესიონალ, საქმის მოყვარულ ადამიანებს და მეორე მხრივ, როგორც ჩანს, არავინ ეძებს, თუ ეძებენ, აქ ვართ, ბატონო, და მოგვნახონ.”

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “მიჭირს პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მე არ მაქვს სტატისტიკა. ვფიქრობ, ეს შეხედულებების საკითხი არ არის და აქ უტყუარი მტკიცებულებაა საჭირო. თუ იმ მაჩვენებლით ვიმსჯელებთ, რასაც მინისტრი აცხადებს, ცხადია 2,7% პროცენტით თუ შემცირდა უმუშევრობა, ეს თვალში საცემი ვერ იქნება, იმიტომ, რომ 100 კაციდან 3 ადამიანით მეტი დასაქმებულა და ეს შესამჩნევი არ არის.”

მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): “ჩემი შეხედულებით, დაახლოებით იგივე დონეზეა უმუშევრობის მაჩვენებელი. შეიძლება 2012 წლიდან ცოტა უკეთესად იყოს მდგომარეობა, განსაკუთრებით სოფლად.”

თედო დონდუა (ისტორიკოსი): “ჩემი სოციუმის მიხედვით რომ ვიმსჯელო, მუშაობდნენ, მუშაობენ და ალბათ მომავალშიც იმუშავებენ, მაგრამ სხვა საერთო მაჩვენებლები მე არ მაქვს. უბრალოდ ერთია საწყენი, რომ ქვეყანაში ინდუსტრიული პროფილი ფაქტობრივად დაკარგულია. მას სჭირდება რეანიმირება და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. თუმცა, ამას სჭირდება კარგი რეკომენდაციები და შემდეგ უკვე ნორმალური სუფსიდირება გარკვეული მიმართულებით, პრივატული მიზნებისა. სანამ ეს არ მოწესრიგდება, უმუშევრობა ყოველთვის იქნება. ჩემ გარშემო ვინც არიან, ყოველთვის მუშაობდნენ, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის მაჩვენებელი. ეს ინდუსტრიული კომპლექტი არ არის და ის დაკავშირებულია უნივერსიტეტთან, ნაწილობრივ ბიუროკრატიასთან და კიდევ სხვა რაღაცებთან, მაგრამ მთავარი ეკონომიკაა.”

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

ყველაზე ნეგატიურიდევალვაციაა, დადებითისოფლის მეურნეობის განვითარება

2016 წელს სპეციალისტები ეკონომიკაში არც მნიშვნელოვან წინსვლას ელიან და არც მდგომარეობის გაუარესებას

მაკა ხარაზიშვილი

2015 წელი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. განსაკუთრებით მძიმე დაღი მთელ ქვეყანას ლარის 36%-იანმა გაუფასურებამ დაასვა. შესაბამისად, ეკონომისტები წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ეროვნული ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, შედარებით პოზიტიურად კი სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს მიიჩნევენ.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დასაწყისად 2014 წლის 25 ნოემბერი ითვლება. იმ დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 1,8 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის 28 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს სპეკულაციებიც დაერთო. გაუფასურების პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და 19 მარტს ლარი დოლართან მიმართებაში 2,2 ლარამდე დაეცა. 29 აპრილს უკვე 2,3-ს გადააჭარბა, ხოლო 26 აგვისტოს – 2,41 ლარს. ეროვნული ვალუტისთვის ასევე მძიმე აღმოჩნდა სექტემბერი, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით ლარი დოლართან 2,45 ლარამდე გაუფასურდა, ხოლო ვალუტის გადამცლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,50 ლარიც კი ღირდა.

ამის გამო შეფერხდა ბიზნესპროექტების განხორციელება, საიჯარო გადასახადის გაზრდამ და მოხმარების შემცირებამ არაერთი მცირე ბიზნესს გამოუყვანა წირვა. დაახლოებით 25%-ით შემცირდა ექსპორტი, ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე ჩამოვიდა, (მთავრობაში წლის ბოლოსთვის 2,8%-იან ზრდას ელოდებიან). დადებითი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ნეგატიური ეკონომიკური პროცესების განვითარების მიუხედავად, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შექმნია.

ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე 2015 წლის ქართულ ეკონომიკაში ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ლარის დევალვაციას ასახელებს. 3 კვარტლის მონაცემებით მას არც ინვესტიციების მოცულობა ეჩვენება სახარბიელოდ.

“ზოგადად 2015 წელი ძალიან მძიმე იყო ეკონომიკისთვის. ლარის დევალვაციამ, პრაქტიკულად, დარტყმის ქვეშ დააყენა მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. სამწუხაროდ, წლევანდელი ეკონომიკის დადებითი კუთხით შეფასება ძალიან რთულია. უამრავი პრობლემის ფონზე მთავრობამ მინიმალური წაგების გზა აირჩია, არ იყო ორიენტირებული მოგების მაქსიმუმი მიეღო. თუ შევადარებთ იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტად დაიქცა, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დავახასიათოდ როგორც კარგი; თუმცა წაგება წაგებაა და წელს მძიმე ეკონომიკური შედეგები მივიღეთ”, – ამბობს გიორგი ღაღანიძე.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ლარის გაუფასურებას ასახელებს, ხოლო დადებით პროცესად ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომი გაგრძელებას მიიჩნევს. მისი აზრით, ეროვნულმა ვალუტამ და შემდგომში ქვეყნის მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ ეკონომიკას მძიმე დაღი დაასვა – გაიზარდა აქციზი, სოციალური მიმართულებით ბიუჯეტში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება, ვინაიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა.

“ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, რომელმაც შეაფერხა განვითარების ტემპი. დაბალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ოპტიმიზმით ნაკლებია. ჩემი აზრით, ეს წლის დასაწყისშივე პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან მთავრობის გაცხადებული გეგმა და მიდგომა ეჭვის ქვეშ იდგა. აქედან გამომდინარე, მოვლენების ასეთი განვითარება არ მიკვირს. შეცდომების და მცდარი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს შედეგები”, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ყველაზე უარყოფით ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებს, ხოლო დადებით მომენტს სოფლის მეურნეობის რეფორმირებას უკავშირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ თვითმმართვკელობებს დარჩეს.

“უარყოფითი იყო ლარის კურსის გაუფასურება და ინფლაციის მატება. დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით. საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ჯანდაცვის პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო ის, რომ 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას დარჩეს. ეს არის 25 წლის განმავლობაში პირველი პრეცედენტი”, – აცხადებს ჯგერენაია.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, ისევე როგორც სხვები, ყველაზე დიდ პრობლემად ეროვნული ვალუტის დევალვაციას ასახელებს, ხოლო წარმატებად კი სოფლის მეურნეობის დარგში განვითარებულ პროექტებს. მისი განცხადებით, პდწიფდ პწმუკტქუტე შტვშსფეწკ-ის (მსოფლიო ბანკი) მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ასახავს მთავრობის მირ განხორციელებულ პროექტებს, საქართველოს, სოფლის მეურნეობის კუთხით, 80%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს.

“ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად იხარჯება თანხა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა ეს ინდიკატორი ნაკლებად ასახავს საბოლოო შედეგს. მართალია მეურნეობაში მოსახლეობის 50%-ზე მეტია დასაქმებული და ნაწილის შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ სოფლის მეურნეობას მშპ-ში საკმაოდ დაბალი წილი აქვს და ამ დარგის მცირედი წინსვლა ეკონომიკის განვითარებაზე გარდამტეხ გავლენას ვერ ახდენს.

ზოგადად 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სუსტი იყო და უპირველესად ეკონომიკურ ზრდას გარე შოკმა შეუშალა ხელი. სავალუტო ფონდის კვლევითაც დასტურდება, რომ რუსეთის ეკონომიკის შენელება, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირების გამო, ნეგატიურად აისახა მთელ რეგიონზე და მათ შორის საქართველოზეც”, – აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

2016 წელს სპეციალისტები ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან წინსვლას არ ელიან, თუმცა არც მდგომარეობის გაუარესებას ვარაუდობენ.

რეზონანსი“, 29 დეკემბერი, 2015 წელი

აფხაზეთს რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ითრევს

აფხაზეთისთვის თურქეთთან ურთიერთობის შეწყვეტა მომაკვდინებელია

თაკო მათეშვილი

რუსეთი აფხაზეთსა და სხვა მოკავშირეებს თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას სთხოვს – პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი დღეს აფხაზეთში ხაჯიმბასთან შესახვედრად ჩადის.

სპეციალისტების თქმით, თუ აფხაზეთი რუსეთის მოთხოვნას დათანხმდება, მნიშვნელოვან პარტნიორს დაკარგავს, რომლის მეშვეობითაც მის ბიუჯეტში საკმაო თანხა შედის. ხოლო თუ არ დათანხმდება, რუსულ ტრანშთან მოუწევს გამომშვიდობება, რომელიც მის ბიუჯეტს ასევე მნიშვნელოვნად ავსებს.

აფხაზებს, მათი თქმით, რუსეთის ნების შესრულება ამჯერადაც მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ინტერესებში ეს ნამდვილად არ შედის. შედეგად, რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდებიან, თუმცა უკმაყოფილებაც მოიმატებს. პოლიტოლოგების ვარაუდით, არაა გამორიცხული, ამ ყველაფრით საქართველომ ისარგებლოს კიდეც და მას აფხაზურ ბაზარზე თურქეთის ნიშის დაკავების შანსი მიეცეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

როგორც სააგენტო “როსბალტი” წერს, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2016 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ხილ-ბოსტნეულის, ასევე ხორცპროდუქტების შეტანა. გარდა ამისა, პირველი იანვრიდან აიკრძალება თურქეთში ტურების გაყიდვა და ჩარტერული რეისების განხორციელება, დაწესდება სავიზო რეჟიმი.

როგორც ჩანს, იგი თურქეთისათვის ზიანის მიყენებას ყველა შესაძლო გზით ცდილობს და ერთ-ერთი ასეთი გზა მოკავშირეებია. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი აფხაზეთს თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას სთხოვს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ხვდება დღეს ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას.

რუსული პრესა იმასაც წერს, რომ თურქეთი აფხაზეთისათვის სერიოზული პარტნიორია. აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის 18% თურქეთზე მოდის. მათი თევზის 80% სწორედ თურქეთში გადის.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ახლა თურქეთიცა და რუსეთიც ერთმანეთის მოწინააღმდეგეების გადაბირებას ცდილობენ. მისი თქმით, რუსეთი თურქეთის ქურთი მოსახლეობის მიმართულებით ძალიან აქტიურობს და შედეგად, დღეს თურქეთი თავის ტერიტორიაზე ქურთებით დასახლებული 13 რაიონიდან რვასღა აკონტროლებს. მისი შეფასებით, იქ სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაა, სამოქალაქო ომის ზღვარზე.

“დარწმუნებული ვარ, მოსკოვის ჩარევის გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა. მეორე მხრივ, თურქეთი აძლიერებს თურქმენების შეიარაღებულ ნაწილს, რომლებიც რუსეთის ამ ტერიტორიაზე აქტიურობას ყველანაირად ხელს უშლიან. ასევე, აქტიურად მუშაობს ყირიმელი თათრების იმ ნაწილთან, რომელიც თურქული ორიენტაციისაა. გუშინწინ 250 სამხედრო ფორმა გადაეცა ყირიმელი თათრების სამხედრო ფორმირებას. გარდა ამისა, თურქეთი ცდილობს, კავკასიური მიმართულება გაააქტიუროს, განსაკუთრებით ყარაბახის სივრცეში და აზერბაიჯანი სომხეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე დაითანხმოს”, – ამბობს არეშიძე.

რაც შეეხება რუსეთს, მისი თქმით, ქურთების გააქტიურების გარდა, იგი თურქული ეკონომიკის ინტენსივობის მაქსიმალურ შეზღუდვასაც ცდილობს. ამისათვის თავის მომხრეებსაც იყენებს. მათ შორის აფხაზეთსაც. ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზურმა ხელისუფლებამ განკარგულება გამოსცა იმის თაობაზე, რომ თურქეთს აფხაზეთის მიმდებარე წყლებში თევზჭერა აეკრძალოს. ამის მეშვეობით აფხაზეთის ბიუჯეტში წელიწადში 135 მილიონი რუბლი შედიოდა. ახლა კი მათი ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება.

სურკოვის ხაჯიმბასთან ჩასვლის მიზანიც, არეშიძის თქმით, სწორედ ისაა, რომ აფხაზეთში თურქეთის სხვა ტიპის აქტივობაც შეზღუდოს. მაგალითად, ვაჭრობა, საზღვაო მიმოსვლა და ა.შ.

ამბობს, რომ აფხაზეთისათვის თურქეთთან ურთიერთობის შეწყვეტა მომაკვდინებელია, რადგან თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც მათ დასავლეთთან კონტაქტი შეუძლიათ. თუმცა, იძულებულები არიან, რუსეთის ნებას დაჰყვნენ, რადგან სხვა შემთხვევაში ტრანშს ვერ მიიღებენ.

“საერთო მისაღები 5 მილიარდი რუბლიდან მათ ჯერ მხოლოდ 450 მილიონი მიიღეს. თვის ბოლოს კიდევ ელოდებიან და მას ვერ მიიღებენ, თუ მოსკოვს არ დაუჯერეს”, – ამბობს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი იმაზეც საუბრობს, რომ ამ კონფლიქტის გამო რუსეთი არცთუ კარგ მდგომარეობაშია. მას პრობლემები ევრაზიულ კავშირშიც აქვს, რადგან თურქეთთან მეგობრული კავშირების გაწყვეტა არცერთ ქვეყანას არ უნდა. ამბობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრებმა, სომხეთის გარდა, რუსეთის პოლიტიკას თურქეთისადმი მხარი არ დაუჭირეს – არც ბელარუსმა, არც უზბეკეთმა, არც ყირგიზეთმა და არც ყაზახეთმა.

“აფხაზეთი ერთადერთია, ვინც ამას დათანხმდა, რადგან სხვა გზა არ აქვს. რუსეთის ამ მოთხოვნით იგი ბევრად ზარალდება, ვიდრე თურქეთი. აფხაზეთის ეკონომიკა, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს, თურქეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე დიდწილად იყო დამოკიდებული. ესეც თუ შეუწყდათ, რუსეთის ხელის შემყურე დარჩებიან”, – დასძენს იგი.

აფხაზეთისათვის თურქეთის დაკარგვას მძიმე დანაკლისს უწოდებს ექსპერტთა კლუბის წევრი ლევან კიკნაძეც და ამბობს, რომ ამ ქვეყნიდან აფხაზეთში მრავალი რამ შედის – მსუბუქი მრეწველობიდან დაწყებული, საკვები პროდუქტებით დამთავრებული.

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტი დაიწყო და ეს რეგიონი ჩვენ განგვიდგა, კიკნაძის თქმით, თურქეთი მისთვის ძალიან საჭირო პარტნიორი გახდა.

“ჯერ კიდევ არძინბას მმართველობის დროს ჩვენ რამდენჯერმე გემებიც კი დავაკავეთ, რომლებიც აფხაზეთის პორტებში შედიოდნენ და სხვადასხვა სახის საქონელი მიჰქონდათ. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლებას პრეტენზიაც არაერთხელ წაუყენა.

“თურქეთის ხელისუფლება ყოველთვის იმით იმართლებდა თავს, რომ ისინი კერძო ბიზნესს ვერ მიუთითებენ, თუ სად გაიტანონ თავიანთი ნაწარმი და სად – არა. მას ორმაგი სტანდარტი ჰქონდა – ერთი მხრივ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, მეორე მხრივ კი, აფხაზეთის ეკონომიკას ეხმარებოდა. იქ ბევრი საწარმო გაიხსნა. ყველაზე სოლიდური კი, რაშიც თურქ ბიზნესმენებს უამრავი თანხა აქვთ ჩადებული, ტყვარჩელის ქვანახშირის საწარმოა.

“აფხაზეთის ბიუჯეტის შემავსებელი, ძირითადად, რა თქმა უნდა, კრემლია. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ხაჯიმბა მოსკოვში დაიბარეს და თურქეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით სერიოზული ლაპარაკი ჰქონდათ, აქამდეც გამოჟონა. სურკოვის ჩასვლაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, აფხაზეთი მის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ამის გამო აფხაზები უკმაყოფილოები იქნებიან, მარამ სხვა გზა არ აქვთ და ალბათ, რუსეთის ამ სურვილს დაჰყვებიან”, – ამბობს კიკნაძე. მისივე თქმით, მართალია, ამ ნაბიჯის შედეგად აფხაზეთი რუსეთზე მეტად დამოკიდებული გახდება, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზურ ელიტაში უკმაყოფილებაც მოიმატებს. ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი ამ კონფლიქტის როგორმე ამოწურვა იყო.

“ამას აფხაზეთის ელიტაც ელოდა. ეგონათ, რომ ეს დროებითი იქნებოდა. არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, მაგრამ რუსეთისათვის ეს ყველაფერი მომგებიანი რომ არაა, ფაქტია”, – დასძენს იგი.

რაც შეხება იმას, თუ რამდენად დაზარალდება ამ ყველაფრით თურქეთი, კიკნაძე ამბობს, რომ მან რუსეთის ბაზარი უკვე დაკარგა, აფხაზური ბაზარი კი ამასთან შედარებით არაფერია. შესაბამისად, ეს თურქეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს.

“არაა გამორიცხული, ჩვენთვის ეს მომგებიანიც კი აღმოჩნდეს, რადგან შეიძლება ჩვენი პროდუქტი მეტი რაოდენობით შევიდეს. შესაძლოა, რუსეთმა შეტანა გაგვიმარტივოს კიდეც და ის სეგმენტი, რაც თურქეთს უჭირავს, ჩვენ დავიკავოთ”, – ამბობს ლევან კიკნაძე.

Comments are closed