„რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალება ირაკლი ღარიბაშვილს // „ირაკლი ღარიბაშვილი იმისათვის გადადგა, რომ ახალი პარტია შექმნას და კოალიცია შეავსოს”
„რეზონანსი“: უნდა იყოს თუ არა პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთი და იგივე პიროვნება?
„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: “[საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის] თანამდებობაზე ჩემი დაბრუნება ევროინ-ტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანმა პროგრესმა განაპირობა”
„ალია“: გიორგი კვირიკაშვილის პირველი საკადრო შეცდომა? რა კითხვები აქვთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაბრუნებულ დავით ზალკალიანთან?
„ალია“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „უკვე ისე ვითარდება მოვლენები, ბიძინა ივანიშვილი იცავს დამნაშავეებს»
„ალია“: ინტერვიუ წმიდა სამების ტაძრის მღვდელმსახურ მამა ვახტანგთან: ვინ და რატომ გალანძღა პატრიარქი შობა დღეს და რა საკითხებზე მუშაობს საპატრიარქო?
„რეზონანსი“: სტატისტიკა ხალხის წინააღმდეგ // მოსახლეობა ტოტალურ გაძვირებას უჩივის, “საქსტატი” კი ციფრებით მანიპულირებს
„რეზონანსი“: პრობლემებით დატვირთული დღესასწაულები // რეგიონებში ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა და ზეიმის ხალისი გაუქრა
—————————-
„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2016 წელი
ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალება ირაკლი ღარიბაშვილს
„ირაკლი ღარიბაშვილი იმისათვის გადადგა, რომ ახალი პარტია შექმნას და კოალიცია შეავსოს“
თაკო მათეშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის საიდუმლოებით მოცული გადადგომის შემდეგ აქტუალურია კითხვა თუ რა მისიით წავიდა ხელისუფლებიდან ყოფილი პრემიერი, რა დავალება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და მიიღო თუ არა იგი საერთოდ. პოლიტოლოგების ნაწილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი სამუდამოდ ჩამოიშორა და “პენსიაზე გაუშვა”, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს იგი ალტერნატიული პოლიტიკური მიზნებისათვის მომავალშიც გამოიყენებს.
მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. თანაც ისე, რომ ამის მიზეზებზე არ უსაუბრია. მას არც სამომავლო გეგმებზე უთქვამს რამე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ახლა სახლში დასვენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა კი თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ორწლიანი საქმიანობა შედეგიანი იყო და იგი “წარმატების პიკზე წავიდა”. მიუხედავად ამისა, თანამდებობის დატოვების მიზეზებსა და მიზნებზე ბევრი მასაც არაფერი უთქვამს და მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა: “(თანამდებობა) დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სამაგიეროდ, ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას შექმნის, რომელიც “ოცნებას” არ დაუპირისპირდება. მეტიც, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პარტია “ოცნების” “ტყუპისცალი” იქნება და კოალიციაშიც შევა: “ირაკლი ღარიბაშვილი თუ რამეს შექმნის, ის “ქართულ ოცნებასთან” იქნება კავშირში. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება. ჯერ ყველაფერი ჭორის დონეზეა”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
ვერსიას აბსურდულს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ შეუძლებელია, ღარიბაშვილს ასეთი მიზნები ჰქონდეს.
“პოლიტიკაში იმისათვის მოდიან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და სახელისუფლებო პარტიის ლიდერები გახდნენ. ღარიბაშვილი სახელისუფლებო პარტიის ლიდერი უკვე იყო და რა ლოგიკას ექვემდებარება, რომ ამ თანამდებობიდან წავიდეს და ახალი პარტია შექმნას, რომელიც წინა პარტიის ანალოგი იქნება? ამ ყველაფერში არც ლოგიკა ჩანს და არც პერსპექტივა”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისივე აზრით, მას ივანიშვილისგან არც რამე ახალი დავალება მიუღია და არც ახალი ფუნქციისათვის “ინახავენ”. იგი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ “პენსიაზე გაუშვეს”:
„სამწუხაროა, რომ ამ ასაკში პენსიაზე გასვლა მოუწია. თუმცა, პოლიტიკა მისი სფერო ხომ არ არასდროს ყოფილა, პოლიტიკაში შეთხვევით მოხვდა და ალბათ თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდება. იგი კარგი საშუალო რანგის მენეჯერია, კარგი განათლება აქვს და რაღაცას გააკეთებს. გამორიცხულია, მომავალში სახელმწიფოებრივ პროცესში მას კიდევ რამე როლი ჰქონდეს. არ ვიცი, სხვა სფეროში მაინც თუ გამოიყენებს მას ივანიშვილი, მაგრამ რაც მოვისმინე, იქიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ამის დიდი სურვილი არ აქვს”, – დასძენს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ირაკლი ღარიბაშვილს ასე უბრალოდ სამუდამო პენსიაზე არ გაუშვებდნენ. შესაბამისად, იგი შესაძლებლად მიიჩნევს ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის შექმნა შედის. მისი აზრით, გამორიცხული არაა, ღარიბაშვილი სწორედ ამისათვის გამოიყენოს:
„ყველას მოეხსენება, რომ კოალიციაში კონკურენციაა. თავად ივანიშვილი არ მალავს, რომ 2016 წლის საარჩევნო სია სახეშეცვლილი იქნება. არაა გამორიცხული, რომ “ეროვნული ფორუმისა” და “მრეწველების” წევრები სიაში აღარ შეიყვანონ და გამოთავისუფლებული ადგილები ახალმა პარტიებმა და ახალმა სახეებმა დაიკავონ. შეიძლება სწორედ ამისათვის გადადგა ღარიბაშვილი, რომ ახალი პარტია შექმნას და კოალიცია შეავსოს. ეს ვერსია საფუძველს მოკლებული არაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კვლევების მიხედვით, კოალიციის რეიტინგი დაცემულია. შეიძლება “ოცნებამ” გამოკითხვა თავისი ძალებითაც ჩაატარა და ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა. შესაბამისად, უმჯობესად მიიჩნიეს ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ და ახალი მისია დაეკისრებინათ. ამით ხალხს ერთგვარად კოალიციის რებრენდინგის შთაბეჭდილება დარჩებოდა და ღარიბაშვილის კადრიც არ დაიკარგებოდა”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.
„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2016 წელი
უნდა იყოს თუ არა პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთი და იგივე პიროვნება?
ლიკა ამირაშვილი
“ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება. საპარლამენტო უმრავლესობა თითქმის გამონაკლისის გარეშე უჭერს მხარს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას და აღნიშნავენ, რომ იგი ღირსეული ლიდერი იქნება. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობის აზრით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეც უნდა იყოს.
“რა თქმა უნდა, გიორგი კვირიკაშვილი განიხილება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩვენი მიდგომაა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეც იყოს. კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება და ამაზე ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. ეს ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. “ქართული ოცნება” პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევს, რომლის გამართვაც გაზაფხულზეა დაგეგმილი.
“უნდა იყოს თუ არა პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთი და იგივე პიროვნება?” – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): “ყოველგვარი პარტიულობისგან მიუკერძოებელი უნდა იყოს პრემიერი, თუმცა, საქართველოში ჯერ ამ დონემდე ვერ მივედით. უმრავლესობა არასდროს გაუშვებს ხელიდან იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სადავეები თავად ეჭიროს ხელში.
რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, ყოველგვარი პარტიულობისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს პრემიერი, თუმცა, ჯერჯერობით საქართველო ამისგან შორს არის.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): “ვერ გეტყვით, თუ კანონი ითვალისწინებს ამას და პრობლემა არ არის, მე უარყოფითს ვერ ვხედავ. საერთოდ ჯობია, რომ პრემიერი დამოუკიდებელი იყოს. ცალსახად დადებითი დამოკიდებულება აქვს ყველას კვირიკაშვილის მიმართ, ოპოზიციაც კი ვერ მალავს, რომ ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი კადრია. ერთადერთი საუბარია იმაზე, რომ ისიც მოექცევა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, თუმცა, მე მგონია, რომ ის იქნება იმაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე ღარიბაშვილი იყო, მაგრამ მე ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან რეალურად ამ კაცს მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი თავად დაუჭირა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, ჩემი აზრით, მაინც დისტანციურობა სჯობს, თუმცა თუ ფიქრობენ, რომ არჩევნებზე ასე უფრო მომგებიანი იქნება, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): “ძალიან მესიმპათიურება ჩვენი ახლი პრემიერ-მინისტრი და გარკვეულ იმედსაც ვამყარებ მასზე, მაგრამ არ მგონია, მოსახლეობას აინტერესებდეს, ვინ იქნება ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, ვინაიდან მან ვერ შეუსრულა ხალხს დანაპირები, ეს შიდა პარტიული საკითხებია. მთავარია, პრემიერ-მინისტრმა გვიჩვენოს შედეგი და პარტიის შიგნით რა გადაადგილებები იქნება, ისევე როგორც მე, მგონია, რომ საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს.
გიგა ნასარიძე (ა.ო. საქართველო არ იყიდება): “ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რას მოგვიტანს კვირიკაშვილის თავმჯდომარეობა, შეცვლის თუ არა პოლიტიკას, ეს არის პრობლემა. სხვა მხრივ პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ არა ერთი და იგივე პიროვნება, გადამწყვეტი მნიშვნელობა, არ მგონია, ჰქონდეს.”
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): “თუ ობიექტურად მოიქცევა და პრემიერ-მინისტრობა არ გახდება რაღაცების მანიშნებელი, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მთავარია იყოს ყველას პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თავისი პარტიის თავმჯდომარე.”
„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: “[საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის] თანამდებობაზე ჩემი დაბრუნება ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანმა პროგრესმა განაპირობა”
სალომე სარიშვილი
“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუკი ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება გადაწყდება, ეს არა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ჩემი პირადი არჩევანი იქნება”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკანიანი, რომელიც უახლოეს დღეებში კვლავ ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, ამ თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება უკანასკნელ პერიოდში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. ზალკანიანმა “რეზონანსთან” საუბრისას მიმდინარე საკითხებსა და საგარეო პოლიტიკის კუთხით 2016 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ წელს ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა.
დავით ზალკანიანი: ვადასტურებ, რომ ჩემს ძველ თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და საბოლოოდ პოზიტიური გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა აქვე მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ თუკი ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება გადაწყდება, ეს არა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ჩემი პირადი არჩევანი იქნება. ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური საქმიანობა პარტიაში ცოტა ხნის წინ შევწყვიტე და 2015 წლის თებერვლიდან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახლავართ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელია, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ. შესაბამისად, მოსაზრება ჩემს ყოფილ პარტიულ კუთვნილებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, უადგილოა.
- თავის დროზე, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადეთ, რომ მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა მთავრობასა და სამინისტროს შორის ქვეყნის საგარეო კურსზე უთანხმოება გახდა. ახლა რამ განაპირობა თქვენი ამ პოსტზე დაბრუნება?
- რაც შეეხება იმას, თუ რამ განაპირობა ამ თანამდებობაზე ჩემი მხრიდან თანხმობა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდის ცვლილებებმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობა თვისობრივად შეცვალა, ეს ჩემი ამ თანამდებობაზე დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ასევე ის განცხადებები, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთეს. აგრეთვე ბოლო ქმედებები, რომელიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაიდგა.
მხედველობაში მაქვს ასოცირების ხელშეკრულების თანმიმდევრული ინპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც პასუხი იყო საქართველოს მხრიდან გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე. ეს ორი წარმატება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსს შეუქცევადს ხდის. ასევე ნატოსთან მიმართებით უელსის სამიტის გადაწყვეტილებების თანმიმდევრული ინპლემენტაცია. ვგულისხმობ არსებული პაკეტის შესრულებასა და საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას. ეს ის ფაქტორები და ნაბიჯებია, რამაც ჩემი მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
ჩემთვის აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულიც, რომელსაც 1992 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ვეწეოდი. თითქმის ნახევარი ჩემი ცხოვრებაა ამ საქმით ვარ დაკავებული. მაშინაც კი, როდესაც 2009 წელს პოლიტიკაში წავედი, ეს არ გახლდათ პირადად ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი იმ კურსის საპროტესტოდ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” აწარმოებდა.
მაშინ გვერდით ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, ლევან მიქელაძეს დავუდექი, რომელმაც სახელმწიფოებრივად გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი პრინციპები კი სწორედ იმ ფასეულობებზეა დაყრდნობილი. ჩემი პოლიტიკაში წასვლის მიზეზი სწორედ ეს იყო, თორემ სულითა და გულით კარიერული დიპლომატი ვარ და ვაპირებ, რომ ჩემი მომავალი საქმიანობაც მთლიანად დიპლომატიას მივუძღვნა.
- ვიზალიბერალიზაცია ახსენეთ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს პროცესი მიგრანტთა მასობრივ გადინებას გამოიწვევს, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ეს გახლავთ მცდარი მოსაზრება და მითები, რომლებსაც სხვადასხვა მედიის საშუალებით ძალიან ხშირად ვაწყდებით. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაა, რათა ჩვენს მოქალაქეებს ზუსტად ავუხსნათ რა პროცედურებსა და წესებს ითვალისწინებს ვიზალიბარალიზაცია. უნდა ავუხსნათ რას გამოიწვევს ამ პროცედურების – წესების დარღვევა, რაც სამომავლოდ დეპორტაციას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვა ამ კუთხით მომუშავე უწყებებთან ერთად, კონსოლიდირებულად უნდა იმუშავოს, რათა სწორი კომუნიკაციით ამ შესაძლო პრობლემების თავიდან აცილება შევძლოთ.
- ვიზალიბერალიზაციის მიღებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა, რაც ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში გადაადგილება შედარებით გამარტივდა. რას უკავშირებით ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას და ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის საბოლოო დასკვნამდე შესაძლოა რუსეთმა საერთოდ გააუქმოს სავიზო რეჟიმი?
- ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ნებისმიერი ბარიერი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს, მოხსნილი უნდა იყოს, ამ მხრივ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია. რუსეთის ფედერაციაში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულეა, რომელთაც საკუთარ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უჭირთ, ეს ჰუმანიტარული საკითხია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან მუდმივი საუბარი ჯერ კიდევ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც გვქონდა, რადგან საქართველოდან ეს ბარიერი მოხსნილია.
ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც ამ დრომდე არსებობდა. კარგია, რომ რუსეთი ამ დასკვნამდე მივიდა. ამით ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ხშირად უწევს გადაადგილება, ბიზნესის კუთხითაც პრობლემა მოეხსნებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდწილად ბიზნების განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებასაც განაპირობებს, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ეს ნაწილიც ცხადია, 2016 წლის მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტი იქნება.
- საბოლოოდ, რას ფიქრობთ, როგორი იქნება 2016 წელს საგარეო უწყების მთავარი პრიორიტეტები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?
- ვფიქრობ, პრიორიტეტები უცვლელი უნდა დარჩეს, კერძოდ, საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა იმ თანმიმდევრობით უნდა განაგრძოს, რასაც ასოცირირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია ჰქვია. ასევე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი ჩვენ ევროკავშირს არანაირი საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ რამე სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება საერთო, ეროვნული კონსოლიდაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია და ამაში საერთო, ეროვნული კონსესუსი გვჭირდება. მგონია, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, ამიტომ ევროკავშირს უნდა დავეხმაროთ, რომ მან საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს.
მიმაჩნია, რომ 2016 წლის დასაწყისში ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ისევე როგორც ნატოს, ვარშავის სამიტისთვის მზადება. 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა აისახოს. ამავდროულად ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დგას – ის რეგიონალური პრობლემები, რომლების ჩვენს გარშემო ხდება: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისათვის, რომ რისკების მინიმალიზაცია მოვახდინოთ, რათა საქართველომ გარე ფაქტორების გავლენა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს.
აუცილებლად გვჭირდება სტაბილური განვითარების 5-10 წელი იმისთვის, რომ ქვეყანა ცივილიზებული განვითარების გზას დაადგეს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტოტიული პრობლემების მოგვარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ასევე მიმზიდველს გახდის ქვეყანას ოკუპირებული ხაზის, მეორე მხარეს მყოფი, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.
გიორგი კვირიკაშვილის პირველი საკადრო შეცდომა?
რა კითხვები აქვთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაბრუნებულ დავით ზალკალიანთან?
ნინო ლაბარტყავა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი ინიშნება. მას ეს პოსტი «ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ეკავა, მაგრამ როდესაც ალასანიას გუნდმა თანამდებობები დატოვა, ზალკალიანიც გადადგა. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ზალკალიანს ღირსეულ, პროფესიონალ დიპლომატად აფასებს.
დავით ზალკალიანის კანდიდატურას იწონებენ „ოცნების“ ლიდერები, გია ვოლსკი და ზვიად კვაჭანტირაძეც მას ასევე გამოცდილ დიპლომატად აფასებენ, „თავისუფალი დემოკრატები“ კი კმაყოფილი სახეებით აცხადებენ, კიდევ კარგი, კადრების შერჩევა პროფესიონალური ნიშნით დაიწყესო. თავად ზალკალიანი აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში აღარ არის და მისი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება მისი არჩევანია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის გადაწყვეტილება:
„ვფიქრობ, რომ ეს დიდწილად განსაზღვრა ბოლო პერიოდის ცვლილებებმა და თვისობრივად ახალმა გარემოებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეიქმნა. მხედველობაში მაქვს ძალიან სერიოზული განცხადებები, რომელიც ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთეს და ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა. კერძოდ, ის, რომ საქართველომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი ასოცირების ხელშეკრულების დღის ესრიგის იმპლემენტაციას, ასევე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, ასევე, საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი, რომ ქვეყანა შეუქცევადად ადგას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს… 23 წელი კარიერულ დიპლომატიაში ვარ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა ერთად, რაც ჩამოვთვალე, გადაწონა და მე გადავწყვიტე, რომ დიპლომატიურ სამსახურს დავუბრუნდე. ეს არის ის, რამაც ჩემი არჩევანი განაპირობა“.
შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანმა პოსტი 2014 წლის ნოემბერში დატოვა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად და თავის გადაწყვეტილებას მაშინ ასე ხსნიდა: „მე ვარ დიპლომატი, 2009 წელს დავტოვე ელჩის პოსტი, 2012 წელს როდესაც დავბრუნდი საჯარო სამსახურში, იმედი მქონდა, რომ აღარასოდეს მომიწევდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის კურსთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ პოსტები».
ჯერჯერობით, ერთადერთი, ვისაც ზალკალიანთან კითხვები აქვს, კოალიციის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება – „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძეა, რომელმაც განაცხადა, რომ დავით ზალკალიანთან მას კონკრეტული კითხვები აქვს და ამ კითხვებს აუცილებლად დაუსვამს.
რა კითხვები აქვს მაისურაძეს დავით ზალკალიანთან?
„ალიას“ თემურ მაისურაძე ესაუბრა:
- ბატონ დავით ზალკალიანთან მაქვს შეკითხვები, როგორც „ეროვნული ფორუმის“ წევრს, მთლიანად „ფორუმის“ სახელით არ ვსაუბრობ. მაინტერესებს, რამ განაპირობა თავის დროზე მისი წასვლა და რამ განაპირობა ახლა მისი მოსვლა? ის გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფოს ინტერესი უფრო წინ იდგა მისთვის მაშინ, თუ პარტიული ინტერესი? ახლა რა შეიცვალა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში? ამ კითხვებზე მისგან პასუხი მინდა. რა ვქნა, მაინტერესებს, რა ისეთი ახალი სახელმწიფოებრივი მისია დაინახა თავის ამ პოსტში, რომელიც მან ადრე დატოვა? თუ მაშინ იმავე სახელმწიფოს უფრო მეტად სჭირდებოდა ასეთი პროფესიონალი, მაშინ რატომ იყო მისთვის პარტიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე უფრო წინ?
- უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი ზალკალიანის დანიშვნას მიესალმება. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია უმრავლესობის წევრების ეს მხარდაჭერა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავის დროზე ხელისუფლებას, ერთგვარად, უნდობლობა გამოუცხადა, არასწორ პოლიტიკაში დაადანაშაულა და თანამდებობა დატოვა?
- არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს ვამბობ: გარდა იმისა, რომ ადამიანს პროფესიონალური მხარე მოეთხოვება, პირველი და მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების გრძნობა. პროფესიონალი ადამიანი ცუდსაც და კარგსაც პროფესიონალიზმით გააკეთებს. ამიტომ ამ პროფესიონალიზმის უკან უნდა იყოს ღირსება და სამშობლოს სიყვარული. არჩევანის საკითხი რომ დაუდგება ხვალ რომელიღაც ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რას გააკეთებს ის პიროვნება? არ არის ეს ლეგიტიმური შეკითხვა?
- „ალია“ ხშირად წერდა, რომ ჩვენს საელჩოებში ფაქტობრივად, ისევ „ნაციონალების“ კადრები იყვნენ და ელჩები სწორედ „ნაციონალების“ დაკვეთას ასრულებდნენ, რომ უცხოეთისთვის რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაცია მიეწოდებინათ ახალ ხელისუფლებაზე. არც ერთი ეს ელჩი არ შეცვლილა. იმ დროს დავით ზალკალიანი მინისტრის პირველი მოადგილე იყო და თუ თავის დროზე არ დაიცვა მან ქვეყნის საგარეო იმიჯი, ახლა იზამს ამას?
_ აბსოლუტურად გეთანხმებით. საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა კი მე ერთ-ერთ მთავარ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიმაჩნია ქვეყნისთვის. რა მაქვს მხედველობაში, იცით? ეს შესაძლებლობები საქართველოს მიერ ან იქნება, ან ვერ იქნება გამოყენებული. თუკი ყველაზე დიდი ქვეყნების ინტერესი დღეს ერთდროულად იკვეთება საქართველოში, ამ დროს ჩვენს სწორ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყვნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც თავიდან ტვინი გადმოსდით და პროფესიონალები არიან, არამედ ის ადამიანები, ვისაც გული უძგერთ ამ ქვეყნისთვის და მათთვის პირველ ადგილს იკავებს სწორედაც რომ სამშობლოს სიყვარული, მერე კი პარტიული და ყველა დანარჩენი. მე ეს ვერ დავინახე დავით ზალკალიანში და ამიტომ მაქვს ეს შეკითხვები. მე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ დავით ზალკალიანი პროფესიონალია.
- ჩავთვალოთ, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის პირველი საკადრო შეცდომაა?
- ჩემი შეფასებით, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და საჭიროა, კიდევ მოვძებნოთ სხვა კანდიდატურები კარგად, არა მგონია, საქართველოში კადრების საკითხი მხოლოდ ზალკალიანზე იდგეს და უკეთესის პოვნა არ შეიძლებოდეს. თუ საქართველოს უკეთესი კადრი არ ჰყავს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. და კიდევ: კარგი იქნება, კადრები მარტო საკუთარ პარტიაში და ახლო გარემოცვაში კი არ ვეძებოთ, კარგად მიმოვიხედოთ. ნუ იქნება ნურც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ იყოს პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული და ადამიანი, რომელსაც, ადამიანური ღირსებები აქვს.
- ხომ არ იცით, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ზალკალიანს მეგობრული, ახლობლური კავშირი ხომ არ აქვთ?
- ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი, მაგრამ კარგად ვიცი გიორგი კვირიკაშვილის მიდგომა – არ უყურებს ადამიანებს ნათესაური თვალსაზრისით, მართლა პროფესიონალებსა და სპეციალისტებს ეძებს. მაგრამ ბატონი გიორგი ამ შემთხვევაში რატომ დგამს ამ ნაბიჯს, რით არის ეს გადაწყვეტილება მოტივირებული? საჩქაროდ არის მისაღები და ვეღარ ასწრებს სხვის მონახვას თუ რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი.
ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „უკვე ისე ვითარდება მოვლენები, ბიძინა ივანიშვილი იცავს დამნაშავეებს»
გელა ზედელაშვილი
„ალიას“ 5 იანვრის ნომერში გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით: `რატომ ალაპარაკდა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი~? ამავე სტატიაში ვწერდით, როგორი დაპირისპირებაა დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში, რატომ ითხოვს იგივე მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას.
თურმე ის ვერ ხედავს ვერანაირ განვითარებას ვერც ამ უზენაესი სასამართლოს პირობებში და ვერც ამ საბჭოს პირობებში, ვერც ერთმა ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 4 იანვარს გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც ახვლედიანის განცხადებები უნდა განეხილათ, თუმცა ის სხდომაზე არ მივიდა. ამის შემდეგ კი გადაწყდა, რომ თავად გვენეტაძე მივიდოდა საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს წევრებთან ერთად და მივიდა კიდეც. ახვლედიანი იმასაც ამტკიცებს, რომ ვინაიდან დღეს არ არსებობს მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები, სასამართლოში არსებობს კლანები. თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და აქეთ მოგვიწოდებს, კარგად შევისწავლოთ მოსამართლეთა ბიოგრაფიები, გავარკვიოთ, ვინ საიდან მოდის, ვინ ვის ინტერესებს იცავს და მივხვდებით, რაზეა საუბარი.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა „ალიასთან“ საუბარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე (ეს ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოხვდნენ საბჭოში), რომელთა მეცადინეობითაც ლევან მურუსიძე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ, ატარებენ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებს და ღიად ებრძვიან ნინო გვენეტაძეს. სწორედ ამიტომაც გაამწესეს მურუსიძე ადმინისტრაციულ პალატაში, რომელიც იხილავს საარჩევნო დავებს და წარმოადგენს ბოლო ინსტანციას. ხატიაშვილის თქმით, მოხდა ბინძური გარიგება ოდიოზურ მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იმიტომ აქებს მურუსიძეს, რომ მისი იმედი აქვს, საარჩენო დავები სააპელაციოში «ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყდება. აქ ჩნდება კითხვები: ალბათ, გახსოვთ, 2013 წლის აპრილში ვანო მერაბიშვილმა ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოებში მომუშავე თავის „მრევლს» მოუწოდა, ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეინარჩუნეთ სამსახურები, თუ მოახერხებთ, დაწინაურდით კიდეც, ჩვენ მალე დავბრუნდებითო. ახლა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამათი დაბრუნება უკვე ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ რა იცით, რა ხდება, ერთხელ და ორჯერ მოგვისმენია, „ოცნება“ „ნაციონალების“ კადრებს უფრთხილდება და აწინაურებს კიდეცო? იქნებ მურუსიძეც ერთ-ერთი მათგანია? შემდეგი – დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა ლევან მურუსიძეს, მაგრამ როდესაც ცნობილია, რომ მერაბიშვილს კომპრომატები ჰქონდა თითქმის ყველას წინააღმდეგ, მათ შორის თავის მხარდამჭერებსა და დავალებების შემსრულებლებზეც, რა გარანტია აქვს ივანიშვილს, რომ მურუსიძე არ „გადააგდებს“ და „ნაცლიდერების“ დავალებას არ შეასრულებს?“.
ამაზე ზაზა ხატიაშვილი „ალიასთან“ ასეთ განმარტებებს აკეთებს:
- კი, მე კარგად მახსოვს მერაბიშვილის დანაბარები, მაგრამ რაც შემდგომში მოხდა, ვერანაირად ვერ დავუკავშირებ მერაბიშვილს. ეს ადამიანი ზის ციხეში და თავისი ცოდვებიც ეყოფა. როდესაც „ოცნება» მოვიდა ხელისუფლებაში, ნებისმიერი მოსამართლისთვის რომ ეთქვათ: აბა, ახლა დაწერე, რომელ განაჩენზე ვინ დაგირეკა და რა დავალება მოგცაო, ეგრევე დაიწყებდნენ ერთმანეთის „ჩაშვებას“. მოსამართლეებს უკვე ჩალაგებული ჰქონდათ ჩემოდნები და უკანკალებდათ ერთი ადგილი. მეორე უცნაური ფაქტი: 2012 წლის ნოემბერში ვადა გასდიოდა რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის, სააპელაციოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს, მაგრამ 5 ოქტომბერს შეიკრიბნენ და ვადები გაიგრძელეს თვითნებურად. ეს მე გავასაჩივრე იუსტიციის საბჭოში, რამდენიმე სხდომაც ჩატარდა, მაგრამ დაადგინეს, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევიაო. ამ ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ჰქონდა ძალიან ბევრი ბერკეტი, რათა ყველა დაეკითხათ და საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობა მიეცათ. ბოლოს და ბოლოს, ეთქვათ, ამ ხალხს ვადა ნოემბერში გასდის, ოქტომბრის დასაწყისში ხელახლა რანაირად ნიშნავთო? როდესაც ნინო გვენეტაძე გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩაატარეს მოკვლევა, იუსტიციის საბჭოს არსებობის განმავლობაში ყოფილა თუ არა მსგავსი ფაქტი? აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა. გამოდის, ეს საბჭო უკვე იყო ავტორიტეტშელახული და დამნაშავე.
- სხვათა შორის, ჩვენ ამ თემაზე ძალიან ხშირად ვწერდით...
- კი, მახსოვს, რომ წერდით… მე პირადად თეა წულუკიან-მურუსიძისას წარვუდგინე რამდენიმე მტკიცებულება, სადაც იკვეთებოდა მოსამართლეების დანაშაული. დაფიქსირებული იყო დოკუმენტურად, როგორ გამოჰქონდათ ერთ დღეში გადაწყვეტილებები. უგულავას საქმე 9 თვეში ვერ განიხილეს და სხვა საქმეებს ერთ დღეში ორი ინსტანცია როგორ იხილავდა? მოკლედ, ასეთი მოსამართლეები ამათ ეჭირათ ხელში, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ხმას ვერ ამოიღებდა, ამ დამნაშავეებს რატომ იჭერთო. ყველაფერი უნდა მომხდარიყო სამართლებრივი პროცედურებით და არა სააკაშვილის მეთოდებით. მე თეა წულუკიანზე რატომ გავმწარდი? როდესაც შევხვდი, ვუთხარი, პროკურორებს რომ საქმეები შეჰქონდათ, მოსამართლეები ბეჭედს ურტყამდნენ წაუკითხავად. თუ პროკურატურას რამე შეეშლებოდა, მოსამართლეებს ავტომატურად გადაჰქონდათ განაჩენში, საერთოდ არ უყურებდნენ, რა ეწერა. ესეც ვანო მერაბიშვილმა დაუტოვა „ქართულ ოცნებას“ ანდერძად?! გეუბნები, გარიგება მოხდა პირველივე თვეებში, ერთი თვის დანიშნული იყო ივანიშვილი, როცა მურუსიძეს შეხვდა და უთხრა, შენისთანა პატიოსანი კაცი ჯერ არ გამიცნიაო. არ ვიცი, შეიძლება ეს გარიგება 2012 წლის არჩევნებამდეც მოხდა. უბრალოდ, უკვე ისე ვითარდება მოვლენები, ივანიშვილი იცავს დამნაშავეებს.
- ზაზა, რა გარანტია აქვს ივანიშვილს, რომ მურუსიძე მისი ერთგული იქნება?
- არ ვიცი, ეგ იმასაც ამბობდა, კოტე კუბლაშვილი გამოსწორდებაო და ენდო. შედეგი რა იქნება, ამას ვნახავთ. ახლა იძახიან, მურუსიძეზე რაღაც კომპრომატი აქვთ და ბინძურ საქმეებს იძულებით გააკეთებინებენო, შეიძლება რამე ჩანაწერიც ჰქონდეთო. ჩანაწერი რად უნდათ, მთელი მისი მოღვაწეობა კომპრომატია, მისი გადაწყვეტილებები დანაშაულის მწვერვალია. გარიგების შესახებ ინფორმაცია თეა წულუკიანმა უნებლიეთ დაადასტურა: ჩვენ ვფიქრობდით, იმ გზით წავსულიყავით, რომ ესენი ციხეში ჩაგვეყარა, თუ დაემთავრებინათ ვადა და მერე გაგვეშვაო? ჰოდა, გადავწყვიტეთ, ვადა დაემთავრებინათო. იმას აღარ ამბობს, ზოგიერთზე რომ შეთანხმდნენ, ვადას გაგიგრძელებთო. შენ რა უფლება გაქვს, მოილაპარაკო და კანონზე მაღლა დადგე?!
- მამუკა ახვლედიანმა ახსენა კლანები სასამართლო სისტემაში, თან მოგვიწოდა, მოსამართლეების ბიოგრაფიები ნახეთ და მიხვდებით, ვისი ინტერესები სად იკვეთებაო. მე არ დამეზარა, ყველა მოსამართლის ბიოგრაფია შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა მოქმედი მოსამართლე სააკაშვილის მიერ არის დანიშნული. გამოდის, ისევ «ნაციონალური“ კლანია, აქ ახვლედიანი წინააღმდეგობაში ხომ არ ვარდება?
- საერთოდ, თავიდანვე საჭირო იყო იუსტიციის საბჭოს რეფორმირება, რეფორმა ჩააგდო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის მითითებით. აქ გარიგება მოხდა ძველ კლანთან და ამიტომაც რჩებიან ოდიოზური ფიგურები მოსამართლეებად, ახალ კლანზე არ არის საუბარი. „ქართული ოცნება“ ისევ დაეყრდნო იმ ძალას, რამაც სააკაშვილის ხელისუფლება რეჟიმად აქცია. უფრო თვალნათელი რომ გახდეს, რა ხდება სასამართლო სისტემაში და ვინ შეიძლება ეგულისხმა ახვლედიანს, გთავაზობთ იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც პირდაპირ „ბანაობდნენ“ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში. ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე ვერ ვიტყვით აუგს, არსებობდნენ გამონაკლისებიც, მაგრამ როდესაც მამუკა ახვლედიანი კლანებზე ლაპარაკობს, მაშინ, წესით, ამ ხელისუფლებას სასამართლოში უნდა მოეყვანა გაუსვრელი ადამიანები და არ შეენარჩუნებინა ზურაბ ადეიშვილის კადრები.
თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართალი: მამუკა ახვლედიანი (თავმჯდომარე) ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია შოშიაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, შორენა გუნცაძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, ნატო ხუჯაძე, ბადრი შონია, ბესიკ ბუგიანიშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა შკუბულიანი, დალი მეტრეველი, ეკა არეშიძე, ლაშა ჩხიკვაძე, მერაბ ჯორბენაძე, ნინო ელიეშვილი, ლია ორკოდაშვილი, გიორგი არევაძე, ლელა ნოზაძე, გიორგი დარახველიძე, ვახტანგ მრელაშვილი, გოგიტა თოთოსაშვილი, დავით მგელიაშვილი, მაია ქოქიაშვილი, ლილი მსხილაძე, ელენე გოგუაძე, დავით კურტანიძე (დანიშნულია 2015 წლის 29 ივლისს), ეკატერინე კულულაშვილი, ეკატერინე გაბრიჩიძე.
ადმინისტრაციული სამართალი: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ონიანი, მირანდა ერემაძე, ნანა დარასელია, ინგა კვაჭანტირაძე, ნინო ყანჩაველი, ნათია ჯორბენაძე, ილონა თოდუა, ხატია არდაზიშვილი, ნათია ბუსკაძე, ნინო ბუაჩიძე, ეკატერინე ჯინჭველაშვილი, ნინო ჭალიძე, მერი გულუაშვილი, ლეილა მამულაშვილი, თამარ მეშველიანი, დიანა ფარქოსაძე, ანა ჩხეტია, დავით წერეთელი (დაინიშნა 2015 წლის აგვისტოში), თამარ ოქროპირიძე, ნანა აფციაური (დაინიშნა 2015 წლის აგვისტოში), ქეთევან მინაშვილი.
სამოქალაქო სამართალი: გიორგი ებანოიძე, ლია ავალიშვილი, ცისანა სირბილაძე, გიორგი მაისურაძე, ქეთევან მამაცაშვილი, თეა ხამხაძე, ეკატერინე ბიწაძე (დაინიშნა 2012 წელს), ეკა ზარნაძე, ზაზა მარტიაშვილი, მაია სვიანიძე, გიორგი სულაკაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლეილა კოხრეიძე, ბესიკ სისვაძე, შორენა ჯანხოთელი, ელისო ტუკვაძე, თამარ ჩიხლაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, მაკა ჭედია, ასმათ კოხრეიძე, დიანა ბერეკაშვილი, ეკატერინე ცისკარიძე, სოსო ღურწკაია, დალი აბჟანდაძე, თამარ ჭუნიაშვილი, თამაზ ურთმელიძე, ტარიელ ტაბატაძე, ანა ჩოგოვაძე (დაინიშნა 2015 წლის აგვისტოში), ხათუნა კაკაბაძე, მადი ჩანტლაძე, ირაკლი კოპალიანი (დაინიშნა 2015 წლის მაისში), ზოია კვარაცხელია.
უზენაესი სასამართლო: ნინო გვენეტაძის მოადგილეები - მზია თოდუა (სააკაშვილის პერიოდში არ უმუშავია), მიხეილ ჩინჩალაძე (2004-2007 წ.წ. მუშაობდა გენპროკურატურაში, იყო შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით). მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე (გადაყვანილია სააპელაციო სასამართლოში), ვასილ როინიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე, მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი (დანიშნულია 2015 წლის ივნისიდან), ნინო ბაქაქური, ნუგზარ სხირტლაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა სილაგაძე.
სააპელაციო სასამართლო: თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. მოსამართლეები - მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე, ირაკლი შენგელია, მანანა ჩოხელი, ნატა ნაზღაიძე, მიხეილ ბებიაშვილი, მერაბ ლომიძე, ნათია ქუთათელაძე, გიორგი მიროტაძე, თეა ძიმისტარაშვილი, გია კახეთელიძე, მაია ივანიძე, გიორგი ჩემია, მაია თეთრაული, ლილი ტყემალაძე, ქეთევან დუგლაძე, გელა ბადრიაშვილი, ბესარიონ ტაბაღუა, ნინო ქადაგიძე, ლეილა მამულაშვილი, ქეთევან მესხიშვილი.
———–
როგორც ხედავთ, სასამართლო სისტემაში, სულ რაღაც, ათიოდე ადამიანია, რომელსაც შეხება არ ჰქონია სააკაშვილის რეჟიმთან და არც გადაწყვეტილებები გამოუტანია. თუ რომელიმე კლანზე შეიძლება საუბარი, ეს ჯერჯერობით მხოლოდ`ნაციონალური~ კლანია. სხვათა შორის, ამ მოსამართლეების 80 პროცენტი კონკრეტულად სააკაშვილის პირადი ბრძანებით გახლავთ დანიშნული 2007 წელს და უამრავი მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.
ინტერვიუ წმიდა სამების ტაძრის მღვდელმსახურ მამა ვახტანგთან: ვინ და რატომ გალანძღა პატრიარქი შობა დღეს და რა საკითხებზე მუშაობს საპატრიარქო?
ლაურა აბრამია
გუშინ, შობის დღეს ქართული ეკლესიისა და პირადად პატრიარქის მიმართ სოციალური ქსელებით გამოთქმულმა სალანძღავმა სიტყვებმა, საზოგადოება გააღიზიანა.
ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე ირწმუნება, რომ საქართველოში შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა ყოფილა. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი „ფეისბუქზე წერს: „9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს, სადაც ყველანი მიგვიღო. როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა. ხოდა მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და „ხრუსტალის“ ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო. ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება!”
ბევრისთვის, ალბათ, დამაჯერებელია ეს ტექსტი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მაგ დროს სიონი საკათედრო ტაძარი იყო, ხოლო ის შენობა, სადაც ნინია კაკაბაძე და სხვა სტუმრები შეიპატიჟეს, პატრიარქის „სახლი“ კი არა, ერთ-ერთი რეზიდენციათაგანი იყო. რაც შეეხება „ხრუსტალს“ და ოქროულობას, ეს შენაწირი ნივთებია, ვერც გაყიდი, ვერც გააჩუქებ და წესის მიხედვით, საპატრიარქო რეზიდენციაში ინახება. ახლა ვინ გამოდის მეშჩანი?
რა ხდება, რამ გაამწარა და რატომ გააქტიურდნენ ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე ე.წ. ლიბერტარიენელები?
„ალიას“ წმიდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, მამა ვახტანგი (კვიჟინაძე) ესაუბრა:
- მამაო, ამ ბრწყინვალე დღეს რატომ იგესლებიან „ლიბერასტები“, რა უნდათ ბოლო-ბოლო?
- ეს ბრძოლა დიდი ხანია დაწყებულია, დამოუკიდებლობის დღიდან, 90-იანი წლები მაქვს მხედველობაში. კომუნისტების მიერ დაკნინებულმა სულიერებამ ფეხი აიდგა, საგრძნობლადაც გამყარდა, ხალხი მოაქცია ეკლესიისკენ. ერთმნიშვნელოვნად და ხელაღებით ამაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმართება ეს პროცესები. გარეშე ფაქტორები წარმართავს ამ პროცესებს, მაგრამ ეკლესიურად თუ გიპასუხებთ, ეშმაკისგანაა მართული. სხვა რა ვუწოდო ამ ყველაფერს, მაინცდამაინც ახლა, მაინცდამაინც მძიმე მარხვის ჟამს და ამ ბედნიერ და ბრწყინვალე დღესასწაულისას? ვურჩევ ყველას, დაე, არ აინტერესებდეთ პატრიარქი, თუ ტალახს ესვრიან, პასუხიც უნდა მოისმინონ. მე ასე ვუპასუხებ ადამიანს, ვინც შობის დღესასწაული ოკუპანტის დღესასწაულად მოიხსენია: როგორ შეიძლება, შობა დამპყრობლის დღესასწაულად მოიხსენიო? კი მაგრამ, ვისგან დაიპყრო მაცხოვარმა სამყარო და თუნდაც საქართველო? ასეთი უპასუხისმგებლო საუბარი ყოვლად დაუშვებელია. სად გაგონილა, რამ ათქმევინა ეს, ვინც თქვა? ცოტა ცინიკურადაც მიმაჩნია ამაზე პასუხის გაცემა, არასერიოზულები არიან, პირველ რიგში. პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში სიყვარულზე საუბრობს ხაზგასმით, რომელიც მაცხოვრიდან მომდინარეობს.
გამოდის, რომ ესენი არიან მტრები, მაგრამ მტერს სიყვარულით არ შევხვედრივართ განა? ესენი მტრები არიან, შეიძლება საქართველოს ეკლესიას დამპყრობლური უწოდო, როდესაც ის თანამდგომია ყველასი, ყველა კონფესიის, ყველა ერის წარმომადგენლის? ასეთი გაუაზრებელი საუბარი საქართველოს ეკლესიის მიმართ და მისი საჭეთმპყრობლის მიმართ ქვეყნის ღალატია და არა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ამ ადამიანებმა, პატრიარქს უნდა მიმართონ, ასე შორიდან კი ნუ ესვრიან ტალახს, ვინმეს სმენია, პატრიარქს ვინმე არ მიეღოს, არ მოესმინოს, უპასუხოდ დაეტოვებინოს? რა ველაპარაკოთ ახლა ასეთ ადამიანებს? რა ვასწავლოთ, რაც აქამდე არ უსწავლიათ? სახარებაში არის ნათქვამი, ოჯახი თუ თავისი თავის წინააღმდეგ მიდის, ის ოჯახი განწირულია დანგრევისთვისო. აი, სწორედ ეს უნდათ იმ მავანთ, აქ არის მტერი ნაგულისხმევი. ცნობილ ფილოსოფოს სოკრატეს უთხრეს: შენზე ასე და ასე ამბობენო, მან გაიცინა, შენ თავად მოისმინეო? არაო? შენი საქციელიც არააო ჩემს მიმართ კეთილგანწყობილიო, ახლა თქვენ განსაზღვრეთ დანარჩენი…
- არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქომ ასეთ განცხადებებს პასუხი უნდა გასცეს?
- მესმის თქვენი კითხვის არსი, საპატრიარქოს ჰყავს პრესცენტრი. დიახ, ვთვლი, რომ მათ უნდა გასცენ ამომწურავი პასუხი, ხალხის ინტერესთა სფერო რა კითხვებსაც მოიცავს, მაგრამ აქვე დავსძენ, რომ აქ სწორი, მოზომილი და მართებული პასუხი უნდა იყოს გაცემული.
- მამაო, საეკლესიო საქმეებში ჩახედულნი დიდი ხანია საუბრობენ, რომ ეკლესია გასაწმენდია, რადგან არაერთი უღირსი ადამიანი მიეტმასნა მას, „ჯიპომანია“ და განცხრომა ბევრისთვის წესად იქცა. რამდენიმე ხნის წინ, ეკლესიიდან განიკვეთნენ მამაოები ნარკოდილერობისთვის. მრევლში ბევრია გაღიზიანებული ასეთი სასულიერო პირების თავგასულობის გამო. რატომ არ დაადგა ამ საკითხის მოგვარებას საშველი?
- მე ასე გიპასუხებთ, მაცხოვართან თორმეტ მოციქულში იუდა იყო… განა მაცხოვარმა არ იცოდა, რომ იქ მოღალატე იყო? განა მან არ უთხრა იუდას, წადი, აღასრულე შენი საქმეო? ამ საკითხებზე სინოდი მუშაობს. ბოლო წლებში ბევრი უღირსი მოიკვეთა ეკლესიიდან. ასე არ ხდება, ადამიანზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას, მაგრამ სინოდი ასე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველაფრის დასაბუთება ხდება. ეკლესია არ არის დამსჯელი ორგანო, ის უფლებამოსილებას უჩერებს, განკვეთა იშვიათ შემთხვევაში ხდება. ეკლესიის დანიშნულება ხომ ადამიანის ცოდვისგან ამოყვანაა?
„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2016 წელი
სტატისტიკა ხალხის წინააღმდეგ
მოსახლეობა ტოტალურ გაძვირებას უჩივის, “საქსტატი” კი ციფრებით მანიპულირებს
მაკა ხარაზიშვილი
დეკემბერში სხვადასხვა სახის მომსახურებასა და პროდუქტზე ფასები შემცირდა. ასეთ უცნაურ დასკვნას აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ტრადიციულად, წინასაახალწლოდ პროდუქტი ძვირდება, ამიტომ ეს ინფორმაცია არა მარტო ეკონომისტებისთვის, არამედ ეროვნული ბანკისთვისაც კი სიურპრიზი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაწევას 2016 წლის მეორე კვარტალში ელოდებოდა.
ასე რომ, “საქსტატის” გათვლებით, წინა თვეში პროდუქტი და მომსახურება ისე გაიაფდა, რომ ინფლაცია 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, 4,9 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შესრულებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები 0,6 პროცენტით შემცირდა. თურმე დეკემბერში 3,6 პროცენტით გაიაფდა ტრანსპორტი, რაც მთლიან ინფლაციაზე -0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე გაიაფებულა საწვავ-საპოხი მასალები (7,6 პროცენტით); სტატისტიკის მიხედვით, თამბაქოზე ფასები 1,7 პროცენტით შემცირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება კი 0,8 პროცენტით გაიაფდა.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის დეკემბერში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 პროცენტი შეადგინა. ამ შემთხვევაში, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3,8 პროცენტით გაძვირდა. კიდევ უფრო მეტი ზრდა აღინიშნა ხილის ჯგუფზე – 17,3 პროცენტი, ცხიმი 12,3 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 9,7 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა კი – 10,5 პროცენტით. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე – 10,8 პროცენტით.
სანაცვლოდ ფასი შემცირდა ტრანსპორტზე – 4,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,48 პროცენტული პუნქტით აისახა. გაიაფდა საწვავ-საპოხი მასალებიც – 12,1 პროცენტით.
არადა, ფასების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, ეკონომისტები წლის ბოლოსთვის მინიმუმ 7-პროცენტიან ინფლაციას ელოდნენ. რეალურად, დეკემბერში განსაკუთრებით გაძვირდა ხილი – ბანანი, ციტრუსი, ვაშლი. ასევე ფასების ზრდა დაფიქსირდა საოჯახო ტექნიკაზე, ჰიგიენაზე.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაიაფდა ტრანსპორტი, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა მთლიანი ინფლაციის ფორმირებაზე. თუმცა, გაურკვეველია, რა სახის ტრანსპორტი გაიაფდა, როდესაც ტარიფები საქალაქთაშორისო და შიდა მარშრუტებზე არ შეცვლილა.
გარდა ამისა, ამოუცნობია თამბაქოს გაიაფების საკითხიც. მაგალითად, დეკემბერში გამოვიდა სიგარეტ “ქემელის” ეკონომიური შეფუთვა, რომლის ფასი სტანდარტულ “ქემელთან” შედარებით დაბალი იყო. თუმცა, მეთოდოლოგიით, სწორედ ერთი და იგივე საქონლის შედარება უნდა მოხდეს და ბაზარზე გამოსული ეკონომიური პაკეტების მეშვეობით ოფიციალური უწყება არ უნდა მანიპულირებდეს.
“ძალიან უცნაურია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით. დეკემბერში ერთადერთი, რაც ცოტათი გაიაფდა, ეს საწვავი იყო. სამაგიეროდ, ხილის ფასმა ყველა წლის რეკორდი მოხსნა, ასევე მოიმატა ფასმა მედიკამენტებსა და სანიტარიულ-ჰიგიენურ საქონელზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სურსათი და მედიკამენტები, რომლებსაც სამომხმარებლო კალათში ყველაზე დიდი წილი უჭირავს, თვალში საცემად გაძვირდა. ამიტომ სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფლაიციის მაჩვენებელი არის ვითარების შეუსაბამო. აუცილებელია, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უფრო დეტალური განმარტება გააკეთოს, ვინაიდან მის მიმართ ნდობა ისედაც მიზერულია”, – ამბობს ეკონომისტი ზვიად კანდელაკი.
იმას, რომ ინფლაცია 5 პროცენტს ქვემოთ დაეშვებოდა არც ეროვნული ბანკი ელოდა. 2014 წლის 16 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8 პროცენტამდე გაზარდისას, ეროვნულ ბანკში აღნიშნავდნენ, რომ ეს პროცესი დადებითად აისახებოდა ინფლაციური მოლოდინის შემცირებაზე. იქვე გამოქვეყნდა სებ-ის პროგნოზიც, რომლის მიხედვით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე კვარტალში უნდა მიახლოებოდა.
“მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5-პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უფრო მეტიც, სებ-ის 2015 წლის ნოემბრის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 6%-მდე მოიმატებს, 2016 წლის პირველ კვარტალში კი ფასების ზრდა გაგრძელდება და ინფლაცია 7%-ს მიაღწევს.
ექსპერტი ნოდარ კაპანაძეც “საქსტატის” მონაცემებს ეჭვის თვალით უცქერის. იგი ამბობს, რომ სამომხმარებლო კალათში თამბაქოსა და ტრანსპორტს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს.
“მე ვერ გეტყვით, ტრანსპორტი სად გაიაფდა, რადგან ეს ინფორმაცია არ მაქვს. გარკვეული სახეობის სიგარეტზე ფასმა ნამდვილად იკლო, თუმცა სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების დროს ზუსტად ერთი და იგივე პროდუქტი უნდა შედარდეს. მაგალითად, სამომხმარებლო კალათაში იყო ასეთი რამ “ოპელის” მარჯვენა ფრთა. ეს ვიღაცებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ ინფლაციის განსაზღვრისას გარკვეულ დროში ზუსტად ოპელის მარჯვენა ფრთა უნდა შედარდეს ერთმანეთთან და არა, მაგალითად, “ჰიუნდაის”. პრობლემა ის არის, რომ სამომხმარებლო კალათს კარგად “წაკითხვა” უნდა და მას იურისტები ვერ მოახერხებენ.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი მონაცემი რეალობას ვერ ასახავს. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – ცხოვრება გაძვირდა თუ არა? რეალურად იგი მართლაც გაძვირდა. ფასი გაიზარდა სურსათზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, მედიკამენტებზე. ამ დროს კი ინფლაციის კლებაზე მიდის საუბარი”, – ამბობს ნოდარ კაპანაძე.
მისი ვარაუდით, იანვარში ინფლაცია გაცილებით დიდი იქნება, ვინაიდან ამჯერად სწორედ ის პროდუქტი – თამბაქო – გაძვირდა, რამაც დეკემბრის ინფლაციის შემცირება გამოიწვია.
„რეზონანსი“, 8 იანვარი, 2016 წელი
პრობლემებით დატვირთული დღესასწაულები
რეგიონებში ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა და ზეიმის ხალისი გაუქრა
მარი ჩიტაია
რეგიონებში ხალხს სადღესასწაულო სუფრა გაუღარიბდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის ყველას ფინანსური პრობლემა აქვს და საახალწლო განწყობის შენარჩუნება უჭირთ. არავინ უარყოფს, რომ გაჭირვებამ იმატა და ამიტომაც ჩვეული საახალწლო განწყობა გაქრა. მოსახლეობის ყველაზე დიდი სადარდებელი ფინანსური პრობლემაა. “რეზონანსთან” საუბრისას ხალხი არ მალავს, რომ საახალწლო სუფრა საკმაოდ შეკვეცა. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები ვეღარ ახერხებენ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას.
რაჭაში პრობლემა უამინდობამ შექმნა. რაჭველები წუხან, რომ ახალ წელს და შემდეგ შობასაც, ოჯახის წევრების გარეშე შეხვდნენ. შემოსავლის შემცირება ქვემო ქართლსაც დაეტყო, მაგრამ ამას სადღესასწაულო განწყობაზე დიდად არ უმოქმედია. იგივე ითქმის იმერეთზეც, თუმცა გაჭირვებას მიუხედავად, ადგილობრივებმა სადღესასწაულო განწყობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს.
როგორც გავარკვიეთ, ყველაზე საზეიმო დამოკიდებულება გურულებმა შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონს შემოსავლის მხრივ რთული პერიოდი უდგას. მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომარ კაჭიური ამბობს, რომ საახალწლო განწყობის შექმნას ხალხი ერთმანეთში მიმოსვლით ცდილობს. ეს ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელსაც ადგილობრივები საახალწლოდ ყოველთვის იცავენ.
“ახალი წელი სიუხვესთან, დოვლათთან ასოცირდება. ამ პერიოდში ყველა ცდილობს, მაქსიმალურად გამოავლინოს ოჯახის შესაძლებლობა და ბარაქა დაიბედოს. ზოგს ეს გამოსდის კიდეც, ზოგს ნაკლებად. სამწუხაროდ, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობას ფინანსურად უჭირს და ეს ადვილად შესამჩნევია. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, საახალწლო სუფრას სიუხვეს ვერ შეატყობ. რამდენიმე ტრადიციული კერძიც დააკლდა ახალი წლის მენიუს. გოჭი და ინდაური სოფლისთვისაც კი ფუფუნებაა.
რაც უნდა გვიჭირდეს, აქ რაღაცას მაინც ვშოულობთ. ქალაქის მოსახლეობას ამის საშუალებაც არ აქვს. ჩემი შვილი თბილისშია და ბევრს ვშრომობ, რომ მას ოჯახის ტვირთი შევუმსუბუქო. უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ერთად ყოფნას მაინც ვახერხებთ. ახალი წლის და შობის შემობრძანებას ყველა თავის სახლში არჩევს, მერე ერთმანეთთან მიმოვდივართ, ხან ჩვენ გვეპატიჟებიან, ხან – ჩვენ ვეპატიჟებით. ვცდილობთ, საახალწლო განწყობა შევინარჩუნოთ, რაც დღესდღეობით არც ისე მარტივია”, – ამბობს ქართლელი გლეხი.
განმარტოებით, ოჯახის წევრების გარეშე შეხვდა ახალ წელსა და შობას რაჭველი გივი მდივნიშვილი. იგი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს მარტო, ისევე როგორც რამდენიმე მისი თანასოფლელი, რომელიც რაჭას ჯერ კიდევ შემორჩა.
“განწყობა და მხიარულებაა ყველგან, სადაც ახალგაზრდობაა. ჩვენ კი გარესამყაროს თითქოს მოვწყდით. მარტოობის ატანა ძალიან გვიჭირს, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. ვცდილობთ, კარგად ვიყოთ, მაგრამ არც ისე იოლია. ელემენტარულად, სათანადო სუფრა ვერ გავშალე, რადგან სტუმრებმა მოსვლა ვერ შეძლეს. ჩემებს ველოდი, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა და ვერ ჩამოვიდნენ. დარჩენილებმა მაინც ვცადეთ გამხიარულება, ერთმანეთთან გადავედით და შეძლებისდაგვარად ვიქეიფეთ კიდეც. საკვების მხრივ პრობლემა არ შემქმნია, წინასწარ მოვიმარაგე კიდეც.
მარტოებმა გავატარეთ ახალი წელი და ესაა ჩვენი პრობლემა. ტელეფონით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და ამით ცოტა გავიუმჯობესე განწყობა, ბოლოს და ბოლოს, სადღესასწაულო დღეებია და მოწყენას ვერ დავიბედებ!”, – ამბობს გივი მდივნიშვილი.
გურულების ხასიათზე, როგორც აღმოჩნდა, არც დიდთოვლობამ იმოქმედა, არც შემოსავლის ნაკლებობამ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თოვლმა ბევრი სტუმარი ჩამოიყვანა და ყველგან მხიარულება იყო, რომელ სახლშიც უნდა შეგეხედათ.
“კალანდობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ამ სახალხო დღესასწაულს ყველა ოჯახი აღნიშნავს. კალანდა, როგორც წესი, მოსავალს და სიუხვეს უკავშირდება. მართალია, ამ მხრივ ბუნებამ გული დაგვწყვიტა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ განწყობა მაინც საზეიმო გვაქვს. გურიისთვის უმოსავლო, უბარაქო წელიწადია, მაგრამ ამ დღეებში ამას ვერავის შეატყობთ. საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა თოვლმა. ბოლო დღეებში ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ”, – ამბობს ნონა კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
გურიისგან განსხვავებით, იმერეთში ამბობენ, რომ დღესასწაულები გაუფერმკრთალდათ, რასაც ფინანსურ პრობლემას უკავშირებენ. “ყველა ცდილობს, რომ მეტი მხიარულება იყოს. არც ქეიფს იკლებენ, მაგრამ პრობლემას ვერავინ გაექცევა. ხალხს საახალწლო სუფრა გაუღარიბდა, ბევრი გაჭირვებულია და ეს საერთო განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ბარაქამ იკლო სოფლად”, – ამბობს თერჯოლელი მერაბ ქავთარაძე.
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ლენა ბესელიამ და მისმა მეზობლებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რომ საახალწლოდ კარგად ეგრძნოთ თავი და სტუმრებისთვისაც ღირსეული მასპინძლობა გაეწიათ.
“ჩვენს რეგიონს სტიქიაც თავს დაატყდა და ამან საერთო განწყობაზე ცუდად იმოქმედა. ახალგაზრდები თითქოს მაინც გაერთნენ, საახალწლო კონცერტზეც კი წავიდნენ, კარგად იმხიარულეს. მე კი სამოც წელს გადავაბიჯე და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ოჯახს ფინანსურად არ უჭირდეს. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. დიდთოვლობა რომ არა, ახალი წელი ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ზუგდიდელი დიასახალისი.
საახალწლო განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. წელს, მიმოსვლის გამკაცრების გამო, ხალხს სამეგრელოსთან დაკავშირების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ცხადია, ვერც სტუმრის მიღება შეძლეს. გალელებისთვის საახალწლო სუფრამ ოჯახის წევრების გარეშე ჩაიარა, თუმცა ლხინის სუფრა თითქმის ყველა ოჯახში გაიშალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთმანეთის გატანას ამჯერადაც ახერხებენ. არც პატარები დარჩენილად ტკბილეულისა და თოვლის ბაბუის საჩუქრის გარეშე.