„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ქართული ოცნების” მთელი საარჩევნო პროგრამა უტოპიაში სასიამოვნო გასეირნება იყო“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „მიდის საუბარი ალასანიას პარტიის კოალიციაში დაბრუნებაზე
„ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ალასანიას დაბრუნება უხერხულია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რესპუბლიკელები“ შეიძლება „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩაანაცვლონ… საარჩევნო სიის გამო „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს დახოცავენ
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საარჩევნო კოდექსი ოპოზიციისთვის მხოლოდ კრიზისულ პერიოდში მუშაობს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს“
„რეზონანსი“: საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც // ქვეყანა 10% სატრანზიტო მოცულობის შესაბამის თანხას ვერ მიიღებს
„რეზონანსი“: უნდა გასაჯაროვდეს თუ არა “გაზპრომთან” წარმოებული მოლაპარაკება?
„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ ალაპარაკდნენ შს მინისტრ მღებრიშვილის მოხსნაზე და როგორ პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ისტერიკას
—————————-
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ქართული ოცნების” მთელი საარჩევნო პროგრამა უტოპიაში სასიამოვნო გასეირნება იყო“
ია აბულაშვილი
ისტორიის საკუთრებად იქცა კიდევ ერთი წელი თავისი გამარჯვებებითა და გადაჭრილი, თუ უფრო მეტად – გადაუჭრელი პრობლემებით, ახალი მთავრობებით და ძველი გამოწვევებით. ახალ წელს კი თავის ეშხს მატებს საშემოდგომო არჩევნები; როგორი შეიძლება იყოს ახალი წელი, რას უნდა ველოდოთ კიდევ თორმეტ თვის განმავლობაში, ამ კითხვით “რეზონანსმა” ანალიტიკოს სოსო ცინცაძეს მიმართა.
- როგორი მემკვიდრეობა დაგვხვდა 2016 წელს? მესმის, კითხვის დელეკატურობა ყოფილი პრემიერის უკომენტაროდ გაშვების ფონზე, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილმა ასე თუ ისე, ხომ მაინც ჩაიბარა ქვეყანა და არა გაკოტრებული შპს?
- ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის “არაევროპულმა” გადადგომამ მართლაც უხერხული დელეკატურობა შესძინა თქვენს ბუნებრივ კითხვას, თანაც თითქმის იგივე არგუმენტებით – თავის დროზე ბატონი ბიძინა რომ დაგვემშვიდობა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტაბილურობას საფრთხე აღარ ემუქრება და ახლა მთავარი დროზე წასვლააო. აი, ასეთი, ან დაახლოებით ასეთი იყო ყოფილი პრემიერის კონტრსაინაგურაციო “სპიჩი”. მაგ დალოცვილს ცოტა მაინც მოეცადა და მის დროს დაწყებული ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის პროცესის დასასრულიც ეზეიმა. მაშინ ხომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა – “აგიხდინეთ ისტორიული ოცნება, თქვენთვის შევაღე ევროპის კარი და ვალმოხდილი მივდივარო”. თორემ ახლა რა გამოდის, ზაფხულში ამ მართლაც ისტორიულ გარღვევას ან ახალი პრემიერი მიიწერს, ან სულაც ძველი პრეზიდენტი, ეს რასაკვირველია ხუმრობით. სერიოზულად კი, არ მოექცნენ წესიერად (ჯენტლმენობაზე რომ აღარაფერი ვთქვა) ამ ახალგაზრდა კაცს. წელს რომ საარჩევნო წელი არ დამდგარიყო, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე მოგვილოცავდა ახალ წელს დღეს უკვე ყოფილი პრემიერი. ისე კი, რაღაც დროში გაიჭიმა წასული წელი, ნამდვილად არ ეყო მისთვის გამოყოფილი 365 დღე. არც მსოფლიოში და არც საქართველოში, მის დროს დაწყებული თუ წინა წლიდან მიღებული ვერც ერთი მწვავე პრობლემა ვერ გაანეიტრალა.
- მსოფლიოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, თუ დაგვრჩა საამისოდ დრო, ახლა კი ახალ პრემიერზე და მომავალ არჩევნებზე მინდა გკითხოთ. იქნება 2016 წელი პრეზიდენტისა და პრემიერის შერიგების წელი? როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნების” პირველი სერიოზული გამოცდა არჩევნებთან დაკავშირებით, ჩააბარებს კი?
- როგორც ჩანს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაჩაღებული “ტერიტორიული დავა” არჩევნებამდე მორატორიუმის რეჟიმში გადავიდა. რაში უნდა აწყობდეს გადასაჭრელი პრობლემებით ისედაც დახუნძლულ “ოცნებას” არაფრის მომტანი, მაგრამ დროის, ენერგიისა და რეიტინგის მჭამელი დამატებითი ფრონტი? მსოფლიოს ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ჰარამხანაში უფროსი ცოლის დაუწერელი კანონით ცხოვრობს – მაქსიმუმი პატივი და მინიმუმი ინტერესი. ირაკლი ღარიბაშვილი ფორმალურ პატივსაც არ იმეტებდა პრეზიდენტისთვის და შეიძლება ეს შეიცვალოს. ვნახოთ. ეს ხომ პრემიერის კაბინეტში არ წყდება.
აი, გამოცდას კი უეჭველად ჩააბარებს. დიდი ალბათობით არც კანონს დაარღვევს უხეშად, მაგრამ დღეს დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები. უცნაურად ჟღერს, არა? არც კანონი დაირღვევა, არც “კარუსელები” იქნება, ვერც ნაგვის ყუთებში აღმოაჩენს ვინმე გაყალბებულ ბიულეტენებს, საერთაშორისო დამკვირვებლებიც თითო-ოროლა მეათეხარისხოვან გადაცდომებს დააფიქსირებენ, ისიც მხოლოდ საკუთარი მაღალი ჰონორარის გამართლების მიზნით; მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფილოსოფიური სიმშვიდით შეხვდება წინა არჩევნების “კაზუსამდელ” რეალობაში დაბრუნებას.
- რატომ გგონიათ, რომ მმრთველ პარტიას არა აქვს სურვილი მართლაც ისტორიულ ეტაპად აქციოს 2016 წლის არჩევნები? იგივე ბიძინა ივანიშვილს ხომ აღარაფერი არ აკლია გარდა მართლაც ეროვნული გმირის სახალხო ტიტულისა?
- საქმე ის გახლავთ, რომ ისტორიაში შესვლის გულწრფელი სურვილი მხოლოდ ივანიშვილს თუ აქვს; მმართველი პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა) გაცილებით მოკრძალებული და “ადამიანური” სამომავლო გეგმებითა და ოცნებებით ცხოვრობს. საქართველოში ხომ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნასთან და ძალაუფლებასთან არ ასოცირდება არჩევნებში გამარჯვება. ეს ყველაფერი მეორადია, მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა. ივანიშვილის გარდა რამდენი ქართველი მილიონერი შეგიძლიათ დამისახელოთ, ვინც პოლიტიკაში ყოფნისას, ან მმართველ პოლიტიკოსებთან სიახლოვითა და გარიგებებით არ გამდიდრდა? სხვა საკითხია, რომ მათაც შეუძლიათ თავი იმართლონ, ჩვენ სისტემის მსხვერპლნი ვიყავით, სხვაგვარად ლარსაც ვერ ვიშოვიდითო.
ბიძინა ივანიშვილის “ოცნების” დამოკლეს მახვილი სამყაროსავით ტრივიალური და ძველია; მას არასწორი საკადრო სელექცია ჰქვია. ამ სფეროში დაშვებულ შეცდომებს დიაბეტის ეფექტი ახასიათებს – შედეგი დაგვიანებით იჩენს თავს, როცა პაციენტის შრომისუნარიანობა და აქტიურობა პრობლემატური ხდება.
- ფიქრობთ, რომ უკვე ამ სტადიაშია “ქართული ოცნება”? შრომისუნარიანობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აქტიურობა ნამდვილად არ აკლია არც მთავრობასა და არც პარლამენტს…
- გააჩნია რას გულისხმობთ აქტიურობაში, თუ ჩეხოვის “სამი დის” გმირივით – “შუმიშ, ბრატ, შუმიშ”… მხოლოდ ხმაურში? მოგეცათ ლხენა, მაგათი ომახიანი შეძახილებით ზანზარი გაუდის ქუთაისის ნაცოდვილარი პარლამენტის ჭერს და კედლებს… მე სხვაგვარ, შედეგიან აქტიურობას ვგულისხმობ, რისი მწვავე დეფიციტის შედეგად შედის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ღრმად რისკის ზონაში. თუ ცეცხლის გარეშე კვამლი მართლაც არ არსებობს, ეტყობა, მართლაც სერიოზულად განიხილებოდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის “დესერტად” რამდენიმე მინისტრის გაყოლების საკითხი. ჩემი აზრით, გარდა ფინანსთა მინისტრისა, ყველა ადრე იყო გასაშვები, თანაც ზოგიერთი თავის სამინისტროებიანად. რა მოხდა? დღესავით ნათელია რადიკალური ცვლილებების გადაუდებელი აუცილებლობა. ეჭვი არ მეპარება, რომ სხვებზე მეტად ამას თავად ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, მაგრამ ჩანს, საკრალურ “მეოთხე წელს” და პრემიერის პოსტის მიტოვებიდან ორი წლის შემდეგ საგრძნობლად გაფერმკრთალდა მისი ერთპიროვნული გავლენა. თანაც საარჩევნო წელს თავადაც არ არის მზად ქირურგიული ჩარევისთვის. ხომ ხედავთ, მის მიერ არა- ერთხელ “გაკენწლილი” ნარმანიას მოშორებასაც ერიდება, რაც ნამდვილად წაადგებოდა “ოცნების” რეიტინგს.
- სერიოზულად ფიქრობთ, რომ მას ხელი აღარ მიუწვდება მთავრობაზე, ან ირაკლი ღარიბაშვილს მან არ “ურჩია” დროზე წასვლა?
- არა, მე პარლამენტს ვგულისხმობ, სადაც კურიოზული შემთხვევის “მსხვერპლსაც” კი ვერაფერს ურჩევ, გარდა საჭირო დროს საჭირო ღილაკზე თითის დაჭერისა. არ ტოვებს ბატონი ბიძინა ნეტარმორწმუნე მეოცნების შთაბეჭდილებას და კარგად ხედავს, რომ ბოლო ხანებში სპიკერი და მისი პარტია დაუფარავად ემზადება პოსტივანიშვილის რეალობისთვის.
მართლაც დეტალებშია საძებნი ყველაზე დიდი ეშმაკი. ზოგჯერ პროფესიონალურ აღტაცებამდეც კი მივყავარ დათო უსუფაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის ელეგანტურად დახვეწილ პირუეტებს, მზარდი სიხშირით რომ აღიზიანებს მათ უპრინციპოდ მედროვე კოლეგებს. მარტო ლევან ბერძენიშვილის ხანჯალივით ბასრი და თამამი რეპლიკები (მურუსიძესა და ღარიბაშვილზე) რად ღირს; უმრავლესობის სხვა ვერც ერთი წევრი ვერ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას. ბრმა პიროვნულ ერთგულებაზე დაფუძნებულ გუნდურ სოლიდარობას მიუჩვეველი რესპულიკელებისათვის პირადი რეპუტაციაა ერთადერთი ორიენტირი; ხოლო რეალობა კი მმართველი ძალის არაპოპოლარული ნაბიჯებისგან თავაზიანად გამიჯვნის მშვენიერ შანსს იძლევა.
მითუმეტეს როდესაც ხელისუფლება სწორედ საარჩევნო წელს აღმოჩნდა რამდენიმე ცეცხლს შუა. ვერც აუცილებელი რადიკალური ცვლილებების გამართლებულ რისკზე მიდის, ვერც იმ არაფრის მაქნისი ჩინოვნიკების გაშვებას ბედავს ტაქსის მძღოლების საანეკდოტო მასალად რომ იქცნენ და რაც უნდა მოხდეს, არჩევნებშიც ვერ დამარცხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში არჩევნებში დამარცხება დიდი ხანია, რაც მხოლოდ “ჩვეულებრივ” დროებით პოლიტიკურ მარცხად არ ითვლება.
2012 წლის არჩევნების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ თუ რა ელით დამარცხებული პარტიის არა მხოლოდ ამა თუ იმ დანაშაულში ეჭვიმტანილ ლიდერებს, არამედ რიგით წევრებსაც; ნეტავ თუ ახსოვს ბატონ ბიძინას მისი წინასაარჩევნო დაპირება: შეიძლება მხოლოდ მინისტრები შევცვალოთ (რაც ბუნებრივი იქნებოდა), მოადგილეებს და ქვემოთ, თუ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ხელს არ ვახლებთო: ეტყობა, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მომავალ პრემიერს თანაგუნდელების ნათესავ-მეგობარ-მეზობელ-ახლობელთა რაოდენობაზე.
- როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, გამოსავალი მუდამ არსებობს, მისი მიგნებაა რთულიო. თქვენ შეგიძლიათ რაიმე გამოსავალი დაგვისახელოთ? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას მოიმოქმედებდით სიტუაციის განმუხტვისათვის?
- კომუნისტების დროს პრესასა და ტელევიზიაში არსებობდა პოპულარული რუბრიკა – “მე რომ დირექტორი ვიყო”; სახელწოდებაა საინტერესო, არავითარ შემთხვევაში ცკ-ს მდივანი ან მინისტრი, ცდუნება რომ არავის გასჩენოდა. ამიტომ მხოლოდ “დირექტორის” პოზიციიდან ვიფანტაზიორებ (არ მინდა ცკ-ს მდივნები ვანერვიულო). პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმზე დავკომპლექსდებოდი და ჩემს ერთგულ, მაგრამ უცოდინარ ინჟინრებს, ჩემს მოკრიტიკე კარგი პროფესიონალებით შევცვლიდი.
ფსონს წმინდა ადამიანურ პატივმოყვარეობაზე დავდებდი – ასეთი პროფესიონალი დღე და ღამეს გაასწორებდა, რათა საქმით დაემტკიცებინა, რომ წინამორბედზე მეტის გაკეთება შეუძლია.
დავეშვათ ღრუბლებიდან ჩვენს ცოდვილ მიწაზე: როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში მომუშავე კანონებია, მოგებული მხოლოდ ის რჩება, ვინც კანონიერ სივრცეში სხვაზე მეტად პატიოსანი, ჭკვიანი და ეფექტურია. ოპოზიცია თავის სასარგებლოდ იყენებს აქტუალურ სამართლებრივ ბერკეტებს და ზეწოლას იწყებს ხელისუფლებაზე. ეს ნორმალური პროცესია.
როგორ რეაგირებს “ახალგაზრდა, დემოკრატიული ხელისუფლება?” მისთვის, როგორც უკვე ვთქვით, სიკვდილის ტოლფასია არჩევნებში დამარცხება და საუკეთესო შემთხვევაში თავის სასარგებლოდ ცვლის კანონებს, მათ შორის საარჩევნო კანონსაც. ოპოზიცია იძულებული ხდება გაცილებით შეზღუდულ სამართლებრივ სივრცეში იმოქმედოს. როგორია ტენდენციის საბოლოო შედეგი? ლეგალური სტრუქტურიდან, რომელსაც უფლება აქვს კანონიერი გზით შეცვალოს ხელისუფლება, ოპოზიცია და ოპოზიციონერები დისიდენტებად იქცევიან. ეს საბჭოთა მოდელია…
- “ახალგაზრდა, დემოკრატიული ხელისუფლების” პირობებში ხომ შეუძლებელია დისიდენტობა, აი, რომელიმე ოპოზიციონერი თუ ხელისუფლების რაიმე აქციის დარბევას შეეცდება, კიდევ შეიძლება პოლიტპატიმრად იქცეს, მაგრამ დისიდენტი ხომ სულ სხვაა? ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, თამრიკო ჩხეიძე და სხვები მართლაც დისიდენტები იყვნენ, მაგრამ დღევანდელი ორ-სამ კაციანი პარტიის ლიდერებიც დისიდენტები არიან?
- ცხადია, არა. ხომ გითხარით, ის საბჭოთა მოდელი იყო. დღეს სხვა სინამდვილეა და სხვა მოდელი. არსია უცვლელი – ხელისუფლება მისთვის სასურველი კანონებით ავიწროებს სამართლიანი შეჯიბრის დერეფანს. მეორე მხრივ, სიტუაციას დრამატიზმს მატებს ოპოზიციის კატასტროფული სისუსტე, დაქსაქსულობა თუ ჭერს მაღლა ასული პიროვნული, აბსოლუტურად უსაფუძვლო ამბიციები. რამდენჯერ ვიხილეთ ერთ მაგიდას შემომსხდარი 30-40 ჯუჯა პარტიის ლიდერი. ცალ-ცალკე ყველა ნულია, ერთად შეიძლება სოლიდური ფრაქციით მაინც შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ საფუძველშივეა გამორიცხული მათი ერთობა ვინაიდან მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ორმოც ლიდერიანი გაერთიანებული ოპოზიცია. ისე კი, ერთი შეხედვით, რა მარტივია გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის დილემა. დღევანდელ საქართველოში ხომ ერთადერთი მძიმეწონიანი პოლიტიკოსია პარლამენტს მიღმა – ნინო ბურჯანაძე…
- კი მაგრამ, ნინო ბურჯანაძე პრორუსულ ძალად მოაზრება და ბევრისთვისაა მიუღებელი...
- რას ნიშნავს პრორუსული? რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრეობა? სრული იდიოტიზმი და დიპლომატიური “ნონსენსია”. 150-მილიონიანი მეზობლის იგნორირება, მის არსებობაზე თვალის დახუჭვა და მასთან მუდმივ კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა, შემახსენეთ რომელიმე პატარა ქვეყნისთვის სიკეთით დამთავრებული ასეთი ექსპერიმენტი..
და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ გაგვანდოს პრემიერმაც და მისმა მემკვიდრე მთავარმა დიპლომატმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია, თუკი ასეთი არსებობს ბუნებაში. აფხაზებისა და ოსების ძმებად მოხსენიება და ევროპაში მოგზაურობით დახარბება არც სტრატეგიაა, არც ტაქტიკა და არც ტრივიალური პრაგმატიზმი.
რასაკვირველია, ფაქტია დღევანდელი ხელისუფლების უდანაშაულობა ტერიტორიების დაკარგვაში, მაგრამ ისტორია და შთამომავლობა მასაც მოსთხოვს თავის წილ პასუხს. სანამ მინისტრი გახდებოდა, აკლებული ჰქონდა დავით აქუბარდიას ტელეეთერი პაატა ზაქარეიშვილს, თითქოს შეცდომებსაც რეალურად ხედავდა და სოხუმ-ცხინვალთან მისასვლელი “საგზაო რუკაც” ჯიბეში ედო. ისეთი რა ჯადოა ჩაკერებული ამ მინისტრის სავარძელში, რომ მართლაც ნორმალური შემრიგებელი, სკანდალურად არაადეკვატურ კვაზიჩინოვნიკად იქცე?
- რაკი ამ ღია იარას შევეხეთ, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთთან ურთიერთობითაა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
- ხუმრობთ? როგორ შეიძლება ჩვენს დროში რამეში იყო დარწმუნებული? მხოლოდ ერთი რამ ვიცი ზუსტად: ისეთია მწარე რეალობა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია აფხაზებსა და ოსებთან პირისპირ სალაპარაკოდ მიგვიშვას, ან ისინი მოუშვას ჩვენამდე.
დღეს სხვა გზა არ არსებობს. 20-30 წლის შემდეგ შეიძლება სხვა ვითარება იყოს, მაგრამ ჩვენი ერთად ცხოვრების მომსწრე აღარც აფხაზი იქნება დარჩენილი და აღარც ოსი. აღარც ქართულის მცოდნე იქნება ვინმე; ჩვენთან დიდ სიახლოვეს დღესაც აღარ გრძნობენ ოსები და აფხაზები და რა იქნება 20 წლის შემდეგ? თუ არაფერი შეიცვალა, ტოტალური გაუცხოება, როდემდის უნდა ვიტყუოთ თავი? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ნებისმიერ კომპრომისზე უნდა წავიდეთ თუკი ეს რეალური და არა წინასაარჩევნო “შერიგების” შანსს იძლევა.
გაგიგიათ შერიგება კონტაქტისა და მისვლა-მოსვლის გარეშე? უკანასკნელი კი რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული. ჯერ მიტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოსო და მერე დაველაპრაკოთო. ეს სადაური დიპლომატიაა? რა, მხოლოდ რუსეთს აქვს ჩვენთვის დასაბრუნებელი ტერიტორიები? მხოლოდ რუსეთის არმია გვწვავდა და გვხოცავდა? ჩაიხედონ ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩვენმა რუსოფობმა პოლიტიკოსებმა. ეგებ ირწმუნონ, რომ სხვას ასჯერ და ათასჯერ მეტი სისხლი მართებს ჩვენი? თანაც ყოველგვარი პროვოკაციული საბაბის გარეშე. ეს უკვე ისტორიაა, არა? რომელსაც არაფერი აქვს საერთო დღევანდელობასთან. ჰოდა, ასეთ ისტორიად შეიძლება იქცეს აფხაზეთი და სამაჩაბლოც. და კიდევ ერთი, აფხაზეთთან და ოსებთან შერიგებაცა და სხვა პერსპექტივაც ქართულ ეკონომიკაზე, სიღატაკის დაძლევაზე და სხვისთვის მიმზიდველ ცხოვრებაზე გადის. თუ ეს იმდენად შორეული პერსპექტივაა, რომ ლოდინის დრო არ არსებობს, სხვა ალტერნატივებზე უნდა ვიფიქროთ.
- ანუ გაურკვეველ დროში გაიჭიმა შერიგების პრესპექტივა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბიძინა ივანიშვილი ხომ მაგასაც დაგვპირდა; ეგეც ტარიფებივით გაზვიადებული დაპირება იყო?
- უტოპიაში სასიამოვნო გასეირნება იყო “ქართული ოცნების” მთელი საარჩევნო პროგრამა. საქართველოსნაირ ქვეყნებში ერთჯერადი გამოყენებისთვის წერენ საარჩევნო პროგრამებს. მან დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ელექტორატის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. კარგია, რომ დღეს მაინც აღიარებს ხელისუფლება, შესაძლებელზე მეტს შეგპირდითო, მაგრამ ცუდია, რომ მეორე უკიდურესობაში ვარდება და უკვე ტარიფების შემცირების ნაცვლად ზრდას გვპირდება შეპარვით – კერძო სექტორმა არც ზემოგებებზე უნდა იმუშაოს და არც სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაკარგოსო. მოკლედ რომ ვთქვათ, რიგითი მოქალაქეებივით არ უნდა იცხოვრონო.
ახალგაზრდა კაცია ახალი პრემიერი და შეიძლება არ მოსწრებია იმ დროს, როცა ისრაელში ას პროცენტამდე ავარდა ინფლაცია, მაგრამ ლიკუდის მთავრობამ შეძლო სიღატაკისაგან დაეცვა ხალხი, ინფლაციასაც დროზე ამოსდო აღვირი. ჩვენ რა ისეთი ებოლა-ინფლაცია შეგვეყარა, რომ ყოველ 4-5 თვეში დენისა და გაზის ტარიფებს სანსლავს? რაც შეეხება ე.წ. კერძო სექტორს, ჩვენ უკვე მონოპოლისტიური კაპიტალის დიქტაქტის პირობებში ვცხოვრობთ კარგა ხანია, როდესაც კომიკური მარეგულირებელი კომისია კი არა, პრემიერიც უძლურია მასთან ბრძოლაში. სწორედ მას უწოდა 1936 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში “კაპიტალისტური როიალისტები” ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა, თუმცა ის ხომ რუზველტი იყო…
- ელოდებით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას დიდ პოლიტიკაში?
- არა მგონია, დაბრუნდეს, თავადა აქვს ნათქვამი – “ეს მეორედ მოსვლა იქნებოდაო”. გარდა ამისა, ისეთი რა ვალი აქვს კოალიციის უმრავლესობის წინაშე, რომ კიდევ ერთი ოთხი წლით მათ კეთილდღეობას გადააყოლოს დარჩენილი პირადი ავტორიტეტი? მან უშეცდომოდ იცის, რომ როგორც მომავალ, ასე შემდგომ ოთხ წელში, შეუძლებელი იქნება ღატაკი ქვეყნის გამდიდრება. პასუხს კი ძიძიგურს, ტყემალაძეს, ვოლსკის, კვაჭანტირაძეს და კობახიძეს კი არა, მას მოსთხოვს დამშეული ხალხი. ასეთ “ქველმოქმედებაზე” კი ჭკვიანი ადამიანი წამსვლელი არ არის.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: „მიდის საუბარი ალასანიას პარტიის კოალიციაში დაბრუნებაზე
თიკო ოსმანოვა
“კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს “თავისუფალი დემოკრატების” შემატებაზე… მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ, მთავარია, მათ გამოხატონ სურვილი,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე. არადა ორი დღის წინ ჩვენთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ალასანიას გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა მაია ფანჯიკიძემ კატეგორიულად უარყო რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნო გაერთიანება. იგივე განცხადება ახალი წლის მიჯნაზე “რეზონანსთან” ინტერვიუში ირაკლი ალასანიამაც გააკეთა.
არჩევნებამდე 9 თვით ადრე “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ვაჭრობა, დიდი ალბათობით, პიკს მიაღწევს, თუმცა დიდი ალბათობით, კოალიცია წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე დღეს არსებული შემადგენლობით გავა. როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, მართალია, მსოფლმხედველობით კოალიცია გახლეჩილია “რესპუბლიკელებსა” და “სხვა დანარჩენებს” შორის, მაგრამ ორივე ამ ნაწილს “საკუთარი უსუსურობა” არ მისცემს იმის საშუალებას, რომ “ტემპერატურა მაღლა ასწიონ.”
წინაარსაჩევნოდ კოალიციის კონფიგურაციის შეცვლას “ქართული ოცნების” ლიდერებიც არ გამორიცხავენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით, რთულია გამორიცხო კოალიაციის გაფართოება, ან პირიქით. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, მიმდინარეობს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები კოალიაციის გაფართოებაზე, ან რომელიმე ძალა ხომ არ ფიქრობს კოალიაციის დატოვებას.
პოლიტიკური ძალებისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების მიხედვით კი კოალიაციის გაფართოება შესაძლებელია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანის საქართველოსა” და “საქართველოს გზის” პოლიტიკური ძალებით.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს გზის” ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გეგმავდა, თუმცა როგორც მაშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, იგი საარჩევნო სიაში არ იქნება და, თავად კოალიციას გარედან კადრების მიზიდვაში დაეხმარება.
ბიძინა ივანიშვილის და კოალიაციის მიმართ სიმპათიებს მაშინ არც “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მალავდა. 2012 წლის დასაწყისში ბურჯანაძესა და ივანიშვილის შორის შეხვედრაც გაიმართა. “ნინო ბურჯანაძე კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ვერ გახდება, თუმცა მასთან თანამშრომლობა დასაშვებია”, – განაცხადა მაშინ კოალიაციაში შემავალმა “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
სხვა პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით კი ივანიშვილმა უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდანვე არ დამალა.
რაც შეეხება “რესპუბლიკელების” მხრიდან კოალიციის დატოვების სურვილს, მთელი ამ წლების განმავლობაში ამაზე ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა პარტიის ლიდერები დღესაც კატეგორიულად გამორიცხავენ კოალიციის დატოვებას.
“ამ მომენტისათვის კოალიციის ფარგლებში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. კოალიცია მუშაობს იმ ფორმით, როგორც მუშაობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებს” უკავშირდება. რომ გითხრათ, რაიმე იგეგმება, ან ამ წუთის მდგომარეობით არის პერსპექტივა სხვა მიმართულებით, ასე არ არის. ამასთან, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია. რთულია, რაიმე გამორიცხო – კოალიციის გაფართოება ან პირიქით,” – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მანანა კობახიძემ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, ომარ ნიშნიანის თქმით კი, კულუარებში მსჯელობა მიმდინარეობს ისევ “თავისუფალი დემოკრატების” შემოერთებაზე, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად ირაკლი ალასანიას ძალამ უნდა მიიღოს, რომელიც ამას კატეგორიულად გამორიცხავს.
“მე მგონი, კოალიციის კონფიგურაციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ვფიქრობ, არჩევნებამდე დაახლოებით ამ საარჩევნო ბლოკით მივალთ.
“აქ გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება იყოს კვოტებთან დაკავშირებით – ზოგიერთი პარტია მოითხოვს მეტ კვოტას საარჩევნო სიაში, მაგრამ ამას მოევლება. ზოგს ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ამბიციები აწუხებს, მაგრამ მე მგონი, ესეც დარეგულირდება. უფრო მეტიც, როგორც კულუარებში ამბობენ, ახლა მსჯელობა მიმდინარეობს “თავისუფალი დემოკრატების” შემატებაზე. ადრე ჩვენთან იყვნენ და ერთმანეთი არ დაგვიჭამია, ასე რომ, ახლა მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ, მთავარია, მათ გამოხატონ სურვილი.
“რაც შეეხება სხვა ძალებს, არა მგონია, ნინო ბურჯანაძესთან რაიმე ალიანსი შევქმნათ. სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა გაადვილდება. ის პროევროპული ძალაა, თუმცა მიმდინარეობს თუ არა მასთან კონსულტაციები, არ ვიცი, ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ნიშნიანიძე.
თუ როგორი იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო ბლოკი 2016 წლის არჩევნებისთვის და რამდენად მოსალოდნელია კოალიციის კონფიგურაციის შეცვლა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს, ანი მიროტაძეს. თუმცა დასძენს, რომ ამ ეტაპზე “ფორუმს” არ აქვს მიზეზი, რომ კოალიაციაში დარჩენაზე უარი თქვას.
“გაფართოვდება თუ პირიქით, შემცირდება კოალიაციაში შემავალი პარტიების რიცხვი, ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, სუბიექტები, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს კოალიაცია, გამოთქვამენ თუ არა კვლავ თანხმობას საერთო კოალიაციის შექმნაზე, ან რამდენად თანმხვედრი იქნება გეგმები ქვეყნის განვითარებაზე.
“დღეს ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მიზეზი, ვთქვა, რომ “ფორუმი” ტოვებს კოალიაციას. არც ერთი სხვა ძალის დამატებაზე არ მსმენია რამე და არც რომელიმე პარტიის შესაძლო გასვლაზე,” – გვითხრა მიროტაძემ.
კოალიაციის მომავალზე პროგნოზის გაკეთება უჭირთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც.
“ვერ გეტყვით, რა ცვლილებები იქნება და რა კონფიგურაციის იქნება საარჩევნოდ კოალიაცია “ქართული ოცნება”, თუმცა არ მომწონს კოალიციის პოზიცია ხელოვანებთან და სპორტსმენებთან დაკავშირებით, ამ ნიშნით დისკრიმინაცია ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” საქმე.
“დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა “რესპუბლიკელების” შიდა ბრძოლა ღარიბაშვილის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ღარიბაშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, ამიტომ არ შემიძლია გითხრათ მომავალში თუ რა ტიპის გადაადგილებები მოხდება. ეს რომ იყოს პრინციპებზე აგებული პოლიტიკური ძალა, მაშინ პროგნოზი ადვილი იქნებოდა. “ქართული ოცნება” ეს არის ძალიან ეკლექტური ერთობა, ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, საბოლოოდ ძალიან ძნელია ამის განსაზღვრა,” – უთხრა “რეზონანსს” “ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ წიკლაურმა.
კოალიაციის კონფიგურაციის შეცვლას ნაკლებად ვარაუდობს, ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი. მისი თქმით, საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან, ამასთან დაკავშირებით დიდი შიდა დაპირსიპირებაც მოსალოდნელია, თუმცა, მისივე განცხადებით, კოალიაციაში შემავალი ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ გარისკავს ივანიშვილის გარეშე საარჩევნო მარათონში ჩაბმას.
“სარჩევნო სიაში შეიძლება ახალი სახელები ვიხილოთ, მაგრამ კოალიაციაში საარჩევნო სუბიექტის ან პარტიის დამატება არა მგონია, მოსალოდნელი იყოს. ახლა ყველაზე მწვავე პროცესი იწყება – კვოტების საკითხი და სიების შედგენა. აქ რაღაც დაძაბულობა იქნება, მაგრამ ნაკლები ალბათობაა კოალიაციაში რაიმე შეიცვალოს.
“იქნება დაძაბულობა, საჯარო ურთიერთდაპირისპირებასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ საკუთარი უსუსურობის განცდა “ქართული ოცნების” სუბიექტებს არ მისცემს ფუფუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოვიდნენ. “რესპუბლიკელების” გამოყოფა თეორიულად შესაძლებელია, არაფერია გამორიცხული. ჩვენ თუ მივყვებით ლოგიკას, ბუნებრივია, რომ მსოფმხედველობითი წინააღმდეგობა არსებობს რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიაციის მთელ დანარჩენ ნაწილს შორის. შესაბამისად პოლიტიკური ლოგიკით ასე უნდა მოხდეს, მაგრამ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება არ მისცემს არც რესპუბლიკელებს და არც კოალიაციის დანარჩენ წევრებს პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა აწიონ.
“სამწუხაროდ, არცერთი და არც მეორე მხარე არ ფლობს საკმარის პოლიტიკურ კაპიტალს. ორივე ბიძინა ივანიშვილის მხრებზე სხედან. ერთი ნაწილი მარჯვენა და მეორე მარცხენა მხარეს. შესაბამისად იქიდან ჩამოსვლა არცერთს არ უნდა. ერთმანეთან იხმალავებენ, მაგრამ ყველანაირად ეცდებიან, რომ თანაცხოვრება გაიხანგრძლივონ, რაც შეიძლება დიდხანს,” – განუცხადა “რეზონანსს” ხუხაშვილმა.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ალასანიას დაბრუნება უხერხულია“
საარჩევნო სიების შედგენასა და ცვლილებაზე `ქართულმა ოცნებამ~ უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი. როგორც ექსპერტები და ანალიტიკოსები საუბრობენ, წინასაარჩევნო კამპანია პარტიებს უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს პროცესი იგვიანებს და პოლიტიკური ცხოვრება დუნედ მიედინება.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფასებს: „ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ პროცესი აქტიური საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია გადასული. პროცესი ჯერ პასიურია. ბოლო რამდენიმე არჩევნებს რომ ვაკვირდები, საკმაოდ გვიან იწყება წინასაარჩევნო პროცესი“, – ამბობს არჩილ გამზარდია..
- ხელისუფლების მხრიდან?
- არა მარტო სახელისუფლო გუნდის მხრიდან, არამედ მთლიანობაში. ჯერჯერობით მაინც პასიურ რეჟიმში არიან. ახლა უფრო მიმდინარეობს ის, რაც უნდა ყოფილიყო რამდენიმე თვის წინ. ეს არის ძირითადად მოკავშირეებთან კავშირი და აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორ წარდგნენ ამომრჩეველთან საარჩევნო კამპანიის ნაწილში. ერთადერთი, რაც ჩვენ დავინახეთ, ეს იყო პრემიერის შეცვლა.
- ეს წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდებოდა?
- მეტ-ნაკლებად ესეც შეგვიძლია დავუკავშიროთ საარჩევნო კამპანიას, იმ მხრივ, რომ პრემიერის რანგში, გამოვიდა ადამიანი, რომელიც უფრო დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქმება.
- წინა პრემიერი არ იყო დამოუკიდებელი?
- მე ვერ ვიტყვი, რომ წინა პრემიერი არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ აღიქმება ის საზოგადოებაში. აი, ამაზეა აქცენტი გაკეთებული. ასევე ადამიანი, რომელსაც ეკონომიკური პროფილი და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფილი, უფრო მეტად აქვს გამოხატული. ასევე მეტი შანსია იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის არ გამოირჩეოდეს ხისტი განცხადებებით და შეფასებებსა და კომუნიკაციებშიც უფრო მოქნილი იყოს.
- ანუ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული?
- ამ კუთხით ხელისუფლებამ უფრო მოიგო, რადგან ასეთი ცვლილების მიმართ ყველაზე დაპირისპირებულმა ძალამაც კი ვერ გამოხატა კრიტიკული აზრი. ასევე უნდა ველოდოთ ცვლილებას მინისტრთა კაბინეტშიც, სადაც ასეთი პოზიტიური მოლოდინები უფრო აიწევს.
- კონკრეტულად ვისი შეცვლა იგეგმება?
- სწორედ იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ესეც შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად.
- ანუ ღარიბაშვილი წამგებიანი სახე იყო წინასაარჩევნოდ?
- ჩემი გადასახედიდან ღარიბაშვილი წამგებიანი სახე არ იყო. ის საკმაოდ დიდ მხარდაჭერას იღებდა უშუალოდ `ქართული ოცნების~ ელექტორატში. თავის ამომრჩეველში, ის ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს დღემდე, მაგრამ მთლიან პოლიტიკურ სივრცეში და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველში, არამედ მის ოპონენტებში ღარიბაშვილზე მეტი ფასი კვირიკაშვილს აქვს. ამ მხრივ, კვირიკაშვილის წინა პლანზე გადმოწევით, უფრო მეტი ფასი დაედო ხელისუფლებას.
- სიებთან დაკავშირებით აქტიური საუბარი დაიწყო თავად `ოცნებამ~. საუბრობენ, რომ დროულად უნდა დაიწყოს ფორმირება, უნდა განისაზღვროს კვოტებიო. როგორი იქნება მათი საარჩევნო სიები?
- სიმართლე გითხრათ, დიდად არ მესმის, რატომ ხდება იმაზე საჯაროდ საუბარი, რომ საჭიროა სიებზე მუშაობა. ეს პროცესი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. იმიტომ, რომ ზოგადად ამ პროცესს საზოგადოება ნეგატიურად აღიქვამს. ამის აფიშირება, თუ როგორი უნდა იყოს სიები და ასე შემდეგ, ეს ჩემთვის გაუგებარია. ალბათ ჯობდა, რომ ეს სია შემდგარიყო მშვიდად, შემდგომ მომხდარიყო პრეზენტირება საზოგადოების წინაშე. ასევე არ მივესალმები ზოგიერთი ადამიანის ირიბად და აუგად ხსენებას.
- რას გულისხმობთ?
- ეს იქნება კულტმუშაკი, სპორტსმენი, მსახიობი თუ ასე შემდეგ, რადგან ამ ადამიანებში ბევრს ისეთი დამსახურება აქვთ ერის და ქვეყნის წინაშე, რომ ბევრი მათი მაკრიტიკებელი, ამხელა დამსახურების მქონე არ არის. მით უმეტეს, შიდა პოლიტიკური გუნდის ფარგლებში ვისურვებდი, რომ უფრო კარგად გაზომილი იყოს თითოეული ფრაზა. ბუნებრივია, რომ უფრო უკეთესიც არის მოსაძიებელი. ხელისუფლება არ არის აღფრთოვანებული არც ერთი პოლიტიკური ძალით, არც ოპოზიციით, არც ხელისუფლებით და, შესაბამისად, საჭიროა უფრო კვალიფიციური და ეფექტური გუნდი იქნას წარმოდგენილი. რამდენად სწორად შექმნიან ამ გუნდს, ეს უკვე სხვა თემაა.
- საუბარია, რომ სიებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რესპუბლიკელები აქტიურობენო. ისინი არიან ინიციატორები, რომ დროულად დაიწყოს სიებზე მუშაობა. მათ კითხვის ნიშნები აქვთ? რამე აშინებთ თუ რატომ არიან ამ თემით ყველაზე მეტად დაინტერესებულები?
- ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს კოალიციურ გუნდთან. კოალიციაში შედის რამდენიმე პარტია და სრულიად ჯანსაღი პროცესია, შიდა კონკურენტული პროცესია, როდესაც პარტიები ცდილობენ მეტი შესაძლებლობების მოძიებას და მეტი ადგილის მოპოვებას, მათ შორის კოალიციაში. ამიტომ, რესპუბლიკური პარტია იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ჯანსაღი პროცესი. რესპუბლიკური პარტიის ქმედებები სრულიად ჯანსაღ კონკურენციაზეა აგებული. ისინი კოალიციურ სივრცეში შედიან და ცდილობენ პირველობას კოალიციაში. ზეგავლენის კუთხითაც, თანამდებობის კუთხითაც, კვოტის კუთხითაც და ასე შემდეგ. შიშს რაც შეეხება, მე არა მგონია, რესპუბლიკურ პარტიას კოალიციის შიგნით რამის ეშინოდეს.
- რატომ?
- ისინი საკმაოდ დაცულები არიან. საინტერესო, ინტელექტუალური, პროფესიული და ადამიანური რესურსები არიან და, შესაბამისად, მათი საჭიროებაც კოალიციის ფარგლებში არის. ამიტომ, ბუნებრივია, ისინი უბრალოდ, როგორც სუბიექტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში უფრო გამოცდილები არიან, ხედავენ საჭიროებას, რომ სიები დროულად ფორმირდეს და ყველაფერი გარკვეული იყოს. სიების ფორმირება არ უნდა იყოს არჩევნებთან მიახლოებული პრეზენტაცია.
- შეიძლება თუ არა იყოს საუბარი კოალიციის გაფართოებაზეც? ჩვენ მოვისმინეთ მინიშნებები, რომ შესაძლოა ალასანიას გუნდი კვლავაც აღმოჩნდეს კოალიციაში. უშვებთ ამას?
- მას შემდეგ, რაც ამაზე საუბარი ფართო გახდა და ალასანიას და მისი გუნდის ტონიც მკვეთრად შეიცვალა ხელისუფლებისადმი, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ირაკლი ალასანიას გუნდის უკან დაბრუნება თუ მოხდება, უძღები შვილის უკან დაბრუნებასავით, არ ვიცი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ აზარალებდა ალასანიას გუნდის დაბრუნება. ეს პირველ რიგში ალასანიას გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი. თუმცა ვერ ვიგებ ერთადერთ შემთხვევაში მოტივს, იმიტომ, რომ ალასანიას გუნდს ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტები ჩაბარებული მთავრობაში. ამაზე მეტი, რა უნდოდათ. ერთადერთი, პრემიერი თუ ეყოლებოდათ ალასანიას სახით. ყველაზე საკვანძო პოსტები ალასანიას გუნდის წევრებს ჰქონდათ.
- მაშინ რა მოხდა?
- ერთადერთი თუ იმ ფაქტორს ჩავთვლით, რომ ყველაფერი პიროვნულმა ფაქტორმა გადაწონა და ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის არსებულმა ურთიერთობამ გადაწონა ეს პოლიტიკური პროცესები, ამ შემთხვევაში გასაგები გახდება. თუმცა ეს პროცესი დადებითად შესაფასებელი არ იქნება, რადგან პოლიტიკურ პროცესებზე მეტად, გამოდის, რომ პიროვნული დააყენეს წინ.
- ანუ, არ გამორიცხავთ, რომ კვლავ აღმოჩნდნენ კოალიციაში?
- რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ. თუმცა ძალიან უხერხული იქნება, იმ განცხადებების მერე, ირაკლი ალასანია დაბრუნდეს, რაც მას გაკეთებული აქვს კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ალასანიამ ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტი ბრალი დასდო, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. ის მთელ მთავრობას და აღმასრულებლებს უწოდებდა სათამაშოებს ივანიშვილის ხელში. ამიტომ, აი ამ ბარიერის გადალახვა როგორ მოხდება, ეს არის საკითხავი. მე ეს უფრო მიმაჩნია მნიშვნელოვან ბარიერად, ვიდრე ის, რომ ის უკან დაბრუნდეს. ნამდვილად არ იქნებოდა ალასანიას გუნდის ჩართვა კოალიციაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩამოსაშორებელი ხალხია. როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილიც, არა ერთ სუბიექტს ალასანიას გუნდში, დღესაც დიდი პატივისცემით უყურებს.
- რაიმე სხვა სიურპრიზებს თუ ელოდებით წინასაარჩევნო პერიოდში?
- ჯერჯერობით სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, რადგან ძალიან დუნე და რუტინა პროცესია. არ არის ეს ყველაფერი გადასული საინტერესო პროცესში. მე თუ მკითხავთ, პატრიოტთა ალიანსმა უფრო ადრე და საინტერესოდ დაიწყო წინასაარჩევნო პროცესი, ასევე `გირჩებმა~, ვიდრე სხვებმა.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რესპუბლიკელები“ შეიძლება „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩაანაცვლონ… საარჩევნო სიის გამო „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს დახოცავენ
რაზე დაერივნენ ერთმანეთს „ქართულ ოცნებაში“, რას არ დათმობენ რესპუბლიკელები, რომელი პარტია ითხოვდა მთავრობაში დამატებით ადგილებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
„ქართულ ოცნებაში“ ის პროცესები დაიწყო, რაზეც ჩვენ რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდით. სხვათა შორის, მოვლენების წინასწარ განჭვრეტას ჰქვია პოლიტიკა. ჩვენ ეჭვიც არ შეგვპარვია იმაში, რომ საარჩევნო სიის ფორმირებისას მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირება დაიწყებოდა. კოალიციაში გაერთიანებული არიან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პარტიები და პერსონები. ამ გუნდში რამდენიმე პატივსაცემი ადამიანიც არის, მაგრამ მთლიანობაში მთელი ეს კოალიცია აკიდებული ჰყავს ერთ კაცს, უფრო სწორად, ამ კაცის მილიარდებს. ამ მილიარდერის ფრთებქვეშ შეყუჟული პარტიები ძალიან დიდ მადაზე არიან და სერიოზული პრეტენზიებიც აქვთ. სინამდვილეში კი არაფერს არ წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ჩათვალეთ, რომ არჩევნებზე ხმების 1%-საც ვერ მიიღებენ. ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომაცაა, რომ საარჩევნო სიაში მოსახვედრად ერთმანეთს ლამისაა ტყვიამფრქვევებით დასდევენ. ივანიშვილის სასახლეში შესაჭრელად კი მზად არიან, ბეტეერზე ამხედრდნენ და ისე შევარდნენ“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.
- ბიძინა ივანიშვილს რატომ უნდა შეუვარდნენ?
- თავიანთი ერთგულების დასამტკიცებლად, ამის სურვილი ყველას აქვს, მაგრამ მასთან მოხვედრას და პირისპირ დალაპარაკებას ვერ ახერხებენ.
- რატომ ვერ ახერხებენ?
- რამდენიმე კაცი ბლოკავს ამას, ივანიშვილთან შეხვედრის შანსი ყველას არ ეძლევა. არადა, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობას ერთი სული აქვს, პირადი ერთგულება დაუდასტუროს ლიდერს, რათა საარჩევნო სიაში კიდევ ერთხელ მოხვდნენ. ამ მიზნის მისაღწევად არც სხვა მეთოდების გამოყენებას ერიდებიან. რამდენიმე თვეა ვამბობთ, რომ სიის ფორმირების გამო კოალიციაში დაპირისპირებაა, რასაც ესენი კატეგორიულად უარყოფდნენ. ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სიაში მოხვედრის გამო, მზად არიან ერთმანეთს ცოცხლად გახადონ ტყავი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ნაკლებად გვადარდებს რეიტინგდაკარგული `ქართული ოცნების~ საარჩევნო სიების შედგენის პროცესი, მაგრამ ეს ამბავი არც ისე უმნიშვნელოა.
- თუ რეიტინგდაკარგულები არიან, რატომ არის მათი საარჩევნო სიის შედგენის პროცესი ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანი? დღეს ყველა ამ თემაზე საუბრობს...
- უმნიშვნელო იმიტომ არაა, რომ ჯერჯერობით ესენი არიან ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ მთავარი დანიშნულება ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებაა, ამაზე ფიქრის ნაცვლად ესენი საარჩევნო სიის გამო ერთმანეთს ხოცავენ. ეს ქვეყნისთვის სახიფათოა, რითიც ჩვენ შეწუხებული ვართ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათ შორის სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. არ ვიცი, ამაზე მეტად რაღა უნდა გამწვავდეს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ერთმანეთს აღარც კი ესალმებიან. კოალიციაში შიდა კონსულტაციების გამართვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისე არიან გაცხარებულები, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ერთი განცხადების გამო, კინაღამ ცოცხლად შეჭამეს.
- ირაკლი კობახიძეზე საუბრობთ?
_ ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობ. ის ძალიან წესიერი ახალგაზრდა კაცია. მას პარტიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია, არის აღმასრულებელი მდივანი. სხვების მსგავსად, მასაც აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. გამოხატა თუ არა თავისი მოსაზრება, ეტაკნენ და კინაღამ ცოცხლად შეჭამეს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ერთს ამბობს, დანარჩენი წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ. იმდენად მძიმე ვითარება აქვთ, რომ ამის დამალვასაც კი აღარ ცდილობენ. ამათ ქვეყანა როგორ უნდა მართონ, არ ვიცი. მათი მთავარი საზრუნავი ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნებაა. სწორედ ამიტომ გაუშვეს თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი.
- ირაკლი ღარიბაშვილი უშლიდათ ამაში ხელს?
- ის გაუშვეს იმიტომ, რომ მთელი „ოცნების“ წარუმატებლობა და ცოდვები მისთვის საპალნე ტვირთივით აეკიდათ. ვითომ ახალი პრემიერი რაღაცა განსაკუთრებულს გააკეთებს. არა მგონია, ეს ასე მოხდეს. კოალიციაში შემავალი ძალები ერთმანეთთან კოალიციის შექმნის დღიდან არიან დაპირისპირებული და ერთმანეთს დედას და მამას აგინებენ შვიდ ბრუნვაში. ერთმანეთის ჩასაძირად ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ მეთოდს იყენებენ.
- ამ ფონზე, თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია დეპუტატ თამაზ მეჭიაურის ინიციატივა, რომელმაც ამბიციურ პარტიებს კოალიციიდან გასვლა და არჩევნებში დამოუკიდებლად ურჩია მონაწილეობის მიღება?
- მისი მოსაზრებები ზოგს მოსწონს და ზოგს – არა. ვერ გეტყვით, რომ მისი გამონათქვამებით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მისი მოსაზრებები ყველაზე ახლოს არის არსებულ რეალობასთან და პირდაპირ არტყამს ხოლმე მიზანში. ამ შემთხვევაში თამაზ მეჭიაურმა ყველაფერი ძალიან კონკრეტულად თქვა. კოალიციაში შემავალ ზოგიერთ პარტიას ძალიან დიდი პოლიტიკური მადა აქვს და თუ ასეთი მაგრები არიან, ცალკე იყარონ კენჭი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რა შედეგს დადებენ ეს მადიანები არჩევნებზე. ისინი ბუს კვერცხების მეტს ვერაფერს ვერ მიიღებენ.
- თქვენი აზრით, მადიან პარტიებში ვის გულისხმობდა?
- რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებს. უმადობას არც სხვები უჩივიან. ამათი დიდი პოლიტიკური მადა ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. დაგეგმილი იყო, რომ მასთან ერთად კიდევ 6 თუ 7 მინისტრი შეიცვლებოდა. გადაწყვეტილი იყო, რომ თანამდებობას დატოვებდა ეს უმაქნისი და სასაცილო მერი დავით ნარმანიაც. კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ისეთი მადა გამოიჩინეს და მთავრობაში იმდენი პორტფელი მოითხოვეს, რომ ივანიშვილმა მინისტრების შეცვლა დროებით გადადო.
- დროებით გადადოო ამბობთ და გჯერათ, რომ ცვლილებები იქნება? მეოცნებეები ამტკიცებენ, მსგავსს არაფერს ვაპირებთო...
- ცვლილებები აუცილებლად იქნება. უახლოეს ხანებში, სულ ცოტა, 5 მინისტრი მაინც შეიცვლება. მაგათ განცხადებებს კი საერთოდ არ უნდა მოუსმინოს კაცმა. წინა საღამოს ამტკიცებენ ხოლმე, რომ არანაირი ცვლილება არ იგეგმება და მეორე დილით ცვლილება სახეზეა. ყველა შეიძლება შეცდეს პროგნოზში, მაგრამ ესენი ამ მიმართულებითაც უტიფრები არიან და შეცდომას არ აღიარებენ.
- ამ შიდა დაპირისპირების ფონზე, ისინი მოულოდნელად დაუტკბნენ თავისუფალ დემოკრატებს და აღარც გიორგი მარგველაშვილზე ახორციელებენ შეტევებს. ეს შემთხვევითია თუ რაღაცაშია საქმე?
- ეს დათბობა ამათი თვალთმაქცობის და უპრინციპობის კლასიკური ნიმუშია. მმართველი გუნდის წევრებს პრინციპები არ გააჩნიათ და ისინი სიტუაციისდა მიხედვით მოქმედებენ. ზემოთ ტყუილად კი არ გითხარით, რომ ღარიბაშვილს თავიანთი ცოდვები საპალნესავით აკიდეს. ახლა ყველაფერს ყოფილ პრემიერს გადააბრალებენ და ისე წარმოაჩენენ, რომ რაღაც სხვა კურსი აირჩიეს, რომელიც თავისუფალი დემოკრატების უკან დაბრუნების საფუძველს იძლევა. კარგად გვახსოვს, რა პოლიტიკური კრიახი ჰქონდათ ატეხილი ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის კოალიციიდან წასვლის გამო. ახლა, უცბად, სიჩუმე ჩამოვარდა. ან ეს ზალკალიანი რას დაბრუნდა, სხვებთან ერთად არ ამტკიცებდა, ხელისუფლებამ კურსი შეიცვალაო? ღარიბაშვილი იყო ამაში დამნაშავე და კვირიკაშვილმა ყველაფერი გამოასწორა? რაიმე თუ იციან, ჩვენც გვითხრან. ეს ყველაფერი მშვენიერი შესაფუთი მასალაა უკან დაბრუნებისათვის.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია თავისუფალი დემოკრატების კოალიციაში დაბრუნება?
- რატომაც არა. ამათგან კიდევ რაიმე გიკვირთ? რამდენადაც ვატყობ, არც ალასანიაა უკან დაბრუნების წინააღმდეგი და არც კოალიციის ლიდერები შეეწინააღმდეგებიან ამას.
- ეს გარკვეულ უხერხულობას არ გამოიწვევს?
- პრინციპები ამათ არა აქვთ და რატომ უნდა ჩავარდნენ უხერხულობაში. ამათი მთავარი საზრუნავი ახლა საარჩევნო სიებში მოხვედრაა. რესპუბლიკელებს მადა ძალიან აქვთ გაზრდილი და თუ კიდევ გაეზარდათ, შესაძლოა ისინი გაუშვან კოალიციიდან და ალასანიას ხალხით მოხდება მათი ჩანაცვლება.
- წავლენ რესპუბლიკელები კოალიციიდან?
- რესპუბლიკელები იმის ჩიტები არ არიან, მილიარდერზე უარი თქვან. ისე ჩააფრინდებიან ივანიშვილს, 2016 წლამდე ვერავინ მოაცილებს მათ. და იქნება ასეთი გაუგებრობები. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ღარიბ ქვეყნებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსებს. ამ ფულით ხალხის პატივისცემას ვეღარ მოიპოვებენ. მაგრამ მცირე შედეგს დადებენ.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საარჩევნო კოდექსი ოპოზიციისთვის მხოლოდ კრიზისულ პერიოდში მუშაობს“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმ შეხვედრაზე, რომლის მოლოდინშიც არიან ისინი.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სწორედ პრემიერ კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრა გადაწყვეტს, იქნება თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია აგრესიული. „უკვე ცხადია, რომ პარტიები ნელ-ნელა შეუდგებიან წინასაარჩევნო კამპანიას. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია აწი გადადგამს, სწორედ წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. პრემიერ-მინისტრმა უკვე დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან. ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია გადახალისდება და ეს იქნება მკვეთრი ცვლილება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს მარტივი საქმე. სერიოზული პრობლემა იქნება სიის გადახალისება“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
- რატომ? როგორც უკვე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კობახიძემ განაცხადა, მსახიობებს და სპორტსმენებს დაემშვიდობებიან და აქცენტი ეკონომისტებსა და იურისტებზე გაკეთდება...
- ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ქვეყანაში კადრების სიმწირეა, ასევე სიმწირეა გამოცდილი პოლიტიკოსების, პროფესიონალების, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში, ძალიან საინტერესოა.
- ბატონო ვახტანგ, საარჩევნო კანონმდებლობაზე რომ ვისაუბროთ, ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მიაღწიოს ცვლილებას, ისინი პრემიერ კვირიკაშვილთან ითხოვენ შეხვედრას. როგორც ცნობილი გახდა, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, შეხვდეს მათ. რა შეიძლება ამ შეხვედრაზე გადაწყდეს?
- ეს ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია იბრძვის, მიაღწიოს შედეგს. არასაპარლამენტო ოპოზიციას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ეს მათთვის ერთადერთი შანსია და ამ შანსის ხელიდან გაშვება ძალიან რთული იქნება. ვნახოთ, რას იზამს ოპოზიცია. ოპოზიცია, ბუნებრივია, იბრძოლებს იმისთვის, რომ ეს საარჩევნო კანონი გამოიყენოს სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ყველანაირ ხერხს მიმართონ.
- საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ. შეიძლება ასეც განვითარდეს მოვლენები?
- ეს დამოკიდებული იქნება სწორედ იმ შეხვედრაზე, რომლის მოლოდინშიც არის დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია. რას შესთავაზებს მათ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში კონკრეტულად პრემიერი კვირიკაშვილი. თუმცა, ეს არ იქნება მხოლოდ კვირიკაშვილზე დამოკიდებული, ეს მთლიანად გუნდზე იქნება დამოკიდებული. თუკი ისინი ამ შეხვედრიდან უკმაყოფილოები გამოვლენ, მაშინ ცხადია, არც საპროტესტო აქციები იქნება გამორიცხული და შეიძლება უფრო რთული ფორმებიც იყოს გამოყენებული, მაგრამ რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, პარლამენტმა საარჩევნო კანონში შესწორებები კანონის სრული დაცვით მიიღო და ამ ცვლილებებს პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ამდენად, მისი გაპროტესტება შეიძლება მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ დონეზე.
- როდესაც ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, იქვე განაცხადა, რომ ეს არ არის ის ცვლილებები, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოდითო...
- თავის დროზე მართლაც საუბარი იყო იმაზე, რომ მთლიანად გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემით არჩევნები და პროპორციული სიით ჩატარებულიყო არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ამ ცვლილების განსახორციელებლად მზად იქნება მხოლოდ 2020 წლისთვის.
- მაგრამ ეს რამდენად იქნება მომგებიანი ხელისუფლებისთვის?
- თუ ობიექტურად ვიტყვით, ის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებამ საარჩევნო კანონმდებლობაში შეიტანა, უკეთესი არის, ვიდრე არსებული კოდექსი იყო. დღევანდელი ცვლილებები მართლაც არის წინგადადგმული ნაბიჯი და ამის უარყოფა შეუძლებელია. თავის დროზე დღევანდელი უმრავლესობის უმრავლესობა სწორედ პროპორციულ სისტემას უჭერდა მხარს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სისტემა უფრო მომგებიანია ხელისუფლებისთვის, რადგან ოპოზიცია დაშლილია და არ არის ერთიანი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რევოლუციური სიტუაცია არ არის.
- ოპოზიცია სწორედ იმას აპროტესტებს, რომ ეს სისტემა ხელისუფლებისთვის არის მომგებიანი...
- ოპოზიციას შეუძლია, რომ იყოს უფრო ერთიანი, მათ ჰყავდეთ საერთო კანდიდატები, უფრო ადეკვატური მოლაპარაკებები შეუძლიათ ერთმანეთში სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით.
საარჩევნო კოდექსი ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს მხოლოდ კრიზისულ პერიოდში. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისული ვითარება არ არის, მაშინ ყოველთვის მომგებიან პოზიციაში ხელისუფლება არის და ეს ფაქტია. ოპოზიცია, როგორც წესი, ვერ ახერხებს გაერთიანებას და ერთიან კანდიდატებზე შეჯერებას.
- ეს უფრო მომგებიანი იქნება ოპოზიციისთვის?
- რა თქმა უნდა. თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს და მათ ეყოლებათ მართლაც რეიტინგული კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში, მაშინ ოპოზიცია იმ ოლქებში გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ ასეთ ერთიან კანდიდატზე შეჯერებას ოპოზიცია ვერ ახერხებს. ვგულისხმობ ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების პირობებს და არა კრიზისულ და რევოლუციურ ვითარებას, როდესაც ოპოზიციას მართლაც შეუძლია გაერთიანება და საკუთარი ძალის დემონსტრირება.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნისთვის საჭირო და მომგებიანი არც ის სისტემაა, რომელიც ხელისუფლებამ უკვე შემოგვთავაზა ცვლილებების სახით და არც ის, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს. არც ერთი წარმოდგენილი სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პარლამენტში ოპტიმალურად მოხდეს ძალთა ბალანსი და შემადგენლობის შერჩევა. ორივე სისტემას აქვს ნაკლი. როგორც ოპოზიცია ამბობს, მაჟორიტარს შეუძლია ამომრჩეველი მოისყიდოს, მეორე შემთხვევაში, ოპოზიციას შეუძლია გამსვლელ სიაში ადგილი გაყიდოს. ეს არის სხვაობა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ სისტემებს შორის დიდი განსხვავება არ არის.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს“
რამდენიმე დღეა ქვეყანაში აჟიოტაჟია გაზპრომისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გამო. ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პრობლემაა მოლაპარაკებების ფარულად წარმოებაა.
- ბატონო დიმიტრი, გაზპრომთან მოლაპარაკებებს როგორ აფასებთ?
- „გაზპრომ”-თან მოლაპარაკებების თემაზე არავითარი კონკრეტული, კერძო ინფორმაციები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ძველი ხელისუფლება ასეთ საკითხებს მოლაპარაკებების დონეზე ასაიდუმლოებდა. ამის ნათელი დადასტურებაა ენგურჰესთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტოს ომი არ იყო გაციებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ენერგეტიკის მინისტრმა, ბატონმა ხეთაგურმა დაიწყო ფარული მოლაპარაკებები ოკუპანტ მხარესთან და რეალურად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტ მხარესთან გააფორმა მემორანდუმი ენგურჰესთან დაკავშირებით. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მედია ხელისუფლებას სასამართლოში უჩიოდა, რომ დოკუმენტი გაესაჯაროებინა. ახლა გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხში, ტრადიცია გრძელდება. ხელისუფლება დღესაც გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზპრომთან. ჩვენ კი ამის შესახებ გაზპრომის გენერალური დირექტორისაგან ვიგებთ.
- ამ საკითხს ყველაზე მეტად ააქტიურებს ნაცმოძრაობა. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიას?
- არ ვიცი, ნაცმოძრაობას რა ინტერესი აქვს, მაგრამ ენერგეტიკა არის პოლიტიკური რეგულაციის სფერო და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საგანი ხდება, აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე. არ უნდა მიეცეს პოლიტიკურ ოპონენტს საშუალება, რომ პოლიტიკური სპეკულაციები მოახდინოს და პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად გამჭრიახი ნაბიჯი უნდა გადადგას. ენერგეტიკის მინისტრი ვალდებულია, უფრო მეტი კონკრეტიკა შესძინოს თემას. სპეციალურ ბრიფინგზე თუ კონკრეტულ ინტერვიუში, გაასაჯაროოს მოლაპარაკებების დეტალები.
- ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება რას მოგვცემს?
- ძალიან კარგად ვიცით, რომ გაზის ფასი არის პოლიტიკური ფასი და თუკი საქართველოს უჩნდება ალტერნატიული წყაროები (ირანიდან იქნება თუ რუსეთიდან), საიდანაც უნდა იყოს ის, ნაბიჯის გადადგმამდე საზოგადოებას წინმსწრებად მიაწოდოს ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტი ვინც უნდა იყოს, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ასპარეზი აღარ დარჩება.
- თუ მოლაპარაკებები გამჭვირვალე იქნება, რუსეთთან ამგვარი მოლაპარაკებები დადებითად აღიქმება?
- მოლაპარაკება თავისთავად არ შეიძლება შეფასდეს უარყოფით კონტექსტში, თუკი მოლაპარაკების პერსპექტივა შეიძლება იყოს დადებითი. თუმცა, მე ვიმსჯელებდი აზერბაიჯანულ გაზსა და იმ პრეპერენციებზე, რომელიც აქაური გაზის მიღებას უკავშირდება.
- კერძოდ?
- ჩვენ აზერბაიჯანულ გაზს ვიღებთ შეღავათიან ფასში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ფასი ენერგომატარებლებზე, ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება დაიწყოს საქართველომ ნებისმიერ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მიზნის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მოლაპარაკების დაწყება, ანუ რა შედეგზე ორიენტირდება ამ მოლაპარაკების დაწყება. ჯერ მოლაპარაკების დაწყება და შემდეგ შედეგებზე მსჯელობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, არა მგონია სწორი იყოს. ჯერ უნდა ვიცოდეთ, რის მიღწევა გვინდა. თუკი ასეთი მოლაპარაკებისთვის საფუძვლები არსებობს, მას წინ არაფერი უდგას.
მოლაპარაკება ზოგადად განხორციელებადი შეიძლება იყოს ნებისმიერ დროს. მოლაპარაკებების თაობაზე ჩვენმა ხელისუფლებამ გვაუწყოს და არა `გაზპრომის~ გენერალურმა დირექტორმა მილერმა.
- ამერიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ თუ საქართველო რუსეთისაგან გაზს მიიღებს, ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს გააუარესებსო. რუსეთისაგან გაზის მიღება ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება?
- საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, ვინაიდან ჩვენ არ ვფლობთ ბუნებრივ რესურსებს და დამოკიდებული ვართ სხვა სახელმწიფოებიდან იმპორტზე. ამ შემთხვევაში ეროვნული ინტერესი უნდა გულისხმობდეს, გარკვეულ ფასს, რომელიც არსებობს ენერგომატარებლებზე, რომელიც დადგენილი და შეწონილია. აზერბაიჯანიდან ჩვენ ასეთ ფასად გაზის მიღების ფაქტის წინაშე ვდგავართ.
არსებობს კიდევ ორი ალტერნატივა, რომელიც შეიძლება იყოს განხილული. ეს არის რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანული გაზი, რომელსაც ჩვენ კომუნისტების დროს ვღებულობდით. საქართველოში მოხმარებული გაზის წლიური რაოდენობა 2,5 მლრდ კუბური მეტრია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში, ეს მოცულობა უნდა გაიზარდოს. გაზრდას უნდა მოჰყვეს ადეკვატური ფასი ბუნებრივ აირზე. თუ ასეთი რამ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის იგეგმება მომავალში, ჩვენ ეს დღეს უნდა ვიცოდეთ. არ შეიძლება სტრატეგიულ საკითხზე მოლაპარაკებები საზოგადოებისაგან დაფარულად მიმდინარეობდეს.
- ზურაბ აბაშიძემ ერთხელ განაცხადა, რომ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში შეიძლება ჩართულიყვნენ საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები. შესაძლებელია ამ სტატუსით და ამ ფარგლებში ერთვება მოლაპარაკებებში ენერგეტიკის მინისტრი…
- აღნიშნული განცხადება მოვისმინე. ის ლაპარაკობდა ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლების დიფერენცირებულ ჩართვაზე, მაგრამ საბოლოოდ პასუხისმგებელი რუსულ-ქართული ურთიერთობების პროგრესირებასა და დასტაბილურებაზე თვით ბატონი ზურაბ აბაშიძეა. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციები არ არის და ეს იწვევს შეკითხვებს, რატომ ვუტოვებთ ნაციონალურ მოძრაობას სპეკულაციისა და დივიდენდების მოპოვების საშუალებას?
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2016 წელი
საქართველო ფულსაც კარგავს და გაზსაც
ქვეყანა 10% სატრანზიტო მოცულობის შესაბამის თანხას ვერ მიიღებს
მაკა ხარაზიშვილი
საქართველო “გაზპრომისგან” 300-400 მლნ კბ/მ ბუნებრივ აირს წამოიღებს. გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო სომხეთში ტრანზიტისთვის ქვეყანა გაზის ნაცვლად, თანხას მიიღებს. დარჩა კიდევ ერთი დეტალი, რაზედაც ენერგეტიკის სამინისტრო არ საუბრობს – “გაზპრომის” მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა. იქნება იგი 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულების (10%) ადეკვატური, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს? სავარაუდოდ, არ იქნება. საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს. “გაზპრომი” კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვს.
ენერგეტიკის სამინისტრო საზოგადოებას რუსულ გაზზე მოლაპარაკების დეტალებს ულუფებად აწვდის, თანაც მას შემდეგ, როდესაც “გაზპრომის” წარმომადგენლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთი ოკუპანტი ქვეყნაა. გარდა ამისა, საქართველოს “გაზპრომთან” ურთიერთობის მწარე გამოცდილებაც აქვს.ამიტომაც, აბსოლუტურად ლოგიკურია ის კითხვები, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩნდება. ენერგეტიკის მინისტრი კი საზოგადოებას ირონიულად პასუხობს – “ბოდიში იმისთვის, რომ “გაზპრომთან” გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია”.
ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელსაც ხელი აზერბაიჯანულმა პრესამაც შეუწყო, კალაძემ, როგორც თავად უწოდა “ვაიექსპერტებთან” (ეს ტერმინი ახლახანს დამკვიდრდა პოლიტიკურ ელიტაში) შეხვედრა გადაწყვიტა. მეტი დამაჯერებლობისთვის, მინისტრმა სტუმრებს მისი მოადგილეები და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილიც დაახვედრა.
სამინისტროში თათბირით ექპერტები კმაყოფილები და დამშვიდებულები დარჩნენ. მაგალითად, თორნიკე შარაშენიძე დარწმუნდა, რომ რუსულ გაზთან დაკავშირებული ინფორმაციები არც ისე საგანგაშოა და გაკვირვებულია, თუ რატომ იწვევს აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვები ასეთ აგრესიას.
“ახლა რაც მოვისმინეთ, იმაში თითქოს საგანგაშო არაფერია. საუბარია დეფიციტის შევსებაზე, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ რამდენიმე თვეა ეს ამბავი მიმდინარეობს, გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და როცა კითხვები ჩნდება პასუხად მოდის აგრესია. თვითონაც თუ არაფერს აშავებდნენ, ეთქვათ ეს ყველაფერი მშვიდად და ჩვენც ვიქნებოდით წყნარად”, – განაცხადა შარაშენიძემ.
მინისტრმა ექსპერტებს აუხსნა, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება 2,5 მლრდ კბ/მ-ია და ის 2012 წელთან შედარებით, 35-38%-ით არის გაზრდილი. ზამთარში ყოველდღიურად ქვეყანაში 11 მლნ-ზე მეტი კბ/მ გაზი შემოდის – 6 მლნ კბ/მ “სოკარის” გაზი, “ყაზახის” მილსადენიდან. 2,9 მლნ კბ/მ “შაჰ-დენიზიდან”, 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი კი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურად იღებს.
“სხვათა შორის, მინდა ვთქვა ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით”, – გაახსენა კალაძემ ექსპერტებს და განმარტა, რომ საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა “სოკარის” განცხადებები, რომ აზერბაიჯანს საქართველოს გაზის მოთხოვნილების სრულად და უპრობლემოდ დაკმაყოფილება შეუძლია, საპირისპირო არგუმენტებით გააბათილა. მან აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში “სოკარის” მხრიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა იქმნება. ბოლო წლებში კი საქართველოში გაზის მოხმარება განუხრელად იზრდება.
“გარკვეული პრობლემაა “სოკარის” მილსადენიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგჯერ იძულებულნი ვართ, რომ ბალანსი აღვადგინოთ რუსული აირის ხარჯზე”, – განაცხადა თვალაბეიშვილმა და დასძინა, რომ “შაჰ-დენიზის” წილი საერთო მოხმარებაში, დაახლოებით, 30%-ია, 50% არის “სოკარის” მიერ მოწოდებული გაზი, ხოლო 20% რუსული ბუნებრივი აირია.
ირანული გაზი ან დენის იმპორტი
ამ განცხადების შემდეგ, “სოკარის” მორიგი ინიციატივა გახდა ცნობილი – აზერბაიჯანული კომპანია არ გამორიცხავს, რომ თუკი საჭირო იქნება, საქართველოში ირანული გაზიც შემოიტანოს. “ჯორჯია თუდეის” ცნობით, “სოკარის” ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვაგიფ ალიევმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაბიჯს თეირანისათვის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.
“სოკარი” მყარად არის წარმოდგენილი საქართველოში. საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2030 წლამდე მოქმედებს. ჩვენ ამ ქვეყნისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლები ვართ. აქვე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველო ირანისთვის”, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანთან ირანს 1474 მმ-იანი გაზსადენი აკავშირებს, საბჭოურ პერიოდში ამ მილსადენებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაზმომარაგება ხდებოდა, 2006 წლიდან კი მილსადენი გამოიყენება ირან-აზერბაიჯანს შორის სვოპ-კონტრაქტის პირობების შესასრულებლად – აზერბაიჯანი 500 მლნ კბ/მ გაზის ექსპორტს ახორციელებს ირანში. შესაბამისად, ტექნიკურად, ირანიდან გაზის წამოღება არც ისე ადვილია.
ამასთანავე, ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან დამატებითი მოცულობის მიღება, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის.
“ამჟამად არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია უფრო მეტი აირის გატარება. ამიტომ დამატებითი მოცულობის დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით”, – განაცხადა კახა კალაძემ და უფრო საშიში პერსპექტივაც დახატა – თბოსადგურების გაჩერებით ბუნებრივი აირის დაზოგვა, სანაცვლოდ კი ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა და ტარიფის 4-თეთრიანი მატება. “არის მეორე გამოსავალი, უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ დამატებითი ელექტროენერგია, თუმცა ეს ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს”, – აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა გაზსაცავის მშენებლობაზე, შესაბამისად, დამატებითი ბუნებრივი აირის ამ გაზსაცავში დარეზერვება უნდა მოხდეს. კერძოდ, ზაფხულში გაზის მოხმარება 7 მლნ კბ/მ-ით მცირდება და ეს მოცულობა გაზსაცავში შეინახება.
ნაღდი ფული ნატურის ნაცვლად
უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის ფულს აიღებს და არა გაზს, როგორც აქამდე ხდებოდა. “ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ “გაზპრომი” ორი წელია ასეთ პირობებზე შეთანხმებას კატეგორიულად ითხოვს.
სპეციალისტების განცხადებით, “გაზპრომს” ყოველთვის სურდა, რომ სომხეთში გატარებული გაზისთვის ანგარიშსწორება თანხით მოეხდინა, თუმცა აქამდე საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენდა. როგორც ცნობილია, კავკასიაში სომხეთი რუსეთის მთავარი პოლიტიკური საყრდენია, შესაბამისად, “გაზპრომი” ტრანზიტის საფასურად საქართველოს მიერ წაღებულ 10%-ზე თანახმა იყო.
მართალია, ირან-სომხეთს შორის არსებობს გაზსადენი, მაგრამ რუსეთი პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუშვებს, რომ მისი პარტნიორი ქვეყანა მთლიანად ირანულ გაზს დაუქმევდებაროს. ამიტომაც სომხეთთან ენერგეტიკული ურთიერთობისთვის საქართველოს დერეფანი ყოველთვის დასჭირდება.
ბუნებრივია, საქართველოსთვის უმჯობესია, სომხეთში ტრანზიტისთვის ბუნებრივი აირი მიიღოს, თანაც გატარებული მოცულობის 10% და არა ფული. თუმცა, თუკი ქვეყანას დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება და ალტერნატიული გზა “გაზპრომისკენ” მიდის, კალაძე იძულებული იქნება, რომ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმოს, სადაც ტრანზიტისთვის ანაზღაურების ახალი პირობებიც ჩაიწერება. ახალი პირობებით კი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, “გაზპრომის” მიერ გადახდილი თანხა, სავარაუდოდ, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულებაა.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2016 წელი
უნდა გასაჯაროვდეს თუ არა “გაზპრომთან” წარმოებული მოლაპარაკება?
გვანცა ღვედაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი “გაზპრომთან” გამართული შეხვედრების გასაჯაროებას და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მისვლას მოითხოვს. უნდა გასაჯაროვდეს თუ არა “გაზპრომთან” წარმოებული მოლაპარაკება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): “გაზპრომთან” მოლაპარაკება უნდა გასაჯაროვდეს, რადგან საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს. ამას მე საკმაოდ დიდი ხანია მოვითხოვ, ჩემთვის ეს ახალი არ არის. როდესაც ასეთ დიდ ეკონომიკურ მონსტრებთან ვდებთ ხელშეკრულებას, ეს უნდა იყოს გასაჯაროებული და გამჭვირვალე. მით უმეტეს, ისეთი აუცილებელი მოხმარების სფეროში, როგორიც გაზით მომარაგებაა.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო “სუფთა პოლიტიკა”): ისეთი ქვეყნის ისეთ კომპანიასთან საიდუმლოდ მოლაპარაკების წარმოება როგორიც “გაზპრომი” და რუსეთია, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის. “გაზპრომი” და რუსეთის სახელმწიფო ფაქტობრივად გაიგივებული მცნებებია. საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს გაზთან დაკავშირებით, როდესაც 2006 წელს მთელი მოსახლეობა რუსეთის გამო გაზის გარეშე დარჩა, და რომ არა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და ირანი, ყოველგვარი დახმარების გარეშე აღმოვჩნდებოდით.
როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ საშიში არაფერია და ამ დროს არ ამხელს, კონკრეტულად რაზე მიდის მოლაპარაკება, მგონი, განგაში უნდა გამოვაცხადოთ და მოვითხოვოთ ძალიან მკაფიო პასუხი, თუ რას გვიპირებენ.
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): მე ყოველთვის ამოვდივარ პიროვნების ნამუსისა და პატიოსნების ხარისხისგან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივიდან, ზოგადი პოლიტიკის ხარისხიდან. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილი სწორედ იმიტომ დაითხოვეს პრემიერ-მინისტრობიდან, რომ მან ხელი არ მოაწერა “გაზპრომთან” ხელშეკრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პუტინის პირდაპირი ბრძანება. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ხელისუფლების იდიოტური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სააკაშვილის გუნდი კიდევ ერთხელ მოვიდეს ხელისუფლებაში.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გუშინ ვუსმინე კახი კალაძეს და საკმაოდ ბევრი რამ გასაგებად თქვა. თუ ამის გარდა “გაზპრომთან” დაკავშირებით კიდევ არის რაიმე, მაშინ, რა თქმა უნდა, გასაჯაროება აუცილებელია.
საქართველოს აქვს არნახული შესაძლებლობა რუსეთიდან ტურისტები მოიზიდოს, ამისთვის ურთიერთობა აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს “გაზპრომი” იქნება თუ სხვა რამ, ისედაც ყველაფერი რუსეთს ეკუთვნის. რა, წყალი არ არის რუსული? მის ზურგს უკან სწორედ რუსეთი დგას, “თელასი”, ჩვენი ოქრო მარნეულში, სწორედ რუსეთის ხელშია. რომელი ენერგომატარებელი არ არის რუსეთის ხელში, ერთი რკინიგზა დაგვრჩა, ყველაფერი დანარჩენის მიღმა კი რუსეთი დგას. სააკაშვილმა ყველაფერი რუსეთს მიჰყიდა, თუმცა კი მტრად მოიხსენიებდა. ამიტომ ვის ვატყუებთ, ყველაფერს რუსეთი ფლობს და ახლა “გაზპრომზე” რატომ ატყდა ამხელა ამბავი, ვერ გავიგე.
მიმაჩნია, რომ რაც მეტი იქნება ურთიერთობა რუსეთთან მით მეტს მოიგებს ჩვენი ქვეყანა. საქართველოს შემდგომი განვითარება თუნდაც ევროპასთან დამოკიდებულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე.
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ ალაპარაკდნენ შს მინისტრ მღებრიშვილის მოხსნაზე და როგორ პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ისტერიკას
ნინო სამხარაძე
გუშინ ერთდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე გადადგა – თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც ამ პოსტზე 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და დავით ხუციშვილი (თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა). ის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის მოადგილედ დანიშნა.
კიდევ ერთი „ხმაურიანი“ საქმე `გაზპრომის“ საკითხია, რაზეც ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ. ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ექსპერტების ერთ ნაწილს შეხვდა. მან, როგორც ზოგიერთები ქირქილებენ, „თხის“ იმიჯი 2015 წელს გაატანა, წვერი გაიპარსა და ოპონენტებთან დებატებს იუმორით შეუდგა. ასე მაგალითად, ერთერთმა ქართულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გაზპრომთან“ საიდუმლო შეხვედრაზე ბერა ივანიშვილიც იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამქაშებმა ამ ინფორმაციას კბილი ჩაავლეს და სულ ცხვირწინ უტრიალეს კახა კალაძეს. მათ კითხვას, „ესწრებოდა თუ არა ბერა ივანიშვილი ამ შეხვედრას“, მინისტრმა უპასუხა: „ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილი „გაზპრომთან“ შეხვედრაზე იყო დრამერებით, მარჯვნივ მედგა მერაბ სეფაშვილი, მარცხნივ – ნუცა ბუზალაძეო…“. კახი, აშკარაა, ხალხის დაბოლებიდან, თვითდაბოლებაზე გადახვედი, რას ეწევი ამისთანას?!.
ექსპერტებმა კალაძეს ერთგვარი დაკითხვა მოუწყვეს, რატომ ელაპარაკება „გაზპრომს“ საიდუმლო ვითარებაში, რაზეც მინისტრმა განაცხადა, – უკაცრავად, ვერ ვახერხებთ მოლაპარაკების ჩართვას პირდაპირ ეთერში, ამის შესაძლებლობა არ არსებობსო. კალაძეს კიდევ ერთხელ ათქმევინეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა მან შეძლებისდაგვარად მოახერხა, როგორმე გაეფანტა ყველაზე პრონაციონალური ექსპერტებისთვისაც კი ის აზრი, რომ გაზის მილი ერთგვარი დამაკავშირებელი იქნებოდა საქართველო-რუსეთს შორის და რუსეთი დამატებით საფრთხეს შეგვიქმნიდა.
ასევე, იყო ბრალდება ექსპერტების მხრიდან, რომ ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვერ ახერხებს, საზოგადოებას აუხსნას, რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისინი რუსებთან, რის გამოც ატეხილია წივილ-კივილი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს:
- მოულოდნელად შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ. მღებრიშვილის პოსტზე უკვე რამდენჯერმე დასახელდა ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა. „ალიასთან“ საუბარში მან განაცხადა: „თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, რადგან ვთვლი, რომ გიორგი მღებრიშვილი ერთ-ერთი კარგი მინისტრია, კულუარებში ამ საკითხის განხილვა საერთოდ არ ყოფილა და არ ვიცი ამ ინფორმაციის გაჟღერება ვის დასჭირდა. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის პოსტიდან შს მინისტრად გადასვლას არ ვაპირებ“. თუმცა შს სამინისტროში განხორციელდა ცვლილებები – დავით ხუციშვილი და თეიმურაზ მღებრიშვილი მინისტრის მოადგილეები აღარ არიან. რას უკავშირებთ ამ ცვლილებებს?
- გიორგი მღებრიშვილის თემა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, არასოდეს მსმენია ინფორმაცია, რომ მოსახსნელი მინისტრების სიაში იყო, ცვლილებები აუცილებლად მოხდება და რამდენიმე მინისტრი დატოვებს თანამდებობას მოკლე ხანში, მაგრამ გიორგი მღებრიშვილზე ინფორმაციას ვერ გიდასტურებთ. ამ საკითხის ჩემებური ახსნა მაქვს, რამდენად რეალურია, ეს სხვა საკითხია. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის მიუღებელია ის კადრები, ვინც ირაკლი ღარიბაშვილთან კავშირშია. რაც შეეხება ანზორ ჩუბინიძეს, რომელზეც რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ის გახდება შს მინისტრი, ძალოვან სტრუქტურებში აქვს ძალიან კარგი ავტორიტეტი, მე ვთვლი, სადაც არის, საკმაოდ კარგად უძღვება თავის საქმეს. ვიცი, რომ ანზორ ჩუბინიძე კატეგორიულ უარს აცხადებს შს მინისტრის თანამდებობაზე, არ გამოვრიცხავ ეს არის ჭორი და ამ ჭორის გავრცელების მიზანია, გარკვეული დაძაბულობა შეიტანოს ძალოვან სტრუქტურებში. თუმცა, ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, შეიძლება ამ თემაზე სადღაც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს ჩემთვის უცნობია.
- ახლა მეორე აჟიტირებული საკითხი – „გაზპრომი“: თქვენ გუშინ კალაძესთან იყავით შეხვედრაზე. როგორ პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ისტერიკას და რა გარანტიები არსებობს, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან კვლავ საფრთხე არ დაემუქროს?
- სამწუხაროდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სათანადოდ ვერ მუშაობს, რადგან წარმოიშვა ისეთი ვნებათაღელვა, რომ ყველა საზღვარს გადავიდა. ამ აღშფოთებას კი საფუძველი ნამდვილად ჰქონდა იმიტომ, რომ ურთიერთგამომრიცხავ ინტერვიუებს აძლევდნენ ამ თემაზე მთავრობის წარმომადგენლები. ზოგ შემთხვევაში ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებიც კი ვერ ყალიბდებოდნენ ერთიან პოზიციაზე.
ამიტომ ვერ გაიგო ხალხმა, ხელისუფლების ინიციატივა იყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკება თუ რუსეთის წარმომადგენლების, რა ბედი ელოდა გაზსადენს, რომელიც „ნაციონალებმა“ რუსეთს კინაღამ მიჰყიდეს და ა.შ. უამრავი შეკითხვა გაჩნდა, რომელსაც დღემდე პასუხი განა არ გაეცა, ვერ გაეცა, ვერ პასუხობდნენ კონკრეტულ კითხვებს. ხან იყო ლაპარაკი, თითქოს, დამატებითი გაზი გვჭირდება, ხან იყო საუბარი, თითქოს უნდა შეცვლილიყო გადახდის ფორმა. მოკლედ, ბურუსმა მოიცვა ეს საკითხი, ხელფეხი გაეხსნათ იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი დარჩა აღშფოთებული იმიტომ, რომ მათ ინფორმაცია მოაკლეს.
სავსებით ლოგიკური იყო ჩემი შენიშვნა ენერგეტიკის მინისტრის მისამართით, რომ ვერ ახერხებს, ჩამოყალიბებული პოზიცია გააცნოს საზოგადოებას და პროცესი გამჭვირვალე გახადოს.
ახლა კი შევეცდები, გამოვკვეთო ის ძირითადი და მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე ითქვა. პირველი და მთავარი: გაირკვა, რომ „გაზპრომის“ რუსეთის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება ეს შეხვედრები, რადგან „გაზპრომი“ ისეთივე ფორმულით უნდა მიუდგეს გაზის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეს ხდებოდა უკრაინის შემთხვევაში, ტრანზიტის საფასური ნატურით კი არა, ფულით გადაიხადოს, მაგრამ, როგორც სამინისტროში აგვიხსნეს, საქართველოს მხარეს ეს არ აწყობს, რადგან იმ ფულით ისევ გაზი უნდა შეიძინოს, რაც ქართული მხარისთვის წამგებიანია.
მეორე ძირითად საკითხად დაისვა შემდეგი კითხვა – „ემუქრება თუ არა გაზსადენს გასხვისება, ან იჯარით გადაცემა „გაზპრომისთვის“? მივიღეთ ცალსახა პასუხი, რომ ამაზე ლაპარაკი არც ყოფილა და არც იქნება…
მესამე საკითხი, რომელიც გაზის ტრანზიტის რაოდენობის გაზრდას ეხება, რამდენად შესაძლებელია, ეს გაზრდილი ტრანზიტი საქართველომ მოიხმაროს, გვითხრეს, რომ იმ რაოდენობით არ იქნება, რაც საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას საფრთხეს შეუქმნის. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ აქვთ იმდენი გაზი, რომ 100 წლის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოს მოთხოვნილება დააკმაყოფილონ. ენერგეტიკის სამინისტროში ამაზე ასეთი პასუხი გაგვცეს: კი, აზერბაიჯანს აქვს გაზის ეს რაოდენობა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით იმ რაოდენობის მოწოდება, რაც საქართველოს სჭირდება, აზერბაიჯანს არ შეუძლია და მოიყვანეს ასეთი მაგალითი, – თუ აზერბაიჯანს გაზის ამდენი რაოდენობა აქვს, მაშინ რამდენიმე დღის წინ რატომ მოაწერეს ხელი რუსეთთან ხელშეკრულებას 2 მილიარდი კუბი გაზის შესყიდვაზე? მათ ლოგიკურად დაგვისაბუთეს ყველაფერი, რაც გასაგებს ხდის „გაზპრომთან“ მოლაპარაკების წარმოებას.
რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, მილსადენით მოახდინოს საქართველოს პოლიტიკაზე ზეწოლა, მაგრამ ამაზე მივიღეთ პასუხი, რომ ასე არ იქნება… და სხვათა შორის, რაც ენერგეტიკის მინისტრთან საუბარი დავასრულეთ, ამასობაში გამოქვეყნდა ამერიკის ელჩის იან კელის ინტერვიუ, რომელმაც დაახლოებით ისეთივე შეფასება მისცა ამ სიტუაციას, რომ ის ვერ ხედავს განსაკუთრებულ საფრთხეს „გაზპრომთან“ მოლაპარაკების შედეგად. მან თქვა, რომ ისეთი საკითხები განიხილება, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკას საფრთხეს არ უქმნის.
- რა დამატებითი გარანტიები არსებობს, რომ „გაზპრომის“ საშუალებით რუსეთმა არ მოახდინოს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე ზეწოლა?
- სხვათა შორის, ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ არ ვარ ენერგეტიკის საკითხში ექსპერტი და მოვითხოვე, პოლიტიკურ ნაწილში მიმეღო პასუხები და მათ თანმიმდევრულად ჩამომიყალიბეს, რომ პოლიტიკური ზეწოლის საფრთხე არ არსებობს „გაზპრომის“ საშუალებით.
- თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფარულად ჰქონდა „გაზპრომთან“ მოლაპარაკება, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა…
- დიახ, ვადასტურებ, რომ ეს მოლაპარაკება ნამდვილად იყო და ამ მოლაპარაკებას აწარმოებდა კახა ბენდუქიძე, ფასზე პრაქტიკულად შეთანხმებული იყვნენ. შეგახსენებთ, მაშინ ბენდუქიძე გამოვიდა და თქვა, გაზსადენის გაყიდვა საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს ენერგეტიკასა და პოლიტიკასო, მაგრამ მაშინ ამერიკელები ჩაერთვნენ, საქართველოს ხელისუფლებას ფული გადაუხადეს, რამდენის მიღებასაც გაზსადენის მილის გაყიდვიდან ვარაუდობდნენ და თუ არ ვცდები, ეს იყო 50 მილიონი დოლარი. ძალიან კარგად მახსოვს, გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და თქვა, ფული არ ყარს, მთავარია, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იყოს დაცული და პოლიტიკურ ნაწილს ჩვენ მივხედავთო. ზუსტად იმიტომ ატეხეს `ნაციონალებმა~ დღეს ამხელა აჟიოტაჟი, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და ხელისუფლების პოზიცია „გაზპრომთან“ დაკავშირებით, იყო არადამაჯერებელი. როცა ხელისუფლება სუსტია, ოპოზიცია ყოველთვის დაარტყამს. გაზსადენიდან საქართველოს დარჩება 10%, შეიძლება 2-3%-ით მეტი, სხვათა შორის, წინა წლებში, როცა საჭიროება იყო, საქართველო გაზსადენის მილიდან ისედაც იღებდა.
- რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბერა ივანიშვილი. კახი კალაძემ ამ საკითხზე იხუმრა, მაგრამ რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესი „გაზპრომთან“ მიმართებაში?
- ეს ინფორმაცია მოსკოვში ჟურნალისტებთან გადავამოწმე და მიპასუხეს, – ეს რომ რეალური ინფორმაცია ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ ამ საკითხზე რა ამბავს ავტეხდითო. რუსმა ჟურნალისტებმა ინფორმაცია „გაზპრომში“ გადაამოწმეს, მაგრამ არ დაადასტურეს და თქვეს, რომ ეს არის ტყუილი… სხვათა შორის, ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც გეტყვით, ექსპერტების შეხვედრაზე იყვნენ ისეთებიც, ვისაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ სიმპათიები აქვთ. იმ ექსპერტებსაც კი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარში ხინჯი არ დარჩენიათ და აგრესიით არ გამოირჩეოდნენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაეჩვიოს, რომ ყველაფერზე, რასაც აკეთებს, საზოგადოებას გასაგებად, ნათლად და გამჭვირვალედ ჩააბაროს ანგარიში, თორემ მერე ეს ყველაფერი სპეკულაციის საგანი ხდება.