globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): „სოკარის“ წარმომადგენლებმა თბილისში გაზის საკითხებზე იმსჯელეს

«Trend» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანი საქართველოს კვლავ დახმარების ხელს უწვდის

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაიჭედა // თბილისს გაზის შესყიდვაში შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს

——————-

«Эхо» (აზერბაიჯანი), 14 იანვარი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=94883

„სოკარის“ წარმომადგენლებმა თბილისში გაზის საკითხებზე იმსჯელეს

სტატიაში გადმოცემულია საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მსვლელობა გაზით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით: „13 იანვარს თბილისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრის დროს განიხილეს საკითხები გაზსადენების მდგომარეობისა და ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების საკითხები, ზამთრის სეზონზე საქართველოს მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით (ავტორი – ბ.საფაროვი).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია აზერბაიჯანული „სოკარის“ ქართული შვილობილი კომპანიის „სოკარ ჯორჯია ენერჯის“ გენდირექტორის მახირ მამედოვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „ქართულ ბაზარზე გაზის მოხმარება ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მოლაპარაკების დროს სწორედ ეს საკითხი იქნა განხილული: როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გაზით უზრუნველყოფა არსებული ტექნიკური შესაძლებლობების საფუძველზე“. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებაში აზერბაიჯანული მხარიდან მონაწილეობდნენ „სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრეზიდენტი ელშად ნასიროვი, ინვესტიციების სამმართველოს უფროსი ვაგიფ ალიევი, მარკეტინგის სამმართველოს უფროსი ადნან აჰმედზადე, „სოკარ ჯორჯია ენერჯის“ გენდირექტორი მახირ მამედოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან – პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, „მიმდინარე წელს აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მომარაგების დეფიციტს ვერ დაუფარავს“. ამავე დროს კახა კალაზემ ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და რომ 2016 წელს დაიწყება ახალი გაზსადენის მშენებლობა, ხოლო 2019 წელს – „შაჰ-დენიზის“ პროექტის რეალიზების მეორე ფაზა. მინისტრს სხვა ციფრები, მათ შორის გაზის ტარიფების შესახებ, არ დაუსახელებია.

სტატიაში ქართველი მინისტრის ნათქვამს კომენტარს უკეთებენ:

ა) ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი ილჰამ შაბანი, რომლის თქმით, ქართულ მხარეს განზრახული აქვს, რომ აზერბაიჯანული გაზის ტარიფი შეამციროს: „თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ „სოკარი“ გაზს საქართველოს ყველა რეგიონში ანაწილებს და ამ მიზნით თითქმის 50 მილიონი დოლარია დაბანდებული. ის მოგება, რომელსაც „სოკარ ჯორჯია ენერჯი“ ღებულობს, აზერბაიჯანში კი არ ბრუნდება, არამედ ისევ ქართული სოფლების გაზიფიცირებას ხმარდება… როგორც ჩანს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს ეს გარემოება ავიწყდება“. ილჰამ შაბანის თქმით, „გაზპრომს“ შეუძლია განაცხადოს, რომ საქართველოს გაზს აზერბაიჯანზე უფრო იაფად მისცემს: „დაე, მისცეს. საქართველოს სრული უფლება აქვს გაზი იაფად იყიდოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას უფლება არ აქვს მოთხოვნა წამოგვიყენოს, რომ ჩვენ მას გაზი იმაზე უფრო იაფად მივცეთ, როგორც ახლა ვაძლევთ. ნუ დაივიწყებენ, რომ ჩვენ ქართული სოფლების გაზიფიცირებას ვახორციელებთ. ამჯამად საქართველოს 300-400 მილიონი კუბმეტრი დამატებითი გაზის ესაჭიროება, მაგრამ ამ რაოდენობის გაზისათვის ფასებს არავინ ამცირებს. განა მხოლოდ ამ მიზნით მიმდინარეობს  ნახევარწლიანი მოლაპარაკება [„გაზპრომ“-თან]? აქ საქმე გვაქვს სუფთა პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიზანთან, რომლის განხორციელებას ოფიციალური თბილისი ცდილობს: აღადგინოს ურთიერთობა მოსკოვთან, რომელიც 2008 წლის შემდეგ გაწყდა და ამ მიზნით აზერბაიჯანული გაზის საკითხს ვაჭრობის მიზნით იყენებს“.

ბ) ქართული ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, რომლის თქმით, „გაზპრომ“-თან სავარაუდო შეთანხმება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასეთი შეთანხმება მიზნად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად გამდიდრებას ისახავს“.

გ) ქართული პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, რომლის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი საქართველოზე გავლენის მიზნით კომპანია „როსნეფტსა“ და „გაზპრომს“ იყენებს, შემდეგ დღის წესრიგში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა დადგება: „მოსკოვი იტყვის, რომ სომხეთის ტვირთების ტრანზიტისათვის რკინიგზაზე მოძრაობა უნდა აღდგესო. რუსეთს სურს, რომ საქართველოში ეკონომიკური დასაყრდენი ჰქონდეს. ყველაფერი იმით დასრულდება, რომ რუსები სრულად გააკონტროლებენ საქართველოს“.

დ) ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი დავით მირცხულავა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ენერგეტიკის მინისტრად მუსაობდა. მისი აზრით, აზერბაიჯანულ „სოკარს“ საქართველოს გაზით სრული უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამიტომაც რუსულ „გაპრომ“-თან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. „“არასწორია იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ იმიტომ, რომ „გაზპრომი“ გაზს მოგვაწვდის. ამ ლოგიკით მაშინ რუსული ელექტროენერგიის მიღება უნდა შევწყვიტოთ და ის თურქულით უნდა შევცვალოთ (450 მეგავატის ოდენობით), რომელიც გაცილებით ძვირია. საფრთხის შემცველი კი სწორედ ეს იქნება, რადგან ძვირი ელექტროენერგია ტარიფის გაზრდასა და შესაბამისად, მომხმარებლის უკმაყოფილებას გამოიწვევს“. აქედან გამომდინარე, დავით მირცხულავა თვლის, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამო ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნური და არაადექვატურია.

«Trend» (აზერბაიჯანი), 14 იანვარი, 2016 წელი

http://www.trend.az/business/energy/2480138.html

აზერბაიჯანი საქართველოს კვლავ დახმარების ხელს უწვდის

გაზით მომარაგების თაობაზე რუსეთთან გამართული მოლაპარაკების სერიის შემდეგ, საქართველომ იმედის თვალი კვლავ აზერბაიჯანს – თავის ძირითად პარტნიორს მიაპყრო: თბილისში ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეთა წარმომადგენლების მოლაპარაკება გაიმართა“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – მაქსიმ ცურკოვი).

როგორც ირკვევა, გაზის მოხმარების ყოველწლიური 10%-იანი ზრდის კვალობაზე, საბოლოო ჯამში საქართველოს უახლოეს ათ წელიწადში დამატებით 5 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი გაზი დაჭირდება, მაგრამ ეს ის მოცულობა არაა, რომლის მიწოდება აზერბაიჯანს გაუჭირდეს, თუ მიი საბადოების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ. სხვა საქმეა – როგორ უნდა იქნეს მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის დამატებით რაოდენობა? დღეს მოქმედი გაჯიბულ-გარდაბანის გაზსადენით წელიწადში მხოლოდ 2,5 მილიარდი კუბმეტრი გაზის გადატუმბვა შეიძლება. არის აგრეთვე „სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (ბაქო-თბილისი-ერზერუმი), მაგრამ მისი მეშვეობით გაზს ძირითადად თურქეთი იღებს. ესე იგი, საჭიროა დამატებით ახალი გაზსადენის მშენებლობა…

მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ აზერბაიჯანი გაზის მიწოდებას თანდათან მოამატებს, კერძოდ, გაჯიბულ-გარდაბანის გაზსადენის წარმადობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, სამომავლოდ კი მისი სრული მოდერნიზება მოხდება. რაც შეეხება „სამხრეთკავკასიური მილსადენს“, მისი მეშვეობით გაზის მიწოდება ზამთრის თვეებში მოიმატებს, ზაფხულში კი დაიკლებს: „სოკარმა“ უკვე განაცხადა, რომ ამ საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობს. უფრო მეტიც, პროექტ „შაჰ-დენიზ-2“-ის ფარგლებში, განხორციელდება „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ რეკონსტრუქციაც: აიგება ახალი მილსადენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოში – ორი ახალი საკომპრესორო სადგური. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: „სოკარი“ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში დაგეგმილი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაშიც, 250 მილიონი კუბმეტრი გაზის შესანახად.

„ამრიგად, აზერბაიჯანმა კვლავ გაუწოდა მეგობრული ხელი საქართველოს: ჩვენი მეზობელი მიიღებს მეტ აზერბაიჯანულ გაზს საკმაოდ დაბალი ტარიფით, აზერბაიჯანის დახმარებით თავისი მილსადენების ინფრასტრუქტურას განაახლებს და ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს აზერბაიჯანელი სპეციალისტების დახმარებით რომლებიც პროფესიონალები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აზერბაიჯანი კვლავ გადაარჩენს საქართველოს იმისგან, რომ თბილისი „რუსული გაზის ნევსზე არ დაჯდეს“, – ხაზგასმულია სტატიაში.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 იანვარი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2890832

საქართველო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის „გაიჭედა“

თბილისს გაზის შესყიდვაში შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს

„საქართველომ, რომელიც გაზის უკმარისობას უჩივის, ვერ მოახერხა მოლაპარაკება თავის ძირითად პარტნიორ-მიმწოდებელთან – აზერბაიჯანთან მოლაპარაკება ბუნებრივი საწვავის დამატებითი რაოდენობით მოწოდების თაობაზე. ალტერნატივად კვლავ „გაზპრომი“ რჩება, რომელიც მზადაა საქართველოს დამატებითი გაზი მიაწოდოს, თანაც დაბალი ტარიფით.  ქართული ოპოზიცია კი რუსული გაზის შესყიდვას გააფთრებით ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – გიორგი დვალი და იური ბარსუკოვი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსული „გაზპრომი“ საქართველოს კომერციულ გაზს აზერბაიჯანულ „სოკარზე“ უფრო იაფად მიაწვდის: დღეს თბილისი ბაქოსაგან ათას კუბმეტრს 192 დოლარად ყიდულობს, რუსეთი კი იგივე რაოდენობას 165 დოლარად სთავაზობს.

თბილისის მცდელობებმა ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიცირების თაობაზე აზერბაიჯანის შეშფოთება გამოიწვია. ალბათ, სწორედ ამიტომ თბილისში გამართული მოლაპარაკების დროს აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადა [გაჯიბულ-გარდაბანის] მილსადენის სრულ დატვირთვაზე (დღე-ღამეში ერთ მილიონ კუბურ მეტრამდე), რითაც საქართველოს მოთხოვნილება დაკმაყოფილდება. საქართველო ასევე მიიღებს გაზის დამატებით მოცულობას  „სამხრეთკავკასიური მილსადენიდანაც“, როცა პროექტს „შაჰ-დენიზ-2“-ის ექსპლოატაცია დაიწყება. მაგრამ რადგანაც „შაჰ-დენიზ-2“ მხოლოდ 2019 წელს ჩადგება მწყობრში, კახა კალაზის თქმით, „გაზპრომ“-ისაგან გაზის მეტი მოცულობით მიღების საკითხი დღის წესრიგიდან მაინც არ მოიხსნება.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის ნათქვამმა ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ გაღიზიანება გამოიწვია. როგორც „კომერსანტის“ ჟურნალისტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრემ, პარლამენტის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადება კრემლთან გეოპოლიტიკურ გარიგებას ნიშნავს და საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისათვის საზიანო იქნება“.

კიდევ ერთი „ნაციონალი“ დავით დარჩიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრის დროს ასე ამბობს: „გაუგებარია, რატომ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს მეზობელთან და საიმედო პარტნიორთან – აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე და რატომ უნდა დავთანხმდეთ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან – რუსეთთან გარიგებას, როცა მოსკოვს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული?“. ოპოზიცია შიშობს, რომ გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების შემთხვევაში მოსკოვი თბილისს დათმობებს მოთხოვს, მათ შორის რკინიგზის აღდგენას, რომელიც რუსეთს, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან აკავშირებს. „თუ „გაზპრომ“-თან გარიგება მაინც მოხდება, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაცმოოძრაობა“ საერთოეროვნულ საპროტესტო აქციას დაიწყებს, – იმუქრებიან „ნაციონალები“.

სხვათაშორის, მთავრობისაგან განმარტება მოითხოვა პროდასავლურმა „რესპუბლიკურმა პარტიამაც“, რომელიც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია: როგორც „რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, ენერგეტიკის სამინისტროს „გაზპრომთან“ გარიგების დადების სასარგებლოდ მყარი და დამარწმუნებელი არგუმენტები არ წარმოუდგენია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მმართველ კოლიციაში ყველა ასე არ ფიქრობს. აი, მაგალითად, რას ამბობს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემელაძე: „განა ის 2,5 მილიონი კუბმეტრი გაზის, რასაც ტრანზიტის გამო ვღებულობთ, რუსული გაზის არ არის? დივერსიფიცირება ყოველთვის კარგია და მომგებიანი“.

რასაკვირველია, რუსული „გაზპრომისათვის“ საქართველო, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს, მსხვილი ბაზარი ვერ იქნება, მაგრამ დღეს „გაზპრომი“ მოხარული იქნება ყოველი დამატებითი შემოსავალის მიღებით, – ამბობს რუსი ექსპერტი ვიტალი მკრიუკოვი. იგი ვარაუდობს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანს საქართველოსათვის გაზის ექსპორტის სერიოზული გაზრდა გაუჭირდება, რადგან ბაქო, პირველად დიდი ხნის შემდეგ, ამჟამად იძულებულია თვითონაც შეიძინოს რუსული გაზი.

Comments are closed