globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America // რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი პოლიტოლოგები საქართველოს მთავრობას მიმართავენ

«Radio Voice of America // რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ უილიამ კორტნისთან: „საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაცრუსეთმა ყირიმში გააკეთა“

«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

——————-

«Radio Voice of America // რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/courtney-gedmin/3150254.html

ამერიკელი პოლიტოლოგები საქართველოს მთავრობას მიმართავენ

ანა კალანდაძე

ამერიკელი მიმომხილველები ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობასა და საქართველოს შიდა, თუ საგარეო გამოწვევებზე მსჯელობენ.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ რუსეთის პოტენციური აგრესიის შესაკავებლად დასავლეთი უკრაინასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. ელჩ კორტნის აზრით, უკრაინასა და საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება უნდა გადაეცეთ. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას უნდა შეუწყოს ხელი. ელჩი კორტნი ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარება ნატოში ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესია:

უილიამ კორტნი,

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება, ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას, შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია. ქვეყნის შიგნით, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა უნდა განამტკიცონ კანონის უზენაესობა, მოემზადონ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და განავითარონ ეკონომიკა. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გარემოება დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას. საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს. ამასთან, ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისაგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი“.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარს, „რადიო თავისუფლებისა და თავისუფალი ევროპის“ ყოფილ პრეზიდენტ ჯეფრი გედმინს მიაჩნია, რომ დემოკრატიის მშენებლობა, შიდა გამოწვევებთან ერთად, აუცილებლად გულისხმობს რამდენიმე კრიტიკული საგარეო ამოცანის შესრულებასაც. გედმინის აზრით, აღნიშნულ ამოცანებთან გამკლავება საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახისაკენ გაუხსნის გზას.

ჯეფრი გედმინი,

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარი:

“რეალურად, რაიმე განრიგი თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ალიანსში, არ არსებობს ერთ, ორ თუ ხუთ წელიწადში, ამასთან ერთად არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ვამბობ, რომ ძალიან არარეალისტურია უცბად მიწვევის პროგნოზი. მიუხედავად ამისა, საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიეროს, განავითაროს სამოქალაქო სექტორი, უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიცოცხლისუნა-რიანობა. მეორე- მაქსიმალურად შეზღუდოს, არასაჭირო რუსული გავლენების გააქტიურება და რუსეთის ჩარევა. და ბოლოს, სულ იმუშაოს დასავლეთთან-ვინ იცის რა მოხდება 5 თვეში ან 2 წელიწადში. საქართველო, თავისი გამართული დემოკრატიით, მზად უნდა იყოს ალიანსის საბოლოო გადაწყვეტილებისა და წევრობის შესაძლებლობისთვის“.

———-

დასკვნა ერთია: არსებული დაბრკოლებების დასაძლევად, ამერიკელი მიმომხილველები ქართველ მეგობრებსა და დასავლეთის ქვეყნებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

«Radio Voice of America // რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/william-courtney-interview/3150249.html

ინტერვიუ უილიამ კორტნისთან: საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა“

ანა კალანდაძე

ორიოდე კვირის წინ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა ამერიკულ პრესაში (U.S. News & World Report-ში) ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც დასავლეთს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს ახალ მთავრობას კი რიგი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ, რათა დაიძლიოს უმთავრესი გამოწვევები და ქვეყანაში განმტკიცდეს სტაბილურობა, ეკონომიკური სიჯანსაღე, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკური გარემო. „ამერიკის ხმამ“ ერთ-ერთ ავტორს, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ამ ვალდებულებებისა და დახმარების ფორმულირების დაზუსტება, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან გასატარებელი ნაბიჯებისა და დასავლეთში ჩამოყალიბებული აღქმების ანალიზი თხოვა:

„ამერიკის ხმა“: რა არის ახალი პრემიერ-მინისტრის მთავარი გამოწვევა მთავრობის რეფორმირებისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით?

უილიამ კორტნი: ახალი პრემიერ-მინისტრი ორი გამოწვევის წინაშე დგას – განამტკიცოს კანონის უზენაესობა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, რათა ეკონომიკა გაიზარდოს. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გარემოება დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას. საქართველომ ბევრი სხვა მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობის გაძლიერება საქართველოს მთავრობას შინ მეტ ლეგიტიმურობას შესძენს, საზღვარგარეთ კი აამაღლებს ქვეყნის რეპუტაციას. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ შეუძლიათ კანონის უზენაესობის იმედი ჰქონდეთ, როდესაც საქართველოში ფულს ჩადებენ. თუ ნახეს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითი ხასიათისაა და პოლიტიკურადაა მოტივირებული, ინვესტორების ნდობა შემცირდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ პრობლემების შემთხვევაში, კანონის უზენაესობა დაიცავთ.

ამერიკის ხმა: თქვენ, ბოლო წერილში საქართველოს შესახებ, მთავრობის მხრიდან რეალისტური, თანმიმდევრული ნაბიჯების გატარების აუცილებლობაზე საუბრობთ ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რას გულისხმობდით ამ დროს?

უილიამ კორტნი: უმთავრესია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს დღევანდელი შემოსავალი ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონესთან შედარებით საკმაოდ მცირეა. დაბალი შემოსავლის ერთი მიზეზია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი. შიშობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სხვა აგრესიული ნაბიჯებიც გადადგას. მაგრამ პრობლემის უმთავრესი მიზეზია აღქმა, რომ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს კომერციული და პოლიტიკური ხასიათის საფრთხეები შეიძლება დაემუქროს. საჭიროა ამ ვითარების გამოსწორება. მაგალითისათვის ავიღოთ მიწა. შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება და გირაოში გაყიდვა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელიც ბევრწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. საქართველოს მდიდარი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გააჩნია. მიწის რეფორმის შემთხვევაში ის ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის, კანონის უზენაესობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს.

ამერიკის ხმა: სხვა მეგობარ ელჩებთან ერთად, თქვენ საგარეო საფრთხეებზეც ისაუბრეთ ბოლო წერილში.  და მაინც, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე, რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემას, როგორც თქვენ გააჟღერეთ? ასევე, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წვრთნის გაგრძელებას? და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს რეგიონის ქვეყნების დასახმარებლად?

უილიამ კორტნი: საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა. ვგულისხმობ ტერიტორიის მოულოდნელ დასაკუთრებასა და ანექსიას, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას.  ჩნდება კითხვები: გააგრძელებს თუ არა რუსეთი აქტიურობას და შეუქმნის თუ არა სხვა მეზობლებს სამხედრო საფრთხეს. საქართველო ერთ-ერთი ამ მეზობელთაგანია. საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, მაგრამ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია და არც უკრაინისათვის მიუწოდებია იარაღი. უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას, შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია, რადგან აგრესორს მეზობლებზე თავდასხმის შემთხვევაში გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

ამერიკის ხმა: რა შეიცვალა საქართველოსთვის მონტენეგროს ნატოში მიწვევით? იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სიგნალი საქართველოსთვის, რათა ის ვარშავის სამიტზე ასეთივე აღიარებისთვის მოემზადოს?

უილიამ კორტნი: საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს რამდენიმე მიზეზის გამო. საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბია. ერთ სულ მოსახლეზე მისი შემოსავალი ბულგარეთის შემოსავალზე ორჯერ ნაკლებია. ბულგარეთი კი ნატოს უღარიბესი წევრია. ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია საქართველოს მისწრაფებისათვის, რათა ნატოს წევრი გახდეს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ნატოს ქვეყნებს ალიანსში უკვე მიღებული ახალი წევრების ინტეგრაცია ჯერ არ დაუსრულებიათ. ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისაგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი.

ამერიკის ხმა: ამ კონტექსტში, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან თანამშრომლობის გასამტკიცებლად და მეტი ნდობის მოსაპოვებლად?

უილიამ კორტნი: უპირველეს ყოვლისა, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა უნდა განამტკიცონ კანონის უზენაესობა, მოემზადონ პატიოსანი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები შეფასდეს, როგორც სრულიად თავისუფალი და სამართლიანი. ეუთომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა აღიაროს. ამგვარად, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გადაჭრას იმის პარალელურად, რომ საშინაო და საგარეო ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.

«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 17 იანვარი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2016/01/160116_georgia_gazprom_protest

საქართველოში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გაიმარტა, რომელიც რუსულ „გაზპრომ“-თან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – აღნიშნულია ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ვრცელ რეპორტაჟში (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„აქცია-პროტესტის ორგანიზატორებმა დაარიგეს სტიკერები წარწერებით „არა – „გაზპრომს“ და პლაკატები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით („იგი პირიდან ცეცხლოვან გაზს აფრქვევს“), რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკოსები ბრალს სდებენ საქართველოს არაფორმალურ მმართველობასა და „გაზპრომის“ ინტერესების ლობირებაში. აქციაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები და მომღერლები. ამით ხაზგასმული იყო, რომ ღონისძიება დეპოლიტიზებულია – ეს არ იყო რომელიმე პარტიის პრეროგატივა, რადგან პროტესტს საზოგადოება გამოხატავს  და მას მხარს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია უჭერს“, – წერს ავტორი. იგი ესაუბრება აქციის მონაწილეეებს – თემურ დარახველიძეს („ევროპამ „გაზპრომთან“ ურთიერთობის ნეგატიური შედეგები საკუთარ ტყავზე გამოსცადა და ამიტომ რუსულ კომპანიას ემიჯნება, ჩვენ  კი ვერაფერს ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე“); ელენე ხოშტარიას („ეს პოლიტიკური აქცია არ არის. ჩვენი აზრი სხვა პოლიტიკური პარტიების აზრს ემთხვევა. თვით მმართველი კოალიციის შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან მთავრობის თანამშრომლობას რუსულ გაზის გიგანტთან“), გიორგი გაბაშვილს („ჩვენ 2006 წლიდან გვახსოვს, როგორი იარაღია „გაზპრომი“ რუსეთის ხელში, როცა გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა. რუსეთი იგივეს უკეთებს უკრაინას. ანუ ვლადიმირ პუტინის ხელში „გაზპრომი“ შეიარაღებული ძალისა და სპეცსამსახურის როლს ასრულებს“)

რეპორტაჟში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ გამართული მოლაპარაკებები „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესაძლოა შეიცვალოს რუსული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ფასის ანაზღაურების ფორმა, ანუ არაა გამორიცხული, რომ თბილისი, ნატურალური ბუნებრივი გაზის ნაცვლად, მის ექვივალენტს თანხის სახით მიიღებს.

„საქართველოს პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში თვლიან, რომ ანაზღაურების ფორმის შეცვლა საქართველოსთვის წამგებიანია. მურმან მარგველაშვილი, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“ ენერგეტიკის საკითხების დირექტორი, ამბობს: „მართალია, ფულადი ანაზღაურება კომერციული ურთიერთობების უფრო ცივილიზებული ფორმაა, მაგრამ თუ ჩვენ ამ ფორმით ვისარგებლებთ, მაშინ რუსული გაზის შესასყიდად  მეტი დანახარჯები გვექნება. მოლაპარაკება ეხება ზამთრის პერიოდს, როცა საქართველოს რუსული გაზის მეტი რაოდენობა ჭირდება, [ანუ ჩვენ რუსეთზე დამოკიდებული ვხდებით]. „გაზპრომს“ ქართული ბაზარი ეკონომიკურად კი არა, უფრო მეტად პოლიტიკური მიზეზით აინტერესებს, ამიტომ შეუძლია რუსული გაზი აზერბაიჯანულთან შედარებით უფრო იაფად მოგვცეს“. როგორც ელენე ხოშტარია თვლის, „გაზპრომმა“ გაზი იფადაც რომ შემოგვთავაზოს, საქართველო მასთან თანამშრომლობა არ უნდა გააღრმავოს და მასზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს, ანუ 20%-ზე მეტი გაზი არ უნდა მიიღოს, სანამ აზერბაიჯანში „შაჰ-დენიზ-2“ის პროექტი არ ამოქმედდება. რაც შეეხება გაზის ფასს, „გაზპრომი“ სანდო არ არის, რადგან მას შეუძლია ჯერ იაფად შემოგვთავაზოს, შემდეგ კი ფასი მკვეთრად მოამატოს“.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2003-2005 წლებში საქართველო 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ „გაზპრომზე“, 2006 წლიდან კი მოწოდებული გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა. გარდამტეხ მოვლენად იქცა 2006 წლის ზამთრის კრიზისი, როცა ჩრდ.კავკასიაში გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქება მოხდა. საქართველო მიიჩნნევს, რომ ეს იყო რუსეთის მხარის შანტაჟი. ამის შემდეგ თბილისმა აზერბაიჯანის გაზის შესყიდვა დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში რუსული გაზის წილი ქართულ ბაზარზე 12%-ს არ აღემატებოდა.

———–

აღსანიშნავია, რომ „გაზპრომთან“ საქართველოს თანამშრომლობის თემაზე რეპორტაჟები გადაიცა აგრეთვე აშშ-ისა და საფრანგეთის რადიოსადგურების მიერაც.

„რადიო ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურის „გოლოს ამერიკის“ თბილისელი კორესპონდენტის ნესტან ჩარკვიანის მიერ მომზადებულ მასალაში ყურადღება ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სამთავრობო კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციას, გადმოცემულია რუსულ „გაზპრომ“-თან და აზერბაიჯანულ „სოკარ“-თან საქართველოს თანამშრომლობის ისტორია (წყარო: http://www.golos-ameriki.ru/content/nc-georgia-no-to-gazprom/3149600.html).

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ თბილისელი კორესპონდენტის გიორგი ლებანიძის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში აქცენტი გადატანილია საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, გაშუქებულია „სოკარის“ ხელმძღვანელის როვნაგ აბდულაევის ვიზიტი თბილისში და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მისი მოლაპარაკების შედეგები. გადმოცემულია აგრეთვე სამთავრობო კანცელარიასთან გამართული აქციის პერიპეტიები და საუბარი პოლიტოლოგ გია ნოდიასთან: „საქართველოს მთავრობა „გაზპრომ“-თთან თანამშრომლობით მართლაც სერიოზულ რისკზე მიდის. მთავარი საფრთხე იმაშია, რომ „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას პოლიტიკურ-ეკონომიკური შანტაჟის იარაღად იყენებს. გარდა ამისა, მთავრობისთვის შიდაპოლიტიკური რისკიც არსებობს: ბევრი მოქალაქე მიიჩნევს რომ რუსულ „გაზპრომ“-თან შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება“. როგორც რეპორტაჟშია აღნიშნული, „გაზპრომ“-თან თანამშრომლობას მმართველ კოალიციაში გგანხეთქილების გამოწვევა შეუძლია, რადგან რუსული კომპანიისაგან გაზის მიღებას „რესპუბლიკელებიც“ ეწინააღმდეგებიან (წყარო: http://ru.rfi.fr/kavkaz/20160116-gazprom-pytaetsya-soblaznit-gruziyu-nizkimi-tarifami).

Comments are closed