«Комсомольская правда» (რუსეთი): რამზან კადიროვი: „რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალმა რკინიგზამ შეიძლება ჩეჩნეთზე გაიაროს“
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): მაქსიმ შევჩენკო: „ქართველებს რომ ამერიკელი ჯარისკაცები დაეხოცათ, ისინი საქართველოში რაკეტებითა და ბომბებით ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ“
———————-
«Комсомольская правда» (რუსეთი), 27 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.kp.ru/online/news/1935494/
რამზან კადიროვი: „რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალმა რკინიგზამ შეიძლება ჩეჩნეთზე გაიაროს“
სტატიაში მიმოხილულია ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ გროზნოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები (ავტორი – იულია დივეევა).
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა 26 დეკემბერს, რესპუბლიკის სახელმწიფო ტელეკომპანია „გროზნოს“ ახალ პავილიონში 2014 წლის წლის დასკვნითი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც 200 ჟურნალისტი დაესწრო. პრეს-კონფერენცია სამსაათნახევარს გაგრძელდა და პირდაპირი ეთერით გადაიცა მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყნისათვის.
რამზან კადიროვმა ჟურნალისტთა 80 შეკითხვას უპასუხა. კითხვები უმეტესად ეხებოდა 2014 წლის შედეგებს ჩეჩნეთისათვის და რუსეთისათვის, რესპუბლიკის განვითარების პერსპექტიულ გეგმებს, რეგიონში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას, ჩეჩნეთის მოსაზღვრე ერთაერეთ უცხოურ სახელმწიფოსთან – საქართველოსთან ურთიერთობას და ა.შ.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს:
რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის მთავრობა, რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად, მუშაობს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის გეგმაზე, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაივლის.
როგორც ჩეჩენმა ლიდერმა განაცხადა, ამ გეგმას ადრე ხელს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლიდა. „მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია არაა რაც [ქვეყნიდან] წავიდა, საქართველოში [მისი პარტიის] „ნამსხვრევები“ ჯერ კიდევ რჩება, ამიტომ ჩვენთვის, ჩეჩნეთის რესპუბლიკისათვის, საქართველოსთან ურთიერთობა ჯერ-ჯერობით პრობლემატურია… მაგრამ მე მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი ჩვენთან კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობას დაამყარებს. გზების მშენებლობაც მაშინ დაიწყება, აღდგება ეკონომიკური და კულტურული ურთიერთქმედება“, – ხაზი გაუსვა რამზან კადიროვმა.
———–
პუბლიკაციას მკითხველთა გამოხმაურება და კომენტარები მოჰყვა.
აი, ზოგიერთი მათგანი:
„კადიროვი სულელია, თავი გენერალისიმუსად მოაქვს, ყველგან ცხვირს ჰყოფს… უკრაინის დასჯა სურს და საქართველოს აშენება…“;
„კადიროვი სწორად მსჯელობს. როდემდე უნდა ვემტროთ ერთმანეთს?“;
„რა გზა, რის გზა… რუსეთი ისედაც ქართველი კანონიერი ქურდებითაა სავსე..“;
„მთავარი ისაა, რუსეთისათვის ეს გზა რა ეკონომიკურ სარგებლობას მოიტანს“;
„არავითარ სარგებლობას არ მოიტანს, თავის ტკივილის გარდა“;
„რკინიგზა თუ აშენდება, ძალიან კარგი იქნება – ვაჭრობა განვითარდება, მთიელები ისარგებლებენ…“.
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 7 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.echo.msk.ru/programs/personalno/1462466-echo/
მაქსიმ შევჩენკო: „ქართველებს რომ ამერიკელი ჯარისკაცები დაეხოცათ, ისინი საქართველოში რაკეტებითა და ბომბებით ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ“
რადიო „ეხო მოსკვის“ პროგრამა „ოსობოე მნენიე“-ს („განსაკუთრებული აზრის“) სტუდიის სტუმარი იყო რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, რომელსაც პროგრამის წამყვანი მარინა კოროლიოვა ესაუბრება. მაქსიმ შევჩენკო უკრაინის კრიზისზე საუბრისას საქართველოსთან ურთიერთობასაც შეეხო.
გთავაზობთ ამონარიდს:
მაქსიმ შევჩენკო: მიხეილ სააკაშვილმა [2008 წლის აგვისტოში] პირველმა უბრძანა ქართულ არმიას, რომ თავს დასხმოდა ცხინვალში დისლოცირებულ რუს ჯარისკაცებს. რუსეთის არმიამ მხოლოდ უპასუხა საკუთარ სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. იცით რა, აბა მითხარით რას იზამდა ამერიკის შეერთებული შტატები მსგავს შემთხვევაში?
მარინა კოროლიოვა: ალბათ, ისიც ჯარებს შეიყვანდა…
მაქსიმ შევჩენკო: დიახ, ქართველებს რომ ამერიკელი ჯარისკაცები დაეხოცათ, ისინი საქართველოში რაკეტებითა და ბომბებით ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ და ქვეყანას ნაცარტუტად აქცევდნენ… რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი მასთან არ ომობს, სრულიად ოფიციალურად.
მარინა კოროლიოვა: ჰო, აბა, ოფიციალურად არ ომობს…
მაქსიმ შევჩენკო: მარინა, გეყოფა, რა… ნუ გეცინება. შენგან განსხვავებით მე იქ ვერჯერ ვარ ნამყოფი. იქ, ცხადია, რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რუსი სპეციალისტები არიან. უფრო საკვირველი ის იქნებოდა, რომ არ ყოფილიყვნენ…
მარინა კოროლიოვა: მოიცა, მოიცა… შენ თქვი, რომ არიან, ხომ?
მაქსიმ შევჩენკო: კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთი უკრაინასთან არ ომობს. იქ არიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები. რუსეთი ესპანეთს არ ებრძოდა, მაგრამ იქ ბევრი საბჭოთა [რუსი] სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა. გესმით? არც საფრანგეთი ებრძოდა ესპანეთს, მაგრამ ესპანეთში, სამოქალაქო ომში ბევრი ფრანგი იბრძოდა…
მარინა კოროლიოვა: კი, ასე ვამბობდით ავღანეთზეც, მერე კი [საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა] ტრაგიკულ შეცდომად შეფასდა. თქვენ როგორ ფიქრობთ – გაივლის დრო, ვთქვათ, 5-10 წელი და უკრაინასთან, საქართველოსთან მომხდარი ისტორიები ტრაგიკულ შეცდომად შეფასდება?
მაქსიმ შევჩენკო: მე ყველაფერს ვუშვებ, მომავალში რა მოხდება, არავინ იცის… მაგრამ მოცემულ მომენტში ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კანონგარეშედაა გამოცხადებული, ასევე კანონგარეშეა თავდაცვის ექს-მინისტრი [ბაჩო] ახალაია, მას კავკასიაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალიც აქვს წაყენებული… ვხედავ, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ომის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ციხეში ზის… ანუ, ქართველმა ხალხმა უკვე იურიდიული შეფასება მისცა იმ ხალხის ქმედებას, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს რუსეთის სასამართლომ კი არ გააკეთა, არამედ ქარტულმა სასამართლომ. თბილისის მერი გიგი უგულავაც, როგორც ვიცი, დაპატიმრებულია. მოკლედ, ბევრი მათგანი, რომლებმაც თავის დროზე ეს ყველაფერი გააკეთეს, საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავეებად ითვლებიან. საქართველომ თავისი შეფასება უკვე გააკეთა“.