globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 9th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პოლიტიკური ქველმოქმედების მოკრძალებული ხიბლი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტელეარხ „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

«Эхо» (აზერბაიჯანი): საქართველო გაზის საკითხში ვერანაირად ვერ გაერკვა

«Эхо» (აზერბაიჯანი): რუსეთი მხარს დაუჭერს სომხეთის პრეტენზიებს? // რუსი დეპუტატები მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციას ითხოვენ

«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ძმობა მარადიული არ არის: რუს კომუნისტ-დეპუტატებს თურქეთთან 1921 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმება სურთ

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 თებერვალი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/paata-leonid/3181563.html

პოლიტიკური ქველმოქმედების მოკრძალებული ხიბლი

ზაზა წულაძე

2016 წელს ქართული პოლიტიკის “უმაღლეს ლიგაში” გადმოსვლის მიზანი ორმა ისეთმა დებიუტანტმა დაისახა, რომლებსაც ქვედა დონეზე თამაშის გამოცდილებაც კი არა აქვთ და აქამდე მხოლოდ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი.

პირველი – მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი, პაატა ბურჭულაძეა. სახელგანთქმულმა ბანმა, რომელსაც 12 თებერვალს 61 წელი უსრულდება, ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, რომ მის მიერვე დაფუძნებულ „საქართველოს განვითარების ფონდის“ მუშაობაში აქტიურად ჩაბმულიყო. პაატა ბურჭულაძე ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. თუმცა, „განვითარების ფონდმა“ ბოლო ერთი თვის მანძილზე, საკუთარი ოფისი საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი) გახსნა. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური პარტიისთვის საძირკველი უკვე გაჭრილია.

ფონდის თანადამფუძნებლები „ტოიოტა ცენტრის“ მეპატრონე, ბიზნესმენი ირაკლი გურჩიანი და რუსთავის ყოფილი მერი მერაბ ტყეშელაშვილი არიან. აღმასრულებელი დირექტორი კი პრეზიდენტის ყოფილი საგარეო მრჩეველი, იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვანო მაჭავარიანია.  გუშინ ბათუმის ოფისის გახსნაზე, პაატა ბურჭულაძემ კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა და არსებული პოლიტიკური კლასი მკაცრად გააკრიტიკა.

“მე, ზვიადის მერე ედუარდს დავუდექი გვერდში, გადამიღეს მასთან სურათი და სულ ჩემი სურათის ჩვენება იყო, ედუარდთან ერთად. მერე მიშა მოდიოდა, როცა ედუარდმა აქ უკვე ვერაფერი გააკეთა, ძაან გამიხარდა. მიშასთან დავდექი გვერდში, ხელგადახვეული ვიღებდი მასთან სურათებს და ყველაგან ვიძახდი – სააკაშვილი, სააკაშვილი! მიშამ როცა ქნა და ქნა, რაც გააკეთა ყველამ ვიცით, მერე უკვე ბიძინასთან იყო მთელი სურათების გადაღება. დღეს აღარ არის არავინ, ვისთან ერთადაც შეიძლება სურათის გადაღება. აი, ამიტომაც აღარ არის…“ (ხანგრძილივი ტაში).

მეორე დებიუტანტი – უკრაინის დედაქალაქ კიევის ყოფილი მერი, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, 64 წლის ლეონიდ ჩერნოვეცკია, რომელიც სამი ქვეყნის უკრაინის, ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა. ჩერნოვეცკი 2011 წელს კიევში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამოექცა, ქობულეთში ზღვის პირას მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც 2013 წელს ფეშენებელური ვილა აიშენა. იგი საქართველოს კარგად იცნობს, მისი პირველი მეუღლე თბილისელი ალინა აივაზოვა იყო, საბჭოთა საქართველოში ცნობილი „ცეხავიკის“ სტეფან აივაზოვის ქალიშვილი. კიევის დღევანდელი მერის, ვიქტორ კლიჩკოს მტკიცებით, ჩერნოვეცკიმ 70 მილიარდი გრივნა (დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი) მიითვისა და უკრაინიდან სწორედ ამიტომ გაიქცა. თუმცა, თავად „ლიონია-კოსმოსი“, სწორედ ასეთი მეტსახელი აქვს ჩერნოვეცკის უკრაინაში, ყველა ბრალდებას უარყოფს.

კიევის ყოფილმა მერმა თავის პოლიტიკურ პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ უწოდა. ყველაზე ცნობილი ფიგურა კი მის პოლიტიკურ ჯგუფში, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძეა, რომელიც 2014 წლის სექტემბერში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

მურმან დუმბაძე დღეს ამბობს: „საქართველოში პოლიტიკური ველი საკმაოდ მოშიშვლებულია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს ყოფილ ხელისფლებას – „ნაცმოძრაობას“, არც ცნობს „ოცნებასაც“, დღევანდელ ხელისუფლებას. გამოკითხვებით ჩანს, რომ 60-70 პროცენტი ელის ახალ პოლიტიკურ ძალას. არ არის გამორიცხული, „ბედნიერი საქართველოსთვის“, რომელიც დააფუძნა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აღმოჩნდეს ის პარტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის გულებამდე მივა.“

ორივე დებიუტანტი – პაატა ბურჭულაძეც და ლეონიდ ჩერნოვეცკიც ქართული პოლიტიკაში დამკვიდრებას, უკვე ტრადიციული და არაერთხელ გამოყენებული ხერხით (ბადრი პატარკაციშვილი, ბიძინა ივანიშვილი): ქველმოქმედების დროს დაგროვილი კაპიტალით ცდილობენ.

პაატა ბურჭულაძე 2004 წლიდან არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, რომელმაც ამ ხნის მანძილზე, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. ამავე დროს, არის ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელიც, რომლის თაოსნობით, უკვე მეექვსე წელია, თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი შენდება. შესაბამისად, ბურჭულაძეს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად პატრიარქის დიდი მხარდაჭერის იმედიც აქვს. ლეონიდ ჩერნოვეცკი კი ბოლო სამი წელია საკუთარი „სოციალური თანასწორობის“ ფონდის მეშვეობით, ქობულეთსა და თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვთა პანსიონებს და მარტოხელა მოხუცების დასახმარებელ პროექტებს აფინანსებს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 თებერვალი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/us-state-department-on-maestro/3182822.html

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტელეარხ მაესტროს ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

სახელმწიფო დეპარტამენტში, 8 თებერვლის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ საქართველოს მედია სივრცეში და კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა:

“საქართველოში დემოკრატიის სიცოცხლის უნარიანობისთვის უმთავრესი და კრიტიკული მნიშვნელობა მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურ პლურალიზმს, და სასამართლოს დამოუკიდებლობას აქვს. საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მედია სივრცის და თანაბარი პოლიტიკური სამოქმედო ველის შენარჩუნების მნიშვნელობას.

8 თებერვალს, თბილსში, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ პასუხად ჟურნალისტთა კითხვაზე ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული მოვლენების შესახებ, აღნიშნა:

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქართული დემოკრატიის წარმატება. ამ თვალსაზრისით წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები გაქვთ. ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მოღვაწე ყველა განსხვავებულ პოლიტიკურ [აქტიორს] ხელი მიუწვდება მედიაზე და საარჩევნო კამპანიისას თითოეული მათგანის ხმა ისმის.

გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი იქნება – როგორც ჩვენ ვამბობთ – თანაბარი სათამაშო გარემო იმ დროისთვისს, როდესაც ქართველი ამომრჩეველი შემოდგომაზე ხმის მისაცემად გაემართება.“

«Независимая газета» (რუსეთი), 09 თებერვალი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-02-09/7_gruzia.html

ქართულ ოპოზიციას რუსული გაზის არ უნდა: „გაზპრომის“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია საშინაოპოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარი განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების ჯგუფთან შეხვედრაზე, „გაზპრომ“-თან ხელისუფლების მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით. ქვეყნის პირველ პირს მიაჩნია, რომ პრობლემა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ეხებიან, ხელოვნურადაა მოგონილი და ამიტომაც მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. „ფესიბუქის“ ქართველი მომხმარებლების გამონათქვამებს თუ დავუჯერებთ, „ენჯეოშნიკები“ „მწვავე განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან“, – აღნიშნულია სტატიის დასაწყისში (ავტორი – იური როქსი).

განცხადების შინაარსი, თუ ის მართლაც გამოქვეყნდება, ძნელად მისახვედრი არ არის: მასში კვლავ იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ კოალიცია „ქართული ოცნებას“ ქვეყნის მართვის უნარი არ აქვს, რომ ხელისუფლება მზადაა „სამშობლო გაყიდოს“ (რაც ძალიან ცუდია და კიდევ უფრო უარესი, როცა საქმე „გაზპრომს“ ეხება) და ა.შ. ყველასათვის ცნობილია, რომ „ენჯეოშნიკების“ ამგვარი გამოხტომების უკან ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

ბუნებრივია, როცა „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ერთმანეთთან მწვავე დაპირისპირებაში არიან, რუსეთის „მტრულ კომპანიასთან“ ურთიერთობის გამო კრიტიკა გარდაუვალია და კანონზომიერიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამჯერად ხელისუფლებას ის არასამთავრობო ორგანიზაციები აუმხედრდნენ, რომლებთაც „ნაციონალები“ აკონტროლებენ. ისინი შეხვდნენ ექსპერტებს, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელებს, თვით მინისტრ კახა კალაძეს, რომელიც ვიცე-პრემიერის ფუნქციებსაც ასრულებს და ასე „საფეხურებით“ პრემიერ-მინისტრამდე მიაღწიეს. თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა მათ მოკლედ განუცხადა: „მე ბევრ არასამთავრობოებს ვხვდები და ამისთვის განსაზღვრული გრაფიკი მაქვს. თუ თქვენ „გაზპრომ“-ზე გსურთ საუბარი, ეს საკითხი ამოწურულია, არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ჩვენ გაზის საკითხში სტრატეგიული ურთიერთობა მხოლოდ აზერბაიჯანთან გვაქვს, „სოკარ“-თან და ამ სტრატეგიულ ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება“.

მანამდე კი „ენჯეოშნიკებთან“ შეხვედრაზე იგივე თქვა კახა კალაძემაც, რომელსაც ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, უკვე „ყელში აქვს გაჩხერილი“. „გაზპრომის“ წილი საქართველოს გაზით მომარაგებაში მხოლოდ 13%-მდე გაიზრდება, ამაში ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი რისკები არ იმალება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა“. მიუხედავად მცდელობისა, „მილანის“ ყოფილმა მცველმა ოპონენტების დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა – მათ მინისტრი პოლიტიკურ ახლომხედველობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ არ შეურიგდებიან საქართველოში მტრული სახელმწიფოს კომპანიის მოწვევას. რუსული „გაზპრომის“ მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, „ცოტა უნდა მოითმინოთ, სანამ საქართველოს გაზის დიდი საბადოს ექსპლოატაცია დაიწყებაო“.

„ენჯეოშნიკებს“ მხედველობაში აქვთ აშშ-ის კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელის სტივ ნიკანდროსის განცხადება, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში 5 ტრილიონი კუბმეტრი გაზის რესურსია აღმოჩენილიო. ექსპერტების თქმით, თუ „ფრონტერას“ ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ საქართველო გაზის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცევა. თუმცა, როგორც ჩანს, მისტერ ნიკანდროსი ამ ინფორმაციას არგუმენტირებულად ვერ დაადასტურებს.

სკეპტიციზმს ის განაპირობებს, რომ „ფრონტერა“, რომელიც ქართულ მიწას 20 წელია ბურღავს, არაერთხელ გამოსულა სენსაციური განცხადებებით, რომ საქართველოს წიაღში ნავთობ-გაზის უდიდესი საბადოები აღმოვაჩინეო. ერთხელ საქმე იქამდეც მივიდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ვითომდა „დიდი საბადოს“ პრეზენტაციაზე წაიყვანეს, ნავთობი კი ვერტმფრენით სხვა ადგილიდან მოიტანეს და ტრადიციულად, „ჭიქით“ მიართვეს. მოკლედ, ამ დროისთვის „ფრონტერას“ აღმოჩენილმა ნავთობმა და გაზმა „ჩაილურის წყალი დალია“. ამერიკული კომპანია იმ იგავ-არაკის გმირს – ცრუ მწყემსს დაემსგავსა, რომელიც ერთობოდა და ხალხს ატყუებდა – მგელი მოვიდა, მიშველეთო და როცა მგელი მართლა გამოჩნდა, მწყემსის ყვირილს ყურადღება აღარავინ მიაქცია.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი რომან გოცირიზე ამბობს, „ფრონტერას“ ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება ბირჟაზე საკუთარი აქციების ფასის ასაწევად ჭირდება. გაზის დიდი მარაგის არსებობა არ სჯერა არც ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესაც, რომლის თქმით, ამ ეტაპზე სტივ ნიკანდროსის განცხადება არ დასტურდება.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 09 თებერვალი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=96086

საქართველო გაზის საკითხში ვერანაირად ვერ გაერკვა

„საქართველო ვერანაირად ვერ გარკვეულა გაზის მომარაგების საკითხში, თბილისიდან ყოველდღე ახალ-ახალი განცხადებები ისმის“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია აზრბაიჯანელი ჟურნალისტი ჯამილია ალეკპეროვა.

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ორი დღის წინანდელი ვიზიტი ბაქოში და გადმოცემულია ექსპერტების თვალსაზრისიც:

როგორც ბაქოს ნავთობის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ილჰამ შაბანი ამბობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანულ „სოკართან“ ურთიერთობა უფრო მომგებიანია, ვიდრე რუსულ „გაზპრომთან“. აზერბაიჯანული „სოკარი“ ქართველ მომხმარებელს ცისფერ საწვავს უფრო იაფად აწვდის, ამიტომაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართული მხარისათვის რუსული გაზის მიმზიდველია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ „სოკარს“ ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ამგვარ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს“.

თავის მხრივ, ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებაში ორი ასპექტი არსებობს – პოლიტიკური და ეკონომიკური. მისი თქმით, დღევანდელ ქართულ-რუსული ურთიერთობაში ყოველი საკითხი პოლიტიკურ ჩარჩოებში ექცევა, რადგანაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად ენერგეტიკაზეა დაფუძნებული: „ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ეს იქნება გაზის თუ სხვა დარგის საკითხი, აუცილებლად დიდი პოლიტიკა მოჩანს. ეს ეხება „გაზპრომის“ მოთხოვნას ტრანზიტის ფასის გადახდის ფორმის შეცვლის თაობაზე. ეს ცუდია. ამაში რუსეთის მცდელობაა გამოხატული, საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“.

პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ელჰან შაჰინოღლუ თვლის, რომ ბაქოში კახა კალაძის ვიზიტის მიზანს აზერბაიჯანული მხარის დამშვიდება წარმოადგენდა: „უკანასკნელ ხანს ქართული საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ხელისუფლება, განსაკუთრებით კი კახა კალაძე რუსეთთან და ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ასეთი უკმაყოფილებისათვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს გაზით სრულად ამარაგებს, კახა კალაძე კი პრიქით აცხადებს. „სოკარმა“ ხომ გასაგებად თქვა, რომ საქართველოს იმდენ გაზს მივცემ, რამდენიც დაჭირდებაო? კახა კალაძე კი რუსეთთან და  და ირანთან მოლაპარაკებას მაინც აგრძელებს“.

პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს ნაბიჯები გაზის საკითხში გაუგებარია: „იმ ქვეყანასთან მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილია, ცოტა არ იყოს, უცნაურია. გარდა ამისა, საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდება სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აი, ეს იგრძნო კახა კალაძემ და იმიტომაც ცამოვიდა ბაქოში“, – განაცხადა ელჰან შაჰინოღლუმ გაზეთ „ეხოს“ კორესპონდენტთან საუბარში.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 09 თებერვალი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=96088

რუსეთი მხარს დაუჭერს სომხეთის პრეტენზიებს?

რუსი დეპუტატები მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციას ითხოვენ

სტატიაში გადმოცემულია რუსულ პრესაში, კერძოდ, გაზეთ „იზვესტიაში“ 8 თებერვალს  გამოქვეყნებული მასალის მოკლე შინაარსი, რომელიც 1921 წლის მარტ-ოქტომბერში დადებულ რუსეთ-თურქეთის ერთობლივ დოკუმენტებს – მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესაძლო დენონსირების საკითხს ეხება (ავტორი – ნურანი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსი დეპუტატები სერგეი ობუხოვი და ვალერი რაშკინი, რომლებიც მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების დენონსირებას ითხოვენ, მსჯელობის დროს მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ როგორც ისტორიულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. საერთოდ, ამ დოკუმენტების გაუქმებას სომხები ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ერევანს არ სურდა მარტო ყოფილიყო, ახლა კი მას რუსეთის სათათბიროშიც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. დეპუტატები ფიქრობენ, რომ თუ  ხელშეკრულებები გაუქმდება, ეს მომგებიანი იქნება სომხეთისთვისო. მაგრამ ასეთი განცხადება რომ თურქეთისათვის თითქმის ომის გამოცხადებას ნიშნავს, ამაზე კი ისინი არაფერს ამბობენ.

ექსპერტები ჯერ-ჯერობით ვრცლად ვერ განმარტავენ, თუ რა სამართლებრივი შედეგები  შეიძლება მოჰყვეს რუსი დეპუტატი-კომუნისტების ინიციატივის რეალიზებას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, თურქეთთან მოლაპარაკებით საზღვრები დაადგინა, შემდეგ ეს საზღვრები საბჭოთა კავშირ-  თურქეთის საზღვრებად გადაიქცა. დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ 1921 წელს დადგენილი საზღვრების შენარჩუნებულია და კავკასიის სამი სახელმწიფო ამ საზღვრებშია აღიარებული. ანუ თუ რუსეთი თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებს გააუქმებს, ეს დომინოს პრინციპს არ გამოიწვევს.

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ინიციატივის ყველაზე ლოგიკური შედეგი ის იქნება, რომ სომხეთის აგრესიულობის დონე აზერბაიჯანის მიმართ აშკარად მოიმატებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 09 თებერვალი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2016/02/160208_russia_turkey_treaty

ძმობა მარადიული არ არის: რუს კომუნისტ დეპუტატებს თურქეთთან 1921 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმება სურთ

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების სავარაუდო დენონსირების საკითხით დაინტერტესდა და მის ერთ-ერთ ინიციატორს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს სერგეი ობუხოვს ესაუბრა. როგორც ირკვევა, მას კარგად არ აქვს წარმოდგენილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ინიციატივის რეალიზებას: „ჩვენ საკუთარი პოზიცია გამოვხატეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკიტხი პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა იქნეს შეტანილი და მისი განხილვა საჭიროა“.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს. მაგალითად, აი, რას ამბობს აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის დირექტორი, თურქოლოგი ვლადიმირ ავატკოვი: „95 წლის წინ ხელმოწერილი მოსკოვის ხელშეკრულების გაუქმება არა მარტო გაართულებს რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ კრიზისს, არამედ პანდორას ყუთსაც გახსნის იმ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გადასახედად, რომლებიც შორეულ წარსულში იქნა მიღებული“.

ორმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რუსი ბოლშევიკები მხარს უჭერდნენ მუსტაფა ქემალის ძალებს, რომელიც მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელად იქცა (ამიტომ ეწოდა მას „ათა-თურქი“, ანუ „თურქების მამა“). მოსკოველი ბოლშევიკები მუსტაფა ქემალში იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლს ხედავდნენ. როგორც კი დიდი ეროვნული კრება (პარლამენტი) ჩამოაყალიბა, მუსტაფა ქემალმა საბჭოთა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმირ ლენინს წერილი მიწერა: იგი ვალდებულობდა, რომ თურქეთის ეროვნული მოძრაობის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციები რუს ბოლშევიკებთან იქნებოდა შეთანხმებული.

ქემალისტების პარლამენტმა უარყო სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოსმალეთის სულთანათმა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. საინტერესოა, რომ დოკუმენტში სომხეთი „თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ იყო აღიარებული. 1920 წლის ზაფხულში დაწყებულ თურქეთ-სომხეთის ომში დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობამ დამარცხება განიცადა, იმავდროულად კი ქვეყანაში ბოლშევიკური წითელი არმია შეიჭრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1920 წელს რუსეთის წითელმა არმიამ საბჭოთა ხელისუფლება ჯერ აზერბაიჯანში დაამყარა, შემდეგ კი სომხეთში, მოგვიანებით, 1921 წლის თებერვალში კი – საქართველოში.

მოსკოვის ხელშეკრულებით დადაგინდა საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების საზღვრები, მაგრამ მას ხელი მოეწერა მომავალი მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლების გარეშე: ისინი მოგვიანებით ყარსის ხელშეკრულების სუბიექტები გახდნენ, რომელიც 1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ყარსში გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო და სომხეთი ამ ხელშეკრულების პირობებს არ აღიარებენ.

სერგეი ობუხოვი თვლის, რომ თუ მოსკოვი 1921 წლის 16 მარტს დადებულ ხელშეკრულებას გააუქმებს, ეს იქნება თურქეთზე განხორციელებული დიდი ზეწოლა, რის შემდეგაც „ბატონი ერდოღანი ფრთხილად იქნება“: იგი გააცნობიერებს პოლიტიკური ტვირთის სიმძიმეს.

თავის მხრივ თურქოლოგი ვლადიმირ ავატკოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯი ყოველმხრივ უნდა იყოს გათვლილი, რადგანაც რუსეთ-თურქეთის კრიზისულ ურთიერთობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტის – საზღვრებისა და ტერიტორიის საკითხის დამატება სიტუაციას უფრო გაართულებს. ყარსის ხელშეკრულება მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და თუ ამ უკანასკნელის დენონსაცია მოხდება, რუსეთი ამით ფაქტიურად საქართველოსა და სომხეთს ბიძგს აძლევს, რომ მათ თურქეთთან არსებული იმ საზღვრების გადასინჯვა მოითხოვონ, რომლებიც ამ დოკუმენტებითაა დადგენილი, – ამბობს რუსი თურქოლოგი. „როცა ხელშეკრულების დენონსირების იდეას აჟღერებ, უნდა იცოდე, რომ ამით, ერთი მხრივ, საქართველოს და სომხეთს შეუძლიათ [თურქეთს] ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ (ანუ მოითხოვონ უკან ის მიწები, რომელბიც ამ ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა), თუმცა, მეორე მხრივ, თურქებსაც შეუძლიათ თქვან, რომ მათაც აქვთ პრეტენზიები, რადგან ზოგიერთ ადგილზე ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები არც მათ მოსწონთ“.

პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების ის ძირითადი მუხლები, რომლებიც საზღვრებისა და ტერიტორიების საკითხს არეგულირებენ. ჩამოთვლილია თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორეიბიც: ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ყარსის ოლქი და ა.შ. ასევე აღნიშნულია, თუ როგორ ცდილობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირი ამ მიწების უკან დაბრუნებას. სწორედ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები გახდა იმის საფუძველი, რომ თურქეთი 1952 წელს ნატოს წევრი გახდა.

რუსი დეპუტატების წინადადებას კომენტარს უკეთებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვიქტორ ნადეინ-რაევსკი, რომლის ტქმით, აუცილებელია იმის შესწავლა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ხელშეკრულებების გაუქმება ამჟამინდელ საზღვრების სტატუსზე: „ჩვენ თავის დროზე, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის სამიტზე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ომისშემდგომი საზღვრების ურღვევობაზე და, შესაბამისად, პირობა დავდეთ, რომ ევროპული საზღვრებს დავიცავდით. ეს ვალდებულება პრიორიტეტულია“.

სერგეი ობუხოვი მაინც თვლის, რომ რუსეთის მხარემ მოსკოვის ხელშეკრულების საკითხი მაინც უნდა განიხილოს. „ჩვენ გვეგონა, რომ ერდოღანი მეგობარი იყო, მან კი ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო და ამით ტრაბახობს. ესე იგი, მას ამის გამეორება კიდევ შეუძლია“.

ვლადიმირ ავატკოვის აზრით, „რუსეთის ხელისუფლებამ, 95 წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულების განხილვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება თურქეთთან ბოლო წლებში დადებულ შეთანხმებებს გადახედოს: მათი უმეტესობა ილუზორულია და რეალიზებული არ იქნება. აი, სწორედ ამ ილუზიებზე უნდა ვთქვა უარი, თორემ წარსულის გახსენებით ჩვენ შეიძლება პანდორას ყუთი გავხსნათ“, – ამბობს თურქოლოგი.

Comments are closed