«Незавсисимая газета» (რუსეთი): ვაშინგტონი საქართველოზე რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე ალაპარაკდა
«Независимое военное обозрение» (რუსეთი): რუსეთმა ჯარები სამხრეთში გადაისროლა // ჩრდილოეთ კავკასიასა და შავიზღვიპირეთში სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება მიმდინარეობს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული მედია, პოლიტიკა და ბიზნესი: „ურთიერთგადაჯაჭვული გარიგებები“
«Новое время» (სომხეთი): სად მიგვიყვანს რუსეთის მიერ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაცია? // მოსკოვს სურს ერევანი თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებაზე დაიყოლიოს
«The Wall Street Journal» (აშშ): ფიჯის ახალი მეგობრები // ამერიკამ რუსეთისა და ჩინეთის ნაბიჯების იგნორირება არ უნდა მოახდინოს
———————-
«Незавсисимая газета» (რუსეთი), 12 თებერვალი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-02-12/7_gruzia.html
ვაშინგტონი საქართველოზე რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე ალაპარაკდა
„საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები“ – ეს არის ციტატა აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის მოხსენებიდან. სწორედ ეს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანისა და აშშ-ის ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის შეხვედრის მიზეზი, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
ამერიკის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ქართველი მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ ვაშინგტონს ეჭვი არ შეაქვს საქართველოს დასავლურ ორიენტაციაში და თბილისის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. რაც შეეხება თვით მოხსენებაში გამოხატულ თვალსაზრისს, ეს მხოლოდ გაფრთხილებაა, თუ როგორი არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსადმი აშშ-ის მიერ გაწეულ არასაკმარის მხარდაჭერას. ეს არის აგრეთვე მოწოდება ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარებისადმი, რომელიც ქვეყანას რუსული ზეწოლისაგან გამოსვლაში დაეხმარება.
„არადა, ამერიკულ დაზვერვას დასკვნაში ვერ შეედავები, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, – ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიც სწორედ ამას ადასტურებს – საქართველოში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იდეის პოპულარობა მნიშვნელოვნად მცირდება. თუ ადრე დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა 90%-ს აღწევდა, დღეს ეს მაჩვენებელი სადრაც 60%-ის ფარგლებშია. ასეთი სიტუაციის მთავარი მიზეზი იმაში გახლავთ, რომ თბილისი ერთგულად ასრულებს დასავლეთის მკაცრ პირობებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, ბრიუსელი კი თბილისს წლიდან წლამდე მხოლოდ დაპირებებით კვებავს და ეუბნება, რომ ალბათ, ოდესმე მიგიღებთ, უნდა მოითმინოო. სიტუაცია არც მას შემდეგ არ შეცვლილა, როცა საქართველოს წარმომადგენლებმა დასავლეთის ლიდერებისაგან ამ საკითხში უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა მოითხოვეს: თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამ ცოტა ხნის წინათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალზე კვლავ გაიმეორა ცნობილი ფრაზა, რომ საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისაგან „მაპ“-ის მიღებას მოითხოვსო, თუმცა პასუხიც ცნობილია – გასულ ორშაბათს ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ კონკრეტულად განაცხადა, რომ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს და ამის იმედი ნუ გექნებათო. აშკარაა, რომ სიტუაცია არ სეიძვლება არც თინა ხიდაშელისა და ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგაც, რომელიც ამ დღეებშია დაგეგმილია.
სტატაიაში ავტორი ციტირებს ქართველი ანალიტიკოსის, თბილისში არსებული ნატოს საინფორმაციო ცენტრის ექს-ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის გამონათქვამს, რომლის თანახმად, „ალიანსისადმი ულტიმატუმების წაყენებას „მაპ“-ის მოცემის თაობაზე აზრი არ აქვს, რადგან ამ საკითხში საქართველოს მოწინააღმდეგე გერმანია გამოდის, ნატოს დანარჩენ წევრებს კი საქართველოს გამო გერმანიასთან დავა არ უნდათ. საერთოდ, ნატოს ულტიმატუმები სულაც არ ადარდებს, ჩვენს საზოგადოებაში კი გადაჭარბებულ და ცრუ მოლოდინს აჩენს. შემდეგ კი ასეთი მოლოდინები არ მართლდება და საზოგადოებაში დასავლეთისადმი იმედგაცრუება მატულობს“. „სწორედ ასე მოქმედებდა წინა ხელისუფლებაც, დაპირებებს იძლეოდა, საბოლოო ჯამში კი საზოგადოება მოტყუებული დარჩა. დღევანდელმა მთავრობამ ისეთი ულტიმატუმები, როგორიცაა მაგალითად, „აი, ახლა ნატოში თუ არ მიგვიღებთ, პარლამენტში არჩევნების დროს პრორუსული ძალები მოვლენო“, უნდა დაივიწყოს და წინა ხელისუფლების შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის გიორგი რუხაძის აზრით, მთავრობამ ევროინტეგრაციის იდეების ლობირება უფრო აქტიური უნდა მოახდინოს, მაგალითად, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მისი აზრით, ევროპაში ახლოაღმოსავლელი ლტოლვილების რაოდენობის ზრდამ შეიძლება უვიზო რეჟიმის მიღების შანსი შეამციროს. რაც შეეხება ნატოში მიღებას, უმჯობესი იქნება ჩვენმა მთავრობამ ნატოს გენმდივნის გადარწმუნებას თავი დაანებოს და გერმანია-საფრანგეთთან მეტი იმუშაოს. სწორედ ეს სახელმწიფოები არიან ნატოში ჩვენი მიღების მოწინააღმდეგეები. საჭიროა იმ ქვეყნების დახმარების გააქტიურებაც, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან – ამერიკა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ თბილისში გამართული საექსპერტო შეხვედრის დროს. მისი აზრით, ამ საკითხში თურქეთთან მუშაობის გააქტიურებაც კარგი იქნებოდა, რომელიც, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო, მზადაა საქართველოს ინტერესების ლობირებისათვის.
«Независимое военное обозрение» (რუსეთი), 12 თებერვალი, 2016 წელი
http://nvo.ng.ru/realty/2016-02-12/1_minoborony.html
რუსეთმა ჯარები სამხრეთში გადაისროლა
ჩრდილოეთ კავკასიასა და შავიზღვიპირეთში სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება მიმდინარეობს
სტატიაში გადმოცემულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მასშტაბური წრთვნების მიმდინარეობა, რომელშიც ჩართულია როგორც სახმელეთო ჯარები, ავიაცია და საჰაერო-სადესანტო ნაწილები, ასევე შავი და კასპიის ზღვების სამხედრო ფლოტის გემები. „წრთვნების მთავარ მიზანს იმის გაგება წარმოადგენს, თუ როგორ სწრაფად შეიძლება მოხდეს რეაგირება სამხრეთიდან წამოსული გამოწვევებზე. აშკარაა, რომ აქ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი იგულისხმება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ოლეგ ოდნოკოლენკო).
რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სამხედრო წრთვნები, ჯერ არავინ იცის. ამ საკითხზე რუსეთის თავდაცვის უწყებას უნივერსალური პასუხი აქვს: იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა. შეიძლება გავიხსენოთ 2008 წლის ზაფხულში ჩატარებული ანალოგიური წრთვნები, რომლებიც სამხრეთის ფლანგზე საკმაო ხანს გრძელდებოდა. მისმა გაჭიანურებამ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ დააკარგვინა სიფხიზლე და იგი თავისი მხედრობით სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. თუ რა მოჰყვა მის ნაბიჯს, ყველამ კარგად იცის: რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან გამოჩნდნენ, ხოლო ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“, ზოგიერთი მონაცემის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შევიდა. თანაც მაშინ ბრძანება „სდექ“-ს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კრემლმა ჩათვალა – ძირითადი ამოცანა შესრულებულიაო.
ძნელია იმის თქმა, რამდენად კორექტულია ამ სიტუაციაში 2008 წლის ომის გახსენება, მაგრამ პარალელები ნამდვილად ჩანს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად მთავარი საველე მოთამაშე მოწინააღმდეგის მხრიდან საქართველო კი არაა, არამედ თურქეთი, რომლის ლიდერმა რეჯებ ერდოღანმა სხვა ფორმატში მოისურვა სამხრეთ ოსეთის ვარიანტის გამეორება სირიის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმოამდგენელმა, გენერალმა იგორ კონაშემნკოვმა განაცხადა, თურქეთის ჯარები სირიის საზღვართანაა თავმოყრილი და მზად არიან შესაჭრელად.
როგორც ცნობილია, ისტორია ხშირად მეორდება, თუმცა ყოველთვის ფარსის სახით არა და რამდენადაც სამხედრო ვარიანტი გამორიცხული არაა, შევეცადოთ და ერთმანეთს შევადაროთ მაშინდელი და ახლანდელი ძალთა განლაგება.
ცხინვალში, როგორც ვიცით, 2008 წლის აგვისტოში რუსი მშვიდობისმყოფლები იყვნენ ძირითადად მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით. დღეს კი სირიაში მთელი რუსული ავიაბაზაა, სუპერთანამედროვე შეიარაღებით, ხმელთაშუა ზღვის სირიის სანაპიროსთან კი რეიდზე რაკეტებიანი რუსული სამხედრო ხომალდები დგანან (სხვათა შორის, სირიის ფრონტს კასპიის ზღვის ფლოტილიის გემებიც კარგად წვდებიან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით), ახლა კი მათ ჩვენი მედესანტეებიც დაემატნენ სამხრეთის ფლანგზე…
თუმცა, ცხადია, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ რეჯებ ერდოღანი მიხეილ სააკაშვილი არ არის, რომლის მხედართმთავრებმა ჩათვალეს, რომ ომის მოსაგებად ნატოს სამხედრო ფორმის ჩაცმაც საკმარისიაო. თურქეთს ნახევარმილიონიანი არმია ჰყავს, რომელიც ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია რუსეთის შემდეგ. ასევე ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ თურქეთი ნატოს წევრია და მასზე ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ვრცელდება, რომლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრზე სხვა ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში მას მოკავშირეებისაგან სამხედრო დახმარების მიღების გარანტია აქვს („ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ და ნატო თავპირისმტვრევით გაიქცევიან ანკარის მისაშველებლად.
როცა პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის ბრძანებით თურქებმა ჩვენი „სუ-24“ ჩამოაგდეს, რასაკვირველია, იგი მოსკოვის მკაცრ რეაგირებას ელოდა. ამიტომაც დასახმარებლად ამერიკას და ბებერ ევროპას მიმართა, თუმცა ვაშინგტონს და ბრიუსელს თურქი ლიდერისათვის იმდენად მხარი არ დაუჭერიათ, რამდენადაც დატუქსეს არაადექვატურობისათვის. ახლაც ერდოღანი ვაშინგტონისთვის „ხელების გადაგრეხვას“ ცდილობს: ამერიკელებო, ვისტან ხართ – ჩემტან, ანუ თქვენს ერთგულ მოკავშირეებთან, თუ ქურთებთან, ჩემს მტრებბთან? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ ჩუმადაა, მაგრამ რას იზამს თურქი ლიდერი, რომელსაც ამბიციებმა გონება დაუბნელა? განა იგი ადექვატურად მოიქცევა?
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/media-and-politics-in-georgia/3186726.html
ქართული მედია, პოლიტიკა და ბიზნესი: „ურთიერთგადაჯაჭვული გარიგებები“
ნინო დალაქიშვილი
უკანასკნელ პერიოდში ხმაური არ წყდება საქართველოს ერთ–ერთი მსხვილი მაუწყებლის, ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ. დღეს გია გაჩეჩილაძემ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მაესტროზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელე-შანტაჟის დაუსრულებელ სერიაზე საუბრობს. წერილში ნათქვამია: „დღეს „მაესტროს“ გაკოტრებისა და ლიკვიდაციის საკითხი დგას, რაც ჩემი „მაესტროდან“ ჩამოშორების სურვილს უკავშირდება. საინტერესოა, რატომ?.. დღეს ისევ აღრეულია თავისუფალი სიტყვა და პროპაგანდა ერთმანეთში. ყველაფერს პოლიტიკური სპეკულაციის და ორმაგი სტანდარტის სუნი ასდის. საზოგადოება ისევ სიმართლის ძიებაშია. მე ბოლომდე ვიბრძოლებ „მაესტროს“ გადასარჩენად“.
საჯარო რეესტრმა გია გაჩეჩილაძის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს უარი განუცხადა „მაესტროს“დირექტორად რეგისტრაციის პროცესზე. თავის მხრივ, დავის მეორე მხარე მიესალმება რეესტრის გადაწყვეტილებას. მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ამბობს: „არსებობს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის მეთოთხმეტე მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ თუკი პირი მიმართავს საჯარო რეესტრს და განუცხადებს, რომ მას აქვს სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობა საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრი ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. აი, სწორედ ეს გააკეთა საჯარო რეესტრმა.“
იმის გასარკვევად, „მაესტროს“ საკითხი ვიწრო დავის სფეროა თუ შესაძლოა მან პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის პოტენციური საფრთხე შექმნას, ამერიკის ხმა ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე პირებს ესაუბრა.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „მე ვფიქრობ, ეს მაინც პოტენციურად ფართო პრობლემაა, რადგან ეს დავა გამოწვეულია იმ მედია–სისტემით და ეკოსისტემით, რაც ახლავს მედია გარემოს საქართველოში. ვგულისხმობ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ, განსაკუთრებით ეროვნული მაუწყებლობა არის სრულად სუბსიდიერებადი ბიზნესი, რეალურად, ეს ბიზნესი არცაა, რადგან საქართველოს სარეკლამო ბაზარი არ ჰყოფნის ამ არხების დაფინანსებას.
ცხადია, ის სუბსიდიები, რაც მიდის მაუწყებლებში, მსხვილ მაუწყებლებში, უმეტესად, ესაა პოლიტიკურად მოტივირებული თანხები. უფრო მეტად ქვეყანაში ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ ამგვარი ტიპის მაუწყებლები ბიზნესების სჭირდებათ სხვა ტიპის ბიზნესების მფარველობისთვის. მე ვფიქრობ, „მაესტროს“ ახლანდელი დავა, სწორედ ამგვარი ტიპის გარიგებების ნაწილი ან არის, ან შეიძლება იყოს მომავალში და სწორედ ამისთვის მზადდება“.
სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მე მიმაჩნია, რომ ესაა ჩვეულებრივი ბრძოლა მეწილეებს შორის. შესაძლოა, პოლიტიკა გარეულიც კია და მჯერა, რომ გარეულია ამ ბრძოლაში, მაგრამ მაინც ნათლად ვხედავ, რომ ეს არაა ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის. როგორ დასრულდება ეს დავა, არ აისახება თავისუფალ მედიაზე, აი ეს მინდოდა მეთქვა.“
რამდენიმე კვლევაში, მათ შორის მედიის განვითარების ფონდის შეფასებაში ნათქვამია, რომ ქართული მედიისთვის ერთ–ერთ გამოწვევას წარმოადგენს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება. ამის შესახებ ნათია კუპრაშვილი ამბობს: „რთულია დაალაგო ლოგიკა, როცა ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ვინც აკეთებს მედიის ანალიზს და ძალიან ბევრი პოლიტოლოგი, ვინც აკეთებს პოლიტიკის ანალიზს, ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსული, თუ ხელისუფლება პრორუსულია და ასევე ერევა იმ მედიის საქმიანობაში, რომლის პრაიმტაიმი პრორუსული საქმიანობით გამოირჩეოდა (საუბარი პრაიმტაიმზე, თორემ იყო ძალიან კარგი პროგრამებიც), ეს ორი ერთმანეთთან თავსებადი არაა.
შესაბამისად, ჩემთვის ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ხელისუფლებაც ძალიან ჭრელი გვყავს და მედია კომპანიებიც ძალიან ჭრელია. თვითონ მაესტროს ეთერი რომ აგვეღო, ისიც კი ძალიან ჭრელი იყო. ცალკ–ცალკე აღებული, რომ შეგვედარებინა რა ხდებოდა დღის ეთერში და რა ხდებოდა პრაიმ–ტაიმში, წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით, სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, უცნაურ პროცესებს დავინახავდით.
ერთადერთი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ მედია ასე თუ ისე მრავალფეროვანია საქართველოში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო პროგრამები, ძირითად მეინსტრიმ მედიაში. „მაესტროს“პროცესმა და აფილაციებმა იმედთან და შემდეგ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შექმნა შიშები, იგივე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც უკვე გვქონია საქართველოში, რომ ხომ არ დაემსგავსება საინფორმაციო პროგრამები ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი შიშის საფუძველი არსებობს, მაგრამ ნაკლებად. უფრო სახეზე გვაქვს პოლიტიკა–ბიზნეს ურთიერთგადაჯაჭვული გარიგებები, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სამაუწყებლო ბიზნესები ამ ქვეყანაში არ არის თვითკმარი.“
„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ–ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ჯანსაღი გარემოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
«Новое время» (სომხეთი), 11 თებერვალი, 2016 წელი
http://www.nv.am/politika/48645?task=view
სად მიგვიყვანს რუსეთის მიერ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაცია?
მოსკოვს სურს ერევანი თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებაზე დაიყოლიოს
რუსეთის დეპუტატების ინიციატივამ თურქეთთან 1921 წლის 16 მარტს დადებული მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირების თაობაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც მოსკოვსა და ანკარაში, ასევე ერევანშიც. როგორც ცნობილია, ხსენებული დოკუმენტით დადგინდა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების – საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრები თურქეთთან. როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს სომხეთმა – უნდა მიესალმოს სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტური ფრაქციის ინიციატივას თუ ამ შემთხვევაში ხაზგასმული ნეიტრალიტეტის პოზიცია დაიკავოს? – ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში, რომელიც სომხეთის გაზეთ „ნოვოე ვრემია“-შია გამოქვეყნებული (ავტორია არტემ ერკანიანი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მოსკოვის ხელშეკრულების დადების სიტორია, მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთისადმი წაყენებული პრეტენზიები, რაც სომხეთის „ისტორიული მიწების დაბრუნების“ მოთხოვნაში გამოიხატა…
„რუსეთი და თურქეთი თავიანთ „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებას“ როგორც სურდათ, ისე იყენებდნენ. როცა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მოსკოვის ხელშეკრულების გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, ხოლო როცა ურთიერთობა უმჯობესდებოდა, ხელშეკრულებას „მეგობრობის ფუძემდებლურ დოკუმენტს“ უწოდებდნენ. ახლაც, როცა თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის საკითხში შავმა კატამ გაირბინა, კრემლში ჩაფიქრდნენ, როგორ გამოიყენონს თურქეთის წინააღმდეგ „სომხური საკითხი“.
დღესავით ნათელია, რომ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში ავტომატურად დადგება საკითხი ყარსის ხელშეკრულების იურიდიული საფუძვლის შესახებ, რადგან ყარსის შეთანხმების პირობები მოსკოვის დოკუმენტიდან გამომდინარეობას. ამ სიტუაციაში ჩვენ, გვინდა ეს თუ არა, უბრალოდ ვალდებულები ვიქნებით რეაგირება მოვახდინოთ. მოსკოვში არ მალავენ იმას, რომ სომხეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდანაც ნაბიჯი უნდა გადავდგათ და უარი ვთქვათ უარსის ხელშეკრულების პირობებზე და თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები უნდა წავუყენოთ. აი, სწორედ ამითი სურს მოსკოვს ანკარის შეშინება – ერევნის სავარაუდო პრეტენზიებით. ერთი შეხედვით, მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირება ჩვენთვის ისტორიულ შანსს ნიშნავს, რათა სამართლიანობის აღდგენა მოხდეს და მიწები დაგვიბრუნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩვენ ყარსის ხელშეკრულებას ძალადაკარგულად გამოვაცხადებთ (რუსეთის მიერ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირების შემთხვევაში) და თურქეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს წავუყენებთ, ჩვენ ანკარას ომის დაწყების საბაბს მივცემთ, რისთვისაც მზად არ ვართ.
სხვათა შორის, მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირების მსურველები, თავიანთი ინიციატივას რომ მტკიცე საფუძველი მოუძებნონ, აცხადებენ, რომ ყარსის ხელშეკრულება არც სომხეთს და არც საქართველოს არ უღიარებიაო. ეს შეცდომაა, რადგან საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის ნოემბერში კი დაიწყო მსჯელობა ყარსის ხელშეკრულების გადასინჯვის თაობაზე, მაგრამ დენონსაციის შესახებ რაიმე დადგენილება არ მიუღია. სომხეთს კი 1991 წელს, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ყარსის ხელშეკრულების დენონსაციის საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია, რადგანაც აშკარა იყო, რომ თუ ასე მოვიქცეოდით, თურქეთთან ომის საფრთხე ჩნდებოდა. 2009 წლის ციურიხის შეთანხმებით კი ერევანმა არსებული სახელმწიფო საზღვრები აღიარა. ასე რომ, რუსი დეპუტატების ინიციატივამ ჩვენ არა მარტო უნდა გაგვახაროს, არამედ უნდა ჩაგვაფიქროს კიდეც. შესაძლოა სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არ განვითარდეს.
მხოლოდ ბრიყვს თუ ექნება იმის იმედი, რომ თუ რუსეთის მოსკოვის ხელშეკრულებას გააუქმებს, თურქეთი ყარსის ოლქსა და სურმალინის მაზრას დაგვიბრუნებს. ცხადია, რომ ვლადიმირ პუტინი ხელშეკრულების დენონსირებას არ დაეთანხმება და მას მხოლოდ ანკარაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, პროპაგანდისათვის გამოიყენებს. არადა, მან ხელიც რომ მოაწეროს გაუქმებაზე, სიტუაცია 1921 წლის მდგომარეობას მაინც არ დაუბრუნდება. კი, საზღვრები ხელშეკრულებებით განისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტების გაუქმებით საზღვრებიც მომენტალურად შეიცვლება. სხვათა შორის, ეს თვითონ რუს დეპუტატებსაც არ სჯერათ.
ამრიგად, მოსკოვის ინტერესებში საზღვრების ცვლილება და სომხეთის შემადგენლობაში ყარსის და არტაანის დაბრუნება კი არ არის, არამედ თურქეთის დაშინებააა, რაშიც კარგად იყენებს სომხეთს. თან ისე, რომ გვავალდებულებს – მე მოსკოვის ხელშეკრულებას გავაუქმებ, შენ კი ყარსის ხელშეკრულება გააუქმე და პრეტენზიები მე კი არა, შენ წაუყენეო. გვჭირდება კი ეს, როცა თავიდანვე გვეუბნებიან, რომ საზღვრების ცვლილება არ მოხდება? ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ მოსკოვს პასუხს გავცემთ“, – აღნიშნულია სტატიაში.
«The Wall Street Journal» (აშშ), 12 თებერვალი, 2016 წელი
http://www.wsj.com/articles/fijis-new-friends-1455238219
ფიჯის ახალი მეგობრები
ამერიკამ რუსეთისა და ჩინეთის ნაბიჯების იგნორირება არ უნდა მოახდინოს
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებზე თავის გავლენას აფართოებს. ორი დღის წინ ფიჯის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთისაგან 9 მილიონამდე დოლარი უანგარო დახმარების სახით მიიღო, ხოლო 20 რუსი სამხედრო ინსტრუქტორი ადგილობრივ ჯარისკაცებს გაწრთვნის.
„ფიჯი წყანარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოების არაფორმალურ ლიდერად ითვლება და ამას, მცირე ზომის მიუხედავად, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ფიჯისა და დასავლეთის ურთიერთობა 2006 წლიდან გაუარესდა, როცა კუნძულზე თავდაცვის მინისტრის ფრენკ მბაინიმარამას ხელმძღვანელობით სამხედრო გადატრიალება მოხდა და დემოკრატიული მთავრობა დაემხო. იმ დროიდან ავსტრალიამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ფიჯს ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს და სამეხდრო ხუნტის მიმართ სანქციები დააწესეს. მართალია, სანქციები ფიჯს 2014 წელს მოეხსნა, როცა იქ არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ, რომლის პრემიერ-მინისტრი ისევ ფრენკ მბაინიმარამა გახდა, რუსეთთან და ჩინეთთან ახლო კავშირების ძიების დაიწყო, ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებებს.
ფიჯის ახალი მოკავშირეები თავიანთ გავლენას წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე აფართოებენ. კრემლმა სამ კუნძულს – ნაურუს, ტუვალუს და ვანუატუს ათობით მილიონი დოლარის დახმარება შესთავაზა საქართველოსა და რუსეთს შორის სადაო ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისათვის. გარდა ამისა, მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნის გეგმებიც გამოაცხადეს, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, წყნარი ოკეანის საზღვაო მარშრუტებისა და სამომავლოდ გათვალისწინებული ბაზების დაცვისთვის იქნება გამიზნული.
წყნარი ოკეანის კუნძულები ჯუჯები კი არიან, მაგრამ ისინი მიმზიდველ ქვეყნებს წარმოადგენენ მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმებისათვის: ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ადგილობრივი რესურსები, მოისყიდონ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა, გააფართოონ საზღვაო გავლენა და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიას ზიანი მიაყენონ. ეს ის რისკია, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა ანგარიში უნდა გაუწიოს და ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს.