globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Iran Daily» (ირანი): ქართველი მინისტრი ირანს ეწვია, გაზის იმპორტის საკითხში მოსალაპარაკებლად

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორ გახდა  მომავალი ექიმი ტერორისტი

«Радіо Ера» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილი, „უკრაინის რეფორმები და საქართველოს გამოცდილება“: „ჩვენ საქართველოდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე ერთი წლის შემდეგ გავაძევეთ. მადლობა ღმერთს, რომ თავიდან მოვიშორეთ“

———————-

«Iran Daily» (ირანი), 16 თებერვალი, 2016 წელი

http://www.iran-daily.com/News/136807.html

ქართველი მინისტრი ირანს ეწვია, გაზის იმპორტის საკითხში მოსალაპარაკებლად

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორშაბათს ირანს ეწვია, სადაც გაზის იმპორტის და ენერგოსექტორის სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. „ქართული და ირანული მხარეები ამ ეტაპზე  საქართველოში ირანული ბუნებრივი გაზის იმპორტის შესაძლებლობას სწავლობენ. გარდა ამისა, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 15 თებერვალს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაზე, რომელსაც 10 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა უმასპინძლა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანული გაზის შეძენა არ არის კომერციულად მომგებიანი საქართველოსთვის, ვინაიდან ის დაახლოებით 25%–ით უფრო ძვირია. მისი თქმით, გარკვეული ტიპის ენერგოგაცვლების განხორციელება არ არის გამორიცხული, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, ხოლო მოკლევადიანი პერიო-დისთვის ის ამის რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს.  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიყოთ წინა პლანზე ირანთან საუბრებში იმიტომ, რომ მას აინტერსებს რეგიონი და ჩვენ გვაინტერესებს ეს რესურსი რეგიონში – ამ შემთხვევაში თანხვედრა ინტერესების არის. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას, მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 8 თებერვალს ირანის პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის ტელეფონით ესაუბრა. ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინალური პასპორტის მფლობელები საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე  45 დღემდე ყოფნის უფლებით ისარგებლებენ ისე, როგორც ეს იყო 2011 წლიდან, ვიდრე 2013 წლის ივლისიდან საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებდა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 თებერვალი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/syria-georgia-citizen-death/3191374.html

როგორ იქცა მომავალი ექიმი ტერორისტად

ზაზა წულაძე

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი ბესლან მუხტაროვი საქართველოს მე-17 მოქალაქეა, რომელიც სირიაში დაიღუპა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა და შემდეგ, ყარაჯალაში მუხტაროვების ოჯახმაც დაადასტურა.

თურქული გამოცემა Ummet Islam-ის ცნობით, სტამბოლის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი მუხტაროვი, ლატაკიას პროვინციაში, სირიის-თურქეთის საზღვარზე მდებარე თურქმანების მთების ტერიტორიაზე, რუსეთის ავიაციის დაბომბვას შეეწირა. ეს ჯერ კიდევ, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მომხდარა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.

კახეთის ყველაზე დიდ სოფელში დაბადებული და გაზრდილი, ეთნიკური აზერბაიჯანელი 28 წლის ბესლან მუხტაროვი თურქული მედიის ცნობით, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ წევრი იყო და ძირითადად, დაჭრილ მებრძოლებს მკურნალობდა. ყარაჯალის მკვიდრი მამედ სულეიმანოვი ამბობს:

“მამამისს ვესაუბრე, მაინტერესებდა სოფელში ეს ხმები რო დადიოდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. მითხრა, რომ ჩემი შვილი სწავლობდა თურქეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტშიო, მერე არ ვიცი რა მოხდაო, იქედან გადასულა სირიაშიო და როგორც მაცნობეს დაიღუპაო.“

თურქულ პრესაში, საქართველოს მოქალაქე ბესლან მუხტაროვის სახელმა პირველად, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში გაიჟღერა. რამდენიმე თურქული გაზეთი წერდა, თუ როგორ დაუნგრიეს თურქულმა სპეცსამსახურებმა ცხოვრება უაღრესად ნიჭიერ სტუდენტს საქართველოდან, რომელმაც 2010 წელს, თურქეთში მისაღებ გამოცდებზე, ქულების მაქსიმალური რაოდენობა (100%) დააგროვა.

გამოცემა Medyagundem-ის ცნობით, თელავიდან ჩასულმა მუხტაროვმა თურქეთში სახელმწიფო გამოცდებზე, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ერთ-ერთ პრესტიჟულ, სტამბოლის ჯერაჰ ფაშას სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ნიჭიერი სტუდენტის ცხოვრება, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ერთმა უცნაურმა ისტორიამ დაარღვია. 2010 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ხმელთაშუა ზღვაში, ღაზას სექტორში მიმავალი, თურქეთის „თავისუფლების ფლოტილია“ სამხედრო ძალის გამოყენებით შეაჩერა (რასაც 9 თურქი აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა), ბესლან მუხტაროვზე სტამბოლის პროკურატურაში შევიდა საჩივარი, რომ მან ერთ-ერთი სტუდენტური პოლემიკის დროს, ისრაელის პოზიცია დაიცვა.

ამ ბრალდებას მოჰყვა თურქეთში, გამოძიების დაწყება ბესლან მუხტაროვის რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირის დადგენის მიზნით. Medyagundem-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ თვიანი გამოძიების მანძილზე, არცერთი ბრალდება არ დადასტურდა, მუხტაროვი სტამბოლის უნივერსიტეტიდან მაინც გარიცხეს და 2011 წელს, თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოში გამოაძევეს.

მუხტაროვი, ბოლო წლებში, არაერთხელ შეეცადა საკუთარი შელახული უფლების აღდგენას, თუმცა უშედეგოდ. 2015 წლის ოქტომბერში კი, როცა ოთხწლიანი დეპორტაციის ვადა გაუვიდა, იგი კვლავ გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. თუმცა, როგორ და ვისი დახმარებით აღმოჩნდა სირიაში, თურქეთის მიერ მხარდაჭერილ თურქმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე უცნობია.თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ყარაჯალაში ალასკარ სარდაროვი ამბობს:

‘სად დაიღუპა, როგორ დაიღუპა, ამის გასაგებად, მაშინვე მივმართე მამამისს, დამიდასტურა რომ დაიღუპა ჩემი შვილი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სად დაიღუპაო. მე ისიც ვკითხე, რატომ არ მოიკითხეთ, თურქეთშია თუ სად არის მეთქი, მოვიკითხეთ და ვეღარ ვნახეთო.“

სირიაში და ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს 17 მოქალაქიდან: 14 პანკისის ხეობიდან იყო, თითო – გურიიდან, აჭარიდან და კახეთიდან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიაში გარდაცვლილთა წარმოშობის გეოგრაფია სოფელ ყარაჯალით გაიზარდა.

საქართველოში სიდიდით მეორე სოფელი, სადაც 9000-ს ადამიანზე მეტი ცხოვრობს, თელავიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ძირითადად, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. ისინი კახეთში მე-17 საუკუნეში გადმოსახლებულან. საინტერესოა, რომ ყარაჯალაში ტრადიციულად აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ, სოფლის მთავარი მეჩეთი კი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

«Радіо Ера» (უკრაინა), 15 თებერვალი, 2016 წელი

http://www.eramedia.com.ua/article/232648-msaakashvl_dolya_ukranskih_reform_gruzinskiyi_dosvd_ne_treba_vse/

მიხეილ სააკაშვილი, „უკრაინის რეფორმები და საქართველოს გამოცდილება“: „ჩვენ საქართველოდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე ერთი წლის შემდეგ გავაძევეთ. მადლობა ღმერთს, თავიდან მოვიშორეთ“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 15 თებერვალს უკრაინის რადიოსადგურის „ერა“-ს სტუდიაში კორესპონდენტ ვიტალი დიკისთან ისაუბრა, რომლის დროსაც იგი უკრაინის მრავალ საკითხს თუ პრობლემას შეეხო, მათ შორის მმართველობის სისტემის რეფორმებს, რიგითი მოქალაქეების დუხჭირ ცხოვრებას, კორუფციის არსებობას და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილმა, ბუნებრივია, საქართველოში თავისი პრეზიდენტობის პერიოდზეც  ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროს მისთვის მთავარი ადამიანების დაჭერა კი არ იყო, არამედ დატაცებული თანხების უკან დაბრუნება, რათა ეს ფული შემდეგ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ. „ჩვენ დავაპატიმრეთ საქართველოს რკინიგზების უფროსი და როცა მან მითვისებული რამდენიმე მილიონი დოლარი დააბრუნა, ჩვენ იგი გავათავისუფლეთ, თანხა კი უკრაინაში სარკინიგზო ვაგონების შესაძენად გამოვიყენეთ. ჩვენ დავალავეთ მაგთიკომის“ მფლობელი, რომელმაც ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შემოიტანა, რომლითაც პენსიონერებს სამი თვის პენსია დავურიგეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი შეეხო აგრეთვე უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას და დასავლელი ფინანსისტების მუშაობის შედეგები საქართველოს რეალობას შეადარა: „ჩვენთვის ყველაზე კარგი სიტუაცია ის იქნებოდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი [აქ, უკრაინაში] საერთოდ არ იყოს. ჩვენ საქართველოდან ეს ფონდი უკვე ერთი წლის შემდეგ გავაძევეთ. მადლობა ღმერთს, რომ თავიდან მოვიშორეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და ფონდის მუშაობა იმ ქირურგს შეადარა, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს მოკვეთას მოითხოვს, მისი მკურნალობის ნაცვლად: „როცა თითის შეხვევა გინდა, სავალუტო ფონდი გეუბნება – შეხვევა არ გჭირდება, მოდი, მაგ თითს საერთოდ მოგაჭრით და საქმე ამით დავამთავროთო“.

——-

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სკანდალურ-ნეგატიურმა განცხადებამ უკრაინის მასმედიასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ოდესის გუბერნატორის მომხრეებმა თავიანთი კერპის დაცვა სცადეს და აღნიშნეს, რომ მასმედიამ მისი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა და დაამახინჯაო., თუმცა რაც გავრცელდა, ის ფრაზები სრულიად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რადიო „ერას“ ეთერში (რადიოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მე-17 წუთის შემდეგ).

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, შეხედა რა მასმედიაში შექმნილ ნეგატიურ აჟიოტაჟს მის მიმართ, სიტუაციიდან გამოსავალი მონახა და ფეისბუქის გვერდზე ასეთი განმარტება გამოაქვეყნა: „საინფორმაციო სააგენტოებმა ჩემი ნათქვამი აშკარად გადადააბრუნეს. მე ვთქვი, რომ თუ მომიწევს არჩევანის გაკეთება ადგილობრივ კლეპტოკრატების მხრიდან კონტროლსა და საერთაშორისო სავალუტო ფონის კონტროლს შორის, მე ერთმნიშვნელოვნად ამოვირჩევ კონტროლს ფონდის მხრიდან. ამასთან, ეკონომიკა რომ გაიზარდოს, ჩვენი მიზანი კლეპტოკრატთა მმართველობა არ უნდა იყოს. აი, ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებიც არ დაგვჭირდება“.

წყაროები:

http://fakty.ua/212719-saakashvili-vystupil-protiv-sotrudnichestva-ukrainy-s-mvf

http://interfax.com.ua/news/political/324841.html

http://apostrophe.com.ua/news/politics/2016-02-15/u-saakashvili-voznik-skandal-iz-za-ego-slov-ob-mvf/49911

Comments are closed