«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: „ნატო საქართველოს აქტიურად უნდა დაეხმაროს“
«Zaman» (თურქეთი): რუსეთი კავკასიის რეგიონში გავლენას აძლიერებს
«Радио SPUTNIK - რადიო სპუტნიკი-საქართველო» (რუსეთი): რუსეთ-თურქეთის კონფრონტაცია: კავკასიური განზომილება
«Зеркало недели» (უკრაინა): „თეთრი“ საბაჟოს რუხი ნადები // როგორ მუშაობს ოდესის საბაჟო ქართული გუნდის ხელმძღვანელობით?
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/luke-coffey-jorje-benitez-interviews/3199349.html
ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტებთან: „ნატო საქართველოს აქტიურად უნდა დაეხმაროს“
ანა კალანდაძე
ევროპის აღმოსავლეთში ნატომ პროპორციული პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას და განათავსოს ბაზები რუსეთის მოსაზღვრე, ალიანსის წევრ ქვეყნებში-აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები, გამომდინარე იმ დიდი საფრთხიდან, რომელიც უკრაინის ომის ფონზე არსებობს.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ მიისწრაფის ნატოში გაწევრიანებისკენ, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ალიანსი თბილისს ინტეგრაციის გზაზე აქტიურად უნდა დაეხმაროს.
ჯორჯ ბენიტესი:
„მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ნატომ მეხუთე მხოლოდ წევრი სახელმწიფოების დასაცავად უნდა აამოქმედოს, მაინც მიმაჩნია რომ არა-წევრი სახელმწიფოები ალიანსმა მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას, რათა მათი თავდაცვისუბაირანობა, შიდა სიძლიერე და სუვერენიტეტი განამტკიცოს. ნატოს ინტერესებში შედის ევროპის ყველა სახელმწიფოს დაცვა. ტრეინინგის ცენტრის ამოქმედება საქართველოში ნატოს ყოფნას კარგად ადასტურებს ამ ქვეყანაში. ეს საკითხი უელსის 2014 წლის სამიტზე გადაწყდა. თანამშრომლობის ასეთი დემონსტრირება ნატოსთვის და თბილისისთვის ძალიან პოზიტიური მოვლენაა“.
ლუკ კოფი, ჰერითიჯის ფონდი:
„ნატომ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე უნდა იზრუნოს 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად. არ არის საჭირო ნატომ ყველგან, ყველაფერი აკეთოს, თუმცა წევრები უნდა დაიცვას ჯარით და ტექნიკური საშუალებებით. მაგალითისთვის, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. თუმცა ნატომ ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა საბოლოო ჯამში ის ალიანსში დაუშვან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხშირად გაიგონებთ შედარებებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან განსხვავდება, საქართველო წლებია ინტეგრაციისთვის ემზადება, უკრაინა კი ამ პროცესს ძალიან დაშორებულია. ნატო სწორედ მოიქცა, როცა მონტენეგრო მიიწვია, ახლა ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს გაწევრიანების საკითხშიც. მაგალითისთვის, ამერიკამ და მოკავშირეებმა თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიაწოდონ. ერთი სიტყვით, ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, დაგეხმარებით და ალიანსში ბოლოსდაბოლოს მიგიღებთ, კარი კვლავაც ღიაა“.
ორივე ექსპერტმა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, რამდენიმე სხვა სპეციალისტთან ერთად ცოტა ხნის წინ ერთობლივი დოკუმენტი წარმოადგინა, სადაც ჩრდილატლანტიკურ ალიანსს და შეერთებული შტატების ხელისუფლებას რუსული აგრესიის შესაკავებლად აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებენ.
«Zaman» (თურქეთი), 19 თებერვალი, 2016 წელი
http://www.zaman.com.tr/yorum_rusya-bolgedeki-nufuzunu-artiriyor_2348119.html
რუსეთი კავკასიის რეგიონში გავლენას აძლიერებს
მეჰმედ ოზთარსუ
რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში ჩატარებული მსხვილმასშტაბური სამხედრო წრთვნები, რეგიონში სიტუაციის განვითარების თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს.
მანევრები, რომელიც კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, 8500 სამხედრო მოსამსახურე, 200 სამხედრო თვითმფრინავი, 20 ხომალდი და დაახლოებით ათასამდე მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა. ძალის დემონსტრაცია მოულოდნელად დაიწყო რუსეთის თვადაცვის მინისტრის სერგეი შოუგუს ბრძანებით. სხვათა შორის, ეს ის შოიგუა, რომელიც ასე მოწონდათ ჩვენს ანალიტიკოსებს მისი წარმომავლობის თურქული ფესვების გამო. ეს მანევრები აშკარა სიგნალია, რომელიც რეგიონულ მოვლენებს, უპირველესად კი სირიის ამბებს უკავშირდება.
რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ბაზებით და იქ ჩატარებული სამხედრო წრთვნებით კრიტიკა დაიმსახურა, ახლა ყირიმის გაძლიერებულ მილიტარიზებას ახდენს და ნახევარკუნძულისაგან ავანპოსტს ქმნის. ამაზე ჩვენი მასმედია შეშფოთებული წერს.
კუნთების თამაშითა აქტიური პროპაგანდისტული საქმიანობით, რუსეთი აგრძელებს შიშის თესვას და გავლენის გაფართოებას. ასეთი პროპაგანდის მაგალითისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება: რუსმა კომუნისტებმა, ლიბერალებმა და ნაციონალისტებმა ერთსულოვნად შეიტანეს დიდი წვლილი იმაში, რომ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების [დენონსაციის მიზნით] საუბარი დაწყებულიყო.
რუსმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც 1921 წლის მარტ-ოქტომბერში გაფორმებული იმ ხელშეკრულებების დენონსირებაზე ალაპარაკდნენ, რომლებშიც თურქეთის აღმოსავლეთი საზღვრებია განმტკიცებული, საქართველო და სომხეთი საგონებელში ჩააგდეს. ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი რეალური პოლიტიკის წინააღმდეგაა გადადგმული და [ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ თურქეთის აღმოსავლეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ თანდათანობით გააქტიურდეს და განხილულ იქნეს ის საკითხები, რომლებიც დღემდე არავის არ დაუყენებია დღის წესრიგში. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ეშმაკურ სვლასთან, რომელიც იწყება იდეით „რატომაც არა“ და შეუძლია კავკასიაში თურქეთის [და დასავლეთის] საწინააღმდეგოდ მძაფრი ნაციონალისტური და ექსპანსიონისტური განწყობები ჩამოაყალიბოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სწორედ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთში მოქმედი სომხური დიასპორა ამ ნაბიჯებს მხარს უჭერს. რატომღაც ახლა დაიწყეს სომხურმა გაზეთებმა „ორიზონმა“, „ასბარეზმა“ და სხვებმა შესაბამისი სტატიების ბეჭდვა. მაგალითად, ერთ-ერთი ავტორი უეინ მედსენი თავის სტატიაში წერს, რომ თურქეთი მზადაა ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები შექმნას, სომხეთი ხაფანგში მოაქციოს და ამით რუსეთის ინტერესებს დარტყმა მიაყენოს. ავტორი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ნაბიჯებითა და ინიციატივებით თურქეთი ცდილობს რადიკალური ისლამის გავრცელებას ქრისტიანობის წინააღმდეგ. იგი ამბობს, რომ თურქეთის ასეთ პოლიტიკას კავკასიაში რელიგიური ომის გამოწვევა შეუძლია. კიდევ ერთ პუბლიკაციაში გამოხატულია რუსეთში არსებული ჯავახკთა სომხური დიასპორის მოწოდება სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები თურქეთის წინააღმდეგ.
არის ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორი კრიზისული სიტუაციის შექმნა შეუძლიათ ამ ცრუ და სინამდვილისგან შორს მდგარ პუბლიკაციებს. მიზანიც რომ არ იქნეს მიღწეული, ისეთი დიდი შიშის ატმოსფეროს ქმნის, რომ ბევრ ქვეყანას სრულიად ეყოფოდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ძალის დემონსტრაციასთან ერთად ასეთი პუბლიკაციები მთელს მსოფლიოში ვრცელდება. ადამიანთა ცნობიერებაში გაჩენილი კითხვები კი გავლენას ახდენს სახელმწიფოთა პოლიტიკის ფორმირებაზე. ალბათ, გამორიცხული არაა, რომ ჩვენ მალე მოვახდენთ რუსეთის მიმართ კავკასიის სახელმწიფოთა კეთილგანწყობის სიგნალების კონსტატირებას.
საჭიროა ყურადღებით ვადევნოთ თვალი პროცესებს. აზერბაიჯანი ნავთობზე ფასების მკვეთრი დაკლების გამო მზადაა სამხედრო ბიუჯეტი შეამციროს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთის გავლენის დაძლევაში ეხმარება, თბილისი ნატოს მოუწოდებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს და იმავდროულად ცდილობს რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა გააფართოოს. ანკარა რეგიონის მიმართ ფრთხილად უნდა იყოს: [კავკასიაში] გრძელვადიანი გეგმები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. კომპიუტერული თამაშების სტრატეგიის დასაწყისშიც კი ჩანს, თუ სადამდე მიყვანა შეუძლია ამგვარ სვლებს.
«Радио SPUTNIK-Грузия - რადიო სპუტნიკი-საქართველო» (რუსეთი), 20 თებერვალი, 2016
http://sputnik-georgia.ru/analytics/20160219/230273554.html
რუსეთ-თურქეთის კონფრონტაცია: კავკასიური განზომილება
სერგეი მარკედონოვი,
რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის კათედრის დოცენტი
(შემოკლებით)
ამჟამად პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ყურადღების ფოკუსში სირიის საკითხებში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება აღმოჩნდა, თუმცა მოსკოვ-ანკარის წინააღმდეგობა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონით არ ამოიწურება: ორი სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს კვეთს ყირიმში, კვიპროსზე, კავკასიაში… თურქეთის პრემიერ-მინისტრი ხშირად აცხადებს, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, რომ რუსეთმა სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოს და სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიაო და ამიტომაც, აჰმედ დავუთოღლუს აზრით, აუცილებელია მოსკოვის პოლიტიკას ერთობლივი ძალით გავუწიოთ წინააღმდეგობაო. ეჭვი არაა, რომ ამ კონტექსტში ანკარას აზერბაიჯანის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი აქვს.
თურქეთი და კავკასია
თურქეთის ინტერესი კავკასიისადმი რამდენიმე საბაზო ფაქტორებით განისაზღვრება.
პირველი: მას მყარი კავშირები აქვს თურქულენოვან აზერბაიჯანთან, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჯერ კიდევ 1991 წლის 9 დეკემბერს აღიარა, ანუ ბელოვეჟსკში ხელმოწერილი შეთანხმებიდან მეორე დღეს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ორი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ. თურქეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს სომხეთის ქმედებებს მთიან ყარაბაღში. ასე მაგალითად, გასული წლის 4 დეკემბერს აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ „მთიან ყარაბაღში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და იქ მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია სრულად განთავისუფლდეს აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწები“. ეს ორი ქვეყანა სხვადასხვა ენერგოპროექტებში არიან ჩართულები, რომლებსაც ამერიკაში „ენერგეტიკულ პლურალიზმად“ აფასებენ და რამაც უნდა შეასუსტოს რუსეთის ნედლეულზე დამოკიდებულება.
მეორე: საერთო ინტერესები აკავშირებთ საქართველოსა და თურქეთსაც. ოფიციალური თბილისი ნატოსკენ ისწრაფვის, და ეს მაშინ, როცა ანკარისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავისი რეგიონული ამბიციები ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მხარდაჭერას მიაბას. ამ ორ ქვეყანას ასევე აერთიანებს ენერგეტიკული პლურალიზმი.
მესამე: ყველაზე პრობლემური საკითხი თურქეთის საგრეო პოლიტიკისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში - ეს სომხეთია. ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში ეს ორი მხარე არაერთხელ შეეცადა, მოეწესრიგებინათ ურთიერთობები, მაგრამ ხილულ წარმატებებს ვერც ერთხელ მიაღწიეს. მათ კვლავინდებურად არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. კვლავინდებურად გადაუხდელია წარსულის ვალები - 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები დღემდე სასტიკად აპირისპირებს სომხეთსა და თურქეთს. ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს მოსკოვისა და კიევის სტრატეგიული პარტნიორობა. სომხეთი რუსეთთან ერთად შედის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ხოლო რუსეთის 102–ე სამხედრო ბაზა გიუმრიში სწორედ თურქეთთან საზღვრის სიახლოვესაა დისლოცირებული.
დაბოლოს, მეოთხე: თურქეთისთვის კავკასიური ფაქტორი შიდა პოლიტიკის კიდევ ერთი სიუჟეტია. თურქი ექსპერტის, ოქთაი თანრისივერის თქმით, „თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 10% ეთნიკურ საწყისს კავკასიაში იღებს“. დღეისათვის ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოსულების რაოდენობა თურქეთში დაახლოებით 3–5 მლნ ადამიანია, აზერბაიჯანელებისა - 3 მლნ, ქართველებისა - 2–3 მლნ. მრავალი მათგანი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ თუ ლობისტურ საქმიანობაში. და მიუხედავად, რომ ისინი ხშირად განსხვავდებიან პოლიტიკური შეხედულებებითა და ინტერესებით, თურქეთის ნებისმიერი ხელისუფლება გაუწევს მათ ანგარიშს საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებისას.
თურქეთი, კავკასიის ქვეყნები და რუსეთი
რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები კავკასიის მიმართულებით ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კიდეც ეცემოდა და კიდეც აღმასვლას განიცდიდა. იყო მკვეთრი დაპირისპირებაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შეიარაღებული ფაზისას და ჩეჩნეთში პირველი რუსული კამპანისას. კომპრომისები და ახალი სტატუს–კვო კი ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით 2000–იანების დასაწყისში, ხოლო ზოგადად კავკასიის მიმართულებით - 2008 წლის შემდეგ შეინიშნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მოსკოვსა და ანკარას განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თურქეთი ამ საკითხებით არ პედალირებდა. მაგრამ „სირიის ბზარმა“ რუსეთისა და თურქეთის კონფრონტაცია გაააქტიურა და პოტენციური საფრთხის რისკი წარმოშვა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც.
დღეს მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი კონფიგურაციის(ღერძის) ჩამოყალიბების თაობაზე: ანკარა–ბაქო–თბილისი. და მართლაც, კავკასიის ორ ქვეყანასა და თურქეთს ბევრი რამ აერთიანებთ. თუმცა ბევრი არ ნიშნავს ყველაფერს. „ჩვენი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც თურქეთთან, ისე რუსეთთან, და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორივე ქვეყანასთან კავშირებს“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა. გამოცდილი დიპლომატის აკურატული ფორმულირების მიღმა იმალება ბაქოს სურვილი, არ აღმოჩნდეს ჩათრეული რუსეთთან მასშტაბურ კონფრონტაციაში.
თუ თურქეთი „არაბული გაზაფხულის“ პირველივე დღეებიდან ხედავდა თავისთვის გეოპოლიტიკური კაპიტალიზაციისა და ამ რეგიონსა და ზოგადად, საერთაშორისო საქმეებში დამოუკიდებელი როლის გაზრდის შანსს, აზერბაიჯანი პირიქით, უფრთხოდა (და ახლაც უფრთხის) არასტაბილურობის ექსპორტსა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ახლოაღმოსავლური სცენარის გამეორებას.
ყველაფერი ასე მარტივად არ არის საქართველოს შემთხვევაში. ქართველი პოლიტიკოსები უკიდურესად არიდებენ თავს მეზობელ სომხეთთან კონფრონტაციას, რაც მდგრადი რეგიონული „ღერძის“ ჩამოყალიბების შემთხვევაში გამორიცხული არ არის. და არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური, არამედ შიდაპოლიტიკური რეზონების გამოც (სამცხე–ჯავახეთში მრავალრიცხოვანი სომხური თემი არსებობს).
კულუარებში ბევრი გავლენიანი ექსპერტი გამოთქვამს უკმაყოფილებას ქვეყანაში თურქული და აზერბაიჯანული ბიზნესის ცალმხრივი გაძლიერების გამო (რაც თბილისს ზედმეტად დამოკიდებულს ხდის ანკარასა და ბაქოზე), და ამ მიზეზით მზად არიან რუსეთთან ურთიერთობები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაუჭრელი პრობლემების მიუხედავადაც კი, დაარეგულირონ. რაღა თქმა უნდა, კავკასიური გეოპოლიტიკა ვაკუუმში არ არის მოქცეული და ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ნებისმიერ ცვლას შეუძლია კავკასიაში ნებისმიერ მოთამაშეს შეუქმნას ილუზია, რომ სტატუს–კვოს თავის სასარგებლოდ მარტივად შეცვლის.
გამომდინარე აქედან, წარმოუდგენლად მეჩვენება ამ რეგიონში მოვლენების დინებაზე მიშვება. მიუხედავად ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების არსებობისა, აუცილებელია დიპლომატიური კონტაქტების გაძლიერება კავკასიის ყველა ქვეყანასთან და თურქეთის ქმედებების მიმართ უფრო მეტად ნიუანსირებული პოზიციის ჩამოყალიბება. ეს დამატებითი რისკების შეჩერებისა და საბოლოო ჯამში, არსებული სტატუს–კვოს შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემდა უკეთეს დრომდე.
«Зеркало недели» (უკრაინა), 20 თებერვალი, 2016 წელი
http://gazeta.zn.ua/internal/nalet-beloy-tamozhni-_.html
„თეთრი“ საბაჟოს რუხი ნადები
როგორ მუშაობს ოდესის საბაჟო ქართული გუნდის ხელმძღვანელობით?
ნინა პერსტნევა
(შემოკლებით)
უკრაინის მთავრობას განზრახული აქვს ოთხი საბაჟოს მართვის მიზნით უცხოელი სპეციალისტები მიიწვიოს, რათა დემონტრირებულ იქნეს მომსახურების მაღალი სტანდარტები ყოველგვარი ქრთამისა და კორუფციის გარეშე. მაგრამ გამოასწორებენ კი ასეთი ექსპერიმენტები სიტუაციას ამ ქრონიკულად ავადმყოფ და ღრმად კორუმპირებულ სფეროში?
ნაწილობრივ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცა ოდესის საბაჟომ, რომელსაც ქართველი რეფორმატორების გუნდი მართავს. აპრილში დაგეგმილია ელექტრონული საბაჟოს პროექტის გაშვება და რა შედეგი მოჰყვება ამას, მოგვიანებით ვნახავთ. ჯერ-ჯერობით კი მიხეილ სააკაშვილის გუნდი განბაჟების პროცესებს „ხელით მართვის“ რეჟიმში აწარმოებს, აქ უკვე მოქმედებს ქართული დროებითი სტანდარტები, რომელიც ძალიან შორს დგას ევროპულისაგან. როგორც ოდესაში ხუმრობენ, ახლა ნავსადგურში ბებერი ოდესელი ებრაელის ნაცვლად ახალი უკრაინელი ქართველი ზის და წყვეტს, თუ რომელი ტვირთი რა ფასად გააფორმოს. მართალია, თვითონ სასყიდელს (ქრთამს) არ იღებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება: უბედურება იმაშია, რომ ბიზნესს როგორც ადრე „ბერტყავდნენ“, ახლაც ისე „ბერტყავენ“. განსხვავება იმაშია, რომ ვ.იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში „ჩამობერტყილი“ ფულები ჩინოვნიკთა ჯიბეში მიდიოდა, ახლა კი ბიუჯეტში. თუმცა „შუბლში მოარტყამ თუ შუბლზე დაარტყამ“ – განა ამით რაიმე იცვლება ბიზნესმენისთვის?
რაც შეეხება იმას – „იღებს თუ არ იღებს ქრთამს“, ეს კითხვა რიტორიკულია. მთელი მარილი იმაშია, რომ სიებით განბაჟება, ზარები, უფროსობის ვიზიტები (მართვის სწორედ ასეთი ბერკეტებით სარგებლობენ ოდესის საბჟოში) სრულიადაც არ გამორიცხავს ძველი კორუფციული სქემების უარყოფას და ახლის გამოჩენას.
რასაკვირველია, უნდა მივესალმოთ ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევას საბაჟოში კონტრაბანდის აღკვეთისა და წესრიგის დამხარების მიზნით. იულია მარუშევსკაიას დანიშვნისა და ქართული გუნდის მისვლის შემდეგ ბევრი ის პრობლემა მოგვარდა, რომლებიც წლების განმავლობაში არ წყდებოდა: შემცირდა უსაფუძვლო შემოწმება-დათვალიერებები, საბაჟოს ძალოვან უწყებათა წარმომადგენლები ჩამოაშორეს, გუბერნატორის თანდასწრებით საჯაროდ იქნა პირობა დადებული, რომ სატრანზიტო კონტეინერები არ შემოწმდებოდა და ძველებურად „ბიზნესი არ მოიწველებოდა“.
მაგრამ არ შეიძლება წესრიგი უკანონო მეთოდებით დაამყარო, გინდაც ეს მეთოდები დროებითი იყოს. ასეთი მეთოდები სიცოცხლემოკლებულია. მით უმეტეს, რომ ქართული გუნდის მიერ გამოყენებული მართვის უკანონო ინსტრუმენტებით ძალიან ხშირად პრობლემები კი არ წყდება, არამედ ჩიხში შედის.
ამას წინათ ოდესის საბაჟოში ტვირთების გაფორმების პროცესი სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მთავარ სამმართველოსთან შექმნილ საზოგადოებრივ საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ზემოთ ხსენებული ანეკდოტი „ახალ ქართველებზე“, სამწუხაროდ, მკაცრი რეალობა აღმოჩნდა. აი, თვითმხილველთა ნაამბობი: „როგორც წესი, განბაჟების პროცესს ქართული გუნდის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, რომელიც ნავსადგურში იმყოფება. როცა იგი არ არის, პროცედურა შეჩერებულია, თუმცა საბაჟოს, წესის თანახმად, 24-საათიანი მუშაობის რეჟიმი აქვს. ინსპექტორები თავს იმართლებენ: „ჩვენ ტვირთის ფასები არ ვიცით, არ მოუციათ“ და რაღაც ამდაგავრები. არადა, ტვირთის ფასს წინასწარ როგორ დაადგენ? აი, კიდევ: ხშირად განბაჟების საკითხები სატელეფონო ზარებით წყდება, ან წერილობითი დავალებით, რომელსაც არც ხელმოწერა არ აქვს და არც თარიღი. მაგალითად, ასე: საბაჟოს ხელმძღვანელი ღებულობს „ეს-ემ-ეს“-ს და ის წყვეტს, მისცეს თუ არა ტვირთის გაფორმების ნებართვა. ხშირად ხდება, რომ ინსპექტორი ამბობს ქართული გუნდის წარმომადგენლის სახელს (თანამდებობები ქართველებს არ აქვთ) და საკითხის გასარკვევად გაიდარის ქუჩაზე გაგზავნით, სადაც ოდესის საბაჟოს მთავარი სამმართველო მდებარეობს“. საბოლოო ჯამში განბაჟების პროცესს თან ახლავს ნერვიულობა, რამდენიმედღიანი მოცდენა, რაც ბიზნესისათვის წამგებიანია, მაგრამ ეს ყველას არ ეხება… საქმე იმაშია, რომ ქართულმა გუნდმა, რისკების მინიმიზაციის მიზნით, შეადგინა იმპორტიორი კომპანიებისა და ქვეყნების „თეთრი“ სია, რომლებიც ტვირთების გაფორმებას გაიოლებული პროცედურით ახდენენ, მწარმოებელი ქვეყნის აღმნიშვნელი სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე. „თეთრ“ სიაში დღეისათვის 35 ქვეყანაა შეტანილი, ოდესის საბაჟო კი, დავაზუსტოთ, 117 ქვეყნის ტვირთების განბაჟებას ახდენს. აღნიშნულ სიაში შეტანილი არაა თურქეთი და ჩინეთი, რომლებიც ფართო მოხმარების საქონლის ყველაზე დიდი მიმწოდებლები არიან. ცხადია, ამ ფაქტმა ბიზნესმენთა და თურქული მხარის გაკვირვება გამოიწვია. თურქეთის სავაჭრო ატაშე შეხვდა იულია მარუშევსკაიას, მოლაპარაკებამ თითოსდა იმედიანად ჩაიარა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. უფრო მეტიც – ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება დროებით, სანამ ელექტრონულ საბაჟოს არ გავუშვებთ, უარი ვთქვათ თურქეთისა და ჩინეთის ტვირთების გაფორმებაზე, რადგანაც დეკლარაციაში მითითებული ფასების ასპროცენტიანი დადასტურება შეუძლებელიაო.
ცხადია, განბაჟების პროცესის „ხელით მართვა და იპორტიორი კომპანიების სიები უსაფრთხო არ არის. როგორც კი 90 „კეთილშობილი“ კომპანიის ჩამონათვალი გამოქვეყნდა, მას „ქვემოქმედთა“ სია უწოდეს. საქმე იმაშია, რომ მათთვის განბაჟების გაიოლებული პროცედურის სანაცვლოდ ისინი „ოდესის სიკეთის“ ფონდს მნიშვნელოვან თანხებს წირავენ (სხვათა შორის, ამ ფონდის სახსრებს მიხეილ სააკაშვილის გუნდი აქტიურად ხარჯავს). ამჟამად ოფიციალურად მხოლოდ 5 მილიონი გრივნის შენაწირებია გამოქვეყნებული, მაგრამ სად წავიდა სხვა თანხა, უცნობია. მას შემდეგ, რაც „ოდესის სიკეთის“ ფონდს სათავეში საქართველოს ყოფილი კონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე ჩაუდგა, ფულადი სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიღება ძალზე პრობლემატური გახდა“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ოდესის საბაჟოს საქმიანობაა გაანალიზებული.