«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 03 იანვარი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20150103-kakim-stanet-2015-god-dlya-gruzii/
როგორი იქნება 2015 წელი საქართველოსთვის?
გიორგი ლებანიძე, რადიოჟურნალისტი
(შემოკლებით)
საქართველო ახალ წელს ძველი პრობლემებით შეხვდა, რომელთაგან უმთავრესი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აშკარაა, რომ არც 2015 წელს არ მოგვარდება. ამასთან, ახალი პრობლემებიც ჩნდება: პირველ რიგში – შიდაპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი გაძლიერება, ელიტების უსასრულო დაპირისპირება, პოლიტიკური ინტრიგები და დაყოვნებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს: ისინი ხომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნებისაგან“ „სასწაულს“ ელოდებოდნენ.
ძველმა წელმა თავისი „სიცოცხლის მიწურულს“ ქართველებს პარლამენტში მომხდარი დეპუტატთა მასობრივი ჩხუბითაც დაამახსოვრა, როცა „ნაციონალები“და „მეოცნებეები“ ერთმანეთს დაერივნენ. საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტელევიზიებმა რამდენჯერმე აჩვენეს ის ვიდეოკადრები, სადაც ხალხის რჩეულები სკამებზე დარბიან, ერთმანეთს მუშტებს უბაგუნებენ და მიკროფონებს ესვრიან…
პარლამენტში მომხდარ ჩხუბში დაუწრებლად თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში ქვეყნიდან ფაქტიური გაქცევის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ეჭვი არაა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიოციას შორის არსებულ დაპირისპირების სიღრმული მიზეზი ძველებურად ექს-პრეზიდენტის, დღეს კი ოპოზიციის ლიდერის ბედი რჩება. მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალ“ თანმამოაზრეებს მშვენივრად ესმით: მათი მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ექს-პრეზიდენტი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან მისი ტოლფასი შემცვლელი, უბრალოდ, არავინ არაა.
მაგრამ საქართველოს პროკურატურამ რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და მას ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა წაუყენა? პროკურატურის თხოვნით რომ ინტერპოლმა იგი „წითელი ცირკულიარით“ ძებნილთა სიაში უნდა შეიტანოს? თუმცა, აშკრაა, რომ ინტერპოლი საქართველოს პროკურატურისადმი პასუხს აშკარად აგვიანებს, მიხეილ სააკაშვილს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ, დადის და არც დაჭერა-დაკავებისა ეშინია და არც ექსტრადირების საფრთხე ადარდებს.
ახალ 2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, ქალაქის მთავარ მოედანზე – „თაიმს-სკვერზე“ შეხვდა, შემდეგ კი ფეისბუქში თავისი ფოტოსურათი გამოქვეყნდა და ყველას ახალი წელი მიულოცა. საქარღთველოში ამით არავის გაკვირვებულა: ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტი ხელიდან არ უშვებს ისეთ შემთხვევას, რომ მმართველ კოალიციას გაახსენოს – „თქვენ დროებით ხარ საქართველოში ხელისუფლებაში მოსულებიო“ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილის მკვეთრ დემონტრირებას ახდენს, თან მიანიშნებს, რომ „ყველას მკაცრად დასჯის, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი“.
ეს კიდევ არაფერი: მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენა გახდა ექს-პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებული საახალწლო მილოცვა… საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისაგან, რომელიც სააკაშვილს „ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებით მინიჭებულ ბედნიერებას“ უსურვებს. აქვე შევნიშნავთ, რომ მილოცვა პატრიარქისაგან, რომელიც ქვეყანაში აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს, გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან მისი უწმინდესობა ყოველთვის „ყველანაირ პარტიული დაპირისპირებაზე მაღლა მდგომ“ უპარტიო საერთოეროვნული ლიდერის როლში გამოდიოდა. მით უმეტეს, რომ ილია მეორემ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობს, წარმატებები ყველა საქმეში კი არ აუსურვა, არამედ მხოლოდ „ღვთის სათნო საქმეთა აღსრულებაში“.
ნამდვილი სენსაცია კი ის მილოცვა გახდა, რომელიც ექს-პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გაუგზავნა: „დაე, ახალ წელს წარმატებები მოეტანოს თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მთელი საქართველოსათვის“, – ნათქვამია სპიკერის მილოცვაში, თვითონ სპიკერი კი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია, რომელიც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედის. სხვათა შორის, დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წარდგინებით აირჩიეს.
გამოდის, რომ მმართველი კოალიცია ერთი ხელით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს ხსნის, მას „დამნაშავეს“ და „რეციდივისტს“ უწოდებს, ინტერპოლით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს, მეორე ხელით კი მილოცვას უწერს და წარმატებებს უსურვებს. დასავლეთევროპულ ქვეყნებში, სადაც ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტებია და მაღალი პოლიტიკური კულტურაა, ასეთი მილოცვას ყურადღებას ნაკლებად მიაქცევდნენ, საქართველოში კი ამ ფაქტმა სკანდალი გამოიწვია. ბევრმა მასში კოალიციაში გაჩენილი ბზარების გაფართოება დაინახა. უფრო მეტიც – „რესპუბლიკელებმა“ ამას წინათ კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით თავიანთი „ავტონომიურობა“ გამოაცხადეს და აღნიშნეს ამიერიდან საშინაო და საგარეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ მათ შეუძლიათ ისეთი პოზიცია გამოხატონ, რომელიც შესაძლოა კოალიციას არ ეთანხმებოდეს. ამრიგად, „რესპუბლიკელთა“ საახალწლო მილოცვა ექს-პრეზიდენტისადმი კოალიციაში შემდგომი განხეთქილების გაღრმავების მომასწავებელი გახდა. არადა, „ქართული ოცნება“ ისედაც დასუსტებული იყო კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლით, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიას მეთაურობით.
ქართული ელიტების შიგნით მზარდი დაძაბულობის კიდევ ერთი მაჩვენებლი გახდა საახალწლო მილოცვები ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქისაგან, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისაგან. უკვე მეორე წელია რაც საქართველოს მოსახლეობას, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, ახალ წელს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ულოცავს. ახლა კი ტელევიზიით პირველი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოვიდა, შემდეგ პრეზიდენტი და ბოლოს – პრემიერ-მინისტრი, რომლის გამოსვლა ყველაზე ხანგრძლივი და უხვსიტყვიანი იყო…
საყოველთაო აზრით, 2015 წელი შეიძლება „ქართული ოცნებისათვის“ გარდამტეხი აღმოჩნდეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ მმართველ კოალიციაზე მოსახლეობა დიდ იმედს ამყარებდა, თუმცა ბევრი რამ არ განხორციელდა. ხელისუფლებისათვის მთავარ გამოცდად კვლავ ეკონომიკის სფერო რჩება.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ უკეთესობას სწორედ 2015 წელს იგრძნობდნენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ახლად დაწყებული წელი შეიძლება საკმაოდ პესიმისტურ ნოტაზე დასრულდეს. თუმცა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ: იგი ან აუცილებლად შეასრულებს დაპირებას, ან უკიდურეს შეთხვევაში, თვითონ დაბრუნდება ხელისუფლებაშიო.
«ТВ 24» (უკრაინა), 4 იანვარი, 2015 წელი
თერთმეტი წლის წინათ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს
უკრაინის მასმედია 2015 წელსაც აგრძელებს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ მასალების გამოქვეყნებას. ასე, მაგალითად, ტელეკომპანია „24“-მა რუბრიკით „ისტორიული დღე“ ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი 2004 წლის 4 იანვარს საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის არჩევის შესახებ:
„საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის არჩევა „ვარდების რევოლუციის“ – 2003 წლის ნოემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით გამოწვეული სახალხო მღელვარების – ლოგიკური დასასრული გახდა. ქართველთა უკმაყოფილების მიზეზები უმთავრესად პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის უსუსურობაში მდგომარეობდა: მან ვერ შეძლო მოეგვარებინა ორი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა. გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საქართველოს ფაქტიურად 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა, უარს ამბობდა რეფორმების გატარებაზე. უკანასკნელი წვეთი, რომელმაც მოსახლეობის მოთმინების ფიალა აავსო, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბება გახდა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი იყო, თავის მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობაში შეიჭრა და დაიკავა. მათ ხელში ვარდები ეჭირათ, რომლის სახელიც მოგვიანებით ამ მშვიდობიან რევოლუციას ეწოდა. ედუარდ შევარდნაძეს სხვა არაფერი დარჩენოდა: იგი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან წავიდა. სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელ არჩევნებში დამაჯარებელი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა უპრეცედენტო რეფორმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. ძალიან მოკლე დროში მიხეილ სააკაშვილმა შეძლო კორუფციის დამარცხება ძალოვან სტრუქტურებში, გააუმჯობესა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ამასთან, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მარცხიანი ომისა და რიგი საგარეოპოლიტიკურმა შეცდომების გამო მიხეილ სააკაშვილი 2013 წლისათვის უმცირესობაში დარჩა და იძულებული გახდა ხელისუფლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვის გადაეცა“.
«Ноев ковчег» (რუსეთი), №01, 1-15 იანვარი, 2015 წელი
http://noev-kovcheg.ru/mag/2015-01/4877.html
ერთი ოცნების ისტორია
ვადიმ დუბნოვი
(შემოკლებით)
საქართველოს მმართველი კოალიციის დაშლის სენსაციურობა მხოლოდ ერთ მომენტში მდგომარეობს: ის იმ დროს მოხდა, როცა მის გარდაუვალ მოლოდინში ყველა დაღლილი იყო. საერთოდ, „ქართული ოცნების“ დაშლის მიზეზები უფრო ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ის მოტივები, რის საფუძველზეც ეს პოლიტიკური კოალიცია შეიქმნა.
კოალიცია ისე ჩამოყალიბდა, როგორც ყოველი ნორმალური სახალხო ფრონტი ყალიბდება ხოლმე, ანუ ოპოზიციიური პარტიებისაგან შეკრებილი ძალა იმ რეჟიმის დასაძლევად, რომლის დაძლევა ჩვეულებრივი დემოკრატიული არჩევნების დროს საკმაოდ რთულია. სახალხო ფრონტის სიცოცხლე ხანგრძლივი არ არის – მისი ვარსკვლავური საათი რეჟიმის დამარცხება და ქუჩაში გამოსულთა სიხარულია, შემდეგ კი ყველა თავისი პარტიული ინტერესების გზით მშვიდად მიდის ხელისუფლების ორგანოებში. კლასიკური სტანდარტით ეს ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ წასვლა-წამოსვლები ჭიანურდება (გარკვეული ინტერესების გამო), ან სკანდალების თანხლებით ხდება. „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების ჩამომგდების როლის შემსრულებელი კი დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი.
ოპოზიციის რიგებში „ქართული ოცნების“ მთავრობის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ იმ დროს აღმოჩნდა, როცა თვითონ ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამდა თავის პოლიტიკურ ნეიტრალურობას, ერთპიროვნულად მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი სულ სხვა ადამიანებმა დაამხეს… ერთ ცალკე აღებულ ქალაქში – თბილისში.
იმ დროს დედაქალაქში პროცესები მართლაც საკამოდ კომიკურად წარიმართა: მოულოდნელად პოპულარულ პიროვნებად ქცეულ ლევან გაჩეჩილაძეს თბილისელები მეტსახელ „გრეჩიხად“ იცნობდნენ – იმ მარცვლეულის საპატივსაცემოდ, რომლის გაყიდვით მან პირველი კაპიტალი დააგროვა. „გრეჩიხის“, ნინო ბურჯანაძისა და სალომე ზურაბიშვილის ფონზე ირაკლი ალასანია გმირად მოჩანდა: ეს პოლიტიკური ტრიბუნა თითქოს მისთვის იყო შექმნილი. იგი საქართველოს მოსახლეობას მაღალი პოლიტიკური რესპექტაბელურობის გამომხატველ ადამიანად წარუდგა. ირაკლი ალსანია, 2000-იანი წლების ქართული პოლიტიკური ცისკაბადონის ვარსკვლავი, 28 წლისა უკვე სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 30 წლისას მას მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრად ნიშნავს, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, 32 წლის ასაკში ირაკლი ალასანიას უკვე ნიუ-იორკში, გაეროში საქართველოს წარმომადგენლად ვხედავთ…
ირაკლი ალასანია ქართული პოლიციის პოლკოვნიკის მამია ალასანიას ვაჟია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მამია ალასანია აფხაზებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, ირაკლი ალასანია, ალბათ, ერთაერთი ქართველი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც აფხაზები პატივისცემით ეპყრობოდნენ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. 2006 წელს ირაკლი ალასანია დროებით მიხეილ სააკშვილის თანაშემწეც იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ირაკლის ბრწყინვალე კარიერა მიშასათვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა, ამიტომაც „გადაასახლესო“ იგი ნიუ-იორკში…
ეს ვერსია ძალიან დამაჯერებელი არ არის, განსაკუთრებით „გადასახლების“ ნაწილში. აშშ-ის მეგაპოლისში, ნიუ-იორკში ყოფნისას ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა ყოველდღიურად იზრდებოდა. გარდა ამისა, იგი განაგრძობდა თბილისში, სოხუმში და მოსკოვში სტუმრობას ამერიკელებთან ერთად. ირაკლი ალასანია თბილისში დიდხანს არ რჩებოდა ხოლმე. ეჭვიან პატრონთან განშორების წუთი ახლოვდებოდა… და აი, 2009 წელს, აბობოქრებული რუსთაველის გამზირი თბილისში თავის გმირს ელოდება. გმირიც გამოჩნდა, მაგრამ… თავის გმირობას არაფრით ადასტურებს: ირაკლი ალასანია ტრიბუნაზე დგას, რუსთაველის გამზირს თავისი ყოფნით განასახირებს და… მეტი არაფერი. მისგან იმის დასტურს ელოდებიან, რომ ტყუილად არ ელოდნენ, რომ მისი რეიტინგი ტყუილად არ აჭარბებს პრეზიდენტის რეიტინგს, მაგრამ ირაკლი ალასანია დუმს – მას თითქოს არ სურს იმ ადამიანად წარმოჩენა, რომლისგანაც ხალხი სასწაულს ელოდება. ირაკლი ალასანია ასეთად დარჩება მოგვიანებითაც: იგი თითქოსდა იმ დროს ელოდება, როცა სულ უფრო მზარდი უფერულობის ფონზე მისი სახე სულ უფრო მკვეთრად ნათელი ფერით გამოჩნდება. მას მეტი არაფერი უნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ესეც საკმარისი იყო.
„ქართულ ოცნებაში“ ორი კომპონენეტისაგან შედგებოდა: მათგან, ვისაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდა და იმათგან, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უპირველესად არ მოსწონდა იმ არასრულფასოვნად გატარებული რეფორმების გამო, რომელთა გამოც თვით რეფორმატორობის იდეის კომპრომეტირება მოხდა. მეორე კომპონენტს დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკელები“ და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ მიეკუთვნებოდნენ: მათ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი თანამდებობები უბოძა, რომლებიც მსოფლიოსათვის რეფორმატორული კურსის გამგრძელებლებად მიიჩნეოდა.
და, რასაკვირველია, კოალიციის დაშლა შეიძლება ამითაც აიხსნას: პროდასავლური კურსი საბოლოოდ პროჩრდილოურს დაუპირისპირდა, რომელიც პრინციპში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იმ ეტაპზე მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო.
ნაწილობრივ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც ეს თეზისი მიზეზად კი არა, შედეგად ითვლება.
კოალიციის შიგნით არსებული კონფლიქტის წარმოჩენა სუბიექტთა პოლიტიკურ კურსებს შორის არსებულ კონფლიქტად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერებს საერთოდ არ აქვთ არანაირი კურსი. და თუ დაშლა ირაკლი ალასანიათი დაიწყო, აქ იდეოლოგიური შეუსაბამობის მიზეზი ნაკლებად ჩანს. ირაკლი ალასანია რესპუბლიკელებთან არ გაერთიანებულა: მიზეზი იმაშია, რომ მას შეეშინდა მეტ-ნაკლებად მტკიცე იდეური პოზიციონერობისა, რომელიც თავისი ლიბერალური შესრულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში სიკეთეს ვერავის მოუტანს. შესაძლოა, ამ მიმართებით ირაკლი ალასანიამ კარგად ვერ გათვალა. მისი რეიტინგი ხომ ისეთია, რომელიც მითისაგან წარმოქმნილი, უფრო უნდა გადაარჩინო, ვიდრე უნდა გაზარდო. ჰოდა, აგერ უკვე ხუთი წელია ირაკლიც ცდილობდა მის გადარჩენას, თანაც საკმაოდ წარმატებით. უცნობია, რის გადარჩენა მოხერხდებოდა, ირაკლი რომ „რესპუბლიკელებთან“ გაერთიანებულიყო…
ამის შედეგად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ჭეშმარიტად დიალექტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მან ისეთი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ არსებობას უზრუნველყოფდა, უიდეო „ოცნებასთან“ ერთად ყოფნით კი შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო; მეორე მხრივ, ირაკლი ალასნია დამოუკიდებლობის სურვილს მაინც და მაინც არ ამჟღავნებდა იმ დროსაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილი მაას დამცინავი ტონით ესაუბრებოდა, ანუ ეს მომენტი არ შეიძლებოდა განხეთქილების მიზეზი ყოფილიყო.
ახლა კი განხეთქილების მიზეზი გახდა, რასაც დიალექტიკური პოსტულატი ადასტურებს – „რაოდენობრიობის გადასვლა ხარისხობრიობაში“. მივიღეთ ნორმალური პოლიტიკური პროცესი, როგორც წესი, განსაკუთრებით ჩვენს პირობებში: ეს უფრო მეტად ამბიციათა ბრძოლაა, ვიდრე იდეებისა. მაგრამ რადგანაც ჩვენს განედებში ხშირად ხდება ხოლმე, ამბიციები არაორაზროვნად უნდა გამომჟღავნდეს ნამდვილ იდეურ ფრონტის ხაზზე.
დიდი ხანია უკვე მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნებისათვის“ უიდეობა პრინციპული პოზიციაა. ყველაფერი ძალიან უბრალო და მარტივია: არავითარი ნაბიჯი წინ – იმ იმედით, რომ ეს ქვეყანას უკან დაბრუნებისგან გადაარჩენს. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან წინსვლას არც ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საქმეთაგან ბევრი საკმაოდ კონსტრუქციულად შეაფასა. მთავარი მეოცნების პოლიტიკური კრედოს არსი ხომ ის იყო, რომ ათი წლის განმავლობაში დაგროვილი აეთვისებინა, განვითარება კი ინერციით მოხდებოდა, რათა არავინ გაღიზიანებულიყო – არც რეფორმების მომხრეები და არც ეროვნული ტრადიციების მხარდამჭერნი.
მაგრამ ერთ ადგილზე დგომა ჩვენს ეპოქაში პოზიციების დათმობას ნიშნავს, რაც, სხვათა შორის, საქართველოში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის წასვლამდე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა კი „ერთ ადგილზე დგომის“ ინსტიტუალიზება მოახდინა და თითქმის ეროვნულ იდეად გამოაცხადა. ყველაფერი თითქოსდა წინსვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა: სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში რაღაცეებზე საუბრობდა თავის რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან, სამმაგად გაძვირებული ქართული ღვინო რუსეთის მაღაზიების თაროებზე დახვავდა და მყიდველს ელოდა (რატომღაც ეს საქართველოში რუსულ ბაზარზე გარღვევად შეფასდა), ხოლო ბრიუსელში ქართველი ხელმძღვანელები აგრძელებდნენ ევროპელების დარწმუნებას ევროატლანტიზმის იდეების ერთგულებაში. იმავდროულად გასაგები ხდებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების რესურსი იწურებოდა, რადგან არცერთი მხარე მეორისაგან რაიმე მნიშვნელოვან დათმობას არ ელოდა. თბილისმა დასავლეთთან ურთიერთობაშიც მიღწეულით დაკმაყოფილება გადაწყვიტა – „არცერთი ნაბიჯი წინ“, მაგრამ იმავდროულად „არცერთი ნაბიჯი უკან“.
მაგრამ, როგორც ვთქვით, გაჩერება ჩვენს ეპოქაში მიმდინარე ასეთ სიუჟეტებში არ ხდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, სადაც ყოველთვის რაღაც ხდება, მაგალითად – უკრაინაში, რომლის შედეგად რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში მკვიდრად დაბრუნების გეგმები მოხაზა, უპირველესად კი სომხეთში, რომელიც ჯერ-ჯერობით კარგად ვერ გარკვეულა, თუ რა ბონუსებს მიიღებს ევრაზიული ინტეგრაციის შედეგად… (…) სომხეთისაკენ სავალ გაზაზე კი საქართველოა. აშკარაა, რომ რუსეთს საქართველო დღეს მხოლოდ სომხური მიმართულების გამო აინტერესებს. რუსეთი აცხადებს, რომ ააშენებს ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზას, თუმცა საქართველოში ამ თემაზე დაწყებულ პოლემიკას სხვა თემა ცვლის – რკინიგზა რუსეთიდან სომხეთისაკენ, სოხუმისა და თბილისის გავლით. აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებაში მოსკოვი გასაკვირ დათმობებს იჩენს და ამით თითქოსდა თავისი სტრატეგიული პარტნიორის სუვერენიტეტს პატივს სცემს, მაგრამ კრემლს სინამდვილეში დამოიკიდებლობის პოეზია ნაკლებად აინტერესებს: მისთვის მთავარია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რუსეთს ტრანსკავკასიური რკინიგზის აღდგენა შეუძლია – მთლიანად თუ არა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინც.
შემდეგ – საქართველო, თუმცა იქ ბევრად რთული პრობლემებია. საქართველოს ხელისუფლების ნერვიული რეაქციების შედეგად თუ ვიმსჯელებთ, ამ თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები მიდიოდა, რაც სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა უნებლიედ დაადასტურა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჩემი სიტყვები სწორად არ იქნა გაგებულიო, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა თბილისის მზადყოფნის დრო დგება: ის უნდა გაერკვეს საკითხის მიმართ დამოკიდებულებაში, გაჩუმება უკვე შეუძლებელი ხდება. ამასთან, ბაქოს თბილისის [გასაჩუმებლად] განსაზღვრული ეკონომიკური არგუმენტები აქვს – ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, თუმცა რას მოიგებს საქართველო ამ ორი რკინიგზით, ეს ბურუსითაა მოცული.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: დღეს შექმნილი ვითარების დროს ამ საკითხებში პოზიციონირებას თბილისისთვის ღრმა და გლობალურად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ძალიან ბევრი მოთამაშე, დასავლეთის ჩათვლით, ამ არჩევანს სტრატეგიულად და განმსაზღვრელად მიიჩნევს. ვთქვათ და კოალიცია მმართველი აღარ იქნება, რა მოხდება შემდეგ? არჩევნებისათვის კოალიცია მზად არ არის. სხვათა შორის, არაფერი არ უშლის ხელს ირაკლი ალასანიას იმაში, რომ თქვას: სწორედ ამ არჩევანმა უბიძგა მას დემარშისაკენ – ისევე როგორც ყველა დაინტერესებულ პირს არაფერი არ უშლის ხელს მისი ნათქვამი დაიჯერონ.
«Новороссия TV» (უკრაინა//დონეცკი), 4 იანვარი, 2015 წელი
http://novorossiatv.com/publikacii/put-pravdy/04-01-15-put-pravdy-aleksandr-kofman.html
„სამხრეთ ოსეთის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ იზოლაცია საშინელებაა“
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტელეკომპანია „ნოვოროსიას“ ეთერში 4 იანვარს გადაიცა ანალიტიკური პროგრამა „სიმართლის გზა“, რომლის სტუდიაში „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ალექსანდრე კოფმანმა ისაუბრა. მან ტელემაყურებელს თავისი შთაბეჭდილება გაუზიარა ცხინვალში „ვიზიტის“ შესახებაც.
გთავაზობთ მინისტრის მოყოლილ ამბებს სამხრეთ ოსეთის თაობაზე (შემოკლებით):
„პოტენციურად ჩვენ სამხრეთ ოსეთზე უფრო ძლიერები ვართ, მათზე მდიდრები ვართ ბუნებრივი რესურსებითაც. სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად არაფერია, გარდა შთამბეჭდავი სილამაზის მქონე მთებისა და სუფთა ჰაერისა. ოსებს რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრე არ აქვთ. ჩვენ სამხრეთ ოსეთის მაგალითზე დავინახეთ, რომ იზოლაცია საშინელებაა. ცხინვალში რუსეთიდან მხოლოდ ერთადერთი გზით – როკის ხეობით თუ მოხვდები, რაც ძალზე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქციის იმპორტის თვალსაზრისით. რუსეთში მძიმედ ავადმყოფების გაყვანაც კი შეუძლებელი ხდება ხოლმე… თუმცა მოსახლეობა უკვე მიჩვეულია სიძნელეებს. იქაური ბიჭები მზად არიან საბრძოლველად და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე არც ფიქრობენ“.
«Eდმონტონ ჟოურნალ» (კანადა), 01 იანვარი, 2015 წელი
ჰტტპ://წწწ.ედმონტონჯოურნალ.ცომ/Oპინიონ+ჩოლდ+მაკინგ+იტსელფ+ფელტ/10694699/სტორყ.ჰტმლ
ახალი ცივი ომი თავს გვახსენებს
რატომ იქნა დავიწყებული საქართველოს გაკვეთილები?
სრჟან პავლოვიჩი, ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი
ჩვენ ახალი „ცივი ომის“ პერიოდში ვცხოვრობთ. ალბათ, ამ ომის დაწყების თარიღს სამომავლოდ ისტორიკოსები დაადგენენ, მაგრამ ის, რომ ეს რეალობაა, ამის უარყოფა, ან მისი მნიშვნელობის შემცირება არასწორი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ეს ახალი ტიპის „ცივი ომია“, რომელშიც იდეოლოგია დომინირებულ როლს აღარ ასრულებს, როგორც ადრე იყო – საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის, ანუ სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების დაპირისპირების ჟამს, ანუ პირველი „ცივი ომის“ დროს. დღევანდელ „ცივ ომს“ ენერგეტიკული რესურსების – ნავთობ-გაზის კონტროლისთვის ბრძოლა განაპირობებს.
ახალი ცივი ომი საშიშ სახეს ღებულობს: პოლიტიკური გზებით პრობლემების მოგვარება უკვე შეუძლებელი ხდება. დღეს მთავარ როლს ძალა და ეკონომიკური ძლიერება ასრულებს. სახელმწიფოები ომში სხვადასხვა გათვლებით ებმებიან – რესურსების მოპოვების (თუ არ აქვთ), ან მისი შენარჩუნებისათვის (თუ აქვთ). ასეთი ცივი ომებით განპირობებული კრიზისების მოგვარება შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს.
21-ე საუკუნეში ჩვენ მრავალი „ფერადი“ რევოლუციის მოწმენი გავხდით, რომლებიც მმართველი რეჟიმების წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ამ რევოლუციებს საერთო ნიშნები გააჩნდათ: ცუდი დაგეგმვა, პროგრესის კრიტერიუმების არარსებობა, იდეებისადმი ღალატი, მოსახლეობის ცრუ მოლოდინი და საბოლოო ჯამში – იმედგაცრუება, დასავლეთის სახელმწიფოების დაპირების შეუსრულებლობა და სხვა. ბევრი მათგანი წინა და ახალ ცივ ომებს შორის დადგმულ ინტერმედიას წარმოადგენდა.
უკრაინის თანდათანობითი სისხლიანი დაშლა ახალი ცივი ომის აქტიური ფაზის კლასიკური მაჩვენებელია. უკრაინის მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა 1989 წელს ბერლინის კედლის სიმბოლური დანგრევის დროს გაჩენილი ჯერ თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ შემდგომი მოვლენებით უკვე მკვეთრად დაფიქსირებული დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფრონტაცია. ამერიკის ადმინისტრაციის კარნახით მისი დასავლელი მოკავშირეები შეეცადნენ რუსეთის სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების შემოწმებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების გამოცხადებისადმი ევროპის გარკვეული ყოყმანის მიუხედავად, კრიზისი ამჟამად თავის გადამწყვეტ, ყველაზე საშიშ ფაზაში შედის.
სამწუხაროდ, დასავლელი პოლიტიკოსები საკუთარ შეცდომებს არ სწავლობენ და დასკვნები არ გამოაქვთ.
ვინმე თუ იხსენებს საქართველოს? 2008 წლის ზაფხულში ევროპა-აზიის კონტინენტის გზაგასაყართან შეყუჟულმა ამ მშვენიერმა ქვეყანამ დასავლეთ-რუსეთის გარჩევების გამო დაწყებულ ომში „პეშკის“ როლი შეასრულა. საქართველოსთან „ხუთდღიანი ომის“ დროს რუსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი მზადყოფნა გამოავლინა იმის წინააღმდეგ, რომ ნატო რუსეთის [სამხრეთ] საზღვრებს არ მიახლოვებოდა. განა ვინმეს უნდა შეპარვოდა ეჭვი იმაში, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართაც იგივეს გააკეთებდა?
საქართველოს გაკვეთილები კიეველ პოლიტიკოსებსაც დაავიწყდათ. ნათელი იყო, რომ დასავლეთს არ ჰქონდა რუსეთთან ომის დაწყების სურვილი თავიანთი პოლიტიკური მოთამაშის, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის – პოლიტიკური სპეკულიანტის მიხეილ სააკაშვილის დასაცავად. ასევე აშკარაა, რომ დასავლეთი უკრაინის გამო რუსეთთან ომს არ დაიწყებს. ეს ფაქტია და მას ვერ შეცვლის ვერც საერთაშორისო ფიარ-აქციები, ვერც დასავლელი პოლიტიკოსების სამხედრო რიტორიკა და ვერც გულზე მჯიღის ცემა.
ამგვარი მოქმედება მხოლოდ კრიზისს აღრმავებს და წყვეტს მოსკოვსა და დასავლეთის დედაქალაქებს შორის ჯერ კიდევ შემორჩენილ კავშირის ხაზებს.
დიალოგი პოლიტიკური და დიპლომატიურ მეთოდებით მიტოვებულია, საერთაშორისო შეხვედრებში მკვეთრი ტონები მეფობს, სიტყვა „მტერი“ დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობის ლექსიკონში ისევ გაჩნდა.
ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი სისტემა ავტორიტარული და დიქტატორულიც კი არის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ სისტემის მშენებლობა განხორციელდა სტანდარტული „ქვით“ – იმ შიშით, რომ რუსეთი ყველა მხრიდან ნატოს ბლოკით იქნება შევიწროვებული. შეიძლებოდა ეს ყველაფერი მოლაპარაკებითა და შესაბამისი შეთანხმებით მოგვარებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა რუსეთის მოქმედება უკრაინაში ფაშისტური გერმანიის მოქმედებას შეადარა. კი, ვლადიმერ პუტინი ნამდვილად შეიჭრა და მიიერთა ყირიმი, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან შორსაა გერმანიის მიერ 1936 წელს რეინის ან 1938 წელს სუდეტის მიერთებისაგან. გარდა ამისა, დევიდ კემერონი უინსტონ ჩერჩილი არაა და მას ბევრად ჩამოუვარდება.
კანადის როლი უკრაინის კრიზისი მოგვარებაში საკმაოდ სპეციფიკურია. პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა რუსეთს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, პარალელურად კი იმ პოლიტიკური კლუბის წევრი გახდა, რომლის წევრები უკრაინის მოვლენებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებენ: მალე კანადაში ფედერალური არჩევნები ჩატარდება და სტივენ ჰარპერს ჩვენთან მცხოვრები უკრაინული ფესვების მქონე ამომრჩევლის ხმები დაჭირდება (მილიონზე მეტი). ასეთი ქმედება კანადის საერთაშორისო ავტორიტეტისათვის მავნეა: თუ მკაცრად ლაპარაკობ, ბატალიონებიც მზად უნდა გყავდეს, თუ არადა, იაფფასიან პოლიტიკას თავი უნდა დაანებო.
მახსენდება გერმანიის ყოფილი კანცლერის ვილი ბრანდტის პოლიტიკა: იგი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს მტრად არ განიხილავდა და ცდილობდა მოლაპარაკების დროს მისი შიშისა და ეჭვების მიზეზი გაეგო. ვილი ბრანდტი წინასწარვე მზად იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებისა და შესაძლო დროებითი წარუმატებლობისთვის.
ალბათ, ჩვენ მალე ვნახავთ ისეთ დასავლელ პოლიტიკოსს, რომელიც ასეთ მიდგომას გამოავლენს და გაბედულად მოახდენს მის რეალიზებას.