«Radio Praha – რადიო პრაღა» (ჩეხეთი): ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას
«Пражский Экспресс» (ჩეხეთი): საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს იხილავს
«The Prague Post» (ჩეხეთი): საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: შეუთავსებლის შეთავსება ინტენსიურ რყევებს იწვევს
«Военно-промышленный курьер» (რუსეთი): ძალების გადაიარაღება: საქართველოს თავისი არმიით მხოლოდ ტრაბახი შეუძლია, მეტი არაფერი
———————-
«Radio Praha – რადიო პრაღა» (ჩეხეთი), 22 თებერვალი, 2016 წელი
http://www.radio.cz/de/rubrik/bulletin/taeglicher-nachrichtenueberblick-2016-02-22
http://www.radio.cz/en/section/news/pm-czech-republic-supports-georgias-ambition-to-join-nato
ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას
ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დახმარებას უწევს არმიის მოდერნიზებაში, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ (სოციალ-დემოკრატიული პარტია) ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავის ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან ორშაბათს პრაღაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. ქართველი სტუმარი ჩეხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო კონტაქტებზე, ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.
ბოგუსლავ სობოტკამ ხაზი გაუსვა პრაღა-თბილისს შორის არსებულ ინტენსიურ კავშირებს, საქართველოსა და ჩეხეთის ძალიან კარგ ურთიერთდამოკიდებულებას და მაღალ დონეზე შეაფასა კავკასიის სახელმწიფოების მონაწილეობა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ჩეხ კოლეგას საქართველოს დემოკრატიზაციის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორსაბატს ასევე სეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის სენატშიც.
«Пражский Экспресс» (ჩეხეთი), 23 თებერვალი, 2016 წელი
http://prague-express.cz/politics/62891-gruzinskij-premer-obsuzhdal-v-chekhii-politiku-i-ekonomiku
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს იხილავს
ინვესტიციები, ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმების იმპლემენტაცია, კავშირების განმტკიცება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში – აი, ასეთი იყო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ბოგუსლავ სობოტკას შეხვედრის მთავარი თემები თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც პრაღაში ორშაბათს ჩამოვიდა.
მოლაპარაკების დროს მხარეები შეეხნენ აგრეთვე მიგრაციის საკითხებს, განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარება და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.
ბოგუსლავ სობოტკამ აღნიშნა, რომ საქართველომ შიდაპოლიტიკური რეფორმების გატარებაში პროგრესს მიაღწია და ამ მხრივ ხელისუფლება ქებას იმსახურებს.
საქართველო ჩეხური კომპანიებისათვის ძალიან საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. არის შესაძლებლობა, რომ ჩეხურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებაში, ჰესების მშენებლობაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით და კვების პროდუქტებით ვაჭრობაში.
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრიორიტეტული თანამშრომლობის მიზნით შეადგინა. ჩეხეთი საქართველოს დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, თვითმმართველობის განმტკიცებასა და ქალთა უფლებების დაცვაში.
«The Prague Post» (ჩეხეთი), 23 თებერვალი, 2016 წელი
http://www.praguepost.com/world-news/52047-sobotka-supports-georgia-s-nato-aspirations
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოგუსლავ სობოტკა გუშინ, ორშაბათს, თავის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რომელიც პრაღაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მოლაპარაკების შემდეგ ბოგუსლავ სობოტკამ განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. გარდა ამისა, ჩეხეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების მოდერნიზების საკითხში.
შეხვედრი დროს მსჯელობა-განხილვის მთავარი თემები იყო ვაჭრობა და ინვესტირება, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ვითარება. ბოგუსლავ სობოტკამ აღნიშნა, რომ საქართველომ შიდაპოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწია.
ჩეხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს აგრეთვე ევროკავშირთან საქართველოს მიერ ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რეალიზების საკითხი, რომელსაც პრაღასა და თბილისის ბიზნესთანამშრომლობის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა და გულისხმობს პოლიტიკურ დიალოგს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რეფორმების პროცესის გაგრძელებას და ტავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას.
როგორც ჩეხეთის მთავრობა აცხადებს, საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩეხურმა კომპანიოებმა მონაწილეობა მიიღონ სჰსარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და სოფლის მეურნეობის, კვების პროდუქციით ვაჭრობაში.
საერშაშორისო პრობლემებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს მიგრაციის საკითხები, სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და უკრაინის აღმოსავლეთში. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს პროევროპულ პოზიციას, თბილისის ძალისხმევას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტში მონაწილეობისათვის, საქართველოს აქტიურ პოზიციას ნატოსთან პარტნიორობის საკითხში“, – განაცხადა ბოგუსლავ სობოტკამ შეხვედრის შემდეგ.
საქართველო ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ 1994 წელს შეუერთდა, ხოლო ნატოში გაწვრიანებისათვის 2003 წლიდან ისწრაფვის. ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესვლის თაობაზე 2008 წელს რეფერენდუმიც ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმად, ნატოში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 77% უჭერდა.
საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვა დამუხრუჭდა ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის აპრილში, როცა სამხედრო ბლოკის რამდენიმე წევრი საქართველოს ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოვიდა, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შიშით.
მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის გამწვავების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარარებული შეტაკება მოხდა, რომელიც, მართალია, ზავით დასრულდა, მაგრამ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამასთან, მოსკოვის მოქმედება მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ გაიზიარა. აღსანიშნავია, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა იმ დროს განაცხადეს – 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვას ბოლო მოუღოო.
2011 წლის ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის თანახმად, საქართველო იმ ათი ქვეყნის სიაშია შეყვანილი, რომლებთანაც პრაღას პრიორიტეტული ურთიერთობა აქვს შემდეგ სფეროებში: არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების რეალიზება, თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერება და ქალთა უფლებების დაცვა. ჩეხეთის დაწესებულებებს მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან დასაქმებისა და გარემოს დაცვის საკითხებშიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილტან ერთად ჩეხეთს ეწვივნენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ოტარ დანელია, რომელბიც თავიანთ ჩეხ კოლეგებს – მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს იან მლადეკს და მარიან იურეჩკას შეხვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2007 წელს ეწვია, როცა ეს პოსტი ზურაბ ნოღაიდელს ჰქონდა დაკავებული. სულ ბოლოს კი 2011 წელს, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, როცა ორივემ ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაში მიიღეს მონაწილეობა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/preelection-list-formation/3201230.html
საქართველო: შეუთავსებლის შეთავსება ინტენსიურ რყევებს იწვევს
ზაზა წულაძე
რაც უფრო აქტიურდება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი, მით უფრო საგრძნობია პოლიტიკური რყევების ინტენსივობა მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. კოალიციის გამსვლელი სიის ძირითად მონახაზზე მუშაობა მარტში უნდა დასრულდეს. უკვე აპრილის ბოლოსთვის კი, სიის საბოლოო ვარიანტი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე იქნება წარდგენილი.
კოალიციის ორი სუბიექტის: „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბოლოდროინდელი ღია დაპირისპირება, ნათლად აჩენს იმ მწვავე პრობლემებს, რომელიც სიის ფორმირების პროცესს ახლავს თან. მეორე კვირაა მრეწველების უცვლელი ლიდერი თოფაძე ღიად ესხმის თავს თავდაცვის მინისტრ ხიდაშელსა და რესპუბლიკელების ორ გამორჩეულ ფიგურას: პარლამენტარ ძმებს – ბერძენიშვილებს.
ბრალდებები მრავალფეროვანია: „საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული“, სადაც დეპუტატი მინისტრს „ჯარისკაცების ხმებით მანიპულაციაში ადანაშაულებს“, ისე, დისიდენტობის დროს, „საბჭოთა სუს-თან თანამშრომლობის ფაქტები“.
ის, რომ თოფაძემ ეს „კომპრომატები“ პოლიტიკურ პარტნიორებზე მხოლოდ ახლა “აღმოაჩინა” და რესპებიც ახლაღა „მიხვდნენ“ რომ საპნის ქარხნის ყოფილი წითელი დირექტორი თურმე ევროინტეგრაციის „მტერია“, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის აზრით, კოალიციის შიგნით მიმდინარე საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილებისთვის მძიმე ბრძოლის გამოძახილია.
„კოალიციის უმრავლესობისთვის რესპუბლიკური პარტია არის უცხო სხეული. ისევე როგორც, რესპუბლიკელებისთვის დანარჩენი კოალიცია არის უცხო სხეული. რა აკავშირებთ, რა აერთიანებთ მათ? აერთიანებთ, ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირება, იმიტომ რომ იციან – დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების რესურსი არა აქვთ. ამიტომ ყველა ხერხით ცდილობენ, შეინარჩუნონ ამ პოზიციაში ადგილი და კიდევ უფრო გაიფართოვონ, თუ ამის შანსი მიეცათ.
როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს აქვთ ეს ამბიცია, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის მიერ გაცხადებულ სტრატეგიული – ევროინტეგრაციის კურსთან მხოლოდ ისინი ასოცირდებიან კოალიციაში და დანარჩენ სუბიექტებს არც კომპეტენცია აქვთ და არც მაინცდამაინც, სახელმწიფოებრივ განვითარებასთან მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, შესაბამისად, რესპუბლიკელები დღეს ითხოვენ ტორტის უფრო მოზრდილ ნაჭერს.“
კოალიცია „ქართული ოცნების“ ფორმირებიდან, გუშინ 21 თებერვალს, ზუსტად ოთხი წელი შესრულდა. 2012 წელს, მაშინ მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ახლად დაფუძნებული პარტიის „ქართული ოცნების“ კოალიციურ პარტნიორებად: რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. მოგვიანებით, კოალიციას ასევე მიეკედლნენ: მრეწველები, კონსერვატორები, ხალხის პარტია, ქალთა პარტია, მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატები.
ორივე გენერალური ამოცანა ეკლექტურმა კოალიციამ წარმატებით გადაჭრა: 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალური მოძრაობა“ და 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტად მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.
ბოლო ოთხ წელიწადს, „ქართულ ოცნებაში“ მცირე, საშუალო და დიდი ზომის რყევების გარეშე არ ჩაუვლია. რღვევა დაიწყო 2013 წელს, ხალხის პარტიის ლიდერის წასვლით (რომელიც ასევე რესპებთან დაპირისპირებას შეეწირა), რასაც მოჰყვა პრეზიდენტ მარგველაშვილის დისტანცირება „ქართული ოცნებისგან“.
2014-ში, ეს პროცესი მწვანეთა ლიდერის გასვლით და თავისუფალი დემოკრატების სკანდალური დემარშით გაგრძელდა. თუმცა, არცერთი ეს რყევა დღემდე დამანგრეველი კოალიციური ერთობისთვის არ გამოდგა.
ექსპერტების აზრით, დღეს, სიტუაცია მმართველი კოალიციის შიგნით კიდევ უფრო რთულია. 2012 წლისგან განსხვავებით, 2016-ში უკვე აღარ არსებობს ძლიერი პოლიტიკური მტრის (ნაციონალური მოძრაობის) წინააღმდეგ, „ყველაფრის ფასად“ გაერთიანების აუცილებლობა. შესაბამისად, კოალიციის შიგნით, უკვე სერიოზული პრობლემაა, როგორც ერთიანი პარტიული იდეოლოგიის არარსებობა, ისე მსოფლმხედველობრივად რადიკალური განსხვავებები.
ეს და მომავალი საარჩევნო სიის ქვოტები საკმარისი მიზეზებია, რომ კოალიციის სუბიექტებს შორის, ლამის სიძულვილში გარდამავალი, პოლიტიკური ურთიერთეჭვიანობა არსებობდეს. განსაკუთრებით კი ამბიცია-მომატებული რესპუბლიკური პარტიის მიმართ, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, საარჩევნო სიაში გამსვლელი ადგილების 20 პროცენტს ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, როგორც „ოცნების“ ახალი ლიდერი, შეეცადა დაეცვა კოალიციური ერთობა, ფაქტია, პრობლემა სისტემურია და „მრეწველები“ რესპუბლიკელების საწინააღმდეგო კამპანიაში, კოალიციაში მარტონი სულაც არ არიან.
კოალიციაში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური ღიად ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა სიაში უნდა მიიღონ იმდენი ადგილი, რამდენიც რეიტინგი აქვთ.
„კოალიციის ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა გამსვლელი სიაში. ყველა იმ პარტიამ, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი მოთხოვნა, ვიდრე მისი რეიტინგია, უნდა დაამტკიცოს, რომ მეტს იმსახურებს.
2016 წლის არჩევნებზე, უნდა გავიდეს დამოუკიდებლად, გადალახოს ბარიერი და შემდეგ უკვე პარლამენტში, კოალიციურ ბლოკში გაერთიანდეს და იქ მოითხოვოს ხელისუფლებას ის ნაწილი, რა ნაწილითაც ხალხი დაუჭერს მხარს და შემოვა ჩვენს ბლოკში. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი.“
რას ამადლიან რესპებს და რა აღიზიანებთ კოალიციურ პარტნიორებს? პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეა. ბოლო ათი თვეა, რესპუბლიკურ პარტიას მთავრობაში სამი პორტფელი აქვს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის, რომელიც საგარეო მინისტრზე აქტიურია. რესპები ასევე ფლობენ – ორ მნიშვნელოვან საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს, მაშინ როცა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ათ დეპუტატიანი ფრაქცია აქვთ.
ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში, კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატების სკანდალური წასვლის შემდეგ, დავით ბერძენიშვილმა ბრძანა, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა გადაარჩინეს კოალიცია. ამას მოჰყვა დავით უსუფაშვილის ცნობილი ფრაზა, რომ რესპები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ბოლოს დატოვებენ. დღეს კი უკვე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელების გარეშე კოალიციის მომავალს ვერ ხედავს.
«ВПК – Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 23 თებერვალი, 2016 წელი
http://vpk-news.ru/articles/29349
ძალების გადაიარაღება:
საქართველოს თავისი არმიით მხოლოდ ტრაბახი შეუძლია, მეტი არაფერი
სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია საქართველო შეიარარებული ძალების შექმნის ისტორია, გადმოცემულია აგრეთვე ქართული არმიის ტანამედრვე მდგომარეობა: შეიარაღების ტექნიკური მაჩვენებლები, სტატისტიკა და ა.შ. (ავტორი – ალექსანდრ ხრამჩიხინი, მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე).
„საქართველოს შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების არმიები, სრული ქაოსის პირობებში იქმნებოდა: ქართული არმია საბჭოური არმიის ნაშთებისა და სახალხო მოლაშქრეთა სინთეზს წარმოადგენდა. თუმცა, სხვებთან შედარებით, ქართულ არმიას ადგილობრივი სპეციფიკა დაემატა: 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველომ სამმაგი სამოქალაქო ომი გადაიტანა – სამხედრო დაპირისპირება თბილისში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების დაწყება.
პირველმა ომმა დანარჩენი ორი ომის წაგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქართული არმია, თავისი არსით, კანონიერ ბანდიტურ ფორმირებას წარმოადგენდა, რომელიც უკიდურეს დაუფინანსებლობას განიცდიდა და აბსოლუტურად არაქმედითუნარიანი იყო.
2003 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში და კერძოდ, არმიაში, რადიკალური ცვლილებები მოხდა: საერთო ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე არმიის დაფინანსება გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, გამოჩნდა დასავლური დახმარების შედეგებიც. გარდა ამისა, თვითონ საქართველომაც მასობრივად დაიწყო იარაღის შესყიდვა როგორც დსთ-ის ქვეყნებში (უკრაინაში), ასევე დასავლეთის სახელმწიფოებში (ბულგარეთი, საბერძნეთი, სერბეთი, თურქეთი, ისრაელი, აშშ), თუმცა ეს იარაღი ძირითადად საბჭოური წარმოებისა იყო, რომლებიც მოგვიანებით დასავლური სტანდართებით იქნა მოდერნიზებული. არმიის შევსება საკონტრაქტო წესით ხდებოდა, რაც პრაქტიკულად პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას მოასწავებდა. ზოგადად, ოთხნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ზალები ედუარდ შევარდნაძის ეპოქიდან საკმაოდ შორს წავიდნენ, თუმცა, ცხადია, მათ ჯერ კიდევ არ გააჩნდათ იმის პოტენციალი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაეკონტროლებინათ და მით უმეტეს, წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის არმიისათვის.
მიხეილ სააკაშვილს წარმატებებისაგან თავბრუ დაესხა (წარმატებები კი პოლიტიკასა და ეკონომიკაში მას მეტ-ნაკლებად ნამდვილად ჰქონდა), იმავდროულად კი იგი ფსიქოლოგიურად არასტაბილური და მერყევი ტიპი იყო, გამოირჩეოდა სრული არაკომპეტენტურობით სამხედრო საკითხებში და ბრმად სჯეროდა, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა.
მიხეილ სააკაშვილი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მან – როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა – თანამედროვე პროფესიული არმია ჩამოაყალიბა, რომელიც ელვისებურად გაანადგურებდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს და თუ საქმეს დაჭირდებოდა, რუსეთის არმიასაც ზედ მიაყოლებდა. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, თუ სიტუაცია რატომღაც გართულდებოდა, საქართველოს დასახმარებლად ნატო თავისი უდიდესი ძალებით დაუყონებლივ მოვიდოდა და თბილისს მოწინააღმდეგის განადგურებაში დაეხმარებოდა. სხვათა შორის, ამ რწმენაში სასაცილო არაფერია: ჩვენთან, რუსეთშიც ხომ ზოგიერთებს სჯერათ, რომ ნატოს არმიას გიგანტური ძალა აქვს. სხვა საქმეა, რომ პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს ყოფითი წარმოადგენები კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ რეალობას უნდა ხედავდეს. მაგრამ რას იზამ – ქართველებს პრეზიდენტში არ გაუმართლათ, თუმცა იმ მომენტში ასე არ ჩანდა.
2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს არმიამ შეტევა დაიწყო, სამხრეთ ოსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ცხინვალიდან ჯავაში გაიქცა.. ამის მიუხედავად, ქართველ ჯარისკაცებს ქუჩის ბრძოლებში ჯერ ოს მოლაშქრეებთან მოუწიათ წინააღმდეგობის გაწევა, შემდეგ კი ომში რუსეთის არმიის ნაწილები ჩაებნენ..
გავრცელებული აზრის მიუხედავად, რუსეთის ქვეით ჯარს ქართველებზე არანაირი რიცხობრივი უპირატესობა არ გააჩნდა. რუსებს დიდი პრობლემები ჰქონდათ აგრეთვე ჰაერშიც. თუმცა, ყველა პრობლემის მიუხედავად, ომი ქართული ე.წ. „თანამედროვე პროფესიული არმიის“ გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ქართული არმია ბრძოლების მესამე დღეს, ფაქტიურად, დაიშალა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა და მოწინააღმდეგეს უდიდესი რაოდენობის იარაღი დაუტოვა, მათ შორის სრულიად გამართული მძიმე ტექნიკაც და არტილერიაც. სხვათა შორის, ამ ომმა დაადასტურა ერთი ცნობილი ჭეშმარიტებაც: თანაბარ პირობებში გაწვევის საფუძველზე შექმნილი არმია ყოველთვის დაამარცხებს პროფესიულ, კონტრაქტების საფუძველზე ჩამოყალიბებულ არმიას, რადგან გაწვეულთა არმიის პირად შემადგენლობას უფრო მეტი მოტივაცია გააჩნია.
ნატოს კი, რასაკვირველია, თითიც არ გაუნძრევია საქართველოს დასახმარებლად. თუ გავითვალისწინბთ რეალობას და არა პროპაგანდას, ეს თავიდანვე ძნელი გამოსაცნობი არ იყო. უფრო მეტიც – ომის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არაოფიციალურად მკაცრი კონტროლი (მორატორიუმი) დააწესა საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის შეზღუდვაზე. ასე რომ, ის განცხადებები, რომლებიც ხანდახან გაისმის – საქართველომ ყოფილი სამხედრო ძლიერება ისევ აღიდგინაო, სინამდვილეს არ შეესაბამება და აბსურდულია.
(სტატიაში ვრცლადაა გადმოცემულია საქართველოს არმიის სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები და შეიარაღება – როგორც სახმელეთო, ასევე სამხედრო-საზღვაო და სამხედრო საჰაერო ძალების მიხედვით).
რასაკვირველია, საქართველოს ნატოში მიღებაზე ლაპარაკი აბსურდულია, ფორმალური მიზეზების საფუძველზეც კი: ამ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები მოგვარებული არ აქვს. რეალური მიზეზები კი იმაშია, რომ არც შეერთებულ შტატებს და არც ევროპის სახელმწიფოებს ვიღაც საქართველოსთვის რუსეთთან ომი არ სურთ, ამის თეორიული რისკის დაშვებაც კი არ უნდათ. მით უმეტეს, არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ თბილისმა საკუთარი ძალებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს (ნუ დავუჯერებთ მასმედიის ზოგიერთ საშუალებას, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველო რევანშის ასაღებად ემზადებაო!). საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არანაკლებ პროდასავლური და ანტირუსულია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის ეს მაინც პოლიტიკური კურსია და არა ის ფსიქოლოგიური ავადმყოფობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს. თბილისი არანაირ ომს არ გეგმავს, რადგან აცნობიერებს მის შედეგებს.
მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: სრულიად სხვა სიტუაცია ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისა და თურქეთის სამხედრო კონფლიქტი დაიწყება (ეს ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, მაგრამ მაინც). საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ორ მოწინააღმდეგე ძალას შორის მოექცევა და მას რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის (სომხეთში) ბლოკირება შეუძლია. ამ თვალსაზრისით თბილისი უკვე ავტომატურად ანკარის მხარეზე აღმოჩნდება. საქართველოს შეიძლება თავისი ყოფილი ავტონომიების დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს და ამ მიზნით თურქეთს დასახმარებლად მიმართოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში თბილისი თვითონ გამოიწვევს საკუთარ თავზე რუსეთის სრულმასშტაბიან დარტყმებს და 2008 წლისაგან განსხვავებით, კრემლი რუსულ არმიას თბილისდან 40 კილომეტრზე აღარ გააჩერებს, პირიქით – საქართველოს შუაზე გაჭრის და სომხეთთან პირდაპირ კავშირს დაამყარებს.
ძნელი სათქმელია, ამით დასრულდება თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ან ქვეყანა კიდევ რომელიმე ტერიტორიას დაკარგავს თუ არა (მაგალითად, აჭარას ან სომხებით დასახლებულ ჯავახეთს), მაგრამ ეკონომიკური ზარალი რომ გიგანტური იქნება, ამაზე ორი აზრი არაა. საქართველოს შეიარაღებული ძალები საბოლოოდ შეწყვეტენ არსებობას, ქართველებმა კი ავტონომიების დაბრუნებაზე ფიქრიც უნდა დაივიწყონ.