«РБК - Україна» (უკრაინა): ინტერვიუ ალექსანდრე კვიტაშვილთან: „ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა“
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „მე მინდა უკრაინის პოლიტიკური კლასი შევცვალო… ჩემი ოპონენტები კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის საქართველოში დაბრუნდეს და ჩვენ თავი დაგვანებოსო“
«Radio Liberty – Радио Свобода» (აშშ): ინტერვიუ ალა დუდაევასთან: „მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი. მან საქართველოში ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, რომ მოსახლეობა დღე და ღამე სეირნობდა და ხარობდა… იგი კეთილი და პატიოსანი ადამიანია“
«День» (უკრაინა): არჩევნების ჩატარების იძულება დონბასში // ექსპერტის თქმით, ამ პროექტის რეალიზება პარიზმა და ბერლინმა უკვე მოახდინეს სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „რეფერენდუმომანია“ ოკუპირებულ ცხინვალში
———————-
«РБК - Україна» (უკრაინა), 24 თებერვალი, 2016 წელი
https://www.rbc.ua/rus/interview/aleksandr-kvitashvili-znayu-budu-rabotat-1456237914.html
ინტერვიუ ალექსანდრე კვიტაშვილთან: „ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა“
ამას წინათ უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ თავმჯდომარემ იური ლუცენკომ განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები ოთხი მინისტრი-ტექნოკრატის მიმართო“, თუმცა მათ რიცხვში ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი არ აღმოჩნდა. არადა, ალექსანდრე კვიტაშვილი თავის დროზე მინისტრად სწორედ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარდგინებით დაინიშნა. აშკარაა, იური ლუცენკო ალექსანდრე კვიტაშვილს კარგი თვალით არ უყურებს – იგი ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში ითხოვდა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას… რა პრეტენზიები აქვთ პრეზიდენტის ბლოკის წევრებს ქართველი მინისტრის მიმართ? ამის შესახებ თვით ალექსანდრე კვიტაშვილს ვესაუბრეთ“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასაწყისში (ავტორი – დიმიტრი ულიანიცკი).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- როგორი გრძნობა დაგეუფლათ მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნის ჩავარდნის შემდეგ?
- ნდობისა თუ უნდობლობის გამოცხადება – ეს ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ როცა პარლამენტის სხდომას ვაკვირდებოდი, ძალიან გამაოგნა დეპუტატების დამო-კიდებულებამ მთავრობის წევრებისადმი. ეს ჩემთვის კოშმარული სიზმარს ჰგავდა. ასეთი შეურაცხყოფას არავინ არ იმსახურებს… მე მესმის, რომ დეპუტატებს უნდათ უკრაინელ ხალხს დაანახონ, რომ აი, რა კარგად ვიცავთ თქვენს ინტერესებსო, მაგრამ როცა მე „დაწყევლილს“ და სულელს“ მიწოდებენ, უსინდისოდ მთვლიან, ეს უკვე გადაჭარბებულია. კრიტიკასაც აქვს თავისი საზღვრები, ეთიკა უნდა დავიცვათ… გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი ამ ადამიებთან მომავალში როგორ ვიმუშავებ…
ყველა დეპუტატს შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის მიმართ, მაგრამ ეს ხომ შენი ქვეყანაა, პარლამენტში ხომ დეპუტატი საკუთარ ხალხს წარმოადგენს. ასეთი ქცევა დაუშვებელია. იმ საღამოს მთავრობის ყველა წევრი შევიკრიბეთ, ყველანი შოკში ვიყავით… ასეთი შეურაცხყოფის გადატანას ვერავინ შეძლებს. ჩვენ ხომ ოჯახები გვყავს, ისინიც ხომ უყურებენ ამ ყველაფერს… ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, კოალიცია დაიშლება თუ არ დაიშლება (მასში ხუთი სუბიექტიდან ორი დარჩა), ვიტყვი, რომ უკრაინას მაინც ქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავს. რასაკვირველია, პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მუშაობა გაგვიჭირდება, მაგრამ რადგანაც მთავრობის წევრებს დეპუტატებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მუშაობას გავაგრძელებთ.
- ამას წინათ გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა გააკრიტიკა….
- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა. მას ვითომ აღარ ახსოვს, რამდენი წელია საქართველოში სავალუტო ფონდი მუშაობს. მას აღარ ახსოვს, რამდენი ფული მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან საქართველომ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. რასაკვირველია, კრედიტების აღება სასიამოვნო არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრედიტორი რაღაც პირობებს გიყენებს, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ამჟამად უკრაინას, სავალუტო ფონდის გარდა, კრედიტებს სხვა არავინ აძლევს? ამიტომაც სავალუტო ფონდის მიმართ ნდობა არ უნდა დავკარგოთ, მით უმეტეს, სიტუაცია ქვეყანაში გაურკვეველია.
ჩემი აზრით, ყველა ჩვენმა ოპონენტმა, მთლიანად კოალიციამ ახალი კაბინეტის ახალი მინისტრის ყოველი კანდიდატურის მიმართ პერსონალური წინადადებები უნდა მოამზადოს. ეს იქნებოდა სწორი მიდგომა, თორემ გამოხვიდე პარლამენტში და ყველა ლანძღო – „ამას გავუშვებთ, იმას დავტოვებთ, ახალ მთავრობას შევქმნით“ და ა.შ. ასე არ შეიძლება. სანამ დეპუტატები კანდიდატებზე არ შეთანხმდებიან, მთავრობა თავის საქმიანობას გააგრძელებს. ასე ხდება ევროპის ქვეყნებში.
«Frankfurter Rundschau» (გერმანია), 24 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „მე მინდა უკრაინის პოლიტიკური კლასი შევცვალო… ჩემი ოპონენტები კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის საქართველოში დაბრუნდეს და ჩვენ თავი დაგვანებოსო“
გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ კორესპონდენტმა შტეფან შოლმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საუბრობს უკრაინის პერსპექტივაზე, პირად კარიერულ გეგმებზე და, რასაკვირველია, იხსენებს თავისი პრეზიდენტობის წლებს საქართველოში…
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრებენ. იგი ამჟამინდელ პრემიერს აკრიტიკებს და უკრაინის პოლიტიკური კლასის, პოლიტიკური სისტემის რეფორმირება სურს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, საკმაოდ წარმატებით ებრძოდა კორუფციას და მაფიას, თუმცა მას იმავდროულად ბრალს სდებენ ავტორიტარიზმის გამოვლინებაშიც. 2013 წლის ნოემბერში, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ემიგრაციაში – აშშ-ში წავიდა, სამშობლოში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: ექს-პრეზიდენტს სახელმწიფო ხარჯზე გართობა-დროსტარებასა და საბიუჯეტო სახსრების განიავებაში ადანაშაულებენ.
2025 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი (ისინი კიევში ერთად სწავლობდნენ) ჯერ თავის მრჩევლად დანიშნა, მოგვიანებით კი, მაისში, ოდესის ოლქის გუბერნატორად. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო. ოდესის ოლქის ახალმა მმართველმა რეფორმების გატარება დაგეგმა, პარალელურად კი უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის კრიტიკა დაიწყო, რომელიც, მისი თქმით, კორუფციონერია და ხელს უშლის რეფორმების გატარებაში.
გთავაზობთ ინტერვიუს სემოკლებულ ვერსიას:
- თქვენზე ამბობენ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრობა გაქვთ მიზნად…
- მე სულ სხვა ამბიციები მაქვვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მთლიანად შევცვალო უკრაინის პოლიტიკური კლასი. მთავრობის ხელმძღვანელი შეიძლება ყოველწლიურად ახალ-ახალი დანიშნო, მაგრამ თუ პოლიტიკური კლასი არ შეცვალე, ისე არაფერი გამოვა, სიტუაცია იგივე დარჩება.
- პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერმა დეპუტატებმა არსენ იაცენიუკის გადაყენება არ დაუშვეს, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. იმავდროულად იგივე დეპუტატები ახალი საბაჟო კანონის მიღების ბლოკირებას ახდენენ. თქვენთვის ასეთ ნეგატიურ ფონზე ისევ თვლით, რომ პრეზიდენტის გუნდის წევრი ხართ?
- მე საკუთარ თავს ყოველთვის უკრაინის გუნდის წევრად ვთვლი. ცხადაია, ეს ნიშნავს, რომ მე პოლიტიკურად პრეზიდენტთან უნდა ვითანამშრომლო. მინდა, რომ მას წარმატებების მიღწევაში დავეხმარო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე პიროვნებებს ვემსახურები. მე ვემსახურები უკრაინას. ასევეა პრეზიდენტიც. ანუ ჩვენ იმ გუნდში ვართ, რომელიც უკრაინას ემსახურება.
- არსენ იაცენიუკი კვლავ თავის თანამდებობაზე დარჩა. ისიც უკრაინას ემსახურება?
- ის, რომ მას ნდობის ვოტუმი კვლავ შეუნარჩუნდა, სხვა არაფერია, თუ არა ოლიგარქების სახელმწიფო გადატრიალება. პარლამენტმა ხალხსის სურვილი არ გაითვალისწინა… ახლა დეპუტატები სამკვირიან შვებულებაში წავიდნენ, ქვეყანაში კი სიტუაცია უარესდება.
- როგორ უნდა მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი?
- ერთადერთი გამოსავალი ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც ხალხის ნდობით იქნება უფლებამოსილი.. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინის ჯანსაღი ძალები და უკრაინელი ხალხი დემოკრატიის მონაპოვარს დაიცავს… ჩემი ოპონენტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის საქართველოში დაბრუნდეს და ჩვენ თავი დაგვანებოს, ანდა იჯდეს ოდესაში და გუბერნატორის მოვალეობა შეასრულოს, თვალში ყველგან ნუ გვეჩხირებაო. რა თქმა უნდა, მე ამას სიხარულით ვაკეთებ, ოდესა ჩემთვის საყვარელი ქალაქია, მინდა იქ მუშაობა… მაგრამ მითხარით როგორ ვიმუშაო, როცა ფინანსები შემცირებულია, როცა ხელს მიშლიან საბაჟოს რეფორმირებაში, როცა გზის მშენებლობისათვის კი კაპიკი არ მოუციათ? ოდესაში სიტუაციის შეცვლა კიევიდან უნდა დაიწყოს, სწორედ კიევში უნდა შეიცვალოს თამაშის წესები.
- რა არის თქვენთვის უკრაინა – როგორც პოლიტიკოსისა და როგორც ადამიანისათვის?
- უკრაინა ძალიან მიყვარს, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ცხრა წელიწადი, აქ ვსაწვლოვდი და ვმსახურობდი არმიაში, აქ უამრავი მეგობარი მყავს. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების ბედი, მათ შორის საქართველოსიც, უკრაინის ბედზეა დამოკიდებული. მე სახლში ვარ და ამიტომაც უკრაინის მომავალს დავიცავ.
«Radio Liberty – Радио Свобода» (აშშ), 23 თებერვალი, 2016 წელი
http://www.svoboda.org/content/article/27569154.html
ინტერვიუ ალა დუდაევასთან: „მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი. მან საქართველოში ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, რომ მოსახლეობა დღე და ღამე სეირნობდა და ხარობდა… იგი კეთილი და პატიოსანი ადამიანია“
„რადიო სვობოდას“ კორესპონდენტ დიმიტრი ვოლჩეკთან ინტერვიუში ალა დუდაევა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი, რომელიც დღეს შვედეთში ცხოვრობს, საუბრობს დღევანდელი რუსეთის შესახებ და უარყოფითად აფასებს კრემლის მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას… ინტერვიუში, რომლის სათაურია „ჩეჩნეთის მეთაურის პოსტი უნდა გაუქმდეს“, იგი ასევე აკრიტიკებს ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელების საქმიანობას. ალა დუდაევა იხსენებს საქართველოში ყოფნისა და მუშაობის პერიოდსაც.
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან
- როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო წლებში მომხდარ მოვლენებს?
- მე მჯერა, რომ უკრაინა ნამდვილად დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცევა. დიდ იმედებს ვამყარებ უკრაინელ ხალხზე, რადგან უკრაინელები თავიანთი სულისკვეთებით ჩეჩნებს მაგონებენ. გარდა ამისა, მე ძალიან მომწონს მიხეილ სააკაშვილი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მე საქართველოში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მიწვეული ვიყავი რუსულენოვან ტელეკომპანიაში – „პირველ საინფორმაციო კავკასიურში“ სამუშაოდ 2009-2011 წლებში. მე პირადად მიხეილ სააკაშვილის ახალგაზრდული მთავრობის რეფორმატორული საქმიანობის მოწმე გახლავართ.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?
- იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პრორუსული მთვრობა მოვიდა. ტელეარხი, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა, დაიწყო თვით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დევნა. შინაგან საქმეტა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს. იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო. ახლა თითქოს სიტუაცია უმჯობესდება…
- ვერ ვიტყვით, რომ საქართველო დღეს პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. თბილისი საგარეო პოლიტიკა თითქმის იგივეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთის მიმართ მწვავე რიტორიკამ იკლო…
- იცით, რატომ? იმიტომ, რომ ახლა საქართველოში ისეთი პრეზიდენტია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხალხი უკმაყოფილოა. დღეს ყოფილ პრეზიდენტს თავს ესხმიან, აკრიტიკებენ, მე კი მინდა რადიომსმენელებს მიხეილ სააკაშვილის კაი-კაცობაზე მოვუყვე, რისი მომსწრეც პირადად ვარ. საქართველოში პირველად 1999 წელს ჩავედი, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს. იძულებული ჩეჩნეთიდან გავქცეულიყავი და თავი საქართველოსთვის შემეფარებინა. იმ დროს საქართველო სიბნელის სამეფოს წარმოადგენდა: ელექტროდენი არ იყო, გამეფებული იყო სიღარიბე და უმუშევრობა, 8-ლარიანი პენსია… მეორედ 10 წლის შემდეგ ვეწვიე და ქვეყანა ვეღარ ვიცანი – ყველაფერი სასიკეთოდ იყო შეცვლილი…
(ალა დუდაევა აღტაცებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე: „მან ხალხს სინათლე მიაწოდა, სოფლები და ქალაქები ააყვავა, ევროპულს დაამგვანა, ააშენა გზები, დაამშვენა კურორტები, მოამატა პენსიები, ხელფასები, მოსპო კორუფცია და მექრთამეობა, ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას, გახსნა საზღვარი რუსეთთან, დააწესა უვიზო რეჟიმი… ისეთი ბედნიერი გარემო შექმნა, რომ მოსახლეობა დღე და ღამე სეირნობდა და ხარობდა… ააშენა მინის ხიდები, პოლიციის გამჭვირვალე შენობები, აღადგინა ისტორიული ქალაქები, განსაკუთრებით თბილისი… საქართველო კავკასიური კულტურის ცენტრად გადააქცია: თბილისში ტარდებოდა გამოფენები, კონფერენციები, საერთაშორისო შეხვედრები… აი, ასეთი პატიოსანი და კეთილი იყო მიხეილ სააკაშვილი…“ – მთარგმნელის შენიშვნა).
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას იგივე აღუთქვა, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა.
- მიხეილ სააკაშვილი ოდესაშიც ცდილობს რეფორმების გატარებას…
- მასთან კონტაქტები არ მაქვს, მაგრამ თვალს ყველაფერს ყურადღებით ვადევნებ.
- ვხედავ, რომ თბილისი ძალიან მოგენატრათ. დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- ვფიქრობ, რომ სამომავლოდ საქართველოში ჩავალ და საერთოდ, კავკასიას ვეწვევი. მე ევროპაც ძალიან მომწონს, გაკვირვებული ვარ ევროპელების სიკეთითა და გულმოწყალებით მუსულმანი ლტოლვილების მიმართ.
«День» (უკრაინა), 24 თებერვალი, 2016 წელი
http://www.day.kiev.ua/ru/article/den-planety/prinuzhdenie-k-vyboram-na-donbasse
არჩევნების ჩატარების იძულება დონბასში
ექსპერტის თქმით, ამ პროექტის რეალიზება პარიზმა და ბერლინმა სამხრეთ ოსეთში უკვე მოახდინეს, რომელიც რუსეთთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს“
კიევში გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, ჟან-მარკ ეროსა და პავლე კლიმუკის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა „მინსკის მოლაპარაკება-2“-ის რეალიზების პროცესი განიხილეს. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაირკვა, რომ უკრაინა არ ეთანხმება გერმანიისა და საფრანგეთის აზრს დონბასში არჩევნების ჩატარების თაობაზე. კიევი მიიჩნევს, რომ დონბასი ჯერ რუსეთის ჯარებისაგან უნდა გაიწმინდოს, დაქირავებულების გაყვანა უნდა მოხდეს, იარაღის შეტანა უნდა აიკრძალოს და არჩევნები მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს. „სხვაგვარად არჩევნების შედეგი ისეთი იქნება, როგორიც რუსეთს სურს“, – განაცხადა პავლე კლიმუკმა. არადა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ჟან-მარკ ერო აცხადებენ, რომ „მინსკის მოლაპარაკება-2“-ის პირობები არ უნდა დაირღვეს – არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას („ჯერ რუსეთის ჯარების გაყვანა, შემდეგ კი არჩევნები“) იწონებს უკრაინელი ექსპერტი, კიევის უნივერსიტეტის პროფესორი, კონფლიქტოლოგი გრიგორი პერეპელიცა, რომელიც გაზეთ „დენ“-ის კორესპონდენტ მიკოლა სირუკთან საუბრისას ამბობს:
„როგორც ჩანს, გერმანია და საფრანგეთი დიპლომატ პიერ მორელის გეგმას ეთანხმებიან, რომელიც ვერხოვნა რადას მიერ დონბასში ჩასატარებელი არჩევნებისათვის სპეციალური კანონის მიღებას და შემდეგ ამ კანონის საფუძველზე არჩევნების გამართვას გულისხმობს.
„მსხვერპლის დაშოშმინების“ ასეთი პროექტის რეალიზება პარიზმა და ბერლინმა სამხრეთ ოსეთში უკვე მოახდინეს და ახლა [საქართველოს ეს სეპარატისტული რეგიონი] რუსეთთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მაშინ, 2008 წელს, ეს გეგმა გულისხმობდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ანექსიას, საქართველოსაგან მის ჩამოცილებას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებაც სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომლის მიზანს ამ რეგიონების საერთაშორისო სამართალსუბიექტობის არეალის შექმნას ითვალისწინებდა, რაც სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების დადების საფუძველს ქმნის. ეს იყო მათი საერთაშორისო ლეგიტიმიზაციის ფორმა. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი სტაბილური მშვიდობის დამყარებისათვის კეთდებოდა – როცა ორივე რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება, საქართველო მათ [ანუ ოკუპირებული ტერიტორიების] მიმართ ძალას ვეღარ გამოიყენებს და მშვიდობაც მიღწეული იქნებაო“.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/referendum-in-south-ossetia/3203005.html
„რეფერენდუმომანია“ ოკუპირებულ ცხინვალში
ზაზა წულაძე
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მარიონეტული რეჟიმი, ბოლო 24 წლის მანძილზე, აპირებს რიგით მესამე „რეფერენდუმის“ გამართვას, რომელმაც „საკონსტიტუციო საფუძვლები უნდა შექმნას სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესასვლელად“.
სეპარატისტული ანკლავის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ბრძანა, რომ მათ აშფოთებთ “სულ უფრო გახშირებული მოთხოვნები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ რუსეთმა გააუქმოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება”. ასევე, „აშფოთებთ NATO-ს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, მზარდი ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკა საქართველოს მხრიდან“.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში, სამხედრო ინტევენციის შემდეგ, სცნო “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა” (აფხაზეთთან ერთად). ყველაფერი გააკეთა, რომ იგივე ნაბიჯი ვენესუელას, ნიგარაგუას და ნაურუს გადაედგათ, 2059 წლამდე განალაგა იქ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა, ლეონიდ თიბილოვის აზრით, ეს საკმარისი აღარ არის და უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ რუსეთთან გაერთიანებით გადაწყდება.
“ჩვენი სამხრეთელი მეზობელი უარს არ ამბობს თავის მილიტარისტულ გეგმებზე და უარს ამბობს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მწვავედ ვხედავთ, ჩვენი დიდი ხნის ოცნების განხორციელების აუცილებლობას – დიდ რუსეთთან გაერთიანებას.“
მომავალი „რეფერენდუმის“ გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერ არ არის. საუბარია, რომ ეს 2017 წლამდე უნდა მოხდეს. ექსპერტები, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში ყურადღებას ამახვილებენ, იმ ფაქტზე, რომ ეს იქნება ამ თემაზე გამართული უკვე რიგით მესამე „რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში”.
პირველი „რეფერენდუმი“ ანკლავში, 1992 წლის იანვარში გაიმართა, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მაშინ უცნაური შედეგი დაფიქსირდა: 99,91%-მა (53308 ადამიანმა) დაუჭირა მხარი „დამოუკიდებლობას“ და იგივე 99,89 %-მა (53291 ადამიანმა) „რუსეთთან შეერთებას“. „რეფერენდუმში“ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
2006 წლის 12 ნოემბერს, მეორე „რეფერენდუმზე“, 99%-ზე მეტმა მხარი უკვე „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა“, ისევ ეთნიკური ქართველების ბოიკოტის ფონზე. დღეს ანკლავში, საიდანაც ეთნოწმენდის შედეგად, ქართველობა თითქმის მთლიანად გამოდევნილია, თვლიან, რომ „2006 წლის რეფერენდუმმა“, „1992 წლის რეფერენდუმის“ შედეგების „ნიველირება“ მოახდინა, ამიტომ „მესამე რეფერენდუმი“ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს: „ასეთი რეფერენდუმები ადრეც ჩატარებულა, თუმცა მას და ე.წ სტრატეგიულ ხელშეკრულებებს რუსეთთან არანაირი ფასი არ აქვს. მთავარია, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია, რუსეთი გასულია საერთაშორისო კონტროლის ზონიდან. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს საერთაშორისო საზოგადოება და სამართალი. ამაზე იქეთ, დღეს ჩვენ ვერ გადავხტებით“.
კრემლში ცხინვალის მორიგ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებიან. ცნობილია, რომ 2015 წლის ბოლოს, ანალოგიურ ძმურ შეთავაზებაზე, მოსკოვში განაცხადეს, რომ „დღეს ამის დრო არ არის“. რუსეთს ყოველწლიურად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შენახვა – დაახლოებით, 9 მილიარდი რუსული რუბლი, 115 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც ანკლავში თებერვლის დასაწყისში ჩატარდა, „სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე“ სულ 53 559 ადამიანი ცხოვრობს, აქედან, 30 ათასი – ქალაქ ცხინვალში (ანუ „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის რაოდენობა უფრო ცოტაა, ვიდრე ქალაქ ზუგდიდისა, რომელშიც 66 ათასი ადამიანი ცხოვრობს!).
გამომდინარე იქიდან, რომ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა უმრავლესობა (98%-ზე მეტი) ოფიციალურად რუსეთის მოქალაქეა და 2016 წლის სექტემბრის რუსეთის დუმის არჩევნებზე ეს ადამიანები (პლუს ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობა, ანუ „რუსეთის მოქალაქეები“, ჯამში 65 ათასი „ამომრჩეველი“), ხმას ჩინეთ-მონღოლეთის მოსაზღვრე იმერბაიკალეთის, ჩიტასა და დაურის საარჩევნო ოლქებში მისცემენ, ცნობილმა რუსმა პოლიტიკურმა ექსპერტმა ლეონიდ სტროჩმა ცხინვალის მორიგ იდეას, „სარეფერენდუმო ფარსი“ უწოდა.