globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 24th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ბიძინა მორიგ სამთავრობო კარუსელს გეგმავს? // “ქართუს ბიჭს”  ერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეზე ატრიალებენ”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ არეულობას აპირებს“

„საქართველო და მსოფლიო“: გაუმაძღართა კოალიცია და მექსიკური ოცნება

„საქართველო და მსოფლიო“: ვინ აგებს პასუხს: გოგი თოფაძე თინა ხიდაშელის მხილებისთვის თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნების გაყალბებისთვის?

რეზონანსი: თბილისის საქალაქოს სასამართლოს ექს-თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს მოსამართლეები დაუპირისპირდნენ

რეზონანსი: იკვეთება თუ არ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაში პოლიტიკური ინტერესი?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა ახვლედიანთან: „ჩემი განცხადებების გამო დამსაჯეს“ // ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „მამუკა ახვლედიანი ცუდი მენეჯმენტის გამო მოვხსენით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან: „მამუკა ახვლედიანი დარღვევების გამო გადააყენეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „მოსამართლეთა 90% შესაცვლელია”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: “ისლამური სახელმწიფო ლიტვასაც დაემუქრა… სირიიდან ლტოლვილების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს”

„საქართველო და მსოფლიო“: ზავი სირიაში და დასკვნები საქართველოსათვის

რეზონანსი”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ“

რეზონანსი: ერთ ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის! // “საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა შეიძლება 1,5 მილიონამდეც იყოს”

————————-

რეზონანსი”, 24 თებერვალი, 2016 წელი

ბიძინა მორიგ სამთავრობო კარუსელს გეგმავს?

ქართუს ბიჭსერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეზე ატრიალებენ

ეკატერინე ბასილაია

მარტში სამთავრობო კარუსელის მოლოდინია – საგარეო საქმეთა მინისტრად- დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრად – მიხეილ ჯანელიძე და ფინანსთა მინისტრად – დიმიტრი ქუმსიშვილი. ასევე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნოს, რომელიც ახლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსია. გუშინ სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია “რეზონანსს” საკუთარმა წყარომაც დაუდასტურა. მმართველი კოალიციიდან ამ საკითხზე კომენტარი მხოლოდ “ფორუმის” წევრმა ანი მიროტაძემ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, მალე უცხოეთიდან პრემიერი დაბრუნდება და თუ ასეთი რამ ხდება, შეიძლება ეს თემა კოალიციის ფორმატში იყოს განხილული. კითხვაზე, წინა ცვლილებები თუ ყოფილა კოალიციის წევრებთან შეთანხმებული, ანი მიროტაძე ამბობს, რომ “მინისტრთა ცვლილებებისას კონსულტაციები ზოგჯერ გამართულა, ზოგჯერ – არა. მაგალითად, ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის ყოფილი პრემიერის ირაკლ ღარიბაშვილის გადადგომა”.

პოლიტოლოგების თვალსაზრისით, თუკი ამგვარი ცვლა მოხდება, ეს მხოლოდ “შიდა წრეში ტრიალი” იქნება და წინასაარჩევნოდ “ოცნებას” არანაირ დივიდენდს არ მოუტანს.

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილისთვის მიუღებელია, საგარეო საქმეთა მინისტრის წარამარა ცვლაც და ასევე “ქართუს ბიჭის” სამთავრობო კარუსელით ერთი სავარძლიდან მეორეში მონაცვლეობაც. “ქართუს ბიჭად” კი ექსპერტი ეკონომიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს მოიხსენიებს, რომელიც ადრე “ბანკი ქართუს” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და სამ თვეში ერთხელ შეცვლა სახელმწიფოს არასტაბილურობაზე მიუთითებს, ამიტომაც პრემიერს დაფიქრებას ურჩევს: “ერთადერთი, რაც შემიძლია პრემიერ-მინისტრს ვურჩიო, გაიხსენოს ქართული ანდაზა – შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. ჭრა-კერვის კურსები არ გახლავთ მთავრობის დაკომპლექტების მთავარი ინსტრუმენტი. ასეთი მორიგი კარუსელის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მით უმეტეს, როცა რამდენიმე თვის ინტერვალით სამი სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრი დადიოდა მსოფლიოს გარშემო და უხერხულია, პირველი დიპლომატის ასე ხშირი ცვლა, ეს ქვეყნის არასტაბილურობაზე მიუთითებს,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი. მისი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ ხადური საზოგადოებაში პოპულარული არ არის და ყველაზე მეტი კრიტიკა მასზე მოდის, ის კარგი მინისტრია და მისი “ქართუ ბიჭით” ჩანაცვლება არაადეკვატურია.

“ნოდარ ხადურს რას უშვრებიან, არ გვეუბნებიან? ნათქვამია, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, მაგრამ ხადურის მჯობნი ბევრი არ მეგულება. მით უმეტეს, როდესაც “ქართუს” ერთ კადრს ატრიალებენ ერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეზე. თუ ვაჟკაცები არიან, დასვან ნოდარ ხადური ახალ კანდიდატთან ერთად პირდაპირ ეთერში და მთელ საზოგადოებას გააგებინონ, ვინ ვინ არის. დარწმუნებული ვარ ამაზე ახალი კანდიდატი უარს იტყვის. დიმიტრი ქუმსიშვილი მხოლოდ “ქართუს” ბიჭია და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ის ვერ მოვა ვერც ინტელექტით და ვერც ცოდნით. არ მინდა სხვის ომში ბრძენი ვიყო, მაგრამ თუ ასეთი ცვლილებები მოხდება, მაშინ გვექნება საფუძველი იმ ადამიანების პასუხისმგებლობა გავზარდოთ, რომლებმაც ასეთი ცვლილებები ჩაიფიქრეს და განახორციელეს, ისევე როგორც განვსაზღვროთ ახალი კადრების ადეკვატურობა ახალ თანამდებობაზე,” – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები არ არის, ეს კოსმეტიკაა და მეტი არაფერი.

“ამ ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. თუკი დადასტურდება, შემდეგ ვილაპარაკებ, თუმცა რაც თქვენ თქვით, ეს ცვლილებები არ არის, ეს კოსმეტიკაა და მეტი არაფერი. ეს გადაჯგუფებაა, შიგნით წრეზე ტრიალია. ხელისუფლებას სისტემური ცვლილებები სჭირდება და ამ სახით ცვლა იგივეა, რომ არაფერი განახორციელო. შესაბამისად კომენტარის გაკეთებაც არ მინდა,” – ამბობს გია ხუხაშვილი.

———–

როგორც სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” აღნიშნავს, სამთავრობო ცვლილებები უკვე შეთანხმებულია და გადაწყვეტილია, რომ პირველი დიპლომატი დავით ზალკალიანი ხდება. სააგენტოს ცნობით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ეს ცვლილებები მარტში განხორციელდება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია, ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა, აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.

ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში რომ მინისტრთა კაბინეტში რაღაც ცვლილება აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოქმედი მთავრობის პოლიტიკით ნდობადაკარგულ ამომრჩევლებში შეცვლილი კაბინეტის იმედის იმიტაცია მაინც გააჩინოს. თანაც, “გუნდის განახლება” გასული წლის დეკემბრის ბოლოს თავად ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც კი დააანონსა ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-თან ინტერვიუში.

საკადრო ცვლილებების მოლოდინი დეკემბერშიც იყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან მოულოდნელად გადადგა და მთავრობა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაიბარა, რომელსაც მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია, მაგრამ გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამორიცხავდა მთავრობაში ცალკეულ ცვლილებებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა “ჯი-დი-ეს”-ზე განაცხადა, ახალი პრემიერი საკადრო ცვლილებას ვერ ასცდებოდა და მას გუნდის განახლება მოუწევდა.

“გიორგი კვირიკაშვილმა კარგი განმარტება გააკეთა თვითონ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ის იყო ამ გუნდის წევრი, მას გაუჩნდა სურვილი, რომ ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გადახალისება. თვითონ ის, რომ ცვლილებები არ მომხდარა პროცესში, არ მომხდარა სასწრაფოდ და მყისიერად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და გუნდი ძირითადად სწორად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი საჭიროებს კორექტირებას, ყოველთვის უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ ასცდება კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს გუნდის განახლება. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” წევრი ანი მიროტაძე მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.

“არ ვიცი, რას ფიქრობს პრემიერი. ის ჩამოვა საქართველოში, კოალიციას დაგეგმილი აქვს მასთან შეხვედრა და არ გამოვრიცხავ, თუკი საკადრო ცვლილება დაგეგმილია, ამაზე პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიაროს. ამ დრომდე გუნდში არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მინისტრთა ცვლილებებისას კონსულტაციები ზოგჯერ გამართულა, ზოგჯერ – არა, მაგალითად ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა,” – აღნიშნავს ანი მიროტაძე. მისი განცხადებით, თავის დროზე, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერმა იგივე შემადგენლობა წარმოადგინა, თქვა, რომ ჯერ კარგად არ ვარ მზად რაიმე ცვლილებისთვის, ვინაიდან მინდა ეს ადამიანები მუშაობის პროცესში ვნახოო.

“რამდენადაც ვიცი, პრემიერთან თითოეულ სამინისტროს პრეზენტაცია ჰქონდა, ვის რა პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები ჰქონდა. შესაძლოა, დაკვირვების ეტაპი უკვე დასრულებულია და პრემიერმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო. ეს ჩემი ვარაუდია, რაიმე ფაქტით ეს ინფორმაცია გამყარებული არ არის. საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ცვლილება ცუდი არ არის. როდესაც ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული და მას ბოლომდე თავს ვერ ართმევ, უნდა შეიცვალო. ამაში საოცარი არაფერი იქნება. ეს ხომ ქვეყანაა და ქვეყანას არ უნდა ეთამაშო, მით უფრო რომ ამდენი გამოწვევა გვაქვს. ყველაფერი და მათ შორის თანამდებობებიც, დროებითია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ხშირად ეშლებათ და როდესაც თანამდებობებზე ინიშნებიან, ჰგონიათ, რომ სულ თანამდებობაზე უნდა იყვნენ. თავის დროზე როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებები არ განახორციელა, ჩავთვალე რომ ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას პრემიერის რანგში უნდა ენახა თანაგუნდელების მუშაობა,” – აღნიშნავს ანი მიროტაძე და დასძენს, თუკი ვინმეს ეს ცვლილება კოალიციის შიგნით არსებული რაღაც გაუგებრობების გადაფარვა ეგონება, “პოლიტიკური გადაფარვაც არის ერთგვარი მეთოდი.”

“ყველას აქვს უფლება ასე იფიქროს და თავისი დასკვნები გააკეთოს, თუმცა დღეს თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის რაც ხდება, ამის მინისტრების ცვლილებით გადაფარვა არ მოხდება, ეს გაუგებრობა საბოლოოდ უნდა გაირკვეს,” – მიიჩნევს ანი მიროტაძე.

„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ქართული ოცნება საარჩევნოდ არეულობას აპირებს

აპირებენ თუ არა „ნაციონალები“ არეულობის მოწყობას, რატომ „გადააგდო“ ისინი გიორგი კვირიკაშვილმა, რაში მიბაძავენ რეჯებ ერდოღანს, ვინ შეჰყავთ საარჩევნო სიაში, რა დავალება მიიღეს „გირჩებმა“ ხელისუფლებისგან – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

- თქვენმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს ნაცმოძი მოიგებს. თქვენი აზრით, რის საფუძველზე აკეთებს ოდესის გუბერნატორი ასეთ პროგნოზს? ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ არეულობის მოწყობის ხარჯზე აპირებთ გამარჯვების გაფორმებას.

- რას ჰქვია, რის საფუძველზე გააკეთა ასეთი განცხადება? თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ, რომ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ? ეს ასე იქნება და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ჩვენ საარჩევნო სიაში ბევრი ახალი ადამიანი გვეყოლება. მათი გამოცდილება პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც, მნიშვნელოვანთან ერთად, საინტერესოც იქნება.

პარტიის განახლება აუცილებელია, მოგეხსენებათ, რომ ნაციონალური მოძრაობა 2000 წლიდან არსებობს. 2003 წელს ამ პარტიას ჩვენ, „ბურჯანაძე-დემოკრატები” შევუერთდით და, იქიდან მოყოლებული, სულ ახალი სახეების ძიებაში ვართ. არჩევნების მოგებაში ის გამოცდილებაც დაგვეხმარება, რომელიც დაგვიგროვდა. უუნარო ხელისუფლების შემხედვარე მოსახლეობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქმის კეთება ჩვენს პარტიას შეუძლია. “ქართულმა ოცნებამ” ყველა სფერო გაანადგურა, მათ შორის ჯანდაცვის სფერო.

- ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებას ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ და წარმატებულს უწოდებენ...

- წარმატებულს უწოდებენ, მაგრამ თავადაც აღიარებენ, რომ ამ სფეროში მიმდინარე პროგრამებს მალე დიდი პრობლემა შეექმნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საქართველოს ბიუჯეტი მაქსიმუმ 3-4 წელი თუ გაუძლებს. ამას მე არ ვამბობ. ამაზე მათთან დაახლოებული ექსპერტები საუბრობენ.

კატასტროფული ვითარებაა ენერგეტიკაში, გადაზიდვებსა და ტურიზმში. აბა, გაიხსენეთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ტურიზმისადმი იმ ბრძენ კაცს, გვარად ივანიშვილი რომ არის. ის ამბობდა, სააკაშვილს გადაჭარბებული მოლოდინი აქვს. მოკლედ რომ გითხრათ, სფერო არ დარჩა, რომელიც ამათ არ გააუბედურეს. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარ ტყავზე იგრძნო ამათი პირველი და მეოთხე „საუკეთესო“ წელიწადიც. რომელიც ლარის რეკორდული გაუფასურებით აღინიშნა. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ „ქართული ოცნება“ წლევანდელ არჩევნებს ვერ მოიგებს. ამას თავადაც აღიარებენ.

- სად აღიარეს, არჩევნებს წავაგებთო?

- საარჩევნო კანონმდებლობა რომ არ შეცვალეს, ეს იმის აღიარებაა, რომ არჩევნებს წააგებენ. წაგების შიში რომ არ ჰქონდეთ, ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდნენ, მით უმეტეს, თავად ითხოვდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ამის მაგივრად ისე მიჩეხ-მოჩეხეს საარჩევნო ოლქები, თავადაც გაურკვევლობაში არიან ჩავარდნილი. ფონს გასვლას ამ აჯღა-ბუჯღა კანონით შეეცდებიან. ჩვენ კი ძალიან მაგარი გუნდით წარვდგებით და ჩვენი ლიდერი არჩევნებისთვის ძალიან წარმატებული იქნება. მიშა სააკაშვილი უკრაინაში დიდ ამბებს მოაწყობს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

- უკრაინის ამბები რატომ იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი სტიმული?

- ჩვენ უკრაინასთან ერთად გვეძლევა დიდი შანსი, ამ რთული სიტუაციიდან გამოვძვრეთ. ყველაფერი ისე ლაგდება, გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ხელში აიღოს ძალაუფლება. შეიძლება, ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ მათ 4 წლით ქვეყანას აღარავინ ანდობს. აქ მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან კი არ მართავს, არამედ ფლობს ამ ქვეყანას. გამორიცხულია, მან დილით გაიღვიძოს და იკითხოს – ახალი გზა დააგეთ? არც იმით დაინტერესდება, მოგვარდა თუ არა ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემა, რომლის მოუგვარებლობის გამოც ჩვენ გვსაყვედურობდნენ, სულ იმას გვაძახებდნენ, პარლამენტის შენობის გაკეთებას, წყლისთვის მიგეხედათო.

- ისე, არ ჯობდა, პარლამენტის აშენების ნაცვლად წყალმომარაგების პრობლემა მოგეგვარებინათ?

- პარლამენტიც საჭიროა, წყალსაც მოვაგვარებდით, მაგრამ არ დაგვაცალეს. „ქართული ოცნება“ სამი წელია ხელისუფლებაშია და ჭა მაინც გაეკეთებინათ.

- ზემოთ თქვით, ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ იკითხავს, ახალი გზა თუ დაიგოო. რატომ უნდა იკითხოს, ის აღარ არის პრემიერი. მისი მთავარი საზრუნავი ახლა შეიძლება იყოს, ჭამა თუ არა რაიმე მისმა ზვიგენმა...

- პრემიერი ოფიციალურად აღარ არის, თორემ სინამდვილეში ქვეყნის მფლობელია. მას მართლაც რომ სდომებოდა პოლიტიკიდან წასვლა, თავის დროზე არც პრეზიდენტს დაგვინიშნავდა და არც მისთვის სასურველ მერს დაგვანიშვნინებდა. ან იქნებ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ ღარიბაშვილი მაგან გაუშვა. მე ვერ დავიჯერებ, რომ კაცს სიზმარში ვირთხები დაესიზმრა, შეეშინდა და პრემიერის თანამდებობა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილიც მან დანიშნა და რატომ გიკვირთ, რომ ივანიშვილმა უნდა იკითხოს, დაიგო თუ არა ახალი გზა. კვირიკაშვილზე ერთი კაი რამ გამახსენდა. მან ერთი წლის წინ დაიწყო საგადასახადო რეფორმა. ორი კვირის წინ თქვა, „ვსიო, უკვე გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯიო“.

- არ გჯერათ, რომ ნაბიჯი გადადგა?

- პარლამენტში კანონპროექტი არ შემოსულა და როგორ დავიჯერო.

- გიორგი კვირიკაშვილზე რადგან ვსაუბრობთ, მან პირობა დადო, ნაციონალებს შევხვდებიო. ახლა გაირკვა, რომ გირჩებთან” აპირებს შეხვედრას და რა ხდება, გირჩა არჩია ნაცმოძს?

- მოიცა, არ იცით, ამაზე რა მოხდა? ერთ-ერთ დახურულ ბიზნესფორუმზე კვირიკაშვილმა ჩვენზე თქვა, მაგათ თან მაკრიტიკონ და თან შემხვდნენ, ეგრე სად არისო.

- დახურულ შეხვედრაზე თუ თქვა, თქვენ საიდან გაიგეთ?

- იქ მყოფებმა სათითაოდ მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია. ჩვენ გვეგონა, კვირიკაშვილს რთული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის გზების ძიება სურდა, თურმე იმიტომ უნდოდა შეხვედრა, რომ აღარ გაგვეკრიტიკებინა. წინა კვირაში პარლამენტის სხდომაზე „გირჩებმა“ პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ პირდაპირ ვუთხარი – საშინაო დავალებად გაქვთ მოცემული ეს მოთხოვნა, რომ ჩვენთან შეხვედრის კომპენსაცია მოახდინოთ-მეთქი. ამას მაშინ მედიამ ყურადღება არ მიაქციეთ. ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ესაუბრონ `გირჩი~ და პრემიერი ერთმანეთს.

- შესაძლოა, მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე ისაუბრონ. `გირჩები~ ამ თემით ძალიან არიან დაინტერესებული...

- ეს ცუდი სასაუბრო თემა არ იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგი არც მე ვარ. სამაგიეროდ, სასტიკად ვეწინააღმდეგები მის ლეგალიზაციას. ილაპარაკონ ამ თემაზე, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს არაა საინტერესო.

- აღნიშნეთ, რომ გირჩებს საშინაო დავალება ჰქონდათ მიღებული. ამას ისე არ იტყოდით და რაიმე ინფორმაცია გქონდათ მიღებული სარწმუნო წყაროებიდან?

- წყარო და ნაკადული რად მინდა. ჩემი გამოცდილების ადამიანს რაღაც მეექვსე გრძნობა აქვს განვითარებული. ეს „გირჩა” პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. მაშინაც კი არ მოდიან, მათ მიერ ინიცირებული კანონების განხილვა რომ ხდება. იმ დღეს მოცვივდნენ და თქვეს, პრემიერთან გვინდა შეხვედრაო. კვირიკაშვილიც უცებ გამოვარდა და პასუხი გასცა. ასე ოპერატიულად როგორ გაიგო ნეტავი.

- რატომ ვერ უნდა გაეგო პრემიერს, თავად არ თქვით, სხდომაზე გააკეთა ეს განცხადებაო...

- მერე რომ გააკეთა, მათი განცხადება არავის გაუშუქებია, პრემიერმა კი სასწრაფოდ გასცა ამ მოწოდებას პასუხი.

- თქვენი აზრით, საიდან გაიგო?

- “გირჩებმა“ მესიჯი მისწერეს, გიორგი, როგორც მოვილაპარაკეთ, ისეთი განცხადება გავაკეთეთო. ისიც მზადაა, ნაციონალების ჯინაზე შეხვდეს. შეხვდეს, კაცო, მაგის მეტი სადარდებელი არ მოგვცა ღმერთმა. მე ის ვიცი, რომ ჯინაზე გაკეთებული საქმე არ გამოდის.

- ქართული ოცნება რომ არჩევნებს წააგებს, ამაში ღრმად ხართ დარწმუნებული და ამის მიზეზად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებთ. ამ შეუსრულებელი დაპირებების საპირწონე თქვენი მმართველობის 9 წელი რომ იქნება, ეს გავლენას არ იქონიებს არჩევნებზე?

- აღარ იქონიებს, 9 წლის ძახილი აღარ მუშაობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის წინსვლა გადაწონის. ყველა თავის შეცდომებზე სწავლობს და ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ამის გათვალისწინებით მოგვყავს პარტიაში ახალი ხალხი.

- ახალი სახეების მოყვანაზე რამდენჯერმე ისაუბრეთ და შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?

- შემიძლია, მაგრამ მათ ვინაობას არ დავასახელებ. ამას საჭირო დროს გაიგებთ.

- ის მაინც გვითხარით, ცნობადი სახეები არიან?

- ცნობადი სახეებიც არიან და თავიანთ საქმეშიც აქვთ დიდი გამოცდილება.

- რა პროფესიის წარმომადგენლები არიან?

- არც ამას ვიტყვი.

- ადრე რომელიმე პარტიაში თუ იყვნენ?

- არა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ძალიან გამოცდილი ხალხია. ჩვენი საარჩევნო სია სერიოზულად განახლდება. ისეთი ხალხი მოვა პარტიაში, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესებია მთავარი, თორემ, ხომ ხედავთ, მეოცნებეების ხელში საქართველო რადარებიდან გაქრა და, როგორც სააკაშვილი იტყოდა, აღარც განხეთქილების ვაშლი ვართ და აღარც – კიტრი.

- ეს ახალი სახეები შეძლებენ ქვეყნის ვაშლად ქცევას?

- ისინი შეძლებენ, ის საქმე გააგრძელონ, რომელიც 2003 წელს დავიწყეთ.

- ვის ხარჯზე მოხდება სიაში მათი ჩასმა? თქვენს ადგილას შესაძლოა რომელიმე ახალი სახე მოხვდეს?

- კონსტიტუციაში კი არ წერია, რომ მიშა მაჭავარიანი ათადან ბაბამდე დეპუტატი უნდა იყოს. მეც ჩამანაცვლებენ, ალბათ. თუ ვიღაცამ მაჯობა, რატომ არ უნდა იყოს ჩემ ნაცვლად სიაში? როცა საჭირო იყო, მაშინ არსებულ გამოწვევებს კარგად ვუპასუხე.

- ახლა ვეღარ უპასუხებთ გამოწვევებს?

- როგორ ვერ ვუპასუხებ, მაგრამ ახალ ადამიანებსაც უნდა დავუთმოთ გზა და ადგილი. მეეჭვება, რომ საარჩევნო კამპანია ვინმემ ჩემზე უკეთესად აწარმოოს.

- აბა, რატომ უნდა შეგცვალონ?

- ვიღაცამ ხომ შეიძლება ჩემზე უკეთესად იცოდეს ეკონომიკა, ავდგეთ და ის შევიყვანოთ პარლამენტში. ამაში ერდოღანს უნდა მივბაძოთ.

- კონკრეტულად რაში უნდა მიბაძოთ ერდოღანს? მაგას ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს აბრალებენ...

- ჩვენც გვაბრალებენ ეგეთ რაღაცებს. შესაძლოა, ეს ერდოღანი მოგვწონდეს ან _ არა, მაგრამ პარტიაში ერთი ძალიან საინტერესო წესი აქვს დამკვიდრებული. ამ წესის თანახმად, ერთი და იგივე ადამიანი პარლამენტში ორზე მეტად არ უნდა მოხვდეს.

- თქვენს პარტიაში ზოგიერთი უკვე მეოთხე ვადით არის პარლამენტის წევრი...

- მეც მაგას ვამბობ და ამიტომაც მხარს ვუჭერ განახლებას.

- ზემოთ არ მიპასუხეთ, აპირებთ თუ არა არეულობის მოწყობას, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს...

- რა არეულობა უნდა მოვაწყოთ? ერთადერთი ძალა, რომელსაც საარჩევნოდ არეულობა აწყობს, “ქართული ოცნებაა“.

- მათ რაში აწყობთ არეულობა?

- არეულობის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებენ. ეს საგარეჯოსა და გარდაბნის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. თავიანთი ნამოქმედარი რომ გადაფარონ, აქეთ გვაბრალებენ, რომ არეულობის მოწყობა გვინდა. არ გამოვრიცხავ, რაღაც ახალი სატელეფონო საუბრები გამოყარონ, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ გააკეთეს. ამ თემაზე ვსაუბრობთ და აღძრული საქმე გამახსენდა. ხომ დაიწყეს გამოძიება შეთქმულების მზადებაზე. მაინტერესებს, სად არის შედეგი? რამდენიმე დეპუტატი დაკითხეს და ამით დასრულდა ეს საქმე. ჰო, კიდევ, საბურავები არ დამავიწყდეს, იქნებ ჟურნალისტებმა მაინც მოიკითხოთ, სადაა ეს საბურავები, ჩვენ რომ უნდა დაგვეწვა. ჩვენ არჩევნებისთვის ახალი პროგრამითა და ახალი ხალხით ვემზადებით და ახალ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ.

- მოგებაში ძალიან ხართ დარწმუნებული და ვნახოთ...

- ვნახოთ, ანდა, როგორც საჩხერელები იტყვიან, ვნახოთ.

„საქართველო და მსოფლიო“, 24 თებერვალი, 2016 წელი

გაუმაძღართა კოალიცია და მექსიკური ოცნება

დიმიტრი მონიავა

„“რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ კონფლიქტი არ არის ტროას ომი და მას პოემებს არ მიუძღვნიან, თუმცა გასულ კვირას მან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, რას წარმოადგენს მმართველი კოალიცია და როგორია მისი პერსპექტივები. ხომ არ მოუტანს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ „პიროსის გამარჯვებას“, რომლის შემდეგ კრახი გარდაუვალი გახდება?

ბოლო სამი წლის განმავლობაში “ოცნებამ” საკმარისზე მეტი ამომრჩეველი დაკარგა. მას შორდებიან როგორც კონსერვატორები, ისე ლიბერალები, ამიტომ დღეს მისი ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას, შიგა კოალიციურ კონფლიქტებში ერთ-ერთი მხარე ერთმნიშვნელოვნად გაამტყუნოს, რადგან მის უკან მდგომი ამომრჩევლების გაღიზიანებას ერიდება. აქ საუბარია არა იმდენად “მრეწველებისა” და რესპუბლიკელების ტრადიციულ და შედარებით მცირერიცხოვან ელექტორატზე, რამდენადაც ყველა პირობით “ლიბერალსა” და “კონსერვატორზე”, რომლებიც მსგავს დაპირისპირებებში ერთ-ერთ მხარეს გულშემატკივრობენ. რაც ყველაზე საინტერესოა (ეს კარგად აისახება სოცქსელებში), მათ უმრავლესობას ის კი არ აინტერესებს, რომ კონკრეტულ ეპიზოდში თოფაძემ ან ბერძენიშვილმა (თუ ვინც იქნება) თავისი სიმართლე დაამტკიცოს, არამედ ის, რომ მათთვის საძულველ ფიგურას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. მთლიანობაში ეს გამოიყურება, როგორც გაკოტრებული ცირკი დაბერებული გლადიატორებით, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: არჩევნებამდე დარჩენილ დროში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა (თუ კოალიციის დაშლას არ აპირებს) იძულებული იქნება, დაიცვას ბალანსი, რათა განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ამომრჩევლები არ დაკარგოს.

საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა სახელისუფლო პარტიები, როგორც წესი, ცდილობენ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიათაშორისი ბრძოლა შიდაპარტიული დაპირისპირებით ჩაანაცვლონ. როდესაც ცხადი ხდება, რომ ამა თუ იმ პრობლემის განხილვა გარდაუვალია, ოპოზიციას ინიციატივას არ უთმობენ და თვითონვე იწყებენ დისკუსიას თავიანთი “კონსერვატორების”, “ლიბერალების”, შინაური ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, 1997-2000 წლების “მოქკავშირი” თავისი “ახალგაზრდა რეფორმატორებით”, მათი ოპონენტებით და (სავსებით მართვადი) პაექრობა ტელესტუდიებში თუ პრესის ფურცლებზე, თუმცა ეს ხერხი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში დღის წესრიგის ფორმირებას მყარად აკონტროლებს. დღეს ასე არ არის და ამიტომ აუდიტორიას, დიდი ალბათობით, შეიძლება მმართველ კოალიციაში დიდი დაპირისპირებისა და კრიზისის შთაბეჭდილება შეექმნას.

ვინაიდან 1990-იანების მეორე ნახევარს შევეხეთ, საინტერესო, ალბათ, იმის გახსენებაც იქნება, რომ იმხანად სრული სერიოზულობით განიხილებოდა ე.წ. მექსიკური მოდელი და “მოქალაქეთა კავშირის” გარდაქმნა მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის ადგილობრივ ანალოგად. ეს პარტია ქვეყანას, ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში, 70 წლის განმავლობაში მართავდა და მისთვის, იდეოლოგიის უკანა პლანზე გადაწევის გარდა, დამახასიათებელი იყო ფრაქციების შექმნისა და შემდგომი ურთიერთქმედების (თავისი კონფლიქტებითა და ალიანსებით) კარგად გააზრებული და მართვადი პროცესი. რეალურად, ამ პარტიამ “შეისრუტა” მთელი პოლიტიკა და მრავალპარტიულობა მრავალფრაქციულობით ჩაანაცვლა. ამ მოდელის საქართველოში დამკვიდრებას ხელი რამდენიმე გარემოებამ შეუშალა. მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის ერთიანობას უზრუნველყოფდნენ არა იმდენად ლიდერები, რამდენადაც გარკვეული პრინციპები და თამაშის წესები, რომელიც საქართველოსთვის, პარტიული აღმშნებელობის “ბელადისტური ტრადიციებით” და უცნაური სიძულვილით ყოველგვარი შეზღუდვების მიმართ, უცხო იყო. ამასთანავე, შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ “ახალგაზრდა რეფორმატორებმა”, რომ იტყვიან, “ბუქსაობა” დაიწყეს. ისინი ვერა და ვერ ახერხებდნენ დამაკმაყოფილებელი შედეგების მოპოვებას შიდაპარტიულ ბრძოლაში და რაღაც მომენტში მათთვის, ისევე, როგორც მათი უცხოელი პარტნიორებისთვის, ცხადი შეიქნა, რომ უფრო შედეგიანი იქნებოდა “მოქკავშირის” დატოვება და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა. საუბრები “მექსიკურ მოდელზე” “ნაცმოძრაობის” მმართველობის პირველ წლებში განახლდა, მაგრამ მალევე შეწყდა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ყველასათვის ცხადი გახდა _ მმართველი პარტია ჰგავს ყაენის გარშემო გაერთიანებულ შუა საუკუნეების მონღოლურ ურდოს და გარდაქმნას არ დაექვემდებარება. ყველა შემდგომი დაპირისპირება მის შიგნით პირადი ამბიციებისა და ფინანსური ინტერესების შეუთავსებლობის შედეგად წარმოიქმნა. მართალია, დაახლოებით 2010 წლის დასაწყისში მის წიაღში დაიბადა განწყობა, რომელსაც პირობითად შეიძლება “ნაციონალური ტერმიდორის იდეა” ვუწოდოთ, მაგრამ პარტიის შედარებით წინდახედული ხელმძღვანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ “იაკობინელების” ჩამოცილების გარეშე რეჟიმს და საკუთარ კეთილდღეობას ვერ გადაარჩენდნენ. თუმცა ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის რესურსები და გამბედაობა არ ეყოთ. თანაც, როგორც ჩანს, თავის სიმართლეში მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნეს. იყო რაღაც არაოფიციალური საუბრები, მინიშნებები მედიაში, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბზარს, რომელიც ნაპრალად არ გადაიქცა, შიდაპარტიული ფრაქციების შექმნასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საზოგადად კი, ბოლო ათწლეულში საუბარი ფაქტობრივ ერთპარტიულობაზე, როგორც სახელმწიფო აღმშენებლობის ხელშემწყობ ფაქტორზე, ერთობ უხერხული გახდა და ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ “მექსიკური მოდელი” არავის გახსენებია (არადა, რეალურად “მთელი ეს მექსიკა” დღეს, შესაძლოა, გაცილებით ახლოა, ვიდრე ოდესმე).

რა აერთიანებს “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს? 2012-ში ყველაფერი ცხადი იყო: არსებობდა სააკაშვილის რეჟიმი, რომლის განადგურება ამომრჩეველთა უმრავლესობას სწყუროდა. დღეს ეს ფაქტორი მოხსნილია, ხოლო რეჟიმის ნარჩენები არ გამოიყურება საკმარისად მრისხანედ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო საფრთხობელად წარმოაჩინონ (თუმცა ამის მცდელობას ადგილი, სავარაუდოდ, ექნება). არ არსებობს არანაირი გამაერთიანებელი პოზიტიური იდეა (“ერთად ვაშენოთ” ტიპის ლოზუნგები ასეთად ვერ ჩაითვლება), კოალიციის შემადგენელი ელემენტები ზოგიერთი საკითხის მიმართ დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. საბოლოოდ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენ შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ დღეს კოალიციასა და მის ამომრჩევლებს აკავშირებს მხოლოდ ლოიალურობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც უცნაური კვაზიმონარქიული პრინციპი. თავის დროზე დიდი ბრიტანეთის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ეგვიპტის პოლიტიკურ ისტორიაში იყო ასეთი ტერმინი _ “მეფის მეგობართა პარტია”. საუბარმა იმაზე, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული ახალი რეჟიმი, არსებითად, კრიპტომონარქიაა, შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს, უბრალოდ, იმის კონსტატაციით შემოვიფარგლოთ, რომ “ოცნების” ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ხმას მისცემს არა კოალიციის პროგრამას ან მისი მთავრობის წარმატებულ მუშაობას და არც სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანდება, არამედ მხარს დაუჭერს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის ფაქტობრივ მმართველსა და სტაბილურობის გარანტს. ამ მხრივ, არჩევნები რეფერენდუმზე ნდობის საკითხის გამოტანას დაემსგავსება. ეს მოტივები და პოლიტიკური ნების რეალიზაციის ფორმები ძალიან შორია დემოკრატიის ძირითადი იდეებისგან, მაგრამ მათი გათვალისწინება მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ გავშიფრავთ იმ ადამინების ქცევას, რომლებიც ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ.

იმისთვის, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველი არ დაიბნეს, კოალიცია ადეკვატურად უნდა გამოიყურებოდეს და ერთიანობას ფორმალურად მაინც გამოხატავდეს, მაგრამ, როგორც გვიჩვენებს ბოლო ეპიზოდები რესპუბლიკელების, “მრეწველების” და კოალიციის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით, ამას ყველა როდი ახერხებს. საგულისხმოა (და ეს ისევ კრიპტომონარქიის იდეასთან გვაბრუნებს), რომ ამ ჯგუფების კონკურენცია განსხვავდება პოლიტიკური ბრძოლისგან დემოკრატიის ან, თუნდაც, ზომიერი ავტორიტარიზმის პირობებში და შესაბამის წესებს არ ექვემდებარება. ის ყველაზე მეტად მოგვაგონებს ფეოდალური ხანის ინტრიგებს, რომლის დროს მთავარ რესურსს მმართველთან სიახლოვე წარმოადგენდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში ნდობა ივანიშვილის მიმართ კვლავინდებურად მაღალია და ის მათ “აკავებს”, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან აღიზიანებთ დაპირისპირება კოალიციის შიგნით და სრულიად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ერთ მწყობრში დგომის აუცილებლობა.

ყველაზე დიდი კოშმარი, რომელიც შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე მოხდეს, ქვეყნის მასშტაბით საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამეორებაა, ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებითა და ცინიკური თაღლითობით. საგარეჯოში კატასტროფული არაფერი ხდებოდა, იმ რაუნდის მოგება ხელისუფლებას სუფთად, პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით შეეძლო (ან თუნდაც წაეგო, ერთი მანდატი არაფერს წყვეტდა), მაგრამ ამისთვის საჭირო იყო მინიმალური ნიჭი, მონდომება და, რაოდენ პარადოქსულად უნდა იყოს ამ სიტუაციაში, ღირსება. მაგრამ ხელისუფლების ძირითად რესურსად სისულელე და გაუმაძღრობა იქცა და ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალ არჩევნებში მის მთავარ პოლიტტექნოლოგებად გუბერნატორები, გამგებლები და პოლიციის უფროსები მოგვევლინონ. ასეთი არჩევნები კი გარდაუვალს გახდის “ქართული ოცნების” შემდგომ ტრანსფორმაციას გვიანდელი “მოქკავშირის” ან “ნაცმოძრაობის” ნაირსახეობად გარანტირებული კრახით 4-5 წლის პერსპექტივაში. ყოველივე ეს, ალბათ, ერთი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის რგოლებია – არაჯანსაღ სისტემაში ვერც შიდასახელისუფლო კონკურენცია იქნება ნორმალური, ის ყოველთვის “არაბუნებრივი გადარჩევით” დასრულდება და ავანსცენას უნიჭო და გაუმაძღარი ადამიანები დაიკავებენ, რომელნიც მმართველ ძალას განადგურებამდე მიიყვანენ; ეს უკვე იყო, თანაც არაერთგზის.

20 წელია, ქართველი ამომრჩეველი უყურებს ამ სახეებს და, სავარაუდოდ, მიდის დასკვნამდე, რომ მთავარი ის კი არ არის, კონსერვატორები არიან ეს პოლიტიკოსები თუ ლიბერალები, არამედ ის, რომ ისინი დეგენერატები არიან. აშკარაა, რომ ბრძოლამ თბილი ადგილებისთვის მმართველი ძალის საარჩევნო სიებში უკვე საზოგადოების შეურაცხყოფის სახე მიღო.

თუ გავიხსენებთ მარტინ ლუთერ კინგის გენიალური სიტყვებს “მე მაქვს ოცნება…”, რომელმაც ამერიკა შეცვალა, ალბათ, არ გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, როგორ სხედან დღეს “ქართული ოცნების” რიგი ამომრჩევლებისა, იხსენებენ მშფოთვარე 2012 წელს და სევდიანად იმეორებენ: “ჩვენ გვქონდა ოცნება… ჩვენ გვქონდა ისეთი ოცნება, რომელსაც ნამდვილად შეეძლო საქართველო შეეცვალა”. არჩევნების წინ ივანიშვილი, სავარაუდოდ, იძულებული იქნება, მათ უშუალოდ მიმართოს და მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნოს, მაგრამ ის ვეღარ ეტყვის “მე მაქვს ოცნება”, რადგან ეს შესაძლებლობა 2012 წლის შემდეგ განვლილ პერიოდში დაკარგა, ასე რომ, განსხვავებული ტაქტიკის გამოყენება მოუწევს. ვერაფერს ვიზამთ, სააკაშვილმა სიტყვა “გმირი” გააუფასურა, რომელსაც წამდაუწუმ უადგილოდ იმეორებდა, ივანიშვილმა კი ოცნების დევალვირება მოახდინა.

„საქართველო და მსოფლიო“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ვინ აგებს პასუხს: გოგი თოფაძე თინა ხიდაშელის მხილებისთვის თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნების გაყალბებისთვის?

გიორგი კორძაძე.

როგორც ცნობილია, ცნობილმა მეწარმემ და პარლამენტარმა, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა თავკაცმა გოგი თოფაძემ ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას კანონმდებლობის დარღვევაში. ვინაიდან ამ მასალის ავტორი ვარ, მინდა, “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს რამდენიმე საკითხი განვუმარტო.

ამა წლის 8 თებერვალს ვესტუმრე ბატონ გოგი თოფაძეს იმის გასარკვევად, რისთვის დაიმსახურა მან “ლიბერალების” რისხვა, რადგან ბატონი გოგის მიმართვაში პრეზიდენტისადმი, ვითარცა ბიბლიურმა პილატემ (ღმერთო, მაპატიე!), ვერანაირი დანაშაული ვერ ვიპოვე.

ჩემმა მასპინძელმა დაწვრილებით განმიმარტა “კოსმოპოლიტების” განაწყენიანების მიზეზი, რომელიც აისახა კიდეც გამოქვეყნებულ ინტერვიუში. საუბრის დასასრულს გამახსენდა ქალბატონი ხიდაშელის დაუფარავი ირონიით დასმული კითხვა ჟურნალისტებისადმი: “რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?” და, ბუნებრივია, დამაინტერესა, როგორ შეაფასებდა ბატონი თოფაძე თავდაცვის მინისტრის ირონიულ ფრაზას. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთ მწვავე რეაქციას არ ველოდი. ერთია, როცა არჩევნების გაყალბებაში გადანაშაულებს შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქალბატონი ინაშვილის სახით და სულ სხვაა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე მითითება თანაგუნდელის მხრიდან.

“საქართველო და მსოფლიოს” ის ნომერი, რომელმაც “შეძრა ქვეყანა და ლამის კოალიცია “ქართული ოცნება” დაშალა”, 10 თებერვალს გამოვიდა, მაგრამ იმ დღეს ბატონი თოფაძის ბრალდებაზე კრინტი არავის დაუძრავს; და რაოდენ გასაოცარი იყო, როდესაც 11 თებერვალს ატყდა დიდი აურზაური. “აფეთქდა” რედაქციის ტელეფონები. ვინ აღარ მოითხოვდა ჩემს “ცოდვილ თავს” _ “თვით” “რუსთავი 2”-ით დაწყებული და რომელიღაც უცნობი საინფორმაციო სააგენტოთი დამთავრებული. ყველას სურდა საუბრის ჩანაწერის ხელში ჩაგდება. სავალალოდ, განგებამ არ დამაჯილდოვა ვაჭრული სულით, თორემ, ჩემ ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ამ ჩანაწერს სარფიანად მიჰყიდიდა თუნდაც იმავე “რუსთავი 2”-ს. ამის მაგივრად ყველა ტელეკომპანიას, რომელმაც ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა, განვუცხადე: სანამ პირადად არ დაველაპარაკები ბატონ გოგი თოფაძეს, არ მოვასმენინებ ჩანაწერს, მის მიმართ არავითარ კრიტიკულ განცხადებას არ გავაკეთებ-მეთქი. სხვათა შორის, ჩანაწერის მოსმენის სურვილი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა უსუფაშვილმაც. ღმერთმა იცის, კიდევ რამდენ ხანს გამითბობდა სულსა და გულს ე.წ. დიდების შარავანდედი, რომ არა “ობიექტივის” სტუდიაში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას მიერ გოგი თოფაძისადმი დასმული კითხვები. გაცემული პასუხებით ბატონმა გოგიმ დაადასტურა, რომ, დიახაც, დაადანაშაულა ქალბატონი ხიდაშელი საგარეჯოში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევში, რაც სხვა არაფერია, თუ არა არჩევნების გაყალბება, და დასძინა: ის მალე აღარ იქნებაო მინისტრი! დასანანია, რომ ბატონი თოფაძის ამ განცხადების შემდეგ ჩემი პერსონისადმი გაჩენილი ეგზომ დიდი ინტერესი მინავლდა.. სამაგიეროდ, არნახულად გაიზარდა ინტერესი ბატონი თოფაძის მიმართ “ლიბერალების” მხრიდან, რაც გამოიხატა მის გაკიცხვაში, მასზე ზემოქმედებასა და აშკარა დევნაში. რა თქმა უნდა, აქაც თავი გამოიჩინეს რესპუბლიკელებმა და მათი მავნე იდეოლოგიის თანაზიარმა პირებმა. ყველასთვის ცნობილმა “პროცენტ-ნახევრიანმა ჩამშვებმა”, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა: მე ვთვლი, რომ ბატონი გოგის ადგილი არ არის არც კოალიციაში, არც “მრეწველებში” და არც პოლიტიკაშიო. “სახელოვან” ძმას მხარი აუბა დავით ბერძენიშვილმაც. მან გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში “ამხილა”. ესეც არ იკმარა და, რესპუბლიკელებისთვის ჩვეული თავხედობით, “მრეწველებს” კატეგორიულად მოსთხოვა მათი ლიდერისგან გამიჯვნა.

რესპუბლიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ხელისუფლებაზე მორგებულმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. ბატონი სოზარი 21 თებერვალს “რუსთავი 2”-ის ეთერში ვიხილე. “როდესაც ბატონი გოგი ლაპარაკობს საგარეჯოს არჩევნებზე, აბსოლუტურად არასწორია ის, რასაც ამბობს, იმიტომ, რომ ყველა არჩევნები, რომელიც კი ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, იყო სამაგალითო და ევროპულ დონეზე ჩატარებულიო”, _ განაცხადა მინისტრმა. ერთი დეტალი _ საუბრისას ბატონი სუბარის ზურგს უკან მოთხილამურემ გაიელვა და გავიფიქრე, სოზარმა, ალბათ, წეროვნისა და წილკნის დაჭაობებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამაჩაბლოელ დევნილებს ელემენტარული ყოფა-ცხოვრების საკითხები მოუგვარა და ტიტანური შრომით გადაღლილი, გამოფიტული ორგანიზმის აღსადგენ პროცედურებს ახლა ბაკურიანში იტარებს-მეთქი.

ყველაზე მეტად კი გამაოცა 19 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი პრემიერმინისტრის განცხადებამ, თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობასო.

მიჩნდება კითხვა ბატონი კვირიკაშვილისადმი _ როდიდან გახდა სიმართლის თქმა “ჩირქის მოცხება”?! თუ ასე განაგრძობთ, ბატონო გიორგი, მალე თქვენც ვეღარ გიხილავთ პრემიერმინისტრის პოსტზე. სიმართლეს, როგორც ცეცხლს, არ ეთამაშებიან!

ბატონი გოგი თოფაძე ერთადერთი აღმოჩნდა მმართველი გუნდიდან, რომელმაც კოალიციის გასაჯანსაღებლად თქვა სიმართლე საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებზე და რა მიიღო სამაგიეროდ? – პოლიტიკური დევნა თავისივე თანაგუნდელებისგან. საინტერესოა, სად გაქრნენ ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დამცველები(?!), გოგი თოფაძეც ხომ ადამიანია და, მაშასადამე, უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ პირზე ან მიმდინარე მოვლენებზე. რატომ დაიგუბეს პირში წყალი “ადამიანის უფლებათა დამცველებმა”, როდესაც რესპუბლიკელებმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე აიძულეს, დაეტოვებინა თანამდებობა? რა არ მოეწონათ უცხოური გრანტებით გაზულუქებულ, “დემოკრატიული ფასეულობების” დამცველებს ბატონ ბრეგაძეში? ის, რომ უარყოფითად მოიხსენია ე.წ. ლგბტ-ს ლიდერი, ვინმე ვაჭარაძე? არ მოეწონათ, რომ გაილაშქრა ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ? იმავე ვაჭარაძისგან შეურაცხყოფილი პატრიარქი რომ დაიცვა?

ან ბატონ თოფაძეს ბრალს რომ სდებენ “მეოცნებეები”, თითქოს თავისი “დაუფიქრებელი” განცხადებით მან გუნდურობის პრინციპი დაარღვია, რატომ “ავიწყდებათ”, რომ ეს პრინციპი პირველმა თვითონ ქალბატონმა ხიდაშელმა გათელა ფეხქვეშ, როდესაც ჟურნალისტებს დაუსვა ირონიული კითხვა: “რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?”. აგეტეხათ მაშინვე განგაში, მოგეწოდებინათ ხიდაშელისთვის, მამის ტოლი კაცისთვის ბოდიში მოეხადა, იქნებ არც ბატონ გოგის დაედანაშაულებინა ქალბატონი თინა არჩევნების გაყალბებაში?

დასასრულს მინდა კითხვით მივმართო ქვეყნის პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილს: ვინ ხართ თქვენ? დამოუკიდებელი საქართველოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მმართველი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ახირებების უყოყმანო შემსრულებელი?..

თუ პრეზიდენტი ბრძანდებით, გამოიყენეთ ძალაუფლება და გაეცით განკარგულება, დაიწყოს გამოძიება საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი კანონდარღვევის შესაძლო ფაქტზე. მხოლოდ ამ გზით გაირკვევა, ვინ უნდა აგოს პასუხი არჩევნების გაყალბებისთვის. აგრეთვე იზრუნეთ, რომ შეწყდეს გამოთქმული განსხვავებული აზრის გამო დეპუტატ გოგი თოფაძის პოლიტიკური დევნა რესპუბლიკური პარტიის მიერ. საქმისადმი ასეთი მიდგომა არის დემოკრატიის ანა-ბანა და, თუ ასე არ ფიქრობთ, მაშინ ან თქვენი ადგილი აღარ არის პრეზიდენტის სავარძელში, ან ასეთი “დემოკრატიის” ადგილი – ქართულ პოლიტიკაში.

რეზონანსი”, 24 თებერვალი, 2016 წელი

თბილისის საქალაქოს სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს თავისივე მოსამართლეები დაუპირისპირდნენ

თიკო ოსმანოვა

“ნეპოტიზმი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეთა არასწორი გადანაწილება და კომუნიკაციის ნაკლებობა” – ეს იმ “მენეჯმენტური პრობლემების” არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამა-რთლოს მოსამართლეები ყველაზე დიდი სასამართლოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ღიად აკრიტიკებენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ხელმძღვანელის გათავისუფლებისთვის მადლობას უხდიან.

გუშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც, მათი აზრით, შიდა მენეჯმენტური კუთხით სასამართლოში არსებობს.

2-საათიანი შეხვედრა აზრთა გაცვლა-გამოცვლით მიმდინარეობდა. როგორც გვენეტაძემ მოსამართლეებს უთხრა, მისთვის ყველა პრობლემის შესახებ ცნობილია. სწორედ ამ საკითხზე მივიდა მათთან სასაუბროდ და იქვე ამ პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა. თავის მხრივ კი მოსამართლეები საქმეთა არასწორ გადანაწილებაზე, გადატვირთულობასა და მოსამართლეების ნაკლებობაზე ღიად საუბრობდნენ. ამ ყველაფერში კი სასამართლოს აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა ახვლედიანს ადანაშაულებდნენ და ზოგიერთმა მათგანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივან ლევან მურისიძეს და ნინო გვენეტაძეს მადლობაც კი გადაუხადა მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებისთვის.

“ხშირად ხუმრობენ, რომ მამუკა ახვლედიანის აპარატი “ჩემი ცოლის დაქალებია”, – ამის შესახებ მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახვლედიანს აპარატში დასაქმებული ჰყავს თავისი ცოლის მეგობრები და ეს ხუმრობა სწორედ აქედან მომდინარეობს. მისივე შეფასებით, ახვლედიანი ძალიან ცუდი მენეჯერია.

“ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო მამუკა ახვლედიანის განცხადება, რომ საეჭვო რეპუტაციისა და კომპეტენციის მოსამართლეები დაინიშნენ. მე მას ვუთხარი კიდევაც, რომ არც საეჭვო რეპუტაციის ვარ და არც საეჭვო კომპეტენციის. მამუკა ახვლედიანი ძალიან ცუდად იქცევა”, – განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

მისი თქმით, ახვლედიანის თავმჯდომარეობის დროს მასთან კომუნიკაცია უჭირდა და იგი ვერ ახორციელებდა მენეჯერულ საქმიანობას. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ახვლედიანს სრული კომფორტი ჰქონდა. “ყველა მივლინებაში ის დადიოდა. თუმცა დაბრუნების შემდეგ ინფორმაციას არ უზიარებდა მოსამართლეებს. მე მიმაჩნია, რომ ბატონი მამუკა ძალიან ცუდი მენეჯერი იყო”, – განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.

მოსამართლეების საპასუხოდ გვენეტაძემ რესურსებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დახმარება აღუთქვა. მათ შორის, იგი შეეხო ავტომობილების საკითხსაც და თქვა, რომ უზენაესი სასამართლო მზად არის, საკუთარი ავტომობილების მომსახურებით საქალაქო სასამართლოს დაეხმაროს.

“კორტების საქმის” მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს საქალაქო სასამართლოს შენობის საკითხის მოგვარებაც. რაც შეეხება საქმეების გადანაწილებას, როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ მოსამართლეს რთული საქმეები დაევალოს, მეორეს კი – მარტივი.

კოჭლამაზაშვილის შეფასებით, ის, რაც ბოლო დღეებში მედიის მეშვეობით ისმის, საწყენია და კარგი იქნებოდა, თუ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე თავის პოზიციას საკუთარ კოლეგებს გააცნობდა.

“არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

“მე როგორ უნდა მიმითითოს მამუკა ახვლედიანმა, რომ ვიყო დამოუკიდებელი,” – განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლის 17-წლიანი სტაჟი აქვს. მისი თქმით, მამუკა ახვლედიანი არის პირი, რომელსაც დამოუკიდებელი აზრი არც ერთ კონფერენციაზე არ დაუფიქსირებია. ორკოდაშვილის განცხადებით, ეამაყება, რომ მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ხმის ამოღება უჭირდა, თუმცა იღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის გაუმართლებია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებიც. ამ მხრივ კი მან მირცხულავას საქმე გამოყო და აღნიშნა, რომ მირცხულავას ყველაზე მძიმე ბრალდება მან მოუხსნა:

“მე როგორ უნდა მიმითითოს ახვლედიანმა, რომ ვიყო დამოუკიდებელი?! გთხოვთ, ყოველთვის ნუ გააკეთებთ აქცენტს ცუდზე, ვიღაც რომ რაღაც თამაშს თამაშობს, ამის გამო ნუ ჩავდებთ მიწაში. მამუკა ახვლედიანს არასოდეს დამოუკიდებელი აზრი არ გამოუხატავს. გმირად ნუ გამოვიყვანთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არც ერთ კონფერენციაზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია,” – განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქალაქო სასამართლო”, – განაცხადა მოსამართლე შოთა გეწაძემ.

სულ სიტყვით ათამდე მოსამართლე გამოვიდა და არც ერთ მათგანს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ახლვედიანის სამწლიანი მოღვაწეობა დადებითად არ დაუხასიათებია.

ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მინდა, ჩემს კოლეგებს ამისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობის ფონზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ შევთანხმდით და ორგანიზება გავუკეთეთ შეხვედრას.

“მენეჯმეტურ და ორგანიზაციულ პრობლემებთან დაკავშირებით მოგვაწვდიან დასაბუთებულ ინფორმაციებს და ჩვენ ოპერატიულად ვიზრუნვებთ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ გაჟღერებული პრობლემები – საქმეთა გადანაწილების დიდ ნაკადთან დაკავშირებით და მოსამართლეთა სიმცირის შესახებ ამ საკითხებზე რეაგირება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

“ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მიგვაჩნია დასაბუთებულად და კანონიერად. დანარჩენი შეფასებები ეკუთვნის საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არის დადასატურება იმისა, რომ საბჭოს უნდა მოეხდინა რეაგირება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

“რეზონანსის” კითხვაზე, რატომ მოახდინა საბჭომ რეაგირება მაინცდამაინც მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, გვენეტაძემ გვიპასუხა, რომ ზოგჯერ მოვლენები ემთხვევა ერთმანეთს.

ლევან მურისიძის თქმით კი ყველაზე დიდი სასამართლოს ხელმძღვანელის გათავისუფლება მოხდა, ამიტომ ვალდებულები იყვნენ მოსულიყვნენ სასამართლოში და დალაპარაკებოდნენ მოსამართლეებს. გვენეტაძის მსგავსად, მურისიძემაც აღნიშნა, რომ ეს პრობლემები მანამდეც იყო ცნობილი, ხოლო ახლა ამაზე რეაგირება იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი “რაღაცის შემდეგ ხდება”.

“ტესტებზე ნუღარ დავიწყებთ სპეკულაციებს. ერთხელ და სამუდამოდ საბჭომ მიიღო გადაწყვეტიელბა, რომ მოხდა გაჟონვა. სიმართლე გაირკვევა და ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, არავინ აპირებს ხელის დაფარებას.

“ყველაფერი, რაღაცის შემდეგ ხდება, მაგრამ დღეს საზოგადოებამ, თქვენ თვითონაც ნახეთ, როგორი გულწრფელები იყვნენ მოსამართლეები”, – განაცხადა მურუსიძემ.

ცნობისთვის: იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია 14 წევრისგან, მათგან 8 მოსამართლეა, რომლებიც მოსამართლეთა საერთო კონფერენციაზე შეირჩნენ, ასევე არის 4 არამოსამართლე წევრი, რომლებიც პარლმანეტმა შეარჩია და პრეზიდენტის კვოტით გასული 2 წევრი. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან 22 თებერვალს გაათავისუფლა. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა მამუკა ახვლედიანის კრიტიკული განცხადებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეების ჩასაბარებელი ტესტები წინასწარ გადიოდა. მამუკა ახლვედიანი აღნიშნულ გადაწყვეტიელბას სასამართლოში გაასაჩივრებს, მანამდე კი შეუძლია დარჩეს ჩვეულებრივ მოსამართლედ და, როგორც გვენეტაძემ და მურისიძემ აღნიშნეს, მას ამ თანამდებობაზე საფრთხე არ ემუქრება.

რეზონანსი”, 24 თებერვალი, 2016 წელი

იკვეთება თუ არ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაში პოლიტიკური ინტერესი?

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

როგორ ფიქრობთ, იკვეთება თუ არ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაში პოლიტიკური ინტერესი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მამუკა ახვლედიანის საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, ამას მხოლოდ ეს პასუხი შეიძლება გაეცეს.

გიგი თევზაძე  (სოციოლოგი): ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ვხედავ, მაგრამ კერძო ინტერესი რომ იკვეთება, ეს ცხადია.

ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): არ მგონია, რომ ახვლედიანის საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ხელისუფლებისთვის საარჩევნო წელია და არ მგონია, რაიმე პროცესში ჩაერიოს.

ქეთი ბექაური (იურისტი): ერთი შეხედვით პოლიტიკური ინტერესი არ იკვეთება. პირველ რიგში გასარკვევია, მისი გათავისუფლება რამდენად სამართლებრივი იყო. ერთი შეხედვით, აზრი ორად არის გაყოფილი. საბჭოს თავისი მოსაზრება აქვს, ბატონ მამუკას კი თავისი. ნორმა, რომელიც გამოყენებული იქნა, ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, კანონშია ხარვეზი, იმიტომ, რომ ნორმა კი არსებობს, მაგრამ რაიმე ზედმეტი პროცედურებისა და მექანიზმების შესახებ სხვა არანაირ დათქმას ეს კანონი არ შეიცავს. ამიტომ ორივე მხარე ზედმეტად რომ არ დავაზარალოთ, სჯობს, დაველოდოთ მამუკა ახვლედიანის შემდეგ ნაბიჯს და ზემდგომი ინსტანცია რა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა ახვლედიანთან: „ჩემი განცხადებების გამო დამსაჯეს

ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან: „მამუკა ახვლედიანი ცუდი მენეჯმენტის გამო მოვხსენით

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის დაწყებული დავა იმით დასრულდა, რომ იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.  „ახალი თაობა“ ორივე მხარის, მამუკა ახვლედიანის და ლევან მურუსიძის, კომენტარს გთავაზობთ.

———

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობა მის განცხადებებს შეეწირა. ახვლედიანის განცხადებით, არავინ დაინტერესებულა იმ ფაქტზე, რომელიც საგამოცდო ტესტების გაჟონვის სკანდალს ეხებოდა.

„მოკვლევა ჩავატარეთო. რა მოკვლევაზე საუბრობენ, შევარდნაძის პერიოდშიც კი აღარ იხმარებოდა ეს ტერმინი. რას ნიშნავს მოკვლევის ჩატარება?! ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეც არის, თვითონვე ახდენს ამ ე.წ. მოკვლევას თავისივე კომისიაში და შემდეგ კაცმა არ იცის, რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში. ამ საქმეში ჩართულია სასამართლო სისტემის ბევრი მაღალჩინოსანი, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გამოკითხა მან ეს ხალხი თუ როგორ გაიგო, რომ არავინ ჩართული არ არის ამ საკითხებში?!’, – ამბობს მამუკა ახვლედიანი.

- საბჭოს წევრებიც მონაწილეობდნენ ამ სკანდალში, რომელიც საგამოცდო ტესტების გაჟონვას უკავშირდება?

- მე ასე პირდაპირ ვერც ერთ ადამიანს ხელს ვერ დავადებ. არა მხოლოდ ერთი, შესაძლოა, ამ საქმეში ბევრი მოსამართლე იყოს ჩართული. ტესტებზე პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ლევან მურუსიძეს და ნინო გვენეტაძეს. მე ძალიან მაინტერესებს, რატომ იყო დუმილი სამი თვის განმავლობაში ამ საკითხებზე?! ჩემთვის წარმოუდგენელია, რა მოიკვლია საბჭომ. ბევრი ფაქტი და დარღვევა იყო თვითონ ამ გამოცდების პერიოდში. როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ჩართული, როცა მოსამართლეები არიან ჩართული, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურა და არ გამოვრიცხავ, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიაც შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით.

- რატომ მოხდა თქვენი გადაყენება, რას უკავშირებთ ამას?

- მე მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებების გამო დამსაჯეს. დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავდა იმ სიმართლეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება. ამის ყველზე მეტად ეშინიათ, შესაძლოა, ბევრი მომხრე გამეჩინა სასამართლო სისტემაში. ეს ფაქტი პირდაპირ კავშირშია ჩემს განცხადებებთან. ის გადაწყვეტილებები, რაც მე მაქვს მიღებული და რის გამოც მედავებიან, სხვა სასამართლოს თავმჯდომარეებსაც აქვთ მიღებული. მე მოსამართლეებს დავავალე, რომ განეხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც. როცა მოსამართლეს 800 საქმე აქვს დაწერილი, ამაში რა არის გასაკვირი?! მოსამართლეთა სიმცირის გამო, თავმჯდომარეს ამის უფლება აქვს, რომ სხვა კოლეგიას დააკისროს საქმის განხილვა. ჩემი გადაყენება უკავშირდება იმ პრობლემებს, რომლებზეც ღიად დავიწყე საუბარი.

————-

ლევან მურუსიძე:

- მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა ორი მიზეზის გამო. ერთი არის ის, რომ საკითხი ეხებოდა საქმეთა განაწილების პრინციპს, ხოლო მეორე და ყველაზე მთავარი, რის გამოც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არის ის, რომ საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდებოდა ეფექტური მენეჯმენტი.

- ეფექტური მენეჯმენტის არგანხორციელებაში რა იგულისხმება?

- ის, რომ როგორც თავმჯდომარე, ეფექტურად ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას და შესაბამისად იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, არავითარი პრეტენზია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ წაუყენებია.

- ანუ არ მომხდარა მისი დევნა, როგორც თავად აცხადებს?

- არა. ის რჩება საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. მას ასევე აქვს სრული უფლება, როცა ამის სურვილი ექნება, გამოხატოს თავის პოზიცია და ისაუბროს სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იუსტიციის საბჭოს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის და გადაყენების უფლება აქვს. მისი, როგორც მოსამართლის, დევნა არ განხორციელებულა.

- პოლიტიკური განცხადების გამო ვიდევნებიო, აცხადებს ახვლედიანი.

- რას უწოდებს პოლიტიკურ განცხადებებს?! მას დღესაც შეუძლია აკეთოს ეს განცხადებები. არავინ ამაში ხელს არ შეუშლის. თუმცა ერთი რამ მინდა აღვნიშნო, როდესაც სასამართლო კორპუსი თვეების განმავლობაში პრობლემებზე საუბრობდა, საუბრობდა იუსტიციის მინისტრთან, საუბრობდა პარლამენტთან თუ პრეზიდენტთან, არავის ახსოვს შემთხვევა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე, რომელთაც ახლა აყენებს ახვლედიანი, მას ამ ხნის განმავლობაში ხმა ამოეღოს და თავისი პოზიცია გამოეხატოს.

- აბა, რა შეიცვალა ამ მოკლე დროში?

- ნიშანდობლივია, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ წამოვიდა ცილისმწამებლური განცხადებების ნიაღვარი, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის საბჭო უნდა გადადგეს, მხოლოდ მაშინ გამოვიდა და თქვა, რომ იუსტიციის საბჭო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ის უნდა წავიდეს. ანუ მისი განცხადებები თანხვედრაში მოვიდა არასამთავრობოების პოზიციებთან. მანამდე ერთი კრიტიკული შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს. მოიკითხეთ ერთი, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოში.

- ასეთი რა ხდებოდა?

- ხდებოდა ის, რომ სრულიად არაეფექტურად ხორციელდებოდა მენეჯერული საქმიანობა. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

- მის ადგილს ვინ დაიკავებს?

- მის ადგილს იკავებს ის ადამიანი, რომელიც ცვლიდა მამუკა ახვლედიანს მაშინ, როდესაც ის მთელი კვირეების განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ახვლედიანი თქვენს მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაურიგდა. რამდენად დაადასტურებთ ამას?

- მე არ მინდა დღეს ამ ეჭვებზე და შეთქმულების თეორიაზე ვისაუბრო, თუმცა საზოგადოებისთვის რომ ნათელი იყოს, ერთს დავამატებდი – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენჯერმე მოვიწვიეთ არასამთავრობო სექტორი. ისინი არც ერთხელ ჩვენთან არ მოსულან, ხოლო პირველივე დაძახებაზე მიდიან მამუკა ახვლედიანთან. კი ბატონო, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, იარონ, მაგრამ ერთ მოსამართლეს რომ ხვდები 280-დან, ხომ შეიძლება სხვა მოსამართლეების აზრიც იკითხო?! რამდენი დავუძახეთ ახვლედიანს, არც ის მოვიდა, ბიულეტენზე ვარო და ამ დროს სხვაგან კარგად დადიოდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა! ეს არის ყველაზე დიდი სასამართლო და მისი განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა.

„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან: „მამუკა ახვლედიანი დარღვევების გამო გადააყენეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების შესახებ `ახალ თაობას~ ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მის გადაყენებასთან დაკავშირებით მოსამართლეთა დისციპლინურ კოლეგიას არ უმსჯელია. რამდენად კანონიერად მოხდა მისი განთავისუფლება თანამდებობიდან?

- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება აუცილებლად გამოქვეყნდება. ეს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან კანონის საფუძველზე იქნა მიღებული. მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება, რომ სასამართლოში იდავოს საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.

-გი ამბობს, რომ უკანონოა მისი განთავისუფლება იქიდან გამომდინარე, რომ ბიულეტენზე იმყოფებოდა...

- ამ დეტალებზე მე ახლა ყურადღებას არ გავამახვილებ. როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებდით, საბჭოს ჰქონდა ინფორმაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უკავშირდება საქალაქო სასამართლოში საქმეთა განაწილების წესს. არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ ეჭვი საქმეთა განაწილების თაობაზე, არამედ პრეტენზიები არსებობდა მოსამართლეთა მხრიდანაც. მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ დიდი სასამართლოები და მათ შორის საქალაქო სასამართლო იქნა თავისი ნორმატიული აქტებითა და თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებებით გადამოწმებული, სადაც დარღვევები იქნა დაფიქსირებული.

- მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თქვენს გადადგომას ითხოვს. რას უპასუხებთ?

- ბატონი მამუკა ახვლედიანი ჩემსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაყენებას ითხოვდა მანამდეც, ამის შესახებ მას აქვს რამდენიმე განცხადება გაკეთებული და ეს ახალი არ არის ჩემთვის.

- მამუკა ახვლედიანი აცხადებს, არ მომისმინა იუსტიციის საბჭომო...

- ჩვენ, კოლეგიალურმა ორგანომ, კოლეგიალური გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება დანარჩენს, მას აქვს სამართლებრივი უფლებები, გამოიყენოს და დაიცვას თავისი უფლებები. ძალიან უხერხულია ისეთ დეტალებზე საუბარი, რომლებიც არ შეიძლება განსჯის საგანი იყოს.

- რაც შეეხება ტესტების საკითხს, რა ეტაპზეა მოკვლევა? თუ დადგინდა, ვის მიუწვდებოდა ტესტებზე ხელი?

- მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში. აბსოლუტურად ღიაა ამ საკითხზე ყველაფერი. ამიტომ, ბატონი ახვლედიანის ეჭვები, მისი ეჭვებია.

- ვინ შეიძლება ახვლედიანი შეცვალოს?

- საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უკვე მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მოვალეობას გიორგი ებანოიძე ასრულებს.

- შეიძლება ებანოიძე გახდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე.

- მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ამოქმედდა, რამდენად მზად შეხვდა სასამართლო ახალი წესის ამოქმედებას?

- მოწმის დაკითხვაზე პროცესს ხელმძღვანელობას მოსამართლე გაუწევს. დაკითხვა დახურულ რეჟიმში იქნება, რაც მიანიშნებს იმას, რომ გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი მოწმისგან გამოძიება მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მოიპოვებს.

- ეს ის მოწმეები იქნებიან, ვინც უარს განაცხადებენ პროკურატურაში მისვლაზე და იქ ჩვენების მიცემაზე?

- საუბარია ძირითადად მოწმეთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც გამოკითხვაზე უარს ეტყვიან როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს. გამოკითხვა ნებაყოფლობითი საპროცესო მოქმედებაა. თუკი პირი გამოკითხვაზე უარს აცხადებს, მას გამომკითხავი მხარე, ბრალდების მხარე აფრთხილებს სასამართლოში შესაძლო გამოძახების და მოწმედ დაკითხვის შესახებ. ასევე აფრთხილებს ცრუ ჩვენების, ცრუ დასმენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლოში მოწმის დაკითხვის ფენომენი და ამ უფლებების მაღალ გარანტიაში წარმოდგენა დასაკითხ პირს დაცულობის გარანტიას აძლევს.

- როგორ?

- დაკითხვის დროს არ იქნება მის მიმართ რაიმე სახის მუქარა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი, ჩვენების გამოძალვა და ა.შ. პროცესს უხელმძღვანელებს მოსამართლე. თვითონ მოსამართლე არ დაკითხავს მოწმეს. ეს ეხება სასამართლოში არა არსებითი განხილვის დროს მოწმის დაკითხვას, არამედ საუბარია გამოძიების ადრეულ ეტაპზე მოწმის დაკითხვაზე. საქალაქო სასამართლოს ამისთვის ახალი შენობა დაეთმო, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ ეს პროცესი დაბრკოლების გარეშე წარიმართოს. ეს არის მოწმის უფლებების დასაცავად ძალიან მაღალი სტანდარტი.

- ქალბატონო ნინო, ვინ იქნება გარანტი, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი რეალურად უზრუნველყოფს მოწმის უფლებებს, მის დაცულობას?

- მოსამართლეთა კორპუსი, ის მოსამართლეები, რომლებიც გაუწევენ ამ პროცესს ზედამხედველობას. ეს გარანტიები სასამართლომ უნდა შექმნას. ამიტომ აქვს სასამართლოს მაღალი პასუხისმგებლობა. ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ის შენობა, სადაც მოხდება მოწმეთა დაკითხვა. საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მართლმსაჯულების მეტ გამჭვირვალობას და მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხის ამაღლებას.

„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „მოსამართლეთა 90% შესაცვლელია”

სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გელა ნიკოლაიშვილი საუბრობს.

- ბატონო გელა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოხსნეს. ის ამბობს, რომ ამით დასრულდა საქალაქო სასამართლოს თავისუფლება. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ორმაგი განცდა მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, მისი გამოსვლების შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება, ოღონდ სხვა მიზეზით და არა _ კრიტიკული გამოსვლების გამო, ეს ეჭვს იწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც თვითონ მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ დასრულდა თავისუფალი სასამართლო, ესეც ცინიზმია.

- რატომ არის ცინიზმი?

- იმიტომ, რომ მამუკა ახვლედიანი წლების განმავლობაში იყო იმ სასამართლოს ხელმძღვანელი, რომელიც დამოკიდებული და შეზღუდული სასამართლოს სიმბოლო იყო. ანუ უუფლებო სასამართლოსი! აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ აქამდე იყო დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა არ არის, დიდ ეჭვებს იწვევს. უნდა დაველოდოთ კონკრეტული ფაქტების წარმოჩენას ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც.

- ორივე მხარემ უნდა დადოს ფაქტები?

- რასაკვირველია. ამბობენ, რომ გადაცდომას ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის მხრიდან ამ საქმეთა განაწილების პრინციპში და კონკრეტული მაგალითები უნდა წარმოადგინოს იუსტიციის საბჭომ. მეორე მხრივ, მამუკა ახვლედიანმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ვიღაცა მასზე ზეწოლას ახდენდა რაღაცის გამო, ან რაღაცას უკვეთავდა. უნდა დაასაბუთოს, რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ დასრულდა დამოუკიდებელი სასამართლო. ამ დრომდე მას ერთი განცხადებაც კი არ აქვს გაკეთებული და მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დაახლოებით 7-8 წელია, მამუკა ახვლედიანი ამ სასამართლოს თავმჯდომარეა და ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. იმდროინდელ სასამართლოში ყველაფერი მოსწონდა?!

- ანუ რასთან გვაქვს საქმე?

- ამ ყველაფერს უდის იმის სუნი, რომ ახალი ხელმძღვანელობის მიმართ პოლიტიკური და პოზიციური დაპირისპირება აქვს. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება. რაიმეს გადაჭრით თქმა ამ ეტაპზე ძნელია.

- ითქვა ისიც, რომ ნაციონალებთან და იმ არასამთავრობოებთან არის შეკრული, რომლებიც დღეს ასე აქტიურობენ...

- ფაქტია, რომ მათი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და ერთნაირად ხმოვანდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მამუკა ახვლედიანმა დაიწყო დამოუკიდებელ სასამართლოზე ზრუნვა? ესეც შეიძლება მოხდეს, შესაძლებელია, ოდესღაც გაუნათდეს ადამიანს აზრი, მაგრამ მას თუ იმის მტკიცება უნდა, რომ ნაცების დროს დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდა და დღეს დაიქცა, ეს არის რეალობის სრულიად საპირისპირო.

- რატომ, რეალობა სხვაა?

- დიახ. მე პრაქტიკაში ვხედავ, რომ ძირითადად დამოუკიდებელია სასამართლო. დადებითი ნაბიჯების გადადგმისთვის მოსამართლეებს არავინ სჯის. ადრე რა ხდებოდა, ყველამ იცის. მოსამართლე ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა გვერდზე, ყველანაირად შეზღუდულები იყვნენ. დღეს რომ ამბობს მურუსიძე, რომ ჩვენ უუფლებოები ვიყავითო, ეს რეალურია. დღეს ეს თავისუფლება რომ არ ჰქონდეთ, გამოვიდოდა ახვლედიანი და ასე ისაუბრებდა?!

- ანუ შიგნით ისევ მიდის ბრძოლა წინა რეჟიმის და ახალი ხელისუფლების მომხრე მოსამართლეებს შორის?

- ეგ თავისთავად, თუმცა, მე უფრო ვიტყოდი, რომ არის ბრძოლა იმ მოსამართლეებს, რომლებიც სასათბურე პირობებში იყვნენ, ყველაფერი ჰქონდათ და დამოუკიდებლობა აშინებდათ და მათ შორის, ვინც რეჟიმის დროს დისკომფორტს გრძნობდა და შინაგანად სიტუაციის შესაცვლელად მიილტვოდა. ეს ორი სხვადასხვა მიდგომაა. დღეს გალია ღიაა და ყველა მოსამართლეს შეუძლია, თავისუფლად იმოქმედოს.

- რატომ გაეხვა დღეს სასამართლო კრიტიკის ქარცეცხლში? რატომ ისმის ამდენი ბრალდება?

- მე არ ვთვლი, რომ სასამართლოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება, ოღონდ თანდათანობით და ამას თავისი სიძნელეები ახლავს. მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ საქმეების უამრავი რაოდენობაა, თითო მოსამართლეს ასზე მეტი საქმე აწერია და რაც უნდა კვალიფიციური იყოს მოსამართლე, კვალიფიციურად ვერ განიხილავს 100 და 200 საქმეს ერთდროულად.

- რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია? რატომ არ ინიშნებიან ახალი მოსამართლეები?

- ეგ არის მთავარი პრობლემა. ეს დღევანდელი ხელისუფლების სწორედ იმ ნაკლის გამოვლენაა, რასაც ჰქვია გაუბედაობა. წინა ხელისუფლება ერთი ხელის დაკვრით ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებდა, ეს ხელისუფლება კი ყველაფერს უდგება დიდი სიფრთხილით და სიმფრთხალით. ამით კი საქმე ფუჭდება. ნებისმიერი ხილი მაშინ უნდა მოწყვიტო, როდესაც მწიფეა, არც მკვახე ვარგა და არც _ გადამწიფებული. ოქროს შუალედი აქვს მოსაძებნი ხელისუფლებას და ამას ვერ მიაგნო ამდენი სიფრთხილის გამო.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლოში რეფორმა გაგრძელდება და მესამე ტალღა დაარქვეს ახალი ინიციატივას, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ამაზე რას იტყვით?

- მე ვეტყოდი ხელისუფლებას, რომ მოსამართლეების 90%, ასეა თუ ისე, ძალიან ცუდ საქმეში არის გასვრილი. ამიტომ ძველი მოსამართლეების 90% არ უნდა დაინიშნოს ახალი ვადით. ძირითადად უნდა დანიშნონ ახალი კადრები. ახალ სტანდარტებს ახალი კადრები უფრო გამოადგება, ვიდრე ძველი და თუნდაც წესიერი, რომელიც წლების მანძილზე შეჩვეული იყო იმას, რომ ფორმალური იყო მისი საქმიანობა და ცარიელი ფურცელიც რომ მიეტანა პროკურორს, იმასაც მტკიცებულებად უთვლიდა. აუცილებელია, ახალი კადრებით დაკომპლექტდეს სასამართლო, ოღონდ კარგად დატრენინგებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით. ასეთები ცოტანი არ არიან.

„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: “ისლამური სახელმწიფო ლიტვასაც დაემუქრასირიიდან ლტოლვილების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს”

ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი ვიდეომუქარები გაავრცელა. მის სამიზნეებს კიდევ ერთი სუბიექტი, ლიტვა დაემატა. საქართველო, ჩრდილოეთ კავკასია და თათარსტანიც არ დავიწყებიათ.

ამ საკითხებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ვიდეომიმართვები გავრცელდა, მაგრამ ძალიან სწრაფად ამოიღეს.

- დიახ, ამაზე მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები. თუმცა, ის ვიდეორგოლები, რომელთა ნახვაც მე მოვასწარი, მორიგი პროპაგანდისტული აქცია და მეორე სერიაა იმისა, რაც იყო რამდენიმე თვის წინ, როცა რამდენიმე ქართული წარმოშობის ჯიჰადისტი გამოვიდა და საქართველოს ემუქრებოდა.

- ახლანდელ ვიდეორგოლს ვინ ავრცელებს?

- ეს არის მეორე მიმართვა ჯიჰადისტური საინფორმაციო პროპაგანდისტული სამინისტროს ეგიდით მოქმედი „ფურადის“ სააგენტოსი.

- ეს რა სააგენტოა?

- „ფურადი“ არის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ანუ რუსულენოვან და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეზე. „ფურადმა“ ქართულ ვიდეორგოლთან ერთად გამოუშვა ასევე მეორე სერია ვიდეომიმართვებისა ჩრდილოეთ კავკასიური და თათარისტანის მიმართულებით. მე ვნახე ჩრდილოკავკასიური ვიდეორგოლი. ჯიჰადისტების საიტებზე დადებული იყო თათარსტანისთვის განკუთვნილი ვიდეო მამართვაც. თუმცა, მისი ნახვა ვერ მოვასწარი.

- თქვენ იცით არხები, სადაც ამგვარი ვიდეოები ვრცელდება?

- რა თქმა უნდა.

- ჩვენთან რეალური საშიშროება არსებობს?

- ჩვენ ისეთ გარემოში ვართ, საშიშროება სავსებით რეალურია.

- ლიტვას რატომ ემუქრება ხალიფატი?

- ლიტვის მიმართულებით მუქარა გამოხატულია რამდენიმე ამერიკულ ბაზაზე. ლიტვასთან დაკავშირებით ტერაქტი დააანონსეს. საუბარი იყო ლიტვის პორტზე. როგორც ჩანს, ისლამური სახელმწიფო ცდილობს, გააფართოოს თავისი არეალი. ვიდეო მიმართვაში ამბობდნენ, რომ ლიტვაში არსებულ ბაზებზე ამერიკელი სამხედროების კონცენტრაცია ხდება. არ ვიცი, ისლამური სახალიფო რამდენად შეძლებს, ბალტიისპირეთს მისწვდეს. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლტოლვილთა ნაკადებში არის ისლამური სახალიფოს ხელწერა, გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, რომ ბალტიის სახელმწიფოებმა დაიწყეს ლტოლვილთა მიღება სირიიდან.

- საქართველო თუ იღებს სირიიდან ლტოლვილებს?

- რამდენადაც ვიცი, საქართველო აპირებს, სირიიდან 1.000-მდე ლტოლვილი მიიღოს.

- ეს საქართველოში ვითარების გაუარესებას ხომ არ გამოიწვევს?

- თუ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან მობილიზებული და ეფექტურად იმუშავებენ ამ მიმართულებით, ალბათ, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ პიკანტური მომენტები. ჩვენი ახლად შექმნილი სუსის ეფექტურობა ამ მიმართულებით გამოჩნდება. ყურადღებით უნდა ვიყოთ.

- ისლამური ხალიფატის გააქტიურება ხომ არ გამოიწვია ყურადღების მოდუნებამ იმის გამო, რომ კონფრონტაციის საშიშროება იყო უფრო დიდ სახელმწიფოებს შორის?

- დიახ, როგორც კი ხალიფატის მიმართ ყურადღება მოდუნდა, ხალიფატი ამოქმედდა. რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბა და ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნა „ჯაფხატ ან-ნუსრას“ წინააღმდეგ და ის მოექცა გეოპოლიტიკური ორომტრიალის ცენტრში.

- ჯაფხატ ან-ნუსრა რა არის?

- ეს არის „ალ-ქაიდას“ მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული ჯიჰადისტური გაერთიანებების კოალიციაა. ისინი ითვლებიან ზომიერ ჯიჰადისტებად. მათ მხარს უჭერენ თურქეთი და საუდის არაბეთი. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება სირიაში, სადაც მოქმედებს 44 ჯიჰადისტური ტიპის გაერთიანება. აქედან 14 არის ყველაზე მსხვილი. ამ 14-დან 6 ორგანიზაცია გაერთიანებულია ჯაფხატ ან ნუსრას დაჯგუფებაში. დანარჩენები გადანაწილებული არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში. მათ შორის, სახალიფოს ეგიდით შექმნილ დაჯგუფებებში.

- ანუ ჯაფხატ ან-ნუსრა ისლამურ სახალიფოში არ შედის?

- არა. ისინი დაპირისპირებულები არიან სამხედრო-პოლიტიკური ნიშნით.

- ამერიკელები როგორ უყურებენ ამ ორგანიზაციას?

- ამერიკელებმა და დასავლეთის სახელმწიფოებმა ჯაფხატ ან ნუსრა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, როგორც სახალიფო.

- ისლამურ სახელმწიფოს ღია მხარდამჭერი ჰყავს?

- ისლამურ სახელმწიფოსაც ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ღიად მხარს არ უჭერენ. ისლამურ სახალიფოს გარკვეული სახელმწიფოების პოლიტიკური, კლერიკალური ძალები ეხმარებიან.

- არსებულ ვითარებაში თურქეთის მდგომარეობა როგორ ჩანს?

- თურქეთი მძიმე მდგომარეობაშია. თურქეთის წინააღმდეგ გაიშალა მეორე ფრონტი. რამდენიმე დღის წინ სამი ტერაქტი განხორციელდა, რასაც 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტი დაკავშირებული იყო ქურთების მუშათა პარტიის გასამხედროებულ დაჯგუფებასთან. ანკარაში ტერაქტის დროს დაიღუპა 22 სამხედრო მფრინავი. პასუხისმგებლობა აიღო ქურთების მუშათა პარტიის ეგიდით მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ.

- ამ დღეებში თურქეთის პოლიციასა და იქაურ ქართველებს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირება ჯიჰადისტურ და ქურთულ მოძრაობებს არ უკავშირდება, მაგრამ მაინც თურქეთის წისქვილზე არ უნდა ასხამდეს წყალს...

- არა, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ამან შეიძლება ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები შეიძინოს. როდესაც დაძაბული სიტუაციაა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ასეთი დაპირისპირება შეიძლება გადავიდეს ეთნორელიგიურ დაპირისპირებაში. ეს არის ყველაზე საშიში. თურქეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ასეთი ტენდენციების გამო და ცდილობს, მოვლენების ამგვარი განვითარება თავიდან აიცილოს.

- თუმცა, ვითარებას უფრო ამწვავებს პოლიციის მხრიდან მხუთავი გაზის გამოყენება, როცა სოციალური პრობლემის გამო გამოსულ ხალხს უხეში ძალით უპირისპირდება...

- იმ ფონზე, რაც თურქეთშია შექმნილი ტერაქტებისა და რეჟიმთან გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, ეს ხელს არ უწყობს ვითარების დამშვიდებას. მოგეხსენებათ, ერდოღანს გადაუდგა რამდენიმე მისი სტრატეგიული მოკავშირე.

- ამერიკას გულისხმობთ?

- არა, თურქეთის შიგნით რამდენიმე მისი მოკავშირე ერდოღანს გადაუდგა და გამოხატა უკმაყოფილება. უკმაყოფილების ნიშნები თანდათან იკვეთება თურქეთის საზოგადოებაშიც.

- საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის მოკავშირეები რა აზრზე არიან?

- საერთაშორისო ასპარეზზე ფრანსუა ოლანდმა თქვა ის, რასაც მე და თქვენ ვამბობდით რამდენიმე დღის წინ – რუსეთ-თურქეთის ომი სავსებით რეალურიაო. ევროპელი ლიდერები უკვე საუბრობენ ამ საშიშროებაზე.

- ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთთან...

- მათი მოლაპარაკება ეხებოდა სირიის შიდა სიტუაციას. პრორუსული და პროამერიკული კოალიციების ეგიდით მოქმედ დაჯგუფებებს შორის მოხდა დაზავება.

„საქართველო და მსოფლიო“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ზავი სირიაში და დასკვნები საქართველოსათვის

ნანა დევდარიანი

სანამ ექსპერტები და პოლიტიკოსები მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეზე კამათობდნენ, 22 თებერვალს სრულიად მოულოდნელად გამოქვეყნდა აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის (როგორც სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარეების) ერთობლივი განცხადება სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

ეს საზავო შეთანხმება 27 თებერვალს ამოქმედდება და არ გავრცელდება ტერორისტულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, “ჯებჰათ ან-ნუსრა” და სხვ. “სირიის კრიზისის დარეგულირებისკენ სწრაფვით, გაეროს ფუძემდებლური როლის პატივისცემით მზად ვართ, ყველა საშუალებით შევუწყოთ ხელი სირიაში კონფლიქტის შეწყვეტას და თვითონ სირიელების მიერ გაეროს მხარდაჭერით პოლიტიკური გამოსავლისთვის პირობების შესაქმნელად,” _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროცესებს თვალს ადევნებს, უთუოდ ყურში მოხვდება “გაეროს ფუძემდებლური როლი”, რომელსაც შეერთებული შტატები პატივს არასოდეს სცემდა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იჭრებოდა. ისიც ნათელია, რომ ასადის დაუყოვნებელი გადადგომის მოთხოვნა (აშშ-ის მუდმივი მოთხოვნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში) შეიცვალა არჩევნების გზით “თვითონ სირიელი ხალხის” მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის დებულებით, რომელსაც მუდმივად მოითხოვდა რუსეთი.

არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ობამამ საგანგებოდ აღნიშნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უახლოეს მომავალში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ესეც დაუმორჩილებელი რეგიონებისა და ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნა იყო, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება.

Washington Post-ი სკეპსისით აღნიშნავს, რომ დამასკო განზრახ აჭიანურებდა ამ შეთანხმებას, რათა დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი აღედგინა. შეთანხმების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და შექმნილი ვითარება სწორედ სირიის ხელისუფლებას აძლევს ხელს. ავიადარტყმებითა და სახმელეთო ოპერაციით მან მნიშვნელოვნად გაიფართოვა კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე.

ბრიტანული Daily Mail-ი იხსენებს ბაშარ ასადის ინტერვიუს გაზეთ El Pais-თან. ზავის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო და სირიის პრეზიდენტმა მისი შესრულების მზადყოფნა გამოხატა. ასადმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში 80 ქვეყანა მონაწილეობს. მისი აზრით, მთავარია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ტერორისტებისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ძალის მიწოდების აღკვეთა, პირველ რიგში, თურქეთიდან.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიესალმა საზავო შეთანხმებას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აღნიშნავს, რომ ოფიციალურ დამასკოსა და მოსკოვს სერიოზულად მოუწევთ მოქმედების შეცვლა, რათა სირიაში მშვიდობა დამყარდეს. მისი აზრით, ზავი სერიოზული ნაბიჯია სირიის ახალი ხელისუფლების შესაქმნელად ასადის გარეშე.

ამასობაში ბაშარ ასადმა უკვე დანიშნა საპარლამენტო არჩევნები 13 აპრილს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ საზავო შეთანხმება ყველა მხარეს შეეხება, მათ შორის, სირიელი ქურთების მიერ თურქეთის დაბომბვებსაც და ანკარის შეშფოთება გაიზიარა. იქვე აშშ-ის ხელმძღვანელობამ თურქეთს მოუწოდა, “შეწყვიტოს კონტრპროდუქტიული დარტყმები საზღვრის სიახლოვეს”. თურქეთი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მანამდე, ერდოღანის მცდელობა, ჩაერთო რუსეთთან დაპირისპირებაში აშშ და ნატო, უშედეგოდ დასრულდა. მას თავაზიანად მიუთითეს, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება.

შეთანხმების შესასრულებლად რუსეთი ოფიციალურ დამასკოსთან იმუშავებს, აშშ კი _ მის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ზომიერ ოპოზიციასთან. მოსკოვი და ვაშინგტონი საგანგებო ცხელ ხაზსა და სამუშაო ჯგუფს ქმნიან ინფორმაციის მუდმივი გაცვლის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ბოლო ათი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დააანონსა საომარი მოქმედებების შეწყვეტა. 12 თებერვალს მან განაცხადა, რომ ცეცხლი 19 თებერვალს შეწყდება, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი უცვლელი იყო, მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანა დაიწყო სირიის ხუთ ქალაქში. ამერიკულ მედიაში კერის “მარადიულ ოპტიმისტს” უწოდებენ, თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მართალია, “დროებით” და “ნაწილობრივ”, მაგრამ შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელი გახდა.

არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინათ შეერთებული შტატების პოზიცია სულ სხვაგვარი იყო. ატლანტიკური საბჭოს პროექტ “ევროპის მომავალის” უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა ეველინ ფარკასმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომისიას წარუდგინა ვრცელი მოხსენება “რუსეთის გაგება და შეკავება: აშშ-ის პოლიტიკა და სტრატეგია”.

სირიის ნაწილში ამერიკული გეგმა ასე გამოიყურებოდა: “უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები შეიყვანონ ჯარები, მიაწოდონ ოპოზიციას სამხედრო აღჭურვილობა და სხვა სახის მხარდაჭერა. ზემოქმედებისთვის ეკონომიკური და სხვა ბერკეტების გამოყენება რომ მოგვეხერხებინა, ეს სამხედრო მოქმედებათა გაგრძელების აუცილებლობას შეამცირებდა, მაგრამ ამჟამად სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის მრეწველობამ უარი უნდა თქვას რუსულ რაკეტებზე (რაზეც პენტაგონმა მყისიერად უპასუხა, რომ რუსული ძრავების გარეშე ამერიკული კოსმოსური რაკეტები დედამიწაზე დარჩება – ნ. დ.) და უნდა შევქმნათ ახალი ფონდი სხვა სახელმწიფოთა სამხედრო დახმარებისთვის, რათა დავეხმაროთ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპასა და ავღანეთში, უარი თქვან რუსულ შეიარაღებაზე ამერიკული ტექნიკის შესყიდვის სასარგებლოდ”.

განვითარებულმა პროცესმა ცხადყო, რომ ამ გეგმიდან არაფერი შესრულებულა, მეტიც – ყველაფერი სწორედ საპირისპიროდ მოხდა. “გარდაუვალი” სამხედრო ოპერაცია წყდება, პენტაგონი რუსულ ძრავებზე უარს არ (ვერ) ამბობს, თავდაცვის უწყებები მჭიდროდ იწყებენ თანამშრომლობას, ხოლო რუსეთმა შეიარაღების გაყიდვა 264%-ით გაზრდა როგორც აზიაში, ისე ევროპის ნაწილში.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ ვრცელი მოხსენებიდან: “ჩვენ უნდა გავამყაროთ ერთიანობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მსოფლიოში და მტკიცედ აღვკვეთოთ რუსეთის არამართლზომიერი ქმედებები. ჩვენ არ ვართ ვალდებული, შევიდეთ ახალ ცივ ომში ან გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთთან. იმ სფეროებში, რომლებშიც კრემლი მზად არის თანამშრომლობისთვის და სადაც საერთო ინტერესები გვაქვს, მოსკოვთან უნდა ვითანამშრომლოთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მხოლოდ მანამდე, სანამ ეს მის ინტერესებშია, ან _ თუ აშშ საკმარის გავლენას მოიპოვებს პუტინის კურსის შესაცვლელად. ჩვენ ბერკეტები გვესაჭიროება მოლაპარაკებებში შედეგების მისაღწევად. თუ ჩვენ ამ ქმედებებს მივმართავთ, მაშინ ავწევთ ფასს, რომლის გადახდაც პუტინს მოუწევს თავისი საერთაშორისო მიზნების მისაღწევად. რუსეთი იძულებული შეიქნება, გადახედოს საკუთარ მიდგომებს. მაშინ, შესაძლოა, დათრგუნვილი და გზას აცდენილი რუსი ხალხი, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს მზერა მომავალს გაუსწოროს. ხოლო ჩვენ წარმატებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ აშშ-ის ეროვნული ინტერესების უდიდეს გეოსტრატეგიულ საფრთხეს”.

რას იზამს “დათრგუნვილი და გზას აცდენილი რუსი ხალხი”, ამას იგი თავად გადაწყვეტს, მით უფრო, რომ, სადაც აშშ ჩაერია, “ფერადი რევოლუციებისა” თუ გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალებების სახით, “მომავალს მზერა” ვერც ერთმა ხალხმა ვერ გაუსწორა; როგორც წესი, ასეთი ქვეყნები ან იშლებოდა (ლიბიისა და უკრაინის მაგალითზე, ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ან წლების განმავლობაში ქაოსისა და არასტაბილურობისთვის იყო განწირული (ორიოდე გამონაკლისის გარდა). ამ ეტაპზე რუსეთში უკმაყოფილებას სწორედ ის იწვევს, რომ საზავო შეთანხმება “გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით ადრე” გაფორმდა.

ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ შეთანხმებით, მომდევნო დღეებში ბევრს იკამათებენ. ასადს გზა გაეხსნა რაკისკენ, რუსეთმა არ დაუშვა მორიგი გადატრიალება სირიაში, სადაც მისი სამხედრო ბაზები ათწლეულის განმავლობაში დგას, დონბასი არჩევნებს ჩაატარებს “ეუთოს სტანდარტებით”. კიდევ რაზე შეთანხმდნენ აშშ და რუსეთი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ და დავინახავთ (ყველაფერს არა, ცხადია). ჩვენ რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ?

ერთადერთი, რაშიც ეჭვს ვერ შეიტან ფარკასის მოხსენებაში, არის ის, რომ აშშ და რუსეთი ითანამშრომლებენ, სადაც მათი ინტერესების თანხვედრა იქნება და ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ ეს მათ ინტერესებშია. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა არ იყოს, რა ვქნათ? რაკი აშშ-ისა და რუსეთის შეთანხმებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საქართველო მათი ინტერესების თანხვედრის არეალად ვაქციოთ და არა _ მათი დაპირისპირების. ამას კი სუბიექტის როლის დაბრუნება სჭირდება, ინიციატივები ჩვენგან უნდა მოდიოდეს. უნდა ვიმოქმედოთ და არ დაველოდოთ, როდის შეთანხმდებიან დიდი მოთამაშეები, რაც ხშირად პატარა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე ხდება ხოლმე.

ცნობისათვის: ერთი დოკუმენტი, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, 2014 წლის 28 თებერვლის სხდომის სტენოგრამაა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი ამბობდა: “მთელი ქვეყნიდან სამხედრო ამოცანის შესრულების უნარის მქონე 5-ათასიანი სამხედრო დაჯგუფების შეგროვება შეგვიძლია. შეგვიძლია გადავისროლოთ ყირიმში, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, უბრალოდ, ჩავხოცავთ იქ. და რა ვუყოთ ათასკილომეტრიან საზღვარს და შემოჭრისთვის რუსეთის მზადებას? დილით ჩერნიგოვიდან რომ შემოვიდნენ, საღამოს უკვე კიევში იქნებიან”.

იულია ტიმოშენკო: “არც ერთი ტანკი არ უნდა გამოვიდეს ყაზარმიდან, არც ერთმა ჯარისკაცმა არ უნდა აიღოს იარაღი. მცოდნე ხალხთან კონსულტაციები გავიარე და უნდა ვთქვა, რომ პუტინს აფხაზეთის სცენარის რეალიზება უნდა და მხოლოდ საბაბი სჭირდება. გაიხსენეთ, როგორ წამოეგო მაშინ პროვოკაციაზე სააკაშვილი და წააგო. მისი შეცდომის გამეორების უფლება არ გვაქვს”.

“მცოდნე ხალხი” ვინ არის, ამას მიხვდებოდით, თუმცა იგივე “მცოდნე ხალხი” გარკვევით გვეუბნება, რომ MAP-ის მოთხოვნა არარელევანტურია და მეხუთე მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ იმოქმედებს! უკრაინამ მაინც გაიმეორა ჩვენი შეცდომები, ხოლო ამ შეცდომების შემოქმედი ოდესის ოლქში მიიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ახლო მომავალში სააკაშვილს არ დაითხოვენ, შეცდომების კასკადი შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენ კი მართლაც არ გვაქვს არც საკუთარი, არც სხვისი შეცდომების გამეორების უფლება. უკან დასახევი აღარ გვაქვს – ჩვენ უკან საქართველოა, “დროებით” და “ნაწილობრივ” დაშლილი.

რეზონანსი”, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ

თაკო მათეიშვილი

პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ, მიუხედავად არაერთი სერიოზული გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით მას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ივნისის რეფერენდუმის შედეგად გაირკვევა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის რიგებს ტოვებს. მისი თქმით, ევროკავშირში მიმდინარე რყევები უარყოფითად საქართველოზეც აისახება. ამბობს, რომ ბევრი დაკარგავს სურვილს შევიდეს ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ჩამოშლის პირასაა.

“რეზონანსთან” ინტერვიუში არეშიძე ნატო-ს გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ალიანსი გლობალური კონფრონტაციის მოლოდინში აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისა და წევრების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ცდილობს. სწორედ ამას ემსახურება, მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში, ნატო-ს მიერ სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ინსტრუქტორის გაგზავნაც. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საკმარისი არაა.

მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საზღვრებზე გაძლიერების გარდა, ნატო მუშაობს საგანგებო გეგმასა და ზომების პაკეტზე, რათა მზად იყოს რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის. ალიანსმა შექმნა სწრაფი რეაგირების ძალები 5 000-იანი შემადგენლობით და სამეთაურო პუნქტებით ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. მიმდინარე წელს ამ ექვს ქვეყანაში განლაგებული ბრიგადებისთვის აშშ დამატებით სამხედრო ტექნიკას გაგზავნის.

„ასი ინსტრუქტორის გაგზავნა საკმარისი ნამდვილად არაა. იმისათვის, რომ სურათი სრულყოფილად დავინახოთ, გეოპოლიტიკური სიტუაცია უნდა მიმოვიხილოთ. გეოპოლიტიკური მდგომარეობა კი ასეთია – პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ნატო მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე თავისი პოზიციები და წარმომადგენლობა გააძლოეროს. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა. დღეს მდგომარეობა იმდენად მძიმე და რთულია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა და, პირველ რიგში, აშშ იძულებულია რუსეთის პერიმეტრზე თავისი წარმომადგენლობა მაქსიმალურად გააძლიეროს. სხვათა შორის, ეს თავის ოფიციალურ გამოსვლაში ნატო-ს ხელმძღვანელმა სტოლტენბერგმაც არ დამალა. ამის თაობაზე ცოტა ხნის წინ პირდაპირ თქვა, რომ აღმოსავლელი პარტნიორების დასაცავად ყველაფერს გააკეთებდნენ. აქ არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები იგულისხმებოდა, არამედ არაწევრებიც. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც. თურქეთიც მოიაზრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მისამართით ნატო-ს შენიშვნები აქვს», – ამბობს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

- ალბათ ამას ემსახურება ის თანხაც, რამდენიმე მილიარდი, რომელიც 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გამოიყოფა.

- რასაკვირველია. ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია, რამდენი იხარჯება თავად ნატო-ში შემავალი ქვეყნების (განსაკუთრებით აღმ. ევროპის ქვეყნების) თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მაგრამ არაწევრებს რაც შეეხება, ამაზე ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ვიცით, რომ საქართველოს 63 მილიონი დოლარი შეხვდება. ეს თანხა არა მხოლოდ თავდაცვის ასამაღლებლად, არამედ იდეოლოგიური მუშაობისთვისაც იქნება განკუთვნილი. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა გლობალური კონფრონტაცია, აშშ და ნატო ცდილობენ თავი დაიზღვიონ და მოკავშირეები ერთიან თავდაცვით სისტემაში რაც შეიძლება ღრმად იყვნენ ინტეგრირებული.

- ამ თანხის დიდი ნაწილი ალბათ საქართველოს სამხედრო შეიარაღებას მოხმარდება.

- ვერ ვიტყვი, რომ ეს თანხა პირდაპირ შეიარაღებაზე ორიენტირებული იქნება. თუმცა, ალბათ ამასაც მოხმარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ ნატო-ს წევრ ქვეყანა საფრანგეთთან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემების გაძლიერებას ემსახურება. ამ პროექტის დასრულებისას საქართველოს ცა საკმაოდ მაღალი ხარისხით იქნება დაცული. რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც დოკუმენტშია გაწერილი. თუმცა, ეს საკმარისი არაა. უკრაინის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქვეყანას ისეთი ტიპის იარაღიც სჭირდება, რომელიც ლოკალური ბრძოლის დროს გამოიყენება. მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო ირაღი. უკრაინაში ამის სერიოზული დეფიციტია და ამან უკრაინის არმიის ზოგიერთი წარუმატებლობა გარკვეულწილად განაპირობა. შეიძლება ამ ტიპის იარაღზეც იყოს საუბარი. ოღონდ, ეს ყველაფერი თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად იქნება და არავითარ შემთხვევაში სხვა მიზნებისათვის.

- ეს საქართველოს შეიარაღებას რამდენად წაადგება, რამდენად გააძლიერებს მას?

- ეს ისეთი თემაა, რაზეც, წესით, გაზეთის ფურცლებზე არ ლაპარაკობენ. საქართველოს თავდაცვის სისტემების მშენებლობა არაერთი წელია მიმდინარეობს, მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს ხელმძღვანელობამ დაუშვა. გამოყოფილი თანხის ნაწილი, შესაძლოა, ამ სისტემების უფრო მაღალ დონეზე აყვანისათვის დაიხარჯოს.

- იდეოლოგიური სამუშაო კი გააქტიურებულ რუსულ “რბილ ძალასთან” დაპირისპირებას გულისხმობს?

- რა თქმა უნდა. აშშ-ში თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ იქ, ევროპაშიც კი, რუსეთი ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით ძალიან ეფექტურად მოქმედებს. იგი ეწევა სააგიტაციო მუშაობას, მასმედიის წარმომადგენლების, გავლენიანი პირების, პოლიტიკოსებისა თუ კულტურის წარმომადგენლების მეშვეობით. ამ საქმეში რუსეთს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. სწორედ ამიტომ, ამერიკაში ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტული მუშაობის დაწყება, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვანია.

- გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შორის საკმაოდ დაძაბული შეხვედრები გაიმართა, სადაც კავშირიდან ბრიტანეთის გასვლა-არგასვლის საკითხი წყდებოდა. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “ევროკავშირი დასრულებულია”. რას ნიშნავს მისი ეს სიტყვები? რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი?

- ევროკავშირში ძალიან სერიოზული პრობლემებია. ეს გამოჩნდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკური სისტემის მოშლით და ა.შ. ისიც აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გერმანიაზეა ჩამოკიდებული. რბილად რომ ვთქვათ, ისინი თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ და გერმანიის ხარჯზე უნდათ ცხოვრება.

დევიდ კემერონის ეს გამოსვლა კი დემარში უფრო იყო, ვიდრე რეალობის ასახვა. ევროკავშირის ძლიერ ქვეყნებს ზოგიერთი თავნება ქვეყნის “თრევა” მობეზრდათ. ამიტომ, ეს უფრო გაფრთხილება იყო, ვიდრე რაიმე ნაბიჯის გადასადგმელად მზაობა. ასე რომ, ფრაზა “ევროკავშირი დასრულებულია” დემარში იყო. რეალურად კი ბრიტანეთს, თუკი ის ევროკავშირიდან მართლაც გავა, სერიოზული პრობლემები შეექმნება. შოტლანდია ბრიტანეთის შემადგენლობიდან მაშინვე, ყოველგვარი რეფერნდუმის გარეშე გამოვა. ეს კი ბრიტანეთისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. ამიტომ, არ მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას.

- საქართველოს რამდენად ეხება ის პრობლემები, რაც ევროკავშირს აქვს?

- საქართველოს მთავარი ორიენტირი ევროკავშირია და იქაური რყევები საქართველოს პოლიტიკურ ვექტორზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ვინ მოინდომებს ისეთ გაერთიანებაში შესვლას, სადაც უამრავი პრობლემაა და დაშლის საშიშროება ემუქრება? ასე რომ, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის მომხრეებს საქართველოში გაუჭირდებათ ხალხს აუხსნან თუ რა ხიბლი აქვს ამ ორგანიზაციას.

- თქვენ ისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დადგება ბრიტანეთი იმ შემთხვევავში, თუკი ევროკავშირიდან გავა, მაგრამ რა პრობლემები ექნება ამ შემთხვევაში თავად ევროკავშირს? დადგება დაშლის საშიშროების წინაშე?

- ბრიტანეთის გასვლა ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ევროკავშირის მთავარი ეკონომიკური სიმძლავრე გერმანიაშია, მაგრამ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს თავიანთი მნიშვნელოვანი როლი აქვთ. აქ პრეცედენტი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე თავად ფაქტი. ევროპის გაერთიანებული შტატები ამერიკის ადმინისტრაციის დიდი ხნის ოცნებაა. მიუხედავად ამისა, ამერიკაში არსებობენ ძალები, რომელთაც ევროკავშირის გაძლიერება არ აწყობთ. ამერიკა დაბალანსების პოლიტიკით მოქმედებს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ ეს მისი უმთავრესი მიდგომაა. ევროკავშირის მესვეურებს კი უნდათ, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებლები იყვნენ. ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებით გერმანია გამოირჩევა. ყველას თავისი არგუმენტი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი გაუგებრობა არსებობს, მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირის დაშლა ხვალინდელი დღის თემა არაა.

- დევიდ კემერონმა ისიც თქვა, რომ დროა ნატო-ზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ გაერთიანებაზე ვიფიქროთ. ეს უბრალოდ იდეის დონეზე ნათქვამი სიტყვებია, თუ რეალურად არსებობს რაიმე გეგმა?

- ამას თავისი სერიზული საფუძველი აქვს. კიდევ ვიმეორებ – ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი შიგნით აწარმოებს, იმდენად ჩამოუყალიბებელია, რომ ეკონომიკურ პროგრამაში ყველა ქვეყნის თანაბარი ძალისმხევა გათვალისწინებული არაა. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც გერმანიის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის ხარჯზე ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ისეთი ეკონომიკური პროგრამა უნდა შეიქმნას, რომელშიც ძალისხმევა რესურსებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე იქნება გადანაწილებული. მთავარი პრინციპი ასეთია – ევროკაშვირის სიძლიერეში, თავისი რესურსიდან გამომდინარე, ყველამ რაღაც უნდა ჩადოს. იმავეს ითხვენ ევროკავშირის შემთხვევაშიც.

რეზონანსი”, 24 თებერვალი, 2016 წელი

ერთ ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!

საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა შეიძლება, 1,5 მილიონამდეც იყოს

მარი ჩიტაია

საქართველოში 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის. სპეციალისტების შეფასებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-ით მატულობს, ხოლო 15 000-მდე უქმდება. ეს ყოველივე იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაშია.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში 800 ათასამდე ისეთი მოქალაქეა, რომელთა გამოყენების პოტენციალი საზოგადოებას არ გააჩნია. ერთ-ერთ მიზეზად ისინი კვალიფიციური კადრის დეფიციტსაც მიიჩნევენ, რაც დღესდღეობით საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა შესახებ მონაცემები არასრულყოფილია, რამდენადაც იგი ყველა სექტორს არ მოიცავს და არც სამუშაო ადგილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას.

“90-იან წლებთან შედარებით, მოსახლეობა 1,7 მილიონით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი – 1,6 მილიონით. ასეთი კლება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. საგულისხმოა ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს წელიწადში ერთხელ და არა კვარტლების მიხედვით (თუ ბიზნეს სექტორს არ მივიღებთ მხეედველობაში).

ოფიციალურ უწყებაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ. “ჯობს.გე”-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იგი მოიცავს დაქირავებულთა სექტორს და არაფერს გვეუბნება თვითდასაქმებულებზე, რომლებიც დიდი მონდომებით, წვალებითა და რისკით ქმნიან სამუშაო ადგილებს”, – აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ მიახლოებითი გათვლით, წელიწადში 40-45 ათასამდე სამუშაო ადგილი იქმნება, ხოლო 15 ათასი უქმდება ბიზნესის არაეფექტური მენეჯმენტისა და ბაზრის არასწორი კონიუნქტურის გამო.

“ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილების მხრივ ზრდა გვაქვს 30 000-ის ფარგლებში ერთ წელიწადში. ცხადია, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც მილიონნახევარს აჭარბებს. ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით არაფერი კეთდება, მაგრამ არასაკმარისია და არსებულ მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ ცვლის”, – განმარტავს იგი.

სოსო არჩვაძის შეფასებით, სამსახურის მაძიებელთა უმრავლესობას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. “ადამიანებს უნდათ სამუშაო, მაგრამ მათი კვალიფიკაცია არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც სერიოზული პრობლემაა. ქვეყანას ჰყავს 800 000 ათასამდე ისეთი მოქალაქე, რომელიც სამსახურს ეძებს. ისინი ან ოფიციუალურად არიან უმუშევრები, ან მათი საქმიანობის მასშტაბი არ არის ისეთი, რომ ენა მოგვიბრუნდეს და ეს ხალხი დასაქმებულებად ჩავთვალოთ.

სამუშაო ადგილებზე საუბრისას შეგნებულად არაფერს ვამბობთ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე, რომელთა მცირე ნაწილი პროფილით იწყებს მუშაობას, ზოგიც საერთოდ მიდის ქვეყნიდან. სამსახურის მაძიებელთა რიცხვში, შეიძლება, მათი ნახევარიც არ გავითვალისწინოთ.

დასაქმების პრობლემა განსაკუთრებით იურისტებს აქვთ, რადგან ამ პროფესიის მქონე ადამიანების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება ეკონომიკაში არსებულ მოთხოვნებს. მათ მოუწევთ შეიცვალონ პროფილი ან გაიყოს სამუშაო. ეს უკანასკნელი კი რეალურად წარმოუდგენელია. ზოგადად, ძალიან მძიმე სტატისტიკასთან გვაქვს საქმე, 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის, დისბალანსი საკმაოდ დიდია”, – დასძენს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე არსებულ სტატისტიკას გადაჭარბებულად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ უმუშევრების რაოდენობა შეიძლება 250 ათასის ფარგლებში იყოს.

“სამუშაო ადგილების შექმნაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის დასაქმების წყარო. ეს თუ შერჩევითი გამოკვლევაა, ამ ცვლილებებზე აქცენტის გაკეთება უკვე სისულელეა. ამასთან, არაფორმალურ სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილი დასაქმებულებში არ აღინიშნება. რაც შეეხება სტაბილურ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკის რეალურ სექტორში დასაქმება სხვა ტიპის სამუშაო ადგილია. მისი რაოდენობა მართლაც 50 000-ს რომ აღწევდეს, საქართველოში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სიმძლავრის მინიმუმ სამი საწარმო უნდა აშენდეს”, – აცხადებს ნოდარ კაპანაძე. იგი ასევე ემიჯნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანას 800 000 უმუშევარი ჰყავს:

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) კრიტერიუმით, უმუშევრების რაოდენობა საქართველოში შეიძლება იყოს 200-250 ათასის ფარგლებში. უმუშევრობის დონე, არასრული დასაქმებისა და ფარული უმუშევრობის ჩათვლით, 40%-მდეა. მთლიანი დასაქმების 60%-ზე ცოტა მეტი სოფლად დასაქმებულებზე მოდის. ჩემი აზრით, საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 1,5 მილიონამდეც შეიძლება იყოს. ამ კატეგორიაშია ისიც, ვინც დასაქმებულია, მაგრამ იმავდროულად ახალ სამსახურს ეძებს. აბსოლუტურად სხვა სპეციფიკასთან გვაქვს საქმე, როცა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში დიდია განათლების ლიკვიდურობის პრობლემა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული და შემდეგ წლებშიც, კვალიფიკაციის მიხედვით, განათლება უმაღლესი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის შემუშავებას, რისთვისაც აუცილებელია პრობლემის სახელმწიფოებრივი ხედვა. სამეწარმეო მიდგომა ამისთვის არასაკმარისია. უფრო მეტიც, მისი დომინირება ხელის შემშლელიც შეიძლება იყოს”, – აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

ექსპერტის შეფასებით, სოფლად არასრული დასაქმებისა და ფარული უმუშევრობის პრობლემა არსებითია და ასევე მწვავეა არაკვალიფიციური დასაქმების საკითხიც. როგორც ექსპერტი განმარტავს, საქართველოში სოფელი, ქალაქთან შედარებით, სიღარიბის მაღალი რისკის არეალს სწორედ ამის გამო წარმოადგენს. ერთადერთი, რასაც არანარი საფრთხე არ ემუქრება, სასოფლო თვითდასაქმებაა.

Comments are closed