globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 5th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ღარიბაშვილი პუტინს აუცილებლად უნდა შეხვდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის განსხვავება არ არსებობს“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ჩემი პროგნოზით, 2015 წელი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი უნდა იყოს“

„კვირის პალიტრა“: რა უნდა დავუპირისპიროთ რუსულ გეგმას?

„კვირის პალიტრა“: ფოთის ნავთობტერმინალი – ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?!

————————

„ახალი თაობა“, 05 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ღარიბაშვილი პუტინს აუცილებლად უნდა შეხვდეს“
ვრცელ ინტერვიუში გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი განვლილი 2014 წლის პოლიტიკურ შედეგებს აანალიზებს და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-უკრაინისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებაც მსჯელობს (ესაუბრება ჟურნალისტი ნონა ცაბაძე):
ა) საქართველო-ევროკავშირი
„რაც არ უნდა იძახონ, რომ ევროპარლამენტში შესვლა ღია და თავისუფალიაო, ასე ნამდვილად არ არის. არ ცხადდება ღია კარის დღეები და შიგნით ყველას არ უშვებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე ძალიან გვიან დაიწყო ფიქრი. კიდევ კარგი, რომ ევროპარლამენტსი სხდომაზე პრემიერ-მინისტრი არ წავიდა. ნამდვილად არ მომეწონებოდა, იქ რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ისიც არ მომეწონა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო და უკანა რიგში იჯდა. ამათ ზომები უნდა მიეღოთ. თავაზიანად უნდა აეხსნათ ევროპარლამენტისათვის, რომ ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] არის ძებნილი და მისი გამოჩენა საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელების გვერდით სულ ცოტა, გაუგებარია.
ბ) საქართველო უკრაინა
„მიხეილ სააკაშვილი მიდის და თან მიჰყავს თავისი ამალა. გული მტკივა უკრაინელების გამო, რომ ვერ ხვდებიან ვის ჩაუგდეს ხელში ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამათ ჩვენ არ დაგვაყენეს ხეირი და უკრაინას რას მოსწევენ?. ესეც კიდევ ერთი დარტყმაა – გამოდის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, ანგარიშს არ გვიწევენ. ეს სააკაშვილის პიარია, მაგრამ თუ [აასე გაგრძელდება], შეიძლება საქმ,ე დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეც მივიდეს. უკრაინას მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დესტაბილიზებისათვის იყენებს“.
გ) საქართველო-რუსეთი
„ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმერ პუტინს უნდა სეხვდეს, აქ ორი აზრი არ არის. სხვაგვარად პრობლემები არ მოგვარდება. მოლაპრაკების გარდა მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ომი და ამ მდგომარეობამდე, მეორე გზას რომ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, იმიტომაც მივედით. ძალიან სერიოზული მზადებაა საჭირო, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს. რასაკვირველია, პირველივე [შეხვედრით] ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ამ გზით სიურული უნდა დავიწყოთ…
ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთთან მიმართებითაც აფხაზეთის მსგავსი სიტუაცია მეორდება, თუმცა სოხუმისაგან განსხვავებით, ცხინვალი უფრო ადვილი დასაყოლიებელია. ცხინვალი იქით ეხვეწება რუსეთს, ამიტომ ძალიან საჩქაროა ამ მოლაპარაკების დაწყება. დაგვიანებულიც კი არის: ორი წელი გავიდა და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარდა, არაფერი არ დაძრულა ადგილიდან.
(…)
ნინო ბურჯანაძეს საინტერესო წინადადება ჰქონდა, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-თურქეთის გაზსადენის პროექტი გამოაცხადა. ნინო ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველო ჩაერთოს ამ პროექტში და გაზსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. აი, ამით შეიძლება რუსეთთან ლაპარაკის დაწყება. ეს იმიტომ, რომ ამ პროექტს ძალიან ბევრი პლუსი აქვს: ჯერ ერთი, რომ ზღვის ფსკერზე გატარებულისაგან განსხვავებით ხმელეთზე გაყვანილი უფრო იაფი დაჯდება და მეორე – ტრანზიტის გამო ჩვენთან გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობა დარჩება, გვექნება შეღავათიანი ტარიფი, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, წარმოება გამოცოცხლდება, შეიქმნება უსაფრთხოების გარანტიები… ეს არის რეალისტური პროექტი და ჩვენ იანვარში ამ საკითხზე დიდი კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ“.

„ახალი თაობა“, 05 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის განსხვავება არ არსებობს“
ინტერვიუში „გაერთიანებუკლი დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სხვა საკითხებთან ერთად, კომენტარს საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებაც აკეთებს. გთავაზობთ ამონარიდს:
„ზურაბ ადეიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი. როცა უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უმაღლეს ეშელონებში ქართველები მინისტრებად, მოადგილეებად და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებად ინიშნებიან და საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის მიმართ პროტესტის ნოტაც კი არ გააჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის წინასწარ შეთანხმებული თამაში და ამის უკან დგას აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და რომ ბიძინა ივანიშვილი, მთელი მისი გუნდი არის უძლური, რომ ფორმალურად მაინც გაუწიოს წინააღმდეგობა ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტს“.

„კვირის ქრონიკა“, 5 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ჩემი პროგნოზით, 2015 წელი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი უნდა იყოს“
ვრცელ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პროგნოზსაც აკეთებს (ესაუბრება გელა ზედელაშვილი).
გთავაზობთ ამონარიდს:
„ჩვენ ისე ვიქცევით, ვითომ არ გვაინტერესებს რა ხდება რუსეთში, არდა, უნდა გვაინტერესებდეს, რომ ყველა სიტუაცია საჩვენოდ გამოვიყენოთ. ჩემი პროგნოზით, 2015 წელი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი უნდა იყოს: ან ისევ ვაგრძელებთ ამ იდიოტურ პოლიტიკას, ან უნდა მოხდეს გარღვევა. ეს უკანასკნელი არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო ვექტორი უცებ 100%-ით შემოტრიალდება, ვინც ფიქრობს, რომ ხვალ პუტინი იტყვის, თქვენი დროშები მომეცით, სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოო, ის იდიოტია. ჩვენი ხელისუფლება კანკალებს – ერთ ნაბიჯს გადადგამს რუსეთისაკენ, ატეხენ „ნაციონალები“ წივილ-კივილს და მერე ორ ნაბიჯს უკან გადმოდგამს. იმის მოლოდინი, რომ რუსეთში ცხოვრების პირობები გაურესდება და პუტინს დაამხობენ, ზღაპარია. ვინც რუსეთის ისტორია იცის, მიხვდება, ამას რატომ ვამბობ… თავის მხრივ, პუტინიც არ ზის გულხელდაკრეფილი, ისიც კარგად მუშაობს დასავლური სანქციების გასანეიტრალებლად.
სომხები ჩვენზე ჭკვიანები არიან ამიტომ არ გვბაძავენ. სომხებმა ძალიან კარგად დაინახეს, როგორ „დაეხმარა“ დასავლეთი საქართველოს და რა გააკეთა რუსეთმა. ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რუსეთი ყველაფერზე მიდის. ამაში დარწმუნედნენ ამერიკელები, დარწმუნდნენ ამერიკელი სომხებიც, რომლებსაც აშშ-ში დიდი გავლენა აქვთ. ამერიკელი სომხები იმიტომ არ გამოდიან ოფიციალური ერევნის რადიკალური კრიტიკით, რომ მათ იციან: სომხეთისადმი ქმედითი დახმარების გაწევა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია..
აზერბაიჯანი ვერაფერს იზამს, სანამ სომხეთს რუსეთთან ასეთი ურთიერთობა აქვს. ილჰამ ალიევი ევრაზიულ კავშირში არ გაწევრიანდება. იგი ბოლო ხანებში ცოტა დაუტკბა პუტინს, მაგრამ ევრაზიულ კავშირში შესვლა მის ინტერესებში არ შედის – კასპიის ნავთობ-გაზის მყიდველი მაინც დასავლეთია. რუსეთს თურქეთი დაუკბა, მაგრამ ანკარა დასავლეთთან გაბუტვას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ქართული დიპლომატია საერთოდ ამოვარდნილია რეგიონული პოლიტიკიდან…
ჯონ მაკკეინის დანიშვნა აშშ-ის სენატის შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარედ შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა, მაგრამ არა მგონია ეს მოხდეს, როცა კონგრესში ანტირურული ძალა ძლიერდება. ამ დროს ვლადიმერ პუტინი ეცდება სიტუაცია თავის მეზობლებთან დაარეგულიროს. აბა, დაუკვირდით, ბოლო დროს რა განცხადებებს აკეთებს პუტინი, იგი შეიძლება მართალც წავიდეს რაღაც დათმობებზე. სხვათა შორის, მე რომ სიტუაციას ვაანალიზებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს და რუსებს შორის მართლაც არის სხვა კონტაქტები. როგორ გგონიათ, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე მხოლოდ ბოლოკსა და კიტრებზე მსჯელობდნენ? რაღაც არა მგონია. საერთოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი შირმაა და არ გამოვრიცხავ, იქ ბიზნეს-გენერლებიც ხვდებიან ერთმანეთს. თუ ასეა, ეს დადებითი მომენტია. მსოფლიო ისტორიას ახსოვს, რომ ქვეყნები ბიზნესმენებსაც გადაურჩენიათ… წესით, ჩვენი ბიზნესმენებიც უნდა იყვნენ ჩართულნი ამ მოლაპარაკებაში, სამტავრობო წრეებიდანაც. ასე რომ, 20215 წელი ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს: ასეთი გულგრილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ვეღარ და აღარ გაგრძელდება. ასევე შეიცვლება სიტუაცია უკრაინის მიმართაც… ჩვენ გვმართებს გონიერება და ჭკვიანური დიპლომატიის გატარება“.

„კვირის პალიტრა“, 5 იანვარი, 2015 წელი
რა უნდა დავუპირისპიროთ რუსულ გეგმას?
ხათუნა ლაგაზიძე („პოლიტიკური მიკროსკოპი“)
2015 წელი საქართველოს საზოგადოების საგარეო ორიენტაციის თუ პრიორიტეტების თვალსაზრისით, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს. დასავლეთ საქართველოს რაიონებში სულ უფრო თვალშისაცემია დასავლეთის მიმართ მზარდი ნიჰილიზმის პარალელურად რუსეთის მიმართ გაჩენილი მოლოდინი.
საფუძველი, ძირითადად, აქაც იგივეა, რაც აღმოსავლეთ საქართველოში: მრავალი წლის მერე მოსახლეობამ თხილიც რეკორდულ ფასად გაყიდა და ციტრუსებიც მთლიანად ჩააბარა. ლამის 25-წლიანი პროდასავლური კურსისგან ხელშესახები შედეგის არქონის ფონზე, რუსული ბაზრის შეღებული კარი საქართველოს მოსახლეობისთვის ლამის პანაცეად იქცა, ახლა კი რუსული ბაზრის დახურვა სოციალური უკმაყოფილების ძლიერი მუხტის საფუძვლად შეიძლება იქცეს. ამ ფონზე რა რესურსი აქვს პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის პროდასავლური კურსის ხელშესაწყობად?!
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს არა მარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური ფონიც ისეთი ხელსაყრელია რუსეთისთვის, როგორიც არასდროს ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში:
პროდასავლურ ფლანგს არ ჰყავს იმგვარი ლიდერი, რომელიც შეძლებს, გააერთიანოს და დამუხტოს საზოგადოების უმრავლესობა; მთავარ პროდასავლურ ძალაზე პრეტენზიის მქონე “ნაციონალური მოძრაობა” იმდენად დისკრედიტირებულია, რომ თავის გარშემო საზოგადოების პროდასავლური ნაწილის მობილიზებას ვერ შეძლებს; მედასავლეთე პოლიტიკურ ელიტას არა აქვს მოსახლეობისთვის შესათავაზებელი ისეთივე მომხიბვლელი, კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ პარამეტრებში გამოხატული ალტერნატიული იდეა, როგორიც რუსული ბაზარია; არა აქვს დასავლური კურსის მხარდამჭერი ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა და არც დასავლეთთან მუშაობის სტრატეგია. ქართველი პროდასავლელი პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან, რომ ჯერ დასავლური იდეაა გადასარჩენი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს მათი პოლიტიკური წონა. და რა გასაკვირია, რომ ამ ფონზე რუსეთი ფორსირებულად ახორციელებდეს საქართველოს საკუთარ გავლენის სივრცეში დაბრუნების გეგმას?!
რა შეიძლება გააკეთოს თავისი მწირი რესურსებით საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ხელშესაწყობად?!
ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ზუსტად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათ დასაძლევად აუცილებელი გეგმის ჩამოყალიბებაზეც მუშაობს. ვინაიდან ეს საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესია, ურიგო არ იქნება, თუ მედასავლეთე ოპოზიციური სპექტრიც ჩაერთვება ერთობლივი ხედვის შემუშავებაში.
პროდასავლურ ფლანგზე ყველაზე ხანგრძლივი, რამდენიმე ათწლეულის ბეგრაუნდის მქონე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელისუფლების მთავარი ხიდია დასავლეთთან ურთიერთობაში და ეს რესურსიც მთლიანად არ არის გამოყენებული.
კვლავ ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანია უნდა შეეცადოს, რომ “ნაციონალების” მაგივრად დასავლეთის მთავარი პარტნიორის სტატუსი მოიპოვოს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია არა მხოლოდ მისი რეიტინგის ზრდის, არამედ საზოგადოებაში დასავლეთისადმი კეთილგანწყობის გადასარჩენად, რადგან ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელია “ნაციონალებთან” გაიგივებული დასავლეთი. ასევე, მან უნდა იზრუნოს, რომ გახდეს მიზიდულობის ცენტრი სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. რამდენად შეძლებს ის ამ ამოცანებისთვის თავის გართმევას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ასევე, პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა აქტიურად უნდა იმუშაონ დასავლეთთან, განსაკუთრებით – აშშ-თან ქვეყნის პოზიციონირებისა და ლობირების მიმართულებით. მათ ნათლად უნდა აუხსნან დასავლეთის წამყვან პოლიტიკურ მოთამაშეებს, განსაკუთრებით – აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის ძირითად კანდიდატებს, რომ თუ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება ექსპერიმენტების მოედანი, მისგან აღარაფერი დარჩება და ორი-სამი წლის შემდეგ, როცა აშშ-ის სათავეში, სავარაუდოდ, კვლავ დაბრუნდება ბუშების ან კლინტონების დინასტია, საქართველოს და ზოგადად, კავკასიის რეგიონის დაბრუნებისთვის ბრძოლა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, მით უფრო, თუ რუსეთმა ამ პერიოდში საქართველოზე გამავალ სტრატეგიულ მილსადენებზე გავლენის მოპოვება და ავარეთ-კახეთის გზის გახსნა შეძლო. ორივე ეს პუნქტი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის მიერ საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და უფრო იქით, შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის, ანუ კასპიის ზღვის ყოფილი საბჭოთა შელფის ენერგორესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.
ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, როგორც საერთო-სახალხო კენჭისყრით არჩეული და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირის როლი. მას ახალ წელს უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება უწევს – პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი არა მხოლოდ რუსეთის აქტიურობაზე ან დასავლეთის პასიურობაზეა დამოკიდებული, არამედ ქვეყნის შიდა ადამიანური რესურსების ანუ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური მედასავლეთეების შნოსა და უნარზეც. რუსეთის ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მისი სახელმწიფოს, როგორც იმპერიის, აღორძინებისთვის არის აუცილებელი, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა კი თავი უნდა ანებოს საკუთარი სისუსტის სხვისთვის გადაბრალებას და იპოვოს ძალა, რომ საქართველოს საზოგადოებას შესთავაზოს ახალი რუსული იდეოლოგიის რეალური საპირწონე, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თითქმის არ ჩანს. ამიტომაც, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსულ პროპაგანდაზე არანაკლებ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სიძაბუნის გამოძახილია.

„კვირის პალიტრა“, 5 იანვარი, 2015 წელი
ფოთის ნავთობტერმინალი – ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?!
გასული წელი ხმაურიანი და მასშტაბური ბიზნესგარიგებით დასრულდა, რომლის შემდეგაც ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და “გალფის” ავტოგასამართი სადგურების ნაწილი “როსნეფტის” მფლობელობაში გადავა. რუსული ენერგოკომპანია “როსნეფტი” ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი “პეტროკას ენერჯის” აქციების 49%-ს შეიძენს. გარიგების მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში “როსნეფტის” პროექტების რეალიზაციისთვის. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა, თუმცა, ცნობილია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს დარჩება.
“როსნეფტი”, რომელიც რუსეთის სტრატეგიული კომპანიების ნუსხაშია შესული, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი აქციების 69,5%-ს “როსნეფტეგაზი” ფლობს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. “როსნეფტის” აქციების მხოლოდ 19,75% ეკუთვნის BP-ის, ხოლო დარჩენილი 10,75% თავისუფალ მიმოქცევაშია.
ბიზნესგარიგების მხარეებმა უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ გარიგებით “როსნეფტი” საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ საქმიანობას ამიერკავკასიაში.
ფოთის ტერმინალის გამტარობა 8 მლნ ტონა ნავთობპროდუქტია წელიწადში.
ამ გარიგებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი ბერკეტი არა აქვთ იმისთვის, რომ ეს გარიგება ჩაშალონ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საზოგადოებას შეახსენა, რომ “პეტროკასი” თავის დროზე წინა ხელისუფლების წევრების საკუთრება იყო.
თავის დროზე, “პეტროკას ენერჯი გრუპი”, ისევე როგორც მისი შვილობილი “გალფი”, იგივე შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია”, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, კეზერაშვილმა განაცხადა, ჩემი წილი “გალფში” რუსეთში მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მივყიდეო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაშინაც და ახლაც, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი, ამერიკაში რეგისტრირებული Eნერგყ Iნვესტმენტ Vენტურე Hოლდინგს-ია, რაც საეჭვოს ხდის, მართლაც დათმო თუ არა კეზერაშვილმა თავისი წილები ბიზნესში იაკობაშვილის სასარგებლოდ.
(…)
კეზერაშვილი-იაკობაშვილის ტანდემი ბევრი ეჭვის საბაბს იძლევა და მეტი ყურადღებისკენ გვიბიძგებს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს შეეხება. სწორედ ფოთის ტერმინალის საშუალებით ხვდება ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე. არსებული ინფორმაციით, დავით იაკობაშვილმა რუსეთის ნავთობისა და გაზის სფეროში საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ 2014 წლის 19 სექტემბერს სოჭში გამართული საინვესტიციო ფორუმის კულუარებში მიიქცია, როცა ფოთის ნავთობტერმინალის სიმძლავრეების გაორმაგების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.
———
კომენტარები:
რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე:
“როსნეფტმა”, პუტინის უმთავრესმა ეკონომიკურმა იარაღმა, დასავლეთის მიერ სანქციადადებულმა კომპანიამ, ფოთის პორტი ჩაიგდო ხელში. რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სომხურ სცენარს ავითარებს. შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება.
ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ გარიგების ბოლომდე მიყვანა. ამის იურიდიული საბაბი არსებობს. ეს კომპანია შავი ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს “აფხაზეთის მთავრობის” მიერ გაცემული “ლიცენზიის” საფუძველზე. იაკობაშვილმა თუ ეს ხელისუფლების ზურგს უკან გააკეთა, მისაღებია ზომები, თუ ხელისუფლების ნებართვით, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე! სასწრაფოდ უნდა განაცხადოს მთავრობამ, ეს გარიგება მის ზურგს უკან მოხდა, თუ მისი თანხმობით. ეს არის სამხედრო აგრესიის ტოლფასი აქტი. ეს არ არის უბრალო ყიდვა-გაყიდვა. ეს მიბმულია ვერაგ გეგმებზე: რკინიგზა, დაღესტნის გზა, კადიროვის წამოყრანტალება ტრანსკავკასიური რკინიგზის შესახებ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თემის წამოწევა აფხაზების მიერ, “აზოტის” მყიდველების ჩამოსვლა რუსეთიდან, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში ყაზახების დაბრუნება და მათი განცხადება, რომ მომავალ წელს აპირებენ მის გაყიდვას (რა თქმა უნდა, რუსებზე), რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლების თემის წამოწევა (თბილისში, რუსთავში). ნელ-ნელა მიდის მზადება ეკონომიკური მოგუდვის სცენარის ხორცშესასხმელად. გაიძვერა ადამიანები ამაში ფულს იშოვიან.
არ უნდა გატარდეს რეესტრში აქციების გადაცემა. გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. “როსნეფტი” აფხაზეთში უკანონოდ საქმიანობს. აქვს ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, ეწევა ნავთობის დაზვერვით სამუშაოებს შავ ზღვაში. არათუ გარიგების გაუქმება, არამედ სანქციების დაწესებაც შეუძლია საქართველოს მთავრობას “როსნეფტისთვის”, როგორც აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი სუბიექტისთვის; ანუ “როსნეფტი”, ჩვენი კანონით, შავ სიაშია. ასეთივე კანონი მიიღო უკრაინამ და წარმოიდგინეთ, რას იზამდა, ოდესის პორტი რომ ეყიდა.
(…)
ეს რუსეთის იმ დოქტრინის ნაწილია, რომელიც ენერგეტიკული იმპერიის სახელითაა ცნობილი და რომელიც ჩუბაისმა მაშინ გაახმაურა, როცა რუსი დეპუტატების კრიტიკას უპასუხა, თუ რატომ უნდა ეყიდა რუსეთის ენერგოკომპანიას “თელასი”. როგორც ამერიკულმა კომპანიამ მიჰყიდა “თელასი” რუსებს, ასე მიჰყიდა რუსმა ბიზნესმენმა იაკობაშვილმა ფოთის პორტი რუსებს. ჯერ 49 პროცენტი, მერე ორ – საკონტროლო პროცენტს ათმაგ ფასს დაადებს. მთავრობამ და უპირველესად ენერგეტიკის მინისტრმა, კარგად წაიკითხონ კანონი, სანამ რამეს იტყვიან”.
——–
ქართველ ეკონომისტთა დიდ ნაწილს ამ გარიგებაში განსაკუთრებული საფრთხე არ დაუნახავს.
ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
“მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგების ერთ მხარეს დგას რუსეთის სახელმწიფო კომპანია, ხოლო მეორე მხარეს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კომპანია “პეტროკასი”, რომელიც მან საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან იყიდა, ვფიქრობ, ამ გარიგებით ბევრი არაფერი შეიცვლება და ეს წმინდა ბიზნესინტერესებია”.

Comments are closed