globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Focus» (გერმანია): აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ქართველები შიშობენ, რომ რუსეთი, ყირიმის მსგავსად, მათი ქვეყნის ნაწილებსაც მიიტაცებს

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ქართველები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში: „წერილები ფრონტიდან“

«Радио ООН» (აშშ): გაეროს თანამომხსენებელმა ქალებზე ძალადობის საკითხებში დუბრავკა შიმონოვიჩმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

«Newsweek» (აშშ): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრად?

———————-

«Focus» (გერმანია), 25 თებერვალი, 2016 წელი

http://www.focus.de/politik/ausland/abchasien-und-suedossetien-wie-die-krim-georgier-haben-angst-dass-russland-teile-ihres-landes-einnimmt_id_5312734.html

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ქართველები შიშობენ, რომ რუსეთი, ყირიმის მსგავსად, მათი ქვეყნის ნაწილებსაც მიიტაცებს

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ქართველები შიშობენ, რომ ვაითუ მათმა ქვეყანამაც უკრაინის ბედი გაიზიაროს. აშკარაა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს.

რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფო – საქართველო მოსკოვური საფრთხის წინაშე დგას: „საქართველოში ბევრი შეშფოთებულია, რომ დადგება დრო და რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ანექსიას განახორციელებს ისევე, როგორც ეს 2014 წელს ყირიმის მიმართ მოახდინა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოთხშაბათს გერმანული მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთთან ომი ჰქონდათ, რომლის დროსაც რუსეთი მხარს უჭერდა საქართველოს სეპარატისტულ ნაწილებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს: „რუსეთის სამხედრო ყოფნა ამ რეგიონებში ყოველდღიურად ფართოვდება და ძლიერდება“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო (რუსეთისა და კიდევ ორიოდე ქვეყნის გარდა), საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს, თუმცა, ამის მიუხედავად, ორივე რეგიონს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურები აქვს. „მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის რეგიონულ მთავრობებთან ხელშეკრულებები გააფორმა, რომელთა მიზანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, – ხაზი გაუსვა ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იურიდიულად საქართველოს მოქალაქეები არიან, რუსული პასპორტებიც აქვთ, ანუ ისინი იმავდროულად რუსეთის მოქალაქებსაც წარმოადგენენ“, – თქვა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გაუმჯობესდა.

საქართველოს ევროკავშირის  წევრობა სურს

საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. 2014 წელს თბილისმა ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა: „ჩვენი ქვეყანა მზადაა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო ევროპული სტანდარტების საფუძველზე განავიტაროს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ოთხშაბათს, თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას.

ნატოს და საქართველოს 2004 წლიდან ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობა აღუთქვეს: „ჩვენ დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ საქართველოს სამხედრო პოტენციალი ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 25 თებერვალი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2016/02/160223_georgia_jihadist_video_isis

ქართველები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში: „წერილები ფრონტიდან“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვრცელი მასალა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის თაობაზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიასა და ერაყში იბრძვიან (ავტორი – ნინა ახმეტელი).

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართულმა სპეცსამსა-ხურებმა დაიწყეს იმ ვიდეორგოლის წარმომავლობის გამოძიება, რომელიც ამ ორიოდე დღის წინათ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა: მასში „ბოევიკები“ ქართულ ენაზე ყვებიან, თუ როგორ ჩავიდნენ საქართველოდან სირიაში და როგორ იღუპებიან ბრძოლებში მათი თანამემამულეები.

ვიდეო „ისლამური სახელმწიფოს“ მედიაცენტრ “ფურატის” მიერაა მომზადებული. მასში ერთ-ერთი ქართველი აჭარელ მებრძოლ აბუ მარიამზე საუბრობს (ფოტოსურათის მიხედვით, როგორც ჩანს, იგულისხმება ხვიჩა გობაძე): “ჩვენი ძმა აბუ მარიამი 4 წლის წინ აჭარაში გავიცანი. ჩვენ მაშინ ჭეშმარიტებას ვეძებდით. მალე ის ეგვიპტეში სასწავლებლად წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დაიწყო ალაჰის კანონებით ცხოვრება. იმ პერიოდში აჭარაში ჩვენი პატარა ჯამაათი გვქონდა, ამ ჯამაათის ამირი და მასწავლებელი იყო აბუ მარიამი. სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დავდეთ. ქართული სპეცსასმსახურების მხრიდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ყოველ პარასკევს მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ვასრულებდით და ის ჩვენი იმამი იყო”.

ვიდეომასალაში საუბარია კიდევ ერთ ქართველ მებრძოლ აბდულ ვაჰაბზე, რომელიც სირიაში დაიღუპა: “როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართვლოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში”, – ამბობს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტს განუმარტეს, ვიდეორგოლში ასახული პირების მიმართ უკვე ძიება მიმდინარეობს.

პუბლიკაციაში ავტორი მოიხსენიებს იმ რეგიონებს, საიდანაც ახალგაზრდები ხშირად მიდიან სირიაში საბრძოლველად: აჭარას, პანკისის ხეობას… პანკისის ხეობიდანაა, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაური ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემებით, დღეისათვის სირიაში  საქართველოს ოცი მოქალაქეა დაღუპული. როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პანკისიდან ათობით ახალგაზრდაა წასული სირიაში საბრძოლველად, ხეობაში სიტუაციას სახელმწიფო აკონტროლებს.

პუბლიკაციაში ავტორის მიერ ციტირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. როგორც ცნობილია, ამას წინათ რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში „ბოევიკთა“ საწრთვნელი ბანაკები არსებობსო. „პანკისში ტერორიზმის არანაირი საფრთხე არ არსებობს, იქ მკაცრი კონტროლია დაწესებული“, – ეს გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია.

სტატიის ავტორი ესაუბრება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წამყვან ექსპერტს, საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს, რომლის თქმით, რუსეთი საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს. „მოსკოვს თვითონ აქვს დიდი პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში და უმჯობესია რუსებმა ის გაარკვიონ, რაც მათ საკუთარ სახლში ხდება“, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე, – ცხადია, კრემლის მცდელობა ახალი არაა, ეს ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. რუსეთი ამით ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ კავკასიის რეგიონში მხოლოდ ისაა სიტუაციის გამგებელი, მხოლოდ მას შეუძლია წესრიგის დამყარება“.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემად რჩება რელიგიური უმცირესობების არასაკმარისი ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის პანკისის ხეობისაც, რაც თავის მხრივ, ექსტრემისტულ პროპაგანდასა და აგიტაციას აადვილებს. „თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქართველი მოქალაქე და ქართული ეთნოსი ძალიან მჭიდროდაა ასოცირებული მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც აბსოლუტურ ნონსენასად იუნდა ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ნაწილი მართლმადიდებელი არ არის“, – აცხადებს ნოდარ ხარშილაძე „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში, – „გამოდის, რომ ჩვენი თვითაღქმიდან  ჩვენივე მოსახლეობის მესამედი ამოვარდნილია… ეს სამომავლოდ ბევრ პრობლემას მოგვიტანს“.

ამასთან, ექსპერტის აზრით, საქართველო ექსტრემისტთა სამიზნე მაინც არ გახდება: „ისლამურ სახელმწიფოს, ისევე როგორც ყველა ორგანიზაციას, რესურსები ლიმიტირებული აქვს. როცა ტერორისტულ აქტებს აწყობენ, ყოველთვის ისეთ ადგილს არჩევენ, სადაც აფეთქება ან სხვა მსგავსი ქმედება არა მარტო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს, არამედ ასევე დიდი რეზონანსი ექნება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორც ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, ასევე მასმედიაში ტერაქტის გაშუქების ფაქტორიც, რადგან ტერორისტთა ერთ-ერთი მთავარი აიარაღი სწორედ შიშის დათესვის პროპაგანდაა. რასაკვირველია, ჩვენთან შეიძლება რაღაც მსგავსის მოწყობა უფრო ადვილია,  ვიდრე, ვთქვათ, პარიზში ან ლონდონში, მაგრამ მისი რეზონანსი ბევრად მცირე იქნება“, – განმარტავს ნოდარ ხარშილაძე.

«Радио ООН» (აშშ), 24 თებერვალი, 2016 წელი

http://www.unmultimedia.org/radio/russian/archives/211443/#.Vs5pnstf3s1

გაეროს თანამომხსენებელმა ქალებზე ძალადობის საკითხებში დუბრავკა შიმონოვიჩმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

გაეროს თანამომხსენებელმა ქალებზე ძალადობის საკითხში დუბრავკა შიმონოვიჩმა საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტი დაასრულა, – იუწყება გაეროს რადიოსადგური. იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და საყოფაცხოვრებო ძალადობასთან ბრძოლას უზრუნველყოფს.

ამასთან, დუბრავკა შიმონოვიჩმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ქალებზე ძალადობის ფაქტები აღმოფხვრელად. ეს ეხება აგრეთვე ადრეულ ქორწინებებსაც. ექსპერტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ასეთი ფაქტების მიმართ შექმნილი დუმილის „მოჯადოებული წრე“ გაარღვიოს და ზომები მიიღოს, რათა გენდერული ძალადობა  ოჯახის კერძო საქმედ არ დარჩეს.

როგორც დუბრავკა შიმონოვიჩმა აღნიშნა, იმ ქალებისათვის, რომლებმაც უხეშად მოპყრობა განიცადეს, ჯერ კიდევ რთულია თავიანთი უფლებების დაცვა და სამართლის მიღწევა. უფრო მეტიც, ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, განსაკუთრებით საქართველოს სოფლებში, როცა ოჯახებში ქმრის უხეშად მოპყრობის შემდეგ ცოლს მაინც ქმართან დარჩენას ასიძულებენ. გაეროს ექსპერტმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა უფრო მეტი ქალთა სახელმწიფო თავშესაფარი შექმნას, მეტი ყურადღება დაუთმოს ქალთა დასაქმებას და მათი სამსახურით უზრუნველყოფას.

«Newsweek» (აშშ), 25 თებერვალი, 2016 წელი

http://europe.newsweek.com/who-could-be-next-ukrainian-prime-minister-429662?rm=eu

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრად?

დემიან შარკოვი, კიევი

(შემოკლებით)

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, როგორც ჩანს, გასულ კვირას ვერხოვნა რადას სხდომაზე  თავიდან აიცილა გადადგომა, მაგრამ, აშკარაა, რომ მისი დღეები დათვლილია. პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ არსენ იაცენიუკმა პროდასავლური კოალიციის წევრი ოთხი პარტნიორიდან სამი დაკარგა. უფრო მეტიც – ყველაზე მრავალრიცხოვანმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ ხმის მიცემის წინ მას სთხოვა, რომ უსიტყვოდ გადამდგარიყო. მაგრამ პრემიერ-მინისტრი გაჯიუიტდა… შედეგი უკვე ცნობილია: კანონმდებლებს არსენ იაცენიუკის გათავისუფლება არ შეუძლიათ. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ისღა რჩება, რომ კვლავ დააყენონ ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სექტემბრის სხდომაზე, უ მანამდე პეტრო პოროშენკო ვერხოვნა რადას არ დაითხოვს და ახალ არჩევნებს არ დაინიშნავს.

ამასობაში კი პრემიერ-მინისტრის პოპულარობა მკვეთრადაა დაცემული. ვინ შეიძლება იყოს თეორიულად მისი შემცვლელი? არის რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც შეიძლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად განვიხილოთ:

ქარიზმატული რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორად პეტრო პოროშენკომ გასულ წელს დანიშნა და უკრაინის მოქალაქეობაც იმ ხანებში მიანიჭა. მას აქვს უკომპრომისო რეფორმატორის იმიჯი და უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსადაა მიჩნეული. როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მან  მკაცრი ზომები მიიღო კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, „თრანსფერენსი ინტერნეიშენელის“ ინდექსით, საქართველომ ოთხ წელიწადში 133-ე ადგილიდან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების გზაზეც, გააატარა ბევრი ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც ასევე აუცილებელია დღევანდელი უკრაინისათვის.

მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ უპირისპირდება უკრაინის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს: გასული წ;ლის სექტემბერში პრეზიდენტის საიტზე 30 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყოს. საქარტველოს ექს-პრეზიდენტი ასევე მწვავე დამოკიდებულება აქვს შინაგან საქმეტა მინისტრ არსენ ავაქოვთან.

უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსის ენდრიუ უილსონის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრობის იმპულსი, აქვს ამის შანსი, მაგრამ თუ მას თავისი პარტია არ ეყოლება, მიზნის მიღწევა ძალიან გაურთულდება: „თუ იგი პარტიას შექმნის და მისი პარტია არჩევნებში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მხოლოდ ამას შემდეგ ექნება მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა“. ამ დროისათვის საქართველოს ექს-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ანტიკორუფციულ მოძრაობას „უკრაინის გაწმენდისათვის“, რომელიც ოდესაში ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ისეთი ორგანიზაცია, ისეთი პარტია, რომელიც პარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში დასახელებულია აგრეთვე უკრაინის პრემიერ-მინისტრობის სხვა სავარაუდო კანდიდატებიც – ვლადიმირ გროისმანი (უკრაინის პარლამენტის სპიკერი, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი), ნატალია იარესკო (უკრაინის ფინანსთა მინისტრი) და იულია ტიმოშენკო (უკრაინის ექს-პრემიერი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი).

Comments are closed