«Die Welt» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაციის პროცესი გავაგრძელოთ“
«The Armenian Mirror-Spectator» (აშშ, მასაჩუსეტსი): ფრთხილად ვიყოთ ქართველ „მეგობრებთან“…
———————-
«Die Welt» (გერმანია), 26 თებერვალი, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაციის პროცესი გავაგრძელოთ“
„საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირთან დაახლოების იმედი აქვს, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის კრიზისი მისი ქვეყნის განვითარებაზე [ნეგატიურ] გავლენას მოახდენს“, – აღნიშნულია ინტერვიუში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს გერმანული გაზეთის „ველტ“-ის კორესპონდენტმა საშა ლენარტცმა ჩამოართვა.
გთავაზობთ მცირე შემოკლებით:
- რის გაკეთება შეუძლია გერმანიას ქართული რეფორმების მხარდასაჭერად?
- გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დროიდან. ბერლინი მხარს გვიჭერდა ყველა რეფორმის განხორციელებაში, ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის სფეროში და საერთოდ, ევროპული მომავლისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოხარულნი ვართ ევროპულ ინტეგრაციაში თანამშრომლობა გავაგრძელოთ.
- საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს, თუმცა უკრაინის კრიზისი ხელს არ გიწყობთ… მაინც რამდენად რეალურია საქართველოს იმედები?
- ჩვენ ამ მომენტისათვის კონცენტრირებულები ვართ ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ურთიერთსასარგებლო პუნქტებს შეიცავს და ქმნის პირობებს ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდრეობის გაუმჯობესებას, ამიტომაც ვახორციელებთ რეფორმებს ევროპული სტანდარტებით. ჩფვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, თუმცა მისი განვითარებისათვის გვინდა, რომ ევროკავშირში თავისუფალი, შეუზღუდავი მიმოსვლის უფლებაც გვქონდეს. (…) საერთოდ კი მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმავდროულად შემცირდა ვაჭრობის მოცულობა ყოფილ საბჭოთა [დსთ-ის წევრ] რესპუბლიკებთან. ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გერმანულმა კომპანიებმა რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები დააბანდონ საქართველოში და კავკასიის რეგიონში ვაჭრობა საქართველოს მეშვეობით გააფართოონ. ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმ,ნას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის შემაერთებელ ხიდად განიხილება, ამიტომაც ვმონაწილეობთ აბრეშუმის გზის ახალი პროექტის განხორციელებაში.
- საქართველომ 2008 წელს რუსეთთან შეირაღებული კონფლიქტი გადაიტანა. თქვენ ასევე ხედავთ, თუ როგორი ვითარებაა უკრაინაში. როგორი სიგნალები გესმით მოსკოვიდან? ხელს ხომ არავინ გიშლით თქვენი მტკიცე პროდასავლური კურსის გამო?
- ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაციის პროცესი გავაგრძელოთ. 2012 წლიდან პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მიმნდინარე არაფორმალურ დიალოგში გამოიხატება. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ვაჭრობის, კომუნიკაციების, კულტურის სფეროებში, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გართულებები და იმავდროულად ევროკავშირთან თავისუფალი მანევრების შესაძლებლობაც რომ გვქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულ თემაზე – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არანაირი პროგრესი არ შეინიშნება…
- თქვენ მხედველობაში გაქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებთაც 2008 წლიდან რუსეთი აკონტროლებს?
- რუსეთის არმიას ჩვენი სახელმწიფო ტერიტორია აქვს დაკავებული და ორი რეგიონის ოკუპირებას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ისეთ შეთანხმებებს აფორმებს სეპარატისტულ რეჟიმებთან, რომლებიც ფაქტიურად ამ რეგიონების ანექსიის ტოლფასია. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მოსკოვის მოქმედებით, მაგრამ მაინც ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსეთის მიმართ ისეთი პრაგმატული პოლიტიკა გავატაროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. (…) ამასთან ერთად, ჩვენ კრიტიკულად ვუდგებით რუსეთის პოზიციას და ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით, პრობლემები ჟენევის მოლაპარაკებაზე გადავწყვიტოთ. გვინდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მშვიდობიანი გზებით მოვაგვაროთ, დავაბრუნოთ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი მიზანია მიაღწიოს იმის გარანტიებს, რომ საქართველოს მიმართ აგრესია აღარ მოხდეს, რომ საქართველოს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს.
- საქართველოს მდგომარეობას თუ უკრაინის მდგომარეობას შევადარებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ კიევმაც იგივე უნდა გააკეთოს რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად?
- ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ახალი „ცხელი კონფლიქტის“ წარმოქმნა – ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ამას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ იმედებს და მჯერა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთმანეთთან თანამშრომლობით ევროკავშირს დაუხლოვდებიან. ჩვენთან ინტეგრირების პროცესს ევროკავშირიც მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სკეპსისს არ ვგრძნობთ. ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროკავშირს. საქართველო რეფორმების წყალობით ევროკავშირისაგან [ადრინდელთან შედარებით] უკვე ძალიან შორს აღარ არის. ბევრი რამე გავაუმჯობესეთ, მაგალიტად, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. საქართველო, მართალია, ჯერ კიდევ არაა იდეალური ქვეყანა, მაგრამ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და მჯერა, რომ ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ცატარდება.
- ცდილობს თუ არა რუსეთი საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს?
- შევნიშნავ, რომ მართლაც არის ჩვენთან ანტიდასავლური პროპაგანდის გაფართოების ნიშნები…
- რუსეთის ტელეკომპანიების მეშვეობით?
- არიან აგრეთვე ისეთის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პრორუსული ორიენტაცია აქვთ და ანტიდასავლური პროპაგანდით პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი უსარგებლოა და უმჯობესია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდესო, თუმცა მათ პარლამენტში ასარჩევად მცირე პერსპექტივა აქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ორიენტაცია ძირითადად პროევროპულია. ამასთან, ვაცნობიერებთ [პრორუსული პარტიების] გამოწვევას და ვცდილობთ, რომ პროდასავლური ძალები გავაძლიეროთ. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ევროპული რეფორმების კურსს.
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია. როგორ ფიქრობთ, იგი უკრაინაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე საქართველოში ჰქონდა?
- ვერ გეტყვით, როგორი შანსები აქვს მას უკრაინაში. ჩვენ საქართველოს განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა, რასაკვირველია, ასევე დაინტერესებულნი ვართ უკრაინის სტაბილური სიტუაციით. ცალკეული ადამიანების საქმიანობას ვერ შევაფასებ.
- თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა უკრაინას საქართველოს გამოცდილება შეცდომების თავიდან აცილებაში?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გამოცდილება, გარკვეული აზრით, შეიძლება ერთგვარ მოდელად ჩაითვალოს. ჩვენთან განხორციელებულმა რეფორმება კორუფცია და ბიუროკრატია შეამცირა. მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და თანმიმდევრულად მიაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. უკრაინასთან ვთანამშრომლობთ და შესაძლებლობისდა მიხედვით მხარს ვუჭერთ იქ, სადაც შეგვიძლია, რათა უკრაინელებმაც იგივე სედეგებს მიაღწიონ.
«The Armenian Mirror-Spectator» (აშშ, მასაჩუსეტსი), 26 თებერვალი, 2016 წელი
http://www.mirrorspectator.com/2016/02/25/beware-of-the-georgian-friend/
ფრთხილად ვიყოთ ქართველ „მეგობართან“…
ედმონდ აზალიანი (სარედაქციო)
პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო სომხეთისათვის მეგობრული მტრის“ როლს ასრულებს. მართალია, ქართულ დროშაზე ქრისტიანული ჯვარია გამოსახული, მაგრამ საქართველოს მთავრობისათვის სარწმუნეობრივ, ქრისტიანულ ძმობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არადა, ისლამური ქვეყნების გარემოცვის ოკეანეში მდებარე ორი მეზობლის ერთმანეთთან სოლიდარობა ორივესთვის სიკეთის მომტანი და გამართლებული იქნებოდა.
საბჭოთა პერიოდში ეთნიკურ დაპირისპირებები ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლის მიერ იყო მიყუჩებული. საქართველოსა და სომხეთს ერთმანეთთან მაინცდამაინც დიდი სიყვარული არ ჰქონდათ, რადგან, სანამ ორივე საბჭოთა იმპერიაში გაერთიანებოდნენ, მათ შორის ომიც მოხდა და ამ ომის შედეგად ჯავახეთი საქართველომ მიისაკუთრა. იმპერიის დაშლის შემდეგ კი ორივე მეზობელი სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მქონე ბანაკში მოხვდნენ და ერთმანეთთან ანტაგონისტური გრძნობებიც გაღვივდა. ისტორული გარემოებების გამო სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე გახდა და თავის ტერიტორიაზე მოსკოვს სამხედრო ბაზის განლაგების ნება მისცა, საქართველომ კი იმედის მზერა დასავლეთს მიაპყრო და ნატოში გაწევრიანება მოისურვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა თავისი პროდასავლური ორიენტაციის (მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული უჭკუო პოლიტიკის) გამო, მომდევნო ხელისუფლებამ – „ქართული ოცნების“ მთავრობამ პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი მაინც არ შეცვალა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 12 თებერვალის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ჩვენს მეზობლებთან – საქართველოსთან და ირანთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვსო“, მაგრამ გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტკორექტული გამოთქმა იმ მიზნით, რომ მათთან, განსაკუთრებით კი თბილისთან სიტუაცია არ გაემწვავებინა.
სინამდვილეში ცხადია, რომ სომხეთს ირანთან და საქართველოსთან სხვადასხვა დონისა და ფუნდამენტის მქონე ურთიერთობა აქვს. ირანს ზოგჯერ შეუძლია სომხეთის ინტერესების იგნორირება მოახდინოს, მაგრამ ამას ისე აკეთებს, რომ მეზობელს დიდი ზიანი არ მიაყენოს. ქართველები კი თავიანთი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით სომხების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამით სომხებს ტკივილს აყენებენ. ქართველები სხვა ეთნოსების მიმართ უკიდურეს ქსენოფობიას ამჟღავნებენ და სურთ, რომ ეროვნული უმცირესობის ასიმილირება მოახდინონ. ეს განსაკუთრებით ჯავახკში მცხოვრებ სომხებს ეხება. გამოდის, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაკარგვით საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სომხეთს ვირტუალური მტრის სახეა აქვს. გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო გამომწვევად უჭერს მხარს თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციას, რითაც სომხეთს ზიანს აყენებს და ფეხქვეშ თელავს იმ „კეთილმეზობლურ სულისკვეთებას“, რომლის დაცვას სომხეთი უშედეგოდ ცდილობს.
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია და თავის უშიშროების განმტკიცებას ამ ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს, თუმცა მოსკოვის პოლიტიკა გაკვირვებას იწვევს: რუსეთი ჩუმადაა, როცა აზერბაიჯანი სომხური ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ რუსეთი ასევე ჩუმად აწვდის ბაქოს თანამედროვე შეირაღებას. ეს პრობლემები „ოდკბ“-ის გენერალურ მდივანს ნიკოლაი ბორდიუჟას მაინდამაინც არ აღელვებს. ამ პოლიტიკურ ფონზე კი საქართველო თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ კავშირებს აღრმავებს, რითაც სომხეთს კისერზე ყულფს უჭერს.
ამას წინათ, 19 თებერვალს, თბილისში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საქარეო საქმეთა მინისტრების მიხეილ ჯანელიძის, მევლიუთ ჩავუშოღლუსა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მათ კარწახის რკინიგზის სასაზღვრო სადგური მოინახულეს. სამივე მინისტრმა ქება-დიდება უძღვნა ბაქო-თბილისი-ყარსის „ისტორიული“ რკინიგზის მშენებლობას და მის მნიშვნელობას, რომელიც „აბრეშუმის ახალი გზის“ პროექტის ჩარჩოებში სომხურენოვან ჯავახკის რეგიონში, ახალქალაქზეც გაივლის, სომხეთის გვერდის ავლით. აზერბაიჯანელმა ელმარ მამედიაროვმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი – „სომხეთი ბევრს წააგებს, ასეთ პროექტებში რომ არ მონაწილეობსო“.
მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ეკონომიკური განცხადებების გარდა, მინისტრების ტრიომ ხელი მოაწერა პოლიტიკურ დეკლარაციას, რომლის ტანახმად, ისინი მხარს უჭერენს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით“. აშკარაა, ეს სიტყვები შენიღბულია და სინამდვილეში ალიევების დინასტიის ტერიტორიულ ამბიციებს ასახავს. [დეკლარაცია] ეწინააღმდეგება ჰელსინკის აქტს, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შეთავსებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებასთან.
საქართველო დაუფიქრებლად უჭერს მხარს აზერბაიჯანის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, სომხეთი კი იძულებულია თავი შეიკავოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებისაგან, რათა თავიდან აიცილოს თბილისთან კონფრონტაცია.
ირანის მიმართ სანქციების მოხსნამ კავკასიაში ბუნებრივი გაზის საკითხში პოზიციების შეჯახება გამოიწვია: აქ ერთმანეთთის კონკურენტები რუსეთი, ირანი და აზერბაიჯანი არიან. გაისმა საუბარი იმაზე, რომ სომხეთი შეიძლება საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს ირანიდან გაზის მიღების საკითხშიო. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ თბილისმა გადაიფიქრა – ვაითუ ბაქო გაბრაზდესო: კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანულ ტრანზიტზეც უნდა ვიფიქროთ, ეს ვარიანტიც უნდა განვიხილოთო“.
თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობამ შლიუზები გაუხსნა თურქული კაპიტალის შეჭრას საქართველოში. ვააგნ ჩახალიანმა, ჯავახკის პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საპყრობილეში იჯდა, სომხების გასაგონად მიმართვა გამოაქვეყნა, რომლის დედააზრი ასეთია: „არა საქართველოს თურქიზაციას“. მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს დათესილი თურქული თესლი უკვე აღმოცენდა და საქართველოს თურქიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მატულობს, უკანდასახევი წერტილი უკვე გადაკვეთილია“. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ თურქები არა მარტო სომხების, არამედ ქრისტიანი ქართველების დისკრიმინაციასაც ახდენენ. სამწუხაროა, რომ მსაქართველოს მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ბაზების განლაგებასაც კი დათანხმდა, რაც საქართველოს თურქიზაციის დასასრული იქნება.
გასაგებია, რომ შეერთებული შტატები და ნატო ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მას „სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილ წვლილად“ მიიჩნევენ. თუმცა რუსეთისა და თურქეთის გამწვავებული ურთიერთობის პირობებში ეს ნაბიჯი უფრო მოსკოვის გაღიზიანებას ემსახურება და თურქული ბაზის განლაგების უპირველესი მსხვერპლი სწორედ სტაბილურობა იქნება. ისეთ მეგობარს რეგიონში, როგორიც საქართველოა სომხეთისათვის, მტერიც კი არ გვისურვებს.