globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 27 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 27th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 27 თებერვალი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-02-26/3_kartblansh.html

„სუამ“-ის რეინკარნაცია

ჩამოყალიბდება თუ არა ანტირუსული ალიანსი განახლებული ფორმატით?

სტატიაში განხილულია თურქეთის დამოკიდებულება ბლოკ „სუამ“-თან, „სუამ“-ის ისტორია და მისი პერსპექტივა – გახდება თუ არა ბლოკი სიცოცხლისუნარიანი (ავტორი – ალექსეი ფანენკო, მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფ-ტის დოცენტი).

„გასულ თვეში თურქეთის დიპლომატიამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან კონტაქტები გააქტიურა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმეტ დავუთოღლუ 15 თებერვალს ჯერ უკრაინაში იმყოფებოდა სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთმა და სომხეთმა ანტიაზერბაიჯანული ალიანსი შეკრესო, შემდეგ კი თბილისში ჩავიდა და აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. როგორც ჩანს, თურქული დიპლომატია ცდილობს „სუამ“-ის მსგავსი რაღაც ბლოკი შექმნას იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებსაც რუსეთთან პრობლემები აქვთ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ვრცლად აღწერს „სუამ“-ის შექმნის ისტორიას: „სუამ“-ი გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში ჩამოყალიბდა დსთ-ის ალტერნატივის სახით, როცა 1997 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლებმა სტრასბურგის ფორუმზე განაცხადეს, რომ „რუსეთის ჰეგემონიის საწინააღმდეგოდ“ კონსულტაციების სისტემა უნდა შეიქმნასო. 1999 წელს ოთხეულს უზბეკეთიც შეუერთდა და „სუამ“-ი „სუუამ“-ად გადაიქცა. ამ სუბბლოკის განვითარების მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს 2001 წლის 7 ივლისს მიღებული იალტის ქარტია, რომლის თანახმად „სუუამ“-ი სრულფასოვან ორგანიზაციად – „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციად“ უნდა გარდაქმნილიყო. მაგრამ „კლასიკური სუუამ“-ი იმ დროს ვერ შეიქმნა. მას ჯერ უზბეკეთი ჩამოშორდა (აშშ-სთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების გამო), შემდეგ კი აზერბაიჯანი (პრეზიდენტად ილჰამ ალიევის არჩევის შემდეგ). მომდევნო პერიოდში არაერთხელ იქნა მცდელობა მისი განახლების მიზნით (პოლონეთსაც ჰქონდა განზრახვა, რუმინეთს და ლიტვას), მაგრამ ამაოდ.

ისე ჩანს, რომ ახლა, ალბათ, „სუამ“-ის არაფორმალური ლიდერად შეიძლება თურქეთი მოგვევლინოს. საერთოდ, თურქეთის მონაწილეობის იდეა რუსეთის ალტერნატიულ ქვებლოკში ახალი არ არის. ანკარის ზრახვების პირველი იდეოლოგი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი გახლდათ, რომლის თაოსნობით 1992 წელს ანკარაში თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით ხელი მოეწერა ერთმანეთთან თანამშრომლობის დეკლარაციას, 1993 წელს კი ანტალიაში გაფორმდა თურქულენოვანი ხალხებისა და სახელმწიფოების ერთობისა და ურთიერთდახმარების დეკლარაცია. თუმცა რეალური პარტნიორობის მექანიზმების შექმნა ვერ მოხერხდა: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობამ დაადასტურა, რომ თურქეთს არ აქვს კავკასიის და მით უმეტეს, ცენტრალური აზიის პრობლემების მოგვრებისათვის აუცილებელი რესურსები.

ამჯერად თურქულ დიპლომატიას იმედი აქვს, რომ ადრინდელ პარტნიორობას სხვა შემადგენლობით აღადგენს: ანკარა ახლა ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ თურქულენოვან ქვეყნებს, არამდ იმ სახელმწიფოებსაც, რომლებსაც რუსეთთან პრეტენზიები და პრობლემები აქვთ, ანდა თუ რუსეთი რომელიმე მათ მოწინააღმდეგეს ეხმარება (აზერბაიჯანი). თეორიულად ასეთი ფორმატით შეიძლება მოლდოვა და რუმინეთიც დაინტერესდნენ.

მაგრამ თეორიულად მიმზიდველი „თურქული სუამ“-ის ფორმატის განხორციელება დღეისათვის ნაკლებადრეალურია. „თურქული სუამ“-ი 1990-იან წლებში განახლებული პანთურქიზმის ვარიანტის სახით იქმნებოდა, არათურქულ ქვეყნებს კი ანკარასთან საკმაოდ რთული დამოკიდებულება აქვთ. გარდა ამისა, ისინი მზად არ არიან ორიენტირება მთლიანად თურქეთზე აიღონ, რომელსაც მაინცდამაინც ძლიერი სამხედრო „ქოლგა“ არ აქვს.

ჯერ ერთი, რომ საქართველოს ტრადიციულად აქვს იმის შიში, რომ ვაითუ მას თურქეთმა ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს. ეს პირველ რიგში ეხება აჭარის რეგიონს, რომელსაც თურქეთთან ისტორიული კავშირები აქვს. მოსკოვსა და ერევანში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები რუსეთ-თურქეთის 1921 წლის მარტის ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების შესაძლო დენონსირების თაობაზე, თუმცა ამ დოკუმენტის გაუქმებით ტერიტორიული პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს როგორც თურქეთს (სომხეთის პრეტენზიები არარატის მიმართ), ასევე საქართველოს (თურქეთს შეუძლია აჭარა მოითხოვოს).

მეორე – აზერბაიჯანი შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებით. როცა რუსეთს და თურქეთს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ (სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე), აზერბაიჯანს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვის პოზიცია  მთიან ყარაბაღთან მიმართებით ადრე თუ გვიან შეიცვლებოდა და აზერბაიჯანის პოზიციას დაუახლოვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან, ბაქო აცნობიერებს იმასაც, რომ  თურქეთთან მისი მკვეთრი დაახლოება რუსეთისა და სომხეთის ალიანსის განმტკიცებას გამოიწვევს და ერევანს აფხაზური სცენარის გამეორების იმედს ჩაუნერგავს.

მესამე – არსებობს თურქეთ-უკრაინის დაპირისპირების პოტენციური შესაძლებლობა. მართალია, კიევი დღეს მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ როგორმე ვინმემ რუსეთს რაიმე „ავნოს“, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თურქეთი თავის ფრთებქვეშ იფარავს ხერსონის ოლქში მოქმედ ყირიმელი თათრების მრავალრიცხოვან ორგანიზაციებს და დგება საკითხი – შეინარჩუნებს თუ არა სამომავლოდ უკრაინა ამ ტერიტორიებისადმი კონტროლს…

რა თქმა უნდა, ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ რუსეთი ინერტულად უნდა მიუდგეს „სუამ“-ის განახლების საკითხს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ რომელიმე „საერთო მტრისადმი“  დაპირისპირება (ამ შემთხვევაში – რუსეთისადმი) ძველ მოწინააღმდეგეეებს ერთმანეთში წყენას ავიწყებს და ისინი ერთიანდებიან. რუსეთის ამოცანაა პროცესების ღრმა მონიტორინგი განახორციელოს და ამიერკავკასიის სახელმწიფოებთან დიალოგი შეინარჩუნოს. „სუამ“-თან 20 წიანი დამოკიდებულების გამოცდილება უკვე გვაქვს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed