«Xalq qəzeti» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
«Эхо» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე უფრო მეტია
«Новое время» (უკრაინა): დაკარგული ხალხი // როგორ იბრუნებს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქაურ მოსახლეობის ნდობას
—————–
«Xalq qəzeti – ხალხის გაზეთი» (აზერბაიჯანი), 08 მარტი, 2016 წელი
http://www.xalqqazeti.com/pdf/xalqqazeti.pdf
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
შვიდ მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღო და ესაუბრა.
მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოკითხვა-მისალმება გადასცა. ქართველმა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა აზერბაიჯანში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობით და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება ერთობლივი სამუშაოებისა და პროექტების რეალიზება ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ხაზი გაუსვა რა აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების კონტაქტების რეგულარულ ხასიათს, აღნიშნა, რომ ასეთ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ორი მეზობელი ქვეყნისათვის. საუბრისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიხსენა საქართველოში გასულ წელს განხორციელებული თავისი წარმატებული ვიზიტი და განაცხადა, რომ კეთილმეგობარ მეზობლებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ჰუმენიტარულ სფეროებში. ეს ეხება აგრეთვე ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატშიც.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოხატა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ბაქოში ყოფნა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მხარეებმა მიმდინარე წლის ერთობლივი პროექტები განიხილონ.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოკითხვების გამო და მიხეილ ჯანელიძეს სთხოვა, რომ თბილისში დაბრუნებისას მისი სახელითაც გადასცეს მოკითხვა გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 08 მარტი, 2016 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=97526
აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული თანამშრომლობა
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს საგაროე საქმეტა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პირველი ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობა: შეხვედრები, მოლაპარაკებები, განცხადებები, კომენტარები და ა.შ. (ავტორი – ჯამილია ალეკპეროვა).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ ჯანელიძე შვიდ მარტს მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც მასთან საუბრის დროს მაღალ დონეზე შეაფასა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან – ელმარ მამედიაროვთან – ხაზგასმულია აზერბაიჯანელი მინისტრის სიტყვები: „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე უფრო მეტია“.
მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა მოლაპარაკების დროს განიხილეს ერთობრივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, განსაკუთრებით ყურადღება დაუთმეს ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის – ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის მიმდინარეობას და აღნიშნეს, რომ ამ რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვება 2016 წლის მეორე ნახევარშია ნავარაუდევი. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არამარტო ჩვენი ქვეყნების რეგიონებს, არამედ აღმოსავლეთს დასავლეთთან [აზიას ევროპასთან] დააკავშირებს“, – განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.
მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში და მაღალ დონეზე შეაფასა მიღწეული წარმატებები. მან განაცხადა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საბაჟო სტრუქტურებს შორისაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ინიციატივებს „სუამ“-ის ჩარჩოებში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ კონტექსტში იგი შეეხო სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესს და განაცხადა, რომ „ეს საკითხი უნდა დასრულდეს დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს დელიმიტაციის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იქნება“.
გაზეთ „ეხოს“ კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომიკურმა ექსპერტმა ფუად ალიზადემ ვიზიტის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „მომავალ წლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მართალია, ამჟამად, ეკონომიკური სიტუაციის გამო, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა რამდენადმე შემცირებულია, მაგრამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სიტუაცია უფრო სასიკეთოდ შეიცვლება: მოიმატებს ტვირთბრუნვა, შემოსავლები, განმტკიცდება სამი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციები“.
«Новое время» (უკრაინა), 08 მარტი, 2016 წელი
დაკარგული ხალხი
როგორ იბრუნებს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქაური მოსახლეობის ნდობას
„სამი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ერთმანეთის მიყოლებით, დიდი პრობლემის წინაშე დგანან: როგორ უნდა დაიბრუნონ კონტროლქვეშ დროებით დაკარგული ტერიტორიები (ფიზიკურად და მორალურად). მიზნის განხორციელებას სამივე სხვადასხვა გზით აპირებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალექსეი კოვალენკო).
საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ყურადღების მიქცევას („მოხიბვლას“) მედიცინისა და უმაღლესი განათლების სფეროებში მათვის დაწესებული შეღავათებით ცდილობს. მოლდოვა ფიქრობს, რომ დნესტრისპირეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით დაინტერესდება. უკრაინა კი დონბასელებისათვის პენსიებით უზრუნველყოფას აგრძელებს და მათ კომუნალურ მომსახურებას უწევს. კიდევ რისი გაკეთება შეიძლება? გავეცნოთ საქართველოს გამოცდილებასა და გეგმებს:
„არაკატალონური სცენარი
გასული წლის აგვისტოში ცნობილმა ესპანურმა საფეხბურთო გუნდებმა – ბარსელონის „ბარსელონამ“ და სევილიის „სევილიამ“ უეფას სუპერთასის დასაუფლებლად საქართველოში, თბილისის სტადიონზე ითამაშეს. „ბარსელონამ“ „სევილიას“ ხუთით ოთხზე მოუგო. იმ დროს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე, ქართულ ენასთან ერთად, რუსული ენაც ხშირად გაისმოდა. როგორც ქართველი ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე ამბობს, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად გამოხადდა, თბილისში და საერთოდ, საქართველოში თავისუფლად მიმოსვლა შეუძლიათ, სურვილის მიხედვით ყველა ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება. ასე იყო „ბარსელონისა“ და „სევილიას“ მატჩზეც: „საქართველოს დედაქალაქში „სამხრეთ ოსეთის“ უახლოეს ქალაქ ახალგორიდან ადამიანი ავტომობილით სულ რაღაც ერთ საათში ჩამოვა [და მას არავინ არაფერს ერჩის]. შევადაროთ: უკრაინაში, ვინც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ იგივე მანძილით დაშორებულ მარიუპოლში ჩამოვა, აქაური შინაგან საქმეთა სამინისტრო და „კაგებე“-ს მსგავსი სპეცსამსახურები უცებ დაინტერესდებიან და მათ პრობლემები უჩნდებათ. ეს ადამიანები შეიძლება უკრაინის მტრებად გამოაცხადონ“, – ამბობს ქართველი ჟურნალისტი.
თვითონ ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა კანონით აკრძალული აქვთ. იქ ვერც ჟურნალისტები ვერ შედიან. თუ რომელიმე უცხოელი თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს, მას ჯარიმა, დეპორტაცია ან ციხე ემუქრება. სამაგიეროდ, თბილისი ცდილობს მაქსიმალურად მიიზიდოს ისინი, ვინც რუკაზე აღნიშნული შტრიხ-პუნქტირიანი ხაზის იქითაა დარჩენილი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ორი პროცენტი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ხმარდება. თვით ოსებსა და აფხაზებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სრულიად უფასო მკურნალობის უფლება აქვთ. იგივე წესი მოქმედებს უმაღლესი განათლების მსურველებზეც (თუ ისინი ქართულ ენას ფლობენ).
ვისაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსვლა სურს, მისთვის საცხოვრებელი ფართობი გამზადებულია იმ დასახლებებში, რომლებიც თბილისთან ახლოს მდებარეობენ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თაბაშირ-მუყაოს („გიფსოკარტონის“) ფილებიანი დროებითი საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობის ინფრასტრუქტურა განავითარა, თუმცა იქ ჩასახლებულმა ადამიანებმა რვა წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად დაბრუნება დღემდე ვერ შეძლეს. თუმცა არსებობს (ოკუპანტთა მიერ გაცემული) სპეციალური ბარათები, რომლის მფლობელებს მშობლიურ ადგილებში მცირე ხნით ჩასვლა შეუძლიათ.
თუ სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მეტ-ნაკლებად მაინც არიან უზრუნველყოფილნი სახლებითა და ფინანსური დახმარებებით (ცოტაა, მაგრამ მაინც!), აფხაზეთიდან წამოსულებს 15 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მიუღიათ. როგორც ფიარ-მენეჯერი ირაკლი ქარაია ამბობს (იგი ომით ცეცხლმოდებული აფხაზეთიდან 7 წლის ასაკში წამოვიდა და ბოლო დროს საქართველოს ლტოლვილთა საქმეების სამინისტროში მუშაობდა), აფხაზები მეგრელებს, ქართველებთან შედარებით, ლოიალურად ეპყრობიან. „თბილისში რომ ჩამოვედით, ხელისუფლება არანაირ დახმარებას არ გვიწევდა, თუმცა ომი იყო და ვერაფერს შემოგვთავაზებდა. ადამიანები თვითნებურად იკავებდნენ სასტუმროებსა და ცარიელ სახლებს“, – გვესაუბრება ირაკლი და აღნიშნავს, რომ მას და მის ოჯახს თბილისის ადგილობრივი მაცხოვრებლები მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. „კი, რაც დრო გადიოდა, გაუცხოვების გრძნობა სუსტდებოდა, მაგრამ დღემდე სრულად არ გამქრალა“.
ირაკლი ქარაიას აზრით, საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტიორიები შეიძლება რამდენიმე ვარიანტით დაიბრუნოს: პირველი – პროდასავლური ორიენტაციის პრორუსულით შეცვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა დაიკარგება; მეორე, რომელიც მას მოსწონს – ეკონომიკური განვითარება, რითაც შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაინტერესდეს (მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება); მესამე – საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ სახლებში დაბრუნება. ირაკლი ქარაიას მიაჩნია, რომ სწორედ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ დიდი როლის შესრულება აფხაზებისა და ოსების ქართველებთან დაახლოებაში.