globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „გაზპრომი“ თბილისისაგან ფულს ვერ მიიღებს // საქართველოსთვის ბაქო გაზის ძირითად მიმწოდებლად რჩება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ თომას პიკერიგთან: „თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს“

«The Wall Street Journal» (აშშ): აშშ-ის განცხადებით, სირიაში ავია-დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ-ომარ ალ-შიშანი დაიღუპა

—————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 09 მარტი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2932700

„გაზპრომი“ თბილისისაგან ფულს ვერ მიიღებს

საქართველოსთვის ბაქო ბუნებრივი გაზის ძირითად მიმწოდებლად რჩება

„გაზპრომმა“ ვერ მოახერხა საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას გაზის ღირებულების ფულადი სახით გადახდის თაობაზე. საბოლოო ჯამში თბილისი, ისევე როგორც ადრე, სომხეთისათვის მიწოდებული სატრანზიტო გაზის ნაწილს კვლავ ნატურალური სახით მიიღებს. ამასთან, საქართველოს, მისთვის საჭირო დამატებით გაზს,  აზერბაიჯანი მიაწვდის, რომელიც, სხვათა შორის, თვითონ განიცდის „ცისფერი საწვავის“ დეფიციტს ჯერ კიდევ გასული წლიდან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მანამდე შეუძლია „გაზპრომის“ გაზზე უარი თქვას, სანამ ბაქოს რუსეთისაგან გაზის იმპორტი შეუძლია და შემდეგ მას თბილისს აწვდის“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – ოლღა მორდიუშენკო და გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოლაპარაკების პერიპეტიები რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენელთან, ირანის გაზის კომპანიასთან და აზერბაიჯანულ „სოკართან“. საბოლოო ჯამში კი საქართველო გაზით ისევ აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ როგორ?

აზერბაიჯანული „სოკარისათვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს „შაჰ-დენიზის“ ნავთობ-გაზის საბადოს. აქაურ გაზზე პრეტენზიას რამდენიმე მყიდველი აცხადებს, მაგრამ მისი მარაგი შეზღუდულია. „შაჰ-დენიზის“ ექსპლოატაციის პირველი სტადიის დროს მოპოვებული გაზის ნაწილი ისევ მიწის წიაღში უნდა ჩაიტვირთოს, რათა ნავთობის ამოღება არ შემცირდეს. გასულ წელს ბაქო უკვე გაურიგდა „გაზპრომს“ ბუნებრივი გაზის იმპორტის თაობაზე დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით. რაც შეეხება „შაჰ-დენიზის“ მე-2 რიგის ექსპლოატაციის დროს დაგეგმილ გაზს (16 მილიარდი კუბმეტრი), თავისუფალი მოცულობა ძნელად გამოინახება, ამ გაზსაც უკვე ჰყავს პერსპექტიული მომხმარებლები.

ანალიტიკური კომპანია Small Letters-ის ხელმძღვანელ ვიტალი კრიუკოვის კომენტარი: „საქართველოს შეუძლია ჯერ-ჯერობით უარი თქვას რუსულ გაზზე მანამ, სანამ აზერბაიჯანს თვითონ აქვს რუსული გაზის შეძენის საშუალება. ასეთი სქემით თბილისი ბაქოსაგან ნედლეულს შედარებით დაბალი ფასით ღებულობს, ვიდრე „გაზპრომისაგან“ პირდაპირი ყიდვით. ქართული კომპანიებისათვის „სოკარისგან“ მიღებული კომერციული გაზის ყოველი ათასი კუბმეტრი 192 დოლარი ღირს“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/thomas-pickering/3223586.html

ინტერვიუ თომას პიკერიგთან: „თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს“

ია მეურმიშვილი

საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს, საბოლოო ჯამში, ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან – “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს ტომას პიკერინგი – ამერიკის კარიერული ელჩი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე. ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს.

- ვაშინგტონში ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვის დაუსჯელობამ საფუძველი ჩაუყარა რუსეთის მზარდ აგრესიას, რომელსაც დღეს უკარაინასა და სირიაში ვხედავთ. თქვენ ხედავთ ამ კავშირს?

- ჩემი აზრით, მათი ერთამენთისგან გამოყოფა არ შეიძლება. რუსები ასე ძირითადად შიდა პოლიტიკური – თუმცა არა ექსკლუზიურად შიდა – მიზეზების გამო მოქმედებენ. ამასთან, რუსებს საქართველოს მიმართ განსხვავებული გრძნობები აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარკვეული როლის შესრულება ევალებათ. მათთვის ეს როლი არავის მიუნიჭებია, მაგრამ მათ თვითნებურად „მშვიდობისმყოფელების“ ვალდებულება აიღეს და შემდეგ გადაწყვიტეს სამხედრო ძალა გამოეყენებინათ.

- რატომ არ გადადგა დასავლეთმა მკაცრი ნაბიჯები კრემლის წინააღმდეგ საქართველოში ძალის გამოყენების შემდეგ? რატომ არ დაწესდა ეკონომიკური სანქციები ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა?

- ეს ორმა მიზეზმა განაპირობა: ერთი იყო ის, რომ სიტუაცია სტატუს-ქვოში მალევე გადაიზარდა და მეორე კი ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების გასვლის შანსი არ იყო იმის გამო, რომ იქ რუსეთს ვეტოს ძალა აქვს. ჩემი პირადი აზრია, რომ დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ სანქციები საქართველოს და დასავლეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე რუსეთს.

- ეს სწორი გადაყვეტილება იყო?

- გარკვეულწილად, კი. დასავლეთ ევროპას – და შედარებით ნაკლებად, ამერიკას – რუსეთში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. ამის გამო, სანქციების ომი, მათი აზრით, კრგად არავისთვის დასრულდებოდა. ისეთი სანქციები რომ დაეწესებინათ, რომლითაც საკუთარ ინტერესესბს დაიცავდნენ, მაშინ სანქციები არაეფექტური იქნებოდა. საინტერესო ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში სანქციები კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ დაწესდა. ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკა დღეს განიცდის უფრო ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება, ვიდრე სანქციებს. რუსეთის ლიდერებმა ვერ შეძლეს ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეს რუსი ხალხისთვის ტრაგედიაა.

- არსებულ მდგომარეობაში, როცა რუსეთი უკრაინაში აგრესიას, სირიაში სამხედრო ოპერაციას და საქართველოში ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, როგორ ხედავთ თქვენ ურთიერთობას თბილისსა და მოსკოვს შორის?

- ჩემი აზრით, კონფლიქტის შემდეგ საქართველო რუსეთთან ფრთხილად და სწორად ურთიერთობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთის ყველა სურვილს თავი უნდა დაუხაროს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთ პატივისცემით სავსე ურთიერთოებები უნდა დაამყაროს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თბილისმა უნდა მონახოს გზა, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების სიძლიერის გამოყენების საშუალებას მისცემს ძლიერი დემოკრატიის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო ამას ცდილობს.

საქართველოს დიდი ძალა აქვს. ასევე დიდი ძალა აქვს ქართულ ნაციონალიზმს, თუმცა უფრო მეტ ძალას მას ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის აშენება მისცემს. საქართველომ აფხაზებს და ოსებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს – ეკონომიკური და ლინგვისტური ალტერნატივები. ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან. საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ქართველების სტრატეგიული მიზანია. მაგრამ ეს სამხედრო ძალით არ მოხდება. საქართველომ ხალხს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უნდა დაანახოს, რომ მათთვის ნამდვილი ალტერნატივა თბილისია და არა მოსკოვი.

- ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება გაერთიანებას წაახალისებს?

- არ მგონია. ამის გაკეთება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია. გარშემო მცხოვრები ადამიანები იმას შეხედავენ რამდენადაა საქართველო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ამ თვითდარწმუნების მოტანა მხოლოდ შენებას და ზრდას შეუძლია.

«The Wall Street Journal» (აშშ), 08 მარტი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/u-s-says-airstrike-targeted-a-top-islamic-state-military-commander-in-syria-1457473195

აშშ-ის განცხადებით, სირიაში ავიადაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ-ომარ ალ-შიშანი დაიღუპა

ალან კულისონი

გუშინ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, წინა კვირაში სირიაში აშშ-ის თვითმფრინავების მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმის სედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი აბუ-ომარ ალ-შიშანი დაიღუპა. მისი სიკვდილი ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: აბუ-ომარ ალ-შიშანი ხომ ისლამისტთა ცნობილი  ტაქტიკოსი იყო. გარდა ამისა, ვაშინგტონი თავს საკმაოდ უხერხულად გრძნობდა, რადგან ალ-შიშანის სამხედრო მომზადებაში პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის.

აშშ-ის თვითმფრინავებმა და უპილოტო აპარატებმა პარასკევს აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ალ-შადადის რაიონი დაბომბეს და როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ 12 სხვა „ბოევიკთან“ ერთად, აბუ-ომარ ალ-შიშანიც (იგივე „ომარ ჩეჩენი“) დაიღუპა.

როგორც პენტაგონელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, „საინტერესო და საკმაოდ უცნაურია“ ის, რომ ალ-შიშანი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოში“ სამხედრო მინისტრის ტოლფასი თანამდებობა ეკავა, პირადად მონაწილეობდა ალ-შადადთან დაწყებულ სამხედრო ოპერაციაში. „ალბათ, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ უკანდახეული ისლამური მებრძოლების საბრძოლო სული აემაღლებინა“, – განმარტა პენტაგონის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს იმ რაიონში მოქმედ ამბოხებულებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების წინააღმდეგ იბრძვიან.

30 წლის აბუ-ომარ ალ-შიშანი „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მან აშშ-ში ელიტური სადაზვერვო მომზადება გაიარა და პოსტსაბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა. იგი საქართველოს ჩრდ.ნაწილში [მდებარე პანკისის ხეობაში] დაიბადა, ქრისტიანი მამისა და მუსულმანი დედის ოჯახში. აბუ-ომარ ალ-შიშანის ნამდვილი სახელია თარხან ბათირაშვილი. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წარმატებით მსახურობდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისი მშობლიური ქვეყანა დამარცხდა.

არმიაში სამსახურისგან იმედგაცრუებული თარხაბ ბათირაშვილი ჯერ ციხეში მოხვდა (იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით), ხოლო შემდეგ, 2012 წელს, როცა საპყრობილედან გაათავისუფლეს, სირიაში წავიდა და სწრაფად ისახელა თავი ისლამისტთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში, მეთაურობდა თავის ბრიგადას („ჯეიშ ალ-მუხაჯირს“), რომელიც მნიშვნელოვან და ეფექტურ ძალად გადააქცია. მას ბრიგადაში ადგილობრივი სირიელებიც ჰყავდა, რომლებიც კარგად იცნობდნენ საომარი მოქმედებების რაიონის ლანდშაფტს და ჩეჩნებიც, რომლებიც გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. 2013 წელს მისმა ქვედანაყოფმა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სირიის სამთავრობო ჯარების ავიაბაზა „მენაჰი“ დაიკავა, რომელიც მანამდე ისლამისტებს მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა. იმავე 2013 წელს აბუ-ომარ ალ-შიშანმა ერთგულება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის შეჰფიცა.

აბუ-ომარ ალ-შიშანის სიკვდილის თაობაზე ცნობები ადრე ქურთთა მოლაშქრეებმა რამდენჯერმე გაავრცელეს, მაგრამ შემდეგ მისი დაღუპვა ისლამურმა სახელმწიფომ უარყო და ამის დამადასტურებლად ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ სირიელ ამბოხებულთა იმ ძალებმა, რომლებთაც შეერთებული შტატები ეხმარება, ალყაში მოაქციეს ქალაქი ალ-შადადი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ თავის მნიშვნელოვან ბაზად მიიჩნევს. სწორედ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიულ-არაბულმა კოალიციურმა რაზმებმა მოიპოვეს სადაზვერვო ცნობები პარასკევს იქ ალ-შიშანის ყოფნის თაობაზე, რამაც ბიძგი მისცა [საჰაერო] ოპერაციის ჩატარებას.

————-

ამერიკელმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა – ტელეარხმა „სი-ენ-ენ“-მა, რადიო „ამერიკის ხმამ“, საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესმა“ და სხვებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს აბუ-ომარ ალ-შიშანის სავარაუდო ლიკვიდაციის ფაქტს სირიაში და გაავრცელეს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის პიტერ კუკის კომენტარები.

„თარხან ბათირაშვილი ბრძოლებში გამოცდილი ლიდერია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ერთად, სირიასაა და ერაყში განხორციელებულ მრავალ ოპერაციაში მონაწილეობდა. მისი შესაძლო დაღუპვა ნეგატიურ გავლენას მოახდენს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ უცხოელი „ბოევიკების“ დაქირავებაზე, განსაკუთრებით ჩეჩნეთში და კავკასიის სხვა რეგიონებში. გარდა ამისა, გაუარესდება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების კოორდინირება რაქაში (სირია), აგრეთვე მოსულში (ერაყი)“, – ეს გახლავთ პიტერ კუკის სიტყვები, რომელიც „სი-ენ-ენ“-ის ეთერში ტელეჟურნალისტმა ბარბარა სტარმა დაიმოწმა (http://edition.cnn.com/2016/03/08/politics/top-isis-leader-may-have-been-killed-in-u-s-airstrike/index.html).

თარხან ბათირაშვილის შესაძლოა ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციები გაავრცელეს აგრეთვე მსოფლიოს სხვა წამყვანმა ტელეკომპანიებმა და ინფორმსააგენტოებმა – ფრანგულმა „ფრანს პრესმა“, ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-მ და „როიტერმა“, გაზეთებმა „გარდიანმა“ (პენტაგონს ჯერ საბოლოოდ არ დაუზუსტებია, მოკლეს თუ არა თარხან თეიმურაზოვიჩ ბათირაშვილი“) და ა.შ.

Comments are closed